„ახალი თაობა: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: რატომაა ქართულ საზოგადოების ნაწილი ევრაზიული კავშირის მომხრე?
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: რისი მანიშნებელია ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა ზრდა საქართველოში?
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ენ-დი-აი“ ცდილობს, საქართველოში ანტიდასავლური განწყობები შექმნას“
„რეზონანსი“: ზურაბ აბაშიძე: მომავალ შეხვედრაზე უკვე, შესაძლოა, ორი ადამიანი დაგვემატოს”
„რეზონანსი“: ევროკავშირმა, შესაძლოა, საქართველოს თანამშრომლობის ახალი მექანიზმი შესთავაზოს
———————-
„ახალი თაობა“, 15 მაისი, 2015 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: რატომაა ქართულ საზოგადოების ნაწილი ევრაზიული კავშირის მომხრე?
ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ჟურნალისტ ნათია ხურცილავას აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების შესახებ ესაუბრება.
(ამონარიდი)
შეკითხვა: ამ კვლევებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი გამოკვეთა – 315, რომელიც ევრაზიული კავშირის მომხრეა. რამდენად საგანგაშო მაჩვენებელია ეს? ექსპერტები ამბობენ, რომ პრორუსული განწყობების ასეთი მაღალი მაჩვენებლი არასდროს დაფიქსირებულა…
რამაზ საყვარელიძე: ამ საკითხს სერიოზული დაფიქრება ჭირდება. ეს უნდა იყოს სიგნალი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისათვის, არამედ დასავლეთისათვის ზოგადად. არც სააკაშვილის დროს ყოფილა ეს საკითხი მოგვარებული და ამ განწყობების მიმართ არც მაშინ ყოფილა ნაკლები სიმპათიები. ეს უფრო გლობალური პრობლემაა, ვიდრე კონკრეტულად რომელიმე ხელისუფლების.
შეკითხვა: რატომ? ფიქრობთ, რომ ადამიანებში თავად ევროკავშირი, ნატო იწვევს იმედგაცრუებას, რადგან გამუდმებული მოლოდინის რეჟიმი აჩენს ამ განწყობებს?
რამაზ საყვარელიძე: დიახ, სწორედ ასეა. როცა ასეთი იმედგაცრუებები გვაქვს სახეზე, მერე იჩენს ხოლმე თავს ასეთი განწყობები. მაგალითად, დამტავრდა სააკაშვილის მმართველობა, მაგრამ დაიწყო უკეთესი ცხოვრება? ამაზეა პასუხი გასაცემი…
„ახალი თაობა“, 15 მაისი, 2015 წელი
ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: რისი მანიშნებელია ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა ზრდა საქართველოში?
ინტერვიუში პარლამენტის ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია ჟურნალისტ მარიამ მჭედლიშვილს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების შესახებ ესაუბრება.
(ამონარიდი)
შეკითხვა: ამერიკული NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვისაც ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანება სურს. ეს ციფრი, გამოკითხვის შედეგების თანახმად, 31%-ს შეადგენს..
გიგა ბუკია: დავიწყებ იმით წინა წლებში ჩატარებული გამოკითხვებიდან გამომდინარე, „ენ-დე-აი“-ს თბილისი ოფისის მიმართ საზოგადოებაში დიდი სანდოობა არ არის. არაერთხელ დადასტურდა, რომ ამ კვლევების მონაცემები რეალურ ციფრებს არ ემთხვევა. შესაბამისად, ძალიან ძნელია შეაფასო ის ციფრიც, რომელიც ევრაზიული კავშირის მიმართ ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებას ასახავს. ერთი რამის თქმა გადაჭრით შეიძლება: ეს 31%-იანი მაჩვენებელი ალოგიკურად გამოიყურება.
შეკითხვა: ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან გამომდინარე?
გიგა ბუკია: დიახ. შეუძლებელია ამდენი უჭერდეს მხარს ევრაზიულ კავშირს, როცა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში ინტეგრირების მომხრეა…
შეკითხვა: თუმცა, ეს ციფრი შესაბამისობაში მოდის იმ შეშფოთებასთან, რომელიც ამ გამოკვლევამდე რამდენიმე თვით ან წლით ადრე გამოითქმებოდა. მათი ავტორები (მათ შორის არასათავრობო ორგანიზაციებიდან) ირწმუნებოდნენ, რომ საქართველოში პრორუსული განწყობები მატულობსო…
გიგა ბუკია: ამ შეშფოთებების საფუძველი არ არსებობს. საქართველოში პრორუსული განწყობები არ არსებობს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში იცვლება. მაგალითად, 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ აგრესორისადმი უფრო მეტი ნეგატიური დამოკიდებულება იყო. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრი ემთხვევა ჩვენი ხელისუფლების პოზიციას, რომელიც უარს ამბობსაგრესიულ საომარ ისტერიკაზე, თუმცა ქვეყნის ინტერესებს არ თმობს. დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ კეთილმეზობლური პოლიტიკა ჰქონდეს სხვა სახელმწიფოებთან, მაგრამ არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე.
„ახალი თაობა“, 15 მაისი, 2015 წელი
ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ენ-დი-აი“ ცდილობს, საქართველოში ანტიდასავლური განწყობები შექმნას“
გულიკო ბალაძე
გუშინ, 14 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უფლებადამცველთა გაერთიანებამ“, „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციამ“ და საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „სამართლიანობისთვის“ ენდიაი-ს სათავო ოფისთან გამართეს აქცია-პრესკონფერენცია „არა გაყალბებას“. აქციის მომწყობებს გამოტანილი ჰქონდათ ლოზუნგები: „კვლევები ემსახურება ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას“, „იძებნება ენდიაის კვლევაში მონაწილე“, „ჩვენ დავაბრუნებთ მიშას – ენდიაი“, „არა გაყალბებას“, „თქვენი კვლევებით ანტიდასავლურ განწყობას აღვივებთ“.
„ახალი თაობა“ ესაუბრება ნიკოლოზ მჟავანაძეს, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს (გთავაზობთ შემოკლებით):
– თქვენ გამოიტანეთ პლაკატი, სადაც ეწერა, რომ ენდიაი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. რატომ შეგექმნათ ეს შთაბეჭდილება?
– ნამდვილად ასეა, ენდიაი ცდილობს, საქართველოში ანტიდასავლური განწყობები შექმნას. მერე რატომ უკვირთ ზოგიერთებს, ევრაზიულ კავშირს 31% თუ უჭერს მხარს. ეს უნდა გაითვალისწინონ ენდიაის ხელმძღვანელებმა. წარმოადგინონ დოკუმენტი, ვინ გამოჰკითხეს. 2012 წელს დადეს კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე გიორგი თარგამაძეს, ნაცმოძრაობას სამჯერ მეტი რეიტინგი ჰქონდა. ამ პათოსით ატარებენ კვლევებს ახლაც. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მათი მიზანი არა კვლევების ჩატარება, არამედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება და ქვეყანაში წინასარევოლუციო ფონის შექმნაა.
– რით გამოიხატება წინასარევოლუციო ფონის შექმნა?
– როდესაც ისინი არჩევნების წინ დადებენ კვლევის შედეგებს, თითქოს ნაციონალებს 70% აქვთ, ხოლო სხვა პარტიებს – ნაკლები, არჩევნების შედეგები კი სხვაგვარად გამოცხადდება, ეს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას უბიძგებს რევოლუციური პროცესებისაკენ.
– ევრაზიული კავშირის მომხრეთა 31% რეალური შეიძლება იყოს?
– 31%-იც არის და მეტიც, მაგრამ მათი გაყალბებული კვლევები ასე აჩვენებს. ეს არის დასავლეთის რეაქციების შედეგი. ისინი სააკაშვილს ღიად მხარს უჭერენ, აქ კი არიან ლობისტი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათგან ფინანსდებიან. ყოველი მათი გამოჩენა იწვევს ანტიდასავლური განწყობების ჩამოყალიბებას.
– თქვენ თქვით, რომ ევრაზიული კავშირის მომხრე 31%-ზე მეტი შეიძლება იყოს. ეს დადებითი მომენტია თუ უარყოფითი?
– ეს ჩემი განსასჯელი არ არის. ყველას აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების უფლება.
————-
აქციის ორგანიზატორებთან და ჟურნალისტებთან ამერიკული ორგანიზაცია „ენდიაი-საქართველოს“ თბილისის ოფისის დირექტორი ვერა თორინტონი გამოვიდა.
– რას უპასუხებთ აქციის მომწყობებს?
– პირველ რიგში, ჩვენ ვაღიარებთ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, მივესალმებით, თუ რომელიმე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს სურს გამოხატოს საკუარი აზრი ან წინააღმდეგობა ჩვენი კვლევების შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „სიაისი საქართველო“ ვატარებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კვლევებს, რომლებიც იძლევა ზუსტ ინფორმაციას, თუ რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები. არანაირი პოლიტიკური მიზნები ჩვენს ორგანიზაციას არ აქვს და არ ამოძრავებს, რადგან ის არის დამოუკიდებელი არაპოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ პოლიტიკოსებსა და გარკვეულ ინსტიტუტებს, იცოდნენ მოქალაქეების დამოკიდებულება და მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკა შეიმუშაონ.
– არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ ნაცმოძრაობა გაფინანსებთ.
– ჩვენ გვყავს დასავლელი დამფინანსებლები. ორი საერთაშორისო ორგანიზაცია გვაფინანსებს: „სიდა“ და „იუსაიდი“. თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია გაინტერესებთ დაფინანსებასთან დაკავშირებით, არავითარი პრობლემა არ არის, მზად ვართ, გაგიზიაროთ.
–ჯერ კიდევ წინა დირექტორის, ნავაროს პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოში არ ენდობოდნენ იმ ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ ატარებინებთ კვლევებს.რატომ უკვეთთ კვლევებს მაინცდამიანც იმ ორგანიზაციას, რომელსაც ხალხი არ ენდობა?
– რა თქმა უნდა, სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს და გავრცელებულია ხმები, რომ ის ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ კვლევებს ვუკვეთთ, არ არის სანდო, მაგრამ არავის წარმოუდგენია მტკიცებულება,რომელიც დაადასტურებდა, რომ „სიაისი საქართველო“ რამენაირად აყალბებს კვლევებს. ჩვენ ამ ორგანიზაციის მიმართ სრული ნდობა გვაქვს.
– 2012 წელს ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები სრულიად ასცდა იმ მონაცემებს, რაც არჩევნების შემდეგ დაიდო. ამან მაინც არ გაფიქრებინათ,რომ რაღაც წესრიგში არ იყო?
– ჩვენი კვლევის მიზანი არასოდეს ყოფილა და დღესაც არ არის არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ არ იცოდა, ვის მისცემდა ხმას. შესაბამისად, იმის წინასწარმეტყველება, ვინ გაიმარჯვებდა არჩევნებში და, საბოლოო ჯამში, ამომრჩევლები საით გადაიხრებოდნენ, შეუძლებელი გახლდათ. ჩვენი კვლევის შემდეგ მოვლენების განვითარებამ (გამოქვეყნდა ციხის კადრები) დიდი გავლენა მოახდინა ადამიანებზე და მათ გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელი იქნებოდა იმ პირობებში, როდესაც ადამიანებს არ უნდოდათ, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები.
– წლების განმავლობაში თქვენს კვლევებზე ხმაური რომ არის საზოგადოებაში, კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციის მიმართ მინიმუმ უნდობლობაზე არ მეტყველებს?
– ალბათ, პრობლემა ისაა, რომ მოქალაქეებს, ადამიანების დიდ ნაწილს, ჯერ არ ესმის, საზოგადოებრივი აზრის კვლევები რას ემსახურება. ბევრ ადამიანს არ ესმის კი არა, უბრალოდ, არ სჯერა საზოგადოებრივი კვლევების.
„რეზონანსი“, 15 მაისი, 2015 წელი
“მომავალ შეხვედრაზე უკვე, შესაძლოა, ორი ადამიანი დაგვემატოს”
ზურაბ აბაშიძე საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის “უფრო მაღალ დონეზე” შეხვედრის მომზადებას უარყოფს
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი ეკონომიკის სამინისტროების თითო წარმომადგენლის დამატებით ფართოვდება. შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც ივნისში გაიმართება, რუსული და ქართული მხარე ერთმანეთს სავარაუდოდ უკვე სამ-სამ კაციანი დელეგაციით შეივსება.
“აქამდე ამ დიალოგში ორ-ორი პიროვნება ვმონაწილეობდით. ჩვენი მხრიდან თქვენა მონა-მორჩილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. გაჩნდა იდეა, რომ მონაწილეობა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმაც მიიღონ – ჩვენი და მათი ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტებმა, რათა ზოგიერთ სპეციფიკურ თემაზე საუბარი უფრო კვალიფიციურად წარიმართოს. ამიტომ მომავალ შეხვედრაზე უკვე შესაძლოა ორი ადამიანი დაგვემატოს. სავარაუდოდ ასეც იქნება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას აბაშიძე.
“აბაშიძე უარყოფს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორ კარასინის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის მოსამზადებლად მუშაობენ და ამბობს, რომ არავითარი სამზადისი არ მიმდინარეობს. “პერსპექტივა ყოველთვის არის, მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო. კვლავაც მივიჩნევთ, რომ მაღალი და მით უმეტეს, უმაღლესი დონის კონტაქტები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს, რადგან მოუმზადებელ კონტაქტებს ღირებული შედეგები ყოველთვის არ მოაქვს”, – აღნიშნა კარასინმა.
“ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ზუსტად არ იციან, რატომ გახდა საჭირო მოლაპარაკებების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა ეკონომიკური საკითხი გადაწყვეტილია, მასში ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლების ჩართვა, თუმცა ფაქტს მაინც დადებითად აფასებენ. “იმ დიდი პრობლემის მოგვარება, რომელიც პოლიტიკაში დევს, რაღაცით უნდა დაიწყოს. ეკონომიკა შეიძლება საწყისი იყოს, რადგან ზოგადად, ვერანაირი ეკონომიკური საკითხი ვერ გადაწყდება, თუკი ის პოლიტიკურ კონტექსტში არაა ჩამჯდარი. ასე რომ, ცუდს ვერაფერს ვხედავ”, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
“საკითხები, რომლებიც ადრე მოგვარდა, წლების განმავლობაში ზედაპირზე იდო. ეს ქართული ღვინო და მინერალური წყლებია. მწვანილისა და ხილის შეტანასაც არ სჭირდება დიდი მოლაპარაკებები. უფრო სერიოზული პოლიტიკური დატვირთვის მქონე ეკონომიკური საკითხებიცაა, რომელთაც ცხადია მეტი პროფესიონალიზმი სჭირდება. ბატონი ზურაბი არც თავისი უფლებამოსილებათა ფორმატითა და არც სპეციალობით არ გახლავთ ის პირი, რომელიც რაიმე ტიპის დაპირებას მისცემს რუსულ მხარეს, ან რაიმე საკითხს წამოწევს. ამიტომ, ჩემთვის მისაღები იქნებოდა ამ ფორმატის გვერდის ავლით გარკვეული სახელმწიფო მოხელეები ერთმანეთთან სხვადასხვა პროფესიულ სფეროში ურთიერთობდნენ”, – დასძენს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
„რეზონანსი“, 15 მაისი, 2015 წელი
ევროკავშირმა, შესაძლოა, საქართველოს თანამშმროლობის ახალი მექანიზმი შესთავაზოს
თიკო ოსმანოვა
(შემოკლებით)
21-22 მაისს დაგეგმილ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, შესაძლოა, თანამშრომლობის ახალი მექანიზმი მიიღოს, თუმცა კონკრეტულად რა – ჯერჯერობით უცნობია. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ რიგის სამიტის ფინალურ დეკლარაციაში ჩაიწერება. პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე კი დეკლარაციაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს და ამბობს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება ევროკავშირისგან დახმარების მიღებას.
“ჯერჯერობით ნუ დავეყრდნობით დრაფტს. ეს პრესაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გამოქვეყნდა და ვერ ვიტყვი, რომ ყველა შეესაბამება რეალობას. დრაფტი არ არის საბოლოო დოკუმენტი, ეს არის პროექტი და რა საბოლოო ფორმას მიიღებს, ეს სამიტის დღეს გაირკვევა. ამაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა”, – უთხრა “რეზონანსს” თენგიზ ფხალაძემ.
“როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, რიგის სამიტის ფინალურ დეკლარაციაში სამ ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი მექანიზმის შემოღების შესახებ ჩაიწერება. ესენია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამაში ჩართული ექვსი ქვეყნიდან სამი – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომლებთანაც ევროკავშირს ასოცირების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს. საუბარია, რომ თანამშრომლობის ახალი მექანიზმი დაემყარება დიფერენციაციის პრინციპს, ანუ თუ აქამდე ევროკავშირი ექვსივე ქვეყანას ერთი სტანდარტით უდგებოდა, ახლა თითოეულს მიუდგება მისი პროგრესის მიხედვით”, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
“თუ რა იქნება თანამშრომლობის ახალი მექანიზმი, ჯერჯერობით გაურკვეველია. თენგიზ ფხალაძეს სამიტის დეკლარაციაზე საუბარი ნაადრევად ეჩვენება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს. იგი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სამიტი ვილნიუსის სამიტის მსგავსად ახალი სტიმულის მომცემი იქნება. “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში ეს არის ის ღონისძიება, ფორუმი, რომელმაც პირველმა უნდა შეაფასოს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მიერ განვლილი გზა და გატარებული რეფორმები, რომლებმაც ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებას ხელი მოაწერეს. სწორედ აქედან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ფხალაძემ.
“ევროკავშირის მხრიდან თანამშრომლობის ახალი მექანიზმის შესაძლო შეთავაზების შესახებ არაფერის სმენია “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” ევრომიმართულების პროექტების მენეჯერ ვანო ჩხიკვაძეს. “ბოლო დეკლარაციის პროექტი, რომელიც მე მაქვს, არ არის ფანტასტიკური. ძალიან ბევრი ნაწილი დოკუმენტში ასახული არ არის. მაგალითად, არაფერია ნათქვამი რუსეთის აგრესიაზე, იმ მოქმედებებზე, რასაც კრემლი სჩადის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსულ პროპაგანდაზე და იმ ე.წ. ხელშეკრულებაზეც. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ბოლო დოკუმენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მეგობარი ქვეყნები იმუშაბენ იმ მიმართულებით, რომ ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად აისახოს იმ დოკუმენტში, რომელიც 22 მაისს უნდა გამოქვეყნდეს”, – დასძენს ჩხიკვაძე.