globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 15th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Эксперт» (რუსეთი): თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მაგრამ ეს რუსეთისთვის გამაღიზიანებელია

«Die Presse» (ავსტრია): უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან: თბილისი დროს ებრძვის // საქართველოს ბრიუსელისაგან უვიზო რეჟიმის მიღება სურს, მაგრამ რიგის სამიტზე ამის დრო ჯერ არ დამდგარა

«Независимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება საქართველო-მოლდოვას ურთიერთობა გააუარესოს

«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი): ბაქო-თბილისი-ყარსი – საკონტინენტთაშორისო სარკინიგზო დერეფანი თუ ანტისომხური პროექტი

———————-

«Эксперт» (რუსეთი), 15 მაისი, 2015 წელი

http://expert.ru/2015/05/14/nato/

თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მაგრამ ეს რუსეთისთვის გამაღიზიანებელია

რუსეთის ჟურნალ „ექსპერტში“ გამოქვეყნდა კომენტარი თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შედეგების თაობაზე.

„ერთ-ერთი ხმამაღალი განცხადება, რომელიც სამიტზე გაისმა, მასპინძელი ქვეყნის – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუდ ჩავუშოღლუს ეკუთვნის: „ამჟამად ოთხი ქვეყანაა, რომლებთაც ნატოში მიღების კანდიდატები არიან: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩერნოგორია, მაკედონია და საქართველო. ჩვენ გვინდა, რომ 2016 წლის ნატოს სამიტი [ვარშავაში] გაფართოების სამიტი იყოს“, – განაცხადა თურქეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა და დაამატა, რომ „იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ინტეგრაციის პროცესში პოზიტიური შედეგები გამოავლინესო, დადებითი პასუხი უნდა მიიღონო“, ანუ ალიანსის წევრები უნდა გახდნენო.

ნატოს გადაწყვეტილება ჩენოგორიის მიღების თაობაზე სრულიად გასაგები და ბუნებრივი იქნებოდა. მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას რაც შეეხება, აქ ცოტა საეჭვოა – ისინი ამჯამად თავიანთი არსებობის არასტაბილურ პერიოდში არიან და თუ ნატო იქ სიტუაციის მოწესრიგებას დაიწყებს, ღმერთიც უშველის. აი, საქართველოსთან მიმართებით კი ნატოში ინტეგრაციამ შეიძლება უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოიტანოს.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა იციან, სადაც უნდა დაარტყან. ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ნორმალიზების პერიოდშია. საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად პრაგმატულად მოქმედებს და ცდილობს, რომ გარკვეულად დისტანცირებული იყოს უკრაინის კრიზისისაგან, რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით. და თუ თბილისი ვლადიმირ პუტინთან საერთო ენას მონახავს, ეს დასავლური პროპაგანდისათვის სერიოზული დარტყმა იქნება. თავის მხრივ, თუ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდება, ამით მოსკოვ-თბილისის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი შეჩერდება: ერთი მხრივ, ეს ფაქტი ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისთვის აუხდენელი ოცნებების გამოცოცხლება იქნებოდა, მეორე მხრივ კი, რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა (ტყუილად კი არ უკავშირებენ 2008 წლის ომის მიზეზს ნატოს ბუქარესტის სამიტს, სადაც პირველად გაცხადდა, რომ საქართველოს ნატოს წევრი გახდებაო).

მოსკოვი მიანიშნებს, რომ ევროპული უსაფრთხოებისათვის ყველაზე კარგი გარანტი იქნებოდა ახალია კოლექტიური უშიშროების სისტემის შექმნა რუსეთის მონაწილეობით, მაგრამ ნატო მასზე უარს აცხადებს. სხვათაშორის, ასევე უარს აცხადებდა 2000-იანი წლების დასაწყისშიც, შემდეგ კი მოულოდნელად ევროპა უკრაინის კრიზისის წინაშე დადგა. საქართველოში მსგავსი ახალი კრიზისის დაწყება არავის არ სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ ასე იქნება“, – ნათქვამია სტატიაში.

«Die Presse» (ავსტრია), 15 მაისი, 2015 წელი

http://diepresse.com/home/politik/eu/4731566/

უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან: თბილისი დროს ებრძვის

საქართველოს ბრიუსელისაგან უვიზო რეჟიმის მიღება სურს, მაგრამ რიგის სამიტზე ამის დრო ჯერ არ დამდგარა

რედაქცია

(შემოკლებით)

„აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტის წინ სამხრეთკავკასიური სახელმწიფო – საქართველო იმდოვნებს, რომ თავისი მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად უვიზო რეჟიმს მიიღებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მიიჩნევს, ახლოვდება „კრიტიკული თარიღი“, როცა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს და უკრაინას, ევროპის კართან და არაპროგნოზირებადი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინაშე დგანან, მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნონ.

საქართველოს მთავარი დიპლომატი ევროკავშირისაგან პოლიტიკურ დეკლარირებას ითხოვს, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ოთხმილიონნახევრიან საქართველოს უახლოეს ხანში უვიზო რეჟიმი მიეცემა. ბოლო თვეებში ოფიციალური თბილისი ამ მიმართულებით საგანგებოდ გააქტიურდა: თამარ ბერუჩაშვილის მოადგილე გიგი გიგიაძე ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში დადიოდა, რათა პარტნიორების განწყობა გაეგო.

2013 წლის თებერვლიდან ეს სამხრეთკავკასიური სახელმწიფო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე („ვიზალიბერალიზაციის“ სამოქმედო გეგმის ჩარჩოებში) მოლაპარაკებას აწარმოებს. პირველი ფაზა, რომელიც საზღვრების მართვას, დოკუმენტების საიმედოობას და მიგრაციის მენეჯმენტს ითვალისწინებს , საქართველომ წარმატებით გაიარა. ახლა შედეგების შეფასება მიმდინარეობს.

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში უკვე დიდი ხანია ვიზის გარეშე დადიან. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისათვის, რომელიც გასულ კვირას ცვლილება განიცადა, უვიზო რეჟიმის მიცემა მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი სიგნალი იქნებოდა იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობა რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი რუბლის გაუფასურებისა და ცხოვრების გაძვირების გამო. „ამით ბრიუსელი საქართველოს სიმბოლურად დაგვიახლოვებს, რაც ჩვენთვის დიდი კაპიტალი იქნებოდა, – განაცხადა გიგი გიგიაძემ „პრესე“-სთან საუბრის დროს, – საქართველო საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა გარდაიქმნას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში“.

თუმცა, ამის მიუხედავად, ევროკომისიის მიერ ამას წინათ გამოქვეყნებული მესამე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უვიზო რეჟიმის მისაღებად რამდენიმე მოთხოვნა ჯერ არ შეუსრულებია, მაგალითად, ეფექტური ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ, მოსახლეობის ინფორმირება ამ საკითხში და ა.შ. თუ ეს მოთხოვნები სწრაფად სესრულდება, ევროკომისიას საკითხის გადაწყვეტას დააჩქარებდა. როგორც გიგი გიგიაძე ამბობს, იგი „ძალიან ბედნიერი იქნება“, თუ მისი ქვეყანა უვიზო რეჟიმს 2016 წელს მიიღებს. ამას წინათ ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში იოჰანეს ხანი თბილისს [რიგის სამიტზე] დადებით შედეგებს დაპირდა, თუმცა… როგორც ჩანს, საქართველო ლატვიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალს ვერ მიიღებს, ანუ თბილისს უვიზო რეჟიმზე უარს ეტყვიან.

«Независимая газета» (რუსეთი), 15 მაისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-05-15/1_saakashvili.html

მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება საქართველო-მოლდოვას ურთიერთობა გააუარესოს

„კორუფციასთან ბრძოლაში დასახმარებლად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიწვევით მოლდოვას ხელისუფლება დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდა: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიშინიოვს მოუწოდა, რომ უარი თქვას ყოფილი პრეზიდენტის დახმარებაზე. როგორც მოლდოვას პარლამენტის დეპუტატმა ბოგდან ცირდიამ განაცხადა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირილ გაბურიჩი, რომელიც თითქოსდა კორუფციას ებრძვის, „თვითონაა კორუმპირებული და მის წინააღმდეგ, პასპორტების გაყალბების გამო გამო, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ახლა იგი დამნაშავე ექს-პრეზიდენტისგან დახმარებას ითხოვს“, – ასე იწყება რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატია (ავტორი – სვეტლანა გამოვა).

საქართველოსა და მოლდოვას ერთმანმეთთან მეგობრული ურთიერთობები აქვთ, თუმცა ამ ურთიერთობებს უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვთ, ვიდრე ეკონომიკური. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა მოლდოვაში, ერთი მხრივ, უკრაინის მესიჯია, რომელიც შეიძლება დადებიტად მივიჩნიოთ, მაგრამ მეორე მხრივ – საქართველოს ექს-პრეზიდენტის კიშინიოვში ყოფნას ანტირუსული დატვირთვაც ექნება, მოსკოვი შეიძლება გაღიზიანდეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის კიევი უფრო მნიშვნელოვანია. ამასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაც, სააკაშვილის დახმარება არ მიიღოთო, პრობლემებს გვიქმნის, რომლებიც როგორღაც უნდა მოგვარდეს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენთან მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლაში დასახმარებლად ჩამოდის“, – ამბობს „ნეზავისიმია გაზეტას“ ჟურნალისტთან საუბრის დროს კიშინიოვში არსებული სტრატეგიული კვლევებისა და პოლიტიკური კონსალტინგის ცენტრის დირექტორი ანატოლი ცარანუ.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მოლდოვაში მიწვევის თაობაზე პირველად ქართულმა რადიოსადგურმა „პირველმა რადიომ“ გაავრცელა, რომელშიც მოხსენიებულია ირაკლი ღარიბაშვილსა და კირილ გაბურიჩს შორის გამართული სატელეფონო საუბარიც: თითქოსდა ქართველ პრემიერს მოლდოველი კოლეგისთვის უთქვამს, თუ სააკაშვილს მიიყვანთ, ქართულ-მოლდოვური ურთიერთობები გაუარესდებაო. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ ტელეფონით საუბარი მართლაც შედგა, ურთიერთობის საკითხები განიხილეს და მოლდოვას პრემიერმა თავისი ქართველი კოლეგა კიშინიოვში ვიზიტით მიიწვიაო, ივნისის თვეში.

ამჟამად მოლდოვაში მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი რეფორმატორების ჯგუფი იმყოფება, რომელიც ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. თვით კირილ გაბურიჩს კი მიხეილ სააკაშვილთან კიევში ყოფნის დროს უსაუბრია და სწორედ მაშინ უთხოვია დახმარება. „მოლდოვაში მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ბანკები გაძარცვა. ხალხი მოპარული მილიონების დაბრუნებას ელოდება და სწორედ ამ დროს გაბურიჩს კიშინიოვში მიხეილ სააკაშვილი ჩამოჰყავს… ეს დადგმულ შოუს ჰგავს, რადგან ივნისში ჩვენთან ადგილობრივი ორგანოების არჩევნებია დაგეგმილი, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ წააგოს. სააკაშვილის მოწვევით მთავრობა ხალხს აჩვენებს, რომ თითქოსდა წესრიგს ამყარებს. ჩვენი კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ასეთივე კორუმპირებულ ქართველ-ექს-პრეზიდენტს დასახმარებლად იწვევს! განა რა გააკეთა ისეთი დადებითი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა? ცნობილია, რომ კიევში ოლიგარქთა ქონების გადანაწილება დაიწყო… რა შეიძლება მოხდეს მოლდოვაში, ამის პროგნოზის გაკეთებაც კი შეუძლებელია“, – მოლდოვას პარლამენტის წევრი, სოციალისტი ბოგდან ცირდია.

მოლდოვური მასმედია ხაზს უსვამს, კორუფციასთან საბრძოლველად მიხეილ სააკაშვილის მიწვევა, ერთი მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ადგილობრივ სპეციალისტებს არ ენდობა  მეორე მხრივ კი, დასავლელი პარტნიორების წინაშე საკუთარი იმიჯის გაუმჯობესება სურს

«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი), 14 მაისი, 2015 წელი

http://www.azerizv.az/news/a-18879.html

http://www.yerkramas.org/article/91148

ბაქო-თბილისი-ყარსისაკონტინენტთაშორისო სარკინიგზო დერეფანი თუ ანტისომხური პროექტი

გაზეთ «Азербайджанские известия»-ის 14 მაისის ნომერში დაბეჭდილი სტატია ბაქო-თბილისი-ყარსის ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობის საკითხს ეხება, რომელიც, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეთა მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებების თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. „ჯერ კიდევ იანვარში ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე პირველმა მატარებელმა უკვე გაიარა, გუშინ კი, როგორც იქნა, გაიხსნა საქართველო-თურქეთის საზღვარზე არსებული სარკინიგზო გვირაბი, რომლის გაჭიანურებული მშენებლობა ხელს უშლიდა ამ პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოების შესრულებასაც. გვირაბში უკვე დაიწყო რკინიგზის დაგება, მისი სხვადასხვა დანადგარებითა და აპარატურით აღჭურვა”, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – აღასაფ ახუნდოვი).

„საერთოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, თავდაპირველი პროექტით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ამ მაგისტრალის ექსპლუატაციის დაწყების ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია. მიზეზები ბევრი იყო – თურქეთში რთული მთიანი რელიეფის არსებობა, მძიმე კლიმატური პირობები [პლუს სამშენებლო კომპანიებში მომხდარი ფინანსური დარღვევები, როგორც თურქული პრესა წერდა - ს.კ.]. თუმცა ყველაზე რთული მაინც გვირაბის მშენებლობა გამოდგა – მისი გათხრის დროს სახიფათო გეოლოგიური უბნები გამოვლინდა, რის გამოც პროექტში ცვლილებები შევიდა. თავის მხრივ, მეწყერსაშიში უბნების გვერდავლამ გვირაბის სიგრძის მომატება გამოიწვია.

ასეა თუ ისე, მშენებლობა, რომელმაც სტარტი 2007 წელს აიღო, მართალია, დღესაც დაუსრულებელია, თუმცა იმედია, რომ მისი ექსპლუატაციის ვადები 2015 წლის ბოლოს აღარ გადაცდება: უკვე მზადყოფნაშია თბილისი-მარაბდა-ახალქალაქის 185-კილომეტრიანი განახლებულ-რეკონსტრუირებული ხაზი, უკვე აშენებულია ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის საზღვარი) 30-კილომეტრიანი მონაკვეთი ყველა თავისი ინფრასტრუქტურით.

რაც შეეხება თურქულ უბანს (კარწახი-ყარსი), იქ  სამშენებლო სამუშაოების 98%-ია შესრულებული. სპეციალისტთა გათვლებით, დაახლოებით ივლისამდე, მთელ თურქულ მონაკვეთზე რელსების დაგება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა დასრულდეს. 2015 წლის ბოლოს, წინასაახალწლოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე კომერციული ტვირთების გადაზიდვა უნდა დაიწყოს”, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

————-

ამ დღეებში სომხურ და რუსულ მასმედიაში (მაგალითად, გაზეთ „ერკრამასში“) გამოქვეყნდა ეთნოპოლიტოლოგიური კვლევების ცენტრის ლავრენტი ამშენცის კომენტარი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით.

„რკინიგზის მშენებლობის პროექტი ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის ყოფნის პერიოდში შემუშავდა. ეს მაგისტრალი წარმოადგენს, არც მეტი – არც ნაკლები, თურქეთიდან აზერბაიჯანში შეიარაღებული ძალებისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაყვანის სტრატეგიულ მარშრუტს. ფაქტობრივად, ამ რკინიგზით საქართველო, რომლის ტერიტორიაზეც ის გადის, თურქეთ-აზერბაიჯანის მოკავშირედ და იმავდროულად, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ გადაიქცა. საქართველო, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, შეგნებულად მიდიოდა სომხეთთან სამხედრო დაპირისპირებაზე. ჩვენთვის, სომხეთისათვის ახლა უფრო უმჯობესი იქნება ამ რკინიგზაზე ტვირთების გადატანის უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება, ვიდრე რეგიონში რომელიღაც სამხედრო სწავლების დაფიქსირება. ამ რკინიგზაზე მოძრაობის დაწყებით ჩვენ პირისპირ აღმოვჩნდებით სრულმასშტაბიანი კონფლიქტის წინაშე თურქეთთან და აზერბაიჯანთან. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორია ჩვენს წინააღმდეგ სრული პროგრამით იქნება გამოყენებული”, – ამბობს ლავრენტი ამშენცი.

Comments are closed