„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ევროკავშირში მოლდოვის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელთან: “როდესაც ჩავთვლით, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა ჩვენ გვზღუდავს, პირდაპირ ვეტყვით ამის შესახებ ევროკავშირს”
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს არც კი მისალმებიან // გია ხუხაშვილი: „კიდევ კარგი, არ დაელაპარაკა”
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: რამდენად სწორად მოიქცა ირაკლი ღარიბაშვილი, როცა ვლადიმერ პუტინს ზურგი შეაქცია და დააიგნორა?
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „პუტინს ღარიბაშვილის ჟესტი არ დაავიწყდება“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: “სომხეთისთვის მორალის კითხვა აზრს კარგავს”
„კვირის პალიტრა“: საქართველო თურქეთსა და ირანს შორის
———————-
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 15 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ ევროკავშირში მოლდოვის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელთან: “როდესაც ჩავთვლით, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა ჩვენ გვზღუდავს, პირდაპირ ვეტყვით ამის შესახებ ევროკავშირს”
ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი)
(შემოკლებით)
მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების პირველ 4 თვეში მოლდოვადან ევროკავშირში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა. ოფიციალური კიშინიოვის პოლიტიკა ახლა იმისკენაა მიმართული, რომ ეს შეღავათები დნესტრისპირეთში მოქმედ კომპანიებზეც გავრცელდეს.
ამის შესახებ საუბრობს “მთელ კვირასთან” ინტერვიუში ევროკავშირთან მოლდოვის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელი ეუჯენ კარასი. მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან დნესტრისპირეთის ბლოკადა აბსოლუტურად გამორიცხულია.
ელჩის ცნობით, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამამ და იმ შესაძლებლობებმა, რომელსაც იგი მონაწილე ქვეყნებსა და მათ შორის საქართველოს აძლევს, უკვე იქონია მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი დნესტრისპირეთის პრობლემაზე. მაგალითად, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ვიზების გაუქმების შედეგად დღეს მოლდოვის მოქალაქეობა და მოლდოვის პასპორტი დნესტრისპირეთში მცხოვრებ 75 ათასზე მეტ ადამიანს აქვს.
“მთელი კვირა”: როგორ შეაფასებდით რიგაში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებს, გამართლდა თუ არა მოლდოვის მოლოდინი?
ეუჯენ კარასი: პრესაში ამ სამიტის შედეგებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ვნახე. რეალურად ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოლოდინი ჰქონდათ თავად მათ, ვინც სამიტის შედეგებზე საუბრობს. ოფიციალური კიშინიოვის პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ საკმაოდ რეალისტური მოლოდინი გვქონდა, თუ რა შეიძლებოდა პერსპექტივაში მოხდარიყო, ვინაიდან საკმაოდ დიდი მოსამზადებელი სამუშაო იყო ჩატარებული, მათ შორის დეკლარაციის ტექსტთან დაკავშირებითაც.
ჩვენი მოლოდინი ძალიან რეალისტური იყო და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სამიტი წარმატებული გამოდგა, ჩვენ მისი შედეგით კმაყოფილი ვართ. თუკი დეკლარაციის ტექსტს შეხედავთ, ძალიან ბევრ პარაგრაფში მოლდოვის რესპუბლიკა დადებით კონტექსტშია მოხსენიებული, მაგალითად, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით (მოგეხსენებათ, რომ უკვე წელიწადზე მეტია ვიზალიბერალიზაციაა), ასევე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, მათ შორის ვროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედების მხრივ. სხვა საკითხებიც ტექსტში საკმაოდ კარგადაა ასახული.
რაც შეეხება ევროპულ პერსპექტივას, რომელიც მე-7 პარაგრაფშია მოცემული, ვფიქრობ, რომ ეს ტექსტი არ გაუმჯობესებულა იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ვიცოდით და გაგვაჩნდა, თუმცა, არც გაუარესებულა, ანუ უკან გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა. შესაბამისად, საბოლოო ჯამში მიგვაჩნია, რომ ეს ამ ეტაპზე ნორმალური და კარგი შედეგი იყო.
- ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შესახებ. ევროკომისიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს გაფართოებაზე უახლოესი 5 წლის განმავლობაში. სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მომუშავე კომისრის თანამდებობის დასახელებაც კი შეიცვალა. თქვენ როგორ შეაფასებდით მოლდოვის ევროპულ პერსპექტივეს?
- თქვენს შეკითხვებში რამდენიმე საკითხს შეეხეთ, მე ალბათ კონკრეტულ ასპექტზე შევჩერდები. რეალურად ახლა სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირის იმ აღმოსავლელი პარტნიორების მისწრაფებები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ევროპული პერსპექტივა ჰქონდეთ, ასახული იყოს ახალ სამეზობლო პოლიტიკაში.
რაც შეეხება გაფართოებას, აქ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ახალ ევროპულ კომისიაში კომისრის პორტფოლიოს დასახელება შეიცვალა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმასაც, რომ პრეზიდენტი იუნკერი ჯერ კიდევ ამ თანამდებობაზე არჩევამდე აცხადებდა, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში გაფართოება არ იგეგმება. ეს, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ, რომ, მაგალითად, ბალკანეთის რეგიონის ზოგიერთი სახელმწიფო უკვე ევროკავშირში შესვლაზე მართავს მოლაპარაკებას, ანუ ისინი უკვე სხვა ეტაპზე არიან. ეს განცხადება და ევროკომისიის ეს პოზიცია ამ ქვეყნებსაც ეხება. ჩვენთვის ეს განცხადება საყურადღებოა. კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს გარკვეული შიდა ბარიერი გაფართოების შემდეგ ტალღასთან დაკავშირებით.
არსებობს კიდევ ასეთი მოსაზრება და არგუმენტი, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა და ევროკავშირის პოლიტიკა ეს არაა გაფართოების პოლიტიკა. ესეც არგუმენტია და მასაც გააჩნია თავისი ლოგიკა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მივმართავთ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს, რათა ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებს აზრი შევაცვლევინოთ და დავარწმუნოთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე იმ ქვეყნებმა, რომელთაც ასეთი მიზანი აქვთ, შესაძლოა, ერთ დღესაც ევროკავშირში შესვლაზე გააკეთონ განაცხადი და დადებითი პასუხი მიიღონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს დროისა და პროცესის საკითხია. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც დიდ, მოცულობით პროცესს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნები ახდენენ სიღრმისეულ მოდერნიზაციას და იმის ხელახლა გააზრებას, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა, როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა, როგორ უნდა მუშაობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები, მენტალიტეტიც კი უნდა შეიცვალოს.
სწორედ ესაა მოდერნიზაციის პროცესი. ჩვენ, მოლდოვის ხელისუფლება ვიღებთ ევროკავშირის მაგალითს ქვეყნის მოდერნიზაციისათვის, რათა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და ეკონომიკა ევროკავშირის ყაიდაზე და ევროკავშირის სტანდარტებით მუშაობდეს.
რა თქმა უნდა, ეს პროცესი გარკვეულ ვადაზეა გადანაწილებული. ესაა პროცესი, რომელსაც წლობით, აგურ-აგურ შენება სჭირდება, რათა ის მომავალი მივიღოთ, რომლისთვისაც ვისწრაფვით.
- აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილეთაგან სამმა ქვეყანამ აირჩია პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზა. ბელარუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი მხოლოდ ცალკეულ სფეროებში აპირებენ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში როგორ ხედავთ აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალს, რამდენად ეფექტური იქნება იგი მომავალში?
- დეკლარაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი არც ისე მარტივი იყო, ვინაიდან ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ერთი მხრივ, ევროკავშირის პოზიციაზე, სადაც 28 სახელმწიფო შედის და კიდევ 6 პარტნიორზე. ადვილი არ იყო ბალანსის მოძებნა და ისეთი ტექსტის შემუშავება, რომელიც ყველა 34-სათვის მისაღები იქნებოდა.
რაც შეეხება პარტნიორებს, თქვენ ახსენეთ, რომ არსებობს 3 ქვეყანა, რომელსაც აქვს ასოცირების შეთანხმება და კიდევ სამი, რომელსაც განსხვავებული დღის წესრიგი აქვს.
შესაბამისად, ამგვარი დიფერენციაცია უკვე არსებობს და ეს ნორმალურია, მაგალითად, ევროკავშირის მოლაპარაკება მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით სხვაგვარად მომდინარეობს და სხვა პარტნიორთან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება არ აქვს – სხვაგვარად.
ყველასთვის გასაგებია, რომ შესაძლოა, სხვადასხვა პარტნიორთან განსხვავებული მიდგომა და თანამშრომლობის ფორმატი არსებობდეს. ჩვენ ამას ვეთანხმებით. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყოველი პარტნიორი ევროკავშირისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. დიფერენციაცია იმიტომაა, რომ არსებობს ეს შეთანხმებები.
ვნახოთ, ეს როგორ განვითარდება. თუ აღმოსავლეთის პარტნიორობა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, საშუალებას მისცემს, რომ ერთი მხრივ, ორმხრივ ფორმატში განავითარონ ურთიერთობები ევროკავშირთან და ამავდროულად ეს ორმხრივი ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანონ, მაშინ შესაძლოა, ეს თანამშრომლობა მათთვის ერთგვარი ქოლგაც იყოს.
პრინციპში, თეორიულად შეიძლება იმაზე დაფიქრებაც, ხომ არ გვეთქვა უარი აღმოსავლეთის პარტნიორობაზე. მაგრამ რა იქნება პარტნიორობის ნაცვლად? რაიმე უკეთესი ფორმატი იქნება, თუ ეს უკვე არსებული ფორმატი გარკვეულ დივიდენდებს იძლევა, რომელიც მისი არარსებობის შემთხვევაში არ იქნება? ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობს პლუსებიც და მინუსებიც, რომლებიც კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ. ჩემი აზრით, ახლა აღმოსავლეთის პარტნიორობაზე უარის თქმა არ ღირს, რადგან ეს პარტნიორობა უკვე არსებობს და სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობის საშუალებას იძლევა. მაგალითად, მოლდოვამ ამ ეტაპისთვის მიიღო ის, რისი მიღებაც შეიძლებოდა – ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმება. ახლა კი იმპლემენტაციის პროცესი მიმდინარეობს. ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება და შემდეგ ვნახავთ, თუ ორმხრივი ურთიერთობების რა დონეზე იქნებიან ევროკავშირი და მოლდოვა. თუკი აღმოსავლეთის პარტნიორობა მომავალში ამ ურთიერთობების შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მაშინ საჭირო გახდება დაფიქრება, თუ რა ვუყოთ აღმოსავლეთ პარტნიორობას, გავაკეთოთ, ვთქვათ, “აღმოსავლეთის პარტნიორობა პლუს” ან რამე სხვა. ჯერჯერობით კი კიშინიოვი ფიქრობს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა უნდა შენარჩუნდეს და მისგან უნდა მივიღოთ ის, რაც შესაძლებელია.
თუკი მოვა დრო, როდესაც ჩავთვლით, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა ჩვენ გვზღუდავს, პირდაპირ ვეტყვით ამის შესახებ ევროკავშირს. ჯერჯერობით კი ევროკავშირისაკენ აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების სხვადასხვა სიჩქარეებით მოძრაობა ჩვენ ხელს არ გვიშლის.
- მოლდოვას ევროკავშირთან უკვე ერთი წელია, რაც აქვს უვიზო მიმოსვლა, ასევე ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. როგორ შეაფასებდით შედეგებს, როგორი გავლენა მოახდინა ამან გაგაუზიასა და დნესტრისპირეთთან ურთიერთობების დალაგებაზე?
- რაც უვიზო რეჟიმმა მოგვცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტიური დინამიკაა. ერთი რამ მინდა ვთქვა – ხალხი კარგს მალევე ეჩვევა და მალევე ავიწყდება, თუ რა სამუშაო ჩაატარა სახელმწიფომ უვიზო რეჟიმის მისაღწევად. ხალხი ახლა შენგენის ზონაში უბრალოდ პასპორტით მოგზაურობს და ამას ისე იღებს, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, თითქოს ეს აქამდეც შესაძლებელი იყო. ჩვენი კოლეგები საქართველოდან და უკრაინიდან ამას დიდი ხანია ელიან. ვუსურვებდი, რომ ეს მათთვისაც უახლოეს პერიოდში იყოს ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება მოლოდოვის გამოცდილებას, ვფიქრობ, რომ ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ისეთი განცდაა, რომ რაღაც ფარდა გაქრა და მსოფლიო უვიზო რეჟიმით იხსნება. ამან მოლდოვაში დიდი ეფექტი იქონია. თუმცა, თქვენ ახსენეთ დნესტრისპირეთი და გაგაუზია. რა თქმა უნდა, გაგაუზიის პრობლემასა და დნესტრისპირეთის სიტუაციას ერთ სიბრტყეში ვერ განვიხილავთ.
დნესტრისპირეთის კონტექსტში ამას ძალიან დადებითი ეფექტი ჰქონდა, დაახლოებით 75 ათას დნესტრისპირელს ახლა მოლდოვის მოქალაქეობა და მოლდოვური პასპორტი აქვს. დნესტრისპირეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ესმით, რომ მოლდოვის დაახლოება ევროკავშირთან მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ გარკვეული პრეფერენციები, რომელიც უკავშირდება უვიზო რეჟიმს. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალში შეეხება საყოველთაო ვაჭრობის შეთანხმებასაც.
მინდა აღვნიშნო, რომ შარშანდელი სექტემბრიდან მოყოლებული, წლის ბოლომდე ძალიან კარგი ციფრები მივიღეთ – გასული წლის 4 თვის განმავლობაში ევროკავშირში ჩვენი ექსპორტი 10%-ით გაიზარდა. ვფიქრობ, რაც უფრო გავაგრძელებთ იმპლემენტაციას, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის ზონების ჩართვას, ეს შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ეს ასევე კარგი შესაძლებლობა იქნება დნესტრისპირეთის კომპანიებისათვის, რომ პრეფერენციულ საფუძველზე ივაჭრონ ევროკავშირთან.
ეს კიშინიოვისათვის პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ახლა დნესტრისპირულ კომპანიებს ევროკავშირში თავისი პროდუქცია ე.წ. “ავტონომიური სავაჭრო პრეფერენციების” რეჟიმში გააქვთ, რაც წლის ბოლოს იწურება. ახლა კიშინიოვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ვაჭრობის შეთანხმება დნესტრისპირეთის ტერიტორიაზეც გავრცელდეს. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დაახლოებას.
(…)
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 15 ივნისი, 2015 წელი
ისინი ერთმანეთს არც კი მისალმებიან
გია ხუხაშვილი: „კიდევ კარგი, არ დაელაპარაკა”
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
პარასკევს აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველი ევროპული თამაშები გაიხსნა, რომელსაც, სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, საქარტველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრნენ.
ბაქოში ერთ სუფრასთან მჯდომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ვლადიმირ პუტინს შორის არანაირი საუბარი არ გამართულა. როგორც ფოტო და ვიდეო მასალიდან ჩანს, ორი ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთის თითქმის გვერდიგვერდ – სამიოდ სკამის დაშორებით ისხდნენ, თუმცა პრემიერის პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ მათ შორის კომუნიკაცია ელემენტარულ დონეზეც კი არ შემდგარა, ერთმანეთს არც კი მისალმებიან.
პოლიტოლოგები ამ სიჩუმეს ბუნებრივს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ ერტმანეთისათვის არაფერი ჰქონდათ ისეტი სათქმელი, რისთვისაც მსგავსი გარემო შესაფერისი იქნებოდა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს არ იყო იმის სესაძლებლობა, რომელიც ირაკლი რარიბაშვილს უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან მოლაპარაკების არანაირი შანსი არ არსებობს. „სამწუხაროდ, ამ ქვეყნებს შორის ჯერ-ჯერობით შეხების წერტილი რაიმე ისეთის მიზნით არაფერია, რომ მოლაპარაკება გაიმართოს. აქედან გამომდინარე, მათ საუბარს არანაირი აზრი არ ექნებოდა.. ლიდერების შეხვედრა მოსალაპარაკებლად ასე სპონტანურად არ ხდება, მისი მომზადებაა აუცილებელი… რაზე უნდა ელაპარაკათ? მით უმეტეს, რომ არა მგონია ირაკლი ღარიბაშვილი ასეთი სეხვედრისათვის მზად ყოფილიყო – საკითხების მომზადების თუ პიროვნული თვალსაზრისით. კიდევ კარგი, რომ არ დაელაპარაკა“, – ამბობს გია ხუხაშვილი.
დაახლოებით იგივე მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც და აცხადებს, რომ ამგვარი ნაბიჯისათვის სიტუაცია მომწიფებული ჯერ ნამდვილად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი მზად არის შეხვდეს საქართველოს ხელმძღვანელ პირებს. „ამ თავშეკავებას თავისი ლოგიკა აქვს – რუსულმა მხარემ არ გადმოდგა რეალური ნაბიჯები იმის ნიშნად, რომ იგი საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი იქნება და ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას ხელს შეუწყობს.. ეს ნიშანი თუ არ გამოჩნდა, მტრულად განწყობილ ადამიანთან სალაპარაკოდ დაჯდომას მხოლოდ ჭიდაობის ელფერი ექნება“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება იმას, თუ რა ნაბიჯები ჩაითვლება რუსეთის მხრიდან კეთილგანწყობის დასტურად, რამაზ საყვარელიძე ამ,ბობს, რომ საამისოდ მათ ბევრი რესურსი აქვთ: „თუნდაც ე.წ. საზღვართან დაკავშირებით. გარდა ამისა, რუსეთს შეეძლო ქართველების, აფხაზებისა და ოსების ერთმანეთთან შეხვედრა განეხორციელებინა, რომ მათ საერთო ენა გამოენახათ. მხოლოდ ჟურნალისტებთან გამოხატული კეთილგანწყობა ნამდვილდ არაა საკმარისი იმისათვის, რომ ეს საპასუხო ნაბიჯი საქართველომაც გადადგას. ვლადიმირ პუტინს სურს, რომ საქართველო მას ეახლოს, ამისაგან კი ჩვენი ხელისუფლება თავს იკავებს, როგორც ეს ვნახეთ ბაქოში ყოფნის დროს“, – აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.
„კვირის ქრონიკა“, 15 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: რამდენად სწორად მოიქცა ირაკლი ღარიბაშვილი, როცა ვლადიმერ პუტინს ზურგი შეაქცია და დააიგნორა?
ნინო სამხარაძე (შემოკლებით)
„როგორ დააიგნორა ბაქოში ღარიბაშვილმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი“ – თემა, რომელიც დიდი განსჯის საგანი გახდა. ვიდეოში, რომელიც „ფეისბუკზე“ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, ჩანს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვა სტუმრებისგან განმარტოებული დარჩა სუფრასთან.
მისგან ორიოდე სკამის დაშორებით აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ- მინისტრი, რომელმაც პუტინს „ნე ვიჟუ“ გაუკეთა და ზურგი შეაქცია. იყო თუ არა ღირსეული საქციელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან და რა რეაქცია მოჰყვა მის ამ ჟესტს?
„კვირის ქრონიკის“ კითხვებს პასუხობს კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე.
- პრემიერის ბაქოში ვიზიტის შესახებ რა კულუარულ ინფორმაციას ფლობთ და რამდენად სწორად მოიქცა ირაკლი ღარიბაშვილი, როცა ვლადიმერ პუტინს ზურგი შეაქცია და დააიგნორა?
- ირაკლი ღარიბაშვილი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, არსებობს პროტოკოლი, რომელიც ნამდვილად არ ასახავს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას, მაგალითად, ყირიმის ანექსიის შემდეგ ყირიმმა არ გაწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან და არ გავიდა დსთ-დან, უკრაინას რუსეთთან ურთიერთობები დღემდე აქვს, იმიტომ, რომ საღი აზრით შეაფასეს მოსალოდნელი შედეგები. კერძოდ, შეაფასეს, რომ ბევრად უარესი იქნებოდა ყირიმისთვის, რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა. ხაზს ვუსვამ, მიუხედავად ანექსიისა. ასე რომ, ეტიკეტის დაცვა საჭიროა ყველგან და ყოველთვის. მაშინ სცემენ პატივს ქვეყანას და მის ლიდერს, როცა ის შესაბამისად იქცევა.
ირაკლი ღარიბაშვილს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეყენებინა პუტინთან შეხვედრის ეს შანსი, რადგან ეს არ იქნებოდა სერიოზული, პოლიტიკოსები და დიპლომატები ასეთ შანსებს სერიოზული საუბრისთვის არასოდეს იყენებენ, ჩვენ ამას სააკაშვილმა მიგვაჩვია, როცა ხელიდან არ უშვებდა ასეთ შესაძლებლობებს, რათა მის ფოტოგრაფებს გადაეღოთ ამა თუ იმ ლიდერთან შემთხვევითი შეხვედრების დროს ფოტოები და მერე, გარკვეული დროის მანძილზე ელაპარაკა, რომ ის შეხვდა ბარაკ ობამას, ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელს და ა.შ. სააკაშვილის ქცევა იყო სამარცხვინო, ის სპეციალურად ჩადიოდა საერთაშორისო ფორუმებზე, სადაც არც არავინ ეპატიჟებოდა, შემდეგ იდგა დერეფნებში, საპირფარეშოს შესასვლელთან, ელოდა მომენტს, რომ რომელიმე ქვეყნის ლიდერი ჩაივლიდა და ხელს ჩამოართმევდა.
შეხვედრებს ამზადებენ დიპლომატები, თავის დღის წესრიგთან ერთად და შემდეგ ხორციელდება ეს ყველაფერი. ასე რომ, სადღაც, სუფრასთან თუ ერთად ისხდნენ პუტინი და ირაკლი ღარიბაშვილი, იქ არასერიოზულია სერიოზულ თემებზე საუბარი. როგორც შევიტყვე, მათ შორის არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა და ასეც უნდა ყოფილიყო.
(…)
- თქვენი აზრით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი რატომ არის კომიკური ფიგურა?
- ჩვენ ვხედავთ აი, რას… მაგალითად, ხიდაშელის განცხადება, რომ, თუ საქართველო არ შევიდა ნატოში, ქვეყანა რუკიდან გაქრება, როგორც სახელმწიფო. მანამდე უსუფაშვილი ამბობდა, – უელსის სამიტზე საქართველოს მაპ-ს თუ არ მისცემენ, ქვეყანაში მასობრივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია დაიწყებაო. ეს ხომ კომიკურია?
დავიწყოთ მამაკაცის, უსუფაშვილის განცხადებით, რამაც გააღიზიანა ნატოში ჩვენი პარტნიორები და მოჰყვა ლავროვის განცხადება – „თუ ნატო დააჩქარებს საქართველოს გაწევრიანებას, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთო“. რეალურად ნატო ჩვენს მიღებას არ აპირებს, თინა ხიდაშელმა ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ ის კომიკურ განცხადებებს აკეთებს.
ჩვენ მოვისმინეთ ხიდაშელის მეორე განცხადება რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარებთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ დანადგარების შესყიდვის მომზადება გამოიკვეთა ჯანელიძის მინისტრობის დროს, ხოლო ირაკლი ალასანიას მინისტრობისას იყო კეთილი სურვილები. მაგრამ მთავარი აქ მეორე საკითხია. როდესაც რუსის ტანკები დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ზუსტად 25 კმ-ში დგას, ამას უშველის ანტისარაკეტო დანადგარები, რომლის თითოეულის ფასიც 30 მილიონი დოლარია?.. ამ ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკის შეძენა იმით ხომ არ დასრულდება, რომ რუსი ამას დიდი ხალისით გაზიდავს საქართველოდან?!.
მახსენდება დენიელ ფრიდის ნათქვამი, სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს ვაფრთხილებდით, თუ რუსებთან საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებთ, შეიძლება მათ პირველი და მეორე ბრძოლაც კი დაგითმონ, მაგრამ მერე მთელი ძალით შემოვლენ, დიდი ხალისით გაგასწორებენ მიწასთან და ყველაფერს გაზიდავენ, გაიხსენეთ, რა ქნეს რუსებმა 2008 წელს, რამდენი მილიარდი დოლარის, ჩვენი გაჭირვებული ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით რომ ყიდულობდა სააკაშვილი სამხედრო აღჭურვილობას, გაზიდეს, ნაწილი დაამტვრიეს და ააფეთქეს. ვინმემ ამაზე პასუხი აგო? რა თქმა უნდა, არა…
„კვირის პალიტრა“, 15 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „პუტინს ღარიბაშვილის ჟესტი არ დაავიწყდება“
ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდებს:
“მიაქცევდით ყურადღებას, ბოლო ხანს აბრეშუმის გზის თემა განსაკუთრებით გააქტიურდა, ჩინეთიდან ჩამოვიდა პირველი ტვირთიც. ჩინეთს დღეს სჭირდება ევროპისკენ რუსეთის ალტერნატიული გზის გაჭრა ევროპის ბაზარზე უფრო აქტიურად გასასვლელად. მოგეხსენებათ, ევროპული ქვეყნების უამრავი პროდუქცია დღეს ჩინეთში მზადდება, ევროპაში ტრანსპორტირება კი საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩინელებს უნდათ, აზერბაიჯანსა და საქართველოში შექმნან საწარმოთა ქვეკომპანიები, სასაწყობო მეურნეობები სწორედ მძიმე მრეწველობისთვის, მაგრამ ვერ პოულობენ ხალხს, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებდა – იმიტომ, რომ, როგორც წესი, ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხის მნიშვნელობას ვერ ხვდებიან, ან პასუხისმგებლობის აღება აშინებთ. ლაპარაკია ასეულობით მილიონიან ინვესტიციებზე… ჩინელებს ერთ-ერთი პროექტით სურთ, რომ აქ მანქანათმშენებლობის სისტემა შექმნან, ვიმეორებ, საქართველოში ამის პოტენციალი არსებობს”, – თვლის ექსპერტი.
“არაერთხელ გვილაპარაკია, რომ ჩვენში სამთავრობო ცვლილებები ყოველთვის დღის წესრიგშია, რაც ნამდვილად არ არის კარგი და მიუთითებს ქვეყნის არასტაბილურობაზე. ეს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის განვითარებას აფერხებს და ქაოსის განწყობას ქმნის. ბევრი რამ ვიცი ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებზე და ვადასტურებ, რომ ცვლილებებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ისევ და ისევ იმაზე, შემოდგომამდე რის გაკეთებას შეძლებს და რამდენად ეფექტიან გადაწყვეტილებებს მიიღებს მთავრობა. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, არ ვიცი, შეიძლება ბიუჯეტის ცვლილებას მართლაც გადააყოლონ ხადური, თუმცა, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ვინ წავა და ვინ მოვა, არამედ ის, რა შედეგი მოჰყვება ამას. ირაკლი მანაგაძე წლების განმავლობაში იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თუმცა, კარგა ხანია, წასულია ქვეყნიდან და მოწყვეტილია აქაურ რეალობას. არ ვიცი, როგორ შეძლებს ამ ვითარებაში სამინისტროს მართვას”, – ამბობს მამუკა არეშიძე.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილი გენპროკურორის ზურაბ ადეშვილის ინტერვიუს და საერთოდ, უკრაინაში დასაქმებული ქართველი ჩინოვნიკების საკითხს, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, მამუკა არეშიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:
“ვფიქრობ, რომ ადეიშვილის ინტერვიუ გარკვეული გეგმის ნაწილია. რაც შეეხება შეცდომების აღიარებას, ეს შეიძლება მისაღები იყოს “ნაციონალური მოძრობის” იმ წევრისგან, ვინც პირადად არ მონაწილეობდა დანაშაულებში, ადეიშვილისგან კი, რომელიც მონაწილეობდა ადამიანებისთვის ქონების წართმევაში, მათ უკანონო დასჯაში, ასეთი ლაპარაკი მიუღებელია. მას მონანიებაც არ უშველის, არაერთი საქმეა აღძრული და პასუხი უნდა აგოს. ეს იყო ვიღაცის დავალებით კეკლუცობა კამერის წინაშე. ისე, აქ ვერ გამოიყვანა სააკაშვილმა ადეიშვილი კამერების წინ და იქ როგორ აიძულა, არ ვიცი. როგორც ჩანს, ეს რაღაც სამომავლო აუცილებლობისთვის დასჭირდათ. რაც შეეხება სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნას, ის მე მაგონებს ჯარისკაცს, რომელმაც ნაღმს დააბიჯა ფეხი და თუ აიღო, აფეთქდება“.
[უკრაინაში, ოდესის ოლქში] ურთულესი სიტუაციაა – მიუხედავად სააკაშვილისადმი ჩემი დამოკიდებულებისა, უნდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ავანტიურისტული, მაგრამ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. პოროშენკო წაუგებელ თამაშს თამაშობს. თუ მარიუპოლთან ერთად ოდესაც დაიკარგება, ეს სააკაშვილს დაბრალდება, თუ გამოიჩინა თავი, მაშინ მის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრს დაუპირისპირებს და ასე მოიშორებს იაცენიუკს. სააკაშვილი რისკავს. ოდესაში სააკაშვილს უპირისპირდება: რუსეთი, ოლიგარქი კოლომეისკი, კრიმინალური ჯგუფები – არა მხოლოდ უკრაინული, არამედ ქართულიც – და ჩინოვნიკური აპარატი, რომელიც პირველივე დღეებში გადაიმტერა. მოკლედ, ბატონი სააკაშვილი კრაზანების ბუდეში მოხვდა”, – დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვას – “ბაქოში ევროპული თამაშების გახსნაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გამართული მიღებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. როგორც გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, ღარიბაშვილი სუფრასთან თითქმის პუტინის მეზობლად ზის, თუმცა აშკარაა, რომ მას საერთოდ არ იმჩნევს, არათუ არ ეკონტაქტება, მისკენ არც იხედება…”, პასუხობს:
“გამიჭირდება ამ ფაქტის კომენტირება, რადგან რთულია მცირე ქრონომეტრაჟის ჩანაწერით რაიმე დასკვნების გაკეთება, თუმცა ვნახეთ პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაც, რომ ღარიბაშვილს და პუტინს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. შეხვედრა წინასწარ მომზადებული არ იყო, შესაძლოა, ვიღაცას ამგვარი შემთხვევა გამოეყენებინა თუნდაც მცირე კომუნიკაციისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ეს საჭიროდ არ მიიჩნია. ზოგადად, პუტინს არ უყვარს, როდესაც იგნორირებას უკეთებენ და სავარაუდოდ, ღარიბაშვილის ეს ჟესტი არ დაავიწყდება”.
“ახლა უკრაინაში ხდება ის, რაც აფხაზეთის ომის დროს ხდებოდა საქართველოში _ უკრაინის ნაწილი იბრძვის, მეორე ნაწილს ფეხებზე ჰკიდა ეს ბრძოლა… თუ რუსეთმა დაინახა, რომ მდგომარეობა გართულდა, მაგალითად, თუ მას ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვეს, კრემლი უფრო გაამწვავებს ვითარებას უკრაინაში და ალბათ, მარიუპოლს დაარტყამს. მოკლედ, მცირე დაძაბულობა და, სეპარატისტები ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ქალაქს შეუტევენ. თუ მარიუპოლი დაიკავეს, მერე ოდესას მიადგებიან. გავითვალისწინოთ ისიც, რა ხდება დნესტრისპირეთში.¸იქ რუსებმა უკვე დაიწყეს სამხედრო ფორმირებების მანევრები, ანუ ცდილობენ სამხედრო ძალის დემონსტრირებას. რუსეთს, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი აქვს, გაჭრას გზა დნესტრისპირეთისკენ და ამას, ალბათ, გააკეთებს კიდეც, თუ უკრაინას კულუარულად არ მოელაპარაკა. თუ ოდესა ფრონტის ხაზად იქცა, საკითხავია, რას იზამს მისი გუბერნატორი?! სააკაშვილის გორში მოქმედებიდან გამომდინარე, შეძლებს კი ის, გახდეს მებრძოლი ქალაქის კომენდანტი?!”, – დასძენს მამუკა არეშიძე.
„კვირის პალიტრა“, 15 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: “სომხეთისთვის მორალის კითხვა აზრს კარგავს”
ეკა ასათიანი
(შემოკლებით)
ახლახან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ “საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” მორიგი რეზოლუცია მიიღო, რითაც დევნილთა ფუნდამენტური უფლებები კვლავ დაადასტურა.
ქვეყნებს შორის, რომლებმაც ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, ტრადიციულად, სომხეთიც იყო, რამაც ქართველი საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია. რატომ იქცევიან სომხები არაკეთილმეზობლურად და შესაძლებელია თუ არა მათზე პოლიტიკური გავლენის მოხდენა, ამ საკითხზე პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:
- რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს გმობს, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას (ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად), ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების დაცვაზე. ამასთან, ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეუფერხებელი ჰუმანიტარული საქმიანობის აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვაში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაააქტიურონ ძალისხმევა, რაც, თავის მხრივ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას ხელს შეუწყობს.
მიმდინარე წელს რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი 75 სახელმწიფომდე გაიზარდა. მხარდამჭერთა ზრდის დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელობას სულ უფრო ნათლად აცნობიერებს.
ქვეყნებს შორის, რომლებმაც ამ რეზოლუციის მიღებას მხარი არ დაუჭირეს, იყვნენ: სომხეთი, რუსეთი, ბელორუსია, ჩრდილოეთი კორეა, კუბა, ვენესუელა, ვიეტნამი და სხვ.; ანუ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მომხრეთა ბანაკში მოიაზრებიან.
ჩვენი მეზობელი სომხები არაკეთილმეზობლურად იქცევიან, თუმცა საკუთარი ინტერესიდან გამოდიან. გარდა იმისა, რომ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და ევრაზიული კავშირის წევრია, თვითონვე აქვს ყარაბაღიდან დევნილი აზერბაიჯანელი მოსახლეობის ანალოგიური პრობლემა. ამასთან, აფხაზეთში ეთნიკური სურათი სწორედ სომხების სასიკეთოდ იცვლება – ბოლო მონაცემებით, 43,8% აფხაზი ცხოვრობს, 21,3% – ქართველი და 20,8 – სომეხი, 10,8% – რუსი და სხვ. ქართველი დევნილების დაბრუნება ეთნიკურ სურათს ქართველების სასარგებლოდ შეცვლის. ასე რომ, სომხეთისთვის მორალის კითხვა აზრს კარგავს.
- თავის შეკავება ხომ მაინც შეუძლიათ?
- თავის შეკავება ნიშნავს: “პრინციპში ვაღიარებ, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვეთანხმები”. ოფიციალური ერევანი თვლის, რომ ამის გაკეთების უფლება არა აქვს.
- გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ამ ქვეყანას საქართველოს კეთილგანწყობა ძალიან სჭირდება. ეს ფაქტორი ზეგავლენას რატომ ვერ ახდენს?
- აქ უფრო ქართული მხარის არაპრაგმატულობას ვხედავ. საჭიროა მრავალმხრივი დიპლომატია, ამასთან, რუსეთთან მუშაობა და საჭირო დროს ვაჭრობაც. მართალია, გაეროს რეზოლუციებით, რომლებსაც სავალდებულო ძალა არა აქვს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვერ დავიბრუნებთ, თუმცა ამასაც თავისი დატვირთვა აქვს.
„კვირის პალიტრა“, 15 ივნისი, 2015 წელი
საქართველო თურქეთსა და ირანს შორის
ხათუნა ლაგაზიძე
(შემოკლებით)
ჩვენს მეზობელ ორ უდიდეს ქვეყანაში, თურქეთსა და ირანში, დიდი ძვრებია მოსალოდნელი. თურქეთში გასულ კვირას უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. (…) როგორც ჩანს, პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა უარი თქვა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე და შედეგად, თურქეთის პარლამენტში პირველად მოხვდა პროქურთული, ლიბერალური პარტია. ქურთებით დასახლებული თურქეთის უმდიდრესი რეგიონები დიდი ხანია ითხოვენ ავტონომიას ან სულაც დამოუკიდებლობას და ქურთული სეპარატიზმი თურქეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. პარლამენტში პროქურთული პარტიის შესვლით ეს პრობლემა ახალი ძალით იფეთქებს.
(…)
ქურთულ ფაქტორს ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ისლამისტებისა და„თავნება“რეჟიმების დასაბალანსებლად აქტიურად იყენებდა და იყენებს. ევროკავშირი და აშშ შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს ერდოღანის ავტორიტარულ მმართველობას და მისი ხელმძღვანელობით თურქეთის მზარდ ისლამიზაციასა და ამბიციებს, გახდეს ახალი, დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური ცენტრი. ამიტომაც გასაგებია, როცა თურქები პროქურთული პარტიის მოძლიერებაში ამერიკულ კვალს ხედავენ. უფრო მეტიც, ევროკავშირი აქტიურად ცდილობს, რუსეთს უარი ათქმევინოს ახალი გაზსადენის „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობაზე, რომელიც რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდებას თურქეთის გავლით ითვალისწინებს და თურქეთის რეგიონული როლის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ამასთან, იმ ფონზე, როცა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” თითქმის ნახევარი ახლო აღმოსავლეთი დაიპყრო, აშშ იძულებული გახდა, რეგიონში ახალი მოკავშირე ეძებნა და ის ირანი აღმოჩნდა. (…) სულ უფრო ახლოვდება ირანისთვის სანქციების მოხსნის დრო, ის ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე საინტერესო და მიმზიდველი ხდება, მათ შორის, საქართველოსთვისაც.
თურქეთსა და ირანში მიმდინარე პროცესებიდან საქართველომ რამდენიმე დასკვნა უნდა გამოიტანოს:
დასავლეთი, მიუხედავად რუსეთის მოძლიერებისა, კვლავ წამყვან როლს თამაშობს რეგიონში და მის წინ ხტომას კარგი არავისთვის მოაქვს;
აზია XXI საუკუნის მსოფლიოს ეკონომიკური ცენტრია და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინტერესები და აქტივობები სწორედ ამ რეგიონში იქნება მობილიზებული, ამიტომ საქართველომაც გეზი აზიურ გიგანტებთან თანამშრომლობაზე უნდა აიღოს;
ირანმა 10 მილიარდი გამოყო გაზსადენის ასაშენებლად: რატომ არ შეიძლება ამ გაზსადენმა სომხეთსა და საქართველოზე გაიაროს?! ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება იმაზე, როგორ მოიზიდოს უზარმაზარი ფინანსური ნაკადები, რომლებიც ირანიდან დაიძვრება სანქციების მოხსნისთანავე?!
პოლიტიკისა და პარტნიორების დივერსიფიცირება არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისგან – აშშ-ისგან უნდა ვისწავლოთ. საქართველო, რომელზეც აღმოსავლეთის დიდი ფინანსური და სატრანსპორტო ნაკადები გაივლის, კიდევ უფრო საინტერესო და უსაფრთხო იქნება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.