globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 15 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 15th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: კოალიციური მთავრობა – „ოცნება“, პირველ რიგში, “პატრიოტთა ალიანსთან” გაერთიანდება”

რეზონანსი“: ევროსასამართლო: „ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის ხერხად»

რეზონანსი: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: “ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლების შიგნით საბოტაჟს ნიშნავს” // „ვანო მერაბიშვილის თემაზე არშემჩნევის პოლიტიკა დაუშვებელია“

ალია”: თქვენი საქმე ისე მიდის, რომ დასაჭერები თავად გახდებით… // პროკურატურის გარდა კიდევ ვისი ბრალია სტრასბურგის დასკვნა?

ალია”: რატომ შეამცირა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში შესაყვან „მეოცნებეთა“ რაოდენობა 95-დან 80-მდე?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: „ვანო მერაბიშვილი მალე თავისუფალი იქნება“ // ევროპული სასამართლო ახალაიასა და უგულავასაც გაამართლებს?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „კარგია, ვიზალიბერალიზაცია არჩევნებამდე რომ არ მოგვცეს” // „როგორც კი ქვეყანა საგარეო კურსს შეიცვლის, ხელისუფლება შეიცვლება”

——————–

რეზონანსი“, 15 ივნისი, 2016 წელი

კოალიციური მთავრობა – “ოცნება“, პირველ რიგში, “პატრიოტთა ალიანსთანგაერთიანდება

თაკო მათეშვილი

“პატრიოტთა ალიანსი”, “გაერთიანებული დემოკრატები”, “თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკელები,” – ეს ის პარტიებია, რომელთან “ქართული ოცნების” გაერთიანებას პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ. ეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მათ საკმარისი რაოდენობის მანდატები ვერ მიიღეს და უმრავლესობა ვერ შექმნეს.

დადგება თუ არა დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი და ვინ შეიძლება ვიხილოთ ამ კოალიციაში – ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. პოლიტოლოგები ამას არ გამორიცხავენ და იმასაც დასძენენ, რომ ზემოთჩამოთვლილი პარტიებიდან “ქართულ ოცნებას” ყველაზე მეტი საერთო “პატრიოტთა ალიანსთან” აქვს. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად სწორედ მათ გაერთიანებას მიიჩნევენ.

ამ თემაზე განმარტება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმაც გაკეთა და დარწმუნებით განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება არ დასჭირდება. მისი აზრით, პარტია პარლამენტში 95 დეპუტატის შეყვანას მოახერხებს.

საკითხს იგი პრესასთან გუშინდელი შეხვედრის დროსაც შეეხო და დასძინა, რომ კოალიციური მთავრობა, ასეთი ეკონომიკის პირობებში, ქვეყნისთვის კიდევ ერთი პრობლემა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიუულობის თვალსაზრისით კოალიციურ მთავრობას ევროპელები და ამერიკელები მიესალმებიან.”ჩვენ გვქონდა კოალიცია პარლამენტში, მაგრამ მაშინ ჩემი პიროვნება აბალანსებდა სიტუაციას და მართვადი იყო. ახალ პირობებში, ახალ არჩევნებზე, თუ “ქართული ოცნება” 80 ხმაზე ნაკლებს მიიღებს, გარწმუნებთ, რომ სხვადასხვა რეფორმების გატარება ძალიან გაჭირდება.

“თუ შედგა სუფთა კოალიციური მთავრობა, რისი ალბათბაც ამ არჩევნებზე არის 1-2%, რაც ძალიან ცოტაა, ჩემი აზრით,ძალიან ბევრ ახალ პრობლემებს მივიღებთ. ეს შეიძლება ცუდი მაგალითი იყოს. ასეთი მთავრობები ძირითადად რესურების განაწილებაში არიან და სერიოზული რეფორმები უყურადღებოდ რჩება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობამ “ქართულ ოცნებას” მხარი უნდა დაუჭიროს, თუკი უნდათ, რომ “კარგი მთავრობა” ჰყავდეთ. ივანიშვილის ამ განცხადებებს გუშინვე გამოეხმაურა “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ტყელამაძე და განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა გარდაუვალია.

“კოალიციური მთავრობა ვინმესთვის შეიძლება მიზანშეწონილი არ იყო, მაგრამ მე იმაში დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციურ მთავრობას ვერ ავცდებით”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება იმას, თუ რა შემადგენლობით დაკომპლექტდება ახალი კოალიციური მთავრობა, ტყემალაძის თქმით, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შემადგენლობით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი ესა თუ ის პოლიტიკური ძალა.

კოალიციის შემადგენლობასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსიები აქვთ პოლიტოლოგებს. მათი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს ივანიშვილის ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში 95 დეპუტატის შეყვანას შეძლებენ.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან გამომდინარე შესაძლოა “ოცნებამ” 80 მანდატის მიღება მოახერხოს, მაგრამ რაც დრო გადის, მისი აზრით, მითუფრო მეტ შეცდომას უშვებენ და ეს შანსიც მითუფრო მცირდება.

“ნერვიულობენ და კრიზისების დროს ძალიან უჭირთ. ეს დიდი ხანია გამოჩნდა. კრიზისი შეიძლება იყოს პოლიტიკური, სტიქიური თუ ა.შ. რისკი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ, დიდია. ასე რომ, თუ რაღაც თვისობრივად არ შეცვალეს, არაა გამორიცხული კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწიოთ”, – აღნიშნავს შარაშენიძე.

რაც შეეხება ჩვენს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ამ კოალიციაში, იგი ამბობს, რომ პირველ რიგში “პატრიოტთა ალიანსი”. მისი აზრით, “ქართული ოცნება” მათი თანამოაზრე უფროა, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის”.

“გამორიცხული ჩემი აზრით არც “თავისუფალ დემოკრატებთან” მოლაპარაკებაა. “რესპუბლიკელების” ამბავი ჯერჯერობით გაურკვეველია. ბუნებრივია, თუკი ივანიშვილი მათ შანსს მისცემს, “რესპუბლიკელები” ამ კოალიციაში შევლენ, მიუხედავად იმისა, რომ ინაშვილსა და “რესპუბლიკელებს” ბევრი არაფერი აკავშირებთ”, – დასძენს იგი.

მისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად კოალიციაში შესვლას პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა კატეგორიულად გამორიცხავს. ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ალასანიას პარტია ბარიერს გადალახავს და პარლამენტში შესვლას მოახერხებს, “ოცნებას” მასთან არანაირი კავშირი არ ექნება.

ყველაზე მეტად ისიც “ოცნების” “პატრიოტთა ალიანსთან” საერთო ენის გამონახვას ვარაუდობს და ამბობს, რომ თუკი საჭიროება დადგა, სწორედ ამ სცენარს ვიხილავთ.

“ალიანსი” პარლამენტში აუცილებლად შევა, მით უმეტეს, თუკი მასში მეჭიაური, თოფაძე და სხვებიც გაერთიანდებიან, მეორე ადგილსაც დაიკავებენ. საზოგადოებაში მათ გარკვეული გავლენა და პატივისცემა ნამდვილად აქვთ და ძალიან აქტიურადაც მუშაობენ.

“იმასაც ვუშვებ, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიასთან უფრო ჰქონდეთ მოლაპარაკებები, ვიდრე ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებთან. “ნაციონალები” თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ, რომლებიც ბარიერის გადალახვას ალბათ შეძლებენ. ასევე გამოვრიცხავ ბურჭულაძის პარტიასაც. ვფიქრობ, რომ “ოცნებას” მასთან ურთიერთობაც გაუჭირდება. სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს, ვერ ვხედავ”, – აცხადებს კვესელავა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად რეალისტურია ივანიშვილის იმედი 95 მანდატის მოპოვებასთან დაკავშირებით, კვესელავა ამბობს, რომ შესაძლოა, ეს წარმოუდგენელი არც იყოს და “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი შეძლოს.

ვარაუდობს, რომ მაჟორიტარების ხარჯზე “ოცნებას” 75-ის ან მინიმუმ 65 მანდატის მოპოვება შეუძლია. იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი გაიმარჯვებს, კვესელავა დარწმუნებულია, რომ ისინი პარლამენტში მუშაობისას საკითხების განხილვის დროს მხარს “ოცნების” პოზიციას დაუჭერენ.

რეზონანსი“, 15 ივნისი, 2016 წელი

ევროსასამართლო: “ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის ხერხად

თიკო ოსმანოვა

საერთაშორისო არენაზე “ქართულმა ოცნებამ” მორიგი მარცხი განიცადა – “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს” დადგენილებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილის მიმართ, წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის ხერხად. ხელისუფლება საქმეს დიდ პალატაში გაასაჩივრებს, რასაც იურისტები სკეპტიკურად უყურებენ და “ოცნებას” აღსრულების პროცესის დაწყებას ურჩევენ.

ა/ო “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელის ლია მუხაშავრიას აზრით, უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება. იურისტ ლევან ალაფაშვილი კი ხელისუფლებას იმ თანხის გადახდას ურჩევს, რომელიც დარღვევისთვის სტრასბურგის სასამართლომ “ოცნებას” დააკისრა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემეირ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ: არ დარღვეულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პარაგრაფ 1 (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს; არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი (გონივრულ ვადებში სასამართლო გარჩევის ჩატარება ან სასამართლომდე გათავისუფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობას; დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ასევე იქნა გამოყენებული პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად”, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

საბოლოო ჯამში ამ დარღვევების გამო ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ დააკისრა 4 000 ევროს კომპენსაცია. ასევე ქართულ მხარეს მოუწევს მერაბიშვილის ორი ადვოკატისთვის ჰონორარის ანაზღაურებაც 4 000-4 000 ევროს ოდენობით. თავად მერაბიშვილი კომპენსაციის სახით 15 000 ევროს ითხოვდა, მისი ბრიტანელი ადვოკატი 5 600 ევროს, ქართველი ადვოკატი ოთო კახიძე კი 35 600 ევროს.

პარლამენტის პრესსპიკერის მანანა კობახიძის ინფორმაციით, ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ხარვეზებზე მიუთითებს, გაასაჩივრებს.

“ეს გადაწყვეტილება სამი თვის ვადაში ექვემდებარება გასაჩივრებას. ხელისუფლება გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას თუნდაც იმ დარღვევასთან დაკავშირებით, რაც არის მითითებული. ეს გარკვეულ წინააღმდეგობაშიც მოდის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც კანონიერად მიიჩნევს პატიმრობას.

“თუ პატიმრობა კანონიერია, აქ ცხადია სხვა არავითარ მიზნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი, რაც მე-18 მუხლიდან გამომდინარეა. ხელისუფლება მიმართავს სამი თვის ვადაში დიდ პალატას მე-18 მუხლთან დაკავშირებით. არსად წერია, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი, ან გათავისუფლება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან, რაზეც საუბრობს, “ნაციონალური მოძრაობა” და ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” კობახიძემ.

ა/ო “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელის ლია მუხაშავრიას აზრით, უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება, რაც პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც კარგი ჟესტი იქნება. თუმცა აქვე დასძენს, რომ ამ დადგენილებით ამის აუცილებლობა არ არის, რადგან პირდაპირ არ წერია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.

“გადაწყვეტილების წაკითხვა შეიძლება ორგვარად – ერთი, როგორც მთავრობა კითხულობს, მეორე, როგორც “ნაციონალური მოძრაობა”. სასამართლო გადაწყვეტილება არ არის ისეთი, როგორც ეს ასანიძის შემთხვევაში იყო, როდესაც სასამართლომ პირდაპირ ბრძანა, რომ გაეთავისუფლებინათ პირველივე შესაძლებლობებისთანავე. აქ მთავრობისთვის მეტი თავისუფლებაა – თუ უნდა გაათავისუფლებს, თუ უნდა დატოვებს პატიმრობაში, რადგან მის მიმართ ძალაშია გამატყუნებელი განაჩენი ქართული სასამართლოს მხრიდან.

ვფიქრობ, მთავრობის გაცხარება სრულად გაუმართლებულია, ზუსტად ასე იქცეოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა თავის დროზე, როცა პატიმარს მე-5 მუხლის დარღვევას დაუდგენდნენ, მაგრამ ისევ პატიმრობაში ტოვებდა. ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ეს სადაო არ უნდა იყოს – ეს ადამიანი დაპატიმრებულია იმ საქმეების გამო, რომელიც მისი მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს მოხდა და ის გარემოებები, რაც სასამართლომ მეხუთე მუხლის დარღვევად მიიჩნია, ანუ როდესაც მის მიმართ ხდებოდა საფეხურებრივად ბრალდებების წაყენება სხვადასხვა საქმეებზე”, – უთხრა “რეზონანსს” ლია მუხაშავრიამ. მისივე თქმით, დიდ პალატაში ამის გასაჩივრება შესაძლებელია, თუმცა განსხვავებული გადაწყვეტილება გამონაკლის შემთხვევებში გამოდის.

“ეს არის მცირე პალატის გადაწყვეტილება და შეიძლება ამის გასაჩივრება დიდ პალატაში, მაგრამ ეს არის უკიდურესი და გამონაკლისი შემთხვები, როდესაც დიდი პალატა ასეთ საჩივრებს იხილავს და გამოდის განსხავებული გადაწყვეტილება. ხელისუფლებისთვის ეს ძალიან სერიოზული მარცხია. ამიტომ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, თუ უნდა დაამტკიცოს, რომ ევროპული ღირსეული ოჯახის წევრია. კი არ უნდა უგულველყოს ეს გადაწყვეტილება არამედ უფრო წინ წავიდეს და გაათავისუფლოს ეს პატიმარი, თქვას, რომ აი, უფლებები რომ დავურღვიე, ვათავისუფლებებ ეს ძალიან კარგი ჟესტი იქნება სამართლებრივად, პოლიტიკურადაც და დიპლომატიურადაც”, – უთხრა “რეზონასს” ლია მუხაშავრიამ.

სტრასბურგის სასამართლოში ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების მორიგ მარცხად მიიჩნევს იურისტი ლევან ალაფიშვილი, ამიტომ ხელისუფლებას იმ თანხის გადაუხდეს ურჩევს, რომელიც სასამართლომ დააკისრა.

“მისი გათავისუფლება არ შეიძლება – სასამართლო ფულადი ჯარიმით შემოიფარგლა და რასაკვირველია უნდა მოხდეს ამ თანხის გადახდა. სხვა მითითება სასამართლოს მხრიდან არ ყოფილა. რაც შეეხება გასაჩივრებას, ეს მორიგი პოლიტიკური განცხადება მგონია. ყველას აქვს გასაჩივრების უფლება, მაგრამ არა მგონია პერსპექტიული იყოს.”, – განუცხადა “რეზონანსს” ლევან ალაფიშვილმა.

რეზონანსი“, 15 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: “ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლების შიგნით საბოტაჟს ნიშნავს” // „ვანო მერაბიშვილის თემაზე არშემჩნევის პოლიტიკა დაუშვებელია

ელზა პაპოშვილი

ანალიტიკოსი და ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სტარსბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშივილი ირიბად პოლიტპატიმრად გამოცხადდა, მინიმუმ, ხელისუფლების არაკომპეტენტურობასა და არასერიოზულობას, ხოლო მაქსიმუმ – მის შიგნით საბოტაჟს ნიშნავს. მისი თქმით, როდესაც ქვეყანას ევროპული ვექტორი აქვს არჩეული, მაშინ მათი თამაშის წესებით უნდა ვითამაშოთ. ხოლო თამაშის წესებზე უარის თქმა და მეორე ხელით ევროპაში ინტეგრაციის მოთხოვნა, სრული აბსურდი გამოდის. ამიტომაც, ხუხაშვილის აზრით, არშემჩნევის პოლიტიკა დაუშვებელია, მას ცუდი შედეგები მოჰყვება, რადგანაც თუ სტრასბურგის სასამართლოს არ ვენდობით, მაშინ ამ ხალხს თავი უნდა დავანებოთ.

გია ხუხაშვილი: ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მინიმუმ დღევანდელი ხელისუფლების არაკომპეტენტურობასა და არასერიოზულობას, ხოლო მაქსიმუმ – ხელისუფლების შიგნით საბოტაჟს ნიშნავს. ვანო მერაბიშვილს ევროპელები, თუნდაც ირიბადაც რომ პოლიტპატიმრად გამოგიცხადებენ, ამას მოხერხება უნდა. ხოლო ამის გაკეთება ან უკიდურესი სიბრიყვით, ან კიდევ უბრალო საბოტაჟით შეიძლება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რომ გამოდის და რას ლაპარაკობს, თავადაც არ იცის, ეს უბარლოდ, არაკომპეტენტურობისა და უტიფრობის ზეიმია. ვითომ არაფერი არ ხდება. ამ საკითხებზე პასუხისმგებელი ის არის. სიტყვების რახარუხის უკან ის უბედურება მაინც არ დაიმალება, რაც ამ შემთხვევაში მოხდა. ჩვენ ევროპული ვექტორი გვაქვს გამოცხადებული და მათ თავისი თამაშის წესები აქვთ. იმ თამაშის წესებზე უარის თქმა და მეორე ხელით ევროპაში ინტეგრაციის მოთხოვნა სრული აბსურდი გამოდის. ამიტომაც არშემჩნევის პოლიტიკას ვერ გავატარებთ, რადგანაც მას ცუდი შედეგები მოჰყვება. თუ სტრასბურგის სასამართლოს არ ვენდობით, მაშინ იმ ხალხს თავი დავანებოთ და ჩვენთვის ვიყოთ.

- რას იტყვით “რუსთავი 2″-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და ივანიშვილის განცახდებაზე, რომ, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებდა, მაშინ ის არსებული მენეჯმენტის შენარჩუნებას არჩევნებამდე საკუთარი ფინანსებით უზრუნველყოფდა.

- ივანიშილის ეს განცახდება საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით შეიძლება დადებითად მივიღოთ. თუმცა, პრობლემა ის გახლავთ, რომ ეს პოლიტიკური თემაა. ივანიშვილი ამას კეთილი სურვილითაც რომ ამბობდეს, მაინც ცუდად ჩანს, რადგანაც ამით აჩვენა, რომ დაინტერესებული პირია. ჩნდება კითხვები, ფულით რისი დაზღვევა უნდა? სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის? ჩემი აზრით, მისი ეს კეთილი სურვილი დასავლეთში ყველაზე რთულად იქნებოდა გაგებული. ამით ივანიშვილმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. მან თავისი უცნაური ფინანსური გარანტიებით უფრო ბევრი კითხვები გააჩინა. პოლიტიკაში ასეთი ტიპის გარანტიების მიცემა არ შეიძლება.

- ივანიშვილი ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა. როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ მისი გამოჩენა “ქართულ ოცნებას” რა შედეგს მოუტანს?

- მისი გააქტიურება გასაკვირი არ არის, რადგანაც, “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ პრობლემები აქვს. პრინციპში, ობიექტურად აფასებს იმას, რომ მის გარეშე “ოცნებას” სხვა მაკონსოლიდირებელი ძალა არ ჰყავს. ბუნებრივია, გიორგი კვირიკაშვილი ამისთვის ვერ გამოდგება და არასერიოზული ფიგურაა. შეიძლება ძალიანაც არ უნდა, მაგრამ იმისთვის, რომ ყველა შესაძლო ძალის მობილიზაცია მოახდინოს, ამ პრობლემების თავის თავზე აღება მოუწევს და ეს აქტიურობაც ამას უკავშირდება. ვფიქრობ, ის ჟურნალისტებთან ასე ინტენსიურად ურთიერთობას არ აპირებდა, მაგრამ “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემული ინტერვიუს შემდეგ, რომელიც საკმაოდ უხარისხო და წარუმატებელი გამოვიდა, მან უკვე მედიასთან სისტემატური შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო. პრინციპში, ამ ჰიპერაქტიურობის მიზეზი ასათიანთან წარუმატებელი ინტერვიუ გახდა.

- როგორც თავად ამბობს, ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ იღებს. მაშინ რატომ იღებს თავის თავზე ამხელა დარტყმას და პასუხისმგებლობას?

- უბარლოდ, მას სხვა არჩევანი არ რჩება. ის იქნება თუ არა ამ პროცესში ღიად ჩართული, პასუხისმგებლობას საზოგადოება და ოპოზიცია მხოლოდ მას აკისრებს. მაშინაც კი, როდესაც ძალიან საეჭვოა, რომ ის ამ საქმეში მონაწილეობდა.

ამიტომაც მის შენიღბვასა და დისტანცირებას აზრი ეკარგება. “ქართულ ოცნებას” შემოძახილი სჭირდება, რათა მათი სრული დემორალიზაცია არ დაიწყოს. პრინციპში, ის ცდილობს, რომ მათ შემოუძახოს და მობილიზაცია მოახდინოს. ივანიშვილს ამ ორი ტიპის ამოცანის შესრულება მოუწევს. არ მგონია, რომ მას ეს პროცესი დიდად სიამოვნებდეს, მაგრამ ის იქცევა ისე, როგორც მოვლენების ლოგიკა კარნახობს.

- ივანიშვილი თავის გამოსვლებში გიორგი კვირიკაშვილს იმ ადამიანად ასახელებს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს…

- ივანიშვილმა იცის, რომ კვირიკაშვილის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება არ არსებობს და ამით ცდილობს, რომ მისი სახელის ექსპულატირება მოახდინოს. თუმცა ეს ყველაფერი ფასადია, რადგანაც შინაარსობრივად კვირიკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ვფიქრობ, რომ კვირკაშვილის პოლიტიკური ფიგურა უფრო მოგონილი თემაა, ვიდრე რეალური. გამომდინარე იქიდან, რომ მისი იმიჯი “ქართულ ოცნებაში” ნაკლებად დაზიანებულია, ბუნებრივია, მასზე აქცენტები კეთდება. ივანიშვილი ცდილობს, რომ მისი სახელი, როგორც დროშა და ბრენდი, ისე გამოიყენოს, რადგანაც მისი პოპულარიზება პოლიტიკური პროცესებისთვის ამ ეტაპზე მომგებიანია.

- უკვე კეთდება განცხადებები, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული, ხოლო მთავრობა კოალიციური იქნება. თუმცა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა ქვეყანას პრობლემებს მოუტანს. როგორ ფიქრობთ, მაშინ, როდესაც თავად მან შექმნა მსგავსი ხელისუფლება, ახლა ასე რატომ ფიქრობს?

- თქვენ სწორად ახსენეთ, 4 წლის განმავლობაში მთავრობა კოალიციური არ იყო? ამ ხელისუფლების ერთ-ერთი პრობლემა სწორედაც რომ მისი კოალიციური მართვაა. მას თუ ესმოდა, რომ კოალიციური მართავის პროცესში რაღაც პრობლემები ექმნებოდა, ეს განაცხადი ახლა ფაქტობრივად აღიარებას ნიშნავს. გამოდის, რომ ისინი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას არაეფექტურად მართავდნენ.

ალია”, 15 ივნისი, 2016 წელი

თქვენი საქმე ისე მიდის, რომ დასაჭერები თავად გახდებით…

პროკურატურის გარდა კიდევ ვისი ბრალია სტრასბურგის დასკვნა?

ნინო სამხარაძე

სტრასბურგის სასამართლომ გვამების შემკვეთ ვანო მერაბიშვილზე დასკვნა გამოაქვეყნა. ფაქტია, სათანადოდ ვერ იმუშავა პროკურატურამ იმისთვის, რომ მყარი მტკიცებულებები დაედო და ვანო მერაბიშვილზე არ დადებულიყო მსგავსი ტიპის დოკუმენტი. ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, გარდა პროკურატურისა? რა თქმა უნდა, ელჩები, რომლებიც საკმაოდ სოლიდურ ხელფასს იღებენ იმისთვის, რომ ქვეყანას პოპულარიზაცია გაუწიონ, ემსახურონ სახელმწიფოს და მიაწოდონ შესაბამისი დოკუმენტაცია სტრასბურგის სასამართლოს თუ ევროსაბჭოს და არ დაუტოვონ იოტისოდენა ეჭვი, რომ დამნაშავე სისტემის არქიტექტორები პოლიტიკურად იდევნებიან. ამის ნაცვლად, ელჩები, გნებავთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თუ მინისტრები, ფუფუნებაში განცხრომით ცხოვრობენ და ხშირ შემთხვევაში გასტროლიორებს ემსგავსებიან, რომლებიც ტურისტებად ჩამოდიან საკუთარ ქვეყანაში, მაღაზიებიდან ვერ გამოდიან და უნახავმა რა ნახაო, აკლებული აქვთ ევროპის ძვირადღირებული ბუტიკები. ამის ნაცვლად, თქვე დალოცვილებო, კაბინეტ-კაბინეტ გერბინათ ევროპელ მოხელეებთან, მტკიცებულებების ნუსხები რომ წარგედგინათ იქ, სადაც საჭიროა, მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ, თავში აზრად არავის მოუვიდოდა.

თქვენი საქმე ისე მიდის, რომ დასაჭერები თავად გახდებით. გამოდის, ვანო მერაბიშვილს თეთრი ხელთათმანები ეკეთა. ევროპის რომელიმე თავმოყვარე ქვეყნის შს მინისტრის ცოლს ის რომ გაეკეთებინა, რაც მერაბიშვილის ცოლმა თაკო სალაყაიამ გააკეთა, რომლის ახირებასაც გირგვლიანის სიცოცხლე შეეწირა და როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, გირგვლიანის წამების გამგმირავ ხმებს მობილური ტელეფონით ასმენინებდნენ სალაყაიას და ამით უმტკიცებდნენ, რომ მსხვერპლი დასჯილია, მერწმუნეთ, რომ ასეთი უმსგავსო საქციელის გამო ის მინისტრები თანამდებობას მაშინვე დატოვებდნენ.

ვიდრე ამ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ვიდრე ენის მოჩლექით და „ნიჩურტებით“ დაელაპარაკებიან დამნაშავეებს „ქართული ოცნების“ წევრები, დღეს თუ აღიარებენ ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად, მათ რიგებში ხვალ აუცილებლად დადგებიან გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია. ცინიზმია, რომ ევროსასამართლოს აძლევ იმის საშუალებას, ირიბად მაინც დაიცვას და რაღაც ნაწილში მაინც გაამართლოს ადამიანი, რომელსაც ხელები სისხლში აქვს მოსვრილი. აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვის გამოც დადგა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ასეთი განაჩენი.

„ნაციონალური მოძრაობა» წინასაარჩევნოდ ამ საკითხით რომ ისპეკულირებს და ქვეყანას გააყრუებს, ეს უკვე ცალსახაა, ისინი ბუზისგან სპილოს გაკეთების ჩემპიონები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე, ადვოკატი ოთარ კახიძე მერაბიშვილის გულშემატკივრებს ულოცავს და ამას დიდ გამარჯვებად ასაღებს. მოითხოვს მერაბიშვილის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. მისი თქმით, თურმე ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში გატარებული ყოველი საათი დამაზიანებელია სახელმწიფოს იმიჯისთვის.

ძვირფასო მკითხველო, ამ კონტექსტში ხომ არ გეცნობათ „ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის გაკეთებული სკანდალური განცხადება, როცა მან, ფაქტობრივად, უგულავასა და მერაბიშვილის ციხიდან განთავისუფლება მოითხოვა და თქვა, რომ მათი ციხეში ყოფნა არაფრისმომცემია და ქვეყნისთვის გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ქართული მხარე გაასაჩივრებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მინისტრი ამბობს, რომ ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში იდავებს ფარცხალაძის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას ეხება. იგი თვლის, რომ სასამართლო მხოლოდ მერაბიშვილის მონათხრობს დაეყრდნო და რაც შეეხება მერაბიშვილის პატიმრობას, მისი პატიმრობა კანონიერად ცნო სტრასბურგის სასამართლომ.

რა წერია დეტალურად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მოსახლობას კი აინტერესებს, მაგრამ ისეთი ფონი შექმნა „ნაცმოძრაობამ», თითქოს, ვანო მერაბიშვილი მთლიანად გამართლდა და ის აღიარეს, როგორც პოლიტიკური პატიმარი და სტრასბურგი ითხოვს მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. რეალურად ეს ასე არაა. „ნაციონალების“ განცხადება სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე სიცრუეა, ამას აცხადებს „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე: „სტრასბურგის სასამართლომ გაავრცელა ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის სათაურში სიტყვასიტყვით არის აღნიშნული, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო როგორც კანონიერი, ისე დასაბუთებული… ევროპის სასამართლოს კითხვები არა აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას, სასამართლომ მისი სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ ორი ხარვეზი, რომელიც არ არის მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და მით უმეტეს, არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი, ხოლო „ნაცმოძრაობის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს აზრით თითქოს მერაბიშვილი მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მიზნით იქნა დაპატიმრებული, არის მტკნარი სიცრუე. გადაწყვეტილების არც ერთ ფრაზაში მინიშნებითაც კი არ არის საუბარი მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე“.

იურისტი ვალერი გელბახიანი „ალიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლო ვალდებულია, გააუქმოს განაჩენი, ახალი გარემოებების გამოვლენის გამო და საკითხი განიხილოს არსებითად ხელახლა. ამ გადაწყვეტილებით ვანო მერაბიშვილის განთავისუფლება არ მოხდება. ამასობაში აჟიოტაჟის გარეშე ჩაიარა ქუმსიშვილის პირველ ვიცეპრემიერად დანიშვნამ. იქმნება განწყობა, რომ ნელ-ნელა კახი კალაძეს ჩააჩოჩებენ. კვირიკაშვილი კი აცხადებს: «ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ მე და კახი კალაძე ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება კარგი კოორდინაცია. აქედან გამომდინარეა გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, არის უადგილო…»

ბევრი ასეთი განცხადება მოგვისმენია, მაგრამ სხვა შედეგითაც დასრულებულა. ასეთი იყო პრემიერის პოზიცია მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებდა არჩევნებამდე ვინმეს შეცვლას, მაგრამ მოუწია განათლების მინისტრის შეცვლა. ამაზე კი „ალია“ ცვლილებამდე რამდენიმე კვირით ადრე წერდა.

იურისტი ვალერი გელბახიანი კახა კალაძეს კარიერის დასრულებას უწინასწარმეტყველებს:

- ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ კახი კალაძე აღარ იქნება მინისტრთა კაბინეტში. მან ძალიან რთული პასუხისმგებლობა აიღო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა იოლი არ არის, კახი კალაძემ რა იცის, რა არის არჩევნები. დღეს ის უკვე კონკურენტუნარიან გარემოშია, არ მგონია, ამ რთულ ამოცანას თავი გაართვას, იქნება ძალიან ბევრი შეცდომა და არ დაიდება ის შედეგები, რასაც ესენი ვარაუდობენ. მერწმუნეთ, კალაძე, რომელსაც სათანადო ცოდნა არ გააჩნია, აუცილებლად დაუშვებს უხეშ და გამოუსწორებელ შეცდომებს.

- საარჩევნო მარათონი დაწყებულია და ქართული ოცნება არ ჩქარობს, გამოაქვეყნოს თუნდაც სიის ათეული. რატომ?

- მაჟორიტარების ეშინიათ და ამიტომ არ ჩქარობენ სიის გამოქვეყნებას. „ქართული ოცნების“ უმრავლესობასთან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თანამშრომლობს დეპუტატთა ის ჯგუფი, რომელიც «ნაციონალური მოძრაობის» მიერ იქნა გაყვანილი მაჟორიტარ დეპუტატებად. თითოეული მათგანი არის ბიზნესმენი და დღეს თანამშრომლობენ „ქართულ ოცნებასთან“. ისინი პარლამენტში თავიანთი ქონების დაცვის ფუნქციას ასრულებენ, მათ კვლავ აქვთ ამბიცია, დარჩნენ პოლიტიკაში და კენჭი იყარონ თავიანთ რაიონებში, მაგრამ პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“. თუ ამ ხალხს მათი სახელით წარადგენენ მაჟორიტარებად, მაშინ „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოიხსნის იმ იარლიყს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს და ეს თანამშრომლობა უკვე ღია გახდა. ანუ ყოფილ „ნაცებს“ ამ არჩევნებში თავიანთ მაჟორიტარებად ვეღარ გამოიყვანენ და თუ ამას გააკეთებს, აიკიდებს ძალიან დიდ პრობლემას, რითაც ოპოზიციას მისცემს თვითპიარის კეთების საშუალებას.

ფაქტია, ეს ხალხი პოლიტიკურად სჭირდებათ, მაგრამ პოლიტიკურად აგებენ, რადგან ყოფილ „ნაცებს“ „აქოცებენ“. მოკლედ, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი დილემისა და შიშის წინაშე დგას. არის რამდენიმე ყოფილი „ნაციონალი“ მაჟორიტარი, რომელიც თავის ოლქში არჩევნებს უპირობოდ მოიგებს. ფიქრის პროცესში არიან და ამიტომ წელავენ სიის გამოქვეყნებას. არადა, რომ იცოდეთ, ყველას ჰპირდებიან, ვინც „ნაცებიდან“, „ქოცებიდან“ აღმოჩნდა, რომ უალტერნატივო იქნებიან თავიანთ რეგიონებში და „ქართული ოცნების“ სახელით წარადგენენ. მაგრამ პარალელურად ხდება ახალი სახეების შერჩევა და მერწმუნეთ, არ იკიდებს „ოცნება“ ტვირთად ყოფილ „ნაციონალებს“. რა თქმა უნდა, პარალელურად აქვთ შიში, რომ უმრავლესობა არ დაეშალოთ პარლამენტში, ვიდრე არ დაიხურება პარლამენტი. წარმოიდგინეთ, „გაქოცებულ“ მაჟორიტარებს რომ უთხრან, რომ ისინი მათი სიით ვეღარ გავლენ, რა მოხდება? რეალურად, მათ ხარჯზეა უმრავლესობა შენარჩუნებული.

„ქართულმა ოცნებამ“ ეს ჩანაფიქრი რომ გაახმოვანოს, მერწმუნეთ, რომ აუცილებლად მოხდება გერმანული საარჩევნო მოდელის მიღება და ეს მაჟორიტარები აუცილებლად დაუჭერენ მხარს ამ მოდელს და ამ შემთხვევაში კი ხელისუფლება ყველა თეორიულ შანსს კარგავს, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. ამ მაჟორიტარებს ბიძინა ივანიშვილი ეუბნება ერთს, ხოლო უმრავლესობის ლიდერები კი – სხვას. მინდა გითხრათ, რომძალიან დიდი დაბნეულობაა. ნურავინ მოგატყუებთ, რომ არსებობს საარჩევნო სია. მონახაზიც კი არ არსებობს.

ალია”, 15 ივნისი, 2016 წელი

რატომ შეამცირა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში შესაყვანმეოცნებეთარაოდენობა 95-დან 80-მდე?

ლევან ჯავახიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პრესკონფერენცია ბეჭდური და ონლაინ მედიისთვის გამართა. ექსპრემიერისა და ჟურნალისტების ეს შეხვედრა, წინა ანალოგიური პრესკონფერენციისგან განსხვავებით, ამჯერად ტელევიზიებმა ვერ გააშუქეს. არ ვიცი, ვისი ინიციატივით, მაგრამ შეხვედრის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდის გადაღების ნება დართეს ტელეოპერატორებს. თუმცაღა, ივანიშვილმა რაც მნიშვნელოვანი და საინტერესო თქვა, ცხადია, ქართულმა მედიამ ყველაფერი გააშუქა. მოდით, ივანიშვილის ყველაზე საგულისხმო მესიჯებს განვიხილავ, ასე ვთქვათ, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი ყველაზე მაღალია. თუმცა, მანამდე მოგახსენებთ, რომ ბოლოს „ნაცმოძრაობის“ მანქურთები ხალხმა ივანიშვილთან ერთად გაისტუმრა და შედეგად რა მიიღო? მხოლოდ გიგი უგულავა, ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი ჩასვა ივანიშვილმა ციხეში, დანარჩენი პოლიტიკური ლიდერები და ყოფილი ჩინოსნები, გარეთ არიან, მათ უმეტესობაზე კი სისხლის სამართლის საქმეც არ არის აღძრული. მკვლელები, ხალხის გამაუპატიურებლები, მწამებლები და ამ დანაშაულების შემკვეთები, დღეს ისევ სახელმწიფო უწყებებში მუშაობენ და ეს არის სამართლიანობის აღდგენა? ათასობით ქონება რომ წაართვეს და მხოლოდ ერთეულებს დაუბრუნდათ, ეს არის პროკურატურის მუშაობა?

მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი დევნაში არიანო, იკვეხნის და დაგვცინის ივანიშვილი. ის დევნილი სააკაშვილი უკრაინაში ოდესის გუბერნატორი და პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა, დავით კეზერაშვილი კი ჯერ საფრანგეთის სასამართლომ არ გადმოგვცა მაგ თქვენი პროკურატურის უნიათობით, მერე ინტერპოლმა ამოიღო საერთაშორისო ძებნილთა სიიდან, ახლა კი საფრანგეთში უსაფრთხოდ ცხოვრობს, ოფშორებში რეგისტრირებული ბიზნესკომპანიებით ბლომად ფულს შოულობს და ამასთანავე, „ნაცმოძრაობის“ „ობშიაკსაც“ განკარგავს. აი, ჭეშმარიტი სასწაული ეს არის, ბატონო ბიძინა, სააკაშვილისა და კეზერაშვილის სამართლებრივი და სამართლიანი დევნა ამასთან რა მოსატანია? კი, ხალხს განცდა აქვს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღმდგარა და ამგვარი განცდა კიდეც უნდა ჰქონდეს, არაფერი ელანდება ხალხს, ეს არის რეალობა და ამაზე პასუხისმგებლები თქვენ და თქვენი პოლიტიკური გაუგებრობა – „ქართული ოცნება“ ხართ.

ქვეყნის დე ფაქტო მმართველი ოქტომბერში გასამართი არჩევნების შესაძლო შედეგებსაც შეეხო და განაცხადა, რომ, თუ არჩევნების შედეგად კოალიციურ მთავრობას მოვიღებთ, ქვეყანა ძალიან ბევრ პრობლემას მიიღებს. „კოალიციური მთავრობა პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დემოკრატიისთვის კარგია და ამას ევროპელები და ამერიკელები მიესალმებიან. ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობა და ჩემი პიროვნება აბალანსებდა სიტუაციას, მაგრამ ახალ პირობებში და ახალ არჩევნებზე, თუ 80 ხმაზე ნაკლებს მიიღებს „ქართული ოცნება“, ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება. თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ძალიან ბევრ ახალ პრობლემას მივიღებთ. ასეთი მთავრობები ძირითადად რესურსების განაწილებაში არიან სათავისოდ და სერიოზული რეფორმები რჩება უყურადღებოდ, თუმცა, მე კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ, ასეთი ეკონომიკის და მცირე დაფინანსების პირობებში როგორშიც ჩვენ ვართ, ძალიან რთული იქნება და ხელს შეუშლის საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას“, – ბრძანებს ბიძინა ივანიშვილი.

მოდით, მისი ეს ნათქვამი გავაანალიზოთ. დღეს ქვეყანას კოალიცია „ქართული ოცნება“ მართავს, რომელიც ივანიშვილის ნებას ემორჩილება. აი, ასეთი, ხელოვნური კოალიცია, მისი მონა-მორჩილი აწყობს ივანიშვილს, მაგრამ რეალური არ აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეს კოალიცია მისი ნების უსიტყვოდ აღმსრულებელი არ იქნება. რატომ უნდა შეუქმნას ქვეყანას პრობლემები კოალიციურმა მთავრობამ? კოალიციური მთავრობები მართავენ და მართავდნენ გერმანიას, საფრანგეთს, ჩეხეთს, ავსტრიას, ბელგიას, ჰოლანდიას და არაფერი ფარცაგი ამ ქვეყნებს არ დამართნიათ. თუ ბიძინა ივანიშვილი იმას გულისხმობს, რომ პარლამენტი მთავრობის ინიციატივებს დაბლოკავს, დაბლოკოს, რაც დასაბლოკია. თუ მთავრობა არ არის დასამტკიცებელი, ნუ დაამტკიცებს. პარლამენტის დათხოვნამდე მივა საქმე? დავითხოვოთ უუნარო პარლამენტი და ახალი არჩევნები ჩავატაროთ. ეს ყველაფერი დემოკრატიის ელემენტებია, ბატონო ბიძინა, და თუ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი გარდაუვალია. აბა, თქვენი ხელოვნურად შეკოწიწებული კოალიციაა დემოკრატია, არც ერთხელ თქვენს სიტყვას რომ არ გადასულა? ეგ ისეთივე ავტოკრატიული, ერთი კაცის მმართველობაა, როგორიც მიშა სააკაშვილის დროს იყო. კი, ბატონო, არაძალადობრივი, არაკრიმინალური, მაგრამ მაინც ავტოკრატიული. ყველამ კარგად იცის, რომ ხელისუფლების ყველა შტო თქვენ გემორჩილებათ და აკონტროლებთ. აი, ამიტომ არ აწყობს ივანიშვილს კოალიციური მთავრობა, „ქართულ ოცნებას“ 80 მანდატი უნდა, რომ ეს ქვეყანა ისევ ერთპიროვნულად მართოს, როგორც დღეს მართავს. თუმცა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ისეა დაცემული, კოალიციურ პარლამენტს ვერ წაუვა ივანიშვილი.

ამას, მგონი, თავადაც ხვდება. წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, 95 მანდატით შევა „ქართულმა ოცნება“ პარლამენტშიო, ახლა 80 მანდატს სჯერდება. 80 მანდატი რომ მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ“, წინასაარჩევნოდ, მინიმუმ, 60%-იანი რეიტინგი უნდა ჰქონდეს, ეს კი ზღაპარია. თუმცა, ექსპრემიერმა რომ „ლამპას დაუწია“ და 15 მანდატი დაუკლო, ეს კარგია, ეტყობა, ნელ-ნელა აპარებენ „ქართული ოცნების» რეალურ რეიტინგს და საოქტომბროდ, მგონი, 40 მანდატსაც დასჯერდება. თუმცა, ამით ივანიშვილმა კიდევ ეთხელ დაადასტურა, რომ შეცდომის აღიარება არ უყვარს და ამ პრესკონფერენციაზე ჩვენი, „ალიას“, წაუსვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. 1 კვირის წინ 95 მანდატს იჩემებდი და დღეს 80 მანდატამდე ჩამოხვედი. აღიარე, შე კაი კაცო, რომ შეცდი, ან შეცდომაში შეგიყვანეს.

ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის გაერთიანების პროცესსაც შეეხო. „მოლაპარაკების ალტერნატივა არ არსებობს. არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ, როგორც სააკაშვილი მოქმედებდა, ისე ვიმოქმედებთ. გაძლიერებულ ქვეყანაში ჩვენს ძმებსაც გაუჩნდებათ ჩვენთან დგომის სურვილი. მოლაპარაკებებით და სახელმწიფოს სწორი მიმართულებით განვითარებით, ოსებსა და აფხაზებს ჩვენთან დაბრუნების სურვილი უნდა გავუჩინოთ. ხალხი უნდა დავიბრუნოთ და არა ტერიტორიები. დღეს უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა და შედეგი აუცილებლად დადგება“, – განაცხადა მან.

რას ნიშნავს, ხალხი უნდა დავიბრუნოთ და არა ტერიტორიები?

ბოდიში მომითხოვია და ის ხალხი, აფხაზებიც და ოსებიც, რუსეთს ფეხებზე ჰკიდია, მას ტერიტორიები სჭირდება. ამ ხალხს კი შენელებულ გენოციდს უწყობს, ისე ააორთქლებს ორივეს, როგორც არაერთი ერი აუორთქლებია. არავინ აძალებს ივანიშვილს, რუსეთს ომი დაუწყე და სააკაშვილივით უტვინოდ იმოქმედეო, მაგრამ ტერიტორიების დაბრუნების გარეშე, აფხაზებსა და ოსებს ვერ დავიბრუნებთ. რაც დრო გადის, ჩვენი და მათი გაუცხოების პროცესი ღრმავდება და დრო რუსეთის და იმ ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც ზუსტად ეგ უნდა, რომ აფხაზეთი და ოსეთი ვერ დავიბრუნოთ.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკა ბიძინა ივანიშვილის საყვარელი თემაა და ვერც ამჯერად თქვა უარი ამ „ნუგბარზე“: მარგველაშვილმა ვერ გაუწია სამსახური და ვერ სცა პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ მარგველაშვილზე გაჩნდება პოზიცია ნებისმიერი სხვა ქმედების, სჯობს, მერე წამოვწიოთ. ეს კაცი გადაჭარბებით 10 მილიონს საზოგადოების ფულს ხარჯავს“, – გადასწვდა პრეზიდენტსაც. კაცო, ქვეყნის ბიუჯეტი გამოჭამეს ჩვენმა ჩინოვნიკებმა და დეპუტატებმა, ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში რომ არ დაესიზმრებათ, ისე ცხოვრობენ ხალხის ფულით, პრემიებსა და სახელფასო დანამატებს არ იკლებენ და სრული ფუფუნება და ნეტარება აქვთ, მაგრამ მათზე ძვირი არ დასცდება ივანიშვილს. რატომ? იმიტომ რომ ეს დეპუტატები და ჩინოვნიკები მისი მორჩილები არიან და მათ ყველაფრის უფლება აქვთ. აი, გიორგი მარგველაშვილი კი კრიჭაში უდგას ივანიშვილს, მის დაკრულზე არ ცეკვავს და და ამიტომაც შანსს არ უშვებს, რომ არ გააკრიტიკოს იმ ავლაბრის რეზიდენციის გამო, არც მე მომწონს, პრეზიდენტი იმ რეზიდენციაში რომ ცხოვრობს და ყოველწლიურად 10 მილიონი ლარი გვიჯდება მისი შენახვა, მაგრამ, სადაც მარგველაშვილის მფლანგველობაზე საუბრობ, იქ სხვისიც თქვი, შენიანებისაც, რა.

ახლა, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია ისე როგორ დასრულდებოდა, ერთი ჟურნალისტი მაინც არ გაელანძღა? „სიცრუის ეტალონი ხართ და სიცრუის გამავრცელებელი”, – „აჯახა“ „ტაბულას“ ჟურნალისტს. კაცო, გაიგე რა, პრესკონფერენციაზე აკრედიტებულ ჟურნალისტად გიგა ბოკერიაც რომ დაგიჯდეს და კითხვა დაგისვას, არ უნდა ლანძღო და საქმეები არ უნდა ურჩიო. უპასუხე მის მიერ დასმულ კითხვას და თუ მასთან პრეტენზია გაქვს, რომელიმე ტელევიზიით, მერე გაეცი პასუხი, უზარმაზარ მედიასივრცეს აკონტროლებ და ეს გაგიჭირდება?

არ დავუკარგავ ბიძინა ივანიშვილს და ძალიან მომეწონა, როცა განაცხადა, ერთსქესიანთა ქორწინებაზე რეფერენდუმის ჩატარებას მხარს ვუჭერო. სიმართლე გითხრათ, მისგან სხვაგვარ პასუხს არც ველოდი, თუმცა მაინც გამიხარდა, ეს რომ თქვა.

„ახალი თაობა“, 15 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: „ვანო მერაბიშვილი მალე თავისუფალი იქნება“ // ევროპული სასამართლო ახალაიასა და უგულავასაც გაამართლებს?

როდის გამოვა ციხიდან ვანო მერაბიშვილი, ჰყავდათ თუ არა ნაციონალებს პოლიტპატიმრები, აყალბებდნენ თუ არა არჩევნებს, რაზე გადააქვს ხელისუფლებას ყურადღება, ვინ დაუმალა ივანიშვილს სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრება.

„ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში ისეთი ხალხი მოიყვანა, რომელიც მას უსიტყვოდ ემორჩილება. იმდენად ღრმა მორჩილებაში არიან, რომ სიმართლის თქმასაც კი ვერ უბედავენ. მათ ივანიშვილს ისიც კი ვერ უთხრეს პრესკონფერენციის წინ, თუ რა განაჩენი დადგა ვანოსთან დაკავშირებით. მისი პასუხიდან გამოჩნდა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. გვინდა თუ არა, მერაბიშვილი მესამე პოლიტიკოსია, რომელიც ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოიხსენია და მე-18 მუხლი მიუყენა. ეს მუხლი იულია ტიმოშენკოსა და იური ლუცენკოს მიუყენეს. ის კიდევ რამდენიმე ადამიანს შეეხო. უკრაინის ექსპრეზიდენტი იანუკოვიჩი იძულებული გახდა, იური ლუცენკო გამოეშვა, ტიმოშენკო არ გამოუშვა და ყველამ ვნახეთ, როგორ დაამთავრა. მე-18 მუხლი შეეხო აზერბაიჯანელ ბლოგერსაც. ალიევიც კი პირდაპირ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და ბლოგერი გაათავისუფლა”, – ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.

- ილჰამ ალიევმაც კი გამოუშვაო და ამით რისი თქმა გინდათ, რომ ვანო მერაბიშვილის გამოშვებაც მოუწევთ?

- თუ ეს გადაწყვეტილება არ აღსრულდება, დასავლეთში საქართველოზე იტყვიან, რომ ის არის ქოცური ქვეყანა  ივანიშვილს არ უნდა და არ უშვებენ. ის ამით თავს იწონებს, ხალხს ეუბნება, სამართლიანობა როგორ არ აღვადგინე, მერაბიშვილი, უგულავა და ახალაია დავიჭირე, სააკაშვილი და სხვა ლიდერები გავაქციეო. უგულავა და ახალაია ვახსენე და მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ მათზეც ზუსტად ანალოგიურ გადაწყვეტილებას ველოდებით, ოღონდ ეს ოდნავ მოგვიანებით მოხდება. აქამდე თუ მარტო პედრო აგრამუნტი ამბობდა, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ახლა ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დაასკვნა, რომ პოლიტიკური ნიშნით არის წინასწარი პატიმარი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საბოლოო განაჩენი არ გასაჩივრებულა და მხოლოდ დაპატიმრებაზე იყო სარჩელი შეტანილი. მაგას გავასაჩივრებთ მაშინ, როცა მესამე – საბოლოო ინსტანცია მიიღებს გადაწყვეტილებას. სტრასბურის წესებით, მხოლოდ მაშინ შეიძლება წახვიდე მანდ, თუ ყველა ინსტანცია მოიარე.

- ირაკლი კობახიძემ გააკეთა განმარტებები, რომ ნაციონალები იტყუებით და სტრასბურის სასამართლოს არ უთქვამს, მერაბიშვილი უკანონო პატიმრობაშიაო...

- ეს ირაკლი კობახიძე ვინ არის? წარმოდგენა არ მაქვს.

- ვინ არის და პარტია ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანია...

- თუ აღმასრულებელი მდივანია, მიხედოს საკუთარ თავს, პარტიას და ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებოს. გადაწყვეტილებაში წერია, რომ ვანო პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება. ლენინს რომ ცალკე უბეჭდავდნენ „პრავდას“, ასე უბეჭდავენ ივანიშვილს ცალკე განაჩენს თუ რა ხდება? ირაკლი კობახიძესთან ერთი მარტივი კითხვა მაქვს: რომელი პატიმრის მიმართ იქნა საქართველოში აქამდე მე-18 მუხლი გამოყენებული? ასეთი რამე პირველად მოხდა.

- არც თენგიზ ასანიძის მიმართ იყო ეს მუხლი გამოყენებული?

- არც მის მიმართ ყოფილა ეს მუხლი გამოყენებული. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ეს მუხლი იქნა გამოყენებული. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ვანო პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული და, უნდათ თუ არა, მისი გამოშვება მოუწევთ.

- რომ არ გამოუშვან?

- იანუკოვიჩმაც არ გამოუშვა ტიმოშენკო და ყველამ ვნახეთ, როგორც დაამთავრა.

- ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ასე ამბობს...

- აზრი არა აქვს. გასაჩივრება შედეგს არ მოიტანს.

- ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?

- იმიტომ, რომ საქმეს 7 მოსამართლე განიხილავდა და ყველამ დაუჭირა გადაწყვეტილებას მხარი. იმედია, საქართველოს ხელისუფლება კარგად აცნობიერებს, რასთან გვაქვს საქმე. არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადასაწყვეტია. ამ ხელისუფლების უნიათობის წყალობით ისედაც გაჭიანურდა ამ საკითხის გადაწყვეტა.

- თქვენ ფიქრობთ, რომ თუ მერაბიშვილი არ გამოუშვეს, ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ?

- ქვეყანას, რომელსაც პოლიტპატიმარი ჰყავს, ვიზალიბერალიზაციის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ევროპულმა სასამართლომ შავით თეთრზე დაწერა, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ითქვა, რომ საქართველოში პოლიტპატიმარი არსებობს.

- პირველი შემთხვევა როგორ არის? თქვენ დროს არ იყვნენ პოლიტპატიმრები?

- ჩვენ დროს პოლიტპატიმრები არ ყოფილან. ეს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უღიარებია.

- საქართველოს პარლამენტმა 200-მდე ადამიანი აღიარა პოლიტპატიმრად. ამაზე რას იტყვით?

- ეკა ბესელიას მიერ აღიარებულ პოლიტპატიმრებს პოლიტპატიმრებად ვერ ჩავთვლი. პოლიტიკური ნიშნით ვანო მერაბიშვილია დაკავებული და ეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომაც დაამტკიცა.

- სავარაუდოდ, როდისთვის ელოდებით მის გათავისუფლებას?

- რაც მალე მოხდება, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.

- ვანო მერაბიშვილის ამბავში თქვენ და ქართული ოცნება გარიგებული ხომ არ ხართ? სულ ახლახან დავით კოღუაშვილმა განაცხადა, ვანო გარემოების მსხვერპლიაო. მაშინვე ითქვა, ისინი ხალხს აგუებენ, რომ მერაბიშვილს მალე გაათავისუფლებენო...

- მერაბიშვილს რომ მალე გაათავისუფლებენ, ეს ფაქტია. ეს გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ მიიღო და „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება ვის რაში სჭირდება. ძალიან მალე უგულავა და ახალაიაც გამართლდებიან.

- იგეგმება თუ არა ვანო მერაბიშვილის ნაციონალების საარჩევნო სიაში ჩასმა?

- სანამ არ გაათავისუფლებენ, ამაზე ვერ ვისაუბრებთ. კანონით, მსჯავრდებულის სიაში ჩასმა არ შეიძლება. დაველოდებით მის გათავისუფლებას, მაგრამ აქაც მოგვიწევს ლოდინი – ვანოც თანახმა უნდა იყოს სიაში ჩასმაზე.

- თავში ივანიშვილის პრესკონფერენცია ვახსენეთ და ამ ღონისძიებაზე მან განაცხადა, რომ თქვენ არჩევნებს აყალბებდით. ეს ბრალდებები სხვებისგანაც ისმის. თავად რას იტყვით ამის შესახებ?

- ჭორიკანა კაცს ჭორაობაში არასოდეს ავყვები. ზნეობაზე, როგორც ჩანს, ჩვენ სხვადასხვანაირი წარმოდგენა გვაქვს. იმის მაგივრად, რომ ივანიშვილი ხალხის პრობლემებზე საუბრობდეს, არ აპირისპირებდეს საზოგადოებას, ფიქრობდეს, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა იმ სიტუაციიდან, რომელშიც მისი მმართველობის დროს შევიდა, ისევ ჭორაობს და რაღაცებს იგონებს. რა არჩევნების გაყალბება, ვინ დაადასტურა ეს ინფორმაცია. ამ ადამიანს უნდა, ამ თემებზე ვუპასუხო, მაგრამ არ ვაპირებ. მე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს – მან და მისმა მთავრობამ ქვეყანა შეიყვანეს ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. ხალხი გაღარიბდა, საქართველო აღარ არის საინტერესო. ყველა შეცდომა, რისი დაშვებაც შეიძლებოდა, დაუშვა ივანიშვილმა. ამიტომაც ეშინია მას პროპორციული არჩევნების და იმედს მაჟორიტარებზე ამყარებს, რომ ვიღაცებს გააძვრენს. ვერავისაც ვერ გააძვრენს. არჩევნები ვერ გაყალბდება, ამის იმედი ტყუილად აქვთ. საქართველოში არჩევნები არც არასდროს გაყალბებულა.

- არც თქვენ დროს?

- უბრალოდ, ვერ გაყალბდებოდა. ალბათ, გახსოვთ, რა ამბები იყო ატეხილი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, არჩევნებს იმ სიებით ატარებენ, რომლებიც 2012 წელს დავდეთ და რომლებიც ასე დაგმეს. ამ პერიოდში ბიომეტრიული სიაც კი ვერ გააკეთეს. ჩემ მიერ არჩევნების გაყალბება ისეთივე მართალია, როგორც ტარიფების გამესამედება და 700 ქარხნის აგუგუნება. არჩევნების გაყალბების დაბრალება რატომ მიკვირს, ეს ადამიანი ჭორვილის დონეზეც კი დავიდა და სოფლის ორღობეში დააპირა საქმის გარჩევა.

- რა საქმეს არჩევდა ჭორვილის ორღობეში?

- განაცხადა, თითქოს სტადიონი მივიტაცე. მთელმა სოფელმა კარგად იცის, რომ მამაპაპეული ადგილი ერთი სანტიმეტრით არ გადმოგვიწევია. დამაბრალოს, რამდენიც უნდა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ გამუდმებით წარსულზე საუბრობს და ხალხს ერთმანეთთან აპირისპირებს. მე რომ არჩევნების გაყალბებას მაბრალებს, ეს არაფერია იმ ბრალდებასთან შედარებით, რომელიც მან საქართველოს დააბრალა, განაცხადა, ნაციონალებმა ისე წარმოაჩინეს, თითქოს 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყოო. ამის თქმა არის უნამუსობა. ყველა საერთაშორისო დასკვნაში წერია, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. ივანიშვილმა იქნებ ისტორიაც შეცვალოს და თქვას, რომ რუსეთმა საქართველოს სამეფო არ გააუქმა, ან იქნებ არც 1921 წელს დაუპყრიათ ჩვენი ქვეყანა. აფხაზეთის ომშიც არაფერ შუაში ყოფილან რუსები. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, გამუდმებით ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ათას ტყუილს იგონებენ.

- ამ ომზე ნაციონალებსაც გაბრალებენ ტყუილების მოგონებას, ხშირად ამბობენ, რომ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეთ...

- იმ ომში ჩვენ მართლა გავიმარჯვეთ, რადგანაც პირველად მოხდა, როცა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ რუსული ტანკები და იქ ხელისუფლება არ შეცვალეს.

„ახალი თაობა“, 15 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „კარგია, ვიზალიბერალიზაცია არჩევნებამდე რომ არ მოგვცეს” // „როგორც კი ქვეყანა საგარეო კურსს შეიცვლის, ხელისუფლება შეიცვლება”

შეიცვალა თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი, რაში შეუწყო დასავლეთმა ხელი რუსეთს, რატომ არ წავიდნენ ქართველი სამხედროები პოლონეთში გამართულ სწავლებაზე. რა გველოდება შემოდგომაზე? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

- რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა ქარელის რაიონის სოფელ ავლევში გადმოწიეს საზღვარი. სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს არ არის საზღვრის გადმოწევა, ეს ხაზის გავლებააო. თქვენ რას იტყვით ამ განცხადებაზე?

- უკვე დიდი ხანია, რაც პაატა ზაქარეიშვილს აღარ ვუსმენთ და გვგონია, რომ ხელისუფლებაში ძალიან ბევრი შემთხვევითი ადამიანია.

- საზღვრის გადმოწევაზე რას იტყვით, ხელისუფლებას დიდი რეაქცია არ ჰქონია და ასეთი უბრალო რამეა ეს ამბავი?

- უბრალო როგორ არის? ეს გახლავთ ქართველების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია. ჩვენ იმიტომ გვსჯიან, რომ ვიზალიბერალიზაციის და ნატოში გაწევრიანების კუთხით ძალიან გავაქტიურდით.

- ვიზალიბერალიზაციის კუთხით გააქტიურების გამო ვისჯებითო და უვიზო მომოსვლას არ გვაძლევენ. არც ნატოს სწავლებაზე წავიდა ქართული ასეული. ამაზე რას იტყვით?

- ქართული ასეული მართალია პოლონეთში არ გაემგზავრა, მაგრამ მანამდე მაისში საქართველოში ჩატარდა სამხედრო წვრთნები. ქართული სამხედრო ტექნიკის პარკი განახლდა უცხოური ტანკებით, რამაც ძალიან გაამწარა რუსეთი. რუსეთს ასევე აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სამხედროები აისაფის მისიაში მონაწილეობენ. არც ის მოსწონთ, საქართველო ნატოს მინისტერიალებში რომ მონაწილეობს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მისი მოცემა მხოლოდ დროებით გადაიდო და შეიძლება ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგიც არის. ადრე თუ გვიან, ამას მივიღებთ, ეს რუსეთმაც იცის და ამიტომაც იყენებს ჩვენ წინააღმდეგ ძალით დაყოლიების მეთოდს. საზღვრების გადმოწევა კიდევ გაგრძელდება.

- თქვით, ვიზალიბერალიზაცია ახლა რომ არ მოგვცეს, შეიძლება კარგიც კი არისო და რა სიკეთეს ხედავთ ამაში?

- კარგი იმიტომ არის, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას გაყალბების და ძალადობის ხარჯზე არ მოუნდეს არჩევნების შედეგების შეცვლა სათავისოდ.

- თქვენ ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, თუ ვიზალიბერალიზაციას არჩევნებამდე არ მივიღებთ?

- რა თქმა უნდა, ასე ჯობია. სხვა თუ არაფერი, ყველა პოლიტიკური ძალა გამოაჩენს თავის სახეს. ეს კი გასცემს პასუხს კითხვაზე – ვართ თუ არა მზად დასავლური ტიპის თავისუფლებისთვის. ეს პოზიციასაც ეხება და ოპოზიციასაც. საქართველოში დღეს ოპოზიცია მტირალა ბავშვის პოზაშია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ან ხმებს აიღებს, ან ბოლომდე მართალია. ასე რომ, ეს არჩევნები პარტიებისთვის და ამომრჩევლებისთვისაც სერიოზული ტესტი იქნება.

- ვიზალიბერალიზაციის შეფერხება პრორუსული ძალების გაძლიერებას ხომ არ გამოიწვევს? იმ ფონზე, როცა ევროპა კარს ჯერ არ გვიღებს, რუსეთის დუმაში ითხოვენ, საქართველოსთან სავიზო მიმოსვლა გავაუქმოთო...

- რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში საღად რომ აზროვნებდნენ, კრემლს რომ ჩამოყალიბებული გრძელვადიანი პოლიტიკა ჰქონდეს კავკასიაში, მათ აქამდეც უნდა გაეუქმებინათ ჩვენთან სავიზო რეჟიმი. მათ აქამდე უნდა გაეაქტიურებინათ თავისი აგენტურა ცხინვალსა და აფხაზეთში. და როგორც აქამდე ისინი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა, ახლა უნდა აძახებინოს, რომ საქართველოსთან ერთად უნდათ.

რუსეთი წინ არ იყურება, არც ამ ნაბიჯებს დგამს და ამიტომ მიდის მისი საქმე უკან-უკან. არა მარტო დასავლეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც. თუ კრემლში ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს და კავკასიის გარეშე თურქეთთან დაპირისპირებაში პოზიციურ უპირატესობას მიაღწევს, ძალიან შემცდარა. კრემლში თუ თავში ჭკუა აქვთ და რუსეთის მომავალზე ფიქრობენ, მათ ქართველებთან ურთიერთობა უნდა დაალაგონ. ამის შემდეგ ურთიერთობა ავტომატურად დაულაგდება კავკასიასთან. დღემდე ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიომ, კრემლის კავკასიური პოლიტიკის კონცეფცია ვერ დავინახეთ. იქ ჰყავთ რამდენიმე ფსევდო-ანალიტიკოსი და ექსპერტი, ძირითადად ეთნიკური სომხები, რომლებიც კავკასიელების ისტორიის თავისებურ ინტერპრეტაციას ახდენენ.

რაც შეეხება პრორუსული ძალების გაძლიერებას საქართველოში, რაღაცა დოზით მოიმატებს პრორუსული ამომრჩეველი. ისინი წითელი დროშის ქვეშ არავითარ შემთხვევაში არ გამოვლენ. ისინი შენიღბულ პრორუსულ პარტიებზე გადანაწილდებიან. პრორუსულ ძალებს საქართველოში გამოკვეთილი ავტორიტეტები არ ჰყავთ.

- გამოკვეთილი ავტორიტეტები საქართველოში არც პროდასავლურ ძალებს ჰყავთ...

- გეთანხმებით, რომ მორალური ავტორიტეტები არც მათ ჰყავთ. ამის მიუხედავად, მორალური თვალსაზრისით, პროდასავლური პოლიტიკა საქართველოში ყოველთვის უპირატესობაში იქნება. ამის არგუმენტი გახლავთ ის, რომ არც ამერიკას და არც ევროპას ჩვენთვის ტერიტორიები არ წაურთმევიათ.

- ამაზე ვიღაცამ შეიძლება გიპასუხოთ, რომ დასავლეთი ქართველობას გვართმევს და გვრყვნის

- ეს კრემლის იდეოლოგიური მანქანის პროპაგანდაა. გვეუბნებიან, მართალია ჩვენ ტერიტორიები წაგართვით, მაგრამ მომავალში დასავლეთი ქართველობას წაგართმევთო. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისაც ამ პროპაგანდის სჯერა, ხალხო, ქართველობა ვერ წაგვართვა აღა მაჰმად ხანმა, ქართველობა ვერ წაგვართვა მურვან ყრუმ, ქართველობა ვერ წაგვართვა შაჰ აბასმა, ქართველობა ვერ წაგვართვეს მონღოლებმა და სხვა მამაძაღლებმა, თავად რუსებმაც ვერ წაგვართვეს ქართველობა და რაღა დასავლეთი წაგვართმევს?! საქართველოში ყველამ იცის, რომ 1921 წელს დასავლეთს არ დავუპყრივართ და არც 1989 წლის 9 აპრილი მოუწყვიათ. არც აფხაზეთი და სამაჩაბლო წაურთმევიათ ჩვენთვის. 90-იან წლებში შიმშილით რომ არ დავიხოცეთ, მაგას დასავლეთს უნდა ვუმადლოდეთ.

- თქვენ ორჯერ გაუსვით ხაზი, დასავლეთს აფხაზეთი და სამაჩაბლო არ წაურთმევიაო. თუმცა მათ არც ხელი შეუშლიათ რუსეთისთვის. 90-იან წლებში არავის ამოუღია ხმა რუსეთის აგრესიაზე...

- რუსეთს იმიტომ არ შეუშალეს ხელი, რომ მაშინ შევარდნაძის პოლიტიკა არც მწვადს წვავდა და არც შამფურს. ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ ამ კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია არ მოახდინა. მას სჯეროდა, რომ ამ პრობლემას თავად მოაგვარებდა და მეორე, მაშინ დასავლეთის პოლიტიკის სიმძიმის ცენტრი ელცინის მოთვინიერებაზე იყო მიმართული.

- მათ მიერ მოთვინიერებულმა ელცინმა ჩეჩნებს რომ გენოციდი მოუწყო 1995-96 წლებში, ამაზე რატომ არ ამოიღო ხმა. არადა იმ პერიოდში 100.000-მდე მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის 10.000-მდე ბავშვი დაიღუპა. დღეს რუსეთი ასე რომ თავხედობს, ეს 90-იანებში დასავლეთის დუმილის შედეგი ხომ არ არის?

- დღეს დასავლეთში ღიად ნანობენ, რომ 90-იან წლებში უმოქმედოდ ისხდნენ და განგაში არ ატეხეს საქართველოს და ჩეჩნეთის გამო. მაშინ ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთს მოათვინიერებდნენ. ამის გამო მათ კრემლს დიდი დახმარება გაუწიეს. მეტსაც გეტყვით, დასავლეთი რომ არ ყოფილიყო, 90-იან წლებში რუსეთი დაშლილი იყო.

- გამოდის, რომ დასავლეთმა დაგვღუპა...

- დაღუპვით არ დავღუპულვართ, ამაზე უარესი წლები გამოგვივლია, მაგრამ რუსეთი დაშლისგან ნამდვილად დასავლეთმა იხსნეს, მათი დაშლა ანგლო-ამერიკელებმა არ გააფორმეს. რუსული უმადურობა საქვეყნოდ არის ცნობილი და მათ დასავლური ფული ბომბების და ტანკების გასაკეთებლად გამოიყენეს და ახლა კუნთებს ათამაშებენ. თუმცა, დიდხანს ვერ გაძლებენ. ცივ ომს შეეწირა საბჭოთა კავშირი. ამათაც ეს ელოდებათ.

- მოდით, ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ, ზემოთ პოლონეთში ქართული ასეულის წაუსვლელობაზე ვსაუბრობდით. რუსული მედიის მტკიცებით, მოსკოვის თხოვნით, ერთ-ერთმა დასავლურმა ქვეყანამ სთხოვა თბილისს, ასეული არ გაეგზავნა ნატოს წვრთნებზე. ამაზე რას იტყვით?

- დასავლეთი ამ თხოვნას რუსეთს არ შეუსრულებდა. ეს ინფორმაციები რუსეთის შიდა მოხმარებისთვის არის გავრცელებული. მოსახლეობას არწმუნებენ, მართალია სანქციებს გვიწესებენ, მაგრამ ჩვენს მოთხოვნებს მაინც ითვალისწინებენო. დასავლეთმა საქართველოს მართლა ურჩია, რომ ამ წვრთნებში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან ამის გამო შესაძლოა რუსეთის მხრიდან დამატებითი პრობლემები შექმნილიყო.

- თქვენ ჩვენი წაუსვლელობა გამართლებულად მიგაჩნიათ...

- რა თქმა უნდა. საქართველომ ეს გადაწყვეტილება დასავლეთელ პარტნიორებთან შეთანხმებით მიიღო.

- ასეთ დათმობებზე წასვლა მომავალში საგარეო კურსთან დაკავშირებითაც ხომ არ მოგვიწევს? ოპოზიციის ნაწილი უკვე ჩივის, ხელისუფლება პრორუსულ კურსს დაადგაო...

- ეს ისეთი ამბავია, რომელიც არ დაიმალება. 2017-2020 წლებში საქართველოზე უნდა გაიაროს ყველა ენერგომატარებელმა. ასე რომ, როგორც კი ქვეყანა საგარეო კურსს შეიცვლის, ეგრევე შეიცვლება ხელისუფლება. საქართველოს წინ ძალიან რთული პერიოდი ელოდება. არჩევნების შედეგებზე პირდაპირ არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი. ამომრჩევლის 60% არჩევნებზე წასვლას არ აპირებს. 40%-ის მიერ არჩეული პარლამენტი, არა მგონია, ლეგიტიმური იყოს.

ჩვენი აზრით, ყველა პოლიტიკური ძალა შეეცდება არჩევნების შედეგების გაპროტესტებას. პარლამენტს მიღმა ძალიან ბევრი დარჩება და ისინი შეეცდებიან, საპროტესტო აქციები მოაწყონ. დღევანდელი გადმოსახედიდან პარლამენტში შესვლის რეალური შანსები მხოლოდ ნაციონალებს და „ოცნებას“ აქვთ. ასე რომ, წინ ძალიან სერიოზული ამბები გველოდება. პოლიტიკური თვალსაზრისით, შემოდგომაზე სიცხე კი არა, პაპანაქება იქნება საქართველოში.

Comments are closed