globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 15 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 15th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: თუ დასავლეთი საქართველოს იგნორირებას გააგრძელებს, ნატოში გაწევრიანება შესაძლოა ჩაიშალოს?

ახალი თაობა: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ამერიკასთან თუ ვიქნებით, საქართველოს ვერავინ დააშანტაჟებს“

ახალი თაობა: ინტერვიუ კორეაში საქართველოს ელჩთან ნიკოლოზ აფხაზავასთან: საქართველო-კორეის ეკონომიკური ურთიერთობის წარმატებები

———————-

„რეზონანსი“, 15 სექტემბერი, 2015 წელი

თუ დასავლეთი საქართველოს იგნორირებას გააგრძელებს, ნატოში გაწევრიანება შესაძლოა ჩაიშალოს?

ლიკა ამირაშვილი

თუ დასავლეთის ქვეყნები საქართველოს იგნორირებას გააგრძელებენ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროექტი შესაძლოა, ჩაიშალოს, – ამ მოსაზრებას პოლონურ მედიასთან საუბრისას პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელი, კონრად ზაშოვტი გამოთქვამს. “პროდასავლურად განწყობილი ქართული ელიტა ქვეყნის რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევას არ დაუშვებს, თუმცა თუ დასავლეთის სახელმწიფოები საქართველოს იგნორირებას გააგრძელებენ, ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი შესაძლოა, ჩაიშალოს. საქართველო ევროკავშირის, ნატო-სა და რუსეთს შორის სტრატეგიულ ვაკუუმში აღმოჩნდება და 90-იანი წლების შიდაპოლიტიკურ დესტაბილიზაციას დაუბრუნდება”, – აცხადებს ზაშოვტი. ექსპერტის მოსაზრებით, უახლოეს მომავალში ნატო საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას არ გაზრდის, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ალიანსის საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. როგორც ზაშოვტი განმარტავს, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ბევრი მეგობარი არ ჰყავს, თუმცა, მისი ერთ-ერთი მოკავშირე პოლონეთია.

რეალურად მიგაჩნიათ თუ არა პოლონელი ექსპერტის მიერ გამოთქმული საფრთხე? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): რა თქმა უნდა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროექტი ჩაიშლება. იმისათვის, რომ ნატოს წევრი ქვეყანა გავხდეთ, ხმას წევრი ქვეყნები გვაძლევენ. უარის თქმის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს პროექტი შეჩერდება. მაგრამ ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ევროკავშირსა და ნატოში გავწევრიანდებით. მწამს, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანება ისედაც ძალიან შორეული პერსპექტივაა. გამომდინარე იქიდან, როგორ შეიძლება ნატოში შევიდეს ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიები დაკარგული აქვს. ხელისუფლების მხრიდან ნატოში შესვლა ისედაც ძალიან ბუნდოვანი სურვილია. პოლიტიკა, რომელიც 25 წელია ტარდებოდა და დღესაც ტარდება, ფაქტია, არანაირი შედეგის მომტანი არ არის. ხელისუფლებაში რისი იმედი აქვთ, რას ფიქრობენ, ნატოში რომ შედიან, ვინ იღებს? საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობია ტერიტორიებთან დაკავშირებით ნატოს რა პოზიცია აქვს. მგონია, რომ სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, მანამდე ძალიან ძნელია ნატოს შესვლის პერსპექტივაზე საუბარი.

ვასილ მაღლაფერიძე (ისტორიკოსი): მთელი ამ ორი საუკუნის მანძილზე პოლონელმა ხალხმაც ჩვენი გზა გაიარა და ყველაზე კარგად იციან, იმპერია, რომლის ქვეშევრდომებიც იყვნენ, რას წარმოადგენს. ამიტომაც პოლონელები მგრძნობიარე და ჩვენი მეგობრები არიან. ამიტომაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, განგაშის ზარს შემოკრეს. მიმაჩნია, რომ დასავლეთმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ამას. საქართველოს არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა ან დეკლარაციით უნდა დაადასტურონ ან არადა, სხვა გზა უნდა მოვნახოთ. ასე მუდამ იმის ფიქრში, რომ ხვალ, ზეგ ან მაზეგ შევალთ და ბოლოს რეალურად არაფერი იყოს… ამ შემთხვევაში პოლონელ ექსპერტს ვეთანხმები.

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ეს მოსაზრება ერთი ჩვეულებრივი ექსპერტის კერძო მოსაზრებაა, რომელიც ამბობს, რომ თუ საქართველოს იგნორირებას გაუწევენ, მაშინ შეიძლება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ჩაიშალოს. ეს ბუნებრივი გახლავთ. თუნდაც ამ ექსპერტმა განაცხადოს, რომ საქართველო ნატოსკენ სვლას წარმატებულად თუ გააგრძელებს, ნატოში აუცილებლად მიიღებენ. ამ ექსპერტის თვალსაზრისი დასაჯერებელი იქნება? რამეს ნიშნავს? ჩვენთვის ევროკავშირი და ნატო თვითმიზანი არ არის. ეს უნდა იყოს ჩვენთვის საქართველოს განვითარებისა და დემოკრატიული პრინციპების სრულყოფის მიზნის მიღწევის საშუალება და არა თვითმიზანი. ნატოში შესვლის საკითხი ჯერჯერობით ძალიან პრობლემატურია. 25 წელიწადია ამაზე ვმსჯელობთ და შეიძლება კიდევ 25 წელი ვიმსჯელოთ, მაგრამ რეალურად არაფერი არ მოხდეს. ვფიქრობ, საქართველოს ნატოში შესვლა ძალიან რთული საკითხია.

ახალი თაობა“, 15 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ამერიკასთან თუ ვიქნებით, საქართველოს ვერავინ დააშანტაჟებს“

(შემოკლებით)

ერთი კვირის წინ თბილისში გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის ევროპული ჯარების სარდალმა ბენ ჰოჯესმა საკმაოდ სენსაციური განცხადება გააკეტა საქართველოში 2016 წელს დაგეგმილი ერთობლივ ქართულ-ამერიკული სამხედრო წრთვნების ტაობაზე: „ჩვენ უნდა შევამოწმოთ, რამდენად სწრაფად დაეხმარება ამერიკა საქართველოს საჭიროების შემთხვევაში, ანუ რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები და მძიმე ტექნიკა საქართველოშიო.

ახალი თაობის“ ჟურნალისტი ნათია ხურცილავა პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრება.

- რა შედეგები მოჰყვება ამერიკელი გენერლის განცხადებას? ბენ ჰოჯესს რაიმე შეეშალა თუ მან ეს განცხადება მიზანმიმართულად გააკეთა?

- ამერიკელ გენერალს ასე მარტივად არ ეშლება, სად რა უნდა თქვას. რომ შეშლოდა, აუცილებლად გაასწორებდნენ განცხადებით, როგორც ეს ხდება ხოლმე, მაგრამ ეს არ მომხდარა. ამდენად, ეს იყო მიზანმიმართული განცხადება. ამ განცხადებას ადრესატიც ჰყავდა. ცხადია, რუსეთის ფედერაციას ვგულისხმობ.

- რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს ამ განცხადების შემდეგ?

- ჩვენთვის მთავარი ამოცანა ნატოს ქოლგის ქვეშ მოხვედრაა, სანამ აქამდე მივალთ, აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან ინტენსიური უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ადვილი არ იქნება საქართველოს დაშანტაჟება, თუნდაც ე.წ. საზღვრების გადაწევა-გადმოწევით. თუ საქართველოს ამერიკასთან ორმხრივი და ინტენსიური თანამშრომლობა ექნება, ეს არც მაპზე და არც ნატოს წევრობაზე იქნება ნაკლები.

- როგორ?

- ბალტიისპირეთი დიდი ხანია, ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ მხოლოდ ახლა მიიღო ამერიკელი სამხედროები თავის ტერიტორიაზე, რასაც ჩვენ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, უკვე ვიღებთ კიდეც.

- რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ამერიკა კვლავ იყოს სტრატეგიული პარტნიორი და ამერიკელი გენერლის განცხადება მხოლოდ განცხადებად არ დარჩეს?

- ხელისუფლებამ ორი მთავარი რამ უნდა შეასრულოს: პირველი, არ გადაუხვიოს პროდასავლურ განვითარებას და მეორე, საქართველოში არ უნდა მომძლავრდნენ რუსული სპეცსამსახურები. თუ აშშ დაინახავს, რომ საზოგადოება მიილტვის რუსეთისკენ, მაშინ არაფერი გამოვა. როდესაც დემოკრატიაა ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლების მთავარი ამოცანა დემოკრატიული განვითარებაა, რუსეთს იქ მუშაობა უჭირს.

- შეიძლება ამერიკის ეს გზავნილი გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდეს რუსეთისთვის და ახალი პროვოკაციების მოწმენი გავხდეთ?

- გაღიზიანების თუ გვეშინია, მაშინ ჩვენი საქმე ცუდად არის. რუსეთთან დასაკარგი უკვე არაფერი აღარ გვაქვს. რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირება. საქმე გვაქვს მცოცავ ანექსიასთან, რაც წასაღები იყო, რუსეთმა წაიღო.

- საომარი მოქმედების ინსპირირება რომ მოხდეს? აგვისტოს ომის მსგავსი მოვლენები რომ განვითარდეს, ხელისუფლების ნაბიჯი რა უნდა იყოს?

- რუსეთიც კი არ არის იმდენად სულელი, რომ ორი ფრონტი გახსნას და უკრაინასა და საქართველოში ერთდროულად ჩამოყაროს ბომბები. ასე მარტივად ვერ გამოგვიცხადებს ომს და ტანკებს ვერ შემოიყვანს. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფასს ის უკვე იხდის. ვერავინ არის ყოვლისშემძლე, მით უფრო, რუსეთი არ არის ყოვლისშემძლე.

- ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნასა და წვრთნების მნიშვნელობაზე რას გვეტყვით?

- ეს წვრთნები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მძლავრი პოლიტიკური გზავნილიც და პრაქტიკული სწავლებაც.

- აშშ-ში წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. ახალი პრეზიდენტის შემთხვევაში კურსი შეიძლება შეიცვალოს? სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება?

- არა, ეს ასე მარტივი არ არის. ვინც არ უნდა მოვიდეს ამერიკის სათავეში, ჩვენ პრობლემა არ გვექნება, რადგან ამერიკა მარტივად არ ცვლის სტრატეგიულ პარტნიორებს.

- თინა ხიდაშელი უკვე რამდენიმე თვეა, რაც თავდაცვის მინისტრია, რა შეგიძლიათ თქვათ, როგორი თავდაცვის მინისტრია?

- ამერიკელი გენერლის განცხადება თინა ხიდაშელის დამსახურებაა, ეს კი მიღწევად უნდა ჩავუთვალოთ. აქამდე არც ერთი მსგავსი განცხადება ასე საჯაროდ არ გაკეთებულა. მე ვფიქრობ, რომ ამერიკაში ვიზიტის დროს თინა ხიდაშელმა რაღაცას მიაღწია.

ახალი თაობა“, 15 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ კორეაში საქართველოს ელჩთან ნიკოლოზ აფხაზავასთან: საქართველო-კორეის ეკონომიკური ურთიერთობის წარმატებები

ინტერვიუში ქართველი დიპლომატი საუბრობს საქართველო-კორეის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე, პოლიტიკურ კონტქატებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

- გასულ კვირას ხელი მოეწერა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. ხელმოწერის ცერემონია საზეიმო ვითარებაში გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ითვლება, რომ ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიცია ქართულ ენერგო სექტორში. როგორ შეაფასებთ კორეული კომპანიის ამ გადაწყვტილებას და რამ განაპირობა მათი მაღალი ინტერესი?

- კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2011 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული, როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ასევე საქართველოში კორეული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ამ კუთხით აღსანიშნავია სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე, კორეის რესპუბლიკის წყლის რესურსების სახელმწიფო კორპორაცია K-Water-ის მიერ დაგეგმილი ნენსკრაჰესის მშენებლობა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია ქართული ენერგო სისტემის ისტორიაში და რომლის განსახორციელებლადაც ხელშეკრულებათა საიმპლემენტაციო პაკეტს 2015 წლის 31 აგვისტოს, თბილისში მოეწერა ხელი. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერით პროექტის დასაწყებად ყველა დეტალი შეთანხმებულია და სამშენებლო კომპანია უახლოეს დღეებში ჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს დაიწყებს. ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში დიდი წვლილი მიუძღვის.

(…)

მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის ფონზე და საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, კორეის რესპუბლიკა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი ქვეყანა მეტად დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით და ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალით.
კორეის რესპუბლიკის საელჩოს ძირითადი საქმიანობა ორმხრივი თანამშრომლობის ტრადიციულ სფეროებში კავშირების გაღრმავებასთან ერთად მიმართული იქნება საქართველოში ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პროექტებში ჩართვისკენ.

- შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია მოიზიდავს სხვა კორეულ კომპანიებს საქართველოში და ზოგადად როგორია ინტერესი კორეის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ?

- კორეის რესპუბლიკა მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა (G-20) რიცხვს მიეკუთვნება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მძიმე ინდუსტრიის, გემთმშენებლობისა და მანქანათმშენებლობის დარგებში.

აღნიშნული პროექტის იმპლემენტაცია ძალზედ მნიშნელოვანია, რადგანაც კორეული სახელმწიფო კორპორაცია K-Water-ის მიერ საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდება ბიძგს მისცემს სხვა კორეულ კომპანიებს დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალითა და ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობით, რაც სამომავლოდ კორეული ინვესტიციების შემოდინების საფუძველი უნდა გახდეს.
მხოლოდ მიმდინარე წელს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გამოვყოფდით მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკის საზღვაო საქმეთა და თევზრეწვის სამინისტროს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ, რაც მისცემს ქართველ მეზღვაურებს კორეულ სავაჭრო-საზღვაო გემებზე დასაქმების შესაძლებლობას.

მნიშვნელოვანი წინსვლა განხორციელდა ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. 2015 წლის 24 ივლისს, ქ. სეულში საქართველოს საელჩოში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კორეის რესპუბლიკის ტურიზმის ორგანიზაციას (KTO) შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ზემოხსენებული მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა საქართველოს საელჩოს ეკუთვნის.

საელჩოს შუამდგომლობითა და მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა კორეის უმსხვილეს ყოველწლიურ ტურისტულ გამოფენაში “KOTFA (Korea World Travel Fair). ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიიღო ჯილდო ორ ნომინაციაში: “Best Booth Design Award” და “Best Tourism Publicity Award”, ასევე საქართველო ტურიზმის საუკეთესო მარკეტინგის ნომინაციაში დაჯილდოვდა.

- კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებზე რომ ვისაუბროთ, როგორია პოლიტიკური თანამშრომლობა. ცნობილია, რომ კორეა საქართველოში ხსნის საელჩოს. რით ახსნით მათ ამ გადაწყვეტილებას. რამდენად დიდია რეგიონისადმი ფხენიანის ინტერსი?

- 2014 წლის განმავლობაში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეროვნულ ასამბლეასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. აღნიშნულის შედეგად, 2014 წლის ბოლოს კორეის მხარემ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება ქ. თბილისში დიპლომატიური მისიის გახსნის თაობაზე. 2015 წლის აგვისტოში, ქ. თბილისში კორეის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელად (საქმეთა დროებით რწმუნებულად) მივლენილ იქნა მაღალი რანგის დიპლომატი.

საქართველოში კორეის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის გახსნა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, რაშიც კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიდი წვლილი მიუძღვის. კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა თბილისში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-კორეის რესპუბლიკის ორმხრივ ურთიერთობებს, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის, ისე ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ოფიციალურმა სეულმა ამ ნაბიჯით მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველოსადმი კორეის რესპუბლიკის დიდი ინტერესი და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

Comments are closed