globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 15 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 15th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „კონსტიტუციის ირგვლივ ოპოზიციის აჟიოტაჟი პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიაა და არა უკეთესი კონსტიტუციის მისაღებად რეალური ქმედებანი“

ახალი თაობა: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ოცნების“ ერთ ჯგუფს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მცდელობა ჰქონდა“ // „ხელისუფლება ცდილობს, დემოკრატიზაცია დააჩქაროს, მაგრამ ჯერ ფერხდება“

ახალი თაობა: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ეს ხელისუფლება ნაღმზე ზის“

ახალი თაობა: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ქართული მარში“ სასიკვდილო შიმშილობას იწყებს“ // „ხელისუფლება სოროსის წიწილებით გაივსო“ // „ეს სისტემა უნდა დაინგრეს!“

საქართველო და მსოფლიო: თბილისური კორიდა

——————

„ინტერპრესნიუსი“, 14 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „კონსტიტუციის ირგვლივ ოპოზიციის აჟიოტაჟი პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიაა და არა უკეთესი კონსტიტუციის მისაღებად რეალური ქმედებანი»

კობა ბენდელიანი

საქართველოს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გააქტიურებაზე დიამეტრალურად განსხვავებული შეფასებები კეთდება. უკრაინული შსს- განმარტებით, სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთის სამართლებრივ შეფასებას პროცედურები და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ექსპერტ-დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პოროშენკოს თამაშს თამაშობს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ მას საკუთარი თამაში აქვს წამოწყებული, მაგრამ უკრაინულ პოლიტიკაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რა შეიძლება იყოს მისი საბოლოო მიზანი ჯერჯერობით ძნელად წარმოსადგენია. უკრაინელ ექსპერთა უმეტესობა კი თვლის, რომ სააკაშვილის გააქტიურებამ შესაძლოა, ქვეყანა მორიგ პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანოს, რაც უკრაინისთვის დამღუპველი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ოფიციალური კიევის ხელისუფლება პროევროპული და პროატლანტიკური პოლიტიკის გატარებაში ისეთი თანმიმდევრული არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს. მათივე მტკიცებით, უკრაინის საზღვარზე აქტიურობისას სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის რუსეთის აგენტი კრიმინალები აქტიურობდნენ. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება უკრაინაში? სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები, ერთი მხრივ, თავად სააკაშვილის ირგვლივ, ხოლო მეორე მხრივ, სააკაშვილის მონაწილეობით თუ მის გარეშე? შეძლებს კიევი უკრაინაში არ განვითარდეს ისეთი პროცესები, რომელიც კრემლისთვის ყველაზე სასურველია?

- ურთულეს კითხვას მისვამთ, რომელზეც მოკლედ პასუხი გამიჭირდება. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა, მაპატიონ ჩემმა უკრაინელმა მეგობრებმა, ჯერ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა.

უკრაინა ქვეყანაა, რომელიც პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: პირველი, რასაკვირველია, დასავლეთ უკრაინაა, რომელიც ისტორიულად დიდი პოლონეთის (ე.წ. რეჩ პოსპოლიტას) შემადგენლობაში შედიოდა. პირველი და მეორე მსოფლიო ომების შუალედში ეს ტერიტორია პოლონეთმა, ჩეხოსლოვაკიამ და რუმინეთმა გაიყვეს, ხოლო საბჭოთა კავშირს იგი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით შეუერთდა. აქ ძლიერია კათოლიკური, უნიტარული და პროპოლონური ტენდენციები. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ ლვოვის მერმა მიხეილ სააკაშვილს ზარ-ზეიმით უმასპინძლა.

მეორე, ეს აღმოსავლეთი, რუსულენოვანი უკრაინაა, რომელსაც ამჟამად ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და მესამე – მართმადიდებლური ცენტრალური უკრაინაა, რომელსაც თავის დროზე უკრაინის ზაპოროჟიეს არმიის გეტმანები, რუსეთის დაუძინებელი მტრები, მაგალითად, გეტმანი საგაიდაჩნი მართავდნენ. ეს რეგიონული სხვაობანი დღესაც თავს იჩენს.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ აღნიშნული რეგიონული წინააღმდეგობანი გაააქტიურა, რის გამოც მეჩვენება, რომ ქვეყანაში დაახლოებით იგივე სიტუაციაა ჩამოყალიბებული, რომელიც საქართველოში ვარდების რევოლუციას წინ უძღოდა. მაგრამ უკრაინა საქართველო არ არის. ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე თუ სიტუაცია უმოკლეს ვადაში არ დაბალანსდა, უკრაინა, ღმერთმა არ ქნას, ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის პირას შეიძლება აღმოჩნდეს.

ახლა თავად განსაჯეთ, რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის აქტივობა უკრაინაში. კორუფციასთან ბრძოლის ბაირაღის ქვეშ ამხედრებული ახალი პოლიტიკური ძალა ნებსით თუ უნებლიეთ სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს, ეს კი დასავლეთ უკრაინაში პოლონეთის გავლენას ზვავისებრად ზრდის. ამ თვალთახედვით, აბსოლუტურად ნათელია, რატომ უყვართ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში და რატომ გაუღო მას პოლონეთმა, უკრაინის ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, თავისი სასაზღვრო კარიბჭე. მეჩვენება, რომ სტრატეგიულად ამგვარი პოლიტიკა პრინციპულად არასწორი და, მაპატიეთ მკვახე სიტყვებისთვის, წინდაუხედავია და უკრაინაში მხოლოდ რუსეთის გავლენის ზრდას შეუწყობს ხელს.

- მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელთა ნაწილი გამორიცხავს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ანდა კიევის მიერ თბილისში მის ექსტრადირებას, ქართველ ექსპერტთა უმეტესობა თვლის, რომ მისი საქართველოში ნებისმიერი ფორმით ჩამოსვლა ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მოვლენებმა და უკრაინულ პოლიტიკურ სცენაზე სააკაშვილის გააქტიურებამ საქართველოს შიდა პოლიტიკაზეც ჰპოვა ასახვა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან მალე ადგილობრივი ორგანოების არჩევნებია, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აისახება ქართულ პოლიტიკაზე ის, რომ სააკაშვილის ფაქტორი უკრაინის პოლიტიკურ სცენაზე თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა, საკმაოდ შესამჩნევი ფიგურა გახდა?

- ამ სამყაროში ყველაფერი დროებითი და წარმავალია. სააკაშვილის პარტიის რეიტინგზე კი თუნდაც თქვენი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პარტიული შემოწირულობების ნუსხა მეტყველებს. 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, ”ნაცმოძრაობა“ 5432 ლარით გამდიდრდა, რაც 1352-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ”ქართული ოცნების” და 59,6-ჯერ ნაკლები, ვიდრე „ევროპული საქართველოს“ მიერ მიღებული თანხები. „ნაცმოძრაობას“ ამ პარამეტრით გაუსწრეს აგრეთვე „პატრიოტთა ალიანსმა“, „გირჩმა“, „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და „ეროვნულმა ფორუმმა“. მეჩვენება, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, და როგორც არ უნდა იყვირონ და იმოქმედონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა, საქართველოში რევოლუციური სიტუაციის შექმნა დღეს შეუძლებელია. ყველა სხვა შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილი, როგორც კი შემოაბიჯებს საქართველოში, იქნება დაპატიმრებული. რასაკვირველია, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება ქვეყნისთვის სახარბიელო არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბატონი სააკაშვილი კარგად აანალიზებს სიტუაციას და საქართველოში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხომ არ გადაცურა მან ზღვა, როგორც გვპირდებოდა?

მიხეილ სააკაშვილის სიფრთხილეზე კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს. როგორც კი მას გადაეცა პროკურატურის პროტოკოლი, სადაც ის 18 სექტემბერს დაიბარეს სასამართლოში, იგი გაქრა საზოგადოებრივი სივრციდან და მას მისი ადვოკატიც ვერ პოულობს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თუ სააკაშვილმა წააგო სასამართლო პროცესი, უკრაინის ხელისუფლებამ მისი წინასაექსტრადიციო პროცედურები შეიძლება წამოიწყოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- რამდენიმე დღის წინნაცმოძრაობისერთ-ერთმა ლიდერმა ნიკანორ მელიამ განაცხადა, რომ ნაცმოძრაობისმმართველობის დროს კეზერაშვილს მილიონები ყაჩაღობით აქვს ნაშოვნი. მან კეზერაშვილი ასევე იმაში დაადანაშაულა, რომ იგი არჩევნებშიევროპელ დემოკრატებსაფინანსებს. ძნელი დასაჯერებელია მელიას არ ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ მან ფაქტობრივად ის თქვა, რაშიც 2012 წლამდე საზოგადოება, თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრინაცმოძრაობასადანაშაულებდა. რა შეიძლება იყოს ნიკა მელიასგულახდილობისმიზეზი? მელიამ კეზერაშვილზე სკანდალური განცხადება სააკაშვილთან შეუთანხმებლად გააკეთა, ეს განცხადება წამოცდენა უფრო იყო თუქართული ოცნებისსასარგებლოდ გააზრებულად თუ გაუაზრებლად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი?

- ჩემთვის სავსებით უცნობია თუ რაზე და როგორ ფიქრობს ბატონი ნიკა მელია. მე ამ პიროვნებას, მამამისისგან განსხვავებით, საერთოდ არ ვიცნობ… ისე კი, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ტრადიციული პოლიტიკური პარტიები არსებობენ, მელიას გამონათქვამი პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნებოდა და ასეთ პიროვნებას წარბშეუხრელად შესაბამისი პარტიიდან გარიცხავდნენ. ვინაიდან ასეთი გამონათქვამი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, პოლიტიკური პარტიის ექსტრემისტულ ბუნებას მიუთითებს და იგი აუცილებლად გახდებოდა პარტიის აკრძალვისკენ მიმართული პროცედურების დაწყების საბაბი.

- წინასაარჩევნო პერიოდი გვახსენებს, რომ ქვეყანაში 21 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორ შეაფასებდით პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარმოებულ საარჩევნო აგიტაციას? თქვენი ყურადღება თუ მიიპყრო ომელიმე პარტიისა და კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამამ თუ დაპირებამ?

- მართალი გითხრათ, მე ასეთი აგიტაციის მოსმენაზე დროს არ ვკარგავ, ვინაიდან თვისობრივად ახალი ვერაფერი დავინახე. ისევ ისმის ერთმანეთის ლანძღვა-გინება და სხვა არაფერი. გამონაკლისი მხოლოდ კახი კალაძეა, რომელიც ცდილობს (სხვა საკითხია, რამდენად წარმატებულად) რაღაც პოზიტიური მუხტი შეიტანოს თავის გამონათქვამებში. ამიტომ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს აბსოლუტურად ღია გულით ვურჩევდი სასწრაფოდ შეცვალონ რიტორიკა და ჩემი თუ არა, პიარის სპეციალისტების მაინც დაიჯერონ. კი ბატონო, ათასჯერ გვსმენია, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია უვარგისი და კორუმპირებულია, მაგრამ არავითარი გარანტია არა გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია ოდნავ უკეთესი მაინც იქნება. ჩვენ ქართველები ვართ და პარტიული ნიშნის მიუხედავად გვახასიათებს ეროვნული ნიშან-თვისებები. ადრეც მითქვამს, რომ ადგილობრივი არჩევნები უინტერესო იქნება და რეკორდულად დაბალი ამომრჩეველთა აქტიურობით იქნება გამორჩეული.

- კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ”ოპოზიციას თბილისის მერობაზე ხელი აქვს ჩაქნეული და საკრებულოსათვის იბრძვის.” თქვენი დაკვირვებითაც ასეა? ამ შემთხვევაში უპრიანი იქნება კითხვა: სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება პარტიების ბრძოლა საკრებულოებისათვის?

- ჩაქნეული აქვს ხელი ალეკო ელისაშვილს? არა მგონია. იგი თავის საარჩევნო სტრატეგიას ამუშავებს. ისე კი, არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით დიდ ბრძოლასა და მომავალი საკრებულოებში მაინცდამაინც დიდი სიჭრელეს არ ველოდები.

- არ ცხრება დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ოპოზიცია მმართველ გუნდს სადავო საკითხებზე კომპრომისულ ვარიანტებს სთავაზობს. როგორ ფიქრობთ, საკონსტიტუციო საკითხებზე ბოლო პერიოდში არსებული დიალოგი უფრო მოლაპარაკებებისა თუ კონსულტაციების იმიტაციას ჰგავს, თუ უმრავლესობას აქვს სურვილი წავიდეს დათმობებზე?

- მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას. თავდაპირველად მმართველი გუნდის ლიდერებსაც უნდოდათ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ასეთი ვარიანტი კენჭისყრის დროს ჩავარდება, ეს კი უმრავლესობის დაშლას გამოიწვევს.
რა არის ქვეყნისთვის სახარბიელო? სტაბილურობის შენარჩუნება და კონსტიტუციის მიღება, სადაც მხოლოდ ერთი მუხლი არ მოსწონს პოლიტიკოსების უმრავლესობას, თუ ღრმა პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება? ბევრჯერ მითქვამს, რომ კონსტიტუციის ამ მოდელში ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ქვეყნის განვითარების პარალელურად კონსტიტუცია კიდევ არაერთხელ შეიცვლება.

ახლა შევხედოთ ამ პროცესს ოპოზიციის თვალით. მე რაც გითხარით, ძალიან მარტივი რეალიებია, რომლებსაც ყველა პოლიტიკოსი, რასაკვირველია, კარგად ხედავს.  ამიტომ კონსტიტუციის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ეს პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიაა და არა უკეთესი კონსტიტუციის მისაღებად რეალური ქმედებანი. კარგად გამიგეთ. მე არ ვამბობ, რომ ოპოზიციამ ეს ტექნოლოგია არ უნდა გამოიყენოს, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს ობიექტური ანალიზის უფლება?

- თბილისში სასტუმრორუმსშიგამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობისას ასეთი მოსაზრება გამოთქვა – ”ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლაზე”. ეს კი პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ვენეციის კომისიამ რა საბოლოო დასკვნაც არ უნდა გამოაგზავნოს, მმართველი გუნდი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას არ დათახმდება. პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვერ იპოვით ჩანაწერს, რომლითაცქართულ ოცნებასშემდეგ არჩევნებში უპირატესობა ექნება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენში მაჟორიტარი დეპუტატები ყოველთვის ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება სპიკერ ირაკლი კობახიძის მოსაზრება?

- ყოველთვის არ არიან მაჟორიტარი დეპუტატები ხელისუფლების მხარდამჭერები. გაიხსენეთ, თუნდაც, 2012 წლის არჩევნები. მე მგონია, რომ როცა ცვლილებების დრო მოდის, მმართველი გუნდი აგებს არჩევნებს და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა საარჩევნო სისტემაა ქვეყანაში, პროპორციული, შერეული, როგორც 2012 წელს თუ მაჟორიტარული, როცა „მრგვალმა მაგიდამ“ არჩევნები მოიგო. ობიექტური რეალობა ყოველთვის იმარჯვებს. ბატონი გიორგი კვირიკაშვილმა კი ფაქტობრივად იგივე თქვა, რაც წინა კითხვაზე პასუხის დროს სხვა სიტყვებით მე გავაჟღერე.

- ”ქართულმა მარშმადაპატრიოტთა ალიანსმასაპროტესო აქციები კარგა ხანია დაანონსეს, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ უკვე შედგაქართული მარშისპირველი დაანონსებული აქცია და იგი კახი კალაძის წინააღმდეგ იყო მიმართული. ”ქართული მარშისადაპატრიოტთა ალიანსისაქციებზე დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის. თქვენ როგორ შეაფასებდითქართული მარშისადაპატრიოტთა ალიანსისაქციებს, ამ აქციების პოლიტიკურ შემადგენელს? და კიდევ, რამდენად საფუძვლიანია აქციის ორგანიზატორების მტკიცება, რომ მათ იდეებს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი გაიზიარებს და ეს არჩევნების შედეგებზე აისახება?

- არც პირველი და არც მეორე აქცია მომეწონა. „ქართულ მარშს“ კი ბატონმა სოზარ სუბარმა სავსებით სამართლიანად უპასუხა. ჩვენ ეს თემა თავის დროზე მიწის პირველადი და მეორადი ბაზრების ანალიზის დროს საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ. მეჩვენება, რომ ისეთი ტიპის ქუჩის აქციები, რომელიც თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ხელმოცარული ამბიციური ადამიანების ქმედებებია.

ახალი თაობა“, 15 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ოცნების ერთ ჯგუფს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მცდელობა ჰქონდა“ // „ხელისუფლება ცდილობს, დემოკრატიზაცია დააჩქაროს, მაგრამ ჯერ ფერხდება

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, „ჯიპას“ პროფესორი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

- ბატონო თორნიკე, პრემიერმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა რეფორმების გასატარებლად სჭირდებათ. ეთანხმებით ამ რიტორიკას?

- ერთი მხრივ, რეალობაა, რომ ხელისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობა რეფორმების გასატარებლად სჭირდება. კარგია, რომ გყავს უმრავლესობა და აკეთებ იმას, რაც გინდა, მაგრამ, მეორე მხრივ, სააკაშვილის მაგალითზე ვნახეთ, რომ „რაც გინდა აკეთო“, საბოლოო ჯამში, შეიძლება ცუდად დამთავრდეს. აბსოლუტური ძალაუფლება როდესაც გაქვს და ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებ – სასამართლოს, პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეს ცუდად მთავრდება, კონტროლს კარგავ. ამიტომ არის საჭირო, ვიღაც გაბალანსებდეს. შეიძლება მართლაც კარგი განზრახვები გქონდეს, ფანტასტიკური რეფორმები დასახო, მაგრამ უკონტროლო ძალაუფლებამ შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოს. სამწუხაროდ, ამის მაგალითი ვნახეთ. ეს არის საფრთხე, რომელსაც ჯერჯერობით ხელისუფლება ვერ ითვალისწინებს. რეალურად იმავე მოდელის მოწმენი ვართ, მართალია, უფრო რბილი, მაგრამ მოდელი ჰგავს. ცხადია, ისეთ გადაცდომებს არ აქვს ადგილი, მაგრამ ვხედავთ, ხელისუფლების ყველა შტოზე კონტროლია.

- მმართველობის სტილს გულისხმობთ?

- არა, მოდელს. სტილი სწორედ რომ განსხვავებულია. სტილის განსხვავებულობის გამოა, რომ მოსახლეობაში ჯერ პროტესტი არ გროვდება. სასამართლო, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთი ჯგუფის მიერ კონტროლდება.

- საერთაშორისო საზოგადოების აზრი რამდენად აშფოთებს ხელისუფლებას? ფიქრობთ, ვენეციის კომისიის დასკვნა არ აღელვებს ხელისუფლებას?

- წინა ხელისუფლებაზე მცდარი წარმოდგენა იყო შექმნილი, რომ სააკაშვილი ვაშინგტონის მონა იყო. თითქოს, რასაც ამერიკელები ეტყოდნენ, ყველაფერს ასრულებდა. ასე ნამდვილად არ იყო. წინა ხელისუფლებაც იყო დამოუკიდებელი და ეს ხელისუფლებაც არის დამოუკიდებელი იმ კუთხით, თუ სასწორზე დგას მათი პოლიტიკური ინტერესები, მაშინ რაღაც-რაღაცებს შეიძლება ანგარიში არ გაუწიონ. თუმცა, მაინც ცდილობენ, ისეთი გარემო შექმნან, რომ დააჯერონ ყველა, ოპოზიციასთან მუშაობენ, კონსტრუქციულები არიან და ვენეციის კომისიის შენიშვნებს ითვალისწინებენ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მივა, მოქმედებენ ისე, როგორც ადრე იყო.

- თუმცა, ეს ხომ ზიანს მოუტანს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე?

- რა თქმა უნდა, დემოკრატიზაციის პროცესი შეფერხდება. ამ ჯგუფს აქვს მცდელობა, რომ დემოკრატიზაციის პროცესი დააჩქაროს, მაგრამ ჯერ ფერხდება. ბუნებრივია, ყველას უნდოდა, რომ პროპორციული არჩევნები 2020 წელს ყოფილიყო და არა 2024 წელს. აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ ერთ ჯგუფს მცდელობა ჰქონდა, 2020 წელსვე ჩატარებულიყო პროპორციული წესით არჩევნები, მაგრამ შიგნით მოხდა მაჟორიტარების მხრიდან აჯანყება.

- რეალურად ვერტიკალიდან არ მოდიოდა?

- არ არის გამორიცხული, რომ, საბოლოო ჯამში, დაარწმუნეს ის, ვინც ვერტიკალში ზის, მაჟორიტარებმა. რა მოცემულობაა დღეს – არჩევნებს ალბათ სამართლიანად ჩაატარებენ და გაყალბების გარეშეც მოიგებენ. რადგან ოპოზიცია იმდენად დასუსტებულია, იმდენად დაქსაქსულია, რომ არა მგონია, არჩევნების გაყალბება სჭირდებოდეს ხელისუფლებას, ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში. რამ შეიძლება შეცვალოს სურათი რადიკალურად?! ეს შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში: თუ სააკაშვილი ამოატრიალებს უკრაინას და ხელში ჩაიგდებს, მაგრამ თეორიულად ეს შესაძლებელია დღეს, მაგრამ ხვალ შეიძლება გვიან იყოს. თუ ეს მოხდა, მაშინ ნაციონალური მოძრაობა გაძლიერდება მორალურად და სხვანაირადაც. დარწმუნებული ვარ, ბევრი, ვინც გამოიქცა ნაცმოძრაობიდან, უკან გაიქცევა.

- ვის გულისხმობთ?

- ძირითადად მათ, ვინც ახლა „ოცნებაშია“. ეს სცენარი არის ერთადერთი, რამაც შეიძლება პოლიტიკური განლაგება შეცვალოს, დანარჩენი ვერ წარმომიდგენია, რამ შეიძლება შეცვალოს ეს განლაგება.

- მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ განახლებას შეძლებს?

- მიხეილ სააკაშვილმა გაიღვიძა, მაგრამ რა მოჰყვება ამ გაღვიძებას, ეს სხვა საკითხია. შეძლებს რამეს? ვერ გეტყვით. სააკაშვილს დღეს უკრაინაში მხოლოდ ერთი ოლიგარქის, კოლომოისკის მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს. სხვისი მხარდაჭერა არ აქვს. რამდენად არის ერთი ოლიგარქის მხარდაჭერა საკმარისი უკრაინაში, საკითხავია. ამ მონაცემებით, რომელიც ჩანს უკრაინაში, ძალიან გაუჭირდება სააკაშვილს ახალი `ვარდების რევოლუციის~ მოწყობა. მართალია, უკრაინის სახელმწიფო სუსტია, ისევე, როგორც საქართველოს სახელმწიფო იყო 2003 წელს სუსტი, ამიტომაც იყო, რომ საზღვარი გადალახა და შევიდა, მაგრამ უკრაინა არ არის საქართველო, გაცილებით რთული კონსტრუქციაა იქ რამდენიმე ოლიგარქი თამაშობს და მათი დამარცხება, არა მგონია, მარტივი იყოს. ჩვენთან იყო ერთი შევარდნაძე და ის დაამარცხა, თანაც დასუსტებული. თუმცა ჯერ მისი პოლიტიკური ჩამოწერა ნაადრევია. მას ნამდვილად აქვს სწორი პოლიტიკური ინსტინქტები, რომლებიც მაშინ იღვიძებს, როდესაც უჭირს. როდესაც მიძინებულია და კარგად არის, მაშინ კარგად გვახსოვს, რა სისულელეებს ჩადიოდა. როდესაც ნაცმოძრაობამ აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა, მერე დაიწყო კატასტროფული შეცდომების დაშვება.

მიხეილ სააკაშვილი მაინც არის გარდამავალი დემოკრატიის პოლიტიკოსი, კარგად გრძნობს იმ სახელმწიფოში თავს, სადაც არის ქაოსი, მაგალითად, უკრაინაში, რადგან რეფორმატორია, მაგრამ ქვეყანა რაღაც დონეს მიაღწევს თუ არა, მერე უჭირს. ეს გამოაჩინა მისმა მოღვაწეობამ.

- გადმოსცემენ?

- არა მგონია. მიხეილ სააკაშვილი ამ მთავრობას არაფერში სჭირდება და სწორსაც შვრება. სააკაშვილის ექსტრადირება პოროშენკოსაც შეუქმნის დასავლეთთან პრობლემებს.

- რომ შემოვიდეს, როგორც უკრაინის საზღვარზე?

- ვერ შემოვა, რადგან ჩვენთან სისტემა მუშაობს, იქ კი – არა.

ახალი თაობა“, 15 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ეს ხელისუფლება ნაღმზე ზის»

„ახალი თაობა“ აქტუალურ მოვლენებზე ესაუბრა ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატ შოთა მალაშხიას.

- ადრეც იყო საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფილ „ევროპულ საქართველოს“ ეხმარება. ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ამ პარტიის დაფინანსების თაობაზე საზოგადოებაში გააჩინა აზრი, რომ «ევროპულ საქართველოს“ მთავარ ოპოზიციად ამზადებენ.

- „ქართულ ოცნებას“ თავისი პრობლემები აქვს. მმართველ ძალას იმის თავი არა აქვს, რომ თავის თავსაც მიხედოს და სხვასაც. არჩევნებზე ძალით ვერავინ ვერავის გაიყვანს. არჩევანს აკეთებს ხალხი. რეალობაა ის, რომ ხალხს „ქართული ოცნება“ ყელში ამოუვიდა. ამ დღეებში ბევრი ისეთი ნაცნობი შემხვდა, რომლებიც დღემდე პოლიტიკურად ნეიტრალურნი იყვნენ. ეს ადამიანები მეუბნებიან, ეს რა საშინელება ხდება, როგორ აპირებთ მდგომარეობის გამოსწორებასო. ადამიანებს სურთ, იმ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, რომელიც „ოცნებამდე“ იყო. სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ `ქართულმა ოცნებამ~ სახელმწიფო ინსტიტუტები დაანგრია, სასამართლო კი გარყვნა. რაც მუშაობს, მაგალითად, საპატრულო პოლიცია, იუსტიციის სახლი, ისიც ინერციით. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება თავისი მავნებლური მოქმედებებით საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ვერ შეარყევდა. მართლაც ასე ხდება.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ სასამართლო ამ ხელისუფლებამ გარყვნა. წინა ხელისუფლების დროს სამართლიანი სასამართლო გვქონდა?

- წინა ხელისუფლების დროს სასამართლო ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთებს. დღეს სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებსაც ასრულებს და ქრთამსაც იღებს. სასამართლოს ერთადერთი რამ სჭირდებოდა – პოლიტიკური დავალებებისაგან გათავისუფლება. წინა ხელისუფლებისას ეს ვერ მოესწრო. ახლა ბევრად უარესი მდგომარეობაა.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვარაუდობთ, რომ პოლიტიკური პროცესები პარლამენტში ვერ განვითარდება და ქუჩაში გადმოინაცვლებს. ქუჩაში აქამდე ვიხილეთ ძირითადად ქართული მარშისა და თეთრი ხმაურის მიერ გამართული აქციები...

- მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა და ხალხის მასობრივი გამოსვლები მოსალოდნელია. უკრაინაში მსგავსი სიტუაციაა – ორი მაიდნის შემდეგ მოსახლეობის მოთხოვნები ისევ არ არის დაკმაყოფილებული – არც ეკონომიკას ეშველა და არც კორუფციას. ამიტომ არის პირობები მესამე მაიდნისათვის. არ მოგვარებულა ის, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს – ტერიტორიული მთლიანობით დაწყებული, უმუშევრობითა და ფასებით დამთავრებული. საქართველოს ხელისუფლება რუსულ ტალღას მიჰყვება იმ დროს, როცა მთელი დასავლეთი რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს. ეს ხელისუფლება ბევრი მიზეზის გამო ნაღმზე ზის. გავიხსენოთ, რას აცხადებდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც 2012 წელს ოპოზიციაში იყვნენ, ახლა კი `ოცნებას~ წარმოადგენენ! ისინი ხალხს არწმუნებდნენ, რომ სააკაშვილს ბენზინის სფეროდან, ელექტროენერგიის დარგიდან და ასე შემდეგ თითო ლარი მიაქვს. იყო დაპირებები, რომ ნავთობი გაიაფდებოდა, ელექტროენერგიისა და გაზის საფასური კი განახევრდებოდა. რატომ არ გაიაფდა ეს ყველაფერი? მაშინ ბარელი ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 150 დოლარი იყო, `ოცნების~ დროს 50 დოლარი გახდა, მაგრამ საქართველოში ბენზინი მაინც ძვირია. საქართველოს დიდი მხარდაჭერა აქვს აშშ-დან. ამ დროს „ქართული ოცნება“ დასავლეთის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს და საკუთარ ხალხს ტყუილებით კვებავს. ეს ასე მარტივად ვერ ჩაივლის. ოქტომბერში იფეთქებს პროცესები თუ სხვა დროს, პროცესებზეა დამოკიდებული.

- პოლიტიკური სპექტრი მმართველ პარტიას კონსტიტუციის გამო დაუპირისპირდა...

- კონსტიტუციის საკითხში `ოცნება~ ერთ მხარეს მარტო აღმოჩნდა, მეორე მხარეს არიან დანარჩენი პარტიები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამაზე ბოლო დროს უღიმღამო განცხადებები გააკეთა პრეზიდენტმა. იგი ცდილობს `ოცნებისგან~ დისტანცირებას.

- პრეზიდენტი ოცნებისაგან დიდი ხანია დისტანცირებულია...

- ადრე გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა უნდა „ოცნებისაგან“ გამიჯვნა. ამ ხელისუფლებაში არავინ არაფერს წყვეტს, ერთი მმართველის გარდა.

- არ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ბოლო თვეებში ბიძინა ივანიშვილი პროცესებს ჩამოსცილდა?

- ყველაფერს ისევ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. ამაში მოსახლეობაც დარწმუნებულია. ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 50-%-ზე მეტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს. პრობლემები ივანიშვილს იმითაც ექმნება, რომ აშშ-ში იძიებენ პუტინის გარემოცვის, მასთან დაახლოებული ოლიგარქების საქმეებს, მათი ქონების წარმომავლობას. დაახლოებით 150 დღეში შედეგი დაიდება. გამოძიება აუცილებლად დაინტერესდება გაზპრომის მეწილეების ამბებით.

- აშშ-ში ყველაზე მეტად იმის დამტკიცება უნდათ, რომ რუსეთი ერეოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში...

- რუსეთი რომ ამერიკის არჩევნებში ერეოდა, ეჭვს არ იწვევს. კრემლი მარტო ამერიკის არჩევნებში არ ჩარეულა. 2012 წელს ჩვენთან აგიტაცია იყო გაშლილი დეზინფორმაციით, ტყუილი დაპირებებითა და დადგმული სცენებით, რუსეთის გავლენის აგენტების მონაწილეობით. ეს რუსეთიდან მომდინარეობდა. ამას უკვე აეხადა ფარდა. საზოგადოება მიხვდა, როგორ გააბრიყვა „ქართულმა ოცნებამ“ . მისი კანდიდატი კახი კალაძე ხალხს არწმუნებს, რომ უკანონო და უსისტემო მშენებლობებს არ დაუშვებს. ამ დროს თვითონ აშენებს 8-სართულიან სახლს, თან ციფრებშიც იჭრება. თურმე, ვიღაცას 38.000 აერია 380.000-ში. არადა, ნოტარიუსთან ციფრები სიტყვიერადაც ფორმდება. „ოცნება“ გაბრიყვების ხერხს ისევ იყენებს, თუმცა, ხალხი აღარ ტყუვდება.

ახალი თაობა“, 15 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ქართული მარში სასიკვდილო შიმშილობას იწყებს“ // „ხელისუფლება სოროსის წიწილებით გაივსო“ // „ეს სისტემა უნდა დაინგრეს!

რატომ მიუცვივდნენ კახა კალაძეს, ვინ მართავს რეალურად „ქართულ ოცნებას“, რატომ არ აინტერესებთ არჩევნები, რა შემთხვევაში მოითხოვენ მთავრობის გადადგომას? ამის შესახებ „ახალ თაობას“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

- ლადო, რამდენიმე დღის წინ ქართულმა მარშმა მორიგი აქცია გამართა. კალაძის საარჩევნო შტაბთან მოხდა თქვენი დაკავება. ნაციონალების ოფისებთან გამართულ აქციაზეც თქვენ გიჭერდნენ და რა ხდება, აქციის სხვა მონაწილეების დაკავებას კანონი კრძალავს?

_ მე ალბათ იმიტომ მიჭერენ, რომ დაბალი ღობე ვარ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისევე, როგორც ადრე, ახლაც იმიტომ დამაკავეს, რომ ძალიან აქტიური ვიყავი, რაც ჩემს დაპატიმრებას არ ამართლებს. აშკარაა, რომ ჩემი აქტიურობა შსს-ს წარმომადგენლებს არ მოეწონათ. სიმართლე თუ გინდათ, მეგონა, რომ უფრო ადრე დამაკავებდნენ. ბოლო პერიოდში ხშირად მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ.

- ეს მუქარები როდის დაიწყო?

- მუქარა ყოველთვის იყო, მაგრამ, რაც ქართული მარში ამოიქოქა, მუქარებმაც იმატა. ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი გიორგი ონიანი დღეს ციხეში ზის. მარშის სხვა წევრებსაც ემუქრებიან. მარშის რამდენიმე წევრის ბინაში შეცვივდნენ და იქ ჩხრეკა ჩაატარეს. ამჯერად ჩემი დაკავება პირდაპირ კახა კალაძეს უკავშირდება. ჩვენ მასთან სალაპარაკოდ მივედით, იქ კი პოლიცია დაგვახვედრეს.

- მასთან საუბარი თუ გინდოდათ, რაღა მარშით მიუცვივდით, ისე ვერ მიხვედით შეხვედრაზე?

- მიწის საკითხი მხოლოდ მე არ მაწუხებს, თორემ მარტო წავიდოდი. ჩემთან ერთად იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ასევე აინტერესებთ, რას ფიქრობს კალაძე მიწის გაყიდვაზე. მერე მიხვდნენ, რომ ცუდად გამოუვიდათ და კალაძის შტაბის უფროსმა არჩილ თალაკვაძემ რაღაცები მობოდა, თქვა, ამომრჩეველთან შეხვედრა გვქონდა, თორემ გამოვიდოდით, რა პრობლემააო. სოროსის წიწილებისგან ასეთი მტკნარი ტყუილების ლაპარაკს უკვე მიჩვეულები ვართ. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ბატონი არჩილ თალაკვაძე წარსულში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოსთან“. რამდენიმე წლის წინ ნაციონალებს მთელი ერი, როგორც კეთროვნებს, ისე უყურებდა. ახლა ასეთივე იარლიყი აქვს არტყმული „ქართული ოცნების“ „ვერხუშკას“. გიორგი კვირიკაშვილის გარდა, წარსულში ყველანი ჯორჯ სოროსის ფონდთან თანამშრომლობდნენ.

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სოროსის წიწილებს ერთგვარი დიქტატი აქვთ დამყარებული. სხვაგან სიტუაცია შეიცვალა, საქართველოში იგივე ვითარებაა. სოროსის იდეოლოგიაში ეროვნული საკითხების დაცვა არ ჯდება. ეს ბატონი ყოველგვარ ეროვნულს ებრძვის. ყოველგვარ ეროვნულს ებრძვის კახა კალაძეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე არ იქნებოდა. მართალია, იმ დღეს დამიჭირეს, მაგრამ ამით ჩვენი ბრძოლა არ გაჩერებულა. პირიქით, ახლა ვიწყებთ ნამდვილ ბრძოლას და ყველას ვაჩვენებთ, რა არის ნამდვილი ბრძოლა.

- ნამდვილ ბრძოლაში რას გულისხმობთ?

- უახლოეს მომავალში სახელმწიფო კანცელარიის წინ დავიწყებთ მასობრივ სასიკვდილო შიმშილობას.

-სასიკვდილო შიმშილობა რას ნიშნავს? ყურს ძალიან ცუდად ხვდება ეს სიტყვა...

- მინდა, სწორად იქნეს აღქმული ეს ტერმინი. სასიკვდილო შიმშილობა ნიშნავს თავგანწირულ შიმშილობას.

- ნებისმიერი შიმშილობა თავგანწირვა არ არის?

- ყველა არა. შიმშილობას დავიწყებთ და ფეხს არ მოვიცვლით იქიდან. ჩანაცვლებით შიმშილობაზე კატეგორიულ უარს ვამბობთ.

- ჩანაცვლებითი შიმშილობა რას ნიშნავს?

- ამ მეთოდს პატრიოტთა ალიანსის წევრები მიმართავდნენ, ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ჩვენს შემთხვევაში სხვანაირად იქნება. კაცი რომ დაჯდება საშიმშილოდ, სანამ არ გაიტანენ იქიდან, ფეხს არ მოიცვლის. ამ შიმშილობას ვიწყებთ იმიტომ, რომ სისტემის დანგრევა გვინდა. ის სისტემა უნდა დაინგრეს, რომელიც აგერ უკვე 25 წელია, გამეფებულია საქართველოში.

- შიმშილობით ეს სისტემა როგორ უნდა დაანგრიოთ? თბილისში არაერთი შიმშილობის აქცია უშედეგოდ დასრულებულა...

- საქართველოში აღარ ახსოვთ, რას ნიშნავს ნამდვილი შიმშილობის აქცია. ასეთი აქციები მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას დროს იმართებოდა. მაშინ მინიმუმ 500 კაცი ჯდებოდა საშიმშილოდ. ამ აქციას უამრავი ადამიანი უერთდებოდა. აი, ასეთი საყოველთაო შიმშილობის აქცია ელოდება ხელისუფლებას. ხელისუფლებას ამ აქციის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ხალხის მხარეს დადგება.

- ხალხის მხარეს დადგომაში რას გულისხმობთ?

- ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

- თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება რატომ უნდა ჩაითვალოს ხალხის მხარეს დადგომად?

- ჩვენ ვახმოვანებთ იმას, რასაც ხალხი ითხოვს. ხალხი ითხოვს, რომ მიგრაციის კანონი გამკაცრდეს. ჩვენ ვაპროტესტებთ ქართული მიწის გაყიდვას. ჩვენი მოთხოვნები ეროვნულია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვერდით საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები დადგებიან. შიმშილობას მანამდე არ შევწყვეტთ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. თვითმმართველობის არჩევნები, მერობის გაუგებარი კანდიდატები თავიანთი საარჩევნო კამპანიებით ჩვენთვის მეორეხარისხოვანია.

- არჩევნები ჩვენთვის მეორეხარისხოვანიაო, ამბობთ და შიმშილობის აქციას რატომღაც არჩევნების წინ იწყებთ...

- შეიძლება, ვიღაცამ ასეთი დასკვნაც გამოიტანოს. არადა, ჩვენ ბრძოლა ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ, კონსტიტუციაში ჩანაწერი გავაკეთებინეთ, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობა უნდა იყოს. ჩვენი ბრძოლის გააქტიურება არჩევნებს არ უკავშირდება. ბრძოლა გავააქტიურეთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, რომლებიც ხელისუფლებამ მოამზადა. მაისში ფილარმონიაში კონსტიტუციის განხილვაზე მაგარი ამბები მოვაწყვეთ და ჩვენი გუნდიც იქ შეიკრა. ჩვენთვის მთავარია ეროვნული საკითხები. საკრებულოები და მერიები რომ გვაინტერესებდეს, პარტიასაც შევქმნიდით.

- პარტიის შექმნა ასეთი იოლია?

- პარტიის დარეგისტრირება კაპიკებთან არის დაკავშირებული. იმხელა 10.000-იანი მარში მოვაწყვეთ და პარტიას ვეღარ დავარეგისტრირებდით? ეს არ იქნებოდა პრობლემა.

- ამდენი ფული გაქვთ?

- ფული არა გვაქვს, მაგრამ პარტიის დასარეგისტრირებლად საკმარის თანხას რამენაირად შევაგროვებდით. არჩევნებზეც არ გამოვიდოდით ცუდად. პატრიოტთა ალიანსსა და დემოკრატიულ მოძრაობაზე მეტ ხმას მივიღებდით, მაგრამ ეს არ გვაინტერესებს.

- დაახლოებით ერთი თვის წინ თქვით, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც მოითხოვდით. ეს მოთხოვნა ისევ ძალაშია?

- იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მოთხოვნაზე მყისიერი რეაქცია არ იქნება, ამ მოთხოვნასაც დავაყენებთ. მინდა, ჩვენი მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც სწორად იქნეს აღქმული. ჩვენ პერსონალურად არც პრემიერს ვებრძვით და არც რომელიმე მინისტრს. ჩვენ ამ სისტემის დანგრევა გვინდა. ამ სისტემას შევარდნაძის დროს ჩაეყარა საფუძველი და დღემდე ყვავის.

- თქვენი აქცია, სავარაუდოდ, როდის დაიწყება?

- თარიღთან დაკავშირებით საბოლოო პასუხს მომავალ კვირაში გეტყვით.

- თქვენი აქცია ემთხვევა პატრიოტთა ალიანსის აქციას და ეს ხალხს ხომ არ დააბნევს?

- არა მგონია. მათ აქცია 17 სექტემბერს დააანონსეს და რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა აქვთ, თან ისინი პარლამენტთან იქნებიან, ჩვენ – კანცელარიასთან.

- ეს 2 შენობა ერთმანეთთან ახლოს არის და თქვენი გაერთიანება ხომ არ მოხდება?

- გამორიცხულია. ქართული მარში არავისთან გაერთიანდება. ჩვენი მიზანი სისტემის დანგრევაა. ამდენის მოთმენა აღარ შეიძლება – ხელისუფლება სოროსის წიწილებით გაივსო.

საქართველო და მსოფლიო“, 14-19 სექტემბერი, 2017 წელი

თბილისური კორიდა

დიმიტრი მონიავა

თბილისის მერის არჩევნები ფრიად მოსაწყენი იქნებოდა, ძველი, ფაქტობრივად ორპოლუსიანი მოდელის პირობებში რომ ჩატარებულიყო, როდესაც “ქართულ ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდათ. დღეს კი შეიქმნა სიტუაცია, როდესაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეიძლება ამ ორ ძალაზე განაწყენებული ამომრჩევლების მობილიზება მოახდინოს. ეს, ალბათ, არ იმოქმედებს არჩევნების საბოლოო შედეგზე, თუმცა ქართულ პოლიტიკაზე მაინც იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას.

2014-ში, თვითმმართველობის არჩევნებზე, ჯერ კიდევ დიდი იყო 2012 წლის ყოვლისმომცველი პოლარიზაციის ინერცია, ნდობა ივანიშვილის მიმართ ჯერ კიდევ მაღალი იყო, ხოლო ნაციონალების რევანშის საფრთხე სავსებით რეალურად აღიქმებოდა. თუმცა იყო საკმაოდ ბევრი იმედგაცრუებულიც, რომლებსაც ორივე მხარე და მათი უცნაური სიმბიოზი არ მოსწონდა. მაშინ არჩევნების პირველ ტურში თბილისელი ამომრჩევლების 37,3% მონაწილეობდა _ “მეოცნებე” ნარმანიამ ხმათა 46.09% მიიღო, ხოლო ნაციონალმა მელიამ _ 27,97%. რაც შეეხება სხვებს: “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ 12,81% მიიღო, ირმა ინაშვილმა (“პატრიოტთა ალიანსი”) _ 5,37%, ასმათ ტყაბლაძემ (ლეიბორისტული პარტია) _ 2,46%, კახა კუკავამ (არასაპარლამენტო ოპოზიცია) _ 2,32%, გიორგი გაჩეჩილაძემ (მწვანეთა პარტია) – 1,13%, დანარჩენმა შვიდმა კანდიდატმა კი 1%-ზე მეტი ვერ მოაგროვა.

ლორთქიფანიძის შედეგი ნამდვილად არ იყო ცუდი, იმის გათვალისწინებით, რომ თანმიმდევრული პროდასავლელები ბურჯანაძის გუნდის წარმომადგენლებს ხმას პრინციპულად არ აძლევენ. ის, სავარაუდოდ, მეტსაც მიიღებდა, რომ არა ირმა ინაშვილის ფაქტორი, რომელმაც წელსაც შეიძლება იგივე როლი შეასრულოს და არანაციონალური ოპოზიციის მთავარ კანდიდატს რამდენიმე პროცენტი “წაართვას”. საერთოდ, იმ პერიოდში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებდა: ნაკლებად პრინციპული პოლიტიკა ძველი რეჟიმის წარმომადგენელთა მიმართ კოაბიტაციის პოლიტიკით და იმედგაცრუება გადაჭარბებული დაპირებების შეუსრულებლობის გამო; აგრეთვე, იყო საკადრო საკითხებთან, საგარეო პრიორიტეტებს და ა.შ. დაკავშირებული პრეტენზიები, მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძეს არ ეყო რესურსი ყველა უკმაყოფილოს მობილიზებისთვის, რომელთა უმრავლესობამ პროტესტი “ჩუმი ბოიკოტით”, არჩევნებზე არმისვლის ფორმით გამოხატა.

სამი წლის განმავლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. “ნაცმოძრაობაში” რღვევისა და დასუსტების პროცესი გაგრძელდა და მისი წარმოჩენა სასიკვდილო საფრთხედ “ქართული ოცნებისთვის” შედარებით რთული გახდა. მმართველი პარტიის ავტორიტეტი დაეცა. სამაგიეროდ, გაიზარდა იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთათვის კატეგორიულად მიუღებელია ორპოლუსიანი “ნაც-ქოცური” სისტემის ორივე ელემენტი. მეტიც, ისინი უნდობლად უყურებენ ყველა ძველ პარტიას (მსგავსი განწყობა დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში ძლიერდება). ამ დროს ჰორიზონტზე გამოჩნდა ალექანდრე ელისაშვილი, რომელიც კენჭს იყრის, როგორც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი.

მისი პოტენციალი კარგად გამოჩნდა იმავე 2014-ში, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” თბილისში მოიგო ყველა მაჟორიტარული ოლქი, საბურთალოს (#03.05) გარდა, სადაც მისმა წარმომადგენელმა გივი ჭიჭინაძემ ხმათა 28,82% მიიღო, ნაციონალმა ჯარჯი დოლიძემ _ 24,54%, ხოლო პირველ ადგილზე გასულმა ელისაშვილმა _ 33,59% (დანარჩენმა კანდიდატებმა ჯამში 13,05% მოაგროვეს, მათ შორის ყველაზე მეტი _ შალვა ობგაიძემ (6,3%) “გაერთიანებული ოპოზიციიდან” და იოსებ ბაძაღუამ “პატრიოტთა ალიანსიდან” (3,39%). ელისაშვილის სასარგებლოდ მაშინ კარგად იმუშავა მისმა საქმიანობამ “ტფილისის ჰამქარში” და ჟურნალისტურმა წარსულმა. საკრებულოში ყოფნის პერიოდში ის ცდილობდა, შეენარჩუნებინა პრინციპული პოლიტიკოსის იმიჯი და მწვავედ აკრიტიკებდა ქალაქის ხელისუფლებას. ამავე დროს ჰქონდა აშკარა, მისი რეიტინგისთვის საზიანო ჩავარდნებიც (მაგ., შეწყალების კომისიასთან დაკავშირებული სკანდალი). ის უკეთეს პირობებში იმყოფება, ვიდრე ლორთქიფანიძე 2014-ში, რადგან არ ასოცირდება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, მაშინ, როდესაც გადაღლილობა ძველი სისტემისგან და სიძულვილი მის მიმართ საზოგადოებაში გაზრდილია.

პოტენციალის არსებობა თავისთავად “მაკრონის სასწაულის” გამეორებას არ ნიშნავს. ელისაშვილს არ აქვს საკმარისი რესურსი, ამასთანავე, ის თბილისურ ელიტას, უბრალოდ, არ სჭირდება. ამ სოციალური ჯგუფისთვის გაცილებით უსაფრთხოა, შეუთანხმდეს კახა კალაძეს ივანიშვილთან გაფორმებული დაუწერელი პაქტის ფარგლებში, რომელიც ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობასა და პრივილეგიების ხელშეუხებლობას გულისხმობს. გამორიცხული არაა, რომ ელისაშვილი თავისი რადიკალური განცხადებებით (არადა რადიკალიზმის გარეშე ამ სიტუაციაში მასების მობილიზება თითქმის შეუძლებელია) მას აფრთხობს, რადგან “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მსგავსი ლოზუნგებით მოსულმა ადამიანებმა ქონებისა და გავლენის სფეროების ტოტალური გადანაწილება დაიწყეს. არჩევნების მოგება თბილისში ელიტის (ან თუნდაც მისი ნაწილის), მხარდაჭერის თუ არა, კეთილგანწყობის გარეშე მაინც პრაქტიკულად შეუძლებელია. მისი პოზიცია კი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: არსებული სისტემა ცუდია, თუმცა მისი დესტაბილიზაცია გაუმართლებლად ძვირი დაჯდება.

ამასთანავე, ხელისუფლებას ამჯერად უფრო ძლიერი კანდიდატი ჰყავს, ვიდრე 2014-ში, მას ზურგს გაცილებით დიდი რესურსი უმაგრებს და ექსპერტთა წრეში საუბარი რეალურად არა გამარჯვებულის ვინაობაზე, არამედ იმაზე მიდის, დასრულდება თუ არა ყველაფერი პირველ ტურშივე _ ხელისუფლებისთვის ეს გაცილებით კომფორტული იქნებოდა. თუმცა ყველაზე საინტერესო განხილულ კონტექსტში, ალბათ, “ნაცმოძრაობის” პოზიციაა.

დასუსტების მიუხედავად, “ნაცმოძრაობა” კვლავინდებურად ინარჩუნებს ძველი ამომრჩევლების ნაწილს და ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზიაც აქვს. მის მესვეურებს შესანიშნავად ესმით, რომ რევანშის მცდელობა, “ჯიბის ოპოზიციის” როლის შესრულებისგან განსხვავებით, სასიკვდილო საფრთხეს დაუკავშირდება და მათ, რომ იტყვიან, “მხოლოდ ერთი მცდელობა ექნებათ”. ობიექტური წინაპირობები ნაციონალების რევანშისთვის დღეს არ არსებობს; ამისთვის, სხვა ყველაფერთან ერთად, აუცილებელია, ხელისუფლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს. ამ გარემოების გააზრებიდან სავსებით ბუნებრივად შეიძლება დაიბადოს ალეკო ელისაშვილის ფაქტორის გამოყენების იდეა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ნაციონალები გამწვავებაზე წავლენ, ერთგული მომხრეების გარდა, მათ არავინ გაჰყვება, ხოლო მათი მოწინააღმდეგეები ერთ მუშტად შეიკვრებიან; მაგრამ სიტუაცია განსხვავებული იქნება, თუ ხელისუფლების ოპონენტები ელისაშვილის გარშემო გაერთიანდებიან, ხოლო ნაციონალები კულისებიდან იმოქმედებენ და ცეცხლზე ნავთს დაასხამენ, რადგან ავანსცენაზე გამოსვლა და ელისაშვილის ღია მხარდაჭერა ბევრ მის მომხრეს არ მოეწონება.

ეს თითქოს ლოგიკური ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში “ნაცმოძრაობის” ტაქტიკური და სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მას, ერთი მხრივ, სურს, ხელისფლების პოზიციები შეასუსტოს და, თუ ეს შესაძლებელი იქნება, სხვისი ხელით “მაიდანის” პროვოცირებაც მოახდინოს, მაგრამ ამავე დროს მეორე ადგილი არ ეთმობა (პირველზე თბილისში ვერც იოცნებებს), რაც “მთავარი ოპოზიციური ძალის” დაკნინების კიდევ ერთი ნიშანი გახდება. ეს ორი მისწრაფება ნაციონალებს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით უბიძგებს.

არის თემა, რომლის გარშემო ყველა ოპოზიციური კანდიდატი შეიძლება გაერთიანდეს ისე, რომ ნაციონალების სიახლოვემ ოპოზიციონერი ამომრჩევლების დიდი გაღიზიანება არ გამოიწვიოს _ ეს არჩევნების გაყალბებაა. საუბარი მასზე შეიძლება მომგებიანი გამოდგეს იმ შემთხვევაში, თუ სახელისუფლო კანდიდატის შედეგი 50%-ს ოდნავ გადასცდება, ხოლო მისი ოპონენტები წინასწარ შეთანხმდებიან თანამშრომლობის პრინციპებზე. თუმცა იმის გამო, რომ გაყალბებას თითქმის ყველა არჩევნების შემდეგ ახსენებენ, ამ თემის სამობილიზაციო პოტენციალი შედარებით მცირე იქნება, თუ მაქინაციები დოკუმენტურად არ დადასტურდება.

ამ საფრთხის მიუხედავად, ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ურჩევნია, ძალები დაძაბოს და გამარჯვებას პირველ ტურშივე მიაღწიოს ან, უკიდურეს შემთხვევაში, მეორე ტურში ნაციონალების კანდიდატს დაუპირისპირდეს, რომელსაც გარანტირებულად დაამარცხებს. ყველაზე პრობლემური ვარიანტი ხელისუფლებისთვის არის მეორე ტური ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის გარშემო შეიძლება ყველა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი გაერთიანდეს, ხოლო ნაციონალები შეეცდებიან, სიტუაცია არიონ, მთავარი ისაა, რომ ასეთი მეორე ტურის შემთხვევაში საბოლოოდ ჩამოინგრევა ისედაც შერყეული, უზარმაზარი პოლიტტექნოლოგიური კონსტრუქცია “ქართული ოცნება ნაცმოძრაობის წინააღმდეგ” (იგივე “დიდი ბოროტება მცირე ბოროტების წინააღმდეგ”), რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის წარმატებას უზრუნველყოფდა. მასობრივი ამომრჩევლის ცნობიერებაში შესუსტდება მთელი რიგი სტერეოტიპების გავლენა და ის გაცილებით არაპროგნოზირებადი და, შესაბამისად, ძნელად სამართავი გახდება.

პრობლემას ხელისუფლებისათვის ქმნის არა ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც არც ისე ბევრი რესურსი აქვს და ხშირად ცივი გათვლის უნარი ღალატობს (რაც კარგად გამოჩნდა იმავე “შეწყალების კომისიის სკანდალის” პერიოდში) და არც დასუსტებული “ნაცმოძრაობის” რევანშისტული ოცნებები, არამედ ის, თუ ამომრჩეველი დაინახავს ალტერნატივას ორპოლუსიანი სისტემის მიღმა და გაუჩნდება მოქმედების სურვილი, ბრძოლის აზარტი, თუნდაც კონკრეტული არჩევნები ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს დასუსტებული ოპოზიციისგან მომავალი საფრთხე ნაკლებად აღელვებს, მაგრამ გამოფხიზლებული ხალხის ნამდვილად ეშინია.

Comments are closed