„რეზონანსი“: ვიზალიბერალიზაცია, სულ მცირე, ერთი კვირით გადაიდო // ევროკომისიის მოულოდნელი გადაწყვეტილება
„რეზონანსი“: რას ელოდება ხალხი უვიზო რეჟიმისგან // „ჩემთვის დიდი შვებაა, შენგენის ქვეყნებში მხოლოდ პასპორტით რომ შეგიძლია წასვლა, ეს ძალიან მაგარია“
„რეზონანსი“: საქართველო მიიღებს თუ არა უვიზო რეჟიმის შემოღებაზე თანხმობას?
„რეზონანსი“: ჩინოვნიკების ხელფასი 5-ჯერ მეტად გაიზარდა, ვიდრე პენსია // უახლოესი წლების განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება
„რეზონანსი“: საინვესტიციო ზარალი! // ქვეყნიდან უფრო მეტი კაპიტალი გადის, ვიდრე შემოდის
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან
„ახალი თაობა“: ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „ალეკო ელისაშვილი ნაციონალების ინტერესს ატარებს… სოფლის ორღობეში რომ ჭორიკანა კაცები არიან, ზუსტად ისე იქცევა»
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „მე ბიძინა ივანიშვილის არც ფინანსური და არც პოლიტიკური ვალი არა მაქვს“ // მურმან დუმბაძე ლეონიდ ჩერნოვეცკის უერთდება
—————————-
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2015 წელი
ვიზალიბერალიზაცია, სულ მცირე, ერთი კვირით გადაიდო
ევროკომისიის მოულოდნელი გადაწყვეტილება
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში დღეს აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი. თუმცა რამდენადაა ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება საბჭოზე გამოხატული წევრი ქვეყნების პოზიციასთან, ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული.
გუშინვე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანგარიშის მომზადება თავიდანვე დაგეგმილი იყო დეკემბრისთვის და ევროკომისია პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აგრძელებს მუშაობას, რათა იგი თვის ბოლომდე იქნეს გამოქვეყნებული.
მან აღნიშნა, რომ გუშინ მართლაც გაიმართა დისკუსია ვიზალიბერალიზაციის შესახებ და აღნიშნა, რომ პროცესი ვითარდება საჭირო მიმართულებით: “საერთო შეფასება არის დადებითი და საჭიროა არსებული სულისკვეთების შენარჩუნება. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ხალხისათვის და ეს იქნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი”.
მოგირენიმ დაადასტურა, რომ დოკუმენტი დეკემბერში, უახლოეს დღეებში გახდება საჯარო. დღის განმავლობაში ევროკომისიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ანგარიშის გამოქვეყნების სხვადასხვა თარიღი დასახელდა: კვირის ბოლო, ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ და მომავალი კვირის დასაწყისი, 21 დეკემბერი.აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა უარი განაცხადა რამე კომენტარის გაკეთებაზე.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების კომისარი იოჰანეს ჰანი გუშინ დილით აცხადებდა, რომ დღეს უკვე გვექნებოდა პოზიტიური ანგარიში, რეკომენდაცია საქართველოსა და უკრაინის შესახებ.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა ასევე დაადასტურა ანგარიშის გამოქვეყნების გადადების შესაძლებლობა. თუმცა მისი აზრით, ამის მიზეზი არაა პოლიტიკური და უფრო ტექნიკური საკითხების შეთანხმების აუცილებლობასთან გვაქვს საქმე. იგი დარწმუნებულია, რომ ანგარიში სულ მალე გამოქვეყნდება და იქნება პოზიტიური.
ბრიუსელი ხვალ, ოთხშაბათს ელოდება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან უმაღლეს დონეზე გამართავს შეხვედრებს. შესაძლოა, ამ ვიზიტის ფარგლებში მოგვარდეს ყველა წამოჭრილი “ტექნიკური” საკითხი.
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2015 წელი
რას ელოდება ხალხი უვიზო რეჟიმისგან
“ჩემთვის დიდი შვებაა, შენგენის ქვეყნებში მხოლოდ პასპორტით რომ შეგიძლია წასვლა, ეს ძალიან მაგარია“
თაკო მათეშვილი
რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შეეძლება თუ არა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა. პროგნოზები ოპტიმისტურია, მოლოდინი კი არაერთგვაროვანი – მოსახლეობის ნაწილის აზრით, ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, ნაწილი კი ამბობს, რომ უბრალო მოქალაქეებისათვის მოგზაურობა პრიორიტეტი არაა.
ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება. უფრო კონკრეტულად, ანგარიშში წარმოდგენილი იქნება შეფასებები, თუ რამდენად წარმატებულად შეასრულეს საქართველომ და უკრაინამ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის აუცილებელი პირობები.
ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა ბრიუსელში დაწყებული ევროკავშირის საბჭოს სხდომის ერთ-ერთი თემა იყო გუშინაც. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ანგარიში “მაქსიმალურად პოზიტიური” იქნება.
დამაიმედებელი იყო სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებაც – “გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მისაღებია. სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ პოზიტიურ გზაზე ვართ”, – აცხადებს ჰანი.
საქართველოს ხელისუფლებაშიც და პოლიტოლოგთა წრეებშიც დარწმუნებულები არიან, რომ მალე საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. შეფასება, რომელიც ევროკომისიამ უნდა დადოს, მათი აზრით, დადებითი იქნება, ვინაიდან ქვეყანამ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა.
როგორც ჩანს, მთავრობაში იმდენად დიდია დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად სარეზერვო ფონდიდან 220 450 ლარი უკვე გამოყო. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
პოზიტიურ ანგარიშს ელის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძეც და ამბობს, რომ ეს იქნება აღიარება იმ საქმიანობისა, რომელიც ყველა უწყების მიერ ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად იქნა განსაზღვრული. აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიზნით საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა, მათ შორის ცვლილებები შევიდა 70-ზე მეტ კანონში და ქვეყანა შეუერთდა არაერთ შესაბამის კონვენციას.
რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, დავით ბაქრაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური ანგარიში გამოქვეყნდება, კომისია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით უკვე ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს მიმართავს.
“შემდგომ უკვე პროცესი წარიმართება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებით დადასტურდეს ის, რაც ტექნიკური შეფასების თვალსაზრისით ევროკომისიამ დღეს უნდა გამოაცხადოს”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, უვიზო რეჟიმი განხორციელდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელსაც ბიომეტრული პასპორტი გააჩნია. ბაქრაძემ მოლდოვას მაგალითი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოლდოვას შემთხვევაში, 70 ათასამდე მოქალაქემ აიღო ბიომეტრული პასპორტი და ამ მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლა.
მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 ფაზას მოიცავს, ქვეყანამ 2013 წლის თებერვალში მიიღო. 2015 წლის 21-22 მაისს რიგაში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, სადაც საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოები მესამედ შეაფასეს, ქვეყანას სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დროებით უარი ეთქვა და მეოთხე შეფასება სექტემბრისათვის დაიგეგმა.
ამ მიზნით, ქვეყანას ევროკავშირის შემფასებელთა მისია სექტემბრის ბოლოს 4 დღიანი ვიზიტით ეწვია. მათ შეისწავლეს ღონისძიებები, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა და გაწეული სამუშაოს შეფასება სწორედ დღეს უნდა გამოქვეყნდეს.თუმცა, თუ მათ პოზიტიური შეფასება მოგვცეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლას ავტომატურად მივიღებთ. არსებული პროცედურის თანახმად, თუკი დასკვნა დადებითი იქნება, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რაზეც გავლენას არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებიც ახდენს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის „შენგენის შეთანხმების“ მონაწილე ქვეყნებში (შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. რაც იმას ნიშნავს, რომ 180 დღიანი შუალედით, საქართველოს მოქალაქეებს 90 დღით ევროპულ ქვეყნებში წასვლა თავისუფლად შეეძლებათ. ვიზალიბერალიზაცია არ იძლევა იქ დასაქმების, ცხოვრების, ან სწავლის შესაძლებლობას.
მოსახლეობაში კი მოლოდინი, როგორც “რეზონანსმა” გაარკვია, საკმაოდ მაღალია. მართალია, არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სიახლე უბრალო მოქალაქეებს ნაკლებად შეეხებათ და ამ სიკეთით ისევ “მდიდარი ფენა” ისარგებლებს, თუმცა ასეთების რიცხვი გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს სრული ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია, რას მოიცავს იგი და როგორ უნდა ისარგებლოს იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანამ ეს უფლება მიიღო. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ხალხს შესაბამისად უნდა აუხსნას, თუ რა სარგებელს იღებს ქვეყანა და როგორ გამოიყენოს იგი რიგითმა მცხოვრებმა.
როგორც ამოჩნდა, ბევრს ვიზალიბერალიზაცია ევროპაში სამუშაოდ, საცხოვრებლად, ან სასწავლებლად წასვლის შესაძლებლობა ჰგონია. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ეგონათ, რომ უვიზო რეჟიმის მიღებით ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდებოდა.
ნატა (21 წლის, სტუდენტი): “სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია და რას მივიღებთ ამით. ვიცი, რომ ევროპაში წასვლა ვიზის გარეშე შეგვეძლება, მაგრამ რამდენი ხნით? გარკვეული დროით, თუ სამუდამოდ? იქაურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარო, მაგის უფლებასაც ნიშნავს? ჩემნაირი ალბათ ბევრია, ალბათ ბევრმა არ იცის, როგორ უნდა გამოვიყენოთ უვიზო რეჟიმი და კარგი იქნება, თუ საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რომლითაც ყველას მარტივ, გასაგებ ენაზე აუხსნიან, რას გულისხმობს ეს ყველაფერი.”
ირაკლი კვეკვეცია (36 წლის, მენეჯერი): “ევროპაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. სხვადასხვა ქვეყანაში ხან სამოგზაუროდ, ხანაც საქმის გამო ჩავედი. ვფიქრობ, უვიზო რეჟიმი ძალიან კარგი იქნება. აღარ მომიწევს ვიზის ჩარტყმაზე წინასწარ სირბილი, საბუთების შეგროვება, დამატებითი ხარჯის გაღება, ანგარიშზე გარკვეული თანხის მოგროვება. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ შეიძლებოდა ყველაფერი მოგეგროვებინა, ხარჯი გაგეწია, წარგედგინა მიზანი, თუ რატომ მიდიხარ ამა თუ იმ ქვეყანაში და კონსულს ვიზა მაინც არ ჩაერტყა – მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დღეს ცუდ ხასიათზე იყო. მქონდა ასეთი შემთხვევა – გერმანიაში ერთ-ერთი ძალიან კარგი და სერიოზული სემინარიდან მიწვევა მივიღე და ამის მიუხედავად, ვიზა მაინც არ მომცეს. მოკლედ, უვიზო რეჟიმი პირადად ჩემთვის დიდი შვებაა. შენგენის ქვეყნებში 90 დღით მხოლოდ პასპორტის საფუძველზე რომ შეგიძლია წასვლა, ეს ძალიან მაგარია.”
მარინა ხორბალაძე (56 წლის. ძიძა): “მართალია, მეეჭვება, პირადად მე ევროპაში სამოგზაუროდ წასვლა შევძლო, ან საქმის გამო დამჭირდეს ეს, მაგრამ უვიზო მიმოსვლას, რა თქმა უნდა, მივესალმები. მე თუ ვერა, ჩემი შვილები და შვილიშვილები მაინც ხომ ისარგებლებენ. თანაც, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა რომ გაქვს, ეს ქვეყნის რეპუტაციაზეც კარგად მოქმედებს.”
ქალბატონი ცირა (62 წლის, დიასახლისი): “რა დროს უვიზო მიმოსვლაა, როცა ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს? ვიზა თუ აღარ დამჭირდება, სამოგზაუროდ ვივლი სულ? ჩემნაირ უბრალო ხალხს ევროპაში სიარულის შესაძლებლობა არ აქვს და ვისაც მაგის ფული აქვს, იმას ვიზის გასაკეთებელიც ექნება. ვისაც წასვლა უნდოდა, ისედაც წავიდა. ახალგაზრდობა სულ საზღვარგარეთაა გაკრეფილი და თუ წასვლა კიდევ უფრო გამარტივდება, აქ რაღა გააჩერებთ?!”
ქეთევან მესხი (28 წლის, საბავშვო ბაღის აღმზრდელი): “ჩემი ერთი მეგობარი იტალიაში ცხოვრობს, მეორე ესპანეთში, მესამე გერმანიაში მუშაობს, ასე რომ, როგორც კი უვიზო რეჟიმი გვექნება, ფულის მოგროვებას დავიწყებ, რომ ერთ ზაფხულს ერთთან ჩავიდე დასასავენებლად, მეორე ზაფხულს მეორესთან და ა.შ. როცა მეცოდინება, რომ გაშვებაზე უარს არ მეტყვიან და 90 დღის განმავლობაში იქ კანონიერად ვიქნები, რა თქმა უნდა, ბევრად გამიმარტივდება ყველაფერი. აქამდე რომ წავსულიყავი, ჯერ ვიზის საბუთები უნდა მომეგროვებინა, წარმედგინა სასტუმროს ჯავშანი, ანგარიშზე რამდენიმე ათასი ევრო და მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლებოდა არ ჩაერტყათ. ანუ, ვიზარალებდი. ახლა ამის საშიშროება აღარ იქნება და, რა თქმა უნდა, ბევრი მოინდომებს წასვლას.”
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2015 წელი
საქართველო მიიღებს თუ არა უვიზო რეჟიმის შემოღებაზე თანხმობას?
ნინო ქეთელაური
როგორ ფიქრობთ, საქართველო მიიღებს თუ არა უვიზო რეჟიმის შემოღებაზე თანხმობას? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გოგი თორაძე (რეჟისორი): “ღმერთმა ქნას, რომ ეს დადებითად გადაწყდეს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ეს არის ზოგიერთი ქვეყნის მკაცრი მოთხოვნა ლტოლვილებთან და ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომ დროებით ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ღმერთმა ქნას, რომ მე ვცდებოდე და 2016 წელს გვქონდეს უვიზო მიმოსვლა. ეს აუცილებელია, რადგან ადამიანების ნაწილს ძალიან დიდი წვალების ფასად უჯდება საზღვრებს მიღმა გასვლა”.
დავით მაღრაძე (პოეტი): “მე ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლა ძალიან მალე გვექნება და რაც მთავარია, მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან სასარგებლო”.
ნინო ლაპიაშვილი (ა/ო “სუფთა პოლიტიკა”): “ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ბოლო დროს გამოქვეყნებული შეფასება იმდენად დადებითი იყო, რომ მე ვფიქრობ, საქართველოს ყველა ძირითადი მოთხოვნა შესრულებული აქვს და წესით, უნდა მივიღთ ევროკავშირისგან ეს ბენეფიტი. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა და წევრი სახელმწიფოების მოლაპარაკების დონეზე არ გაიწელა პროცესი, ჩემი აზრით, საკმაოდ მალე დავიმსახურებთ წამახალისებელ ნაბიჯს ევროკავშირისგან, რომელიც ასევე გახდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დამაჩქარებელი ნაბიჯიც. მთავარია საქართველომ სწორად გამოიყენოს და შეასრულოს ყველა ვალდებულება. ეს არის ის, რაც დავიმსახურეთ იმიტომ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები ეტაპობრივად და საკმაოდ წარმატებით შესრულდა”.
გია როინიშვილი (მსახიობი): “ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სჭირდება უვიზო მიმოსვლა. ქართველმა ხალხმა ეს გადაწყვეტილება დაიმსახურა”.
ქეთი ბექაური (იურისტი): “ჩემი სურვილია, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. მიმაჩნია, რომ საქართველომ შეასრულა ის მესიჯები, რაც ეხებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხის დარეგულირებას. ჩვენ კარგად ვიცით, ამ კუთხით, წინა ხელისუფლების პერიოდი როგორ იქნა შეფასებული. ჩემი აზრით, ეს გამოცდა საქართველომ ჩააბარა. ასევე, სამართლიანობის აღდგენის პროცესიც დაწყებულია და იმაზე მეტია გაკეთებული, რაც მანამდე. სასამართლო სისტემის კუთხითაც საქართველომ ჩააბარა ეს გამოცდა და ხშირად გვესმის, რომ სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არასდროს ყოფილა. მე მგონია, რომ ძირითადი პუნქტები შესრულებელია და ისღა დაგვრჩენია ევროკავშირს დაველოდოთ. საქართველომ თავის მხრივ, დემოკრატიისკენ ღირსეული ნაბიჯები გადადგა. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყოს ვიზალიბერალიზაცია, ყოველ შემთხვევაში საქართველო გამოცდებს წარმატებით აბარებს”.
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2015 წელი
ჩინოვნიკების ხელფასი 5-ჯერ მეტად გაიზარდა, ვიდრე პენსია
უახლოესი წლების განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება
მაკა ხარაზიშვილი
ბოლო 10 წლის განმავლობაში პენსია 470%-ით გაიზარდა, საშუალო ხელფასი კი – 300%-ით. თვალშისაცემია ჩინოვნიკების ხელფასების ზრდა, რომელიც დაახლოებით 2500%-ს უახლოვდება. ამასთანავე, პენსიონერებისგან განსხვავებით საჯარო სექტორში დასაქმებულები ყოველთვიურად პრემიებსა და დანამატებსაც იღებენ. მოხელეთა მაღალი ხელფასი პროფესიონალი კადრების შენარჩუნებით აიხსნება, პენსიების მცირედი ზრდა კი პენსიონერების სიმრავლით.
2005 წელს საქართველოში ასაკით პენსიონერები 28-ლარიან პენსიას იღებდნენ. მომდევნო წელს პენსია – 10 ლარით გაიზარდა, 2007 წელს 55 ლარს მიაღწია, 2008 წელს – 70 ლარი, 2009 წელს – 80 ლარი, 2010 წელს პენსია აღარ გაზრდილა, 2011 წელს კი 100 ლარი გახდა, 2012 წელს 110 ლარი, 2013 წელს – 150 ლარი, 2014 წელს 160 ლარი. ანუ ამ პერიოდის განმავლობაში პენსია 132 ლარით, 470%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება საშუალო ხელფასს, 2005 წელს იგი 204 ლარს შეადგენდა, ეტაპობრივი ზრდით კი 2015 წელს 818 ლარს მიაღწია, ანუ გაიზარდა 614 ლარით (300%-ით). მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში პენსია საშუალო ხელფასის 19-ია და ის პოსტსაბჭოთა 15 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საუკეთესო პროპორცია კი ტაჯიკეთშია, სადაც საშუალო პენსია საშუალო ხელფასის 62,5%-ია. მეზობელ აზერბაიჯანში ეს თანაფარდობა 41%-ია, რუსეთში – 35%, სომხეთში კი – 18,5%. უკრაინაში საშუალო პენსია საშუალო ხელფასის 34,4%-ს შეადგენს, ბელარუსში – 42,1%-ს, მოლდოვაში კი – 26,1%-ს. პენსიის საშუალო ხელფასთან თანაფარდობა მაღალია ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. მაგალითად, ლატვიაში საშუალო ასაკობრივი პენსია საშუალო ხელფასის 37,4%-ს შეადგენს, ლიტვაში – 35,5%-ს, ესტონეთში კი – 34,2%-ს.
რაც შეეხება შუა აზიის ქვეყნებს, მართალია, ასაკობრივი პენსია საქართველოსთან შედარებით ყველგან დაბალია (ყაზახეთის გარდა), თუმცა პენსია საშუალო ხელფასთან შედარებით, ჩვენგან განსხვავებით, მაღალია. მაგალითად, ტაჯიკეთში საშუალო პენსია საშუალო ხელფასის 62,5%-ს შეადგენს, ყირგიზეთში – 32,8%-ს, უზბეკეთში – 44,3%-ს, ყაზახეთში – 34,7%-ს, თურქმენეთში კი – 26,6%-ს.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში პენსიასა და საშუალო ხელფასს შორის არსებულ დისპროპორციას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ხელფასის მიმღებთა რაოდენობის შემცირება და პენსიონერთა რიცხვის ზრდა.
“ეს პროპორცია ადრე ცოტა უარესი იყო, ახლა ცოტა უკეთესია, თუმცა კარგი თანაფარდობა ნამდვილად არ არის. საპენსიო სისტემას ეფექტური რეფორმირება სჭირდება. ერთი ხელის მოსმით ამ საქმის გაკეთება რთულია. ამ რეფორმაზე ვისაც უმუშავია, ბოლომდე არავის მიუყვანია”, – ამბობს სოციოლოგი ნოდარ კაპანაძე და აღნიშნავს, რომ არ შეიძლება რეფორმის მოდელირებუ იურისტებს ჩააბარო, ახალი სისტემა პროფესიონალებმა უნდა გაწერონ, მათ ვინც იციან სოციალური მდგომარეობა, სიღარიბისა და უთანაბრობის საკითხები და ა.შ.
“რეფორმის მოდელირება ასეთმა ხალხმა უნდა გააკეთოს და მათ მიერ გაკეთებულ მოდელს საკანონმდებლო ჩარჩო იურისტებმა მოარგონ. იურისტებს თუ რეფორმის გატარებას ჩააბარებ ჩათვალეთ, რომ ის რეფორმა დაღუპულია”, – აცხადებს ნოდარ კაპანაძე.
ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ჩინოვნიკების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ზრდა რამდენჯერმე მოხდა. 2002 წლიდან დღემდე დეპუტატის საშუალო ხელფასი, საშუალოდ, 2426%-ით გაიზარდა, მინისტრის – 2930%-ით, პრეზიდენტის ხელფასი კი – 1625%-ით. თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მატებას ნაცმოძრაობა კორუფციის შემცირების მიზნით ხსნიდა, “ქართული ოცნება” კი ირწმუნება, რომ ხელფასი “ბევრი მუშაობის” გამო მოიმატეს.
“რევოლუციამდელი პარლამენტარები” თვეში ხელფასის სახით 150 ლარს იღებდნენ, 2003 წლის შემდეგ კანონმდებლის ხელფასი რამდენჯერმე გაიზარდა და საბოლოოდ 2000 ლარი გახდა. დღეს კი საქართველოს პარლამენტის რიგითი წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3790 ლარს შეადგენს, ისიც მაშინ, თუ დეპუტატი არ არის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ბოლო 15 წლის განმავლობაში ქართველი დეპუტატების ხელფასი 2426%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მთავრობის წევრების ანაზღაურებას. 2003 წლამდე მინისტრის საშუალო ხელფასი 165 ლარს შეადგენდა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მინისტრის ხელფასი 3540 ლარი იყო, “ქართული ოცნების” მმართველობისას კი მინისტრის ხელფასმა ცვლილება ორჯერ განიცადა. ყოფილმა პრემიერმა მისი გუნდის წევრებს ხელფასი გაუზარდა, მოქმედმა პრემიერმა კი, საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ისევ შეუმცირა. დღეს მინისტრის ხელფასი საშემოსავლოს დაქვითვით 5000 ლარია. საერთო ჯამში, დამოუკიდებლობის პერიოდში ქართველი მინისტრების ხელფასი 2930%-ით გაიზარდა.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჯარო სექტორში ანაზღარების მაჩვენებელმა კერძო სექტორს კონკურენცია მინიმალურ დონეზე მაინც უნდა გაუწიოს, რათა შესაძლებელი გახდეს კარგი კადრების მოზიდვა. პენსიონერებისთვის კი, პენსიის კიდევ უფრო მატება იმ მარტივი მიზეზით ვერ ხერხდება, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მათ რაოდენობას ჩამორჩება. ამიტომ თუკი ხელისუფლებამ დასაქმების დონე ვერ გაზარდა, ეს პრობლემაც პენსიონერების კისერზე გადადის.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 700 ათასამდე ასაკით პენსიონერია. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, დასაქმების სტატისტიკა კი არ იცვლება. ამ დროისთვის, ქვეყანაში 658 ათასი დაქირავებით დასაქმებულია, ანუ 42 ათასით ნაკლები პენსიონერებთან შედარებით. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, საპენსიო ხარჯებისთვის 1,390 მილიარდი ლარია გაწერილი. ეს კი მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 14%-ზე მეტია.
იმისათვის კი, რომ ქვეყანაში, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, მოსახლეობის ასაკობრივი, დემოგრაფიული და სოციალური სტრუქტურა ოპტიმალური იყოს, ყოველ 100 პენსიონერზე დაახლოებით 280-დან 320-მდე დასაქმებული უნდა მოდიოდეს.
ამ პრომლების დასაძლევად რამდენიმე გამოსავალი არსებობს. ერთია დასაქმების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, შემდეგ კერძო საპენსიო სისტემაზე გადასვლისა და პენსიონერების დასაქმების მცოცავი გრაფიკის გაწერა.
დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის აზრით, უახლოესი წლების განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან 60-65 ასაკს მიუხელოვდნენ 50-იანი წლების ბოლოს დაბადებული ადამიანები. იმ პერიოდში კი, მომდევნო წლებთან შედარებით, შობადობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდი იყო.
“ამ კუთხით არსებობს ორი პრობლემა. ერთია – დემოგრაფიული, მეორე – ფინანსურ-ეკონომიკური. ამ ეტაპზე დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა ძალიან რთულია, ვინაიდან მოსახლეობის დაბერების ტემპი საკმაოდ დიდია. მოსახლეობის 15%-ზე მეტია 65 წელს გადაცილებული ადამიანი, ხოლო 60 წელს გადაცილებულთა რიცხვი 20%-საც აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაბერების დონე ძალიან მაღალია”, – ამბობს სულაბერიძე.
იგი აღნიშნავს, რომ პენსიონერები თავის დროზე მუშაობდნენ, სახელმწიფო გადასახადებს იხდიდნენ და მათ ღირსეული პენსია დაიმსახურეს, თუმცა სახელმწიფოს არსებული პენსიის გადახდაც კი გაუჭირდა, ვინაიდან ბიუჯეტზე სოციალური ვალდებულებების წილი ძალიან დიდია.
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2015 წელი
საინვესტიციო ზარალი!
ქვეყნიდან უფრო მეტი კაპიტალი გადის, ვიდრე შემოდის
მაკა ხარაზიშვილი
ბოლო წლებში ქვეყნიდან კაპიტალის გადინება ინვესტიციების შემოსვლის მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება. ეკონომისტები ამ ფაქტს საგანგაშოს უწოდებენ. ბოლო 5 წელიწადში ქვეყანაში 5,543 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და 6,307 მლრდ დოლარის კაპიტალი გავიდა, ანუ საინვესტიციო დისბალანსი 800 მლნ დოლარია.
თუკი შემოსულ ინვესტიციებს შევადარებთ საინვესტიციო მოგებისა და რეზიდენტების მიერ უცხოეთში გატანილი კაპიტალის საერთო მაჩვენებელს, აღმოვაჩენთ, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი თანხა გაედინება, ვიდრე შემოდის. პრობლემის საილუსტრაციოდ ბოლო 5 წლის მაჩვენებლის მოყვანაც საკმარისია.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სოსო არჩვაძის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით 2010 წელს ქვეყანაში 814 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო ქვეყნიდან 872 მილიონი დოლარის კაპიტალი გავიდა (საინვესტიციო მოგება და კაპიტალი). ეს კი შემოსული ინვესტიციების 107%-ია. 2011 წელს კი უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 1,117 მილიარდი დოლარი შეადგინა, ქვეყნიდან გასული კაპიტალი – 1,320 მილიარდი დოლარი (118%) იყო.
ამ მიმართულებით, საგანგაშო ვითარება იყო 2012 წელს, როდესაც შემოსული ინვესტიცია 912 მლნ დოლარის არ აღემატებოდა, ხოლო ქვეყნიდან 1,535 მილიარდი დოლარი გავიდა (168%). 2013 წელს აღნიშნული თანაფარდობა ცოტა შემცირდა – შემოვიდა 942 მილიონი დოლარი, ხოლო გავიდა 1,315 მილიარდი დოლარის კაპიტალი. შარშან ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულმა დაზუსტებული ინვესტიციების მაჩვენებელმა. 2014 წელს ქვეყანაში 1,758 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აღინუსხა, ხოლო ქვეყნის გარეთ მხოლოდ 1,265 მლრდ დოლარის (71,9%) კაპიტალი გავიდა. 2015 წლის პირველ ნახევარში პროპორცია ისევ დაირღვა – შემოსულია 530 მილიონი დოლარი, ხოლო ამ პერიოდში ქვეყნიდან 671 მილიონი დოლარის გადინება მოხდა (126%).
“ჩვენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და რესურსების სიდიდის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო უცხოეთიდან შემოტანილი ინვეტიციები, არამედ მათი შემდგომი ბედიც. კერძოდ ის, რომ წარმოების მომდევნო ეტაპზე ამ ინვესტიციებიდან მიღებული მოგება რჩება საქართველოში თუ გაედინება ფარგლებს გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი რეზიდენტები გარკვეული რაოდენობის თანხის ინვესტირებას უცხოეთში ახდენენ, ანუ საქართველოდან ინვესტიციების გადინებაც ხდება. ამიტომ ეს ფაქტორები სასწორზე უნდა დავდოთ – ერთ მხარეზე უცხოური ინვესტიციები და მეორე მხარეს ამ უცხოური ინვესტიციების უკან მდგარი კომპანიების მიერ მიღებული მოგებას დამატებული ჩვენი მოქალაქეების მიერ უცხოეთში გატანილი რესურსები.
ამ ყველაფერს, რომ დავაჯამებთ, აღმოჩნდება, რომ ცალკეული წლების მიხედვით საქართველოდან მეტი თანხა გადის, ვიდრე შემოდის”, – ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ყველაზე კარგი და ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა, თუკი ინვესტორები ამ უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული მოგების რეინვესტირებას მოახდენდნენ საქართველოში.
“მთავრობამ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ეს კაპიტალი დარჩეს საქართველოში. 90-იანი წლების შუა ხანებში, 2 წლის განმავლობაში, მიღებული იყო კანონი უცხოური ინვესტიციების შესახებ. ქვეყანაში გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ უცხოელი ინვესტორები. მერე ეს კანონი გაუქმდა, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები ისევ თანაბარ პირობებში მოექცნენ. მე ასეთი კანონის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ შეიძლება სხვა შეღავათი გაკეთდეს. მაგალითად, შემცირდეს მოგების გადასახადი”, – აცხადებს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს საკანონმდებლო დონეზეც უნდა გაუჩინოს ინტერესი.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ მოგების გადასახადით ლავირება კარგი სიგნალი იქნებოდა ინვესტორისთვის, თანაც ამ გადასახადიდან ბიუჯეტი არც ისე ბევრ თანხას იღებს.
“ყოველწლიურად საკმაოდ დიდი თანხა გადის უცხოეთში – ასეულობით მილიონი დოლარი. ამ ფულის ბრუნვაზე გარკვეული საგადასახადო შეღავათები უნდა დაწესდეს, რათა ქვეყანამ ეს კაპიტალი შეინარჩუნოს. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი იქნება თუკი ხელისუფლება მოგების გადასახადზე დაფიქრდება”, – დასძენს ავტო სილაგაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 10 წლის განმალობაში საქართველოში 11 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა. ერთი შეხედვით, ამ რაოდენობის კაპიტალს ქვეყნის ეკონომიკა ბევრად წინ უნდა წაეწია, ვიდრე ამჟამადაა. რეალურად კი ქვეყანაში არც უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირებულა და არც სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულა. სპეციალისტების ნაწილი ასევე თვლის, რომ საქართველოში, ძირითადად, სპეკულაციური ინვესტიციები შემოდიოდა, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე არ აისახა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ათ წელიწადში, 2005-14 წლებში, საქართველოში 10,909 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: 2005 წელს – 450 მილიონი დოლარი, 2006 წელს – 1,190 მლრდ დოლარი, 2007 წელს – 2,014 მლრდ დოლარი, 2008 წელს – 1,564 მლრდ, 2009 წელს – 660 მლნ, 2010 წელს – 814 მლნ, 2011 წელს – 1,117 მლრდ, 2012 წელს – 911 მლნ, 2013 წელს – 942 მლნ, 2014 წელს – 1,758 მლრდ დოლარი, 2015 წლის სამ კვარტალში კი 1,09 მლრდ.
ინვესტიციები ეკონომიკის ყველა დარგში შეიძლება ჩაიდოს, მაგრამ პირდაპირი ინვესტიციების ცნებაში უპირველესად პროდუქციის გამომშვები ახალი კაპიტალური საწარმოების მშენებლობა მოიაზრება. მიუხედავად ტექნოლოგიის მიღწევებისა, საწარმოო ძალების განმსაზღვრელ ფაქტორად მაინც ადამიანები რჩებიან. ამდენად, დაბანდებული კაპიტალის მოცულობა პირდაპირ კავშირშია დასაქმებულთა რაოდენობასთან. რაც მეტია ინვესტიციის მოცულობა, მით მეტი სამუშაო ადგილი უნდა იქმნებოდეს ქვეყანაში.
ავთო სილაგაძის აზრით, საქართველოში შემოსული ინვესტიციები, ძირითადად, მოკლევადიან სამუშაო ადგილებს ქმნის. გარდა ამისა, ჩვენთან სტატისტიკურად დასაქმების მაჩვენებლები იმდენად არარეალურია, რომ შეიძლება მოსახლეობის ნაწილი მართლაც დასაქმდა, თუმცა არსებული მეთოდოლოგიით ეს ადამიანები უკვე ისედაც აღნუსხული იყო დასაქმებულებში.
“ბუნებრივია, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოდის, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, შესაბამისად, დასაქმების მაჩვენებელში აისახოს. თუკი ინვესტორი უძრავ ქონებას შეიძენს, დამატებით ინვესტიციებს არ განახორციელებს და ამ ყველაფერს დააკონსერვებს, სამუშაო ადგილი არ შეიქმნება”, – ამბობს ავთო სილაგაძე.
ეკონომისტთა გაანგარიშებით, ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად საჭიროა 25-30 ათასი დოლარის ინვესტიცია. 2005 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში 388,9 ათასიდან 534,9 ათას კაცამდე გაიზარდა, ე.ი. 146 ათასი კაცით. 11 მილიარდი დოლარის ინვესტიციის პრობებში კი დასაქმებულთა რაოდენობა უნდა გაზრდილიყო 400 ათასი კაცით.
ამგვარ კვლევაზე დაყრდნობით ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა იყო არა პირდაპირი, არამედ სპეკულაციური კაპიტალდაბანდება. სავარაუდოდ, მოხდა კონკრეტული ობიექტების აქტივების ყიდვა და ერთი-ორი წლის შემდეგ მათი გადაყიდვა, როგორც საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მადნეულის, ჭიათურმანგანუმის, მეტალურგიული ქარხნის, ფოთის ტერმინალის, ბათუმის პორტისა და სხვა შემთხვევებში.
„ახალი თაობა“, 15 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან
„ახალი თაობა“ საქართველოს პარლამენტის წევრ, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა. საკითხი პატიმრების შეწყალების პრობლემას, შეეხო.
- ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, რა ინფორმაცია მიაწოდა დაკითხვის დროს პროკურატურას ბატონმა ელისაშვილმა, ან რა თქვა სხვა ბატონმა ასევე პროკურატურაში. ჩვენთვის ოფიციალურად ცნობილია, რომ პროკურატურას სწორედ იმ მუხლით, რომელიც გულისხმობს გავლენის გამოვლენას, აქვს საქმე აღძრული, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
- ბატონო ლევან, იქნება თუ არა ეს საქმე პროკურატურისთვის, ირაკლი შოთაძისთვის, ერთგვარი ტესტი?
- დიახ, შეიძლება ეს საქმე იყოს ტესტი. მთავარი არის, რა მტკიცებულებებია ამ საქმეში. შეიძლება იყოს ცნობა, შეიძლება ვინმე რამეს ამბობს, მაგრამ თუ მტკიცებულება არ არის, მაშინ ვერც ახალი და ვერც ძველი პროკურორი ფოკუსს ვერ მოახდენს, ამიტომ ვამბობ, რომ მტკიცებულებები უნდა იყოს, ასევე უნდა მოხდეს გამოძიება, უნდა მოიძებნონ მოწმეები და ა.შ.
- ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას აქვს მესიჯები და ზარები, რომელთა გასაჯაროებისკენ მას მანანა კობახიძე მოუწოდებს...
- პროკურატურა თვითონ გაერკვევა, რა უნდა ქნას. ვნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება.
- როგორც ელისაშვილი ამბობს, თუ პროკურატურამ ჩაფარცხა ეს საქმე და თავად მოუწია ელისაშვილს ამ საქმის დეტალებზე საუბარი, პოლიტიკურად რამდენად იქნება ეს მომგებიანი ქვეყნისთვის, მმართველი გუნდისთვის?
- თუ მტკიცებულებები არსებობს, მაშინ საქმეს ვერავინ ჩაფარცხავს. თუ მტკიცებულებები არ არის, რა გინდ მყარად იცოდეს რამე ვინმემ, ვერავინ ვერავის დასჯის. ქვეყანაში მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმპცია. ის ადამიანები, ვისზეც არის დღეს საუბარი, უდანაშაულოები არიან, სანამ სასამართლო ამის საწინააღმდეგოს არ იტყვის. ამიტომ ამას ჩაფარცხვა არ ჰქვია. თუ მტკიცებულებები არის, მაშინ ყველა დამნაშავეს იპოვიან.
- თუ ეს არ უნდა პროკურატურას და ხელისუფლებას...
- თუ არ უნდა პროკურატურას, მაშინ დანარჩენი საზოგადოება გულხელდაკრეფილი არ იჯდება. თუ მტკიცებულებები არის, მაშინ ეს მტკიცებულებები ყველასთვის არის. პროკურატურა თუ არ გაითვალისწინებს ამ მტკიცებულებებს, მაშინ ბატონი ალეკო საზოგადოებას მოასმენინებს და საზოგადოება გადაწყვეტს, არის ეს მტკიცებულება თუ არა. თუ არ არის, მაშინ ეს იქნება უბრალოდ პოლიტიკური ხმაური, რომელიც არაფერს მოიტანს.
- ბატონო ლევან, ეს სკანდალი ხელისუფლების იმიჯზე გავლენას მოახდენს?
- თუ ეს სკანდალი სკანდალია, თუ არსებობს ამის მტკიცებულება, დიახ, მაშინ მოახდენს, მაგრამ თუ ეს სკანდალი არის მხოლოდ საუბარი, მაშინ ხელისუფლების ავტორიტეტი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. გააჩნია, რა არის პროკურატურის ხელთ.
თუ ასი პროცენტით დამტკიცდა, რომ ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს, მაშინ ეს ხელისუფლების სერიოზულ რყევას და მისი ავტორიტეტის დაცემას გამოიწვევს, მაგრამ რატომ გააკეთებს ამას ხელისუფლება, ვერ ვხვდები, სულელი არავინ არის. ეს არ არის ის ხელისუფლება, რომელმაც ვინმეს და რამეს ხელი გადააფაროს. ეს არ არის სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც მკვლელობებს მალავდა. ამიტომ მე ამ ნაწილში მშვიდად ვარ. დამნაშავე თუ არის, აუცილებლად გამოვლინდება.
„ახალი თაობა“, 15 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „ალეკო ელისაშვილი ნაციონალების ინტერესს ატარებს… სოფლის ორღობეში რომ ჭორიკანა კაცები არიან, ზუსტად ისე იქცევა»
ალეკო ელისაშვილის განცხადებებით გამოწვეული აჟიოტაჟი დღემდე არ ცხრება. ბევრი მას ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და შეწყალების პროცესის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. „გასაოცარი განცხადებები მესმის ელისაშვილისა და ქორიძისგან. თურმე გარკვეული პოლიტიკური პირები, მაღალჩინოსნები და ადვოკატები, ავლენდნენ განსაკუთრებულ ინტერესს ამა თუ იმ შესაწყალებელი პირის მიმართ. ამ ისტერიკას წინ უძღოდა პატრიარქის განცხადება, რომელმაც ემოციურ ფონზე თქვა ის, რაც თქვა, – ამბობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ახალ თაობასთან“ საუბარში.
- ამ ორ საკითხს ერთმანეთთან რაიმე კავშირი აქვს?
- რატომღაც პატრიარქის ეს განცხადება მარტო ამ ნაწილში იქნა გააზრებული და შეწყდა ამაზე ლაპარაკი, თუ რატომ თქვა ეს ყველაფერი. დავიწყოთ იქიდან, როდესაც პატრიარქი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა თუ პატრიარქსაც ექნებოდა შეწყალების უფლება, გასაგებია, რომ დღევანდელი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ეს მიზანშეწონილი არ არის. თუმცა პატრიარქმა ეს განცხადება შემთხვევით არ გააკეთა.
- რას გულისხმობთ?
- ამას კიდევ ერთი განცხადებაც დაემთხვა, ბატონმა პრემიერმა კახა კახიშვილს მთავრობის სხდომაზე უთხრა, დადგა დრო, გამოათავისუფლო საკნებიო. არსებობენ ე.წ. ჩარჩენილი პატიმრები.
- რა იგულისხმება ამ ე.წ. ჩარჩენილებში?
- ეს ადამიანები არიან გასამართლებული ნაციონალური მოძრაობის დროს, ისეთ მუხლებზე და ისეთი მტკიცებულებებით, რაზედაც დღევანდელ სასამართლოებს გამამართლებელი განაჩენები გამოაქვთ. ამ ტიპის ადამიანები დღესაც ციხეებში არიან და დარჩენილი აქვთ 10, 12, 25 და ზოგს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. გამოდის, რომ შეწყალების კომისია ეფექტურად ვერ მუშაობს.
- შეწყალების კომისია ხომ ვერ შეუცვლის მუხლებს?
- დიახ, მე მათიც მესმის, ქორიძემ განაცხადა, რით ვერ შეიქმნა ეს ხარვეზების აღმოსაფხვრელი კომისიაო. მოჯადოებული წრე იქმნება. შედიხარ სასამართლოში და ის ახლად გამოვლენილ გარემოებებს ითხოვს, შედიხარ შეწყალების კომისიაში და ქორიძემ გააკეთა განცხადება, ადვოკატები არაჯანსაღ ინტერესებს ავლენენო. რას ნიშნავს არაჯანსაღი ინტერესი?! მივიდა რომელიმე ადვოკატი და უთხრა: აჰა, შენ ფული და გამოუშვი ეს ადამიანიო?! ეს ხომ გამორიცხულია!
- ანუ ადვოკატს არ აქვს შეწყალების კომისიაში მისვლის უფლება?
- თურმე არა! აბა, შეწყალების მოთხოვნით რომ მივდივართ, სხვაგან სად უნდა წავიდეთ?! ადვოკატს საადვოკატო საქმიანობასაც უკრძალავენ?! ახლა კიდევ გაჰყვირიან, ბესელიამ დაგვირეკა და მანანა კობახიძემო. დიახ, უნდა დაერეკათ! დიახ, მესიჯიც უნდა მიეწერათ! ისტერიკები რომ აქვს დამართული ელისაშვილს, უკაცრავად და რა თანამდებობა უკავია ეკა ბესელიას? ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ არის?!
- თქვენ თვლით, რომ უნდა დაერეკა?
- მის პირდაპირ მოვალეობაში შედის სწორედაც ასეთი საქმიანობა. რომც დაერეკა, არაფერი დაშავდებოდა. თურმე ელისაშვილს ყურში უთხრეს, მაგაზე მილიონებია გადახდილიო. ასეთი იცით, რამდენი ზღაპარი დადის ქალაქში?! დავსხდეთ და ვიტლიკინოთ?! გავქანდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მერე აქეთ გამოვქანდიო, ყვებოდა ტელევიზიით, რას მიქანდები და მოქანდები, დაწერე მოხსენება და შეიტანე პროკურატურაში. მერე კიდევ ერთი გასაოცარი განცხადება გააკეთა ელისაშვილმა.
- რომელ განცხადებას გულისხმობთ?
- ამას ყურადღება არავინ მიაქცია. როდესაც იძახის: მე შევედი პროკურატურაში, იქ შევხვდი ნიკა სანიკიძეს, იქ სამი პირი ვიყავითო, მერე მე დავრჩი გენპროკურორის მოადგილის კაბინეტში და იმან ამიყვანა ბადაშვილთანო. ახლა ეს რანაირი სიგიჟეა, იცით?
- რა არის ამ განცხადებაში სიგიჟე?
- მთავარი პროკურორი ბადაშვილი ზის ორთაჭალაში და ნიკა სანიკიძე არის ვაკე-საბურთალოს პროკურორი და ზის დიღომში. შენობებიც კი აერია ელისაშვილს. ვერანაირად ვერ შეხვდებოდა იქ სანიკიძეს, ის ზის დიღომში და მაშინ დიღომში ბადაშვილს რა უნდოდა? ბადაშვილის კაბინეტი იყო ორთაჭალაში. სერიოზულად ურევს ეს კაცი.
- ელისაშვილი ტყუის?
- ეს არის მიზანმიმართული კამპანია! მიდის მიზანმიმართული მუშაობა იმისთვის, რომ დასუსტდეს სახელმწიფო მექანიზმები. ამის უკან დგანან გარკვეული ძალები – ისინი, ვისაც უნდა ამ ხელისუფლების დამხობა და მოშორება.
- ანუ „ნაციონალები“? ბევრს არ სჯერა, რომ ალეკო ელისაშვილი ნაციონალების თამაშს თამაშობს...
- მე ვერ გეტყვით, ეს ელისაშვილმა იცის თუ უბრალოდ მათ ანკესზე წამოეგო. ფაქტი ერთია, რომ ელისაშვილი მათ ინტერესს ატარებს! შეწყალების კომისიაში ბევრი რეკავს, ზოგი მიდის იმიტომ, რომ აინტერესებს, შეეხება თუ არა მის პატიმარს შეწყალება და ეს არის დანაშაული?! გამწარებულია ხალხი, უდანაშაულოები ლპებიან ციხეებში და თურმე ადვოკატს შეწყალების კომისიაში მისვლის უფლებაც არ ჰქონია!
- ნარკომოვაჭრის გვარს ასახელებენ, რომელსაც ორი კილოგრამი ჰეროინი ამოუღეს და სწორედ ასეთი პატიმარი შეიყვანა ბესელიამ პოლიტპატიმართა სიაშიო. ამაზე რას იტყვით?
- მე იმდენი შემთხვევა შემიძლია დაგისახელოთ, რომ ჩაუდეს… ვუსმენდი ტელევიზიით, როგორ შეიძლება ორი კგ ნარკოტიკი ჩაუდო ადამიანსო, ორი კილო კი არა, ბონდო შალიკიანი რომ დაიჭირეს, „გრანატამიოტიც“ ჩაუდეს. იქ დაუდეს, სადაც ბავშვების ფეხსაცმელი ეწყო. ესენი რატომ ავიწყდებათ? რამდენი შემთხვევაც გინდათ, იმდენს დაგისახელებთ, ავტომატებს და ლიმონკებს ბალიშის ქვეშ რომ უდებდნენ და ორი კილოგრამი ნარკოტიკის ჩადება გაუჭირდებოდათ?!
- საბოლოოდ იმის თქმა გინდათ, რომ ელისაშვილი და ქორიძე ერთი და იგივე ინტერესს ემსახურებიან?
- მე არ ვიცი, რას ემსახურებიან, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგად არ აქვთ გაცნობიერებული თავიანთი ფუნქციები! ის, რომ ბესელიამ ან კობახიძემ დაურეკოს, ან მესიჯი მისწეროს, რა მერე?! ზუსტად მათ ფუნქციებში შედის. აბა, ვისი უფლებები უნდა დაიცვას ბესელიამ, თუ პატიმრის არა?! ვისი, ელისაშვილის?! მანანა კობახიძე კი წლების განმავლობაში ადვოკატი გახლდათ და მშვენივრად იცის, ვინ იყო პოლიტპატიმარი და ვინ არა. ან ეს ელისო კილაძე რომ ლაპარაკობს ამდენს, არ იცის, რა ხდებოდა? არ იცის, ჩადება პრობლემას რომ არ წარმოადგენდა წინა ხელისუფლებისთვის?! კილაძის მეგობარი რომ დააკავეს, მხოლოდ სურათი წარმოადგინა პროკურატურამ სასამართლოზე მტკიცებულებად და სწორედ მანანა კობახიძე იყო იმ პირის ადვოკატი. რა არის ეს, რა დამოკიდებულებებია?!
- ელისო კილაძე ნანა კაკაბაძეს და გელა ნიკოლაიშვილს ედავება, შეწყალების კომისიის წევრობა გინდოდათ და არ გამოგივიდათო...
- რცხვენოდეს კილაძეს! ეკა გიგაური ხომ არის ამ შეწყალების კომისიის წევრი! რა კარგია, არა?!
- ცუდი რატომ არის?
- კარგია, არა? 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება მისცა მერაბიშვილმა და ამნაირი ადამიანი ზის შეწყალების კომისიაში! ან ნახეთ, შეწყალებები როგორ ხდება, ერთი თვე რომ დარჩება კაცს და ორი, მხოლოდ მაშინ უშვებენ გარეთ. რა ჯანდაბად გინდა ეგეთი შეწყალების კომისია?! იმის მაგივრად, რომ რაღაც გამოსავალი მოიძებნოს, უფლებები გაუზარდონ ამ შეწყალების კომისიას და ამის მოთხოვნით გამოვიდნენ, ტალახების სროლა დაიწყეს.
- საუბარია, ალეკო ელისაშვილს თბილისის მერობა უნდა და პოპულარობას იხვეჭსო...
- გვინახავს უკვე ასეთი ტრიუკები ელისაშვილის მსგავსი ტიპებისგან. ერთი სააკაშვილი იჯდა საკრებულოში და ვნახეთ, როგორ დარბოდა. მერე იუსტიციის მინისტრი გახდა და სწორედ პატიმრების თემებით აიგორა პიარი. ჩავარდებოდა კოლონიებში, მიარბენინებდა მოსამართლეებს და არიქა, გამოუშვით ეს პატიმრებიო. ეს ნომრები ნანახი გვაქვს, გავლილი გვაქვს და აღარ ჭრის ეს ქართველ ხალხზე! მამა აბრამის ბატკნად ნუ მოაქვს თავი, ვიბრძოდიო.
- ხომ იბრძოდა?
- ეგ დეპუტატი მაინც არის და თბილად ზის. ხალხმა იბრძოლა, იომა წინა რეჟიმთან, თავი შეაკლა და დღეს ბევრი მათგანი ქუჩაშია და შიმშილით სული ძვრება! რცხვენოდეს ელისაშვილს! კავკასიაში იჯდა და შერჩევით მიჰყავდა სტუმრები თავის გადაცემაში! ერთი გამახსენოს ვინმემ, რომელი მიჰყავდა რეალური ოპოზიციონერი! სოფლის ორღობეში რომ ჭორიკანა კაცები არიან, ზუსტად ისე იქცევა დღეს ალეკო ელისაშვილი. ჭორაობს და მეტი არაფერი. ეს არ ეკადრება!
„ახალი თაობა“, 15 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „მე ბიძინა ივანიშვილის არც ფინანსური და არც პოლიტიკური ვალი არა მაქვს“
მურმან დუმბაძე ლეონიდ ჩერნოვეცკის უერთდება
წავლენ თუ არა „ქართული ოცნების“ წევრები კიევის ყოფილ მერთან, რატომ შეიყვანა სპეცსამსახურები შეცდომაში? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.
- დაახლოებით ერთი კვირის წინ, როცა ცნობილი გახდა, რომ კიევის ყოფილი მერი ქართულ პოლიტიკაში მოდიოდა, ჩვენ თქვენ დაგიკავშირდით კომენტარისთვის. თქვენ მასთან შესაძლო თანამშრომლობა გამორიცხეთ და გვითხარით, რომ ჩერნოვეცკი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი ყოფილიყო. ახლა ცნობილი ხდება, რომ თქვენ მასთან გაერთიანდით. თქვენც ივანიშვილის პროექტი ხართ ბატონო მურმან?
- გიდასტურებთ, რომ მართლაც ასე გითხარით და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. სხვათა შორის, „ახალი თაობა“ პირველი იყო, ვინც ივარაუდა, რომ ჩვენ შესაძლოა გვეთანამშრომლა. მაშინ ეს არ დაგიდასტურეთ, ლეონიდ ჩერნოვეცკი ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტად მოვიხსენიე. ეს ყველაფერი კი სპეცსამსახურების შეცდომაში შეყვანის მიზნით გავაკეთე.
- სპეცსამსახურები რა შუაშია?
- სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში საქართველოში ისევ აქვს ადგილი ფარულ თვალთვალსა და მიყურადებებს. სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ჩემი სატელეფონო საუბრებიც ისმინება და გადავწყვიტე, მათი მიყურადება სხვა მახარეს გადამეტანა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ფარულ მოსმენებს მოსპობდა, სამწუხაროდ, მათ დაპირება არ შეასრულეს. ლეონიდ ჩერნოვეცკიმ 5 დეკემბერს დააანონსა პარტიის შექმნის თაობაზე. ამ განცხადებიდან მესამე დღეს ჩვენ შორის ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო და შეხვედრაც შედგა.
- ვისი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა?
- შეხვედრა ლეონიდ ჩერნოვეცკის ინიციატივით შედგა.
- შეგიძლიათ გვითხრათ, რაზე შეთანხმდით?
- პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ჩვენ ვიქნებით საინიციატივო ჯგუფის სადავეებთან, რომელიც პარტიის სადამფუძნებლო ყრილობას მოამზადებს. ამ პარტიის სახელი იქნება „ბედნიერი საქართველო“.
- განაცხადეთ, ჩვენ საინიციატივო ჯგუფის სადავეებთან ვიქნებითო. ვინ იქნება კიდევ თქვენთან ერთად იქ, შეგიძლიათ გვარების დასახელება? ოღონდ გულწრფელად გვითხარით და სპეცსამსახურები სხვანაირად შეიყვანეთ შეცდომაში.
- გარკვეულ პიროვნებებთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ლიდერი მიიღებს. ასე რომ, მე არავის ვინაობას არ დავასახელებ.
- საბოლოო გადაწყვეტილებას თავად მიიღებსო და ასე კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკას?
- საქართველოში ის დიდი ხანი არ არის რაც ცხოვრობს, მაგრამ აქაური ამბები კარგად იცის. თან მას უახლოეს გარემოცვაში ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც კარგად არიან ჩახედული ქართულ პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღებისას მათ რჩევას გაითვალისწინებს.
- ამ ადამიანების ვინაობის დასახელება შეიძლება?
- არც მათ გვარებს არ ვასახელებ. მთავარი ისაა, რომ ახლა ერთად ვმუშაობთ.
- მათ ვინაობას არ ასახელებთ, მაგრამ ის მაინც გვითხარით, ვისთან მიდის მოლაპარაკებები დეპუტატებთან, ექსპერტებთან, იურისტებთან თუ ეკონომისტებთან?
- რაიმე სოციალური ფოკუსი აღებული არა გვაქვს. უბრალოდ გეტყვით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უახლოეს ხანებში ბატობი ჩერნოვეცკი თავად დაასახელებს საინიციატივო ჯგუფის წევრებს. მისი პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
- საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ?
- რა თქმა უნდა, ვაპირებთ.
- არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დარჩა, თქვენი აზრით, ჩერნოვეცკის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა ცოტა ხომ არ დააგვიანდა? მოასწრებთ არჩევნებისთვის მომზადებას?
- არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ არც ისე ბევრია, რომ ფართო მასშტაბებზე არ ვიფიქროთ. ბევრს ვმუშაობთ პარტიის ყრილობასა და მხარდამჭერებზე. მუშაობა მიდის საარჩევნო პროგრამაზეც. საჭიროა ეკონომისტების ჩარევა. მათთან უკვე გაიმართა პირველი კონსულტაციები. ჩერნოვეცკის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე თავისი ხედვები აქვს. მას მიაჩნია, რომ საქართველოს პოტენციალის ქვეყანა ასეთ სიღარიბეში არ უნდა ცხოვრობდეს. მას უზარმაზარი ინფორმაცია აქვს საქართველოს ბუნებრივ რესურსებზე. მისი განვითარების პერსპექტივებზე ბევრს საუბრობს.
- მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ „ბედნიერ საქართველოში“ გადადიხართ, „ქართული ოცნებიდან“ თუ შეგეხმიანათ ვინმე?
- არა შეხმიანებით არავინ შემხმიანებია. სოციალურ ქსელებში ვიღაცებმა კი იქილიკეს, მაგრამ პოლიტიკაში დიდი ხანია ვარ და ასეთ რამეებზე რეაქცია აღარ მაქვს. ამ მოქილიკეების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი მკვეთრად განსხვავდება საქართველოს ყოფილი პრემიერისაგან.
- რითი განსხვავდება ის ივანიშვილისაგან?
- ივანიშვილი იყო დიდი ქველმოქმედი და ის შემთხვევით შემოვარდა პოლიტიკაში. მისგან განსხვავებით, ჩერნოვეცკისთვის პოლიტიკა დამახასიათებელია. ის 4-ჯერ იყო დეპუტატი. ორჯერ მოიგო კიევის მერის არჩევნები. კიევის და საქართველოს მოსახლეობა თანაბარია. ის არჩევნების მოგებას მიჩვეულია.
- არასდროს წაუგია არჩევნები?
- ზოგჯერ წაუგია კიდევაც, მაგრამ უფრო ხშირად იგებდა არჩევნებს. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის პოლიტიკურ ცხოვრებას და საარჩევნო კონკურენციას მიჩვეულია. ის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია და მასთან საუბარი არ გვიჭირს. რაც ჩემთვის მთავარია.
- ზემოთ აგვიხსენით, თუ რატომ მონათლეთ ჩერნოვეცკი ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტად, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ისინი საერთო ენის გამონახვას ვერ შეძლებენ?
- ის განცხადება მარტო სპეცსამსახურების შესაცდენად არ გამიკეთებია, იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ვისთან მოისურვებდა ის თანამშრომლობას. გია ვოლსკისთვის რომ დაეძახა, ბუნებრივია, ის ივანიშვილის პროექტი გამოვიდოდა.
- ვოლსკი პირობითად ახსენეთ თუ მასა და ჩერნოვეცკის შორის რაღაც პოლიტიკური ხდება?
- არაფერი არ ხდება. ვოლსკი პირობითად ვახსენე, მის ადგილას შესაძლოა „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წევრი დამესახელებინა.
- ისე „ქართული ოცნების“ წევრები თუ შეიძლება ვიხილოთ მის გუნდში? საინტერესოა, რას ფიქრობს მმართველ კოალიციაზე?
- ვინ შევა მასთან, ამას მომავალში ვნახავთ. რაც შეეხება დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, მიიჩნევს, რომ ისინი პირობის კარგი შემსრულებლები არ აღმოჩნდნენ. ამის მიუხედავად, ის „ქართული ოცნების“ ქილიკ-კრიტიკით საარჩევნო ქულების დაწერას არ აპირებს. ის არც სხვა პარტიებზე აპირებს აუგის თქმას. მისთვის მთავარი საკუთარი პარტიის პროპაგანდა იქნება.
- ამბობთ, არავისზე აუგის თქმას არ აპირებსო. საინტერესოა, როგორც ახსნით მის პირობას, ვინც მეგიზ ქარდავას დაიჭერს, 150.000 დოლარით დავაჯილდოვებო. ქარდავა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი იყო. ეს არ არის „ნაცმოძზე“ აუგის თქმა?
- ამ პირობასთან დაკავშირებით მე მქონდა მასთან საუბარი და მითხრა, რომ ეს შემთხვევითი სიტყვები არ არის. „ბედნიერი საქართველო“ ღიაა ყველასთვის. ჩვენს რიგებში მხოლოდ ისინი ვერ მოხვდებიან, ვინც სხვა ადამიანებს აწამებდა და არბევდა. მწვალებლების ადგილი, ჩერნოვეცკის აზრით, ციხეშია და ამიტომაც დადო ასეთი პირობა ქარდავასთან დაკავშირებით.
- არის ეჭვები, რომ ის მიხეილ სააკაშვილთანაც არის კავშირში. სხვა თუ არაფერი, ჩერნოვეცკი მისი პრეზიდენტობის დროს ჩამოვიდა საქართველოში?
- ამ თემაზეც ვესაუბრე მას. როგორც მითხრა, სააკაშვილს იცნობს და მასთან რამდენიმე შეხვედრაც ჰქონდა. ოღონდ ეს წლების წინ იყო. საქართველოს ის სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე ბევრად ადრე იცნობდა. მისი ყოფილი მეუღლე ქართველია და მისი შვილებიც ქართული წესით არიან გაზრდილნი. მეგონა, რომ მას ბევრი რამე არ ეცოდინებოდა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგად იცნობს საქართველოს.
- საქართველოს, შესაძლოა, კარგად იცნობს, მაგრამ მას ნაკლებად იცნობენ საქართველოში. მას ყველაზე უკეთ აჭარაში იცნობენ, თქვენც ამ კუთხიდან ხართ და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ „ბედნიერი საქართველოს“ მთავარი სამოქმედო არეალი აჭარის რეგიონი იქნება?
- ეს შეკითხვა ხშირად ისმის. მინდა გითხრათ, რომ მარტო აჭარა არ იქნება ჩვენი სამოქმედო არეალი. აჭარაში პოპულარობით ვსარგებლობთ, მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს და გვინდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ასე იყოს.
- თქვენ იყავით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ახლა ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იქნებით. არ გრძნობთ თავს უხერხულად იმის გამო, რომ ყოფილ თანამებრძოლებს უნდა დაუპირისპირდეთ?
- გეთანხმებით, რომ ეს უხერხულია მომენტია. პოლიტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ასე ხშირად ხდება. ჩემზე ათასჯერ დიდი პოლიტიკოსები წასულან სხვაგან, რადგანაც საკუთარ გუნდში მისი არ ესმოდათ. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბიძინა ივანიშვილის დიდი შეცდომა ის არის, რომ 2012 წლის არჩევნები მოიგო ერთი მხარით, ხოლო ქვეყნის მართვა დაიწყო მეორე მხარით. მეორე მხარეში ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილი, ან მარბიელები იყვნენ. მარბიელების დაწინაურება კატეგორიულად მიუღებელია. ყოფილ პრემიერს 2012 წლის 1 ოქტომბერს ვუფასებ და მიმაჩნია, რომ მან უდიდესი საქმე გააკეთა. სამაგიეროდ, არ ვუფასებ 2012 წლის 2 ოქტომბერს.
- ორ ოქტომბერს რა ჩაიდინა?
- ორ ოქტომბრიდან მან იმ ადამიანების რეანიმირება დაიწყო, რომლებიც ყველა ხელისუფლების მიმართ მლიქვნელური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. აჭარის რეგიონში თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც გამგებელს და ვერც მერს, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერი არ იყო. ასეთ გუნდში მუშაობა ძალიან ძნელია.
- და ახლა სუფთა სინდისით უპირისპირდებით `ქართულ ოცნებას~?
- ჩემი სინდისი ამ მხრივ ძალიან სუფთაა. მე ივანიშვილის არც ფინანსური და არც პოლიტიკური ვალი არა მაქვს.
- თქვენს გადაწყვეტილებას ასეთი შეფასებაც შეიძლება მოჰყვეს, რომ ერთი მილიარდერიდან გაიქეცით და მეორესთან წახვედით.
- ვიღაცამ შესაძლოა ასეც იფიქროს, მაგრამ ასე არ არის. მილიარდები და კარგი ცხოვრება რომ მდომებოდა, ივანიშვილთან დავრჩებოდი. მე იმ ადამიანების გვერდით დგომა მინდა, ვისაც ნამდვილად უყვარს საქართველო.
- ასეთად ჩერნოვეცკი მიგაჩნიათ?
- მას წარმოუდგენლად უყვარს საქართველო. ეს ჯერ კიდევ მაშინ დაამტკიცა, სანამ აქ ჩამოვიდოდა.
- რითი დაამტკიცა?
- კიევის მერობის დროს მან უკრაინის დედაქალაქს შოთა რუსთაველს ძეგლი დაუდგა. ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ მან გიორგი ღონღაძეს მემორიალი დაუდგა. ჩერნოვეცკიმ საქართველოს ხელისუფლებას უფასოდ გადასვა მიწა, სადაც აშენდა ჩვენი საელჩო. ჩვენ ვამბობთ უფასო მიწა, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ამ მიწაში ჩერნოვეცკიმ გადაიხადა ფული. ეს ყველაფერი ძალიან ბევრს ნიშნავს და იმედი მაქვს, რომ მართლაც შევძლებთ საქართველოს გაბედნიერებას.
- დღეს ყველა მესამე ძალის მოლოდინშია. შეძლებს `ბედნიერი საქართველო~, იყოს მესამე ძალა?
- თუ ვიტყვი, რომ მესამე ძალა გავხდებით, ეს ჩემი მხრიდან ტრაბახი იქნება. ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.
- თქვენ ხშირად აღნიშნავთ ხოლმე, რომ ძალიან ბევრ ხალხს ხვდებით. ამ გადაწყვეტილებაზე რას გეუბნებიან?
- ხალხმა მომიწონა გადაწყვეტილება. ზოგმა პირადად მითხრა, ზოგმა მესიჯი მომწერა. მიხარია, რომ ყველა იწონებს ჩემს გადაწყვეტილებას.
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ნაციონალური მოძრაობა კარგად მიაწყევლეთ. ვინც 5 ნომერს შემოხაზავს, მარჯვენა გაუხმესო. 2016 წლის არჩევნებისთვის რაიმე მსგავსი სლოგანი ხომ არ გაქვთ მოფიქრებული?
- ასეთი სლოგანის წინასწარ მოფიქრება შეუძლებია. ასეთი რამე ხალხთან შეხვედრის დროს მოგდის ადამიანს თავში. რამე იდეა აუცილებლად მომივა. მანამდე თქვენი გაზეთისთვის ექსკლუზიურად ვიტყვი, წყეულიმც იყოს, ვინც 41 ნომერი შემოხაზოს. ოღონდ ამას სმაილიკი მიახატეთ, ან სხვა რამით აღნიშნეთ, რომ ვიხუმრე, თორემ გადაირევა „ოცნება“.