„რეზონანსი“: ინტერვიუ ნინო გოგუაძესთან: „კოალიციაში ჩვენი დაბრუნება გამორიცხულია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: „ვინც კოალიციიდან წავა, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მანანა ნაჭყებიასთან: „გიორგი კვირიკაშვილს დემოკრატია ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთ ესმის“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „რესპუბლიკელები“ „ქართული ოცნების“ ლეღვის ფოთოლები არიან“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ნაცმოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მივცემ”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუს სამხედროებს პუტინის ჩამოგდება უნდოდათ“
„რეზონანსი“: იმპორტმა საგანგაშოდ მოიმატა // “მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც უფრო მეტად გაუფასურდა ვალუტები, დაიძრა იაფი იმპორტი”
„რეზონანსი“: გიორგი ქადაგიძე პარლამენტს გაღმა ედავება // რატომ არ აქვეყნებს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს?
—————————-
„რეზონანსი“, 16 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ნინო გოგუაძესთან: „კოალიციაში ჩვენი დაბრუნება გამორიცხულია“
ლიკა ამირაშვილი
“თავისუფალი დემოკრატები” გავრცელებულ ხმებს მმართველ კოალიციაში მათი შესაძლო დაბრუნების შესახებ გადაჭრით უარყოფენ. პარლამენტარ ნინო გოგუაძის თქმით, სანამ “ოცნება” არაფორმალური მმართველობის ქვეშ იქნება, მანამდე “თავისუფალი დემოკრატები” ამ ხელისუფლების ოპოზიციაში დარჩებიან. მისი თქმით, “დუმოკრატების” დამოკიდებულება მმართველი კოალიციის მიმართ პრემიერის შეცვლის შემდეგ არ შეცვლილა.
ნინო გოგუაძე: ჩვენ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს პიროვნულად ძალიან დადებით ადამიანად ვახასიათებთ. მისთვის სიძულვილის ენა უცხოა და მიგვაჩნია, რომ მას სურვილი არ აქვს, რომ საზოგადოებაში სიძულვილი გააღვივოს. საერთოდ კომპეტენტური ადამიანია, მაგრამ რაც შეეხება “ოცნებასთან” ჩვენს ურთიერთობას, რა თქმა უნდა, კვირიკაშვილის დანიშვნით ეს ურთიერთობა არ შეცვლილა.
ირაკლი ღარიბაშვილთან, როგორც პიროვნებასთან კი არ გვქონდა პრობლემა, ირაკლი ღარიბაშვილის ოპოზიციაში კი არ ვიყავით, არამედ ვიყავით და ვართ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ოპოზიციაში.
იმ ხელისუფლების ოპოზიციაში ვართ, რომელმაც სამართალდამცავი სისტემების პოლიტიზირება მოახდინა, ისევე როგორც ეს “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო. ამ ხელისუფლების პერიოდში მივიღეთ პოლიტიკური პროკურატურა, მურუსიძის სასამართლო, მართვის არაფორმალური პრინციპი. ეს ყველაფერი ჩვენ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს მშენებლობასთან გვაშორებს, რომლის იდეითაც ჩვენ მაშინ გავერთიანდით და რითიც ხელისუფლებაში მოვედით. ასე რომ, ღარიბაშვილის შეცვლით ეს პრობლემები არ დაძლეულა. ჩვენ ვართ “ოცნების” ხელისუფლების პრინციპულ და ღირებულებით ოპოზიციაში.
- თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა “თავისუფალი დემოკრატები” კოალიციაში დაბრუნდნენ.
- ამ შესაძლებლობას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ჩვენ ღირებულებების და პრინციპების ერთგული გუნდი ვართ. სწორედ ამ პრინციპების გამო დავუპირისპირდით ხელისუფლებას. ჩვენ ვართ ოპოზიციაში და არანაირი მოლაპარაკება ჩვენ შორის არ იქნება. “თავისუფალი დემოკრატები”, როგორც დამოუკიდებელი გუნდი, არჩევნებში მონაწილეობას ისე მივიღებთ.
- გიორგი კვირიკაშვილთან ყოველთვის კრგი ურთიერთობა გქონდათ. იგივე ურთიერთობა თუ შენარჩუნდება?
- კვირიკაშვილთან ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, რომ ერთმანეთს ჭიქა ყავაზე ვხვდებოდეთ. ჩვენ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. პიროვნულად ვახასიათებთ დადებითად. საერთოდ, არ გვჩვევია ადამიანებისთვის იმის დაბრალება, რისი ღირსიც არ არიან, მაგრამ არანაირი პიროვნული ურთიერთობა ჩვენ შორის არ ყოფილა.
- რა უნდა შეიცვალოს, რომ “ქართულ ოცნებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” დაახლოება მოხდეს?
- პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებებს გამოვრიცხავ, რადგან ყველა სტრატეგიულ და პრინციპულ გადაწყვეტილებას როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში ბატონი ბიძინა იღებს. სანამ ეს პრინციპი შენარჩუნდება, ჩვენ ამ ხელისუფლების ოპოზიციაში ვიქნებით.
გუშინ მოვისმინეთ კიდეც, რომ ბატონ ბიძინას უთქვამს – სიების დაკომპლექტების დროს იმ დეპუტატებს, რომელთა პროფესიონალიზმი შესაბამის სიაში მოხვედრისას საკმარისი აღარ იქნება, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დავასაქმებო. თქვენ ხედავთ, ბატონი ბიძინა ყველაფერში რა დონეზე ერევა. ეს რა თქმა უნდა, მისი ფუნქცია არ არის.
რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება და ისევ არაფორმალური მმართველობა იქნება, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია.
„ახალი თაობა“, 16 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: „ვინც კოალიციიდან წავა, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს“
რაზე მოელაპარაკა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს, რატომ არ მივიდნენ მარანში გამართულ შეხვედრაზე უსუფაშვილი და კალაძე, რა გადაწყდა ღარიბაშვილთან დაკავშირებით, იქნება თუ არა სპორტსმენების და მსახიობების ბუნტი, წავა თუ არა ვინმე კოალიციიდან? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ომარ ნიშნიანიძე ესაუბრება.
- 14 იანვარს საღამოს „ქართული ოცნების” დეპუტატები დახურულ კარს მიღმა, ჭავჭავაძეების მარანში შეხვდით ბიძინა ივანიშვილს. ეს შეხვედრა კოალიციაში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა?
- არა, ამ შეხვედრაზე აღვნიშნეთ ძველით ახალი წელი. მივულოცეთ და მივეფერეთ ერთმანეთს. ძალიან თბილი და ლამაზი საღამო გამოვიდა, რომელსაც სრულიად აპოლიტიკური ხასიათი ჰქონდა.
- პოლიტიკაზე საერთოდ არ გისაუბრიათ?
- პოლიტიკაში ვართ და პოლიტიკაზე საუბარს გვერდს ვერ ავუვლიდით, მაგრამ რაიმე კონკრეტულზე არ ყოფილა საუბარი. ეს საუბრები ალბათ სხვა დროს იქნება.
- მომავალშიც აპირებთ ივანიშვილთან შეხვედრას?
- რა თქმა უნდა. იმ შეხვედრაზე მხოლოდ პოლიტიკაზე იქნება საუბარი. არჩევნები მოდის და რაღაც-რაღაც საკითხები უნდა გადავწყვიტოთ.
- როდის შედგება პოლიტიკური შეხვედრა?
- ჩემი სურვილია, რომ ასეთი შეხვედრა რაც შეიძლება მალე გაიმართოს. დასახელდება თარიღი და შევხვდებით. საგურამოში გამართულ საღამოზე ამაზე არაფერი თქმულა. მე არ მიყვარს რამის დამალვა და გეტყვით, რომ ამ შეხვედრაზე მხოლოდ ის ითქვა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს. ეს სიახლე არ ყოფილა, რადგან ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე დაიწყო.
- თუ დასახელდა, ვინ სად იქნება?
- არა, ჯერ ამის შესახებ არაფერი თქმულა.
- ამ შეხვედრაზე სპორტსმენების და მსახიობების საკითხი თუ იქნა განხილული? ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ საარჩევნო სიაში მათი ადგილი აღარ იქნება, ეს ადამიანები ძალიან გააბრაზა…
- ამ თემაზე საუბარს გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდით. ჩვენი კოლეგები ძალიან იყვნენ გაცხარებული. ბიძინა ივანიშვილი მათ მოეფერა და დააწყნარა. უთხრა, რომ სიის დაკომპლექტება პროფესიების მიხედვით არ მოხდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ისინი ავტორიტეტები არიან, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, არჩევნებზე ამხელა შედეგს ვერ დავდებდით და ისეთ მონსტრს ვერ მოვერეოდით, როგორიც სააკაშვილია. არჩევნების დროს და მის წინა პერიოდშიც მათ მარტო საკუთარი თავი კი არა, ოჯახების სიცოცხლეც სასწორზე დადეს. ამის დავიწყება არ შეიძლება.
შეიძლება მათთან დაკავშირებით ვიღაცას რაღაცა წასცდა. დარწმუნებული ვარ. ირაკლი კობახიძეს ეს ახალგაზრდობით მოუვიდა, მაგრამ მანაც დაიხია უკან და უნდა ვაპატიოთ. აწი ისწავლის ზომიერად ლაპარაკს. ვიმეორებ, ჩვენი სპორტსმენები და მსახიობები ძალიან ღირსეული ხალხია და მათი დაკარგვა კარგი არ იქნება. ამას ყველანი კარგად ვხვდებით და რამდენადაც მე ვიცი, ისინი ჩვენ გვერდით დარჩებიან.
- აბა, ტყუილად ელოდნენ სხვა პარტიები, რომ ისინი მათთან გადანაწილდებოდნენ?
- ნამდვილად ტყუილად ელოდებიან. ბატონმა ბიძინამ იმ შეხვედრაზე დაბეჯითებით თქვა, რომ გუნდიდან გასაშვებად არავინ ემეტება. ვიღაცა თავად თუ მოინდომებს წასვლას, ცხადია, ძალით არავინ დააკავებს.
- გუნდიდან არავის გაშვება არ უნდა და ყველას დატოვებს საარჩევნო სიაში?
- ასე არ მოხდება, საარჩევნო სიას გადახალისება სჭირდება. ზოგი პარლამენტში დარჩება, ზოგი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს. ივანიშვილმა გვითხრა, ჩვენ თანამებრძოლები ვართ და ბოლომდე ასე დავრჩებითო. ყველას გვერდში დგომას დაგვპირდა და ამაზე მეტი რაღა უნდა ეთქვა ადამიანს. შეხვედრით ყველა კმაყოფილი დარჩა. თავისი სათქმელი ყველამ თქვა, თუ ვინმეს გულში ხინჯი ჰქონდა, ამაზეც ითქვა.
- როცა გითხრათ, გასაშვებად არავინ მემეტებითო, მხედველობაში კოალიციის წევრები ჰყავდა თუ მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებზე საუბრობდა?
- ამ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ჩვენს ფრაქციაზე იყო. შეხვედრასაც მხოლოდ ფრაქციის წევრები ვესწრებოდით. ასეთი რამე პირველად მოხდა. სხვა დროს ბატონ ბიძინას მთელი კოალიცია ვხვდებოდით.
- მარტო შეხვედრა რატომ ვერ მოახერხეთ, თუ ამის სურვილი არ გქონიათ?
- სულ გვინდოდა, რომ ცალკე შევხვედროდით ივანიშვილს, ის უფრო ჩვენიანია და მასთან პირისპირ გვინდოდა საუბარი. აქამდე ეს რატომღაც არ გამოვიდა, ახლა მოვახერხეთ და შეხვედრით კმაყოფილები ვართ. გაგვიხარდა, რომ ამ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. იქ იყო მოქმედი პრემიერიც. მოკლედ, სულ ჩვენიანები ვიყავით.
- ახლა მარტო თქვენი ფრაქცია რომ შეხვდით, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს არ ეწყინებოდათ?
- გულისწყვეტა შესაძლოა ყოფილიყო, მაგრამ არა მგონია, ვინმეს სწყენოდა. უნდა თუ არა ვინმეს, უხარიათ თუ არ უხარიათ, ფაქტი ერთია – ამ კოალიციაში წამყვანი ძალა ფრაქცია „ქართული ოცნებაა“. ივანიშვილიც ჩვენიანია და პირველ რიგში ჩვენთან უნდა გარკვეულიყო რაღაც-რაღაც საკითხები. არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ შეხვედრები კვლავ კოალიციურ რეჟიმში გაიმართოს.
- ივანიშვილის გვერდზე ღარიბაშვილის გამოჩენამ ახალი მითქმა-მოთქმები გამოიწვია. ისევ დაიწყო საუბარი, რომ ის იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი. ამ თემაზე თუ იყო საუბარი?
- ძალიან გამიხარდა, ირაკლი ღარიბაშვილი ამ შეხვედრაზე რომ მოვიდა. ეს დასტურია იმისა, რომ ჩვენ კვლავ ერთ გუნდად ვრჩებით. ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, საუბარი მის წასვლაზეც იყო. ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ეფექტური პრემიერი იყო. იმ პერიოდში ამ თანამდებობაზე კვირიკაშვილი რომ ყოფილიყო, ის ასეთი ეფექტური ვერ იქნებოდაო. თქვა, რომ ახლა კვირიკაშვილი უფრო ეფექტური იქნებაო. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდის და ყველაფერი ნორმაშია. გული მიგრძნობს, რომ კარგისკენ მივდივართ.
- ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მომავალზე არაფერი თქმულა?
- ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, ყველამ ვიცით, რომ მას ძალიან დიდი რესურსი აქვს და პრემიერად ყოფნისას უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა. ის დასაკარგი ადამიანი არაა და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.
- სად და რანაირად იტყვის თავის სათქმელს?
- ამას თავად გადაწყვეტს.
- რამდენიმე დღის წინ თქვენი კოლეგა თამაზ მეჭიაური კოალიციის დაშლის ინიციატივით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ კოალიციაში თუ ვინმეს დიდი პოლიტიკური მადა აქვს, შეუძლია ცალკე გავიდეს და ასე დაამტკიცოს თავისი ძალაო. ამაზე თუ იყო ივანიშვილთან საუბარი?
- ამაზე შეხვედრაზე არ გვისაუბრია. თამაზის განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რაც დიდად გამართლებულად არ მიმაჩნია. მან თქვა სრული სიმართლე, თუ ვინმეს მომატებული მადა გაუჩნდება, ლოგიკურიც იქნება, თუ დამოუკიდებლად მოსინჯავს საკუთარ ძალებს.
- მივა აქამდე საქმე?
- არა მგონია, არჩევნებამდე მივალთ, როგორც კოალიცია. პარტიები თუ შემოგვემატებიან, თორემ წასვლით არავინ წავა.
- რატომ გგონიათ, რომ არავინ წავა?
- იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის საკუთარი შესაძლებლობები. თამაზ მეჭიაურის განცხადებამ ყველამ ისე აღიქვა, რომ რესპუბლიკელების მისამართით იყო გაკეთებული. დამიჯერეთ, ეს მარტო რესპუბლიკელებს არ ეხება. ნებისმიერი პარტია, რომელიც კოალიციიდან გავა, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.
- პარტია „ქართულ ოცნებასაც“ გულისხმობთ?
- ჩვენი საქმე ცოტა სხვანაირად არის. თუ ცალკე გავალთ, ეს შესაძლოა წაგვადგეს კიდეც და ხალხში უფრო მეტი სიმპათიები დავიმსახუროთ. მოსახლეობის ერთი ნაწილი ჩვენს კოალიციაში შემავალ რამდენიმე სუბიექტს ვერ იტანს და თუ ცალკე ვიქნებით, გაიხარებენ. სამომავლოდ რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში კოალიციას არავინ დატოვებს. როგორც უკვე გითხარით, კოალიციაში შემომატებას აპირებენ.
- მწვანეთა პარტიას და სოციალ-დემოკრატებს გულისხმობთ?
- მათზე მოგახსენებთ.
- დაიმატებთ ამ პარტიებს?
- დასაკარგი ხალხი არ არის. „ქართულ ოცნებას“ სოციალ-დემოკრატიული მიმართულება გვაქვს აღებული და რატომ არ უნდა მივიღოთ სოციალ-დემოკრატები? თუ ლიბერალებთან ვახერხებთ თანამშრომლობას, მათთან რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ? მგონია, რომ მათთან ძალიან კარგად ვითანამშრომლებთ.
- მათ გარდა კიდევ თუ დაგემატებათ ვინმე? ბოლო დროს ბევრს საუბრობენ კოალიციაში ალასანიას პარტიის შესაძლო დაბრუნებაზე…
- არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ ამ თემაზე რაიმე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ქვეყანაში დიდი პოლიტიკური დუღილი იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თავად თავისუფალი დემოკრატები ამბობენ, რომ ოპოზიციაში არიან და არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. ცალკე ყოფნა თუ უნდათ, ძალით ნამდვილად არ ვაპირებთ მათ შეყვანას კოალიციაში.
- ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე არ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარე. ის იმიტომ არ მოვიდა, რომ მხოლოდ ფრაქციის წევრებთან იყო შეხვედრა თუ არის სხვა რაიმე მიზეზი?
- არანაირი სხვა მიზეზი არ არის. დავით უსუფაშვილი რესპუბლიკელია. ივანიშვილს მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრები ვხვდებოდით. ფრაქციის წევრების გარდა, იქ უცხო არავინ არ ყოფილა თუ მხედველობაში ანსამბლ „ქართულ ხმებს“ არ მივიღებთ.
- ისინი რა სტატუსით ესწრებოდნენ შეხვედრას, მუსიკალურად გააფორმეს თუ რაიმე პოლიტიკური ამბავია აქაც?
- „ქართული ხმების“ წევრები ბიძინა ივანიშვილის მეგობრები არიან. ისინი იქ მოვიდნენ და რამდენიმე ლამაზი სიმღერა გვიმღერეს. ეს იყო და ეს.
- კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე რატომ არ მოვიდნენ? ერთი პარტიის გენერალური მდივანია, მეორე – აღმასრულებელი…
- ისინი იმ მარტივი მიზეზით არ მოვიდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ დეპუტატებს ხვდებოდა. გამონაკლისები მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი იყვნენ.
- იმის თქმა თუ შეგიძლიათ, რომ გუნდში არსებული დაპირისპირება დასრულდა?
- ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ გაუგებრობას ადგილი აღარ აქვს. ბიძინა ივანიშვილმა თავისი დიპლომატიურობით ეს დაპირისპირება თითქმის გააქრო. დღეს ყველაფერი გარკვეულია.
„ახალი თაობა“, 16 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ მანანა ნაჭყებიასთან: „გიორგი კვირიკაშვილს დემოკრატია ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთ ესმის“
„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უფრო თავისუფალი და დემოკრატიული იქნება. „სამი წლის მანძილზე ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საზოგადოების ყველა სეგმენტთან მოიჭრა მისასვლელი გზა. გიორგი კვირიკაშვილი ღარიბაშვილისგან მკვეთრად განსხვავდება, ბევრად უფრო კომუნიკაბელურია და ბევრად გახსნილია ურთიერთობისთვის ყველა ინსტიტუციასთან, მათ შორის, ოპოზიციასთან”, – ამბობს მანანა ნაჭყებია.
- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- ძალიან სწრაფად გამოეხმაურა ოპოზიციის წინადადებებსა და შეთავაზებას. ჩვენ მოვითხოვეთ ახალ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და ის თანახმაა, ასეთი შეხვედრა შედგეს. სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა ვერც ერთი წუთი ვერ გამონახა, რომ ოპოზიციას შეხვედროდა. ეს მაძლევს იმედს, რომ კვირიკაშვილი ჩვენთან ურთიერთობაში განსხვავებულ ტაქტიკას აირჩევს. ზოგადად დემოკრატიის საკითხებში კვირიკაშვილი უფრო ერკვევა, ვიდრე ღარიბაშვილი, ეს აშკარაა.
- მოასწრებს ის არჩევნებამდე კვალის დატოვებას?
- იმედი მაქვს, რომ ეს მას ძალიან უნდა. დიდი დრო არის დაკარგული საიმისოდ, რომ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები ახლა შესრულდეს. ამიტომ შეიძლება ამ 9 თვეში ამ დაპირებების შესრულება ვერ მოახერხოს, ასევე შეიძლება `ქართული ოცნების~ რეიტინგმა ვერ მიაღწიოს იმ ნიშნულს, რომელიც უზრუნველყოფს კვლავ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლას, მაგრამ ეს მაინც არის პროცესი, რომლითაც უნდა მივიდეთ არჩევნებამდე.
- ოპოზიციას რა შანსები აქვს ამ არჩევნებზე?
- 2016 წლის არჩევნები ბევრად თავისუფალი და დემოკრატიული უნდა იყოს. საარჩევნო გარემო იქნება დღის წესრიგში მანამ, სანამ ჩვენ საწადელს არ მივაღწევთ. ეს იქნება არჩევნები, სადაც თანაბარი შანსი ექნება ყველას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არ შეცვალა საარჩევნო გარემო, სისტემა, დაიტოვა ყველა ბერკეტი. ამ არჩევნებს გამოკვეთილი ლიდერი არ ეყოლება, ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება პირველად მრავალპარტიული არჩევნები, თუ რადიკალური ცვლილებები არ მოხდა ქვეყანაში.
- რას გულისხმობთ?
- თუ პროცესები უფრო არ დამძიმდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები მაინც იქნება ყველაზე უფრო დაბალანსებული, რადგან ჩვენ მესია არ გვეყოლება და მესიის მოლოდინში არ ვიქნებით.
- „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით შეძლებს ამ არჩევნებში გამარჯვებას?
- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ყველა ის ბერკეტი დაიტოვა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა, მაინც მგონია, რომ არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, მთავრობის დასაკომპლექტებელი უმრავლესობის მოპოვებაც გაუჭირდება.
„ახალი თაობა“, 16 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: „რესპუბლიკელები“ „ქართული ოცნების“ ლეღვის ფოთოლები არიან“
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ შეხვედრის შედეგების პროგნოზირება რთულია. „გიორგი კვირიკაშვილი მართლაც დადებითი პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ, მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, ის აუცილებლად წამოვიდოდა საარჩევნო რეფორმაზეც, სასამართლო რეფორმაზე და სხვა საკითხებზეც დათანხმდებოდა კომპრომისს, – განაცხადა კახა კუკავამ „ახალ თაობასთან“ საუბრისას.
- აბა ვისი გადასაწყვეტია?
- ჩვენ 14 იანვრის საღამოსაც ხომ ვაკვირდებოდით პროცესებს, თუ ვისგან იმართება საქართველო. დონ კორლეონემ შეკრიბა გურამიშვილის მარანში მთელი პარლამენტი და მთავრობა და იქ გაურჩია საქმეები.
- უმრავლესობა საუბრობს, რომ ახალი წელი მიულოცეს ერთმანეთს...
- ვისაც ნანახი აქვს ფილმი ნათლია, იქაც ზუსტად ასე ხდება. იქაც ულოცავენ ნათლიას მისი ხელქვეითები ახალ წელს. თუმცა, რა მოლოცვებსაც ეხება საქმე, ყველამ კარგად ვიცით! სამარცხვინოა უკვე ის, რაც ყოველდღიურად ხდება.
- რა არის სამარცხვინო?
- ის, რომ თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა ქართუ ბანკის მენეჯერი. ყველა წამყვან პოზიციებზე ინიშნებიან ქართუ ბანკის მენეჯერები. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ორი მთავრობა.
- ანუ?
- ერთია ფორმალური მთავრობა, სხვების დასანახად, მაგალითად, უსუფაშვილი. მეორეა პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ეკონომიკის მინისტრი, უშიშროების სამსახურის უფროსი და ახლა უკვე თბილისის ვიცე-მერიც. ყველა საკვანძო თანამდებობაზე ჰყავს ქართუ ბანკის მენეჯერები. ის ქვეყანას მართავს საკუთარი აპარატის მეშვეობით. მსგავსი ოლიგარქიული სისტემა არ დასიზმრებიათ სამხრეთ ამერიკელ და ტაილანდელ ოლიგარქებსაც კი. საქმე გვაქვს მძიმე შემთხვევასთან. ყველაფერს ერთი კაცი განაგებს. ეს იქნება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო და შავი ფურცელი. 21-ე საუკუნეში ამ ტიპის ვირუსი ძალიან იშვიათია.
- ასევე საუბარია, რომ სიებთან დაკავშირებით დაძაბულობა პიკს აღწევს, ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან კოალიციაში...
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. ახლა ბევრად უფრო ნაკლები გავა, ვიდრე გავიდა 2012 წელს, მაშინ სხვა სიტუაცია იყო. ხომ იცით, კარგმა ცხოვრებამ შეჩვევა იცის და ახლა მიმდინარეობს ამ წილების გადანაწილება.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ოცნებას“ ცნობილი სახეების დეფიციტი აქვს, ისინი უარს ამბობენ ოცნებასთან ურთიერთობაზე...
- სამწუხაროდ, საქართველოში ცნობილი ადამიანები, ვინც რაიმე შეთავაზებაზე უარს ამბობა, ძალიან ცოტა ვიცი. თითქმის არავინ მახსენდება. რადგან 2012 წელს ყველა იყიდა ბიძინა ივანიშვილმა. შესაძლოა, ისინი პრინციპულობის გამო კი არ ამბობენ უარს, არამედ ცუდი ტონი გახდა საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ მომხრეობა. ეს კი ყოველთვის ხელს უწყობს ხელისუფლების დამხობას.
- ამ ხელისუფლებას დამხობას უწინასწარმეტყველებთ?
- ყველა ხელისუფლების შემთხვევაში ასე იყო. ხელისუფლების დამხობამდე ორი წლით ადრე, ამ პროცესს წინ უსწრებს ხოლმე ხელისუფლების იმიჯის სრული დისკრედიტაცია და ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვართ. დღეს ივანიშვილი სრულად დისკრედიტირებულია. ამიტომ განათლებული ადამიანებისთვის დღეს ივანიშვილთან ურთიერთობა ცუდ ტონად ითვლება.
- რატომ ითვლება ცუდ ტონად?
- იმიტომ, რომ დღეს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არის გაუნათლებლობის, ჩამორჩენილობის, კორუფციის და ნეპოტიზმის სიმბოლო.
- მოხდება სიების გადახალისება?
- რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი ვეღარ მოხვდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „ოცნებას“ აღარ ეყოლება 70 და 80 დეპუტატი პარლამენტში. ამას დაემატება ის გარემოებაც, რომ წინა არჩევნები იყო არჩევანი სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. დღეს კი სრულიად სხვა მოცემულობაა.
- რეალურად რა შეიცვლება?
- „ქართულ ოცნებაში“ ხარისხობრივად და რეალურად ვერაფერი შეიცვლება, აქ არის სიცილიური მმართველობის სისტემა და ამ საკითხში ცვლილებების განხორციელებას ვერ ვხედავთ. ამაზე პროტესტი არ აქვს არავის. ყველაზე სოლიდური ამ კოალიციაში არის რესპუბლიკურ პარტია და პროტესტი მასაც არ გააჩნია.
- რატომ?
- რესპუბლიკელები დღეს ჩიხში არიან. არ ვიცი, თავად მოიმწყვდიეს თავი თუ ივანიშვილმა მოამწყვდია, მაგრამ პროტესტი რომ განაცხადონ რესპუბლიკელებმა, ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოემშვიდობონ ძალიან კარგ ცხოვრებას, რომელსაც შეეჩვივნენ სამი წლის მანძილზე. ისინი ვერასდროს თავისი პროგრამით და ამომრჩევლებით პარლამენტის თავმჯდომარეობაზე კი არა, უბრალო წევრობაზეც ვერ იოცნებებდნენ.
- კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ შესაძლოა რესპუბლიკელები სიაში საერთოდ ვეღარ მოხვდნენ...
- არ მგონია, ასე იყოს. ეს კომენტარები ეკუთვნის „ქართული ოცნების“ იმ ერთ ჯგუფს, რომელიც გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და უბრალოდ გულს იფხანს. რესპუბლიკელები ძალიან სჭირდება კოალიციას. მართალია, ამ პარტიას არც რეიტინგი აქვს და არც ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ სწორედ ისინი ასრულებენ ლეღვის ფოთლის ფუნქციას კოალიციაში.
- ანუ?
- როდესაც უცხოური დელეგაცია ჩამოდის, მათ ან ლევან ბერძენიშვილი უნდა ანახონ, ან დავით უსუფაშვილი. აბა ვის შეახვედრებენ, გუგული მაღრაძეს თუ მანანა კობახიძეს?! ამიტომ ამ პარტიამ სწორედ ეს ფუნქცია შეიძინა ამ კოალიციაში. დანარჩენები კი ცივილიზებულ საზოგადოებაში სიცილს იწვევენ. ამიტომ ივანიშვილი რესპუბლიკურ პარტიას ვერაფრით შეელევა. ამას გრძნობენ რესპუბლიკელებიც და ბაზარზე საკუთარ ფასს მაქსიმალურად უმატებენ. სწორედ ეს იწვევს დანარჩენების გაღიზიანებას და იმ კომენტარებს, რომლებსაც შეცდომაში შეყავხართ.
„ახალი თაობა“, 16 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ნაცმოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მივცემ”
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი არაფორმალური ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით წელს დიდი პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. ისინი ძირითადად ‘ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იქნება მიმართული.
- „ნაციონალები“ ქუჩის აქციებს აანონსებენ. თქვენ რომელი პროვოკაციები გაქვთ მხედველობაში?
- ეს იქნება კომპრომატების გამოქვეყნება. ამ კუთხით განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიექცევა პოლიტპატიმრების საკითხს.
- პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული სკანდალი ნაწილობრივ უკვე აგორებულია…
- ჯერჯერობით ამ თემაზე გაისმის მხოლოდ მანანა კობახიძის, ეკა ბესელიასა და ნანა კაკაბაძის გვარები. სააკაშვილი აპირებს ისეთი მასალების გამომზეურებას, სადაც სხვებიც იქნებიან. ნაციონალებს უნდათ იმის დამტკიცება, რომ პოლიტპატიმრების საქმეში სხვებიც არიან გასვრილი ანუ დაახლოებით 150 გათავისუფლებულ პოლიტპატიმარზე „ქართული ოცნების“ გავლენიან ნაწილს კვოტები ჰქონდა გადანაწილებული. საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდებიან პირები, რომლებიც იტყვიან, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვებაში ფულია გადახდილი.
- ანუ ეს იქნება შავი წინასაარჩევნო პიარი „ოცნების“ წინააღმდეგ?
- სააკაშვილს განზრახული აქვს, „ქართული ოცნების“ ისედაც შერყეული რეიტინგი ნულამდე დაიყვანოს. მთავარი გზავნილი ასეთია – ციხის კადრების საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ 2:1 უგებს. „ქართული ოცნების“ რეიტინგი ჩემი სადარდებელი არ არის, თუმცა ჯობია, მმართველმა კოალიციამ საკუთარი რიგების ლუსტრაცია მოახდინოს.
- „ნაცმოძრაობას“ რას უშველის ეს პროვოკაციები? მის მიმართ ნდობა გაიზრდება?
- „ნაციონალების“ ავტორიტეტი ამით არ გაიზრდება. უფრო მეტსაც ვიტყვი – „ნაციონალურ მოძრაობას“ ცუდი დღე ელის.
- მაინც რა ელის ნაცმოძრაობას?
- თქვენი პოპულარული გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის წევრებს – შექმნან ახალი პარტია და იქ გადაბარგდნენ, თორემ მე, როგორც ამ პარტიის ნამდვილი დამფუძნებელი და დაზარალებული პირი, მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებასა და უფლებას არ მივცემ.
- რანაირად?
- ჩემს მრავალრიცხოვან თანამებრძოლებთან და მომხრეებთან ერთად საპროტესტო აქციებს გავმართავ პროკურატურასთან, სასამართლოსთან, ასევე – საზოგადოებრივ მაუწყებელთან, დავამტკიცებ, რომ სააკაშვილმა ყალბი ხელმოწერით ჩაიგდო ხელში ჩემ მიერ შექმნილი პარტია, მივაღწევ იმასაც, რომ სასამართლოში ეს საქმე განახლდეს. თუ პროკურატურამ ხელმოწერის ნამდვილობაზე ექსპერტიზა ჩაატარა, ეს იქნება ახალი გარემოება და სასამართლო პროცესის გაგრძელების საფუძველი.
- საზოგადოებრივ მაუწყებელთან რა პრეტენზიები გაქვთ?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, პირველი და მეორე არხი სრულ იგნორირებას მიკეთებენ, ანგარიშს არ უწევენ იმასაც, რომ ჩემი პრესკონფერენციები ინტერნეტში ნახვადობით ლიდერებს შორისაა. ამიტომ გავმართავთ აქციებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მოვითხოვთ საეთერო დროს.
- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, სააკაშვილი ისევ აქტიურად ერევა საქართველოს ამბებში…
- რასაკვირველია. ამ მხრივ 2016 წელი გამორჩეული იქნება. უკრაინიდან სარწმუნო წყაროები მატყობინებენ, რომ სააკაშვილის უკრაინული ვოიაჟი ჩაიშალა. მისი საქმიანობა და ყურადღება საქართველოსკენ გადმოდის.
- შეიძლება უკრაინის პრემიერობა არ გამოუვიდა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი ახლა ოდესაში პორტო-ფრანკოს რეჟიმის მომხრედ გამოდის და ამ მიმართულებით აქტიურობს…
- ადრევე ვამბობდი, რომ სააკაშვილი იბრძვის დიდ აბრეშუმის გზაში ოდესის ჩართვისთვის. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინა შეზღუდა და აკრძალა საქონლის ტრანზიტი თავის ტერიტორიაზე, ეს ეკონომიკური გეგმებიც ჩაიფუშა. მიხეილ სააკაშვილის მთელი ძალები საქართველოსკენაა მომართული. ესაა უდიდესი გამოწვევა და საფრთხე ქვეყნისთვის. მე და ჩემი მომხრეები ამის საწინააღმდეგოდ არაფერს დავიშურებთ. შეულამაზებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს მამულიშვილური საქმეა.
„ახალი თაობა“, 16 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუს სამხედროებს პუტინის ჩამოგდება უნდოდათ“
რატომ ითხოვს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიის კრიზისთან დაკავშირებით მსოფლიო კოალიციის შექმნას, რას უკავშირდებოდა რუსეთში ოთხი გენერლის საეჭვო ვითარებაში დაღუპვა და რატომ დაიწყო ცხინვალში სამხედრო წვრთნები?
ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობას“ სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, ვლადიმირ პუტინი სირიის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო კოალიციის შექმნას მოითხოვს. რუსეთს მარტო ბრძოლა გაუჭირდა? თავიდან დიდი ენთუზიაზმით დაიწყო დაბომბვები...
- რეალობას ხედავს, მისი საჰაერო ღონისძიებები არაეფექტურობის ელემენტს ქმნის. ამის თაობაზე რუსეთში არა მარტო ექპერტები, არამედ სამხედროებიც წერენ. მაგალითად, ჟურნალ „ექსპერტშიც“, რომელიც რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და პუტინისეული ტიპის ჟურნალია, დაიბეჭდა სტატია, სადაც რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში არაეფექტურად შეფასდა და კითხვებს სვამენ.
- ახლახან ვიხილეთ კადრები, გარკვეული ქალაქები როგორ აქვთ ბლოკირებული სირიის სამთავრობო ძალებს და როგორ შიმშილობენ ადამიანები, მათ შორის ბავშვები. პუტინს პასუხისმგებლობის თავიდან აცილება ხომ არ სურს ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რადგან სირიის სამთავრობო ძალებს ის მფარველობს?
- პუტინის პასუხისმგებლობის ელემენტებსაც შეიცავს და რუსეთში მძიმე ეკონომიკური ვითარებაც არის. რუბლის დაცემამ დიდი ეკონომიკური სირთულეები შექმნა. სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაც ძვირადღირებულია. თითო ოპერაცია 4 მილიონი დოლარი ჯდება. იმ ფონზე, როცა ნავთობზე ფასები კატასტროფულად დაეცა და ვარდნის ტემპი არ ნელდება, „გაზპრომის“ გააქტიურებაც შეიძლება ამას უკავშირდებოდეს. რუსეთი ცდილობს, გაზის ფასების მეშვეობით მოახდინოს კომპენსაცია.
- ანუ საქართველოსთან გაზის საკითხზე მოლაპარაკებები რუსეთში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება?
- არ გამოვრიცხავ, ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყოს.
- რუსეთი გაზის ფასით ცდილობს მანიპულირებას?
- დიახ. რუსეთის ეკონომიკა მიბმულია ნავთობზე, მაგრამ პუტინმა შეძლო გაზით მოეხდინა დივერსიფიკაცია.
- რით შეიძლება გაამართლოს პუტინმა ასადის პოლიტიკის შედეგი _ ოთხი ქალაქის ბლოკადის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფა?
- არაფრით. სამოქალაქო ომი მიდის. სირიაში მხოლოდ ასადი არ ომობს, იქ 14 ისლამისტური დაჯგუფებაა. იქ ომობს სირიის თავისუფალი არმია, ქურთებიც აქტიურად არიან ჩართულები. ვინ ვის ურტყამს და ვინ ვის ეომება, გაურკვეველია. დიდ სახელმწიფოებს, რომლებიც გარედან არიან ჩარეულები, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ. პუტინი ასადის რეჟიმს არაფრის დიდებით არ გაწირავს. ერთადერთი ასადია მისი სტრატეგიული მოკავშირე. თუ რუსეთი ასადს გაწირავს, დაკარგავს თავის გეოპოლიტიკურ გავლენას ახლო აღმოსავლეთში და ვეღარ გააგრძელებს ავანტიურას. რუსეთის ჩართვა ახლო აღმოსავლეთში მართლა ავანტიურაა.
- ბოლო პერიოდში რუსეთის სპეცსამსახურის რამდენიმე წარმომადგენელი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ერთ-ერთზე ითქვა, რომ აგარაკზე დაიღუპა. თუმცა, ამერიკელებმა განაცხადეს, ლიბანში დაიღუპაო. მათი დაღუპვა ხომ არ უკავშირდება შიდა მოძრაობებს?
- რუსეთში უკვე მეოთხე მაღალჩინოსანი დაიღუპა. დაიღუპა ასევე კრემლის საკადრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც ძალოვანი და სამხედრო კადრების დაკომპლექტებას კურირებდა. პოლიციის გენერალი იყო, რომელიც ასევე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
- ანუ შეიძლება შიგნით პუტინის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა?
- რაღაც მომენტში ითქვა, რომ გენერლები პუტინის მოშორებას აპირებდნენ. კრემლის იერარქიაში მეოთხე კლანი გაძლიერდა. პუტინის ირგვლივ არსებობდა სამი კლანი.
- რა კლანები?
- ერთი არის ჩეკისტური კლანი, მეორე – სანკტ-პეტერბურგის დაჯგუფება მედვედევის მეთაურობით, მესამე – „კოოპერატივ „ოზერა“ პუტინის პირადი დაჯგუფებაა, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კგბ-დან მოდიან. პუტინის პირადი მეგობრების ჯგუფია, პინჩუკები, კოვალჩუკები და სხვები, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ პუტინის პირად ფინანსებს. ფაქტობრივად, პუტინის პირადი გვარდიაა. ამას პლუს კიდევ პარტოკრატიული კლანი, „ედინაია როსიას“ პოლიტიკური დაჯგუფება.
გამოჩნდა კიდევ ახალი კლანი, სამხედროების, რომლებიც საკმაოდ მომძლავრდნენ. ამაში შედიოდა როგოზინი, შოიგუს დაჯგუფება და ის გენერლები, რომლებიც დღეს გაძლიერდნენ. ეტყობა, სამხედროების ეს დაჯგუფება ისე გაძლიერდა, პუტინმა დაიწყო მათთან დაპირისპირება, როგორც სტალინმა დაიწყო წითელი არმიის გენერლების წმენდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ საბრძოლო გენერლების გაუჩინარებისა და საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტები სამხედროების კლანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
- შიგნით მიმდინარე პროცესები საგარეო პოლიტიკაზე როგორ შეიძლება აისახოს?
- რა თქმა უნდა, შესაბამისად აისახება. მიჭირს თქმა, სამხედროების კლანი რას ითხოვდა და რატომ აპირებდნენ გადატრიალების მოწყობას. ეს ალბათ უკავშირდება უკრაინაში, კავკასიაში არსებულ სიტუაციას და სხვა პრობლემებს. გამოიკვეთა ნემცოვის მკვლელობაში კადიროვის როლი. კადიროვი საკმაოდ დაუახლოვდა სამხედროების დაჯგუფებას. ეს მიმართულება აშკარად ჩანს. ამიტომ, როგორც ჩანს, პუტინმა ზომები მიიღო. სხვათა შორის, კადიროვის უახლოესი წრის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც კადიროვთან დადიოდნენ. დადასტურდა, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა პირდაპირ კადიროვთან მიდის. ეს, სხვათა შორის, აღიარა.
- პუტინმა აღიარა?
- გამოძიება გავიდა კადიროვის უახლოეს გარემოცვაზე. ვინც ბორის ნემცოვის მკვლელობაში დაადანაშაულეს, არის გვარად დავიდოვი, მეტსახელად „ლორდი“. ესეც არის ოთხი გენერლის სიკვდილთან კავშირში.
- როგორ?
- ისიც მოჰყვა წმენდაში. როგორც ჩანს, პუტინმა გადატრიალება აღკვეთა და სამხედროების დაჯგუფებას მიაყენა სერიოზული დარტყმა.
- პუტინის პოლიტიკა ცუდად აისახება ხოლმე საქართველოზე. ამ ვითარებაში ცხინვალში რუსული სამხედრო ძალების წვრთნები დაიწყო. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ზამთრის პერიოდში წვრთნების დაწყება?
- ცხინვალში დაწყებული წვრთნები დაკავშირებულია გაზპრომის მოლაპარაკების კონტექსტთან და განხორციელებულია საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენისთვის.
- რუსეთს სურს საქართველზე გატარებული გაზის სანაცვლოდ ფული გადაგვიხადოს. საქართველოს ხელისუფლება უნდა დათანხმდეს თუ არა?
- ეს საკითხი ორი განსხვავებული კუთხით უნდა განვიხილოთ, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოგეოპოლიტიკის კონტექსტში. ენერგოუსაფრთხოების კუთხით ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, ეს ჩვენთვის იქნება დივერსიფიკაცია და სავსებით მისაღები ფორმულა შეიძლება იყოს. მაგრამ ენერგოგეოპოლიტიკის ამოცანების კუთხით, ალბათ, მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ.
„გაზპრომი“ 90%-ით სახელმწიფო კორპორაციაა. აქციების 10%-ია მხოლოდ კერძო სექტორზე გადანაწილებული. სადაც გაზპრომია, იქ არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესები. საკითხს კომპლექსურად უნდა შევხედოთ, როსნეფტი შემოვიდა ფოთში. გაზპრომი შემოდის ზოგადად, საქართველოში და ამას ემატება ბილაინი, რომელმაც გააძლიერა ელექტრონული კავშირგაბმულობის სისტემის კონტროლი. ამ კომპანიებს აკონტროლებენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები.
„რეზონანსი“, 16 იანვარი, 2016 წელი
იმპორტმა საგანგაშოდ მოიმატა
“მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც უფრო მეტად გაუფასურდა ვალუტები, დაიძრა იაფი იმპორტი“
მაკა ხარაზიშვილი
2015 წელს იმპორტის ვარდნამ ექსპორტს 212 მილიონი დოლარით გადააჭარბა, თუმცა საგანგაშო მონაცემები დაფიქსირდა დეკემბერში, როდესაც იმპორტი 270 მილიონი დოლარით გაიზარდა და უარყოფითი სავაჭრო სალდო თითქმის გაორმაგდა. ეკონომისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ამ მაჩვენებელს სერიოზული ყურადღება მიაქციონ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9,928 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2,204 მილიარდი დოლარი იყო – 657 მილიონი დოლარით (23 პროცენტით) ნაკლები, ხოლო იმპორტი 7,724 მილიარდი დოლარი – 869 მილიონი დოლარით (10 პროცენტით) ნაკლები. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5,521 მილიარდი დოლარს და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტს მიაღწია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში საყურადღებოა ერთი დეტალი. დეკემბერში ქვეყანაში იმპორტმა 849 მილიონი დოლარით შეადგინა, რაც 269 მილიონი დოლარით აჭარბებს ნოემბრის მონაცემებს. შესაბამისად, წინა თვეს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 665 მილიონი დოლარის დონეზე დაფიქსირდა, რაც 272 მილიონით მეტია ნოემბრის (393 მილიონი) მაჩვენებელზე. ამასთანავე, დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ექსპორტი 3 მილიონი დოლარით შემცირდა.
“ეს არის სახიფათო და საგულისხმო პროცესი. ჩვენ აღმოვჩნდით იმ ფაქტის წინაშე, რომ ქვეყნებიდან, სადაც უფრო მეტად გაუფასურდა ვალუტები, დაიძრა იაფი იმპორტი. ამან შექმნა დემპინგური სიტუაცია შიდა ბაზარზე. ამით ჩვენ გაგვირთულდა ექსპორტის შესაძლებლობა. ასეთ ტენდენციას აუცილებლად უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება”, – ამბობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე.
აზერბაიჯანი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ბაზარია საქართველოსთვის. 2014 წელს ამ ქვეყანაში 544 მილიონი დოლარის ქართული პროდუქტი შევიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 19%-ია, 2015 წლის იანვარ-ნოებრის მონაცემებით მთლიანი ექსპორტის 11%-ზე მეტი სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანში ექსპორტის კლება, ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის შემცირებას უკავშირდება.
“აზერბაიჯანში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია. გასაგებია, რომ ნავთობზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკა. ნავთობსექტორის გარდა, მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდებოდა მხოლოდ მშენებლობაში. რეალური სექტორის განვითარება ამ ქვეყანაშიც დაბალ დონეზეა. ამიტომაც ნავთობის კრიზისმა მას სერიოზულად დაარტყა. აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ამ ქვეყანაში არსებული პრობლემები ჩვენც გადმოგვწვდება”, – აცხადებს ნოდარ კაპანაძე.
რაც შეეხება იმპორტის ზრდას, იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას აქვს ზღვარი, შესაბამისად, ერთი თვის მონაცემების საფუძველზე იმის თქმა, რომ იმპორტის მკვეთრად ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, რთულია.
ექსპერტი იმპორტის ზრდას, ევროკავშირთან საბაჭო ტარიფების ლიბერალიზაციასაც უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს ევროკავშირიდანაც იმატა პროდუქტის შემოტანამ (სტატისტიკას ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვს).
“მართალია ევროკავშირში ქართული პროდუქციისთვისაც მოიხსნა ბარიერი, თუმცა ჩვენი წარმოების დიდი ნაწილი ევროსტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. გარდა ამისა, არც მრეწველობაა დიდად განვითარებული. შესაბამისად, ევროკავშირისკენ ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას არ ველოდები.
ზოგადად, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, ვინაიდან ისეთ არასტაბილურ გარემოში ვცხოვრობთ, არავინ იცის ხვალ რა მოხდება. ერთია ის, რომ საქართველო ასეთი მასშტაბებით იმპორტდამოკიდებული ქვეყანა რომ არ იყოს, აუცილებელია ეკონომიკის რეალური სქეტორის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება”, – ამბობს კაპანაძე.
შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ფულად გზავნლებთან მიმართებაში. 2015 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი ფული ჩაირიცხა – 101 მილიონი დოლარი. ეს მაჩვენებელი 16 მილიონი დოლარით აჭარბებს ნოემბრის, ხოლო 26 მილიონი დოლარით იანვრის მაჩვენებელს.
მიუხედავად ამისა, 2014 წელთან შედარებით, მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, 2015 წელს ფულადი გზავნილები, წინა წელთან შედარებით, 25%-ით, ანუ 360,8 მილიონი დოლარით შემცირდა.
დეკემბერში 7 მილიონი დოლარით (40 მილიონ დოლარამდე) გაიზარდა გადმორიცხვა რუსეთიდან. საერთოდ კი, ამ ქვეყნიდან თანხის ჩარიცხვის სერიოზული კლება აღინიშნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან 2015 წელს 276 მილიონი დოლარით იკლო (39%-ით). შარშან ამ ქვეყნიდან საქართველოში 1.08 მილიარდამდე დოლარი შემოვიდა.
“გამოდის, რომ ფულადი გზავნილების ნაკადის შემცირება, ძირითადად, რუსულ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში რუსული ვალუტა პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებზე”, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აბსოლუტურ მონაცემებში დაიკლო (121-დან 109 მილიონამდე) ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან, თუმცა სტრუქტურაში მისი წილი 8-დან 10%-მდე გაიზარდა. 22%-ით, ანუ 18 მილიონით გაიზარდა ფულადი გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საბერძნეთიდან კი გზავნილების მაჩვენებელი, ფაქტობრივად, განახევრდა – 205-დან 117 მლნ დოლარამდე.
გზავნილების მოცულობის მიხედვით მეხუთე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც 69 მლნ დოლარი ჩაირიცხა, 1%-ით მეტი 2014 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ თურქეთში სამუშაოდ წასული ქართველების დიდ ნაწილს საქართველოში ფული ხელით შემოაქვს.
„რეზონანსი“, 16 იანვარი, 2016 წელი
გიორგი ქადაგიძე პარლამენტს გაღმა ედავება
რატომ არ აქვეყნებს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს?
მაკა ხარაზიშვილი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტს მისი ანგარიშის მოსმენას სთხოვს. ფინანსურ ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობისა და ლარის გაუფასურების ფონზე, წესით, პარლამენტი ეროვნული ბანკის მიმართ მეტ ყურადღებას უნდა იჩენდეს, მაგრამ როგორც სხვა დანარჩენი მიმართულებით, ხელისუფლება აქაც პასიურობას იჩენს.
საქმე ისაა, რომ ეროვნულ ბანკს დღემდე არ შეუქმნია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, ასევე არ გამოუქვეყნებია ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, არადა მეზობელ ქვეყნებში არსებული რთული მდგომარეობისა და ლარის კურსის გაუარესების გამო, ქვეყანა სავალუტო კრიზისის წინაშე ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდეს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ საკითხისადმი დიდი ინტერესი არც პარლამენტს გამოუხატავს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკი. პარლამენტმა 2015 წლის საქმიანობა ისე დაასრულა, რომ პლენარული სხდომის ფორმატში სებ-ის ანგარიში არ მოისმინა.
“ძალიან რთული ეკონომიკური გამოწვევის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს და იმ მოვლენების ფონზე, რაც ვითარდება რეგიონში, ძალიან გასაკვირია ის, რომ დეპუტატებს არ აქვთ სურვილი, მოისმინონ ეროვნული ბანკის ანგარიში. ჩვენი ყველა პროგნოზი, პრაქტიკულად, გამართლდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად. ამიტომ ეს უნდა იყოს მთავარი ტრიბუნა, სადაც განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხს. მე მაქვს კომუნიკაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან და იმედია, რომ თებერვლის პირველივე კვირაში მოხდება ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ “მაესტროს” ეთერში.
პარლამენტის საფინანსო-საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არა პარლამენტი ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენას. იგი აღნიშნავს, რომ ქადაგიძის მოსმენა ერთხელ მისი თხოვნის, ხოლო ორჯერ კვორუმის არარსებობს გამო გადაიდო.
“მახსოვს, საკითხი დღის წესრიგში ჩასმული იყო და გადაიდო. ეს საგაზაფხულო სესიების ბოლოს მოხდა. მაშინ ჩემთან და ნოდარ ებანოიძესთან მოსული იყო მათი აღმასრულებელი დირექტორი და გვთხოვა, ანგარიშის მოსმენა გადაგვედო, რადგან გიორგი ქადაგიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. ჩვენ ტრიბუნასთან ვთხოვეთ დავით უსუფაშვილს და სპიკერმა მისი თხოვნით მოსმენა გადაავადა. ამის შემდეგ საკითხი შეტანილი იყო საშემოდგომო სესიების დღის წესრიგში და ორჯერ იმის გამო გადაიდო, რომ პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა”, – ამბობს მეჭიაური და დასძენს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ანგარიში განიხილა და შეფასება გააკეთა, რაც პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნა.
“ჩვენი მხრიდან ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ახლა ჩაჯდება თუ არა დღის წესრიგში, ეს ბიუროს გადასაწყვეტია. როგორც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, ისე მოვიქცევით, არანაირი პრობლემა არ არსებობს. კომიტეტმა დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში არასრულია, ვინაიდან მას ფინანსური სტაბილურობის ანგარიში არ ახლავს.
“საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე წარდგენილ ეროვნული ბანკის იმ არასრულ ანაგარიშში ეროვნულმა ბანკმა, პირობა დადო, რომ ნაკლს გამოასწორებდა და 2015 წლის მეორე ნახევაში ფინანსური სტაბილურობის ყოველწლიურ ანგარიშს შექმნიდა. ქადაგიძემ ეს პირობა დაარღვია. მთელი ამ დროის განმავლობაში პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უცდიდა, როდის შეასრულებდა იგი დადებულ პირობას, რათა სრული საქმიანობის ანგარიში პლენარულ სხდომაზე მოესმინა”, – ამბობს მიხეილ დუნდუა.
ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის, 105-ე გვერდზე მითითებულია, რომ სებ-ს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში 2015 წლის მეორე ნახევარში მზად ექნებოდა.
“მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკში შეიქმნა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომლის მთავარი ამოცანაა ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. როგორც კომიტეტის მუშაობასთან დაკავშიორებული საკითხები, ასევე ფინანსური სტაბილურობის ძირითადი გამოწვევები განხილული იქნება ფინანსური სტაბილურობის ყოველწლიურ ნაგარიშში, რომლის განახლებული ვერსიაც 2015 წლის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება”, – წერია სებ-ის ანშარიშში.
“რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რატომ არ მუშაობს სებ-ი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშზე და აღნიშნული კითხვით ეროვნულ ბანკს რამდენჯერმე მიმართა კიდეც, თუმცა ამ უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია.