globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 16th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან: „შეიძლება მიხეილ სააკაშვილის რჩევები უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს“

„კვირის ქრონიკა“: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისათვის ემზადება

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „მიხეილ სააკაშვილი იყო ამერიკული პროექტი, რომელმაც ამერიკელებს წარმატებით შეუსრულა ყველა პირობა“

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩასულიყო კიევში და ჩაიშალა, ჩვენ ნელ-ნელა ვეჯახებით ამერიკელებს“

———————–

„კვირის პალიტრა“, 16 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან: „შეიძლება მიხეილ სააკაშვილის რჩევები უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს

(ამონარიდი)

- უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. უკვე თავად უკრაინელი ჟურნალისტები ნახევრად ირონიით წერენ, “ნაციონალური მოძრაობასაქართველოდან წავიდა და უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდაო. მათივე ცნობით, ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლების არაფორმალური მრჩეველია.

- სამწუხაროა, თუ სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. წუხილს იმის გამო გამოვთქვამ, რომ პროკურატურას სააკაშვილისთვის რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. ბუნებრივია, მეგობარ სახელმწიფოს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, ადეიშვილზე, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, წითელი ცირკულარით იძებნება. თუმცა, ამაშიც ტრაგიკული არაფერია. უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობის გასაღრმავებლად და მაქსიმალურად დავეხმაროთ.  ქართველებისთვის შემაშფოთებელი სხვა რამ უნდა იყოს. მეგობარმა მითხრა,  აქედან კი გაასწრეს, მაგრამ უკრაინელებს შეიძლება ვეღარ გაასწრონო. 2008 წლის ტრაგედიაში სააკაშვილის შეცდომებს დიდი წვლილი მიუძღვის და ამ კაცს უკრაინაში მრჩევლად ნიშნავენ. ეს სახიფათოა. ერთი მხრივ, უკრაინაა ცოდო, ჩვენი მეგობარია, მეორე მხრივ, ქართველობა – თუ ძველი ხელწერით გააგრძელეს უკრაინაში მოქმედება (არადა, მათ სხვა ხელწერა არ იციან), უკრაინელებს მწვავე რეაქცია ექნებათ და არსებობს საფრთხე,  ქართველებზეც გადმოვიდეს ეს აგრესია. მატყუარა სააკაშვილი ტელევიზორში ზის და იქ ათას სისულელეს ამბობს. დიდი ხანია აღარც ვუსმენ და მის ნათქვამებს არც ვკითხულობ. თუმცა, შეიძლება მისი რჩევები უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს. ადეიშვილზეც იგივე ითქმის. თუმცა, ტრაგიკულადაც ნუ დავხატავთ ამ პროცესს. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას თავისი არჩეული ხელმძღვანელობა ჰყავს, თუმცა, გვერჩივნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობისა და პროკურატურის პოზიცია, ზოგადად მისი მეგობარი სახელმწიფოს პოზიცია გაეთვალისწინებინათ.

- რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ვერსიას, რომ სააკაშვილი არეულობას გაზაფხულზე გეგმავს საქართველოში?!

- საქართველოს მოსახლეობა მინდა დავამშვიდო – მათ  საამისო რესურსი არ გააჩნიათ. არეულობის მოწყობის მცდელობა და სურვილი რომ აქვთ, ეჭვი არავის ეპარება. მათი პროპაგანდის ორწლიან ანალიზსაც გავაკეთებთ და გაჩვენებთ, რომ იმავე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები როგორ ცდილობენ საზოგადოებისთვის სწორედ ცრუ ინფორმაციის მასირებულად მიწოდებას – თითქოს ეკონომიკა ინგრევა, იზრდება კრიმინალი და ა.შ. ეტაპებად დაყოფილს გაჩვენებთ, როგორ მუშაობდა აგიტაციის მანქანა, რომლის მიზანი ერთია – როგორმე საქართველოში ეკონომიკა დაინგრეს. ღმერთმა ნუ ქნას არეულობა, ეს ვერც მოხდება, თუმცა, არეულობის შემთხვევაშიც “ნაციონალებს” ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მაინც არა აქვთ. ქართველი ხალხი არ არის ისეთი ბრიყვი, როგორიც მათ ჰგონიათ, სააკაშვილს მეორედ თავზე არ დაისვამენ – ამის თეორიული შანსიც არ არსებობს. არეულობის მოწყობასაც ვერ მოახერხებენ,  რადგან აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება გვყავს, “ნაციონალებს” არა აქვთ არეულობის გამოსაწვევი რესურსი. თუმცა, ვიმეორებ, სურვილი აქვთ, საქართველო ცეცხლის ალში იწვოდეს, მაგრამ ვერ მიაღწევენ, საზოგადოება ტყუილად ნუ შფოთავს. ახლა უკრაინაში ნახეს თავშესაფარი, თუმცა, ვისურვოთ, რომ იქ მოვლენები პოზიტიურად განვითარდეს.

„კვირის ქრონიკა“, 16 თებერვალი, 2015 წელი

სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისათვის ემზადება

ნინო სამხარძე

(შემოკლებით)

პეტრო პოროშენკო “სიკვდილს” დაუმეგობრდა, მას მიხეილ სააკაშვილი ჰქვია. საკონდიტრო მაგნატმა, უკრაინის მილიარდერმა პრეზიდენტმა, საკუთარი ნებით არჩია გილიოტინაზე ასვლა, მან ახლა სიკვდილის ფორმა უნდა აირჩიოს, უბედური შემთხვევა, როგორც ეს ჟვანიას შემთხვევაში მოხდა, ინფარქტით გარდაცვალება, ბადრი პატარკაციშვილის მსგავსად, თუ “სიკვდილის ესკადრონების” ხელით გასაღება… რაც სააკაშვილის რეჟიმის აპრობირებული მეთოდია. უკრაინაში ომის იმპორტიორმა, მიხეილ სააკაშვილმა “სიკვდილის ესკადრონები” თან წაიყოლა, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის სხვა დავალებებთან ერთად, ამ საშინაო დავალებასაც წარმატებით გაართმევს თავს, როცა კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურები პოროშენკოს ან გნებავთ უკრაინის პრემიერ-მინისტრ იაცენიუკის ჩამოცილების ბრძანებას გასცემენ. როგორც წესი, დიდ პოლიტიკას, თან სდევს დიდი მსხვერპლი და ამ საქმეში გაწაფული, რეფორმატორის ნიღაბს ამოფარებული მკვლელები, ამ დავალებასაც წარმატებით გაართმევენ თავს…

სააკაშვილმა პოროშენკო 80-იან წლებში გაიცნო, კიევის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალს ერთად სწავლობდნენ, პოროშენკომ სტუდენტობიდან დაიწყო ბიზნესის და ფულის კეთება, მიშამ კი უკრაინაში პორნოფილმების გადაღებით გაითქვა სახელი, რის გამოც საბჭოთა “კა-გე-ბემ” მას პრობლემები შეუქმნა, მაგრამ პორნოგრაფიების ფარულად გადაღება და პოლიტიკური ოპონენტების დაშანტაჟება სააკაშვილის სტიქიად დარჩა. ვწერდით, რომ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტზეც მოეპოვება სექსუალური სახის მაკომპრომეტირებელი მასალა, რომლის გამოქვეყნებაც, პოროშენკოს დასასრულის დასაწყისს გამოიწვევს, ერთია, რომ დასავლეთმა, პოროშენკოს თავზე სიკვდილი შემოდო, მიხეილ სააკაშვილის სახით და მეორეა, ის კომპრომატები, რაც პოროშენკოს, სააკაშვილის ხელში მარიონეტად აქცევს!

დღეს უკრაინის ხელისუფლებას კრიმინალური ბანდა მართავს, დამნაშავე რეჟიმის აქტიორებს, უკრაინის ხელისუფლება კი არ მფარველობს, არამედ უკრაინის ხელისუფლებაშია „ნაციონალურ მოძრაობა“ და მათი შანტაჟის მსხვერპლნიც ძალიან მალე ალაპარაკდებიან.

ოფიციალური კიევი ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობას კი არ აფურთხებს სულში, არამედ უპირისპირდება საკუთარ მოსახლეობას. ერთია, რომ 45-მილიონიან უკრაინაში, მინიმუმ ათი მოაზროვნე თავი ვერ მოგეძებნება, მაგრამ მეორეა, როცა შენს ხალხს გენოციდისთვის სწირავ, იმეტებ ნულოვანი ტოლერანტობისთვის, ადგილზე ლიკვიდაციისთვის, საჩვენებელი დახვრეტებისთვის, წამებისთვის, შიმშილისთვის, ქონების უკანონოდ ჩამორთმევისთვის, უკანონო პატიმრობისთვის და სექსუალური ძალმომრეობისთვის…

თუმცა ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია და ვეჭვობ, კაციჭამია ანდრეი ჩიკატილოს ქვეყანა კიდევ ერთ ჩიკატილოს შეეგუოს სახელისუფლებო ვერტიკალში. უკრაინა საქართველო არ არის, ქართული ტოლერანტობა, მათთვის უცხოა და შესაძლოა, „კიევის მაიდანის“ ერთ-ერთი თანაავტორი, საქართველოში ძებნილი ნაპრეზიდენტალი, სისხლიანი, ავტორიტარული რეჟიმის ფუძემდებელი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი ხალხის მძევალი აღმოჩნდეს, მაგრამ მანამდე ის თავბრუდამხვევ თავგადასავლებში ამყოფებს უკრაინას. მან მიიღო სტატუსი და დღეიდან ის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.

პარალელურად, დავით საყვარელიძემ ჩაიბარა ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. რაც მთავარია, ინტერპოლით ძებნილი, სისხლიანი რეჟიმის მთავარი დოქსოპულო, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც უკრაინაშია. უკანონობის მთავარი იდეოლოგი ღიად ჩნდება სამთავრობო შეხვედრებზე და ის უკრაინის ხელისუფლების კონსულტანტის ფუნქციას ითავსებს, უკრაინის შსს, ჯანდაცვა, იუსტიცია, ნაციონალების ხელშია, რეგიონებში, პოლიციის უფროსების მოადგილეებად, ადგილობრივ თვითმმართველობებში წამყვანი პოზიციები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მათ აქტივისტებს უკავიათ.

ალბათ, საინტერესოა, რას უნდა ნიშნავდეს ნაციონალების სტრატეგიულ ადგილებზე გადანაწილება? რა გეგმა აქვს მიხეილ სააკაშვილს? ის საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება, თუ მას აღარ ჰყოფნის კავკასიის რეგიონში ერთი პატარა საქართველო?

„კვირის ქრონიკა“, 16 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „მიხეილ სააკაშვილი იყო ამერიკული პროექტი, რომელმაც ამერიკელებს წარმატებით შეუსრულა ყველა პირობა

ნინო სამხარაძე

(ამონარიდი)

იურისტი ვალერი გელბახიანი „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ხელისუფლების გამოწვევებსა და იმ სავარაუდო კრიზისებზე საუბრობს, რაც გლობალურ პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირშია.

- მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი აქტიორია, ზურგს ღიად უმაგრებს დასავლეთი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ინტერპოლს მიმართავს, რომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს და მასზე საერთაშორისო ძებნა არ გამოაცხადოს. ეს რას ნიშნავს?

- დასავლეთს სააკაშვილი მიაჩნია იმ რიგის პოლიტიკოსად, რომელსაც დასავლური ორიენტაციის დანერგვასა და რეფორმებში აქვს წვლილი შეტანილი. პირდაპირ ვთქვათ, რომ სააკაშვილი იყო ამერიკული პროექტი, რომელმაც ამერიკელებს წარმატებით შეუსრულა ყველა პირობა, ამიტომ ამერიკელების ამოცანაა დღეს, რომ წარმატებული პროექტი დამნაშავედ არ იქნეს გამოყვანილი. ამით კი შეერთებულმა შტატებმა სააკაშვილი თავის დროზე დაარწმუნა, რომ, თუ ხელისუფლების გადაბარება მოხდებოდა არჩევნების გზით, ამ შემთხვევაში ყველანაირად შეუწყობდნენ ხელს მის უსაფრთხოებას და ა.შ. ამ საპილოტო პროექტით ამერიკელებმა მსოფლიოს დაანახეს, რომ ხელისუფლების ცვლის დროს თურმე წინა ხელისუფლებას საფრთხე ემუქრება, ანუ ეს ქეისი აღარ მუშაობს მსოფლიო არადემოკრატიული რეჟიმებისთვის. უნდა ყოფილიყო გარანტია იმისა, რომ სააკაშვილს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საფრთხე არ დაემუქრებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად დაინახეს, რომ თუკი ნებაყოფლობით შეიცვლება ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში გარდაუვალია წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დევნა, დაჭერა, ამიტომ დღეს რაც ხდება, ეს არის ამერიკის პოლიტიკის ნაწილი.

სააკაშვილი ამერიკელებს პიროვნულად კი არ აღელვებთ, არამედ ისინი ღელავენ სააკაშვილზე, როგორც მათ პროექტზე, რომელიც ჩავარდა.

ახლა რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, სააკაშვილი არის სტატუს-კვო, აქვს ოფიციალური სახელმწიფო ჩინი, აღიარებულია საერთაშორისო დიპლომატიური წრეების მხრიდან, შექმნილია ცინიკური ვითარება, ადამიანს აქვს ოფიციალური დიპლომატიური სტატუსი და ამ დროს ის იძებნება. ძებნას აცხადებ იმ შემთხვევაში, როცა არ იცი პიროვნების ადგილ-სამყოფელი, მაგრამ როცა შენ იცი, პირი სად იმყოფება, ვალდებული ხარ, მიმართო სახელმწიფოს და მოსთხოვო დამნაშავის გადმოცემა. ამიტომ ინტერპოლით სააკაშვილზე ძებნის გამოცხადება არის კომიკური.

- როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება?

- საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, უნდა მიმართოს უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, და ოფიციალურად მოსთხოვოს მისი გადმოცემა, როგორც დამნაშავის. ამ წუთას აი, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს გასაკეთებელი, მაგრამ ეს რომ გააკეთოს, საქართველოს სახელმწიფომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ნიშნავს საქართველოზე ეკონომიკურ დარტყმას, რადგან უკრაინა-საქართველოს შორის სერიოზული სავაჭრო ურთიერთობებია. თუ დიპლომატიური ურთიერთობები დაიკეტება ჩვენ შორის, ავტომატურად დაიკეტება სავაჭრო ურთიერთობებიც. ამიტომ, ცოტა არ იყოს, ჩიხში შევედით ამ სააკაშვილის გამო. ხელისუფლებამ გამოსავალი უნდა მოძებნოს, ის, თუ რას იტყვის აშშ და ნატო, ჩვენთვის რაღაცას უნდა ნიშნავდეს. ან გავითვალისწინონ მათი პოზიცია, ან არადა, ოფიციალურად დავაყენოთ საკითხი და ვთქვათ, რომ გადმოგვცენ დამნაშავე.

ძებნას ნუღარ გამოაცხადებენ, მოსაძებნი რა არის, როცა ვიცით, ადამიანი სად არის, რა თანამდებობაზე დანიშნა უკრაინის ხელისუფლებამ და მოსთხოვოს ხელისუფლებამ უკრაინას მისი გადმოცემა, თუ არადა, არსებობს ჰააგის სასამართლო. გადასცეს სახელმწიფომ ჰააგის სასამართლოს მისი საქმე და მოითხოვოს დამნაშავის დასჯა. ეს ხელისუფლება თავმოჭრილი ბატივით არის, არც ის იცის რა აკეთოს და არც ის, როგორ გააკეთოს. ეს არის მარაზმი და უმსგავსოება.

- პოროშენკო ისეა სააკაშვილზე დამოკიდებული, როგორც ნარკომანი წამალზე. ამიტომ, ეს გზა, როგორც ჩანს, მცდარი იქნება, უკრაინა სააკაშვილს საქართველოს არ გადმოსცემს. რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, იქ რა პერსპექტივები არსებობს?

- მოდით, ასე ვთქვათ, უკრაინა და პოროშენკო სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ მფარველობს, არამედ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენს. ეს არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების სრული ჩიხი. სამყაროში თუ შეიქმნებოდა ასეთი პრეცედენტი, წარმოდგენა არ მქონდა. ეს სამყარო რა ყოფილა?! ყველაფერი თამაშის წესებზეა დამოკიდებული და მათ შემოგვთავაზეს თავიანთი თამაშის წესი. მაგალითად, რუსეთი იფარავდა რამდენიმე ქვეყნის გაქცეულ პრეზიდენტს. მათ შორის ახლაც იფარებს იანუკოვიჩს. რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინას მოსთხოვა დამნაშავე იანუკოვიჩის გადაცემა, რაც რუსეთმა არ გააკეთა.

- სააკაშვილი დასავლეთიდან უკრაინაში იარაღის მიწოდების საკითხებს უხელმძღვანელებს. როგორც ჩანს, უკრაინა-რუსეთს შორის ღია ომი გარდაუვალი ხდება. ამ შემთხვევაში რამდენად არსებობს საშიშროება, რომ სააკაშვილმა არ შექმნას შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების დამხობისთვის გამოიყენებს?

- თუ დასავლეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოში მსგავსი პროექტი განხორციელდეს, ეს განხორციელდება და წინ ვერაფერი დაუდგება. ამიტომ არის, რომ რადიკალურ და შავ ფერებში ვხატავ სურათს, იმიტომ, რომ მოსალოდნელია საფრთხეები და ამ რისკებზეა სწორედ საფიქრალი. ყველაფერი უნდა გააკეთდეს იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია არ მოხდეს ქვეყანაში. მე არ ვიცი, ჩვენები როგორ მუშაობენ ამერიკელებთან, ევროპელებთან, ნატოს სტრუქტურებთან, სპეცსამსახურებთან, ეს ამ სახელმწიფოს პოლიტიკური საგანია. ჩვენ რაც არ უნდა ვიმარჩიელოთ, თუ ეს სცენარი სადღაც დაიწერა, ამ სცენარს ჰყავს შემსრულებელი. ჩვენი მარჩიელობით ვერაფერს გავხდებით, ბერკეტები ხელისუფლებას უკავია ხელში, ხელისუფლება მხოლოდ აცხადებს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, მაგრამ ამ მიმართულებით არ მოქმედებს და ჩვენს ნათქვამზე, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, იცინიან – უკრაინელები, ამერიკელები, ფრანგები. რა დამნაშავეა, კაცი სახელმწიფო ხელისუფლებაშია, ამით ჩვენ ვიტყუებთ საკუთარ თავს, ეტყობა რაღაცები იგეგმება, ტვინი გაანძრიონ. ბევრი იმუშაონ უცხოელებთან და მოახდინონ ბლოკირება იმ კატაკლიზმების, რომელიც ხელეწიფებათ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები.

„კვირის ქრონიკა“, 16 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩასულიყო კიევში და ჩაიშალა, ჩვენ ნელ-ნელა ვეჯახებით ამერიკელებს

გელა ზედელაშვილი

მინსკის შეხვედრის შემდეგ უკრაინაში სიტუაცია მაინც ვერ განიმუხტა. პრეზიდენტი პოროშენკო მუდმივად აკეთებს განცხადებებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები თითქმის არ სრულდება. ჩვენი ყოფილი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი დაჟინებით ითხოვს იარაღს, რათა რუსეთი დაშალოს და საერთოდ გააცამტვეროს.

„ქრონიკას“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:

(ამონარიდი)

- ბატონო სოსო, შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ უკრაინელებს რუსებმა ის ვარიანტი გაუთამაშეს, რაც ჩვენ გაგვითამაშეს 1993 წელს სოჭში, როცა შეიარაღება გამოგვატანინეს სოხუმიდან. უბრალოდ, უკრაინაში მასშტაბებია უფრო დიდი.

- კი, ჩვენ იარაღი გამოვიტანეთ ენგურს აქეთ, 30 კილომეტრზე, ხოლო სეპარატისტებმა გაიტანეს 30 მეტრზე. ახლა უკრაინაში დაშორება ხდება 40-დან 150 კილომეტრამდე, ანუ უკრაინელებმა უნდა გაიტანონ 40 კილომეტრით, ხოლო სეპარატისტებმა – 150 კილომეტრით. ამ წლის სექტემბრიდან სეპარატისტების ტერიტორია გაფართოვდა 1500 კილომეტრით. დაშორება იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე უკრაინის იურისდიქცია აღდგება, უბრალოდ მძიმე ტექნიკას გაიტანენ და როცა დასჭირდებათ, ისევ შემოიტანენ. თუ საზღვარი არ ჩაიკეტა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რუსეთიდან კიდევ რას შეიტანენ, ღმერთმა იცის. პუტინმა შეხვედრაზე თავი მოიკლა, წლის ბოლომდე უკრაინაში უნდა მოხდეს კონსტიტუციური რეფორმებიო. ის ამაში გულისხმობს ფედერალიზაციას, დონეცკი და ლუგანსკი უნდა მოექცეს რაღაც განსაკუთრებულ ზონაში.

- პოროშენკო ამბობს, არავითარი ავტონომიები არ იქნებაო.

- ავტონომიები არ დაერქმევა, მაგრამ პრაქტიკულად ასე იქნება. მართალია, ამ განსაკუთრებულ ზონაში პოროშენკო ცხვირსაც ვერ შეყოფს, მაგრამ მან უნდა უხადოს მოსახლეობას პენსიები, გაუწიოს სოციალური დახმარება და აღადგინოს დანგრეული შენობები.

- ესე იგი, უკრაინამ უნდა აძლიოს მხოლოდ ფული?

- ჩვენ რომ დღეს გვითხრან, ცხინვალი აღადგინეთ და პენსიებიც იხადეთო, სწორედ ასეა საქმე, თან უნდა დავთანხმდეთ, რომ იქ საერთოდ ვერ შევალთ.

- რატომ წავიდა დასავლეთი ასეთ კაპიტულაციაზე?

- ზუსტად იგივე ხდებოდა 1938 წელსაც, მთელი დასავლეთი ჰიტლერის გარშემო ტრიალებდა, ჯერ ჩავიდნენ ბერლინში, მერე მიუნხენში. ახლა პოროშენკო შეუშვეს მოლაპარაკებაზე, მაგრამ მაშინ მიუნხენის შეხვედრაზე ჩეხებს დარბაზშიც არ შეასუნინეს, დერეფანში ალოდინეს.

სააკაშვილის დანიშვნა ავიღოთ… შენ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გაქვს აღძრული ინტერპოლს სთხოვ, დამაჭერინეო. ახლა ამერიკელი სენატორები ინტერპოლს მიმართავენ, შეწყვიტეთ ამ ადამიანის ძებნაო და შეწყვეტენ კიდეც. ინტერპოლი ძირითადად ამერიკელებისაა, ხარჯებს ეგენი გასცემენ. ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს. სიმართლე თქვა ნინო ბურჯანაძემ, ბარემ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვიტეთ, ეგღა დაგრჩათო. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩასულიყო კიევში და ჩაიშალა, ჩვენ ნელ-ნელა ვეჯახებით ამერიკელებს. უკრაინა გახდა საჯილდაო ქვა, იქ დაუპირისპირდა ოფიციალური თბილისისა და „ნაციონალების“ ინტერესები, დასავლეთი იგნორირებას უკეთებს თბილისის პოზიციას.

- რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? ის უარს არაფერზე არ ამბობს, ჯარს აგზავნის, სადაც ნატოს უნდა, ევროპას ხელშეკრულებაზე ხელი მოუწერა და ვალდებულებებს, ავად თუ კარგად, ასრულებს, რა უნდათ ამ ამერიკელებს?

- იმათ უნდათ ერთი რამე: უკან ყურებას თავი დაანებეთ, წინ იყურეთო. ჩვენ ვერ ვლაპარაკობთ დასავლეთისთვის გასაგებ ენაზე… არა, ჯინაზე ვიქცევით, მაინცდამაინც სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ.

- ჯერ ერთი, ამას ქართველი ხალხი ითხოვს და მეორეც, ბერუჩაშვილის ენით დასავლეთს რანაირად უნდა ველაპარაკოთ?

- მეც მაგას ვამბობ, სულ მაგაზე არ ვჩხუბობ? დღევანდელი ქართული დიპლომატიით ჩვენ შორს ვერ გავფრინდებით.

- კარგი, დავუბრუნდეთ რუსეთ-უკრაინის საკითხს.

- თუ ახლა სეპარატისტები ჭკვიანურად მოიქცნენ და დამშვიდდნენ, მარტში ევროპა და ამერიკა რუსეთს სანქციებს მოუხსნის. ამავე დროს არ იქნება უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. პუტინს მერკელი და მისი კოლეგები ეუბნებიან: კი, ჩვენც გვინდა სანქციების გაუქმება, ამერიკელებს არ უნდათ, ამიტომ ცოტა ისე მოიქეცი, რომ ეს შევძლოთ, ხომ მიაღწიე შენს მთავარ მიზანს? ყირიმს ვივიწყებთ, ახლა ისე მოიქეცი, რომ მარტში ეს ყველაფერი გავაუქმოთო.

უკრაინის შემდეგ პუტინის სამიზნე რომელი ქვეყანა იქნება? თუ ვინმეს საქართველო ჰგონია, ძალიან ცდება, ეს იქნება ყაზახეთი. ჩვენს მედიას არაფერი არ აინტერესებს,თორემ ყაზახეთში რა ამბებია ატეხილი, ამის შესახებ საზოგადოებას ცოტა ადრე ეცოდინებოდა. პუტინი გამოვიდა და თქვა, ყაზახებს სახელმწიფო არ ჰქონდათ, ის ნაზარბაევმა შექმნაო. ამის შემდეგ ნაზარბაევმა განაცხადა, საზეიმოდ უნდა აღინიშნოს ჩვენი ქვეყნის 1500 წლისთავიო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პუტინი მიდის სოლჟენიცინის გეგმით, სადაც პირდაპირ წერია: უნდა დავიბრუნოთ ყირიმი, უკრაინა არის ხელოვნური სახელმწიფო. არ არსებობს ჩრდილოეთ ყაზახეთი, არსებობს სამხრეთ ურალი, სადაც სულ რუსები ცხოვრობენ და ესეც უნდა დავიბრუნოთ.პუტინი აღმერთებს ორ პიროვნებას, სტალინსა და სოლჟენიცინს.

- სოლჟენიცინის გეგმაში კავკასიაზე რა წერია?

- კავკასია აუცილებლად უნდა იყოს რუსეთის გავლენის ქვეშ. სოლჟენიცინი ერთ მომენტში წინააღმდეგობაში მოდიოდა, ხან წერდა, ჩრდილოეთ კავკასია საერთოდ არ გვჭირდებაო, ხან – გვჭირდებაო. როცა წერდა, არ გვჭირდებაო, მაშინ რადიკალური ისლამიზმის საფრთხე არ არსებობდა. ამ შემთხვევაში, როცა რუსეთს ჩვენთვის არ სცალია და მთელი ევროპაც სხვა საკითხებზეა გადართული, უნდა ვეცადოთ, ქვეყანა დავალაგოთ. ეს როგორ მოხერხდება, უკვე სხვა თემაა.

Comments are closed