globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 16th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: პროკურატურა: პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა // ირაკლი შოთაძის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს

რეზონანსი: ინტერვიუ თეოლოგ ლევან აბაშიძესთან: „ქურდი მეუფე, ვინც მილიონებს იპარავს, ბევრ რამეზე წავა, რომ ეს ფული შეინარჩუნოს“

რეზონანსი: 36 წლის წინანდელი ტრაგედია და რა კავშირშია მასთან შორენა თეთრუაშვილი

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „პატრიარქთან დაკავშირებული თემის ასე პოლიტიზირება დაუშვებელია“

რეზონანსი: რომელი პოლიტიკური პარტიები იქნებიან კვირას „რუსთავი-2“-ის მხარდამჭერ აქციაზე? ესენია: „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველოსთვის“, „ლეიბორისტები“, „თავისუფალი დემოკრატები“

—–

ვერსია: ბრძოლა პატრიარქობისთვის თუ შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ? // პატრიარქის მოწამვლის მცდელობის ოთხი ვერსია

—–

ახალი თაობა: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ვიღაცას უნდა, რომ საპატრიარქოს სკანდალი ივანიშვილს დაბრალდეს“ // „ოცნებაში“ არის ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის დაგდება სურს“

ახალი თაობა: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ხელისუფლებამ ცეცხლთან თამაში უნდა შეწყვიტოს“ // „პოლიტიკური სპექტრი პარალიზებულია“ // „ოპოზიცია გაუბედურებულ მდგომარეობაშია“

ახალი თაობა: ინტერვიუ ბიძინა გუჯაბიძესთან: „საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმები ხისტი არ უნდა იყოს“ // „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ გააჩნიათ“

ახალი თაობა: ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „დავით ნარმანია დასაჭერია იმის გამო, რაც ჩაიდინა“ // „კორუფციის ჭაობშია ჩაძირული თბილისის მერია“ // „ქართული ოცნების“ პრობლემა ისევ და ისევ „ქართული ოცნებაა“

————————

რეზონანსი“, 16 თებერვალი, 2017 წელი

პროკურატურა: პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა

ირაკლი შოთაძის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს

ეკატერინე ბასილაია

პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი “ერთ-ერთი პირის” მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არაპატრიარქის, – აცხადებენ “რეზონანსთან” საუბრისას მთავარ პროკურატურაში და ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს, რადგან მათ არსად უთქვამთ – პატრიარქი.

“მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ”, – განგვიცხადეს მთავარ პროკურატურაში, სადაც აღნიშნავენ იმასაც, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი, საუბარია “ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან”.

კონკრეტულად ბრალდებაში ვისზეა საუბარი, ამის შესახებ პროკურატურაში არ საუბრობენ, თუმცა, დიდი ალბათობით საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებია საზოგადოებაში ყველა ილია მეორის მკვლელობის მომზადებაზე საუბრობს, სასულიერო პირებიც სწორედ პატრიარქზე აკეთებენ აქცენტს, უფრო მეტიც, როდესაც პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და “ქართული ოცნების” დეპუტატები ღიად აცხადებენ, რომ სწორედ უწმინდესის მოწამვლა იგეგმებოდა, რატომღაც პროკურატურას ამდენი დღის განმავლობაში გარკვევით არ უთქვამს, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე არ არის საუბარი.

“რეზონანსთან” საუბრისას მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ამბობს, რომ მთავარმა პროკურორმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ პატრიარქზე საუბარი არ არის.

“ბრიფინგზე მთავარ პროკურორს ჰკითხეს, იყო თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ილია II, ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ – არა, მე პატრიარქი არსად მიხსენებია. ჩვენ პრესრელიზში, თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ განმცხადებელმა, რომელიც პროკურატურაში მოვიდა, თქვა, რომ უნდა მოეხდინათ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ციტატა მისი განცხადებიდან მოვიყვანეთ, თორემ უკვე მეოთხე აბზაცში წერია ის, რაც გამოძიებით დადგინდა – ანუ, იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა პატრიარქის გარემოცვიდან და აქ საუბარი არ არის მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე. უბრალოდ განცხადება კარგად არის წასაკითხი. თუმცა არ ვიცი, რატომღაც ასე აიტაცეს და გადაწყვიტეს. “გამოძიებით დადგინდა”-ში რაც წერია, ესაა მნიშვნელოვანი,” – ამბობს ნათია სუხიაშვილი.

თუკი მაღალ იერარქზე და საერთოდაც პატრიარქზე არ იყო საუბარი, რის საფუძველზე ისაუბრა პატრიარქზე პრემიერმა, თან როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მას გამოძიებიდან აქვს ინფორმაცია? ამ შეკითხვაზე პროკურატურაში პასუხი არ აქვთ.

„მესმის, მაგრამ ეს (ჩვენი) უწყების ბრალი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ. ვისზეა საუბარი, მე არ ვიცი. მე ვხელმძღვანელობ იმით, რაც მთავარმა პროკურორმა თქვა და რაც ოფიციალურად გვაქვს გაცხადებული,” – დასძენს ნათია სუხიაშვილი.

პროკურატურის ამ განცხადების შემდეგ, რაც ოფიციალურად იმის უარყოფას ნიშნავს, რასაც დღეებია ხელისუფლებისგან მტკიცებით ფორმაში ვისმენთ, კითხვები უფრო მეტი გააჩინა იმაზე, რატომ კეთდებოდა აქცენტი პატრიარქზე და რატომ ამტკიცებდნენ ამას ხელისუფლების წარმომადგენლები.

საგულისხმოა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან, რადგან ეს იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული და მას ინფორმაცია სწორედ პროკურატურისგან აქვს“, რის გამოც სახელმწიფომ პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანა საქმე და ბერლინის კლინიკაში, სადაც პატრიარქი მკურნალობს, დაცვა გააგზავნა. ასევე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან და ეს არ იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ ეკლესიაზე არამედ ადარტყმა სრულიად საქართველოზე.”

“ოცნების” დეპუტატები, მამუკა მდინარაძეც და ეკა ბესელიაც ანალოგიურად პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობაზე საუბრობდნენ, თუმცა როდესაც “რეზონანსი” შეეცადა მათგან მოესმინა, რაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა, კომენტარი ვერ მივიღეთ.

მამუკა მდინარაძემ არც სატელეფონო შეტყობინებებს და არც ზარებს არ უპასუხა, ეკა ბესელიამ კი შეკითხვაზე, “საიდან აქვს ინფორმაცია, რომ სწორედ პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდა და არა სხვისი?” – მოგვწერა, რომ “უკვე საუბრობენ კიდეც საჯაროდ და პროკურატურამაც ისაუბრა”, დანარჩენს კი გამოძიება გვეტყვის. “მე რაც ვთქვი, ის ვთქვ! კარგად ვიცი, რასაც ვამბობ და სად გადის პრეზუმფციის ზღვარი,” – მოგვწერა ეკა ბესელიამ.

ის, ოფიციალურ ბრალდებაში პატრიარქის მოწამვლაზე საუბარი არ ყოფილა, ამის შესახებ განცხადება პირველად სახალხო დამცველმა დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეზე დაყრდნობით განაცხადა, თუმცა არ თქმულა, ბრალდებაში ვისი სახელი ეწერა. სახალხო დამცველის განცხადება დაადასტურა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამაც, თუმცა ამ საქმეზე სხვა არაფერი უთქვამს და მიზეზად საქმის დეტალების გაუთქმელობაზე ხელწერილი დაასახელა.

სამშაბათს ღამით ადვოკატმა გიორგი ნოზაძემ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, განჩინებაში დაფიქსირებულია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება. მოგვიანებით კი “რუსთავი 2″-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, თქვა, რომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერში, რაც პროკურატურას ე.წ. ციანიდის საქმეში უდევს, არა რომელიმე მაღალ იერარქზე, არამედ შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი და ჩანაწერი “საყდრისის მცველის” ჟურნალისტის, ირაკლი მამალაძის გაკეთებულია და რომ სწორედ ამ ჩანაწერის საფუძველზე დააკავეს დეკანოზი და ჟურნალისტი საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმეა.

ირაკლი მამალაძე კი ამბობს, რომ ის ბრალდების ერთ-ერთი მოწმეა და საქმეში უმძიმესს დანაშაულზეა საუბარი: “მე მოვიქეცი როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და მე ვითანამშრომლე გამოძიებასთან იქიდან გამომდინარე, რომ საქმე გვქონდა უმძიმეს დანაშაულთან, რომლის აღკვეთა, საბედნიეროდ, მოხერხდა, როგორც აცხადებენ. ორი არჩევანი მქონდა პირადად მე – ან უნდა ვყოფილიყავი დანაშაულში, ან უნდა მემხილებინა ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ უმძიმეს დანაშაულს,” – აცხადებს ირაკლი მამალაძე. მისივე თქმით, სავარაუდოდ ლიკვიდირების გეგმაში მამა გიორგი მამალაძე ერთადერთი ფიგურანტი არ იყო. ჟურნალისტი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი დეკანოზზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე თავისი ნათესავია და თან, მასთან მეგობრობდა. ნათესაობას და მეგობრობას კი უარყოფს მოწმე ჟურნალისტი.

ასევე გუშინ გამოიკვეთა ბრალდების კიდევ ერთი მოწმე, ცნობილი ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც დღეს საპროკურორო საბჭოს წევრია და ხელისუფლებასთან ასოცირებულ პირად მიიჩნევა. დაკითხულია ასევე პატრიარქის დაცვის უფროსიც, თუმცა ყველა მათგანი დუმს, რადგან ყველა მათგანს პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა.

უფლებადამცველი მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ საკვირველია, როდესაც ადვოკატები არ აცხადებენ, რა წერია ბრალდებაში. გაუთქმელობის ხელწერილი საქმის შინაარსის გაუთქმელობას გულისხმობს და არა ბრალდებაზე დუმილს და ყველა მხრივ გასაიდუმლოებული საქმეები ეჭვს იწვევს და გამოცდილებაც გვაქვს, საქართველოში გასაიდუმლოებულ საქმეებში მტკიცებულებებს როგორ კერავან.

“შორენა თეთრუაშვილი არ არის მაღალი იერარქი, ის საერთოდ სასულიერო პირიც არ არის. როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განჩინება, რომლის თანახმადაც მითითებულია რომ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა იმის გამო, რომ ბრალი ედებოდა მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეს გავახმოვანე. როდესაც ეს ფაქტი გავასაჯაროვე, რატომღაც დეკანოზის ადვოკატებმა იმაზე დაიწყეს საუბარი, შენ განჩინება საიდან გაქვსო. განჩინება არ მაქვს, მაგრამ მე ის ვნახე,” – ამბობს მამუკა ნოზაძე, რომელიც თვლის, რომ დიდი ალბათობით საქმეში არანაირი მტკიცებულები არ არსებობს და ფალსიფიკაცია მიდის, ამიტომაც არის საქმე გასაიდუმლოებული.

“პროკურატურა და პოლიტიკოსები პირდაპირ პატრიარქზე მიანიშნებენ, ამით საზოგადოების დაზაფვრა ხდება. ამით ეკლესიას ადგება ზიანი, ვხედავთ უკვე როგორი რიტორიკით გამოდიან მეუფეები და ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. ვთვლი, რომ ვინც ეს საქმე დაგეგმა, სწორედ იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ ეკლესიაში დაპირისპირება უფრო გაღრმავებულიყო. პროკურატურას როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, კარგა ხნით არ გამჟღავნდებოდა ბრალდების ნაწილი, დროის გასვლის შემდეგ კი უკან მიდევნებული ლამპარივით იქნებოდა,” – დასძენს მამუკა ნოზაძე.

რეზონანსი“, 16 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ თეოლოგ ლევან აბაშიძესთან: „ქურდი მეუფე, ვინც მილიონებს იპარავს, ბევრ რამეზე წავა, რომ ეს ფული შეინარჩუნოს

ეკატერინე ბასილაია

“ქურდი მეუფე, ვინც მილიონებს იპარავს, ბევრ რამეზე წავა, რომ ეს ფული შეინარჩუნოს. ფული ადამიანს აფუჭებს. მაფიაში მკვლელობები იმიტომ ხდება, რომ ფულის ნაკადებზე კონტროლი და გავლენები შეინარჩუნონ. აქაც ასეა და რას ნიშნავს, ქურდი მეუფე არ არის დიდი პრობლემა? სწორედ ქურდი და ბანდიტი მეუფეა მკვლელობაზე წამსვლელი,” – აცხადებს თეოლოგი ლევან აბაშიძე და საპატრიარქოს დიდ ფინანსებზე საუბრობს.

ლევან აბაშიძე: ფაქტია ის, რომ ეს არის სერიოზული საქმე, რომელიც გარეთ გამოვიდა. კარგია, თუ რამე გაირკვევა, თუ ეკლესია ამის შედეგად გაჯანსაღდება და თუ მოიცილებს იმ პირებს, ვინც ან მკვლელობას გეგმავდა ან – პროვოკაციას. პროკურატურამ გააჟღერა, რომ ადამიანი დააკავეს, რომელსაც ბარგში ედო მომწამლავი ნივთიერება და ამ ინფორმაციას ვენდობი, მაგრამ ამის იქით რაც არის, ყველას ვურჩევ, შეფასებებში არ აჩქარდეს. ის, რომ მას ჩანთაში ციანიდი აღმოუჩინეს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მან თვითონ ჩადო. აშკარაა, რომ რაღაც მოხდა. ან მართლა იგეგმებოდა მკვლელობა და ეს არის ძალიან დიდი სკანდალი და უბედურება ჩვენს თავს, რომ ეკლესიაში ეს იგეგმებოდა და ამას ერთი კაცი არ დაგეგმავდა. მეორე არის ის, რომ ვიღაცამ ძალიან სერიოზული პროვოკაცია მოაწყო. ვთქვათ, რომ ჩაუდეს, დაასმინეს და ეს ყველაფერი მოაწყვეს.

ბევრი უცნაურობაა. თუნდაც ის, რომ თუ მოწამვლა უნდა, თბილისში რატომ არ აკეთებს ამას? როდესაც ადამიანი გარდაიცვლება კლინიკაში, მას ექსპერტიზა უტარდება და მოწამვლის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, რა ექსპერტიც არ უნდა იყოს, თუ მას შიდა ინფორმაცია არ აქვს, ბევრს ვერაფერს გეტყვით. შიდა ინფორმაცია კი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ განდობილ პირებს, ვინც ან პროვოკაცია მოახდინა, ან მართლა რაღაცას გეგმავდა.

- რას შეიძლება უკავშირდებოდეს მკვლელობის დაგეგმვა თუ პროვოკაცია? ეს არის საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლა, რომელიც პატრიარქის ავადმყოფობის გამო გამწვავდა, თუ ეს არის ფინანსური ინტერესები?

- ეკლესია ძალიან დიდ ფინანსურ საშუალებებს ფლობს. მას სახელმწიფოდან ძალიან დიდი ფინანსური და ქონებრივი უპირატესობები აქვს, ეს იქნება დიდი თანხების თუ ძალიან ძვირადღირებული მიწის ნაკვეთებისა და შენობების გადაცემა. ხოლო სადაც ფულია და სადაც გაუმჭვირვალე პირობებია, იქ კრიმინალური ელემენტები მიდიან. შეიძლება ის ანაფორაში იყოს ან – არ იყოს. ამიტომ შეიძლება ხდებოდეს მაფიის ტიპის შიდა გარჩევები. დიდი ფინანსური ინტერესის გულისთვის ადამიანი ბევრ რამეზე მიდის. თან დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეა და ეს ძალიან სერიოზული თანამდებობაა. ასეთ პოსტზე შემთხვევით არავის არ ნიშნავენ და ეს ადგილი ადამიანს გარკვეულ ძალაუფლებას ანიჭებს.

- თქვენ თვლით, რომ ამ შესაძლო დანაშაულის უკან ფინანსური ინტერესები დგას და არა პატრიარქობისთვის ბრძოლა?

- ეს ორი რამ ერთმანეთს არ გამორიცხავს. ვინაიდან ჩვენი ეკლესია ისეა მოწყობილი, პატრიარქის გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ფინანსები და ქონება პატრიარქზე და მის გარემოცვაზეა მიბმული. მიზეზი არის ორივე.

- გავრცელდა სავარაუდოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი, სადაც კორუფციასა და მუქარაში დადანაშაულებულია მეუფე იაკობი და მეუფე ამ წერილზე კომენტარისას ამბობს, რომ რა უფრო სერიოზული და დიდი თემაა, უწმინდესის უსაფრთხოება, თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე და სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ, თურმე, მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი. თვლით, რომ შესაძლოა მართლა რაღაცის გადაფარვა ხდებოდეს მოწამვლის თემის აგორებით?

- მეუფე იაკობის განცხადება არაადეკვატურია. იძახის, რომ მერე რა, თუ ვიღაც ეკლესიის ფულს იპარავს? ეპისკოპოსი, რომელიც ფულს იპარავს, ის ეპისკოპოსი არ არის. ის ქრისტიანიც არ არის. ქურდი მეუფე, ვინც მილიონებს იპარავს, ბევრ რამეზე წავა, რომ ეს ფული შეინარჩუნოს. ფული ადამიანს აფუჭებს. მაფიაში მკვლელობები იმიტომ ხდება, რომ ფულის ნაკადებზე კონტროლი და გავლენები შეინარჩუნონ. აქაც ასეა და რას ნიშნავს, ქურდი მეუფე არ არის დიდი პრობლემა? სწორედ ქურდი და ბანდიტი მეუფეა მკვლელობაზე წამსვლელი. სრულიად ზოგადად ვამბობ და არავის არ ვგულისხმობ.

საერთოდ, ბევრი რამ არ ჯდება ლოგიკაში. ისევე როგორც გაუგებარია როდესაც მეუფე იაკობი გამოდის ქადაგებით და ამბობს, რომ მან უნდა დაიცვას პატრიარქი სიძისგან. პატრიარქისთვის ყველაზე ახლობელი ძმის შვილი და ძმის შვილის სიძეა და სად არის ლოგიკა იმაში, რომ საკუთარი ოჯახის წევრი ემუქრება თურმე?! პატრიარქი 80 წელს არის გადაცილებული და ავადმყოფია, მისი დაცვა საკუთარი ოჯახის წევრებისგან უცნაურია. მე რომ ჟურნალისტი ვიყო, პირველ რიგში შევეკითხებოდი, შენ ვინ ხარ, რატომ იცავ, იქნებ პირიქით, შენგან არის პატრიარქი დასაცავი? შენ რატომ ხარ მისთვის უფრო ახლობელი, ვიდრე მისი სისხლი და ხორცი?!

იგივე გიორგი მამალაძე დაახლოებული პირია მეუფე დიმიტრი შიოლაშვილთან, რომელიც პატრიარქის ძმის შვილია. ერთი ნაბიჯი რომ წინ გადავდგათ, გამოდის, მეუფე დიმიტრიც ჩართულია ამ საქმეში? ამ აბსურდს ახსნა სჭირდება. ასეთი ბოროტება იშვიათია. ამიტომ არ ვიჩქარებდი რაიმე ვარაუდს.

- ბოლო დროს გამოიკვეთა, რომ საპატრიარქოში ორი ჯგუფია უკიდურესად დაპირისპირებული. ერთ ჯგუფშია მეუფე დიმიტრი, პატრიარქის ძმის შვილის სიძე და ასევე დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი. მეორე ჯგუფში კი შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობია. ეს დაპირისპირება ამ ორ ჯგუფს შორის საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლას უკავშირდება?

- მეუფე დიმიტრისა და მეუფე იაკობის დაპირისპირება პირდაპირ არ ჩანს, ჩანს მხოლოდ სოსო ოხანაშვილსა და მეუფე იაკობს შორის დაპირისპირება. ძალიან რთული თამაშია და მე ამ ინფორმაციას არ ვფლობ.

- პატრიარქი ერთ კვირაში ჩამოვა საქართველოში. ელოდებით, რომ პატრიარქი ახსნის, რა ხდება საპატრიარქოში?

- როდესაც შიდა კონფლიქტებია, პატრიარქი ხშირად ცდილობს დააზავოს მხარეები და იმ იერარქებს, რომლებიც რაღაცას აშავებენ, აპატიოს. პატრიარქი მშვიდობის მოყვარეა და შესაძლოა ეს საკითხი ამ კუთხით წაიყვანოს. ყოველ შემთხვევაში გაჩუმება არ გამოვა, ეს საკითხი გარეთ გამოვიდა. რომც აღმოჩნდეს, რომ მკვლელობა არავის განუზრახავს, პროვოკაცია ხომ მაინც მოაწყო ვიღაცამ და სკანდალს ვერ ავცდებით.

რეზონანსი“, 16 თებერვალი, 2017 წელი

36 წლის წინანდელი ტრაგედია და რა კავშირშია მასთან შორენა თეთრუაშვილი

თიკო ოსმანოვა

სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. მეუფე პეტრე ცაავა პროკურატურას პატრიაქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის წარსულით დაინტერსებას ურჩევს. საუბარია 36 წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც დაიღუპა შორენა თეთრუაშვილის მეგობარი ნაზი ზვიადაური, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა. შორენა თეთრუაშვილმა შემთხვევიდან მალევე ეკლესიას შეაფარა თავი. გარდაცვლილის ოჯახი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. პატრიაქის მდივნის მიმართ ბრალდებები აქვს დაღუპულის ძმას. თუმცა ამ ეტაპზე რაიმე განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს.

“რეზონანსი” 1980 წლის 2 იანვარს დაღუპული ნაზი ზვიადაურის ძმას ოთარ ზვიადაურს დაუკავშირდა და შემთხვევის დეტალების გახსენება კიდევ ერთხელ სთხოვა, რაზედაც, მან ამ ეტაპზე კატეგორიული უარი განცხადა და გვირჩია მისი ძველი განცხადებები გამოგვეყენებინა. აღნიშნა, რომ დამატებითი ინფორმაცის შემთხვევაში თავად დაგვიკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მან დეტალურად 2015 წელს სააგენტო “ნიუს-ჯისთან” ისაუბრა, და შორენა თეთრუაშვილი, მისი დის ნაზი ზვიადაურის გარდაცვალების საქმეში სიმართლის დაფარვაში დაადანაშაულა.

როგორც გარდაცვლილის ძმა სააგენტოსთან საუბრისას ჰყვება, შემთხვევა 1980 წლის 2 იანვარს მოხდა, როცა მისი და მცხეთის სალობიედან მეგობრებთან ერთად გამოვიდა და ავარიაში მოყვა. ზვიადაური ამბობს, რომ ტრადიციულად ბედობას მეგობრები იპოლიტე ხვიჩიას რძალთან აღნიშნავდნენ, თუმცა იმ წელს ტრადიცია დაირღვა და ნაზი ზვიადაური შორენა თეთრუაშვილთან და რამდენიმე მეგობართან ერთად სალობიეში აღმოჩნდა.

ზვიადაურის ინფორმაციით, გარკვეულ უსიამოვნო ინცდიდენტს სალობიეშიც ჰქონდა ადგილი, დაპირისპირება გარდაცვლილსა და მის მეგობარს მეზობელი სუფრის წევრებთან მოუვიდათ. თუმცა ოთარ ზვიადაური იქვე დასძენს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ დაზუსტებულა და სალობიეში არც არავინ დაუკითხავთ.

გარდაცვლილის ძმას პრეტენზიები იმ დროინდელ გამომძიებლებთან და მაღალჩინოსნებთან აქვს, რომლებმაც, მისი თქმით, საქმე გააყალბეს და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ არ გამოძიებულიყო. ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც, მათ შორისაა ნუგზარ საჯაია და ედუარდ შევარდნაძე. როგორც ზვიადაური ამბობს, სამართლის პოვნის მიზნით, მისი დედა რამდენჯერმე პირდადად შეხვდა შევარდნაძესაც.

ზვიადაური ამბობს, რომ საქმის მასალებიდან გაქრა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა და ფარის ნამსხვერევები (ფარზე მანქანის ნომერი იყო მითითებული).

გარდაცვლილის ძმა ყურადღებას ამახვილებს, რომ მის დას ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თუმცა გამოძიების ვერსიით ჭრილობა ავარიის შედეგად ქვაზე დაცემამ გამოიწვია. ზვიადაურს აღნიშნულ ვერსიაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ იმ დროისათვის დიდი თოვლი იყო მოსული და გამორიცხულია, ქვას ასე დაეზიანებინა ცხედარი. იქვე იმასაც დასძენს, რომ ამ კუთხით საქმის მასალებიდან გამქრალი დანაც აჩენს გარკვეულ კითხვებს.

ზვიადაურის ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი მისი დის უახლოესი მეგობარი იყო და მისგან სიმართლის გარკვევის დიდი იმედი ჰქონდა, თუმცა, როგორც განმარტავს, ჩვენებები ყველამ შეცვალა, მათ შორის თეთრუაშვილმაც. ავარიიდან მოკლე დროის გასვლის შემდეგ კი თეთრუაშვილმა საპატრიარქოში დაიწყო მუშაობა.

ზვიადაურის თქმით, შემთხვევის რამდენიმე ვერსია აქვს, თუმცა სიმართლის დადგენა ამ დრომდე ვერ შეძლო. იყო ვერსია, რომ მისი და ჯერ დაჭრეს და შემდეგ მანქანით დაარტყეს, იყო ასევე ვერსია, რომ ხელი თავად შორენა თეთრუაშვილმა ჰკრა.

ზვიადაური იხსენებს, რომ მასთან ავარიიდან მოკლე ხნის შემდეგ, მძიმე საუბარი ჰქონდა. როგორც ამბობს, მას შემდეგაც შეეცადა თეთრუაშვილთან შეხვედრას და საპატრიარქოშიც მივიდა, თუმცა დის მეგობარმა არ მიიღო. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ხელს ვერავის დაადებს და დამნაშავის პოვნა გამოძიების პრეროგატივაა, საუბრობს იმაზე, რომ არც ის იცის, თანამონაწილეა თუ არა თეთრუაშვილი აღნიშნული დანაშაულის, ასევე ამბობს, რომ შესაძლოა თეთრუაშვილი უბრალოდ დააშინეს და ამიტომაც შეცვალა ჩვენება. თუმცა ეჭვებს უტოვებს ფაქტი, რომ დის საუკეთესო მეგობარმა არ მიიღო. გარდაცვლილის ძმა საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს.

რეზონანსი“, 16 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „პატრიარქთან დაკავშირებული თემის ასე პოლიტიზირება დაუშვებელია

სალომე სარიშვილი

“მკაფიოა, რომ ისეთი უიღბლო ინსტიტუტი, როგორიც პროკურატურაა და რომელიც მხოლოდ ხელისუფლებასთან ასოცირდება, თემას მხოლოდ პოლიტიზირებულს ხდის. აქ ძალიან კარგად ჩნდება პოლიტიკური ვნებები, ვიდრე თავად თემის შინაარსი. დარწმუნებული ვარ, პატრიარქი არ დადუმდება და თავის პოზიციაში მკაფიო იქნება, მანამდე კი მას ყველა ასეთი ზედაპირული ინფორმაცია მხოლოდ ტკივილს აყენებს,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ვიდრე კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო არ გახდება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბარი დაუშვებელია. მისივე თქმით, ეს თემა ნებისმიერ შემთხვევაში ტალახში სვრის როგორც საპატრიარქოს, ისე მრევლსა და თავად სახელმწიფოს. მითუფრო მაშინ, როდესაც თემა სრულადაა პოლიტიზირებული და ეს დაუშვებელია. ამდენად, პოლიტოლოგის აზრით, სჯობს ვისაუბროთ იმაზე, რა მოიძია პროკურატურამ და რა გვითხრა ამ თემაზე თავად სინოდმა.

სოსო ცისკარიშვილი: ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ასეთი აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ უპირველესყოვლისა ჩვენს სახელმწიფოსა და ეკლესიას აზიანებს. ეს თემა იმდენად დიდი ინტენსივობით შუქდება მედიაში, რომ ისიც კი არ გვსურს, გამოძიების დასრულებას დავლოდებოდით ან სულაც საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადება მოგვესმინა. ასე ხელაღებით ამ თემაზე საუბარი კი, ჩემი აზრით, არ შეიძლება.

- კი მაგრამ, ამ თემაზე ინფორმაცია ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გააჟღერა და თანაც ამ საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესიც მაღალია. ფიქრობთ, რომ პროკურატურას საერთოდ არ უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია?

- ინფორმაციის მიწოდებას თავისი სტრანდარტი აქვს, ხოლო თუკი ინფორმაცია არ გაქვს, წინასწარ ნერვების საშლელად არ შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რაზეც წარმოდგენა თავადაც არ გაქვს.

- პროკურატურის ცნობით, არსებობს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც დამამტკიცებელ დოკუმენტად უნდა მივიჩნიოთ

- არის კი ეს დამამტკიცებელი საბუთები? თქვენ ნახეთ ეს ვიდეო ან აუდიო ჩანაწერები? ამ მტკიცებულებებზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება, რაც პროკურატურა საზოგადოებას ღიად აჩვენებს მას, ახლა კი ის არავის უნახავს და შესაბამისად, ანალიზის გაკეთება არაფერზე, არ შეიძლება. ვიდრე ეს ვიდეო და აუდიო მასალები არ გამოჩნდება და მითუმეტეს იმ ფონზე, როცა დაკავებული პირის მხრიდან საწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება, ვერაფერს ვიტყვით და სჯობს თავი შევიკავოთ.

- ამასობაში რესბუბლიკელები ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდებს. რას ფიქრობთ ამ იდეაზე?

- გამოდიან ქალბატონი რესპუბლიკელები და ისეთ თემებზე საუბრობენ, რომელიც მათი პროფესია არაა, მერე კიდევ რაღაცეები უკვირთ. საკითხი, რომელზეც ისინი საუბრობენ რასაკვირველია აქტუალური და მოსაგვარებელია, მაგრამ მე მგონი ნებისმიერი ამ თემაზე მოსაუბრე ადამიანი უპირველესყოვლისა საკუთარ თავს უნდა უსვამდეს კითხვას – რატომ უნდა ილაპარაკოს მან ამ თემაზე. რამდენჯერაა ის ადამიანი ეკლესიაში ნამყოფი, რომელიც ასე ჯიქურ ეკვეტება საპატრიაქოს საქმიანობაში? აქაც ისევ და ისევ თავშეკავება და აკადემიურობაა საჭირო. სწორედ ეს გზაა ამ შემთხვევაში სწორი. რასაკვირველია რესპუბლიკელების იდეა სწორია და თემა გადასახედია, მაგრამ ამაზე ტელევიზიით საუბარი, როცა თავად არ აქვთ საკითხი გააზრებული, დაუშვებელია. არ შეიძლება ყველამ ყველაფერზე აწუხოს ხალხი, როცა მათ საშუალება არ აქვთ დასვან მეტი კითხვები.

- საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც ყოფილი ან მოქმედი მოსამართლის გამოსაცდელ სამწლიან ვადას ეხება. ამასთან, ამავე თემაზე პრეზინდენტი თავის შენიშვნებშიც საუბრობდა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

- ის, რაც პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას მოხდა, სრული უმეცრება იყო. განსაკუთრებით იმ წევრების მხრიდან, რომლებიც საშინაო დავალების შესრულებითა არიან მოტივირებული და რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ნებისმიერ შენიშვნასა და რეკომენდაციას არა უნდა უთხრან. ეს განწყობა უმრავლესობაში იმდენად დიდია, რომ მათ ვერ მოახერხეს დაეფიქსირებინათ ფრაზა პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც სამუდამო მოსამართლეობის სტატუსის მიღებამდე სამწლიანი საცდელ პერიოდს შეეხებოდა. არც იმას დაუკვირდნენ, რომ ეს ფრაზა სიტყვა-სიტყვით იყო გადმოტანილ იმ დოკუმენტიდან, რომელიც ვენეციის კომისიაშია და რასაც ჩვენ მუდმივად ვეთაყვანებით.

როგორც ჩანს, ახლა ვიღაცამ რაღაც წაიკითხა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვენეციის კომისიასთან რომელიმე უმრავლესობის წევრს კომუნიკაცია ჰქონდა და რჩევებიც მოისმინა. ვფიქრობ, საკონსტიტუციო კომისიამ ძალიან მიმანიშნებელი ნაბიჯი გადადგა, როცა თავისი დამოუკიდებლობა ამ ფორმით გამოხატა და პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ვერსია მხედველობაში მიიღო. ნამდვილად მოულოდნელობა იყო, თუმცა კმაყოფილების შემცველი მოულოდნელობაა.

- მანანა კობახიძის მოსამართლედ დანიშვნაზე რას ფიქრობთ?

- პრინციპში, სწორედ ამ მოვლენებით ახალბედა მოსამართლემ გარკვეული პლუსი დაიწერა. რაც შეეხება მანანა კობახიძის დანიშვნას, თავად ეს ფაქტი განსხვავებული მიდგომების გამოვლენა იყო, მაგრამ თუკი ის დღევანდელი გადასახედიდან უკვე იმ გუნდის წევრია, რომელსაც უნარი აქვს განსხვავებული იდეები გამოხატოს და ეს კანონში მოაქციოს, მაშინ არ ვიცი რამდენად გამართლებულია.

- თქვენი აზრით, მისი პოლიტიკური წარსული და მმართველი გუნდისადმი სუბიექტური დამოკიდებულება არაფერს ცვლის?

- იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მისი პოლიტიკური წარსული და სუბიექტური დამოკიდებულება ერთ კონკრეტულ პარტიასთან, თანდათან მივიწყებას მიეცემა. არ ვიცი მან მოსამართლეების დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით, უკანასკნელი გადაწყვეტილების მიღებისას რა როლი ითამაშა, მაგრამ თუკი ამ გადაწყვეტილებაში რაიმე შეუფერებელია, მისი ავტორი ქალბატონი მანანა ისედაც ვერ იქნებოდა. ხოლო რაც შეეხება მის ამ თანამდებობაზე დამსახელებელს და დამნიშვნელს, ასე ვიტყვი: ტყუილად ხომ არ არიან მეოცნებენი?! დიახ, ისინი ოცნებობდნენ, რომ ქალბატონსთან მანანასთან ნებისმიერ სახის ურთიერთობას შეძლებდნენ, ხოლო ახლა მათი ამ ინსტიტუტზე გავლენა ასრულებული ოცნება იქნება. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ქალბატონი მანანას ბიოგრაფიაში რაიმე წუნი უნდა ვეძებოთ, იგი აქტიური იყო როგორც არასამთავრობო სექტორში, ისე საპარლამენტო საქმიანობაში, მაგრამ ამასთანავე ყველა ის ნეგატივი, რასაც თან დღევანდელი ხელისუფლებასთან ასოცირდება, მის პერსონასაც უკავშირდება.

რეზონანსი“, 16 თებერვალი, 2017 წელი

რომელი პოლიტიკური პარტიები იქნებიან კვირას რუსთავი-2-ის მხარდამჭერ აქციაზე? ესენია: „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველოსთვის“, „ლეიბორისტები“, „თავისუფალი დემოკრატები“

გვანცა ღვედაშვილი

მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციისა, კვირას, „რუსთავი-2“-ის მიერ დაანონსებულ აქციაზე ერთმანეთის გვერდით რამდენიმე პარტია დადგება. “რეზონანსის” ინფორმაციით, აქციაზე გამოვლენ „ნაცმოძრაობა“, ლეიბორისტული პარტია და „თავისუფალი დემოკრატები“. ამასთან, ცნობილია, რომ აქციას არ შეუერთდებიან “დემოკრატიული მოძრაობის” წევრები, რადგან მათთვის “ნაცმოძრაობასთან” ერთად რაიმე აქტივობის განხორციელება წარმოუდგენელია.

„რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არხის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლების გადაწყვეტილებით კი კვირას, 14:30 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანიის თანამშრომლები სიტყვის თავისუფლებისა და “რუსთავი 2″-ის დამოუკიდებლობის დასაცავად შეიკრიბებიან.

როგორც “რეზონანსს” ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ განუცხადა, ისინი აუცილებლად დაუჭერენ „რუსთავი-2“-ს მხარს, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას ნიშნავს. „რა თქმა უნდა, ვუერთდებით „რუსთავი-2“-ის მიერ დაგეგმილ აქციას, რადგან ეს არის სიტყვის თავისუფლების დაცვის აქცია. იმ შემთხვავში თუ ტელეკომპანია ივანიშვილმა თავის ხელში ჩაიგდო, რომელსაც შემაკავებელი ფუნქცია გააჩნია და დღეს თავისუფლების სარკმელია, ქვეყანაში რეალურად დამყარდება დიქატატურა,” – განაცხადა გიორგი გუგავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ ეს არის ვითარება, როცა პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველა უნდა გაერთიანდეს „რუსთავი-2“-ის და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად: „ჩვენ, რასაკვირველია, ვუერთდებით „რუსთავი-2“-ის დაანონსებულ აქციას და, როგორც ვიცი, აქციას საკოორდინაციო საბჭოს წევრი პარტიებიც შემოუერთდებიან. ამავე დროს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქციაზე იყოს ყველა მოქალაქე, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ „რუსთავი-2“-ის დამოუკიდებელი პოლიტიკა, არამედ ზოგადად სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს ისეთი საკითხია, სადაც კონკრეტული პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების ერთსულოვნება დაინახოს,” – გვითხრა თინათინ ბოკუჩავამ.

აქციას აგრეთვე შეუერთდებიან პარტია „ევროპული საქართველოსთვის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები. როგორც „რეზონანსთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ კვირას პატიის ყრილობაა, ისინი მაინც აპირებენ „რუსთავი-2“-ის მხარდასაჭერად აქციაზე მისვლას.

„საქმე იმაშია, რომ კვირას ზუსტად 3 საათზე გვაქვს პარტიის ყრილობა, თუმცა არ მგონია, აქცია 2 საათში დამთავრდეს. ასე რომ, ყრილობის შემდეგ, რა თქმა უნდა, აქციაზე მივალთ,” – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

რაც შეეხება პარტია „დემოკარტიულ მოძრაობას”, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამოჩენას, რადგან მათ დანაშულებრივ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევენ და მათთან ერთად ნებისმიერ აქტივობაში მონაწილეობას გამორიცხავენ.

„რუსთავი-2“-თან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, „დემოკრატიულ მოძრაობას” არაერთხელ აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია დაფიქსირებული. მაგრამ, რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ ისეთ აქციაზე, რომლის ორგანიზებასაც “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს, ამდაგვარი რამ წარმოუდგენელია და არასდროს მოხდება. ჩვენ ვთვლიდით, ვთვლით და მომავალშიც ჩავთვლით, რომ “ნაცმოძრაობა” დანაშულებრივი პოლიტიკური ძალაა, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას კი არ უნდა ახორციელებდნენ, მათი ძალიან დიდი ნაწილი დღეს ციხეში უნდა იყოს. აქედან გამომდინარე ჩვენ მათ პოლიტიკურ კოლეგებად არ მივიჩნევთ,” – აცხადებს გიორგი ახვლედიანი და აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია მისთვის “ნაცმოძრაობასთან” ასოცირდება.

„თქვენი აზრით, ნიკა გვარამია ვინ არის?! მისი პოლიტიკური მიმართულება საითაც არის, ეს ყველასთვის ნათელია, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი იმაზეა, რომ ამ აქციების ორგანიზებას “ნაციონალური მოძრაობა” თავის მეგობარ პარიებთან ერთად ახორციელებს და ეს მათი უფლებაა. ჩვენი უფლება კი ის არის, რომ მათთან ერთად აქციაში მონაწილეობა არ მივიღოთ,” – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

————————

ვერსია“, 15 თებერვალი, 2016 წელი

ბრძოლა პატრიარქობისთვის თუ შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ?

პატრიარქის მოწამვლის მცდელობის ოთხი ვერსია

ნინო ლურსმანაშვილი

მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი ჯერ დადასტურებული არ იყო, მოქალაქეებმა იმაზე მსჯელობა რომ დაიწყეს, რა მოტივითა და მიზნით დაიგეგმა პატრიარქის მოწამვლა. პროკურატურის ოფიციალური განცხადების შემდეგ კი, საკითხთან დაკავშირებით, კითხვისნიშნების რაოდენობა უფრო გაიზარდა. ვის, რა მიზნით აწყობდა, ვინ დაგეგმა უმაღლესი სასულიერო პირის (სავარაუდოდ, უწმინდესის) მოწამვლა? მამა გიორგი შემსრულებელია თუ მსხვერპლი? რა ხდება საპატრიარქოში და რატომ? ზოგადად, რა ხდება ქვეყანაში? – ყველა ვერსია, რომელიც „ციანიდის სკანდალთან“ დაკავშირებით გავრცელდა, რეალურად ამ კითხვებზე პასუხების მიღების მცდელობაა. საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის. მანამდე კი, ყველა ვერსიას არსებობის, „ვერსიას“ კი, მათი მკითხველამდე მიტანის უფლება აქვს.

ვერსია I - ბრძოლა პატრიარქობისთვის

სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიამ, ბინძური მეთოდებით, მათ შორის უწმინდესის მკვლელობით პატრიარქობისთვის ბრძოლის არაერთი ფაქტი შემოინახა. ისტორია ხშირად მეორდება და რაც უფრო ახლოვდება დრო, როცა ილია მეორის მემკვიდრის ვინაობა უნდა გაირკვეს, ბრძოლაც გადამწყვეტ ფაზაში შედის. იმაზე, რომ საპატრიარქოში პოსტპატრიარქისეული ეპოქისთვის მზადება დაწყებულია, „ვერსია“ ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს, წმინდა სინოდის კრების ჩატარების წინ წერდა, როცა რამდენიმე მღვდელმსახური ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდა. ვწერდით იმასაც, რომ საპატრიარქოში რამდენიმე კლანი არსებობს. საპატრიარქოში ჩრდილოვანი მმართველობის არსებობაზე ღიად უკვე მღვდელმსახურებიც ლაპარაკობენ. მათ შორის, ჭყონდიდის მეუფე პეტრე, რომელიც თითს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილისკენ იშვერს. ამის გარდა, საპატრიარქოში კიდევ ორი კლანია: პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) და პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დაჯგუფებები. ერთმანეთთან დაპირისპირებული თითოეული ეს ჯგუფი ცდილობს, ილია მეორის შემცვლელად თავისი კაცი გაიყვანოს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. „ეს არის ბინძური, უსამართლო, სამარცხვინო და სამწუხაროდ, ტრადიციული ბრძოლა პოსტპატრიარქისეული ეპოქისთვის. როგორც ჩანს, სასულიერო პირები, პატრიარქობისთვის ყველა, მათ შორის ბინძური მეთოდებითაც იბრძვიან“, – ასეთი განწყობა აქვს ექსპერტების ნაწილს, რომლებიც იმასაც არ გამორიცხავენ, უწმინდესის ავადმყოფობა კლანებმა კარგად გამოიყენონ, პოსტოპერაციული პერიოდიც მოიმიზეზონ, იგი მართვას დროებით ჩამოაშორონ, შემდეგ კი ურჩიონ, რომ დროა, მემკვიდრე დაასახელოს.

ვერსია II - ქონების გადანაწილება

ოფიციალური მონაცემებით, საპატრიარქოს მფლობელობაში 50 მილიონი ლარის ღირებულების ქონებაა. ცხადია, ბევრი სასულიერო პირი დგას ცდუნების წინაშე, რომ ამ ქონებიდან გარკვეული შემოსავალი მიიღოს და ხელი მოითბოს. სხვათა შორის, „ვერსია“ ამ საკითხზეც წერდა, მაგალითად მაშინ, როცა „პენტჰაუსის სკანდალის“ შესახებ მოვამზადეთ სტატია. ისე, ამ სკანდალში საინტერესო ისაა, რომ „სასახლე“, რომელიც მამა თეოდორე ჭუაძეს გადაეცა, სწორედ იმ ადგილასაა, სადაც ადრე წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის საავადმყოფო იყო. საავადმყოფოს შენობა მაშინ მილიონნახევრად გაიყიდა, საპატრიარქოს სხვა შენობა გადაეცა, მამა გიორგი მამალაძე კი დღეს, სწორედ ამ კლინიკის დირექტორი გახლავთ.

საპატრიარქოს ქონების საშუალებით სარგებლის მიღების სურვილი, მხოლოდ სასულიერო პირებს კი არა, საპატრიარქოსთან დაახლოებულ საერო პირებსაც კი გაუჩნდათ და არც თუ შორეულ წარსულში – ამის დასტურად, ვასაძის მიერ ,,სნოს” ,,მითვისებაც” კმარა და ,,ვერსიაში” გასული სტატიაც იმის შესახებ, რომ პოლიტიკაში ჯერ მოსულმა, მერე ისევ ,,უმისამართოდ” წასულმა ბურჭულაძემ, მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობისას საპატრიარქოს თანხები მიითვისა. ,,ვერსიის” ექსკლუზიური ინფორმაცია მაშინ ოფიციალურად არავინ დაადასტურა, თუმცა, როგორც ვიცით, კვამლი უცეცხლოდ არასდროს ჩნდება.

არც პატრიარქისადმი მიწერილი წერილები ჩნდება უმიზეზოდ. ცხადია, იმ წერილს ვგულისხმობთ, რომლის ავთენტურობაც ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ რომლის ავტორიც, დიდი ალბათობით, სწორედ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძეა. ის მამალაძე, რომელიც საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურშიც მუშაობდა. წერილის ავტორი პატრიარქს ამცნობს, რომ ფინანსური თვალსაზრისით, საპატრიარქოში სავალალო მდგომარეობაა, მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ქონების ნაწილი დატაცებულია და ამიტომ აუდიტის ჩატარებაა საჭირო. საპატრიარქოს წარმომადგენლების ვარაუდით, მამა გიორგი ამ წერილით საპატრიარქოს ,,ჩრდილოვან მმართველს” დაუპირისპირდა, რის შემდეგაც, შესაძლებელია, ,,გაეწირათ” ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოს ქონებაზე ,,მომჯდარ” პირებს ,,სასიცოცხლო წყაროს” გადაკეტვის საფრთხე შეუქმნა და მამა გიორგი რეალურად, მსხვერპლი იყოს და არა შემსრულებელი. თუმცა ჭყონდიდის მეუფე მამა პეტრეს თქმით, ისიც არაა გამორიცხული, დეკანოზი ეცდუნებინათ და სკანდალში ისე ჩაეთრიათ.

ვერსია III - პოლიტიკური შეთქმულება

სამწუხაროდ, საპატრიარქოზე გავლენის მოპოვებას, ყველა დროში, ირიბად თუ შედარებით ღიად, ყველა ხელისუფლება ცდილობდა. დღესაც ითქვა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირების უკან, პოლიტიკური პირები დგანან. ზოგმა ხელი მმართველი ძალისკენ გაიშვირა, ზოგმაც – ყოფილი ოპოზიციისკენ, თუმცა მთავარი ისაა, ვის აწყობდა „ციანიდის სკანდალი“.

დეკანოზის დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს ხელთ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერი ჰქონდა, სადაც ყოფილი პრემიერი პატრიარქის შესახებ საუბრობს. ითქვა ისიც, თითქოს ნაცვლიშვილი ფარული ჩანაწერის 20 მილიონად გაყიდვას ცდილობდა. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ამ ინფორმაციის გავრცელება, პოლიტიკური შეთქმულების წინაპირობა ხომ არ იყო? იმ მიზნით, რომ შემდეგ ყველას ხელი ბიძინა ივანიშვილისკენ გაეშვირა და ეთქვა, ,,ოცნების” დამფუძნებელი პატრიარქის მოწამვლას, ეკლესიაზე გავლენის მოსაპოვებლად კი მის შემცვლელად თავისი კაცის მოყვანას გეგმავდა? თუმცა „ვერსიასთან“ საუბრისას ექსპერტების უმრავლესობა ამ ვერსიას თითქმის გამორიცხავს. ამბობენ, ივანიშვილი მარტივად გათვლიდა, რომ ,,ციანიდის სკანდალი” წყალს ხელისუფლების წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამდა. სამაგიეროდ, ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება აწყობდათ ნაციონალებს, რომლებიც უკვე ღიად ადანაშაულებენ ივანიშვილსა და ხელისუფლებას პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში. ხელისუფლების იმიჯის შელახვის გარდა, ნაციონალებს ქვეყანაში არეულობაც აწყობთ და გაზაფხულზე დაანონსებული მასშტაბური აქციების სისრულეში მოყვანაც. ექსპერტების ნაწილის ვარაუდით, ნაციონალებმა უკვე დაინახეს, რომ ხალხი ქუჩაში ვერც სოციალურმა პრობლემებმა გამოიყვანა, ვერც „რუსთავი-2“-ის საქმემ, ვერც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის „მოსყიდვამ“ და ვერც „მოსამართლეების სკანდალმა“. ამ ფონზე, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგა ისეთი თემის გააქტიურება, რომელიც გარანტირებულად გახდებოდა აქციების საფუძველი. თუ გავითვალისწინებთ, რომ პატრიარქი საქართველოში ყველაზე რეიტინგული ფიგურაა და იმასაც, რომ ზოგადად, რწმენა, ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სენსიტიური საკითხია, ,,ციანიდის სკანდალი” ,,ცხელი გაზაფხულის” მოსაწყობად, ყველაზე „სახარბიელო“ ვარიანტია. სხვათა შორის, ექსპერტებს პასუხი იმაზეც აქვთ, რატომ მაინცდამაინც ციანიდი, რომელსაც, მედიჩების ეპოქის შემდეგ, საწამლავად, თითქმის აღარავინ იყენებს? მათი ვარაუდით, ეს ნივთიერებაც მოქალაქეების ემოციების მართვის მიზნით გამოიყენეს – ყველამ იცის, რომ ციანიდი შხამია; ისიც ყველამ იცის, რომ მისი მიღება სიკვდილს იწვევს. შესაბამისად, ზედმეტი განმარტება აღარ იქნებოდა საჭირო იმის ,,დასამტკიცებლად”, რომ ვიღაცამ უწმინდესი სასიკვდილოდ გაიმეტა.

ვერსია IV - რუსული კვალი და შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ

გავრცელებული ვერსიებიდან ყველაზე სარწმუნო სწორედ ,,მეოთხეა”, რომელიც არც ერთ წინა ვერსიას არ გამორიცხავს. ამ მოსაზრების თანახმად, ,,ციანიდის სკანდალი” კონკრეტული პირების თავებში კი არ მოიხარშა, კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურებში დაიგეგმა. ცხადია, ერთმორწმუნე რუსეთი იგულისხმება, რომლის მიზანიც ჯერ საქართველოს საპატრიარქოზე გავლენის მოპოვება, შემდეგ კი ქვეყნის ,,დამონებაა”. ამ უკანასკნელის მისაღწევად, საუკეთესო პირობები საქართველოში არეულობა და ერის გახლეჩაა. ამის წინაპირობა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, საპატრიარქოში დაპირისპირებაა.
სხვათა შორის, ამ უკანასკნელ ვერსიას არაერთი ფაქტი ამყარებს. მაგალითად ის, რომ როგორც ,,ვერსიამ” შეიტყო, მამა გიორგი მამალაძე, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დონეცკის ეპარქიაში მსახურობდა, რაც არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. არაა გამორიცხული, სწორედ ამ პერიოდში რუსულმა სპეცსამსახურებმა იგი „დაავერბოვკეს“. სხვათაშორის, ,,ვერსიის” ინფორმაციით, მასზე კაგებეს მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები არსებობს, რომლითაც მას აშანტაჟებდნენ კიდეც. საეჭვოა ისიც, რომ სწორედ ამ პერიოდის მერე იწყება მისი კარიერული წინსვლაც და პატრიარქსაც, სწორედ ამის შემდეგ, საეჭვოდ უახლოვდება.

რუსულ ინტერესს „ადასტურებს“ ისიც, რომ დეკანოზის დაპატიმრებიდან საეჭვოდ მალე, რუსეთის საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტს აქვს ადგილი. ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებიაო. სამწუხაროდ, ისტორიას ისეთი ფაქტებიც ახსოვს, როცა ქართველი კოსტუმიანი თუ ანაფორიანი პირები, რუსეთის მარიონეტებად იქცეოდნენ ხოლმე. ასე რომ, საქმე ქართველი პოლიტიკოსების თამაშთან გვაქვს, რუსი პოლიტიკოსების თუ უბრალოდ, სასულიერო პირების დაპირისპირებასთან, მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი, ყველა შემოთავაზებულ ვერსიას არსებობის უფლება აქვს.

————————

ახალი თაობა“, 16 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ვიღაცას უნდა, რომ საპატრიარქოს სკანდალი ივანიშვილს დაბრალდეს“ // „ოცნებაში“ არის ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის დაგდება სურს“

რა ხდება საპატრიარქოში, ვინ არის ეკლესიის დასუსტებით დაინტერესებული, რითი დამთავრდება ეს დაპირისპირება? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

ლადო სადღობელაშვილი:

- მთელი ეს დღეები თვალს ვადევნებ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სერიოზულად ვარ დაბნეული. კარგი რაღაც რომ არ ხდება, ამას ყველა ხვდება, მაგრამ საკითხავი ისაა, ვისი ინტერესები დგას ამ პროცესის უკან. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ამან ღია სახე რამდენიმე თვის წინ მიიღო. სინოდის ბოლო სხდომის შემდეგ მონასტერი მართლაც სერიოზულად აირია.

- მანამდე არ იყო არეული? „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სულ იმაზე მიდიოდა საუბარი, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიდიოდა ბრძოლა

- მაშინაც სერიოზული ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ ამას ასეთი მასშტაბები არ მიუღია. სასულიერო პირები მაშინ ასე ღიად არ დაპირისპირებიან ერთმანეთს. პრობლემები ეკლესიის გარეთ არ გამოსულა. დაახლოებით ორი თვის წინ ამაზე ღიად დაიწყო საუბარი. გარკვეულმა ძალებმა ნელ-ნელა დაიწყეს თემის მომზადება. პრესაში რამდენიმე მეუფის საწინააღმდეგო მასალა გამოქვეყნდა. ამბობდნენ, რომ ამის უკან სპეცსამსახურები იდგნენ. მეუფე პეტრე ღიად დაუპირისპირდა შორენა თეთრუაშვილს, მეუფე იაკობი კი – პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსს.

- სინოდის სხდომის შემდეგ ყველამ თქვა, რომ დაპირისპირება დასრულდა. რატომ მოხდა მისი ახალი ძალით განახლება?

- ვერ გეტყვით. ირკვევა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსის ჩვენების საფუძველზე დააკავეს მამა გიორგი მამალაძე. აშკარაა, რომ რაღაც წრეა შეკრული, რომელსაც სუსის რაღაც მიმდინარეობა მართავს.

- სუს-ის რაღაც მიმდინარეობა რას ნიშნავს?

_ სუსი ზოგადად ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაშია, მაგრამ აქ თავისი ხალხი ჰყავს პრემიერსაც და ვიცე-პრემიერსაც. ამაში განსაკუთრებული არაფერია. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება. არც ის უნდა იყოს ვინმესთვის გასაკვირი, რომ პატრიარქის უსაფრთხოებას დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად სუსიც იცავს. სუსის წარმომადგენლები საპატრიარქოში ჩვეულებრივად დადიან. როგორც ჩანს, სუსის წარმომადგენლებსა და საპატრიარქოს ხალხს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა, მერე ეს პრობლემა მოაგვარეს და ხელი მამა გიორგის შეაწმინდეს.

- რატომ გგონიათ, რომ მას შეაწმინდეს ხელები ან ვის და რაში სჭირდებოდა ამის გაკეთება?

- საგამოძიებო უწყება და ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ძნელია, ეჭვები არ გაგიჩნდეს. მეუფე იაკობისა არ იყოს, ის მაინც გვითხრან, ვისი დავალებით ან ვისთან ერთად აპირებდა რაღაცის გაკეთებას მამა გიორგი. იმაზეც უნდა გაეცეს პასუხი, რაღა გერმანიაში მიჰქონდა ციანიდი, რამის გაკეთება რომ სდომნოდა, საქართველოში ვერ გააკეთებდა? საპატრიარქოში საქმე კარგად რომ არ არის, ფაქტია, მაგრამ ეს სპექტაკლი ძალიან უნიჭოდ არის დადგმული. მისი დამდგმელები, შესაძლოა, უხერხულობაში ჩავარდნენ. მტკიცების ფორმით არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ყველაფერი იქით მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილს შეაწმინდონ ხელი.

- ბიძინა ივანიშვილს რაზე უნდა შეაწმინდონ ხელი?

- იმაზე, რაც საპატრიარქოში ხდება. ხელისუფლებაში არის ხალხი, ვისაც უნდა, რომ ეს ყოფილ პრემიერს დაბრალდეს.

- მას რატომ უნდა დაბრალდეს? საპატრიარქოში რომ რაღაც ხდება, ეს ყველასთვის ისედაც ნათელია

- საპატრიარქოში რაღაცა რომ ხდება, ამაზე არც მე ვდაობ, მაგრამ როცა ეს პროკურატურის და სუსის დონეზე ადის, აშკარაა, რომ სულ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე. პროკურატურა ამ საქმეზე რაღაც გაუგებრობებს ლაპარაკობს, იმასაც არ ასახელებს, ვისი მოწამვლა იგეგმებოდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციანიდი შორენა თეთრუაშვილისთვის იყო განკუთვნილი. ამ დროს ქოცები გამოვარდნენ და ერთ ხმაში გაიძახიან, მიშა პატრიარქს წამლავდაო. იგივე ლოგიკით გამოვარდებიან ნაცები და იტყვიან, რომ ამის უკანბიძინა ივანიშვილი დგას.

მე არც ერთი ვერსიის მჯერა და არც მეორის, მაგრამ ვინც იმედს და რუსთავი 2-ს უყურებს, იფიქრებს, რომ ამის უკან ან მიშა დგას, ან ბიძინა. ეს ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა, ამით საპატრიარქოს რეიტინგიც დაეცა, ბიძინას იმიჯიც შეილახა, მიშაზე აღარაფერს ვამბობ. თავში გითხარით, რომ ამ ყველაფრისთვის ნიადაგის მომზადება დაიწყო. რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს არსებობდა რაღაც ჩანაწერი, სადაც ბიძინა ივანიშვილი პატრიარქზე საუბრობდა.

- ბიძინა ივანიშვილს ეკლესიასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ღიად აქვს დაფიქსირებული. პრემიერობის დროს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები უნდა გაშუქდეს. მაშინ არ ატეხილა ასეთი ამბავი და რაღა ამ მითიურმა ჩანაწერმა გააჩინა ეჭვი?

- ამ განცხადებაში განსაკუთრებული მართლაც არაფერია. საზოგადოებამ მართლაც უნდა იცოდეს, რა ხდება ეკლესიაში. სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კი ისე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ბუნებრივად ჩნდება. ჩემთვის საეჭვო ისაა, რომ საპატრიარქოს სკანდალი ამ ინფორმაციის გაჟღერებიდან ცოტა ხანში აგორდა.

- პატრიარქი ბერლინში რომ არ წასულიყო, მაინც აგორდებოდა ეს სკანდალი?

- აუცილებლად აგორდებოდა, რადგან ეს გეგმა დაწერილი იყო. საპატრიარქოში დღეს ბევრი ბიზნესმენის ინტერესი იკვეთება. ამ ხალხმა მთელი ქვეყანა გადაძოვა, ახლა საპატრიარქოს მიაწყდნენ, რომ იქიდანაც დაითრიონ რაღაცები. არც ისაა გამორიცხული, ამ სკანდალში მათი ხელიც ერიოს. ძალიან ძნელია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აშკარაა, რომ საპატრიარქოში დიდი დაპირისპირებაა. ისიც თვალშისაცემია, რომ ერთმანეთს სააკაშვილთან დაახლოებული სასულიერო პირები და სხვა დანარჩენები დაუპირისპირდნენ. დაცვის უფროსის სახით ამ დაპირისპირებაში სუსიც ჩაერთო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნაციონალების მხარდამჭერები უეცრად დაცვის უფროსის მხარეს გადავიდნენ. ეს ყველაფერი იხლართება იმის გამო, რომ ხელი შეეწმინდოს ბიძინა ივანიშვილს. `ოცნებაში~ უკვე აქტიურად ცდილობენ მის ჩაჩოჩებას.

- ვინ ცდილობს მის ჩაჩოჩებას?

- გასვრილი ხალხი, ვისაც ბიძინა ივანიშვილის გასვრის ხარჯზე თეთრ ცხენზე ამხედრება სურს…

- გამორიცხავთ იმას, რომ ამ ყველაფრის უკან ყოფილი ხელისუფლება იდგეს?

- ნაციონალებს ამის თავი სადღა აქვთ. ეს ორი წლის წინ რომ ყოფილიყო, კიდევ ვიფიქრებდი რაღაცას, მაგრამ ახლა ეს გამორიცხულია. ამ დღეებში სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი მომხვდა თვალში, სადაც ეწერა, რომ ყველაფერი ბოკერიას სტილშია გაკეთებული.ეს აზრიც წინასწარ შეამზადეს. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საიტები რამდენიმე წლის წინ დაწერილ სტატიებს ატრიალებდნენ. თვალში მომხვდა ერთი მათგანი, რომელსაც ასეთი სათაური აქვს – „ვინ დაგეგმა ოპერაცია ორი პატრიარქი“. იქ წერია, რომ გიგა ბოკერიას საპატრიარქოს ორად გაყოფის გეგმა ჰქონდა შემუშავებული.

გიგა ბოკერიას არ ვიცავ, მაგრამ ასეთი გეგმა რომ ჰქონოდა, 9 წლის მანძილზე რაღაცას მოაწყობდა. ამ პროცესების უკან ის არ დგას და დაანებონ თავი რაღაცების მოგონებებს. იმდენს მაინც უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესში არ არის. რა გამოდის – ესენი ხელისუფლებაში არიან და ბოკერია აწყობს რაღაცებს? ეს ჭორი, პირველ რიგში, ივანიშვილისთვის არის საზიანო.

- ბიძინა ივანიშვილისთვის რატომ არის საზიანო?

- იმიტომ, რომ დღეს გიგა ბოკერიას ბიძინა ივანიშვილი მფარველობს. მისი ფლანგის გასაძლიერებლად გამოაშვებინა ყოფილმა პრემიერმა გიგი უგულავა ციხიდან. ბიძინა ივანიშვილის ადგილზე მე აქტიურად დავინტერესდებოდი, თუ რა ხდება საპატრიარქოში და იმას გავარკვევდი, ვინ დგას ამის უკან. მე იმას ვეტყვი, რომ „ოცნებაში“ არის ძალა, რომელსაც მისი რეიტინგის დაგდება უნდა. ამ თემით მისი იმიჯი სერიოზულად შეილახება, რის შემდეგაც ის დაჯგუფება „ოცნებას“ გამოეყოფა და ცალკე თამაშს დაიწყებს.

ახალი თაობა“, 16 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ხელისუფლებამ ცეცხლთან თამაში უნდა შეწყვიტოს“ // „პოლიტიკური სპექტრი პარალიზებულია“ // „ოპოზიცია გაუბედურებულ მდგომარეობაშია

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო მამუკა, ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს როგორ შეაფასებთ?

- მას შემდეგ, რაც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდა აბსოლუტური ძალაუფლება, მისი ყველა გამოვლინებით, ამან სერიოზული პრობლემა შეუქმნა როგორც პოლიტიკურ პროცესს, ისე ქვეყნის ჯანსაღ განვითარებას. ხელისუფლებაში შეიძლება ვიღაცას უხარია აბსოლუტური ძალაუფლების ხელთპყრობა, მაგრამ ეს არის სერიოზული საფრთხისა და რისკის შემცველი, როგორც პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, ისე ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ ეტაპზე ვირტუალური საფრთხეები შეიქმნა, რაც შემდეგ ეტაპზე რეალობად იქცა. ეს საფრთხეები აუცილებლად განვითარდება და ახლა სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ თვალ-ყურს.

- ხელისუფლება რამდენად გაართმევს თავს მათ მოგვარებას?

- რთული სათქმელია, რადგან, ერთი მხრივ, ამ ყველაფერს თან ერთვის ხელისუფლების პოლიტიკური გამოუცდელობა, და, მეორე მხრივ, დაბალი კვალიფიკაცია არა მხოლოდ პოლიტიკის სფეროში, არამედ კონკრეტული მიმართულებებით. ეს არსებულ რისკებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამ ფონზე გაქრა ფენომენი „მთავარი ოპოზიციური ძალა“. გაქრა სწორედ იმ რღვევით, რაც მოხდა ნაციონალურ მოძრაობაში.

- ოპოზიცია არ არსებობს?

- ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მდგომარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. თვით ოპოზიციის მდგომარეობაც კი ამ რისკებზე უარყოფითად მოქმედებს…

- რატომ?

- იმიტომ, რომ ოპოზიციას დაეკარგა კონტროლი სრულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. პოლიტიკური სპექტრი, უბრალოდ, პარალიზებულია. პარალიზებულია ცალკეული პიროვნებების პოლიტიკიდან დროებით თუ სამუდამოდ გასვლით, უსახსრობით თუ ურესურსობით, უუნარობით თუ დაქსაქსულობით.

დღეს ოპოზიცია გაუბედურებულ მდგომარეობაშია. ამას გეუბნებით მე, ერთ-ერთი ოპოზიციონერი. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში შექმნა საფრთხეები, რომლებიც შეიძლება ყოველდღიურად განვითარდეს. ვხედავთ რისკების რეალიზაციას. ერთი მხრივ, შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც რას გვიქადის, არავინ იცის.

რისთვის სჭირდება დღეს ხელისუფლებას არაპირდაპირ არჩეული პრეზიდენტი?! ვის რას უშავებს ამ უფლებამოსილებით პრეზიდენტი? რამდენი ვეტოც არ უნდა დაადოს ამ პრეზიდენტმა თუ სხვა პრეზიდენტმა, აბსოლუტური ძალაუფლების ტყვეობის ხელში, რა პრობლემას წარმოადგენს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები? რატომ უნდა გადავაბაროთ თუ ჩავაბაროთ ეს ინსტიტუტი ერთი პოლიტიკური ძალის მიერ კონტროლირებად პარლამენტს?!

- უმრავლესობის არგუმენტია, რომ სწორედ არსებულ ძალაუფლებასთან შეუსაბამობაში მოდის პირდაპირი წესით არჩევნები, მაღალი ლეგიტიმაცია...

- გასაგებია, რომ არჩევის ფორმა შეიძლება შეესაბამებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, მაგრამ დღეს ხომ გვყავს ამ ფორმით არჩეული პრეზიდენტი. საზოგადოებას ხომ ვართმევთ ერთ რაღაცას, რომელიც მას აქვს უკვე მოპოვებული. მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტს ვართმევთ, სად არის აქ ბალანსი?!

საკონსტიტუციო სასამართლოს პრობლემაც მოდის აქვე წინა პლანზე: ერთი მოსამართლე, მეორე მოსამართლე, ახლა მთლად ხელისუფლების სახე, ყოფილი ვიცე-სპიკერი გვევლინება საკონსტიტუციო სასამართლოში. სასამართლო სისტემაშიც შევიდა აბსოლუტური ძალაუფლების ტყვეობის სურვილი. ამას ემატება მეოთხე ხელისუფლებაში შეღწევის სურვილი, არ ვგულისხმობ მხოლოდ „რუსთავი-2“-ს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე განვითარებულ მოვლენებზე ვსაუბრობ, გადაცემების დახურვით თუ შეჩერებით, ფართის საკითხით, 400 მილიონის გახარჯვით, რაზეც პირდაპირ საუბრობენ ადამიანები და ამ დროს რას აკეთებს ან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან პროკურატურა, გაუგებარია. ამ ყველაფერს ემატება ძალიან გავლენიანი ინსტიტუტი ეკლესია, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში არის მთავარი აქტორი ავანსცენაზე. გაიხსნა მრავალმხრივი ცეცხლი, ეკლესია გამოდის ტალახის სასროლ ავანსცენაზე.

- როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, როგორია თქვენი მოლოდინი?

- ეს არის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მთელი ჯაჭვი, რომელიც აბსოლუტურ გარყვნამდე შეიძლება მივიდეს. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ორი ახსნა აქვს: ან უცოდინრობა, არაკვალიფიციურობა, ან აბსოლუტური ძალაუფლების ტყვეობა, რაც ბუნებრივად იწვევს ამ პროცესებს. აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც აბსოლუტურად არის უკონტროლო.

- თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია არ არსებობს, არასამთავრობო სექტორი?

- ეს არის კნავილი, რომელიც საპირწონე ამინდს ვერ შექმნის. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ორ რამეში: პირველი, ხელისუფლებაში ვინმემ უნდა გააცნობიეროს არსებული რეალობა. პრობლემა უნდა დაინახოს ვინმემ და უნდა მიხვდეს, რომ ეს პირველ რიგში მათ შეუქმნით პრობლემას. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ცეცხლთან თამაში უნდა შეწყვიტოს. ვგულისხმობ აბსოლუტური ძალაუფლების, ყველაფრის გაკონტროლების სურვილის, ნების დავიწყებას. ამის გაცნობიერებაში მას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია უნდა დაეხმაროს და არა – ჩასაფრებული ოპოზიცია. თუ ეს ვერ გააცნობიერა ხელისუფლებამ, დრო ყველაფერს დაალაგებს.

- რას გულისხმობთ?

- ამოუვა ეს ყველაფერი საზოგადოებას ყელში. აუცილებლად დაიწყება შიგნით ხრწნა, შიდა კონფლიქტები გარდაუვალი იქნება.

ახალი თაობა“, 16 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ბიძინა გუჯაბიძესთან: „საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმები ხისტი არ უნდა იყოს“ // „ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ გააჩნიათ

რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატს, კონსერვატორების ფრაქციის წევრ ბიძინა გუჯაბიძეს ესაუბრა.

- გრძელდება ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რომ ის ახშობს ოპოზიციურ ტელეკომპანია რუსთავი 2-. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსთავი-2-ზე ახალი შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია გაინაღდა...

- ეს განცხადებები ჩასაფრებული ხალხის მოსაზრებებია. ასეთ ბრალდებებს ხელისუფლებას უყენებენ ანგაჟირებული და არაობიექტური ადამიანები, ჟურნალისტები იქნებიან ისინი, ექსპერტები თუ პოლიტიკოსები. ეს ხალხი ელოდა, რომ ხელისუფლება ისევე მოიქცეოდა, როგორც სააკაშვილი მოიქცა ტელეკომპანია იმედში შეჭრისას. ეს ანგაჟირებული პირები ამას რამდენიმე თვის წინ აანონსებდნენ კიდეც. მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ – ხელისუფლება არსად შეჭრილა. ვიზალიბერალიზაციის მიბმაც გაუგებარია „რუსთავი-2“-ის თემასთან. „რუსთავი-2“-ის ძველი თუ ახალი დამფუძნებლები ერთმანეთს სასამართლოში ედავებიან. სასამართლო თვითონ წყვეტს, როდის დანიშნოს სხდომები.

- ოპონენტების აზრით, ეს პოლიტიკური პროცესია და ხელისუფლება ებრძვის დამოუკიდებელ ტელევიზიას...

- ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ მედიას არ ებრძვის. 2012 წლის შემდეგ მედია თავისუფალია. არც „რუსთავი-2“-ზეა არანაირი შეტევა. ამ ტელევიზიის დამოუკიდებელ და ობიექტურ მედიასაშუალებად გამოცხადება კი ღიმილის მომგვრელია. „რუსთავი-2“ იყო და არის სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია.

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ამ ვითომ ძალიან პრინციპულ არხს ერთი სიტყვაც არ დასცდენია იმ საშინელებებზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვით დაწყებული, სოციალური პრობლემებითა და მოქალაქეების წამებით დამთავრებული. ამიტომ მიმაჩნია, რომ  „რუსთავი-2“-ის გენდირექტორი და მთელი კოლექტივი, რომელიც პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაცემებს აკეთებს, შორსაა ობიექტურობისა და სამართლიანობისგან. ამ ადამიანებმა შექმნეს ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელშიც ნაცმოძრაობა და მისი სატელიტი პარტიებიც მონაწილეობენ, თუმცა, ამ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ გააჩნიათ.

- ხელისუფლებას აკრიტიკებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამო. არის მოსაზრება, რომ აქაც უნდათ განსხვავებული აზრის ჩახშობა...

- ეს მოსაზრება აბსურდულია. საზოგადოებრივ მაუწყებელში მივიდა ახალი ადმინისტრაცია თავისი ხედვებით. ჩემი აზრით, ახალი ხელმძღვანელების პოზიცია რადიკალურია. იქ გასატარებელია რეფორმები, მაგრამ ისინი ასეთი ხისტი არ უნდა იყოს.

- ესე იგი, საინფორმაციოს გარდა, ყველა გადაცემა არ უნდა გაჩერდეს?

- ფაქტობრივად, იგეგმება მაუწყებლობის დახურვა. ჩემი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანად არ უნდა გაჩერდეს. მეორე მხარის პოზიციაა ყველაფრის ძველებურად დატოვება. არც ესაა სწორი. მოსაძებნია ოქროს შუალედი, რომელიც მისცემს საზოგადოებრივ მაუწყებელს განვითარების, მოდერნიზებისა და შენობის შეცვლის საშუალებას. ქვეყანასა და რეგიონში შექმნილ მძიმე სიტუაციაში არ იქნება მიზანშეწონილი უამრავი თანამშრომლის უმუშევრად დატოვება იმ დროს, როცა ისინი ბიუჯეტიდან კომპენსაციასაც ვერ მიიღებენ.

- განაცხადეთ, რომ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ გააჩნია. ამ დღეებში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც, ნაცმოძრაობის გარდა, კიდევ 7 პარტია შევიდა. ეს საბჭო გაჩერებას არ აპირებს...

- ეს ამ პარტიების ნებაა. ისინი აქტიურობის საბაბს და სამოქალაქო არეალს ეძებენ. მთავარი ისაა, რას მიაღწევენ. გაკოტრებული პოლიტიკოსები თავიანთ მომხრეებსაც ილუზიებში ამყოფებენ და სხვებსაც მცდარ წარმოდგენებს უქმნიან.

- ბევრ საკითხში ნაცმოძრაობა და მისგან გამოყოფილი ევროპული საქართველო ერთ პოზიციაზე დგანან...

- მათ თითქმის ერთნაირი იდეოლოგია აქვთ, თუმცა ახლა ისინი ნამდვილად გაყოფილები არიან. ასეთი ფაქტები ისტორიაში მომხდარა. ბოლშევიკები და მენშევიკები ერთმანეთს გაემიჯნენ, თუმცა ისინი, ბოდიში და, ერთი ნეხვის ნაწილებად დარჩნენ. მათი იდეოლოგია ყოველთვის ერთმანეთის მსგავსი იყო. „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო’ ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. უბრალოდ, ერთ ნაწილს რადიკალური მოქმედებები უნდა, მეორეს – არჩევნების გზით ევროპულად სიარული. თუ მათ პოლიტიკურად გაქრობის საფრთხე დაემუქრათ, ერთმანეთთან საერთო ენას ისევ იპოვიან, ჯერჯერობით კი ერთმანეთში უთანხმოება აქვთ.

- უცხოელი ლობისტებიც ჰყავთ...

- ყოველ შემთხვევაში, ეს ლობირება არ იგრძნობა. მიხეილ სააკაშვილის დროს აშკარა იყო, რომ მისი ლობისტების წყალობით დასავლეთში თვალს ხუჭავდნენ რეპრესიებზე, რომელთაც სააკაშვილი ატარებდა და მის ავტორიტარულ მმართველობაზე. ეს ბევრი ადამიანისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა.

- ქართულმა ოცნებამ მოახერხა დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება?

- რამდენიმე დღის წინ აშშ-ში იმყოფებოდნენ საგარეო მინისტრი, ასევე პარლამენტის დელეგაცია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ოფიციალური ურთიერთობები დამყარდა. მანამდე პაუზა იყო, თუმცა, კულუარული მუშაობა არ შეწყვეტილა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ვიზიტი კონკრეტულ ნაბიჯებშიც გამოიხატება, საქართველო-ამერიკის ურთიერთობა კი უფრო გაღრმავდება.

ახალი თაობა“, 16 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „დავით ნარმანია დასაჭერია იმის გამო, რაც ჩაიდინა“ // „კორუფციის ჭაობშია ჩაძირული თბილისის მერია“ // „ქართული ოცნების პრობლემა ისევ და ისევ ქართული ოცნებაა

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის გარშემო აგორებული სკანდალის შესახებ „ახალი თაობის“ კითხვებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პასუხობს.

- ალეკო, მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ირგვლივ აგორებული სკანდალი აქტუალობას არ კარგავს. ამ თემაზე არაერთი განცხადება გაკეთდა, თქვენც დიდი ხანია საუბრობთ, რომ თბილისის მერია კორუფციის ჭაობშია ჩაძირული. რა ხდება რეალურად დედაქალაქის მერიაში და რამდენად არის ამ ყველაფერში გარეული დავით ნარმანია?

- ნამდვილად ასეა, კორუფციის ჭაობშია ჩაძირული თბილისის მერია და არა მარტო მერია. ნატალია ნაზღაიძის ძმისთვის მიწის გადაცემა-გადმოცემის ამბავიც ადასტურებს, რომ არა მხოლოდ საშუალო და ქვედა რგოლია კორუფციაში ჩაფლული, არამედ ჩართულია სულ ზედა ეშელონები! პირადად დავით ნარმანიას ხელმოწერით შემოვიდა ის დოკუმენტი, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ და, შესაბამისად, დავით ნარმანია, ქონების მართვის სამსახური, იურიდიული სამსახურის უფროსი იყვნენ თავიდან ბოლომდე ჩართულები ამ კორუფციულ სქემაში!

- დავით ნარმანიამ გააკეთა კომენტარი, რომ ქონების გადაცემა კანონიერი გზით მოხდა..

- როდესაც ადამიანს ქონება აღარ გააჩნდა, მისი ქონება იყო ბანკის საკუთრება, დაუბრუნეს სრულიად უკანონოდ! ცალკე ბანკს მისცეს კომპენსაცია და ამ კაცს კიდევ ხუთმაგად აუნაზღაურეს ის ყველაფერი და ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მის დას, ნატა ნაზღაიძეს, ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილება გამოეტანა! ეს არის ერთმნიშვნელოვანი და ეს ადასტურებს იმას, რომ ყველა რგოლშია კორუფცია! თუ აქამდე კორუფციას ვაწყდებოდით შუა რგოლში, ეს ფაქტი პირდაპირ ადასტურებს, რომ ნარმანია პირადად იყო ჩართული ამ კორუფციული სქემის მოფიქრებაში!

- პროკურატურა დაინტერესდა აღნიშნული საქმით, დეპუტატი ირაკლი აბესაძე დაიბარეს ამ საკითხთან დაკავშირებით. უშვებთ იმის ალბათობას, რომ დავით ნარმანიას სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს? მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?

- ამ სკანდალის აგორებიდან უკვე გავიდა გარკვეული პერიოდი. როგორც ვიცი, პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ ამ საქმეზე განცხადება პროკურატურაში 2-3 კვირის წინ შეიტანა და ამ დრომდე ყურიც არ შეუბერტყავს პროკურატურას და ფეხის ათრევით, სხვა გზა არ აქვს და ახლა დაიწყო დაბარებები და გამოძიებები. არადა ვალდებულია, საჯარო მოხელის განცხადებაზეც კი რეაგირება მოახდინოს და გამოძიება დაიწყოს. შეეძლოთ ამდენ ხანს დაეწყოთ, მაგრამ ფეხს ითრევენ და ისე წაიყვანს პროკურატურა გამოძიებას, როგორც აქამდე მიჰყავდათ ხოლმე.

- ჩვენ უკვე მოვისმინეთ განცხადებები, რომ ნატალია ნაზღაიძის ძმა არაფერ შუაშია და აქ საუბარია ვინმე ჩოხელზე. ამაზე რას იტყვით?

- ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი! რას ჰქვია სხვა პირს ეხება?! იურიდიულ საბუთებში ზვიად ნაზღაიძე ფიგურირებს და სხვა პირს რანაირად ეხება, ძალიან საინტერესოა. როგორც ჩანს, უნდათ, რომ საქმე სხვანაირად შეკერონ. აი, ამ ნათქვამით, რომ აქ შუაშია ვინმე ჩოხელი და არა – ნატა ნაზღაიძე, მერია რას ამბობს, იცით?!

- რას?

- ისინი ადასტურებენ, რომ კორუფციული სქემა განახორციელეს. აქ ორი დანაშაული იკვეთებოდა – კორუფციული სქემის განხორციელება და კორუფციული სქემის განხორციელება მოსამართლის მოქრთამვის გამო. ახლა უნდათ, რომ ამ ორი ბრალიდან ერთ-ერთი მოხსნან როგორმე და თქვან, რომ ჩვენ კი განვახორციელეთ კორუფციული სქემა, მაგრამ ვინმე ჩოხელის გამო და მოსამართლე არ მოგვიქრთამავსო. ფიქრობენ, რომ დანაშაულს გაიმარტივებენ. თუმცა ამ ყველაფერს იურიდიულად დასაბუთება სჭირდება.

- ვერ დაასაბუთებენ?

- ღვთის წყალობით, გვაქვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სადაც პირდაპირ ინტერნეტში დევს დოკუმენტაცია! იქ ვინმე ჩოხელი, არანაირად არც ერთ დოკუმენტში არ ფიგურირებს! სახლში ჩუსტებით რაღაცაზე დაილაპარაკეს და რაღაცაზე გარიგდნენ, ეს მე არ ვიცი! ჩვენ აქ იურიდიულ დოკუმენტზე ვლაპარაკობთ და არა – ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე. გარიგება თუ გამორიგებაა უნდა ჩანდეს დოკუმენტებით. დოკუმენტებში კი მსგავსი არაფერი ჩანს. ამიტომ ეს განცხადებები ძალიან არასერიოზულია, რომ თურმე სინამდვილეში ვიღაც სხვა ყოფილა და ასე შემდეგ.

- ანუ სახეზეა კორუფციული გარიგება?

- ერთმნიშვნელოვნად ასეა! ეს არის კორუფციული სქემა! ყველანაირი დოკუმენტაცია მზად გვაქვს, მე პროკურორი არ ვარ და მე როგორ დავაკავებ ნარმანიას, ვისაც ევალება, მან უნდა იმოქმედოს! გამოიძიონ, უმარტივესად გასარკვევია! ეს ერთ-ერთი სქემაა, თორემ უამრავი კორუფციული გარიგება ხდება მერიაში, ჩაიძირა ეს ქალაქი კორუფციის ჭაობში!

- კიდევ რა სკანდალურ ფაქტებზე შეგიძლიათ საუბარი?

- მთავარი არქიტექტორი მოხსნეს ჩემი განცხადების შემდეგ და მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა პირდაპირ დაწერა, რომ ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა შეგნებულად, წინასწარი განზრახვით, 10 სართულიანი კორპუსი გაასაღა 6 სართულიან კორპუსად, დაამტკიცა და ამით ბიუჯეტს მიაყენა 402 ათასი ლარის ზარალი! თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაადასტურა ეს და პროკურატურაში გადააგზავნა აუდიტის სამსახურმა საქმე გამოძიებისთვის. მეტი, უბრალოდ, რაღა გითხრათ?!

- თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და საუბარია, რომ არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ვინმე ნარმანიას ვადაზე ადრე გადააყენებს თანამდებობიდან. თუმცა მერიის წინ აქციებმა იმატა ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? მოუწევს დავით ნარმანიას გადადგომა არჩევნებამდე?

- არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა იმის გამო, რაც ნარმანიამ ჩაიდინა, ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ არის დასაჭერი! იმიტომ, რომ მისი ხელმოწერით შემოვიდა ეს დოკუმენტაცია. თუ გამოვა და ამ შემთხვევაშიც გადათქვამს და იტყვის, მე არ ვიცი, ხელი რას მოვაწერეო, არ ვიცი, მაშინ რა იქნება! ნორმალურ სიტუაციაში, სულ მცირე, დავით ნარმანია უკვე რამდენჯერმე უნდა ჰყოლოდათ დაბარებული დაკითხვაზე და ნორმალურ სიტუაციაში დადგებოდა ნარმანიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვინც ეს სქემა მოიგონა, განახორციელა და გააბრიყვა საკრებულო, ყველა ამ ადამიანმა პასუხი აგოს!

- პირადად თქვენს საქმეზე რას იტყვით? სასამართლოში გიჩივლათ ბესელიამ და ბოდიშის მოხდასაც ითხოვს. ამ კუთხით რა ხდება?

- 28 თებერვალს გაიმართება სხდომა. მოსამზადებელი სხდომა გვქონდა და ახლა განხილვა დაიწყება.

- საკუთარ ტყუილებში აიხლართა ალეკო ელისაშვილი და გამოსავალს ვერ პოულობსო, აცხადებს ეკა ბესელია. მზად ხართ ბოდიშის მოსახდელად?

- ეკა ბესელიას ნათქვამზე საერთოდ არ ვაპირებ კომენტარს! თავის ტყუილებს და თავის თავს მიხედოს ეკა ბესელიამ!

- რას ელოდებით ამ პროცესისგან?

- ველოდები, რომ ნაზღაიძისნაირი მოსამართლე არ აღმოჩნდება ქალბატონი კუჭავა და მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. მე არავისთან მაქვს ბოდიში მოსახდელი! ღმერთმა დამიფაროს, რომ მექრთამეებს ბოდიში მოვუხადო! დღეს ქვეყანაში ისე ვითარდება პროცესები, რომ მსგავსი არ მახსოვს.

- კონკრეტულად რომელ პროცესებზე საუბრობთ?

- სერიოზულად იზღუდება სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი მედია! რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ზუსტად იგივეს აკეთებენ! ოღონდ ესენი უფრო იდიოტურად აკეთებენ! მიხეილ სააკაშვილსაც ეგონა, რომ მთავარი პრობლემა ტელევიზიები იყო და იქ გასული კრიტიკული სიუჟეტი და აზრი, რაც დიდი სისულელეა და კარგი იქნებოდა, ამ შეცდომებზე ახალ ხელისუფლებას მაინც ესწავლა. თუმცა ფაქტია, რომ ვერ სწავლობს და უარესებსაც აკეთებს! იმის მაგივრად, რომ ყოველი კრიტიკული სიუჟეტის შემდეგ, ხელისუფლებამ თავის თავში ეძებოს პრობლემები, ჰგონია, რომ მედიაშია პრობლემები და მედია უქმნის მას პრობლემას. არც ერთი ხელისუფლების პრობლემა მედია არ არის.

- ვინ უქმნის პრობლემებს ივანიშვილის ხელისუფლებას?

- ხელისუფლების პრობლემა არის საკუთარი შეცდომები! მედია განახებს ამ შეცდომებს და შენ ეს უნდა გამოასწორო! „ქართული ოცნების“ პრობლემა ისევ და ისევ „ქართული ოცნებაა“ და სხვა არაფერი! საკუთარი უმაქნისობა და კორუფციის ჭაობში ჩაძირვა! როდესაც საკუთარ თავში პრობლემებს ვერ პოულობ, მერე ეძებ სადმე სხვაგან.

დღეს ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მედიაა მისი პრობლემა, არადა მთავარი პრობლემა მის გარშემო შემოკრებილი მექრთამეები და არაფრის მაქნისები არიან. იმის მაგივრად, რომ ეს ხალხი დაეფერთხა, ნორმალური ხალხი შემოეკრიბა და ქვეყნის განვითარებაზე ეფიქრა, ეძებს ჭინკებს, მაქციებს და კუდიანებს. მას წარმოდგენა არ აქვს კაცობრიობის ისტორიაზე და არც ქვეყნის უახლეს ისტორიაზე!

- როგორ დაამთავრებს ბიძინა ივანიშვილი?

- ბიძინა ივანიშვილი იმაზე უარესად დაამთავრებს, ვიდრე მისმა წინამორბედებმა დაამთავრეს, იმიტომ, რომ გაცილებით დიდი მოლოდინები იყო ივანიშვილისადმი, ვიდრე სხვის მიმართ! იმედგაცრუების ეტაპი უკვე გაიარა ქვეყანამ და ხალხმა და უკვე ძალიან სერიოზული აგრესიის ეტაპზე გადადის. აგრესიის ობიექტი იქნება ივანიშვილი და აქედან ვერ გაასწრებს! დაფიქრდეს ამაზე! ძალიან ცოტა დრო დარჩა ვითარების გამოსწორებისთვის!

Comments are closed