globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 16th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კოალიცია უნდა დაიშალოს»

ალია: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რა საფრთხეები გადაიფარა პორნოსკანდალებით და რა გაკვეთილი მიიღო ამით მოსახლეობამ?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „ხალხი, ვინც ჩვენს დროს ფარულ ჩანაწერებს აკეთებდა, ისევ თანამდებობებზეა… სანამ ხელისუფლებაში ვიყავით, არც ერთი ასეთი კადრი არ გასაჯაროებულა”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „რუსეთსა და თურქეთს საქართველოს გადანაწილება აქვთ განზრახული” // „ფარული ვიდეო-ჩანაწერების გამავრცელებლებს ჩვენი ფსიქოლოგიური დაუძლურება სურთ“

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ფარული კადრების გავრცელება ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს აზიანებს“

რეზონანსი: ინტერვიუ ელისო კილაძესთან: “ჩანაწერები გამრავლებულია და ხელი კერძო პირებსაც მიუწვდებათ”

რეზონანსი: რა ხდება უნივერსიტეტში

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ია ანთაძესთან: „ლადო პაპავას გადაყენებას გიორგი გაფრინდაშვილის ხალხი ცდილობს” // ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: „შეუძლებელია, უნივერსიტეტში ოდეერის ინსტიტუტი არსებობდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ დუნდუასთთან: „ლარმა გამყარება გიორგი ქადაგიძის წასვლიდან მეორე დღესვე დაიწყო”

„ახალი თაობა“: სოხუმში არეულობა გრძელდება // ლეონიდ ძაპშბა: „2019 წლამდე არ გადავდგები“

————————-

„საქართველო და მსოფლიო“, 16-22 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კოალიცია უნდა დაიშალოს»

შორენა ცივქარაშვილი

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების წევრებზე არსებული მაკომპრომეტებელი კადრები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდება და დაიშლება თუ არა კოალიციაქართული ოცნება” _ ამ და სხვა საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსპოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- ბატონო გია, მოგეხსენებათ, ახალხან ინტერნეტში ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ქალბატონის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები გავრცელდა. ამ ფაქტმა, ბუნებრივია, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?

- ამ ყველაფრის მიზეზი ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არსებული სისტემური დანაშაული იყო და, სიმართლე გითხრათ, ეს სისტემა დღესაც არ გამქრალა. რა მეთოდებითაც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში მოქმედებდა ეს სისტემა, ახლაც ანალოგიურ მეთოდებს მიმართავს. ვითარების გართულების მთავარი მიზეზი კი არის დაუსჯელობის სინდრომი, რადგან არც ერთი ასეთი დანაშაულისთვის არავინ დაუსჯიათ – არც შემსრულებელი და არც დამკვეთი.

მაგალითისთვის საკმარისია თუნდაც ერთი შემთხვევა: როდესაც რამდენიმე ხნის წინათ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, მაშინ თითქოს ყველაფერი გაირკვა და, წესით, დამნაშავეც უნდა დასჯილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი დაიჭირეს და მან დამკვეთიც დაასახელა, ვნახეთ, რომ არც ეს საქმე მისულა ბოლომდე. ეს კი დაუსჯელობის სინდრომით დაავადებულ, მახინჯი ფსიქიკის ადამიანებს უბიძგებს, ასეთი ვიდეოკადრები პირადი ან პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ.

ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი უკონტროლო და შემაშფოთებელ მასშტაბებს იღებს, ხვალ და ზეგ არჩევნები ახლოვდება და რა მოხდება, არავინ იცის. პოლიტიკოსები, გასაგებია, ერთმანეთისკენ გაიშვერენ ხელს, მაგრამ, სანამ ჩვენი საზოგადოება ამა თუ იმ ფაქტზე სწორ რეაგირებას არ ისწავლის, მანამდე ეს პრობლემა ყოველთვის იქნება…  ამას გარდა, ფაქტია, რომ ეს კადრები მხოლოდ ერთ კონკრეტულ მხარეს არ აქვს, არამედ ბევრს.

- დიახ, ფარული ვიდეოკადრები აქვს რამდენიმე მხარეს და ამ მხარეების ზოგიერთი წარმომადგენელი ქვეყნიდან გაქცეულია. მაგალითად, მეგის ქარდავა ჩანაწერების გამოქვეყნებითაც იმუქრება. სად არის გარანტია, რომ ქარდავა ან კიდევ სხვა ამ კადრებს არ გადასცემს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს გარკვეული გარიგების, მაგალითად, თუნდაც თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები შანტაჟის ობიქტებად არ იქცევიან? ასეთ შემთხვევაში ქვეყანა, შესაძლოა, დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს

- გამორიცხული არაფერია. თქვენ მართალი ბრძანეთ, მოვლენების განვითარების ბევრი ვარიანტი არსებობს და უამრავი ვერსია შეიძლება განვიხილოთ. სამწუხაროდ, რეალურია საფრთხე, რომ ეს კადრები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს. ასეთი რისკები, ბუნებრივია, არსებობს. ერთი რამ ცხადია: სისტემურ დანაშაულზე ამ ხელისუფლებას პასუხიც მაშინვე უნდა გაეცა. სამეგრელოში კასრებში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე რომ გაჰყვიროდა ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ამ კადრების შემოქმედები დაესაჯა, საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკისთვის გამოიყენა. ხელისუფლებამ სწორედ მაშინ ჩადო ის ნაღმი, რომელიც ახლა ნელ-ნელა ფეთქდება.

- როგორ ფიქრობთ, საფრთხის თავიდან ასაცილებლად უნდა გასაჯაროვდეს თუ არა ამ ადამიანების ვინაობა და მათ თანამდებობები დატოვონ?

- კომპრომატს გააჩნია. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა რისკებს შეიცავს ის. არ არსებობს უნივერსალური მიდგომა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ეს ადამიანის პირადი ცხოვრებაა და ამაში არ უნდა ვერეოდეთ, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ასეთი კომპრომატების არსებობის შემთხვევაში, მათი თანამდებობებზე დატოვება საფრთხის შემცველია.

- თუ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებსა და რეპლიკებს გავიხსენებთ, მას თუ ნანახი არ ჰქონდა, დიდი ალბათობით, იცოდა ფარული ჩანაწერების არსებობაზე და რატომ დანიშნა ეს ადამიანები თანამდებობებზე?

- არ ვიცი, ივანიშვილმა იცოდა თუ არა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს რისკებიც ექნებოდა გათვალისწინებული. სხვათა შორის, მაშინ მეც ხელისუფლებაში ვიყავი, მაგრამ ამ კადრების არსებობაზე არაფერი ვიცოდი. რაც შეეხება თანამდებობებზე დანიშვნებს, კოალიციური მმართველობის ერთ-ერთი მინუსი ისიც არის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი კვოტა, პარტიები წარადგენენ თავიანთ კანდიდატებს და შესაძლო რისკებზეც პასუხისმგებლობას ისინი იღებენ. ამიტომ, თუ ეს ფაქტები ცნობილი იყო, პარტიებს სხვა კანდიდატები მაინც უნდა წარედგინათ ამა თუ იმ თანამდებობაზე. ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ არ ვიცით, რა მასშტაბის პრობლემებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ დაპირება, რომ ასეთი კადრები აღარ გავრცელდება, პრობლემას ვერ გადაჭრის.

- თქვით, რომ სისტემა არ გამქრალარატომ მოხდა ასე? რატომ ვერ აღდგა დაპირებული სამართლიანობა, რამ შეუშალა ხელისუფლებას ხელი?

- როდესაც უარი განვაცხადე ხელისუფლებაში დარჩენაზე, იმ დღიდან ვამბობ _ ერთია რეჟიმის დამარცხება, რომელიც, მართალია, რთული, მაგრამ მაინც ერთჯერადი ამოცანაა და შესასრულებლადაც უფრო იოლი, ვიდრე სისტემის დამარცხება. სისტემა არსად წასულა და ამას ადასტურებს ყველაფერი: ლევან მურუსიძე - სასამართლოში, გაუგებარი სიტუაცია - პროკურატურასა და პოლიციაში. და საერთოდ, მაღალ თანამდებობებზე ჯერ კიდევ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მანკიერ სისტემას ემსახურებოდნენ.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ არსებულმა სისტემამ ხელისუფლება მძევლად აიყვანა. აბა, რა ლოგიკით შეიძლება გავამართლოთ მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა?! მართალია, ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ თითქოს სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და თვითონ ვერ ჩაერეოდა, მაგრამ სინამდვილეში მურუსიძეს მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოში ხელისუფლების მიერ დანიშნულმა სამმა თუ ოთხმა წევრმა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

- ხელისუფლებაში აქამდე არსებული ფარული დაპირისპირებაცღია ომშიგადაიზარდა. “მრეწველებისადა რესპუბლიკელების მხრიდან საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს ვისმენთ ერთმანეთის წინააღმდეგ. პარალელურად ვრცელდება ხმები, რომეროვნული ფორუმიკოალიციას დატოვებს. როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში დაიშლება თუ არა კოალიცია?

- კოალიციაში პარტიები, ფაქტობრივად, აღარ არსებობენ. ეს პოლიტიკური წარმონაქმნები, უკვე დიდი ხანია, პარაზიტობენ ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე, მათ დაავიწყდათ, რომ ძალაუფლების მთავარი წყარო ხალხია, მაგრამ ხელისუფლებაში ხალხთან კომუნიკაციით დარჩენაზე არც ფიქრობენ. მათ ისევ ბიძინა ივანიშვილის რესურსების ხარჯზე უკანა კარიდან უნდათ, პოლიტიკაში მოხვდნენ. სწორედ ეს არის უბედურება. შესაბამისად, საკუთარი უსუსურობის განცდა მათ ყველაფრის კადრებისკენ უბიძგებს, ოღონდ კი ივანიშვილის მხრებიდან არ ჩამოვიდნენ.

ძალაუფლება ადამიანებს რყვნის, მას აქვს თავისი ხიბლი და, “თბილი სკამებისგამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანები ერთმანეთს იტანდნენ. ახლა არჩევნები ახლოვდება, ამთბილ სკამებსსაფრთხე ექმნება და ყველას გაახსენდა, რომ თურმე ერთმანეთი ეზიზღებათ.

მიმაჩნია, რომ, სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კოალიცია უნდა დაიშალოს და კოალიცაიში გაერთიანებულმა ამ პარტიებმა უნდა გაიხსენონ, რომ, პირველ რიგში, ისინი პარტიები არიან, მანდატი პირდაპირ ხალხისგან უნდა მიიღონ და ამის შემდეგ შექმნან კოალიციები. ეს იქნება სახელმწიფოებრივად სწორი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი.

- მაგრამქართული ოცნებისგარეშე თითოეულ ამ პარტიას _ რესპუბლიკელებს, “ეროვნულ ფორუმს”, “მრეწველებსდა სხვებს _ აქვს გამარჯვების შანსი?

- რა თქმა უნდა, შანსი ცოტა აქვთ, ვინაიდან ის პარტიული რესურსიც კი, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ, მიფანტ-მოფანტეს, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში არ მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლებაში დარჩენა მათი საზრუნავი იყო. გასაგებია, რომ მათ, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, დეგრადაცია განიცადეს და დღეს მათი შესაძლებლობები დიდი არ არის.

- ფრაქციარესპუბლიკელებისთავმჯდომარის _ დავით ბერძენიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებისშემდეგ რესპუბლიკური პარტიამეორე პარტიაა”.

- ეს ძალიან უცნაური და შეურაცხმყოფელი განცხადებებია ყველასთვის, რადგან, როდესაც რესპუბლიკელები საკუთარ თავს, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის განვითარების ვექტორის გარანტებად მიიჩნევენ, ძალიან გამაღიზიანებელია. ამ ქვეყანაში რესპუბლიკელებზე უკეთესი გარანტორები არსებობენ, თუნდაც პარლამენტის, პრეზიდენტისა თუ პრემიერის სახით, და რესპუბლიკელები თუ არ იქნებიან, ჩვენ ყველანი, მგონი, ქუდს არ დავიხურავთ და რუსეთში არ გავიქცევით. ასე რომ, რესპუბლიკელების გადაჭარბებული ამბიციები ძალიან გამაღიზიანებელია.

-ვიკილიქსისმიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი თინა ხიდაშელსა და გიორგი მარგველაშვილს მხარდამჭერებად მოიხსენიებს. შესაძლოა, ისინი უახლოეს მომავალში ერთ კოალიციაში ვიხილოთ?

- გიორგი მარგველაშვილი გამორიცხულია, რადგან მას, როგორც პრეზიდენტს, სხვა ფუნქცია აქვს, ის არის საარჩევნო პროცესის გარანტი და, შესაბამისად, მარგველაშვილი პოლიტიკურად ნეიტრალური იქნება. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, არ ვფიქრობ, რომ ისინი წინასაარჩევნოდ ასე მოიქცევიან, პირიქით _ რესპუბლიკელები ყველანაირად ეცდებიან, ბიძინა ივანიშვილის ხარჯზე უკანა კარიდან აღმოჩნდნენ პარლამენტში და იქ უკვე სიტუაციის განვითარების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. მოგვიანებით პარლამენტში შეიძლება რაღაც გადაჯგუფება მოხდეს, მაგრამ წინასაარჩევნოდ ასეთ კონფიგურაციას არ ველოდები. ეს მათ არაფერს მისცემს. უფრო მოსალოდნელია, ნაციონალებმა რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებები მაშინ გამართონ, როცა პარლამენტში აღმოჩნდებიან.

ალია“, 16 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რა საფრთხეები გადაიფარა პორნოსკანდალებით და რა გაკვეთილი მიიღო ამით მოსახლეობამ?

ნინო სამხარაძე

პოლიტიკოსების პორნოსკანდალებზე გადართულ საზოგადოებას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ავიწყდება. ის, რაც ხდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არანაკლებ შემაშფოთებელი და შორსგამიზნული პოლიტიკური აქტია. ჩვენს თვალწინ ვითარდება მინირევოლუციური სცენარი. „ნაციონალური მოძრაობა“ და დაინტერესებული დაჯგუფება ძალას იკრებენ უფრო ფართომასშტაბიანი რევანშისთვის. პორნოსკანდალებმა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესი, ფაქტობრივად, ისე გადაფარა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება გამოგვეცალოს ხელიდან და აღმოვჩნდეთ რევანშის პირისპირ.

დღეს, როცა ისმება კითხვა, ვის აწყობდა პოლიტიკოსთა დისკრედიტაცია, ვინც ამ საშინელებას იღებდა, სწორედ ის არის დაინტერესებული მისი ტირაჟირებით, უარეს შემთხვევაში, შესაძლოა პორნოგრაფიის ტირაჟირების უკან იდგეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. ყველაზე მარტივია, ხელი გავიშვიროთ რუსეთისკენ, რომ საზოგადოებამ დაინახოს, ვინ ლობირებს ლიბერალურ ღირებულებებს, ვის მივყავართ დასავლეთისკენ, რომ ეს ადამიანები არიან იმ დასავლური ფასეულობების და ღირებულებების მოღალატენი…

ევროპული ღირებულებები და ფასეულობა არ გულისხმობს სახელმწიფო მოხელის მხრიდან მეგობარ ქალთან ან მამაკაცთან სექსს, თუ მას ჰყავს ოჯახი და სახელმწიფო მოხელე, რომელიც ღალატობს ოჯახს, ის აუცილებლად უღალატებს სახელმწიფოს და შესაძლოა, დაშანტაჟებული და კომპრომეტირებული მოხელე აღმოჩნდეს რომელიმე სპეცსამსახურის მარიონეტი.

რა არის შანტაჟის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება? როგორ რეგულირდება ევროპაში სასჯელი ფარულ ვიდეოჩანაწერებზე? როგორი იქნება დასავლეთის პოზიცია პორნოსკანდალებთან დაკავშირებით?

„ალიას“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა:

- არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რასაც ცივილიზებულ ქვეყნებში ადგილი არ ჰქონია. მოდით, გავაანალიზოთ და ვთქვათ, როგორია უცხოური პრაქტიკა ამ მიმართულებით. ჩვენ ახლა ვკითხულობთ პლაკატებს – „სექსი დანაშაული არ არის“. რასაკვირველია, არ არის დანაშაული. ერთია, რომ დანაშაულია, როცა ადამიანს უთვალთვალებ, მაგრამ მეორე მხრივ, ცივილიზებულ სამყაროში არის სტანდარტი, როცა ხელისუფლებაში მოდიხარ და გქვია პოლიტიკოსი, არსებული სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელო. არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა შენს ამომრჩეველს, ასეთ დროს ღალატი არ „პრავდება“. თუ დამტკიცდა, რომ ხელისუფლება შანტაჟის მიზნით აგროვებს ვიდეოკადრებს, ეს არის უპატიებელი დანაშაული და რაც ეპატიება პაპარაცის, ის არ ეპატიება ხელისუფლებას. მაგალითად, პაპარაცი გვაჩვენებს, ვის მიეცი შენ ხმა. იღებს კადრებს და ასაჯაროებს. ხელისუფლება კი შანტაჟის მიზნით აგროვებს ასეთ კადრებს და პოლიტიკოსიც არის მუდმივი შანტაჟის ქვეშ. თუმცა შანტაჟის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, გამოხვიდე და თავად აღიარო ჩადენილი გადაცდომა, მაგრამ, როგორც წესი, ამას პოლიტიკოსები არ აკეთებენ. არ ეთმობათ ხელისუფლება და თანამდებობები. იმართებიან ასეთი ლოგიკით – «შენც სუ და მეც სუ!“

ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა აშშ-ში, როცა მონიკა ლევინსკიმ დაასმინა პრეზიდენტი კლინტონი, რომ მასთან ჰქონდა სექსი. ამერიკელი „რესპუბლიკელები“ თავს იკლავდნენ, როგორმე ჩაეტარებინათ იმპიჩმენტი და გადაეყენებინათ კლინტონი, მაგრამ რადგან დანაშაული აღიარა, ხალხმა მიუტევა. პრინციპი ასეთია – ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ როცა ხელისუფლებაში ხარ, არ უნდა გახდე შანტაჟის მსხვერპლი. ეს არის მარტივი ლოგიკა, რადგან სახელმწიფო მოღვაწე შეიძლება უცხო ქვეყნის აგენტურამ დაგაშანტაჟოს, ყურებით დაგიჭიროს და ნებისმიერ დროს გამოგიყენოს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში მოხდა ასეთი რამ, რომ გამოქვეყნდა მთავრობის ყოფილ წევრზე კომპრომატი, ეს იყო მესიჯი, სხვა მინისტრების მისამართით, – თუ ჭკუით არ იქნებით, თქვენზეც გამოვაქვეყნებთ და თანამდებობებსაც დაგაკარგვინებთ და პოლიტიკაზე ხელს აგაღებინებთო.

პოლიტიკოსის ცხოვრება, რომელიც არის ხელისუფლებაში, ეკუთვნის ხალხს და შესაბამისად, საიდუმლო არ უნდა ჰქონდეს, მისი ცხოვრება უნდა იყოს გამჭვირვალე. ჩემთვის ამ კამპანიამ მთელი საზოგადოების ლუსტრაცია მოახდინა, თურმე რა პრიმიტიული საზოგადოება გყავს, ეს საზოგადოება ღირსი იყო – კომუნისტების, შევარდნაძის, სააკაშვილის და ღირსია დღევანდელი მთავრობის, ნარმანიასი და იმ მინისტრების, როგორებიც გვყავს… ამ საზოგადოებას სტანდარტი არ გააჩნია და ხელისუფლების წევრებს თამასას არ ვუწესებთ. რომ გაიძახიან, სექსი დანაშაული არ არის, ნუ გვიძვრებით ლოგინში, ნუ ყოფთ ჩვენ უნიტაზში ცხვირებს და ა.შ. ასე არ არის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მთავრობაში ვინ ვინ არის და მერე ხალხმა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ასეთი მთავრობის წევრი.

- ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო, როგორ ღალატობდა მისი გუნდის ზოგიერთი წევრი საკუთარ ოჯახს და ახსენა `ნაციონალების~ მიერ გადაღებული და დაარქივებული 2012 წლის არჩევნების წინ გადაღებული კომპრომატები. თქვენი აზრით, რატომ არ მიანიშნა ასეთ მინისტრებს გადადგომაზე, რომ მათით ვინმეს მანიპულირება არ მოეხდინა, არ ეღალატათ სახელმწიფოსთვის?

- როცა ეს ამბავი გახმაურდა, რა, ალასანია თავდაცვის მინისტრი არ იყო?!. მისი პარტიის ოთხი წევრი, ასევე, მინისტრები იყვნენ. მან რატომ არ მოითხოვა და არ გააკონტროლა ფირები, რომ განადგურებულიყო. ასეთ მინისტრს თავად უნდა შეეკავებინა თავი შეთავაზებაზე. ახლა არსებობს მინიშნება, რომ სხვა მინისტრებზეც არსებობს ანალოგიური ფირები. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან ისინი, წესით, უნდა გადადგნენ. ახლა რომ აპირებენ კანონის მიღებას, გამავრცელებლები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, ერთი ნახონ ასეთი კანონი ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში თუ არის და რა ფორმულირებით. ფრთხილად იყვნენ, ასეთი კანონის მიღება ძვირად არ დაუჯდეთ, სწორედ ახლა უნდა გაიარონ ბეწვის ხიდზე. მივმართავ ხელისუფლებას – ვისაც მივანდეთ ჩვენი ბედი, ის უნდა იყოს რჩეული, მათთვის უნდა არსებობდეს მორალის სტანდარტი. ვიმეორებ, სექსი დანაშაული არ არის, მაგრამ დასავლეთში ასეა, მთავრობის წევრებს შავი ლაქა არ უნდა ჰქონდეთ, რითიც ცხოვრობს, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს. ეს უნდა იყოს სტანდარტი, თუ ხარ გეი ან ლესბოსელი, ეს უნდა იყოს ხალხისთვის ცნობილი, მაგალითად, გერმანიაში ბერლინის მერმა იცით, როგორ მოიგო არჩევნები? მან ღიად განაცხადა: „მე ვარ გეი!..“ და მოიგო არჩევნები.

- ფაქტობრივად, ჩვენ ახლა გავდივართ იმ მტკივნეულ გზას, რაც გაიარა ცივილიზებულმა სამყარომ და ეს იყო გარდაუვალი. რა იქნება შემდეგი?

- რასაკვირველია, ეს მტკივნეული გზა იყო გარდაუვალი. დამიჯერეთ, თანამდებობის პირის ცხოვრება უნდა იყოს გამჭვირვალე. თბილისში იმდენი აგენტურაა, ამას ჩვენი თითები არ ეყოფა, „დავერბოვკებისთვის» ყველაზე კარგი საშუალებაა – სექსუმცირესობა, ლოთობა, აზარტული თამაში, ნარკოდამოკიდებულება და მსუბუქი ყოფაქცევა. ეს მათთვის კლონდაიკია. პოლიტიკოსებს მივუდგებით ასე – რაც ეპატიება რიგით მოქალაქეს, არ შეიძლება ეპატიოთ მათ.

- ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველო და პოლიტიკოსთა პორნოსკანდალები ერთმანეთთან თავსებადია? როგორი იქნება დასავლეთის პოზიცია, როცა ჩვენს პოლიტიკოსთა უღირს საქციელზე იგებენ და ხელისუფლება პორნოსკანდალების ტირაჟირებას ვერ ახერხებს?

- დასავლეთის პოზიცია ამ შემთხვევაში იქნება ზომიერი, ის შემოიფარგლება ფორმალურად მოწოდებით, რომ ბოლომდე გამოიძიოს ხელისუფლებამ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ხოლო არაოფიციალურად ხელისუფლებას ეტყვიან, – საკადრო სელექცია თქვენთან მოიკოჭლებს. იცით, რა მადარდებს? ჩვენ ვდგავართ ქართველი საზოგადოების „დაჩმორების“ საშიშროების წინაშე. ხალხში, რომელიც ამ ფირებს ნახავს, გაჩნდება ნიჰილიზმის შეგრძნებას და დასვამს კითხვას, – კი მაგრამ, რატომ უნდა ვანდო ასეთს ჩემი ბედი, ის ჩემზე რითია უკეთესი? ხალხი იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს, ნახეთ, როგორი ხალხი მოდის ხელისუფლებაში. ამიტომ ხელისუფლებამ დროულად უნდა იმუშაოს არა ემოციურად, არამედ მეცნიერულ დონეზე უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების განხილვა და არა ისე, როგორც ამას „რუსთავი-2“-ის ტოქშოუებში ვნახულობთ.

- თქვენი აზრით, ვის ინტერესში შედის პორნოფირების გავრცელება?

- ვინაიდან ყველაფერზე პასუხს აგებს მმართველი ძალა, შესაბამისად, ასეთი რაღაც მას ჰბრალდება ხოლმე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ შეტევით დაინტერესებულია უცხოეთის სპეცსამსახურები. თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო არ იარსებებს, ეს შედის გარე ძალების ინტერესში. „ნაციონალი“ არ ვარ და ამ შემთხვევაში ხელს ვერ გავიშვერ რუსეთისკენ. ნათქვამია, – მგელს მგლობა დაარქვეს და ტურამ ქვეყანა ამოაგდოო… შეიძლება ისეთი ქვეყნიდან მოდიოდეს შეტევა, რომ ორი აგური ვირტყათ თავში.

- ხალხის აზრი ორად იყოფა, ერთნი ამბობენ, დიდი ამბავი თუ ვიღაცას სექსი ჰქონდაო, ხოლო მეორენი გმობენ, რა თახსირი და უღირსი ხალხი აგვირჩევია, ივანიშვილმა ეს რა მთავრობა დაგვიტოვაო

_ ჩემი აზრით, ახლა ყველაზე ცოდო ივანიშვილია. რაც გინდა დააბრალე, მაგრამ მისთვის ოჯახი არის ღირებულება და მას ყველაზე მტკივნეულ „მაზოლზე» დაადგეს ფეხი. პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თვითონ ღაღადებენ ევროპულ ღირებულებებს, ეს ტერმინი არასწორად ესმით და წარმოდგენა არა აქვთ, რა არის ევროპული ფასეულობა. ნებით თუ უნებლიეთ, სწორედ თვითონ ღალატობენ ევროპულ ღირებულებებს. როგორც ჩანს, მათთვის ევროპა ასოცირებულია ლესბოსელობასთან, გეიაღლუმებთან, ერთსქესიანთა ქორწინებასთან, ოჯახის ღალატთან. რეალურად კი ევროპული ფასეულობა გულისხმობს ოჯახის, სიწმინდის დაცვას. ხაზს ვუსვამ, როცა შენ ხარ სახელმწიფო მოხელე და მართავ ქვეყანას, არ უნდა იკადრო, თავისუფალ მოქალაქეს რაც უნდა ის უქნია, რა ხდება მის საძინებელში, ეს მისი საქმეა.

„ახალი თაობა“, 16 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „ხალხი, ვინც ჩვენ დროს ფარულ ჩანაწერებს აკეთებდა, ისევ თანამდებობებზეასანამ ხელისუფლებაში ვიყავით, არც ერთი ასეთი კადრი არ გასაჯაროებულა”

დგას თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან ნაციონალური მოძრაობა, ვინ დააჯილდოვეს კადრების გასაჯაროებისთვის, რატომ არ დასაჯა ხელისუფლებამ დამნაშავეები, ვის უთვალთვალებენ სპეცსამსახურები? _ ამის შესახებ „ახალ თაობას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ესაუბრება.

- პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებაში ხელისუფლების წარმომადგენლები ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებენ, თქვენ კი ხელისუფლებისკენ იშვერთ ხელს. 15 მარტს სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ამ კადრების გავრცელება ედება. პროკურატურის ინფორმაციით, ჯამალაშვილი კუდის ყოფილი თანამშრომელია...

- „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კადრების გავრცელებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. იმის მტკიცება, რომ ეს ფირები მეგის ქარდავას აქვს წაღებული და ის აქვეყნებს რაღაცებს, სასაცილოა. ჩვენ ხშირად გვაბრალებდნენ, რომ ოპონენტებზე ფარულ მოსმენასა და თვალთვალს ვახორციელებდით. სამწუხაროდ, მაშინ ასეთ ფაქტებს მართლა ჰქონდა ადგილი. ამის მიუხედავად, იმ პერიოდში ასეთი კადრები არავისზე არ გამოქვეყნებულა.

„ქართული ოცნება” უკვე მეოთხე წელია, რაც ხელისუფლებაში იმყოფება. მათ თავისუფლად შეეძლოთ ამ საქმეების გამოძიება. მათ ეს არ გააკეთეს. სამაგიეროდ, ინტერნეტში დაიწყეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება და ახლა ამ ვიდეოების მითიურ ამტვირთავებს ეძებენ. რაც შეეხება პროკურატურის მიერ 15 მარტს გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც გვამცნო, რომ კადრების გავრცელების ბრალდებით ჯამალაშვილი დააკავეს. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ეს პირი წლების წინ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებული ჯამალაშვილი, ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს ანუ 2012 წლამდე, საერთოდ არ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში, მისი შვილი ვასილ ჯამალაშვილი ბრალდებული იყო და პროკურატურასთან გარიგებითაა გამოშვებული. პროკურატურის განცხადება ჩვენში ბევრ ეჭვს იწვევს და ამიტომაც არ ვენდობით გამოძიებას. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობას გადააბრალოს, არადა სწორედ მათ დაამკვიდრეს ამ კადრების გასაჯაროება. ამისთვის გარკვეული პირები დააჯილდოვეს კიდევაც.

- ვინ დააჯილდოვეს?

- რამდენიმე თვის წინ ინტერნეტით გამოქვეყნდა წამების ამსახველი კადრები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ფირები უკრაინულმა ვიკილიქსმა მოიძია. იმის მაგივრად, რომ დაებლოკათ, საქართველოს რეგიონებში ეს კადრები სკვერებსა და კინოთეატრებში საჯაროდ აჩვენეს. ეს ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით მოხდა. ამ საშინელი კადრების სანახავად სკოლის მოსწავლეებიც კი მიიყვანეს. ამ დამსახურებისთვის გია სალუქვაძე დააჯილდოვეს და გურიის გუბერნატორად დანიშნეს.

- ეს გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან ხელისუფლება დგას?

- უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ბევრი საინტერესო რამე მოხდა ამ მიმართულებით. ალბათ გვახსოვს ჯიჰადის ვიდეოები, რომელზეც თქვეს, რომ ვინმე ჩოკუტაევმა გაავრცელა და ამით დასრულდა ეს საქმე. მითიურმა „ჰაკიმ ფაშამ“ ჟვანიასთან დაკავშირებული კადრები გაავრცელა ინტერნეტით. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მის ხელში პროკურატურის დაცულ ოთახში არსებული მასალები ჩავარდა.

„ქართული ოცნება“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში, გიორგი ფარესაშვილზე კადრები რომ გავრცელდა. ეს კადრები ინტერნეტში შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილე ხვედელიძემ ატვირთა. ეს ადამიანი არავის დაუსჯია, მხოლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს და, რამდენადაც ჩვენ ვიცით, ის საზღვარგარეთ ცხოვრობს. ჩადენილი დანაშაულისთვის ის ციხეში არ გაუშვიათ. გავიხსენოთ, რამდენ ადამიანს ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით. მოსამართლის თანაშემწე ბარამიძეს, „რუსთავი-2“-ის გენერალურ დირექტორს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებდნენ.

ასეთივე ფირებით დაიწყეს ჟურნალისტების დაშანტაჟება. ამის შესახებ ეკა მიშველაძე პირდაპირ საუბრობს. ხელისუფლება თურმე მის ვაიბერისაც უსმენდა. ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა.

რამდენიმე თვის წინ ყველამ ვიხილეთ, რომ „რუსთავი-2“-ის შენობაში ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. ასევე რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა დეპუტატების, მათ შორის ჩემი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომელთა გასაჯაროებაც უკრაინულ ვიკილიქსს დაბრალდა. ამ საუბრების გასაჯაროებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა მინიშნება გააკეთეს, რომ ყველას უსმენენ და უთვალთვალებენ. ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ხელისუფლების ინტერესებში რომ შედის, ამაზე მათ მიერ გმირად შერაცხული ლადო ბედუკაძის მაგალითიც კმარა. იმის მაგივრად, რომ მთავარი მწამებელი დაესაჯათ, საგულდაგულოდ იცავენ.

- ბოლო დღეებში გავრცელებულ კადრებზე რას იტყვით, ისინი ხომ 2012 წლის არჩევნებამდეა გადაღებული? მაშინ ხელისუფლებაში თქვენ იყავით...

- ფარული თვალთვალი ჩვენ დროსაც ხორციელდებოდა. მე მომხრე ვარ, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ უკანონობას სჩადიოდა. ზემოთაც გითხარით, „ქართული ოცნება“ უკვე მეოთხე წელია, ხელისუფლებაშია და თავისუფლად შეეძლო ამ პირების გამოვლენა და დასჯა. რაც შეეხება ამ ფირებს, როდისაა გადაღებული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ ასეთ რამეებში გვდებდნენ ბრალს, სანამ ხელისუფლებაში ვიყავით, არც ერთი ასეთი კადრი არ გასაჯაროებულა.

- რამდენჯერმე თქვით, რომ ხელისუფლებამ ის ხალხი დაუსჯელი დატოვა, რომლებიც მოსმენებით და თვალთვალით იყვნენ დაკავებულიო. ამას რითი ხსნით?

- იმიტომ არ დასაჯეს, რომ შესაძლოა ახლა მათი დავალებით ახორციელებენ ფარულ მოსმენებს და თვალთვალს. ბევრი მათგანი შესაძლოა დღესაც თავის თანამდებობაზეა და უკანონო საქმიანობას აგრძელებს. ბოლო მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ხელისუფლება მოსმენებზეა გადასული. შექმნილი სიტუაცია ჯორჯ ორუელის ცნობილ ნაწარმოებს მახსენებს. სადაც ასეთი რამ არის ნათქვამი _ უფროსი ძმა ყველაფერს უყურებს. უფროს ძმაში ყოველთვის რუსეთი მოიაზრება ხოლმე, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება მყავს მხედველობაში, რომელიც თავის საქციელით იმას აკეთებს, რა მეთოდებსაც მხოლოდ რუსეთი იყენებს. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებაზე. მხოლოდ რუსეთში უქვეყნებენ ადამიანს ასეთ რამეებს და ახლა ეს წესი საქართველოშიც დამკვიდრდა.

- ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ხელისუფლება ტოტალურ თვალთვალს ახორციელებს?

- ტოტალური თვალთვალიაო, ვერ გეტყვით, მაგრამ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს რომ უთვალთვალებენ და უსმენენ, ეს ფაქტია.

- ამის მიზანი რა არის?

- ადამიანების დაშანტაჟება და დაშინება. არავისთვის სასიამოვნო არ არის მისი პირადი ცხოვრების საჯარო სივრცეში გამოტანა. ამ შემთხვევაში მარტო სექსუალურ სცენებს არ ვგულისხმობ. ადამიანები მარტო რომ არიან, ხანდახან ისეთ რამეს აკეთებენ, რაც არ უნდათ, რომ ვინმემ გაიგოს. არჩევნებამდე დარჩენილ დროში ეს თვალთვალი კიდევ უფრო გამძაფრდება.

- მოსმენების და თვალთვალის თემამ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან მაღლა ასწია. თქვენი აზრით, როგორ მივაღწევთ არჩევნებამდე?

- იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე მივაღწევთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ უმსგავსოების წინააღმდეგ სერიოზული კამპანია დაიწყეს. ვფიქრობთ, ამაში მთელი საზოგადოება უნდა ჩავერთოთ და რუს ოლიგარქს ჩვენი დაშინების და დაშანტაჟების უფლება არ უნდა მივცეთ.

„ახალი თაობა“, 16 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „რუსეთსა და თურქეთს საქართველოს გადანაწილება აქვთ განზრახული” // „ფარული ვიდეოჩანაწერების გამავრცელებლებს ჩვენი ფსიქოლოგიური დაუძლურება სურთ

სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებში არეულობის ნიშნებს ხედავს. „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იგი განმარტავს, ვის რისთვის სჭირდება ქაოსი ქვეყანაში.

„საქართველო ურთულეს გარემოცვაში იმყოფება. საბჭოთა კავშირის დაშლიდან საკმარისი დროა გასული, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავთავისუფლდით რუსეთის გავლენისგან. ეს ადვილი არ იყო იმ პირობებში, როცა საქართველოს ხელისუფლებები ხშირად რუსეთის დავალებებს ასრულებდნენ. რუსეთის დავალებების შემსრულებლები იყვნენ შევარდნაძე და სააკაშვილი. მათ კვალს მიჰყვება ივანიშვილიც. რუსეთი თავისი აგენტურის დახმარებით ცდილობს სიტუაციის არევას ყველა სფეროში. რუსეთის ოცნებაა, საქართველოში მოხდეს დიდი სისხლისღვრა. ასეთ დროს რუსეთი თურქეთთან ერთად მოაწყობს დაპირისპირების სიმულაციას, შემდეგ კი ორივე სარგებელს ნახავს”, – ამბობს ნოდარ ნათაძე.

- რუსეთი და თურქეთი მტრებად ითვლებიან და ერთმანეთს როგორ გაურიგდებიან?

- რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირება სხვების დასანახადაა მტრობა. სინამდვილეში, რუსეთს, თურქეთსა და ირანს საერთო მიზნები აქვთ. მათი მისწრაფებაა, არ მიუშვან დასავლეთი ცენტრალურ აზიაში. საქართველოში რუსეთსა და თურქეთს თავიანთი ინტერესები აქვთ. თუ ისინი ხელსაყრელ მომენტს იპოვიან, ერთმანეთთან კონფლიქტს გაითამაშებენ, რის შემდეგაც საქართველოს გადაინაწილებენ. თუ რუსეთი საქართველოს ანექსირებულ ტერიტორიებს საბოლოოდ დაეპატრონება, ამით ის გახდება ამიერკავკასიის მეოთხე სახელმწიფო. თურქეთის პრეტენზიებიც ცნობილია. ჯერჯერობით რუსეთი და თურქეთი აგრძელებენ კონტროლს შავ ზღვაზე. მათი გავლენა შენარჩუნებულია არა იმდენად ფლოტის ხარჯზე. ძლიერი ფლოტი არც რუსეთს და არც თურქეთს არ ჰყავს. ეს ქვეყნები ზღვასთან ხმელეთს აკონტროლებენ. საბოლოოდ შავ ზღვაზე გაძლიერდება დასავლეთი. დასავლეთის უპირატესობა მრავალჯერადია.

- საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის უფრო კონკრეტული მიზანი რა არის?

- სტრატეგიული მიზანია საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ამოცანა ნელ-ნელა სრულდება. ამ მხრივ გამოირჩეოდა სააკაშვილის მმართველობა. ნაციონალების რეჟიმის დროს ბევრი რამ ხდებოდა ისეთი, რაც აიძულებდა ადამიანს, საკუთარი ქვეყნიდან გადახვეწილიყო. სხვა ქვეყნებშიც ხდება ჰუმანიტარული კატასტროფა, რომლების შედეგადაც ეს ქვეყნები იცლება. ეს სტრატეგიული მიზანია. არსებობს კიდევ მოკლევადიანი ანუ დღევანდელი მიზანი. ესაა ისეთი ქაოსის შექმნა, როცა ადამიანებს ფული არ გააჩნიათ, როცა ტრანსპორტი არ მუშაობს, როცა საზოგადოებას აღელვებისთვის ახალ-ახალი მიზეზი აქვს.

- ბოლოდროინდელი აღელვება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებამ და დაანონსებამ გამოიწვია...

- ამითაც არეულობა იქმნება. ამის მიზანია ერის ფსიქოლოგიური დაუძლურება. ხალხის ნაწილი ვინმეზე კომპრომატს რომ ნახავს, იტყვის, როგორი დეგრადირებულები ვართო. თუ შეამჩნიეთ, რამდენი წელია, გახშირდა გამოთქმა: “არ ვვარგივართ ქართველები”. ზოგი ამას გულისტკივილით ამბობს, ზოგი – ზერელე გულისტკივილით, ზოგიც – სიხარულით. სადღაც, ქვედა დონეზე, ვიღაცებს გული გაუნათდებათ ცნობილი პიროვნებების სახელის შებღალვით. ამით ისინი ნუგეშს პოულობენ.

- მთავარია, ასეთები მმართველობაში არ იყვნენ...

- დღევანდელი პარლამენტი კრიტიკას ვერ უძლებს. სააკაშვილის დროინდელი პარლამენტი უხარისხო იყო, მაგრამ ამ დეპუტატებს ისინიც კი სჯობდნენ. ნაციონალები ამათ კამათსაც უგებენ. ამ პარლამენტში ისეთებიც არიან, რომლებიც სიხარულით საუბრობენ ქართველების ნაკლოვანებებზე. მაგალითად, რესპუბლიკელ ძმებ ბერძენიშვილებს არ გაუხარდებათ რომელიმე ინტელექტუალის გამოჩენა. ერთადერთი, რაც შეიძლება გაუხარდეთ, სპორტული წარმატებებია, მაგალითად, თავისუფალ ჭიდაობაში. ამ პარლამენტში დიდ ინტელექტუალად ვთვლი ვანო კიღურაძეს, ასევე კიდევ ერთ დეპუტატს. მისი გვარი რომ დავასახელო, ცოცხლად შეჭამენ.

- დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს?

- თუ არჩევნები თავხედურად გაყალბდა, მაშინ ქუჩის აქციები იქნება. იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა და საზოგადოება არჩევნებზეც აქტიურობას გამოიჩენს. ჩვენ, ეროვნული ბლოკი, ვეცდებით, პარლამენტი ისევ ნაცებსა და ქოცებს არ ჩავუგდოთ ხელში. დასავლელ პარტნიორებსაც უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი საზოგადოება დღევანდელ დეპუტატებზე უკეთესია და მას აზროვნებაც შეუძლია.

რეზონანსი”, 16 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან:ფარული კადრების გავრცელება ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს აზიანებს

ელზა პაპოშვილი

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ვიღაც ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და გადატრიალებას გეგმავდეს.

სოსო ცისკარიშვილი სამი თვის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ შორის ჯაჭვურ კავშირს ხედავს. მისი აზრით, ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების უკან ხელისუფლების ინტერესის გარდა, ყველა ძალის დაინტერესება ჩანს. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესების უკან რუსეთიც იდგეს, რომლის სურვილსაც საქართველოში ბოლო დროს მომძლავრებული რუსეთუმეები ახორციელებდნენ.

„ფარული კადრების გავრცელების ირგვლივ უამრავი ვერსია შეიძლება წარმოიქმნას და აქედან არსებობის უფლება ყველას აქვს, ვიდრე გამოძიებული არ იქნება და პროკურატურა ზუსტ ინფორმაციას არ მოგვაწვდის. ფაქტია, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ათასობით ასეთი ჩანაწერი არ გაენადგურებინა და ძალიან ელოლიავება. უპირველეს ყოვლისა, ცალსახაა, რომ ამ კადრების გამოაშკარავება ქართულ სახელმწიფოებრივობას ვნებს, და გულზე სალბუნად ეფინება იმ ძალებს, რომელთაც საქართველოსა და ევროპას შორის ზღუდეების აღმართვა სურთ», – ამბობს ინტერვიუში სოსო ცისკარიშვილი.

- ფიქრობთ, რომ ამ კადრების უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს?

- გამორიცხული არაფერი არ არის და, როგორც ვთქვი, ყველაფერს არსებობის უფლება აქვს, მათ შორის რუსეთის ინტერესებსაც. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელი არ არის მოსკოვის დასტური ან ჩართულობა, რადგანაც საქართველოში საკამრისზე მეტი რუსეთუმე ჩამოყალიბდა, რომლის ინტერესებშიც კრემლის მაამებლობა შედის. ჩვენს ქვეყანაში ე.წ. რბილი პრორუსული ძალები არსებობს, რომელთა დასაფინანსებლადაც რუსეთიდან არცთუ ცოტა თანხა შემოდის.

-“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ამის უკან, შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იდგეს. თქვენ რას ფიქრობთ?

- ამ განცხადების საწინააღმდეგო არგუმენტები არსებობს. თუკი ფარული კადრების გავრცელება ვინმეს ზიანს აყენებს, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ის სურვილი ნამდვილად ვერ აუხდება, რომელზეც 4- წლის წინ ოცნებობდა. არ მგონია, მას იმდენი ჭკუა არ ჰქონდეს, რომ თავის მიერ მოყვანილ ხელისუფლებას “ხარაკირი” გაუკეთოს. ეს ყველაზე მეტად მის ინეტრესებს აზიანებს.

- როგორ ფიქრობთ, ფარული ჩანაწერების გავრცელებით, ამ ადამიანებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის გამოწვევა უნდათ? რა სცენარი შეიძლება არსებობდეს?

- გადავავლოთ სამი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. დღე არ გასულა, რომ ახალი შფოთი არ აგორებულიყო. ვხედავთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე თემებზე საუბარი არ თავდება.

ეს ყველაფერი უკვე ეპიდემიის სახეს ატარებს. ამიტომაც ყველაფრის ერთმანეთთან დროში თანხვედრა, ლოგიკურად გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს ერთი დიდი სცენარის ნაწილია, რომელიც აქტიურ ფაზაში არჩევნების მოახლოებასთან ერთად შედის.

ფარული კადრების გამავრცელებლების აზრით, ისედაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიერ დამფრთხალი ევროპელები, რომლებიც რისკზე მიდიან და თითქოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას გვაძლევენ, კადრების გამოაშკარავებით ჩვენს სრულიად ველურ სახეს დაინახავენ. რის შემდეგაც, იფიქრებენ, რომ, მოდი, ამ ხალხმა ცოტა ხანი ზოოპარკში გაატაროს და შემდეგ გველაპარაკოსო. ამ ადამიანების მიზანი ესეც შეიძლება იყოს. მათ სურთ, რომ ყოველი ახალი დილა ახალი შფოთით დაიწყოს.

- ახსენეთ სამი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესები. როგორ ფიქრობთ უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი შეიძლება ამ მოვლენებთან კავშირში იყოს?

- სტუდენტების უკმაყოფილების პირველი ეტაპი, რომელიც სასწავლებელში “ოდეერების” შესაძლო არსებობას ეხება, ძალიან სწორი და საფუძვლიანი იყო. ხოლო რაც ახლა ორი დღის განმავლობაში ხდება, თვითმმართველობასთან არანაირ კავშირში არ არის. ეს ყველაფერი უკვე ზედმეტ და არასასურველ აქტიურობაში გადაიზარდა. ეს კი გარკვეულ ეჭვებსა და კითხვებს აჩენს. რაც შეეხება ლადო პაპავას გადაყენებას, სიმართლე გითხრათ ის დიდად არც ბიძინა ივანიშვილს ხიბლავს, რადგანაც მის ბიოგრაფიაში ერთი მიუტევებელი რეალობაა – მას შპს “ქართუში” არასდროს უმუშავია.

- როგორ ფიქრობთ, ახალმა ხელისუფლებამ რატომ არ გააუქმა “ოდეერის” ინსტიტუტი? მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლამდე მის არსებობას აპროტესტებდა?

- ეს ინსტიტუტი მიხეილ სააკაშვილის გამოგონებული არ არის. ის გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოდის. ახლა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სწორედ უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა გახდა ის გულადი კაცი, რომელმაც ხმამაღლა და საჯაროდ განაცხადა ამ ინსტიტუტის არსებობის შესახებ, რის შემდეგაც, მისი გადაყენების მოთხოვნით, სერიოზული თავდასხმები დაიწყო. ვისი მართულია ეს ხალხი, ამის გამოცნობა რთული არ არის.

- ვინ არის ის ძალა, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის უკან დგას?

- აქ ხელი იმ ძალას მიუწვდება, რომელმაც თავის დროზე ამ ხალხის შექმნას ხელი შეუწყო. ვინც გაათამამა, გააყოყოჩა და შეაგულიანა. ფაქტია, რომ ხელისუფლებას მათზე მოქმედების რესურსი ნაკლები აქვს. აქ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ ქვეყანაშია და რომელი ოლქის გუბერნატორია. როდესაც ახალგაზრდების მართვის საშუალება გაქვს, ამას ყოველთვის გამოიყენებ. სამწუხარო ის არის, რომ ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირების ყველაზე დიდი ოცნება კრემლს აქვს, რასაც, გამოდის, რომ ჩვენივე ხელით ვაკეთებთ. პრობლემის მოსაგვარებლად აკადემიური საბჭოს წევრების და ე.წ. სენატის ჩამოყალიბების საფუძვლები უნდა გადაიხედოს.

- რას ფიქრობთ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენაზე და მის განცხადებაზე, რომ უახლოეს მომავალში ტელეკომპანია “მაესტროსა” და “რუსთავი 2″-ის წილებს მოითხოვს?

- როგოც ჩანს, ბატონმა ირაკლიმ ჩათვალა, რომ მისთვის “სადაც არ სჯობს, გაცლა სჯობსო” დრო დასრულდა. ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რეალობას გაეცალა და ახლა შესაძლებლობა გამოიყენა, რომ ქართულ რეალობაში ისევ დაბრუნდეს. ის გონიერი, ენერგიული ადმიანია და ალბათ შექმნა რაღაც საკუთარი ხედვა, რომელიც ნელ-ნელა გამომზეურდება. ამ ყველაფრის შემდეგ შეგვიძლია მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბროთ.

- მას აქვს შანსი, რომ საზოგადოებაში ახალ პოლიტიკურ ძალად წარმოჩინდეს?

- არა მგონია, რომ მის რაიმე ახალ ძალას საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდეს. მაგრამ, თუ ის ახალ გუნდს ჩამოაყალიბებს, რომელიც რეგიონული მასშტაბის იქნება, წარმატება ნამდვილად ექნება. თუ ეს საკრებულო რომელიმე პარტიულ კასტად ჩამოყალიბდება, მას წარმატების ნაკლები იმედი უნდა ჰქონდეს.

რეზონანსი”, 16 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ელისო კილაძესთან: “ჩანაწერები გამრავლებულია და ხელი კერძო პირებსაც მიუწვდებათ”

თაკო მათეშვილი

გაზეთ “ქრონიკა%”-ის რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, რომ არ იცნობს პროკურატურის მიერ დაკავებულ ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს და არ იცის, აქვთ თუ არა შეხება მათ იმ პირთან, რომელმაც რედაქციაში ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები მიუტანა და გავრცელებას სთავაზობდა. მისი აზრით, მსგავს ჩანაწერებზე ხელი თანაბრად შეიძლება მიუწვდებოდეს როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს და კერძო პირებსაც კი.

ელისო კილაძე: არ ვიცი, ეს ადამიანები დაკავშირებული არიან თუ არა იმ ფაქტთან, რაც “ქრონიკა%”-ის რედაქციაში გასული წლის ბოლოს მოხდა. მაშინ ჩვენს ოფისში მოვიდა მოქალაქე გელა ღურწკაია, რომელიც ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას მთავაზობდა. ჩვენ ეს ფირი არ დავიტოვეთ, პროკურატურას მივმართეთ და მათ გადავეცით ყველა აუდიო და ვიდეო ჩანაწერი თუ სხვა სახის მასალა. გელა ღურწკაია ერთი თვის შემდეგ დააკავეს. ჩვენ ამის გამო მოდულის შენობაშიც ვიყავით და ამოვიცანით, რომ იგი ნამდვილად ის პირი იყო, ვინც რედაქციაში ჩანაწერები მოიტანა.

ჯამალაშვილსა და ფხალაძეს რაც შეეხებათ, მე მათ არ ვიცნობ. ისინი ჩემს ოფისში არასოდეს ყოფილან. არც ის ვიცი, არიან თუ არა ისინი რაიმე კავშირში გელა ღურწკაიასთან. ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გაგვცეს. ახლა გავარკვიე, რომ ჯამალაშვილი კუდის მაღალჩინოსანი არ ყოფილა.

- ანუ, პროკურატურამ ტყუილი თქვა?

- კი, გამოდის, რომ ტყუილია. დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი არ ყოფილა. იგი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წელს კიბერდანაშაულისათვის იყო დაკავებული. შემდგომ კი, იგი გირაოთი გაათავისუფლეს და, როგორც ვიცი, ძალოვან უწყებებთან წარმატებით თანამშრომლობდა. მამამისს კი კუდ-ში არ უმუშავია და ამას ყოფილი თანამშრომლებიც ადასტურებენ. პროკურატურას ჯერ არაფერი უთქვამს. ამიტომ, მანამ, სანამ ოფიციალურ განმარტებებს არ გააკეთებს, დასკვნების გამოტანა გამიჭირდება. თუმცა, ოფიციალური განმარტება პროკურატურაში გელა ღურწკაიას დაკავების გამოც კი არ გაკეთებულა ამ დრომდე. არადა, ის იანვრის შუა რიცხვებში დააკავეს.

- მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნებას კიდევ ელით?

- მოგეხსენებათ, ეს ორი პირი ბოლო კვირაში ინტერნეტში მასალების ატვირთვის გამო არაა დაკავებული. ჯერჯერობით, რაიმე კავშირი არ იკვეთება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს სრულიად სხვა საქმეა. სანამ დამატებითი ინფორმაცია არ გვექნება, სხვანაირი ვარაუდის გამოთქმის საშუალება არ მაქვს. ვერ გეტყვით, გაგრძელდება თუ არა ვიდეოების გამოქვეყნება, თუმცა მე პირველ მარტს გამოვაქვეყნე იმ ინტერნეტგვერდის ფოტო, რომელიც ადამიანების პირადი ცხოვრების, მათ შორის, ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მთავაზობდა. საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ დაედგინათ, ვინ შექმნა ეს გვერდი და ვის ჰქონდა ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გამოძიებამ ბევრად უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს. ოფიციალურ განცხადებას ველოდები.

- ვის შეიძლება მიუწვდებოდეს, თქვენი აზრით, ხელი ასეთ ჩანაწერებზე?

- ხელი თეორიულად შეიძლება მიუწვდებოდეს როგორც ყოფილ, ისე მოქმედ თანამდებობის პირებს. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ახალი ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ ფირები განადგურდა და ამის კადრებიც აჩვენეს. როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არაა. კადრები გამრავლებულია და ვისაც არ ეზარება, ყველა ამ ფირებზე საუბრობს.

- ანუ, არაერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ასლი?

- ფაქტი სახეზეა, რომ კადრები კერძო პირების ხელშიცაა.

- ვის რეიტინგს ურტყამს, პირველ რიგში, მათი გამოქვეყნება?

- იმ პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, რომლებზეცაა ჩანაწერები. გარდა ამისა, თავისთავად ცხადია, თუ ხელისუფლება დამაჯერებელ ვერსიას არ შემოგვთავაზებს და არ გამოიძიებს, თუ ვინ ატვირთა ეს მასალები ინტერნეტში, ისიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

რეზონანსი”, 16 მარტი, 2016 წელი

რა ხდება უნივერსიტეტში

ვახტანგ შამუგია

თითქმის ერთი კვირაა, რაც თსუ-ის პირველ კორპუსში მიმდინარე მოვლენები საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. პროტესტი უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის განხილვამ გამოიწვია. დემონსტრანტები მას ბრალს 2010-2012 წლებში, წინა მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტებზე ძალადობის ფაქტებზე ხელის დაფარებაში სდებენ. გამართული აქციების შედეგად, 14 მარტს, მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

გიორგი გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა გააპროტესტეს. 15 მარტს მათ გამართეს კონტრაქცია და რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, მიმდინარე დესტრუქციული პროცესები პაპავას მიერ იყო მართული და ის, როგორც სუსტი და პირადი ინტერესების მქონე რექტორი, უნდა გადამდგარიყო.

ამას არ დაეთანხმნენ 115-ე აუდიტორიაში შეკრებილი სტუდენტები. სიტუაცია მთელი დღის განმავლობაში უკიდურესად დაძაბული იყო.

სტუდენტურ თვითმმართველობას ილიას უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველიბის წევრებიც შეუერთდნენ. პირველი კორპუსის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ასზე მეტი თანამშრომელი იყო მობილიზებული. კონტრაქციის მონაწილეები ცდილობდნენ ვლადიმერ პაპავას კაბინეტში ძალის გამოყენებით შეჭრას, თუმცა ამაოდ. ორად გაყოფილ სტუდენტებს შორის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები იდგნენ. მათ აგრეთვე კორპუსში შესასვლელი ყველა კარი ჰქონდათ ბლოკირებული. სტუდენტების დიდი ნაწილი კორპუსში შესვლას ვერ ახერხებდა. მიუხედავად ამისა, სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობის წევრები შენობაში შეღწევას, დაცვის თანამშრომლების ხელშეწყობითა თუ პასიურობით, მაინც ახერხებდნენ. მედიაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მრავალი ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა.

16 მარტს, დილით, სტუდენტური თვითმმართველობის მხარდამჭერებმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტი ძალის გამოყენებით დაიკავეს. შენობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, იქ კვლავ რჩებიან ვლადიმერ პაპავას გადადგომის მომხრე და მოწინააღმდეგე სტუდენტები. მათ შორის სამართალდამცავები დგანან.

შენობის შესასვლელები პოლიციელების მიერ არის ბლოკირებული. მიუხედავად ამისა, კორპუსში შესვლას კვლავ ახერხებდნენ სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები. მოგვიანებით, სტუდენტური თვითმმართველობებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ თსუ-ის თვითმმართველობას, რადგანაც სტუდენტთა ნაწილის მიერ გაჟღერებული, სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნა, მათი თქმით, კანონს ეწინააღმდეგებოდა. დღის ბოლოს შენობაში შესვლა 115-ე აუდიტორიაში შეკრებილი დემონსტრანტი ახალგაზრდების მომხრე სტუდენტებმაც მოახერხეს.

“ჩვენ აქ ვიცავთ ჩვენი უნივერსიტეტის ავტონომიას და ჩვენს უფლებებს, რა უფლებით ითხოვს ილიას ან “გე-პე-ის” სტუდენტური თვითმმართველობის წევრი თსუ-ის რექტორის გადადგომას?! ხედავთ კიდეც, რა აგრესიულად არიან განწყობილი ჩვენი და ჟურნალისტების მიმართ. ისინი ქმნიან დესტაბილიზაციის მთავარ წყაროს და მათ უნდა დატოვონ უნივერსიტეტი. სამწუხაროდ, პოლიციელები, რატომღაც, მათ შენობაში შესვლის უფლებას აძლევენ,” – თქვა “რეზონანსთან” საუბრისას აქციის მონაწილე სტუდენტმა გიორგი მაისურაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი ვითარება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც შეაფასა. საგანგებო განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სტუდენტებს აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა, მისი თქმით, არსებული ვითარება კანონიერების ჩარჩოებს სცდება.

“მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და სტუდენტური პროტესტი რიგ შემთხვევებში სრულიად მიუღებელ მოქმედებებში გადაიზარდა, მთავრობა ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. იმისათვის, რომ კიდევ უფრო არ გამძაფრდეს სიტუაცია და პროცესები უმართავი არ გახდეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დავალება სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის ჩვენს ახალგაზრდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, რათა პროცესები გადავიდეს მშვიდ და ცივილიზებულ ფორმატში. ვინაიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სტუდენტებს, მშვიდ და სტაბილურ გარემოში შეძლებოდათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი პოზიცია ყოფილიყო სათანადოდ გააზრებული, ვავალებ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალდა ხელმძღვანელ პირებთან, რათა მოხდეს შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრა,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავის მხრივ, დაკავებული პოსტის დატოვებას რექტორი ვლადიმერ პაპავა არ აპირებს, რადგანაც, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტში სრულ ქაოსს გამოიწვევს.

“თუ ვიმსახურებ საყვედურს, კი ბატონო, მე ამასთან დაკავშირებით არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ამჟამად მთავარია, მშვიდობიანად გადაწყდეს ის, რაც უნივერსიტეტში დაიწყო. დღეს ჩვენ ყველა ვნერვიულობთ. ხვალ დავმშვიდდებით და უკეთესად გავაანალიზებთ ყველაფერს. პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან საქმიანი, რომ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უნივერსიტეტში არსებული პრობლემები გადავჭრათ,” – განაცხადა ლადო პაპავამ.

თავის მხრივ, შექმნილი კრიტიკული ვითარებიდან გამოსავლის ერთადერთ გზად დიალოგს მიიჩნევენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მათმა ნაწილმა შექმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც სტუდენტებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

“გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ პროცესები მოექცეს კანონიერ, რაციონალურ ჩარჩოებში. საჭიროა კონსტრუქციული დიალოგი მხარეებს შორის, თუმცა ეს უკიდურესი პოლარიზაციისა და საკითხის პოლიტიზაციის გამო, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერა და ვერ ხერხდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული გარე ძალებისა და ინტერესთა ჯგუფების მხრიდან მიმდინარე პროცესებში ჩარევის მცდელობა. არსებული ვითარება არის იმ პრობლემების გამოძახილი, რომლებიც უნივერსიტეტში წლების განმავლობაში გროვდებოდა,” – უთხრა “რეზონანსს” თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ.

დღის მიწურულს, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს შენობაში, უწყების ხელმძღვანელ, თამარ სანიკიძეს თსუ-ის რექტორი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური შეხვდნენ. 115-ე აუდიტორიაში შეკრებილმა სტუდენტებმა შეხვედრაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

“ერთადერთი საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ვერ მივიღებთ, არის რექტორის გადადგომის საკითხი,” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიური საბჭოს წევრებსა და სტუდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა იმაზე, არსებობს თუ არა რეალურად უნივერსიტეტში “ოდეერის” სისტემა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი გამოვლინდება, კანონით განსაზღვრული შესაბამისი პასუხი იქნება გაცემული.

მინისტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა დააფიქსირეს მზაობა, მოხდეს თვითმმართველობის სტრუქტურული ცვლილება და ამასთან დაკავშირებით კონსენსუსი უნდა იყოს მიღწეული, რადგან უნივერსიტეტის თვითმმართველობას უფლებამოსილება 2 თვეში ეწურება.

თსუ-ის პირველი კორპუსის შენობაში ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები და სტუდენტები ამ დრომდე რჩებიან.

„ახალი თაობა“, 16 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ია ანთაძესთან: „ლადო პაპავას გადაყენებას გიორგი გაფრინდაშვილის ხალხი ცდილობს” // ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: „შეუძლებელია, უნივერსიტეტში ოდეერის ინსტიტუტი არსებობდეს

სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე „ახალ თაობას“ უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და ექსპერტი ია ანთაძე ესაუბრებიან.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, განაწყენებული გიორგი გაფრინდაშვილი თვითმმართველობის გამოყენებით ცდილობს რექტორის დისკრედიტაციას.

- სტუდენტთა მეორე ჯგუფი, რომელმაც მოგვიანებით დაიწყო აქციები, მის დაქვემდებარებაშია?

- ის არც მალავს, რომ თავად არის ამ მეორე ჯგუფის სულის ჩამდგმელი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის ჯგუფი, რომელიც მოითხოვს ლადო პაპავას გადადგომას, გაფრინდაშვილის მიერ იმართება.

- რამდენად ჯანსაღ პროცესთან გვაქვს საქმე?

- გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვიყავი ყოველთვის და ვრჩები ამ აზრზე. მე არ მაშინებს ეს პროცესები. მე ყოველთვის მაშინებს ის სიტუაცია, როცა სტუდენტებს სძინავთ და არ აქტიურობენ. ასე რომ, სტუდენტების აქტიურობა საშიში არ არის და მოვუწოდებ, რომ ყველა დარჩეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

- საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. ამის თაობაზე როგორია თქვენი პოზიცია?

- საგამოძიებო კომისია იქმნება მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. მაშინ ამ იდეის ავტორებმა უნდა დაასახელონ, რომელი მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის ქმედებაში იკითხება დანაშაულის ნიშნები. მოდით, კომისია შეიქმნას, არა მგონია, ეს პოზიცია სწორი იყოს.

- თუკი სიტუაცია უმართავი გახდა, ჩაერევა ხელისუფლება პროცესებში?

- ხელისუფლება უნდა ჩაერიოს პროცესებში მხოლოდ კანონის დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით. სხვა მხრივ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ვერავინ ჩაერევა.

- სტუდენტები ოდეერის ინსტიტუტის გაუქმებას და ამ საკითხის გამოძიებასაც მოითხოვენ. დაიწყება ამ საკითხზე გამოძიება?

- შეუძლებელია, იქ ოდეერის ინსტიტუტი არსებობდეს. ეს კანონით გამორიცხულია.

- მაშინ რატომ საუბრობენ სტუდენტები ამის თაობაზე? რატომ მოითხოვენ, რომ მოკვლევა დაიწყოს?

- მხოლოდ სტუდენტები კი არა, ლექტორებიც საუბრობენ ამის თაობაზე. მოკვლევა ვერ დაიწყება, რადგან მოკვლევა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. გამოძიება კი ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ნიშნები უნდა იყოს სახეზე. ვინც ამას ითხოვს, იმან უნდა თქვას კიდეც, კონკრეტულად რა დანაშაულს ხედავს.

- როგორ უნდა მივიდეს სიტუაცია კონსენსუსამდე?

- დიალოგით. მე ვხედავ, როგორ ცდილობს რექტორი, რომ ყველა მხარესთან ისაუბროს, რაც მე მომწონს. შესაბამისად, იგივე უნდა გააკეთონ ლექტორებმაც.

- ეს პროცესები ხომ არ შეიწირავს რექტორის თანამდებობას?

- ერთ სასწორზე გაფრინდაშვილის და პაპავას დადება არ იქნება სწორი, რადგან პაპავა სხვა წონის ფიგურა გახლავთ და სხვა დამსახურებები აქვს ქართული საზოგადოების წინაშე. გაფრინდაშვილი ახალგაზრდა კაცია, უნდა დაიმსახუროს ჯერ საზოგადოების მხრიდან აღიარება.

- თუმცა მოვისმინეთ შეფასებები, რომ ლადო პაპავამ ხელისუფლების იმედებიც გააცრუა, რომ ვერ არის ისეთი რექტორი, როგორიც უნდა იყოს…

- მე შიდა სიტუაციას არ ვფლობ, თუმცა ლადო პაპავას ვიცნობ, როგორც საზოგადოების აქტიურ წარმომადგენელს. ის როგორი მენეჯერია უნივერსიტეტში, რამდენად სწორ საკადრო პოლიტიკას აწარმოებს, მე ამ საკითხებს არ ვფლობ.

- არ ელით სიტუაციის გამწვავებას?

- მე ვისურვებდი, რომ პროცესი დიალოგში გადაიზარდოს და სტუდენტები დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს.

- წინ არჩევნებია, რომელიმე პოლიტიკური ძალა სათავისოდ ხომ არ იყენებს სიტუაციას?

- ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვიღაცა იყოს ამ კუთხით შემჩნეული. ერთი პარტიის წარმომადგენლები შეეცადნენ კომუნიკაციის დამყარებას, თუმცა სტუდენტებმა გასცეს სათანადო პასუხი. ეს მიდგომა, რომ სტუდენტებმა და ლექტორებმა თავად მოაგვარონ უნივერსიტეტის პრობლემები, არის ყველაზე სწორი.

———–

ია ანთაძის თქმით, სტუდენტობა სამ ნაწილადაა დაყოფილი: ერთი ნაწილია მოპროტესტე სტუდენტები, მეორე ნაწილი არის თვითმმართველობის აქტიური ნაწილი, ხოლო მესამე ნაწილი არის ინდიფერენტული დიდი ჯგუფი სტუდენტების, რომელიც არ ერევა სიტუაციაში. „მოპროტესტე ახალგაზრდები, ვინც 115-ე აუდიტორიაში არიან და მათი მეგობრები, ითხოვდნენ რამდენიმე რამეს, საიდანაც ზოგიერთს ჰქონდა ძალიან მოკლევადიანი შედეგი. ხოლო ზოგიერთი უფრო გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი“, -ამბობს ია ანთაძე.

- კონკრეტულად?

- დღეს, ძირითადად, მათი მოთხოვნები მიდის იქამდე, რომ თვითმმართველობა უნდა რეფორმირდეს და დაკარგოს პრივილეგიები. ის თანხები, რაც სტუდენტებისთვის არის გამოყოფილი, ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ასე შემდეგ. თუმცა ეს არ არის მათი მოთხოვნების სახურავი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ უნივერსიტეტში კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი. მათ შორის აკადემიურ სივრცეში და აქა-იქ კიდეც მოვისმინე, რომ ისინი საუბრობენ აკადემიურ თავისუფლებაზე. კითხვა დგას ასე, კი ბატონო, აღარ არის გიორგი გაფრინდაშვილი კანდიდატი კანცლერობის და ახლა რა არის პროტესტის მიზანი? ალბათ დღეს-ხვალ საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან სტუდენტები. მათ ამ მოკლევადიან მიზანს მიაღწიეს და რაკიღა არ დაიშალნენ და სახლში არ წავიდნენ, ცხადია, ჩამოყალიბდებიან იმაზე, თუ რა უნდათ და კონკრეტულად ვის შეუძლია იმ პრობლემების მოგვარება, რომელთაც ისინი დააყენებენ.

- ერთი ჯგუფი ლადო პაპავას გადაყენებას მოითხოვს, მეორე ნაწილი ოდეერის სამსახურის გაუქმებას და ამ საქმის გამოძიებას ითხოვს...

- „ოდეერ“-ებს რაც შეეხებათ, ეს არის 115-ე აუდიტორიის ჯგუფის ერთ-ერთი მოთხოვნა. მე მგონია, რომ ესეც არ არის ძალიან რთული და გრძელვადიანი პერსპექტივის მიზანი. ოდეერი ოფიციალურად უნივერსიტეტში არ უნდა იყოს. მე მგონი, მიაღწევენ კიდეც ამას და ის ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ არის ოდეერი და ამ ფუნქციას ასრულებს, შესაძლოა, მართლაც აღარ იყოს უნივერსიტეტში. თუმცა მომავალში იქნება თუ არა სხვა, ვინც ითანამშრომლებს უშიშროებასთან და ვისი ფუნქციაც ეს იქნება, ეს ჩვენ არ ვიცით. ეს ადამიანი, ვისზეც საუბრობენ სტუდენტები, ალბათ წავა უნივერსიტეტიდან.

- ლადო პაპავაზე რას იტყოდით?

- რაც შეეხება ლადო პაპავას, აქ უკვე მეორე ჯგუფი აქტიურობს, თვითმმართველობის ნაწილი, რომელიც კატეგორიულად ითხოვს, რომ კი ბატონო, გაფრინდაშვილი წავიდა და ახლა წავიდეს რექტორი. ძალიან ცუდია, რომ ამ ტიპის დაპირისპირება არსებობს აკადემიურ სივრცეში. აკადემიურ საბჭოში, ასევე სენატში, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკური შეხედულებებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება.

- რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით?

- ყველაზე მთავარი, რაც უნდა მოხდეს უნივერსიტეტში, არის ის, რომ აკადემიური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან აბსოლუტურად თავისუფალი. აკადემიური საბჭო თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან.

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ სიტუაცია უფრო გამწვავდეს?

- სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია. თვითმმართველობა ითხოვს, რომ რექტორი შეიცვალოს უნივერსიტეტში. ისინი ცდილობენ თავისი გაიტანონ და რექტორი გაუშვან სახლში. ეს ჯგუფი გაფრინდაშვილმა გაააქტიურა მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა მოიხსნა დღის წესრიგიდან. თუ სიტუაცია დაიძაბა, შეიძლება რექტორთან დაკავშირებითაც იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული. უახლოეს დღეებში გადაწყდება, რა და როგორ იქნება.

- ანუ შესაძლებელია პაპავაც გადადგეს?

- თუ ძალიან დაიძაბა სიტუაცია, ამან შეიძლება მოიტანოს რექტორის გადადგომა. ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. თუმცა ლადო პაპავა იქნება რექტორი თუ სხვა, ამ სივრცეში ძალიან სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი. ბატონმა ლადომ თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევოლუციურად შეეცვალა სიტუაცია და ძირეული რეფორმა არ ჩაეტარებინა. ამან კი მიიღო ის სახე, რომ ადამიანები აკადემიურ სივრცეში გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური ნიშნით! ეს არის მძიმე მთელი საზოგადოებისთვის და, პირველ რიგში, უნივერსიტეტისთვის. პოლიტიკური ნიშანი აკადემიური სივრციდან უნდა გავიდეს!

- აკადემიური საბჭოც უნდა შეიცვალოს?

- აკადემიური საბჭო სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს უნივერსიტეტში და ის არ უნდა იყოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ის ადამიანები, ვინც ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებენ, უნდა იყვნენ აბსოლუტურად თავისუფალი და მათი კარიერა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში და რომელი პარტია დაუჭერს მათ მხარს. ეს პოლიტიკური მოტივი საერთოდ გატანილი უნდა იყოს საუნივერსიტეტო სივრციდან!

„ახალი თაობა“, 16 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ მიხეილ დუნდუასთთან: „ლარმა გამყარება გიორგი ქადაგიძის წასვლიდან მეორე დღესვე დაიწყო”

როგორც ჩანს, 24 თებერვლის შემდეგ პოლიტიკურმა სპექტრმაც ამოისუნთქა და ლარმაც. ამა წლის 24 თებერვალს გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილება შეუწყდა. ეროვნულ ბანკში ქადაგიძის ხანა დასრულდა და, როგორც ჩანს, ლარმაც გამყარება დაიწყო. „20/30“-ის წევრი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ლარის გამყარება მხოლოდ ქადაგიძის წასვლას უკავშირდება და არა – ეკონომიკურ მონაცემებს.

- ბატონო მიხეილ, ბოლო დღეებში ლარი სტაბილურად მყარდება. რით არის გამოწვეული ლარის გამყარება?

- ფაქტია ის, რომ 24 თებერვლის შემდეგ ლარმა ძალიან სერიოზული ტემპით დაიწყო გამყარება. ფაქტია ის, რომ ქადაგიძის წასვლიდან მეორე დღესვე დაიწყო ლარის დასტაბილურების პროცესი.

- ანუ ნამდვილად ხელოვნურად ხდებოდა ლარის კურსის დაგდება?

- დიახ. თან ლარი მყარდება იმ ფონზე, როდესაც ექსპორტი და გადმორიცხვები მცირდება. გარემო პირობები უფრო უარესია, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ ლარი მაინც მყარდება. ამიტომ აშკარად აღიძვრება ეჭვი, რომ აქამდე არსებული პროცესი იყო პოლიტიკურად მართული და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის მიერ ხდებოდა არასწორი გადაწყვეტილებების მიღება და რეალურად აქამდე არსებული კურსი იყო ხელოვნურად გაფუჭებული.

- დანაშაულებრივი ქმედებები ხომ არ ხორციელდებოდა?

- არ ვიცი. ეს გაირკვევა მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკში ახალი მენეჯმენტი ჩამოყალიბდება, ალბათ, ინფორმაციაზე წვდომა უფრო თავისუფლად გვექნება. თუ რამე გამოსააშკარავებელია, გამოაშკარავდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

- დანაშაულზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ძალიან მოკლე დროში ლარი ძალიან ბევრი პუნქტით გამყარდა...

- ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკის მენეჯმენტი დროზე ჩამოყალიბდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ახლა ჩვენ ფაქტს ვუყურებთ, წავიდა ქადაგიძე, ლარმა დაიწყო გამყარება.

- საქსტატის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობაც 2%-ით შემცირდა. თქვენ თქვით, გზავნილებიც შემცირდაო. ეს ყველაფერი არ ახდენს გავლენას ლარის კურსზე?

- სწორედ ეს არის ნათელი მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფაქტორები გაუარესდა, ლარი მაინც გამყარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარის გაუფასურების მთავარი ფაქტორი იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული მოქმედებები.

- პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძე დაამტკიცა. როგორია თქვენი დამოკიდებულება გვენეტაძის პერსონის მიმართ?

- ეს არის კვალიფიციური პიროვნება, ნამუშევარია სავალუტო ფონდში. იმედი მაქვს, ადამიანი, რომელიც სავალუტო მისიებში მნიშვნელოვან პოსტს იკავებდა, შეასრულებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს, არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული. ბუნებრივია, ეს ლარის კურსზეც დადებითად იმოქმედებს.

- სისტემა ისეა აწყობილი, რომ მხოლოდ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული ლარის სტაბილურობა? ერთი ადამიანის შეცვლამ ამხელა ეფექტი გამოიწვია?

- დიახ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის პერსონალურად აგებს პასუხს ნებისმიერ გამოცემულ აქტზე. ეროვნულ ბანკში ყველა გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იღებს.

- გინდათ თქვათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სრულიად დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს, გუნდურად არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება?

- გადაწყვეტილებებს იღებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

- ეროვნული ბანკის საბჭო არ მონაწილეობს?

- ეროვნული ბანკის საბჭო არ არის მმართველობითი ორგანო. ის არ იღებს გადაწყვეტილებებს და არ განსაზღვრავს პოლიტიკას.

- ლარი გაუფასურების პროცესის დაწყებამ ეჭვი გააჩინა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკებთან ერთად ჩართული იყო არასასურველ პროცესში. რაიმე არაკანონიერ პროცესში იყვნენ ჩართული? ხალხი შოკში რომ იყო ლარის გაუფასურების გამო, ბანკებმა დიდი შემოსავალი მიიღეს, მგონი, 80-100 მილიონი...

- არ იქნება სწორი, ამაზე მტკიცებით ვისაუბროთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ახალ ხელმძღვანელს, გადაწყვეტილებებს, მოკვლევას, ინფორმაციის მიღება-დამუშავებას და გაირკვევა თეთრი და შავი, ვინ არის დამნაშავე, ვინ მცდარ ნაბიჯებს დგამდა და ვინ სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.

- ლარის კურსის რა ნიშნულამდე გამყარებას ვარაუდობთ?

- ლარის კურსი 2 ლარსა და 20 თეთრამდე დავა. ამ შუალედში შეიძლება მოძრაობდეს ლარის კურსის ოპტიმალური მაჩვენებელი ნორმალური გადაწყვეტილებების მიღების პირობებში.

„ახალი თაობა“, 16 მარტი, 2016 წელი

სოხუმში არეულობა გრძელდება

ლეონიდ ძაპშბა: 2019 წლამდე არ გადავდგები

სოხუმში კვლავ საპროტესტო აქციებია. დრანდის ციხის ყოფილ უფროს რუსლან ჯელიას მომხრეებმა წინ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრო ააწიოკეს, გუშინ, 15 მარტს კი პარლამენტთან გამართეს საპროტესტო აქცია.

რუსლან ჯელიას მომხრეები აფხაზთა შს მინისტრ ლეონიდ ძაპშბას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი. 11 მარტს მათ შს მინისტრის მოადგილე შემოელახათ, ძაპშბამ კი გაქცევით უშველა თავს.

აფხაზეთის ეროვნული გმირის რუსლან ჯელიას მომხრეები ისეთი გაცეცხლებულები იყვნენ, რომ დიდი შანსი იყო, რომელიმე დეპუტატიც დაეწიხლქვეშებინათ. მათ დასაშოშმინებლად თვით რაულ ხაჯიმბაც კი მივიდა. არადა, ეს უკანასკნელი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას არ კადრულობს.

რაულ ხაჯიმბა აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ რუსლან ჯელიასთან დაკავშირებულ ინციდენტს აფხაზეთის მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. ჯელიას, რომლის გამოც აფხაზეთში ლამის გადატრიალება მოხდა, წინა კვირაში აფხაზმა „გაიშნიკებმა“ ცეცხლი გაუხსნეს.

- შექმნილი ვითარებიდან ზოგიერთები პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, რაც დაუშვებელია. არსებობს პროკურატურა და მას მივანდოთ საქმის გამოძიება, – მიმართა პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს რესპუბლიკის მეთაურმა.

რაულ ხაჯიმბა პირობას დებს, რომ ამ საქმეს გამოძიებას პირად კონტროლზე აიყვანს. მას სჯერა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

ამის იმედი ნაკლებად აქვთ „გაიშნიკების“ მიერ შეურაცხყოფილი ჯელიას ახლობლებს. ისინი შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ რალ ხაჯიმბა რუსლან ჯელიას ახლობლების მდგომარეობაში შედის, შს მინისტრი მოსახსნელად მაინც არ ემეტება და ამბობს, რომ ძაპშბას ძალისმიერი მეთოდებით გადაყენება არავის გამოუვა.

- თქვენს ოჯახს პატივს ვცემ და ვიცი, რომ თქვენი ერთი შვილი ომში დაიღუპა, მეორე კი ეროვნული გმირია. ამის მიუხედავად, შს მინისტრი არ გადადგება და გთხოვთ, ძალისმიერი მეთოდებით ამის გაკეთებას ნურავინ შეეცდებით. ამისგან არაფერი გამოვა. ჩვენ უკანონობას არ დავუშვებთ, დამნაშავეები კი კანონით დაისჯებიან, – მიმართა რუსლან ჯელიას ოჯახის წევრებს რაულ ხაჯიმბამ.

რუსლან ჯელიას ოჯახობა რამდენიმე დღის წინ უკვე შეხვდა შს მინისტრს. ძაპშბამ ისინი დაარწმუნა, რომ სროლის ბრძანება მას არ გაუცია. ამის მიუხედავად, ახლობლები მინისტრის გადაყენებას მაინც ითხოვენ. პოზიცია მათ არც ხაჯიმბას მონოლოგის მოსმენის შემდეგ შეუცვლიათ და ამბობენ, რომ სანამ სამართალს არ იპოვიან, არ გაჩერდებიან.

გაჩერებას, დანებებასა და გადადგომას არც შს მინისტრი აპირებს. ის რუსლან ჯელიას ახლობლების დაპატიმრებითაც იმუქრება. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიჭრნენ. მინისტრი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის სამე.

რაც შეეხება გადადგომას, ლეონიდ ძაპშბა ამბობს, რომ უახლოესი 3 წლის განმავლობაში არსად წასვლას არ აპირებს.

- 2019 წლამდე არ გადავდგები, სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზება კი არავის გამოუვა. ჩვენი საზოგადოება წესრიგს უნდა მიეჩვიოს და უნდა გაითვალისწინონ, რომ დაუშვებელია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხელისუფლების გადადგომა მოითხოვო, – ასეთია შს მინისტრის კომენტარი.

აფხაზეთში წესრიგის დამყარება ლეონიდ ძაპშბას სახელთან არის დაკავშირებული. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ აფხაზეთის გზებზე ავტომანქანით გადაადგილება შედარებით უხიფათო გახდა და მხოლოდ ძაპშბამ აიძულა აფხაზები, შეეკრათ უსაფრთხოების ღვედები.

……….

საპროტესტო გამოსვლებს აფხაზური ოპოზიციაც აანონსებს. ის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. რუსი ექსპერტები სამოქალაქო დაპირისპირებას არ გამორიცხავენ. აქედან გამომდინარე, აფხაზებს შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი ჩაეშალოთ. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ამ ზაფხულს აფხაზეთში ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება, ოღონდ არა იმ მსოფლიო ჩემპიონატის, ჩვენ გვიყვარს ხოლმე. საუბარია ფიფას მიერ არაღიარებული ქვეყნების ბურთაობაზე.

Comments are closed