globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 16th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რა შემთხვევაში შეიცვლება არჩევნების თარიღი // პრეზიდენტს ურჩევენ, საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლოს

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: “ბატონმა ბიძინამ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის თანხმობა ვერ აიტანა…”

რეზონანსი: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „მაჟორიტარობის შემოთავაზება არ მქონია“

რეზონანსი: საქართველოს ვარშავის სამიტზე “ასოცირებულ პარტნიორობას” შესთავაზებენ // “როგორც ჩანს, ნატო ახალ ფორმატს იგონებს, რომ მაპ-ი ჩაანაცვლოს და ამით დაამშვიდოს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოება”

რეზონანსი: უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და ხელისუფლების გაუხმაურებელი ნაბიჯები // “ეს ვიცით ჩვენ და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვეტყვით პრესას”

———-

„ქართული გაზეთი“: „ოცნება“ ბურჯანაძეს და ინაშვილს ეკვრება?

„ქართული გაზეთი“: ენდე, აი!!!

———-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კოჟორიძესთან: „საარჩევნო კამპანია მაისის მეორე ნახევრიდან უნდა დაიწყოს… ნუთუ ქვეყანას არ უღირს, გადაიხადოს 800 ათასი ლარით მეტი იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უკეთესი არჩევანი გააკეთონ?”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან: „პრემიერმა მთელი პასუხისმგებლობა პრეზიდენტს დააკისრა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი არ დამალავს, თუ სხვა პარტიებსაც გაუწევს მფარველობას“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ამერიკამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას მწვანე შუქი აუნთო… მიხეილ სააკაშვილმა დასაჭერი ხალხის სია უკვე შეადგინა“

„ახალი თაობა“: ლადო სადღობელაშვილი დავით ზურაბიშვილს თავზე კოლგოტკის ჩამოცმით ემუქრება: „მირჩევნია, ციხეში წავიდე, ვიდრე ამ სოროსელის ლანძღვა ავიტანო“

————————-

რეზონანსი, 16 აპრილი, 2016 წელი

რა შემთხვევაში შეიცვლება არჩევნების თარიღი

პრეზიდენტს ურჩევენ, საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლოს

ეკატერინე ბასილაია

საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებამ და საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხმა, ერთი შეხედვით ამ უმარტივესმა თემამ, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პირველი გაუგებრობა და ბზარი გააჩინა. მარგველაშვილი და კვირიკაშვილი საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე ვერ თანხმდებიან და შესაძლოა, ამ შეუთანხმებლობამ იქამდეც მიიყვანოს პროცესი, რომ 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლაც კი მოხდეს.

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი – გამოცხადდება მაისში საარჩევნო კამპანია დაიწყება მაისში – არჩევნებამდე 5 თვით ადრე და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

პრემიერმა გუშინ ღამით განაცხადა, რომ მთვარობის სურვილი უცვლელი რჩება – წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყოს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე და პრეზიდენტთან ამაზე კონსულტაციები გრძელდება.

ოთხი თვეა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეა და პრეზიდენტთან ის საკმაოდ დაბალანსებულ ურთიერთობას ინარჩუნებდა, განსხვავებით წინამორბედ პრემიერ ღარიბაშვილისგან, რომელსაც საკმაოდ კონფრონტაციული დამოკიდებულება ჰქონდა პრეზიდენტთან და რომელიც თითქმის ყველა სერიოზულ თუ არასერიოზულ საკითხზე პრეზიდენტის საპირისპირო ქმედებებითა და განცხადებებით გამოირჩეოდა.თუმცა, პრეზიდენტსა და ახალ პრემიერს შორის ეს 4-თვიანი მშვიდობა შესაძლოა, სწორედ საარჩევნო საკითხმა დაასრულოს. მართალია, კვირიკაშვილი ირწმუნება – ეს კონფრონტაცია არ არის, ეს მხოლოდ გაუგებრობააო, მაგრამ პრეზიდენტის მისამართით დიდი კრიტიკა წამოვიდა თავად “ქართული ოცნების” მხრიდან. პრეზიდენტის გაკიცხვაში კი “ოცნების” წევრებს მხარი “რესპუბლიკელებმაც” აუბეს.

როგორ შეარჩიეს არჩევნების თარიღი

5 აპრილს პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს შეხვდნენ, რის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები ინიშნება 8 ოქტომბერს. მეორე დღეს შესაბამისი განკარგულება მთავრობას ხელმოსაწერად გადაეგზავნა, სადაც ასევე ეწერა ის, რომ საარჩევნო კამპანია იწყებოდა 8 აგვისტოს. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის ასეთმა განსაზღვრამ არასამთავრობოების დიდი კრიტიკა გამოიწვია. მათი განცხადებით, პრემიერის კონტრასიგნაციის შემდეგ მეორე დღესვე იწყება წინასაარჩევნო კამპანია, რაც განსაკუთრებულ რეჟიმს და შეზღუდვებს გულისხმობს. ასე წერია საარჩევნო კოდექსში და პრეზიდენტის დოკუმენტი კანონს ეწინააღმდეგებოდა. ხელისუფლებამ გააკეთა განმარტება, რომ საარჩევნო პროცესის 6 თვით ადრე დაწყება დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამას ქვეყანა ვერ შესწვდებოდა.

ერთკვირიანი ფიქრის შემდეგ ხუთშაბათს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას განკარგულებას უკან უბრუნებს მოტივირებული შენიშვნებით, რადგან “იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება”.

თან პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართა, დოკუმენტი ხელახლა წარმოადგინოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე იქნეს განსაზღვრული და ამით მარგველაშვილთან ერთი კვირის წინ შეთანხმებული წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება 8 აგვისტოდან ერთი თვით გადმოსწია.

საპასუხოდ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ახალ განკარგულებას გამოსცემს არა ივლისში, არამედ მაისის დასაწყისში და წინასაარჩევნო კამპანია იქნება 5 თვე. მისი თქმით, ის დოკუმენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ხელი არ მოაწერა და უკან დაუბრუნა, სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული მთავრობასთან, რადგან დაარწმუნეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა “ფინანსურად დამანგრეველი”. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ასე არ არის და ამიტომაც ის “უკეთესს გააკეთებს” და მაისში გამოსცემს განკარგულებას, სადაც ჩაიწერება მხოლოდ ერთი წინადადება – არჩევნები ინიშნება 8 ოქტომბერს და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება მაისშივე – არჩევნებამდე 5 თვით ადრე.

“ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ

“ქართული ოცნების” მხრიდან პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ არცთუ სასიამოვნო შეფასებები დაიმსახურა: გაუგებარი, არაადეკვატური, არასერიოზული…

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აცხადებს, რომ პრემიერმა ძალიან კარგი განმარტებები გააკეთა მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტმა კი სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა 5 თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ეს სიტუაცია პოლიტიკური თამაშის საფუძველი არ უნდა გახდეს. “ამას მხოლოდ პრეზიდენტი ვერ წყვეტს, ეს უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმების შედეგად. შესაბამისად, იქნება გაკეთებული განცხადება, რომ 8 ივლისიდან დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია”, – განაცხადა კახა კალაძემ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის თქმით, არ ესმის და არაადეკვატურად მიაჩნია 5 თვით ადრე იმ რეჟიმში ჩადგომა, სადაც პარტიებს წინასაარჩევნო რეჟიმში გადასვლა მოუწევთ. უფრო მეტიც, დეპუტატები საპარლამენტო არჩევნების თარიღის ცვლილებასაც არ გამორიცხავენ. “ოქტომბერში რომ ჩატარდებოდა არჩევნები, ეს კანონით არის განსაზღვრული, მაგრამ რიცხვი უნდა განსაზღვროს პრეზიდენტმა. ამის განსაზღვრა რომ ასეთ პრობლემას იწვევდეს, ნამდვილად არასერიოზულად მიმაჩნია”, – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

პრეზიდენტის ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ “რესპუბლიკელებიც”: “პრეზიდენტი ამ საკითხში დაიბნა და მისი თანაშემწეები და მეგობრები იმის მაგივრად, რომ არკვევდნენ საკითხს, კიდევ უფრო აბნელებენ. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გაერკვევა”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ამ შეფასებების ფონზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კეთდება განცხადებები, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ შეიცვლება და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება მაისიდან.

“ორი დღის განმავლობაში გვესმის ხატოვანი განცხადებების მთელი კასკადი და არაკვალიფიციური შეფასებები სახელმწიფო მართვის საკითხებთან დაკავშირებით,” – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრთა განცხადებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერსა და პრეზიდენტს შორის თარიღზე შეთანხმება შედგა და მთავრობასთან შეთანხმებული აქტი გამოიცა, იყო კიდევ ერთი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის 9 აპრილს, გვიან ღამით და ამ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და გადაწყვეტილების შეცვლაზე საუბარი არ არის. ამ წუთამდე ვერ ვხედავთ ვერცერთ წონად არგუმენტს, თუ რატომ არ შეიძლება არჩევნები 5 თვით ადრე დაინიშნოს. ყველა არგუმენტი ან ერთმანეთის გამომრიცხავია, ან ლოგიკაში არ ჯდება”, – ამბობს გიორგი აბაშიშვილი და დასძენს, რომ არ თვლის, რომ “პრემიერის სურვილი იყოს ქვეყნის ჩიხში შეყვანა და კონტასიგნაციაზე უარის თქმა”.

გუშინ ტელემედიის წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა ამ თემაზე კომენტარი. თქვა, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება. არის გაუგებრობა, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებებით საკითხი მოგვარდება.

კონკრეტულად რა იგულისხმება მოგვარებაში – მარგველაშვილს გადაათქმევინებს მაისში თარიღის გამოცხადებას, თუ თავად დათმობს და 5 თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებას მოაწერს ხელს, ეს არ დაუკონკრეტებია.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა მაისში დაიწყოს საარჩევნო კამპანია. არ დაგიმალავთ, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, მაგრამ არ მგონია, ეს რაიმე კონფრონტაციად შეფასდეს – არ არის ასე ნამდვილად. ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ფორმატში, ზედმეტი ემოციების გარეშე ურთიერთობას. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კონსულტაციები გაგრძელდება”, – განაცხადა პრემიერმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობის პოზიციაა, ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში არჩევნებამდე 3 თვით ადრე გადავიდეს.

რა შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტისა და პრემიერის კინკლაობას

საზოგადოება უახლოეს დღეებში თუ არა, მაქსიმუმ მაისში გაიგებს, რომელმა მხარემ დათმო – პრეზიდენტმა თუ პრემიერმა. თუკი პრეზიდენტი არჩევნების საკითხზე აქტს მაისში გამოსცემს, უკვე კვირიკაშვილის გადასაწყვეტი იქნება, მოაწერს თუ არა ხელს წინასაარჩევნო კამპანიის 5 თვით ადრე დაწყებას და ამით დაუთმობს თუ არა მარგველაშვილს. თუკი კვირიკაშვილმა განკარგულებას ხელი არ მოაწერა და დოკუმენტი ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუბრუნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს არ ჩატარდება, რადგან კანონით პრეზიდენტს ერთი და იგივე შინაარსის აქტის 6 თვეზე ადრე ხელახლა გამოცემის უფლება არ აქვს. თუმცა, არჩევნები აუცილებლად ოქტომბერში უნდა ჩატარდეს და დროის სიმცირის გამო იძულებული იქნება, არჩევნების ახალი თარიღი გამოაცხადოს. პრეზიდენტსა და კვირიკაშვილს შორის კინკლაობა კი აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხეზე მიანიშნებენ და ზოგიერთი მოუწოდებს კიდეც პრეზიდენტს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს არ ეძლევა საშუალება არჩევნების თარიღი და საარჩევნო კამპანიის დაწყების დრო ერთპიროვნულად განსაზღვროს და პრემიერის კონტრასიგნაცია სჭირდება.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, არის ალბათობა, რომ მივიღოთ სიტუაცია, როდესაც ახალი კონფლიქტი დაიწყება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის და ეს იქნება სანახაობრივი, ცუდად სანახაობრივი სურათი, რომელიც ორივეს პრესტიჟზე ცუდად იმოქმედებს.

“თუკი პრეზიდენტი და პრემიერი ვერ შეთანხმდებიან, პრემიერი ისევ უკან დააბრუნებს აქტს, პრეზიდენტი ხელმეორედ იგივე შინაარსის აქტს ვერ გამოსცემს და შეიცვლება არჩევნების თარიღი. თუკი მესამედაც არ მოაწერა ხელი პრემიერმა, ეს თამაში გაგრძელდება, სანამ კანონი არ იტყვის, რომ არჩევნების დანიშვნა აუცილებელია, სანამ არ დადგება ბოლო სავალდებულო 60 დღე და მერე იძულებულები იქნებიან არჩევნები დანიშნონ. ამ სცენარით ცუდი გაგებით სანახაობრივ მხარეს მივიღებთ. აღარ ვლაპარაკობ ორივეს პრესტიჟზე და სხვა უბედურებებზე,” – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე. მისივე აზრით, 5-თვიანი საარჩევნო კამპანიით პრობლემები იქმნება, რადგან შეზღუდვები წესდება და ეს მისასალმებელი არ არის. მაგალითად, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 5-დან 13 წევრამდე უნდა შეივსოს, გაორმაგებული თანამდებობრივ სარგო უნდა დაენიშნოთ ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს, ცესკოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო ხარჯებს ამ მიმართულებით.

გარდა ამისა, იწყება ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური სარეკლამო დროის გამოყოფა ტელევიზიებში, არჩევნებში მონაწილე ძალების თანაბარი გაშუქება და დებატებში ყველა მხარის თანაბრად წარმოჩენა. მედია გარკვეულად იზღუდება მთავრობის მუშაობის გაშუქებაშიც კი, რომ ეს წინასაარჩევნო აგიტაციად არ ჩაითვალოს. ასევე იზღუდება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა, არ შეიძლება ახალი პროექტების დაწყება და ამისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა და ა.შ. ამდენად, მთავრობისათვის საარჩევნო კამპანიის დაწყების გადავადებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოახერხონ.

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ძალიან ცუდ პოლიტიკურ ვითარებას მივიღებთ: “არ მგონია, რომ ეს ვინმეს ხელს აძლევდეს. თუ შეთანხმდნენ, მერე რატომ აირივნენ – ამაზე ვერაფერს გეტყვით. როგორც ჩანს, თავიდან ყველაფერზე არ დაფიქრდნენ და ახლა ამ ორ ინსტიტუტს შორის ძლივს დალაგებული სიტუაციის არევის ახალი რაუნდი დაიწყო. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება ორივე მხარემ თავი გაანებოს ამ კინკლაობას და შეთანხმდნენ. სხვა შემთხვევაში ძალიან უსიამოვნო სიტუაციას მივიღებთ,” – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

რეზონანსი, 16 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: “ბატონმა ბიძინამ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის თანხმობა ვერ აიტანა…”

სალომე სარიშვილი

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებულ უთახმოებას, რომელიც პრეზიდენტსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის წარმოიქმნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. ამბობს, რომ ექსპრემიერმა პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეთანხმებული მუშაობა ვერ აიტანა, ამიტომ პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ეს თემა მორიგ მეთოდად გამოიყენა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ არჩევნების დანიშვნის თემა და მასთან დაკავშირებული გარკვეული უთანხოება საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესო და მეორეხარისხოვანია, ამიტომ ამ საკითხს იგი თითიდან გამოწოვილ პრობლემას უწოდებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული შეურაცხმყოფელი კამპანიის გაგრძელებაა. ექსპერტი წინასაარჩევნოდ პარტიათა ალიანსებს არ პროგნოზირებს და ამბობს, რომ დიდი ალბათობით, საარჩევნო სიაშიც ბევრი მოულოდნელი სიახლე იქნება.

მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე “რეზონანსი” “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: დიდი გულთმისნობა არაა საჭირო იმისთვის, რომ არსებულ რეალობაში გავერკვეთ. როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი ერთ კონკრეტულ საკითხზე სრულიად მკაფიოდ თანხმდებიან, ხოლო შემდეგ აღმოჩნდება, რომ შეთანხმება ძალაში აღარაა, მაშინ მესამე ძალა უნდა ვეძიოთ.

ქვეყნის რეალობას თუ შევხედავთ, მესამე ძალის პირველი ნომერი ისევ პირველი ძალაა. სწორედ ჩვენი კადრებთუხუცესის პრიორიტეტია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან მუდმივად კონტროლირებადი დამოკიდებულება ჰქონდეს.

ამ შფოთვის მთავარი წინაპირობა კი თავად პრეზიდენტია, რომელიც არ აღმოჩნდა ის ბიჭი, ერთხელ მოსვლა ეკმარა. ეს ჩვენი კადრებთუხუცესის მოუშუშებელი ჭრილობაა, რის გამოც ქვეყნის პოზიტიური პერსპექტივის შესაძლებლობა კნინდება. ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინა კვლავ ზუსტად იყო ორიენტირებული და მიზნად საკუთარი მოგროვილი გუნდის წევრებისთვის ახალი დავალების მიცემა ჰქონდა.

- ფიქრობთ, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებული უთანხმოება პრეზიდენტის წინააღმდეგაა მიმართული?

- ამას ამტკიცებს კაჭკაჭების გუნდის მსგავსი გამოსვლები, რასაც პარლამენტის იმ წევრთა მხრიდან ვისმენთ-ხოლმე, ვისთვისაც ახლა ყველაზე დიდი თავის ტკივილი მომავალ პარლამენტში მოხვედრის საკითხია. ახლა ერთმანეთსაც კი ეჯიბრებიან – პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ვინ უფრო გონებამახვილურ ფრაზეოლოგიას გამოიყენებს. ესეც უკვე პრიმიტიული ნომერია და დიდი ხნის წინ გავიარეთ. არ მგონია, რომ ისეთი ამბიციების მქონე ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ამით დაკმაყოფილდეს. მან ვერ აიტანა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთშეთანხმება შედგა.

შემთხვევითი არ იყო, რომ ბატონი ღარიბაშვილი საკუთარი წარმომქმნელის დიდი ფავორიტი გახლდათ. გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი კმაყოფილება, როცა ამბობდა, რომ ღარიბაშვილისთვის ორჯერ არაფრის თქმა არ უხდებოდა. ქვეყანა ასე არ შენდება, საზოგადოებისთვის ეს თემა მეათეხარისხოვანია. ამ თემების მუდმივი სუბიექტი მხოლოდ მედიაა, ეს გასაგებიცაა, თუმცა ჩემი აზრით, მედია და საზოგადოებრივი ინტერესები ერთმანეთს თანდათან შორდება, რადგან გარდა ამ თემისა, ჩვენს მოქალაქეებს უამრავი სხვა სატკივარი აქვთ. ჩემი აზრით, საუბარი წინასაარჩევნო კამპანიის 8 აგვისტოს ან 8 ივნისს დაწყებაზე, ამასთან, ამ თემის საჯაროდ გაჟღერებაზე არავის არანაირ პოლიტიკურ ქულებს არ მატებს, თანაც იმ პერიოდში, როდესაც ყოველდღიურად ახალი შფოთვის საფუძველი გვაქვს.

- არჩევნების თარიღის დანიშვნაზე საუბრისას პარტიები ყურადღებას ფინანსურ ნაწილზეც ამახვილებენ, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებენ…

- რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ეს ისე პრიმიტიულადაა შემოტანილი საზოგადოებაში, თითქოს თარიღების დასახელება მართლაც რომ გადამწყვეტი ფაქტორი იყოს. წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის საკითხის წინ წამოწევა, თანაც ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების პირობებში, აბსოლუტურად ხელოვნურია. თუკი ბიუჯეტში არსებობს თანხა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიებისთვის კანდიდატმა პარტიებმა უნდა გამოიყენონ, მაშინ მის გამოსაანგარიშებლად თანაბარი საწყისები უნდა იყოს და რაც მთავარია, ეს საკითხი ცნობილი უნდა იყოს როგორც საზოგადოებისთვის, ისე თავად პარტიებისთვისაც. ვინ რომელ რიცხვში რამდენს დახარჯავს, თანაც იმ სახსრებიდან, რომელიც მას კანონიერად ეკუთვნის, ეს არავის საქმე არ უნდა იყოს. საუბარი იმაზე, რომ თურმე 8 აგვისტოს თუ დაიწყება კამპანია, ყველაფერი ჩაიშლება და პლაჟებზე გასულ თბილისელებს ხმას ვერ მიაწვდენენ, ცოტა არადამაჯერებელი და არშემდგარი იუმორის თემა უფროა, ვიდრე რეალობა. ვფიქრობ, თარიღთან დაკავშირებით დაპირისპირება თითიდან გამოწოვილი თემაა. აქ საფუძველი არა თარიღი, არამედ ჩვენთვის გაუგებარი ფუნქციების მქონდე მოქალაქეა, რომელიც ვერ პოულობს საკმარის თანხებს, რათა 200-წლოვანი ხეების გადარგვით იყოს დაკავებული. შედეგი კი ისაა, რასაც ვხედავთ.

- ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (“ენდიაი”) მიერ ჩატარებული კვლევა ბოლო დღეების განმავლობაში როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ ძალებში განხილვის საგნად იქცა. თქვენ როგორ აფასებთ ამ კვლევის სანდოობასა და მის შედეგებს?

- “ენდიაი” უკვე მრავალწლიანი შფოთვის შემცველი თემაა. რამდენი ხანია ჩვენი ქყვენის წამყვანი მეცნიერები, რომლებსაც საზოგადოებაში მაღალი რეიტინგი აქვთ, ვგულისხმობ სოციოლოგებს, ვერ ახერხებენ ასეთ კვლევაში ჩართულნი იყვნენ. არამც და არამც – იგივე ჩაკეტილი კარი, გაუგებარი პრინციპები. პრინციპში, ასეთი შედეგებით მხოლოდ თავიანთ თავს თუ გაიბითურებს-ხოლმე ორგანიზაცია. ამასთანავე, არსებობს ისეთი ციფრი, რომლის დამახინჯება არავის ინტერესებში არ შედის. მაგალითად, რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც არჩევნებზე წასვლას არ აპირებენ. ესაა შემაშფოთებელი რიცხვი, რაც ნამდვილად საფიქრალია. სხვა ამ თემაზე არაფერია სათქმელი.

- გარდა “ენდიაისა”, ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენზე” გამოქვეყნდა თავად “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული შიდა კვლევა, რომელიც სხვაგვარ შედეგებს აჩვენებს. როგორ უყურებთ ამ მონაცემებს?

- რაც შეეხება “ოცნების” შიდა კვლევას, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კვლევა საკუთარი თვითკმაყოფილებისთვის არ იქნა ჩატარებული. ჯერ ერთი, ტერმინი “შიდა კვლევა” რამდენად დამაჯერებელია საზოგადოებისთვის, ეს კიდევ საკითხავია; მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა ამ კვლევაში არც ერთი წონიანი სოციოლოგი არ ყოფილა ჩართული… ამიტომ მგონია, რომ “ოცნებამ” ეს კვლევა საკუთარი გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად გააკეთა. როგორც წესი, როცა ურთიერთგამომრიცხავი შედეგები იდება, ჭეშმარიტება სადღაც შუაშია.

- წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტულ ალიანსებს ხომ არ უნდა ველოდოთ, რას ფიქრობთ, შეიქმნება პარტიათა ბლოკები?

- რამდენიმე წელია ყველა კვლევა გვარწმუნებს იმაში, რომ დღევანდელი და მომავალი პარლამენტის კონფიგურაცია ერთი და იგივე არ იქნება. დღევანდელი შემადგენლობა ამომრჩევლების მიერ უკვე წინასწარაა უარყოფილი. ყველაფერს უნდა სკრუპულოზური შესწავლა და რაიმე გაერთიანებაზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება. ფაქტი ერთია – არც ერთ პოლიტიკურ ძალას უმრავლესობის შექმნის ერთპიროვნული ძალა არ გააჩნია. შეიქმნება თუ არა გაერთიანება არჩევნებამდე და მას შემდეგ – ეს უკვე პოლიტიკური ტექნოლოგიის თემაა და მისი ამ ეტაპზე პროგნოზირება რთულია. ზოგადად, ეს არჩევნების შემდეგ ხდება-ხოლმე, თუმცა მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს კიდეც და 2017 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინაშე აღმოვჩნდეთ.

ცხადია, ეს ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა ეს საფრთხე გათვალისწინებული უნდა იყოს, რათა კოალიციის შექმნაზე დროზე შეთანხმდნენ და მხოლოდ დაპირისპირებას არ ვუცქიროთ. ასე რომ, დღეს ამის პროგნოზირება რთულია, მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით რომელი პოლიტიკური სუბიექტები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

- საარჩევნო სიების ფორმირების საკითხზე რას გვეტყვით. მედიაში ამ თემაზე ბევრი ითქვა. ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო სიის პირველ სამეულში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე იქნებიან. როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებას?

- სიაში კონკრეტული პიროვნებების ცვლილება დოკუმენტაციის წარდგენამდე ერთი საათით ადრეც კია შესაძლებელი. თქვენ მიერ დასახელებულ პირებს დიდი ალბათობით ვერ ვიხილავთ პარლამენტში, რადგან მათ საკუთარი თანამდებობები ნამდვილად ურჩევნიათ. ასეთ ვითარებაში ძალიან მარტივი იქნება სხვა სამეულის შექმნა, იმ ადამიანებისა, რომლებისთვისაც საზოგადოებას აქამდე პარლამენტში შესასვლელად ხმა არ მიუცია.

- მაგალითად, ვის გულისხმობთ?

- ეს ადამიანები უფრო მაღალი ცნობადობისა და პოზიტივის მქონენი არიან, რომლებსაც, როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა მოსაზიდად იყენებენ, შემდეგ კი უჩუმრად პარლამენტიდან მიდიან და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ინაცვლებენ.

- რამდენიმე დღის წინ საუბარი იყო კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც პრემიერს ერთდროულად თანამდებობაზე დარჩენაცა და არჩევნებში კენჭისყრაც შეეძლება. თქვენ როგორ აფასებთ ამ ინიციატივას?

- არ მგონია, რომ ამ საკითხის შესაფასებლად რაიმე სიღრმეში შესვლა უნდა იყოს საჭირო. რასაკვირველია, თემა მხოლოდ დღევანდელი სიტუაციისა და მმართველი ძალისთვისაა მორგებული. გული მწყდება, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კვირიკაშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ეს ცვლილება გარკვეულ ლაქად დარჩება, ადამიანისა, რომელიც ჩემთვის პირადად სანდო და კარგი პოლიტიკოსია. მას ამ ფაქტს აუცილებლად ყოველთვის შეახსენებენ, რა თანამდებობაზეც უნდა აღმოჩნდეს.

მეორე მხრივ, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად საშიშია, მთავარია ადმინისტრაციული რესურსი გაკონტროლდეს, რომელსაც, როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება აქტიურად იყენებს-ხოლმე.

რეზონანსი, 16 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „მაჟორიტარობის შემოთავაზება არ მქონია“

ლიკა გურაბანიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური “რეზონანსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ის უთანხმოება, რომელიც პრეზიდენტსა და “ქართლ ოცნებას” შორის საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნამ გამოიწვია, უნდა მოგვარდეს. მეჭიაურის თქმით, სიტუაციის დარეგულირებას ორივე მხარე უნდა შეეცადოს და რომ ურთიერთობის კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელებაა საჭირო. მისივე აზრით, საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტს წინასწარი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან უნდა გაემართა.

თამაზ მეჭიაური: აჟიოტაჟი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებითაა ატეხილი, “ნაციონალურ მოძრაობასთანაა” კავშირში. დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ აქედანვე შექმნან ის ფონი, თითქოს არასამართლიან, არადემოკრატიულ გარემოში ტარდება ეს არჩევნები. “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. ისინი შეეცდებიან, სიტუაცია დაძაბონ და გარკვეული არეულობა გამოიწვიონ. ამ საქციელით ისინი ცდილობენ, მომავალში დაადასტურონ ის, რომ არჩევნების გაყალბებას დიდი ხნის წინ ვარაუდობდნენ.

- თქვენ რას ფიქობთ საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბრის გამოცხადებაზე?

- რა მნიშვნელობა აქვს, საპარლამენტო არჩევნები 8-ში იქნება, თუ სხვა რომელიმე დღეს?! პრობლემა ეს არ არის, პრობლემა ისაა, რომ ამ თარიღის ადრე გამოცხადებამ გარკვეულ იურიდიულ საკითხებთან და ხარჯებთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიგვიყვანა. როგორ უნდა მოხდეს ამ სიტუაციიდან გამოსვლა – ამ საკითხზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დამატებითი კონსულტაციები იქნება საჭირო. აქედან გამომდინარე, აქ მხოლოდ თარიღში არ არის საქმე. ჩემთვის არჩევნების თარიღი მისაღებია. მთავარია, მაჟორიტარებისა და სიის საკითხი დროულად გაირკვეს.

- თქვენ თუ აპირებთ მაჟორიტარად კენჭისყრას?

- ვერ გეტყვით, არ მქონია შემოთავაზება.

- თქვენ თუ გაქვთ ამის სურვილი?

- არა. საუბარი ამის შესახებ არ ყოფილა.

- არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების თარიღს დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს დავა?

- ამ პროცესის დარეგულირებაში უნდა იყოს ყველა ჩართული. ვისურვებდი, რომ მათ ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელონ მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა ერთმანეთი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს. ვიღაცას არ უნდა მიეცეს საფუძველი, რომ სიტუაცია არასტაბილური იყოს. პრეზიდენტიც და “ქართული ოცნებაც” არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ეჭვი არჩევნების სამართლიანობაში არ შეიტანონ.

- როგორ უნდა მოქცეულიყო პრეზიდენტი?

- ამ თემაზე ადრევე უნდა ყოფილიყო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდეგ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. ასე ნაჩქარევად არ უნდა გამოეცხადებინათ თარიღი. თუმცა, რადგან არჩევნების თარიღი უკვე გამოცხადებულია, საჭიროა ღია კონსულტაციები. ეს სიტუაცია არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად არ უნდა იქნეს გამოყენებული. საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს.

რეზონანსი, 16 აპრილი, 2016 წელი

საქართველოს ვარშავის სამიტზე “ასოცირებულ პარტნიორობას” შესთავაზებენ

“როგორც ჩანს, ნატო ახალ ფორმატს იგონებს, რომ მაპ-ი ჩაანაცვლოს და ამით დაამშვიდოს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოება”

თიკო ოსმანოვა

ივლისში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე, შესაძლოა, ნატომ საქართველოს და უკრაინას ახალი ფორმატი – ასოცირებული პარტნიორობა შესთავაზოს. ეს ყველაფერი შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსის აღდგენისკენ იქნება მიმართული, რაც ნატოს შავი ზღვის ფლოტის შექმნას და მასში რეგიონის ქვეყნების ჩართვასაც გულისხმობს.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაირღვა. მისივე ცნობით, რუსეთი ყირიმში თავისი სამხედრო ძალების რაოდენობას ზრდის და გამორიცხული არაა, ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღიც განალაგოს.”ბალტიის ზღვის რეგიონში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ფინეთსა და შვედეთთან ფორმატით 28 პლუს 2. მსგავსი მიდგომა მოსალოდნელია შავ ზღვაშიც”, – განაცხადა ვერშბოუმ და დასძინა, რომ ნატო ვერ მოახდენს იმ ფაქტის იგნორირებას, რომ “რუსები ყირიმის ანექსიით შავ ზღვაში ძალთა ბალანსს არღვევენ”.

ცნობისთვის, რუსეთი შავი ზღვის ფლოტის შეიარაღების განახლებას გეგმავს, რაც ნატოს აღშფოთებას კიდევ ერთხელ იწვევს. ამიტომ ნატოს წევრი რუმუნეთი შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფლოტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გეგმაზე მუშაობა თებერვლიდან მიმდინარეობს და სამიტზე ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თუმცა, როგორ მოხდება ამ ყველაფერში საქართველოსა და უკრაინის ჩართვა, სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთვის გაუგებარია. მისი თქმით, არც საქართველოს და არც უკრაინას პრაქტიკულად სამხედრო-საზღვაო ძალები არ ჰყავთ.

რაც შეეხება შავ ზღვაში ძალთა ბალანსის აღდგენას, მაისაია აშშ-ის ჩარევის გარეშე ამას სკეპტიკურად უყურებს.

“როგორც ჩანს, ნატო ახალ ფორმატს იგონებს, რომ მაპ-ი ჩაანაცვლოს და ამით დაამშვიდოს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოება. ეს ალბათ იქნება რაღაც ახალი შემოთავაზება, რომელიც შემდგომში ამ ქვეყნებს დაეხმარება გადავიდნენ თანამშომლობის შემდეგ ეტაპზე. ეს იქნება ალბათ გარდამავალი მომენტი მაპ-სა და არსებულ ფორმატს შორის. ამასთან, ცნობილია, რომ რუმუნეთის ინიციატივით ნატო აპირებს ვარშავის სამიტზე მიიღოს სპეციალური სტრატეგია და შეიქმნას შავი ზღვის საზღვაო ძალები, ანუ მუდმივმოქმედი ესკადრა. სხვა არა მგონია, რამე გეგმა ჰქონდეთ, რადგან ნატო მოუმზადებელი შეხვდა რუსეთის ე.წ. სამხედრო მზაობას. ნატოს არ გააჩნია ბირთვული ძალები. მისი დაგეგმარების კომიტეტი არ ამოქმედებულა 1989 წლიდან. ზოგადად კი მოიაზრება ფრანგული, ბრიტანეთის და ამერიკული ბირთვული პოტენციალი. ბრიტანეთის პოტენციალი საკმაოდ მწირია, რომ რუსეთს აღუდგეს, ამიტომ ამერიკელების ჩართულობა აუცილებელია. ასევე ნატო დაინტერესებულია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში იყოს მუდმივმოქმედი საზღვაო ძალების ერთეული, მაგალითად, ხომალდების რაზმი ან სხვა ძალები – ეს უკვე ტექნიკური საკითხია.

ტექნიკურად თავისუფლად შესაძლებელია, იმიტომ, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი საზღვაო ძალები. ამ სამი ქვეყნის ძალების ბაზაზე შესაძლებელია მინი ესკადრის (სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების შენაერთი) შექმნა. ამ საკითხში საქართველოს და უკრაინის ჩართვა გამორიცხულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი არ არიან ნატოს წევრები და მეორე – არცერთს არ გააჩნია საზღვაო ძალები. ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის საზღვაო ძალები სავალალო მდგომარეობაშია, ფაქტობრივად აღარ გააჩნია.

როგორც ვიცი, რუსეთი აპირებს შავი ზღვის ფლოტი გააძლიეროს და განათავსოს 2 წყალქვეშა ნავი, რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება და საკმაოდ მოდერნიზებული ტიპის შეიარაღებას წარმოადგენს. ამიტომ აი, ასეთი ინფორმაციიდან გამომდინარე, მიჭირს ძალთა ბალანსზე საუბარი. ამერიკელების ჩარევის გარეშე ძალთა ბალანსი ვერ იქნება სრულყოფილი”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ვახტანგ მაისაია.

მის მსგავსად შავ ზღვაში ძალთა ბალანსის აღდგენას საეჭვოდ აღიქვამს ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილიც. “პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ქართული საზოგადოება ნატოსგან ელოდება მაქსიმალურს, სრულუფლებიან წევრად გახდომას. სხვა, რაც დღემდე გრძელდება, თანამშრომლობა არის მხოლოდ პატარა წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ეს არ არის ის, რაც საქართველოს უნდა.

“რაც შეეხება ვერშბოუს განცხადებას, ის, რომ რუსეთმა შესაძლოა შავ ზღვაში ბირთვული შეიარაღება განათავსოს, ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ვწერ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, ეს შესაძლებლობები უფრო გააფართოვა. საბჭოთა პერიოდიდან გამომდინარე, ყირიმის ნახევარკუნძული წარმოადგენდა ე.წ. ჩაუძირავ ავიამზიდს. იქ იყო განთავსებული იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე შეიარაღება, როგორც ხომალდსაწინააღმდეგო, ასევე თავდაცვისა და სადესანტო საშუალებები”, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა. მისივე თქმით, თუ საქართველო არ გახდა ნატოს სრულუფლებიანი წევრი, მაშინ როგორ უნდა მოხდეს ძალთა ბალანსის აღდგენა, არ იცის.

“რუსეთმა დღეს აღადგინა სტატუს-კვო – განათავსა თანამედროვე შეიარაღება. ყველა თანამედროვე შეიარაღებას, რაც არის შემოტანილი ყირიმის რეგიონში და აფხაზეთში, დაწყებული 152 მილიმეტრი კალიბრიდან, ყველა საარტილერიო და სარაკეტო სისტემას შეუძლია ბირთვული ქობულის გადატანა ტაქტიკური დანიშნულებით. თუ საქართველო არ გახდა ნატოს სრულუფლებიანი წევრი, მაშინ როგორ უნდა მოხდეს ძალათა ბალანსის აღდგენა, არ ვიცი. თუ ბალანსის აღდგენაზეა საუბარი, მაშინ აქ ორი მიმართულება შეიძლება განვიხილოთ: ერთი – ნატო დაეხმაროს საქართველოს, გააძლიეროს შეიარაღებული ძალები, ანდა თვითონ ნატომ შეიყვანოს სამხედრო დანაყოფები და განათავსოს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს მეორე გზა უფრო სწრაფია, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, თუ რა ძალაზეა საუბარი, რა რეაქციას გამოიწვევს რუსეთში, რა კონტროლის საშუალებები იქნება. ამიტომ ძალთა ბალანსის აღდგენა ამ ეტაპზე ძალიან რთულია, იმიტომ, რომ რუსეთი გამალებით ცდილობს შავი ზღვის ფლოტის გადაიარაღებას. ამ ეტაპზე რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები შავი ზღვის აკვატორიაში აღემატება თვით თურქეთისასაც. ცივი ომის შემდეგ თურქეთი იყო ყველაზე ძლიერი, ახლა კი რუსეთია”, – გვითხრა ირაკლი ალადაშვილმა.

“საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ მოსკოვის განცხადებები ყირიმში ბირთვული შეიარაღების შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებით, ნატოს რეაქციის მოსასინჯად კეთდება. მისივე აზრით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მტკიცე და ერთსულოვანი იქნება თავად ნატოს გადაწყვეტილებები შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსის აღდგენის მიმართულებით.

“2012 წელს რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული მოვლენების შემდეგ ნატომ რუსეთის მიმართ შეცვალა პოზიცია და საფრთხის შემცველ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სტრატეგია შეცვალა და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად. ვარშავის სამიტზე გაჟღერდება რუმინეთის ინიციატივა, რომ შავ ზღვაზე შეიქმნას ფლოტი, რომლის შემადგენლობაში შევლენ არა მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო გემები, არამედ ძალიან ახლო პარტნიორების – საქართველოსა და უკრაინის სამხედრო გემებიც. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალიანსი. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან ყირიმში ე.წ. ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების შესაძლო განლაგება გახდა. თუმცა, ოფიციალური მოსკოვის მხრიდან მსგავსი აგრესიული გამონათქვამები პირველი არ არის. ასეთი განცხადებები კეთდებოდა 90-იან წლებშიც ნატოში ბალტიის ქვეყნების გაწევრიანებამდეც, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ არის სიმტკიცე ალიანსში გაფართოებასთან დაკავშირებით, რომ ევროპა და ამერიკა ერთად დგას და მიღებულია მტკიცე გადაწყვეტილება, რუსეთის განცხადებები განცხადებებად დარჩა.

ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, თუ მტკიცე იქნება ალიანსის პოზიცია, თუ ერთგვაროვანი გზავნილები იქნება რუსეთისადმი გაგზავნილი და ამაში ჩვენც დავეხმარებით. პირველ რიგში კი საქართველომ და უკრაინამ უნდა განახორციელონ რეფორმები ნატოს სტანდარტებით და მაშინ მსგავს გადაწყვეტილებას და ერთიანობას ნამდვილად უნდა ველოდოთ”, – აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

რეზონანსი, 16 აპრილი, 2016 წელი

უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და ხელისუფლების გაუხმაურებელი ნაბიჯები

ეს ვიცით ჩვენ და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვეტყვით პრესას

ნინო ქეთელაური

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი 20-21 აპრილს განიხილავს. პრაქტიკულად ეს ბოლო ნაბიჯია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გზაზე და თუ საკომიტეტო განხილვაზე საკითხი დადებითად გადაწყდა, ივნისის თვეში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე ევროპარლამენტმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ნაბიჯებს დგამენ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად და ამ ნაბიჯების გახმაურება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. “15 წუთიანი განხილვა საჭიროა იმისთვის, რომ საქართველო ამოიღონ იმ სიიდან, რომლის მიხედვითაც ეკუთვნის ვიზის აღება და ჩასვან მეორე სიაში, რომლის მიხედვითაც აღარ მოუწევს ვიზის აღება. ევროპარლამენტია და ბუნებრივია, ვერავინ იტყვის, რომ 100%-ით იცის, რა შედეგი იქნება, მაგრამ იმ ანგარიშით, რაც ჩვენ გვაქვს და იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით განწყობა, ვიცით, ვინ არიან კომიტეტის წევრები, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. არ განვიხილავთ იმ ვარიანტებს, რაც არარეალისტურია და ტყუილად ნერვიულობას არ დავიწყებთ ამაზე”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ევროპის სახალხო პარტიაში” აზრთა სხვაობა იქნება და მათი უმრავლესობა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს არ დაუჭერს, შანსი მაინც დიდია, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის დადებითად გადაწყდეს.

“უნდა ითქვას, რომ “ევროპის სახალხო პარტია” არ არის ერთიანი და არც უმრავლესობაა. მთელი “ევროპის სახალხო პარტია” რომ გადაგვიდგეს და წინააღმდეგი წავიდეს, ჩვენ მაინც ძალიან მაღალი შანსი გვრჩება, რომ ეს საკითხი კომიტეტზეც და ევროპარლამენტის სესიაზეც წარმატებით გავიდეს. ამასთანავე, ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც ვდგამთ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი, რომელიც მთავრობის კონკრეტულ ნაბიჯებს არ ასახელებს და განმარტავს, რომ ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. კონკრეტული ნაბიჯები არის ის, რომელიც ვიცით ჩვენ და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვეტყვით პრესას. ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა ნაბიჯი, რაც გადასადგმელია აღმასრულებელი თუ საპარლამენტო ხელისუფლების მხრიდან, გადადგმულია. მაგრამ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებსაც, რაც მერე გახდება ცნობილი”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე “რეზონანსთან” საუბრისას იმ პროცესებს განმარტავს, რაც ვიზალიბერალიზაციის საბოლოო დამტკიცებისთვისაა საჭირო.

“მას შემდე, რაც მართლმსაჯულების, სამოქალაქო თავისუფლებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი ამ საკითხს განიხილავენ, ამის მერე, მაისის დასაწყისისთვის ეს გადაეგზავნება ვიზა ჯგუფს, რის შემდეგაც ამას განიხილავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელების მოადგილეები, ვინც ბრიუსელში არიან აკრედიტებულები და მიაწვდიან მინისტრთა საბჭოს. თუ ეს ყველაფერი თავის დროზე მოესწრო, 10 ივნისს უკვე მინისტრთა საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, რომელიც საქარველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესაძლებლობას გამორიცხავს.

თუ ასე მოხდა, მაშინ ჩავარდება თემა და გაურკვეველი დროით გადაიწევს, მაგრამ მე გამოვრიცხავ, რომ უარი გვითხრან. ისტორიას არ ახსოვს, რომ როდესაც კომისიამ დადებითი დასკვნა დაედოს, პარლამენტს უარყოფითად ეყაროს კენჭი. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინეთ, რომ იანვრის დასაწყისში ევროპარლამენტს რეზოლუცია აქვს მიღებული, სადაც მოუწოდებს სხვებს, რომ დაჩქარებული წესით განიხილონ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. აქედან გამომდინარე, სრულიად ალოგიკურია, რომ უარყოფით გადაწყვეტილება მიიღონ”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე და განმარტავს, რომ ახლა მთავარია საქართვცელოს ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციის საკითხი დღის წესრიგის მთავარ თემად შეინარჩუნოს და თუკი ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანას კითხვები გაუჩნდება, საქართველოს მთვარობამ ამომწურავად უპასუხოს.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი “თავისუფალი დემოკრატებიდან” ვიქტორ დოლიძე “რეზონანსთან” საუბარისას აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებთან მუშაობა ამ დრომდე გრძელდება და ვიზალიბერალიზაციის დადებითად გადაწყვეტაა მოსალოდნელი. თუმცა, როგორც დეპუტატი ამბობს, საკითხის გადაწყვეტა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული.

“ჩვენ ახლაც ვმუშაობთ ევროპარლამენტარებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან და მინდა გითხრათ, რომ საიმედო პერსპექტივაა. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დადებითი პასუხი უნდა წამოვიდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ნიდერლანდების პრეზიდენტმა, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერმა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ეს იქნება მათი ბოლო ხელმოწერა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებაზე. ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში შევა ძალაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ პროცესს გავივლით მაისში და ივნისში უკვე საბოლოოდ დასრულდება”, – აცხადებს ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე უარყოფით დასკვნას ასევე გამორიცხავს. თუ უარყოფითად გადაწყდა, მაშინ შეიძლება გადაიდოს. ეს ხდება მაშინ, თუ რომელიმე კომიტეტი ან სხდომა არ დაამტკიცებს. მაგრამ არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ საიმისოდ, რომ უარყოფითად გადაწყვიტონ. მე დადებით გადაწყვეტილებას განვიხილავ მხოლოდ და მოლოდინიც შესაბამისი მაქვს”, – ამბობს ვიქტორ დოლიძე და საქართველოს პარლამენტის წარმამდგენლებს მოუწოდებს, რომ არ გაუშვან ხელიდან არცერთი შანსი, რომელიც ევროპელ კოლეგებთან სასაუბროდ მიეცემათ.

“ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო როგორც ევროპარლამენტში, ისე მის წევრ ქვეყნებთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იუსტიციის, როგორც შინაგან, ისე საგარეო საქმეთა მინისტრები ბევრს მოგზაურობენ გერმანიაში, საფრანგეთსა თუ ნიდერლანდებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ საკუთარ კოლეგებთან”, – ამბობს ვიქტორ დოლიძე.

“ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ის პირადად ესაუბრა “ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენელს და არ არსებობს საფრთხე, რომ საკითხი უარყოფითად გადაწყდეს.

“ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენელ პაველ სვობოდას პირადად ვესაუბრე, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა. მან თქვა, რომ “ევროპის სახალხო პარტიაში” არანაირი პრობლემები არ არის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით და ისინი ნამდვილად უჭერენ მხარს საქართველოს. რაც შეეხება იმ განცხადებას, რაც ამას წინათ გაკეთდა “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტის მხრიდან, პაველ სვობოდამ მითხრა, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზეო. ასე რომ, “ევროპის სახალხო პარტიაც” მხარს უჭერს ამ პროცესის დაწყებას”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი, რომელიც თვლის, რომ უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო დასტურის მიღებამდე ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაა საჭირო. ამ ეტპაზე მაქსიმალური დიპლომატიური ძალისხმევაა საჭირო. ქვეყანაში არ უნდა გაუარესდეს გარემო, თორემ ამ ვითრებაში, რომელშიც ვიმყოფებით, ვიზალიბერალიზაციის რეალური შანსი ნამდვილად გვაქვს”, – ამბობობს კახა გოგოლაშვილი.

„ქართული გაზეთი“, 13 აპრილი

ოცნებაბურჯანაძეს და ინაშვილს ეკვრება?

რედაქცია

„ქართული ოცნება“ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას აპირებს, ვისაც კი საზოგადოება აირჩევს – ამ შინაარსის განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა პარლამენტარმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკი ამბობს, კოალიცია ითანამშრომლებს ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პარტიებთან, თუკი ისინი შეძლებენ და საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.თავად ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებად თვლის იმას, რომ ვიღაცამ იფიქრა, ივანიშვილი ინაშვილსა და ბურჯანაძეს ოპონენტებად აღიქვამსო. ამიტომაც, ვოლსკიმ ეს მოსაზრება უარყო და განმარტა, რომ ივანიშვილი მათთან ოპონირებისთვის კი არა, თანამშრომლობისთვისაა მზად.

„ქართული ოცნების“ ამ პოზიციამ საზოგადოებაში უკვე გააჩინა ბევრი კითხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კოალიცია, რომელიც ამ ხნის მანძილზე ევროპისკენ სვლაზე საუბრობდა და 4 წლის მთავარ მიღწევად დაგეგმილ ვიზალიბერალიზაციას თვლიდა, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე აცხადებს, რომ მზადაა პრორუსული ორიენტაციის პარტიებთან შევიდეს ალიანსში. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ რამდენიმე თვით ადრე განიხილავდა მათთან თანამშრომლობას, მაგრამ ამისთვის საჭიროა ინაშვილსა და ბურჯანაძეს პრორუსი პოლიტიკოსების იმიჯი ჩამოაშორონ, ამ მიზნით ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ოცნება“ „ბურჯანაძე დემოკრატებსა“ და ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსს პრორუსულ პარტიებად არ განიხილავენ.

მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ივანიშვილის გუნდმა ინაშვილისა და ბურჯანაძის პარტიებთან თანამშრომლობაზე უარი არ თქვას, ის პოლიტიკური რეალობა გახდა, რომელშიც „ოცნება“ აღმოჩნდა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციას ჯერ ალასანიას გუნდი გამოაკლდა. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კი „რესპუბლიკელებმა“ და „ეროვნულმა ფორუმმა“ განაცხადეს, რომ კოალიციიდან გადიან და კენჭს დამოუკიდებლად იყრიან. პარტიის რეიტინგის კვლევამ კი აჩვენა, რომ მათ მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობა მკვეთრად შემცირებულია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით ვეღარ შევა. უმრავლესობის მოპოვების მიზნით „ქართულმა ოცნებამ“ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს ინაშვილთან და ბურჯანაძესთან, რაც მას საპარლამენტო უმრავლესობის გარანტიას მისცემს.

გია ვოლსკის ეს განცხადება აჩენს ლოგიკურ ეჭვს, რომ ამ საკითხზე კოალიციაში უკვე იმსჯელეს. ცნობილი არ არის – რა სახის თანამშრომლობაზეა საუბარი. შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ბურჯანაძესა და ინაშვილთან გაერთიანება არჩევნებამდეც არჩიოს. უფრო რეალურია, რომ დაშლილი კოალიცია არჩევნების შედეგს დაელოდება და შემდეგ შექმნის ახალ კოალიციას, რომელშიც ინაშვილისა და ბურჯანაძის გაერთიანება მოხდება, თუკი ეს უკანასკნელები შეძლებენ და საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. თავად ინაშვილსა და ბურჯანაძეს ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია, ეს პარტიები ისურვებენ თუ არა ივანიშვილის კოალციაში გაერთიანებას ან, საერთოდ, მათან რაიმე ფორმის თანამშ-რომლობას. ეს, სავარაუდოდ, არაა გამორიცხული.

„ქართული გაზეთი“, 13 აპრილი

ენდე, აი!!!

რეზო შატაკიშვილი

NDI-მ კვლევის ახალი ანგარიში წარმოადგინა. მოკლე რეპლიკა, რომელიც წარმოდგენილ კვლევის შედეგებს ზედ აკვდება, შემდეგია: ენდე, აი!!! ეს რეპლიკა, რა თქმა უნდა, იმ ხელისუფლების მიმართაა ნასროლი, რომელმაც ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო.

შედეგები, მართლაც რომ, დამთრგუნველია. ბოლო 6 წლის მანძილზე, წელს ყველაზე მეტი გამოკითხული მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 2009 წელს 17-31% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა, 2010 წელს – 18-20%, 2011 წელს – 18-19%. 2012 წელს მხოლოდ 10-22% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, დიახ, 2012 წელს, რასაც მოჰყვა ის, რაც მოჰყვა, ხალხმა მმართველ ძალას – „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელიდან ქვეყნის მართვის აღვირი გამოგლიჯა და „ოცნებას მისცა“. მაგრამ, რა ხეირი? 2013 წელს, თუკი ჯერაც მოლოდინი ჰქონდათ, რომ ქვეყანა სწორი გზით წავიდოდა და მხოლოდ 9-15% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 16-18%-მდე ავიდა, 2015 წელს საერთოდ გაორმაგდა – 37% გახდა და წელს უკვე 39% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება!

2012 წელს, ანუ საპარლამენტო არჩევნების წელს, მხოლოდ 10-22% იყო ეს მაჩვენებელი. ახლა, ისევ საპარლამენტო არჩევნების წელს, უკვე 39% და დიდი რამ უნდა იმის მიხვედრას, რაც მოჰყვება ამ ყველაფერს? დიდი მიხვედრა არც იმას უნდა, რომ, შესაბამისად, კატასტროფულად შემცირა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. ბოლო 7 წლის მანძილზე, ახლა, ყველაზე ნაკლები გამოიკითხული ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორად მიდის.

2009 წელს გამოკითხულების 40-50% ფიქრობდა რომ სწორად მივდიოდით, 2010 წელს – 50-53 %, 2011 წელს – 36-60%, 2012 წელს – 55-60%; 2013 წელს – 40-55%; 2014 წელს – 40%; შარშან, 2015 წელს კი ასე მხოლოდ 25%-ღა ფიქრობდა. ახლა კი კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა მხოლოდ 20% პასუხობს, რომ „სწორი მიმართულებით“.

ასევე, ბოლო 6 წლის მანძილზე, წელს ყველაზე მეტი გამოკითხული ამბობს, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს. ასე, 2010-2014 წლებში, მხოლოდ 18-36% ფიქრობდა, 2015 წელს მათი რიცხვი 50%-მდე გაიზარდა, ახლა კი უკვე 58% ამბობს ამას!

ამ ყველაფრის შემდეგ რაღა გასაკვირია – ხალხი ფიქრობს, რომ უარესად ცხოვრობს, ვიდრე ცხოვრობდა ოცნების მოსვლამდე. 2013-2014 წლებსი ჯერ კიდევ იყო, ერთი მხრით, მოლოდინი და მეორე მხრით, ალბათ, დანაზოგი ჯერ არ ჰქონდათ გამოჭმული და გამოკითხულთა 20%-ზე ნაკლები ამბობდა, რომ მისი ოჯახი უარესად ცხოვრობს, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 34%-მდე ავარდა. ახლა კი 42% ამბობს, რომ მისი ოჯახი უარესად ცხოვრობს, ვიდრე ცხოვრობდა 2012 წლამდე! და კიდევ, თუ 2013 წლის მარტში 80%-ზე მეტი აცხადებდა, რომ ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისი მდგომარეობა არ შეცვლილა, ახლა უკვე 47% ამბობს იმას, რომ „იმავე მდგომარეობაშია“. 2013 წელს გამოკითხულთა 15% ამბობდა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უკეთესად ცხოვრობს. ახლა 10%-ღა ამბობს ამას. ეს, რა თქმა უნდა, ის 10%-ია, რომელიც ოცნებამ დაასაქმა და აღაზევა!

ამ ყველაფრის შემდეგ საინტერესოა ერთი კითხვის შედეგი. ის უკვე აშკარად მენტალობის სფეროს განეკუთვნება. კერძოდ, კითხვაზე – „ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ“ – გამოკითხულთა 19% პასუხობს, რომ „უკეთესად“.

ხედავთ? გამოკითხულთა 42 % ამბობს, რომ უარესად ცხოვრობს, 47% ამბობს, რომ იმავე მდგომარეობაშია, მხოლოდ 10% ცხოვრობს უკეთესად. და ამის მერე, ეკითხებიან, მაინც როგორ გრძნობთ თავსო და 19% კვლავ იხტიბარს არ იტეხს და ამბობს – „უკეთესადო“. კარგი, ბატონო, ამ 19 %-ში ის 10%-იც შედის, რომელიც უკეთესად ცხოვრობს, მაგრამ ეს 9%? მათი ცხოვრება ან გაუარესდა, ან იგივე დარჩა და მაინც, როგორ არიან უკეთესად? აი, ამ 9%-ში იგულისხმება – „ნაცები ხომ მაინც მოგვაშორეს“, „თავისუფლად ვსუნთქავთ“… ანუ, საოცნებო ოცნებავ – ეს 9%-ია რეალურად ჯიუტად „ქოცი“, 10% – პრაგმატულად „ქოცი“ – დაასაქმეთ, ახეირეთ, ციხიდან „სვებოდაზე“ გამოუშვით… რეალურად, სწორედ აი, ეს 19-20% გახლავთ თქვენი პარტიული რეიტინგი, ანუ ის ხალხი, რომელიც მაინც ჯიუტად მიიჩნევს, რომ უკეთესად ცხოვრობს და მაინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

მოკლედ, ხალხზე, გამოკითხულთა უმრავლესობაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რეალობას მოწყვეტილია. ამას მოწმობს სხვა საკითხებზე მათ მიერ გაცემული პასუხებიც. NATO-ს წევრობა 68%-ს უნდა, გამოკითხულთა უმეტესობა რეალურად ხედავს საფრთხეს – 47% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

საბედნიეროდ, ძირითად მიმართულებებში, მიუხედავად იმისა, რომ, რა არ ქენით, რა პრორუსული პროპაგანდა არ აფინანსეთ ბიუჯეტიდან, დასავლეთის დემონიზაციისთვის რა არ ჩაიდინეთ, რა არ იხიმანდრეთ, ძირითად მიმართულებებში მაინც ვერ აურიეთ ხალხს ტვინი. მაგრამ, სამწუხაროდ, ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც მუდამ იყო მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების სამეულში, კვლევ აღარაა. პირველად ეს საკითხი, შარშან მაისში ვეღარ მოხვდა სამეულში. მისი ადგილი ფასების ზრდამ დაიკავა. წელს კი, საერთოდ, მეხუთე ადგილზე გადავიდა და ის მეოთხე ადგილიც პენსიებმა დაიკავა.

ხალხი ისე დაამშიეთ, რომ აფხაზეთიც დაავიწყეთ და ცხინვალის რეგიონიც! ახლა გამოკითხულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია, მეორე ადგილზე ფასების ზრდა/ინფლაციაა, მესამე ადგილზე – სიღარიბე, მეოთხეზე – პენსიები. მხოლოდ მეხუთე ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობა, ისიც, ისევ და ისევ, ხელფასებთან ტანდემში! გესმით, რა დამართეთ ხალხს, ქვეყანას? უმუშევრობაში, სიღარიბეში, ინფლაციაში ამოხადეთ სული! დაამშიეთ, ლუკმა-პურის ნატრული გახადეთ! ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეთ, რომ ის ციხეები, რომელიც მათთვის ასე აქტუალური იყო 2012-ში, ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდა – 1%-ისთვისღაა ციხე მნიშვნელოვანი! ზუსტად იმდენივესთვის, რამდენივესთვისაც მნიშვნელოვანია უმცირესობების უფლებები და მედიის დამოუკიდებლობა!

და რისი იმედი გაქვთ, რომ ამ დამშეულ ხალხს მუცელს ისევ თქვენი ზღაპრებით ამოუყორავთ? თუ იმ ტაშ-ფანდურით, რომელისთვისაც ბიუჯეტიდან 29 მილიონი გამოყავით? 1-2 მილიონი რომ იხარჯებოდა გრანდიზოულ კონცერტებზე, კრუნჩხვებში ვარდებოდით და ახლა 29 მილიონად კარგია „განდაგანა“? და კიდევ, ამ 29 მილიონთან დაკავშირებით. ახლა, რომ ამდენი კონცერტი და ფესტივალი ჩამოაწიკწიკეთ, კარგია, მაგრამ 2013 წელს რატომ არ იყო, ან 2014 წელს? ან შარშან? რაღა ახლა, არჩევნების წელს გაგახსენდათ? ანუ, რას აკეთებთ ამ 29 მილიონად? მეცხვარეებს ცხვრის საკვები რომ გამოელევათ და გუდაში კატას რომ უსვამენ და უკიდებენ, რომ იმის ჩხავილმა ცხვრებს ყურადღება გაუფანტოს, იმ გუდაზე მიმართოს და შიმშილი დაავიწყოს? ბარემ ქვამარილიც ჩამოგვირიგეთ, რომ ხალხმა ალოკოს, მერე ბევრი წყალი სვას და თავი მაძღარი ეგონოს!

NDI-მ  კვლევის ისეთი შედეგები დადო, „ქოცები“ რომ იაპონელები იყვნენ, ჰარაკირი უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ, ვინაიდან, ჩვენი კულტურული წიაღი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს, ლაღად არიან. იმდენად ლაღად და არხეინად, რომ ასეთ ფუქსავატობას არათუ შეჭმარიტად ქართული კულტურა, არამედ გადაგვარებული, თვით „ღრუზინულიც“ არ ითვალისწინებს. ეს რაღაც ახალი სტანდარტია, წმინდა ბიძინისგან კურთხეული, ღრმად ქოცური.

აგერ, დეპუტატი ფოფხაძე, ასე რომ არცხვენს ულამაზესი ფრინველის სახელს, დგას და თავს იმშვიდებს, NDI-ის კვლევების მეთოდოლოგიას რაღაც პრობლემები აქვსო. თან ამბობს, სოციოლოგი არ ვარო. არაა, მაგრამ მაინც იცის. ხვდება, სწვდება! არაა, განა ხვდება, უბრალოდ სარკეში იყურება და იქიდან კარგად მოკვიტინებული, კარგად ნასუქი გედი უყურებს, წითლად აღაჟრაჟებული და აბა, როგორ დაიჯეროს, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბეა და ცხოვრების დონე გაუარესებულია 2012 წლის შემდეგ? ხედავს, რომ თვითონ აშკარად კარგადაა, ღაბაბიც კი მოიგდო 2012 წლის შემდეგ და როგორ დაიჯეროს, რომ ცხოვრება გაუარესდა? „ზნაჩიტ“, NDI-ის კვლევების მეთოდოლოგიას აქვს რაღაც პრობლემები…

აგერ, ცეკას ინსტრუქტორი ვოლსკიც „ენდიაის“ უნდობლობის შლეიფზე აკეთებს აქცენტს. რას ვიზამთ, ეგ ისეთ პარტიაში იდგა ქურუმად, 100%-იანი ნდობით რომ კაშკაშებდა… მაგრამ, მარტო უნდობლობის შლეიფი რა არისო, კაცი გვეუბნება – გამოკითხვები რად მინდა, მე ისედაც დაგისახელებთ ხუთეულს, სადაც პირობები გაუარესდაო. ცეკაში რუსთაველი არ გიყვარდათ, ბატონი ვოლსკი, მაგრამ რუსთაველს ასეთი სტრიქონი აქვს – „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა“… ხუთეულის დარაკრაკება რა ბედენაა, თქვენ ის თქვით, რას აკეთებთ, რომ ხალხს ცხოვრება არ გაუუარესდეს…

აგერ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა – მაიცა, რაო და ხელი აიქნია – ასი წლის მერეც, სამი საუკუნის მერეც იტყვიან, რომ მეტია გასაკეთებელიო. ანუ? ანუ ის, რომ გაკეთებული ბევრია, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვერ გაძღა ჩვენი ღორი მუცელი – მეტი გვინდა! ხოდა, ბატონი მინისტრი გვამშვიდებს  ეგ ეგრეა, სამი საუკუნის მერეც მეტი ენდომება ხალხსო.

ბატონო მინისტრებო, პრემია-დანამატებით დასუქებულნო, ხომ არ ჯობია, იმაზე ფიქრს, ასი წლის მერე და სამი საუკუნის მერე ვინ რას იტყვის საკეთებელზე, იმაზე იფქიროთ, რას აკეთებთ ახლა თქვენ და რას იტყვის ხალხი – საკეთებელზე კი არა – თქვენზე, ასი წლის მერე? როგორ შეხვალთ ისტორიაში? იმის იმედად ხართ, რომ ისტორია თქვენთვის ვერ მოიცლის? ხვდებით, რომ თქვენი ფეხი არ იქნება ისტორიაში და ამიტომ ხართ ასე მოსწორებაზე? ფრთხილად იყავით, შადიმან ბარათაშვილსაც მასე ეგონა, ყორღანაშვილსაც, ქართლ-კახეთის ბოლო ზაქიჭამია მეფესაც…

აი, განათლების მინისტრმა, ქალბატონმა თამარმა, ვითარცა ბეჯით ბუღალტერს შეშვენის, გაგვანათლა – მარტო ერთ კვლევას რომ ეყრდნობით, ეგ როგორ შეიძლებაო. თუ დასკვნის გამოტანა გინდათ, ერთ კვლევას რატომ ეყრდნობითო. თან NDI-ის კვლევებს, რომლის მიმართაც ყოველთვის ისმება კითხვის ნიშნებიო. ქალბატონი მინისტრი იმას არ ამბობს, რომ მათ გარდა ამ კვლევის შედეგებს რომ არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ყველა სხვას რომ ძახილის ნიშნის ქვეშ უყენია! მაგრამ, ეს არაფერი. ქალბატონი თამარი, სხვა კვლევებში ჩახედვისკენაც მოგვიწოდებს. თურმე, არის ძალიან ბევრი „სხვა კვლევა და შესწავლისა და გაზომვის მექანიზმები. სხვადასხვა მექანიზმები გვაჩვენებს სხვადასხვა სურათს. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ ქვეყანა განვითარებაზე დგას და რაღაც პრობლემების დაძლევა ეტაპობრივად ხდება – ეს სახეზეა“.

„ქვეყანა განვითარებაზე დგას“ – როგორ მოგწონთ სანიკიძის ქართული? რა უჭირს? მოიცა, თქვენ ის ხალხი არ ხართ, კახა ლომაიას რომ დაფაზე სიტყვებს აწერინებდით და უნებლიე შეცდომის შემთხვევაში მის კოცონზე დაწვას ითხოვდით? ქვეყანა რა კახპაა, განვითარება კი „პანელი“ და იქ დგას?

მოვეშვათ სანიკიძის ტურფა ქართულს. ვნახოთ, მაინც, რისკენ მოგვიწოდებს: „სხვა გაზომვის მექანიზმებს თუ ავიღებთ და ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ უკეთესი მდგომარეობაა“.

ანუ, რა დაგემართათ, ბიძინას შეკვეთილი კვლევები იკითხეთ და გულიც არ გაგისკდებათო. აი, ბატონი ტყემალაძე კი კვლავ ბანანის ხეზედ ბრძანდება და ტყემალს იქ მიირთმევს – რას მიედ-მოედებით, ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად არ არის გაუარესებულიო. დასაქმებულთა რიცხვიც 40 ათასითაა გაზრდილიო. ამ 40 ათასში ბატონი ტყემალაძე, ალბათ, იმ მეოცნებე აქტივისტებს გულისხმობს, რომლებითაც საჯარო უწყებები გაბერეს. თოფაძის ძმადნაფიცი უტიფრად გვიმტკიცებს – „2012 წლის შემდეგ ნამდვილად უფრო უკეთეს მდგომარეობაშია სოფლის მაცხოვრებელი“.

ეს რომელი სოფლები, რომლებიც 5-5 მილიონს რომ ელოდნენ „კუკარაჩას“ ნახვის სანაცვლოდ და პირში კუკარაჩაგამოვლებულები რომ დარჩნენ?

მაგრამ, რა უნდა მოსთხოვო ტყემალაძეს, როცა ღარიბაშვილზე უკეთესი კვირიკაშვილი გამოდის და გვეუბნება, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა – უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდებაო. თავის დროზე, დალი ფრიდონაშვილს ჰქონდა გადაცემა „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა“. ბატონო პრემიერო, ღარიბაშვილზე უკეთესო, თქვენ იმ ბრძენმა კაცმა პრემიერად დაგნიშნათ თუ, ბოდიში მომითხოვია და, დალი ფრიდონაშვილად? ვაგლახ, რომ თქვენ არც თქვენ წინამორბედზე უკეთესი ხართ და არც დალი ფრიდონაშვილზე! დალი ფრიდონაშვილი ბევრად დამაჯრეებლად გვიამბობდა აშკარად დაუჯერებელ ამბებს…

თქვენ არ გჯერათ NDI-ს კვლევის შედეგები, 2016 წლის ოქტომბერიც მოვა დაიჯერებთ…

——————————-

„ახალი თაობა“, 16 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ კახა კოჟორიძესთან: „საარჩევნო კამპანია მაისის მეორე ნახევრიდან უნდა დაიწყოსნუთუ ქვეყანას არ უღირს, გადაიხადოს 800 ათასი ლარით მეტი იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უკეთესი არჩევანი გააკეთონ?”

რას ედავება მთავრობა პრეზიდენტს? რატომ დაუწუნეს გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერთან იყო შეთანხმებული? როგორია პრეზიდენტის პოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით? ვინ მოახვია პრეზიდენტს თავს, რომ 8 აგვისტოს დაწყებულიყო წინასაარჩევნო კამპანია? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე პასუხობს.

- რას ედავებიან პრეზიდენტს?

- მე მაგაზე როგორ გიპასუხოთ, ეს იმათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს. ნაჩქარევი ნამდვილად არ იყო ის, რომ პრეზიდენტმა თქვა, მაისის დასაწყისში გამოვცემ აქტსო. მართალია, ეს განცხადება გაკეთდა პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე საათში, მაგრამ ეს თემა, კარგად იცით, ბოლო დღეების განმავლობაში არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა და ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში გავაანალიზეთ ყველა ის არგუმენტი, რომლებიც მოვისმინეთ პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სხვა ნებისმიერი აქტორის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ნაჩქარევი ნამდვილად არ იყო.

- წინასაარჩევნო კამპანიის 8 აგვისტოს დაწყებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია. როდის უნდა დაიწყოს, 8 აგვისტოს თუ 8 ივლისს?

- რა არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესი ამ არჩევნებთან დაკავშირებით?! ეს არჩევნები ყველა ადრინდელ არჩევნებზე უკეთესი უნდა იყოს, სადაც ამომრჩეველი კეთილსა და ბოროტს შორის კი არ გააკეთებს არჩევანს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. არამედ, კარგად გაიაზრებს თითოეული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამას, კარგად გააანალიზებს, უფრო რეალისტური რომელია, რომელი უფრო კარგად მოაგვარებს იმ ყოველდღიურ პრობლემებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უდგათ დღის წესრიგში და ამის შემდეგ მიიღებს კარგად გაანალიზებულ გადაწყვეტილებას.

- თქვენ მიდიხართ იქითკენ, რომ ამისთვის მეტი დროა საჭირო?

- რასაკვირველია და ვერავინ შემედავება იმაზე, რომ ხუთი თვე სჯობია სამ თვეს იმისთვის, რომ ამომრჩეველმა უკეთესი არჩევანი გააკეთოს. გარდა ამისა, თავად პოლიტიკურ პარტიებსაც სჭირდებათ დრო იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია კარგად დაგეგმონ და აწარმოონ. კიდევ დამატებითი არგუმენტი არის ის, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ საჯარო მოხელეებს საარჩევნო კანონმდებლობა აკისრებს ნეიტრალიტეტის დაცვას, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

- რას ნიშნავს ეს?

- ეს ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, თუ თბილისის მერია გადაწყვეტს, თბილისის მერიის შენობა დაუთმოს “ქართულ ოცნებას“ მოქალაქეებთან შეხვედრის მიზნით, საარჩევნო კამპანია როგორც კი დაიწყება, ანალოგიური ვალდებულება თბილისის მერიას ექნება ნებისმიერი სხვა პოლიტიკური სუბიექტის მიმართაც. ახლა ეს ვალდებულება არ აქვს და ის საარჩევნო კამპანიის დაწყებისას წარმოეშობა. საჯარო მოხელეებს წარმოეშობათ ვალდებულება, რომ რა პრივილეგიასაც მიანიჭებენ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს, სხვებიც ასარგებლონ იმავე პრივილეგიებით.

- ანუ სამართლიანი მიდგომა იყოს?

- ცხადია, სამართლიანი გარემოს შექმნაა ჩვენი სურვილი და ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს ამომრჩეველთან ურთიერთობისა და საკუთარი პოლიტიკური ხედვების პრეზენტაციის თანაბარი შესაძლებლობა.

- რატომ უწოდა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაადეკვატური? ეს შეთანხმება ხომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მოხდა და სწორედ ამის შემდეგ გაკეთდა განცხადება? რატომ ბრალდება მხოლოდ პრეზიდენტს?

- არ ვიცი, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ. მე რასაც ვაკვირდები, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დღევანდელ პერიოდს არ ეხება. არის ხოლმე ხშირად, როდესაც პირადად მე მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რიგი პოლიტიკოსები საკუთარ პოლიტიკურ და პარტიულ მიზნებს აყენებენ წინა პლანზე და არ უყურებენ ქვეყნის ინტერესებს. როდესაც ასეთი მიდგომაა, სწორედ მაშინ კეთება გაუგებარი განცხადებები, ისეთი, როგორიც მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ არაერთი.

- ოპოზიცია გასაგებია, მაგრამ პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე რას იტყვით? რატომ გააკრიტიკა პრეზიდენტი, რატომ დაუწუნა გადაწყვეტილება? ეს ხომ მასთან შეთანხმების საფუძველზე გაკეთდა. რა მოხდა, რა დაიწუნა პრემიერმა?

- პრემიერ-მინისტრმა დაიწუნა ის, რაც იყო შეთანხმებული თავიდან ბოლომდე საქართველოს მთავრობასთან. უფრო მეტიც, არათუ შეთანხმებული, არამედ 8 აგვისტო არ ყოფილა არც პრეზიდენტისა და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივა, რომ ჩაწერილიყო 8 აგვისტო. ეს სწორედ მათი ინიციატივა იყო იმ მიზნით, რომ კონსტრუქციული ურთიერთობები დამყარებულიყო ყველასთან და კონსტრუქციული საარჩევნო გარემო ყოფილიყო, პრეზიდენტი ამაზე დათანხმდა.

- თუ ეს არაკანონიერი იყო, დრო არასაკმარისი იყო, რატომ დათანხმდა პრეზიდენტი ამ თარიღს?

- პრეზიდენტს იმ შეხვედრაზე აუხსნეს, რომ ბიუჯეტს არ შეეძლო, გაორმაგებული ადმინისტრაციის ხარჯები გაეღო ორ თვეზე უფრო ადრე ვადით. ეს იყო მთავრობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი. შემდეგ კი გაირკვა, რომ ბიუჯეტს ეს შეუძლია. ორი თვის მაგივრად შემდეგ სამი თვე ითქვა. ასევე შემდეგ შეხვედრაზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, რომელიც პარლამენტში შედგა და მას ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატი, ასევე მთავრობის წარმომადგენელი, ცესკომ თქვა, რომ ადმინისტრირების ხარჯი არის 400 ათასი ლარი თვეში. სამ თვესა და ხუთ თვეს შორის განსხვავება ორი თვეა და თანხა გამოდის 800 ათასი. აქედან გამომდინარე, მე ვსვამ რიტორიკულ შეკითხვას, რომელზეც ვერავინ მპასუხობს და ვერც მიპასუხებს.

- რაში მდგომარეობს თქვენი კითხვა?

- ნუთუ ქვეყანას არ უღირს, გადაიხადოს 800 ათასი ლარით მეტი იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთონ უკეთესი არჩევანი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პარლამენტი ეყოლება ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში?! ასევე, ვიცით ის, რომ პარლამენტი აყალიბებს მთავრობას. ეს არჩევნები მხოლოდ პარლამენტის არჩევნები კი არ არის, ეს არის პარალელურად მთავრობის არჩევნები არაპირდაპირი ფორმით. ნუთუ არ ღირს ამაში დამატებით 800 ათასი ლარის გადახდა?! მე მათი არგუმენტაცია ნამდვილად არ მესმის.

- გამოდის, რომ პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული თარიღი, 8 აგვისტო, მთავრობამ მოახვია თავზე?

- არ მინდა მაგ ტერმინების გამოყენება _ მოახვია და ასე შემდეგ.

- ასე რომ გამოდის?

- ერთს გეტყვით, რომ ეს პრეზიდენტის ინიციატივა ნამდვილად არ ყოფილა!

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ ხუთი თვით ადრე უნდა დაიწყოს კამპანია? რა შესწორებები შევა უკან დაბრუნებულ დადგენილებაში?

- კი, მე ვიზიარებ იმას, რომ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს მეტი დრო გაცნობიერებული და კარგად გააზრებული არჩევანის გასაკეთებლად. ეს არჩევანი არ უნდა იყოს დაფუძნებული ისეთ პრინციპებზე, როგორც არის ხოლმე ჩვენთან, უაზრო ბრალდებებზე აგებული – ის ცუდია, ის სამჯერ განათხოვარია და რაღაც გაუგებარ ბრალდებებზე. მე დიდი სურვილი მაქვს, მოვისმინო პოლიტიკური პარტიების ღრმა, შინაარსიანი, არგუმენტირებული ხედვები, ამისთვის კი საჭიროა დრო!

- ხუთთვიანი ვადა პრობლემებს გამოიწვევს ქვეყანაშიო. ამაზე რას იტყვით?

- მე ვერც ამ მოსაზრებას დავეთანხმები და გავიზიარებ, რომ ხუთთვიანი ვადა თუ იქნება, ეს დიდ პრობლემას გამოიწვევს ეკონომიკის განვითარების მხრივ ან არასტაბილურ გარემოს შექმნის. აშშ-ში საარჩევნო კამპანია ერთ წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება და ეს პრობლემას არ ქმნის. ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებით კეთდება ჩვენი მხრიდან აქცენტი მეტ დროზე. სხვა რაიმე კერძო მიზანი პრეზიდენტს თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო არ შეიძლება ჰქონდეს, რომ ეს არ არის არც პრეზიდენტის და არც მისი პოლიტიკური გუნდის არჩევნები, თუმცა მას არც ჰყავს პოლიტიკური გუნდი. ერთადერთი მიზანი სახელმწიფოებრივი ინტერესია.

- რა გადაწყვიტა პრეზიდენტმა, რა თარიღს ჩაწერს, როდის დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, მაისში თუ ივლისში?

- მაისში გამოიცემა აქტი, შემდეგ ეს აქტი გადაეგზავნება კონტრასიგნაციის მიზნით საქართველოს მთავრობას და მთავრობას ექნება გარკვეული დრო იმისთვის, რომ გააკეთოს კონტრასიგნაცია. თუ მთავრობა კონტრასიგნაციას მოახდენს და, იმედი მაქვს, ასე იქნება და ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, მაშინ საარჩევნო კამპანია დაიწყება მაისის მეორე ნახევრიდან. თუ გავიაზრებთ იმას, რა ურჩევნია ქვეყანას, მაშინ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ახალი თაობა“, 16 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან: „პრემიერმა მთელი პასუხისმგებლობა პრეზიდენტს დააკისრა

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა აიღონ პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც.

„როდესაც პრემიერსა და პრეზიდენტს შორის პირველი შეთანხმება მოხდა არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით, მაშინ თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. პრეზიდენტი მიბრძანდა მთავრობის კანცელარიაში, შეხვდა პრემიერს და მან გვითხრა, რომ ის დაარწმუნეს და არჩევნების თარიღიც დაინიშნა. მთავრობის კანცელარიიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა არჩევნების თარიღის შეთანხმებას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ახლა ხდება პრეზიდენტისთვის მთლიანად ამ დიდი გაუგებრობის გადაბრალება, რომ თითქოს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ერთპიროვნულად მიიღო და მთავრობა და მისი მეთაური აქ არაფერ შუაშია“, – ამბობს გია ცაგარეიშვილი.

- თქვენ ფიქრობთ, გაუგებრობაა?

- ყველაფერი ერთად არის. გაუგებრობაც და ისიც, რომ არავის დაეკითხნენ. არ დაეკითხნენ კონსტიტუციონალისტებსა და სამართლის სპეციალისტებს. მთავრობა მოგვიანებით მიხვდა, რომ არჩევნების თარიღის გამოცხადება 6 თვით ადრე კანონმდებლობით განსაზღვრულ ბევრ ვალდებულებას პირველ რიგში ხელისუფლებისთვის გააცოცხლებდა. ამის გაცნობიერებამ ნელ-ნელა დაძაბა სიტუაცია. გამოსავლად კი პრემიერმა კვირიკაშვილმა მოიფიქრა ის, რომ ყველაფერი გადაებრალებინა პრეზიდენტისთვის და მთელი პასუხისმგებლობა მისთვის დაეკისრებინა. ეს არის მცდელობა – მე არაფერ შუაში ვარ. ამან პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის გაღიზიანება გამოიწვია. ეს ბუნებრივიც არის, რადგან შეთანხმება გულისხმობს წარმატებისა და წარუმატებლობის თანაბრად გაზიარებას.

- ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?

- პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა აიღონ პრეზიდენტმაც და პრემიერმაც, ეს იქნება ნორმალური და ერთად უნდა იპოვონ შექმნილი აბსურდიდან გამოსავალიც. მათ ერთად დაუშვეს შეცდომა. პრეზიდენტს მარტო რომ არ მიუღია გადაწყვეტილება არჩევნების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ამაზე ის ვიდეოკადრიც მეტყველებს, რომელიც ასახავს პრეზიდენტის სტუმრობას პრემიერთან მთავრობის კანცელარიაში.

- შექმნილი ვითარება რამდენად შეგიშლით ხელს პოლიტიკურ ძალებს?

- ისედაც საკმაოდ დაძაბულ წინასაარჩევნო ვითარებას ეს გაურკვევლობაც ძაბავს. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ პრეზიდენტსაც და პრემიერსაც იმ შეხვედრაზე დაებარებინათ ცესკოს წარმომადგენელი და არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლები და ერთად გადაგვეწყვიტა ეს საკითხი. ეს ხომ იქნებოდა უფრო დემოკრატიული და უფრო სამართლიანი?! კარების ჩაკეტვა ყოველთვის ამ შედეგებამდე მიგვიყვანს და ეს უნდა გააცნობიერონ. მთავრობის არაპროფესიონალიზმი სრულად გამოჩნდა. ეს იყო სამართლებრივი გაუნათლებლობა. საარჩევნო კოდექსი უნდა აეღოთ ხელში და წაეკითხათ იქ არსებული ჩანაწერი.

- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში გამოსცემს ახალ განკარგულებას, რის კონტრასიგნირებას, ალბათ, პრემიერი არ მოახდენს. პროცესები შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს?

- ეს იქნება სავალალო, მაშინ ჩვენ შეიძლება სამართლებრივ კოლაფსამდე მივიდეთ, ეს კატასტროფა იქნება. ეს ვითარება დასაბუთებულ ეჭვებს გააჩენს, რომ “ქართულ ოცნებას” ისღა დარჩენია, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ რაღაცა დონის წარმატებას მიაღწიოს არჩევნებში.

- საიდან გაქვთ ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს?

- ამაში ეჭვი არ მეპარება. თუ საპირისპიროს დამტკიცება უნდა ხელისუფლებას, მაშინ მაისის დასაწყისში დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია და პრემიერმა ამ განკარგულების კონტრასიგნაცია მოახდინოს. ვიღაცისთვის ეს ადრეა, ვიღაცისთვის _ არა.

- ბიუჯეტზეა საუბარი...

- გასაგებია, მაგრამ 29-მილიონიან კონცერტებს როდესაც ვმართავთ, მისი მესამედი არჩევნებზე მივმართოთ. მერწმუნეთ. დალაგებული საარჩევნო პროცესი უფრო მოეწონება ხალხს, ვიდრე ცნობილი შემსრულებლები სხვადასხვა ქალაქში. ეს არ არის იაფფასიანი პოპულიზმი ჩემი მხრიდან. მე კარგი მომღერალიც მიყვარს და კარგი მუსიკაც, მაგრამ, როდესაც ბატონი პრემიერი ხელს აწერს 29 მილიონის გამოყოფას კონცერტებისთვის და იგივე პრემიერი აცხადებს, ფული არ გვაქვს არჩევნების ნორმალურად ჩასატარებლადო, ეს ყველაფერი არასერიოზულია. ასევე, ნუ გვავიწყდება პრეზიდენტის ნათქვამი, რომ თავისი სარეზერვო ფონდიდან შეეხიდება.

- თუმცა პრეზიდენტის ამ განცხადებასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ითქვა, რომ სარეზერვო ფონდი არ არის მისი პირადი ფული.

- მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. უმრავლესობის ლიდერებმა აბსოლუტურად უკბილო განცხადებები გააკეთეს. პრემიერის სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონის გამოყოფა შეიძლება კონცერტებისთვის და პრეზიდენტმა არ შეიძლება, არჩევნებისთვის გამოყოს ფული?! ხვდებით, როგორ დგას საკითხი?! ეს ხომ არასერიოზულია.

„ახალი თაობა“, 16 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი არ დამალავს, თუ სხვა პარტიებსაც გაუწევს მფარველობას

პარტია „მემარცხენე ალიანსმა“ წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელშიც გამოთქმულია სურვილი, რომ ენდიაის თბილისის ოფისმა სოციოლოგიური კვლევა შეუკვეთოს ნეიტრალურ ადგილობრივ ორგანიზაციას. ამ თემაზე 15 აპრილს საელჩოსთან ბრიფინგიც გამართა. „ახალი თაობა ესაუბრა „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილს

„იმის გამო, რომ ენდიაი“-ს თბილისის ოფისი კვლევებისათვის ქირაობს ლევან თარხნიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციას, კვლევების შედეგები არაობიექტურია. ეს გრძელდება წლების განმავლობაში. თარხნიშვილი ატარებს ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. კვლევების შედეგების პოლიტიკური ნაწილი ხშირად აცდენილია რეალობას. ენდიაის მიერ გამოქვეყნებული არცერთი შედეგი არ დამთხვევია არჩევნების შედეგებს. ეს იწვევს ხალხის უკმაყოფილებას და უარყოფითად მოქმედებზე აშშ-ის ავტორიტეტზე. ამიტომ მივმართეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოკითხვა ჩაატარებინონ სხვა, ნეიტრალურ ორგანიზაციას“, – ამბობს სოსო შატბერაშვილი..

- ანუ არ ეთანხმებით იმ შედეგებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი თითქმის ქართული ოცნებისას უტოლდება?

- ასეთი ციფრები ბლეფია. ისინი ისევე შორსაა რეალობისაგან, როგორც მანამდე გამოცხადებული შედეგები. ისინი არასდროს დამთხვევია არჩევნების შედეგებს.

- ზაფხულში ენდიაი კიდევ ერთი კვლევის ჩატარებას აპირებს...

- თუ ეს კვლევაც ძველებურად ჩატარდა, ისიც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში იქნება. ამის მიზანი ორია. პირველი – საზოგადოება შეაგუონ იმას, რომ ნაცმოძრაობა ძალიან ძლიერი პარტიაა და მეორე – თუ არჩევნების გზით ნაცმოძრაობა ვერ მობრუნდა, მოამზადონ ნიადაგი პროტესტისათვის.

- ნაციონალური მოძრაობა ისევ ითვლება მთავარ ოპოზიციად არა მარტო ენდიაის მონაცემებით...

- წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პარტია გადაჭარბებულად წარმოაჩენს თავის რეიტინგს. ასეა ნაციონალური მოძრაობაც. 2012 წელს, როცა საქართველოში ჩამოსულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე ისაუბრა, ესეც თავისებურად მონათლეს ნაციონალებმა. მათ ჩათვალეს, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება უნდა გადააბაროს სხვა ნაციონალებს. ესეც იყო სასურველის რეალობად გასაღება. ახლაც ეს ხდება.

- თქვენ, მემარცხენე ალიანსი”, ისევ ძველი კოალიციის ფარგლებში აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას? წინა არჩევნების დროს ნინო ბურჯანაძის პარტიასთან და სხვებთან გქონდათ ალიანსი...

- არ არის გამორიცხული, რომ ისევ ამ კოალიციის შემადგენლობაში მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. მაშინ ჩვენ ხუთი სუბიექტი ვიყავით ერთად. შესაძლებელია ისიც, რომ სხვა კოალიციაში გავწევრიანდეთ. გვაკითხავენ პარტიები, რომლებთანაც კონსულტაციები გვაქვს. ამაზე ადრეა საუბარი.

- ქართული ოცნების პარტიები დამოუკიდებლად მონაწილეობენ არჩევნებში.

- ეს კარგია. ეს პარტიები წებოთი შეკოწიწებულებივით იყვნენ. სამწელიწად-ნახევარი მათ ერთმანეთთან და ნაცმოძრაობასთან კინკლაობაში გაატარეს, საქმე კი უკან დარჩათ.

- შესაძლებელია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სხვა რომელიმე პარტიასაც გაუწიოს პროტექცია?

- ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება რამდენიმე პარტიასაც კი გაუწიოს მფარველობა. მთავარია, რომ ის ამას არ დამალავს. ამგვარი ნაბიჯები მას ადრეც არ დაუმალავს.

- ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება თუ არის რეალური?

- ვფიქრობ, ეს საკითხი არ არის აქტუალური. საზოგადოებას, რომელსაც უამრავი სოციალური პრობლემა აწუხებს, ეს არ აინტერესებს. ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ცუდად არ ვარ განწყობილი. ხალხმაც კარგად აღიქვა მისი განცხადებები, რომელიც ეხებოდა ტრადიციების დაცვას, მათ შორის, ოჯახის ინსტიტუტს, მაგრამ ის არ არის ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ამიტომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნება არააქტუალური თემაა.

„ახალი თაობა“, 16 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ამერიკამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას მწვანე შუქი აუნთო… მიხეილ სააკაშვილმა დასაჭერი ხალხის სია უკვე შეადგინა

ვინ გეგმავს საქართველოში საპროტესტო ტალღის აგორებას, რა სიგნალი მოვიდა ამერიკიდან, რა სიები გაამზადეს ნაციონალებმა? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

„საზოგადოებაში ენდიაის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევებმა დიდი გაკვირვება გამოიწვია. არადა, ამაში უცნაური არაფერი ყოფილა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ყოველთვის გამოირჩეოდა არაობიექტური და მიკერძოებული შეფასებებით. დავით ბაქრაძეს რომ ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად გამოაცხადებ, მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამეა. „ენდიაი“ ამერიკის მთავრობის მიერ ფინანსდება და, შესაბამისად, მათ ინტერესებს ატარებს. ამ კვლევის შედეგებით ნათლად გამოჩნდა ვაშინგტონის პოზიცია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ახლავე გეუბნებით, რომ არჩევნების წინ დადებულ კვლევაში სულ სხვა შედეგი იქნება და პარტიების რეიტინგში პირველ ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. რაც ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძეს გაუკეთეს, იმავეს გაუკეთებენ დღევანდელ ხელისუფლებას”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძძემ.

- თქვენი აზრით, გადატრიალებას უნდა ველოდოთ?

- ამის მცდელობა ნამდვილად ექნებათ. გავიხსენოთ, რა განცხადებები გაკეთდა 1991 წელს. ამბობდნენ, ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგო მხარეს მიცურავსო. როცა მთავრობის სახლს ტყვიამფრქვევები ესროლეს, დასავლეთს ხმა არ ამოუღია. ეს დუმილი პუტჩისტებისთვის მწვანე შუქის ანთება იყო. ედუარდ შევარდნაძე სანამ გადადგებოდა, მასთან სტუმრად ჩამოვიდა ჯეიმს ბეიკერი და წასვლა სთხოვა. ის მზად იყო წასასვლელად, ოღონდ მემკვიდრედ სხვა კანდიდატის დატოვება სურდა. ამ დროს კონსტიტუციური სივრციდან გავიდა მიხეილ სააკაშვილი და პირდაპირ ეთერში განაცხადა, თუ შევარდნაძე არ გადადგება, ძალას გამოვიყენებთო.

- რაში სჭირდება დასავლეთს ამ ხელისუფლების შეცვლა? ისინი თითქმის ყველა საკითხს დასავლეთს უთანხმებენ...

- რუსეთ-თურქეთის ომი გარდაუვალია. ამ ვითარებაში დასავლეთს საქართველოში არ სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. `ქართულმა ოცნებამ~ ეს ნეიტრალიტეტი დღემდე შეინარჩუნა. მართალია, თინა ხიდაშელი რამდენჯერმე გამოხტა, მაგრამ მთლიანობაში ნეიტრალურ პოზიციაზე დავრჩით. ამ ვითარებაში სააკაშვილი დასავლეთისთვის იდეალური ვარიანტია. ის ჯერ არ მოსულა ხელისუფლებაში და უკრაინიდან რაღაც საშინელ განცხადებებს აკეთებს. ცოტა ხნის წინ გამოვიდა და ღიად დაუჭირა თურქეთს მხარი. ყარაბაღში რომ გამწვავდა ვითარება, მაშინაც გამოვარდა და აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი. ეს განცხადება იყო წაქეზება სამოქალაქო ომისკენ. როცა შენს ქვეყანაში ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი და ამაზე ოდნავ ნაკლები სომეხი ცხოვრობს, ასეთი განცხადებების გაკეთებას პოლიტიკოსები უნდა მოერიდონ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერს ამერიკას უთანხმებს, მაინც სურთ მისი შეცვლა. ვაშინგტონს საქართველოს ხელისუფლებაში მისი ყურმოჭრილი მონების ხილვა სურს. ამ მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ. არჩევნების დღეს მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები გამოაქვეყნებენ არჩევნების წინასწარ შედეგებს, სადაც პირველ ადგილზე ნაციონალურ მოძრაობას გაიყვანენ. ცესკო სხვა შედეგებს დადებს და დაიწყება ქუჩის აქციები, რომელშიც ხალხიც აქტიურად ჩაერთვება.

- ქუჩის აქციები ნაციონალებმა რამდენჯერმე მოაწყვეს, მაგრამ ხალხი ვერ აიყოლიეს. რატომ გგონიათ, რომ ახლა შეძლებენ ხალხის ქუჩაში გამოყვანას?

- ამაზე უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა. ნაციონალები, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასაც აფინანსებენ. ხალხის მობილიზებას მათი დახმარებითაც შეძლებენ. ამის გარდა, ყოფილ ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს ფულის მობილიზება საშემოდგომო მოვლენებთან დაკავშირებით.

- ამდენი ფული ნაციონალებს საიდან აქვთ?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ფული აქვს. მათ ყველა ბიზნესი შენარჩუნებული აქვთ და არც ფული აკლიათ. ნურც კეზერაშვილისა და სააკაშვილის ფულს დავივიწყებთ. დიდ ფულს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ეს 2003 წელსაც გამოჩნდა. მაშინ რუსთაველზე ბევრი ადამიანი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე მივიდა. ახლაც ასე იქნება. ახალი მაიდანის მოწყობაში სააკაშვილს ენდიაის მსგავსი ინსტიტუტებიც დაეხმარებიან. ხელისუფლება ახლა დგას არჩევანის წინაშე. ისინი ან ბედს უნდა შეეგუონ და შევარდნაძესავით დათმონ ძალაუფლება, ან კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. გადატრიალების სცენარი დაწერილიც არის და სააშკარაოზეა გამოტანილი.

- კონკრეტულ ნაბიჯებში რას გულისხმობთ?

- ქვეყანას ჰყავს უსაფრთხოების სამსახური. მათ კონკრეტული ზომები უნდა მიიღონ იმისთვის, რომ პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გავიდეს. როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, იქ ზედმეტი კეკლუცობა დაუშვებელია. ვინც დასაჭერია, ის უნდა დაიჭირო. სახელმწიფოს მოღალატეები ყველგან მკაცრად ისჯებიან. დემნა ბატონიშვილი ნამდვილი ტახტის მემკვიდრე იყო და ის უნდა გამხდარიყო მეფე, მაგრამ მან ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა. ამის გამო მას თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს.

- ხელისუფლებას ოპონენტების დასაჭურისებისკენ მოუწოდებთ? ამაზე ამბავი ატყდება, მტრისას...

- დასაჭურისებას არ ვითხოვ, მაგრამ არის კანონი და კანონით უნდა ებრძოლო სამშობლოს გამყიდველებს. ნაციონალებს უკვე შექმნილი ჰყავთ დამრბევი ჯგუფები, ე.წ. ტიტუშკები. ისინი დადიან და ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან. ეს პროცესი ხვალ შეიძლება უმართავი გახდეს. მართალია, 2003 წელთან შედარებით სახელმწიფო სტრუქტურები უფრო ძლიერია, მაგრამ მაშინ დასავლეთს შევარდნაძისთვის პირდაპირ არ უთქვამს, წადიო. ახლა ეს მესიჯები ღიად იკითხება. არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ ვარდების რევოლუციის წინ შევარდნაძესა და ჯორჯ ბუშ უმცროსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უმცროსმა ბუშმა საქართველოს პრეზიდენტს უთხრა, თანამდებობიდან უნდა წახვიდეო. ამან ისეთი ფრაზა უთხრა, რომლის თქმაც გაზეთში არ შემიძლია.

- შეაგინა უმცროს ბუშს შევარდნაძემ?

- მოდით, ამაზე არ დავკონკრეტდები. ეს ინფორმაცია ერთმა ყოფილმა დეპუტატმა მომაწოდა და არ მინდა მისი ვინაობა გამჟღავნდეს. რამდენადაც მე მითხრეს, ბუშთან სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი შენახულია. დღეს სულ ის მესმის, საქართველო უნდა გათავისუფლდეს რუსული ნარჩენებისგანო. ითხოვენ, შეწყდეს რუსული ფულის შემოსვლაო. კი ბატონო, შეწყდეს, მაგრამ მანახეთ, სად არის ეს რუსული გავლენა და რუსული ფული, ან ის ტელევიზია მანახეთ, რომელსაც მოსკოვი აფინანსებს. სამაგიეროდ, მრავლად არიან ისეთი არასამთავრობოები და მედიასაშუალებები, რომლებიც დასავლეთის მიერ ფინანსდებიან. ქვეყანა გახლავთ კოლონიალურ მდგომარეობაში. ვინც ამას მხარს უჭერს, ისინი წარმოადგენენ სწორედ მეხუთე კოლონას.

რუსეთზე მეტად დასავლეთს უნდა, რომ საქართველო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე არ ფიქრობდეს. ენდიაიმ რომ დაგვიდო კვლევა – დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ 12%-ს უნდაო, ეს არის ტყუილი. უნდათ, რომ რამენაირად შეგვაგუონ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციას. რუსეთი რომ ოკუპანტია, ამაზე არ ვდავობ, მაგრამ არანაკლები ოკუპანტები არიან სხვები. დამოუკიდებლობა მარტო საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას ნიშნავს? კარგია, საბჭოთა კავშირის უღლისგან რომ გავთავისუფლდით, მაგრამ სხვისი უღელი აღარ უნდა დავიდგათ. მაგათი ნებართვის გარეშე საჭმელიც კი ვეღარ გვიჭამია. თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას – დაინტერესდეს არასამთავრობოების საქმიანობით და ამ ამბავში პოლონეთის გამოცდილება გაიზიაროს. პოლონეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მან აკრძალა სხვა ქვეყნების მიერ არასამთავრობოების დაფინანსება. მეეჭვება, ამ ხელისუფლებამ ამის გაკეთება გაბედოს.

- რატომ გგონიათ, რომ ხელისუფლება ამის გაკეთებას ვერ გარისკავს? არასამთავრობოები სულ იმას ჩივიან, რომ მათ დევნიან.

- ვინ ებრძვის? ყველაფერს ეგენი აკონტროლებენ და ამერიკის სახით დიდი მფარველი ჰყავთ. მეტსაც გეტყვით, საქართველოს ამერიკა დღეს სწორედ ამ ასო-ებით მართავს. ამის ნათელი მაგალითი 14 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიაქცია.

ამ დასკვნაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სიტყვასიტყვით აქვს გადმოტანილი ასო-ების განცხადებები. ვერსად წავიკითხე, რომ რაიმე გამოკვეთილ ფაქტზე ყოფილიყო საუბარი და, რადგან ასო-ები რაღაცით შეშფოთებული არიან, ამ შეშფოთებას იზიარებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ვაშინგტონს საქართველოში ასო-ები ჰყავს ცეკას მეორე მდივნად მოვლენილი. საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვი რესპუბლიკებს არ ენდობოდა და იქ მეორე მდივნებად რუსებს აგზავნიდა. დასავლეთიდან ასო-ები დიდ დაფინანსებას იღებენ. ამის გარდა, მათთვის ყველა ტელევიზიის კარი ღიაა, ყველაფერზე ეგენი აკეთებენ კომენტარებს და ხელისუფლებაც ყოველთვის იზიარებს მათ მოსაზრებებს. არჩევნების წინ ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან და ნაციონალებს ხელისუფლების შეცვლაში დაეხმარებიან.

2012 წელსაც ნაციონალების მხარეს იყვნენ და დავალების მიღების შემთხვევაში არჩევნების გაყალბებასაც „გააპრავებდნენ“. მაშინ ხალხი უკიდურესად უარყოფითად იყო განწყობილი ნაციონალების მიმართ და დასავლეთმა აღარ გარისკა. მაშინ ნაციონალებს რომ გაემარჯვათ, ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა და არეულობა დაიწყებოდა. ახლა რომ ვუყურებ, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, სიტუაცია არეულიყო.

- როგორ შეიძლება, არეულობაზე თქვათ, რომ შეიძლებოდა, ის უკეთესი ყოფილიყო?

- უკეთესი იქნებოდა, „ნაციონალები“ ასე აღარ დაგვასხდებოდნენ თავზე. იმის მაგივრად, რომ მათი გასამართლება მომხდარიყო, ახლა იქით იმუქრებიან, რომ არსებულ ხელისუფლებას გაასამართლებენ. სააკაშვილი ისეა დარწმუნებული ხელისუფლების დაბრუნებაში, რომ დასაჭერი ხალხის სიები უკვე შედგენილი აქვს. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ ისინი ხელისუფლების გადაბარებას დათანხმდებიან, ქართველი ხალხისგან ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ – მათ ნაციონალებთან ერთად გაასამართლებენ.

„ახალი თაობა“, 16 აპრილი, 2016 წელი

ლადო სადღობელაშვილი დავით ზურაბიშვილს თავზე კოლგოტკის ჩამოცმით ემუქრება: „მირჩევნია, ციხეში წავიდე, ვიდრე ამ სოროსელის ლანძღვა ავიტანო

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ დავით ზურაბიშვილს უკანასკნელად აფრთხილებს და ანგარიშსწორებით ემუქრება.

მათი დაპირისპირება წლებია გრძელდება, მაგრამ ამჯერად სიტუაცია ძალიან დაიძაბა. რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა მოულოდნელად ირაკლი ღარიბაშვილზე მიიტანა იერიში. ზურაბიშვილის განცხადებით, სრულიად შავრაზმული პრორუსული ტიპის ძალების მომძლავრება საქართველოში გარკვეულწილად მოხდა იმიტომაც, რომ ამ ძალებისთვის ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთგვარი ცენტრი.

- ყველა ის ადამიანი, დაწყებული ლადო სადღობელაშვილით, დამთავრებული რეზო ამაშუკელით, ასეთი ტიპის ადამიანებისთვის მთავარი ორიენტირი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, – აცხადებს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მოხდა გურიის გუბერნატორად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელმაც ქალაქებში გაუპატიურების კადრების სეანსები მოაწყო.

ამ განცხადებას სასწრაფოდ გამოეხმაურა ლადო სადღობელაშვილი და რესპუბლიკელები პრორუსულობაში იქით დაადანაშაულა.

„პრორუსული და სამშობლოს მოღალატე ძალების რიგებში რესპუბლიკელებს უკავიათ პირველი ადგილი. მათი მხრიდან ვინმესკენ თითის გაშვერა მინიმუმ დიდი უნამუსობაა. მას თუ დაავიწყდა, მე კარგად მახსოვს, როგორ გალანძღეს რამდენიმე წლის წინ სოზარ სუბარმა და დავით უსუფაშვილმა ერთმანეთი. ისინი ერთმანეთს სდებდნენ ბრალად იმას, რომ რუსული ფული აიღეს“, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში ლადო სადღობელაშვილმა. მისი თქმით, წლების წინ, როცა საქართველოდან მოუხდა გაქცევა, თავი არა რუსეთს, არამედ საფრანგეთს შეაფარა. „ჩვენი ორგანიზაცია არასდროს დაუფინანსებია რუსეთს. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობდით გერმანულ ფონდთან. დავით ზურაბიშვილი კი პუტჩისტ ძმებ ბერძენიშვილებთან და სოროსელ გველებთან თანამშრომლობს, – აღნიშნავს „თავისუფალი თაობის“ ლიდერი. იგი მიზეზებსაც განმარტავს, თუ რატომ ვერ იტანენ რესპუბლიკელები ირაკლი ღარიბაშვილს.

„ისინი არიან ნაციონალები და ყოფილ პრემიერს ვერაფრით პატიობენ იმას, რომ მან ამ დამნაშავეების „გატისკვა“ დაიწყო. ამიტომაც ლანძღავენ ღარიბაშვილს და მასთან ერთად გვლანძღავენ იმათაც, ვისაც ნაცები და, შესაბამისად, რესპები არ მოგვწონს. დავით ზურაბიშვილს ეგონა, რომ შეურაცხყოფა მომაყენა, სინამდვილეში კი სხვაგვარად არის საქმე. ჩემთვის დიდი პატივია, რეზო ამაშუკელთან და ღარიბაშვილთან ერთად თუ მომიხსენიებს. ნაცების გარდა, ჩვენმა აქტიურობამ რესპუბლიკელებიც გაუშვა პოლიტიკურ სამარეში, – ამბობს ამაყი ლადო სადღობელაშვილი.

რეზო ამაშუკელთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისი გვარის ხსენება ეამა, მაგრამ შავრაზმელობამ აღაშფოთა. „ის ხშირად ილანძღებოდა ჩვენი მისამართით. აქამდე ამ ყველაფერს ვითმენდი, ხან ღარიბაშვილის ხათრით, ხანაც იმ პრესკლუბებს ვუწევდი ანგარიშს, სადაც ეგ ატარებდა პრესკონფერენციებს. ახლა მოთმენას არ ვაპირებ და, სადაც ეგ ბრიფინგს გამართავს, მივალ და თავზე კოლგოტს ჩამოვაცვამ, არც წითელ საღებავს დავინანებ“, – დებს პირობას ლადო სადღობელაშვილი. იგი საკრებულოს დეპუტატს სხვანაირი ფორმითაც ჰპირდება ანგარიშსწორებას, პირობას დებს, რომ ზურაბიშვილი ქუჩაში თავისუფლად ვერ გაივლის.

„ჩვენს ლაფში ამოსვრას ურჩევნია, საკუთარ სახელზე იზრუნოს და იმას მიხედოს, რაც მის სამაჟორიტაროში ხდება. აბა, გაიაროს იმ უბანში თავისუფლად და ხალხს ჰკითხოს, რას ფიქრობენ მასზე. სხვების არ ვიცი და მე მეტის მოთმენას არ ვაპირებ, საჯაროდ ვაცხადებ, ქუჩაში რომ შემხვდეს, ანგარიშს გავუსწორებ. ვიცი, რომ ამის გამო ციხეში წავალ, მაგრამ მირჩევნია, რამდენიმე თვე გისოსების მიღმა გავატარო, ვიდრე ამ სოროსელის შეურაცხყოფას ვუსმინო“, – ამბობს ლადო სადღობელაშვილი. იგი ზურაბიშვილს ამომრჩევლის მიმართ გულგრილობაშიც ადანაშაულებს და პირობას დებს, რომ მის საქმიანობას შეისწავლის.

„ბახტრიონზე, დოლიძესა და ფანასკერტელზე მას არაფერი გაუკეთებია. გაიარეთ ამ უბანში და ნახავთ, რომ მხოლოდ ერთ ადგილას არის გზა მოსწორებული. ეს გახლავთ ჩიხი და იქ უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილი ცხოვრობს. აი, ასეთი მზრუნველი მაჟორიტარი ჰყავს ამ უბანს“, – ამბობს „თავისუფალი თაობის“ ლიდერი.

Comments are closed