„რეზონანსი“, 16 მაისი, 2015 წელი
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ რიგის სამიტის დეკლარაციას, შესაძლოა, ხელი არ მოაწერონ // აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები შესაძლო დემარშის სხვადასხვა ფორმას განიხილავენ
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
რაც უფრო ახლოვდება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტი, სიტუაცია სულ უფრო გაურკვეველი ხდება. მხარეები ვერ თანხმდებიან სამიტის შემაჯამებელი დეკლარაციის ცალკეულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტებზე. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა სულ უფრო ემსგავსებიან სპეციალურად მათთვის მოწყობილი გალიის ტუსაღებს, რომლებსაც წინასწარ შემოუსაზღვრეს, თუ რისი მოთხოვნის უფლება აქვთ და რაზე არც კი უნდა იოცნებონ.
თუ ადრე აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნის ეს გაერთიანება ევროპასთან დაახლოების პერსპექტიული მექანიზმი იყო, სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისა და აზერბაიჯანის მიერ მხოლოდ პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების დადების მოთხოვნამ ეს ინიციატივა ევროპასთან შემდგომი ინტეგრაციის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება აქციოს.
საქმე ისაა, რომ ორმხრივი საქართველო-ევროკავშირის ან უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობები უფრო გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე ასოცირების ინიციატივით არის განსაზღვრული. ევროკავშირი კი ცდილობს, ყველაფერი ამ ინიციატივის ფარგლებში მოახდინოს, სადაც გადაწყვეტილების მიღებაში იგივე სომხეთი და ბელარუსი მონაწილეობენ.
დღეისათვის უკვე აშკარაა, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობა” სხვადასხვა სტრატეგიული მიზნებისა და პრიორიტეტების ქვეყნებს აერთიანებს.საქართველო, უკრაინა და მოლდოვა თანახმა არიან, შენარჩუნდეს ფორმატი 6 ქვეყნის მონაწილეობით, მაგრამ უნდა გაკეთდეს ნათელი დიფერენციაცია. მონაწილე ქვეყნებთან დიფერენცირებული მიდგომები უნდა დარჩეს ძირითად საბაზისო პრინციპად, მაგრამ რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, დღეისათვის ევროკავშირი წინააღმდეგია, ეს პრინციპი კვლავ აისახოს დეკლარაციაში. თუმცა, ეს ჩანაწერი იყო ყველა წინანდელ დოკუმენტში.
იგივე ბედი ელის პრინციპს “მეტი მეტის სანაცვლოდ” და ფაქტობრივად მიდგომები ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნებისა და აზერბაიჯანის მიმართ არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ევროკავშირის შეთავაზებაა, დაფიქსირდეს წინა დეკლარაციებზე მინიშნება, თითქოსდა ყველა ადრე მიღებული დოკუმენტი ძალაშია.
ევროკავშირი ისწრაფვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მიღებული იქნეს არაამბიციური, შინაარსსმოკლებული დეკლარაცია.
თუ ახალი დოკუმენტის ამბიცია იქნება უფრო მცირე ადრე მიღებულ დეკლარაციებთან შედარებით, ეს ცალსახად გამოიწვევს ადრე შეთანხმებული პოზიციების გადახედვას, რადგან უპირატესობა უფრო გვიანდელ დოკუმენტებს მიენიჭება.
კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს დეკლარაციაში უკრაინაში რუსეთის აგრესიის მოხსენიება. ევროკავშირის რიგი ქვეყნები უკრაინაში შექმნილ სიტუაციას რუსეთის ქმედებებსუკავშირებენ, მაგრამ სიტყვა “აგრესიის” გამოყენებას გაურბიან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიის შესახებ ნათლად წერია ევროკავშირის ყველაზე მთავარი ორგანოს – ევროპული კავშირის საბჭოს დასკვნაში.
ასევე დეკლარაციის იმ პუნქტში, სადაც ლაპარაკია ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებაზე, ვერ მოხვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან რუსული სამხედრო კომპონენტის გასვლისკენ მოწოდება. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, ბელარუსისა და სომხეთის პოზიცია, რომელთაც არ სურთ წავიდნენ რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, ევროკავშირის ზოგიერთი წევრის გადაწყვეტილება, რომ “ღია დატოვონ კარი რუსეთთან დიალოგისათვის”.
მხარეთა შორის დეკლარაციის დეტალებზე მუშაობა კვლავ გრძელდება და მისი საბოლოო ვარიანტი სულ ბოლო წუთამდე შეიძლება ვერც კი შეთანხმდეს. არაფრისმთქმელი დეკლარაციის პროექტის შემთხვევაში უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შეიძლება უარი თქვან საერთო დეკლარაციის ხელმოწერაზე, ან დემარშის რაიმე სხვა ფორმას მიმართონ.
მოლაპარაკებაში მონაწილე დიპლომატები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ მოვლენათა ამ გზით განვითარებას და საერთოდ, ბოლომდე შეძლებენ თუ არა ერთიანობის შენარჩუნებას ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დეკლარაციის ხელმოწერის დაჟინებული თხოვნის ფონზე.
ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარესთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ევროპა დადებითად შეაფასებს უკრაინის მიერ გატარებულ რეფორმებს ევროინტეგრაციის გზაზე და რიგის სამიტზე გზას გაუხსნის უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებას. ასევე მოუწოდა ევროპას, უფრო ნათელი ევროპული პერსპექტივები შესთავაზოს იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს თავიანთი მისწრაფებები.