globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 16th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ხელისუფლებაში ერთმანეთს ორი ფრთა ებრძვის“

ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გვაძაბიასთან: „საქართველოში ევგენი პრიმაკოვის რბილი ძალა გამოჩნდა“

ახალი თაობა: სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოსთან საზღვრები თავისკენ გადასწიეს // ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ასე თუ გაგრძელდა, მარტო ვერა-ვაკე დაგვრჩება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილს „ნაციონალური“ რეჟიმის წინააღმდეგ ერთი დღეც არ უბრძოლია“ // „დღეს საქართველოს პარლამენტს კოლექტიური ზარდიაშვილები მართავენ“

———————

ახალი თაობა“, 16 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ხელისუფლებაში ერთმანეთს ორი ფრთა ებრძვის

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.

- ქალბატონო ხათუნა, ბოლო მოვლენები რამდენად აისახება თავად ხელისუფლებაზე, მის მართვის სტილზე?

- ფაქტია, რომ ხელისუფლება ვეღარ უმკლავდება გამოწვევებს. ბოლო პერიოდში კვირა არ გადის, რომ ხელისუფლება სკანდალში არ გაეხვეს. ამის მიზეზი არის, ერთი მხრივ, დაუსჯელობის სინდრომი და, მეორე მხრივ, რეალობასთან დაშორება. „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება იყო – არა შიშს! და რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის მეთოდისგან გაათავისუფლებდნენ ქვეყანას. გასული ოთხი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, ხელისუფლება ამ გაცემულ პირობას განუხრელად იცავდა. ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნებისთვის“ ხელშეუხებელ ფასეულობად იყო მიჩნეული ადამიანი. სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არ მახსენდება მსგავსი პრეტენზიები, კაბელების საქმის გარდა.

- რა მოხდა, რატომ შეიცვალა ხელისუფლება?

- ამ ყველაფრის თავიდათავი არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, განუსაზღვრელი ძალაუფლება. საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის გამოწვევა გაცილებით უფრო დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. უკონტროლო ძალაუფლება სერიოზული ტვირთია. მაშინვე ვვარაუდობდი, რომ ეს ხელისუფლება ამას ვერ გაუძლებდა, დღეს სწორედ ამის მოწმენი ვართ, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ხელისუფლება ერთგვაროვანი არ არის. ჯერ კიდევ არის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ხვდება, რაც შეიძლება იყოს საბედისწერო როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

ხელისუფლების ერთი ხელის ნაკვალევი შეიძლება დავინახოთ რეპერების საქმეში, მუხთარლის გატაცებაში, თუმცა, არა მგონია, რომ გატაცებაში თავად ხელისუფლება მონაწილეობდა და მეორე ხელი – გამოხატვის თავისუფლების დაცვაში. ხელისუფლება აბსოლუტურად რაციონალურად მიხვდა, თუ რა გამოწვევასთან ჰქონდა საქმე, როდესაც რამდენიმე ათასი ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში. იშვიათად მახსენდება ასეთი მასშტაბური აქცია, რომელიც პარტიის მიერ არ იყო ორგანიზებული და რომელიც თვითორგანიზებით, სპონტანურად გაიმართა.

ასეთი აქციები ბევრად უფრო დიდი გამოწვევაა ხელისუფლებისთვის, ვიდრე აქცია, რომლის უკანაც ორგანიზატორი დგას. თუმცა, ხელისუფლებამ ეს ტესტი ჩააბარა. სწორედ აქ გამოჩნდა მეორე, რაციონალური ხელი, რომელმაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მიხვდა, რა ძალასთან ჰქონდა საქმე და აქ დაშვებული შეცდომა რა ძვირად დაუჯდებოდა.

დღევანდელმა ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ეს არის ის კრიტიკული ზღვარი, რომლის გადაკვეთაც მისი დასასრულის დასაწყისი იქნებოდა. სანამ რაციონალური ნაწილი არსებობს ხელისუფლებაში, იმის იმედი, რომ უკანმოუხედავი პროცესები არ წავა, კიდევ არსებობს.

- რამდენად ძლიერია ეს ფრთა?

- სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რომელი ფრთა გაიმარჯვებს _ რაციონალური თუ აგრესიული. მე დღეს ამაზე საუბარი გამიჭირდება, ამას პროცესები უფრო უკეთესად გამოკვეთს. რაციონალური ნაწილი გაცილებით უფრო დიდ ანგარიშს უწევს ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას. სწორედ ეს ნაწილი ხვდება, თუ რამდენად საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთის იმედგაცრუება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. შესაბამისად, ეს ნაწილი ხვდება, რომ ხელისუფლების ქმედებები დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ხელისუფლების მეორე ფრთა აბსოლუტურად იგნორირებს, მეტიც, აზიანებს ყველაფერს დასავლურს, ადამიანის უფლებებით დაწყებული, სხვა ღირებულებებით დასრულებული.

- შეიძლება „ქართული ოცნება“ გაიყოს? ამბობენ, რომ კახა კალაძეს ჰყავს თავისი გუნდი ხელისუფლების შიგნით. ეს კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სწორედ ის იქნება თბილისის მერობის კანდიდატი.

- კახა კალაძე დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ქარიზმატულობის რესურსი აქვს. კახა კალაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, მაგრამ ის აღმოჩნდა სხვებზე ბევრად უფრო სწრაფად მზარდი, შეიძლება ვთქვათ, ერთადერთი სწრაფად მზარდი პოლიტიკური ლიდერი მთელ ამ კონფიგურაციაში. შესაბამისად, „ქართული ოცნებიდან“ ის არის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც შეუძლია თბილისის მერის არჩევნებზე დამოუკიდებელი ხმები აიღოს, განსხვავებით გიორგი მარგველაშვილისგან. ამიტომ კახა კალაძეს აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური მომავლის რესურსი.

ამასთან, კახა კალაძის სუსტი მხარეა ის, რაც ხდება გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ლიდერების გამოჩენას არ მიესალმებიან, ამიტომ კახა კალაძის მიმართ შეშფოთებული მზერა გასაგებია. „ქართული ოცნების“ გარკვეულ ნაწილს მისი პოტენციალი აშფოთებს.

- ქართულ ოცნებაში გაყოფას ელოდებით?

- ვერ გეტყვით, თუმცა, პოლიტიკური ლიდერების წარმოქმნა გუნდის შიგნით არის გუნდის განახლების ერთ-ერთი პირობა, მაგრამ ამას არ მიესალმება „ქართული ოცნება“ – ეს აშკარაა. თუ ახალი სახეები, ახალი იდეები არ წამოვიდნენ წინა პლანზე, მაშინ ყველაფერი დაჭაობდება. ის ახალი სახეები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ „ქართული ოცნების“ სიით, საერთო მასაში არიან ჩაკარგულები. როგორც ჩანს, არც მათ ეძლევათ დამოუკიდებელი პოლიტიკური წონის აკრეფის საშუალება. როდესაც დამოუკიდებელ პოლიტიკურ წონაზე ვსაუბრობ, სულაც არ ვგულისხმობ ქოშის უკუღმა ყრასა და გუნდისგან გამიჯვნას.

ახალი თაობა“, 16 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა გვაძაბიასთან: „საქართველოში ევგენი პრიმაკოვის რბილი ძალა გამოჩნდა

დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ საქართველოში ევგენი პრიმაკოვის ჰუმანიტარული ფონდის სახით რბილი ძალა გამოჩნდა.

მამუკა გვაძაბიას არ მოსწონს „ქართულ ოცნებაში“ მრეწველთა ფრაქციის არსებობა და მას „რბილი ძალისთვის“ ნიადაგის შექმნად მიიჩნევს. „რუსულ „რბილ ძალას“ ხელისუფლება უმზადებს ნოყიერ ნიადაგს. თუ დღევანდელი ხელისუფლება დასავლური ორიენტაციისაა, რა უნდა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ „ქართულ ოცნებაში“? ასეთი რაღაცები ქმნის ნოყიერ ნიადაგს, პარლამენტში პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოდან“ ერთი დეპუტატი გავიდა (ხაშურში) და სახელისუფლებო გუნდის შიგნით ფრაქცია შეუქმნეს“, – აცხადებს მამუკა გვაძაბია.

როგორც ცნობილია, ამერიკამ რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად თანხა გამოყო საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის. მამუკა გვაძაბია აცხადებს, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ამერიკამ თანხა რუსული რბილი ძალის გავლენის საწინააღმდეგოდ გამოყო. რბილ ძალად მოიაზრება რუსული პროპაგანდისტული მანქანა თავისი ფონდებითა და სხვადასხვა განშტოებით, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რუსული გავლენის გაძლიერებას ემსახურება და ამისთვის გარკვეულ საქმიანობას მიმართავს.

- ბატონო მამუკა, თქვენ მითხარით, რომ საქართველოში რუსული რბილი ძალა გამოჩნდა. ვის გულისხმობთ?

- ცნობილი ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილის მიერ ფონდის შექმნა, თანხების გამოყოფა და საქართველოში მისი საქმიანობა რუსული რბილი ძალის გამოჩენაზე მიუთითებს.

- ამერიკას, როგორც ჩანს, სერიოზული ინფორმაცია აქვს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ხილული და უხილავი რბილი ძალის გეგმებისა და ქმედებების შესახებ გავლენის მოსახდენად. რუსული რბილი ძალა როგორ მოქმედებს საქართველოში?

- წლების წინ განვაცხადე, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მედია რუსეთიდან დაფინანსდებოდნენ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რუსეთმა, რომელმაც „ვარდების რევოლუციისაგან“ ის ვერ მიიღო, რაც უნდოდა, განიზრახა „რბილი ძალის“ ამოქმედება. მაშინ არასამთავრობოებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას აპირებდნენ და აპირებენ. „რბილ ძალაზე“ ჰაერიდან არ ვსაუბრობ.

- რას გულისხმობთ?

- რუსეთში გარკვეული წლების განმავლობაში ვიცხოვრე და ვიცი, რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საქართველოს რაობა როგორ არის გაგებული – ისინი საქართველოს სახელმწიფოდ არ განიხილავენ. ამიტომ „რბილ ძალასაც“ აამოქმედებენ და ხისტსაც. გააჩნია მოცემულობას, როცა რბილი ძალა სჭირდებათ, რბილ ძალას აამოქმედებენ, როცა ხისტი ძალა დასჭირდებათ, ხისტ ძალას გამოიყენებენ და როცა დასჭირდებათ იარაღის გამოყენება, იარაღს გამოიყენებენ. როცა დასჭირდათ, იარაღიც გამოიყენეს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ეს ძალიან სახიფათოა.

- .. საქართველოში რუსული რბილი ძალა გამოჩნდა?

- ცხადია, გამოჩნდა ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილის, ასევე ევგენი პრიმაკოვისა და მისი ფონდის სახით.

- პრიმაკოვის შვილიშვილი საქართველოში რომ მოდის და რაღაც გეგმები აქვს, რბილი ძალის წარმომადგენელია?

- რა თქმა უნდა, იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი ევგენი პრიმაკოვი რუსეთის სპეცსამსახურების კადრის ოფიცერია. დარწმუნებული ვარ, მისი ჰუმანიტარული მისია, ჩვენი დანგრეული და გაპარტახებული სკოლების გამო, გულაჩუყებული არ არის და ამის გამო არ შემოდის, ცხადია. მას თავისი ინტერესები აქვს და რბილი ძალის კომპონენტს წარმოადგენს. ასეთი რამ არახალია. ამის საწინააღმდეგოდ გამოყო ამერიკის კონგრესმა თანხა. რა თქმა უნდა, ამერიკას რბილი ძალის ქმედებებზე ამომწურავი ინფორმაცია აქვს.

- ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი რომ აპირებს საქართველოში მოღვაწეობას, არ მოგწონთ? იქნებ კარგი საქმის გაკეთებას გეგმავს?

- რა კარგი საქმეები უნდა გააკეთოს? ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი თურმე საქართველოში ბავშვებისთვის სკოლების გარემონტებას აპირებს. ამერიკის მიერ რუსული რბილი ძალის საწინააღმდეგოდ თანხების გამოყოფა იმას ნიშნავს, რომ აშშ საქართველოს მიტოვებას არ აპირებს და რბილ ძალას დაუპირისპირდება კონტრქმედებები.

- ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი ჩართულია რუსულ ფარულ პროპაგანდაში?

- რასაკვირველია, ჩართული იქნება. რუსული სპეცსამსახურები მოქმედებს. ის არის სპეცსამსახურების წარმომადგენელი.

- ანუ წინაპრების კვალს მისდევს?

- ევგენი პრიმაკოვს ქართველი მეუღლე ჰყავდა, აქ არის დასაფლავებული და საქართველოს მიმართ გარკვეული ნოსტალგიები აქვს. იმპერიის განაპირა ტერიტორიებს, ხომ იცით, ცენტრიდან როგორ უყურებენ? ნოსტალგიები აქვთ. ევგენი პრიმაკოვიც უმაღლესი რანგის გენერალი იყო და დღესაც დაფასებული პიროვნებაა.

- რუსეთის მცდელობა გასაგებია, რომ საქართველოს რბილი ძალის საშუალებით თავს მოახვიოს თავისი ინტერესები და თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს, მაგრამ საქართველოში ნიადაგი არის საიმისოდ?

- საქართველოში დღეს ზოგიერთები ნოყიერი ნიადაგის შექმნას ცდილობენ რუსული რბილი ძალის შემოსასვლელად.

- ვინ?

- საქართველოში პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ. ზოგიერთი ღიად, ზოგიც – შეფარულად, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, მოუმზადოს ნოყიერი ნიადაგი.

- როგორ?

- თუ დღევანდელი ხელისუფლება დასავლური ორიენტაციისაა, რა უნდა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ „ქართულ ოცნებაში“? ასეთი რაღაცები ქმნის ნოყიერ ნიადაგს.

- პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს არჩევნებში ხომ დამარცხდა, ოცნებაში როგორ არის?

- ერთი დეპუტატი გავიდა ხაშურში და სახელისუფლებო გუნდის შიგნით შეუქმნეს ფრაქცია პარლამენტში.

- სიმონ ნოზაძეზე საუბრობთ?

- დიახ, ერთი დეპუტატი იყო და ფრაქცია შეუქმნეს.

- ასეა თუ ისე, მაინც არა მგონია, რუსეთმა ფეხი მოიკიდოს საქართველოში...

- მართალია, ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს, მაგრამ 25 წელია გავწამდით, დავიტანჯეთ. იმიტომ კი არ ვიბრძოდით დისიდენტობის წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რომ ვიღაც ამყარებდეს რბილი ძალის პოზიციას საქართველოში.

ახალი თაობა“, 16 ივნისი, 2017 წელი

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოსთან საზღვრები თავისკენ გადასწიეს

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ასე თუ გაგრძელდა, მარტო ვერა-ვაკე დაგვრჩება

რატომ აღარ სცემენ პატივს საქართველოს, რისი ეშინია ხელისუფლებას, რატომ ამბობს თბილისი უარს საზღვრების დემარკაციაზე, ვთქვით თუ არა უარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, რატომ უქმდება მაჟორიტარული სისტემა, რა შემთხვევაში იტყვის უარს ივანიშვილი თავის გუნდზე? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- ქართული ოცნება ამომრჩეველს ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას ჰპირდებოდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ სისტემის გაუქმება ჯერ 2020 წლის არჩევნებისთვის გადაიტანეს, ამ დღეებში კი განაცხადეს, რომ პროპორციულ სისტემაზე, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის გადავალთ. მოსახლეობას იგდებს ხელისუფლება მასხრად თუ საკუთარ თავს?

- პირველ რიგში, საკუთარ თავს იგდებენ მასხრად და დიდი ხანია, უკვე გამასხარავებული არიან. უკვე დიდი ხანია, მოსახლეობა მათ განცხადებებს სერიოზულად აღარ აღიქვამს. ან როგორ უნდა აღიქვა ეს ხელისუფლება სერიოზულად, როცა ერთი ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან მდიდარი ოჯახის შვილის ფეისბუქსტატუსის გამო 2 წუთში შეიცვალეს პოზიციები. მანამდე დაწერილი პოსტებიც კი წაშალეს. ხალხის არ გრცხვენიათ, არ გრცხვენიათ, მაგრამ საკუთარი ოჯახისა და საკუთარი თავის მაინც უნდა შეგრცხვეთ.

სიმართლე გითხრათ, მე არც ველოდი, რომ ესენი მაჟორიტარულ სისტემაზე უარს იტყოდნენ. მათთვის მაჟორიტარები ძალაუფლების შენარჩუნების კიდევ ერთი საშუალებაა.

- დაპირებას რომ არ ასრულებენ, ეს არაფერს ნიშნავს?

- მათ არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ. „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. სად აღადგინეს სამართალი? დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები მთავარ ოპოზიციად დასვეს და მათთან სიამტკბილობაში არიან. არც ის არის დამალული ვინმესთვის, რომ ისინი ივანიშვილთანაც დადიან სათათბიროდ. შეუსრულებელი დაპირებებისა და უმოქმედობის გამო ხალხმა ამათ სამართლიანად დაარქვა უნიათოები. საქვეყნო საქმეების კეთებაში მართლა უნიათოები არიან, სამაგიეროდ, პირადი ცხოვრება მოიწყვეს კარგად. რამდენი მათგანი მოვიდა ხელისუფლებაში ცალ-ცალი ფლოსტით და ახლა მილიონერები არიან. ისიც საინტერესოა, მას შემდეგ, რაც ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, როგორ აღმოაჩნდათ მათ ცოლებს, ბიძებს, დეიდებსა და საყვარლებსაც კი ბიზნესის ნიჭი. ასეთი ნიჭიერი ბიზნესმენები თუ იყვნენ, აქამდე სად იყვნენ? საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაში უნიათოები ნამდვილად არ არიან. მშვენივრად ცხოვრობენ და საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი.

- ეს თავად ხალხის ბრალიც ხომ არ არის, რომელიც არაფერზე რეაგირებს?

- ხალხის ბრალი როგორ არ არის. ჩვენი საზოგადოება ყველაფერზე სათანადო რეაგირებას რომ ახდენდეს, ესენი ამდენს ვერ გაბედავდნენ. „ქართული ოცნება“ ამდენს სწორედ ხალხის ნიჰილისტური განწყობის გამო ბედავს. `ახალ თაობასთან~ საუბარში ადრეც მოვყევი, თუ რაზე მქონდა საუბარი „ოცნების“ ერთ-ერთ გავლენიან წევრთან. მე მას ვუთხარი, ასეთ რამეებს რომ აკეთებთ, ხალხის პროტესტის არ გეშინიათ-მეთქი? მან მიპასუხა, რაც არ უნდა მოხდეს, ხალხი მაინც არ გამოვა ქუჩაშიო. ხალხი ჯერ არ გამოდის ქუჩაში, მაგრამ ასე დაუსრულებლად არ გაგრძელდება.

- რა შემთხვევაში გამოვა ხალხი ქუჩაში?

- ხალხს ისე ამოუვიდა ამათი ვირეშმაკობა ყელში, რომ შესაძლოა ქუჩაში გამოსასვლელად პატარა მიზეზიც კი საკმარისი გახდეს. „ქართულ ოცნებას“, ამ უმაქნის ხელისუფლებას, ხალხის პროტესტის ძალიან ეშინია. რამდენიმე დღის წინ დააკავეს ახალგაზრდა რეპერები. ამის გასაპროტესტებლად ქუჩაში რამდენიმე ათასი ახალგაზრდა გამოვიდა. ხელისუფლება ამ მცირე პროტესტმაც კი ისე შეაშინა, რომ პროკურატურა და სასამართლო ერთმანეთს ასწრებდნენ გადაწყვეტილების შეცვლას. აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების წევრების განცხადებებზე. ადრე თუ გვიან ხალხს ეს ყველაფერი ყელში ამოუვა და მერე ამათ აღარც ცრუ დაპირებები უშველის, აღარც იმის ძახილი, ჩვენ თუ წავალთ, ნაციონალები დაბრუნდებიანო და აღარც ერთი კაცის მილიარდები.

- ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ როცა ხალხის მოთმინების ფიალა აივსება, მოვლენები რევოლუციური სცენარით განვითარდება. იქნება რევოლუცია?

- იმედი მაქვს, რომ რევოლუციამდე საქმე არ მივა. საქართველოსთვის ყველა რევოლუცია ცუდად დამთავრდა და მომავალშიც ასე იქნება. ამიტომ არ მინდა, კიდევ ერთი რევოლუცია ვიხილო. ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი ნაკლებად მაქვს, ისევ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა მშვიდობიანად. ხშირად ადანაშაულებენ ყველაფერში პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსების დიდ ნაწილს მეც ვადანაშაულებ, მაგრამ რატომ ავიწყდება საზოგადოებას, რომ ეს ხალხი მათ აირჩიეს? როგორი საზოგადოებაც გვყავს, ისეთია დღევანდელი ქართული პოლიტიკაც.

კარგად მესმის, რომ ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ არჩევნებზე რამდენიმე ათეულ ლარად არ უნდა გაყიდოს თავისი ხმა. ამით ისინი საკუთარ მომავალსაც ყიდიან. მოსახლეობა არჩევნებზე მისვლასა და საკუთარი არჩევანის დაცვასაც უნდა მიეჩვიოს. ქართველები ძალიან მივეჩვიეთ წუწუნს და ყველაფერს სხვას ვაბრალებთ, მაგრამ საკუთარ ქმედებებზე არავის უნდა პასუხისგება.

- საქართველოში მორიგი არჩევნები რამდენიმე თვეში ტარდება. `ოცნება~ თვითმმართველობის არჩევნებშიც ისეთივე შედეგს დადებს, როგორიც საპარლამენტო არჩევნებზე აჩვენა?

- საზოგადოება თუ არ იაქტიურებს, `ოცნება~ ისევ მოიგებს არჩევნებს. საარჩევნო კანონის გასაუმჯობესებლად ამ უნიათოებმა არაფერი გააკეთეს. ცვლილებები, რომლების შეტანასაც კონსტიტუციაში აპირებენ, ვენეციის კომისიამაც დაიწუნა. ვენეციის კომისია საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს და ბონუსების განაწილების პრინციპს იწუნებს. კომისიას არც საარჩევნო ბლოკების გაუქმების იდეა მოსწონს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ მათი შენიშვნები გაითვალისწინოს, მორიგი სპექტაკლი დადგეს.

- რა სპექტაკლზე საუბრობთ?

- პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ამ კომისიის სხდომაზე დასასწრებად წაპრაკუნდნენ. ისეთი შთაბეჭდილების შექმნა უნდათ, თითქოს საქმიან შეხვედრაზე წავიდნენ. იქ წაპრაკუნებას სჯობია, საარჩევნო სისტემა გააკეთილშობილონ. რამდენიმე წელია უკვე ხელისუფლებაში არიან და იმას ვერ მივაღწიეთ, რომ არჩევნები ბიომეტრიული სიებით ჩატარდეს. არადა, ხელისუფლებაში მოსვლამდე თავად აყენებდნენ ასეთ პირობას. არც საარჩევნო სიების გადახედვა მოხდა და ათასობით მკვდარი სული მონაწილეობს არჩევნებში. თავიანთი უნიათობის ფონზე საკმაოდ ვირეშმაკებიც არიან და რაღაც საკითხების შემოპარება კარგად ეხერხებათ. რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებმა სამართლიანად გააპროტესტეს ნარკოტიკების ჩადება. ამ პროტესტით დამფრთხალმა ხელისუფლებამ ერთი ინიციატივა შემოგვაპარა. მხედველობაში მაქვს ნარკოპოლიტიკის გადახედვა.

ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას არანაირი საერთო არა აქვს ნარკოტიკების ჩადებასთან. ჩადება არის დანაშაული. ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია კი ამ ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი. ჩვენ ისედაც მომაკვდავი ერების სიაში ვართ შეტანილი და ნარკოტიკები აღარ გვჭირდება.

ამ დიდი კამპანიის უკან, ჯორჯ სოროსის ფონდის გარდა, ის ორგანიზაციები დგანან, რომლებიც ნარკოტიკებით მილიარდებს შოულობენ. მათი მესმის, იციან, რომ ამით დამატებით შემოსავალს მიიღებენ, მაგრამ იმას ვერ ვხვდები, რატომ არის მთელი ერი ასე მიდრეკილი თვითმკვლელობისკენ. კარგა ხანია ვამბობ, რომ ჩვენი ერი ავად არის, მაგრამ ასეთი ისტერიკა, რაც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას უკავშირდება, უბრალოდ, წარმოუდგენელია. მსგავსი რამე არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

ამ თემაზე ძალიან აქტიურია ჩვენი საზოგადოება, სამაგიეროდ, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პასიურობს. ხელისუფლება ამით სარგებლობს. ჩვენს პარტიას რომ არ აეტეხა განგაში და სხვებიც არ აგვყოლოდნენ, მიწის გაყიდვას უპრობლემოდ დააკანონებდნენ. ეს ვერ დააკანონეს, სამაგიეროდ, ვირეშმაკულად აუარეს გვერდი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ ვლადისლავ სურკოვის ძალიან სკანდალურ განცხადებას.

- ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის საზღვრის გაუქმებაზე გაკეთებული განცხადება გაქვთ მხედველობაში?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო. სურკოვმა ცხინვალის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაწყებულია სამხრეთ ოსეთის რუსეთში ინტეგრაცია და მალე სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის საზღვარი აღარ იქნება.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ისტორიული სამაჩაბლოს შეერთებას აპირებენ. ამაზე ჩვენს ბედოვლათებს განგაში უნდა აეტეხათ, მაგრამ სად ეცალათ. ერთი ახალგაზრდის ფეისბუქსტატუსით იყვნენ დამფრთხალები და იმ სკანდალის გადაფარვას ცდილობდნენ.

ხელისუფლებას ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს თავისი ტერიტორიების მიმართ, ამიტომაც არის, რომ არავინ აღარ აღიქვამს სერიოზულად. არც დასავლეთს და არც ჩრდილოეთს არ აინტერესებს საქართველოს აზრი. სამაგიეროდ აინტერესებთ, რას ფიქრობს სომხეთი და აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანი ვახსენეთ და ჟურნალისტის გატაცებაც უნდა გავიხსენო. ეს სამარცხვინო და აღმაშფოთებელი ფაქტია. ამის გამო საერთაშორისო სკანდალში გავეხვიეთ და ხელისუფლებას დღემდე არ აქვს პასუხი, რა მოხდა. ერთი მინისტრი ერთს ამბობს, მეორე _ მეორეს, მესამე საერთოდ სხვაგან არის. ამ ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი კიდევ უფრო შელახა. იმის ძახილი, რომ საზღვარზე არის მონაკვეთები, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ, სიტუაციას ვერ გამოასწორებს. საზღვრის თემა საერთოდ ცალკე საკითხია და ამ მიმართულებითაც საგანგაშო მდგომარეობაა. ასე თუ გავაგრძელეთ, ცოტა ხანში მარტო ვერა-ვაკე შეგვრჩება ხელში.

- შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გვითხრათ, რა ხდება საზღვრებზე?

- კარგი არაფერი ხდება და ესეც ნათლად აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ერი ავად არის. ამ მნიშვნელოვან პრობლემაზე ხმა არავის ამოუღია. რატომ ერთხელ მაინც არ დაინტერესდა ჩვენი საზოგადოება იმით, თუ რატომ არ ხდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დადგენა? თურქეთთან საბჭოთა კავშირის დროს დადგენილი საზღვრები გვაქვს. რუსეთთან ამ თემაზე ვერ ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც გვყავს. ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად ითვლებიან და მათთან საზღვრების დემარკაციაზე საუბარი არ უნდა გაგვიჭირდეს.

საზღვრების დადგენაზე საუბარი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. მე ვიყავი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი სომხეთში და ჯერ კიდევ 25 წლის წინ ვმუშაობდი ამაზე. ჩემ გარდა, საზღვრების დადგენაზე ბევრი მუშაობდა. საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. ხელისუფლება ამ საკითხზე საერთოდ არ საუბრობს. საზღვრების დემარკაცია მათ ინტერესში არ შედის.

საზღვრების დემარკაციის შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ჩვენი ტერიტორიები აქვთ მითვისებული. ესენი ვერავის ეტყვიან, საზღვრები უკან გადასწიეთო. ამიტომაც არ სურთ საზღვრების დემარკაცია.

- საზღვრების დემარკაციაზე არც წინა ხელისუფლებები მუშაობდნენ და ამის გამო მარტო ამათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი?

- წინა ხელისუფლებები იმიტომ შევცვალეთ, რომ არ ვარგოდნენ. ესენი უკვე მეხუთე წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და ერთხელ მაინც წამოეწიათ ეს საკითხი. არც ამ თემაზე იმუშავებენ და იმასაც შეეცდებიან, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაავიწყდეს ხალხს. თავად დიდი ხანია, აღარ ახსოვთ დაკარგული ტერიტორიები.

- თქვენ ამ ხელისუფლების უნიათობის ბევრი მაგალითი მოიყვანეთ. ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილიც კარგად ხედავს. ხომ არ მოისურვებს ის გუნდის შეცვლას? რამდენიმე ექსპერტი ამაზე დიდი ხანია მიუთითებს...

- ბიძინა ივანიშვილს კარგად არ ვიცნობ, რომ მისი ხასიათი ვიცოდე. ამ ადამიანს 30 წლის წინ შევხვდი ლერმონტოვის ქუჩაზე. მაშინ ის ასეთი ბიძინა არ იყო. ადრე თუ გვიან ივანიშვილი შეცვლის ამ გუნდს, მაგრამ ახლა ამის აუცილებლობა არ არის. ის ასეთ მორჩილ ხალხს ვეღარ იპოვის. ამათ ხალხი შეცვლის. საკმარისია, 30.000-იანი აქცია გაიმართოს, რომ ერთმანეთს გაასწრებენ.

ახალი თაობა“, 16 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილს ნაციონალური რეჟიმის წინააღმდეგ ერთი დღეც არ უბრძოლია“ // „დღეს საქართველოს პარლამენტს კოლექტიური ზარდიაშვილები მართავენ

ქვეყანაში განვითარებულ ბოლო პერიოდის მოვლენებს „ახალ თაობასთან“ მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აფასებს.

- ბატონო სანდრო, სერიოზული კრიტიკა ისმის ხელისუფლების მისამართით როგორც ქვეყნის შიგნით, უკვე ქვეყნის გარეთაც. რა პროცესებთან გვაქვს საქმე?

- ეს არის ანარქია და ქაოსი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სისტემა ყარს, ეს სისტემა დღეს საერთოდ არ არსებობს. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში მიღებული გვაქვს მმართველობის ისეთი ფორმა, როგორიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს არცერთ ეპოქაში. დღეს ჩვენს ქვეყანაში მმართველობა დაყვანილია თემურ წყობილებამდე. არ ვიცით, ვინ მართავს ქვეყანას, რა პრინციპით და რა ხედვით. აბსურდის თეატრში ვართ. ხალხში სერიოზული პროტესტი მომწიფდა, რაც აუცილებლად გადაიზრდება მასობრივ გამოსვლებში.

- ფიქრობთ, რომ სერიოზულ პროტესტს მიიღებს ხელისუფლება მოსახლეობისგან?

- ასე გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელია! ამას ხვდება ყველა, დაწყებული ოპოზიციური პარტიებიდან, ხელისუფლებით დამთავრებული. უბრალოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ იმის უნარი, ბოლომდე გააცნობიერონ შექმნილი სავალალო მდგომარეობა და რაიმე თუნდაც მცირედი ქმედითი ნაბიჯი გადადგან, რათა ქვეყანაში იყოს ნორმალური მმართველობითი სისტემა.

- საბოტაჟის ნიშნებიაო, გვესმის შეფასებები. ვის სჭირდება საბოტაჟი ქვეყანაში?

- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 80% არის სააკაშვილის ხელისუფლების კადრები. მხოლოდ 20%-ია, რომელიც ან მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ან მის ხელისუფლებაში არ იყო. როგორ შეიძლება, ნორმალურ ხელისუფლებაზე ისაუბრო, როდესაც დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თუნდაც ვანო ზარდიაშვილი, არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფაქტობრივი რუხი კარდინალი, ადამიანი, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე გახლდათ, ადამიანი, რომელიც იმ სისტემის შემოქმედი და ზურაბ ადეიშვილის ნების აღმსრულებელი იყო. ვანო ზარდიაშვილი არის სახე იმ ახალი სახეებისა, რომლებიც „ოცნებამ“, ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოიყვანა! დღეს კოლექტიური ვანო ზარდიაშვილები მართავენ საქართველოს პარლამენტს. ესენი არიან ნაციონალი ზონდერები! იმის მაგივრად, რომ პასუხი ეგოთ ჩადენილ დანაშაულზე, დღეს უმრავლესობაში არიან და ახალ დანაშაულებს ჩადიან.

- ვისი ინიციატივით მოხვდნენ ისინი ოცნებაში?

- ალბათ, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის, რადგან საპარლამენტო სიაზე სწორედ ის იყო პასუხისმგებელი. თავად გიორგი კვირიკაშვილს ერთი დღეც არ უბრძოლია ნაციონალური რეჟიმის წინააღმდეგ, პირიქით, მან ბიძინა ივანიშვილს უარი განუცხადა „ქართუ ბანკში“ მუშაობაზე, რადგან არ უნდოდა, ღიად დაპირისპირებოდა „ნაციონალებს“.

არ ვიცი, რა მექანიზმებით მოახერხა ამ სიტუაციიდან გამოძრომა და როგორ დაითანხმა „ოცნება“ გამხდარიყო ეკონომიკის მინისტრი და შემდეგ პრემიერ-მინისტრი. ფაქტია, რომ არც გიორგი კვირიკაშვილს და არც მისი მინისტრთა კაბინეტის 90%-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არ უბრძოლია! ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს არც საბოტაჟი და არც არამართებული ქმედებები მათი მხრიდან. ჩადებებმა იმატაო, რომ გაიძახიან, ვინ არის ამ ყველაფრის შემოქმედი? ვინ დაამკვიდრა და ვინ აგრძელებს ამ ტენდენციას? ვის სჭირდება ეს ყველაფერი?!

- მუსიკოსების საქმემ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. რა ხდება და თქვენ საით მიანიშნებთ?

- კარგია, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები სამუდამო პატიმრობით და 20-წლიანი მუხლით ციხეში არ წავიდნენ. მუსიკოსების სკანდალმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყანაში მოშლილია ყველა ბერკეტი. ჩვენ დავინახეთ, როგორ ამინდის მიხედვით იცვლებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია მუსიკოსების საქმესთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, სახელმწიფომ აღიარა, რომ ის დიდი ოდენობით ნარკოტიკი, რომელიც ამ ახალგაზრდებს აღმოუჩინეს, არ იყო მათი. მაშინ საიდან მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში, ჩაფრინდა?!

ხელისუფლება ვალდებულია, არ მიაფუჩეჩოს ეს თემა და საზოგადოებას რაც შეიძლება მალე გასცეს პასუხი კითხვაზე: საიდან მოვიდა ეს ნარკოტიკი, ვისი იყო და ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ ნარკოტიკის რეალური მფლობელები, უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით, ხოლო ხელისუფლებამ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა და უმაღლესი თანამდებობის პირები უნდა გადადგნენ!

- აიღებენ ამ პასუხისმგებლობას?

- როდესაც სახელმწიფო აღიარებს, რომ მისი სამართალდამცავი ორგანოები ნარკოტიკს უდებენ მოქალაქეებს, ქვეყნის პირველი პირი, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, თანამდებობას დატოვებს.

- ანუ გიორგი კვირიკაშვილი უნდა გადადგეს?

- აქ მეორე საკითხიც არის – გიორგი კვირიკაშვილს არც არავინ ეკითხება გადადგომას, არც დანიშვნას ეკითხებოდნენ, არც დაჭერას ეკითხებიან და არც ვინმეს გამოშვებას. ამიტომ, სანამ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი გადადგომის შესახებ, ის თავისი ინიციატივით ვერ გადადგება.

- მაშინ, ვინ მართავს სიტუაციას, ბიძინა ივანიშვილი?

- გიორგი კვირიკაშვილი, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენს. ეს არის ნომინალური ფიგურა, რომელსაც აკისრია მარიონეტის ფუნქცია, თუმცა ამ ფუნქციასაც გიორგი კვირიკაშვილი წარმატებით ვერ ასრულებს. ძალიან ძნელი სათქმელია, თუ ვინ მართავს რეალურად ჩვენს ქვეყანას. ერთი ვერსიით, ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მეორე ვერსიით ქვეყანა უცხოეთის საელჩოებიდან და უცხოური ორგანიზაციებიდან იმართება. თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელისუფლების ოფიციალური პირები არ მართავენ ქვეყანას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი არ ინიშნება საქართველოს ტერიტორიაზე.

- ეს როგორ?

- ორივე თანამდებობის პირი ინიშნება საქართველოს ფარგლებს გარედან. მე პირადად ვარ მომსწრე იმისა, როდესაც თავად გახლდით მინისტრთა კაბინეტის წევრი, როდესაც მიმდინარეობდა მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცესი, წინა დღეს გიორგი კვირიკაშვილი თავად კითხულობდა, ხომ არ იცოდა ვინმემ, თუ ვინ იქნებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრმა თავად არ იცის დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე, ვინ უნდა გამოაცხადოს შინაგან საქმეთა მინისტრად, რა თქმა უნდა, ის პრემიერ-მინისტრი ცარიელი ადგილია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი კი არა, უცხო ძალები მართავენ, რომლის მარიონეტებადაც არსებული ხელისუფლება გვევლინება.

- ბატონო სანდრო, თქვენ ასევე აქტიურად ითხოვდით, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალულიყო. უმრავლესობაში ამ საკითხზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ნაწილი თვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს, ნაწილს კი მოსწონს ეს ინიციატივა. რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით?

- უმრავლესობის მხოლოდ 20% იყო მიწის გაყიდვის მოწინააღმდეგე, ხოლო 80% იყო უცხოელებზე მიწის გაყიდვის მომხრე. ქართული მიწის დაცვის ჯგუფმა, რომელშიც მეც შევდიოდი, აიძულა ხელისუფლება, უკან დაეხია და ხელისუფლებაც იძულებული გახდა, სამოქალაქო პროტესტის თავიდან ასაცილებლად მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედიოდა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა აკრძალული ყოფილიყო კონსტიტუციის დონეზე. თუმცა ეს პირველი ეტაპია. არსებობს მეორე ეტაპიც.

- მეორე ეტაპი რას გულისხმობს?

- ეს გულისხმობს ორგანული კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რეგულაციები, თუ რა ტიპის კომერციული ურთიერთობები იარსებებს ქართულ მიწასთან დაკავშირებით. ასევე ძალიან უნდა გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. მოკლედ, მთელი რიგი პროცედურებია მოსაგვარებელი. ამავე დროს, ქართული მიწის დაცვის ჯგუფი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საადგილმამულო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს თანხების მოძიებას იმისთვის, რომ უკვე გაყიდული ქართული მიწები იქნეს გამოსყიდული.

Comments are closed