globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 16th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „მიმდინარეობს ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარების პროცესი“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ქართული ოცნების“ ახალი სახეები დასავლურ კურსს ნიშნავს“ // „რესპუბლიკელებს ბარიერის პრობლემა ექნებათ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან: „ნაციონალებთან კოალიცია წარმოუდგენელია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „ნიკა გვარამია სახიფათო განცხადებებს აკეთებს“ // „რომან გოცირიძე ძველი, ჩამოწერილი სახეა“

რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ევროპას ფსევდოტოლერანტობა საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად უჯდება“

რეზონანსი“: რა პრობლემები შეექმნება “ისლამურ სახელმწიფოს” კავკასიაში ბათირაშვილის გარდაცვალების შემდეგ (მამუკა არეშიძისა და ვახტანგ მაისაიას კომენტარები)

——————-

„ახალი თაობა“, 16 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „მიმდინარეობს ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარების პროცესი

რატომ მიიჩნევენ თავს მთავარ ოპოზიციურ ძალად, რა გარიგება დადო „ოცნებამ“ ნაცმოძრაობასთან, წამოვლენ თუ არა მის პარტიაში მმართველ ძალაზე განაწყენებული დეპუტატები, ვისთან აპირებენ გაერთიანებას? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ თამაზ მეჭიაური ესაუბრება.

- თქვენ გადაცემაში პრიორიტეტები სტუმრობისას განაცხადეთ, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენთ. ამ დროს პარტიის ფორმირება არ დაგისრულებიათ და არც თქვენი საარჩევნო სიის პირველი ათეულია ცნობილი. რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენთ?

- ამის თქმის საბაბს ბევრი ფაქტორი მაძლევს. ამასთან, მე რომ არ მეთქვა, მთავარი ოპოზიციური ძალა ვართო, ეჭვი გეპარებოდათ ამაში? რაც შეეხება სიის პირველ ათეულს, ეს საზოგადოებისთვის როგორ გახდებოდა ცნობილი, როცა ბოლომდე მეც არ ვიცი. არა, როგორ არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა პატარა კორექტივები კიდევ შევიტანოთ.

- თქვით, რომ ბევრი მიზეზი გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ხართ. იქნებ ჩამოთვალოთ ეს მიზეზები?

- ამის პირველი მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ახალი სახეებია. ამ პრეზენტაციის შემხედვარე კაცი ვერ მიხვდებოდა, ვისი სიის წარდგენა იყო – ნაციონალების, თავისუფალი დემოკრატებისა თუ რესპუბლიკელების. ეს პარტიები და „ქართული ოცნება“ იმდენად იდენტურები გახდნენ როგორც საშინაო, ასევე საგარეო ხედვებით, რომ ერთმანეთისგან ვერ გაარჩევთ. `ოცნება~ ნაციონალებისგან მხოლოდ მართვის სტილით განსხვავდება. ნაციონალების დროს ქვეყნის მართვის არაადამიანური სტილი იყო დამკვიდრებული, ახლა ცოტა მოუქნელი და ლიბერალური სტილით იმართება ქვეყანა, რასაც ოსტატურად იყენებს ყოფილი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ თავისი გავლენის ქვეშ ჰყავს მოქცეული. ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარება მიდის.

- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ნაციონალებს თავიანთი გავლენის ქვეშ ჰყავთ მოქცეული ოცნება?

- იმას, რომ ხელისუფლება წინამორბედის გავლენის ქვეშაა. აქამდე რესპუბლიკელების მეშვეობით ახორციელებდნენ მათზე კონტროლს, ახლა ამ პორტირებული ახალი სახეებით ასრულებენ ამ მისიას. ამერიკიდან მართული პოზიცია და ე.წ. ოპოზიცია ერთმანეთში ღრმად არიან ინტეგრირებული. მათთვის ერთადერთ საფრთხეს ჩვენ და კიდევ რამდენიმე ჩვენნაირი პარტია წარმოადგენს. ჩვენი ხედვები მათგან რადიკალურად არის განსხვავებული. ჩვენ საგარეო კურსსაც და სამართლიანობის აღდგენასაც სხვადასხვანაირად ვუყურებთ. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს არასამთავრობოებთან დაკავშირებით. ღიად ვამბობთ, რომ არ შეიძლება, უცხო ქვეყანა აფინანსებდეს არასამთავრობოებს, რადგან ისინი ყოველთვის დამფინანსებლის ინტერესებს გაატარებენ. მათი ინტერესების გამტარებლები არიან პოზიცია და ე.წ. ოპოზიცია. ისინი ერთმანეთს მხოლოდ იმაში ეჯიბრებიან, რომ პატრონს ერთგულება დაუმტკიცონ. ჩვენ კი მათგან რადიკალურად განვსხვავდებით.

- თქვენი და თქვენნაირი პარტიების საარჩევნოდ გაერთიანება ხომ არ იგეგმება?

- საარჩევნოდ არა მგონია, რაიმე გაერთიანება შედგეს. ჩემი აზრი ასეთია, რომ ყველამ დამოუკიდებლად ვიყაროთ კენჭი. ვნახოთ, ვის რა ელექტორატი ჰყავს. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი გაერთიანებაზე ვიფიქრებთ. ოღონდ ჩვენ დაგვიპირისპირდნენ და პოზიცია-ოპოზიცია რიგ საკითხებში მოკავშირეებიც კი ხდებიან.

- ზემოთ თქვით, რომ ხელისუფლების ხავერდოვნად გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს?

- ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფრის საქმის კურსშია, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ის პროცესებს ვეღარ მართავს და, როგორც ჩანს, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.

- პროცესებს რატომ ვეღარ მართავს?

- მას მართვის ბერკეტები აღარ გააჩნია. დღეს ამ ბერკეტებს ამერიკელები ფლობენ.

- ისე ხომ არ მოხდება, რომ საკუთარი გუნდის წევრებიც ზურგს აქცევენ? ასეთი რამ საქართველოში ხშირად მომხდარა...

- შეუტრიალდებიან რომელია. ამ ვითარებაში ჩვენ და ჩვენნაირი პარტიები ვიქნებით ამ ქვეყნის სტაბილურობის ერთადერთი გარანტები. ერთი ჯიშსაშენიდან გამოყვანილი პოზიცია და ე.წ. ოპოზიცია ქვეყნის სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფენ.

- თქვენ რატომ იქნებით გარანტები და ისინი - ვერა?

- იმიტომ, რომ დესტაბილიზაციის გზით შეეცდებიან ხელისუფლების გადაბარებას, შეეცდებიან, ვექტორი არ შეცვალონ და ისეთი ვითარება შექმნან ქვეყანაში, როგორიც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთშია. გაყოფილია ქვეყნები ორად, ერთ ნაწილს რუსეთი მართავს, მეორე ნაწილს – ამერიკა. ქვეყნის გარეთ მიდის ვაჭრობა, ხალხი კი კატასტროფულ მდგომარეობაშია. დაახლოებით ასეთი სცენარის განვითარება უნდათ საქართველოშიც. აქ კიდევ უფრო ცუდად იქნება საქმე.

- უფრო ცუდად რატომ იქნება?

- როცა პოზიციაც და ე.წ. ოპოზიციაც ერთი ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის იქნება, უფრო ადვილად დაანგრევენ სახელმწიფოს. ამაში მათ ხელს შევუშლით. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილიც იძულებული იქნება, მხარი დაუჭიროს იმ არჩევანს, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი გააკეთებს. ის გარე ძალების სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის, მაგრამ ხალხის ნებას მაინც გაითვალისწინებს.

- ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი აპირებს თქვენს პარტიაში გადმოსვლას. ერთი მათგანი ზურაბ ზვიადაური იქნება. მართალია ეს ამბავი?

- ამ თემაზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. არც ზვიადაურთან და არც „ოცნების“ სხვა დეპუტატებთან კონსულტაციები არ მქონია. „ქართული ოცნების“ დეპუტატები თუ წამოვლენ, ეს ძალიან ლოგიკური ნაბიჯი იქნება.

- რატომ იქნება ლოგიკური ნაბიჯი?

- ის „ქართული ოცნება“, რომელმაც 2012 წელს არჩევნები მოიგო, ჩვენთან უფრო ახლოა, ვიდრე იქ. პარტიაში იმ ადამიანების იგნორირება ხდება, რომლებიც შექმნის დღიდან „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ და ამ წლების განმავლობაში გვერდით ედგნენ მას. იმ გუნდს უნდობლობა გამოუცხადეს. მხოლოდ რამდენიმე კაცი დატოვეს პოლიტსაბჭოში, მაგრამ პარტიის რიგებიდან ახალი არავინ დაუწინაურებიათ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არაკომპეტენტურებად მიიჩნევენ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ და თქვენი პარტია 16 ივლისს ლაშარის სალოცავში აპირებთ ფიცის დადებას...

- ასე პათეტიკურად არაფერს ვაპირებთ. ლაშარობაზე აუცილებლად წავალთ და, ვინ რას ჩაუთქვამს, ეს მისი საქმეა. არ არის გამორიცხული, იქ ჩვენი პარტიის ახალი სახეებიც გამოჩნდნენ.

- ლოზუნგი ასეთი ხომ არ გექნებათ: ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა?

- არა, ლოზუნგი ასეთი არ იქნება. ლაშარის გორზე ყოველ წელს მიწევს ასვლა. ეს სხვებმა იოცნებონ იქ ასვლაზე.

- ბოლოსკენ თქვენი თანაპარტიელის, დავით ფაცაციას ცემის ფაქტზეც მინდა გკითხოთ. 14 ივლისს ტვ პირველის ეთერში მას ზვიად კუპრავა ეჩხუბა, რომელიც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეა...

- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დავით ფაცაცია არ უცემიათ, მას მზაკვრულად დაესხნენ თავს. ამ ბიჭს აქვს მხედველობის პრობლემა, ლინზებს ატარებს და პატარა დაზიანება მიიღო. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამაზე პროკურატურამ საქმე აღძრა, მაგრამ ჩვენ მის დასჯას არ ვითხოვთ.

- რატომ არ ითხოვთ მის დასჯას?

- ეს პიროვნება ისედაც დასჯილია. ზვიად კუპრავა ნაციონალების დროს იყო ცნობილი ზონდერი და მას ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული. მისთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი ბევრს ექნება. ერთადერთი ადგილი, სადაც უსაფრთხოდ იქნება, არის ციხე. ქუჩაში თავისუფლად სიარული მისთვის ყოველთვის სახიფათო იქნება. არ მინდა, ეს ვინმემ ჩვენი მხრიდან მუქარად აღიქვას. ახლავე ვაცხადებ, რომ მის ცემას არ ვაპირებთ, თუმცა დღეის შემდეგ უფრო ფრთხილად ვიქნებით და ვინმე კიდევ თუ გაბედავს მსგავს თავდასხმას, უპასუხოდ ნამდვილად არ დარჩება. ყველამ იცოდეს, რომ პოლიციაში არ ვიჩივლებთ და თავად გავცემთ პასუხს. ამ ამბავში კიდევ ერთი საფრთხე დავინახე. ხელისუფლებაც და ნაციონალური მოძრაობაც დაინტერესებული არიან იმით, რომ გადაგვიყვანონ სამართალდამცავ ორგანოებში სიარულის რეჟიმში. „ქართული ოცნება“ ცდილობს, კორცხელის ინციდენტიდან ამ ფაქტზე გადაიტანოს ყურადღება და გამოგვაცხადოს, როგორც დაზარალებულები.

- ხომ ხართ დაზარალებულები?

- ჩვენ არავის ვუჩივით და ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენი მოცდენა უნდათ. გადაწყვიტეს, პოლიციაში გვარბენინონ და ამით ჩვენს ძირითად საქმიანობას მოგვწყვიტონ.

„ახალი თაობა“, 16 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ქართული ოცნების ახალი სახეები დასავლურ კურსს ნიშნავს“ // „რესპუბლიკელებს ბარიერის პრობლემა ექნებათ

ქვეყანაში მიმდინარე ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აფასებს.

- ბატონო რამაზ, ქართული ოცნების ახალ სახეებს საზოგადოებაში დიდი განხილვები მოჰყვა. ბევრმა დაიწუნა, ზოგმა მოიწონა. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი სახეებიც დავით კოღუაშვილის ბედს გაიზიარებენ. რას ფიქრობთ თქვენ?

- მე არ ვარ ასე პესიმისტურად განწყობილი. თან რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალიან ბევრი შემფასებელი ცდილობს უარყოფით შეფასებას, რაც ყოველთვის ახლავს ხოლმე იმ ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს, რომლის მიმართ კრიტიკულობა მოდაშია. რაც შეეხება ახალგაზრდების ამ ჯგუფს…

- არ არიან ცნობადები, დებატებში გამოცდილები…

- დებატებში გამოცდილი დაბადებიდან არავინ არის, მაგრამ ამ ახალგაზრდებს გამოუცდელობას ვერ დააბრალებ. იგივე თამარ ჩუგოშვილი არაერთ დებატში ყოფილა. ასევე მათგან ბევრი აღმასრულებელ სტრუქტურაში მუშაობს და უწევდათ დებატები და იციან, რა არის საჭირო პოლიტიკაში. მე მგონი, გადაჭარბებულია ის სკეპტიციზმი, რომელიც საზოგადოების ერთმა ნაწილმა გამოავლინა. სრულიად გასაგებია, როცა სკეპტიკურად არის განწყობილი ოპოზიცია, რადგან ის უნდა იყოს სკეპტიკურად განწყობილი.

- აბა, რა არის გაუგებარი?

- სრულიად გაუგებარია იმ ადამიანების შეფასებები, რომლებიც პოლიტიკურად დაინტერესებულნი არ არიან. რადგან მათ კარგად იციან, რომ ხშირად მომხდარა, როცა პოლიტიკისთვის უცნობი ადამიანი შემოსულა პოლიტიკაში და ბევრი ცვლილება მოუხდენია.

- რისი თქმა უნდოდა ქართულ ოცნებას ამ ახალი სახეების წარმოჩენით, რომ მთლიანად იცვლება მისი პოლიტიკა? ან რა ბედი ელის ძველ სახეებს? ისინი რა რაოდენობით მოხვდებიან ოცნების სიაში?

- ვნახოთ, სია როგორ აეგება. მთლიანობაში ერთი რამ ცხადია, რომ განახლება საჭიროა. ასეთი ქვეტექსტი იყო ამ ნაბიჯში. მეორე, რომ ამ განახლების მენეჯერი და ინიციატორი იყო კვირიკაშვილი და ამ გუნდის, თუ შეიძლება ითქვას, კაპიტანი არის კვირიკაშვილი.

- ამით რისი თქმა გსურთ?

- თვითონ კვირიკაშვილის მიმართ საზოგადოების ნდობა მაღალია. თვითონ ის ექსპერტები, რომლებიც კრიტიკულები არიან ამ ახალი გუნდის მიმართ, პოზიტიურად აფასებენ კვირიკაშვილს და ეს სწორედ კვირიკაშვილის გუნდია, ჰაერიდან ხომ არ მოსულან?!

- გარედან მოჰყავს ახალი სახეები და პარტიის შიგნიდან არ არჩევსო.

- ბუნებრივია, თუ ახალი სახე გინდა, საიდან უნდა მოიყვანო? რა თქმა უნდა, გარედან! თუ შიგნიდან აარჩევდა, მერე კრიტიკა იქნებოდა, ახალი სახე არ არისო. თუ კრიტიკა გინდა, კრიტიკაზე ადვილი არაფერია.

- ჩუგოშვილის და მისნაირების სიაში ჩასმით გასაგებია, რა კურსს ირჩევს პრემიერიო და რა კურსი აირჩია კვირიკაშვილმა?

- ერთადერთი, რაც ცხადია, არის ის, რომ კურსი არის დასავლური, რადგან დასავლეთში განათლებამიღებულობა, გარდა იმისა, რომ განათლებაა განსხვავებული დასავლეთის, ასევე დასავლურ სულისკვეთებას განსაზღვრავს. ჩემთვის ამის მაუწყებელია კობახიძის განცხადება, რომ კრიტერიუმი კადრების შერჩევის დროს იქნება ორიენტაცია.

- ეს ორიენტაცია სახეზეა?

- გარკვეულწილად კოალიციის დაშლაში გამოიხატა ეს ორიენტაცია. ასე რომ, თუ რაიმე იკითხება კურსის მხრივ, იკითხება დასავლური კურსი. ვისაც არ აწყობს დასავლური კურსი, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.

- სახელდება მათი გვარებიც, ვინც ოცნების სიაში ვერ მოხვდება. ისინი განაწყენებას ვერ მალავენ...

- სიმართლე გითხრათ, ამით არც დავინტერესებულვარ. ბუნებრივია, ახალი ადამიანები შემოდიან და ძველებიდან ვიღაცა თმობს ადგილს. ვისაც მანდატის აწევ-დაწევის გარდა სხვა ცოდნა არ აქვს, ეს მისთვის დიდი დანაკარგია, მაგრამ თუ ადამიანს პროფესია გაქვს, იმაზე სასიამოვნო რა არის, რომ პროფესიას დაუბრუნდები?!

- მინისტრთა კაბინეტს ორი რესპუბლიკელი მინისტრი დატოვებს, მესამე ოცნების გუნდში დარჩა. თქვენი შეფასებები მათ გადაწყვეტილებაზე და რა შანსები აქვს ამ პარტიას?

- როცა დიდი სახელისუფლო კოალიცია იშლება, ზოგიერთი პარტია კარგავს სახელისუფლო პარტიის სტატუსს. პატარა პარტიები, რომლებიც ცალკე გავლენ, აღარ არიან სახელისუფლო პარტიები. ეს ადამიანებს ყოველთვის აყენებს გადაწყვეტილების წინაშე, რა ურჩევნიათ, დარჩნენ სახელისუფლო გუნდში თუ დარჩნენ ძველ პარტიებში. ის, ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებაშია და დაინტერესებულია იმ საქმის კეთებით, რასაც მოჰკიდა ხელი, ხშირად უარს ამბობს პარტიულ კუთვნილებაზე და რჩება აღმასრულებელ ხელისუფლებაში. წულუკიანმა ანალოგიური ნაბიჯი გადადგა, როცა თავისუფალი დემოკრატები გავიდნენ ცალკე. იგივე მოხდა ახლაც. აგულაშვილმა გადაწყვიტა, დარჩეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რის გამოც შეუერთდა „ქართულ ოცნებას“. ამის გაგება ადვილია.

- რესპუბლიკელების შანსებზე რას იტყვით?

- რეიტინგები სახარბიელო ნამდვილად არ აქვთ. მათი უახლოესი მიზანი აშკარად არის ბარიერის გადალახვა. ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული, რესპუბლიკელებმა თუ არ გააცნობიერეს ის, თუ რატომ აქვთ დაბალი რეიტინგი.

- და რატომ აქვთ?

- მე ვერ ვხედავ, რომ აცნობიერებდნენ. მათ სჭირდებათ ხშირი კონტაქტი საზოგადოებასთან იმისთვის, რომ მოსახლეობის აზრი გაიგონ და მერე ამ საზოგადოებრივი აზრის შესაბამისად შეცვალონ საკუთარი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეიტინგი არ მოიმატებს.

- თავდაცვის მინისტრის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება. როგორი უნდა იყოს ახალი თავდაცვის მინისტრი? რა სტანდარტებს და მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?

- დასავლური გამოცდილება, რომ თავდაცვის ხელმძღვანელი იყოს სამოქალაქო პირი, გარკვეულ ლოგიკას გულისხმობს და რა ქვეტექსტიც იგულისხმება, გასაგებია _ პოლიტიკური კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ჯარი. მაგრამ მე მეეჭვება, რომ ანალოგიური პრობლემა დღეს საქართველოში იდგეს, მაგალითად, სამხედრო გადატრიალების. ამიტომ ეს ასპექტი ნაკლებად აქტუალურია საქართველოსთვის. ჩვენთვის უფრო აქტუალურია პროფესიონალიზმი ჯარის ფორმირებასა და განვითარებაში. ამიტომ უმჯობესია, ახალი თავდაცვის მინისტრი პროფესიონალი იყოს.

„ახალი თაობა“, 16 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან: ნაციონალებთან კოალიცია წარმოუდგენელია

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების სავარაუდო შედეგებზე საუბრობს.

- ბატონო გია, როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო პერიოდს?

- 15-16 წლის მანძილზე, მე უკვე მე-14 არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას და ამგვარი გაუგებარი მდგომარეობა არ მახსოვს. არ მახსენდება, არჩევნებამდე 2,5 თვით ადრე ხელისუფლებას არ ჰყავდეს არც ერთი მაჟორიტარი კანდიდატურა დასახელებული და საარჩევნო სია არ გამოექვეყნებინოს. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში არის პრობლემები. თუმცა, 8 ოქტომბერს მიიღებს საზოგადოება გადაწყვეტილებას, რამდენად ადეკვატურია „ოცნება“. ფაქტი სახეზეა, რომ არის დიდი პრობლემები, ხშირ შემთხვევაში გადაულახავი პრობლემები.

- რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას?

- თუნდაც, არც ერთი მაჟორიტარი კანდიდატი არ არის დასახელებული. როგორც ჩანს, ვერ თანხმდებიან კანდიდატებზე, რიგითობაზე.

- ეს თქვენ რაიმე პრობლემას გიქმნით?

- რასაკვირველია, ჩვენ, კონკურენტებმა, არ ვიცით, ვისთან მოგვიწევს პაექრობა ამა თუ იმ ოლქში. ასევე არ იცის საზოგადოებამ ამის შესახებ, რომ დროულად გააკეთოს არჩევანი. ის, რომ მმართველი პარტია აგვიანებს, დაკავშირებულია იმასთანაც, რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს ბიძინა ივანიშვილთან.

- ბიძინა ივანიშვილთან ხდება ყველაფრის შეთანხმება?

- დიახ, ეს პროცესი თანხმდება არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილთან, არამედ ბიძინა ივანიშვილთან. მე ამაში ეჭვი არ მეპარება. არ იქნება ბიძინა ივანიშვილი, არ იქნება პარტია „ქართული ოცნება“, ის არის ამ პარტიის მთავარი სპონსორი და მთავარი სულის ჩამდგმელი.

- თქვენი მოლოდინები როგორია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით? პრემიერი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ 100 დეპუტატს გაიყვანს `ქართული ოცნება~ პარლამენტში...

- შეიძლება პრემიერი არ არის ღრმად ჩახედული საარჩევნო თემატიკაში და დათვურ სამსახურს უწევენ მას ის ადამიანები, რომლებიც ეუბნებიან, რომ „ქართული ოცნება“ 100 დეპუტატს კი არა, მეტს გაიყვანს. შეიძლება ფიქრობენ, 149 დეპუტატი გაიყვანონ და ერთი სულელი ვინმე იყოს ოპოზიციიდან. დემოკრატი ლიდერი დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ოცნებობდეს აბსოლუტურ უმრავლესობაზე.

- რეფორმების გასატარებლად გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობაო.

- ასეთი განცხადებები ქვეყანას დაღუპვისთვის სწირავს. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ, კარგად ვნახეთ, რას ნიშნავს აბსოლუტური უმრავლესობა, ამის მაგალითები სააკაშვილის ხელში ბევრი იყო. სააკაშვილის უმრავლესობის ხელში როგორი ვაი რეფორმები მივიღეთ, ეს გიორგი კვირიკაშვილს კარგად უნდა ახსოვდეს. როდესაც პარლამენტს გადააქცევ ერთგვარ ქვევრად, საიდანაც, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებენ, მაშინ ასეთი ქვეყანა განწირულია. ამის მაგალითები ჩვენ გვქონდა და არ მგონია, კარგი იყოს ერთსა და იმავე წრეზე მუდმივად სიარული. მე მეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ბატონ კვირიკაშვილთან, ბატონ ივანიშვილთან ერთად წარსულს ჩავაბარეთ. თურმე ეს ასე არ არის და ამაზე ძალიან მტკივა გული. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩვენ თანამშრომლობა მაინც მოგვიწევს.

- თქვენ ამბობთ, რომ კოალიციური მთავრობა გარდაუვალია?

- რა თქმა უნდა, კოალიციური მთავრობა გარდაუვალია და შესაძლებელია, სწორედ ასე განვითარდეს მოვლენები. სწორედ ეს არის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი. აქ საუბარია რეალურ კოალიციურ მთავრობაზე, არჩევნების შედეგების მიხედვით მიღებულ კოალიციაზე.

- ხართ მზად, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად კოალიციაში სათანამშრომლოდ?

- არავითარ შემთხვევაში, არა. ეს ვერ მოხდება ვერასდროს, ვერც ერთ ფორმატში. ეს არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი. თუ ჩვენ მოვიპოვებთ ხმათა იმ რაოდენობას, რომ სხვა ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ახალი კოალიცია, ჩვენ მზად ვართ ამისთვის.

„ახალი თაობა“, 16 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „ნიკა გვარამია სახიფათო განცხადებებს აკეთებს“ // „რომან გოცირიძე ძველი, ჩამოწერილი სახეა

რამდენიმე თვეა, რაც აქტიური საუბარი მიდის ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის განახლების აუცილებლობაზე. ამ დღეებში ახალი სახეები წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“. რატომ გახდა აქტუალური პოლიტიკური სახეების განახლება? ყოფილი დეპუტატი ანზორ აბრალავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამის საჭიროება დიდი ხანია, არსებობს.

„საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით ერთ ნეგატიურ მოვლენას – წლებია, პოლიტიკაში არიან ერთი და იგივე პოლიტიკური სახეები. ზოგიერთი უმაქნისი პოლიტიკური ლიდერი ოც წელიწადზე მეტია, პოლიტიკაში ტრიალებს. ყველაზე უარესი ისაა, რომ ეს ცნობილი ლიდერები დაკავებული არიან ინტრიგების ხლართვითა და კონფლიქტების ინსპირირებით. ბევრი პოლიტიკოსი ყველაფერს უარყოფს“, – ამბობს ანზორ აბრალავა.

- რას ნიშნავს „ყველაფერს უარყოფს“?

- მაგალითს მოვიყვან. ზღვისპირეთში ბიძინა ივანიშვილმა ააშენა მაღალი დონის საკონცერტო დარბაზი. ის გახდა სახელმწიფოს საკუთრება. გამოდის რომან გოცირიძე და აცხადებს, რომ ეს ცუდია, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება ამ საკონცერტო დარბაზის შენახვა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არის ყველაფრის უარყოფა. ზოგიერთი პოლიტიკური გუნდი განახლებას კი არა, საზოგადოებისგან იზოლირებას საჭიროებს.

- რომან გოცირიძე ახსენეთ და ის ნაცმოძრაობის განახლებული საარჩევნო სიის წარმომადგენელია...

- რომან გოცირიძის ახალ სახედ დასახელება, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ეს ძველი ჩამოწერილი სახეა. კუპონიზაციის ამბავი ყველამ იცის. იგი იყო თენგიზ სიგუას მოადგილეც. დადგენილია, რომ პრემიერის ხელმოწერის გაყალბების გზით მან საკუთარ თავს გამოუყო ბინა. ნაციონალური მოძრაობის სიის არც სხვა სახეებია ახალი. ვინც არ უნდა შეიყვანონ ნაციონალებმა სიაში, ვერ ჩამოირეცხავენ არაადამიანურ დანაშაულებსა და ცოდვებს. შეცდომები დავუშვითო, ამბობენ. ეს შეცდომები კი არა, უმძიმესი დანაშაულია. ამის საილუსტრაციოდ მარტო ნაწამები სულხან მოლაშვილის გარდაცვალებაც კმარა. სულხანს პირადად ვიცნობდი. ის უნიჭიერესი და კეთილშობილი ვაჟკაცი იყო. მისი სიკვდილი ნაციონალური მოძრაობის კისერზეა. მთავარი დამნაშავე სააკაშვილია, მაგრამ ამ სიკვდილში მონაწილეობს ყველა, ვინც მხარს უჭერდა და უჭერს სააკაშვილს.

- რატომ გვიანდება სულხან მოლაშვილის წამების ფაქტის გამოძიების ბოლომდე მიყვანა?

- ეს ფაქტი, ფაქტობრივად, გამოძიებულია. დამნაშავეების მოძიება რთული არ არის. მთავარი დამნაშავე სააკაშვილია.

- პოლიტიკური განახლების თემას დავუბრუნდეთ. ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ განახლებული სია წარმოადგინა...

- ამას არ ვეთანხმები. ამ პარტიაში არც სახეები ახალი და არც იდეები. ელენე ხოშტარიაა ახალი სახე? ეს ქალი ყოველთვის ნაციონალურ მოძრაობასთან შეკრული ექსპერტი იყო და ყველა საკითხზე აკეთებდა კომენტარს. ახლაც აგრძელებს კომენტარებს. საყურადღებოდ მიმაჩნია ნაციონალური მოძრაობის ტელეკომპანიის გენდირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებები.

- რომელი განცხადებები?

- ბოლოდროინდელი, სასამართლოსთან დაკავშირებული და ადრინდელიც. ხელისუფლებამ კარგად უნდა გააანალიზოს ნიკა გვარამიას განცხადებები. იქ გახმოვანებულია ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი გეგმები. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ამ ხალხმა კონსტიტუციისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას. გვარამია და სხვები დირექტივებს უკრაინიდან იღებენ. სააკაშვილი ადრე საქართველოს პრობლემა იყო. ახლა უკრაინის პრობლემაც გახდა. ის იქიდან მართავს თავის დანაშაულებრივ პარტიას.

- ქართული ოცნების განახლებული შემადგენლობის პრეზენტაციის შემდეგ ამ პარტიიდან გამოყოფილი თამაზ მეჭიაურის გუნდის წევრებმა დაასკვნეს, რომ ოცნება, სინამდვილეში, თამაზ მეჭიაურის პარტიაა. მოსახლეობაშიც ხომ არ იქნება ასეთი შთაბეჭდილება?

- არა მგონია. „ქართულ ოცნებას“ თავისი სახე ექნება. თამაზ მეჭიაურს პატივს ვცემ. ის წესიერი კაცი და პატრიოტია. თაობათა ცვლა დადებითი პროცესია. სიახლეების შემოტანა ამ პარტიასაც შეუძლია. ახალი და პროგრესული იდეები მხოლოდ ახალგაზრდებს არ მოაქვთ. ახალი იდეის ავტორი შეიძლება 80 წლის კაციც იყოს. ასაკობრივი დისკრიმინაცია თავის დროზე სააკაშვილმა შემოიღო. „ქართულ ოცნებას“ ახალ სახეებთან ერთად ეყოლება ცნობილი ძველი სახეებიც.

- მეტისმეტად ინტენსიური აქცენტი კეთდება უცხოეთში მიღებულ განათლებაზე. გიგლა ბარამიძე ფიქრობს, რომ ასეთი ფორმით ამ თემის წამოწევა პროვინციული სნობიზმია...

- გადაჭარბებული დოზით ამაზე ლაპარაკის მომენტი მართლაც შეიმჩნევა. ერთმანეთის კრიტიკაც პოლიტიკური სუბიექტების უფლებაა, თუმცა ყველაფერს პროცესები გამოაჩენს. პარტიები არ უნდა ჩაიკეტონ, არ უნდა ჩამორჩნენ დროს. მათ ერთმანეთს კონკურენცია უნდა გაუწიონ. სიახლეებისა და პროგრესული იდეების შემოტანა ქვეყანას სიკეთეს მოუტანს.

რეზონანსი“, 16 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: ევროპას ფსევდოტოლერანტობა საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად უჯდება

ელზა პაპოშვილი

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აბუ ომარ ალ-შიშანის სიკვდილი ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსთვის” დიდი დანაკლისია. მისი თქმით, მის გარეშე ტერორისტებს საკვანძო ქალაქების, მოსულისა და რაქას დაცვა გაუჭირდებათ. ასევე ხალიფატს ჩეჩნეთიდან და სამხრეთ კავკასიიდან ახალი მებრძოლების გადაბირებაც გაუძნელდება. მართალია, მის შემცვლელს მაინც მოძებნიან, მაგრამ ახალი თაობა, რომლიც გარდაცვლილი ლიდერების ადგილს იკავებს, განსაკუთრებული სისატიკით და აგრესიით გამოირჩევა.

კავკასიოლოგი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ სისხლიან ტერორისტულ აქტსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპას “ფსევდოტოლერანტობა” და ადამიანის უფლებების დაცვა საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად უჯდება. ამიტომაც ყველა ევროპულმა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ხალიფატის მხრიდან საფრთხის რისკი კიდევ უფრო გაზრდილია და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა გააძლიეროს.

- ვნახეთ, რომ გუშინწინ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა კვლავ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. როგორ ფიქრობთ, რა არის იმის გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ევროპა ვეღარ ახერხებს, რომ მათ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს?

- ფრანგულ სპეცამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მანქანით ტერორისტული აქტი ნამდვილად იგეგმებოდა, თუმცა არ იცოდნენ, როგორი ფორმით მოხდებოდა. ყველას ეგონა, რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით იქნებოდა. ისინი ამ ინფორმაციას 10 დღით ადრე ფლობდნენ. თუ ევროპულმა ქვეყნებმა თავისი მიდგომა უსაფრთხოების სისტებასთან დაკავშირებით არ შეცვალა, არაფერი არ გამოვა.

ის ფსევდოტოლერანტობა და ადამიანის უფლებების დაცვა, რომლიც ევროპაში არსებობს, მათთვის უკვე დამღუპველია და საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად უჯდებათ. დააკვირდით, ბოლო დროს რამდენი სისხლიანი და მასშტაბური ტერაქტი მოხდა. უამრავი ადამიანი დაიღუპა, საფრანგეთის ხელისუფლება ფრანსუა ორლანდის ხელმძღვანელობით ბაქიბუქის მეტს არაფერს აკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წინა ტერაქტების გამო დღემდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დაცვის გაძლიერებული სისტემები არ ამუშავებულა. ამის მიზეზი კი ის ფსევდოტოლერანტობაა, რომელიც უკვე ვახსენე. ამ ფონზე საქართველოც ფრთხილად უნდა იყოს – ჩვენც თუ ევროპის მსგავს ტაქტიკას ავირჩევთ, ჩათვალეთ, საქართველოშიც იგივე მოხდება.

- როგორც ცნობილი გახდა, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი, ლიკვიდირებულია და ეს თავად ხალიფატმაც დაადასტურა. როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ კავკასიაში პროცესები როგორ შეიძლება განვითარდეს?

- შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის, სიკვდილი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსთვის” დიდი დანაკლისია, რადგანაც ამ ხალხს მისი დაღუპვის შემდეგ საკვანძო ქალაქების – მოსულისა და რაქას – დაცვა გაუჭირდება. ასევე ხალიფატს ჩეჩნეთიდან და სამხრეთ კავკასიიდან ახალი მებრძოლების გადაბირებაც საკამოდ გაუძნელდება და ის ძლიერი რგოლი, რომლესაც ბათირაშვილი თავისი ავტორიტეტით ქმნიდა, გაწყდება.

ბათირაშვილი კავკასიელი მებრძოლებისთვის ერთგვარი ხატება იყო და ახალგაზრდების ერთი ნაწილი სირიაში არა ისლამისტური იდეებისთვის, არამედ ბათირაშვილის ავტორიტეტის გამო მიდიოდა. ხალიფატის მთავარ ძალას და განსაკუთრებულ გავლენას, თარხან ბათირაშვილთან ერთად, სულ 6 კაცი წარმოადგენდა, რომელთაგან ცოცხალი მხოლოდ ბათირაშვილიღა იყო და ისიც ლიკვიდირებულია. მის შემცვლელს კი იპოვნიან, არიან იქ ადამიანები, რომლებიც ბრძოლაში უკვე საკმაო გამოცდილები აქვთ, მაგრამ მისი საქმის გაგრძელებას თუნდაც კავკასიის მიმართულებით, რამდენად ეფექტურად შეძლებენ, ეს უკვე სხვა საკითხია.

მასზე რამოდენიმე ხნის განმავლობაში ფორმალური ნადირობა იყო გამოცხადებული და სამხედრო მოვალეობას ვეღარ ასრულებდა. საქმე ისაა, რომ ის ახალი სახეები, რომლებიც ბათირაშვილის და სხვა ძველი ლიდერების შემდეგ მოვიდნენ, საკამოდ სასტიკები და დაუნდობლები არიან.

- როგორც ცნობილია, კავკასიელების ერთ-ერთ სამხედრო ფორმირებას ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს. ბათირაშვილის გარდაცვალების შემდეგ მას რა სახის როლი დაეკისრება და საქართველო რამდენად შეიძლება ტერორისტული აქტების საფრთხის ქვეშ დადგეს, არსებობდა მოსაზრებები, რომ ბათირაშვილის ავტორიტეტი ხალიფატს ჩვენს ქვეყანაში ამის გაკეთების საშუალებას არ ძლევდა…

- რაც შეეხება კავკასიელების სამხედრო ფორმირებას, მას ჩვენთვის კარგად ცნობილი ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს, ეს არის “იარმუკის” სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც ჩატაევი იდეოლოგიური თვალსაზრისით მართავს. ის ხალიფატის იდეოლოგიას სოციალური ქსელებით ავრცელებს და მოხალისეების გადაბირებით არის დაკავებული. თუმცა იმ დონის ავტორიტეტი მას არა აქვს, როგორიც, რა თქმა უნდა, თარხან ბათირაშვილს ჰქონდა.

რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ მისი ფაქტორი საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელებას ხელს უშლიდა, ეს ლოგიკას მოკლებული არ არის. ის იყო ადამიანი, რომელსაც არ სურდა, რომ მისი რელიგიურ-პოლიტიკური აქტივობის გამო ქვეყანაში რთული სიტუაცია შექმნილიყო. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, თუ ხალიფატი ჩათვლის, რომ საქართველოში რაიმე უნდა მოიმოქმედოს, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ამიტომ, ჩვენმა სპეცსამსახურებმა კონტროლი ყველაზე და ყველაფერზე უნდა გააძლიერონ. ბათირაშვილის სიკვდილის გამო ხალიფატი საკამოდ გაღიზიანებულია.

რეზონანსი“, 16 ივლისი, 2016 წელი

რა პრობლემები შეექმნება “ისლამურ სახელმწიფოს” კავკასიაში ბათირაშვილის გარდაცვალების შემდეგ (მამუკა არეშიძისა და ვახტანგ მაისაიას კომენტარები)

ელზა პაპოშვილი

აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, რომელმაც სახელი ეფექტური სამხედრო ტაქტიკით გაითქვა და არაერთ თავდასხმას გადაურჩა, ბრძოლაში დაიღუპა. როგორც ჩანს მის გარდაცვალებაზე ინფორმაცია ამჯერად სანდოა, რადგან ეს მისმა ტერორისტულმა ორგანიზაციამაც დაადასტურა.

ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” (“აისისი” ან “ხალიფატი”) დაკავშირებული ინტერნეტსაიტის ცნობით, აბუ ომარი ერაყში, “აისისის” მიერ დაპყრობილი ქალაქ მოსულის სიახლოვეს, პატარა ქალაქ შირქათში მოკლეს. თუმცა როდის და რა ვითარებაში, ამის შესახებ ინფორმაცია არც დასავლეთს აქვს და არც “აისისი” ავრცელებს.შეერთებულმა შტატებმა და კოალიციურმა ძალებმა შიშანის მოკვლა არაერთხელ სცადეს, მათ შორის 4 მარტს, სირიის ქალაქ ალ-შადადიზე ავიაიერიშისას. მაშინ პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი ინფორმაციით, იერიში შედეგიანი იყო და “ის, სავარაუდოდ, მკვდარია”.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბათირაშვილის დაღუპვაზე ინფორმაცია, სულ მცირე, 9-ჯერ გავრცელდა, მაგრამ “ხალიფატი” მას ყოველთვის უარყოფდა.

პანკისში კი მამამისის, თემურ ბათირაშვილის სახლში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. ბათირაშვილის დაღუპვას უკვე პანკისშიც ადასტურებენ. მათი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მამას მისმა უფროსმა შვილმა თამაზ ბათირაშვილმა დაუდასტურა.

თარხანის გარდაცვალების სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ის, შესაძლოა, რამდენიმე დღის წინ ავიაიერიშის შედეგად გარდაცვლილიყო, რადგანაც ორი დღის წინ მისი პირადი დაცვის ორი წევრის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ის არა მარტში, არამედ ახლა, სულ რამოდენიმე დღის წინ მოეკლათ.

კავკასიოლოგის განცხადებით, ის მარტის დაბომბვის დროს მძიმედ დაიჭრა, თუმცა მაშინ გადარჩა და სამშვიდობოს გასვლა შეძლო. არეშიძის თქმით, ის მარტის ბოლოს მოწამლეს და გარკვეული პერიოდის მანძილზე, სავარაუდოდ, საწოლს იყო მიჯაჭვული. ცალკე დასავლეთის და ცალკე რუსეთის სპეცსამსახურების წყალობით, ის თავისუფლად გადაადგილებას “ისლამურ სახელმწიფოშიც” ვეღარ ახერხებდა.

“ჩემი ინფორმაციით, ის ავიაიერიშის შედეგად მარტში ძალიან მძიმედ დაიჭრა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათირაშვილი მოწამლეს და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა რა ვითარებაში და როგორ გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არავის არ გააჩნია.

“მე მიჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ის რამდენიმე დღის წინ დაიღუპა, რადგანაც პოღოსაშვილი, რომელიც მისი პირადი დაცვა იყო, ლიკვიდირებულია და ამის შესახებ ინფორმაცია თავად პანკისშიც დაადასტურეს. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ მასზე თავდასხმა მოხდა და ის დაცვის წევრებთან ერთად დაიღუპა.

“ნიცაში განხორციელებელი ტერორისტული აქტი, არ არის გამორიცხული, რომ მის გარდაცვალებაზე “ხალიფატის” პასუხი იყო. მითუმეტეს ამის შესახებ დასავლურ მედიაში გარკვეული ეჭვი გამოითქვა და ექსპერტების ნაწილი მას რეალურად განიხილავს. ეს კიდევ ერთი მაგალითი შეიძლება იყოს იმის დასტურად, რომ ის არა მარტში, არამედ სულ რამდენიმე დღის წინ მოკლეს,” – განაცხადა არეშიძემ.

შირქათი, სადაც სავარაუდოდ ბათირაშვილის და მისი დაცვის წევრები დაიხოცნენ, მოსულის სამხრეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. ერაყის ჯარმა, აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით, მას ივნისის ბოლოს შეუტია და რამდენიმე დღის წინ შირქათთან ახლოს, ქაიარის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ავიაბაზა აიღო.

რამდენიმე დღის წინ, ბაღდადში სტუმრობისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ერაყში დამატებით 560 ჯარისკაცს გაგზავნის. ეს სამხედრო ქვედანაყოფი ქაიარის ბაზას ლოჯისტიკისა და ავიაციის ცენტრად აქცევს, რათა ის მოსულზე იერიშისთვის გამოიყენონ.

ვინ იყო თარხან ბათირაშვილი

თარხან ბათირაშვილი 1986 წელს პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში დაიბადა. ბათირაშვილს ჰყავს ქართველი ქრისტიანი მამა და ქისტი მუსლიმი დედა. თარხანი მძიმე პირობებში იზრდებოდა და ბავშვობაში ჩეჩნეთის მეორე ომისას ჩეჩენ მებრძოლებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ქართულ არმიას შეუერთდა. ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად მსახურობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის წინააღმდეგ. ის წინა ხელისუფლებამ 2010 წელს იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრა. ხოლო 2013 წელს ახალმა ხელისუფლებამ ამნისტიით გაათავისუფლა.

შიშანიმ “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულება 2013 წლის ზაფხულში შეჰფიცა და სირიასა და ერაყში ასობით რუსულენოვანი მებრძოლი ჩაიყვანა. ის სწრაფად აღზევდა, ხალიფატის ჩრდილოეთის სარდალი გახდა და ტერორისტული დაჯგუფების საკოორდინაციო საბჭოში შეიყვანეს. შიშანის “ისლამური სახელმწიფოს” რელიგიური დოქტრინების აღსრულებაზე კონტროლი დაევალა. ასევე სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა.

შიშანის მიაწერენ ისლამური სახელმწიფოს თავბრუდამხვევ წარმატებებს ერაყის ანბარის პროვინციაში 2014 წელს. მან ერთ წელში სახელი ისე სწრაფად გაითქვა, რომ ამავე წლის სექტემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ საშიში ტერორისტების “შავ სიაში” შეიყვანა.

ანალიტიკოსი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია შიშანის მოქმედებას ტაქტიკურად “ბრწყინვალეს” უწოდებს, რადგანაც მას ტერიტორიის დასაპყრობად ბევრი მებრძოლი არ დასჭირვებია. შიშანიმ საკმაოდ მოკრძალებული ჯარით ვეებერთელა ტერიტორია რეკორდულ დროში უაღრუსად ეფექტური სამხედრო ტაქტიკის მეშვეობით დაიკავა. ანალიტიკოსის თქმით, მას პენტაგონი ისლამური სახელმწიფოს “ომის მინისტრსაც” კი უწოდებდა.

პენტაგონის შეფასებით, შიშანი ბრძოლებში გამობრძმედილი მეთაური იყო და ისლამური სახელმწიფოს ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბათირაშვილი საკმაოდ დუხჭირ ოჯახში იზრდებოდა.

მან სამხედრო საქმის შესწავლა გადაწყვიტა და ამისთვის ქართულ არმიაში შევიდა. მაისაიას განცხადებით, როგორც სამხედრო წრეებში ამბობენ, მას ქვეყანა რომ არ დაეტოვებინა, შეიძლება წარმატებული კარიერა ჰქონოდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კარგა ხანს უმუშევრად იყო, შემდეგ კი ე.წ. “კავკასიის იმარატის” მებრძოლებს შეუერთდა და ემირის, დოკუ უმაროვის მოწოდებით აღმოჩნდა სირიაში, ამბოხებულების მხარეს, თარხან ბათირაშვილის კი არა, უკვე აბუ ომარ ალ-ჩეჩენის სახელით (არაბულად “შიშანი”).

“მან კარგად იცოდა, რომ სირიაში ათასი ჯურის თავზეხელაღებულ მოჯაჰედს შორის ადგილის დამკვიდრებას მხოლოდ მეტი სისასტიკით და პრინციპულობით შეძლებდა. თავდაპირველად ჯგუფში დაღესტანში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი მეგობრები, ძირითადად ჩეჩნები ჰყავდა. ბათირაშვილმა სირიაში ამბოხებულთა ლიდერების ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა უმოკლეს ხანში ჩრდილოეთი სირია აიღო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მის მიერ ქალაქ ალეპოს სამხედრო ბაზების, მათ შორის ავიაბაზის აღება. სწორედ ამ დროს მიიქცია მან ხალიფატის მაღალი რანგის პირების ყურადღება.

“ერაყში მოულოდნელად მისი სახელი გავარდა და ყველას პირზე მხოლოდ “წითური გენერლის” სახელი ეკერა. ამბობდნენ, რომ ის ნახევრად ქრისტიანი, წარმოშობით კი პატარა ქვეყნიდან საქართველოდან იყო, თუმცა განსაკუთრებული სამხედრო ნიჭით დაჯილდოვებული. 2014 წლის 11 ივნისს უკვე ცნობილი იყო, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის, კერძოდ კი აშშ-ის ხელისუფლების თავის ტკივილის მიზეზი ყოფილი ქართველი ჯარისკაცი, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, არაბულ სამყაროში აბუ ომარ ალ შიშანად წოდებული თარხან ბათირაშვილი გახდა,” – ამბობს მაისაია.

რა გავლენას მოახდენს ბათირაშვილის გარდაცვალება კავკასიაზე

ქართველი ექსპერტები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შიშანის სიკვდილი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსთვის” დიდი დანაკლისია. მათი თქმით, მის გარეშე ტერორისტებს საკვანძო ქალაქების, მოსულისა და რაქას დაცვა გაუჭირდებათ. ასევე “ხალიფატს” ჩეჩნეთიდან და სამხრეთ კავკასიიდან ახალი მებრძოლების გადაბირებაც გაუძნელდება.

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ბათირაშვილი კავკასიელი მებრძოლებისთვის ერთგვარი ხატება იყო და ახალგაზრდების ერთი ნაწილი სირიაში არა ისლამისტური იდეებისთვის, არამედ ბათირაშვილის ავტორიტეტის გამო მიდიოდა. ამიტომაც კავკასიოლოგი ფიქრობს, რომ ამ თვალსაზრისით სერიოზული რგოლი გაწყდება.

“ხალიფატის მთავრ ძალას და განსაკუთრებულ გავლენას თარხან ბათირაშვილთან ერთად, სულ 6 კაცი წარმოადგენდა, რომელთაგან ცოცხალი მხოლოდ ბათირაშვილიღა იყო და ისიც ლიკვიდირებულია. მის შემცვლელს კი იპოვნიან, არიან იქ ადამიანები, რომლებიც ბრძოლაში უკვე საკამოდ გამოცდილები არიან. მასზე რამდენიმე ხნის განმავლობაში ფორმალური ნადირობა იყო გამოცხადებული და სამხედრო მოვალეობას ვეღარ ასრულებდა. საქმე ისაა, რომ ის ახალი სახეები, რომლებიც ბათირაშვილის და სხვა ძველი ლიდერების შემდეგ მოვიდნენ, საკმაოდ სასტიკები და დაუნდობლები არიან.

“რაც შეეხება კავკასიელების სამხედრო ფორმირებას, მას ჩვენთვის კარგად ცნობილი ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს, ეს არის “იარმუკის” სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც ჩატაევი იდეოლოგიური თვალსაზრისით მართავს. ის “ხალიფატის” იდეოლოგიას სოციალური ქსელებით ავრცელებს და მოხალისეების გადაბირებით არის დაკავებული. თუმცა იმ დონის ავტორიტეტი მას არა აქვს, როგორიც, რა თქმა უნდა, თარხან ბათირაშვილს ჰქონდა.

“რაც შეეხება იმას, რომ ბათირაშვილის ფაქტორი საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელებას ხელს უშლიდა, ეს აზრი ლოგიკას მოკლებული არ არის. ის იყო ადამიანი, რომელსაც არ სურდა, რომ მისი რელიგიურ-პოლიტიკური აქტივობის გამო ქვეყანაში რთული სიტუაცია შექმნილიყო. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, თუ ხალიფატი ჩათვლის, რომ საქართველოში რაიმე უნდა მოიმოქმედოს, მას წინ ვერაფერი დაუდგება,” – ამბობს არეშიძე.

Comments are closed