„რეზონანსი“: „ოცნების” მაჟორიტარები: 21 კანდიდატიდან 9 სპორტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელია
„რეზონანსი“: „რესპუბლიკელები“ ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ
„რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 60% აღარ არის, ხალხი ბევრ რამეში გაერკვა“
„რეზონანსი“: „ცენტრისტების” აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია
„რეზონანსი“: უნდა განხორციელდეს თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი ქმედებები “ცენტრისტების” წინააღმდეგ?
„რეზონანსი“: ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან: „ლევან ვარშალომიძეს ჰყავს მხარდამჭერები და ეს „ოცნების“ ბრალია“ // „მმართველმა პარტიამ ხალხს „ნაცმოძრაობა“ მოანატრა
——
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „სამწუხაროა, რომ ღია რუსული პროპაგანდა დასაშვები გახდა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: „რუსეთის ბიუჯეტმა საქართველოში პენსიების დასარიგებლად ფული გამოყო“ // „ ბიძინა ივანიშვილს 9 წლის მანძილზე ჩვენ ვიცავდით და სანაცვლოდ ფულს ვადებინებდით“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან „უბლოკო სტატუსზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს პირდაპირ ჩაბარდე“ // „რესპუბლიკელები“ „ოცნებისგან“ განიხიბლნენ და აღარ იციან, რა ქნან“
——————-
„რეზონანსი“, 16 აგვისტო, 2016 წელი
„ოცნების” მაჟორიტარები: 21 კანდიდატიდან 9 სპორტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელია
თიკო ოსმანოვა
“ქართული ოცნება” მსახიობებს, მომღერლებს და სპორტსმენებს ვერც ამ არჩევნებზე შეელია. თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ძირითადად ამ სფეროების წარმომადგენლები არიან. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისინი 8 ოქტომბრის არჩევნებში წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ. პოლიტოლოგები კი დედაქალაქშიც მეორე ტურს გარდაუვლად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერმა კანდიდატები დედაქალაქის 21 ოლქში დაასახელა. რაც შეეხება მთაწმინდის ოლქს, როგორც ცნობილია, “ქართული ოცნება” აქ დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.
დანარჩენი კანდიდატები არიან:
მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უჭერს; ვაკეში, მე-2 ოლქში – რაგბის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე; მე-3 ოლქში – მომღერალი ზაზა ხუციშვილი.საბურთალოზე, მე-4 ოლქში – “ოცნების” საბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე; მე-5 ოლქში – ნინო გოგუაძე; მე-6 ოლქში – ყოფილიპოლიტ პატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი; კრწანისში, მე-7 ოლქში – “ინდალ პეტროლიუმის” გენერალური დირექტორი ბექა ოდიშარია; ისანში, მე-8 ოლქში – მორაგბე ირაკლი აბუსერიძე; მე-9 ოლქში – მსახიობი დავით ჭიჭინაძე; მე-10 ოლქში – პოლიტოლოგი და საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი; სამგორში, მე-11 ოლქში – ტელეშოუს “რა? სად? როდის?” წამყვანი გიორგი მოსიძე; მე-12 ოლქში – ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ჯაში; მე-13 ოლქში – ძიუდოისტი შოთა ხაბარელი. ჩუღურეთში, მე-14 ოლქში – “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი გია ვოლსკი. დიდუბეში, მე-15 ოლქში – მსახიობი, ზაზა პაპუაშვილი; მე-16 ოლქში – ბიზნესმენი ილია წულაია. ნაძალადევში, მე-17 ოლქში “ქართული ოცნებიდან” კენჭს შსს-ყოფილი თანამშრომელი “ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი სოფო კილაძე იყრის; მე-18 ოლქში – ფეხბრუთელი მიხეილ ყაველაშვილი; მე-19 ოლქში – ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია; გლდანში, მე-20 ოლქში – ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძე; 21-ე ოლქში – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი; 22-ე ოლქში – ბრენდინგისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია “ბრანდგის” დირექტორი ლევან კობერიძე.
„მჯერა, რომ თითოეული ჩვენი კანდიდატი მოიპოვებს მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობას, მხარდაჭერას და დამაჯერებლად გაიმარჯვებს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას”, – განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას.
პოლიტოლოგები “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატურებზე მსჯელობისას აცხადებენ, რომ მმართველ პარტიაში კვლავ მრავლად არიან მსახიობები და სპორტსმენები. არადა ორიოდე თვის წინ “ოცნებაში” აცხადებდნენ, რომ კანდიდატთა არჩევისას მთავარი კრიტერიუმები ცოტა სხვანაირი იქნებოდა – დასავლური განათლება, გარკვეული კვალიფიკაცია სამართალსა და იურისპრუდენციაში და ა.შ.
“ერთი შეხდვით, ნორმალური კანდიდატები არიან. ძნელია საუბარი, ვის რა შანსი აქვს, თუმცა ჯერჯერობით რაღაც გამორჩეული და ოდიოზური სახები არ არიან. არ არიან ისეთი კანდიდატები, რომ ვთქვა – უეჭველი გაიმარჯვებენ-მეთქი. თუმცა ეს მათ კონკურენტებზეც არის დამოკიდებული. ვნახოთ, სხვა პარტიები ვის წარადგნენ. თბილისის უმეტეს რაიონში, 22-დან სადღაც 15 ოლქში მეორე ტური იქნება, 50%-იანი ბარიერი ძალიან მაღალია. ეს კანდიდატები არ არიან ის ადამიანები, რომლებიც 50%-ს პირველივე ტურში მიიღებენ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ის, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს არ დასრულდება, ამას ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილიც ამბობს. მისი თქმით, რა პრინციპით შეარჩია “ოცნებამ” ეს კანდიდატები, უცნობია. მისივე განცხადებით, რა უნდოდა სახელისუფლებო პარტიას ისედაც გაუგებარი იყო და ახლა მთლად გაუგებარია: “დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე ჯგუფმა მაჟორიტარად წარადგინა თავის ნაცნობ-მეგობრები: მსახიობებმა – მსახიობები ფეხბურთელმა – ფეხბრუთელები და ა.შ. ამ ადამიანების საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, ყველას წარმატებას ვუსურვებ. მაგრამ სად წავიდა ჰარვარდი, განათლება, პროგრესი და მომავალი – ეს ვერ გავიგე. “ქართული ოცნება” თვითონ აირია თავის საარჩევნო გზავნილში. რა უნდოდა “ქართულ ოცნებას” ჯერ ისედაც გაუგებარი იყო და ახლა მთლად გაუგებარი გახდა”, – გვითხრა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება კანდიდატების შანსებს, გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას უპირატესობა აქვს, თუმცა, მეორე ტური თითქმის ყველა ოლქში იქნება.
“კონკურენტუუნარიანი “ქართულ ოცნებაში” არავინ არის, არც არსებული პოლიტიკური ელიტა და არც ესენი. ყველაფერი ხდება ბიძინა ივანიშვილს ხარჯზე. მარტივ ტესტს გეტყვით – ესენი საარჩევნო ბუკლეტებს რომ დაბეჭდავენ, პირველ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის სურათი იქნება. რაც შეეხება შანსებს, იმ ვითარებაში, როდესაც ამომრჩეველი დაშორებულია პოლიტიკურ ელიტას და არჩევანის გაკეთება უწევს ცუდსა და უარეს შორის, ბუნებრვია, ამ შემთხვევაში უპირატესობა ხელისუფლებას აქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ 8 ოქტომბერს გამარჯვება იზეიმოს. ხელისუფლება პირველი ტურის მერე ვერ მიიღებს ფსიქოლოგიურ უპირატესობას, რასაც ჰქვია 8-ში ღამე გამარჯვების გამოცხადება. ამომრჩეველი როგორც კი მიხვდება, რომ ხელისუფლება სუსტია, მეორე ტურში როგორ მოიქცევა, კიდევ საკითხავია. ასე რომ, არჩევნები 8 ოქტომებრს არ მთავრდება, რეალური პრობლემები იქნება მეორე ტურებში. მე პირადად ვერ ვხედავ ვერცერთ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია, რომ არჩევნები პირველივე ტურით მოიგოს”, – გვითხრა გია ხუხაშვილმა.
„რეზონანსი“, 16 აგვისტო, 2016 წელი
„რესპუბლიკელები“ ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ
თიკო ოსმანოვა
რა ჩანაწერი უნდა გაკეთდეს კონსტიტუციაში – საქართველოს უბლოკო სტატუსზე, თუ ქვეყნის პროდასავლური კურსის შესახებ – ამ საკითხზე “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპონენტებს დებატებში იწვევს. “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კი ბურჯანაძეს ურჩევს “ოცნებას” თავი დაანებოს და თუ დებატების გამართვა სურს, ედებატოს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს, ირმა ინაშვილს.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაში და პოლიტიკურ წრეებში არიან ადამიანები, რომლებსაც ამბიცია აქვთ ძალიან დიდი, თუმცა ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებენ ელემენტარულ სამართლებრივ სტატუსებს. მისივე თქმით, ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან თუნდაც უბლოკო სტატუსსა და ნეიტრალიტეტს.
“სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში არის მცდელობა, მოხდეს ნებისმიერი ე.წ. პროდასავლური ძალებისაგან განსხვავებული აზრის, ყველა სხვა აზრთან გაერთიანების, ერთმანეთთან სრულიად განსხვავებული კონცეფციების და განსხვავებული პოლიტიკური ძალებისა და ლიდერების ერთმანეთთან მიწეპების და ე.წ ერთ ქვაბში მოხარშვის მცდელობა. ეს არის ე.წ. დემოკრატებისა და პროდასავლელების მცდელობა, რომ საქართველოში მოკვდეს ნებისმიერი სხვა აზრი, გარდა ე.წ. პროდასავლური აზრებისა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. იმისათვის, რომ საზოგადოებამ ნათლად გაარკვიოს, სინამდვილეში ვინ ვინ არის, ვინ რატომ აყენებს ამა თუ იმ ინიციატივას, ვის რა არგუმენტები აქვს, იმ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უბლოკო სტატუსის იდეას და ცდილობენ, ჩვენ ლამის მოღალატეების და მარგინალების იარლიყი მოგვაწებონ, ვთავაზობ, თუ ეყოფათ გამბედაობა და არ შეეშინდებათ, ჩავატაროთ საჯარო დისკუსია, სადაც ყველანი თავს შევიკავებთ ერთმანეთისათვის იარლიყების მიკერებისაგან და სადაც მოვიყვანთ მხოლოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტებს ერთი ან მეორე იდეის სასარგებლოდ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან მიმართა პოლიტიკოსებს, მოიტანონ პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც დღეს არის აქტუალური, აგვისტოს 2008 წლის შემდეგ არსებული რეალობიდან და მსოფლიოში და რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.
“მოიყვანეთ თქვენი არგუმენტები, რომლითაც მოსახლეობას მისცემთ მყარ საფუძველს იფიქროს, რომ თქვენ ხართ მართლები, რომ ნატო და ამერიკა არის საქართველოს ერთადერთი ხსნა, მე და ჩემი მეგობრები კი მოვიყვანთ ჩვენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ მისი გადარჩენა არც ამერიკის შტატობაა და არც რუსეთის გუბერნიობა, საქართველოს გადარჩენა არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის წარმოება.
ფარული ქმედებები და გაუმჭვირვალე ქმედებები “რესპუბლიკურმა პარტიამ” მოიკითხოს თავისკენ და ახლად გამოჩეკილმა “რესპუბლიკელებმა” პოლიტიკა ისწავლონ და მერე გააკეთონ კომენტარები ბურჯანაძის გაკეთებულ განცხადებებზე. არანაირი შეფარული მცდელობები ამ ინიციატივაში არ არის. მე, განსხვავებით პროდასავლური ძალებისაგან, რომელთაც გული უსკდებათ, რომ რომელიმე საელჩო არ გააბრაზონ, არავისი არ მეშინია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძესთან დებატების გამართვაზე უარს აცხადებს “რესპუბლიკური პარტია”. ლევან ბერძენიშვილი მას ურჩევს ოცნებას თავი დაანებოს და დებატების სურვილის შემთხვევაში “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერს ეკამათოს. “ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელიც პლებისციტით არის დადასტურებული და რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის გამოხატული. ამ საკითხზე დებატებზე ნუ იოცნებებს ქალბატონი ნინო, თუ უნდა ირმა ინაშვილს ედებატოს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “რესპუბლიკელები” ქვეყნის პროდასავლური კურსის განმტკიცებისთვის კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით გამოვიდნენ.
წინასაარჩევნოდ ქვეყნის კურსთან დაკავშირებით უნდა მოხდეს საჯარო მსჯელობა და იქნება თუ არა შედეგიანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ეს დებატები ამასთან დაკავშირებით პოლიტილოგ-ექსპერტებს განსხავებული მოსაზრება აქვთ.
“ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დებატების გამართვას საჭიროდ მიიჩნევს. მისი თქმით, დებატებში თუ კვალიფიციური ხალხი დაჯდება, საზოგადოებას შესაბამისი დასკვნების გამოტანა არ გაუჭირდება. მოეწყოს დებატები, რატომაც არა?! ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოსახლეობამ კარგად გაიგოს, თუ რას ნიშნავს უბლოკო სტატუსი და რა შედეგები აქვს ასეთ გადაწყვეტილებას. თუ კვალიფიციური ხალხი დაჯდება, “რესპუბლიკელებს” კი ჰყავთ საკმაოდ კვალიფიციურები, მე მგონი, საზოგადოებას არ გაუჭირდება შესაბამისი დასკვნების გაკეთება. ზოგადად კი, ჩემი აზრით, უბლოკო სტატუსზე ფიქრი შეცდომაა. საქართველო აბსოლუტურად არ არის ისეთი ქვეყანა, რომ უბლოკო სტატუსი მიენიჭოს. მას თუ არ იცავს რომელიმე დიდი ალიანსი, შეიძლება ყველა მხრიდან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. აქ საუბარია იმაზე, წავიდეთ თუ არა რუსეთის შანტაჟზე და თუ ამაზე წავედით, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი ამით მიიღებს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ მთლიანად დაგვაკარგინოს დამოუკიდებლობა”, – უთხრა “რეზონანსს” კახა გოგოლაშვილმა. რაც შეეხება “რესპუბლიკელების ინიციატივას, მისი თქმით, კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერი ვერ იქნება აბსოლუტური გარანტი ქვეყნის პროდასავლური კურსისა. თუმცა მისივე თქმით, ზოგადად ინიციატივა აზრს მოკლებული არ არის.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, წინასაარჩევნო “ქვემეხების ქუხილის დროს” აკადემიური დიალოგის მოლოდინი არარეალისტურია.
“დებატები ყველა მხარეს მისცემს საკუთარი აზრის გამოთქმის და გამომზიურების საშუალებას. ეს მთლიანობაში საზოგადოებას მისცემს იმის საშუალებას, რომ გამოიტანოს დასკვნა. ამიტომ ამ ტიპის დებატები, ბუნებრივია, საზოგადოების პოლიტიკური ზრდისთვის სასურველია. მაგრამ ეს სასურველია მაშინ, როდესაც ქვემეხები ჩუმად არიან. როცა ქვემეხების ხმაურია და ამჟამად წინასაარჩევნო პოლიტიკის ქვემეხების ხმაურია, აქ აკადემიური დიალოგის მოლოდინი არარეალისტურია”, – გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის ინიციტივას, საყვარელიძის თქმით, ნეიტრალიტეტი რუსეთის შემოთავაზებაა, ამიტომ, მისივე თქმით, ამ პოზიციის დაცვა ძნელი იქნება.
“რაც შეეხება პოლიტიკური თვალსაზრისით ამ თემაზე კამათს, არის ერთი პრობლემა – მას შემდეგ, რაც საქართველომ ნატოსკენ აიღო გეზი, მას მერე რუსეთმა დაიწყო საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის შემოთავაზება. ნეიტრალიტეტი და უბლოკო სტატუსი თითქმის ერთი და იგივეა. ბლოკში გაუერთიანებელ სახელმწიფოთა რიგებში 120 ქვეყანა დგას. ამ გაერთიანებაში შედის, მაგალითად, აზერბაიჯანი და ისეთი ქვეყნები, სადაც ახლა გამწარებული ომია, მაგალითად სირია. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ამით ყველაზე ცნობილი ქვეყანა შვეიცარიაა, თუმცა იმას წინ უძღოდა ყველა იმ სახელმწიფოს შეთანხმება, რომელთაც შეეძლოთ დაერღვიათ ეს ნეიტრალიტეტი. ყველა პატარა ქვეყანას აწყობს ნეიტრალიტეტი. ამდენად ვფიქრობ, ბურჯანაძეს გულწრფელად სჯერა, რომ საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ ამას რომ რუსები გვთავაზობენ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამას რუსეთი გამოიყენებს, ქვეყანა, რომელიც დღეს რბილი ომების მთავარ აქტორად ითვლება. ამიტომ მე მგონი, ამ პოზიციის დაცვა ძნელი იქნება”, – უთხრა “რეზონანსს” რამაზ საყვარელიძემ.
„რეზონანსი“, 16 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 60% აღარ არის, ხალხი ბევრ რამეში გაერკვა“
ნინო ქეთელაური
“იმ განწყობების შექმნას, რაც ქვეყანში არსებობს, ჩვენმა მეზობლემა შეუწყვეს ხელი. ეს იმის ნაყოფი კი არ არის, რაც საქართველოს შიგნით ხდება და რასაც პოლიტიკური ელიტა ქადაგებს, ეს იმ ნაბიჯების შედეგია, რასაც ჩვენი მეზობლები თუ პარტნიორები დგამენ”, – ასე აფასებს არჩვნების პროცესში ქვეყნის ორიენტაციის საკითხის აქტუალობას, “სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის” ხელმძღვანელი მამაუკა არეშიძე. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ “რესპულიკური პარტიის” პოზიცია ევროატლანტიკური მისწრაფების კონსტიტუციაში ჩაწერაზე და ნინო ბურჯანაძის ინიციატივა ქვეყნისთვის უბლოკო სტატუსის მინიჭებაზე საზოგადოების გარკვეული ჯგუფის ორიენტირებია, არც ერთის შესრულება რეალისტური არ არის.
მამუკა არეშიძე: ორივე პარტიამ ძალიან კარგად იცის, რომ საზოგადოებაში არის ხალხი, რომელიც მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, ვინც არ უჭერს მას მხარს. აქედან გამომდინარე, ის, რასაც ამბობს “რესპუბლიკუყრი პარტია” და თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძის პარტია, ეს არის საზოგადოებაში არსებული განწყობების გამოხატვა.
- ეს საარჩევნოდ ხმების მოპოვების ერთ-ერთი საშუალებაა?
- დავუშვათ, ასეა და ეს არის ხმების მოპოვების ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ პოლიტიკური პარტია ვალდებულია საზოგადოებრივი აზრი შეისწავლოს, აქედან მიღებული შედეგი გამოიყენოს სათავისოდ, თუ ის იგივე მიდგომით სარგებლობს. ასე რომ, ორივე პარტია თვის მიზნობრივ აუდიტორიაზე მუშაობს.
- რამდენად რეალურია ამ ინიციატივებიდან რომელიმეს ამოქმედება და კონსტუტუციაში ცვლილების შეტანა?
- მე სხვა დროსაც მომისმენია მსგავსი ინიციატივები და ზუსტად ვიცი, რომ “რესპუბლიკური პარტია” იგივე პოზიციაზე დგას, რაც გააჟღერა და ნინო ბურჯანაძეც უბლოკო სტატუსის მომხრეა. მაგრამ ამ პოზიციების წინასაარჩევნო პროცესში გამძაფრება აბსულუტურად ლოგიკურია. რაც შეეხება იმას, ამათგან რომელიმე გამოვა თუ არა, მინდა გითხრათ, რომ არც ერთი არ გამოვა იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი საგარო პოლიტიკა დამოუკიდებელი არ არის. სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში – ამ მდგომარეობაში ვართ მეექსვე საუკუნეა, ყოველთვის ორიენტირებულნი ვართ კონკრეტულ ქვეყნებზე და შესაბამისად, ამ ქვეყნების მხარდამჭერი ჯგუფები საქართველოში ყოველთვის იქმნებოდა. ეს არის ჩვენი უბედურება.
ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში გვქონოდა ინიციატივიანი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად შეასუსტებს სხვა ქვეყნების გავლენას ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. მაგალითად, ევროატლანტიკური მისწარფების საკითხი, საქართველოსთვის ევროპული ორიენტაცია არის უალტერნატივო. რაც შეეხება ევროატლანტიკურ ორიენტაციას, ანუ ნატოში გაწევრიანებას, ჩვენ თუ ეს კონსტუტუციაში ჩავწერეთ, მოგვიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიო ამას მშვიდად და აპლოდისმენტებით შეხვდება? თუ ხვალ დამატებით აგრესიას მოგვიტანს ჩვენი მეზობლებისგან, პირველ რიგში რუსებისგან? შეგვიზღუდავს მანევრის საშუალებას? მე ვფიქრობ, შეგვიზღუდავს და ასე ფიქრობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მათ შორის ისინი, ვინც დასავლეთის მხურვალე მხარდამჭერები არიან. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს განცხადება არარეალისტურია.
რაც შეეხება უბლოკო სტატუსს, ნინო ბურჯანაძემ ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, როდესაც თქვა “უბლოკო სტატუსი” და არ თქვა “ნეიტრალიტეტი”. მან ძალიან კარგად იცის, რომ ნეიტრალიტეტი პოლიტიკური ტერმინია და ნიშნავს მეზობლების მხრიდან შენი ასეთი მდგომარეობის გარანტიას და ეს მეზობლები რომ შენი გარანტორები ვერ იქნებიან, ხომ ფაქტია?! ხოლო, უბლოკო სტატუსის გამოცხადების დროს რაც შეიძლება მკაფიოდ უნდა განმარტო, თუ როგორ მოხდება საქართველოს უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა. ჩვენ კი ვიტყვით, რომ უბლოკო სტატუსი გვაქვს, მაგრამ ეს ვინმეს დააინტერესებს? იმდენად არის ჩვენი საგარო პოლიტიკა ორიენტირებული სხვებზე, აქეთ ბრიუსელზე, ვაშინგტონზე თუ სხვაზე… ამიტომ, როდესაც ამბობ ასეთ რამეს, აუცილებლად არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთო, როგორ აპირებ შენი უსაფრთხოების სისტემის შექმნას. შეიძლება საქართველო იყოს ამ უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყნის ფორმატში, მაგრამ მანამდე რთული სისტემებია ასაშენებელი, რომლის შარავანდედიც უნდა იყოს უბლოკო ქვეყანა, თორემ სტატუსი გამოაცხადო და მთელი მსოფლიო დაგიჯერებს – ასე არ გამოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს პოზიცია საზოგადოების გარკვეული ჯფუფების მსოფლხედველობა და ორიენტირებიც კია, ამის გაკეთება ამ ვითარებაში არარეალისტურია.
- იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის 60%-მდე ჯერ ისევ გადაუწყვეტელია, მსგავსი თემების წამოწევა კიდევ უფრო მეტად ხომ არ დააბნევს?
- მე ვფიქრობ, 60% აღარ არის და მაჩვენებელმა დაიწია. ხალხი ბევრ რამეში გაერკვა. მეორეც – მე არ ვთვლი საქართველოს მოსახლეობის გადამწვეტ ნაწილს იმდენად დაბალი ინტელექტის მქონეებად, რომ გადაწვეტილება ამ სიტუაციაში ვერ მიიღონ. სხვათა შორის, იმ განწყობების შექმნას, რაც ჩვენს ქვეყანში არსბეობს, ჩვენმა მეზობლემა შეუწვეს ხელი. ეს იმის ნაყოფი კი არ არის, რაც საქართველოს შიგნით ხდება და რასაც პოლიტიკური ელიტა ქადაგებს, ეს იმ ნაბიჯების შედეგია, რასაც ჩვენი მეზობლები თუ პარტნიორები აკეთებენ.
უბლოკო სტატუსი ხალხს იმიტომ უნდა, რომ დაიღალა რუსეთთან ჭიდაობით, იცის, რომ შედეგი არ აქვს. ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება კი იმიტომ უნდა, რომ დაცულად იგრძნოს თავი, რაც სამწუხაროდ ვერ ხდება სწორედ რუსეთის გამო და უსასრულოდ გაიჭიმა. მე არ მომწონს ის, რომ ჩვენს მოტყუებას ცდილობენ და ახალ-ახალ მოთხოვნებს გვიყენებენ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასთან, ადამიანის უფლებებთან, კორუფციასთან დაკავშირებით. ამ დროს ნატოში იღებენ ქვეყანას, რომლის კორუფციის დონე მთელ ევროპაში საჩვენებელია, რომელსაც სულ 2500 კაციანი არმია ჰყავს და იქით არის დასაცავი, რომლის პრემიერ-მინისტრზე ოფიციალური ძებნაა გამოცხადებული რამდენიმე ევროპული ქვეყნის სამართალდამცავების მხრიდან, იმიტომ, რომ კორუფციულ სქემებშია გახვეული.
ჩვენ რამდენი ხანია ყველა სატესტო პროგრამა მაქსიმალურად შევასრულეთ და მიუხედავად ამისა, ახლ-ახალ მიზეზებს იგონებენ იმის მაგივრად, რომ პირდაპირ გვითხრან – ვიდრე არსებობს ძლიერი რუსეთი, ჩვენ ვერ გაგაწევრიანებთ ნატოში. მაინც ცდილობენ საქართველო ხელიდან არ გაუშვან.
მე მესმის მათი პოზიცია, მაგრამ ისეთი პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომ ჯობია სიმართლე უთხრა ხალხს. ჩვენ არ გვაქვს უფლება რომელიმე ქვეყანას ბოლომდე გავყვეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამით სამანევრო სივრცეს ვიზღუდავთ. თუ საქართველოს ისტორიას დავაკვირდებით, ჩვენი საგარეო პოლიტიკა მაშინ იყო წარმატებული, როცა ისეთი ხელმძღვანელი ჰყავდა რომელსაც ოქროს შუალედის გამონახვა შეეძლო, მაგრამ აქტიური ოქროს შუალედის და არა პასიურის, როგორც შევარდნაძის დროს იყო. ანუ, რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად თამაშის. ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით მაშინ, როდსაც ჩვენი ინიციატივიანი საგარეო პოლიტიკით შევქმით მანევრების სივრცეს და შეგვეძლება მარტივად მოძრაობა.
პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უფლება აირჩიონ თავიანთი კურსი და გეგმა, თავისი ამომრჩევლის აუდიტორია მონახონ და იმუშაონ მათზე.
- საზოგადოებაში საკმაოდ მძაფრი რეაქცია გამოიწვია პარტია “ცენტრისტების” საარჩევნო კლიპმა…
- “ცენტრისტების” გამოჩენა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ვიცოდი, რომ ეს პარტია არსებობდა და რომ არჩევნებსითვის ემზადებოდა. მოულოდნელი იყო მათი კლიპი. ის რაც კლიპში ხდებოდა, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ამიტომაც მოჰყვა ასეთი მწვავე რეაქცია. ამ კლიპით თუ რამე სხვა მიზნის მიღწევა უნდოდათ “ცენტრისტებს”, ან მათ უკან მდგომ ძალებს, ნამდვილად ვერ მიაღწეიეს. შეიძლება დატესტვა უნდოდათ, ქართული საზოგადოება როგორ შეხვდებოდა ამ ფაქტს და შედეგად საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მიიღეს.
- როგორ ფიქრობთ, პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან უნდა მოხსნან?
- მე ვფიქრობ, რომ თუ დემოკრატია გვაქვს, ყველანაირი პარტია უნდა გვყავდეს და საზოგადოებაში ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ასეთი თემის მიმართ, უკეთ გამოჩნდება. მართალია, ევროპაშიც ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, რომ ავსტრიაში რამდენიმე წლის წინ გამარჯვებული პარტია მოხსენს არჩევნებიდან და მთელი ევროკავშირის შეტევის შედეგად, პარტია საერთოდ გააუქმეს. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, საშიში არაფერია, რადგან არ მგონია ამ პროპაგანდას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყვეს.
„რეზონანსი“, 16 აგვისტო, 2016 წელი
“ცენტრისტების” აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია
ია აბულაშვილი
პარტია “ცენტრისტებისათვის” რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების წარდგენას ერთმანეთისაგან დაუმოუკიდებლად გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” “ცენტრისტების” სარეკლამო რგოლი გავიდა, სადაც ამომრჩეველს საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას, რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას და 400 ლარიან რუსულ პენსიებს ჰპირდებიან.
სარეკლამო რგოლი “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გავიდა, თუმცა, არხმა მისი ეთერში გაშვება შეაჩერა, რადგან, როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, პოლიტიკური რეკლამის შინაარსი სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს შეიცავდა. ამასთან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მიმართა ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაუწყებლის ეთერში აღნიშნული რეკლამის გაშვების საკითხი შეესწავლა.
“საზოგადრებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, თანამშრომლები, ცალსახად ემიჯნებიან იმ შინაარსს, რომელიც იყო გასული არსებულ პოლიტიკურ რეკლამაში. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო იმ ორგანოებს, რომლებსაც ხელეწიფებდა მსგავსი შეცდომების, მსგავსი ხარვეზების გასწორება კანონმდებლობით. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობდეს სამართლებრივი ბერკეტი, რომ არ ხდებოდეს ოკუპაციის დაკანონების ტირაჟირება”, – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გვიმრაძე.
საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ სპეციალურ სამსახურებს უკვე მისცა დავალება, რომ შეისწავლონ საკითხი და კომისიას შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო საქმის წარმოება პოლიტიკური გარეთიანება “ცენტრისტების” ვიდეოროგოლის შინაარსთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის წესებთან შესაბამისობის კუთხით. ამ საკითხზე ცესკოს მიმართა “სამართლიანმა არჩევნებმა”. როგორც ცესკოში აცხადებენ, კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ საკითხს იხილავს ცესკოს თავმჯდომარე და არა ცესკო. თავმჯდომარე თამარ ჟვანია წარმოების დასრულების თანავე მიიღებს გადაწყვეტილებას ადამინისტრაციული სამართალდარღევეის ოქმის შედგენის და არ შედგენის შესახებ.
წარმოება დაწყებულია 45-ე მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ “სამართლიანი არჩევნების” საჩივართან დაკავშირებით სამართალდარღევის ოქმი შედგა, სანქცია საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას. თუმცა, ახალ გარემოებებზე დაყრდნობით პარტია “ცენტრისტები” შესაძლოა საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას.
საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პრატია “ცენტრისტებს” არ ჰყავს ხელმძღვანელი პირი და არც წარმომადგენელზე უფლებამოსილი პირი. უწყების განმარტებით, პარტიის თავმჯდომარედ რეგისტრაციაზე უარი თემურ ხაჩიშვილს 1 აგვისტოს ეთქვა.
პარტია “ცენტრისტების” ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ ბედუკაძე “ცენტრისტებისათვის” რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნას დიქტატურისკენ გადაგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით მხოლოდ პატრიარქისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს გაითვალისწინებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია “ცენტრისტებთან” დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა.
“მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების შეშფოთებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული უფასო საარჩევნო რეკლამის გამო, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს და აღვნიშნო: დღეს როდესაც საქართველოს ისტორიული არჩევნების წინაშეა, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მრავალი მოქალაქე შეეწირა, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა უწყებამ, ორგანიზაციამ, თუ ფიზიკურმა პირმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა.
“საქართველოს მთავრობა კვლავ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არ შეიძლება ფუნქციონირებდეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ღიად და აშკარად გამოდის ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია “ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპშია, არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
“ჩვენთვის მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები. ჩვენ ვიყენებთ კანონით მინიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც, დეპუტატების 1/5-ს შეუძლია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს, შემოუერთდნენ ინიციატივას”, – აცხადებს გია ვოლსკი.
“ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ უკვე შეგროვილია საკმარისი რაოდენობის ხელმლწერები იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში “ცენტრისტების” აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შევიდეს.
“ნაცმორაობის” და საპარლამენტო უმცირესობის პრაქტიკულად ყველა წევრი ხელს აწერს სარჩელს, რაც საკმარისი საფუძველია იმისა, რომ ეს სარჩელი შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და დაიძრას პროცესი საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოსული ამ პოლიტიკური ძალის ასაკრძალად”, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.
რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე შეიძლება შეუჩერდეს რეგისტრაცია პარტია “ცენტრისტებს” – ამის გარკვევას “რეზონანსი” იურისტებთან შეეცადა.
სამართლის სპეციალისტი, პროფესორ ავთანდილ კახნიაშვილის თქმით, არსებობს საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება იმსჯელოს პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის აკრძალვის მიზანშეწონილობის შესახებ.
“ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შეუძლია გამოხატოს თავის აზრი თავისუფლად და თავის ხედვა გაავრცელოს საჯაროდ. ერთადერთი შეზღუდვები ეხება იმას, რომ პოლიტიკურმა პარტია არ უნდა მოუწოდებდეს ძალადობას ან სახელმწიფოს წყობის ძალისმიერი გზით შეცვლას. ალბათ საკონსტიტუციო სასამართლო ყველა ნორმის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა, ჩემი აზრით, ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა ამ პარტიასთან დაკავშირებით საჭირო არ იყო, ეს პირიქით, ამ პოლიტიკური ძალის პოპულარიზაციას უწყობს ხელს”, – განაცხადა “რეზონანსთან” ავთანდილ კახნიაშვილმა.
თამარ კორძაია: “საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივ პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობის დამხობა ან ძალადობით შეცვლა; ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა – ეს არის ერთი მუხლი. ამის შემდეგ არის საქართველოს ორგანული კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაციების გაერთიანების შესახებ”, სადაც მე-5 მუხლი იგივეს იმეორებს. 35-ე მუხლი კი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ორგანო რომელსაც შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის აკრძალვის მიზანშეწონილობის შესახებ. ანუ 35-ე მუხლით, პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. საქართველოს ორგანული კანონის “საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანოების საქმიანობის შესახებ” 36-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
რატომ ვთლით, რომ ეს მუხლები ერგებოდა ამ შემთხვევას? იმიტომ, რომ “ცენტრისტები” ამომრჩეველს პირდებიან რუსული პასპორტების დარიგებას და ორმაგი მოქალაქეობას, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირის წევრი გახდება.
2013 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო არასოდეს არ დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებსაც კი იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. საერთოდ არცერთ ისეთ კავშირში არ შევა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან გამომდინარე, ეს მიდგომები ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლოების მიერ გაცხადებულ ნებას, იყოს ევროპული ოჯახის წევრი და გაწევრიანდეს ნატოში ეწინააღმდეგება. საერთაშორისო პრაქტიკაც და ჩვენი უახლესი ისტორიული წარსულიც ადასტურებს, თუ რატომ უქმნის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს რუსული პასპორტების გაცემა.
2008 წლის ომის დროს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პირდაპირ ეთერში განაცხადა და დოკუმენტურადაც მტკიცდება, რომ მათ იმიტომ დაბომბეს გორის და ქუთაისის სამხედრო ბაზები, რომ იქიდან აღმოეფხვრათ საფრთხე, რომელიც არსებობდა ცხინვალში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიმართ. რუსეთის თავდაცვის სამინისტომ კი მიიღო კანონი, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებითაც. ეს კანონი მან აამოქმედა უკრაინაში და ვნახეთ რაც მოხდა. ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, თუ რატომ უნდა მოხდეს ამ პარტიის რეგისტრაციის შეჩერება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
„რეზონანსი“, 16 აგვისტო, 2016 წელი
უნდა განხორციელდეს თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი ქმედებები “ცენტრისტების” წინააღმდეგ?
ნინო ქეთელაური
“ცენტრისტების” საარჩევნო კლიპს პოლიტიკურ წრეებსა და უშუალოდ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამის გამო, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვენ.
ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია “ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიასა და საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდება. აღნიშნული საარჩევნო კლიპი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა, თუმცა საყოველთაო პროტესტის შემდეგ, მაუწყებელმა კლიპი საეთერო ბადიდან ამოიღო.
პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” გაუქმების თაობაზე დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც, ცხადია, ჩვენი საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები. პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც, დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება – და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინციატივას”, – აცხადებს ვოლსკი.
მმართველი პარტია ცესკოსგან “ცენტრისტების” საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადახედვას ითხოვს, “რუსპუბლიკელებმა” “ცენტრისტების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადეს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” ამ პარტიის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
უნდა განხორციელდეს თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი ქმედებები “ცენტრისტების” წინააღმდეგ? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): “არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ საქართველომ უნდა აიღოს რუსული ორიენტაცია, რასაც მე კატეგორიულად ვემიჯნები. ვთვლი, რომ რუსეთისკენ მიბრუნება საქართველოსთვის დამღუპველია და ყველა იმ პრინციპებზე უარის თქმას ნიშნავს, რისთვისაც ევროპისკენ მივისწრაფვით.
“თვითონ ამ მოწოდებებში დანაშაულებრივი ქმედება თუ არის, უნდა აიკრძალოს. თუ ეს მხოლოდ ამ ადამიანების პოზიციაა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამ ადამიანების მცდარი აზრი და მეტი არაფერი. შესაბამისად, კანონის მიხედვით უნდა მოხდეს რეაგირება.”
რეზო მიშველაძე (მწერალი): “ქართველმა ერმა დღეს კი არა, 200-ზე მეტი წლის წინ გადაწყვიტა, რომ რუსეთის კოლონიური პოლიტიკისთვის ეთქვა უარი და ამ ოცნებას გადაჰყვა გონიერ ქართველთა თაობები. არაერთი აჯანყება და შეთქმულება იყო იმისთვის, რომ საქართველოს დაებრუნებინა სახელმწიფოებრიობა. ახლა ავად თუ კარგად, ეს ნატვრა ასრულებულია. მართალია, ახლა უკვე ამერიკა ცდილობს დაეპატრონოს საქართველოს და ფეხქვეშ გათელოს დამოუკიდებლობა, მაგრამ თუ ისევ რუსის უღელს დავიდგამთ კისერზე, ამით დიდი ცოდვას ჩავიდენთ 1832-ანი წლების ქართველების, ალექსანდრე ჭავჭავაძის, სოლომონ დოდაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ასევე, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფაშავაელას და სხვათა წინაშე. ჩავიდენთ დიდი ცოდვას 1924-წლის შეთქმულების მონაწილეთა წინაშე. ნუთუ ასეთი მოკლე მეხსიერება აქვს საქართველოს, რომ დაავიწყდა 1992-93 და 2008 წლის ჩვენ წინააღმდეგ გაჩაღებული დაპყრობითი ომები?! მე ვფიქრობ, ამაზე პასუხი ისტორიას ერთხელ და სამუდამოდ აქვს გაცემული. კი, ბატონო, რუსეთთან მეგობრობა და ურთიერთობა, მაგრამ არა მის სატელიტად დარჩენა.”
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): “უნდა აიკრძალოს მაგ პარტიის გეგმაში რაღაც პუნქტები, რასაც კატეგორიულად არ ვეთნახმები. თუმცა, საინტერესო იქნება – გაუშვან რეგისტრაციაზე და ვნახოთ 0-ზე რამდენით ქვევით მიიღებენ “ცენტრისტები” და ზოგიერთი პარტიები – 0-ზე რამდენით ზევით.”
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექორ-უბრანისტი): “სამართალმცოდნე არ ვარ, მაგრამ აიკრძალოს კი არა, მე ვფიქრობ, საქმეც უნდა აღიძრას მათ წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ძალიან დიდი დესტაბილიზაცია შემოაქვთ ამ არჩევნების წინ. მათი მხრიდან ასეთი გამოსვლა მგონია, რომ საგანგებოდაა მოწყობილი და უნდა აიკრძალოს. “საბოლოო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას.”
„რეზონანსი“, 16 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან: „ლევან ვარშალომიძეს ჰყავს მხარდამჭერები და ეს „ოცნების“ ბრალია“ // „მმართველმა პარტიამ ხალხს „ნაცმოძრაობა“ მოანატრა
თიკო ოსმანოვა
“ქართული ოცნების” აჭარაში დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან ისეთები, რომელთა მიმართაც, შესაძლოა, არაერთი მწვავე შეკითხვა არსებობდეს. მაგრამ ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდის დასახელებით “ოცნებამ” დაადასტურა, თუ რა მძიმე, სავალალო მდგომარეობაშია იგი. ეს ადამიანები ვერაფრით შეძლებენ შეიტანონ გამაჯანსაღებელი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას საპარლამენტო არჩევნების ბათუმის ცენტრალური ოლქის დამოუკიდებელი მაჟორატარი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი, რომელსაც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ვესაუბრეთ.
არმაზ ახვლედიანი: საქართველოში რომ ტრიალებს არადემოკრატიულობა და ჩაკეტილობა, ეს ყველაზე ძლიერად ბათუმში იგრძნობა. ამ წლების განმავლობაში იმ უსამართლობით, რაც ქვეყანაში სუფევდა და სუფევს, ზღვისპირა ქალაქი ყველაზე მეტად დაზარალდა. ვფიქრობ, ამ არჩევნებზე აჭარას შეუძლია თქვას თავისი განსაკუთრებული სიტყვა.
- ამ არჩევნებზე თქვენი სლოგანია, “გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე”. კონკრეტულად რას ჰპირდებით აჭარლებს?
- ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებაში დასადგურებულია მძიმე მდგომარეობა, მოსახლეობა ხელისუფლებისგან გარიყულია, მთავრობას არ აინტერესებს მისი მოქალაქის აზრი, სრულიად არადემოკრატიული გარემოა – აი, ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელიც უნდა გაირღვეს. მმართველობაში არიან ისინი, ვინც არადემოკრატიულად აზროვნებენ. ბევრი ვერ ბედავს თქვას, რომ სივრცე ჩაკეტილია და დაუპირისპირდეს სისტემას. შესაბამისად, ჩაკეტილობა და ეს მოჯადოებული წრე ასეთად რჩება წლების, ათლწლეულების განმავლობაში და ჩვენც ამ წრეზე ნებსით თუ უნებლიეთ ვტრიალებთ.
- თბილისის შემდეგ ბათუმი, ალბათ, პოლიტიკური მოვლენების მთავარი ეპიცენტრი იქნება და როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ არჩევნებზე ოპონენტების დამარცხებას?
- გეთანხმებით, ბათუმი არჩევნებში ალბათ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ცენტრი იქნება. დარწმუნებული ვარ, “ოცნება” და ყოფილი ხელისუფლება აჭარაში დამარცხდებიან. “ოცნება” ხვდება, რომ მის მიმართ ნდობა დაკარგულია და არჩევნებს რეალურად აგებს. ამიტომ ცდილობს გამოიყენოს ყველა უკანონო და დაუშვებელი მეთოდი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. “ოცნება” იმას აკეთებს, რის გამოც თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობას” მწვავედ აკრიტიკებდა. კვლავ შანტაჟი, დაშინების და მოსყიდვის გზაა ამ არჩევნების მთავარი მახასიათებელი. ჩემს მაგალითზეც შემიძლია გითხრათ, რომ “ოცნება” ყველა საშუალებით მებრძვის.
- კონკრეტულად?
- აშინებენ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მოვიდნენ წინასაარჩევნოდ შეხვედრებზე. გაასმაგებულია თვალთვალი სუს-ის მხრიდან. ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გადაიბირონ ჩემი შტაბის წევრები. ზოგიერთ ტელევიზიაში ჩემი სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. ადამიანებს, რომლებსაც სურთ ფინანსურად მხარი დაუჭირონ ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას, ამის უფლებას არ აძლევენ.
ბათუმელ ამომრჩეველს მობეზრდა წლების განმავლობაში მოტყუება, შანტაჟი, უსამართლობა, ცრუ დაპირებები. მობეზრდა განუვითარებლობა, არადემოკრატიულობა, ქალაქის და რეგიონის ისე მართვა, რომ ადამიანს არავინ არაფერს არ ეკითხება და მხოლოდ წინასაარჩევნოდ თუ გაახსენდება ამომრჩეველი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ბათუმელები გააკეთებენ სწორ არჩევანს და იმედი მაქვს, სწორედ ბათუმიდან დაიწყება ჩაკეტილი წრის გარღვევა.
- შაბათს “ქართულმა ოცნებამ” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. რას იტყვით აწ უკვე თქვენს ოპონენტებზე და ყოფილ თანაგუნდელებზე?
- პატივს ვცემ ყველა ადამიანის ღირსებას, მათ შორის ამ ადამიანების ღირსებასაც, მაგრამ დღეს იდგე იმ პოლიტიკური ძალის გვერდით, რომელმაც 4 წელი ატყუა საზოგადოება, ვერ შეასრულა ვერც ერთი არსებითი დაპირება და საზოგადოებას მოანატრა “ნაციონალური მოძრაობა”, ნიშნავს არ იყო გამართული მოქალაქე. ამიტომ ამ ბატონებს და ქალბატონებს საქციელს ვერ მოვუწონებ. ვერ ვიტყვი, რომ ყველა რაღაც კომფორმიზმის ან სისუსტის გამო აღმოჩნდა ამ გუნდში, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა. ასე რომ, “ოცნების” გუნდი, მისი პოლიტიკა, მის მიერ შექმნილი საარჩევნო გარემო არის ერთი დიდი უბედურება. ამ უბედურებისგან საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს.
“ქართული ოცნების” დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან ისეთები, რომელთა მიმართაც შესაძლოა არაერთი მწვავე შეკითხვა არსებობდეს. მაგრამ ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდის დასახელებით “ოცნებამ” დაადასტურა, თუ რა მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია იგი. ეს ადამიანები ვერაფრით შეძლებენ შეიტანონ გამაჯანსაღებელი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში. “ოცნება” სთავაზობს ძალიან მწარე, მძიმე არჩევანს ყველას, მათ შორის ბათუმსაც, რომ არჩევანი გააკეთონ მასსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. საზოგადოების დიდი ნაწილი კი უარს ამბობს ერთზეც და მეორეზეც.
დარწმუნებული ვარ, საზოგადოება შეგნებულად, გააზრებულად გააკეთებს სწორ არჩევანს ამ მოჯადოებული ჩაკეტილი წრის გასარღვევად. ამდენად ვხდები, რომ ჩემს ოპონენტებს პრქტიკულად შანსი არ აქვს.
- თუმცა ფაქტია, რომ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ლევან ვარშალომიძეს, რომელსაც დიდი ზარზეიმით დახვდნენ ცოტა ხნის წინ მხარდამჭერები…
- დიახ, ასეა – ვარშალომიძეს ჰყავს მხარდამჭერები და ეს “ოცნების” ბრალია. “ოცნების” უსუსურობამ, უნიათობამ გამოიწვია ეს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აჭარა, ბათუმი მხარს დაუჭერს წარსულს. მათთვის “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობაც” წარსულია.
- თქვენი აზრით, ბათუმში არჩევნების მეორე ტური რამდენადაა მოსალოდნელი?
- ჯერ ალბათ ნაადრევია ამ პროგნოზის გაკეთება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრგან იქნება მეორე ტური და “ოცნება” შავ დღეში ჩავარდება. რაც შეეხება ბათუმს, იმედი მაქვს, რომ საზოგადოება “ოცნებას”, ისევე როგორც მის წინამორბედს, არა-ს ეტყვის.
„ახალი თაობა“, 16 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „სამწუხაროა, რომ ღია რუსული პროპაგანდა დასაშვები გახდა“
ბედუკაძე-ხაჩიშვილის ცენტრისტების საარჩევნო კლიპი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცა, ანტისახელმწიფოებრივად ხელისუფლებამაც გამოაცხადა. ამ კლიპში ასახული დაპირებები ამ პარტიას ადრეც არ დაუმალავს. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე „ახალ თაობასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა კრძალავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო მოწოდებებს, თუმცა ასეთი მოწოდებები ამ სარეკლამო კლიპამდეც გაისმოდა.
- თუმცა, პარტიებს, რომლებიც ასეთ დაპირებებს იძლევიან, რეგისტრაციისას პრობლემა არ ექმნებათ...
- ეს მართლაც ასეა. სწორი იქნებოდა, თუ ასეთ ძალებს რეგისტრაციიდან მოხსნიდნენ. რუსეთის ინტერესების გამტარებლები ქვეყანაში ადრეც იყვნენ, მაგრამ ისინი რუსეთის მხარდამჭერ ღია მოწოდებებს ერიდებოდნენ. ბოლოდროინდელი მოწოდებები აშკარად ანტისახელმწიფოებრივი და რუსეთიდან მართულია. სამწუხაროა, რომ ღია რუსული პროპაგანდა დასაშვები გახდა.
რუსეთუმეები ცდილობენ, თავიანთი პროპაგანდით მოიმადლიერონ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები. ჩვენდა საუბედუროდ, ხალხის ნაწილი რუსეთს ოკუპანტად არ აღიქვამს. ზოგისთვის რუსეთი და აშშ ერთნაირად მიუღებელია. არადა, სხვაგვარ მხარდაჭერას რომ თავი დავანებოთ, აშშ გვეხმარება რუსეთის ოკუპაციის შეჩერებაში. ასე მოხდა 2008 წელს. რუსეთი გააჩერა ამერიკის გაფრთხილებამ, თორემ პუტინი თბილისში შემოდიოდა. რუსეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ შავ ზღვაში შემოსულ ამერიკულ გემებში მარტო პამპერსები არ იყო და გაჩერდა.
- რატომ გახდა დასაშვები რუსეთის ღია პროპაგანდა?
- ამას აქვს თავისი მიზეზები. არასწორი პოლიტიკის შედეგად, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან ტარდებოდა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გაღატაკდა და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ საბჭოთა დრო სანატრელი გაუხდა. ადამიანები ადარებენ დღევანდელ სიდუხჭირეს იმ მინიმალურ სოციალურ უზრუნველყოფას, რაც კომუნისტების დროს იყო. საბჭოთა სოციალისტური სისტემა ვერ მოვა ჩამოყალიბებული საბაზრო ეკონომიკის კეთილდღეობასთან, მაგრამ ხალხმა ეს ნორმალური საბაზრო ეკონომიკა ვერ ნახა. ამიტომ, საზოგადოების ნაწილი მისტირის საბჭოთა კავშირს და მაშინდელ სოციალურ უზრუნველყოფას.
- რაც კავშირშია პრორუსულობასთან?
- პირდაპირ კავშირშია. არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ნორმალური ყოფა ასოცირდება რუსეთთან. ამ ხალხს არ ესმის, რომ რუსეთი ადამიანების სოციალურ პირობებს არ გააუმჯობესებს. ამას ამტკიცებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა. ასეთი ტერიტორიები არსებობს უკრაინასა და საქართველოში. მაგალითად, აფხაზეთში და იქ იმაზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.
- ანუ რუსული პროპაგანდისთვის მთავარი ნიადაგი შეიქმნა სოციალური პირობების გამო?
- ამაში წვლილი აქვს სოციალურ მდგომარეობასაც და იმასაც, რომ შეიქმნა სრული კარტ-ბლანში იმ პარტიებისთვის, რომლებიც ღიად გამოხატავენ რუსეთის ინტერესებს.
- შაბათს ვალერი კვარაცხელიამ, რომელიც პარტია სოციალისტური საქართველოს ლიდერია, განაცხადა, რომ თუ საქართველო არ აღადგენს რუსეთის ბაზებს ბათუმში, ახალქალაქსა და ვაზიანში, მოსალოდნელია ქვეყნის დაშლა. ეს რუსეთის ახალი მუქარაა?
- ეს მუქარას ჰგავს, თუმცა თავად კვარაცხელიამ შეიძლება ამას საკუთარი პროგნოზი უწოდოს. ძალიან საშიში დროა და რუსეთიც აგრძელებს აგრესიულ მოქმედებებს. რუსეთი არ მალავს, რომ მის გეგმებშია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შემოკრება. არ არის სწორი განცხადებები იმის შესახებ, თითქოს რუსეთს ჩვენ ვაღიზიანებთ. რუსეთის აგრესიას აძლიერებს მოწინააღმდეგის სისუსტე და დათმობები.
- მაგალითად, სანქციების შერბილება?
- თუნდაც, ეს. რუსეთს შეაჩერებდა ამ სანქციების გამკაცრება და არა მოხსნა და შერბილება. დღევანდელი მოქმედებები რუსეთს ისე არ აშინებს, რომ ის გაჩერდეს.
- საქართველოს ხელისუფლება როგორ უნდა მოიქცეს?
- ჯერ ერთი, რეგისტრაცია უნდა მოუხსნას რუსეთიდან მართულ პარტიებს. მეტად უნდა იზრუნოს ქვეყნის უშიშროებაზე. რაც გამოსაძიებელია, უნდა გამოიძიოს. ტრისტან წითელაშვილის საქმეზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იყო გადაცდომა. ამ ფაქტის გამოძიება უნდა მომხდარიყო და დადგენილიყო, მართლა გადასცა თუ არა წითელაშვილმა საიდუმლო ინფორმაცია ოკუპანტ რუსეთს. სახელმწიფომ მუდმივად უნდა იზრუნოს ტერიტორიულ მთლიანობაზე.
„ახალი თაობა“, 16 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: „რუსეთის ბიუჯეტმა საქართველოში პენსიების დასარიგებლად ფული გამოყო“ // „ ბიძინა ივანიშვილს 9 წლის მანძილზე ჩვენ ვიცავდით და სანაცვლოდ ფულს ვადებინებდით“
რა დაგეგმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში, რატომ იცავდნენ ნაციონალები ცხრა წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილს, რატომ დუმდა ყველა ლადო ბედუკაძესა და თემურ ხაჩიშვილზე? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ ცენტრისტების რეკლამას დიდი და საყოველთაო მღელვარება მოჰყვა საქართველოში. რუსული პენსიის დაწესებასა და რუსული სამხედრო ბაზების შემოყვანაზე ეს პარტია აქამდეც საუბრობდა და რაღა ახლა ატყდა გნიასი?
- სხვების მაგივრად მე პასუხს ვერ გაგცემთ. პირადად მე ამ პარტიაზე მისი დაარსების დღიდან ვყვირი. განცხადებები ყველგან, მათ შორის „ახალ თაობაშიც“ გავაკეთე. მაშინვე ვამბობდი, რომ პარტია „ცენტრისტები“ არის რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ შექმნილი პარტია. ბედუკაძის და ხაჩიშვილის პარტიის სათავო ოფისი არის მოსკოვში. ისინი ღიად და ხმამაღლა აკეთებდნენ ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს, რასაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ძალიან მშვიდად შეხვდა. საზოგადოებასაც არ ჰქონია სათანადო რეაქცია. რუსეთუმეების დუმილი არც მიკვირს, ამ დუეტმა ყველა მათგანის პოზიცია გამოხატა, სხვები რატომ დუმდნენ, არ ვიცი. ცენტრისტების განცხადებები ყურადღების მიღმა ალბათ იმიტომ დარჩა, რომ ჩვენ, ქართველები, ბევრ რამეს არასერიოზულად ვუყურებთ. ჩემს გარემოცვაში „ცენტრისტები“ ბევრმა არასერიოზულად მიიღო, არადა ეს ძალიან სახიფათო ძალაა.
- სახიფათო რანაირად არის, წევრების სიმრავლით ის არ გამოირჩევა და ყველა მაგათ აგინებს...
- ეს გინება მაგათთვის დიდი რეკლამაა. დღეს ყველა ამ პარტიას უყურებს. მათი კლიპი, სადაც რუსულ პენსიაზეა საუბარი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავიდა. საზმაუს კი რეგიონებში ბევრი ხალხი უყურებს. იცით, რამდენი გაჭირვებული ადამიანი რეკავს აქეთ-იქეთ, სად დავრეგისტრირდეთ რუსული პენსიის მისაღებადო? ცენტრისტებსაც ეს უნდოდათ. მართალია, მათ ლანძღავენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველას მათი სახელი აკერია პირზე. ეს პარტია კიდევ იმით არის სახიფათო, რომ მის უკან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დგას. რუსეთის ბიუჯეტში ცენტრისტების დასაფინანსებლად ფულიც კი აქვთ გამოყოფილი. რუსეთის ბიუჯეტში გამოყოფილია თანხა, რომ თუ ცენტრისტები გაიმარჯვებენ, საქართველოში ნოემბრიდან რუსული პენსიის გაცემა დაიწყება.
- სხვა ქვეყანამ როგორ უნდა გასცეს საქართველოში პენსიები?
- ცენტრისტებმა თუ გაიმარჯვეს, საქართველო უკვე რუსეთი იქნება. მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს პოლიტიკურ ასპარეზზე თემურ ხაჩიშვილის გამოყვანას. ტერორიზმის და ათასი უბედური ბრალდების მუხლით გასამართლებული ხაჩიშვილი ჯერ კიდევ წლების წინ შეეცადა პოლიტიკური პარტიის შექმნას. თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ კაგებეს ზეწოლის შედეგად გამოუშვა ციხიდან თემურ ხაჩიშვილი. ეს 2002 წელს მოხდა. მაშინ ამას დიდი ამბები მოჰყვა. ეს ცენტრისტის ქურქში გახვეული ჯალათი გია ჭანტურიაზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებითაც იყო გასამართლებული. გაგიჟებულმა ირინა სარიშვილმა დაურეკა შევარდნაძეს და ჰკითხა, ეს გარეთ როგორ გამოუშვიო. შევარდნაძის პასუხი ასეთი იყო: ციხეში კარგად იქცეოდა და რა მექნაო.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან დააფუძნა პარტია, რომელსაც „დათვი“ ერქვა. ამ პარტიის უკან რუსეთი იდგა. ხაჩიშვილს არც მაშინ დაუმალავს ზრახვები. ის საქართველოს მომავალს რუსეთში ხედავდა. რაღაც შედეგს აუცილებლად დადებდა, მაგრამ მაშინ მოხდა ვარდების რევოლუცია და ხაჩიშვილი საერთოდ აორთქლდა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ის ისევ გააქტიურდა. იმდენად გათავხედდა, რომ რუსული სამხედრო ბაზების შემოყვანას ითხოვს.
დღეს ცენტრისტების რეკლამის გაშვების გამო ყველა საზოგადოებრივ მაუწყებელს ლანძღავს. საზმაუსთან მე პრეტენზიები არა მაქვს. მათ კანონით არ ჰქონდათ უფლება, დარეგისტრირებული პარტიისთვის უფასო სარეკლამო დროზე უარი ეთქვათ. ამაზე პასუხი იმან უნდა აგოს, ვინც ცენტრისტები დაარეგისტრირა. დამრეგისტრირებელთან ერთად პასუხი ბიძინა ივანიშვილსაც უნდა მოეთხოვოს.
- ბიძინა ივანიშვილს რატომ?
- იმიტომ, რომ ლადო ბედუკაძე მაგის პროექტია. მის მიერ დადგმული სიბინძურის წყალობით მოვიდნენ ეს მართლა მეცოცხეები ხელისუფლებაში. ეს სცენარი დაიწერა რუსეთში. ამ სკანდალიდან მოკლე ხანში ბედუკაძე რუსებმა ორდენით დააჯილდოვეს. ეს ადამიანი ახლა სახელმწიფო დაცვით დადის და ხაჩიშვილთან ერთად რუსული ბაზების შემოთრევას ითხოვს. მათი მფარველი არის ივანიშვილი, რომელმაც ქვეყნის 25%-ის ოკუპაცია მოახდინა. საბოლოო ჯამში რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 45% აქვს ოკუპირებული. რაც ბიძინასია, ის ავტომატურად რუსეთისაა. ცოცხების სცენა რომ დადგმული იყო, ამაზე მაშინვე ვყვიროდი. ამ დღეებში გამოქვეყნდა ფირები, სადაც თავიდან ბოლომდე ჩანს, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაიდგა ეს სცენა. ეს სცენარი რუსეთში დაიწერა. სცენარის ნაწილი 2012 წლის მაისში გაამჟღავნა `ქართულმა ოცნებამ~. მაშინ ამას სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ.
- რაზე საუბრობთ?
- 2012 წლის მაისში გოგა ხაინდრავამ ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა, რომ ცოტაც მოიცადეთ და შემოდგომაზე ხალხი ნაციონალებს ცოცხებით გარეკავსო. ამ განცხადებიდან რამდენიმე ხანში ცოცხების კადრები ვრცელდება.
- და რატომ აკავშირებთ გოგა ხაინდრავას განცხადებას ცოცხების სკანდალთან?
- გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი იყო. მას აუცილებლად ექნებოდა ინფორმაცია, რას გეგმავდა ლადო ბედუკაძე. ამ ცოცხების სკანდალის დადგმაში ივანიშვილმა მას ორი მილიონი გადაუხადა. ამ ამბავს გოგა ხაინდრავას აუცილებლად გაუმხელდნენ. მანაც რამდენიმე თვით ადრე დააანონსა ცოცხების რევოლუცია.
- ცოცხებით გარეკავენო არის ჩვეულებრივი ქართული გამოთქმა და იქნება ამიტომ გააკეთა ასეთი განცხადება?
- როგორ გეკადრებათ? გოგა ხაინდრავა შემთხვევით არაფერს ამბობს. მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა ჩვენზე, ხალხი მათ კომბლებით გარეკავსო. ეს გამოთქმა უფრო პოპულარულია საქართველოში, მაგრამ ხაინდრავამ შეგნებულად ახსენა ცოცხები. ცოცხების კადრებს წინ უძღოდა ენდიაის გამოკვლევები, სადაც „ოცნებას“ ჰქონდა კატასტროფული მაჩვენებელი. რეიტინგის ასაწევად მათ რაღაც უნდა მოეფიქრებინათ და მოიფიქრეს კიდეც.
ციხის სკანდალი არა „ოცნებამ“, არამედ ნაციონალებმა გავხეთქეთ. 2012 წლის 19 სექტემბერს მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც სწორედ ციხეში წამებაზე იყო საუბარი. პატიმრების წამების ბრალდებით მაშინ 10 ადამიანი დააკავეს. მეთერთმეტეს კი ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ის მეთერთმეტე იყო ლადო ბედუკაძე, რომელმაც საქართველოდან გაქცევა მოახერხა. ამ სკანდალიდან მოკლე ხანში უკვე „ოცნებამ“ გამოაქვეყნა ცოცხების კადრები, რამაც არჩევნებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ეს კადრები რომ არა, დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ ვერასდროს მოიგებდა არჩევნებს. ამ კადრებმა ხალხი შოკში ჩააგდო. მე რომ არ მცოდნოდა, სინამდვილეში რა მოხდა, მეც გადავირეოდი. არჩევნების წინა საღამოს სკანდალი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაზე ააგორეს. ესეც ნაციონალებს დაგვაბრალეს და ხალხი გაგიჟდა. ახლა გასულია 4 წელი. არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის. 9 თვის ბარბარეს მკვლელი ნაპოვნი არ არის, ხოლო პატიმრების მწამებელი ბედუკაძე გმირად შერაცხეს და სახელმწიფო დაცვით დაატარებენ. ამაზე მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ.
- თუ ეს სკანდალი თქვენ გახეთქეთ, რატომ არ დაამტკიცეთ, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე და დადგმული?
- ეს კადრები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა. სიმართლის დასამტკიცებლად დრო აღარ გვეყო. მთელი 4 წლის მანძილზე ქოცები მეცოცხეებს გვეძახდნენ. სინამდვილეში თავად არიან მეცოცხეები. ეს ცოცხების სკანდალი ახლა მათ შეუბრუნდათ უკან და არჩევნებზე ხალხი მათ მართლა ცოცხებით გარეკავს.
- რაიმე ხომ არ იცით და აანონსებთ?
- მე ის ვიცი, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტია. ცოცხებით მოსული ხელისუფლება ერთი დიდი ცოცხით უნდა მოვხვეტოთ და პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას არეულობა და ქაოსი ელოდება. ესენი თუ დარჩნენ, მალე წითელ არმიასაც შემოუძღვებიან.
- ამბობენ, რომ სწორედ ნაციონალები აპირებენ არჩევნებზე არეულობის მოწყობას...
- ერთადერთი პარტია, რომელსაც არეულობის მოწყობა არ უნდა საარჩევნოდ, ვართ ჩვენ. ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს და მშვიდი გარემო მისთვის ყველაზე მისაღებია.
- ყველა პარტია იმას ამბობს, რომ არჩევნებს მოიგებს...
- ნაციონალური მოძრაობა ყველა არ არის და ამაში ოქტომბერში დარწმუნდებით. აქ თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ჩათვალეთ, რომ აქ მალე დააკანონებენ რუსულ სამხედრო ბაზებს. ივანიშვილი სწორედ ამ მისიის შესასრულებლად არის პოლიტიკაში შემოგდებული.
- ეგ კაცი თუ ასეთი შემოგდებული იყო, 9 წლის მანძილზე ვერ გაარკვიეთ?
- იმ 9 წლის მანძილზე მასთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო.
- საინტერესოში რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ამ 9 წლის მანძილზე ჩვენ მას ვიცავდით.
- ვისგან იცავდით ან თქვენი დასაცავი რა სჭირდა, თავად ვერ დაიქირავებდა დაცვას?
- დაცვის დაქირავება ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, მაგრამ არ დაგაინტერესათ, ამ წლების მანძილზე ივანიშვილი საქართველოდან რატომ არსად წავიდა? იმიტომ, რომ არსად წაესვლება. კაცი გაზპრომის მეწილეა და რუსეთშიც კი არ შეესვლება. აღარც კი ახსოვს, ბოლოს როდის იყო რუსეთში.
- ამბობთ, პუტინის კაცია, „გაზპრომის“ მეწილეაო და რატომ არ შეესვლება რუსეთში?
- გიდასტურებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის კაცი და მისი დავალებების შემსრულებელია. რაც შეეხება რუსეთში შესვლას, რუსეთი მარტო პუტინი არ არის. ამ ქვეყანას აკონტროლებენ შავები. ისინი თავის დროზე ივანიშვილმა გადააგდო. ამიტომ ვერ შედის რუსეთში. 9 წელი ჩვენ ვიცავდით მის უსაფრთხოებას.
- იცავდით და წველიდით კიდეც...
- დიახ, ვწველიდით. უფრო ზუსტად, ფულს ვადებინებდით. ეგ საკუთარი სურვილით ერთ თეთრსაც კი არ დახარჯავდა.
„ახალი თაობა“, 16 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან „უბლოკო სტატუსზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს პირდაპირ ჩაბარდე“ // „რესპუბლიკელები“ „ოცნებისგან“ განიხიბლნენ და აღარ იციან, რა ქნან“
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში უბლოკო სტატუსსა და რესპუბლიკელების იდეაზე საუბრობს.
- ბატონო დავით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პოლიტიკური პარტიები გამოდიან ინიციატივით, რომ, ერთი მხრივ, უბლოკო სტატუსი გვქონდეს და, მეორე მხრივ, პირდაპირ მოხდეს ქვეყანაში რუსული ბაზების დაკანონება. თქვენ რას უკავშირებთ ამ ინიციატივების გააქტიურებას?
_ იმას, რომ ქვეყანაში არსებობს ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ვისაც არაფრად უღირს ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი სუვერენიტეტი. ამ ადამიანებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის განსხვავება ვერ უპოვიათ. არიან ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ ვაშინგტონი არის სატანისტური სამყაროს ცენტრი, რომელიც საქართველოსთვის იდენტობის წართმევას ცდილობს. ქვეყნის ასეთი არაცივილიზებული გაგება თანამედროვე განვითარების, ტენდენციების ასეთი უარყოფა სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელია. არიან ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ ცივილიზაციას ებრძვიან. ებრძვიან ქვეყნის სუვერენულ განვითარებას, ეს მათ ვერ წარმოუდგენიათ. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს ადამიანები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.
- ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ უბლოკო სტატუსი არის საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი...
- ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ისე ესმის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების პოლიტიკა, თანამედროვე სამყარო, როგორც მე – ჩინური გრამატიკა. ნინო ბურჯანაძე ამ გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, ის ეყრდნობა ისეთი ტიპის ადამიანებს, ვისზეც ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ.
- ქვეყნის ნეიტრალიტეტიც ხშირად არის მიჩნეული გამოსავლად. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- საქართველოსთვის დღევანდელ პირობებში უბლოკო სტატუსი და ნეიტრალიტეტი დამღუპველია. ეს არის შენიღბული პრორუსული ხაზი. ეს რეალურად ასეა. შეიძლება რაღაც ეტაპზე რუსეთმა სწორედ აღნიშნული იდეა შემოგვაპაროს იმისთვის, რომ არასდროს მეტოქე არ ჰყავდეს მას საქართველოში – საქართველო არ იყოს არც ერთი საერთაშორისო მოთამაშის, ჩრდილოატლანტიკური, ევროატლანტიკური ორგანიზაციის, ერთობის წევრი. ამისთვის რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი. რუსეთის ამოცანაა საქართველოსთან ერთი ერთზე დარჩენა. სწორედ ამას ემსახურება უბლოკო სტატუსიც და ნეიტრალიტეტიც. რეალურად რუსეთი არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს, არ თვლის საქართველოს დამოუკიდებლობის ღირსად. საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრცეს ისევ თავისად თვლის. ამ დროს საუბარი უბლოკო სტატუსზე ნიშნავს, რომ რუსეთს პირდაპირ ჩაბარდე.
- ნინო ბურჯანაძის იდეის საწინააღმდეგო ინიციატივას ლობირებენ რესპუბლიკელები. მათ იდეას, რომ ქვეყნის საგარეო კურსის განსაზღვრა კონსტიტუციის დონეზე მოხდეს, მხარს დაუჭერთ?
- როდესაც ამ მოწვევის პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე სერიოზული დებატები გვქონდა და ჩვენ მაშინ იგივეს ვითხოვდით ხელისუფლებისგან, მაშინ რესპუბლიკელებისგან რაღაც არ გამიგონია, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ან მსგავს ინიციატივას აყენებდნენ. ახლა „ოცნებისგან“ განიხიბლნენ და აღარ იციან, რა ქნან. მათი პასუხისმგებლობაც არის, როგორც ხელისუფლებაში ნამყოფი ძალის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დონემდე მივიდა, რომ ასე არის დასუსტებული დამოუკიდებლობის შინაგანი ნება და ენერგია.
- ეს არის რესპუბლიკელების მხოლოდ პოლიტიკური სვლა და წინასაარჩევნო გათვლა?
- არა, მე ვამბობ, რომ თავის დროზე რატომ არ დააფიქსირეს პოზიცია სწორედ ამ საკითხზე. მაშინ სად იყვნენ, როდესაც ეს საკითხი პარლამენტში განიხილებოდა?! ადრე, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყვნენ, რას ფიქრობდნენ?! ბედუკაძე და ა.შ. ივანიშვილის საცეცებია. ცენტრისტები ყველაზე ამაზრზენი სახით გამოხატავენ პრორუსულ სახეს, მაგრამ ეს ერთგვარი მეხამრიდიცაა ივანიშვილის ხელში, რომ თქვას, აი, სწორედ ის არის პრორუსი და სხვა არავინ. რასაკვირველია, ეს ხელს უწყობს შინაგან დასუსტებას, დაკნინებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ეროზიას. რესპუბლიკელებს ახლა გაახსენდათ, რომ საფრთხე შეიძლება რეალური იყოს? კი ბატონო, ისაუბრონ, გაახმოვანონ იდეები, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. კონსტიტუციაში კი არა, ზოგიერთებმა შუბლზე დაიწერონ, რომ საქართველოს პროდასავლურ კურსს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ მათი პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს საკითხი ასე აქტიურად დადგა დღის წესრიგში.
- ბატონო დავით, თქვენი პოზიცია მაინტერესებს _ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი?
- ბევრი ხერხის გამოყენებაა საჭირო, რომ საქართველო, მისი დამოუკიდებლობა გადარჩეს. კი ბატონო, ჩაიწეროს კონსტიტუციაში! ამით არაფერი გაფუჭდება. ეს იდეა ჩვენ გვქონდა და ამ იდეის წინააღმდეგი არ ვართ. მოიკითხონ, თავიანთი ყოფილი თანამებრძოლების რიგებში რა მდგომარეობაა.
- შეიძლება ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ გააქტიურდა და რეალურად მსგავსი საფრთხე არ დგას?
- რას ნიშნავს მხოლოდ წინასაარჩევნოდ. წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტუალიზდება ყველანაირი პოლიტიკური განაცხადი, ლოზუნგი, მაგრამ რა გამოდის – გულწრფელად არ უნდათ რუსეთი და საარჩევნოდ აქვთ ეს იდეები მხოლოდ?! ასე ნამდვილად არ არის.
- წინასაარჩევნოდ შეიძლება რუსული ხელი კიდევ უფრო გამძაფრდეს?
- რუსული ხელი ყოველთვის მძაფრად იგრძნობა. დიახ, არჩევნები ყოველთვის არის ერთ-ერთი საშუალება რუსეთის ტიპის ქვეყნისთვის, რომ მეზობელი ქვეყნის პოლიტიკაში ხელი აფათურონ, რათა თავი უფრო კარგად დაიმკვიდრონ.