globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 16th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: პრორუსული ძალების “დათვალიერება” პრეზიდენტის სასახლესთან

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: საქართველოს დამოუკიდებლობა ილუზიად იქცა

„ვერსია“: ინტერვიუ დიმიტრი ქუმსიშვილთან:  ეკონომიკის მინისტრი ქართული დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს აფასებს

„ვერსია“: ინტერვიუ ემზარ ჯგერენაიასთან: ჩინეთთან ვაჭრობის პერსპექტივები

———————-

„რეზონანსი“, 16 სექტემბერი, 2015 წელი

პრორუსული ძალების “დათვალიერება” პრეზიდენტის სასახლესთან

თეა ბეჟიტაშვილი

24 სექტემბერს კოალიცია “ევრაზიული არჩევანი” და “ერეკლე მეორის საზოგადოება” ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მართავს. აქციის მონაწილეთა სავარაუდოდ დიდი რაოდენობის გამო 13-დან 15 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იქნება.

აზქციის ორგანიზატორები მთავარი მოთხოვნა იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება, ნატოსა და საქართთველოს ერობლივი სასწავლო ცენტრის დახურვა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა.

პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ პრორუსული ძალების მხრიდან ეს წინასაარჩევნოდ ნიადაგის მოსინჯვის „სასოწარკვეთილი მცდელობაა“. მათი აზრით, ამ აქციის მიზანი, შესაძლოა, ერთი მხრივ, იმის დათვლაა, თუ რამდენი ადამიანის გამოყვანაა სესაძლებელი თბილისში პრორუსული ლოზუნგებით, მეორე მხრივ კი ასეთ აქციის მიმართ ქართული საზოგადოების რეაგირების სემოწმებაა.

„ევრაზიული არჩევანის“ ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ აქციაზე მოსახლეობა რეგიონებიდანაც ცამოვა, ხოლო ტავად აქციას, სავარაუდოს, ბათუმიდან ჩამოსული ფოლკლორული კოლექტივი გახსნის.

„კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტი განსაზღვრავს, ამიტომ საგარეო საკკითხებთან მიმართებით, ვფიქრობთ, რომ სწორედ პრეზიდენტს უნდა მივმართოთ. ველოდებით ხალხს ქუთაისიდანაც, გორიდან, მარნეულიდან, ბოლნისიდან, ახალციხიდან, წალკიდან, ბათუმიდან. ვფიქრობთ, რომ ავლაბრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გაივსება“, – ამბობს არჩილ ჭყოიძე. მისი თქმით, აქციაზე დასასწრებად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს არ მართავს:

„აქციაზე მონაწილეობენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა, რომელიც საქართველოს ნეიტრალიტეტს მხარს უჭერს, თუმცა, არ იქნებიან ცნობილი სახეები. იქნება ის ხალხი, ვისაც პრობლემა აქვს თავის რეგიონში და აწუნხებს ქვეყნის ბედი“, – ამბობს არჩილ ჭყოიძე.

პოლიტოლოგთა შეფასებით, ამ აქციით საზოგადოების განწყობის ერთგვარი ტესტირება ხდება.

„პოლიტიკური პარტიის ან პიროვნების ძალა იმ ხალხშია, რომელიც მას გაჰყვება. თუ ბევრი ხალხი იქნება ე.ი. ძლიერები არიან, ხოლო თუ ცოტა, გამოდის, რომ არ არიან ძლიერები“, – ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის თქმით, ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ამავდროულად ნატო-ს საწვრთნელი-სასწავლო ცენტრის არარსებობა დასავლეთისთვის პირდაპირ ზურგის შექცევას ნიშნავს, რაც რუსეთისთვის სასურველია.

„როგორც ჩანს, რუსეთს უნდა მიაღწიოს იმას, რომ საქართველოში არ მოსწონდეთ დასავლეთი. ნეიტრალიტეტი ფაქტობრივად ამ ამოცანის ერთ-ერთი რეალიზაციაა. როგოგც კი დასავლეთს ზურგს შეაქცევ, რუსეთი პირველი თვითონ გადმოაბიჯებს და დაარღვევს ნებისმიერ პირობას. ბრძოლა მიდის ანტიდასავლური განწყობის შექმნაზე.

მე ვერ ვიტყვი, ეს ორგანიზაცია რა ორიენტაციის არის, მაგრამ ის, რომ მათი ქმედება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, უდავოა.

„აუცილებელი არ არის, პოლიტიკურ პარტიებს პასპორტში ეწეროთ, რომ რუსული პოლიტიკის მატარებლები არიან. ბევრი ვინმეა, ვინც შეიძლება უნებლიეთ რუთესითვის სასარგებლო ნაბიჯი გადადგას“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის თქმით, ასეთი ღონისძიებით „ევრაზიული კავშირი“ მხოლოდ დისკრედიტაცია ხდება და არგუმენტს ხელიდან აცლიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ნორმალურად ითხოვენ.

„ჩემი აზრით, მისაღები ის იქნებოდა, რომ ამ ორგანიზაციამ დისკუსია მოაწყოს თემაზე, თუ რას წარმოადგენს ევრაზიის კავშირი, რა გამოწვევები და საფრთხეებია საქართველოსთვის და რა დადებითი თვისება აქვს ამ კავშირს.

„დარწმუნებული ვარ, აქციის არცერთ მონაწილეს ნაზარბაევის დაწერილი ევრაზიის კავშირის კონსტიტუცია წაკითხული არ აქვს. ამიტომ აქციების მოწყობა ასეთი არარეალისტური მოთხოვნებით, რომ დაიხუროს ნატო-ს სასწავლო ცენტრი, საქართველომ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა და ა.შ., საჭირო არაა. ასეთი საკითხები ქუჩაში აქციებით არ წყდება“, – ამბობს სოსო ცინცაძე.

„შემიძლია ვუთანაგრძნო ისეთი ვთითმარქვია პრორუსული ძალების წარმომადგენლებს, რომ ძალიან წამგებიანი პოლიტიკური ვექტორი აურჩევიათ სამომავლოდ. კი, ბატონო, გემოვნებაზე არ დავობენ, მათ შორის პოლიტიკურზეც, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა არ ნიშნავს რაიმე ისეთი ქმედებების მხარდაჭერას, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ პრორუსულობა და ქვეყნის უსაფრთხოება უნდა აცნობიერებდეს შეუთავსებლობის სიმძიმეს.

„კი, ბატონო, შეუძლიათ ნებისმიერ დაჯგუფებებს თავი შეახსენონ და რაიმე სახის კომპლიმენტი დაიმსახურონ იმ სუბიექტებისგან, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოში იყოს მკაფიოდ წარმოჩენილი პრორუსული ძალები, თუმცა ამ პრორუსულებსაც ზოგჯერ უნდა გავახსენოთ, რომ ეს რუსეთი არ გახლავთ ის რუსეთი, რომელიც საბჭოთა კავშირის ძირითადი ნაწილი იყო“, – აცხადებს „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელი სოსო ცისკარიშვილი.

მისი აზრით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პრორუსული ძალების წარმატება ნაკლებად სავარაუდოა.

„კრემლს, რასაკვირველია, საკუთარი ოცნებები გააჩნია, რასაკვირველია, მას საქართველოს სახით სურს იხილოს არა კეთილი მეზობელი, არამედ დამონებული მტერი და ასეთ ვითარებაში მისი ჩანაფიქრის წარმატება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან 21-ე საუკუნეა და კომუნიკაციებიც, საერთო ხედვაც ჩვენი ქვეყნის და ცივილიზებული სამყაროსი სრულიად მკაფიოა სწორედ რუსული თავხედობის მომსწრე თაობების მიერ.

„პროვოკატორებს, რასაკვირველია, გააჩნიათ მდიდარი გამოცდილება იმისა, თუ როგორ უნდა ავნონ ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ მე მონი, ჩვენი საზოგადოება უკვე მეტ-ნაკლებად შეიძლება ვიგულოთ გამჭრიახად და ასეთი საფრთხეების წინაშე ჩვენს ქვეყანას არ დააყენებენ.

„არ არის აუცილებელი რაიმე ისტერიული ქმედებები პრორუსული ორგანიზაციების წინაღმდეგ. დაე, გამოამჟღავნონ საკუთარი თავი და ოცნებობდნენ ევრაზიულ კავშირზე. მაგრამ მაშინ ისიცუნდა იცოდნენ, ევრაზიული კავშიმრისკენ მზერაგაპარულმა ადამიანებმა, რომ მაგალითად, სომხეთმა დაკარგა დამოუკიდებლობა, თუნდაც იმ სფეროში, რასაც ჰქვია სომხეთის სახელმწიფოში ამა თუ იმ პირის შეშვება-არშეშვების საკითხი. სწორედ მოსკოვიდან მიღებული სიებით აკავებენ ისინი საზღვარზე სომხეთში მიმავალ მეცნიერებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

„საქართველო და მსოფლიო“ 16 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: საქართველოს დამოუკიდებლობა ილუზიად იქცა

შორენა ცივქარიშვილი

მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით საქართველომ 24 წლის წინათ ნანინანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა წლების შემდეგ მაინც აქტუალურია კითხვა – არის კი დღეს ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი გარე ძალების ჩარევისგან? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და როგორ განვლო თავისუფლების 24 წელი 1990-იანი წლებიდან დღემდე? _ ამ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩვენს რუბრიკაში ისაუბრებენ. დღეს რუბრიკის სტუმარია აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

- ბატონო ელიზბარ, თითქმის მეოთხედი საუკუნე გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ გამართლდა მოსახლეობის მოლოდინი? არის კი დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფო?

- მახსოვს ის წადილი და აღმაფრენა, რომელიც საქართველოში 25 წლის წინათ იყო, როდესაც ზვიად გამსახურდიას თავკაცობით საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა და ქვეყნის დამოუკიდებლობას მოსახლეობის 87%-მა დაუჭირა მხარი. თუმცა ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე იწყებოდა პოლიტიკური გლობალიზაცია რომლის მესვეურებსაც არ სურდათ საქართველოს დამოუკიდებლობა. ამის შესახებ ზვიად გამსახურდიაც წერდა თავის დროზე. მას შემდეგ, რაც გარე ძალების წაქეზებითა და “მეხუთე კოლონის” ხელშეწყობით ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, საქართველოს დამოუკიდებლობა ილუზიად იქცა, რადგან შევარდნაძისა თუ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენ დღითი დღე ვკარგავდით დამოუკიდებლობას.

სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური მოღვაწეობა მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისკენ – როგორმე მოესპოთ და გაეჩანაგებინათ ყველაფერი ქართული. შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება”, რომელსაც ხალხი დიდი იმედით შეხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ვერ აღმოჩნდა ქართველი ხალხის ოცნება, რადგან გარე ძალებმა ახალ ხელისუფლებას “ნაციონალებთან” კოჰაბიტაცია აიძულეს _ სურდათ, “ნაციონალები” კვლავ დარჩენილიყვნენ პოლიტიკაში, უფრო მეტიც _ მეორე პოლიტიკურ ძალადაც აღიარეს. იმის მაგივრად ციხეში ეყარონ, ჭკუას გვარიგებენ. დღეს ეს მეორე ძალა ცდილობს, სახელი გაუტეხოს პირველ ძალას და ამისთვის ყოველგვარ სიბინძურეს კადრულობს. ამას კარგად ხედავდა და ხედავს ჩვენი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ, ამის მიუხედავად, პირსისხლიანი დესპოტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლების დროსაც დემოკრატიის ნასახი არ არსებობდა ქვეყანაში, “დემოკრატიის შუქურად” გამოაცხადეს. დღესაც სწორედ ამერიკელთა ხელშეწყობით განაგრძობს საქმიანობას სააკაშვილი უკრაინაში.

ის, რაც ხდება დოლარის კურსის მიმართ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის _ გიორგი ქადაგიძის ბრალია და ის ციხეში უნდა წავიდეს. საქართველოს პრეზიდენტს ვეტო კი არ უნდა დაედო ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტისთვის, არამედ ტაშით უნდა შეხვედროდა. დაავიწყდა, რომ ივანიშვილის ხათრით აირჩია ხალხმა და ახლა დამოუკიდებელი პრეზიდენტი გამომივიდა?!..

ასე რომ, საქართველო არათუ დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ, დამოუკიდებლობის მხრივ, ამერიკის რომელიმე შტატის დონეზეც კი არ არის. საქართველო ამერიკის პროვინციაა. ამერიკაში შტატების გუბერნატორებს შეუძლიათ, პრეზიდენტ ობამას ყველა სურვილი არ შეასრულონ, საქართველოში კი აშშ-ის უმდაბლესი რანგის მოხელეც კი ჩვენი ქვეყნის ბედს წყვეტს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქმიანობა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან. ისინი არიან მოღალატეები, რადგან არ აინტერესებთ ქართველი ხალხი. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა თუ ოპოზიციონერები, რესპუბლიკელები, ალასანიას გუნდი თუ თავისმომჭრელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი _ ყველანი “ნაცებთან” ერთად ცდილობენ, შექმნან ახალი პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ისინი კვლავ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწევენ, ვერც “უკრაინულ მაიდანს” მოაწყობენ საქართველოში.

- თქვენ ამბობთ, რომ ამ პოლიტიკოსებს გარე ძალების დიდი მხარდაჭერა და დაფინანსება აქვთ და რატომ ვერ მიაღწევენ მიზანს, რა შეუშლით ხელს?

- ისინი ვერ მიაღწვეენ წარმატებას, თუ ქართველი ხალხი გამოფხიზლდება და გამოვა ინერტული მდგომარეობიდან. ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: ქართველ ხალხს ტვინი გამოურეცხეს! ბრიტანეთსა და აშშ-ში 60-მდე ინსტიტუტი მუშაობს ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვის საკითხებზე. ადამიანები მისშტერებიან “რუსთავი 2”-ს და არ სურთ, რეალობას თვალი გაუსწორონ. არავითარი დამოუკიდებლობა საქართველოს დღეს არ აქვს. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ამერიკელები საელჩოდან მართავენ ყველაფერს, საქართველოს ბედს ისინი წყვეტენ. საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა ასე. მაშინაც კი უფრო მეტი თავისუფლება გვქონდა. ხელისუფლების წევრების კანდიდატურებს მაინც ჩვენ წარვადგენდით და შემდეგ ისინი ამტკიცებდნენ. დღეს ამის შანსიც აღარ გვაქვს.

- მაგრამ, ბატონო ელიზბარ, დღეს ხომ ქვეყანაში სიტყვის მეტი თავისუფლებაა?

- რომელი სიტყვის თავისუფლებაზე მელაპარაკებით?! გაყიდული და ქვეყნის მტერი ტელეკომპანია “რუსთავი 2” რომ ლაპარაკობს, რაც უნდა იმას _ ეს არის თავისუფლება? ან “მაესტრო”, ან “კავკასია”, ან “იმედი”? – ესენი არიან ტელევიზიები, რომლებიც ქართულ ცნობიერებას რყვნიან და ფულზე არიან გაყიდულები? ან საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება, თავისუფალი ტელევიზიაა? ვაპირებ ხელმოწერების შეგროვებას და მოვითხოვ, ჩვენი ფულით ნუ აფინანსებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველაფერი ჩამოართვან, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის. ვინაიდან, ბოდიში და, ეს არის გარყვნილებისა და პედერასტების ბუდე. არა ე.წ. ლგბტ-ს, არამედ პედერასტების ბუდე! დღეს მხოლოდ ორი-სამი ტელეკომპანია – “დრო”, “ობიექტივი”, “ქართული არხი” – ცდილობს სიმართლის თქმას. ერთი ამბავი ატეხეს უწიგნური, ქაჯი ქალების გადაცემების დახურვის გამო. არადა, ხოფერიასა და გრიგოლიას შოუები თავიდანვე დასახური იყო.

- ეს შოუები რეიტინგული იყო და ხალხი უყურებდა… გადაცემის ასე მოულოდნელი დახურვა, ბუნებრივია, ეჭვს გამოიწვევდა საზოგადობაში…

- ვინ უყურებდა? იმიტომაცაა ეს საზოგადოება ტვინგამორეცხილი. ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ამ გადაცემებს ან “რუსთავი 2”-ს უყუროს?

- იმ სავალალო ვითარების ფონზე, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, აქვს ქვეყანას შანსი, იქცეს ჭეშმარიტად სუვერენულ სახელმწიფოდ?

- ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. შეხედეთ, რა დღეშია განათლების სისტემა. ვიდრე იქიდან გიგაურს, შერვაშიძესა და სოროსის სხვა მატლებს არ გამოყრიან და მათ განათლების მინისტრსაც არ მიაყოლებენ, საქართველოს არაფერი ეშველება. ლევან ვასაძისნაირი კაცი უნდა იყოს განათლების მინისტრი. ამ არასამთავრობოების წარმომადგენლები, ვიღაც უმეცრები, ერთი წიგნი რომ არ წაუკითხავთ, სხედან ქალბატონ თოჯინასთან, განათლების დღევანდელ მინისტრ სანიკიძესთან და ისიც მათი ნებართვის გარეშე არაფერს წყვეტს. კულტურის მინისტრი ღირსეული ქართველი, ქართული კულტურის დაცვას და აღორძინებას რომ შეეცდება, ისეთი კაცი უნდა იყოს და არა _ ჯაზმენი. როდესაც ხელისუფლება ასეთი იქნება, ხალხიც მხარს დაუჭერს და ვერც გარე ძალები დაგვაკლებენ ვერაფერს. თორემ კარგად მესმის, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებსაც ვერ დავუსხლტებით კლანჭებიდან. ჩვენ კი არა, ხომ ხედავთ, ევროპაში რა ხდება? უნდათ, ევროპა საბოლოოდ გაასწორონ მიწასთან. ამერიკას აშინებს სწორედ ხალხის აღშფოთება და, როგორც კი დაინახავს ხალხის აღშფოთებას, უკან დაიხევს. არ შეიძლება, ერის ინტერესები საკუთარ კეთილდღეობაზე გავყიდოთ. ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ეკლესია უნდა ამოუდგეს ხალხს მხარში.

ამ ხელისუფლებაში სულ რამდენიმე კაცია, რომლებსაც სამშობლო უყვართ. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი, მას ქართული ინტერესები ამოძრავებს და ამიტომ უტევენ ყველა მხრიდან. თუნდაც რაც თინა ხიდაშელმა გააკეთა, კაბელების საქმეში, ეს დიდი დანაშაულია – ჯერ სასამართლო არ დასრულებულა და ხალხი თანამდებობებზე აღადგინა. იურისტია და ასეთი რაღაცები არ უნდა ეშლებოდეს, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის წინააღმდეგ წასულიყო. ხიდაშელს ჰგონია, ერთი რომ დაიძახოს, მთელი ჯარი გაჰყვება და მოსკოვამდე ჩავა, მაგრამ საკმარისია, რუსების ერთი ტანკი გამოჩნდეს, უკან მოუხედავად გაიქცევა. ასევე, პატივს ვცემ ვახტანგ გომელაურსა და ზურაბ გამეზარდაშვილს, სწორედ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში.

ქართველი კაცი შიმშილსაც აიტანს, წყურვილსაც, ოღონდ ღირსებას ნუ ჩაუკლავ. როგორც კი დაინახავს, რომ ღირსებას უკლავენ, მაშინვე ფეხზე დადგება და გამოფხიზლდება. ფხიზლად უნდა ვიყოთ!..

„ვერსია“, 16 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ქუმსიშვილთან: ეკონომიკის მინისტრი ქართული დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს აფასებს

რუსუდან ხავთასი

საქართველოს პრემიერ- მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა. შეიძლება ითქვას, ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა და რაც მთავარია, ყველაზე დიდ აზიურ ქვეყანასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებასთან ძალიან ახლოს ვართ. რას ნიშნავს მილიარდ 400-მილიონიანი ბაზარი საქართველოსთვის, თავად განსაჯეთ.

„ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ მზაობა და დასტური, რომ ჩინეთს სურს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთან. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მთელ რეგიონში, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან. ჩინეთის ბაზარი რას ნიშნავს, ეს მეწარმეებმა ჩემზე უკეთ იციან. ჩვენს მეწარმეებს ეხსნებათ უზარმაზარი ბაზარი. გავხსენით ბაზარი ევროკავშირთან, ვიწყებთ თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობას ჩინეთთან, ჩვენი პრაგმატული და სწორი პოლიტიკის შედეგად რუსეთის ბაზარი ხელახლა გაიხსნა, რაც ასევე ძალიან დიდი შეღავათი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის. მთავრობამ მოკლე დროში ყველაფერი გააკეთა, რათა ახალი ბაზრები და შესაძლებლობები შეგვეთავაზებინა ჩვენი მეწარმეებისთვის. ახლა მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი და ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ჩინეთის ხელისუფლება ისევე, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, აშშ და ევროპის ქვეყნები, საქართველოს სწორ და პრაგმატულ სამეზობლო პოლიტიკას მიესალმებიან.

პრემიერმა წარმატებული და ნაყოფიერი უწოდა ჩინეთის პრემიერ- მინისტრსა და ინვესტორებთან გამართულ შეხვედრებს, რომლებზეც საუბარი კონკრეტულ პროექტებს შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებენ გიგანტი ჩინური კომპანიები: „შევეხეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის პორტი, მაგისტრალების მშენებლობა, მათ შორის მილიარდ 300-მილიონიანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც რიკოთის უღელტეხილზე ვგეგმავთ. ჩინური კომპანიები დაინტერესებულნი არიან ინვესტირებით. ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ეს არის ისტორიული მისია, რომელიც ჩვენს ქვეყანას მუდამ ჰქონდა. საქართველო აღარ უნდა გახდეს ქვეყნებს შორის დაპირისპირების მიზეზი; პირიქით, უნდა იყოს მშვიდობის, კულტურული გაცვლის, ვაჭრობის ქვეყანა და ვფიქრობ, ჩვენი ამბიციური გეგმა წარმატებით ხორციელდება. გვაქვს რეალური პროგრესი“.

იმაზე, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის აღნიშნულ ვიზიტს, გაფორმდება თუ არა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და რა შედეგით დაბრუნდა სამშობლოში ქართული დელეგაცია, დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ექსკლუზიურად გვესაუბრება.

- ბატონო დიმიტრი, კონკრეტულად რა სახის ხელშეკრულებები გაფორმდა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში?

- საქართველოს პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობითმა სამთავრობო დელეგაციამ ჩინეთში უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გამართა. შევხვდით ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური და ბიზნესწრეების ხელმძღვანელებს. ასეთი დონის ვიზიტი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით პირველად შედგა. ვიზიტის დროს, საქართველოს მიმართ, ჩინეთის სამთავრობო და საქმიანი წრეების მხრიდან, განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა. ჩინეთის მხარე ჩვენს ქვეყანას განიხილავს, როგორც სანდო პარტნიორსა და მთავარ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამედროვე ახალი ინიციატივის, „ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყელის“ ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ეკუთვნის.
პოლიტიკური განცხადებებიდან რამდენიმე თვეში, ჩინეთის მთავრობამ აბრეშუმის გზის განვითარების ფონდი შექმნა, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა. ეს თანხა „ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელის“ გლობალურ პროექტში ჩართულ სახელმწიფოებში სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პროექტების მხარდასაჭერად გამოიყო.

ვფიქრობ, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რომელიც ქვეყანას აქვს. ეს არის ისტორიული მისია, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა. აბრეშუმის გზის გლობალურ პროექტში მონაწილეობა საქართველოს უნდა დაეხმაროს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი.
ვიზიტის დროს ჩინეთის მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის პორტი, მაგისტრალების მშენებლობა. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ვაპირებთ რიკოთის უღელტეხილზე მილიარდ სამასმილიონიანი ღირებულების პროექტის განხორციელებას, ასევე სხვადასხვა ინვესტიციაზე, რომლის განხორციელებასაც ჩინური კომპანიები აპირებენ.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩინეთში ვიზიტისას, როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა თანამედროვე საქართველოს ალბათ ყველაზე მასშტაბურ პროექტს _ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რომლის განხორციელებაც მალე უნდა დაიწყოს. სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. ანაკლიის ნავსადგურს ექნება შემდეგი უპირატესობები: სტრატეგიული მდებარეობა; შესაძლებლობა, მიიღოს დიდი ზომის გემები (მაგ. პანამაქსი); მომსახურების მიღება „ერთი გაჩერების“ პრინციპით; წლის ნებისმიერ პერიოდში უსაფრთხო ნაოსნობის შესაძლებლობა. ამ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აბრეშუმის გზის აღდგენის საქმეში, რადგან აღნიშნული პორტი უნდა მოემსახუროს ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალ ტვირთებს. ანაკლიის პორტი იქნება უმსხვილესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო- აღმოსავლეთ სანაპიროზე.

უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ანაკლიაში შესაძლებელი იქნება დაიტვირთოს გემები, რომლებიც გავლენ ევროპის მიმართულებით. ტვირთის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპამდე მხოლოდ 20-მდე დღე დასჭირდება. ეს იქნება უმოკლესი მარშრუტი ამ ორ რეგიონს შორის. აღნიშნული უპირატესობის მიუხედავად, ჩვენ გვჭირდება მეტი სატრანსპორტო- ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა საქართველოში, რათა შევძლოთ, მოვემსახუროთ გაზრდილ ტვირთბრუნვასა და რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო, ასევე სატრანზიტო ჰაბი გავხდეთ.

- რა სახის ინვესტიციებს უნდა ველოდეთ ჩინელი ინვესტორებისგან უახლოეს მომავალში?

- საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვან კომპანიებთან. მაგალითად, ძალიან შინაარსიანი და ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა ჩინური კომპანიების Zhuhai Da Heng Qin Company Limited, MCC International Incorporation Limited, China Development Bank Inner Mongolia Branch, China Export & Credit Insurance Corporation ხელმძღვანელებთან. უმნიშვნელოვანესი იყო კორპორაცია „მიცუბიშის“ ტოპ-მენეჯერებთან შეხვედრა. ამ კორპორაციის სამუშაო ჯგუფი საქართველოში მოვიწვიეთ, რათა ადგილზე შეაფასონ ვითარება და ადგილობრივ ბიზნესგარემოს გაეცნონ. გარდა ამისა, დალიანში შედგა ხელმოწერა ჩინურ კომპანია Dalian Locomotive & Rolling Stock Co და ქართულ კომპანია ს/ს „ვაგონმშენებელს“ შორის. მემორანდუმის თანახმად, საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ- ჩინური საწარმო აშენდება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შეხვედრა უმსხვილესი ამერიკული კომპანია Jonhnson Controls-ის თავმჯდომარის მოადგილესთან, აზიაწყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში დანაყოფის პრეზიდენტ ბედა ბოლზენიუსთან. ჩვენი საუბრის თემა იყო საქართველოში აღნიშნული კომპანიის საწარმოსა და სადისტრიბუციო ცენტრის გახსნა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა საქართველოში სტაბილური საინვესტიციო გარემო, ბიზნესისთვის ხელსაყრელი კანონმდებლობა, მაღალკვალიფიცური ახალგაზრდა კადრები და თანაინვესტირების შესაძლებლობები.

გერმანული მულტინაციონალური კორპორაცია SAP LABS CHINA- ს აღმასრულებელ დირექტორთან, კლას ნოიმანთან შეხვედრისას, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო განვიხილეთ, გავაცანით ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროექტები.

- ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას განიხილეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხიც. ამ ქვეყანასთან ამგვარი ურთიერთობის გაფორმებას როგორ შეაფასებთ?

- მთავარი მესიჯი, რითაც საქართველოს დელეგაცია ქვეყანაში დაბრუნდა, ჩინეთის მხარის სრული მზაობაა, დაიწყოს საქართველოსთან მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიმართულებით. ამით საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც ექნება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა. რას ნიშნავს ჩინეთის ბაზარი, ამას განსაკუთრებული კომენტირება არ სჭირდება. ეს არის მილიარდ ოთხასმილიონიანი ბაზარი, ეს არის უზარმაზარი პოტენციალის მქონე ქვეყანა, სადაც ჩვენს მეღვინეებსა და მეწარმეებს სრულიად ახალი ბაზარი ეხსნებათ. ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს, ევროკავშირთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და გავხსენით ბაზარი.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ახლა ვიწყებთ ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობას, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია. ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა და ძირითად ათეულში მე-4 ადგილზეა. 2015 წლის იანვარ- ივლისში, ექსპორტი წინა წელთან შედარებით 167%-ით გაიზარდა და 90.39 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საექსპორტო პროდუქციიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტი. ბოლო წლების განმავლობაში, ამ პროდუქციის ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება. საქართველოსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებმა, შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული ინიციატივა და შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. თავის მხრივ, შესაძლებლობების შესწავლა უკვე დასრულებულია, რომელმაც შესაძლო მოლაპარაკების დადებითი მხარეები აჩვენა. ჩვენი მხრივ, ველოდებით ჩვენი საექსპორტო პოტენციალის გაზრდას ჩინეთის მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ღვინოს, რომელსაც დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. დღეს საკმაოდ მაღალია ღვინოზე საბაჟო გადასახადი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გააჩნია და ვიმედოვნებთ, საბოლოო მოლაპარაკებების შედეგად, ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის სრულად გაიხსნება.

„ვერსია“, 16 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ემზარ ჯგერენაიასთან: ჩინეთთან ვაჭრობის პერსპექტივები

მაია მიშელაძე

(შემოკლებით)

რა ეკონომიკური ეფექტი მოჰყვება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს? ნიშნავს თუ არა მთავრობის მეთაურისა და დალიანის თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელმძღვანელების შეხვედრა იმას, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები დამყარდება? მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში გიგანტური ბაზრის მქონე ჩინურ ინვესტიციებს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რისკი მაინც არსებობს – თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან ხელს ხომ არ შეუშლის ისედაც დასუსტებული ადგილობრივი წარმოების განვითარებას?

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად რეალურია ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დაწყება, რადგან შესაბამისი ოფიციალური ხელშეკრულება ან მემორანდუმი არ არსებობს, თუმცა ფაქტია, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ტიპის ურთიერთობის დასაწყებად საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი უკვე გადადგა, საბოლოო შედეგი კი ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან მოლაპარაკებებს მოჰყვება. თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დასაწყებად, პირველი აგური მაინც ჩინურმა კომპანია ,,ჰუალინგ ჯგუფმა” დადო, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოაწყო.

ქუთაისში, 35.92 ჰექტარზე, „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა განთავსებული, რომელიც ჩინურმა კომპანიამ ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოაწყო. ოფიციალური ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში ,,ჰუალინგ ჯგუფის” მიერ განხორციელებული ინვესტიცია 31 170 000 აშშ დოლარია. ინდუსტრიულ ზონაში ,,ჰუალინგ ჯგუფმა” უკვე შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხის გადამამუშავებელი ავეჯის დამამზადებელი საწარმოები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ. ამ საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის ექსპორტი კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ხორციელდება.

(…)

რას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას მთავრობის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი? რეალურად რა სახის ჩინურ ინვესტიციებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში და ბიზნესის რომელ დარგში? ,,ვერსიას” ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია ესაუბრება.

- პირველი მიმართულება, რომელზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს, ე.წ. ,,ახალი მსოფლიო ბანკის ინსტიტუტია”, რომელიც პეკინში შეიქმნა. ცნობილია, რომ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველობის სტრუქტურებში ჩინელები არ მონაწილეობენ, რადგან სავალუტო ფონდში ევროპელები, მსოფლიო ბანკში კი ამერიკელები არიან წარმოდგენილნი. ჩინეთი დიდი ხანია აცხადებს, რომ ამ მხრივ ,,დაჩაგრულია” და ორივე სტრუქტურაში მმართველობის კვოტების გადანაწილება უნდოდა, მაგრამ უშედეგოდ. შესაბამისად, პეკინში ,,მსოფლიო ბანკის” მსგავსი ახალი სტრუქტურა შექმნეს. საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ბანკის, სსფ-სა და ჩინეთში შექმნილი ახალი ინსტიტუტის მსგავსი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა გვჭირდება. ორი წელია საქართველოს დიდი ტრანში არ მიუღია, რის გამოც სავალუტო ნაკადების პრობლემები გვაქვს. ლარის სიმყარის შესანარჩუნებლადაც ერთ-ერთი გზა სწორედ დიდი ტრანშები და ფინანსური ნაკადია. ინვესტიციებისა და ტრანშების მოძიება გაჭირდა და ამიტომ მთავრობამ კურსი სწორედ ჩინეთისკენ აიღო, რაც გამართლებული ნაბიჯია. არსებობს ინვესტირების ევროპულ- ამერიკული, რუსული (დსთ), არაბული და ჩინურ- აზიური წყაროები. რუსეთში ეკონომიკური რეცესიაა, ყაზახეთში _ სერიოზული ფინანსური პრობლემები, რასაც იქაური ეროვნული ვალუტის, ტენგეს დევალვაცია მოჰყვა, უკრაინაში რა ხდება, კარგად იცით… ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან ინვესტიციები ჭირს. ევროპა თვითონაც რეცესიაშია, რის გამოც საკმაოდ რთულ ეკონომიკურ ვითარებაშია. შემდგომ მოდის არაბეთი, რომელმაც გარკვეული მოძრაობა დაიწყო საქართველოში, მაგრამ არაბული ინვესტიცია რამდენიმე სასტუმროს დაფინანსებას არ გასცდენია და რეალურად, ჩინურ- აზიური ნაწილი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი დაეცა, ეს ქვეყანა ცდილობს, ექსპორტზე ორიენტირებული მონოქვეყნის იმიჯი შეიცვალოს და კაპიტალის ექსპორტზე, ასევე შიდამოხმარებისა და შიდაბაზრის ზრდაზე გადავიდეს. მისთვის კავკასია ანუ ევროპის სამხრეთ ნაწილი საკმაოდ საინტერესოა. ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთი რეალურად მზადაა, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ამის ნათელი მაგალითია ,,ოლიმპიური სოფლის”, რკინიგზისა და ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში.

- კონკრეტულად ეკონომიკის რომელ სფეროში და რა სახის ინვესტიციებს უნდა ველოდეთ ჩინეთიდან?

- პირველ რიგში, ესაა სრულიად ახალი თბომავალმშენებელი ქარხნის მშენებლობა, რომელიც უმსხვილესი პროექტია და რომელზეც დიდი ხანია მიდის მუშაობა. არ იფიქროთ, თბილისში არსებული ვაგონშემეკეთებელი ქარხნის რეორგანიზაციაზეა საუბარი, რომელიც რუსებს ეკუთვნის. ვგულისხმობ სრულიად ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას, რომელსაც თბილისში ჩინეთი ააშენებს. ამ ტიპის ქარხნები ადრე თბილისშიც იყო, ნოვოჩერკასკშიც და რუსეთის სხვა ქალაქებშიც, მაგრამ დიდი ხანია დსთ-ს ქარხნები მწყობრიდან გამოვიდა. შესაბამისად, ჩინელები დაინტერესდნენ, ახალი ქარხანა ააშენონ და როგორც ვიცი, ეს 100-მილიონიანი პროექტი იქნება. მეორე დიდი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. სხვათა შორის, ტრანსპორტის ლოგისტიკის მიმართულებით, დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან ტვირთების მოცულობა დღითიდღე მცირდება. მიუხედავად ამისა, სამომავლო ნაბიჯების გადასადგმელად, საკმაოდ მნიშვნელოვანია უზარმაზარი პორტის მშენებლობა ანაკლიაში, რომელიც პირდაპირ რომ გითხრათ, პოლიტიკური მნიშვნელობის მეგაპროექტად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, ანაკლიის პორტი წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება, მაგრამ ეს ციფრი გადაჭარბებულია. მსოფლიოში ცნობილი ანტვერპენის (ბელგია) პორტიც კი ვერ ემსახურება წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს, მხოლოდ 60 მილიონ ტონაზეა გათვლილი. თუმცა თუ ჩინეთი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში საკუთარ საბაზო პორტს ეძებს და ამ შემთხვევაში, ყურადღებას ანაკლიაზე შეაჩერებს, რომელიც თუნდაც 15 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება წელიწადში, დამიჯერეთ, ესეც დიდი გამარჯვება იქნება. თუმცა აქ ერთი პრობლემაა, ანაკლიის პორტი საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ქართული პორტების კონკურენტი არ უნდა გახდეს, რადგან ამ შემთხვევაში, ფოთის, ყულევისა და ბათუმის პორტების ღირებულება დაიკლებს. ის კი არაა მნიშვნელოვანი, ჩინელებმა წყალგამყოფები, ნავმისადგომები და საწყობები ააშენონ ანაკლიაში, მთავარია, ეს პორტი საკუთარი ტვირთების ბაზად აქციონ. არაბებმაც იყიდეს ფოთის პორტში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორია, მაგრამ რეალურად არაფერი გაუკეთებიათ, მხოლოდ რამდენიმე საწყობი დადგეს.

- ანაკლიის პორტის მშენებლობის შემთხვევაშიც იგივე საფრთხე ხომ არ შეიქმნება, რაც წლების წინ, არაბების მიერ ფოთის პორტის შეძენას მოჰყვა?

- რა თქმა უნდა, ასეთი საშიშროება არსებობს. თავდაპირველად, ფოთის პორტში დუბაის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტი აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომელსაც ფოთში თავისუფალი სავაჭრო ზონა უნდა მოეწყო, მაგრამ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა და ნაკლებად ცნობილი ,,რაკია ჯგუფი” შემოვიდა, რომელსაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა იმის გარდა, რომ მის მშენებლობაზე საქართველო ორ სუბიექტთან _ ამერიკელებსა და ჩინელებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს, მაგრამ ფოთის პორტის გამოცდილება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მთავარი ის არის, ანაკლიაში ტვირთები მოვიზიდოთ. საერთოდ, ინვესტორმა თვითონ უნდა გათვალოს ინვესტიციის ეფექტურობა და სწორი ბიზნესგეგმა შეადგინოს. ფოთის პორტის შემთხვევაში, ეს არ გაკეთებულა, არაბებს მხოლოდ ტერიტორია გადასცეს. თუ რეალურად, ტვირთი არ შემოვიდა და ანაკლიის პორტი ჩინეთის ბაზად არ იქცევა, ხელში ,,მკვდრადშობილი შენობა” შეგვრჩება, რომელიც ზარალის გარდა, ეკონომიკურ სიკეთეს ნამდვილად არ მოგვიტანს.

- ბრძანეთ, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შემცირდა და ქვეყანა რეცესიის წინაშეა. ფაქტია, ეს კრიზისი ჩინეთის ეკონომიკას არ ჩამოშლის, მაგრამ ეკონომიკური პრობლემების გარდა, ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიაშიც განხეთქილებააპოლიტ- ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყანა მზადაა, ინვესტიციები და ტრანშები საქართველოში განახორციელოს?

- უკვე გითხარით, ჩინეთს არ სურს, მხოლოდ იაფი საქონლის ექსპორტიორი ქვეყანა იყოს. რაც ბრძანეთ, აბსოლუტურად სწორია და ჩვენი ქვეყნის შესაბამისმა ინსტიტუტებმა მუდმივი, პერმანენტული მონიტორინგი უნდა განახორციელონ. მსოფლიო ეკონომიკის პულსაცია ჩინეთიდან მოდის, მაგრამ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ ადგილობრივი წარმოება და ჩვენი მეწარმეები. ორივე შემთხვევაში, ყოველწუთიერი მონიტორინგი და იმ მოვლენების ანალიზია აუცილებელი, თუ რა ხდება ან რა შეიძლება მოხდეს ჩინეთში. ეკონომიკასა და პოლიტიკაში დარწმუნება არ შეიძლება, მაგრამ ერთჯერადი ვიზიტი ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამას მუდმივი მუშაობა სჭირდება და ამის მაგალითია ,,აბრუშუმის გზის” ფორუმი, რომელიც საქართველოში გაიმართება. მთავრობის დელეგაციის ერთჯერად ვიზიტს ჩინეთში, მეორე დღესვე საქართველოში ტრანშების ნაკადების გადმოსროლა არ მოჰყვება, ამას სკრუპულოზური და ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება.

- ირაკლი ღარიბაშვილი დალიანის თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელმძღვანელობას შეხვდა. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა დაიწყება?

- დაანონსებული იყო, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტი ჯერ არ მინახავს. ეს რთული საკითხია, რადგან ერთი მხრივ, მსოფლიოში ყველას ოცნებაა, რომ ჩინეთის გიგანტურ ბაზარზე შეაღწიოს, რომელიც მილიარდ 600 მილიონიანია. ეს ისეთი მოცულობაა, რომ ნებისმიერი მეწარმე ოცნებობს, ასანთის ღერის მეათედი ნაწილი მაინც შეიტანოს ამ ქვეყანაში. მეორე მხრივ, ქართული ბიზნესისთვის ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რადგან კომუნისტური პარტიის პოლიტიკის გავლენის ქვეშ მყოფი თავისუფალი ბაზრის ელემენტებით, დაბალი ფასებითა და ფიქსირებული ხარჯებით, ჩინური პროდუქცია უკონკურენტოა. ამიტომ დასაფიქრებელია, რამდენად შეექმნებათ ჩვენს მეწარმეებს პრობლემები კონკურენციის მხრივ. ამას გარდა, ჩინური საქონელი საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოში. რაც გვაქვს, ყველაფერს MADE IN CHINA აწერია, საქართველოს ბაზარი მათთვის თითქმის ღიაა. აქედან გამომდინარე, დიდ საშიშროებასაც არ უნდა ველოდეთ…

- ამის მიუხედავად, ჩინური იაფფასიანი პროდუქცია საქართველოს შიდა ბაზარს წალეკავს და ადგილობრივ წარმოებას შეაფერხებს, არა?

- აუცილებლად, რადგან ნებისმიერ თანაბარ სიტუაციაში, ჩინურ საწარმოს, რომელსაც წარმოების უზარმაზარი მოცულობა აქვს და რომლისთვისაც ფიქსირებული ხარჯებიც საკმაოდ დაბალია, ყოველთვის აჯობებს ფასით ქართველ მეწარმეს. რაც უნდა კარგი და ულტრათანამედროვე საწარმო გააკეთოთ, როგორი სრულყოფილი ტექნოლოგიაც უნდა დანერგოთ, ჩინურ წარმოებას კონკურენციას ვერ გაუწევთ! ბევრ შემთხვევაში, ჩინური წარმოება სახელმწიფოს მიერ დოტაციურია და ამ დეტალების გათვალისწინება ქართველი მეწარმეებისთვის აუცილებელია. მართალია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მაგრამ მთავრობამ უნდა იფიქროს, როგორ დაიცვას ქართული წარმოება და პროდუქცია. საჭირბოროტო მაგალითსაც გეტყვით: 100 ქართველი მცირე მეწარმე ჩადიოდა ჩინეთში, რაღაცას ყიდულობდნენ და საქართველოში ყიდდნენ, რასაც მცირე ბიზნესის ფორმა ჰქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ერთი ჩინელი მილიონერი ჩამოვიდა, ვაზისუბანში საწყობი გახსნა, დიდი ოდენობით პროდუქცია შემოიტანა და 100 მცირე მეწარმე ,,მოკლა”, თუმცა ეს ყველაფერი აბსოლუტურად კანონიერად განახორციელა. აქედან გამომდინარე, მუშა- ხელის ექსპორტი იქნება თუ ტექნოლოგიების, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ადგილობრივი წარმოება დღესაც, როდესაც ეს ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის და მერეც, როცა ამ ტიპის ურთიერთობა ოფიციალურად დაკანონდება. ერთი წელი გავატარეთ DCFTA-ს გარემოში და აღმოჩნდა, რომ ქართულ ყველს ევროპაში ვერ შევიტანთ. ადრე მხოლოდ ნიორზე იყო შეზღუდვა. ანუ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კი არა, პრობლემას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკა და უშუალოდ მეწარმეები აგვარებენ.

- ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არსებობს?

- არა და ეს აბსოლუტური ბლეფი იყო, რადგან ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს! ამ თემაზე მხოლოდ მოლაპარაკებები იმართებოდა. როგორც ვიცი, ამერიკელებმა დაიანგარიშეს და დაადგინეს, რომ საქართველოს ექსპორტი ამერიკაში არ არის და ასეთი ურთიერთობით ისინი მოგებას ვერ მიიღებდნენ. ჩინური საქონლის ექსპორტი საქართველოში საკმაოდ დიდია. ჩინეთი, როგორც სავაჭრო პარტნიორი, მესამე ადგილზე გადავიდა და თუ რამდენიმე ბოთლ ქართულ ღვინოს არ ჩავთვლით, ჩვენი ექსპორტი ჩინეთში თითქმის ნულია!

Comments are closed