globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 16th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: დიდი ომი “რესპუბლიკელებსა” და “ოცნებას” შორის

ყოფილი თანამებრძოლები ერთმანეთს სიცრუესა და ჭორაობაში ადანაშაულებენ

„რეზონანსი“: ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან: „დააბრუნოს ბიძინა ივანიშვილმა ის ხელისუფლება, რომელიც მასზე წინ იყო და ჩვენ მის გარეშე შევებრძოლებით”

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან:  „ოცნება“ და “ნაცმოძრაობა”, როგორც უნებლიე მოკავშირეები

„რეზონანსი“: ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ბევრისგან განსხვავებით, „ეროვნული ფორუმი“ კოალიციიდან არავის გამოუგდია“

„რეზონანსი“: ვისი წინასაარჩევნო რეკლამაა ყველაზე ეფექტური // პიარის სპეციალისტთა შეფასებით, ყველა პარტიას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები ჰყავს და პრაქტიკულად სხვაზე არც “მუშაობენ”

——-

ახალი თაობა“: ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან: „ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობა გაბერილია“ // „კარგი იქნება, თუ მომავალ პარლამენტში რამდენიმე ძალა მოხვდება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან: „პაატა ბურჭულაძეს უნდა გადაეხედა, თუ ვის მიუსკუპდა გვერდით“

ახალი თაობა“: ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „ნაციონალები მასობრივი არეულობის მოწყობას ვერ შეძლებენ“ // „ოცნებას“ აღარ აქვს მასობრივი მხარდაჭერა“

——-

საქართველო და მსოფლიო: რესპუბლიკური პარტია – სახადი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხადოს საქართველომ

საქართველო და მსოფლიო: მონსტრების კორპორაციის საარჩევნო აღლუმი

საქართველო და მსოფლიო: თავად სად იყავი და რას აკეთებდი 2011 წლამდე, პატივცემულო მოქალაქევ?!

——-

„რეზონანსი“: ვის აძლევს ხელს ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურება // ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას წელს ვერ მივიღებთ

——————-

„რეზონანსი“, 16 სექტემბერი, 2016 წელი

დიდი ომი რესპუბლიკელებსა და ოცნებას შორის

ყოფილი თანამებრძოლები ერთმანეთს სიცრუესა და ჭორაობაში ადანაშაულებენ

სალომე სარიშვილი

“რესპუბლიკურ პარტიასა” და “ქართულ ოცნებას” შორის მორიგი და ალბათ ყველაზე მკვეთრი წინასაარჩევნო დაპირისპირება დაიწყო. ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმითაც, შარშან მან ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისაგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების წინადადება მიიღო. ეს ინფორმაცია გუშინ გადაჭრით უარყო ბიძინა ივანიშვილმა და უსუფაშვილის სიტყვებს “მტკნარი სიცრუე” უწოდა. ამის შემდეგ კი ყოფილ თანამებრძოლებს შორის მწვავე დაპირისპირება დაიწყო. გუშინ “რესპუბლიკელებისა” და “ოცნების” წარმომადგენლები რიგრიგობით აკეთებდნენ მკვეთრ განცხადებებს და ერთმანეთს სიცრუეში ადანაშაულებდნენ.

პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი დაპირისპირება წინასაარჩევნოდ სასიკეთოდ არც ერთ მხარეზე არ იმოქმედებს, თუმცა, სავარაუდოდ, “რესპუბლიკელების” რეიტინგზე უფრო უარყოფითად იმოქმედებს, ვიდრე “ოცნებისაზე”.

რითი დაიწყო ყველაფერი

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო “თავისუფლების” ერთობლივ გადაცემა “ინტერვიუში” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მან 2015 წელს პრემიერობა შესთავაზა.

“მე ვხედავ, რომ ჩემი პარტიიდან ბევრი არაფერი გამოდისო. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი შესაცვლელიაო, მაგრამ ჩემს გუნდში ვერ ვხედავ იმას, ვისაც ამას ვანდობო. ამიტომ მე მითხრა, იქნებ შენ დათანხმდე, თუ გინდა დღესვე, თუ გინდა 6 თვეში, თუ გინდა არჩევნების შემდეგ, შენზე და თქვენზე ავაწყოთ მომავალი სახელისუფლებო ცენტრი და ყველაფერიო”, – განაცხადა ინტერვიუში უსუფაშვილმა და ისიც დაამატა, რომ პრემიერის პოსტზე კვირიკაშვილის კანდიდატურა ივანიშვილს მან თავად ურჩია.

დავით უსუფაშვილის ამ განცხადებას გუშინ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს სიცრუე უწოდა. ყოფილმა პრემიერმა არც ის ინფორმაცია დაადასტურა, რომ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაზე რჩევა დავით უსუფაშვილისგან მიიღო. ივანიშვილმა უსუფაშვილი დახურული შეხვედრიდან ინფორმაციის გატანისთვისაც მკაცრად გააკრიტიკა.

“მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ “რესპუბლიკური პარტია” უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი – პრემიერ-მინისტრი. ისიც აბსოლუტური სიცრუეა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მისი აღმოჩენაა. ერთადერთს, რასაც გავიხსენებდი, არის ის, რომ როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული და გახარებული,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ  უსუფაშვილს პრობლემები ირაკლი ღარიბაშვილთან ჰქონდა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, კოალიციაში ყოფნისას “რესპუბლიკელების” და უშუალოდ უსუფაშვილის მიმართ სხვა თანაგუნდელებისგან აუტანელი განწყობა იგრძნობოდა და შესაბამისად, ასეთ პირობებში ის უსუფაშვილს პრემიერობას არ შესთავაზებდა.

“პარტიის ყველა წევრი აღშფოთებას გამოხატავდა ამ პარტიის მიმართ. როდესაც დავით უსუფაშვილს “რესპუბლიკური პარტიის” დატოვებას ვთავზობდი, ვეუბნებოდი, იქნებ ამდენი დესტრუქცია აღარ იყოს-თქო. მხოლოდ ამ ტიპის საუბრები მქონდა და არა პრემიერობაზე შეთავაზება. მენეჯმენტში წარმოდგენა არ აქვს უსუფაშვილს. იცის, როგორი აუტანლობა იყო “რესპუბლიკური პარტიის” მიმართ და როგორ წარმოუდგენია, რომ “რესპუბლიკელებისთვის” შემეთავაზებინა ქვეყნის მართვა? ამ პირობებში უსუფაშვილი თუ გახდებოდა პრემიერი, ხომ დაინგრეოდა “ქართული ოცნება” მთლიანად და გადაირეოდა საზოგადოება? ასეთ ალოგიკურ სიცრუეს იტყვის ის კაცი, ვინც მენეჯმენტი არ იცის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მკვეთრი პასუხი ორივე მხრიდან

მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებებს როგორც რესპუბლიკელები, ისე უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, ეკა ბესელიას შეფასებით, დავით უსუფაშვილის გადაცემა “ინტერვიუში” გაკეთებული განცხადებები ჭორაობაა. როგორც ბესელიამ “აიპრესს” განუცხადა, უზნეო საქციელია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე დახურული შეხვედრის დეტალებზე საჯარო სივრცეში საუბრობს.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მსგავსი ქმედება თუ არის მისაღები, პასუხობს, რომ ივანიშვილი თანამდებობის პირი არ არის და მისგან ასეთი განცხადებები არც მოუსმენია.

“არ ვიცი, შესთავაზა თუ არა ივანიშვილმა უსუფაშვილს პრემიერის თანამდებობა. ასეთი ფაქტი არავის უნახავს. გუნდში მსგავსი ინფორმაცია არავის აქვს. რამდენიმე დღის წინ დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მისამართით თქვა, რომ პოლიტიკური პროცესი ჭორაობას ემსგავსება და ჭორებით აკეთებს დასკვნებსო, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ლიდერი დახურულ სივრცეში შემდგარ შეხვედრაზე საუბარს საჯარო სივრცეში იწყებს, მაშინ როდესაც ის მაჟორიტარობის კანდიდატია, ეს მე ჭორაობა მგონია. ამასთან, ეს ზნეობრივ საქციელადაც არ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, თუ ეს ინფორმაცია მართალია და ნამდვილად შედგა ეს დახურული შეხვედრა,” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

“რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილის თქმით კი, იგი ყოფილი პრემიერისგან ამდენ ტყუილს არ ელოდა. როგორც მან “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, დავით უსუფაშვილის პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რამდენიმე შეხვედრაზე იყო საუბარი, რომელსაც იგი თავადაც ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, კოალიციაში კრიზისი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაიწყო.

ვინ კარგავს ხმებს ამ დაპირისპირებით

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ დაპირისპირებით “რესპუბლიკელები” უფრო მეტს კარგავენ, ვიდრე “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი. იგი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი რეიტინგს არც ერთ მხარეს არ გაუზრდის. ამბობს, რომ ომი “ოცნების” წინააღმდეგ “რესპუბლიკელებმა” კოალიციიდან გამოსვლისთანავე დაიწყეს, რადგან კრიტიკულობა მათ რიტორიკაში სწორედ ამ დროს გაჩნდა.

“თავის დროზე ბიზინა ივანიშვილს საყვედურობდნენ მისივე პარტიის შიგნიდან და გარედანაც, რომ “რესპუბლიკელებს” მეტისმეტად ბევრი რამ დაუთმო, თუნდაც ხიდაშელი რომ მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შემდეგ “რესპუბლიკელებმაც” უფრო ხშირად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მათი პარტიაა კოალიციაში წამყვანი ძალა. საკუთარი თავის შექებამ და ტრაბახმა გარკვეული გავლენა იქონია იმაზეც, რომ კოალიციის შიგნით ბევრი თვითონ დაუპირისპირდა “რესპუბლიკელებს” – საზოგადოებაც და, სავარაუდოდ, თავად ივანიშვილიც,” – ამბობს რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” საუბრისას. მისი შეფასებით, ამ ფონზე ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილს პრემიერობა შესთავაზა.

“შეიძლება რაღაც ეგეთი ფრაზა იყო ნათქვამი, მაგრამ ამის იქით სერიოზული განზრახვა გამორიცხულია ყოფილიყო, რადგან “რესპუბლიკელების” წინ წამოწევა ბევრ პრობლემას შეუქმნიდა ბიძინა ივანიშვილს,” – დასძენს პოლიტოლოგი. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ “რესპუბლიკელები” “ოცნების” მიმართ კრიტიკულნი იყვნენ, ამგვარი კონფრონტაცია მმართველ ძალასთან ისედაც დაბალი რეიტინგის შენარჩუნებაში პარტიას ხელს შეუშლის.

“საზოგადოებას არ აქვს ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” კრიტიკის დეფიციტი. ამ კრიტიკას თუ “რესპუბლიკელები” დაემატება, ამით არაფერი იცვლება იმ იდეოლოგიაში, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში ტრიალებს, მაგრამ იცვლება დამოკიდებულება “რესპუბლიკელების” მიმართ. ამიტომ მგონია, რომ ის პროცესი, რომელსაც ვაკვირდებით, წამგებიანი სწორედ “რესპუბლიკელებისთვისაა” და რაც უნდა პარადოქსული იყოს, ამას თავად “რესპუბლიკელები” ახორციელებენ,” – განუცხადა “რეზონანსს” რამაზ საყვარელიძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მომავალი პარლამენტი “რესპუბლიკელების” გარეშე ბევრს წააგებს, რადგან კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებისგან განსხვავებით, “რესპუბლიკელებს” მეტი ინტელექტუალური რესურსი აქვთ. სოსო ცინცაძისთვის “ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის გაღვივებული დაპირისპირება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, მისი თქმით, მათ შორის კავშირი ისედაც ხელოვნური იყო.

“განსხვავება თავიდანვე და დღესაც ღირებულებებსა და ფასეულობებს შორისაა. ახლა მხოლოდ ის მიკვირს, “რესპუბლიკელებმა” ასე გვიან რომ “აყარეს ტლინკები”, ამას ადრეც ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” ამომრჩეველი არ ვარ, ის ერთადერთი პარტიაა, რომელსაც მყარი იდეოლოგიური ბაზა გააჩნია, საიდანაც ხალხი არ გარბის. „რესპუბლიკური პარტია” მყარად შეკრული გუნდია. თანაც თავისი ინტელექტუალური პოტენციალით, ლიდერების პარტიაა. ზუსტად ამავე პოტენციალით რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად აღებული მთელი კოალიციაც კი ვერ მივა,” – მიიჩნევს სოსო ცინცაძე. მისი თქმით, “რესპუბლიკელების” მიმართ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებისგან შურის მომენტი მანამდეც იყო და ეს მაღალი თანამდებობების დაკავებას უკავშირდებოდა.

როგორც სოსო ცინცაძე ამბობს, ამგვარი დაპირისპირება წინასაარჩევნოდ მაინცადამაინც დამაჯერებელი არაა. პოლოტოლოგი აცხადებს, რომ ასეთი კინკლაობა ღირსებას არც ერთ მხარეს არ მატებს.

“რესპუბლიკელებისთვის” ეს არის გამოცდა, მათ დამოუკიდებლად ჯერ არჩევნები არ მოუგიათ. ახლა აქვთ შანსი დაამტკიცონ, რომ 4 წელი დრო ტყუილად არ დაუკარგავთ. ასეთი კინკლაობა ღირსებას არც ერთ მხარეს არ მატებს. ჩემთვის, გარედან მაყურებლისთვის, არ იქნება ქვეყნისთვის კარგი, თუ “რესპუბლიკელთა” ინტელექტი და პროფესიონალიზმი მოუხმარებელი დარჩება. ხომ ვხედავთ, პარლამენტში შესვლისთვის ვინ იბრძვის. ნებისმიერ პარლამენტს “რესპუბლიკელები” ინტელექტუალურად გააკეთილშობილებენ. ამ კინკლაობით ორივე დაკარგავს რეიტინგს, არც ერთ მხარეს არ წაადგება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთ მხარეს ოპოზიციური პარტიაა, მეორე მხარეს კი – მმართველი პარტია და პრემიერ-მინისტრი, მაშინ ყველა დაწერილი თუ დაუწერელი კანონით მეტი კეთილგანწყობა და ლმობიერება ძლიერ მხარეს მართებს. ესეც ცივილიზებული პოლიტიკის დაუწერელი კანონია – ძლიერმა უფრო უნდა შეიკავოს თავი,” – ამბობს სოსო ცინცაძე.

„რეზონანსი“, 16 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან: „დააბრუნოს ბიძინა ივანიშვილმა ის ხელისუფლება, რომელიც მასზე წინ იყო და ჩვენ მის გარეშე შევებრძოლებით”

ლიკა გურაბანიძე

“ამ ადამიანის შეფასება არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება. დღეს ერთს ამბობს და ხვალ მეორეს იტყვის. ბიძინა ივანიშვილს გულსა და თავში რა აქვს, მე ნუ მკითხავთ. ჩვენ რას გვერჩის, ვერ გავიგე”, – ამის შესახებ “რეზონანსს” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “რესპუბლიკურ” პარტიასა და მის ლიდერ დავით უსუფაშვილზე, რეგიონულ ჟურნალისტებთან კიდევ ერთი შეხვედრის დროს, ამჯერად ამბროლაურში ისაუბრა.

როგორც ლევან ბერძენიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პარტიაში ივანიშვილის განცხადებებზე არ მსჯელობენ, რადგან “რესპუბლიკელებს” იმისთვის არ სცალიათ, რომ ივანიშვილის გამო ყრილობა მოიწვიონ.

ლევან ბერძენიშვილი: ბიძინა ივანიშვილის განცხადებები პროვოკაციულიც არ არის, მე მგონი, ეს უბრალოდ სიცრუის ტირაჟირებაა. რაც ჩვენთან მიმართებაში მისი მხრიდან ითქვა, ამბსოლუტურად ყველა ნათქვამი “რესპუბლიკელებსა” თუ დავით უსუფაშვილზე ტყუილი იყო. ამ მხრივ ცვლილება არ არის და ივანიშვილი გამუდმებით იგივეს იმეორებს.

იგი უარყოფს იმას, რაც იყო და ამბობს იმას, რაც არ ყოფილა, გვაბრალებს იმას, რაც არ გვიქნია, არ გვიხსენებს იმას, რაც გაგვიკეთებია და ა.შ. ანუ, ეს ყველაფერი ჩვენთან მიმართებაში აბსოლუტური სიცრუეა. რაში სჭირდება მას ეს ვერ გეტყვით. თვითონვე ამბობს, ამაზე არ უნდა ვსაუბრობდეო, მაგრამ ივანიშვილმა მაინც მოიცალა და გველაპარაკება.

- ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი…

- რას ჰქვია უფრო ძლიერი? ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, რომელიც არაფრით არ დასტურდება. ამაზე რას უნდა ვფიქრობდე? ეს ისეთივე სისულელეა, რომლის კომენტირებაც ძნელია, იმიტომ, რომ ცხოვრებამ გვაჩვენა, ვინ როგორი პოლიტიკოსია. დავით უსუფაშვილი იყო და არის პოლიტიკაში, ღარიბაშვილი კი წავიდა პოლიტიკიდან. შეიძლება ოდესმე დაბრუნდეს და თავისი ძალა კიდევ გვაჩვენოს. ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრობიდან გააგდო. თუ ასეთი ძლიერი იყო, რას ერჩოდა? ყოფილიყო, რას აშავებდა?

ბიზინა ივანიშვილის პრობლემა ისაა, რომ, მისი აზრით, უსუფაშვილი საერთოდ არაა პოლიტიკოსი. ერთი ვიცი, რომ დავით უსუფაშვილი სამაგალითო პოლიტიკოსი და პიროვნებაა, ხოლო ღარიბაშვილი – სამარცხვინო პოლიტიკოსი და პიროვნება.

აქაც ძალიან კარგად ჩანს მისი არა მარტო ტენდენციურობა, არამედ ის, რომ უბრალოდ ტყუის. ვერ იტანდა ღარიბაშვილს და მან მოხსნა. იმას მაინც ნუ ამახსნევინებთ, რომ მე არ მომიხსნია. ჩვენ ღარიბაშვილი თავიდანვე არ მოგვწონდა, რადგან ვნახეთ, რა ზრდილობისა და წერა-კითხვის პატრონიც იყო. არჩევნდებამდე გაირკვა, ის ვინ ბრძანდებოდა და რასაც წარომადგენდა.

- ივანიშვილმა უარყო, რომ პრემიერის თანამდებობაზე კვირიკაშვილის კანდიდატურა მას დავით უსუფაშვილმა ურჩია…

- ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად უსუფაშვილმა ურჩია. პარტიაში რამდენიმე კაცმა ვიცოდით ამ თემაზე რა ტიპის საუბრები მიმდინარეობდა. მე პირადად ამ საუბრებს არ ვესწრებოდი, მაგრამ ამბავი მოდიოდა პარტიაში და რა ამბავიც მოვიდა, იქიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ დიახ, ასეთი ინფორმაცია ჩვენ გვქონდა. ივანიშვილს კვირიკაშვილის კანდიდატურა უსუფაშვილმა შესთავაზა. ასე რომ, ამაში არაფერი საიდუმლო არ არის. უბრალოდ, რატომ უარყოფს  არ ვიცი. ის თავისას ამბობს, მე – ჩემსას. ვინაა ჩვენ შორის მართალი  ამის გაგება ძნელია. მე შემიძლია დედა დავიფიცო, ბიძინას შეუძლია მილიარდები დაიფიცოს. რომელს დაგვიჯერებთ, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მახსოვს ეს ამბავი. მან ისიც თქვა – ჩოჩელი ენუქიძეში შემეშალაო, შემდეგ რუსთაველი – ბარათაშვილში შეეშალა და უსუფაშვილი – ღარიბაშვილში.

- თქვენი აზრით, რა არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დავით უსუფაშვილისა და ზოგადად “რესპუბლიკელების” კრიტიკის მთავარი მიზეზი?

- არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ივანიშვილი ამ ქვეყნის ლიდერი არ არის. უსუფაშვილისგან რა უნდა? რას ერჩის? რას ემართლება? მე ეს არ ვიცი. ივანიშვილი არც ერთ პოლიტიკურ პროცესთან არანაირად არაა დაკავშირებული და ჩვეულებრივი მოქალაქეა. მისი ყველა განცხადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩემი, თქვენი და ნებისმიერი სხვა მოქალაქის, არც მეტი, არც ნაკლები. ამ ადამიანის შეფასება არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება. დღეს ერთს ამბობს და ხვალ მეორეს იტყვის. ბიძინა ივანიშვილს გულსა და თავში რა აქვს, მე ნუ მკითხავთ.

ჩვენ რას გვერჩის, ვერ გავიგე. მილიარდერის პარტიას უფულოდ ვებრძვით, კაპიკი ფული არ გვაქვს და კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ. ეს სირცხვილია. ივანიშვილმა ის ვერ გააარკვია, კვირიკაშვილი ჯობია, თუ ღარიბაშვილი. ეტყობა კვირიკაშვილმაც დაუშავა რაღაც, რადგან ბოლო ხანებში ღარიბაშვილის ქება დაიწყო.

- მის განცხადებებთან დაკავშირებით პარტიაში რას ფიქრობენ?

- პარტიაში ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. პარტიას იმისთვის არ სცალია, რომ ივანიშვილის გამო ყრილობა მოიწვიოს. მე შემიძლია ჩემი პირადი აზრი გითხრათ: ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკური პარტიის ეშინია. რატომ ეშინია არ ვიცი. ის კვირაში ორჯერ მამალ ტყუილს ამბობს “რესპუბლიკურ” პარტიასა და უსუფაშვილზე. ბიძინა ივანიშვილის ტყუილებით საქართველო შორს ვერ წავა. გასაგებია, რომ “რესპუბლიკელები” ძალიან ბევრს ვაშავებთ. თუ ჩვენი პარტია უმნიშვნელო და ურეიტინგოა, მასზე ამდენი საუბარი რა საჭიროა? საქმე იმაშია, რომ ეს პარტია მნიშვნელოვანია. მას რეიტინგი და გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ხოლო ივანიშვილს იმხელა გავლენა აღარ აქვს, რამხელაც მას უნდა რომ ჰქონდეს. ივანიშვილმა ცოტა სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. კაცი ლამის ღმერთად ჰყავდათ გამოცხადებული და ახლა სოფლის ჭორების დონეზე დაეშვა. მის დამსახურებებს არ ვივიწყებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავი და ბოლო. თუ ძალიან შეგვაწუხებს, შევახსენებთ, რომ დააბრუნოს ის ხელისუფლება, რომელიც მასზე წინ იყო და ჩვენ მის გარეშე შევებრძოლებით.

„რეზონანსი“, 16 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან:  „ოცნება და “ნაცმოძრაობა”, როგორც უნებლიე მოკავშირეები // „ორივე ძალას ხელს აძლევს ის, რაც ხდება ბურჭულაძის და არა მარტო მისი – ზოგადად მთელი ოპოზიციის გარშემო

თიკო ოსმანოვა

“როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობის და “ქართული ოცნების” ინტერესშია, რომ პარლამენტში მესამე ძალა არ გავიდეს. შესაბამისად, ორივე ძალას ხელს აძლევს ის, რაც ხდება ბურჭულაძის კოალიაციაში და არა მარტო მანდ – ზოგადად მთელი ოპოზიციის გარშემო”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე და ამით ივანიშვილის შესაძლო სტრატეგიაზე საუბრობს.

“რესპუბლიკელებისა” და ივანიშვილის დაპირისპირებაზე და  პაატა ბურჭულაძის კოალიაციის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე “რეზონანსი” ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე: ივანიშვილისა და უსუფაშვილის დაპირისპირებაში არის უკვე ნდობის საკითხი – ვინ ვის ენდობა.  უსუფაშვილს ვიცნობ ძალიან კარგად. მოვუსმინე მის გამოსვლას. მან საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა. თქვა, რომ შეიძლება არ ვიცოდე, როგორ შევინარჩუნო აქციების ფასი და ბიზნესიო, თუმცა, ჩემი სიტყვის ფასი ვიციო. ასე რომ, არ მგონია, უსუფაშვილს რამეში სჭირდებოდეს ტყუილი იმის შესახებ, რომ ივანიშვილმა მას პრემიერობა შესთავაზა.

არ ვიცი, მათ შორის რა მოხდა, თუმცა არანაირი საფუძველი არ მაქვს, მას არ დავუჯერო. არ მესმის რაში სჭირდება ივანიშვილს სხვაგვარი ინტერპრეტირება. ყველასთვის ცნობილია, რომ მას უსუფაშვილთან მშვენიერი დამოკიდებულება ჰქონდა და აღიარებდა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი მის გუნდში.

- ზოგადად ივანიშვილის და “რესპუბლიკელების”  დაპირისპირებაზე რას ფიქრობთ?

- მგონია, რომ იგი განაწყენებული უფროა “რესპუბლიკელებზე”, ვიდრე მას რაღაც ობიექტური საფუძვლები ან ფაქტები ჰქონდეს. ივანიშვილი თვლიდა, რომ კოალიაციაში უნდა იყოს ერთი აზრი და როგორც ჩანს, წინააღმდეგობა წამოვიდა “რესპუბლიკელებიდან”, რაც მისთვის მიუღებელია. ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესი კარგად იცის, თუმცა პოლიტიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა, აქ სხვა კანონები მოქმედებს. ივანიშვილს უნდა ქვეყანა ისევე იმართებოდეს, როგორც ბიზნესი. ეს კი ორი სხვადასხვა რამეა და ასე მარტივად არ ხერხდება პარტიის და პოლიტიკის ერთნაირად მართვა.

- თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაცია, ამაზე განცხადება პრემიერმა და შს მინისტრმაც გააკეთეს.

- მარტივი სიტუაცია, საქართველოში არეულობა აწყობს ორ ძალას – “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას”. მათ უნდათ, რამენაირად საფრთხის მოლოდინი გააჩინონ მოსახლეობაში, რომ ხალხი მიიყვანონ არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტიო ამომრჩეველი, რომ მომავალი პარლამენტი იყოს ორ სუბიექტიანი, სადაც შევლენ “ნაციონალები” და “ოცნება”. როგორც ჩანს, მმართველი პარტიის ანალიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ასეთ ვითარებაში უფრო გაუადვილდებათ ქვეყნის მართვა. სამწუხაროდ, ყველაფერს მივყავართ არასწორი მიმართულებით. თუ მივიღებთ ორპარტიან პარლამენტს, დიდი ალბათობით, 2020 წელს ისევ მივიღებთ წინასაარჩევნო რევოლუციურ ვითარებას, როგორც ეს იყო 2012 წელს, 2008 და 2003 წლებში.

- ანუ, წელს, თქვენი აზრით, არჩევნები მშვიდად ჩაივლის?

- საზოგადოებაში არანაირი ხისტი განწყობა, დაპირისპირება აღარ არის, რაც იყო 2012 წელს. ჩნდება კითხვა – თუ ასეთი ბაზა თავად მოსახლეობაში არ არის, რა არეულობაზე შეიძლება იყოს საუბარი?! აქედან გამომდინარე, არანაირი არეულობა არ იქნება. რაც უნდა დაგეგმონ, თუ ბაზა არ იქნა, ამას ვერ გააკეთებენ. თუ სახელმწიფო გადატრიალებზეა საუბარი, როდესაც ჯარმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაშინ ეს სხვა საკითხია.

2012 წელს არჩევნების სხვაგვარი შედეგი რომ დადებულიყო, მთელი საქართველო ქუჩაში გამოვიდოდა. დღეს კი ქვეყანაში არჩევნები რომ ახლოვდება, საერთოდ არ იგრძნობა. ამიტომ ახლა არეულობაზე ლაპარაკი ზედმეტია. დესტაბილიზაცია სახიფათო და მოსალოდნელი მაშინ არის, როცა მოსახლეობა მხარს უჭერს. ეს უკვე ბაზაა და, როცა ეს არ არის, მაშინ არეულობა არ გამოვა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ სცადა რუსთაველზე აქციების აგორება სხვადასხვა მოტივით, თუმცა ვერ გააკეთა, რადგან მას მოსახლეობაში მხარდაჭერა არ აქვს.

- კორცხელის მსგავსი ინციდენტების განმეორეობის საფრთხე თუ არსებობს?

- კორცხელის მსგავსი ინციდენტები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ყველა ქვეყანაში ხდება ასეთი ფაქტი. აგერ, კარს მოგვადგა არჩევნები და ჯერჯერობით ასეთი ინციდენტები არ ჩანს. შეიძლება ვიღაცას თავში უტრიალებს ამის გაკეთება, მაგრამ რეალიზების ბაზა არ არსებობს.

- „თავისუფალი დემოკრატების” 270-მა წევრმა ორი დღის წინ პარტია დატოვა. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ცოტა ხნის წინ პაატა ბურჭულაძის პარტიაც. თქვენი აზრით, ოპოზიციაში ასე მასობრივი გადაადგილება-გადმოადგილება რასთან არის დაკავშირებული?

- ეს ქართული პოლიტიკის ჩვეულებრივი თანმდევი პროცესია. როგორც ჩანს, მიიღეს უკეთესი შემოთავაზებები. დღეს რომ ვთქვათ სახელმწიფოში რეპრესიული აპარატი მუშაობს-თქო, ასე არ არის, ასეთი რამ არ ჩანს. რეპრესიას უნდა მომზადება, მანქანა უნდა იყოს აწყობილი, ხელისუფლებას კი ასეთი მანქანა ნამდვილად არ ჰყავს. უფრო მარტივადა საქმე – ზეწოლაზე კი არა შეთავაზებაზეა საუბარი. ადამიანები აკეთებენ არჩევანს იმის მიხედვით, ვინ რას სთავაზობს.

- თუმცა ამან გარკვეული თვალსაზრისით მასობრივი ხასიათი მიიღო…

- პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით ვითარება სხვაგვარადაა. ის, რაც ხდება იმ კოალიაციაში, ორივე ძალას – “ნაციონალურ მოძრაობასაც” და “ქართულ ოცნებსაც” აწყობს. ორივე ცდილობს დაიბრუნოს თავის ხმები. ასეთი ფაქტები იქნება იმიტომ, რომ ქვეყანაში არაფერი არ არის მოწესრიგებული. ზოგადად კი გადაბირებები, მოწინაღმდეგე პარტიის წევრის გადმოყვანა მიღებული და გავრცელებულია. ამაში რაიმე კრიმინალი არ არის.

პრობლემა ჩნდება მაშინ, თუ ხდება დაშანტაჟება. არ მგონია, ამდენი ადამიანის დაშანტაჟება სახელმწიფომ მოახერხოს. ამიტომ მგონია, რომ ცალკეული შემთხვევები იქნება და ამას გამოიყენებენ პიარისთვისაც. 3 დღის წინ თავად ივანიშვილი ამბობდა, როგორ ცდილობდა დავით ბაქრაძის გადმობირებას. რა თქმა უნდა, ასეთი რაღაც გაგრძელდება და იქნება ყოველთვის. თუ პარტიას არ ჰყავს ისეთი ჯგუფი, რომელიც მყარადაა ჩამოყალიბებული თავის პოზიციაში, რა თქმა უნდა, მოხდება ასეთი ფაქტები. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო იწყებს სხვა პარტიების წევრებისა და პოლიტიკური ფიგურების დატერორებას.  ასეთი ტერორი დღეს საქართველოში ნამდვილად არ არის.

- რას ფიქრობთ ბურჭულაძის და გვარამიას საუბრის ფარულ ჩანაწერზე, თქვენი აზრით, ქვეყანაში ფარული მოსმენები გრძელდება?

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ამ ჩანაწერის გამოქვეყნება ხელს აძლევს როგორც “ქართულ ოცნებას”, ისე “ნაციონალურ მოძრაობას”.

პაატა ბურჭულაძის ელექტორატი შედგება ორი კატეგორიის ამომრჩევლისგან: პირველი, რომელიც წამოჰყვა გირჩს, ვაშაძეს და სხვას; მეორე კატეგორია – ეს არის ის ამომრჩეველი, რომელმაც “ქართული ოცნებისგან” ვერ მიიღო ის, რასაც ელოდა. მოკლედ, იმედგაცრუებულია “ოცნებისგან” და ეძებს ახალ ძალას. ასე რომ, თუ “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ პარლამენტში ჰქონდეს იმდენი მანდატი, რასაც ამბობს ივანიშვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სია ორად უნდა გაიყოს, ანუ, მესამე პარტია იქ ვერ უნდა მოხვდეს. ამ ჩანაწერით “გირჩის” და ვაშაძის მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ პარტიას ივანიშვილი აფინანსებს და ესენი იმათკენ მიდიან და ცხადია, ეს ამომრჩეველი უკვე შორდება “გირჩს”. “ქართული ოცნების” ამომრჩეველს კი, რომელსაც ჰგონია, რომ ბურჭულაძე “ნაციონალი” არ არის, ეუბნებიან, რომ – კი, არის. ანუ, დარტყმა არის ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც.

შეთქმულებას არ ვგულისხმობ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ორი ძალის ინტერესშია მესამე ძალა პარლამენტში არ გავიდეს. შესაბამისად, ორივე ძალას აწყობს ის, რაც ხდება ბურჭულაძის და არა მარტო მისი – ზოგადად მთელი ოპოზიციის გარშემო. დაახლოებით ეს სტრატეგიაა, რასაც ლაპარაკობს ივანიშვილი ამ შეხვედრებზე.

სხვათა შორის მას პარტიებზე უნდოდა ლაპარაკის დაწყება აჭარის ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს და რამდენჯერმე გაიმეორა – რატომ არ მეკითხებითო და ბოლოს ვიღაცამ ჰკითხა. ივანიშვილის თქმით, ორი-სამი პარტია მეც მინდა, რომ იყოს, მაგრამ არ არისო. ანუ, ამბობს იმას, რომ სხვა ძალა არ არის.

- თუმცა არ ცდილობს “პატრიოტა ალიანსის” ჩაძირვას და ეს არ მოიაზრება “მესამე ძალად”?

- არის თუ არა ეს კოალიაცია მესამე ძალა, არავინ იცის. მე ვსაუბრობ, თუ რა სცენარით ვითარდება არჩევნები, თორემ რა იქნება არავინ არ იცის.

- და თქვენი აზრით, ეს ორმხრივი შეტევა როგორ იმოქმედებს ბურჭულაძის რეიტინგზე?

- მესამე ე.წ ოპოზიციური ძალის სტატუსის მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ, საკმაოდ მასირებული შტურმი იყო. ფაქტობრივად ამ გუნდს ჰქონდა შანსი, ბარიერი გადაელახა, მაგრამ ახლა იმდენი ადამიანი დაკარგა, რომ მე მგონი, საფუძვლიანად შეერყა ვითარება.

- 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლებს ორი კერძო კომპანია გამოაქვეყნებს. რომელზედაც უკვე არსებობს ვარაუდი, რომ მკვეთრად განსხვავებული მონაცემები დაიდება. თქვენი აზრით, ეს “ეგზიტპოლების ომი” გამოიწვევს თუ არა გარკვეულ ვნებათაღელვას?

- არჩევნების დღეს არაფერი მოხდება, რაც შეეხება მეორე დღეს – რა მოგახსენოთ… მე მგონი, ორივე დადებს ერთმანეთის საწინააღმდეგო რეზულტატს, მაგრამ ამაზე იმდენი ლაპარაკი იქნება არჩევნებამდე, რომ ისევ და ისევ პარტიის აქტივისტები თუ გამოვლენ და თუ დასცხებენ ქუჩაში, თორემ სხვა, არ მგონია, ამან რამე შედეგი მოიტანოს. ოთხი ტელევიზიის მიერ ერთად ჩატარებული ეგზიტპოლი არის კონტრსვლა იმაზე, რის გაკეთებას გეგმავდა და აკეთებდა “ნაციონალური მოძრაობა” – მარტო თვითონ ჩაატარებდა ეგზიტპოლებს და სივრცე იქნებოდა მხოლოდ მასზე. ამიტომ “ქართულმა ოცნებამ” გადადგა შემხვედრი ნაბიჯი და ატარებენ ეგიზიტპოლებს. ახლა ორივე რომ გამოქვეყნდება, ვისაც ვისი სჯერა, იმას დაუჯერებს. ამიტომ აქ აჟიოტაჟი არ იქნება. შემდეგ გამოქვეყნდება არჩევნების შედეგებიც და ვნახავთ, რომელი ეგზიტპოლი უფრო ახლოს იდგა რეალობასთან.

დაპირისპირებას და ამისთვის მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანას, რა თქმა უნდა, არ ველოდები.

- უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 11 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ. რა მოლოდინი გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- დიდი ალბათობით ყველაფერი იქნება კარგად და მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას. ფაქტობრივად, დარწმუნებული ვარ ამაში, ჩემი აზრით, ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია.

„რეზონანსი“, 16 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ბევრისგან განსხვავებით, ეროვნული ფორუმი კოალიციიდან არავის გამოუგდია

ეკატერინე ბასილაია

“სამწუხაროა, რომ “ოცნება” ყოველდღიურად სახეს კარგავს და “ნაციონალურ მოძრაობას” ემსგავსება პრიმიტიული დაშინებებით და შანტაჟით. საქართველოში პოლიტიკური პროცესები 8 ოქტომბერს არ მთავრდება. “ქართული ოცნება” ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რომ 8 ოქტომბერს ბევრი რამ არ წააგოს. მაგალითად ის, რომ ახალი პოლიტიკური პროცესები არ დაიწყოს.

“ფანტასტიკის სფეროა ის, რომ ისინი უმრავლესობას მოიპოვებენ. უნდა შეეგუონ იმას, რომ პარლამენტში რამდენიმე პარტია შევა და მათ კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევთ. თუ ისინი შეეცდებიან უხეში ჩარევებით ეს მოცემულობა შეცვალონ, მაშინ ზუსტად მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ასევე უხეში ჩარევით მოხდება მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილება,” – აცხადებს “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარობის კანდიდიატი ჭიათურაში ანი მიროტაძე, რომელიც ამბობს იმასაც, რომ “ფორუმი” ერთადერთი პარტიია, რომელიც კოალიციიდან არავის გაუგდია, ისინი თავისი ნებით წავიდნენ, რადგან არაფორმალური მმართველობა მიუღებელი იყო.

ამბობს, რომ კოალიციაში არანაირი “ფავორიტიზმი” არ ყოფილა და პარტიები ფავორიტობაში საკუთარ თავს უფრო აჯერებდნენ. იყო ეჭვიანობები, მაგრამ ამ პროცესში “ეროვნული ფორუმი” არ მონაწილეობდა.

- წინასაარჩევნო მარათონი ყველაზე ცხელ ფაზაშია და “ეროვნული ფორუმი” რატომღაც არსად ჩანს, არც ტელედებატებში აქტიურობთ და არც საარჩევნო კლიპია ტელეეთერში. რატომ?

- თუ მეკითხებით იმას, დებატებზე უარს ვაცხადებთ თუ არა, რა თქმა უნდა,  არა. როგორც გვეძახიან, ისე ვართ წარმოდგენილი. სხვა საკითხია ტელეკომპანიებს რა ვიწრო პოლიტიკა აქვთ და ვის როგორ წარმოუდგენია წინასაარჩევნოდ რომელი პოლიტიკური ძალა გამოაჩინონ აქტიურად. ჩვენ სარედაქციო პოლიტიკაში ვერ ჩავერევით. პირადად მე რეგიონში ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი და თბილისში ხშირად ჩამოსვლას ვერ ვახერხებ.

რაც შეეხება სარეკლამო რგოლს, ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და უახლოეს დღეებში ყველა სატელევიზიო სივრცეში ის აუცილებლად გამოჩნდება.

გარდა ამისა, გვაქვს სტრატეგია, რომ მაყურებელს სარეკლამო რგოლებით თავი ძალიან არ მოვაბეზროთ და ბოლო სამი კვირის განმავლობაში რეკლამის გასვლა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ადამიანებმა არჩევანი სწორად გააკეთონ.

- თავად ექსპრემიერმა ივანიშვილმაც კი ამ კონტექსტში ახსენა თქვენი პარტია – არსად ჩანან და მათი ამბავი გაუგებარიაო. ერთადერთი განცხადება ვნახე, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი იძახდა, ბიძინა უნდა დამთავრდეს პოლიტიკაშიო. თქვენც ასე ფიქრობთ, რომ “ფორუმისთვის” ივანიშვილის “დამთავრებაა” მთავარი მიზანი?

- ეს გამოსვლა არ მომისმენია და გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება. ის, რომ ყოველდღე ტელევიზორში არ ვზივართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ “ფორუმი” არ ჩანს. ჩვენ ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები, ვხვდებით მოსახლეობას. ყველას მინდა ვურჩიო, ბევრად უფრო პროდუქტიულია გახვიდე ხალხთან და საკუთარ მოსახლეობას ელაპარაკო. გადით, ბატონებო, ხალხში, სხვანაირად ლაპარაკობს საქართველოს მოსახლეობა, სხვანაირად ფიქრობს და სხვანაირად იმედგაცრუებულია. ისე არ არის, რომ თბილისიდან ითვლიან მანდატებს. ნუ დაითვლიან თბილისიდან მანდატებს, იმიტომ, რომ ეს ციფრი ცუდად მოჩანს რაიონებში.

- ყველა კვლევაში “ეროვნულ ფორუმს” რეიტინგი საერთოდ არ აქვს და თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რამდენად შეძლებთ მაჟორიტარებად გასვლას ან პარტია გადალახავს ბარიერს?

- მე ჭიათურაში ვარ და მხოლოდ გამარჯვებას ვაპირებ. სხვა ალტერნატივას არ განვიხილავ. ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რომ გაყალბებას არც შეეცადოს იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ. ასევე ჩვენი გუნდის ბევრი სხვა წევრიც გავა. ბარიერის გადალახვის პრობლემა პარტიას არ აქვს.

- როგორი წინასაარჩევნო გარემოა, არის დაშინებები და წნეხი?

- მაგალითად, ახლა სოფლებში დაიწყეს გზების დაგება, რაც ჩვეულებრივი მოსყიდვაა. თუ გზების დაგება სურდათ, სად იყვნენ აქამდე?! ყველანაირად ცდილობენ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ და როგორღაც მოიპოვონ ამომრჩევლის ნდობა. გარდა ამისა, განსაკუთრებით სოფლებში, რწმუნებულებისა და მათი წარმომადგენლები მხრიდან არის მაქსიმალური კონტროლი, თუკი სადმე ვინმე ადმინისტრაციულ ორგანოშია დასაქმებული, ბაღში, სკოლაში, მნიშვნელობა არ აქვს რა პოზიციაზე, მათზე მიდის ზეწოლები. ამის უამრავი ფაქტია და ამაზე პირადად მე სულ ვსაუბრობ. ალბათ ეს მარტო აქ არ ხდება, ეს ვერანაირად ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას. ხალხმა ზუსტად იცის, არჩევანი როგორ გააკეთოს. თუმცა ძალიან სამწუხარო ისაა, რომ “ქართული ოცნება” ძალიან ემსგავსება “ნაციონალურ მოძრაობას”.

- რითი ემსგავსება?

- მეთოდებით. იგივე კორცხელში ქვების სროლა არ გახსოვთ? ქვების სროლა, ამომრჩეველზე ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო სივრცეში დასაქმებულ პირებზე მუქარებს, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურს და შესაბამისად ეს ადამიანები ოპოზიციური პარტიების შეხვედრებზეც კი ვერ დადიან. ან სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან. ათას ძალიან პრიმიტიულ, ჩამორჩენილ მეთოდებს იყენებენ, ისეთს, რომელსაც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობა” იყენებდა და ეს ძალიან სამწუხაროა. თუმცა არც მიკვირს იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებაში” დღეს ძალიან ბევრი ე.წ. პორტირებული “ნაცია”. ამ ადამიანებმა არჩევნების სამართლიანად მოგების უკეთესი გზა არ იციან და რაც უნახავთ, იმას აკეთებენ.

სამწუხაროა, რომ “ოცნება” ყოველდღიურად სახეს კარგავს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. საქართველოში პოლიტიკური პროცესები 8 ოქტომბერს არ მთავრდება. “ქართული ოცნება” ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რომ 8 ოქტომბერს ბევრი რამ არ წააგოს. მაგალითად ის, რომ ახალი პოლიტიკური პროცესები არ დაიწყოს. ფანტასტიკის სფეროა ის, რომ ისინი უმრავლესობას მოიპოვებენ. უნდა შეეგუონ იმას, რომ პარლამენტში რამდენიმე პარტია შევა და მათ კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევთ. თუ ისინი შეეცდებიან უხეში ჩარევებით ეს მოცემულობა შეცვალონ, მაშინ ზუსტად მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ასევე უხეში ჩარევით მოხდება მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილება.

იმიტომ, რომ ხალხი არ ფიქრობს ისე, როგორც ფიქრობენ ისინი. ადამიანებს ელემენტარული არსებობის და თავის გადარჩენის პრობლემა აქვთ. გადმოვიდნენ საკუთარი ჯიპებიდან და მოსახლეობას მხოლოდ დაგებულ გზებზე ნუ ელაპარაკებიან. მათ ხალხის ხმა არ ესმით, ჩამოვიდნენ და ვაჩვენებ, როგორი მონური შრომაა ჭიათურაში. მერე მიხვდებიან რამდენად რთულადაა საქმე.

- ჭიათურაში ეს მონური შრომა მაშინაც იყო, როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

- მე გადაწყვეტილების მიმღები არ ვიყავი, მხოლოდ ერთი რიგითი დეპუტატი და ხშირ შემთხვევაში თუ ვინმე რამეს აპროტესტებდა, მე იმ ადამიანებს შორის ვიყავი და ასე ვაპირებ გაგრძელებას. თუკი უმრავლესობა ვინმეს ხმის ჩახშობას ცდილობდა, მე ვიყავი და ჩემი პოზიციის შეცვლა როცა უნდოდათ, არ გამოსდიოდათ. მეტი სხვა რა უნდა მექნა, არ ვიცი. შესაძლოა იყო სხვა გზები, არ ვიცი. იყო რაღაცეები, რაც მომწონდა და რაც არ მომწონდა, თუმცა მაშინ ველოდებოდი, რომ იქნებ რაღაც უკეთესობისკენ შეცვლილიყო.

მინდა ერთი რამ გითხრათ, სხვებისგან და ბევრისგან განსხვავებით, “ეროვნული ფორუმი” კოალიციიდან არავის გამოუგდია და არც კარი გამოგვიჯახუნებია. ზოგადად არაფორმალური მმართველობა სახელმწიფოს საფუძვლებს ანგრევს და მიუღებელია. ამიტომ მივიღეთ წამოსვლის გადაწყვეტილება.

- არაფორმალური მმართველობა ერთი წლის წინათაც იყო და 2 წლის წინათაც. მაშინ რატომ არ ამბობდით, რომ “ივანიშვილი უნდა დამთავრდეს” და რატომ არ დატოვეთ კოალიცია?

- მე არც ივანიშვილის გამონათქვამი მომისმენია და არც ის ვიცი, ეს ჩვენი გუნდიდან ვინ თქვა. ივანიშვილი იყო მიუღებელი კი არა, არაფორმალური მმართველობაა მიუღებელი და ეს განსხვავდება ერთმანეთისგან. იმასაც გეტყვით, როდის გავაპროტესტეთ ეს – როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი ისე გადადგა და მხოლოდ ოჯახის წევრებს მოუხადა მადლობა და დანარჩენმა სამყარომ ვერ გაიგო, რატომ გადადგა. ეს ისე ხომ არ არის, მომინდა და წავედი?! იმის ვალდებულება გაქვს, კომენტარი გააკეთო, თუ რატომ მიდიხარ.

“მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, დავიღალე და უნდა დავისვენო” – ეს არასერიოზული განცხადებაა და უკავშირდება არაფორმალურ მმართველობას, რაც არის ცუდი. ამის შემდეგ ჩვენ დავაანონსეთ, რომ ყრილობას ველოდებოდით და გადაწყვეტილებას გამოვაცხადებდით.  გუბაზ სანიკიძე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან არაფორმალურ მმართველობაზე ილაპარაკა. ასევე მე გავაპროტესტე და სამარცხვინო ვუწოდე მურუსიძის გაპირველკაცებას.

- ივანიშვილისა და “რესპუბლიკელების” ბოლოდროინდელ დაპირისპირებას რას უკავშირებთ, გვახსოვს ადრე ივანიშვილი ხშირად აქებდა უსუფაშვილს…

- ვერაფერს გეტყვით. ვიცი ის, თავის დროზე როგორ ითვლიდნენ პირველ მეორეზე “ქართული ოცნება” და “რესპუბლიკური პარტია”. მათ შეუძლიათ დარჩნენ ამავე რეჟიმში და არკვიონ ვინ პირველია და ვინ – მეორე, ვინ თავიდან პირველი და ვინ – ბოლოდან. ეს ჩვენი საქმე არ არის. სხვა პოლიტიკური სუბიექტების ერთმანეთთან დაპირისპირებაში ვერ ჩავერევით. თავის დროზე ივანიშვილს ირაკლი ალასანია არ მოსწონდა. ბოლო ხანებში, მგონი, მოსწონს. რის მიხედვით იცვლება ვინმეს პოლიტიკური გემოვნება ან რას შეიძლება უკავშირდებოდეს ურთიერთბრალდებები, არ ვიცი. ეტყობა, ორივე მხარეს რაღაც არგუმენტები აქვს. უსუფაშვილი რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად იხილებოდა, არ მსმენია. უფრო გამიგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე განიხილებოდა და ესეც კულუარებიდან ვიცი.

- კოალიციაში ყოფნისას იგრძნობდა ის, რომ უსუფაშვილი და “რესპუბლიკური პარტია” ივანიშვილის ფავორიტი იყო?

- არანაირი ფავორიტიზმი იქ არ ყოფილა. ივანიშვილის პარტია იყო “ქართული ოცნება”. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ პარტიები ფავორიტობაში საკუთარ თავს უფრო აჯერებდნენ. იყო ეჭვიანობები, მაგრამ ამ პროცესში “ეროვნული ფორუმი” არ მონაწილეობდა.

- 2012 წლის კოალიციიდან პარლამენტში მოხვედრის შანსი, თქვენი აზრით, ვის აქვს?

- კომენტარს ვერ გავაკეთებ. არჩევნებამდე დარჩენილია ყველაზე ცხელი და ყველაზე უპროგნოზო 23 დღე. გასაგები რომ იყოს, მაგალითად, თვენახევრის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდებოდა. დღეს არსებობს და ისიც არ ვიცი, როგორი იქნება მათი საარჩევნო შედეგი – რას დაიჯერებს და რას არ დაიჯერებს ამომრჩეველი. ამიტომ პროგნოზი ძალიან რთულია.

“ეროვნული ფორუმი” მზად არის პარლამენტში კოალიციაში შემავალ სუბიექტებთან კოალიციურ რეჟიმში თემატურად ითანამშრომლოს. გაჯიუტების დრო არ არის. “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია და მათთან ნებისმიერ თანამშრომლობას გამოვრიცხავთ. “ეროვნულმა ფორუმმა” იცის, რა სჭირდება ქვეყანას, რა არის ჩვენი ქვეყნის ძირითადი როლი, ფუნქცია და რა არის ეროვნული სახელმწიფოს იდეა. ჩვენ ვმუშაობთ ამისთვის. თუ ეს ადამიანები ჩვენი პარტნიორები იქნებიან, ჩვენ მზად ვართ ამ იდეაში გავყვეთ.

-პაატა ბურჭულაძესთან კითხვის ნიშნები გაჩნდაო, ამბობთ და თქვენ რა კითხვა გაგიჩნდათ – ეს ბლოკი “ნაციონალების” პროექტია, როგორც ივანიშვილი ამბობს, თუ “ოცნების”, როგორც “ნაციონალები” აცხადებენ?

- მე, რასაკვირველია, ჩემი მოსაზრებები მაქვს. ცოტა უფრო განსხვავებული, ცოტა უფრო მრავალწახნაგოვანი. მგონია, რომ ამ პროცესში – “პროექტ ბურჭულაძეში” სხვადასხვა ეტაპებზე ჩართული იყო როგორც “ნაციონალური მოძრაობა”, ისე “ქართული ოცნება”. ახლა, როგორც ჩანს, იქ დიდი პოლიტიკური ქაოსი მიდის. ეს ქაოსი აუცილებლად ამოიტანს ზემოთ იმას, რაც რეალურად იყო.

სხვა ვერაფერს ვიტყვი, ჩვენ ამისთვის არ გვცალია. ზოგადად ვიცი ის, რომ ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა მოტყუვდეს და არც  მოტყუვდება იმიტომ, რომ ის ძალიან გაიზარდა.

- რა იქნება თქვენი წინასაარჩევნო კლიპის მთავარი მესიჯი?

- ძირითადი სულისკვეთება იქნება ის, თუ რა არის ეროვნული სახელმწიფოს იდეა. დაპირებები კი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისედაც უხვად არის.

„რეზონანსი“, 16 სექტემბერი, 2016 წელი

ვისი წინასაარჩევნო რეკლამაა ყველაზე ეფექტური // პიარის სპეციალისტთა შეფასებით, ყველა პარტიას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები ჰყავს და პრაქტიკულად სხვაზე არც “მუშაობენ”

ლიკა გურაბანიძე

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სულ 14 პარტია მონაწილეობს. ყველა მათგანს თავისი წინასაარჩევნო რეკლამა აქვს და არჩევნებამდე სულ 22 დღეა დარჩენილი. “რეზონანსთან” საუბრისას პიარის სპეციალისტები წინასაარჩევნო რეკლამებთან დაკავშირებით არაერთგვაროვან მოსაზრებებს აფიქსირებენ, თუმცა ერთ საკითხზე თანხმდებიან – რომ ყველა პარტიას კონკრეტული ამომრჩეველი ჰყავს და მათი რეკლამაც სწორედ ამ ამომრჩეველზეა გათვლილი.

პოლიტიკური რეკლამა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტია. მისი მიზანია გარკვეული პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პლატფორმის არსი გადმოსცეს მისაწვდომი ემოციური, ლაკონური, ორიგინალური და ადვილად დასამახსოვრებელი ფორმით, განაწყოს ამომრჩეველი მის მხარდასაჭერად, შექმნას ფსიქოლოგიური განწყობა, რაც განაპირობებს გრძნობების სიმპათიების მიმართულებას და შემდეგ ადამიანის მოქმედებასაც.

პიარის სპეციალისტების აზრით, პოლიტიკური რეკლამის შინაარსის განსაზღვრისას აუცილებელია რეკლამის დამკვეთმა დაიცვას შემდეგი ძირითადი პრინციპები: რეკლამა მიზნად უნდა ისახავდეს საარჩევნო სუბიექტის არჩევნისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას; რეკლამაში ნაჩვენები უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი; რეკლამა უნდა შეიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს.

პოლიტიკური რეკლამისთვის სავალდებულოა სამივე პუნქტში გაწერილი პრინციპების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარეკლამო რგოლი პოლიტიკურ რეკლამად არ ჩაითვლება.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ჩვენთან რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასა და მათ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლებზე საუბრობს. მისი თქმით, რეკლამაში თითქმის ყვლა პარტიას აქვს დაშვებული შეცდომა.

“ახლანდელი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამებიდან მომგებიანი არც ერთი რეკლამა არაა. მე რამდენიმე პარტიაზე ვისაუბრებ. ქართული ოცნების” სარეკლამო რგოლი შემოქმედებითად საინტერესოა, მაგრამ მას ახალი მოზიდვების შესაძლებლობა არ გააჩნია.

“ლეიბორისტული პარტიის” შემთხვევაში ისინი დაპირებების ნუსხით თითქოს კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებს ეხებიან, მაგრამ იმდენად ილუზიური სამყაროა წარმოდგენილი, რომ ვეჭვობ, მას ამომრჩეველზე გარკვეული ზეგავლენა ჰქონდეს.

“თავისუფალი დემოკრატების” შემთხვევაში მეგონა, რომ ამ რეკლამას შეცვლიდნენ, რადგან მას სპეციალისტების მხრიდან უარყოფითი რეაგირება მოჰყვა. ეს ერთგვარი დოკუმენტური რეკლამაა. რაც შეეხება ერთი და იგივე რეკლამის მუდმივად დატრიალებას, ეს ე.წ. აგრესიული მარკეტინგის პრინციპია, ანუ ჩაუჭედო ტვინში ადამიანს კონკრეტული მოვლენა და შესაბმისად დაამახსოვრებინო, თუმცა ამან სხვა შემთხვევაში შეიძლება მობეზრება გამოიწვიოს”, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

მან ყურადღება “პატრიოტთა ალიანსისა”და “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” რეკლამზეც გაამახვილა.

“პატრიოტთა ალიანსის” რეკლამაში ვრცელი მონოლოგებია, რომელიც არააღქმადია, მას გამომსახველობითი მრავალფეროვნება აკლია. აღარ ვსაუბრობ მის შინაარსობრივ დატვირთვაზე. ეს, რა თქმა უნდა, პარტიისთვის წამგებიანია.

„ნინო ბურჯანაძემ თავის რეკლამაში გარკვეული მიქსი გააკეთა. მან აჩვენა ის, თუ რა მიღწევები ჰქონდა პროფესიულ ცხოვრებაში. იგი რეკლამაში პუტინის ჩვენებით პრორუსულად განწყობილი ამომრჩევლის ყურადღების მიქცევას ცდილობს, თუმცა ბურჯანაძე ხედავს, რომ ამ ბაზარზე კონკურენცია დიდია. იგი ასევე ხედავს, რომ პრორუსული ადამიანების ხმებზე ბევრი პოლიტიკური სუბიექტი ნადირობს, ამიტომ მან რეკლამაში საერთაშორისო კონტაქტებიც გვიჩვენა”, – განუცხადა “რეზონანსს” არჩილ გამზარდიამ.

პიარის სპეციალისტი სოსო გალუმაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი. გალუმაშვილი სარეკლამო კომუნიკაციების ინტეგრირებაზეც საუბრობს.

“არ შეიძლება დაყო რომელია მომგებიანი და რომელი წამგებიანი პოლიტიკური რეკლამა, რადგან ამაში დიდი შრომაა ჩადებული. ყველა ის რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნოდაა წარმოდგენილი, კონკრეტულ ამომრჩეველზეა გათვლილი და ამ ამომრჩევლის მოზიდვას ემსახურება. ჩვენ შესაძლოა რომელიმე პოლიტიკური კლიპი არ მოგვეწონოს, მაგრამ ამ შემთხვევაში სამიზნე ჯგუფი ჩვენ არ ვიყოთ. სარეკლამო კომუნიკაციების ინტეგრირება უნდა მოხდეს და შემდგომ ეს ამომრჩეველს კომპლექსურად იეწოდოს. მაგალითად, სატელევიზიო კომუნიკაციები, სოციალური მედია, საგაზეთო პუბლიკაციები და გარე რეკლამები უნდა გაერთიანდეს.

“ამის ცალ-ცალკე განხილას აბსოლუტურად აზრი არ აქვს. უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს ერთი მეორეს დამატება და გაგრძელებაა”, – განაცხადა გალუმაშვილმა.

სპეციალისტი ჩვენთან რამდენიმე პარტიის წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლს განიხილავს. “მაგალითად, “თავისუფალი დემოკრატების” შემთხვევას თუ განვიხილავთ, რეკლამის ინტენსივობის კონტროლსა და მის გადახალისებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ რეკლამის ვიზუალი ლაქა ხდება და მას ახალი ინსპირაცია სჭირდება. ერთი და იგივე ვიდეორგოლის ასეთი ხანგრძლივობით გაშვება კონტრ-პროდუქტიულია და ასეთი რეკლამა მაყურებელს სამი კვირიდან ერთ თვემდე ჰბეზრდება. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, ეს გარკვეული სტრატეგიაა. ანუ, ისინი დათმობილი დროით სარგებლობენ და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე საუბრობენ.

“ნინო ბუირჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” შემთხვევაში ვიდეორგოლში პუტინის ჩვენება ვიღაცისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ხოლო ვიღაცისთვის – მისაღები. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ პარტიებს მათი ამომრჩევლის ტიპაჟი კონკრეტულად აქვთ შესწავლილი და მათზეა მორგებული ვიზუალური თუ ვერბალური მხარე”, – აღნიშნა სოსო გალუმაშვილმა.

———————

ახალი თაობა“, 16 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან: „ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობა გაბერილია“ // „კარგი იქნება, თუ მომავალ პარლამენტში რამდენიმე ძალა მოხვდება

საარჩევნო სუბიექტების სიმრავლის მიუხედავად, ყველა გამოკითხვით, ისევ დიდია ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობა. პარლამენტის უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია „ახალ თაობასთან“ საუბარში აცხადებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა გაბერილია.

ნუკრი ქანთარია:

- დასახელებული ციფრები არ ასახავს სინამდვილეს. შეიძლება ადამიანმა გამოკითხვისას არ აღიაროს, ვის უჭერს მხარს ან გაკეთებული აქვს თუ არა არჩევანი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. ბუნებრივია, ჩამოუყალიბებელი მოქალაქეებიც არიან, მაგრამ, არა მგონია, მათი რიცხვი კრიტიკულ ზღვარს აღწევდეს. მათი რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამას გამოკითხვები აჩვენებს. გადაუწყვეტელი მოქალაქეების ნაწილი „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს.

- მათ შორის ბევრი იმედგაცრუებული მოქალაქეა.

- ამას არავინ უარყოფს. ზოგს გული გაუტყდა იმის გამო, რომ გაუმჯობესება და კეთილდღეობა პირადად მას არ შეხებია. მაგალითად, მას არ უგრძნია სიკეთე დაგებული გზის გამო და არ დასჭირვებია უფასო საყოველთაო ჯანდაცვა. ასეთი ადამიანი უკმაყოფილო და ჩამოუყალიბებელია, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ის ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ ალტერნატივას. ადრე ალტერნატივად მოიაზრებდნენ პაატა ბურჭულაძესა და მის პარტიას. ახლა ამაზე საუბარი ზედმეტია.

- საით წავა ხმები, რომელიც ბურჭულაძეს უკვე დააკლდა?

-ალბათ, ხმების ნაწილი წამოვა „ქართული ოცნებისკენ“. ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ალტერნატივას ბურჭულაძეში ხედავდნენ, ისევ თავიანთ ადრინდელ პოლიტიკურ სიმპათიებს დაუბრუნდებიან. მითი იმის შესახებ, რომ ბურჭულაძე მხსნელი და ლეგენდაა, გარკვეული ხნის წინ დაიმსხვრა. ბურჭულაძის გაერთიანებამ ნაცმოძრაობის ხმებიც გაყო. ახლა მას ეს ამომრჩეველიც მოაკლდა.

- მომავალი პარლამენტი ორპარტიული ხომ არ იქნება?

- არა მგონია. უმრავლესობას მოიპოვებს „ქართული ოცნება“. არ იქნება კარგი, თუ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ გარდა, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა იქნება წარმოდგენილი. ამისათვის პარტიებმა უფრო უნდა იაქტიურონ და მეტი პოზიტივი შესთავაზონ ამომრჩეველს.

- რას ნიშნავს მეტი პოზიტივი?

- პარტიები, მათ შორის, ჩვენი განაყოფები, თავიანთ კამპანიას ნეგატივსა და აგრესიაზე აგებენ. ისინი განსაკუთრებით ენამწარეები და მჭევრმეტყველები გახდნენ „ქართული ოცნების“ კრიტიკისას. ამით უნდათ ხმების მოგროვება. ჯობია, უფრო საქმიანები იყვნენ. თუ პარტიები სწორად იმოქმედებენ, მომავალ პარლამენტში რამდენიმე ფრაქცია შეიქმნება. ეს კარგი იქნება ქვეყნისათვის.

- მრავალპარტიულ პარლამენტსა და კოალიციურ მთავრობას თქვენი ზოგიერთი თანაპარტიელი არ იწონებს, მაგალითად, კახა კალაძე...

- მივესალმები მრავალპარტიულ პარლამენტს, მაგრამ არა კოალიციურ მთავრობას. საქართველოში კოალიციური მთავრობა მომავლის საქმეა. მანამდე გარკვეული ცვლილებები უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე ის ქვეყანას არ გამოადგება და შეიძლება, კრიზისამდე მიგვიყვანოს. ამ საკითხში ჩემს კოლეგებს ვეთანხმები.

- იმედი გაქვთ, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ნდობას დაიმსახურებთ. ექსპერტი გია ხუხაშვილი გამორიცხავს, რომ ამ კატეგორიის ხალხის ხმები `ოცნებისკენ~ წამოვიდეს. მისი თქმით, ამ ამომრჩეველს ადრე ნაცმოძრაობაზე აუცრუვდა გული, შემდეგ კი - ქართულ ოცნებაზე“...

- ეს გია ხუხაშვილის პირადი აზრია. არანაირი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები ამ ორ პარტიაზე არიან განაწყენებული და „ქართული ოცნება“ ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს ვეღარასოდეს მიიზიდავს. ამ ადამიანების რაოდენობაც გაზვიადებულია.

- ოპონენტები ხელისუფლებას ისევ აკრიტიკებენ უკანონო მოსმენებისა და ფარული ჩანაწერების გამო...

- ამაზე ბრალდებები გაისმა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის. ხელისუფლებას ამ საუბრის გასაჯაროება არ გამოადგებოდა. რა გაირკვა ამ საუბრიდან აქედან ისეთი, რაც საზოგადოებამ მანამდე არ იცოდა? ბურჭულაძის რეიტინგი ისედაც დაცემული იყო. ხელისუფლებას ეს არაფერში სჭირდებოდა.

- საზოგადოებამ რა იცოდა?

- საუბრის ერთი მონაწილე ნაცმოძრაობის სატელიტია, მეორე – ნაცმოძრაობის ტელევიზიის გენდირექტორი. ეს ადრევე ყველასთვის იყო ცნობილი. გვარამიასა და ბურჭულაძის ურთიერთობა ვის უნდა გაჰკვირვებოდა? ამ ფირზე ნიკა გვარამია უფროსივით საუბრობს, პაატა ბურჭულაძე კი – მისი ხელქვეითივით. ამ ჩანაწერის გამოჩენა გახდა იმის საბაბი, რომ გვარამიასა და ნაცმოძრაობას დაეწყოთ ახალი კამპანია ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ თუ დავუჯერებთ, ქვეყანაში უკანონო მოსმენები ყოფილა. სინამდვილეში, უკანონოდ არავის უსმენენ. სანქცირებული მოსმენები ხდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონის თანახმად. ეს ჩანაწერი კარგად გამოიყენეს გვარამიამ და ხელისუფლების სხვა ოპონენტებმა. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ხელს აძლევდა ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტებს. ეს მოქმედება ძალიან ჰგავს ნაციონალური მოძრაობის ხელწერას. ახლა მთავარია, ნაციონალებმა წინასაარჩევნოდ და შემდეგაც არაფერი მოაწყონ.

- ამისათვის ხელისუფლება ზომებს იღებს.

- იყო სიგნალები იმის შესახებ, რომ ეს პარტია პროვოკაციებსა და არეულობას აპირებს. ამის გამო გაკეთდა პრევენციული განცხადებები. ჩვენ კანონითაც დავუშვით, რომ საჭიროების შემთხვევაში არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან პოლიციელებმა წესრიგი დაიცვან. ეს გადაწყვეტილება კორცხელის მოვლენების შემდეგ მივიღეთ, მოწოდებებიც გავაკეთეთ. მოვუწოდეთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსა და მათ მომხრეებს, არ მივიდნენ კონკურენტების წინასაარჩევნო შეხვედრებზე. ეს ინციდენტებს თავიდან აგვაცილებს.

- ეს ზომები შედეგს მოიტანს?

- უნდა მოიტანოს. დარწმუნებული ვარ, ნაციონალურ მოძრაობაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ სისხლისღვრა. არა მგონია, ისინი ოდესის ოლქიდან წამოსულ ყიჟინას აჰყვნენ და სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი ბრძანებები შეასრულონ.

ახალი თაობა“, 16 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან: „პაატა ბურჭულაძეს უნდა გადაეხედა, თუ ვის მიუსკუპდა გვერდით

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო გია, მოსალოდნელ პროვოკაციებზე, არეულობაზე, რომელზეც მმართველი ძალა საუბრობს, როგორია თქვენი პოზიცია, შეიძლება, არჩევნების წინ სიტუაცია მართლაც დაიძაბოს?

- ცალსახაა, რომ ხშირი განცხადებები შესაძლო არეულობასა და მოსალოდნელ პროვოკაციებზე სიტუაციას ძაბავს. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლაც აქვს ოპერატიული ინფორმაცია, როგორც გვეუბნებიან, მაშინ გამოავლინონ დამნაშავე და საკადრისადაც დასაჯონ. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გაკეთებულ განცხადებებს ემსგავსება, როდესაც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა იყო ქვეყნის პატრიოტი, დანარჩენი საქართველო კი – მოღალატე. დილიდან საღამომდე გვიკიჟინებდნენ, რომ ჩვენ ამ ქვეყნის დაქცევა გვინდა. ეს ხელისუფლება თუ თავის ავტორიტეტზე ზრუნავს, მაშინ გამოავლინოს დამნაშავე პირები და დასაჯოს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროცესი და აქ ყველაფერი ორმაგად არის დატვირთული. უტყუარი მტკიცებულებების გამოყენებით უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა, თუ, რასაკვირველია, ასეთები არიან. წინასწარი განცხადებები არეულობებსა და პროვოკაციებზე შიდა პოლიტიკურ პროცესებს ძალიან ძაბავს.

- პრემიერმა ახსენა, რომ მღებრიშვილს არ აქვს ვალდებულება, ოპერატიული ინფორმაცია გამოაქვეყნოს...

- მაშინ რას ნიშნავს იძახონ, „არის მოლოდინი“, „იქნება არეულობა“!

- თქვენ სრულად გამორიცხავთ რაიმე სახის პროვოკაციებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ?

- არა მგონია, რეალურად ამაზე ვინმე ფიქრობდეს, რადგან ეს იქნება ამ ძალის ბოლომდე განადგურება. ყოველ შემთხვევაში, თავისუფალი დემოკრატები მოწადინებულები ვართ, რომ მშვიდობიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და წინასაარჩევნო კამპანია. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ვინმე თუ ამას ფიქრობს, მაშინ მისი საქმე კარგად ვერ ყოფილა.

- ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერი აკონკრეტებს კიდეც, რომ შეიძლება ეს მოდიოდეს ნაციონალური მოძრაობისგან, მიხეილ სააკაშვილისგან...

- ეს ადამიანი პირადი გამორჩენის მიზნით მტრობს ქვეყანას და ყველაფერზეა წამსვლელი. მე ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, არა მგონია, ნაციონალურ მოძრაობას იმის თავი ჰქონდეს, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყოს, პოლიტიკური სიტუაცია დაძაბოს და შიდა პოლიტიკური რყევები გამოიწვიოს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამის არც საშუალება აქვს და არც თავი. თუ ამის თავიც და საშუალებაც აქვს და ამის შესახებ იცის მთავრობამ და არაფერს აკეთებს, მაშინ ეს მეორე დანაშაულია. ეს არის დანაშაულის დაფარვა და წახალისება.

- ხელისუფლება პრევენციაზე საუბრობს...

- ეს არ არის პრევენცია. დილიდან საღამომდე თუ გაიძახი მოსალოდნელ დანაშაულზე, მაგრამ არავის აკავებ, ეს პრევენცია არ არის. თუ ნაციონალური მოძრაობა აპირებს არეულობას და ამის მტკიცებულებები აქვთ, მაშინ ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს ეს ხალხი პოლიტიკურ ასპარეზს და დააკავოს. ეს ჩვენ მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, `ოცნების~ ლიდერებმა არ გააკეთეს. დღეს ეს ავაზაკები ოპოზიციაში არიან და ჩაგრულის მანტია კარგად აქვთ მორგებული. ამიტომ ვამბობ, რომ ფუჭი საუბარია და საზოგადოებისთვის ნერვების მოშლა, რომ ისინი რაღაცას აპირებენ, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს და მხოლოდ ლაპარაკობს.

- არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ფიქრობთ, რომ შეიძლება, უკანონო სატელეფონო საუბრები, ვიდეოჩანაწერები კიდევ გამოქვეყნდეს, როგორც ეს, მაგალითად, ბურჭულაძე-გვარამიას შემთხვევაში მოხდა?

- უკანონო მიყურადება, თვალთვალი, მერე ამის გამოქვეყნება რომ ხდება, ძველი ამბავია და ამაში სიახლე არაფერია. როგორც ჩანს, ამას ბოლო არ უჩანს. პროკურატურამ ეს უნდა გამოიძიოს და უნდა გავიგოთ სიმართლე, ვინ ჩაწერა ეს საუბარი _ ერთმა მხარემ, მეორემ თუ ვინ?! ასევე უნდა გავიგოთ, შემდეგ რა მიზნით გამოაქვეყნა. ეს რჩება ძალიან დიდ, გადაულახავ პრობლემად. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და, როდესაც `უკანონო მოსმენების შესახებ~ კანონი იქნა მიღებული, ხმა არ მიგვიცია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ვიყავით ჯერ კიდევ, მაგრამ ძალიან დიდ უმცირესობაში აღმოვჩნდით და შედეგებსაც ვიმკით.

- ამ საუბრის შინაარსმა რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

- რომ არ დაგიმალოთ, ძალიან ავად მოსასმენი იყო, თუ როგორ ამცირებს ე.წ. კერძო მაუწყებლის ხელმძღვანელი ერთ-ერთი პარტიის ლიდერს. ძნელად წარმომიდგენია, რომ ასეთი ფრაზეოლოგიით, ასეთი თავხედობითა და ტუტუცობით ადამიანი ადამიანს ესაუბრებოდეს, თანაც ე.წ. ჟურნალისტი _ ე.წ. პოლიტიკოსს. ჩემთვის ბურჭულაძე პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება, მით უფრო მას შემდეგ, რაც მას თავს გადახდა და გადაეყარა ავაზაკებსა და სადისტებს, რომლებიც 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ ზონდერებს მხრებზე ხელს უთათუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რა მაგარი ბიჭები ხართო. ეს მაინც გაერკვია.

- ვის გულისხმობთ?

- მელაძეს, კუბლაშვილს, ყველა, იმ ადამიანს, რომლებიც სააკაშვილთან ერთად მთელი 9 წლის განმავლობაში ხოცავდნენ, აწამებდნენ ადამიანებს. როდესაც კრებ ამ მოთარეშე ყაჩაღთა ბანდას, უნდა გადახედო, თუ ვის მიუსკუპდები გვერდით. ფული კი ანათებს ჯოჯოხეთს, მაგრამ ამ დონეზეც, არა მგონია, რომ ანათებდეს. ეს არის სიბინძურე და სხვა არაფერი, გვარამია-ბურჭულაძის ეს დიალოგი კი ამ სიბინძურის ერთი გამოვლინებაა. წარმოუდგენელია, ასეთი შეურაცხყოფა აიტანო.

- როდესაც პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში შემოვიდა, ანალიტიკოსები მას, როგორც მესამე ძალას, ისე განიხილავდნენ. დასრულდა ეს იდეა?

- ღმერთმა დაგვიფაროს. ეს იყო არათუ მესამე ძალა, არამედ დიდი პოლიტიკური ავანტიურა. არ ვიცი, სად დაიწერა და დაიგეგმა, მაგრამ მაუწყებლის ხელმძღვანელის ასეთი მითითებები, ასეთი მეტყველება ცხადყოფს, რომ, რა თქმა უნდა, ამ ავანტიურაში, რომელსაც პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოყვანა ჰქვია, ბევრი ვინმე იყო ჩართული. ერთ-ერთი აქტორი, შესაძლოა, ბატონი გვარამია იყო.

ახალი თაობა“, 16 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „ნაციონალები მასობრივი არეულობის მოწყობას ვერ შეძლებენ“ // „ოცნებას აღარ აქვს მასობრივი მხარდაჭერა

ბოლო პერიოდის პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იურისტი, უფლებადამცველი, გელა ნიკოლაიშვილი აფასებს.

- ბატონო გელა, ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელი იყო სიურპრიზებიც, ფარული ჩანაწერების გავრცელება და ასე შემდეგ. დღეს, როდესაც ოცნების ხელისუფლება თავის ოთხწლიან ვადას ასრულებს და ისევ ამ პრობლემაზეა საუბარი - ისევ გვისმენენ. როგორია თქვენი, როგორც უფლებადამცველის შეფასებები?

- მე ვფიქრობ, ბოლო ფარული ჩანაწერის გავრცელების უკან დგანან ის ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმით, რომ საქართველოში იყოს მუდმივი დაძაბულობა, მუდმივად ადამიანებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ისევ გვისმენენ.

- იმის თქმა გინდათ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლების ინტერესი არ იკვეთება?

- რა თქმა უნდა! მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ვისაც ავნებს ასეთი ჩანაწერები, ეს არის სწორედ ხელისუფლება. მე არა მგონია, რომ ხელისუფლებას იმდენი ჭკუა არ ჰყოფნიდეს და იმდენი არ ესმოდეს, რომ მთავარი დარტყმა სწორედ მის წინააღმდეგ იქნება მიმართული. აქედან გამომდინარე, მე არ მიმაჩნია სწორად ის შეფასება, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მომდინარეობს. მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლებაში ისეთი სულელები სხედან, რომ ვერ ხვდებიან, ეს მათ წინააღმდეგ რომ იმუშავებს. ან ეს გააკეთეს ისეთმა ძალებმა, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებენ და მათი დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებენ ასეთ ჩანაწერებს.

- ანუ ნაციონალური მოძრაობა და თავად ნიკა გვარამია დგას იმის უკან, რაც გავრცელდა?

- მე კონკრეტულად არ ვიცი, ვინ დგას ამის უკან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მათ ინტერესებზე ასხამს წყალს. ყოველთვის, როგორც კი საკითხი დგება, ვინ შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქმედების ჩამდენი, ყოველთვის პირველი კითხვაა, თუ ვის ინტერესებს ემსახურება ეს ქმედება! გვარამია იყო იქ თუ ვიღაცა სხვები იწერენ, ისეთები, რომლებიც გვარამიასა და ნაციონალების მომხრეები არიან და ამაში ეხმარებიან მათ, ეს მეორე საკითხია. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამ საუბარში არაფერი ისეთი ყოფილა, სკანდალურად რომ ჩაითვალოს. იქ პაატა ბურჭულაძის პოზიციაც და ნიკა გვარამიასიც ყველასათვის ცნობილია. საზოგადოებისთვის ახალი არაფერი ყოფილა.

- რამდენად იყო იმის მცდელობა, რომ მომხდარიყო თუნდაც პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაცია, როგორც პოლიტიკოსის?

- ბოლო მოვლენების ფონზე იმდენად დისკრედიტებულია პაატა ბურჭულაძე, თუნდაც ჩავთვალოთ, რომ ეს მიზანი ჰქონდა ხელისუფლებას და რისკი ნამდვილად იყო იმისა, რომ ეს აუცილებლად შემოუბრუნდებოდა, ეს ყველაფერი ამად არ ღირდა.

- ანუ პპატა ბურჭულაძეს აღარ სჭირდება დისკრედიტაცია?

_ ეს რომ ყოფილიყო პირველ ეტაპზე, როცა პაატა ბურჭულაძე მოვიდა, მართლაც მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ეს სხვაა, მაგრამ, იმდენი რაღაც მოხდა, საკუთარმა თანაგუნდელებმა იმდენი რამ დამართეს, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად აღარ სჭირდებოდა. პატარა ჩიტს რომ დიდი ატომური ბომბი ესროლო, ეს ყველაფერი ამას დაემსგავსებოდა, როცა ერთი პატარა კენჭიც საკმარისია. აქედან გამომდინარეც ვასკვნი, ეს რომ ყოფილიყო ბომბი მასალა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ან პაატა ბურჭულაძის სერიოზულ დისკრედიტაციას მოახდენდა, სხვა ამბავია, მაგრამ აქ, ფაქტობრივად, არაფერი ყოფილა. ნიკა გვარამია თავის პოზიციას არც მალავს. ის ყველას ელაპარაკება, მერე რა?!

- პაატა ბურჭულაძე? პოლიტიკოსს რომ ამ ტონით ურეკავს ტელევიზიის ხელმძღვანელი?

- რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ის პოლიტიკოსია და, რა თქმა უნდა, სჭირდება „რუსთავი 2“-ც და ყველა მედიასაშუალებაც. ის ცდილობს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.

- არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო ხომ არ გააქტიურდება ის თემა, რომელსაც კომპრომატების ომი და ფარული ჩანაწერები ჰქვია?

- ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ისედაც უნიათო ხელისუფლებას ეძახიან და არ არის ასე მარტივი, გაარკვიო, ვინ ატვირთა ეს, ვინ ჩაიწერა. მე ნამდვილად ვერ გავიზიარებ ნიკა გვარამიას პოზიციას, რომ ან ჯეოსელი ჩაიწერდა, ან ხელისუფლება და ან ამერიკელები, სხვა სხვას წვდომა არ აქვსო. ვიკილიქსი ისეთ სკანდალურ მასალებს იწერს და აქვეყნებს, ის არც ჯეოსელია, არც საქართველოს სუსი. მართლაც, ის არის ბომბი მასალები. დღევანდელი ტექნიკური პროგრესის პირობებში რიგით ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს ამის გაკეთების საშუალება, თუ ის ხაკერია და კარგად ერკვევა ამ ყველაფერში.

- ბოლო პერიოდში როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე შინაგან საქმეთა მინისტრი, ღიად საუბრობენ მოახლოებულ დესტაბილიზაციაზე, რომ კონკრეტული ოპოზიციური ძალები გეგმავენ ქვეყანაში არეულობას წინასაარჩევნოდ. რამდენად რეალურად გეჩვენებათ მათი განცხადებები? ეს ხომ არ არის, უბრალოდ, მოსახლეობის შეშინება?

- მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მსგავსი ცნობები იყოს, მით უმეტეს, გამომდინარე ნაციონალების ბუნებიდან. მათგან ეს გასაკვირი არ იქნება. ის, რომ ასეთ ძალას ექნება ასეთი განზრახვა, ესეც არ არის ახალი ამბავი. თუმცა მე არა მგონია, მათ მასობრივი არეულობის მოწყობა შეძლონ. შესაძლოა, ცალკეული ლოკალური ინციდენტები იყოს, მაგრამ მასობრივი დესტაბილიზაციის მოწყობის საფუძველი არ გააჩნიათ.

- რა თვალსაზრისით?

- თუნდაც იმის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობებიც ჰქონდათ 2003 წელს, როცა მოსახლეობის 80% პროცენტი მათგან რაღაც განსაკუთრებულს ელოდა. რა ეგონათ, რომ ცის მანანებს ჩამოაყრიდნენ თავზე?! ასეთი მასობრივი მხარდაჭერა არ არსებობს და თავიანთი 10-15%-იანი მხარდამჭერებით ამას ვერ შეძლებენ. კრიტიკული მასა ვერ შეგროვდება და, აქედან გამომდინარე, ვერც დესტაბილიზაცია მოხდება.

- გვესმის ასეთი შეფასებებიც, რომ ეს არჩევნები გაცილებით რთული იქნება, ვიდრე 2012 წლის. ამაზე რას იტყვით?

- რა თქმა უნდა, გაცილებით რთული იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც არის რომელიმე პოლიტიკური გუნდის მასობრივი მხარდაჭერა, ისეთი, როგორიც იყო მოქალაქეთა კავშირის მიმართ 1995 წელს, ნაცმოძრაობის 2003 წელს, `ოცნების~ 2012 წელს და აი უკვე სხვა არჩევნები, როცა მასობრივი მხარდაჭერა აღარ იყო, მაგალითად, 2008 წლის, სააკაშვილს მასობრივი გაყალბება დასჭირდა.

- რის თქმა გინდათ, რომ გაყალბებებს ექნება ადგილი?

- არა, მე ეს არ მიგულისხმია. უბრალოდ, `ოცნებას~ აღარ აქვს მასობრივი მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, გაცილებით რთული იქნება. თუმცა ხელისუფლებას გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ისეთი განსხვავება, როგორიც 2012 წელს იყო, რა თქმა უნდა, აღარ არის. ეს არჩევნები რთულიც იქნება და საინტერესოც. ამაში ეჭვი არ მეპარება.

———————

საქართველო და მსოფლიო“, 15 სექტემბერი, 2016 წელი

რესპუბლიკური პარტია - სახადი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხადოს საქართველომ

გიორგი გაჩეჩილაძე

1991 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ ამა წლის 8 ოქტომბერს საქართველოში უკვე რიგით მე-9 საპარლამენტო არჩევნები (1990 წ; 1992 წ; 1995 წ; 1999 წ; 2003 (გაუქმდა); 2004 წ; 2008 წ; 2012 წ.) უნდა ჩატარდეს, მაგრამ დეპუტატობის, ანუ ხელისუფლებაში ყოფნის მსურველები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 230 პარტიაა რეგისტრირებული, ძირითადად, ერთი და იგივე პირები არიან.

ამ პარტიებში გაერთიანებული პოლიტიკოსების უმრავლესობას ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ყოფნა პირადი კეთილდღეობისათვის უნდა და არა ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვისთვის. ეს მათ მიერ გაკეთებული საქმეებიდან ჩანს: ბოლო 26 წელიწადია, პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებების მიუხედავად, საქართველო წელში ვერ გაიმართა _ ქვეყანაში უამრავი ადამიანი სიდუხჭირეში ცხოვრობს, დაკარგულია ტერიტორიების თითქმის 20%; განადგურებულია განათლების სისტემა, კულტურის სფერო, მრეწველობა, სულს ღაფავს სოფლის მეურნეობა, დასავლური ე.წ. ფასეულობების მომძლავრების ფონზე დეგრადირებულია სულიერების სფერო, საერთოდ, ადამიანი. სწორედ ამ ე.წ. დასავლურ ფასეულობებს უჭერს მხარს რესპუბლიკური პარტია, რომელიც 1978 წელს დააარსეს ვახტანგ ძაბირაძემ, ვახტანგ შონიამ და ძმებმა _ ლევან და დავით ბერძენიშვილებმა, და რომელიც თითქმის ნულოვანი რეიტინგის გამო, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას მხოლოდ სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანებით ახერხებდა.

რეპუბლიკური პარტია, რომლის წევრების უმრავლესობამ პოლიტიკური ნათლობა ამერიკელების მიერ გულუხვად დაფინანსებულ არასამთავრობოებში მიიღო, ყოველთვის ახერხებდა ამა თუ იმ ძალასთან მიკედლებას და სახელისუფლო სტრუქტურებში ადგილის დამკვიდრებას. ასე მოხდა 2003 წელს, როდესაც ქართველი ხალხის ჯალათ “ნაცმოძრაობასთან” ერთად „ვარდების რევოლუციის“ მოწყობის შემდეგ შევიდა პარლამენტში. ასე მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როცა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაერთიანდა. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ინტერესების გამტარებელმა ამ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მიღებელია ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მოახერხა (რა თქმა უნდა, ამერიკელების დახმარებით) და საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში რამდენიმე საკვანძო ადგილი იგდო ხელთ: პარლამენტის თავმჯდომარის – დავით უსუფაშვილმა; მისმა მეუღლემ, თინა ხიდაშელმა, – თავდაცვის მინისტრის; გიგლა აგულაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინათ დატოვა რესპუბლიკური პარტია და “ქართულ ოცნებაში” გადაბარგდა, – გარემოს დაცვის მინისტრის; პაატა ზაქარეიშვილმა – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის.

ქართვველ საზოგადოებას განსაკუთრებით აღიზიანებს არა ამ პარტიის ფლიუგერობა, როცა ძალაუფლების მოსაპოვებლად ხან ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან იყო გაერთიანებული, ხან _ “ნაცმოძრაობასთან” და ხან _ “ქართულ ოცნებასთან”, არამედ ამ პარტიის წარმომადგენელთა მსოფლმხედველობა და მათი მცდელობა, უარყონ ყოველივე ქართული და დაამკვიდრონ ე.წ. ლიბერალური ღირებულებები.

ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია ლევან ბერძენიშვილის შეფასებებმა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას მიმართ, როდესაც განაცხადა, ილია ჭავჭავაძეს _ ასეთ ქართველ პოეტს _ არ ვიცნობ, დიდი ვერაფერი პოეტი იყოო, შემდეგ კი აკაკი წერეთელზეც იგივე თქვა. ლევან ბერძენიშვილი, ამასთანავე, მონდომებით ცდილობს ისტორიის გაყალბებას _ ცილს სწამებს და შეურაცხყოფს გენიალურ ვაჟა-ფშაველასა და სტალინს, რომლის წვლილიც ფაშისტური ჭირისგან მსოფლიოს გათავისუფლებაში განუზომელია.

აი როგორ შეაფასეს ქართველი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა ლევან ბერძენიშვილის მიერ ნათქვამი მკრეხელური ფრაზები (ციტატები აღებულია ვებგვერდ droni.ge-დან):

გიგა ლორთქიფანიძე: – ლევან ბერძენიშვილი ანტიეროვნული პოლიტიკოსია, შეურაცხოფილი ვარ იმ სიტყვებით, რომლებიც ილია ჭავჭავაძეს აკადრა, მის შემოქმედებას აკადრა. რა უნდა ამ კაცს პარლამენტში, რა სიკეთე უნდა მოუტანოს ქართულ ხელოვნებას, მეცნიერებასა და მწერლობას?! არც არაფერი. თუ დაუშავებს და ავნებს, თორემ სიკეთეს მისგან არავინ ელის.

ელიზბარ ჯაველიძე: – ლევან ბერძენიშვილი არის ჯორჯ სოროსის შვილობილი. ლევან ბერძენიშვილს დავალებული აქვს ქართული კულტურის, მეცნიერების დანგრევა და განადგურება და ამას, როგორც ვხედავთ, გარკვეული ძალების დახმარებით წარმატებით ახორციელებს.

ნოდარ ნათაძე: – ლევან ბერძენიშვილი არის იმ დროიდან თანამშრომლობს “კა-გე-ბესთან”, როცა დისიდენტობისთვის დაიჭირეს. ბერძენიშვილმა “ჩაუშვა” თავისი ძმა, თანამშრომლები და თავისი შეყვარებულიც არ დაინდო, ისიც “ჩაუშვა”. “კა-გე-ბეს” მიერ ბერძენიშვილის დაკითხვის ოქმი გამოქვეყნდა და ყველამ იცის, ვინაა ეს კაცი.

რეზო ამაშუკელი: – ლევან ბერძენიშვილი არის ქართველი ერისა და საქართველოს ერთ-ერთი მტერი. მისი მიზანია ქართული კულტურის, მწერლობის განადგურება და იმ, ბოდიში მომითხოვია, პედერასტების ლობირება და პატრონობა, რომლებიც ენით გამოუთქმელ სიბინძურეს წერენ და აქვეყნებენ, საკუთარ დედასთან სექსი რომ აქვთ და საკუთარ და-ძმებთან.

ერთ-ერთი ასეთი ავტორის, ზაზა ბურჭულაძის, შესახებ თქვა ამ ბერძენიშვილმა, ნიჭიერი მწერალია, ამის ფასი არ იციან საქართველოშიო. ილია ჭავჭავაძე მიწასთან გაასწორა და იმ კაცზე, დედამისთან ლიტერატურული სექსით რომ გაითქვა სახელი, მზე და მთვარე ამოსდის.

შალვა ნათელაშვილი: _ ლევან ბერძენიშვილმა ჯერ სოროსის ფულები ქაფა, ახლა პარლამენტშია, არც იქ მოიკლებს. ეგ კაცი არის მოგზავნილი, რათა ქართული განათლების სისტემა, რომელიც ისედაც დანგრეულია, საბოლოოდ დააქციოს და სხვა სფეროებსაც გადასწვდეს.

ვალტერ შურღაია: _ ლევან ბერძენიშვილი უნიკალური მოვლენაა. მან ჯერ “კა-გე-ბეს” დავალებით აქტიურად იბრძოლა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და ახლა პროდასავლურ-პროამერიკულ მანტიაში გახვეული ლიბერალიზმს ქადაგებს.

ლევან ბერძენიშვილის კოლეგამ, ყოფილმა პარლამენტარმა და განათლების მინისტრის ექსმოადგილემ (იმხანად განათლების მინისტრი იყო ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი), ლევან რამიშვილის, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძისა და თეა თუთბერიძის სულიერმა ძმამ, “თავისუფლების ინსტიტუტის” პირმშომ დავით ზურაბიშვილმა კი სახელი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისა და მართლმადიდებლობის “სახადად” მოხსენიებით გაითქვა. მან სამი წლის წინათ, მაისში, რუსთაველის პროსპექტზე ლგბტ თემის მხარდამჭერ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი სახელწოდებით “სახადი #5”.

აი რამდენიმე ამონარიდი ამ წერილიდან (სტილი დაცულია):

“სახადი #1. ეთნოცენტრული. პირველად იყო ზვიადი, უფრო ზუსტად, ეთნოცენტრული ნაციონალიზმი, რომელმაც ეროვნული მოძრაობის პერიოდში ვულკანივით ამოხეთქა და კინაღამ სრულ ნიჰილიზმში გადაისროლა მთელი მოაზროვნე საზოგადოება… რაოდენ უარყოფითადაც უნდა შევაფასოთ 1991-92 წლების საშობაო გადატრიალება (და ცხადია, უარყოფითად უნდა შევაფასოთ), შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ეს კოშმარი, ფაქტობრივად, დამთავრდა. არანაირი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დივიდენდების მომტანი ეთნოცენტრული ნაციონალიზმი მას შემდეგ აღარ არის. ერთხანს პირადობის მოწმობაში ეროვნების აღნიშვნისა და მიწაზე კერძო საკუთრების არაქართველებისთვის დაკანონება რჩებოდა უკანასკნელ ბასტიონებად, მაგრამ ეს ორი ბასტიონიც ისე დაეცა, სერიოზული რყევები არ გამოუწვევია. დღეს მარგინალური ჯგუფები თუ ოპერირებენ იმ სქემებით, ოდესღაც ეროვნულობისა და ქართველობის აუცილებელ ატრიბუტად რომ ითვლებოდა… მოკლედ, ეთნოცენტრული ნაციონალიზმი მძიმე დანაკარგებით, მაგრამ მაინც მოვიხადეთ, თუმცა საბჭოთა პერიოდში შეყრილი ინფექციური დაავადებების ნუსხა ამით არ ამოწურულა”.

აი ასე _ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას “სახადსა” და “კოშმარს” უწოდებს კაცი, რომელიც “ვარდების რევოლუციაში” (სახელმწიფო გადატრიალებაში) მონაწილეობდა და ქართველ ხალხს თავზე დაასვა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, რომელმაც 9 წელიწადი კოშმარში გაგვატარებინა და, როგორც იქნა, მართლა სახადივით მოვიხადეთ.

კიდევ ერთი “მარგალიტი” იმხანად განათლების მინისტრის მოადგილის წერილიდან:

“უკიდურესად გაძლიერდა ეკლესია, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც სააკაშვილის გუნდმა ვერაფერი დააკლო და დღეს ეკლესიის მორალური ავტორიტეტი ისე მაღლაა, როგორც არასდროს. ბუნებრივია, მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ ძალიან შეუწყო ხელი რელიგიური ნაციონალიზმის აღმავლობას, და ეს იქნება კიდევ ერთი ძნელად და მტკივნეულად მოსაშორებელი სახადი, თუმცა ავადმყოფობის სიმძიმეც და გამოჯანმრთელების სტადიაც დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები საქართველოში”.

ანუ: “თავისუფლების ინსტიტუტში” გამოზრდილი დავით ზურაბიშვილის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია _საქართველოს სახელმწიფობრიობისა და ქართველთა ეროვნული თვითშეგნების საფუძველი _ “ძნელად და მტკივნეულად მოსაშორებელი სახადი” ყოფილა; საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლების შესარყევად, ქართველი კაცის გადასაგვარებლად გულუხვად დაფინანსებული რელიგიური სექტები და “თავისუფლების ინსტიტუტის” მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები კი _ სააკაშვილთან ერთად დემოკრატიის შუქურები…

რას არ იკადრებს ზოგიერთი, ოღონდ მწვანე კუპიურები ჩაიჯიბოს!

ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით პოზიციების შეცვლას არ ერიდება რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის მე-6 ნომერი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი წევრი თამარ კორძაია, რომელიც 2013 წელს, როცა კოალიცია “ქართული ოცნების” სახელით მაჟორიტარ დეპუტატად ნაძალადევის რაიონში იყრიდა კენჭს, ამბობდა, რომ ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინების დაკანონებისთვის “არასოდეს უბრძოლია”, ხოლო მას შემდეგ, რაც დეპუტატის მანდატი მოიპოვა, განაცხადა, რომ “აშშ-ში ლგბტ პირების ქორწინების დაკანონება ადამიანის უფლებების სფეროში წინგადადგმული ნაბიჯია და ამ პროცესმა პროდასავლურ განწყობილებაზე არ უნდა იმოქმედოს”.

ანუ, რადგან ამერიკელებმა პედერასტია დააკანონეს, ჩვენც უნდა მივბაძოთო…

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძესა და საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს შორის კი, როგორც ჩანს, სახიფათო ბუზი ცეცე დაფრინავს. აი რა განაცხადა მან, როცა “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა თურქეთი ოკუპანტად მოიხსენია:

“დავით თარხან-მოურავის გუშინდელი განცხადებები არის საბჭოთა აზროვნების პოლიტიკოსების ფრაზები. არაკვალიფიციური, სახიფათო და ძალიან საშიში. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ასეთი პოლიტიკოსებისა და ასეთი რიტორიკისგან. თურქეთს, რომელიც არის ნატოს წევრი, ეძახის ოკუპანტს, ოკუპანტი თურქეთი კი არა, არამედ რუსეთია”.

ეტყობა, ბუზი ცეცეს შიშმა ისე დაუბინდა ქალბატონ ხათუნა სამნიძეს გონება, რომ არათუ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო არ აუღია ხელში, პრესაში გამოქვეყნებული მასალებიც არ წაუკითხავს საქართველოს ამაოხრებელ ოსმალთა (თურქთა) იმპერიის მიერ ქართული მიწა-წყლის _ ტაო-კლარჯეთის, კოლა-არტაანისა და ლაზეთ-ჭანეთის _ მიტაცების შესახებ და არც ის, სტალინი რომ არა, ბათუმი, ქალაქი, რომელშიც თვითონ დაიბადა, ახლა თურქეთის შემადგენლობაში იქნებოდა.

მაგრამ ეს ბუზი ცეცე ხომ რესპუბლიკური პარტიის სიუზერენი ამერიკის შეერთებული შტატებია და სხვაგვარად როგორ იტყოდა?! კარგი, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო ხელში არ აუღია ქალბატონ ხათუნას, მაგრამ, რომ ამბობს, თურქეთი ნატოს წევრია და ოკუპანტი როგორ იქნებაო, არც იმის შესახებ სმენია, რომ 1999 წელს სწორედ ნატომ (ამერიკელთა ინიციატივით) დაბომბა ყოფილი იუგოსლავია, წაართვა კოსოვო სერბეთს და მიწასთან გაასწორა ამ ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიები? ან ვინ გააპარტახა ავღანეთი (დაიღუპა 35 ათასი ადამიანი), ერაყი (დაიღუპა 1 მლნ მშვიდობიანი მოქალაქე) და ერთ დროს აყვავებული ლიბია (დაიღუპა 20 ათასი ადამიანი).

ბუზი ცეცეს შიშით, ქალბატონ ხათუნას, ალბათ, არც ის სმენია, რომ ამ ქვეყნებში ნატომ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღი _ თეთრი ფოსფორი _ გამოიყენა.

ანალოგიური აზროვნებითა და ისტორიული ჭეშმარიტებისადმი “პატივისცემით” გამოირჩევა კიდევ ერთი რესპუბლიკელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. აი რა განაცხადა მან 2015 წლის ნოემბრის მიწურულს:

“აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ გვინდა, ერთია, და როგორ ვაპირებთ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, _ მეორე”.

_ ეს არის “ქართული ოცნების” თავკაცის მიერ ამერიკელთა მითითებით ხელდასმული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აზრი საქართველოს ძირძველ მიწაზე, რომელზეც, ვინ მოთვლის, რამდენი ქართველის სისხლია დაღვრილი.

ისე, საკითხავია, რატომ უნდა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ “აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა”? მისი უპირატესი ფუნქცია და ამოცანა ხომ “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა, ლტოლვილთა და მათი შთამომავლების უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნების, უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობაა”.

რამდენიმე თვის წინათ კი პაატა ზაქარეიშვილმა ურცხვად იცრუა და კიდევ ერთხელ სცადა ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, როდესაც ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის _ ალექსანდრე გრუშკოს განცხადებას, ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრება ევროპას მასშტაბური კრიზისის ზღვრამდე მიიყვანს და სიტუაციას ააფეთქებსო, ასე უპასუხა:

“არც ნატო და არც ევროკავშირი არ დაუშვებს ისეთ მოვლენებს, რომ აფეთქდეს და გაუარესდეს ვითარება. პირიქით _ თუ ჩვენ ვუყურებთ, როგორ მოქმედებენ ნატო და ევროკავშირი, ვხედავთ, რომ, სადაც ისინი არიან, იქ არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია”.

იმ ტერაქტების გათვალისწინებით, რომლებიც ექსტრემისტებმა მოაწყვეს საფრანგეთში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ნატოს შტაბ-ბინა მდებარეობს, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, პაატა ზაქარეიშვილის ზემოთ მოყვანილ ფრაზაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: ნეტარ არიან მორწმუნენი!

ანალოგიური პოზიცია აქვს რესპუბლიკელთა გამორჩეულ ქალბატონს _ თინა ხიდაშელს, რომელიც საქართველოს “დირექტორის”, ანუ იმხანად საქართველოში აშშ-ის ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის ბიძინა ივანიშვილთან “ყავის დასალევად” მოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრის სავარძელში ჩასკუპდა.

ქალბატონი თინა ჯერ კიდევ წლების წინათ ამბობდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ არის. ეს მან 2001 წელს სოჭში ქართულ-აფხაზურ კონფერენციაზე (“სტაბილურობის პაქტი კავკასიაში და სამშვიდობო პროცესის სტრატეგია”) აფხაზეთის წარმომადგენელ ბათალ კობახიასთან დიალოგისას თქვა: “მინდა, ვიბრძოლო იმისათვის, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, როგორშიც მე მინდა, იცხოვრონ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. ვიმეორებ, აფხაზეთით თუ აფხაზეთის გარეშე _ ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემაა. და მჯერა, მაშინ კონფლიქტი გადაწყდება. არ ვიცი, როგორ გადაწყდება, ვიცხოვრებთ სხვადასხვა ქვეყანაში თუ არა, მაგრამ აფხაზები, ალბათ, თავად გადაწყვეტენ, როგორ და ვისთან ურჩევნიათ ყოფნა, რუსული ორიენტაციით, ქართული თუ რამე სხვა ორიენტაციით”, დასძინა: “ბათალ, არ ვგულისხმობ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია”.

თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას თვითნებურად გამოსცა ბრძანება ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ.

მიზეზი, ქალბატონი თინას განმარტებით, არის ის, რომ “შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ადამიანები, რომლებსაც აძალებენ სამშობლოს სამსახურს”.

სიტყვა “სამშობლო” კი თინა ხიდაშელისთვის “საქაჯეთის” სინონიმია. აი რა ტექსტი გამოაქვეყნა მან სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინათ: “ერთი სული მაქვს, როდის მოვაშორებ ამ საქაჯეთს შვილებს და ამერიკაში გავგზავნი”, ანუ ნამინისტრალი ქალბატონის (იმხანად, როცა ეს ტექსტი გამოაქვეყნა, თავდაცვის მინისტრი იყო) “საქაჯეთი” საქართველოა, რომელსაც შვილები უნდა გაარიდოს, მაგრამ, თუ ქალბატონ თინას ასე მიაჩნია, მაშინ რატომ ებღაუჭებოდა ასე გააფთრებით “საქაჯეთის” თავდაცვის მინისტრის პოსტს, იმიტომ ხომ არა, რომ ამერიკელმა ბოსებმა დაავალეს?

ქალბატონი თინას მეუღლე, პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც პოლიტიკური ნათლობა ედუარდ შევარდნაძისა და ჯაბა იოსელიანის სახელმწიფო საბჭოში მიიღო (1992-1994 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი), თავისი ცხოვრების მეგზურს მხარს უბამს და ამბობს: “ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ დაიბადე იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად შეეწირო, მე შვილებს ვეუბნები, რომ დაიბადე იმისათვის, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი, რომ ყველა საკითხზე გააკეთონ თავისუფალი არჩევანი და, თუ თქვენი არჩევანი იქნება, გინდ სამშობლოს შეეწირებით, გინდ თქვენს პროფესიას და გინდ სხვა რამეს”.

დავით უსუფაშვილსა და მის მეუღლეს _ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ სამშობლოს დაცვა, მისთვის თავგანწირვა, ქვეყნის შენება მხოლოდ საქართველოს სხვა მოქალაქის ვალია და არა მათი და მათი შთამომავლობის. ბატონმა დავითმა და ქალბატონმა თინამ თავიანთი შვილები “საქაჯეთს” უნდა მოაშორონ და ამერიკაში გაგზავნონ, მათ საკეთილდღეოდ კი ავღანეთში, ერაყსა თუ სხვა ქვეყნებში სხვა ქართველების შვილებმა უნდა გაწირონ სიცოცხლე.

კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ბატონი უსუფაშვილის რამდენიმე დღისწინანდელი განცხადება, როცა მან თავისი პატრონების ინტერესების დაცვა სცადა: “მანამ, სანამ საქართველოს ნატოს წევრობა გახდება რეალური, საქართველომ უნდა იზრუნოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებაზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და დაცვისთვის აუცილებელი ამოცანა”.

უსუფაშვილის ამ განცხადებაში ნათლად გამოსჭვივის ამერიკელი პატრონებისადმი კუდის ქიცინი, მაგრამ უსუფაშვილი არაფერს ეუბნება საქართველოს მოსახლეობას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განლაგებას _ ეს ხომ იმას ნიშნავს, ატომური იარაღის მქონე რუსეთის სამიზნეში აღმოჩნდეს საქართველო და ჩვენი ქვეყნის ტერიტორია პოლიგონად იქცეს. მაგრამ რა ენაღვლებათ ცოლ-ქმარ უსუფაშვილ-ხიდაშელს, მათ ხომ თავიანთი შვილები “საქაჯეთს” მოაშორეს?!

ნიშანდობლივია, რომ ანალოგიური მოწოდების გამო, ოღონდ რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგებაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია “ცენტრისტებს” საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა, უსუფაშვილის ამ განცხადებიდან კი უკვე ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ცესკოს რეაქცია არ ჩანს…

აი ასე _ რესპუბლიკური პარტია უტევს ქართველ ხალხს, ქართველ მოსახლეობას, ქართულ ტრადიციებს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და, ნაციონალების მსგავსად (ისინი ხომ, ფაქტობრივად, ერთი ძალის მიერ იმართებიან), ცდილობენ ახალი ქართველის გამოყვანას, რომელიც ე.წ. დასავლურ ფასეულობებსა და ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველო ახალ პარლამენტს აირჩევს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, ამ არჩევნებზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მომავალი და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოშანთოს პოლიტიკური სივრციდან ეს აშკარად ანტიქართული პოლიტიკური ძალა _ რესპუბლიკური პარტია, ამით მოიხადოს სახადი და მხარი დაუჭიროს ჭეშმარიტად ეროვნულ ძალებს, რომლებიც იზრუნებენ ეროვნული ღირებულებების, ქართული ენის, კულტურის, ტრადიციებისა და მართლმადიდებლობის დაიცვაზე.

საქართველო და მსოფლიო“, 15 სექტემბერი, 2016 წელი

მონსტრების კორპორაციის საარჩევნო აღლუმი

დიმიტრი მონიავა

არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა, პარტიები ყველა მეთოდს მიმართავენ ამომრჩევლის ყურადღების მისაპყრობად და, ალბათ, საინტერესო იქნება იმის დადგენა, რომელ მათგანს გამოსდის ეს კარგად და რომელს _ ნაკლებად.

რესპუბლიკური პარტია რთულ მდგომარეობაშია. ის ბოლო მომენტამდე ებღაუჭებოდა მინისტრების სავარძლებს და, აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ დარჩა დრო იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” სატელიტის როლიდან გამოვიდეს და ამომრჩეველთა წინაშე წარდგეს, როგორც სრულფასოვანი ოპოზიციური პარტია. პოსტები გაზაფხულზე რომ დაეტოვებინათ, პრობლემა, ალბათ, არ იარსებებდა. მის დაძლევას რესპულიკელები ხმაურიანი და ხშირად დემაგოგიური განცხადებების ხარჯზე ცდილობენ.

მაგალითად, დავით უსუფაშვილის წინადადებამ საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსების თაობაზე შეიძლება მოხიბლოს რადიკალური “პროდასავლელები”, მაგრამ მისი რეალიზება ხელშესახებ პერსპექტივაში შეუძლებელი ჩანს. ციტატა აშშ-ის არმიის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მოხსენებიდან (ავტორები არიელ კოენი და პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი): “რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე გამორიცხავს საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზების, აეროდრომების, ელექტრონული საშუალებებისა და თანამშრომლობის სხვა ფორმების გამოყენებას”.

რესპუბლიკელების მცდელობა, მინიმალურ ვადაში მაქსიმალური დისტანცირება მოახდინონ “ქართული ოცნებისგან”, ზოგ შემთხვევაში, აშკარად კარიკატურულ ხასიათს იძენს. “უარი ვუთხრათ “ფულის ტომრებს” პოლიტიკაში”, _ განაცხადა გასულ კვირას თინა ხიდაშელმა და ამას სოციალურ ქსელებში ჰომერული ხარხარი მოჰყვა, რადგან “ფულის ტომრების” ძიებისა და აქტიური გამოყენების პროცესი რესპუბლიკური პარტიის ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მთლიანობაში, რესპუბლიკელების ძალისხმევა საკმაოდ ქაოსურ შთაბეჭდილებას ტოვებს; იმის ალბათობა, რომ ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ, საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ოქტომბერში ნაციონალებთან უნისონში არჩევნების გაყალბებაზე იყვირებენ.

იგივე შეიძლება დაემართოს ირაკლი ალასანიას. მისი პარტია მმართველი კოალიციიდან გაცილებით ადრე გამოვიდა, მაგრამ სათანადოდ ვერ გამოიყენა დრო, რომელიც, რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, ნამდვილად ჰქონდა. “თავისუფალ დემოკრატებს” ცოტა სხვა ტიპის პრობლემა აქვთ _ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი პარტიის სრულფასოვან პოზიციონირებას და ამომრჩევლებისთვის იმის ახსნას, თუ რით განსხვავდებიან თუნდაც იმავე რესპუბლიკელებისგან, ნაციონალებისგან, ბურჭულაძის პარტიისგან და ა.შ. თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ სხვაობა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ის არ არის გამოხატული და გაშლილი მარტივ და გასაგებ ლოზუნგებში, რომლებიც მასებს მოხიბლავს. “თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო კამპანია ამ მომენტამდე ფრიად ფერმკრთალია.

“პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის” სტარტზე საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურებოდა, მაგრამ მოგვიანებით სერიოზული სირთულეები შეექმნა. ჯერ ერთი, ბურჭულაძეს საკმაოდ ბევრი ხალხი გაექცა, ეს კი ნებისმიერი პარტიის იმიჯისთვის საზიანოა. რაც მთავარია, მან ვერ გააქარწყლა ფართოდ გავრცელებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ “ნაცმოძრაობის” მარიონეტია; მეტიც, გაამყარა ის “გირჩისა” და გიორგი ვაშაძის ჯგუფის შემოერთებით. ვაშაძე, სხვათა შორის, დაუფარავად ამბობს: “დიახ, მზად ვართ, ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ახალი “ნაციონალური მოძრაობა”. ყოველივე ამან შეიძლება დააბნიოს და დააფრთხოს ელექტორატი.

სამივე ჩამოთვლილ პოლიტიკურ გაერთიანებას კომენტატორების მნიშვნელოვანი ნაწილი “მაღალი რისკის ჯგუფს” მიაკუთვნებს და ამა თუ იმ ფორმით მიუთითებს იმაზე, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მათ შეიძლება ხელი შეუწყონ “ნაცმოძრაობის” მიერ “მაიდნის” აგორების მცდელობას. საგულისხმოა, რომ მმართველი პარტია პოსტსაარჩევნო არეულობის თემაზე უკვე სრული სერიოზულობით საუბრობს. “ნაციონალურ მოძრაობას” მასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს, რომელსაც გამოიყენებს პროვოკაციებისთვის, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროვოკაციები მათ მიერ იქნება განხორციელებული”, _ განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ (ინტერპრესნიუსი). ეს, ალბათ, სრული კატასტროფაა _ მმართველმა პარტიამ არა მხოლოდ არ ამოშანთა ქვეყნის პოლიტიკიდან “ნაცმოძრაობა”, როგორც მისი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა მოითხოვდა, არამედ, ირაკლი კობახიძის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმოს და, შესაძლოა, განახორციელოს პროვოკაციები, რომლებსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ფაქტობრივად, აანონსებს.

ყველაზე მეტი ამომრჩეველი მმართველმა პარტიამ, სავარაუდოდ, იმიტომ დაკარგა, რომ სააკაშვილის რეჟიმს ნიურნბერგის პროცესი არ მოუწყო და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ისეთი მიზეზები, როგორიცაა ნეპოტიზმი, უეფექტო მენეჯმენტი და უთავბოლობა. ერთადერთი პოლიტიკური ილეთი, რომელიც “ოცნების” ხელმძღვანელობამ ამ წლების განმავლობაში აითვისა, შემდეგია: ის ნებისმიერ დაპირისპირებაში ახერხებს “ნაკლები ბოროტების” როლი მოირგოს და ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს დაუმტკიცოს, რომ ის, შესაძლოა, ცუდია, მაგრამ ოპონენტი (“ნაცმოძრაობა” თუ სხვა) გაცილებით უარესია. ალბათ, სწორედ ეს არის “ქართული ოცნების” კამპანიის ცენტრალური იდეა. ამასთანავე, ის ცდილობს, დააშინოს ამომრჩეველი სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის საფრთხით, ხოლო პოზიტიური გზავნილების ნაწილში მისი კამპანია ერთობ ჰგავს “მოქკავშირის” 2003 წლის კამპანიას, როდესაც “აღმშენებლობა” დანარჩენი პროცესებისგან ცალკე, განყენებულად განიხილებოდა, რომელიც ამძაფრებდა სიყალბის განცდას.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, მან 10 თვის წინათ, შესაძლოა, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც შუალედური არჩევნების შედეგების გაპროტესტებისას ამორჩეველთა ემოციების მობილიზება და რადიკალური ლოზუნგების გამოყენება დაიწყო. “პატრიოტთა ალიანსმა” ვერ მიაღწია საგარეჯოს არჩევნების შედეგების გადახედვას და, ამასთანავე, გაღიზიანებული ელექტორატის ენერგია არ მიმართა სხვა მიმართულებით იმ პირობებში, როდესაც ამ მუხტის შენარჩუნება საპარლამენტო არჩევნებამდე შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის იმედგაცრუებისა და რეიტინგის კლების მიზეზი და ეს გასაკვირი არაა იმ პირობებში, როდესაც სტრატეგიული მიზანი (წარმატება საპარლამენტო არჩევნებში) მსხვერპლად შეწირეს ემოციებსა და ტაქტიკურ აუცილებლობას (“სახის შენარჩუნება” საგარეჯოს არჩევნების შემდეგ). “პატრიოტთა ალიანსი” არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში, სავარაუდოდ, შეეცდება, ექსტრაორდინარული ზომების გამოყენებით მუხტი ისევ ააგდოს.

ნინო ბურჯანაძე კარგად მოქმედებს კრიტიკულ ვითარებაში რამდენიმედღიან მონაკვეთზე, მაგრამ მას ტრადიციულად უჭირს ძალების განაწილება და ხანგრძლივი კამპანიის წარმოება, რომელიც მთლიანობაში საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურება. მაგრამ ბურჯანაძემ მიიღო შესაძლებლობა, რომელიც ადრე არ ჰქონდა _ მისთვის, ფაქტობრივად, “ოვერტონის ფანჯარა” გაიხსნა. საქმე ის არის, რომ “ცენტრისტებმა” და ვალერი კვარაცხელიას “სოციალისტებმა”, სანამ ცესკო მათ არჩევნებიდან მოხსნიდა, წამოაყენეს რუსეთთან სწრაფ დაახლოებაზე ორიენტირებული არაერთი ლოზუნგი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა, როგორც რადიკალური, და ამ ფონზე ნინო ბურჯანაძის იდეები საქართველოს უბლოკო სტატუსზე, პირდაპირ მოლაპარაკებებზე პუტინთან და ა.შ., წარმოჩნდა, როგორც ზომიერი, რომლის თაობაზე შეიძლება დისკუსიის გამართვა. ადრე ასე არ იყო, რადგან პროდასავლური ძალები ახერხებდნენ, პირველივე სტადიაზე დაებლოკათ ბურჯანაძის ინიციატივების ფართო განხილვა. ამჯერად მისი მდგომარეობა განსხვავებულია, თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად გონივრულად გამოიყენებს ის ამ ახალ შესაძლებლობებს.

“მრეწველებსა” და “ეროვნულ ფორუმს” კოალიციის დატოვების შემდეგ დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებიათ, დრო და დრო იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ პარტიების ლიდერები სრულ გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ და ყოველგვარი გეგმის გარეშე, სიტუაციური რეაგირების რეჟიმში მოქმედებდნენ. აქაც, ისევე, როგორც რესპუბლიკელების შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი იყო დროის ფაქტორი _ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მოითხოვდა, რომ ამ პარტიებს მმართველი კოალიცია გაცილებით ადრე დაეტოვებინათ და მთავრობისთვის ოპონირება გაეწიათ. რაც შეეხება თამაზ მეჭიაურს, ის სტარტზე საკმაოდ აქტიური იყო, მაგრამ შემდეგ ტემპი დააგდო. ამასთანავე, კიდევ ერთხელ თვალნათლივ დადასტურდა, რომ ერთი კაცი ან რამდენიმე თანამოაზრე არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სრულყოფილი პარტია, რომელიც არჩევნებში წარმატების მიღწევას შეძლებს; საჭიროა სხვა, გაცილებით საფუძვლიანი სტრუქტურა და საარჩევნო სტრატეგია.

იმ პოლიტიკური გაერთიანებებიდან, რომლებიც “უმაღლეს ლიგაში” მოსახვედრად (ან დასაბრუნებლად) იბრძვიან, დაკვირვებისთვის საინტერესოა “საქართველოს მშვიდობისათვის”, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ შექმნა. ის არ ფლობს დახვეწილ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს, მაგრამ არ ცდილობს ზოგადეროვნული მასშტაბით იმუშაოს, რაც საქართველოში ძალიან დიდი იშვიათობაა, არამედ ცდილობს, უწინარესად, აითვისოს კონკრეტული კლასტერი _ ბოლოდროინდელი ომების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები. თუ ამ ნიშის დაკავებას მოახერხებს, მომავალში სხვა პარტიებისთვის სასურველი კოალიციური პარტნიორი გახდება.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას” , მსჯელობა მის წინასაარჩევნო ძალისხმევაზე საკმაოდ რთულია ორი მიზეზის გამო: პირველი _ მოქალაქეების დიდი ნაწილი არ განიხილავს “ნაცმოძრობას”, როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალას, და ძალიან ღიზიანდება, როდესაც მას ასე უდგებიან და სხვა პარტიებს ადარებენ. ამასთანავე, საკმაოდ ძნელი დასადგენია, რა აინტერესებს ყოფილ მმართველ პარტიას _ არჩევნებში წარმატების მიღწევა თუ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. არის ფაქტები, რომლებიც როგორც ერთ, ისე მეორე ვერსიას ამყარებს. აქედან გამომდინარე, ალბათ, სჯობს, “ნაციონალურ მოძრაობას” სხვა დროს დავუბრუნდეთ, როდესაც საუბარი არა არჩევნებზე, არამეს ეროვნულ უსაფრთხოებაზე გვექნება, რადგან სააკაშვილის მიმდევრებმა ოქტომბერში პრობლემები შეიძლება სწორედ უსაფრთხოებას შეუქმნან.

ბოლო ხანს სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდება ჯორჯ ორუელის ფოტო და მის გვერდით მოყვანილია ციტატა, რომელიც, ალბათ, ყველაზე კარგად გადმოსცემს წლევანდელი არჩევნების არსს: “ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ ლუზერებს, ქურდებს, მოღალატეებსა და თაღლითებს, მსხვერპლნი არ არიან. ისინი თანამონაწილეები არიან”. საგულისხმოა, რომ იქ არაფერი წერია მკვლელებზე, ჯალათებზე, მწამებლებზე _ მათზე, ვინც კანონის სახელით ადამიანებს აუპატიურებდა; სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ჯორჯ ორუელიც კი, რომელმაც “1984”-ის კოშმარული სამყარო შექმნა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება კენჭი იყარონ და, არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე ცინიკური ლოზუნგი ააფრიალონ _ “ძალადობა აღარ იქნება!”.

საქართველო და მსოფლიო“, 15 სექტემბერი, 2016 წელი

თავად სად იყავი და რას აკეთებდი 2011 წლამდე, პატივცემულო მოქალაქევ?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

ტელევიზია “იბერიის” ეთერში გადაცემის ერთ-ერთი მონაწილის კითხვაზე _ “ხეები ნაციონალების დროსაც იჭრებოდა, ხმას ვერ იღებდით, 2012 წლამდე გეძინათ?”, “პარტიზანი მებაღის” ლიდერის – ნატა ფერაძის პასუხმა “ვტყნ…ი” დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგმა დაგმო ესოდენ თავხედური პასუხი. ზოგმა ჩათვალა, რომ პასუხი ადეკვატური იყო. ზოგმა პოლემიკა გამართა და იმის მტკიცება დაიწყო, უზნეობაა კითხვების დასმა – სად იყავი? ვისთან იდექი? – ვინაიდან ადამიანისთვის, განსაკუთრებით, პოლიტიკოსისთვის უჩვეულო არ არის პოზიციის შეცვლა – ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლა, მეორედან _ მესამეში, გუშინდელ მოწინააღმდეგესთან ჩახუტებაო და ა.შ.

ნიშანდობლივი იყო ერთი ექსპერტისა და ერთი პოლიტიკოსის მიერ გამოთქმული აზრებიც. ორივენი მიიჩნევენ, რომ ასეთი შეკითხვის დასმაც კი უმსგავსობაა. ორივეს მძიმე ტვირთად უნდა აწვეს წარსული, რადგან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული “ნაცმოძრაობასა” და მის ლიდერთან. მათი ნათქვამი “ნაცებთან” თანამშრომლობის გამო შეფარული თავის მართლებაა. ერთ-ერთი მათგანის მიერ მოყვანილი უცხოელი პოლიტიკოსების პარტიიდან პარტიაში გადასვლის მაგალითებიც უადგილოა, რადგან პარტიის ცვლა გამოწვეული იყო არა მერკანტილური, არამედ იდეოლოგიური მოსაზრებით, რომელიც საქართველოს პარტიულ ცხოვრებაში არასდროს მომხდარა.

ხოლო რაც საქართველოში მოხდა, ხდება და მომავალშიც მოხდება, საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლაა და არა პარტიული იდეალებისთვის. პარტიული მიგრაცია, განსაკუთრებით თვალშისაცემია პარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში. მას ისეთი აჟიოტაჟი ახლავს, როგორიც ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას (სატრანსფერო პერიოდს) ევროპაში. იქ კლუბები ყიდულობენ ფეხბურთელებს. აქ კი თვით ე.წ. პოლიტიკოსები სთავაზობენ თავიანთ თავს პარლამენტში გამსვლელ პარტიას. ორივე შემთხვევაში ფული ტრიალებს: პირველში _ ბევრი, მეორეში _ ნაკლები, მომავალი პარლამენტარის “პოლიტიკური წონიდან” გამომდინარე.

ბატონობის 9-წლიან პერიოდში ნაციონალებმა უდიდესი ტკივილი მიაყენეს ქვეყანას და დაიმსახურეს ყველაზე ნეგატიური სიტყვები, რომლებიც კი, საერთოდ, მოიპოვება ქართულ ლექსიკაში. თავიანთი აღვირახსნილობით, სისასტიკით, ჯალათური პოლიტიკით ეს პარტია იმსახურებს კანონგარეშედ გამოცხადებას და, აქედან გამომდინარე, რიგი ღონისძიებების გატარებას მის წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ მოხდა “ფრენია პოლიტიკოსების”, გაუმართლებლად შემნდობი ხელისუფლებისა და ხალხის გამო. დაუსჯელობა კი დასასჯელში იწვევს განცდას, რომელსაც ჰქვია “მართალი ვიყავი და ვარ”!

როდესაც მავანი ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად იყოო, ის “ყოფნა” კრიმინალს არ უნდა უკავშირდებოდეს. ასეთ “ყოფნას” გამართლება არ აქვს, მაგრამ რა უნდა მოვთხოვოთ პარტიულ და ექსპერტულ წვრილფეხობას, როდესაც მსხვილფეხა მამა-მარჩენალიც იმავეს ამბობს.

“ორწელიწად-ნახევარი ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავდით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში”, _ განაცხადა ივანიშვილმა. ორწელიწად-ნახევარი საკმაო დროა ისეთი ადამიანის გამოსააშკარავებლად, როგორიც სააკაშვილი იყო.

“არ დავხმარებივარ”, – თქვა ივანიშვილმა, მაგრამ ცნობილია, რომ მან სააკაშვილის დედასა და მეუღლეს ხელი გაუმართა, ცხადია, მილიონებით. “წინასწარმეტყველმა” ბიძინამ ვერ დაინახა ის საშინელებები, რომლებსაც სააკაშვილი სჩადიოდა პირველი სამი წლის განმავლობაში. ხალხი, რომელსაც პიროვნების ამოცნობის პრეტენზია არ აქვს, მით უმეტეს, წინასწარმეტყველების, რასაც ივანიშვილი იჩემებს, უმალ მიხვდა, სააკაშვილისა და “ნაცების” სახით, ვისთან ჰქონდა საქმე.

მიხვდა, მაგრამ გვიანი იყო, საპროტესტო გამოსვლებიც მოაწყო, მწვავე მიტინგებიც, კარვებიც დასცა, მაგრამ ისეთი გამყიდველების გამო, როგორებიც იყვნენ ძმები გაჩეჩილაძეები და სხვები, ვერაფერს მიაღწია.

2007 წლის ბობოქარ შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილი მხარში ედგა სააკაშვილს და არ იშურებდა ძალას, არც ფულს ნაცისტური რეჟიმის გასამყარებლად. რომ არა ივანიშვილი და მისი ფული, სააკაშვილის რეჟიმი მალე დალევდა სულს.

შეგნებულ საზოგადოებას ივანიშვილის იმჟამინდელი ქმედება, ერთი ანდაზის მსგავსად: “მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ” _ სხვაგვარად, ანუ ნეგატიურად აქვს აღქმული. ივანიშვილი ისეთივე გაკიცხვას იმსახურებს, როგორც “ნაცი” სააკაშვილი.

გაიხსენეთ ნიურნბერგის პროცესი: დამნაშავე “ნაცებთან” ერთად, განსასჯელის სკამზე მსხდომი გერმანელი მეწარმეები. მათ “ნაცების” მიერ ჩადენილ დანაშაულში ედებოდათ ბრალი, ანუ “ნაცებისთვის” ფინანსურ დახმარებაში. ივანიშვილს თავის ქება ვერ გაამართლებს, ვინაიდან უდიდესი წვლილი მიუძღვის სააკაშვილისა და “ნაცების” დახმარებაში. რაც მთავარია, ხელისუფლების დათმობის შემდეგ კოჰაბიტაციის მოტრფიალე სწორედ ივანიშვილი იყო, რომელმაც ძალა არ დაიშურა “ნაცების” გადასარჩენად.

საზოგადოებას კარგად ახსოვს ივანიშვილის მიერ “ნაცების” სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები. მან აიძულა “ოცნების” მარიონეტი ხელისუფლება, ისე ემოქმედა, თმის ღერი არ ჩამოვარდნოდა “ნაცებს” თავიდან.

ცხადია, დღეს ხელს არავის აძლევს, “გუშინ ვინ სად იყოს” გახსენება, ვინაიდან ყველა იქ იყო, სადაც თვლიდნენ, რომ უნდა ყოფილიყვნენ. თავის გასამართლებლად იმასაც ამბობენ, სააკაშვილის პირველი წლები წარმატებული იყოო, პრეზიდენტის, რომელმაც მმართველობის პირველივე დღიდანვე სასტიკი რეპრესიები დაიწყო.

ივანიშვილი ებრძვის საკაშვილს პირადი შეურაცხყოფის გამო, მაგრამ ნაკლებად _ “ნაცებს”. მან გადაარჩინა “ნაცები” და ისეთი ვითარება შექმნა, უარესს მტერიც რომ ვერ ინატრებდა. ივანიშვილმა ამომრჩეველი მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა _ ან “ოცნება”, ან “ნაცები”. დანარჩენი, მისივე თქმით, “გაიკრიფა”. ხალხს არ უნდა უსაქმური “ოცნების” არჩევა, მაგრამ რა ქნას? არ აირჩევს “ოცნებას” და ნაციონალები დაბრუნდებიან. ძალაუნებურად “ოცნებას” უნდა მისცეს ხმა. ეზიზღება, მაგრამ მაინც ის ურჩევნია ბოროტ “ნაცებს”.

ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რომელიც მძიმე უღელივით აწვება ხალხს. ამასთანავე, ეს სისტემა გააპიარა კიდეც _ გამუდმებული ლაპარაკით, რა კარგი და საამურია მის მიერ შექმნილი სისტემა, რაოდენ დიდ წარმატებებს მიაღწია “ოცნებურმა” მმართველობამ. რა კარგად ცხოვრობს ხალხი დღეს, ვიდრე 4 წლის წინათ ცხოვრობდა.

“2012 წლამდე 137-ე პოზიცია ეჭირა საქართველოს და ბოლოდან მე-6 ადგილზე ვიყავით მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით. დღეს საოცარი გარდატეხა მოხდა. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა ბელგია, ირლანდია, აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იაპონია”, _ ამბობს ივანიშვილი.

აი, რას ნიშნავს ეკონომიკურად “უზომოდ” განვითარებული ადამიანი. ჩვენ, ეკონომიკურად განუვითარებლებმა, ჩვენსავე ზურგზე გამოვცადეთ სააკაშვილის 9-წლიანი “წინსვლა” და “ოცნების” 4-წლიანი “მიღწევები”.

ივანიშვილის ნათქვამი მხოლოდ ხელისუფლების კეთილდღეობას ეხება და არა ქვეყნის. სწორედ ამაში გაუსწრო საქართველომ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს. საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის უდავოდ შემაშფოთებელია იმ პირისგან ესოდენ დაუჯერებლის მოსმენა, რომელსაც 4 წლის წინათ მხსნელად მიიჩნევდა.

პატივცემულო მკითხველო, ობიექტურად შეაფასეთ ივანიშვილის ნათქვამი და, თუ ასე მოიქცევით, მიხვდებით, რაში “გაუსწრო” საქართველომ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს. იქნებ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც მოწინავე ქვეყნის წარმომადგენელი, ესწრებოდა ჩინეთში გამართულ “დიდი ოცეულის” შეხვედრას და ჩვენ ვერ დავინახეთ?

ივანიშვილის ნათქვამი ტყუილსაც აღარ ჰგავს. ეს ავადმყოფური აზრის ნაყოფია და ავადმყოფს მკურნალობა სჭირდება.

“გადით ქუჩაში, ამერიკაში ჩაგიყვანთ და გაჭირვებულებს ყველგან გაჩვენებთ. გვაქვს რეალური შანსი იმისა, რომ 2030 წელს ასეთი ქვეყნების მსგავსი ეკონომიკა გვქონდეს”, _ აცხადებს ივანიშვილი.

სად არის ლოგიკა? თუ დღეს ზემოაღნიშნულ ქვეყნებს ვუსწრებთ, რა შუაშია 2030 წელი?

აშშ-ი არიან ღარიბ-ღატაკები, ისეთებიც, რომლებიც ნაგავში იქექებიან, უსახლკაროებიც, ნარკომანებიც და ა.შ., მაგრამ იქაური ღარიბ-ღატაკების ცხოვრების პირობები და სოციალური მდგომარეობა იმ ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ფენებთან არის შეფარდებული და არა სხვა ქვეყნების ღარიბ-ღატაკებთან.

თუ ამ პარამეტრებით შევადარებთ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების (არა საქართველოს) მოქალაქეებს, დავინახავთ აშშ-ის უპირატესობას. სახელმწიფოს მიერ უმუშევართა დახმარება მრავალსაფეხურიანია და თვეში 1500 დოლარს აჭარბებს, ეს გაცილებით ნაკლებია იქაური სხვა სოციალური ფენების თვიურ შემოსავალზე, მაგრამ მეტია, ვიდრე სხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, სადაც დღიური შემოსავალი 1.5 დოლარს არ აღემატება.

კანადაში არის ქალაქი ვანკუვერი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პირველობას არვის უთმობს საამური ცხოვრების თვალსაზრისით. ვანკუვერი პირველია მსოფლიოში ცხოვრების პირობებით, სოციალური მდგომარეობით, კომფორტულობით, მოქალაქეთა მაღალი შემოსავლებით და ა.შ.

მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი ამ ქალაქს. ღამით სეირნობისას თავი ამოვყავი ცენტრიდან არცთუ მოშორებულ უბანში _ ჭუჭყიანში, უსახლკაროებითა და მათხოვრებით, ნარკომანებით სავსეში. შემზარავი იყო იქაურობა, რომელმაც უმალ დამავიწყა დანარჩენი გაქათქათებული ვანკუვერი.

ამ უბნის მნახველს უმალ გაუჩნდება გაოცება და სიბრაზე ქალაქის მესვეურთა მიმართ. და როდესაც ჩემი ნეგატიური შთაბეჭდილების შესახებ ვუთხარი მასპინძლებს, ამიხსნეს: იმ უბანში მცხოვრებ “ლუმპენებს” სახელმწიფომ უფასო ბინებიც მისცა, თვიური დახმარებაც _ ფულის სახით, სხვა სოციალური პირობებიც აქვთ შექმნილი, მაგრამ მათ ისეთი ცხოვრება სურთ, როგორიც აქვთ, ხელისუფლებამ მისცა გამოსწორების საშუალება, მაგრამ ისინი ძველებურად განაგრძობენ ცხოვრებასო.

ვანკუვერის ზერელე დამთვალიერებელს, ისევე, როგორც ივანიშვილს ამერიკაზე, უდავოდ შეექმნება შთაბეჭდილება, რომ კანადაში ღარიბ-ღატაკი ბევრია, თუმცა იქაური ღარიბ-ღატაკის თვიურ შემოსავალს საქართველოს საშუალო ფენა (რომელიც შესაქმნელია), 2030 წლისთვისაც ვერ ეღირსება.

“ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში აქვს, არასდროს ჰქონია, _ განაცხადა ივანიშვილმა გურიაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას და დასძინა, _ ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდის ტემპით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორც რეგიონში, ისე ევროპაში”.

ადამიანთან, რომელსაც თავში აქვს ჩადებული მცდარი მოსაზრება, მით უმეტეს ისეთ ადამიანთან, როგორიც ივანიშვილია, შეპასუხებაც არ ღირს, რადგან ვერაფერს შეაგნებინებ და გუნება-განწყობილებასაც გაიფუჭებ.

ივანიშვილი ნარცისია, საკუთარ თავზე შეყვარებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ასეთთან კამათს აზრი არ აქვს და ეს საზოგადოებამ უნდა შეიგნოს. მან სხვა თვალით _ საღით უნდა შეხედოს იმ გაუსაძლის პირობებს, რომლებიც “ნაცებისა” და “ოცნების” “ძალისხმევამ” გვარგუნა, შეაფასოს ვითარება და დასვას უმარტივესი კითხვა _ რა უფლება აქვს ივანიშვილს, ხელი აფათუროს ქვეყნის პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ცხოვრებაში ისე, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი იყოს?

ივანიშვილი არ არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი. მას არავითარი თანამდებობა არ უკავია, არც პარტიის ლიდერია. მაშ, ვინ არის, ასე თავდაჯერებით რომ ილაპარაკოს ქვეყანაზე?

საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ პოლიტიკური ცხოვრება, მით უმეტეს, ქვეყნის ყოფნა-არყოფნა ვიღაც კერძო პირზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ აშენდება.

ივანიშვილის მიერ მოყოლილი ზღაპრები ზღაპრებად დარჩება და ასე გაილევა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნის ცხოვრება. ივანიშვილმა რაც იცის, ეს არის საკუთარი ბიზნესის მართვა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის თუნდაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ივანიშვილის მმართველობა ფეოდალური პერიოდის გამეორებაა _ მოჯამაგირედ ქცეული ხელისუფლებითა და ხალხით. ასეთი საქართველო ვერც ევროკავშირში შევა და ვერც -_ ნატოში. და რაც მთავარია, ასეთი საქართველო პროგრესს ვერ ეღირსება.

———————-

„რეზონანსი“, 16 სექტემბერი, 2016 წელი

ვის აძლევს ხელს ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურება // ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას წელს ვერ მივიღებთ

თაკო მათეშვილი

ვიზალიბერალიზაციის პროცესის კიდე უფრო გაჭიანურება ანტიდასავლური და პრორუსული პარტიების წისქვილზე ასხამს წყალს – ამგვარად აფასებენ სპეციალისტები იმ ფაქტს, რომ ევროსაბჭოში აღნიშნული საკითხის განხილვა 11 ოქტომბრისათვის ჩაინიშნა.

მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი პროდასავლურ პარტიებს და მით უმეტეს სახელისუფლებო პარტია “ქართულ ოცნებას” საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციაში ჩააყენებს, რადგან მათ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისათვის ვიზალიბერალიზაციის მიღებით თავის მოწონების საშუალება წაერთვათ. მით უმეტეს, ხელისუფლებაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველანაირი პროცედურის დასრულება სექტემბერში მოესწრებოდა და არჩევნებამდე გადაწყვეტილებაც იქნებოდა მიღებული.

პოლიტოლგების ნაწილი დარწმუნებულია, რომ გადადების მთავარი მიზეზი სწორედ არჩევნებია და ევროპელებს სურთ დარწმუნდნენ, რომ საქართველოში პროცესი დემოკრატიის ჩარჩოებს არ გასცდება. ისინი ამბობენ, რომ ისინი არჩევნებს დააკვირდებიან, ნახავენ, თუ რამდენად მშვიდ გარემოში ჩატარდება იგი და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ. განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე 11 ოქტომბერს იმსჯელებენ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელენა ზერკალმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განხილვა ევროკავშირის იუსტიციისა და შიდა საქმეების მინისტრების შეხვედრაზე გაიმართება.

“ფაქტობრივად, უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ტექნიკურ მხარეზე შეკითხვები არ არსებობს. დაბრკოლებას წარმოადგენს საკითხი, თუ როგორ გადაწყვეტენ ერთმანეთში პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, ვინ იქნება მთავარი უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხში, რადგან ახლა ამ საკითხზე მათ შორის დიდი დავა მიმდინარეობს”, – განაცხადა ელენა ზერკალმა.

მოგეხსენებათ, უვიზო რეჟიმის შემოღებას ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ზაფხულში ელოდნენ, თუმცა ივნის-ივლისში პროცესი გარკვეული მიზეზების გამო გაჭიანურდა (მათ შორის გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თავშეკავებული პოზიციის გამო, რის მიზეზადაც გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის მოხშირება სახელდებოდა). მოგვიანებით ეს საკითხი მოგვარდა, თუმცა საზაფხულო შვებულებების გამო პროცესი შეჩერდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ირწმუნებოდნენ, რომ სექტემბრის დასაწყისში, მუშაობის განაახლებისთანავე ევროპარლამენტი და ევროსაბჭო პირველივე სხდომებზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავდნენ. გადაწყვეტილება ჯერ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (დშიუ) უნდა მიეღოთ, შემდეგ – პლენარულ სხდომაზე.

ამით პარლამენტი აღნიშნულზე მუშაობას დაასრულებდა და საკითხი ევროკავშირის საბჭოში გადავიდოდა. შემდგომ გადაწყვეტილებას თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად მოაწერდნენ ხელს. იგი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში  გამოქვეყნდებოდა და გამოქვეყნებიდან 3 კვირაში ძალაში შევიდოდა.

პროცესი მართლაც დაიძრა – 6 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (დშიუ) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. თუმცა შემდეგი განხილვა 11 ოქტომბერს ჩაინიშნა.

რატომ შეიქმნა ვიზალიბერალიზაციის პროცესში პრობლემები კიდევ ერთხელ მაშინ, როცა ხელისუფლებაში ამას კატეგორიულად გამორიცხავდნენ, უცნობია. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს თავისი გასაკეთებელი დიდი ხანია გაკეთებული აქვს და რომ ამასთან დაკავშირებით შენიშვნები არ არსებობს.

“ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის მონიჭებას არანაირი წინააღმდეგობა აღარ შეხვდება. ასე რომ, დასრულება სექტემბერს არ გადაცდება. როდიდან ამოქმედდება, ეს უკვე სხვა საკითხია. ალბათ ოქტომბრის ბოლოდან, ან ნოემბრიდან. ამოქმედებამ შესაძლოა ჩვენი არჩევნების შემდგომ გადაიწიოს, მაგრამ ის, რომ დადებითად გადაწყდება, არანაირ ეჭვს არ იწვევს,” – ეს განცხადება ჩვენთან საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა სამიოდე კვირის წინ გააკეთა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ევროპელების გადაწყვეტილებას არ გაუოცებია. ამბობს, რომ ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ბოლო პერიოდში საქართველოში ჩამოსული თითოეული პარტნიორი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმას, რომ ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

“მთავარი მიზეზი არჩევნებია. უნდა ნახონ, როგორ ჩატარდება იგი. ყველა, ვინც საქართველოში ჩამოდის, გვაფრთხილებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს და როგორც ჩანს, ევროპაში ეჭვი აქვთ, რომ ასე არ იქნება,” – ამბობს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის საბოლოო ამოქმედებისათვის საჭირო ყველა პროცედურა სექტემბერშივე მოესწრებოდა შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და მეტიც – რომ არა მათი უნდობლობა, ყველაფერი ივნის-ივლისშივე დასრულდებოდა.

“ჯერ კიდევ სამი თვის წინ დაიდო დასკვნა, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა. თუ ყველა მოთხოვნა შეასრულა, გამოდის, რომ ეს ბერკეტია მათ ხელში, რათა არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა შთაბეჭდილებით მიდიან აქ ჩამოსული სტუმრები, რომლებიც ოპოზიციასაც ხვდებიან. გარდა ამისა, იქამდეც ხომ ჩადის აქაური ინფორმაცია. ხედავენ, რომ ამ ფარულ მოსმენებს ვერა და ვერ მოეღო ბოლო,” – აცხადებს სოსო ცინცაძე. მისივე თქმით, აღნიშნული სიახლე ყველა იმ პარტიას გაახარებს, ვინც დასავლეთისაკენ არ ისწრაფვის, რადგან ამით მათ ამომრჩევლებში ევროპისადმი უნდობლობის დათესვა და გაღვივება შეეძლებათ.

“ე.წ. პრორუსული ძალები ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ. პრორუსული ისაა, ვინც საქართველოში რუსული სამხედრო ბაზის შემოყვანას მოითხოვს. ის, ვინც მასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობს, პრორუსული არაა, თუმცა ვიზალიბერაიზაციის გადადება წყალს მათ წისქვილზეც ასხამს. შეუძლიათ თქვან, რომ ევროპას ჩვენი არ სჯერა,” – დასძენს პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშიძე კი ტყუილს უწოდებს პოლიტიკოსების უწინდელ დაპირებებს იმის თაობაზე, რომ არჩევნებამდე ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასრულდებოდა და ამბობს, რომ ამას წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოსაგებად აკეთებდნენ. “რომ ამბობდნენ სექტემბერში მოესწრებაო, სისულელეს იძახდნენ. ახლა თუ იტყვიან, ოქტომბერში იქნებაო, ეგეც სისულელეა, წინასწარ ვამბობ. საწაული თუ არ მოხდა, წელს ამის არანაირი შანსი არ იქნება,” – აცხადებს იგი. მისი აზრით, ეს საკითხი არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას მაინც ვერ იქონიებს, რაგდან პრორუსულად მიჩნეული პარტიების რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ პარლამენტში შესვლაში მათ ესეც კი ვერ დაეხმარებათ. “პრორუსული პარტიები მითია და ისიც მითია, რომ თუკი ვიზალიბერალიზაციას არ მოგვცემენ, ეს დასავლურ პარტიებს “დაარტყამს”. ჩვეულებრივი ზღაპარია. ჩვენი ხელისუფლება ევროპელებს იმას თუ ეუბნება – ვიზას თუ არ მოგვცემთ, პრორუსული პარტიები მოვლენო, აუცილებლად კითხავენ – ვინ არიან საქართველოში პრორუსული პარტიები, რა რეიტინგი და შანსები აქვთ მათ. ბოლოს დაებადებათ კითხვა – შემთხვევით “ოცნება” ხომ არაა პრორუსული პარტია? თუ ამ ზღაპარს უყვებიან ევროპელებს, ეს არანაირად არ იმუშავებს,” – მიიჩნევს პოლიტოლოგი.

პოლიტიკოსებს ვიზალიბერალიზაციასთან, ევროინტაგრაციასთან, ნატოსთან და სხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული, გადამეტებულად ოპტიმისტური განცხადებებისაგან თავის შეკავებას ურჩევს “კავკასიური სახლის” ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გიორგი კანაშვილი. ამბობს, რომ უპრიანი არც კონკრეტულ თარიღებზე საუბარია და დასძენს, რომ ამით საზოგადოებაში არასწორ მოლოდინს ქმნიან, რაც შემდგომ მათ განწყობებზე ნეგატიურად აისახება.

“მერე უკვირთ, საიდან ჩნდება ხალხში ევროსკეპტიციზმი და სენტიმენტები რუსეთის მიმართ. ზუსტად აქედან მოდის. რა თქმა უნდა, ევროსკეპტიკურად ან პრურუსულიად განწყობილი ძალებისათვის ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, რათა ხალხს უთხრან, რომ ევროინტეგრაცია უპერპსექტივოა და ამ მიმართულებით განსაკუთრებული პროგრესი არც ამჯერად იქნება. “ეს მათთვის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია. არ მგონია, ამან პროცენტებზე განსაკუთრებული ასახვა ჰპოვოს, მაგრამ გარკვეულწილად მაინც აუცილებლად იმოქმედებს,” – დასძენს გიორგი კანაშვილი.

Comments are closed