„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ…“ // „ჩვენ კონსტიტუციას იმ კოსტიუმივით ვექცევით, რომლის გადაკეთებასაც პატრონი ყველა სეზონზე იმის მიხედვით ცდილობს, თუ რა არის მოდური…“ // „ქალაქის მართვაში უამრავი პრობლემაა“
—–
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ქართული ოცნება“ კახა კალაძეს საბოტაჟს უწყობს“ // „მაღალი ლეგიტიმაციით არჩევის შემთხვევაში, კახა კალაძის გარშემო შესაძლოა ალტერნატიული ძალის ცენტრი ჩამოყალიბდეს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ოპოზიცია ხალხს ვერ გამოიყვანს“ // „თბილისის საკრებულო-მერიის გარშემო განვითარებული მოვლენებით „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან: „ვცდილობთ, შევაკავოთ ხელისუფლება, რომელიც თავისი გზით მიერეკება“
—–
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან: „დოკუმენტები, თუ რა დამსახურებისთვის მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება, გამქრალია“ // „წლების წინ ვანო მერაბიშვილს დავპირდი, სასამართლო დარბაზში მოგიყვან-მეთქი, მიშასაც იგივე ვუთხარი და პირობას აუცილებლად შევასრულებ“
„კვირის პალიტრა“: „ეკონომიკის მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი“ // „საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში მთელ ევროპაში, შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ყველა ქვეყანაზე სწრაფად გაიზრდება“
„კვირის პალიტრა“: საუდის არაბეთის ინტერესები საქართველოში
—————–
„კვირის პალიტრა“, 16 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ…“ // „ჩვენ კონსტიტუციას იმ კოსტიუმივით ვექცევით, რომლის გადაკეთებასაც პატრონი ყველა სეზონზე იმის მიხედვით ცდილობს, თუ რა არის მოდური…“ // „ქალაქის მართვაში უამრავი პრობლემაა“
ნათია დოლიძე როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით დასძლია. შესაბამისად, არ გაიზიარა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც 6 პუნქტად იყო გაწერილი. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ნაწილმა კი მხარი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაუჭირა. მოკლედ, მიღებულია კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელსაც ოპოზიცია ერთპარტიულ დოკუმენტად აფასებს, ხელისუფლება კი ახალი ცვლილებებისთვის ემზადება. ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება:
- ბატონო სანდრო, პრეზიდენტის მტკიცებით, მისი ვეტო და მას დართული მოტივირებული შენიშვნები ასახავ
და როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის კრიტიკულ მოსაზრებებს, თუმცა, ეს ე.წ. თანხმობის ვეტო საპარლამენტო უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა...
- ნება მიბოძეთ, სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებდე, ვისარგებლო შემთხვევით და გულისტკივილი გამოვთქვა ყველასთვის საყვარელი მსახიობის, უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ხომ ცხადზე ცხადი იყო, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობა ამ ვეტოს დასძლევდა. ეს მშვენივრად იცოდა პრეზიდენტმაც. ამ მოტივირებული შენიშვნების გაზიარება უმრავლესობის დაშლას ნიშნავდა. მოგეხსენებათ, მთავარი უთანხმოება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეეხებოდა საარჩევნო წესის ცვლილებას – პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა ოპონენტებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2020 წელსვე უნდა გადავიდეს, ამას კი ეწინააღმდეგებიან მაჟორიტარი დეპუტატები. შესაბამისად, “ქართული ოცნება” თუ პრეზიდენტის ამ შენიშვნას გაიზიარებდა, მაშინ უმრავლესობა, დიდი ალბათობით, დაიშლებოდა. პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენა წმინდა პოლიტიკური მიზნით და არა იმისთვის, რომ კონსტიტუცია გაუმჯობესებულიყო.
- გაბედავდნენ კი მაჟორიტარი დეპუტატები ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმას? გავიხსენოთ, მათი დიდი ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც იყო პარლამენტში და წარმოუდგენელია, მათ იმ დროს ასეთი დემარში გაებედათ…
- გეთანხმებით, მაგრამ ქვეყანაში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი. მაშინ ისინი სააკაშვილის რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლნი იყვნენ. დღეს ამგვარი ზეწოლისგან გათავისუფლდნენ, შესაბამისად, შიშიც გაუქრათ. დღეს ჩვენ აშკარად სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. მათ საკმაოდ ადვილად აუღეს ალღო ამ ცვლილებებს, შესაბამისად, ახერხებენ საკუთარი ინტერესების დაცვასაც და გავლენის მოპოვებასაც.
დღეს ბევრი ოპოზიციური ძალა ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. მე ამ კრიზისს ვერ ვხედავ. არიან ხელმოცარული პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ჰგონიათ, რადგან ხელისუფლებაში ვერ მოდიან, ქვეყანა ინგრევა.
ვფიქრობ, ქვეყანა სტაბილურად ცხოვრობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კარგად ვცხოვრობთ ან რასაც მთავრობა აკეთებს, ყველაფერი სწორია. მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ქვეყანაში აშკარად არ არის პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ახერხებს ქვეყნის მართავს, კარგად თუ ცუდად, ეს სხვა საქმეა.
- საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით ეს არ დასრულებულა, რადგან საზოგადოებისა და ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობის თანახმად, რამდენიმე ცვლილება კიდევ უნდა შევიდეს, რისთვისაც პროცესი ხელახლა უნდა დაიწყოს. ვითარება ტრაგიკომიკურად შეაფასა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ და განაცხადა: “ამ ყველაფრის მიზეზი ბევრი რამ არის, მათ შორის არაკომპეტენტურობა, პოლიტიკური გამოუცდელობა, კონსტიტუციის ჭრა-კერვის მახინჯი ტრადიცია და ა.შ.”. თქვენ როგორ შეაფასებთ შექმნილ ვითარებას?
- ამ ყველაფერს მთლიანად დავაბრალებდი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოუცდელობას, რომელიც საკონსტიტუციო კომისიასაც ხელმძღვანელობდა. ის ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე და არ უსმენს მრჩევლებს.
რატომღაც ჰგონია, ყველა რჩევა ცუდია. რა თქმა უნდა, ის, რაც ბოლოს მოილაპარაკეს ვენეციის კომისიასთან და რაზეც შეთანხმდნენ, შესაძლებელი იყო გაცილებით ადრე განხილულიყო და სანამ ორი მოსმენით მიიღებდნენ კანონპროექტს, მანამდე გაეთვალისწინებინათ. ახლა სწორედ იმიტომ არის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელახლა მუშაობა, რომ სულსწრაფობა გამოიჩინეს. აშკარად შეცდომა დაუშვეს და ახლა იძულებული არიან, გამოასწორონ. რას ვიზამთ, კონსტიტუციაში 1000-ზე მეტი ცვლილება უკვე შესულია და როგორც ჩანს, ეს ჭრა-კერვა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ჩვენ კონსტიტუციას იმ კოსტიუმივით ვექცევით, რომლის გადაკეთებასაც პატრონი ყველა სეზონზე იმის მიხედვით ცდილობს, თუ რა არის მოდური…
აშშ-ის კონსტიტუციაში მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ რაღაც 53 შესწორებაა შესული; საფრანგეთში, როცა კონსტიტუცია იცვლებოდა, იცვლებოდა რესპუბლიკაც. მას მერე, რაც მე-5 რესპუბლიკა დაფუძნდა, კონსტიტუციაში ერთი მძიმეც კი არ ჩამატებულა. კარგი იქნებოდა, უფრო ფაქიზად ვეპყრობოდეთ ქვეყნის ძირითად კანონს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი საზოგადოება ვართ, სიბრძნე გვაკლია, ამიტომაც ხდება ეს.
როგორც ვატყობ, კონსტიტუცია კიდევ არაერთხელ შეიცვლება. ის რედაქცია, რაც დღეს მიიღეს, ჩემი აზრით, კარგი ნამდვილად არ არის. არ მომწონს საარჩევნო სისტემა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის შემდეგ არათუ არჩევნების შერეულ წესს დავუბრუნდებით, არამედ ქვეყანა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავა. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ჩვენ ვენეციის კომისიამ თავის დროზე პროპორციული სისტემა მოგვახვია თავს. ამით ვითომ პოლიტიკური პარტიები უნდა გაძლიერებულიყვნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამან უკიდურესად დაასუსტა.
- არჩევნებამდე ერთი კვირაც აღარ რჩება, თუმცა, კვლავაც უღიმღამო პროცესს ვადევნებთ თვალს, თუ არ ჩავთვლით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პროცესების რადიკალიზაციის მცდელობას...
- სამწუხაროდ, რასაც ვამბობდი, ახდა და “ქართული ოცნება” უალტერნატივოა ამ არჩევნებზეც, საზოგადოება კი უკიდურესად ნიჰილისტურადაა განწყობილი.
შექმნილი ვითარება შეიძლება რამდენიმე მიზეზით ავხსნათ: პირველი – ოპოზიციური ძალები გრძნობენ, რომ მარცხისთვის არიან განწირული და თავს დიდად აღარ იწუხებენ.
მეორე და მთავარი მიზეზი კი ის მგონია, რომ ჩვენში ადგილობრივი თვითმმართველობა წმინდად ფორმალურია. ყველაფერი წყდება ცენტრალურ ხელისუფლებაში. ვინც უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებაში, მუსიკის დამკვეთი ცენტრალური მთავრობაა. რატომ? იმიტომ, რომ არასწორად არის საბიუჯეტო სისტემა აწყობილი. ადგილობრივი ხელისუფლებები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტრანსფერებზე არიან დამოკიდებული. ეს აბსოლუტურად არასწორია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ცენტრალური მთავრობა ადგილობრივი მთავრობების კეთილ ნებასა და რეგიონებიდან წამოსულ ტრანსფერებზე დგას.
აქედან გამომდინარე, ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი ნება არა აქვს, თან 8 ქალაქს წაართვეს მერების არჩევის უფლება, რაც, ჩემი აზრით, უკან გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, კანონი არ უნდა ცნობდეს პრეცედენტს – თუ მერს ვირჩევთ თბილისში, ის უნდა აირჩიონ ყველა სხვა ქალაქშიც. ჩვენ ოდესმე მივალთ აქამდე. ასევე მივალთ ჩვენი კონსოლიდირებული ბიუჯეტის სისტემის გადახედვაზე. სანამ ეს არ მოხდება, საქართველოში ფორმალურად იარსებებს თვითმმართველობა.
თავის დროზე ვთქვი, ელექტორატის აქტივობა ამ არჩევნებზე ძალიან დაბალი იქნება-მეთქი, დღეს ამ აზრზე უფრო მყარად ვდგავარ.
- შედარებით მეტ ინტრიგას ინარჩუნებს თბილისის მერის არჩევნები. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დედაქალაქში მეორე ტურამდე მივა საქმე...
- გაცილებით მძაფრ დაპირისპირებას ველოდი თბილისში. ძალიან მინდა საქმე მივიდეს მეორე ტურამდე, რაიმე პიროვნული ინტერესის გამო კი არა, ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე – დემოკრატიისთვის ყოველთვის კარგია ამგვარი გამოცდილება, მეორე ტური ხომ ჯანსაღი კონკურენციის ნიშანია. არჩევნებამდე ერთი კვირაც აღარ რჩება და მე რეალურ საარჩევნო კამპანიას ვერ ვხედავ. როგორც უკვე გითხარით, ვიმედოვნებ, რომ მეორე ტური იქნება, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ამას სულ უფრო და უფრო სკეპტიკურად ვუყურებ.
თუ თბილისში მეორე ტური გაიმართება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ქვეყანა ჩალით არ არის დახურული, რიგითი მოქალაქეები კი დაიჯერებენ, რომ მათ გადაწყვეტილებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ბევრი რამ. ზოგიერთი კი წაიტეხს კბილებს და იმედია, ისწავლის ჭკუას.
ორიოდე სიტყვა მმართველი პარტიის კამპანიაზე მინდა ვთქვა, რაც გადაჭარბებული მგონია. ხომ იცით, ყავას თუ დიდხანს ადუღებ, გაგიფუჭდება, მისი გადადუღება არ შეიძლება. ამდენი ბილბორდი, კლიპი, გადაღებილი ავტობუსი. ზედმეტობა ამომრჩეველს ნერვებს უშლის. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. მე კვლავაც ჩემს აზრზე ვრჩები, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, რომელსაც სისხლსა და ხორცში ექნება გამჯდარი თბილისის პრობლემები.
ქალაქის მართვაში უამრავი პრობლემაა. შეხედეთ, მთელი 4 წელიწადი ისე გავიდა, მოძრაობა ოდნავადაც ვერ გააუმჯობესეს. მთელი 4 წელი წყვეტდნენ, რომ საჭირო იყო მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა და გაკეთებისთვის კი ვერ მოიცალეს. 4 წელი მხოლოდ ილაპარაკეს “სითი პარკზე” და ვერაფრით გააგდეს ეს საშინელი კომპანია.
- “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართა და კიდევ იმუქრებიან, ამის მიზეზი კი გახდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის ორი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემა, რის თაობაზეც გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ გასულ კვირას მიიღო...
- მოდი, ჯერ ვილაპარაკოთ იმ საკითხზე, რასაც აპროტესტებენ. ავიღოთ პუშკინის სკვერის ტერიტორია, სადაც მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად კარგა ხანს ეძებდნენ ინვესტორს, ვერავინ მონახეს და ისევ ბიძინა ივანიშვილს მიადგნენ. როდესაც საინვესტიციო პროექტი არსებობს და ეს მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ნებისმიერ ქვეყანაში მიწას ინვესტორს უფასოდ გამოუყოფენ ხოლმე.
ამაში ვერანაირ დანაშაულს ვერ ვხედავ. მეორე – ავიღოთ თაბორის მთა, სადაც უზარმაზარ პროექტზეა ლაპარაკი. აქ პრობლემას იმაში ვხედავ, რომ საზოგადოებას არაფერს უხსნიან. ადამიანებს უნდა აჩვენო, რის გაკეთებას გეგმავ, იკითხო მისი აზრი… ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ქალაქი და მისი მოქალაქეები კი ვრჩებით. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ პროექტებით, არ უნდა ვიცოდეთ, რას გეგმავენ?
რაც შეეხება იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბევრს ყვირის ამაზე, მაშინ სად იყვნენ, ეს სიმახინჯე მწვანე კოშკი რომ აშენდა შუა ქალაქში? რატომ არავინ იღებდა ხმას? ან მათი მმართველობისას რომ დამახინჯდა და რკინაბეტონის ტყედ იქცა თბილისის არაერთი უბანი, მაშინ ვერ ხედავდნენ ამ პრობლემებს?
ხალი ხელისუფლების მოსვლის მერეც არანაკლები ხდება. გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. ნახეთ, რამდენი ხანი იფიქრეს, პეკინის ქუჩა ცალმხრივი უნდა ყოფილიყო თუ არა. საშინელ არაპროფესიონალიზმს ვხედავ ქალაქის მართვაში. ვინც უნდა მოვიდეს, თუ ეს შეიცვლება, გამიხარდება, მაგრამ რეალურად ამის ალბათობა ძალიან დაბალია.
რაც შეეხება ამ პროცესების პოლიტიკურ მხარეს – “ნაციონალურ მოძრაობას” სხვა გზა არა აქვს, გარდა რადიკალიზაციისა, იქნებ ასე მოახერხოს ცოტაოდენი ამომრჩევლის გადაბირება. რეალურად, ისინი ახლა იბრძვიან ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის შესანარჩუნებლად. ჩემი აზრით, ძალიან არასწორად შეარჩიეს თბილისის მერობის კანდიდატი – ჟურნალისტი, რომელმაც მართვა არ იცის. მათ კონკურენცია უწევთ საკუთარ განაყოფთან, “ევროპულ საქართველოსთან”, რომელიც ინტელექტუალურად თუ სხვა ნიშნით აშკარად ჯაბნის. ამით აიხსნება ნიკა მელიას ძალიან საინტერესო დემარში კეზერაშვილის წინააღმდეგ და უგულავას დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილთან.
- თქვენი აზრით, რატომ მიიღო თბილისის საკრებულომ მიწის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მაინცდამაინც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, როცა ამის გაკეთება შეეძლო მის მერეც. გია ხუხაშვილის თქმით, ამაში მმართველ პარტიაში არსებული წინააღმდეგობებიც შეიძლება დავინახოთ...
- არა მგონია… ვფიქრობ, უფრო ნარმანიას თანამდებობიდან წასვლამდე უნდოდა ქულების ჩაწერა, იჩქარა ამ საკითხის გადაწყვეტა და პოლიტიკურად გაუთვლელი და გაუწონასწორებელი ნაბიჯიც ამიტომ გადადგეს.
- თუ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური იქნება, თქვენი აზრით, ვინ დაუპირისპირდება კახა კალაძეს?
- ვფიქრობ, ამის ყველაზე დიდი შანსი აქვს ალეკო ელისაშვილს. მეეჭვება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მეორე ტურში გასვლა მოახერხოს, დანარჩენების შანსებზე კიდევ უფრო გამიჭირდება რაიმეს თქმა.
- ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ექსპერტთა ნაწილი კიდევ უფრო უიმედო პროგნოზს აკეთებს…
- არა მგონია, უფრო მეტად გაუფასურდეს, თუმცა, ამგვარი რყევები, ალბათ, გაგრძელდება. დამთავრდეს ფინანსური წელი და ამის შემდეგ გავაანალიზოთ ლარის კურსიც და ინფლაციის დონეც. ჯერჯერობით სერიოზული დასკვნების დრო არ მოსულა, შესაბამისად, მაკვირვებს ზოგიერთი ექსპერტის ნაადრევი დასკვნები.
- ჰიპერმარკეტ “გორგიას” მფლობელ გია გორგოშაძის გატაცების მომზადებისა და 5 მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით შს სამინისტრომ 4 პირი დააკავა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს კიდევ ერთი სიმპტომია იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გართულდა...
- ეს შემთხვევა შავბნელი ისტორია ჩანს. კარგია, რომ ამგვარი რამ თუ რეალურად იგეგმებოდა, დროულად აღიკვეთა და პრევენციულად იმუშავეს სამართალდამცავებმა. შევარდნაძის დროს ამგვარი დანაშაული ხშირად ხდებოდა, სრული განუკითხაობა იყო. დღეს ასეთი პროცესებისგან ღმერთმა დაგვიფაროს. არა მგონია, კრიმინოგენული ვითარება მნიშვნელოვნად იყოს გაუარესებული. უბრალოდ, ახლა ყველაფერი ზედაპირზე დევს და არაფერი იმალება, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის მმართველობისგან. მაშინ ძალიან ბევრ რამეს ჩქმალავდნენ. დანაშაული ნებისმიერ საზოგადოებაში ხდება, ყველაფერი რომ იდეალურად იყოს, მაშინ პოლიცია არც დაგვჭირდებოდა.
„ახალი თაობა“, 16 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ქართული ოცნება“ კახა კალაძეს საბოტაჟს უწყობს“ // „მაღალი ლეგიტიმაციით არჩევის შემთხვევაში, კახა კალაძის გარშემო შესაძლოა ალტერნატიული ძალის ცენტრი ჩამოყალიბდეს“
რა პროცესები მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“, რაზე უხუჭავს თვალს ხელისუფლება „ევროპულ საქართველოს“, იქნება თუ არა მომავალშიც ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანი? ამ თემებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი „ახალ თაობას“ ესაუბრება.
- ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერის გადაცემას საზოგადოებაში სერიოზული გულისწყრომა მოჰყვა. თქვენი აზრით, ვის და რატომ დასჭირდა არჩევნების წინ ასეთი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა?
- ის, რაც პუშკინის სკვერის გარშემო ხდება, წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა. ივანიშვილს შესაძლოა დავაბრალოთ, რომ ის ახირებულია, მაგრამ ეს პროექტი მისთვის კომერციული თვალსაზრისით საინტერესო არ არის. ამ პროექტში ძალიან ბევრი ინვესტიციაა ჩასადები. პროექტის დასრულების შემდეგ კი მისი გასაყიდი ფასი დახარჯული თანხის ნახევარი იქნება მხოლოდ. აქედან გამომდინარე, არასერიოზულია ივანიშვილის კომერციულ დაინტერესებაზე საუბარი. ოპოზიცია წმინდა წყლის პოლიტიკურ სპეკულაციას მიმართავს. გამართლებული და სწორი არც „ქართული ოცნების“ ტაქტიკაა. ჩვენ საქმე გვაქვს ან ზღვარგადასულ სიბრიყვესთან, ან მიზანმიმართულ საბოტაჟთან.
- „ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის უწყობს საბოტაჟს?
- საბოტაჟი მის წინააღმდეგ არ ხორციელდება. ის ასეთ შეტევებს მიჩვეულია. საბოტაჟი უფრო კახა კალაძის, როგორც თბილისის მომავალი მერის, მიმართ ხორციელდება. ამაში შეგვიძლია დავინახოთ გარკვეული პოლიტიკური ლოგიკა. „ოცნების“ შიგნით რაღაც ჯგუფები კახა კალაძეს უტევენ. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით თუ ვინმე ზარალდება, ეს არის „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი. ის, რაც პუშკინის სკვერის გარშემო ხდება, არც დავით ნარმანიას დააკლებს რამეს და არც ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ასეთ დარტყმებს შეჩვეულია.
- „ოცნების“ შიგნით რაღაც ჯგუფები კახა კალაძეს ურტყამენო. ეს ვერ გათვალა მერობის კანდიდატმა თუ ამისთვის ხელის შეშლა არ შეუძლია?
- შეიძლება გათვალა კიდევაც, მაგრამ ამ პროცესებს ხელს ვერანაირად შეუშლიდა.
- მოვლენების ეპიცენტრი თბილისის საკრებულოშია. საკრებულოს „ოცნების“ შემადგენლობა ისეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რომ ასეთ რამეს მოიფიქრებს და მერე კახა კალაძეს საბოტაჟს მოუწყობს...
- შეიძლება ეს ამბავი იქ სულაც არ დაიგეგმა და საკრებულო მხოლოდ ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული. საბოტაჟის გარდა, შესაძლოა, საქმე სიბრიყვესთანაც გვქონდეს. „ქართულ ოცნებაში“ სიბრიყვე ხშირად შეიმჩნევა. ასე რომ, რომელი ვერსიაა დამაჯერებელი, ჩემთვის ძნელი სათქმელია. ფაქტი ისაა, რომ ამ ყველაფრიდან, როგორც უკვე გითხარით, კახა კალაძე ზარალდება. როგორც ჩანს, მისი თბილისის მერობა მაღალი ლეგიტიმაციით მმართველ გუნდშიც არ მოსწონთ მაინცდამაინც.
- რატომ არ მოსწონთ, რადგან ის სხვებთან შედარებით უფრო დამოუკიდებელი მოთამაშეა?
- მე არ მგონია, რომ ის დამოუკიდებელი მოთამაშეა, მაგრამ გრძელვადიან პოლიტიკურ პერსპექტივაში ვიღაც შეიძლება კალაძის მაღალ ლეგიტიმაციაში რისკებს ხედავდეს. სუსტი ლეგიტიმაციის შემთხვევაში, მისი გაკონტროლება ბევრად უფრო ადვილი იქნება.
- მაინც რა რისკებს ხედავენ „ოცნების“ რაღაც ჯგუფები კახა კალაძის მაღალი ლეგიტიმაციით არჩევისას?
- მაღალი ლეგიტიმაციით არჩევის შემთხვევაში, მის გარშემო შესაძლოა ალტერნატიული ძალის ცენტრი ჩამოყალიბდეს. გრძელვადიან პოლიტიკურ პერსპექტივაში ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს პრობლემაა.
- ეს ვიღაც შემთხვევით ბიძინა ივანიშვილი ხომ არ არის?
- მე არ ვიცი, ვინ, რა და როგორ, მაგრამ ასეთი ტიპის თამაში პოლიტიკურ ლოგიკას ექვემდებარება. სიბრიყვე, მოგეხსენებათ, ანალიზს არ ექვემდებარება, მაგრამ ისიც შესაძლებელია. უშუალო ფიგურანტებზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ეს ჭორაობას დაემსგავსება.
- ამ პროცესებმა „ნაციონალების“ გამოცოცხლებასაც შეუწყო ხელი და ვიღაცას ეს მიზანიც ხომ არ ჰქონდა? მათ ყველა არჩევნების წინ აცოცხლებენ...
- ამ პროცესების ერთ-ერთი ირიბი შედეგი ნაციონალების გაცოცხლება გახლავთ. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია ორპოლუსიანი პოლიტიკური თამაშით. ეს პოლიტტექნოლოგია კარგად მუშაობდა ყველა წინა არჩევნებზე – „ოცნება“ და ნაცმოძრაობა გარკვეულ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ. ისინი ერთმანეთს კვებავენ. შესაბამისად, ამომრჩევლის თვალში ყველა სხვა ალტერნატივის გადაფარვა თუ მოხერხდება, აქედან ორივე სარგებელს ნახავს. ისინი რეალურად იყოფენ ძალაუფლებას.
ამომრჩეველს თუ გაუჩნდა განცდა, რომ სხვა არავინ არის და ამათ დაპირისპირებაზე იკეტება მთელი სამყარო, ამით აუცილებლად ისარგებლებს ხელისუფლება. ის ყველა შემთხვევაში უგებს ნაციონალებს. ამით ნაციონალური მოძრაობაც სარგებლობს. ის ფიქსირდება, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი ოპოზიციური ძალა. ეს ორი ძალა ამ ამბებში გარკვეულ დივიდენდებს იღებს.
- როცა ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ, ყოფილ ხელისუფლებას გულისხმობთ თუ „ევროპული საქართველოს“ მიერ მიტოვებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გყავთ მხედველობაში?
- რა თქმა უნდა, ყოფილ ხელისუფლებას ვგულისხმობ. ისინი ახლა გაყოფილი არიან და ერთმანეთი უფრო ეზიზღებათ, ვიდრე „ქართული ოცნება“. ამის მიუხედავად, ამომრჩეველი მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავს. იმის ჩამორეცხვა ფაქტობრივად შეუძლებელია, რასაც 9 წლის განმავლობაში ყოფილი ხელისუფლება აკეთებდა. „ევროპული საქართველო“ თუ ფიქრობს, რომ გვერდზე გადგომით იმ ცოდვებს ჩამოირეცხავს, ძალიან შემცდარა. ხელისუფლება მათ ამაში რაღაცნაირად ხელს უწყობს. „ოცნება“ ამბობს, ვინც მიშას შეაგინებს, მზად ვარ, ყველას ჩავეხუტოო. ამომრჩევლის თვალში ბოკერია ისევ იმ ბოკერიად დარჩა. მას ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება 9 წელზე, როგორიც მიხეილ სააკაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური რესურსები აქვთ, საერთოდ ვერ ვხედავ, ვინ არის „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველი. ამომრჩევლის მოზიდვაში არც ის ეხმარებათ, რომ ხელისუფლება მათ მიმართ კეთილგანწყობას იჩენს.
- კეთილგანწყობის გამოჩენა რით გამოიხატება?
- „ოცნება“ „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური სუნთქვის შესაძლებლობას აძლევს. ისინი თვალს ხუჭავენ იმაზე, როგორ ახერხებს ეს გუნდი ფულადი რესურსების მოზიდვას. ისინი აშკარად სასათბურე პირობებში არიან. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს მათი ამომრჩეველი. ერთადერთი, რაც შეძლეს, ისაა, რომ ნაციონალების მხარდამჭერების ნაწილი წაიყვანეს თავისთან, მაგრამ ეს არის ძალიან დაბალი პროცენტი. მესამე ძალის მოსურნე ელექტორატიდან მათ არავინ წაუყვანიათ და ვერც წაიყვანენ.
- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზეც ძალაუფლებას ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება გადაინაწილებენ?
- ნაციონალური მასშტაბით ასე იქნება. აქ რესურსებზეა ლაპარაკი. სხვა პარტიებს არანაირი რესურსები არ გააჩნიათ. ერთადერთი ინტრიგა ალეკო ელისაშვილის სახით რჩება თბილისში. მისი შანსები მაღალი არაა, მაგრამ ეს შანსები, შესაძლოა, რეალიზებულ იქნეს. ის ორპოლუსიანობა მაინცდამაინც ეფექტურად აღარ მუშაობს. ამ არჩევნებზე ეს სქემა ნაკლებად იმუშავებს.
- თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასარჩევი ძალაც არ ჩანს...
- ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ამომრჩევლის 60% თვლის, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია. პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. ის მუდმივი წარუმატებლობითა და ძველი ცოდვებით არის დატვირთული. ამომრჩეველი ეძებს და ვერ პოულობს ღირსეულ არჩევანს, მაგრამ, რადგან ასეთი მოთხოვნა გაჩნდა, ასეთი ძალაც გამოჩნდება ადრე თუ გვიან. პოლიტიკური ცხოვრებაც გაცოცხლდება. არსებული პოლიტიკური ელიტა საკუთარ პრობლემებს ვერ წყვეტს და სახელმწიფო პრობლემას როგორ გადაწყვეტს.
- საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თუ გამოჩნდება ასეთი ახალი ძალა?
- პროცესები ისე ვითარდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რაღაც დინამიკას მივიღებთ. ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არის მოსალოდნელი.
„ახალი თაობა“, 16 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ოპოზიცია ხალხს ვერ გამოიყვანს“ // „თბილისის საკრებულო-მერიის გარშემო განვითარებული მოვლენებით „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო“
მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილს ესაუბრა.
- პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ქვეყანა იცხოვრებს იმ კონსტიტუციით, რომელიც ამდენ დავას იწვევს. როგორ ფიქრობთ, პარტიები, რომლებიც კონსტიტუციის გამო ქუჩის გამოსვლებით იმუქრებოდნენ, შეეგუებიან მომხდარს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მოემზადებიან?
- სანამ პარტიებზე გიპასუხებთ, ვეტოზე გავამახვილებ ყურადღებას. ვეტოს გამოცხადება და დაძლევა საქართველოში ბოლო დროს ჩვეულებრივ ამბად იქცა. პრეზიდენტმა იცის, რომ მისი ვეტო დაიძლევა, მაგრამ ამ ვეტოს მაინც აცხადებს. ეს უკვე მასხარაობას დაემსგავსა. ვეტოს აზრი აქვს მაშინ, თუ ის კანონის მოქმედებას შეაჩერებს მის შეცვლამდე. გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე დიდი ხანია, ანეკდოტები დადის. იმ პარტიების შესაძლებლობები, რომლებიც ხალხის გამოყვანით იმუქრებიან, ბოლო დროს რამდენჯერმე ვიხილეთ.
- ამ ოპოზიციონერებს ხალხი ვერ გამოჰყავთ?
- ვერ გამოჰყავთ. ოპოზიცია ხალხს ვერც მერე გამოიყვანს. ნაცმოძრაობა და მისგან გამოყოფილი ზოგიერთი სხვა ორგანიზაცია თბილისის საკრებულოს შტურმსაც შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ნაცმოძრაობას საზოგადოება არ აჰყვა. საკრებულომ კი, მისი შენობის გარეთ მიმდინარე წივილ-კივილის მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. ეგრეთ წოდებულს ვუწოდებ იმ ოპოზიციას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების სისხლშია გასვრილი. მნიშვნელობა არა აქვს, მას ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, გირჩი თუ ევროპული საქართველო.
- სხვა ოპოზიციაც სუსტია?
- სუსტია, იმიტომ რომ არ გამოჩნდა გამაერთიანებელი ძალა, რომელიც ხალხს იმედს ჩაუსახავდა. დღევანდელი საპროტესტო გამოსვლები მცირერიცხოვანია. 2007 წლის 2 ნოემბერს საპროტესტოდ 100 ათასზე მეტი კაცი იყო გამოსული, იპოდრომზე – ამაზე მეტი. ოპოზიციაში, რომელიც, ერთი შეხედვით, ერთად დგას, არ არის ერთსულოვნება.
- რომელ საკითხებში?
- ოპოზიციის შიგნით კინკლაობაა იმაზე, პროპორციული უნდა იყოს არჩევნები თუ რეგიონულ-პროპორციული. ამ ხალხმა იმდენად მოაბეზრა თავი ვენეციის კომისიასა და ჯანი ბუკიკიოს, რომ ბოლოს იგი მმართველი პარტიის მხარეს დადგა. არადა, წესითა და რიგით, ბუკიკიოს ოპოზიციის შეხედულებები უნდა გაეზიარებინა. მან დანანებით აღნიშნა, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება კონსტიტუციაზე. ამაში ის ოპოზიციას ადანაშაულებს.
მაია ნადირაძის ფრაზა, ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და რასაც გვინდა, იმას მივიღებთო, ახლაც აქტუალურია. საუბედუროდ, სხვებიც ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ. ოპოზიცია იმას ამბობს, რომ ის შეცვლის კონსტიტუციას, როცა ხელისუფლებაში მოვა. ჩვენი საარჩევნო მოთხოვნები ისევ ძალაშია, მაგრამ პარტიები იძულებული ვართ, 2020 წლის არჩევნებისათვის მოვემზადოთ ახალი წესებით, მანამდე გაუქმებული საარჩევნო ბლოკების დაშვებითა და 3%-იანი ბარიერით. ეს ორივე ნორმა ერთჯერადად იმოქმედებს.
- ექნება ოპოზიციას ამ წესებით გამარჯვების შანსი?
- სააკაშვილმა კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო. 2012 წელს მოქმედებდა საზიზღარი კონსტიტუცია და ცუდი საარჩევნო გარემო, მაგრამ მაშინ შექმნილმა ახალმა კოალიციამ მოახერხა ხელისუფლების შეცვლა. თუ ჩვენ გავერთიანდებით და ხალხის დარწმუნებასაც შევძლებთ, ხელისუფლების ცვლილება რეალურია.
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ დამაჯერებელი მეორე ადგილი მოიპოვა. ადგილობრივი არჩევნების წინ ნაცმოძრაობა იმავე პოზიციაზეა?
- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაცმოძრაობა დაიშალა. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში დრო მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ეს გრძელდება 2012 წლიდან. 2016 წლის არჩევნებზე ამ პარტიამ მიიღო ნახევარი მილიონი ხმა “ქართული ოცნების” მიმართ უკმაყოფილების ზრდის გამო. ხალხის ნაწილმა ვერ დაინახა მისაღები ძლიერი ძალა და ხმა ნაცმოძრაობას მისცა. ამის გამოა, რომ სულ გაერთიანებისკენ მოწოდებაში ვარ. დედაქალაქის მერობის ერთიანი კანდიდატის წამოყენებისკენაც მოვუწოდებდი ჯანსაღ ოპოზიციას, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. ახლა მერობის ბევრი კანდიდატია და საბანს ყველა თავისკენ ექაჩება.
- მერიისა და საკრებულოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა რა შეცვალა? ვის რა არგო და ავნო ამ პროცესებმა?
- ამ მოვლენებმა სარგებლობა მოუტანა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. მერობის ძლიერი დამოუკიდებელი კანდიდატი, ალესო ელისაშვილი, ამით ჩახსნეს.
- გინდათ თქვათ, რომ ამით ნაცმოძრაობის რეიტინგი გაიზარდა?
- ასე გამოდის. ამ ამბებამდე ალეკო ელისაშვილი კახა კალაძის შემდეგ მეორე ადგილზე იყო 25%-იანი რეიტინგით. ამის შემდეგ ელისაშვილის რეიტინგმა ათი პუნქტით დაიწია. ნაცმოძრაობამ შოუ და გაწევ-გაწევა გამართა ივანიშვილის „პანორამა თბილისის“ გარშემო. მმართველ პარტიას შეუსრულებელი დაპირებებისა და სხვა ბევრი რამის გამო ვაკრიტიკებ, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად ხელისუფლებისა და საკრებულოს უმრავლესობის მიწასთან გასწორება იმაზე, რომ მან ამ პროექტის ხელშემწყობი გადაწყვეტილებები მიიღო. სააკაშვილს თუ რაიმე კარგი გაუკეთებია, მაგალითად, ბათუმში, ამასაც ვიწონებ. სააკაშვილმა და მისმა პარტიამ თბილისში ბევრი გააფუჭა კიდეც, მაგალითად, სიმახინჯე დადგა იმელის შენობის უკან, თავად ეს შენობა კი ნაწილობრივ გააოხრა.
ხალხსაც ვერ ვატყობ, რომ „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო რაიმე ჰქონდეს. საზოგადოებამ მოიწონა ისიც, რომ თავის დროზე მთაწმინდის პარკი კეთილმოაწყო ბადრი პატარკაციშვილმა. თუ უცხოელ ინვესტორებს დავეძებთ და შეღავათებს ვუწესებთ, რატომ ვექცევით ასე ბიძინა ივანიშვილს? პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ამას აკეთებს ბოღმის გამო. ეს პირები ვერ ეგუებიან იმას, რომ მილიარდიან სასარგებლო პროექტს ახორციელებს არა სააკაშვილი, არამედ ივანიშვილი.
ეს ადამიანები მოესწრნენ 90-იან წლებს, დანგრეულ თბილისს და სიხარულით უნდა ხვდებოდნენ აღმშენებლობას, მაგრამ რატომღაც პირიქით იქცევიან. მიწისქვეშა სადგომზე ატეხეს ალიაქოთი. მიწისქვეშა პარკინგები უნდა მოეწყო ნაციონალების მიერ შემოყვანილ „სიტი პარკს“. ამ კომპანიამ ეს პირობა არ შეასრულა. ახლა ამას ინვესტორი აკეთებს, მაგრამ ეს ზოგიერთის პროტესტს იწვევს. ამის გამო იმართება წინასაარჩევნო ხმაურიანი აქციები, რომელსაც ხალხი არ ჰყვება.
„ახალი თაობა“, 16 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან: „ვცდილობთ, შევაკავოთ ხელისუფლება, რომელიც თავისი გზით მიერეკება“
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
- ბატონო კონსტანტინე, ლიდერთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში თქვენც ხართ, ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს 21 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნების შედეგებს რამდენად აღიარებს არასაპარლამენტო ოპოზიცია?
- მე ვფიქრობ, რომ მოვლენები კონფრონტაციის რეჟიმში განვითარდება. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ასე მინდა მოხდეს, რასაკვირველია, ეს არავის უნდა, ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემი სამშობლოა, მაგრამ, როდესაც შენი ნებისმიერი აზრი იგნორირებულია და ხელისუფლება თავისი გზით მიერეკება, მაშინ შენ რაღაცნაირად უნდა შეძლო, მუხრუჭის ფუნქცია შეასრულო. ხელისუფლება შეეცდება, ლელო გაიტანოს ყველა მიმართულებით. მათ მოირგეს კონსტიტუცია, მოირგეს სისტემა და ახლა შეეცდებიან, დედაქალაქი მოირგონ.
- მაგრამ ხალხმა თუ კალაძეს მისცა ხმა?
- თუ ეს ბრძოლა იქნება სამართლიანი, სრულიად თავისუფალი და დემოკრატიული, კი ბატონო, მაგრამ წინა გამოცდილება, მაგალითად, მარნეულის, ზუგდიდის გამოცდილება ამის ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს. ჩვენ უკვე ერთხელ ვნახეთ ის მავნე პრაქტიკა, ნაციონალური მოძრაობის დროს როგორ აიძულებდა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ვალდებულებას პარტიის წინაშე. ეს მავნე პრაქტიკა, რომელიც ასე მოდის საბჭოთა დროიდან, ვერა და ვერ ჩაბარდა წარსულს. ეს ადამიანები, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები, სახელმწიფოს ემსახურებიან და არა პარტიას. რა საჭიროა ეს ყველაფერი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, რაში გჭირდება ვიღაცის იძულება და მობილიზება?! ეს ყველაფერი ძაბავს ურთიერთობას, აფერხებს ქვეყნის წინსვლის შესაძლებლობას, რაზეც ძალიან მწყდება გული. ოპოზიციას დღეს სხვა გზა არ რჩება, ამიტომ ის იქნება ხმაურიანი. როგორც ჩანს, ყველა გზა მოჭრილია. ამას არჩევნების შედეგებიდანაც ვნახავთ.
- არასაპარლამენტო ოპოზიციამ ლიდერთა საბჭოს შექმნით საკუთარი თავის რეანიმირება მოახდინა თუ წინასაარჩევნოდ მართლაც აპირებს ხმაურს?
- შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის პირობებში ნებისმიერ ოპოზიციას ცუდად წაუვა საქმე. ოპოზიცია ცდილობს, შეაკავოს ის პროცესები, რომლებიც არ არის დემოკრატიული, რომელიც ხელს არ უწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, თუნდაც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება ამის ნათელი მაგალითია.
- პრობლემა იქნებ თავად ოპოზიციაშია?
- არ გამოვრიცხავ, მაგრამ სისტემა არაფერ შუაშია?! არაფერ შუაშია თუნდაც ის, რომ ხელისუფლებამ მისცა ხალხს დაპირება, რომ საარჩევნო სისტემას შეცვლიდა, მაგრამ არ შეცვალა და იგივე დატოვა. რა დროს შერეული საარჩევნო სისტემაა?! ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მოხდა კომუნისტურ პარტიასთან შეთანხმება. მაშინ მართლაც იყო ეს სისტემა ნოვატორული, მაგრამ ახლა, 21-ე საუკუნეში, რა დროს შერეული მოდელია. ეს არის ხალხის მოტყუება და თვალებში ნაცრის შეყრა, როდესაც გვეუბნებიან, რომ რა ვქნათ, გუნდის შიგნით ვერ მივაღწიეთ კონსენსუსს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მოვა ხელისუფლება და შეცვლის ამ საარჩევნო სისტემას.
- ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური იქნება...
- იქნება?! ეჭვი მეპარება, მიჭირს ამის თქმა. ხელისუფლება ეცდება, პირველივე ტურში დაამთავროს ყველაფერი. პირადად არ ვმონაწილეობ დედაქალაქის მერის არჩევნებში, თუმცა ჩემი პარტია იღებს საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას და ძალიან აქტიურადაც ვართ ჩართული. რაც შეეხება მეორე ტურს, რასაკვირველია, მე მივესალმები მოვლენების ასეთ განვითარებას. მეორე ტური არის დემოკრატიის გარკვეული ნიშანი. ევროპის ბევრ ქვეყანაში მეორე ტურით ვლინდება ხოლმე გამარჯვებული. როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები, ეს პირდაპირ დამოკიდებული იქნება 21 ოქტომბრის არჩევნებზე და იქ განვითარებულ პროცესებზ
„კვირის პალიტრა“, 16 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან: „დოკუმენტები, თუ რა დამსახურებისთვის მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება, გამქრალია“ // „წლების წინ ვანო მერაბიშვილს დავპირდი, სასამართლო დარბაზში მოგიყვან-მეთქი, მიშასაც იგივე ვუთხარი და პირობას აუცილებლად შევასრულებ – სასამართლოში მე კი არა, ქართველი ხალხი მოიყვანს“
რუსუდან შელია
მოსამართლემ გოგა ხაინდრავას მოთხოვნა დააკმაყოფილა და ეკა გიგაურთან დავის საქმეში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროს ბადრი ბიწაძეს დაჰკითხავენ. შეგახსენებთ, 2015 წელს ხაინდრავამ განაცხადა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დარბევის გამო მიიღეს პრემიები, გიგაურს კი დარბევაში მონაწილეობისთვის კაპიტნის წოდება მიენიჭა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. რატომ მოითხოვა ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვა სასამართლო პროცესზე, “კვირის პალიტრის” კითხვებს გოგა ხაინდრავა პასუხობს:
- 2015 წელს სოციალურ ქსელში გაჩნდა სამი დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო, რომ ვანო მერაბიშვილი განსაკუთრებული მუშაობისა და დამსახურებისთვის აჯილდოებს უმცროს ლეიტენანტ ეკა გიგაურს კაპიტნის წოდებით. ბრძანება გამოცემულია 2007 წლის 21 ნოემბერს – ეკა გიგაურმა ვანო მერაბიშვილისგან კაპიტნის წოდება წარბშეუხრელად მიიღო. 14 ნოემბერს, ანუ სანამ ეკა გიგაური მერაბიშვილისგან კაპიტნის წოდებას მიიღებდა, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების რაზმის ოთხი წევრი და სხვა თანამშრომლებიც ეტაპობრივად 1000-1500-ლარიანი პრემიებით დაჯილდოვდნენ მიტინგის წარმატებით დაშლისთვის, მათთვის ჯილდოების გადაცემა კი ბადრი ბიწაძის ბრძანებით ეკა გიგაურს, მის პირველ მოადგილეს დაევალა. სწორედ ამ ბრძანების შესრულებას მოჰყვა 21 ნოემბერს ეკა გიგაურის კაპიტნად დაწინაურებაც. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, გამოვთქვი გონივრული ეჭვი, რომ გიგაურისთვის კაპიტნის წოდების მინიჭება 7 ნოემბერს ქართველი ხალხის ხერხემალში გადამტვრევის ავტორების პრემიებით დაჯილდოებასთანაა კავშირში.
ჩემი ამ ვარაუდის საპასუხოდ ეკა გიგაურმა სასამართლოში მიჩივლა პატივისა და ღირსების აყრისთვის და ბოდიშის მოხდასთან ერთად, 30 თეთრი, ანუ 30 ვერცხლი მოითხოვა. ბუნებრივია, გამოწვევა მივიღე, შესაგებელი სარჩელი შევიტანე, ორი წლის შემდეგ კი სასამართლოში მიბარებენ, სადაც ვიგებ, რომ თურმე ეკა გიგაურის ადვოკატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური წერილები გაგზავნეს, გამოითხოვეს საბუთები, თუმცა, მოტივაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ რა დამსახურებისთვის მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება, არქივიდან გამქრალია. ამის შემდეგ სასამართლო პროცესზე ეკა გიგაურის მოსვლა მოვითხოვე, რათა თავად აეხსნა, რა დამსახურებისთვის მიიღო კაპიტნის წოდება, თუმცა, ადვოკატებმა მოთხოვნა გააპროტესტეს. ეკა გიგაური არც ერთ პროცესზე არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ტელევიზიით, ისე უშუალოდ სასამართლო პროცესზე სამჯერ მოვუწოდე მოსულიყო და კითხვებისთვის პასუხი გაეცა.
- თუ დოკუმენტები გამქრალია, ეკა გიგაურიც პროცესზე არ მოდის, რა ბერკეტი გაქვთ, რომ თქვენი გონივრული ეჭვი დაადასტუროთ?
- მაშინ კითხვაზე პასუხის გამცემი ორი პირი რჩება – ბადრი ბიწაძე და ვანო მერაბიშვილი. მათზე უკეთესად არავინ იცის, რატომ მიიღეს გიგაურის დაწინაურების გადაწყვეტილება… სიმართლე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამჟღავნდება, შესაძლოა, დოკუმენტები მოსპონ, მაგრამ ფაქტს ვერ გააქრობენ. ამიტომაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან ვანო მერაბიშვილი და გოგა ხაინდრავა – მოძალადე და მსხვერპლი.
- რატომ გაქვთ მოლოდინი, ვანო მერაბიშვილი ან ბადრი ბიწაძე დაადასტურებენ, რომ ეკა გიგაური, როგორც თქვენ აცხადებთ, 7 ნოემბერთან კავშირის გამო დააწინაურეს?
- მერაბიშვილი ყველაფერზე ილაპარაკებს – ეს მისთვის შანსი იქნება, საკუთარი საქციელი მოინანიოს, თორემ 7 ნოემბერს დასახიჩრებული ადამიანები დღესაც არსებობენ და ყველაფერს დეტალურად ჰყვებიან. ბიწაძის მეუღლე დღემდე 26 მაისზე ლაპარაკობს, მაგრამ 7 ნოემბერზე რატომ არაფერს ამბობს, თუ ორმაგ მორალთან გვაქვს საქმე? მობრძანდეს ბადრი ბიწაძე და მოჰყვეს, როგორ დაიგეგმა სპეცოპერაცია, ვინ მონაწილეობდა მასში და რატომ მიანიჭეს გიგაურს კაპიტნის წოდება. წლების წინ მერაბიშვილს დავპირდი, სასამართლო დარბაზში მოგიყვან-მეთქი, მიშასაც იგივე ვუთხარი და პირობას აუცილებლად შევასრულებ – სასამართლოში მე კი არა, ქართველი ხალხი მოიყვანს.
- ეკა გიგაურის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს ის სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა და ამ დეპარტამენტს არ ჰქონდა კავშირი სპეცრაზმის საქმიანობასთან...
- ეკა გიგაური 2008 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ვანოს დაჯილდოებული კადრი და ბადრი ბიწაძის მარჯვენა ხელი იყო და უცებ არასამთავრობო სექტორში გადახტა. სასამართლოზე დავამტკიცებ, რომ მის სამოქალაქო სექტორში გადასვლაშიც ვანო მერაბიშვილის ხელი ურევია. ადამიანი, რომელიც მთელ საქართველოს მოძღვრავს, როგორ იცხოვრონ გამჭვირვალედ, თავად უარს ამბობს საკუთარი წარსულის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნოს. საზოგადოებასაც ვპირდები, რომ არა მხოლოდ ამ საქმეს, მთლიანად სისტემას ავხდით ფარდას – როგორ ჯილდოვდებოდნენ ზონდერები თუ ჯალათები და ახლა რატომ გვმოძღვრავენ ცხვრის ტყავში გახვეული მგლები. არასამთავრობო სექტორში გადახტნენ უტიაშვილი, რურუა, ონიანიც და საკუთარი ძალადობის მსხვერპლებს გვაბრალებენ, უკანონოდ ცხოვრობთო.
———–
P.S. გოგა ხაინდრავასთან საუბრის შემდეგ, ეკა გიგაურს დავუკავშირდით, იგი აშშ-ში კონფერენციაზე იმყოფება და ამიტომ ადვოკატებთან გადაგვამისამართა, თუმცა, ადვოკატებისგან კომენტარი ვერ მივიღეთ: მას შემდეგ, რაც კითხვის წერილობით გადაგზავნა გვთხოვეს, ტელეფონის ზარებს აღარ უპასუხეს.
„კვირის პალიტრა“, 16 ოქტომბერი, 2017 წელი
„ეკონომიკის მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი“
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში მთელ ევროპაში, შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ყველა ქვეყანაზე სწრაფად გაიზრდება“
ემა ტუხიაშვილი
იმ ფონზე, როცა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოსთვის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს და დადებითად აფასებს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც მთავრობამ 2018 წლის ბიუჯეტში განსაზღვრა. ხელისუფლების ოპონენტები მისიის პოზიტიურ შეფასებებზე მეტად მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. როგორია 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, რომელზეც შეჯერებული არიან სსფ-ის მისია და საქართველოს მთავრობა, რა თანხები მიიმართება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, ამის გარკვევა რამდენიმე გარემოების შეჯერებით ვცადეთ.
ცოტა ხნის წინ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობდა. მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური პროგრამა შთამბეჭდავად დაიწყო და ასეთივე გაგრძელებას ელოდება.
“ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორებში მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი. 2017 წლის ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე გავზარდეთ, ნავარაუდევი 3.5%-ის ნაცვლად. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობდა ექსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წელს შემცირდება მშპ-ს 10.4%-მდე, 2016 წლის 12.8%-თან შედარებით. საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას დაგეგმილი რეფორმების განხორციელებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების, მწარმოებლურობისა და ექსპორტის კონკურენტულობის ზრდას”, – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ქვეყნის ფისკალური მაჩვენებლები შთამბეჭდავია, ქვეყნის შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია.
“მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და ასევე, დღგ-ში არსებული კრედიტების ასანაზღაურებლად. 2017 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, პროგრამის მიხედვით, მშპ-ს 3.6% იქნება”, – აღნიშნა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.
“მომავალი წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებას, თუმცა, არ შეიზღუდება სახელმწიფო საინვესტიციო და კაპიტალური ხარჯები. 2018 წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3% იქნება, რაშიც შემოსავლების ზრდა და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა დაგვეხმარება”, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა. მან ასევე ისაუბრა მონეტარულ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის თქმით, მართალია, ინფლაციამ 2017 წელს ეროვნული ბანკის პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა, მისი პროგნოზით, ინფლაცია დაიკლებს ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვის შემდეგ, ხოლო მოქნილი გაცვლითი კურსი კვლავ შეასრულებს ბუფერის როლს საგარეო შოკების შემთხვევაში.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.
“ჩვენ შევძელით ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური მოდელის შექმნა, რომლის მიზანი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებაა. პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც წარვუდგინეთ პარლამენტს. ჩვენ და სავალუტო ფონდი შევთანხმდით ყველა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიული – 3,5%-დან 4.3%-მდე გაზარდა. მომავალ წელს სსფ-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ კონსერვატიული პროგნოზით – 4.2%-ზე დაგეგმა. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი – 4,5% იქნება, რის თქმის საშუალებასაც გვაძლევს საბიუჯეტო შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების არსებული დინამიკა”,- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, გაგრძელდება მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია და 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის რეგიონებისა თუ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები მისასალმებელია, ხოლო ბიუჯეტის პარამეტრები, მათ შორის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ეკონომიკური ზრდის განვითარებას უზრუნველყოფს, რაც შემდეგში ქვეყნის სოციალური ფონის გაუმჯობესებაზეც აისახება.
მიხეილ დუნდუა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში მთელ ევროპაში, შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ყველა ქვეყანაზე სწრაფად გაიზრდება. 6 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 32.1%-ით გაიზრდება და 2022 წლისათვის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 19 მილიარდ 156 მილიონი ლარი გახდება. სსფ-ის პროგნოზით, საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ზემოაღნიშნული რეგიონების ლიდერი არა მხოლოდ 2017-2022 წლებში იქნება, არამედ ის ლიდერობას შეინარჩუნებს ყოველ მომდევნო წლიდან 2022 წლამდე პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო – 2013-2016 წლებში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა. მაშინ, როცა 2004-2012 წლებში ამ მაჩვენებლით საქართველო სამხრეთ კავკასიაში ბოლო ადგილზე იყო და ჩამორჩებოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს. 2004-2007 წლებშიც კი, როცა წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის ზრდის შედარებით მაღალი ტემპი ფიქსირდებოდა, საქართველო ისევ ბოლო ადგილზე იყო და მას სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანა მკვეთრად უსწრებდა. კერძოდ, 2004-2007 წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკა 134%-ით გაიზარდა, სომხეთის – 62%-ით და საქართველოსი კი 43%-ზე ნაკლებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე 2018 წელს პირველად გადააჭარბებს 10.000 დოლარს და 10.105.57 დოლარს გაუტოლდება. მსყიდველუნარიანობის პარიტეტი გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლას ამერიკის შეერთებული შტატების ფასებით. ასეთ, ერთიან საფასო სისტემაში ყველა ქვეყნის მშპ-ის გამოთვლა ქვეყნების ურთიერთშედარების საშუალებას იძლევა და კეთილდღეობის ეკონომიკური საზომია. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წლისთვის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, საქართველოს რეალური მშპ (ანუ მუდმივ ფასებში დათვლილი) 12.000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო მისი ნომინალური მაჩვენებელი 15.000 დოლარზე მეტი იქნება”.
ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:
“ის, რომ პროცესები კონცეპტუალურად სწორად არის დაგეგმილი და სწორად მიმდინარეობს, ფაქტია და ამას სავალუტო ფონდის მისიის ბოლო შეფასებაც მოწმობს. ამ შეფასებისას ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა – ერთი საბიუჯეტო პროცესი და მეორე ლარის კურსთან დაკავშირებული თემები და ორივე პოზიტიურად იქნა შეფასებული; ანუ ცალსახად გაცხადდა, რომ სწორი პოზიცია შემუშავდა მცურავ კურსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს რესურსი გარკვეული ხელოვნური ჩარევები განახორციელოს კურსთან მიმართებაში, ამას არ აკეთებს; ანუ სსფ-ისთვის ისევე, როგორც ჩვენი მთავრობისთვის, ეს არის სწორი ნაბიჯი, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად მოქნილი იყოს იმ გამოწვევების მიმართ, რა გამოწვევებიც არსებობს გარეშოკების სახით. საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მის მიერ საქართველოში ჩადებული ფულის უკან დაბრუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს წარმატებული. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობას ორმხრივი სარგებელი აქვს – ჩვენთვის ეს არის ფინანსური მდგრადობა და განვითარება, ფონდისთვის სწორად განხორციელებული ინვესტიციები.
ასევე პოზიტიური იყო სსფ-ის მისიის ვალისა და ბიუჯეტის საკითხის შეფასება. ის, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ფინანსური ვალდებულებების ზრდა არის გათვალისწინებული, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარეობს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით გამოაცხადა. ასე რომ, სესხი და ვალი არ არის საშიში, თუ ის კონკრეტულ ეკონომიკურ მიზანს ემსახურება. ჩვენ მიერ 2018 და შემდგომ წლებში გაწერილი ვალდებულებების ზრდა უკავშირდება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შეგახსენებთ პრემიერის მიერ გაცხადებულ ე. წ. სივრცითი განვითარების მოდელს, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მოგვარებას ითვალისწინებს. თბილისიდან სარფამდე ყველა მაგისტრალი, თავისი ალტერნატიული მაგისტრალებით, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ამას ფინანსური რესურსი სჭირდება. საქართველოს ამის შესაძლებლობა არა აქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს ინვესტორების მოძიება და დამატებითი რესურსების მოზიდვა. მხოლოდ რიკოთის მაგისტრალის პროექტი, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს, 500 მილიონზე მეტს საჭიროებს. სახელმწიფო ამ ფულს სახარჯოდ და სოციალური ვალდებულებების გასტუმრებისთვის არ იღებს. ეს ფული იდება ეკონომიკაში, საქმდება უამრავი ადამიანი, კომპანიები, რომლებიც ამ პროექტებს ახორციელებენ, იხდიან გადასახადებს და ბიუჯეტში შეაქვთ ფული. თუ გვინდა, რომ ეკონომიკური ზრდა უახლოესი წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად ადეკვატური იყოს იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა, ასეთი პროექტები უნდა განვახორციელოთ. თუ ეს არ გვინდა, გვაქვს სხვა ალტერნატივა – არ ავიღოთ სესხი, არ განვავითაროთ ეკონომიკა და დავტოვოთ იმ დონეზე, რა დონეზეც გვაქვს და არ შევქმნათ განვითარების პერსპექტივა. ეს არის ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკა. მე მესმის, რომ სესხის აღება არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს არის სესხი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და მდგრადი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებას. მდგრადობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის”.
ანდრია გვიდიანი, ახალგაზრდა ბიზნესმენ-ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:
“არც გამკვირვებია სსფ-ის დადებითი შეფასება, რადგან როგორც საქართველოს მთავრობა, ისე ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და თითქმის ყველა რეკომენდაციას, რომლებსაც სავალუტო ფონდი გასცემს, ითვალისწინებენ. ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით არის დადებითი სიგნალები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრების, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მიმართულებით.
საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებით, საქართველომ მოახერხა იმ რეფორმების შესრულება და იმ პოზიტიური სიგნალების გაშვება, რომელმაც ეკონომიკურ ზრდასთან მიგვიყვანა. ასეთი დასკვნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ისმენენ ინვესტორები და ცხადია, ეს მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვისთვის.
ასევე გამოვყოფდი ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებულ პოზიტიურ სიგნალებს. გავიხსენოთ სსფ-ის წინა წლის პროგნოზები, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტი არ იქნებოდა. თუმცა, წელს 4%-ზე მეტი ზრდა გვაქვს. რასაკვირველია, ეს არის მთავრობის ეფექტური მუშაობის ხარჯზე მიღწეული შედეგები და ამდენად, ველოდი კიდეც სსფ-ის დადებით დასკვნას.
რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, მასში არის უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ მისასალმებელია ინფრასტრუქტურაში ხარჯების მობილიზაცია. ინფრასტრუქტურა სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. რასაკვირველია, გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომავალ წელს ეკონომიკური ზრდისთვის. ხელისუფლებას შეუძლია თქვას, მილიარდს მოვაკლებ ინფრასტრუქტურას და პენსიებს გავზრდი ამ ფულითო, მაგრამ გაზრდილი პენსია ეკონომიკის ზრდას ვერ შეუწყობს ხელს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რა გვინდა გვქონდეს ხანგრძლივ პერსპექტივაში – სტაბილური, ძლიერი და განვითარებული ეკონომიკა, თუ ახლა არსებული რესურსები მთლიანად სოციალურ ხარჯებზე გადავანაწილოთ. თუ დღეს აქცენტს გავაკეთებთ მაღალ პენსიებზე, ვერასდროს დავეწევით ოდნავ განვითარებულ ქვეყნებსაც კი. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები, სუბსიდირება. თუმცა, პირადად მე სუბსიდირების მომხრე არა ვარ. ასევე მნიშვნელოვანია, სამთავრობო ხარჯების შემცირება და მიმაჩნია, რომ გაზრდილი ბიუროკრატია უნდა შემცირდეს. თუმცა, მთლიანობაში წინა წლის ბიუჯეტისგან განსხვავებით, ახალ ბიუჯეტში ბევრი ცვლილება არ არის. საზოგადოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბიუჯეტის პოლიტიკას აფასებს და არ შლის მას დეტალურად, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ბიუჯეტში აისახა, ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა.
ეკონომისტებისა და ექსპერტების ერთმა ნაწილმა ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული საგარეო ვალის მოცულობა უარყოფითად შეაფასა, თუმცა, საგანგაშო ვალში არაფერია. მთავარია, რამდენად ეფექტიანად და მიზნობრივად დაიხარჯება ეს თანხები”.
„კვირის პალიტრა“, 16 ოქტომბერი, 2017 წელი
საუდის არაბეთის ინტერესები საქართველოში
ირაკლი ალადაშვილი
გასულ კვირას ბათუმი სამხედრო-პოლიტიკურ მექად იქცა, სადაც მრავალი ქვეყნის სამხედრო გენერლების ვარსკვლავები ბრწყინავდა. ოთხი დღის განმავლობაში ბათუმში ერთიმეორის მიყოლებით სამი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ჩატარდა: აშშ-საქართველოს ორმხრივი კონსულტაციები თავდაცვის სფეროში, აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია.
მათგან ყველაზე მასშტაბური საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გახლდათ, რომელიც მეთერთმეტედ გაიმართა. როგორც ოფიციალური მონაწილე, მიწვეული გახლდით კონფერენციაზე და შესაძლებლობა მომეცა, დავკვირვებოდი საინტერესო დეტალებს, რომლებიც ოფიციალური პირების სატელევიზიო ინტერვიუებში არ გამოჩნდა.
ამ კონფერენციის ერთ-ერთი მოულოდნელობა ის გახლდათ, რომ ამერიკულ სამხედრო დელეგაციას რაოდენობით არ ჩამოუვარდებოდა საუდის არაბეთის სამეფოს მაღალჩინოსან სამხედროთა ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი აბდულ რაჰმან ბინ სალეჰ ალ-ბანიანი ხელმძღვანელობდა. საინტერესოა, რომ საუდელი პირველი სამხედრო საქართველოს თითქმის იმავე დროს ესტუმრა, როდესაც საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი მოსკოვში ეწვია პრეზიდენტ პუტინს და თანამედროვე რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაზე შეუთანხმდა.
რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, საუდის არაბეთის გენერალური შტაბის უფროსის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შეიძლება უკავშირდებოდეს საუდელი სამხედროებისთვის ქართული წარმოების შეიარაღების შესყიდვას. ასეთ დასკვნამდე ბათუმის კონფერენციის დროს მიმდინარე არაოფიციალურმა შეხვედრებმა მიგვიყვანა, როცა საუდელ გენერალთან, მისი ქართველი კოლეგის გარდა, “დელტას” ხელმძღვანელიც გამოჩნდა.
საქართველოს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, “დელტას”, თანამშრომლობა საუდის არაბეთის გენერალურ შტაბთან სამიოდე წლის წინ დაიწყო, როდესაც არაბეთის უდაბნოში ჩატარებულ შეჯიბრებაში “დელტაში” აწყობილმა შეჯავშნულმა სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა “მედევაკმა” შვიდი კონკურენტი დაჯაბნა და ტენდერში გაიმარჯვა.
თავდაპირველი შეთანხმება ასზე მეტი “მედევაკის” მიწოდებას ითვალისწინებდა და “დელტამ” სატრანსპორტო თვითმფრინავებით ელ-რიადში ხუთ ათეულზე მეტი “მედევაკის” გაგზავნა მოასწრო, მერე კი, გასული წლის აგვისტოში, იემენში ჰუსიტები საუდელების ჯავშანკოლონას თავს დაესხნენ. ამ თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, სადაც ჩანს, რომ “დელტას” “მედევაკი” დიდ ორმოში ვარდება და მარცხენა წინა ბორბალი სძვრება, საუდის არაბეთის მხარემ ქართული “მედევაკების” ახალი პარტიის მიღება შეაჩერა და ინცინდენტის გამოძიება დაიწყო.
რუსულ მასმედიასა და ინერნეტსივრცეში ქართული ჯავშანმანქანის ღვარძლიანი დაცინვა არ შეწყვეტილა, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ამ ინციდენტის გამოძიების შემდეგ საუდელებმა მომხდარის მიზეზად თავიანთი მძღოლის არაკვალიფიციური მოქმედება მიიჩნიეს. რაც მთავარია, “დელტას” “მედევაკში” ყველა გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ გაჩერებულ ქართულ ჯავშანმანქანას ჰუსიტებმა ასობით ტყვია ესროლეს და ცეცხლიც კი წაუკიდეს.
როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო – ამ ინციდენტის შემდეგ “დელტას” სპეციალისტებმა “მედევაკის” სავალი ნაწილის, ამორტიზაციის და ძრავის გაგრილების სისტემების მოდერნიზაცია გადაწყვიტეს, მანქანა კვლავ გამოცადეს არაბეთის უდაბნოში და კონტრაქტიც გაგრძელდა. ამ ფონზე საქართველოში საუდის არაბეთის გენშტაბის უფროსის ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გრძელდება, მეტიც – მას, შეიძლება, საინტერესო გაგრძელება მოჰყვეს, თუმცა, ჯობს, მოვლენებს არ გავუსწროთ.
ამასთან, საუდის არაბეთი მუდმივად სთხოვს ქართულ მხარეს, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გავრცელდეს იმის შესახებ, რის შეძენას აპირებენ ისინი ჩვენს ქვეყანაში. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გარდა, საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებისთვის, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გაგება, თუ როგორი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაზე ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საუდის არაბეთის პოტენციური მოწინააღმდეგეა. იემენში ჰუსიტებს ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ძირითადად, სწორედ ირანი აიარაღებს და საუდის არაბეთის მეფე ისრაელთან ერთად ამიტომაც მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინიციატივას, ირანს ისევ სანქციები დაუწესოს.
——
P.S. ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აშკარად, დიპლომატიური ფარისევლობის გარეშე მოსთხოვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს და უპირველესად – ამერიკულ მხარეს, ქურთების საბრძოლო რაზმებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის, შეიარაღების მიწოდება შეუწყვიტოს…