globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 16th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: რატომ იბრუნებს რუსეთი გავლენას აღმოსავლეთ ევროპაზე: ქართველ ექსპერტ-პოლიტოლოგთა კომენტარები

„რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „აშშ-ის ხელმძღვანელად ისეთი პიროვნება მოვიდა, არ მგონია, ევროპელებს უნიჭო თამაშები გამოუვიდეთ“

„რეზონანსი“: ემუქრება თუ არა „ნაცმოძრაობას“ ორად გახლეჩა

„რეზონანსი“: ინტერვიუ გიორგი ბარამიძესთან: „ყრილობაზე უნდა ავირჩიოთ პარტიის ახალი თავმჯდომარე და გენმდივანი“

„რეზონანსი“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „პარტიაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რამ გამოიწვია არჩევნებში დამარცხება“

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ძალოვანი მინისტრებიდან თანამდებობას მხოლოდ იზორია შეინარჩუნებს“ // „არასაპარლამენტო ოპოზიცია თანამდებობების მოლოდინში გაისუსა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „საარჩევნო კოდექსი ვერცერთ ხელისუფლებას ვერ ეთმობა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „ხელისუფლებას ლარის გაუფასურებაზე სწორი წარმოდგენა არ აქვს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „სანამ ქვეყანაში იქნება ოლიგარქიული რეჟიმი, ლარი მყარი ვერ გახდება“

—–

„რეზონანსი“: დოლარში სესხის გაცემა აიკრძალება?! // მთავრობა რადიკალურ ზომებს თუ არ მიმართავს, ლარის ირგვლივ არაფერი შეიცვლება

„რეზონანსი“: რას ამბობს რევაზ მიშველაძე ნობელის პრემიაზე მისი წარდგენისა და მერიის მრჩეველთა საბჭოს შესახებ

——————-

„რეზონანსი“, 16 ნოემბერი, 2016 წელი

რატომ იბრუნებს რუსეთი გავლენას აღმოსავლეთ ევროპაზე: ქართველ ექსპერტ-პოლიტოლოგთა კომენტარები

ეკატერინე ბასილაია

რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებზე გავლენას იბრუნებს, რაც უკვე გაფორმდა ორ ქვეყანაში, მოლდოვასა და თვით ნატო-ს წევრ ბულგარეთში, სადაც ღიად პრორუსი პრეზიდენტები აირჩეს და ეს იმ ფონზე, როდესაც მთელ დასავლეთს ეკონომიკური სანქციებით თუ მთელი რიტორიკით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აქვს გამოცხადებული და მის დასუსტებას ცდილობს. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ რუსული გავლენის გაზრდაზე მიანიშნებს ამ ორ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი და დასავლეთი დროზე უნდა გამოფხიზლდეს.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, სულაც არ არის უცნაური, რომ რუსეთმა შესაძლოა ბულგარეთისა და მოლდოვას არჩევნები საკუთარი სცენარით წარემთრა, რადგან ის დიქტატორია, ძლიერი ლიდერი, ევროპაში კი ძლიერი ლიდერები არ არიან.

“ევროპის ლიბერალურმა პოლიტიკამ, ამ მულტიკულტურალიზმმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, ამიტომაც ხალხი უფრო კონსერვატიული იდეებისკენ ბრუნდება. გარდა ამისა, ბულგარეთში, იგივე სხვაგან, მასების დიდი უკმაყოფილებაა ელიტით. ხალხი ღარიბდება, ელიტა – მდიდრდება. მიგრანტების ეშინია ყველას, ხალხს მოენატრა მტკიცე ხელი და ამიტომ უფრო რუსეთისკენ გადაიხარნენ. მართალია, ისინი რუსეთში არ ცხოვრობენ და არ იციან ზუსტად, იქ რა ხდება, მაგრამ ესმით, რომ პუტინი ძლიერი ლიდერია და ეს მოსწონთ. ამიტომაც რუსული გავლენა კატასტროფული ტემპით იზრდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრამპი და პუტინი დიდი ხნით დამეგობრდებიან, ამ ორი ქვეყნის ინტერესები სადღაც გადაიკვეთება,” – აცხადებს სოსო ცინცაძე.

აღსანიშნავია, რომ 13 ნოემბერს მოლდოვაში გამარჯვება მოიპოვა სოციალისტური პარტიის პრორუსმა წარმომადგენელმა იგორ დოდონმა, რომელიც აცხადებს, რომ ის “ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც რუსეთი ენდობა”.

“ვფიქრობ, რომ ეს კომპლიმენტია ჩემთვის”, – განაცხადა დოდონმა ჟურნალისტის კითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის ლიდერის მსგავსი პოლიტიკოსი გახდეს. პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის “გაძლიერდა სახელმწიფოებრიობა და პატრიოტიზმი. “მისი მთავარი საარჩევნო დაპირება კი რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაუქმება იყო. დოდონის თქმით, საგარეო კურსის არჩევისას ის რეფერენდუმს გამოაცხადებს და დაეყრდნობა მართლმადიდებლობას, როგორც “მოლდოველების მორალურ საყრდენს”.

ასევე 13 ნოემბერს ბულგარეთშიც გაიმარჯვა სოციალისტური პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა – რუმენ რადევმა, რომელიც ბულგარეთის საჰაერო ძალების ყოფილი გენერალია. რუმენ რადევი წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების ინიციატივით გამოდიოდა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას და ბულგარეთის წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არ ნიშნავს იმას, რომ ბულგარეთი რუსეთის მტერი უნდა იყოს.

გარდა ამისა, რუმენ რადევი ირწმუნება, რომ ბულგარეთს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით “უფრო პრაგმატული მიდგომა” უნდა ჰქონდეს.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ორივე ქვეყანაში პროდასავლური ძალების მიმართ იმედგაცრუების სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წარუმატებლობაა და რუსეთმა არცთუ დიდი ძალისხმევა დახარჯა, რომ ამ ორ ქვეყანაში რუსულ ინტერესებს გაემარჯვათ.

“რუსეთს ამ შედეგის მისაღებად განსაკუთრებული ფინანსები არ გაუღია. რუსეთი ამ პროცესებს მხარდამჭერი იყო საინფორმაციო პროპაგანდის მეშვეობით და არ არის გამორიცხული ამ ქვეყნების პოლიტიკური და ფინანსური ელიტების ფინანსური წახალისების თვალსაზრისითაც. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც დასავლურ სივრცეში ინტეგრაციისთვის ევროპამ და აშშ-მა ამავე ქვეყნებში დახარჯა. იმის თქმა მინდა, რომ არასწორი ინტეგრაციული პოლიტიკის შედეგად დღეს ვიღებთ იმ რეალობას, რომ რუსეთი ფაქტობრივად მიზერული ფინანსური დანახარჯებით ყოფილი საბჭოთა სივრცის რეკონსტრუირებას ახდენს. რუსული გავლენის ზრდა უახლოეს 6 თვეში განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ის შეეცდება ისარგებლოს აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის და საგარეო ხედვის მკვეთრად ჩამოყალიბების პერიოდით. რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება ბევრი მონაგარი აიღოს ხელში და შემდგომ დე ფაქტოდ დამდგარი რეალობიდან წაუყენოს თავისი პირობები დასავლეთსა და აშშ-ს, რომ უკვე გაფორმებული გავლენების პოზიციიდან ესაუბროს აშშ-ს,” – აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის თქმით, მოლდოვა დიდი ხანია რუსულ ორბიტაზეა, არჩევნებმა ოფიციალურად დაადასტურა ის, რაც ყველასთვის დიდი ხანია ცნობილი იყო, რომ ამ ქვეყანაში პროდასავლურმა ვექტორმა კრახი განიცადა. ბულგარეთი კი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანაა და აქ პრორუსი პრეზიდენტის არსებობა დიდ არაფერს შეცვლის, ის რუსეთის გავლენის ქვეშ ვერ დაბრუნდება. იგი თვლის, რომ თუ ევროპას მართლა უნდა, რომ ევროპად დარჩეს, ყურადღების ცენტრი საქართველოსკენ უნდა გადმოიტანოს, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა პარტნიორი ევროპას არ რჩება.

“ბულგარეთი და ბალტიისპირეთი ნატო-ს წევრებია და ვერსად გაექცევათ. მოლდოვა დაკარგეს, ერთი საქართველო დარჩა აღმოსავლური პარტნიორობის წევრი. საქართველო ერთი ციცქნა ქვეყანაა და ჩვენი 4-მილიონიანი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა ევროპისთვის არაფერს არ ნიშნავს. თანაც უკრაინის მსგავსი კორუფცია ჩვენთან არ არის. უკრაინა კი ჩამოწერეთ. მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა არ მაინტერესებს და თუ ევროპელებს გაინტერესებთ ფული და იარაღი თქვენ მიეცითო. პოროშენკო კი აშშ-ს იმედზე იყო, ევროპელებს მისთვის იარაღი არ მიუციათ,” – მიიჩნევს სოსო ცინცაძე, თუმცა იმავდროულად იგი საქართველოსთვის არასასურველ სცენარს უფრო პროგნოზირებს.

“დიდი ალბათობაა, აშშ-მა რუსეთს საბჭოთა ბლოკის ის ქვეყნები დაუთმოს, რომელიც არც ნატო-სა და არც ევროკავშირის წევრები არ არიან. “იალტა 2″ არ გამოირიცხება. ტრამპზე გაცილებით დემოკრატი იყო რუზველტიც და ჩერჩილიც, მაგრამ იალტაში შეიკრიბნენ და დიქტატორ სტალინთან ევროპა გაიყვეს. თუმცა შემდეგ სტალინმა მეტი მოინდომა. შესაძლოა გარიგება დღესაც მოხდეს, თუ ტრამპი და პუტინი სხვა საკითხებზე შეთანხმდებიან, ახლო აღმოსავლეთთან, ირანთან დაკავშირებით ამ გლობალურ ვაჭრობასთან შეთანხმების შემთხვევაში. დონალდ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი იქნება პუტინის მხარდაჭერა თუ მან დაპირება შეასრულა და სავაჭრო ომი წამოიწყო ჩინეთთან. ეს საეჭვოა, მაგრამ თუ მოხდება, პუტინს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ასევე თუ ტრამპმა გადაწყვიტა ისრაელის შემობრუნება გადაწყვიტა და აქაც სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა, რადგან ირანთან უნდა იყოს სხვა პოლიტიკა,” – ამბობს სოსო ცინცაძე და დასძენს, რომ დღევანდელი პროცესებიდან პირველი დასკვნა რაც არის, ისაა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება თუ აქამდე შორეული პერსპექტივა იყო, ახლა კოსმოსური მანძილით გაიზარდა.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მოლდოვას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით ჰყავდა პატრონი რუმინეთის სახით, მაგრამ ამან ის მაინც ვერ დააზღვია პროდასავლური იდეის დეფორმაციისგან. იგი ამბობს, რომ მოლდოვაში ხელისუფლებას, რომელიც პროევროპული სტატუსით მოვიდა, ბანკებიდან 1 მლრდ დოლარზე მეტი თანხის გაქრობა ბრალდება, ამის გამო პრემიერ-მინისტრიც დაკავებულია და ეს სკანდალი იყო ხალხში პროდასავლური იმედგაცრუების ბოლო ლურსმანი.

ხათუნა ლაგაზიძის ხედვით, ნატო-სა და ევროკავშირისთვის ბევრად უფრო დიდი თავის ტკივილია ბულგარეთის ახალი არჩევანი, განსაკუთრებით ნატო-სთვის, თურქეთის ამბების შემდეგ. იგი თვლის, რომ საქართველო ამ საპარლამენტო არჩევნებზე რუსული გავლენებისგან ძალიან აგადარჩა და რუსეთის სიხარულის მიუხედავად რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ შეცვლილა. თუმცა ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ჩვენ მახლობლად რუსული გავლენის ქვეყნებში შედის სომხეთიც და დასავლური სამყაროს კიდევ ერთი დიდი მარცხია ისიც, რომ ამ დღეებში რუსეთსა და სომხეთს შორის ერთიანი სამხედრო შენაერთების შექმნაზე ხელშეკრულება გაფორმდა, რაც დასავლური სამყაროს კიდევ ერთი მარცხია.

“ამ კონტინენტზე ძალიან მძიმე გარდაქმნების მომასწავებელი პროცესი მიდის. თუ დავაკვირდებით, როგორი ტემპით მიდის მემარჯვენე კონსერვატიული და მეორე მხრივ სოციალისტური განწყობების აღორძინება ძველი ევროპის ქვეყნებშიც, ვნახავთ, როგორ და რა მიმართულებით იცვლება სამყარო. ეს არის დასავლური სამყაროს განვითარების ახალი ფაზა. ჩვენ ამ პროცესების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე თავად უნდა შევძლოთ ჩვენთვის საუკეთესო გეზის შემუშავება და ჩვენი პარტნიორებისთვის შეთავაზება. ძალიან მძიმე ფაზაა ქართული პოლიტიკისთვის და საგარეო პოლიტიკაში მძიმე ლაბირინთებში მოუწევს ხელისუფლებას ლავირება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების განვითარებაზე. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის რუსეთთან ახალი გადატვირთვის პოლიტიკისთვის. თუმცა ტრამპი დამარცხებას მიჩვეული არ არის და თუ ის დაინახავს, რომ რუსეთთან წამგებიან როლშია, ის გაცილებთ ხისტი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ აქ მეორე საკითხია, საქართველო რამდენად დარჩება აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების არეალში და რამდენად ჩათვლის ტრამპი, რომ ამ რეგიონში ის უნდა იყოს რუსეთთან გამარჯვებული,” – დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

„რეზონანსი“, 16 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „აშშ-ის ხელმძღვანელად ისეთი პიროვნება მოვიდა, არ მგონია, ევროპელებს უნიჭო თამაშები გამოუვიდეთ

თაკო მათეშვილი

პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ევროკავშირის მმართველობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბიუროკრატთა ჯგუფი ამ გაერთიანებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. “ისინი ერთი ხელით რუსეთში ბიზნესებს აკეთებენ და მეორე ხელით ემუქრებიან მას,” – აცხადებს იგი. სწორედ ამ ყველაფრის შედეგია, მისი აზრით, რიგ ქვეყნებში ევროსკეპტიციზმის ზრდა და მოლდოვასა და ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულად აღქმული კანდიდატების გამარჯვება.

თუმცა, მამუკა არეშიძის თქმით, ჯერ გასარკვევია, მართლაც პრორუსულები არიან თუ არა მოლდოვას ახალი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ბულგარეთის ახალი პრეზიდენტი რუმენ რადევი. მიუხედავად მათი წინასაარჩევნო განცხადებებისა, სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ რეალურად მათ აბსოლუტურად საპირისპირო პოლიტიკა გაატარონ და რუსეთთან ურთიერთობის დათბობაზე ნაკლებად იზრუნონ.

მამუკა არეშიძე: პრორუსია თუ არა მოლდოვის დღევანდელი პრეზიდენტი, მიუხედავად მისი განცხადებებისა, ეს ჯერ არავინ იცის. ჩვენ წინასაარჩევნო პროცესში ამა თუ იმ პერსონის კომუნისტური განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ შემდეგ ეს არ შესრულებულა. მოგეხსენებათ, მოლდოვას რუმინეთთან ურიერთობით გარკვეული სიკეთეები გააჩნია. პირველ რიგში ის, რომ მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობა თავისუფლად შეუძლიათ. იგორ დოდონის ადმინისტრაცია იმ შემთხვევაში აღმოჩნდება კრიტიკის ქვეშ, თუკი ეს სიკეთეები მოიხსნა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ასე მარტივად არ მოხდება და ახალი პრეზიდენტი მოლდოვის ორიენტაციას ასე მარტივად ვერ შეცვლის. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსახლეობის მნივნელოვანი ნაწილი პრორუსულად არ ფიქრობს და ამიტომაც მგონია, რომ დოდონის პრორუსული პოლიტიკის გატარება ძალიან გაუჭირდება. მოსკოვის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იქნება, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

- რამ განაპირობა დოდონის გამარჯვება?

- რასაკვირველია, ფინანსურმა დახმარებამ მოსკოვიდან, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს დახმარება გადამწყვეტი არ იყო. ანუ, დოდონი ვალდებულებაში ჩავარდნილი არ არის. მოსკოვი დაინტერესებული იყო იმით, რომ დნესტრისპირეთიდან მათი ჯარების გაყვანა არ მომხდარიყო. ანუ, კიშინიოვს ამ საკითხზე ზეწოლა არ გაეგრძელებინა. მოგეხსენებათ, როცა სტამბულის სამიტზე საქართველოდან ჯარების გაყვანა გადაწყდა, მაშინ იმაზეც იყო საუბარი, რომ რუსეთს ჯარები მოლდოვადანაც გაეყვანა. ეს გადაწყვეტილება დღემდე არ შესრულებულა. ახლა ყველაფერმა ისეთი ფორმა მიიღო, რომ რუსეთი იძულებულია, ამ საკითხზე სერიოზულად იფიქროს, რადგან უკრაინის მიერ ამ კორიდორის დახურვამ იმ რუსული სამხედრო კონტინგენტის მიმართ, რომელიც დნესტრისპირეთშია განლაგებული, კრიზისული მდგომარეობა გამოიწვია. მოკლედ, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორმე თავისი კონტინგენტი დნესტრისპირეთში დატოვოს და დოდონისათვის ეს ერთგვარი ტესტი იქნება – გააგრძელებს ჯარების გაყვანაზე ზეწოლას თუ ამაზე ხელს აიღებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია შევაფასოთ, ის მართლაც პრორუსია თუ თამაშობს.

- პრორუსულად აღიქმება ბულგარეთის ახალი პრეზიდენტიც…

- იქ მდგომარეობა უფრო რთულადაა – იგი ევროკავშირის წევრია, კონფლიქტური ტერიტორიები არ აქვს, უფრო სრულყოფილი ევროპული სახელმწიფოა, ვიდრე მოლდოვა და აქედან გამომდინარე, სუვერენიტეტის ხარისხი უფრო მაღალია. ბულგარეთის ახალი პრეზიდენტი ისე ცალსახად ვერ გადავა ზღვარს, რომელიც დასავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის არსებობს. თუმცა, გავიხსენოთ უნგრეთის პრეზიდენტი ადერი, რომელიც ასევე პრორუსობით იყო ცნობილი. მას უმაღლესი სასწავლებელი მოსკოვში აქვს დამთავრებული და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთელ ხელმძღვანელობასაც ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ მიუხედავად მისი ადრინდელი განცხადებებისა იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დათბეს, ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. არაა გამორიცხული, ბულგარეთის პრეზიდენტიც, რომელსაც უმაღლესი განათლება ასევე რუსი სამხედროების გარემოცვაში აქვს მიღებული, ასე მოიქცეს. მგონია, რომ იგი შეეცდება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმოქმედოს და ევროკავშირის პრინციპები არ დაარღვიოს.

თუმცა, თუკი ევროკავშირის სუსტმა ხელმძღვანელობამ გააგრძელა ის პოლიტიკა, რაც აქამდე ჰქონდა და რომელი ევროკავშირის დარღვევაზე იყო ორიენტირებული, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლდოვისა და ბულგარეთის არჩევნებით რაიმე ტენდენცია იკვეთება?

- ტენდენცია არსებობს. ევროკავშირის შიდა პოლიტიკის მიმართ სკეპტიციზმმა გააჩინა ისეთი ცნობილი პარტია, როგორიც ევროსკეპტიკოსებია. ევროკავშირის შიგნით უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდება. მას ძალიან სერიოზული მმართველი გუნდი სჭირდება რომელიც დაალაგებს ფინანსურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ საკითხებს და რა თქმა უნდა, დევნილთა პრობლემებს. დღეს ევრკავშირს პატრონობენ და ხელმძღვანელობენ მერკელი, ანუ გერმანია და ოლანდი, ანუ საფრანგეთი. ევროკავშირი თავის დროზე ასეთი ფორმით არ იყო ჩაფიქრებული. იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც კოლექტიური მმართველობის სტრუქტურა. აქ კი მდგომარეობა შეიცვალა და ამაში ბრალი ბიუროკრატთა იმ გუნდს მიუძღვის, რომელიც ბრიუსელში ზის.

ბრიუსელელი ჩინოვნიკები ერთი ხელით რუსეთში ბიზნესს აკეთებენ და მეორე ხელით მას ემუქრებიან. თუ ეს გუნდი არ შეიცვალა და აშშ-ს ზურგს უკან დამალვა არ შეწყვიტა, მაშინ გამოდის, რომ ევროკავშირს კრახი ელის და სულერთი იქნება, ვის აირჩევენ პრეზიდენტად მოლდოვასა და ბულგარეთში. ხოლო თუ შეიცვლება, ევროკავშირმა სვლა რეფორმების გზით გააგრძელა და კავშირის გაძლიერებაზე იზრუნა, მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ არაფერიც არ მოხდება.

- ევროპული არმიის შექმნის ინიციატივა კვლავ წამოიჭრა. ამჯერად ამაზე ევროკომისიის თავმჯდომარე იუნკერმა ისაუბრა. უნდა ჩავთვალოთ თუ არა იგი ნატო-ს ალტერნატივად და თქვენი აზრით, რამ განაპირობა დღეს ისევ ამ თემის გააქტიურება?

- ევროპული არმის შექმნის ინიციატივა იმ შეუთანხმებლობით იყო განპირობებული, რომელიც ნატო-სთან დაკავშირებით დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს არსებობდა. ნატო-ს გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად აშშ და რამდენიმე ევროპული ქვეყანა იღებს. პირველ რიგში ბრიტანეთი, რომელიც აშშ-სთან უნისონშია და შემდეგ საფრანგეთი და გერმანია. სხვა ქვეყნების აზრი მაინცადამაინც არავის აინტერესებდა. ამ მიზეზით დაიწყო ევროპული არმიის შექმნაზე ფიქრი – რათა შედარებით პატარა ქვეყნებს, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, თავიანთი მყარი პოზიცია ჰქონოდათ. შემდგომში სხვა მიზეზებიც გაჩნდა – მავანმა ნატო-ს ალტერნატივის როლის შესრულება მოინდომა. იმაზე საუბრით, რომ რუსული საფრთხე ევროპაში მაღალია, ბევრი რადიკალი პოლიტიკოსი ცდილობს, რომ აშშ-სგან დისტანცირება მოახდინოს და საკუთარი, ევროპული არმია შექმნას. თუმცა, არ მგონია ეს გამოვიდეს.

- ევროპული არმიის შექმნით ნატო-ს არსებობა აზრს კარგავს?

- აშშ-ს ხელმძღვანელად ისეთი პიროვნება მოვიდა, რომ არ მგონია, ევროპელებს და განსაკუთრებით ძველი ევროპის წარმომადგენლებს ეს უნიჭო თამაშები გამოუვიდეთ.

- ანუ, ტრამპის არჩევა და მისი წინასაარჩევნო განცხადებები იმის თაობაზე, რომ აშშ-მ ნატო-ს დაფინანსება უნდა შეამციროს, ამ თემის გააქტიურებასთან ნაკლებადაა კავშირში?

- ასე არაა, ნატო-ს დაფინანსება გაგრძელდება. უბრალოდ ტრამპის პიროვნებაა ცოტა უცნაური – თავისი ქმედებებით არაორდინალურია, მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებს. ზოგჯერ მისი გადაწყვეტილებები სარკაზმის საგანი ხდება, ზოგჯერ კი იმდენად მოულოდნელია, რომ მეტოქეები რეაგირებას ვერ ახერხებენ. ტრამპის ერთერთი თვისება ისიცაა, რომ ბუნებით ძლიერი პიროვნებაა. მისი პოლიტიკა რამდენად მოსაწონია, ეს რამდენიმე თვეში გამოჩნდება, მაგრამ ის, რომ ძლიერი პოლიტიკოსია და თვალთმაქცობას, რასაც ევროპელი პოლიტიკოსები მიჩვეულები არიან, არ შეურიგდება, ფაქტია. იგი შეეცდება ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს და ყველამ ის ფუნქცია იტვირთოს, რაც სამოკავშირეო დოკუმენტებითაა გათვალისწინებული. რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნება, თუკი მოლაპარაკება შედგება ისეთი ფორმით, როდესაც რუსეთიც მიხვდება, რომ დასავლეთთან კონფრონტაციას აზრი არ აქვს, რომ საქართველოს ტიპის პატარა ქვეყნებსაც თავისი ადგილი და თავმოყვარეობა გააჩნიათ და ა.შ. თუ რუსეთი ამ გზით წავა, დაპირისპირების საფრთხე დასავლეთთანაც მოიხსნება და აშშ-სთანაც. ვფიქრობ, რომ ცივილიზებულ სამყაროს, რომელსაც რუსეთსაც მივაკუთვნებ, დღეს ბევრად მეტი გამოწვევა აქვს, ვიდრე ერთმანეთთან დაპირისპირებაა.

გარკვეულწილად ნატო-ს რეფორმირებაც საჭიროა, რადგან ალიანსის დამფუძნებელი დოკუმენტი ერთი ქვეყნის დომინანტობას არ მოიაზრებს. ის კოლექტიურ ხელმძღვანელობას გულისხმობს. გარდა ამისა, მის დოკუმენტებში ისიცაა გაწერილი, რომ თუკი გადაწყვეტილება ერთად მიიღეს, ერთადაც ასრულებენ. დღეს კი რა გამოდის – ზოგიერთი ავღანეთში და ერაყში იბრძვის, ზოგი ამ ოპერაციებში ვითომ მონაწილეობს და ჩრდილო ავღანეთში დგას, სადაც კონფლიქტები ფაქტირუად არ ხდება და ზოგი კი რამდენიმე ათასიანი პროტესტით შეშინებული უცებ იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ფორმატიდან ჯარები გაიყვანოს. მაგალითად ესპანეთი ასე მოიქცა. თუკი გადაწყვეტილება კოლექტიურადაა მიღებული, მაშინ ბოლომდე კოლექტიურადვე უნდა შესრულდეს. შუა გზაზე მოკავშირეების მიტოვება სახარბიელო არა. ამ თვალსაზრისით, მაგალითად პოლონეთი, ბევრად უფრო კონსტრუქციული და აქტიურია.

- როგორც აღმოჩნდა, საქართველოში გოგონათა წინდაცვეთა საკმაოდ გავრცელებული ყოფილა, გქონდათ თუ არა ინფორმაცია ამის შესახებ?

- რა თქმა უნდა, ინფორმაცია მქონდა, რომ ყვარლის რაიონის დაღესტნურ სოფლებში ეს ხდებოდა, მაგრამ ასეთი მასობრივი სახე თუ გააჩნდა, არ მეგონა. ვიცოდი, რომ 3-4 შემთხვევა იყო. როგორც აღმჩნდა, ბოლო პერიოდში ამას მასშტაბური სახე მიუღია. როგორც იქაურებმა ამიხსნეს, ეს ქალების სავარაუდო სექსუალური აქტივობის შემაკავებელია. ეს ახსნა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად იდიოტურია და ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დაღესტანში ამ თემაზე ჩემ კოლეგებთან ურთიერთობა მქონდა და მათაც მითხრეს, რომ ასეთი რაღაცეები იქაც ხდება, ოღონდ ძირითადად მთიან რეგიონებში და მასობრივი არაა. საქართველოს კი აფრიკად ვერ გადავაქცევთ, სადაც რიგ ქვეყნებში ეს საუკუნოვანი ტრადიციაა და ყველა მისდევს. ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება და ეს თემა მისახედია.

- როგორც აღმოჩნდა, არც ხელისუფლებას და არც სახალხო დამცველს ამაზე ინფორმაცია აქამდე არ ჰქოდათ. რა შეუძლიათ გააკეთონ მათ?

- ვისაც საჭიროა, ინფორმაცია ყველას ძალიან კარგად ჰქონდა. უმაღლესმა ხელისუფლებამ შეიძლება არ იცოდა, მაგრამ თვთმმართველობის დონეზე ძალიან კარგადაც იცოდნენ, მაგრამ ასეთი ტიპის გამოწვევებს ადგილებზე მნიშვნელოვნად არ თვლიან.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა ქნან, ეს, რაც ხდება, ისლამის ტრადიციების წინააღმდეგაა. რაც ყურანში არ წერია, ყველაფერი ისლამის წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანების ინფორმირებულობა უნდა მოხდეს, ვინც ამ ყველაფერს ისლამის წესებით ხსნიან. ხალხს უნდა აუხსნან, რომ ეს ტყუილია და მუსულმანურ რელიგიასთან კავშირში არაა. ეს პირველ რიგში გასაკეთებელია. ამ საქმით მაგალითად რელიგიის სააგენტო უნდა დაკავდეს. გარდა ამისა, უნდა აიკრძალოს. მეტ-ნაკლები წარმატებით ხომ მიმდინარეობს ბრძოლა არასრულწოვანთა გათხოვებათან დაკავშირებით? აქაც იგივე უნდა გააკეთონ. რასაკვირველია, ტრადიციებსა და რელიგიურ შემადგენელს ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ ეს ის შემთხვევა ნამდვილად არაა.

„რეზონანსი“, 16 ნოემბერი, 2016 წელი

ემუქრება თუ არა ნაცმოძრაობას ორად გახლეჩა

თიკო ოსმანოვა

“ნაციონალური მოძრაობის” გარშემო კვლავ ვნებათაღელვაა – თანაპარტიელები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან. შეძლებენ თუ არა გიგა ბოკერია და მისი მომხრეები პარტიის თავმჯდომარეობიდან ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის გადაყენებას, დეკემბერში გაირკვევა, რაც დიდი ალბათობით, შეიძლება პარტიის დაშლის და ორად გახლეჩის საფუძველიც გახდეს. ყოველ შემთხვევაში ამ საშიშროებაზე თავად “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც საუბრობენ.

თავად პოლიტოლოგებს კი ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. ნაწილი პარტიის ორად გაყოფას, მით უფრო დაშლას, კატეგორიულად გამორიცხავს, მეორე ნაწილი კი პირიქით ფიქრობს.

“ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაიშალოს, იმიტომ, რომ ორივე მხარეს კარგად ესმის, რომ მათ ერთმანეთი სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, გამოძებნიან თანაცხოვრების რაღაც ფორმას. ერთ მხარეს გარკვეული რაციონალური ელემენტები და პარტიული კონტროლია, მეორე მხარეს არის ლიდერის ქარიზმა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელია. ვფიქრობ, ისინი რაღაცაზე შეთანხმდებიან და თანაცხოვრების რაღაც ფორმას გამოძებნიან. პარტიაში ახლა დემოკრატიის რაღაც მაგვარი პროცესი მიმდინარეობს. “არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით საკმაოდ პრაგმატულები არიან იმისთვის, რომ ვერ ხვდებოდნენ, დაშლა ორივე მხარეს დააზარალებს”, – განუცხადა “რეზონანსს” გია ხუხაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირების მეორე დიდი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც ღიად გაემიჯნა პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს და მომხრეებსაც იგივე მოუწოდა.

პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, “რეზონანსი” “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს გიორგი ბარამიძესა და დავით დარჩიაშვილს დაუკავშირდა, რომლებმაც ამ საკითხზე საკუთარი აზრი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

„რეზონანსი“, 16 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი ბარამიძესთან: „ყრილობაზე უნდა ავირჩიოთ პარტიის ახალი თავმჯდომარე და გენმდივანი

თიკო ოსმანოვა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთი-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, პარტიის ორად გაყოფის ალბათობა დიდია, ამიტომ იგი თანაგუნდელებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ ერთიანობა და არ დაუშვან პარტიის დაშლა. მისივე თქმით, შეუძლებელია, პარტიამ პოლიტდევნილი ლიდერების ხელმძღვანელობით ბრძოლა კიდევ დიდხანს გააგრძელოს და სერიოზული წარმატების იმედი ჰქონდეს.

გიორგი ბარამიძე: პარტიაში ამ ეტაპზე იმაზე ვმსჯელობთ, თუ რა იყო არჩევნებში დამარცხების მიზეზი. ახლა ამას ვაანალიზებთ. იმ ფონზე, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” წინა არჩევნებთან შედარებით 150 ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა დაიმსახურა, ეს სასიხარულოა. ჩვენი რეიტინგი იზრდება, თუმცა ჩვენ ამ შედეგით უკმაყოფილო ვართ. ამის ორი მიზეზია: ერთი ტოტალური გაყალბება და მეორე მიზეზი საკუთარ თავებში უნდა ვეძებოთ. არ შეიძლება, რომ მხოლოდ გაყალბებას დავაბრალოთ.

- თქვენი თანაგუნდელების ნაწილი არჩევნებში დამარცხებას მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს უკავშირებს, თქვენ რას ფიქრობთ?

- ამ აზრს არ ვიზიარებ. არჩევნებში დამარცხების მიზეზი ორია: ერთია, გაყალბება, მეორე ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად რაღაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც უნდა გაგვეკეთებინა. ეს თანაბრად გვეხება ყველას, მარტო სააკაშვილისკენ ხელის გაშვერა არასწორია. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, რაც გამოგვივა, ყველას დამსახურებაა და რაც ვერა, ესეც.

- დეკემბერში პარტიის მორიგი ყრილობა გაიმართება, სადაც, შესაძლოა, სააკაშვილს პარტიის ლიდერის სტატუსი ჩამოართვან. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- ბრძოლის ეფექტიანობისათვის და მომავალში ოლიგარქზე გამარჯვების მისაღწევად აუცილებელ პირობად მიმაჩნია ერთიანობა. იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში, სამწუხაროდ, პრაქტიკულად არ არის ძლიერი და ქმედუნარიანი პატრიოტული, დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ოპოზიცია, “ნაციონალურ მოძრაობას” განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენი ხალხის წინაშე და მეორე, ერთიანობის პირობებში (თუნდაც როცა პარტიის შიგნით ზოგ ლიდერს არ აქვს ერთიანი პოზიცია და გნებავთ სიმპათიები) ჩვენი შემდგომი გამარჯვება გარდაუვალია.

პარტიის დამფუძნებელი და მთავარი, უცვლელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს ენმ-ის იდეურ წინამძღოლად და ერთგვარ სიმბოლოდ. ვინმემ სხვა რამ რომც მოინდომოს, ეს არ გამოუვა. თუმცა პარტიას რეალურად სჭირდება ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებადი თავმჯდომარე და სხვა ფუნქციურ თანამდებობებზე მომუშავე ლიდერები, რადგან შეუძლებელია, პარტიამ კიდევ დიდხანს, ასე პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი ლიდერების ხელმძღვანელობით გააგრძელოს ბრძოლა და სერიოზული წარმატების იმედი ჰქონდეს. საჭირო და სასურველია, რომ პარტიამ ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება შეძლოს. ამიტომ ყრილობაზე უნდა ავირჩიოთ პარტიის თავმჯდომარე, ახალი გენმდივანი და ახალი წარმომადგენლობითი პოლიტიკური საბჭო.

- ანუ პარტიის დაშლის ალბათობა არსებობს?

- სამწუხაროდ, ამის საფრთხე არის, იმიტომ, რომ ერთმანეთის მიმართ განაწყენებულები არიან, რაც სოციალურ ქსელშიც გამოიხატა. ჩემი მიმართვაც სწორედ ამას უკავშირდება – “მტერი” არ გავახაროთ და არ დავუშვათ პარტიის გაყოფა ბანაკებად.

„რეზონანსი“, 16 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „პარტიაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რამ გამოიწვია არჩევნებში დამარცხება

თიკო ოსმანოვა

“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრის, დავით დარჩიაშვილის აზრით კი პარტიის მიმართ ინტერესი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, ამიტომ “ნაციონალების” დაშლას არავინ დაუშვებს. რაც შეეხება ახალი თავმჯდომარის არჩევას, ამასთან დაკავშირებით დარჩიაშვილი საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და კოლეგების მოსაზრებას ელოდება.

დავით დარჩიაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” ნამდვილად არ დაიშლება. დიდი ისტორია აქვს და თანაც დიდი რესურსია ჩადებული. იმდენ ადამიანს აქვს თავის, ინტერესი ამ პარტიის მიმართ, რომ პარტია არ დაიშლება. თეორიულად ბზარი, გაყოფა გამორიცხული არ არის, მაგრამ მე მაინც მგონია, ეს მხოლოდ თეორიულია და პრაქტიკულად ეს არ მოხდება. დანარჩენი ვნახოთ, რა იქნება. სადღაც 15-წლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ამ პარტიაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმაზე, თუ რამ გამოიწვია არჩევნებში დამარცხება და რა არის გასაკეთებელი. ვნახოთ, მსჯელობის ეს საგანი გადაწყვეტილების მიღებით დამთავრდება, თუ ვიღაცას რაღაც ეწყინება და ჩაითვლება, რომ ზოგიერთ ადამიანს ერთად ყოფნა, თანამშრომლობას ურჩევნია, სხვანაირად სცადოს ბედი.

- რა არის ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია – ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ არჩევნებში დამარცხება სააკაშვილის ფაქტორმა გამოიწვია?

- ეს ყრილობაზე გასარჩევი საკითხია. მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რაც პოლიტსაბჭომ მიიღო. რაზეც არ გვიმსჯელია, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი.

- პარტიის ყრილობაზე შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს პარტიის ლიდერის სტატუსი ჩამოართვან და ახალი ფორმალური თავმჯდომარე აირჩიონ. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე ეჭვსქვეშ არავინ აყენებს. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა არის ვაკანტური და სწორედ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ პარტიის ყრილობაზე და ალბათ გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ვნახავ, ვის რა არგუმენტები აქვს.

- თქვენ პირადად ეთანხმებით ახალი თავმჯდომარის არჩევას?

- ამწუთას ჩემი პოზიცია გამაჩნია, თუმცა მოვუსმენ ჩემს კოლეგებს და ჩემს აზრს მერე დავაფიქსირებ.

——————–

„ახალი თაობა“, 16 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: ძალოვანი მინისტრებიდან თანამდებობას მხოლოდ იზორია შეინარჩუნებს“ // „არასაპარლამენტო ოპოზიცია თანამდებობების მოლოდინში გაისუსა

რატომ ჩაკვდა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, რატომ დუმს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რას ემსახურება სუსში განხორციელებული ცვლილება, როდის შეცვლიან ძალოვან მინისტრებს, რა შეცდომას უშვებს ხელისუფლება ამერიკასთან დაკავშირებით? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის წევრი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

ლადო სადღობელაშვილი:

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკა მოკვდა. ყველაფერი გაიყინა, ერთადერთი, რაც მოძრაობს, ლარის კურსია. ისიც დაბლა მიდის. ქვეყანა თავზე გვენგრევა, ეროვნული ვალუტის კურსი კატასტროფულად ეცემა და ხმას არავინ იღებს. ყველა 19 ნოემბრის მოლოდინშია გასუსული.

- 19 ნოემბერს რას ელოდებიან?

- ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. ამის მერე ახალი პარლამენტი დაამტკიცებს განახლებულ მთავრობას. ოპოზიციის დიდი ნაწილი ვაზელინწასმული ელოდება, იქნებ რაიმე თანამდებობები გადმოუგდოს მათ ხელისუფლებამ. ამიტომ არ იმჩნევენ არაფერს.

- რა თანამდებობებზე საუბრობთ?

- რა ვიცი, ზოგი მინისტრის მოადგილის პოსტს ელოდება, ზოგს დეპარტამენტის თავმჯდომარეობა სურს. იმდენად უნდათ ეს თანამდებობები, რომ არაფერზე ხმას არ იღებენ.

- ვინმე დაჰპირდა მათ ამ თანამდებობებს?

- შესაძლოა, დაჰპირდნენ, შესაძლოა, ჭორი გაიგეს, შესაძლოა, თავიანთი დუმილით უნდათ თანამდებობების ყიდვა. მე, პირადად, სხვანაირად ვერაფრით ვხსნი იმ დუმილს, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია. ყველაფერი კარგად რომ იყოს, კიდევ მესმის, მაგრამ დაგვექცა ეს ქვეყანა თავზე და ხმის ამომღები არავინაა. იმ დღეს სპეციალურად ვუყურე საინფორმაციო გამოშვებებს სხვადასხვა არხზე. წარმოგიდგენიათ, ნიუსი არ იყო, მხოლოდ ლარის გაუფასურებასა და ქალების წინადაცვეთაზე საუბრობდნენ. მაინტერესებს, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს.

- ზემოთ თქვით, 19 ნოემბერს ელოდებიანო და ამის შემდეგ გააქტიურდება ოპოზიცია?

- არა მგონია, ასე მალე დაიწყონ აქტიურობა. დაელოდებიან, როდის განიხილავს ახალი პარლამენტი მომდევნო წლის ბიუჯეტს. მერე წინასაახალწლო პერიოდი დადგება. ამ დროს თანამდებობების დარიგებისთვის აღარავის ეცლება. ესენი კი იდგებიან ვაზელინწასმულები და დუმილით შეეცდებიან თანამდებობის მოპოვებას. როცა მიხვდებიან, რომ „გადააგდეს“, ატეხენ ყვირილს, მაგრამ ძალიან გვიან იქნება. ლარი, შესაძლოა, ისე გაიქცეს, კუპონს გაასწროს და ვეღარავინ დაიჭიროს.

- ამათი განცხადებები უშველიდა რამეს ეროვნულ ვალუტას?

- ოპოზიციას თავიდანვე რომ ეაქტიურა, ხელისუფლება ამდენს ვერ გაბედავდა. მათმა ვაზელინობამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ფინანსთა მინისტრი ლარზე კომენტარის გაკეთებასაც კი არ კადრულობს. სამაგიეროდ, გამოდის ახლადგადეპუტატებული მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი და ამბობს, დოლარის კურსის გამყარება კარგია, ადამიანებს გაცილებით მეტი რაოდენობით ექნებათ ლარიო. ასეთი განცხადებებით თუ აპირებენ ქვეყნის მართვას, ისედაც დავარდნილი რეიტინგი ლარის კურსივით დაუვარდებათ. ამერიკაში არჩევნების ჩატარებიდან რაღაც დროის განმავლობაში დოლარის კურსი დაბლა იწევს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველგან დაიწია დოლარმა, გამონაკლისი ჩვენ ვართ მხოლოდ, რაც ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებთან არის პირდაპირ კავშირში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ 50 მილიონი ლარი დახარჯა. არჩევნების წინ ბაზარზე დიდი რაოდენობით გამოყრილმა დოლარმა მისი ოდნავი გაუფასურება გამოიწვია. არჩევნების შემდეგ „ოცნებამ“ ამ ფულის ამოღება გადაწყვიტა და ამიტომაც გაუფასურდა ლარი.

ერთადერთი სიკეთე, რომელიც ამ პოლიტიკურ გამყინვარებაში მოხდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებული ცვლილებაა. იმასაც გეტყვით, რომ შემთხვევით არ გადაუყვანიათ ალეკო ტაბატაძე სუს-ის უფროსის მოადგილედ. ცოტა ხანში ხელისუფლებაში ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყება.

- რა პროცესები დაიწყება, რომელიც, თქვენივე თქმით, სუსში საკადრო ცვლილებებით იქნება განპირობებული?

- ეს მხოლოდ ამ საკადრო გადაადგილებით არ იქნება გამოწვეული, მაგრამ სუსში ტაბატაძის გადმოსვლა ძალიან სერიოზული ამბავია. ეს ადამიანი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კადრად ითვლება. აქამდე სუსი ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის კადრებით იყო დაკომპლექტებული. როდესაც სოსო გოგაშვილი სუსის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, მაშინვე ვთქვი, რომ ის იყო კალაძის კადრი. ეს პიროვნება „მილანის“ ყოფილი მოთამაშის ცოლისძმის გარემოცვას წარმოადგენს. მათ ერთად აქვთ სამშენებლო ბიზნესი. არჩევნების ჩატარება თავის თავზე აიღო კალაძემ და ამაში მას ძალიან დაეხმარა გოგაშვილი, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით. არადა, ის რეალურად მთელ უსაფრთხოების სამსახურს აკონტროლებდა.

- თუ იმდენი შეძლო, რომ მთელი სუსი გააკონტროლა, გამოდის, პროფესიონალი ყოფილა...

- არანაირი პროფესიონალი არ ყოფილა, უბრალოდ, განუსაზღვრელი ძალაუფლება მისცეს. მან ამით ისარგებლა და ბერკეტები მოიპოვა. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ტაბატაძე იუსტიციის სამინისტროდან სუსში გადაიყვანეს. რადგან პრემიერი ქვეყნის პირველი პირია, უსაფრთხოების სამსახურში მისი ხალხი უნდა იყოს, წესით. დარწმუნებული ვარ, ტაბატაძე ახალ სამსახურს თავს წარმატებით გაართმევს. ეს პიროვნება, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სულ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს. რამდენიმე თვეში კვირიკაშვილი თავის ხალხს სხვა საკვანძო თანამდებობებზეც დანიშნავს. ამ ეტაპზე ის ძალოვნებს არ შეეხება და მხოლოდ ეკონომიკურ გუნდს შეცვლის. ეს ეკონომიკური გუნდი კი არ უნდა შეცვალო, სულ კინწისკვრით უნდა გაყარო.

- ძალოვნებს როდისთვის შეცვლის?

- ძალოვანი მინისტრების შეცვლას მომავალი წლის თებერვლისთვის ველოდები. კვირიკაშვილი შეეცდება, ეს პროცესი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადააგოროს.

- რომელი ძალოვანი მინისტრის შეცვლას ელოდებით?

- აუცილებლად შეიცვლება შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც პიროვნულად დიდ პატივს ვცემ. მგონია, რომ ამ ბლოკის მინისტრებიდან თანამდებობაზე ყველაზე მეტ დროს ლევან იზორია გაატარებს. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ მინისტრის პოსტზე იყოს. არც ისაა გამორიცხული, ის სხვა უწყების ხელმძღვანელის რანგში ვიხილოთ. სუსში რაც მოხდა და რაც იქნება, უკვე გითხარით. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ კალაძე სუსს ვეღარ გააკონტროლებს. ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას მეტ გასაქანს აღარ მისცემენ. მართალია, საპარლამენტო კვოტები მიიღო, მაგრამ ბევრს ვეღარ გაქაჩავს. მას ის ძალაუფლება აღარასდროს ექნება, რაც 2016 წლამდე ჰქონდა.

- მთავრობიდანაც ხომ არ გაუშვებენ?

- მთავრობაშიც დატოვებენ და წოდებასაც მისცემენ, უბრალოდ, ამ წოდებას ვეღარაფერში გამოიყენებს. მთავრობაზე კონტროლს მთლიანად პრემიერი დაამყარებს, რომელიც, სავარაუდოდ, არ შეცვლის საგარეო საქმეთა მინისტრს. ყველამ კარგად ვიცით, რომ მიხეილ ჯანელიძე პრემიერის კადრია. გარდა ამისა, ამ ადამიანმა საკმაოდ კარგად მოირგო ეს თანამდებობა. საგარეო საქმეთა მინისტრის მუშაობის მიმართ პრეტენზიები თითქმის არავის აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, მართალია, პრეტენზიები არ არის, მაგრამ საგარეო კურსი მისახედია. განსაკუთრებული ყურადღება ამერიკის მიმართულებით არის გასამახვილებელი.

- რატომ უნდა გაამახვილონ ამ მიმართულებით ყურადღება? მთავრობა ამბობს, რომ ამერიკა ჩვენ მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის...

- მთელი მთავრობა ამას გაიძახის და სწორედ ეგ მთავრობა შეაცვლევინებს ამერიკას ჩვენ მიმართ დამოკიდებულებას. არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი დასანახად ვერ იტანს სოროსს. მთელი ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება სოროსისტებით არის სავსე. ახლა საპარლამენტო თანამდებობებსაც ეგენი დაიკავებენ. თავის დროზე სოროსის მიმართ დიდი სიმპათიით იყო განმსჭვალული ბიძინა ივანიშვილიც. ჩვენი სოროსისტები დღე და ღამე ეკლესიას ლანძღავენ, ტრამპი კი ეკლესიის მიმართ დიდ პატივისცემას იჩენს. მისთვის მიუღებელია ჰომოსექსუალიზმი, აქ კი მხოლოდ მათ უფლებებს იცავენ.

„ახალი თაობა“, 16 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „საარჩევნო კოდექსი ვერცერთ ხელისუფლებას ვერ ეთმობა

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები სანამ ოპოზიციაში არიან, სამართლიანობის მძაფრი განცდა აქვთ, მაგრამ, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან, მას ივიწყებენ. შავგულიძე აღნიშნულზე საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით საუბრობს.

- ბატონო შალვა, არასაპარლამენტო ოპოზიცია კვლავ იწყებს კონსულტაციებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ არსებული სისტემა არასამართლიანია. რამდენად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებამ არსებული საკანონმდებლო სისტემა შეცვალოს?

- საარჩევნო სისტემის შეცვლა კოალიცია „ქართული ოცნების“ დანაპირები იყო. ეს საკითხი გასული 4 წლის განმავლობაში იდგა დღის წესრიგში, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს საარჩევნო კანონი მოირგო, როგორც თავის დროზე ასევე ნაციონალურმა მოძრაობამ მოირგო. მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა არ არის სამართლიანი. არ არის სამართლიანი სწორედ იმიტომ, რომ არ უზრუნველყოფს რეალურად ამომრჩევლის მიერ მიცემულ ხმათა პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ამის ნათელი მაგალითია 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 48% მიიღო, მაგრამ 77%-მდე ეყოლება პარლამენტში წარმომადგენლობა.

- ქართულმა ოცნებამ თავის დროზე თქვა, ახლა ვერ ესწრება, მაგრამ 2020 წლისთვის შევცვლითო. დღეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ბევრი მათგანი მხარს აღარ უჭერს. შეიძლება, კიდევ გადაიდოს ეს საკითხი?

- საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვის დროს „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის არჩევნებისთვის გადადო, მაგრამ დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ვისმენთ, რომ საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, სამოქალაქო საზოგადოებაც, პოლიტიკური სპექტრის სრული შემადგენლობა, გარდა ხელისუფლებისა.

- თქვენი პარტიის პოზიცია დღეს როგორია? მიიღებთ ოპოზიციურ კონსულტაციებში მონაწილეობას?

- ჩვენ იმთავითვე მხარს ვუჭერდით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას და ჩვენი პოზიციის ერთგულნი ვრჩებით.

- რატომ ვერ თმობს ვერცერთი ხელისუფლება მოქმედ სისტემას, მიუხედავად გაცემული დანაპირებისა?

- ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს, მიითვისოს ხმები. სწორედ ამიტომაც ვერ ეთმობა ვერცერთ ხელისუფლებას მოქმედი საარჩევნო კოდექსი. სამწუხაროდ, მმართველი ძალა „ქართული ოცნება“ სხვა ინსტიტუციების მოწყობასთან დაკავშირებითაც იმავე პოზიციას მისდევს.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, პროკურატურის მოწყობასთან დაკავშირებით სულ სხვა იყო დანაპირები.

- რა იყო დანაპირები?

- რომ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლიდან აბსოლუტურად უნდა გამოსულიყო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურატურის რეფორმა დაარქვა იმ კანონს, რომლითაც რეალურად მმართველ პოლიტიკურ ძალას დაუქვემდებარა პროკურატურის სისტემა. ვიდრე ასეთი მიდგომა და პოლიტიკური კულტურა იქნება, როდესაც მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნის დროს უჩნდებათ პოლიტიკურ ძალებს სამართლიანობაზე მოთხოვნა და როგორც კი ხელისუფლებაში მოდიან, შემდეგ საერთოდ ივიწყებენ სამართლიანობის განცდას და ცდილობენ, ვიწროპარტიულ ინტერესებს დაუქვემდებარონ ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობა, მანამდე არაფერი გვეშველება. ეს ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია და ჩვენი პოლიტიკური რეალობიდან უნდა აღმოიფხვრას.

„ახალი თაობა“, 16 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „ხელისუფლებას ლარის გაუფასურებაზე სწორი წარმოდგენა არ აქვს

მთავრობის ადმინისტრაცია ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს და განცხადებას აქვეყნებს. ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას დიდი კრიტიკა მოჰყვა საზოგადოებისა და ეკონომიკური ექსპერტების მხრიდან. „ახალი თაობის“ კითხვებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რომან გოცირიძე პასუხობს.

- ბატონო რომან, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ. რატომ, სიტუაციიდან გამომდინარე, ეს არ იყო ადეკვატური?

- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება ლართან დაკავშირებით აბსოლუტურად არაადეკვატურია. მათი განცხადებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურებაზე და კვლავ ხდება გადაბრალება გარე ფაქტორებსა და ზოგიერთ შიდა ძალაზე.

- რა ამოიკითხეთ მათ გზავნილში?

- მათ დღემდე ვერ გაუცნობიერებიათ, თუ რა პროცესები მიდის ეკონომიკაში და რისი ბრალია როგორც ლარის გაუფასურება, ასევე დაბალი ეკონომიკური ზრდა და მთლიანობაში, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა! ისევ თავის მართლების პოზაში იმყოფებიან. კვლავ გადაბრალება საგარეო და საშინაო ფაქტორებზე. საკმაოდ დიდი ხანი დუმდნენ, რაღაც თავის გამამართლებელი საბაბის პოვნა უნდოდათ.

- იპოვეს ეს საბაბი?

- აქამდე ვისმენდით განცხადებებს, რომ ყველაფერი კარგად იყო, ეკონომიკა აღმავლობის გზას ადგა. ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ ეს რყევები ერთი-ორმა ტრანზაქციამ გამოიწვია და ასე შემდეგ. ახლა ისევ ძველ სიმღერას დაუბრუნდნენ და მათ ბოლო განცხადებაში ისევ საუბარია საგარეო ფაქტორებზე. თურმე ჩვენი ლარი იმიტომ გაუფასურდა, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებიც გაუფასურებულა. ალბათ, იგულისხმება ან თურქეთი, ან სომხეთი, ან აზერბაიჯანი, ან რუსეთი. სინამდვილეში კი რუსეთში საკმაოდ დიდი ხანია, სტაბილურია ეროვნული ვალუტა. სომხეთში ეროვნული ვალუტა მთელი წლის განმავლობაში მყარდება, აზერბაიჯანშიც მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თურქეთს თავისი სპეციფიკა აქვს. ამ ქვეყანას თავის პრობლემები აწუხებს და არ შეიძლება ამ ქვეყნის ვალუტის შედარება ლართან.

- შიდა ფაქტორებიც იყო ნახსენები განცხადებაში...

- ვინაიდან ვერ გადათქვეს ეს ფუნდამენტური ფაქტორის არსებობა, ადგნენ და დააბრალეს „ვიღაცებს“. თურმე „ვიღაცები“ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ და ამით თურმე ლარს უშლიან ხელს.

- ვინ არიან ეს ვიღაცები, მათი ოპონენტები?

- ეს შეიძლება იყოს ჟურნალისტიც, ექსპერტიც და ასე შემდეგ. ეს შეფასება არასწორია. როცა დიაგნოზი არასწორია, მკურნალობაც არასწორი იქნება. ჯერ ერთი, მთავრობის კანცელარიას, ტექნიკურ სამსახურს რა უფლება აქვს, განცხადებას აკეთებს ლართან დაკავშირებით? არსებობს მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი და მათი პოზიცია უნდა მოგვესმინა. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურებისა და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ამ განცხადებით ვიგებთ, რომ მთავრობა რაღაცას აპირებს და მორიგ განცხადებას უნდა ველოდოთ. განცხადებაში შემაშფოთებელი მინიშნებები იკვეთება.

- რას გულისხმობთ?

- მინიშნებებია რაღაც რეგულაციებზე. ეს არცაა გასაკვირი, როცა ახალ-ახალი მარეგულირებელი ნორმების შემოღება ამ მთავრობის ჩვეული წესი იყო და დიდწილად მან შეუწყო ხელი არსებული ვითარების ჩამოყალიბებას…. ლარი ყოველგვარი ზედმეტი რეგულირების გარეშე ათი წელიწადი იყო სტაბილური. მთავრობის განცხადების სულისკვეთება დამაბნეველია, ცუდ სიგნალებს უგზავნის ინვესტორებსა და საფინანსო სექტორს და შეიძლება გახდეს ვითარების კიდევ უფრო გაუარესების მიზეზი. ხელისუფლებას ჩიხში შეჰყავს ვითარება, რადგან ყველა მისმა მარეგულირებელმა ქმედებებმა უარყოფითი შედეგი გამოიღო. ერთი პატარა მაგალითია, როგორ ბოდიშობდნენ შემდეგ ირანელი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. ამიტომ რეგულაციაზე საუბარი აფრთხობს ბიზნესსა და საფინანსო სექტორს, აფრთხობს ბიზნესმენს, რომელსაც კი არ სჭირდება ხელოვნურად დარეგულირებულ ქვეყანაში შემოსვლა, არამედ სჭირდება თავისუფალ ბაზარზე შემოსვლა, სადაც უფრო მეტი გასაქანი ექნება მის კაპიტალს.

„ახალი თაობა“, 16 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „სანამ ქვეყანაში იქნება ოლიგარქიული რეჟიმი, ლარი მყარი ვერ გახდება

ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები დაიწყო. არასაპარლამენტო პარტიები საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ და ხელისუფლებას გაზაფხულიდან მრავალათასიანი აქციებით ემუქრებიან. „ახალი თაობის“ კითხვებს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა პასუხობს.

- ბატონო კახა, რა მოთხოვნები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, რისთვის შეიკრიბეთ?

- პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენ ვაპირებთ ჩატარებული არჩევნების შეფასებას, ასევე მზადებას 2017 წლის არჩევნებისთვის. დაიწყება საარჩევნო რეფორმის სერიოზული განხილვა.

- ითქვა, რომ აპირებთ, არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადოთ, ასეა?

- არა, ეს საკითხი ამ შეხვედრაზე არ განხილულა.

- რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება თქვენ რეკომენდაციებს?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი კამპანია დაიგეგმება. ჩვენ ჯერჯერობით კონსულტაციების რეჟიმში ვართ. „თავისუფალი საქართველო“ და კიდევ რამდენიმე ჩვენი პარტნიორი მივიჩნევთ, რომ ამ ინიციატივების პარალელურად, უნდა იყოს მასშტაბური საჯარო პროტესტი. გაზაფხულზე რუსთაველზე გამოვა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი.

- ანუ აპირებთ, რომ აქციებით და ღია პროტესტით გამოხატოთ თქვენი პოზიცია?

- სხვა გზა არ არის. არც ერთ რეჟიმს საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ ჩაუტარებია.

- ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანაში ურთულესი სიტუაციაა, ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემას სასესხო პორტფელის გადაჭარბებული დოლარიზაცია ქმნის. როგორია თქვენი შეფასებები?

- ლარის დაცემა და დოლარის გამყარება გაგრძელდება და გაგრძელდება დრამატულად. ეს არის შედეგი იმ ეკონომიკური კურსის, რომელსაც ატარებს ჩვენი მთავრობა. ქართველმა ხალხმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ზოგი ჭირი მარგებელია.

- რა კუთხით არის მარგებელი?

- შეიძლება შემდეგ არჩევნებზე უფრო მეტად დაფიქრდეს ქართველი ხალხი, რას ნიშნავს საკონსტიტუციო უმრავლესობა! იურიდიულად ტერმინი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ძალიან ბევრ ადამიანს არ ესმის საქართველოში, რას ნიშნავს, მაგრამ ლარი რომ გახდება 3.0 და 4.0, მერე ბევრი გააცნობიერებს იმას, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ემყარება პოლიტიკურ სტაბილურობას. ეს აქსიომაა, სადაც არ არის პოლიტიკური სტაბილურობა, იქ ეკონომიკური წარმატება ვერ იქნება. სანამ ქვეყანაში იქნება ოლიგარქიული, კორუმპირებული, მაფიოზური რეჟიმი, ეროვნული ვალუტა მყარი ვერ იქნება.

- ინვესტიციებმა სერიოზულად იკლო, რატომ აღარ შემოდიან ინვესტორები?

- იმიტომ აღარ შემოდიან, რომ როდესაც შემოდის ინვესტორი და საზღვარზე ხვდება ჯანყარაშვილი და მამაცაშვილი და ეუბნება: „პიდისიატ ნა პიდისიატ“, როგორც ჯაბა იოსელიანის დროინდელ მხედრიონში იყო, რა თქმა უნდა, ინვესტორი აღარ შემოვა საქართველოში და წავა ესტონეთში, სადაც ჯანყარაშვილი კი არ ხვდება საზღვარზე, არამედ ხვდება ესტონეთის მთავრობის ინსპექტორი, რომელიც ეუბნება, რით დაგეხმაროთ და რა შეღავათი გაგიკეთოთ. ამ რეკეტიორი მთავრობის პირობებში საქართველოში არანაირი ინვესტიცია არ შემოვა! რაც არის ინვესტიციები, ესეც წინა მთავრობის დროს არის დაწყებული. არც ერთი მსხვილი ინვესტიცია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოში არ შემოსულა და არც შემოვა, რადგან აქ ქვეყნის ეკონომიკას განაგებს რეკეტიორთა ჯგუფი ივანიშვილი-მამაცაშვილი-ჯანყარაშვილის ხელმძღვანელობით.

- სულ საუბარია, რომ თავისუფალი და ჯანსაღი გარემო აქვთ ბიზნესმენებს. ანუ ეს სიმართლეს არ შეეფერება?

- რთული არ არის ამის დადგენა, შედით საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე და იქ წლების მიხედვით არის ჩამოწერილი, როდის რა ინვესტიცია განხორციელდა. იქ კი წერია, საქართველოში, ახალი მთავრობის პირობებში, ინვესტიციების მაქსიმალური რაოდენობა წლიურად არის მილიარდ 300 მილიონ 400 ათასი. ეს არის ბევრად ნაკლები, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.

- მიხეილ სააკაშვილის დროს მეტი ინვესტიცია შემოდიოდა ქვეყანაში?

- მე ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების დროსაც კი ინვესტიციების მოსაზიდად საკმარისი არ კეთდებოდა, მაგრამ 2007 წელს ინვესტიციებმა შეადგინა 2 მილიარდი. ახალი მთავრობის პირობებში კი ეს ციფრი არის განახევრებული.

- როგორი ზამთარი ელის ჩვენს მოსახლეობას? შესაძლოა, ტარიფებმა მოიმატოს?

- სადღაც დეკემბერ-იანვარში, როცა ტარიფები გაიზრდება, კახა კალაძე გამოვა და იტყვის, რომ ტარიფი იზრდება ძალიან მცირედით, სხვაგან გაცილებით მაღალია ტარიფი, ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფასების ზრდა ჩვენს მოსახლეობას ნაკლებ ტვირთად დააწვეს.

- ანუ რთული პერიოდი გველოდება?

- ძალიან რთული.

——————–

„რეზონანსი“, 16 ნოემბერი, 2016 წელი

დოლარში სესხის გაცემა აიკრძალება?!

მთავრობა რადიკალურ ზომებს თუ არ მიმართავს, ლარის ირგვლივ არაფერი შეიცვლება

მარი ჩიტაია

მთავრობის მიერ ლარის დევალვაციის შესაჩერებლად გაკეთებულმა განცხადებამ ექსპერტებს თავგზა აუბნია. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა, დოლარში სესხების გაცემა აიკრძალოს ან უკიდურესად შეიზღუდოს. სპეციალისტები მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო ბანკების ასოციაციას და საქართველოს ეროვნული ბანკს ახლა ის დრო უდგათ, როცა ლაპარაკს დუმილს ამჯობინებენ.

ბანკების ასოციაციაში ამბობენ, რომ საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად, მინიმუმ, 2-3 დღე დასჭირდებათ. რაც შეეხება სებ-ს, გვენეტაძის უწყებაში ამბობენ, რომ დედოლარიზაცია მთავრობის პოზიციაა და ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ფაქტია, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნული ბანკის მიერ აქამდე განხორციელებულმა ღონისძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. როგორც ჩანს, ახლა საქმე რადიკალური ზომების გამოყენებამდე მივიდა. დიდი ალბათობით, ეს იქნება ის უკიდურესი ნაბიჯი, რომელიც დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით გადაიდგმება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ეფექტის შერბილების მიზნით, უახლოეს მომავალში დაწესდება გარკვეული საბაზრო რეგულაციები, რომლებიც დედოლარიზაციას, ანუ სესხებსა და დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილის შემცირებას ისახავს მიზნად.

საბანკო რეგულაციის გარდა, მთავრობა ლარის გასამყარებლად მომავალი წლისთვის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასაც გეგმავს: “დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში. დარწმუნებული ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს ლარის კურსის დასტაბილურებას. ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალურად დგას, ეფუძნება სასესხო პორტფელის გადაჭარბებულ დოლარიზაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების” წარმომადგენელი, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების საფუძველზე, ლარის დასტაბილურების დამაჯერებელ გეგმას წარმოადგენს.

“მთავარი ამოცანა არის ეროვნულ ვალუტაში სესხებისა და დეპოზიტების წახალისება. ამ მიზნით, მთავრობასთან ერთად, გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარი იქნება სწორედ საბაზრო მექანიზმებზე და არა რაღაც უხეშ რეგულაციებზე. ადამიანებს მეტი სტიმული მიეცემათ, რათა როგორც დანაზოგები, ისე სესხები აიღონ ლარში”, – ამბობს აკაკი ზოიძე.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ტიპის რეგულაციაზეა საუბარი. დიდი ალბათობით, საუბარი შეიძლება წავიდეს დოლარში სამომხმარებლო და იპოთეკური სესხის გაცემის აკრძალვაზე, რადგან დედოლარიზაციის ეგიდით წარმოებულმა კამპანიამ შედეგი აქამდე ვერ გამოიღო. შესაძლო აკრძალვის ტენდენცია ბანკების საქმიანობაში ირიბად იკითხება კიდეც. კომერციულმა სტრუქტურებმა საპროცენტო განაკვეთი დოლარში გასაცემ სესხზე საკმაოდ შეამცირეს. აქედან ჩანს, რომ ბანკები რეგულაციების მოლოდინში არიან და ცდილობენ, მეტი და მეტი სესხის გაცემა მოასწრონ უცხოურ ვალუტაში.

საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას განცხადებით, მთავრობა ბანკებს ვერაფერს აუკრძალავს. ეს უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა, მაგრამ პირდაპირი აკრძალვაც კარგ შედეგს ვერ მოიტანს. “ამ ეტაპზე ბანკებს არ აქვთ იმ რაოდენობის ლარი, რომ ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილონ. დოლარიზაციასთან ბრძოლა ასე არ ხდება, ის მოითხოვს განსხვავებული მეთოდის გამოყენებას. ასე პრობლემას ვერ არ მოაგვარებენ, მიიღებენ მეორე ბანკ “კაპიტალს”, რომელსაც ახლა გაუუქმეს ლიცენზია. კურსზე საუბარი ჯერ რთულია, რადგან მთავრობას სამოქმედო პროგრამა არ გამოუქვეყნებია”, – აცხადებს ლია ელიავა.

რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ექსპერტები მთავრობას ურჩევენ, მოხდეს არა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, არამედ განახევრება, რისი რესურსიც დღეისათვის არსებობს. “უნდა შემცირდეს კი არა, უნდა განახევრდეს ადმინისტრაციული ხარჯი. ამას დისკუსია და დეკლარირება არ უნდა. რეალურად დავიწყოთ საქმის კეთება. თუ სერიოზული და ნორმალური გეგმა არის, ცუდი არ იქნება, რომ დედოლარიზაციის გზით ვიაროთ. ამას დრო უნდა, ადამიანების მენტალობის შეცვლა და ა.შ.”, – აცხადებს ექსპერტი დავით წიქარიძე.

სავალუტო ოპერაციების სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, რომ დოლარში სესხის აკრძალვა არ არის სწორი ნაბიჯი, რადგან ეს უკვე ბანკების საქმიანობაში ადმინისტრაციული ჩარევაა. “დოლარიზაციის შემცირება უნდა მოხდეს საბაზრო მექანიზმებით. მთავრობამ ლარს საგადამხდელო ფუნქცია უნდა დაუბრუნოს, რაც მას ჯერჯერობით მხოლოდ კანონით აქვს მინიჭებული. კაპიტალური აქტივების, უძრავ-მოძრავი ქონების, საპრივატიზაციო ობიექტების რეალიზაცია უნდა ხდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ლარში. ეს უნდა იყოს მთავრობის მიზანმიმართული სტრატეგია, მკვეთრი ნაბიჯების გარეშე არაფერი შეიცვლება”, – აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

„რეზონანსი“, 16 ნოემბერი, 2016 წელი

რას ამბობს რევაზ მიშველაძე ნობელის პრემიაზე მისწარდგენისა და მერიის მრჩეველთა საბჭოს შესახებ

ია აბულაშვილი

თბილისის მერის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობასა და მათი რჩევით მერის შესრულებულ თუ შეუსრულებელ დაპირებებზე “რეზონანსი” საბჭოს თავმჯდომარეს, მწერალ რევაზ მიშველაძეს ესაუბრა. მას შევეკითხეთ ასევე, იმაზე, რომ მწერალთა კავშირმა და კიდევ ორმა გაერთიანებამ ლიტერატურაში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ამაზე მწერალი ამბობს, “მოგეხსენებათ, დღემდე ქართველ მწერალთათვის ნობელის პრემია ვერ გაიმეტეს და მეც დიდი შანსი მაქვს იმისა, რომ ჩემი წინამორბედების ბედი გავიზიარო”.

რევაზ მიშველაძე: მოგეხსენებათ, რომ ქალაქის მერის მრჩეველთა საბჭო იკრიბება სამ თვეში ერთხელ. ეს გახლავთ საზოგადოებრივ საწყისებზე მოქმედი საბჭო, რომლის წევრებიც სრულიად უსასყიდლოდ, ენთუზიაზმზე დაყრდნობით მუშაობენ, რათა დაეხმარონ თავად მერს უპირველეს ყოვლისა საქმიანი რჩევებით და ჩვენი ქალაქის ცხოვრებას რაიმე სასიკეთო შემატონ. თბილისის მერი დიდი ყურადღებით ეკიდება საბჭოს მუშაობას. ჯერჯერობით ორი წელია არსებობს ეს საბჭო და არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე სხდომა თავის დროზე არ ჩატარებულიყო.

რაც შეეხება ჩვენი საბჭოს რჩევით მერის მიერ შესრულებულ დაპირებებს, უნდა გითხრათ, რომ ამის მაგალითებიც არაერთი გვაქვს, კერძოდ, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა ორმხრივი მოძრაობა, რამაც საკმაოდ გააადვილა ამ რაიონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ქალაქის მერმა უკვე მოაწერა ხელი ქალაქის გენერალურ გეგმას და მომავალში თბილისის განვითარება მოხდება არა იმპულსურად, როგორც აქამდე იყო, არამედ ამ გეგმის ზუსტი პარამეტრების დაცვით. გამწვანების სამმართველოსა და არქიტექურის სამმართველოსთან ერთად მერმა დააწესა სპეციალური ბრძანებით მკაცრი შეზღუდვები ორი მიმართულებით: კატეგორიულად აიკრძალა ქალაქის მერიაში ხეების მოჭრა და შეიზღუდა სამშენებლო ნებართვების გაცემა თუ მომავალ შენობას არა აქვს ავტოსადგომის და მცირე სტადიონის გამართვის საშუალება. ესეც ჩვენი რჩევით გაკეთებული წინ გადადგმული ნაბიჯია.

რაც შეეხება ყბადაღებული “სითი-პარკის” ურთულეს თემას, ამასწინათ ქალაქის მერმა სპეციალური გამოსვლით საზოგადოებას, ქალაქის საკრებულოს და ყველა თბილისელს განუმარტა, რომ “სითი-პაკთან” დადებული ხელშეკრულება მართლაც არის წინა მერიის მიერ დადებული დანაშაულებრივი ხელშეკრულება და იგი ყოველ ღონეს იხმარს, რომ დედაქალაქის მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით მძღოლებისათვის ეს არასასურველი ხელშეკრულება გაუქმდეს. ქალაქის მერმა ასევე შეასრულა დაპირება გიორგი სააკაძის ძეგლთან მოძრაობის მოწესრიგების მიმართულებით. აქ უკვე დაიდგა შუქნიშნები, და ამ ადგილზე მანქანების მოძრაობა საგრძნობლად გაადვილდა.

- შეუსრულებელ დაპირებებზე რას იტყვით, მაგალითად, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანაზე, რესპულიკის მოედანზე ველოსიპედის ძეგლის აღებაზე, დიდუბის პანთეონის გაფართოებაზე და ა.შ.?

- იერუსალიმი ერთბაშად არ აშენებულა და ამ პრობლემებზე საუბარი გვექნება მრჩეველთა საბჭოს მორიგ შეკრებაზე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება.

- თუმცა ზოგიერთი თქვენი ოპონენტი, მრჩეველთა საბჭოს არარსებულ საბჭოს უწოდებს. გარდა ამისა, კატეგორიული წინააღმდეგიც კი არის დიდუბის პანთეონის არათუ გაფართოების, არამედ საერთოდ არსებობის. მათ რას უპასუხებდით?

- ამაზე რა უნდა მოგახსენოთ, რაკი თქვენ გვარს არ ასახელებთ, მეც ინკოგნიტოდ გავეპასუხები ჩვენს ოპონენტს. შეიძლება მავანი და მავანი წინააღმდეგი იყოს დიდუბის პანთეონის გაფართოების, მაგრამ პანთეონის საერთოდ არსებობის წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს, ვერ წარმომიდგენია. როგორც მითხრეს, დიდუბის პანთეონში იმ მწერლის მამა გახლავთ დასაფლავებული, მაშინ რატომ არ მოუვიდა აზრად დიდუბის პანთეონის გაუქმება, როდესაც იქ მამამისს ასაფლავებდნენ? ამ თემაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

რაც შეეხება ოპონენტის ჰაი-ჰარად ნათქვამს მრჩეველთა საბჭოს არარსებობის შესახებ, საპასუხოდ ორ არგუმენტს მოგახსენებთ – ჩემო ურწმუნო თომავ, ძვირფასო ოპონენტო, ქალაქის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან: გიგა ბათიაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, გივი თოიძე, ოთარ კვესიტაძე, მაყვალა გონაშვილი, არჩილ ფრანგიშვილი, იგორ კვესელავა, ომარ მხეიძე, ჯემალ გახოკიძე, ვახტანგ დავითაია, სოსო სიგუა და თამაზ შილაკაძე, დაურეკე რომელსაც გინდა ზემოთ ჩამოთვლილ პატივცემულ პიროვნებათაგან და ისინი აგიხსნიან, არსებობს თუ არა მრჩეველთა საბჭო. მე ნუ დამრეკავ, შეიძლება შენს ქოსატყუილობაზე მთლად დელეკატური პასუხი ვერ გაგცე.

- ერთი მოსალოცი ამბავი გავიგეთ, წარდგენილი ყოფილხართ 2017 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად მხატვრული ლიტეტარტურის განხრით, რომელ ნაწარმოებზეა საუბარი და ვინ წარგადგინათ?

- დიდი მადლობა. წარდგენილი ვარ ჩემი ახალი რომანისთვის “ციყვი ბორბალში”. რომანი დაწერილია თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაზე; კონკრეტიულად ის პრეზიდენტია მოვლენათა შუაგულში, რომელიც 9 წლის განმავლობაში კამათლებივით ათამაშებდა საქართველოს მოქალაქეთა ბედს. სიუჟეტის ძირითადი ხაზი გახლავთ უდანაშაულო პიროვნების დაპატიმრება და ამ დაპატიმრებასთან დაკავშირებული ის “მშვენიერებანი”, რასაც ჩვენი ხელისუფლების იმდროინდელი წარმომადგენლების ჩადიოდნენ. მსოფლიოს ამ უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს მოსაპოვებლად წარმადგინა სამმა უწყებამ, გამომცემლობა “მაცნემ”, კორპორაცია “რუსულმა კლუბმა”, რომელმაც გამოსცა რომანი რუსულ ენაზე და საქართველოს მწერალთა კავშირმა. აქამდე სამი ქართველი მწერალი იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე – გრიგოლ რობაქიძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ოთარ ჭილაძე. მოგეხსენებათ, დღემდე ქართველ მწერალთათვის ნობელის პრემია ვერ გაიმეტეს და მეც დიდი შანსი მაქვს იმისა, რომ ჩემი წინამორბედების ბედი გავიზიარო.

——————–

Comments are closed