globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 16th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პატრიარქის დიპლომატია // საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთს და რუსეთს შორის

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „მე შევქმნი ახალი პოლიტიკური ვარსკვლავების გუნდს“

«Каспiй» (აზერბაიჯანი): უცხო უცხოებს შორის // მიხეილ სააკაშვილი დიდ პოლიტიკაში მიდის და არ სჯერა, რომ შეიძლება საქართველოში იქნეს დეპორტირებული

«Deutsche Welle» (გერმანია): „ქართული ოცნების“ ფიასკო უკრაინაში: მიზეზები

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-patriarch-to-visit-moscow-russia/3596410.html

პატრიარქის დიპლომატია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთს და რუსეთს შორის

ზაზა წულაძე

18 ნოემბერს, რუსეთის დედაქალაქში მორიგი ვიზიტით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩადის. ამჯერად ვიზიტის მიზეზი – მოსკოვისა და მთელი რუსეთის პატრიარქის დაბადების დღეა. 83 წლის ილია მეორე აპირებს კირილე მეორეს 70 წლის იუბილე პირადად მიულოცოს.

2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიის შემდეგ, ეს პატრიარქ ილია მეორეს რიგით მეხუთე ვიზიტი იქნება რუსეთში. ომიდან 4 თვეში, 2008 წლის დეკემბერში, ილია მეორე მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ ალექსეი მეორის დაკრძალვაზე ჩავიდა. ამ დროს საქართველოს უკვე გაწყვეტილი ჰქონდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა. 2011 წლის ნოემბერში, საქართველოს პატრიარქმა მოსკოვში, კირილე მეორეს 65 წლის იუბილე მიულოცა და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდა. 2013 წლის იანვარში, ილია მეორემ მოსკოვში “მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდისგან” ჯილდო მიიღო და შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ჰქონდა აუდიენცია. 2013 წლის ივლისში, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მოსკოვს, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილეს აღსანიშნავად ეწვია.

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამჟამინდელი ვიზიტის დროს, რუსეთის პრეზიდენტთან ოფიციალური შეხვედრა დაგეგმილი არ არის, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ „იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ასეთი შეხვედრა მაინც გაიმართოს“.

ფილოსოფოსი გიგა ზედანია ფიქრობს, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ბოლო წლების პოლიტიკა, ერთგვარი „მშვიდობის ხიდის“ როლი ითამაშოს ოკუპანტ ქვეყანასთან, მრევლის თვალში აზარალებს თავად ეკლესიას, როგორც „ქართული ნაციონალური იდეოლოგიის“ მედროშეს:

“კონფლიქტში რუსეთ-საქართველოს შორის, რომელიც ისედაც ძალიან არათანაბარია, ამ შემთხვევაში ეკლესიის ჩარევა ხდება, ზუსტად რუსეთის სახელმწიფოდან მომდინარე იდეოლოგიის სასარგებლოდ და ეს პრობლემურია. იმიტომ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძალიან დიდი პრესტიჟი და როლი დღეს არის დამოკიდებული სწორედ მის ეროვნულ და ნაციონალურ ხასიათთან. ეკლესიის მთავარი დისკურსი არის სწორედ ნაციონალისტური დისკურსი. როგორც კი ეს ნაციონალისტური დისკურსი კონფლიქტში მოდის იმპერიასთან ბრძოლის დისკურსთან – ეს სერიოზული პრობლემაა, სწორედ ეკლესიისთვის, შინაგანი წინააღმდეგობაა პოზიციებში. შეუძლებელია იყო ქართული ეროვნულ-ნაციონალისტური დისკურსის მპყრობელი და ამავე დროს, არ გინდოდეს აღიარო, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე დღეს დგას არის – რუსეთი“.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პატრიარქი რუსეთის დედაქალაქში ჩადის ზუსტად ერთი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს წარმომადგენლობითი დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი დასრულდა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში.

7-11 ნოემბერს, წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები, საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორეს ხელმძღვანელობით, ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციაში, „საქართველო და ევროკავშირი“-ს პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

ამ პროექტს დიდი ბრიტანეთისა საელჩოს დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ საპატრიარქოსთან არსებულ, „წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან“ ერთად ახორციელებს და მისი მიზანი – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, სასულიერო პირების ინფორმირება და მათი ჩართულობის გაზრდაა.

ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ბრძანა, რომ პატრიარქი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ვიზიტს და NATO-ს ხელმძღვანელობის ზუსტ ინფორმირებას: „ბრიუსელში დარწმუნდნენ, ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, რომ თითქოს ეკლესია ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, ყალბია და ეს გაქარწყლდა. ამით ყველა იყო გახარებული. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ასეთი უშუალო კონტაქტები გვქონდეს, დავინახეთ ბევრ საკითხში თანხმობა და მიმაჩნია, რომ თანამშრომლობა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს“.

მოსკოვში გამგზავრებამდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აშშ-ს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა დონალდ ტრამპს: „ჩვენს რთულ დროს ეს ფრიად საპატიო, მაგრამ მძიმე ტვირთი უფლის განგებით დღეს თქვენ დაგეკისრათ. ინებოს ღმერთმა, თქვენი მსახურება იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმამტკიცებელი, სამართლიანობის აღმდგენი და შემდგომი წარმატებების მომტანი როგორც თქვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის“ – წერს ილია II ამერიკის 45-ე პრეზიდენტს.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 15 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.bbc.com/russian/features-37990373

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „მე შევქმნი ახალი პოლიტიკური ვარსკვლავების გუნდს“

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 15 ნოემბერს ინტერვიუ მისცა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის კორესპონდენტს ტომ ბარიჯს.

გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტს მცირეოდენი შემოკლებით:

- უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თქვენი პოლიტიკური მოკავშირე იყო, მან თქვენ უკრაინის მოქალაქეობა მოგცათ და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაგნიშნათ, თქვენ კი მას ზურგში დანას ურტყამთ?

- ეს კიდევ საკითხავია, ვინ ვის უტყამს ზურგში დანას… მან ჩვენ ოდესაში გაგვგზავნა, გვითხრა, რომ ჩვენგან რეფორმებს ელოდება, რეალურ ცვლილებებს. ბუნებრივია, მისი ნათქვამი სერიოზულად აღვიქვით და დავიწყეთ სწორედ იმის კეთება, რაზედაც მოვილაპარაკეთ – ადგილობრივ კლანებთან ბრძოლა, ბიუროკრატული სისტემის რეფორმირება. და ამ დროს მოულოდნელად შევეჯახეთ წინააღმდეგობას მოულოდნელი მხრიდან – ცენტრალური ხელისუფლებისა და თვით პირადად პეტრო პოროშენკოსაგან.

- რატომ აცხადებთ ამას დღეს? ბევრი მიიჩნევს, რომ თქვენ რაღაც საკუთარი სარგებლის მიღწევას ცდილობთ შექმნილი სიტუაციიდან. თქვენ [და თქვენმა პარტიამ] ახლახან წააგეთ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, უკრაინას კი სულაც არ ჭირდება ახალი პოლიტიკური რყევები, რომლის უკანაც, როგორც ბევრი ფიქრობს, თქვენ დგახართ…

- მე გადადგომა ჯერ კიდევ აპრილში მინდოდა, ამის შესახებ პრეზიდენტსაც ვაცნობე. იგი დამპირდა, რომ ყველა იმ ცვლილებებს გაატარებდა, რომლებზეც მე ვესაუბრე და დაბეჯითებით მთხოვა, რომ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი. აი, ესაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე ბოლო დრომდე ოდესაში ვაგრძელებდი მუშაობას. ეს არაა დაკავშირებული სხვა ფაქტორებთან და მით უმეტეს, საგარეო-პოლიტიკურ მომენტებთან. რაც სეეხება იმას, თუ რამდენად მოწყვლადია დღეს უკრაინა – დიახ, უკრაინა მართლაც მოწყვლადია. მაგრამ პირველ რიგში ასე იმიტომაა, რომ ჩვენ ვერ განვახორციელეთ ყველა დონეზე ნამდვილი რეფორმები, ნამდვილი ცვლილებები. მოსახლეობამ მაიდნის შემდეგ ვერ დაინახა ვერც ცხოვრების გაუჯობესება და ვერც მცდელობები სიტუაციის სერიოზული გაუმჯობესების მიზნით.

უკრაინაში რევოლუცია მოხდა. რევოლუცია მხოლოდ ის არაა, რომ ქუჩაში გახვიდე და იდეას თავი შესწირო. აქ ეს მართლაც მოხდა – უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და ახლაც კვდებიან იდეებისათვის… მაგრამ რევოლუცია რევოლუციურ გარდაქმნებსაც ნიშნავს. თუ რევოლუციური ცვლილებები არ ხდება, მაშინ იწყება ის, რაც დაიწყო პირველი მაიდნის [ანუ „ნარინჯოვანი რევოლუციის“] შემდეგ: რეაქცია, ვიქტორ იანუკოვიჩის დაბრუნება.

მეორე მაიდნის ტრაგიკული მოვლენები რომ არ განმეორდეს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი პოლიტიკური ძალა, მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლა, ხალხის მობილიზება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური კლასი უნდა მოვიდეს, რომელმაც მართვის სადავეები ძველს უნდა წაართვას – მთავრობისა და ვერხოვნა რადას დონეზე. აი, ესაა ჩვენი მიზანი დღესდღეობით.

- როგორი იქნება ახლა თქვენი დამოკიდებულება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსადმი?

- პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეეძლო ჩემი უნარისა და შესაძლებლობების გამოყენება ნამდვილი რეფორმებისა და ცვლილებების გასატარებლად. პრობლემა იმაში იყო, რომ როდესაც ჩვენ ოდესაში წავედით და რეალურად შევუტიეთ ადგილობრივ კლანებს, რეალურად დავიწყეთ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და გამოძიება, როცა რეალურად შევუდექით წესრიგის დამყარებას, პეტრო პოროშენკოსა და მის გარემოცვას ეს არ მოეწონათ. და მათ კიევიდან ჩვენი რეალური საბოტაჟი დაგვიწყეს. ისინი არ გვაძლევდნენ ფულს, ისინი ექვსი თვის განმავლობაში ჩემს ოთხ მოადგილეს არ ნიშნავდნენ, მოახდინეს ღია საბაჟო სივრცის დაარსების ბლოკირება, რომელიც ჩვენს მთავარი პროექტს წარმოადგენდა. აი, ესაა მთელი ისტორია. ამიტომაც რაღაც მომენტში სიმართლე უნდა თქმულიყო. როცა სრულიად აშკარა გახდა, რომ უკვე არაფერი კარგი აღარ იქნება და სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება, ამაში დამნაშავე პირველ რიგში კიევი იყო. ამიტომაც საჭირო გახდა კიევში წავსულიყავით და იქ შეგვეცვალა ვითარება. სწორედ ამით ვართ ახლა დაკავებული.

- გინდათ უკრაინის პრეზიდენტი გახდეთ?

- ამაზე არ ვფქირობ, რადგან უკრაინის კონსტიტუციით ეს დაუშვებელია.

- მაშინ როგორია თქვენი პარტიის მიზანი ამ შემთხვევაში?

- ახალი ადამიანების ძიება, მათზე მოსახლეობის ყურადღების მიპყრობა.. ფაქტიურად ჩვენ ახალი პოლიტიკური ვარსკვლავების გუნდი უნდა შევქმნათ, რომელიც უკრაინას წარმატებას მოუტანს. ეს ძალიან დიდი პატივია. მსოფლიოში არცთუ ისე ბევრი პოლიტიკოსია, რომლები საკუთარი თავის რეალიზებას სხვა ქვეყანაშიც ახერხებენ, ანუ პოლიტიკოსები ერთდროულად ორივე ქვეყანაში არიან. მე ასეთი შესაძლებლობა მაქვს და მინდა ვისარგებლო. საქმე ეხება არა თანამდებობას, არამედ შედეგს. მინდა აქ ადამიანებს დავეხმარო. უკრაინელები დიდ ერს წარმოადგენენ, მე თავს მათ ნაწილად ვგრძნობ, მინდა მათი წარმატება გავიზიარო.

- მაგრამ თბილისში თქვენს პარტიას [„ნაცმოძრაობას“] წარმატება რომ მოეპოვებინა, ალბათ, საქართველოში დაბრუნდებოდით, ხომ?

- არა. მე იქ პრეზიდენტობის ორი ვადა ამოვწურე, მესამე ვადით არჩევის შესაძლებლობას კი კონსტიტუცია აღარ მაძლევს. [„ნაცმოძრაობა“] არჩევნებში უჩემოდ მონაწილეობდა, რადგან სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მონახა. ჩვენ არ შეგვეძლო არჩევნების მოგება და ამას უნდა შევურიგდე. ჯერ კიდევ არჩევნების წინ მე ვთქვი, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, საქართველოს ხელისუფლებაში არ დავბრუნდები-მეთქი. უკრაინიდან არსად არ გავიქცევი.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 16 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

უცხო უცხოებს შორის

მიხეილ სააკაშვილი დიდ პოლიტიკაში მიდის და არ სჯერა, რომ შეიძლება საქართველოში იქნეს დეპორტირებული

„როგორც ჩანს, ამჯერად უკვე ყოფილი გუბერნატორის ამბიციები ყოველგვარ საზღვარს სცილდება. ოდესაში განცდილმა წარუმატებლობამ იგი ვერ შეაჩერა და ახლა იგი დიდი პოლიტიკას უმიზნებს“, – წერს აზერბაიჯანის რუსულენოვანი გაზეთი „კასპიი“ (ავტორი – ალი იბრაჰიმოვი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაჟღერებული განცხადებები. ავტორი განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს ექს-გუბერნატორის განზრახვაზე ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის შესახებ, რომელშიც ის უკრაინელი პოლიტიკოსები იქნებიან გაერთიანებულნი, რომლებთაც ბიოგრაფია არ დაულაქავებიათ (კომპრომატები არ აქვთ). „საინტერესოა, რა კრიტერიუმებით აფასებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსების კომპრომეტაციის დონეს, როცა იგი თვითონ გახდა უცხო უცხოებს შორის? ამის მიუხედავად, ექს-გუბერნატორი აცხადებს, რომ იგი არავითარი კორუფციულ სკანდალებში არ არის გარეული, მოსახლეობა მას მხარს უჭერს და თვით აშშ-ის ახლადრჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც კი მისი მეგობარია.

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს დაპირისპირების უკვე ცნობილი მიზეზები (დანიშვნით კი დამნიშნა გუბერნატორად, მაგრამ  კორუფციასთან ბრძოლაში არ მეხმარებოდა, პირიქით, ხელს მიშლიდაო).

ექს-გუბერნატორი მტკიცედ აცხადებს, რომ თავისი ახალი მომხრეებით, როცა ისინი პარტიას ჩამოაყალიბებენ, პეტრო პოროშენკოსთან მივლენ და მოსთხოვენ ხელი მოაწეროს ბრძანებულებას პარლამენტის (ვერხოვნა რადას) ვადამდელი არჩევნების შესახებ. მაგრამ აქვს კი შანსები მიხეილ სააკაშვილს ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით?

„შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილს გარკვეული შანსები მართლაც აქვს ახალი პარტიის ჩამოყალიბების საკითხში. საეჭვოა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა რაიმე გავლენა მოახდენოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტაზე, მაგრამ მის ახალ პარტიაში მართლაც შეიძლება უკრაინელი პოლიტიკოსები გაწევრიანდნენ“, – წერს ალი იბრაჰიმოვი და ამის დასტურად კიეველი პოლიტოლოგის პეტრე ოხოტინის თვალსაზრისი მოჰყავს: „მიხეილ სააკაშვილის სამომავლო პარტიაში შესვლის სურვილი უკვე გამოთქვეს „დემოკრატიული ალიანსის“ წევრებმა, მაგრამ მხოლოდ ლიბერალური რიტორიკით მიხო შორს ვერ წავა, საჭირო იქნება ოპოზიციის წრე გააფართოვოს“.

პარტიის დაარსების გეგმები გეგმებად, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს შეიძლება სხვა საფრთხე დაემუქროს: იგი პეტრო პოროშენკოს მეგობრად აღარ თვლის, ხომ? ჰოდა, თუ უკვე ყოფილი მეგობარი პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ უკვე მისი არაკეთილმოსურნე და ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გადასცეს, რას იზამს ქართველი „რეფორმატორი“? „მე ვფიქრობ, რომ პეტრო ამას არ გააკეთებს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, ანუ ჰიპოთეტური სიტუაცია თუ შეიქმნება, ერთ კვირაში მაინც თავისუფალი ვიქნები. მე ხომ საქართველოში 600 ათასი მომხრე მყავს“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხომ თქმით კი თქვა, თავისუფალი ვიქნებიო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რით დაეხმარებიან მას ყოფილი თანაპარტიელები, ანუ ის ლიდერები, რომლებიც მას საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების გამო დაუპირისპირდნენ.

———–

როგორც გუშინ, 15 ნოემბრის საღამოს, უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა კიევის ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში განაცხადა, მან თხოვნით მიმართა უკრაინის პროკურატურას, რომ დაიწყოს საკითხის განხილვა ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ: „იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის მიცემის დროს კანონმდებლობა იქნა დარღვეული, მე ვთხოვე პროკურატურას ყველაფერი სამართლებრივ სიბრტყეში დააბრუნოს და მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვას. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოსთან გაფორმებული გვაქვს შეთანხმება საერთაშორისო დამნაშავეთა ექსტრადირების თაობაზე. ჰოდა, მოდით, ნუ დავარღვევთ ხელშეკრულებას, ნუ დავუპირისპირდებით საქართველოს ამ ერთი კაცის გამო და გადავცეთ იგი თბილისს“, – თქვა ვადიმ რაბინოვიჩმა.

წყარო: http://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/3787017

«Deutsche Welle» (გერმანია), 15 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/комментарий-фиаско-грузинской-мечты-в-украине/a-36397316

ქართული ოცნებისფიასკო უკრაინაში: მიზეზები

გერმანული რადიო „დოიჩე ველეს“ მიერ გავრცელებულ მასალაში საუბარია ეგრეთ წოდებულ „ქართველ რეფორმატორთა“ გუნდის წარუმატებლობაზე უკრაინაში, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი გადადგომებით აღინიშნა, მათ შორის უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის ხატია დეკანოიძის სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლაშიც (ავტორი – სერგეი რუდენკო).

„მიხეილ სააკაშვილის გადადგომიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, თანამდებობა დატოვა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემაც. იგი სკანდალის გარეშე წავიდა, მაგრამ ყველას მკაფიოდ მიანიშნა: გადადგომის მიზეზი პოლიტიკური მოტივებია, კონკრეტულად კი პოლიციის საქმეებში ჩარევის მცდელობა. როგორც ჩანს, ქართული გუნდისათვის რეფორმების მთავარ დამკვეთს – უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რეფორმები უკვე აღარ ჭირდება“, – აღნიშნულია რადიოკომენტარში.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ეროვნული პოლიციის ჩამოყალიბება მაიდნის შემდგომ უკრაინაში წარმატებული რეფორმის ერთგვარ ვიტრინას წარმოადგენს. მართალია, რეფორმის განხორციელების პროცესის დროს ბევრი პრეტენზია გამოითქვა როგორც ყოფილი მილიციონერებისაგან, ასევე პოლიტიკოსებისაგან, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ქართველმა „ვარიაგ-ვიკინგებმა“ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველაზე წარმატებული გარდაქმნა განახორციელეს: საპატრულო პოლიცია უკვე ქვეყნის 32 ქალაქში მუშაობს, მასში თანამშრომელბის მიღება კონკურსის საფუძველზე ხდება… პირველად მრავალი წლის მანძილზე უკრაინელებმა ახალი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგი დაინახეს. მაგრამ ცუდი ისაა, რომ „პოლიციური ვიტრინა“ არასაკმარისია: პატრული პატრულად, მაგრამ შინაგან საქმეთა უწყების სხვა სტრუქტურებში ჯერ ცვლილების ნიშან-წყალი არ ჩანს, სისტემა კვლავ ძველი რჩება, იგივეა პროკურატურასა და სასამართლოებშიც“.

რატომ წავიდა თანამდებობიდან ხატია დეკანოიძე?

უკრაინის უშიშროების სამსახური მიიჩნევს, რომ კიევში ანტისამთავრობო აქციები მზადდება და ამაში კრემლის ხელი ურევია. მოარული ხმების თანახმად, გადადგომის წინა დღით ხატია დეკანოიძე პრეზიდენტს ესაუბრა და თითქოსდა პეტრო პოროშენკოს მისთვის მიუნიშნებია ეროვნული პოლიციის როლზე მოსალოდნელ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების აღკვეთასა და წესრიგის დაცვაში. არავინ იცის, რა პასუხი გასცა პოლიციის უფროსმა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მან პრეზიდენტს უარი განუცხადა აქციის დარბევაზე და უბრალოდ, გადადგომა ამჯობინა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხატია დეკანოიძე, ალბათ, მიხეილ სააკაშვილსა და ოდესის საოლქო პოლიციის უფროსს დავით ლორთქიფანიძეს ეყრდნობოდა, მათი გადადგომის შემდეგ კი, ეროვნული პოლიციის უფროსიც იძულებული გახდა იგივე გაეკეთებინა.

მოკლედ, დღეს ქართველ რეფორმატორთა გუნდი საქმის გარეშე აღმოჩნდა. სისტემა, რომლის შეცვლასაც ისინი იმედოვნებდნენ, მათზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ [ნებით თუ უნებლიედ], მხარი სისტემას დაუჭირა და არა რეფორმატორებს, რომლებიც მან მიიწვია.

უკრაინელთა „ქართული ოცნების“ მარცხი მხოლოდ პეტრო პოროშენკოს პირადი მარცხი არ არის. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მეთაურმა ვერ გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის გუნდის პოტენციალი. ქართველებმა უკრაინაში მუშაობის პერსპექტივა დაიჯერეს, ბევრმა მოქალაქეობაც გამოიცვალა, მაგრამ რეფორმების ავანგარდად ყოფნა მაინც ვერ შეძლეს, რასაც, სხვათაშორის, დასავლეთში უკრაინის გარკვეულ მარკერად მიიჩნევენ.

მიხეილ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს რაიმე პირადი ინტერესები და პირადი კეთილდღეობა არ ამოძრავებთ. მათ უკრაინის შეცვლა და მმართველი პოლიტიკური ელიტის განახლება სურთ. სწორედ ამიტომ აქვთ დაგეგმილი ახალი პარტიის ჩამოყალიბება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Comments are closed