„რეზონანსი“: საფრთხე, რომელიც ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობას მოჰყვება // „ვაძლიერებთ ქვეყანაში ჩინური პროდუქციის უპირატესობას, რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა გაურბის“
„რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა აბსოლუტური ფარსია“ // შეიძლება პრემიერ-მინისტრიც სცემონ“ // „ქვეყანაში ორი დიდი დაჯგუფება იბრძვის დომინანტური მდგომარეობის მოსაპოვებლად“
„რეზონანსი“: უმუშევრებს კონსტიტუცია ნაკლებად დაიცავს
„რეზონანსი“: დავით ნარმანია თუ კახა კალაძე – „ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს სოციოლოგიური კვლევით გამოავლენს
„რეზონანსი“: ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „არჩევნებამდე ყველა გუბერნატორი და გამგებელი უნდა შეიცვალოს“
—-
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას აპირებს“ // „დავით ნარმანიას ყოფილი მთავარი პროკურორი მფარველობს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა უტიფრობის სახეს ატარებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბესო დანელიასთან: „გიგა ბოკერია მითითებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებს“ // „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ მონსტრად ჩამოყალიბდა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა გართულდეს“
„ახალი თაობა“: მარიამ ქელბაქიანი: „გია ვოლსკის სიზარმაცის გამო ბიუჯეტი მილიონებს არ უნდა ხარჯავდეს“ // „ქუთაისის პარლამენტის შენახვა ბევრად უფრო იაფია“
—-
„რეზონანსი“: რამდენი წელია საჭირო სახელფასო დანაზოგით ბინის შესაძენად? // „თბილისში 30 კვადრატული მეტრი ფართის შეძენას 5-6 წელი სჭირდება“
——————–
„რეზონანსი“, 17 მაისი, 2017 წელი
საფრთხე, რომელიც ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობას მოჰყვება
„ვაძლიერებთ ქვეყანაში ჩინური პროდუქციის უპირატესობას, რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა გაურბის“
ნათია ლომიძე
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობით მთავრობა ექსპორტის გაზრდას ცდილობს. ისინი ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულების შემდგომი პროცესი საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე დადებითად აისახება, ეკონომისტების ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ადგილობრივი წარმოების უკუსვლის ტოლფასია.
ჩინეთში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ჩინეთს მსოფლიოს მხოლოდ 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან აქვს გაფორმებული 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს ჩინეთის ბაზარი, რომელიც აერთიანებს, დაახლოებით, 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის, დაახლოებით, 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.
2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის, ბრუნვის მიხედვით, მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით, მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორებიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა. ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის.
საექსპორტო პროდუქციას შორისაა: ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და, ასევე, სამრეწველო პროდუქციებიდან – სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხი მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შესათანხმებლად მოლაპარაკებები 7 თვეში დასრულდა.
ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულება დიდი პრობლემაა, რაც ადგილობრივი წარმოების შესუსტებით აიხსნება. მისი აზრით, ჩინეთი მთლიანად აითვისებს ქართულ ბაზარს.
„ყველა ქმედებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. როდესაც ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას შორის არის ძალიან დიდი დისბალანსი, ეს არ შეიძლება დადებით მოვლენად ჩავთვალოთ. ჩინეთი მთლიანად მოიპოვებს ქართულ ბაზარს. ვაჭრობის სალდოს დასაბალანსებლად არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია ღვინის გარდა. სწორედ ესაა დიდი პრობლემა. მოგეხსენებათ, ეკონომიკის რეალური სექტორი სუსტად არის განვითარებული და თუკი ჩინურ პროდუქციას მივცემთ ქართულ ბაზარზე თავისუფლებას, სამომავლოდ ჩვენი რეალური წარმოების წინსვლა გამოირიცხება. ასეთი ურთიერთობის შემოღებით ვაძლიერებთ ქვეყანაში ჩინური პროდუქციის უპირატესობას, რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა გაურბის”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ევროპული სახელმწიფოები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობისგან თავს იკავებენ, რადგან მათ პროდუქციას შეუძლია, მთლიანი ბაზარი მოიცვას. სწორედ იმ რისკებისგან იცავენ თავს ქვეყნები, რასაც საქართველოში, პოლიტიკური პიარის გამო, ყურადღებას არ აქცევენ.
„ჩინური პროდუქციის ექსპანსიას ვერაფერს დავუპირისპირებთ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება პოლიტიკურ პიარზეა ორიენტირებული და მცირე შედეგსაც ვერ მივიღებთ. ინვესტორი, რომელმაც იცის, რომ ჩინური, იაფფასიანი პროდუქციაა ბაზარზე, რატომ განახორციელებს ჩვენთან ინვესტიციას? მისი პროდუქტი აბსოლუტურად არაკონკურენტული იქნება ჩინურ საქონელთან. იმისთვის, რომ ჩვენ რეალური სექტორი ავამუშაოთ, აუცილებლად გვჭირდება ეკონომიკური საზღვრის კონტროლი გარკვეული პერიოდი მაინც, ვიდრე შიდა წარმოება დადგება ფეხზე. როდესაც ასეთ სასათბურე პირობას უქმნის ქვეყანა ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს, ინვესტორები თავს იკავებენ გეგმების განხორციელებისგან. რატომ არ უდებენ ევროპული ქვეყნები ჩინეთს ამგვარ ხელშეკრულებას? პასუხი მარტივია, იმ რისკს ითვალისწინებენ, რასაც ჩვენ არაფრად ვაგდებთ”, – აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გია ხუხაშვილმა.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას. მისი აზრით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩვენს ბიზნესმენებს დიდი შანსი აქვთ, მიაღწიონ წარმატებას ახალ ბაზარზე.
„ვფიქრობ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მხოლოდ დადებითად აისახება საქართველოზე, რადგან ჩვენ საბაზრო პოლიტიკა ისედაც ლიბერალური გვაქვს. საქართველო ცდილობდა, შეეცვალა საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია და ორიენტირი. შესაბამისად, ჩინეთის სახით დაემატა საკმაოდ სერიოზული მდგრადი ბაზრი. იმპორტზე დამოკიდებულებას რაც შეეხება, ჩვენ პრობლემა გვაქვს იმ ნაწილში, სადაც ჩინელები არ ერევიან (კვების, სურსათის მხრივ). მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ხელშეკრულების პირობები”, – განუცხადა „რეზონანსს“ ემზარ ჯგერენაიამ.
„რეზონანსი“, 16 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა აბსოლუტური ფარსია“ // შეიძლება პრემიერ-მინისტრიც სცემონ“ // „ქვეყანაში ორი დიდი დაჯგუფება იბრძვის დომინანტური მდგომარეობის მოსაპოვებლად“
თიკო ოსმანოვა
„ჩავეპოტინო ხელისუფლებას და რაღაცნაირად შევქმნა საფუძველი, რომ მუდმივად ვიყო ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში არავის არ გამოსვლია და არც გამოუვა. ამით კი არ გაიხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნას, პირიქით. ამას თუ მიხვდებიან, კარგია, თუ არ მიხვდებიან, შეიძლება ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვონ, მაგრამ სტრატეგიულად დამარცხებულები არიან”, – ამბობს “რეზონანსთან საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.
გია ხუხაშვილი: ზოგადად, სახალხო განხილვის პროცესს რაც ვაკვირდებოდი, ძალიან პირობითი იყო. სახალხო განხილვა ნიშნავს ხალთან კომუნიკაციას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას და აქედან დასკვნების გატანას. ის, რასაც ვაკვირდებოდი, იყო აბსოლუტურად ფარსი, დიდი დადგმული სპექტაკლი. სტიქიურადაც რომ ყოფილიყო იქ 200-300 ადამიანი დარბაზებში, რატომ ასახავდა ეს ადამიანები რეგიონების განწყობას, აბსოლუტურად გაუგებარია. გარდა ამისა, ხელისუფლებას თავიდანვე ნათქვამი ჰქონდა – თქვენ აქ რაც უნდა ილაპარაკოთ, არ მაინტერესებს, მე მაინც ჩემსას გავაკეთებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევცვლი, თუ დირექტორი, ვენეციის კომისია მეტყვის. ამათ თუ არ აინტერესებთ ხალხის აზრი, რა საჭირო იყო ე.წ სახალხო განხილვის მოწყობა?!
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქი უფრო თავისუფლად აზროვნებს და აქ სპექტაკლის დადგმა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე რეგიონებში. ხელისუფლებამ შეხვედრა თავიდან უნივერსიტეტში დანიშნა, მაგრამ მიხვდა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, იმიტომ, რომ იქ ორგანიზებულად მდუმარე ხალხის მიყვანა გაუჭირდებოდა. ამიტომ გადაიტანეს ფილარმონიაში იმ გათვლით, რომ დარბაზს შეავსებდნენ მორჩილი უმრავლესობით, თუმცა არ გამოუვიდათ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეს პრობლემა ნამდვილად არ მიხარია, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარი იყო პარლამენტის თავმჯდომარის შემაშფოთებელი ეპითეტები, როგორც ის მიმართავდა რადიკალურად განწყობილ ადამიანებს. თან ამას აკეთებდა ჩემი შენ გითხარის პრინციპით.
„ადამიანს როდესაც კონსტიტუციაში უწერია, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ყველა მანდატი უნდა შეხვდეს და მთელი ნაშთები ჯიბეში უნდა ჩაიდოს, ეს ჩანაწერი არის ძალაუფლების უზურპაციის მცდელობის ტოლფასი და ეს ადამიანი ახლა სხვებს რომ ეუბნება, თქვენ ბოლშევიკები ხართო, ცოტა არ იყოს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. ეს არის წმინდა ბოლშევიკური მეთოდი. გარდა ამისა, ის არის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი და ახალგაზრდებს როდესაც ასე მიმართავს, ეს მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, მინუმუმ. უფრო მძიმე ფრაზების გამოყენებაც შემიძლია და უფრო მძიმე დიაგნოზის დასმაც, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ.
- ამ მოვლენებში დამარცხდა თუ არა „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან?
- გააჩნია, რას ვუწოდებთ დამარცხებას. ხელისუფლება თუ შეეცდება, საბანი თავისკენ მოქაჩოს, მე ვფლობ აბსოლუტურ ჭეშმარიტებასო და რაც მე მინდა, ის უნდა გავაკეთოს პრინციპით იმოქმედებს, გამოდის, რომ დამარცხებულია. სიმართლე და საღი აზრი იმარჯვებს. ის, რომ ჩავეპოტინო ხელისუფლებას და რაღაცნაირად შევქმნა საფუძველი, რომ მუდმივად ვიყო ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში არავის არ გამოსვლია და არც გამოუვა. ამით კი არ გაიხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნას, პირიქით. ამას თუ მიხვდებიან, კარგია, თუ არ მიხვდებიან, შეიძლება ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვონ, მაგრამ სტრატეგიულად დამარცხებულები არიან.
- რაც შეეხება ყოფილი პროკურორისა და მთავარი აუდიტორის დაპირისპირებას, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- ვფიქრობ, ეს თემა უფრო მძიმე და შემაშფოთებელია. დღეის მდგომარეობით მივიღეთ ე.წ ჰიბრიდული ხელისუფლება, სადაც ძალაუფლებას ინარჩუნებს, ერთი მხრივ, ფორმალური ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა და, მეორე მხრივ, გარკვეული ინტერესთა ჯგუფები. ახლა ამ ორ დიდ დაჯგუფებას შორის მიდის დიდი ბრძოლა დომინანგტური მდგომარეობის მოსაპოვებლად. ახლა მთავარ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი – ფულის ინტერესით იმართება ხელისუფლება, ანუ ფულია დომინანტი თუ პოლიტიკა.
მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა, ე.წ ოლიგარქები წაწია უკან და დღეს არის მცდელობა, რომ ფინანსურმა დაიქვემდებაროს ხელისუფლება. თუ ეს მოხერხდა, ძალიან სახიფათოა. ეს ნიშნავს სახელმწიფოს დეგრადაციას, რაც ძალიან მძიმედ დამთავრდება. სამწუხაროდ, ამ პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტის არანაირი რესურსი არსებულ ხელისუფლებას არ გააჩნია. რამდენადაც რთული უნდა იყოს, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ვალდებულია, რომ დაეხმაროს ამ ვითარებაში პრემიერ-მინისტრს, შეძლოს და მიიღოს ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები. თუ ეს არ მოხდა, ხვალ და ზეგ ჩვენ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, როდესაც პრემიერ-მინისტრსაც სცემენ და ეს გაუვიდეთ.
- და რა იქნება სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება?
- რეაგირება, ანუ ოთარ ფარცხალაძის დასჯა.
- თქვენი აზრით, ამის პოლიტიკური ნება არსებობს?
- ეს იქნება იმის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლებაში არ არიან ადამიანები, რომლებსაც მინისტრები ჰქვიათ. ამ პრობლემის გადაწყვეტა ხელისუფლებას არ შეუძლია. კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. მისი დახმარებით გააკეთებს ამას კვირიკაშვილი, სხვანაირად ის ამ პრობლემას ვერ მოერევა.
„რეზონანსი“, 17 მაისი, 2017 წელი
უმუშევრებს კონსტიტუცია ნაკლებად დაიცავს
ნათია ლომიძე
ახალი კონსტიტუციის პროექტი უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრას აღარ ითვალისწინებს. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ უმუშევრობის სტატუსი დაცული იმ შემთვევაში იქნება, თუკი ის კვლავ კონსტიტუციის მეორე თავში დარჩება. გაერთიანებულ პროფკავშირებში კი ამბობენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ვერ ასაქმებს, უმუშევრობის შემწეობა მისცეს.
ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით მეორე, ძირითადი უფლებების ნაწილი, უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრას აღარ ითვალისწინებს. აღნიშნული ჩანაწერი კონსტიტუციის პირველ თავში გადადის, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ მუხლის გამოყენებით დავა აღარ შეეძლება.
მედიასთან საუბრისას კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარ კანონში მუხლების ადგილს არა მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა, არამედ დიდი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. მაგალითად, ასეთი ცვლილებით, მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ სასამართლოში ამ მუხლის გამოყენებით დავა, თუ ჩათვლიან, რომ სახელწიფო არ განსაზღვრავს უმუშევრობის ადეკვატურ სტანდარტს და არ დგამს ნაბიჯებს მოქალაქეთა დასასაქმებლად.
“კონსტიტუციის მეორე თავში მოცემული დებულებები უმეტესწილად აღსრულებადი სამართალია მაშინ, როდესაც პირველ თავში არსებული დებულებები არის მხოლოდ პრინციპები და ირიბად შეიძლება მათ აღსრულებაზე საუბარი. დღეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით და სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებას. ეს ჩანაწერი ძალიან რბილია, დაბალ სტანდარტს ადგენს, მაგრამ ახლა მისი ამოღებაც ხდება მეორე თავიდან. ის გადადის პირველ თავში, რაც სწორედ შრომის უფლების სოციალური დაცვის მიმართულების სტანდარტს ამცირებს.
ამასთან დაკავშირებით კომისიაში ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა. სამწუხაროდ, საბოლოო პროექტში მაინც ახლებური ვარიანტით შეიტანეს. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ სახელმწიფომ მოქალაქე უშუალოდ თვითონ უნდა დაასაქმოს. სახელმწიფოს შრომის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, იქნება ეს როგორც სამუშაოს მოძებნაში დახმარება, ისე შრომითი ბაზრის იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დასაქმებას. ვფიქრობ, ეს მუხლი კვლავ უნდა დაბრუნდეს მეორე თავში, ეს შესაძლებელია, თუ ამგვარი პოლიტიკური ნება იარსებებს”, – განუცხადა “ბიპიენ“-ს ვახუშტი მენაბდემ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნა დღემდე უცვლელი რჩება. მნიშვნელოვანია, უმუშევრობის შემწეობა კანონით იყოს გათვალისწინებული. დახმარების ამგვარ ფორმას ევროპის წამყვან ქვეყნებში დიდ ყურადღებას უთმობენ და ეს საქართველოშიც უნდა დამკვიდრდეს.
„დღეს რა მდგომარეობაცაა შრომის ბაზარზე და რა მდგომარეობაშიცაა ხალხი, ამას თქვენი მკითხველი კარგად ხედავს. პროფკავშირების მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ უმუშევრობის შემწეობა კანონით იყოს გათვალისწინებული. ამჟამინდელი კონსტიტუციით, უმუშევრობის შემწეობასთან დაკავშირებით კანონი არ გვაქვს და ეს პრობლემა დგას დღემდე. მუდმივად ვითხოვდით, რომ ყოფილიყო ეს კანონი და ადამიანებს საშუალება ჰქონოდათ (განსაკუთრებით მათ, ვინც ეკონომიკური რეფორმების შედეგად ვერ პოულობს სამსახურს), უმუშევრობის შემწეობა მიეღოთ. ეს არის ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ლოგიკური ნაბიჯი, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებზე”, – განუცხადა “რეზონანსს” ირაკლი პეტრიაშვილმა.
„რეზონანსი“, 17 მაისი, 2017 წელი
დავით ნარმანია თუ კახა კალაძე – „ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს სოციოლოგიური კვლევით გამოავლენს
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
”პოლიტიკურ პარტიებში ჯერ ისევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის. ყველაზე დიდი ინტერესია ვის წარადგენს ”ქართული ოცნება” თბილისში პირველობისთვის საბრძოლველად და მმართველ პარტიაში დიდი თავსატეხია ისევ მოქმედი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა დაასახელონ თუ ვიცე-პრემიერ კახა კალაძისა. პრობლემაა ის, რომ ნარმანიას მერობით უკმაყოფილოა ყველა, თვით ”ოცნების” მხარდამჭერებიც კი და ამიტომ მისი გაყვანა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ნარმანიას სასარგებლოდ მუშაობს ის ფაქტორი, რომ ის პოლიტიკურ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდება. კალაძის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ კი სწორედ ეს, ცალკე ძლიერ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბების შიში მოქმედებს. მით უმეტეს, რომ მას მმართველი პარტიის დამაარსებელთან პირდაპირი ფინანსური ბმა არ აქვს და საკუთარი, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები აქვს, თან ლიდერობაზე ამბიციები გააჩნია..
როგორც საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ ”ფსიქო-პროექტის” დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა ”რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, ”ოცნებაში” კანდიდატის შერჩევამდე სოციოლოგიური კვლევის ჩატარებაა დაგეგმილი და დასახელდება ის, ვინც მეტ ხმას დააგროვებს კვლევაში და ვინც უფრო ღირსეულია. ამ ორი პოლიტიკური ფიგურიდან ვის რა რეიტინგი აქვს, ეს კვლევებით ცნობილი არ არის. ორი დღის წინ გამოქვეყნდა ენ-დი-აის სოციოლოგიური კვლევა, სადაც ამ პოლიტიკოსების პირადი რეიტინგი არა, მაგრამ მათი საქმიანობის მიმართ მოწონება – არმოწონებაა ნაჩვენები. თბილისის მოქმედი მერიის საქმიანობას კარგად აფასებს კატასტროფულად მცირე რაოდენობა – მხოლოდ 8%, საშუალოდ 33% და ცუდად – 52%. ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 29%, საშუალოდ – 40% და ცუდად 23%. ზურაბ ბიგვავა, რომლის ორგანიზაცია ”ოცნების” დაკვეთით სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს, ამბობს, რომ ენ-დი-აის კვლევით მიღებული პროცენტები უწყებებს ეხება, თუმცა ის ირიბად მიანიშნებს უწყების ხელმძღვანელის პიროვნულ რეიტინგზეც”.
”… როგორც ”პატრიოტთა ალიანსის” წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი გოჩა თევდორაძე ”რეზონანსთან” ამბობს, გადაწყვეტილებას მიიღებენ ივნისის დასაწყისში და მაშინ გაასაჯაროებენ კიდეც. მხოლოდ იმას ამბობს, რომ არც ირმა ინაშვილი და არც დავით თარხან-მოურავი თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში რაიმე მხარდაჭერის მოპოვების შანსები ბევრად უფრო მცირე აქვთ, ვიდრე საპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატებს. თუმცა საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, თბილისში პირველობისთვის ბრძოლაში დამოუკიდებელ კანდიდატად ალეკო ელისაშვილი წარდგეს. ელისაშვილს ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა, თუკი ამ ბრძოლაში ჩართვის გადაწყვეტილებას მიიღებს, მის მხარდაჭერას გეგმავენ ”რესპუბლიკელები” და ”თავისუფალი დემოკრატები“.
„რეზონანსი“, 17 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „არჩევნებამდე ყველა გუბერნატორი და გამგებელი უნდა შეიცვალოს“
ია აბულაშვილი
“საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვამ რეგიონებში ექსცესების გარეშე ჩაირა, მაგრამ თბილისში ჩაიშალა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი ორგანიზება. ეს არის ხელისუფლების წარუმატებლობა,” – ასე აფასებს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის ბოლო ეტაპს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა და იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლებიც თან ახლავს ამ პროცესს.
- ძირითადად პრეტენზიები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გამოითქმის, იმაში მდგომარეობს, რომ როგორც წინა ხელისუფლება ირგებდა თავის თავზე კონსტიტუციას ძალაუფლების შესანარჩუნებლად, იმავე გზას ადგას ამჟამინდელი ხელისუფლებაც. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ბოლო მოვლენებით დავიწყებ, რომლებიც თან ახლდა ამ პროცესს. განხილვა მოხერხდა ექსცესების გარეშე რეგიონებში, მაგრამ ვერ მოხერხდა თბილისში და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი ორგანიზება და ეს არის მისი წარუმატებლობა. კარგად რომ ყოფილიყო ორგანიზებული, ფილარმონიის დარბაზში შეკრებლი 2 500 კაცის ნებას წინ ვერ დაუდგებოდა 150 კაცი და შეხვედრაც ჩაშლილად არ გამოცხადდებოდა. რაშია საქმე, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. რაც შეეხება თავად კონსტიტუციის ახალ პროექტს, ჩემი აზრით, წინა კონსტიტუციასთან შედარებით, ეს კონსტიტუცია ცუდი არ არის და შეიძლება ითქვას, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ კონსტიტუციის ცალკეული მუხლები ალბათ, დასახვეწია. გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ის შენიშვნა, რომლებსაც მოითხოვს საზოგადოება.
- თუმცა ოპოზიცია თვლის, რომ ეს კონსტიტუციაც უახლოეს მომავალში აუცილებლად შეიცვლება, მათი შენიშვნები ძირითადად საარჩევნო სისტემას უკავშირდება…
- დღეს საქართველოში არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია. ოპოზიცია დღეს ძალიან სუსტია, თანაც არ იბრძვის კონსტიტუციის სრულყოფისათვის, მხოლოდ ის აინტერესებთ, ძალაუფლება როგორ აიღონ ხელში. ერთკაციანი პარტიები, რომელთაც არავითარი რეიტინგი არ გააჩნიათ, ერთიანდებიან მხოლოდ არჩევნების დროს, ეს იქნება საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის. შემდეგ ერთ ბლოკში გაერთიანებულნი იღებენ თანხებს ხელისუფლებისაგან. მე მაქვს ასეთი კითხვა, რატომ უნდა ვუხადოთ ჩვენი ჯიბიდან კონსტიტუციურად დაკანონებული თანხები ამ ერთკაციან პარტიებს? მე მგონი, დადგა დრო, საქართველოში ჩამოყალიბდეს ორი-სამი პარტია, კონსტრუქციული და საქმის მკეთებელი, რომლებიც მონაცვლეობით მოვლენ ხელისუფლებაში, როგორც ეს ხდება ევროპის სხვა ქვეყნებში.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ხელისუფლება თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საერთო-სახალხო განხილვის ჩატარებას თუ კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია?
- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას სხვა გათვლა უნდა გაეკეთებინა, რაც ვერ შეძლო, ვფიქრობ, რომ ეს კარგი გაკვეთილი იქნება მათთვის და ამჯერად მაინც შეძლებენ, ორგანიზებულად ჩაატარონ მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან.
- ცვლილებებს თუ ელოდებით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუნდაც ახალი მოთამაშის გამოჩენას პოლიტიკურ სცენაზე?
- თვითმმართველობის არჩევნებამდე არა მგონია, რომ რაიმე ცვლილებები მოხდეს. შეიძლება, რამდენიმე ჯგუფი გაერთიანდეს ზაფხულის პერიოდში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირველი ბუნტი ისევ “ოცნების” რიგებიდან წამოვიდეს, რადგან “ოცნების” რიგებშიც არიან ეროვნულ-პატრიოტული მიმართულების პოლიტიკოსები. ალბათ, ისინი გააკთებენ ანალიზს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გადაწყვეტენ, რა მიმართულებით წავიდნენ. რევოლუციური სიტუაცია ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ცვლილებები იქნება. ჩემი აზრით, ცვლილებები უნდა დაიწყოს თვითმმართველობის არჩევნებამდე, უნდა შეიცვალოს ყველა გუბერნატორი და გამგებელი, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე ძველი კადრებით მისულ ხელისუფლებას გაუჭირდება ხალხის მხარდაჭერის მოპოვება.
ასევე უნდა მოხდეს ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურებში, უნდა გაერთანდეს რამდენიმე სამინისტრო და გადაიხედოს კადრები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაც გინდა იბრძოლო, რა ნიჭი და განათლებაც არ უნდა გქონდეს, დღეს სამსახურს ვერ იშოვი, რადგან ყველას ჰყავს თავისი კადრი თავისი საოჯახო გარემოცვიდან, სამეგობროდან და იმ წრიდან, რომლისგანაც ზეგავლენას განიცდის. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავარკვიოთ, ვინ მართავს ქვეყანას და როგორ მართავს…
- ყოფილი პროკურორისა და მთავარი აუდიტორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
- ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ჩემში გაკვირვებას იწვევს, რადგან წარმოუდგენელია დიდი თანამდებობის პირი, ლამის მინისტრის რანგს უტოლდებოდა და ყოფილი პროკურორი ღამის პირველ საათზე ერთმანეთისკენ იწევდეს გასალახად. მე ვფიქრობ, საზოგადოება იმდენად დააბნია ამ ამბავმა, რომ ვერავითარი საზოგადოებრივი აზრი ვერ უშველის ამ საქმეს. მაგრამ ის კი აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა უდევს ყოველივე ამას საფუძვლად. რაღაც რომ იმალება ამის უკან, ცხადია, მაგრამ დამალულმა ჭირმა თავი რომ არ დამალა, ესეც ფაქტია…
—————–
„ახალი თაობა“, 17 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას აპირებს“ // „დავით ნარმანიას ყოფილი მთავარი პროკურორი მფარველობს“
ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების ფაქტი აქტუალურობას არ კარგავს. საპარლამენტო ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან მათ პროკურატურის ობიექტურობის იმედი არ აქვთ, ხოლო უმრავლესობა კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამ ფონზე იუსტიციის ყოფილი მინისტრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას აპირებს და დეტალურად შემუშავდა ქვეყნიდან გასვლის გეგმა. როგორც ვაშაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია მან სანდო წყაროდან მიიღო.
„ახალი თაობის“ კითხვებს გიორგი ვაშაძე პასუხობს.
- ბატონო გიორგი, რას იტყვით ამ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით? რატომ უნდა დასხმოდა თავს ფარცხალაძე თორდიას? რასთან გვაქვს საქმე, როცა ყოფილი მთავარი პროკურორი მთავარ აუდიტს ესხმის თავს? რა არის ეს, პირადი ანგარიშსწორება?
- საკითხი შეეხება ძალიან კონკრეტულ თემას. ფარცხალაძეს ჰქონდა შექმნილი სისტემა, როცა ის იყო აბსოლუტური ბატონ-პატრონი სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურა და ფინანსური პოლიცია განსაკუთრებით. შესაბამისად, საფრთხე შეექმნა, როგორც ჩანს, მის ფარულ იმიჯს, რომელიც მას ჰქონდა შექმნილი.
- საფრთხე რატომ შეექმნა?
- ლაშა თორდიას მიერ დაწყებული გამოძიებიდან გამომდინარე, რომელიც ეხებოდა ფარცხალაძისთვის მიწის უკანონო გადაცემას. როგორც ჩანს, სწორედ ამან გამოიწვია ფარცხალაძის გაბრაზება ანუ როგორ გაუბედა მას ლაშა თორდიამ, რომ მის საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და აპირებდა ამ მასალების პროკურატურაში გადაგზავნას.
- ფიქრობთ, რომ ამან გააღიზიანა ოთარ ფარცხალაძე?
- აი, ეს ვერ აიტანა ოთარ ფარცხალაძემ. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ეს იყო მისი რეპუტაციის შემლახავი ქმედება და სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა ეს ინციდენტი, უნდოდა, რომ ამ შემთხვევაში თორდიას დაშინება მომხდარიყო. მე არ გამოვრიცხავ, რომ მათი ეს გადაკვეთა იყო აბსოლუტურად შემთხვევითი, მაგრამ ეს აგრესია გამოწვეული იყო ამით და, შესაბამისად, მისი მხრიდან იყო თავდასხმა თორდიაზე! რატომ? იმიტომ, რომ დაეშინებინა, რათა თორდიას აღარ გაეგრძელებინა ამ საქმის შესწავლა.
- როდესაც მიწის ნაკვეთის გადაცემაზე საუბრობთ, თქვენ ფიქრობთ, რომ მერიასთან მოხდა უკანონო კორუფციული გარიგება?
- ეს ცალსახაა! სხვათა შორის, ჩვენი გუნდის მიერ გამოკვლეულია ეს საკითხი. არა მარტო ეს, ბევრი სხვა პრობლემური თემა გამოვიტანეთ სააშკარაოზე. მერიის მონიტორინგს ძალიან აქტიურად ეწევა ჩვენი გუნდი და ერთ-ერთი კვლევის დროს ამოვარდა სწორედ ეს საკითხი, რასაც ჰქვია მიწის ნაკვეთის უკანონოდ გადაცემის ფაქტი. ეს მიწის ნაკვეთი გადაეცა ფარცხალაძეს.
- თქვენ ავრცელებთ ინფორმაციას, რომ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას გეგმავს. ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?
_ წყაროს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ფარცხალაძისთვის პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, რომ ის არაფორმალური სისტემა, რომელიც აწყობილი ჰქონდა, ვისი მფარველობითაც ჰქონდა, ამ შემთხვევაში ქვეყნის მთავარ არაფორმალურ მმართველს ვგულისხმობ.
- ბიძინა ივანიშვილს?
- დიახ. როგორც ჩანს, ივანიშვილი და მისი საახლობლო წრე განაწყენებულია იმ ქმედებით, რომელიც ფარცხალაძემ ჩაიდინა. მას აქვს გეგმა, რომ როგორმე შეატრიალოს ეს თემა, ე.წ. მედიათვალსაზრისით, პიარულად, რომ თორდიას წინააღმდეგ წავიდეს ეს ყველაფერი, ხოლო თუ ეს ვერ გამოვიდა, რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს ქვეყანა, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვეთ ორი რამ, პირველი – პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით შევიდეს სასამართლოში და დაუყოვნებლივ შეეზღუდოს ფარცხალაძეს ქვეყნიდან გასვლა და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – პარლამენტმა აუცილებლად უნდა შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია.
- საგამოძიებო კომისიის შექმნას აქტიურად მოითხოვს საპარლამენტო ოპოზიციაც, თუმცა ამას ეწინააღმდეგება უმრავლესობა. ოცნების დეპუტატები ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ...
- საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას! აუდიტის სამსახური – ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების დანახარჯების კონტროლის პარლამენტის მთავარი მექანიზმი. ეს ეხება ინსტიტუციას და არა კონკრეტულ პიროვნებას, ლაშა თორდიას ან ვინმე სხვას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პარლამენტი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ შექმნას ეს კომისია, მით უმეტეს, როცა ვხედავთ, რომ ფარცხალაძესთან სახლში დადიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, იგეგმება გარკვეული ქმედებები და, როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, რომლებიც მას სახლში ეახლებიან, ნორმალურად გამოიძიებენ საქმეს?! რა თქმა უნდა, არ გამოიძიებენ. ამიტომ პარლამენტი ვალდებულია, ამ შემთხვევაში შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია.
- რამდენად წავა ოცნება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე?
- ეს „ქართულ ოცნებასა“ და უმრავლესობას უნდა ესმოდეს, რომ ხელის დაფარება და თავზე ხელის გადასმა ფარცხალაძეზე უარესია მათთვის, რადგან, თუ მას დაუსჯელს დატოვებენ, კიდევ უარესს გააკეთებს ეს ადამიანი და უფრო უარესად შემოუბრუნდება ეს ოცნებას. დაუსჯელობის სინდრომი არის ყველაზე საშინელი რამ, რომელიც მთლიანად ანგრევს სახელმწიფო სისტემას. ოცნება კიდევ უარესს მიიღებს! არ ეგონოთ, რომ ახლა თუ არ შექმნიან საგამოძიებო სისტემას და ამ საქმეს ჩაფარცხავენ, ამით თორდიას დააკლდება რამე. ამით «ქართულ ოცნებას“ დააკლდება ყველაზე მეტი! დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, კიდევ უარესს მიიღებენ ფარცხალაძისა და მისნაირებისგან.
- სულ ამბობდნენ, რომ ფარცხალაძე არაფორმალურად მართავდა პროკურატურას. როგორ ფიქრობთ, კვლავაც შემორჩა მას გავლენები ამ ორგანოზე?
- პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში ყველა მაღალი თანამდებობის პირი მისი დანიშნულია. ეს ცალსახაა. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობებზე არიან, ყველა ფარცხალაძის გუნდია და მასთან შეუთანხმებლად მნიშვნელოვან საკითხებს ისინი არ წყვეტენ.
- მოვისმინეთ შეფასებები, რომ ლაშა თორდია ნაციონალებთან დაახლოებული პირია და მათ საიდუმლო ინფორმაციებს აწვდიდა...
- ვთქვათ, ასეა, მერე რა?! ვიდეომასალას რომ ამოიღებენ, სადაც გამოჩნდება, რომ ფარცხალაძემ და მისმა გარემოცვამ სცემა ლაშა თორდიას, ეს რა შუაშია მასალების მიწოდებასთან? იმიტომ სცემა, რომ მასალებს აწვდიდა?! თუ ამიტომ სცემა, ეს მაინც კანონდარღვევაა, მაინც სისხლის სამართლის დანაშაულია. ხომ გესმით, რომ ეს არასაპირწონე არგუმენტია, არაფერ შუაში არ არის ამ საქმესთან!
- ფარცხალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ, პირიქით, თორდია დაესხა თავს ფარცხალაძეს და ის დაზიანებებიც, რომლებიც მას აღენიშნებოდა, თავადვე მიიყენა. ამაზე რას იტყვით?
- ანუ რა გამოდის, ფარცხალაძე შევიდა აღნიშნულ კაფეში დაცვასთან ერთად და თორდია, როგორც ბრუს ლი თუ ჩაკ ნორისი, მივარდა ამ დაჯგუფებას და სცემა მათ, შემდეგ, კვალი რომ დაეფარა, ერთი-ორი თავშიც მოირტყა? საკუთარი თავი იცემა, რომ ტვინის შერყევა ჰქონოდა? ეს ხომ სასაცილო ვერსიაა.
- თქვენ ამ ინციდენტის მთავარ მიზეზად თბილისის მერიისა და ფარცხალაძის კორუფციული გარიგება დაასახელეთ. თბილისი მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა ამ ფაქტს და განაცხადა, რომ კორუფციას ადგილი არ აქვს, არსებობს დოკუმენტები, ყველაფერი კანონიერი გზით მოხდა...
- დავით ნარმანია ჩვეულებრივი კორუმპირებული ადამიანია, რომელიც თვითონ ფულს იდებს ჯიბეში. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება პროკურატურისა და სწორედ იმ საგამოძიებო ორგანოების მფარველობა, რომლებსაც აკონტროლებს ფარცხალაძე. საქმე ძალიან მარტივია, სწორედ ამიტომ გამოვა და ბოლომდე კბილებით დაიცავს ფარცხალაძეს, ვინაიდან ის ხელს უწყობს.
„ახალი თაობა“, 17 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა უტიფრობის სახეს ატარებს“
„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.
- ბატონო დავით, ირაკლი კობახიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხილვა დამატებით 10 ქალაქში გაიმართება, ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისშიც გაიმართება აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი გაგრძელებულიყო? გრძნობს გარკვეულ პასუხისმგებლობას?
- არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება გარკვეულ დისკომფორტს გრძნობდეს და ამ გადაწყვეტილებით უნდოდეს ამის გადაფარვა. ალბათ, ამით არის ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი.
- დისკომფორტს - რასთან დაკავშირებით?
- თბილისში ორი დღის წინ განვითარებულ მოვლენებს თუ შევაფასებთ, მძიმე სანახავი იყო. უშუალოდ ირაკლი კობახიძე და ორგანიზატორები კრიტიკის მეტს არაფერს იმსახურებენ. გასაგებია, რომ აუდიტორიიდან შეიძლება ვიღაცამ უსიამოვნო რამე გითხრას, გაგაკრიტიკოს, მაგრამ შენც იმავეთი უპასუხო და სხდომა ჩაშალო, ეს არის ორგანიზატორთა პასუხისმგებლობა. ზოგადად, ეს პროცესი საინტერესოა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ კარგად შუქდება და საზოგადოება ინფორმაციას იღებს, ინფორმირებული საზოგადოება კი ყოველთვის უკეთეს დასკვნებს აკეთებს, მეტად აწონ-დაწონის არგუმენტებს, თორემ, რაც შეეხება დარბაზებს, ეს გასაგებია, რომ თავიანთი მომხრეები ჰყავთ მიყვანილი და ისინი უსვამენ კითხვებს. ეს ცალსახაა.
- თუმცა გამოჩნდა, რომ არ ჰყავთ თავიანთი მომხრეები მიყვანილი...
- ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ განსხვავებული აზრის მქონე ხალხიც შედის და ოპოზიციურ პარტიების მომხრეებიც შედიან იმ განხილვებზე, მაგრამ მე ვსაუბრობ ძირითად მასაზე, რომელიც მიყვანილია და რომლებიც სრულიად არაადეკვატურ რაღაცას ამბობენ. ესეც ფაქტია. შესაბამისად, ხდება საერთო-სახალხო განხილვების პროფანაცია, იმიტაცია, რაც ვერანაირად ვერ აკომპენსირებს იმას, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს სულ რაღაც ოთხი თვე დაუთმეს, თანაც იმ ფონზე, როდესაც არავინ ეთანხმება კომისიის მუშაობას. ეს არის სრულიად მიუღებელი, უპასუხისმგებლობა, როდესაც ქვეყნის მომავლის ბედს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი წყვეტს.
- თქვენთვის ყველაზე მიუღებელი მაინც რა არის ამ ახალ პროექტში?
- გამარჯვებულ პარტიას რომ მიაქვს ყველა საპროტესტო ხმა და ამას ბონუსსსიტემას ეძახიან. ამის გამართლება რაიმე სახის არგუმენტით სრულიად მიუღებელია და უტიფრობის სახეს ატარებს.
- შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა არ მოგწონთ?
- როგორ უნდა მომწონდეს, როდესაც აბსურდს გვთავაზობენ?!
- გარკვეულ მაგალითებს ასახელებენ საბერძნეთის, იტალიის…
- ეს კიდევ უფრო დიდი არაადეკვატურობაა, რადგან იმ მაგალითების არც კონტექსტია გათვალისწინებული და არც ის მექანიზმები, რომლებიც იმ ქვეყნებში მოქმედებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უშვებენ სრულ უზურპაციას.
- ჩვენს შემთხვევაში ძალაუფლების უზურპირების საფრთხე რამდენად არსებობს? პარლამენტის თავმჯდომარე მას „მცირე ბონუსს“ უწოდებს...
- გასაგებია, რომ „მცირე ბონუსს“ უწოდებს, სხვას რას უწოდებს, მაგრამ რატომ არ ამბობს სხვა იმ მექანიზმებზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, რომლებიც იმ ქვეყნებშია და რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ სრულ უზურპაციას. არჩევნებზე თუ 25%-ს აიღებ და 75%-ს წაიღებ, ეს არანაირად არ ჯდება დემოკრატიის სტანდარტებში. აქვე საარჩევნო ბარიერის საკითხს რომ არ შევეხო, არ შეიძლება. არ შეიძლება, ბარიერი იყოს 5% და ასეთ საარჩევნო სისტემას გვთავაზობდნენ. ეს, რასაც გვთავაზობენ, ნამდვილად არის დემოკრატიის პროფანაცია, დემოკრატიის გაყალბება და სხვა არაფერი.
- პრეზიდენტის არჩევის წესი ასეთ პროტესტს არ იწვევს? ხელისუფლების არგუმენტი მისაღებია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკების დიდ უმრავლესობაში პრეზიდენტი ირიბად ირჩევა, მისი უფლებამოსილების შესაბამისად?
- ეს არგუმენტი სრულიად მისაღები იქნებოდა, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოშიც დასავლური ტიპის დემოკრატია იქნებოდა. ეს არგუმენტი მისაღები იქნებოდა, თუ, ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკების მსგავსად, ჩვენს ქვეყანაშიც იქნებოდა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. სამწუხაროდ, საქართველო დემოკრატიული ქვეყნების ცუდი ასლია. უნდა არსებობდეს დაბალანსებული სისტემა, ინსტიტუტები, სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, რომლებიც ერთმანეთს აბალანსებენ და აწონასწორებენ. ასევე უნდა არსებობდეს ნდობა, თუ ვინ არის ის 300 ხმოსანი, ვის შეიძლება, ნდობა გამოვუცხადოთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა. დღეს მთელი ძალაუფლება ერთი გუნდის ხელშია მოქცეული. ეს გუნდი აკონტროლებს ყველაფერს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს. ამ დროს პრეზიდენტის არჩევის უფლება წაართვა საზოგადოებას, ეს უკვე სხვა ელფერს იძენს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იმ ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიასთან. თუმცა, სრულიად მიუღებელი მაინც ის ბონუსსისტემაა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს.
- ოპოზიციური პარტიები ყველაზე მტკივნეულად სწორედ საარჩევნო სისტემას აღიქვამენ...
- დიახ, მაგრამ 2% რომ იყოს საარჩევნო ბარიერი, მაშინ პირადად მე შეიძლება მეთქვა, რომ საარჩევნო ბლოკების გაუქმება არ არის ტრაგედია, მაგრამ 5%-იანი ბარიერი ძალიან მაღალია.
- ბევრი ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინშია. თქვენც ამ მოლოდინში ხართ, რომ ვენეციის კომისია არ მოიწონებს შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას და რაღაც შეიცვლება?
- დიახ, მეც ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინში ვარ. მგონია, რომ ამ ხელისუფლებას გაუჭირდება ვენეციის კომისიის დასკვნის სრული იგნორირება. რაც შეეხება თავად დასკვნის შინაარსს, ვფიქრობ, ამ ნაწილში ცალსახად კრიტიკული იქნება, ამიტომ მეორე, სარეზერვო ვარიანტს ამზადებენ.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი ვარიანტი არსებობს?
_ მე არ მინახავს, არ მიმესვლება მათთან, რომ მსგავსი რამ ვნახო, მაგრამ შემიძლია წარმოდგენა, რომ შეიძლება სომხური კონსტიტუციის მსგავსი მოდელი ჰქონდეთ სარეზერვოდ გამზადებული. რა არის ეს სომხური მოდელი? ამ შემთხვევაშიც მეტი ხმა მიაქვს ბონუსის სახით გამარჯვებულ პარტიას, მაგრამ ამ ხმების რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 52%-ს. მთლიანობაში ესეც უსამართლო იქნება, მაგრამ მაინც გვეტყვიან, ხომ გავითვალისწინეთ შენიშვნაო. ეს კი იქნება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და მეტი არაფერი. ეს იქნება დათმობა, რომელსაც არსებითი ხასიათი არ ექნება.
- თქვენი პარტიის მხრიდან პლებისციტის მოთხოვნა კვლავ ძალაშია?
- დიახ. ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიცია აჩვენებს, თუ რამდენად აინტერესებთ მათ ხალხის აზრი. უფრო სწორად, აინტერესებთ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ. ძალიან სერიოზული საკითხია, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება თუ საპრეზიდენტო და როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, თუ ხალხზე აპელირებენ, მაშინ ყველაზე სწორი გზა არის პლებისციტი, რომელსაც აქვს ხალხის გამოკითხვის რეკომენდაცია და რომელიც აჩვენებს საზოგადოებაში დომინირებულ აზრსა და განწყობას. რა შეიძლება, ამ აზრის საწინააღმდეგო იყოს? ეს ხომ არის დემოკრატიის გზა. შეიძლება გვითხრან, რომ ჩვენი წინამორბედიც ჩადიოდა დემოკრატიის საწინააღმდეგო ქმედებებს, რაც დემოკრატიის სტანდარტებში არ ჯდებოდა, მაგრამ ეს ხელისუფლება იმისთვის ხომ არ მოსულა, რომ იგივე გაიმეოროს ან გააუარესოს.
„ახალი თაობა“, 17 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ ბესო დანელიასთან: „გიგა ბოკერია მითითებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებს“ // „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ მონსტრად ჩამოყალიბდა“
რა შეთანხმებაა მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის, როგორ მიითვისა „ოცნებამ“ ბიუჯეტიდან მილიონები, რა მითითებებს ღებულობს გიგა ბოკერია შუშის სასახლეში? ამ თემებზე „ახალ თაობას“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება.
„ახალი კონსტიტუციის ფორმირების პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება ერთად არიან. ვითომ სახალხო განხილვაში მხოლოდ „ქართული ოცნება~ და ყოფილი ხელისუფლების ლიდერშიპი არიან წარმოდგენილი. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ორი პარტია ჩამოყალიბდა ერთ ძალად და ვანო მერაბიშვილ-გიგი უგულავას გზას აგრძელებენ“, – ამბობს ბესო დანელია.
- მერაბიშვილ-უგულავას გზის გაგრძელებაში რას გულისხმობთ?
- ვითომ სახალხო განხილვაზე დარბაზებს მერიის და თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებით – ტაშის დამკვრელებით ავსებენ, რომლებიც მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებს ერთად უკრავენ ტაშს. მათ მიერ მომზადებულ ცვლილებებს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უჭერს მხარს. სააკაშვილი იმას მაინც ახერხებდა, რომ ხელოვნურად ქმნიდა ოპოზიციას და მათ აკვრევინებდა ტაშს. ამათ დემოკრატია და ხალხი საერთოდ ფეხებზე დაიკიდეს. ისინი ცდილობენ, ხელისუფლებაში ყოფნა სამუდამოდ დაიკანონონ. ამას წინ საუკუნის აფიორა უძღოდა, რომლის წყალობითაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღეს. მათთან ერთად სამუდამოდ ხელისუფლებაში აპირებს დარჩენას ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს 2 ძალა შეკრულია, გიგა ბოკერიას განცხადებამ ეს დაადასტურა.
15 მაისს ხალხმა ნაციონალები და „ოცნება“ ერთად გამოაბუნძურა ფილარმონიიდან. გარეთ გამობუნძურებულმა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებებს არც ერთი პარტია არ უჭერს მხარსო. ამ განცხადების შემდეგ ბოკერია ივანიშვილმა დაიბარა შუშის სასახლეში. იქიდან წამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი პარტია მხარს უჭერს მიწების გაყიდვას. ეს უკვე იმის ღია დადასტურებაა, რომ ეს ორი ძალა ერთად არის. ქართველი საზოგადოება მთელი ამ წლების მანძილზე ნაციონალების მოშორებისთვის იბრძოდა. ამ ბრძოლის შედეგად მივიღეთ კოაბიტირებული 2 ძალა, რომელსაც უზარმაზარი ფინანსები გააჩნია.
- როცა ამბობთ, გიგა ბოკერია შუშის სასახლეში დაიბარესო, ეს თქვენი ვარაუდია თუ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ?
- ჩვენი პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს იმაზე, რომ გიგა ბოკერია არაერთხელ იყო შუშის სასახლეში მისული და არაერთხელ გაიმართა მასთან კონსულტაციები. ამ შეხვედრებს შედეგად ციხიდან უგულავას გამოშვება მოჰყვა, შემდეგ ნაციონალების ლიდერების ნაწილმა ევროპული საქართველო შექმნა. საუბარია იმ ხალხზე, რომლებმაც სისხლიანი 9 წელი შექმნეს. `ოცნება~ ხელისუფლებაში მოსვლამდე მათი გასამართლების პირობას დებდა და ამიტომ დაუჭირა ხალხმა მათ მხარი 2012 წელს. ამის ნაცვლად მივიღეთ კოაბიტაცია. მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება ერთ ურჩხულად მოგვევლინა, რომელიც უარყოფს დემოკრატიას. ამ უზარმაზარი ფინანსების მქონე მონსტრთან ბრძოლა ძნელი იქნება, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ.
არაფრით არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ გაუქმდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი. ამას თუ დავუშვებთ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ეს მონსტრი აიღებს ხელში. ხალხის პროტესტის შემთხვევაში ყველაფერი გამოვა. ამ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ხალხის და ეს 15 მაისსაც გამოჩნდა – ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა, რომ ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარეა. მან სტუდენტებს, ძალიან განათლებულ ბავშვებს ახალგაზრდა კომუნისტები ეძახა. სხვა ქვეყანა რომ ყოფილიყო, ამ განცხადების გამო კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა უკვე დაწყებული იქნებოდა.
- იმპიჩმენტს არავინ მოუწყობს, მაგრამ ის თვალშისაცემი იყო, რომ მის მხარდასაჭერად „ოცნების“ არც ერთ დეპუტატს არ ამოუღია ხმა.
- როგორ უნდა დაეცვათ? ადამიანს თუ ოდნავი კულტურა მაინც გააჩნია, ის მიხვდებოდა, რომ კობახიძის განცხადებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილის ენას შეიცავდა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტის სპიკერი სიძულვილის ენით ახალგაზრდებს – ქვეყნის მომავალს ესაუბრებოდა. ძალიან სამარცხვინო იყო ის მომენტი, როცა მიწების გაყიდვის ინიციატორი ილიას გზაზე სიარულისკენ მოგვიწოდებდა. ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკი იმიტომ შექმნა თავის დროზე, რომ თავად-აზნაურების მიერ სხვადასხვა უცხოურ ბანკებში ჩადებული ქართული მიწები გამოესყიდა და ქვეყნისთვის შეენარჩუნებინა. კარგი იქნება თუ სპიკერი ილიას გზაზე აღარ დაგველაპარაკება, უბრალოდ, უხერხულია. ირაკლი კობახიძეზე საუბარი ძალიან მეუხერხულება. ის ჩვენი მეგობრის გია კობახიძის შვილია. გია კობახიძე ჩვენი თანამებრძოლია და მე დღემდე ვამაყობ იმით, რომ მასთან ერთად ვიბრძოდი სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ ირაკლის მამისგან პოლიტიკური კულტურა არ გამოჰყვა. გული მტკივა, რომ ირაკლი ასე იქცევა. ის კარიერის დასაწყისშივე ასამარებს თავის პოლიტიკურ მომავალს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ის ქვეყნის მომავალსაც უქმნის პრობლემებს.
- გია კობახიძე წლების მანძილზე იყო დემოკრატიული მოძრაობის წევრი. მისმა შვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ერთკაციანი პარტიები, მათ შორის დემოკრატიული მოძრაობაც, ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ უნდა იღებდესო. ამაზე რას იტყვით?
- ეს იყო სამარცხვინო და წარმოუდგენელი განცხადება. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თითქოს ფიქტიურად შექმნილი ბლოკით ჩვენ უსამართლოდ ვიღებთ ბიუჯეტიდან დაფინანსებას. 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც ბლოკში შემავალ ყველა საპარლამენტო ფრაქციაზე დაიმატა 300.000-300.000 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება შეტანილი იქნა უკვე არჩევნების შემდგომ ანუ მათ პოსტფაქტუმ შეცვალეს დაფინანსების წესი და თავის ბლოკში შემავალი პარტიების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1.800.000 აიღეს. ეს არ იკმარეს და `ქართულმა ოცნებამ~ დამატებით დაიკანონა 4 ადგილი ცესკოში, რომელიც ოპოზიციით უნდა დაკომპლექტებულიყო. მათ მოიპოვეს ცესკოში უმრავლესობა და საარჩევნო პროცესებზე სრული კონტროლი დაამყარეს.
ცესკოში ადგილების დათრევის შემდეგ მათ მიეცათ იმის საშუალება, რომ 4 წევრი ყველა დონის კომისიებში დაენიშნათ. ამაზე ბიუჯეტიდან კიდევ დამატებით მიიღეს თანხები. ფრაქციების დაფინანსებასთან ერთად 3.000.000 გამოდიოდა ეს თანხა. ახლა ისე აკეთებენ ყველაფერს, რომ მხოლოდ მათ და ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდეს დაფინანსება. არადა ხელისუფლებაში მათი გასამართლების პირობით მოვიდნენ. სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ერთი რეჟიმი ჩაანაცვლა მეორემ. მსგავსი თაღლითობა არ ახსოვს საქართველოს და სამარცხვინოა, როცა ირაკლი კობახიძე ჩვენზე ასეთ რამეს ამბობს.
მინდა შევახსენო ამ ახალგაზრდა კაცს, რომ ჩვენ პარტიას ჰყავს 49 პოლიტპატიმარი. სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა მოგვიკლა 10 ადამიანი. ჩვენ მარტონი დავრჩით სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და 2011 წლის 26 მაისს სისხლის გუბეში ჩაგვახრჩო ნაცმოძრაობამ.
ჩვენ ისევ სიმართლისთვის ვიბრძვით, ირაკლი კობახიძე კი პარლამენტში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად ზის და ეს მას დისკომფორტს არ უქმნის. არადა „ოცნების“ მაჟორიტარების დიდი ნაწილი ახლო წარსულში სააკაშვილს უჭერდა მხარს. იმის მაგივრად, რომ მათთვის პასუხი მოეთხოვათ, სიხარულით მიიღეს თავის რიგებში. ბოკერია საერთოდ გვერდზე დაისვეს და ერთად გვიკითხავენ მორალს.
- 26 მაისის დარბევა ახსენეთ და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა სწორედ ამ ფაქტმა გადააწყვეტინა. ირაკლი კობახიძემ წესით ეს უნდა იცოდეს...
- ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში პირდაპირ დაწერა, რომ 26 მაისის დარბევა იყო ბოლო წვეთი და მან პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სისხლიანი ოპერაცია დღემდე გამოუძიებელია. დღემდე არ დასჯილან სულიკო ასათიანის და ნიკუშა კვინტრაძის მკვლელები. არ დასჯილან არც დამრბევები და არც ის პროკურორები, რომლებიც ციხეებში გვიშვებდნენ. იმის ნაცვლად, რომ კობახიძე ამ საქმეების გამოძიებას ითხოვდეს, იმაზე წუხს, რატომ ვიღებთ ბიუჯეტიდან დაფინანსებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ `ოცნება~ ნაციონალებს შეეზარდა და ერთად დაუპირისპირდნენ საზოგადოებას და ოპოზიციას. მათთან ბრძოლა ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩვენ არ გვეშინია სიძნელეების. ყველას ახსოვდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა ხერხემალში ჩვენ გადავტეხეთ, რაც ძალიან ძვირი დაგვიჯდა. არც ჩვენ და არც საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ ქვეყანა ამ მონსტრმა მართოს.
„ახალი თაობა“, 17 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა გართულდეს“
პარლამენტის ყოფილი წევრი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან~ აცხადებს, რომ უცხოელი მოქალაქეების მხრიდან საქართველოში მიწების შესყიდვის პროცესი კვლავაც გრძელდება, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის არარსებობა იწვევს.
- ბატონო დიმიტრი, ფილარმონიაში კონსტიტუციასთან დაკავშირებული ბოლო შეხვედრა ჩაიშალა. კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვები რა მთავარ პრობლემას აჩვენებს?
- პრობლემა საყოველთაო უნდობლობაა პოლიტიკური პროცესისა და იმ პოლიტიკური სისტემის მიმართ, რომელიც ქვეყანაში 20 წელია გაბატონებულია. მოქკავშირი, ნაცმოძრაობა, „ქართული ოცნება“ ერთსისტემური მმართველობაა სხვადასხვა სახელწოდებაში. ესენი არიან მონსტრი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალები, რომლებიც იქმნებიან კონკრეტული ნარატივით, კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად. მათ ჰყავთ კონკრეტული დამკვეთი, დიდი ძალთა გაერთიანება დასავლელი პარტნიორების სახით. ამ სახელისუფლებო ძალებმა უნდა გაატარონ კონკრეტული დირექტივები, რაც არის სხვადასხვა მემორანდუმში, მითითებაში. საბოლოოდ ვიღებთ მოსახლეობის უკმაყოფილებას. ხელისუფლება მუდმივად გვპირდება ცვლილებებს, აცხადებს, რომ ის, რაც საკანონმდებლო დონეზე ვითარდება, კავშირშია დასავლური კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან.
- რატომ იშლება პროცესი?
- იმისათვის, რომ დასავლური დაკვეთით შექმნილი სახელისუფლებო მონსტრის არსებობა იყოს უზრუნველყოფილი და გარანტირებული, მუდმივად საჭიროა იმ ტიპის ცვლილებები, რომლებსაც ახლა ახორციელებს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში. მანამდე ცვლილებები განახორციელა ნაცმოძრაობამ. 2003-2010 წლებში ფუნდამენტური რეფორმა მოახდინა და 21 ცვლილება შეიტანა. კონსტიტუციის სრული რეფორმა ჩაატარა, საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადაგვიყვანა.
პრეზიდენტს შეუნარჩუნა ძალთა ბალანსის ფუნქცია. „ქართულმა ოცნებამ“ იმავე საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე დარჩენა ისურვა. თუმცა, 2010 წელს პრეზიდენტს ნომინალურად დატოვებული უფლებამოსილებებიც გააუქმა, პრეზიდენტის ინსტიტუტს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრზე კონტროლის განხორციელების ყოველგვარი შესაძლებლობა მოუსპო.
- მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს მეტი სტაბილურობისთვის კეთდება. კობახიძემ მაგალითი მოიყვანა და მართლაც ჩვენ ვხედავდით, როგორ ვერ თანხმდებოდნენ პრეზიდენტი და პრემიერი, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე...
- სტაბილურობაში გულისხმობენ იმ კომპრომისებს, რომლებიც ხელისუფლების მიტაცების პრინციპთან არის გაიგივებული. უნდათ, ამას გაგებით მოეკიდოს საზოგადოება…
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ საკონსტიტუციო კომისიას სახელმწიფო მმართველობის ფორმაზე საერთოდ არ უმსჯელია.
- სტაბილურობაში ვგულისხმობდი პრემიერ-პრეზიდენტის უფლებამოსილებებს შორის წონასწორობას...
- მაშინ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა უფლებამოსილებები ჰქონდა პრეზიდენტს და რა აღარ ექნება. მაგალითად, პრეზიდენტს უფლება ჰქონდა, უზენაეს სასამართლოში წარედგინა სამი მოსამართლეობის წევრობის კანდიდატი. სრულიად ნორმალურია, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი წარადგენს უზენაეს სასამართლოში დასანიშნად სამ კანდიდატს. ამით უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას. როდესაც პრეზიდენტს სახალხოდ აღარ ირჩევენ და სამოსამართლო კანდიდატების წარდგენის უფლებას უსპობენ, ამით ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს ამცირებენ. პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს უუქმებენ, რომელიც მისი სათათბირო ორგანოა და ქვეყნისთვის სასიცოცხლო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
- უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ უშიშროების საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციად იყო გადაქცეული და ვერ ასრულებდა იმ ფუნქციას, თანაც, არის კიდევ მეორე უსაფრთხოების საბჭო...
- უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა. ლაპარაკია იმ ინსტიტუციურ ორგანოზე, რომელთან დათათბირების შემდეგაც პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ორი შესაძლო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ერთ შემთხვევაში ეხება _ საომარი, მეორე შემთხვევაში – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. უშიშროების საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციად გადაიქცაო, ამგვარ განცხადებას ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი ექსპერტები აკეთებენ.
- მე რომელსაც ვგულისხმობ, ის ექსპერტი ხელისუფლებასთან დაახლოებული არ არის...
- მარგველაშვილი რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მორჩილი პრეზიდენტი, ბუნებრივია, ამგვარი განცხადებები არ გაკეთდებოდა და უშიშროების საბჭოც იქნებოდა სრულიად დემოკრატიული ინსტიტუტი. ახალი კონსტიტუციით, უნდა შეიქმნას სამხედრო საბჭო, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. თუ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, ამ სამხედრო საბჭომ უნდა შეატყობინოს პრემიერს, პრემიერმა წარდგენა უნდა გაუკეთოს პრეზიდენტს, პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა. ხვალ და ზეგ გასარჩევი რომ იყოს, პრეზიდენტმა რამდენად მართლზომიერად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, ძაღლის თავი უნდა ვეძებოთ ყველგან. თუკი პრეზიდენტი დაიწყებს თავის მართლებას, რომ ეს მისი ბრალი კი არ იყო, არამედ პრემიერის წარდგენის შედეგი გახლდათ, პრემიერმა თავი უნდა იმართლოს, რომ ეს მისი კი არა, სამხედრო საბჭოს ბრალი იყო.
- პარლამენტმა ხომ უნდა დაამტკიცოს საომარი მდგომარეობის გამოცხადება?
- გასაგებია, მაგრამ მთავარია, ვინ აცხადებს საომარ მდგომარეობას. საომარ მდგომარეობას აცხადებს პრეზიდენტი, პრემიერის წარდგინებით, სამხედრო საბჭოზე დაყრდნობით. ჩვენ გვაქვს ძალიან სავალალო გამოცდილება აგვისტოს ომთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით იმგვარად, რომ (ტალიავინის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით გეუბნებით) პარლამენტს არ გაუუქმებია სამშვიდობო ძალებისთვის მანდატი, რასაც ტალიავინის კომისია ძალიან სერიოზულ შეცდომად გვითვლის. შეცდომა ძალიან მსუბუქი ნათქვამია. სისხლის სამართლის საქმე რომ აღიძრას და ხვალ და ზეგ სააკაშვილი დაიკითხოს (მჯერა, სააკაშვილი ამ საქმეზე აუცილებლად დაიკითხება), უნდა გაირკვეს ის მდგომარეობა, ვინ არის პასუხისმგებელი ამგვარ ვითარებაში, პრეზიდენტი და უშიშროების საბჭო ხომ არა, რომელზე დაყრდნობითაც სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება? წარმოიდგინეთ, 2008 წელს კონსტიტუციის ცვლილება ძალაში რომ ყოფილიყო შესული, სააკაშვილი გამოაცხადებდა საომარ მდგომარეობას ლადო გურგენიძის წარდგენის საფუძველზე, ხოლო ლადო გურგენიძე დაეყრდნობოდა ამ სამხედრო საბჭოს, რომელთანაც სააკაშვილს არავითარი შეხება არ ექნებოდა და პასუსისმგებლობასაც არ აიღებდა.
- ხალხის აღელვების მთავარი მიზეზი მიწის უცხოელებზე გაყიდვაა. `ახალ თაობას~ თქვენ მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ ჯგუფებს ხვდებიან და ხელს უწყობენ ბინადრობასა და მიწისა შესყიდვაში. სააკაშვილის პირობებშიც და `ოცნების~ დროსაც გამოიკვეთა, რომ ქართული მიწები არ მუშავდება. თქვენ ამ სიტუაციიდან გამოსავლად რა მიგაჩნიათ?
- გამოსავალი ძალიან მარტივია. მიწა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტს უნდა ეკუთვნოდეს. არის პრევენციული ღონისძიებებიც, რომლებსაც ევროპის კონტინენტზე ყველა სახელმწიფო მიმართავს. ეს არის იმატრიკულაცია. იმატრიკულაცია არის საგანგებო აქტი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერი ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც თავს თვლის იმის შემძლედ, რომ აწარმოოს აგრარული ბიზნესი ან შექმნას ფერმერული მეურნეობა, მიწას სამუდამო საკუთრებაში, უვადოდ არავინ მისცემს. მიწას მისცემენ მხოლოდ და მხოლოდ გამოსაცდელი ვადით, რომელიც არის 10-20 წელი.
- სხვა გზაც შეიძლება გამონახოს, ელემენტარულად, უცხოელი შეირთავს ქართველ ცოლს და ცოლის სახელით შეისყიდის მიწებს...
- ამიტომ მთელი პაკეტია მოსამზადებელი საკანონმდებლო ბაზის გამოსასწორებლად. ეს არის, მაგალითად, მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი. ძალიან უნდა გართულდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ისე მარტივად, როგორც სააკაშვილმა 2012 წლის სექტემბერში მისცა მოქალაქეობა უცხოელებს, საქართველოს მოქალაქეობის მიღება არ უნდა ხდებოდეს.
მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში 2.227 კაცი შემოიყვანა მოქალაქეობაში. ეს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე, კანონის უუნარობასა და შეზღუდულ შესაძლებლობებზე მეტყველებს. ჩვენ ვლაპარაკობთ მიწაზე, როგორც პრიორიტეტზე და როგორც სამკვიდრო ქართულ ქონებაზე. მიწის მფლობელები არიან ჩვენი გარდაცვლილი წინაპრებიც და ჩვენი მომავალი თაობებიც, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან. ეს არის განსაკუთრებული ღირებულებითი კატეგორია, ამავე დროს, მილევადი, ამოწურვადი რესურსი, ჩვენი შთამომავლობის ერთადერთი საკვები ბაზაა, რომლის გასხვისება არ შეიძლება. უცხოტომელები ყიდულობენ მიწას და აყალიბებენ სათემო საკუთრებას. სათემო საკუთრებაში უკვე სახელმწიფოს უჭირს რეგულაცია. ამიტომ მიწის საკითხი ეროვნული ინტერესის სფეროშია და არა – პოლიტიკურში. მიწის უცხოელებზე გაყიდვის დაშვება ნიშნავს იმას, რომ რასაც ჩვენი წინაპრები სისხლითა და ოფლით ინახავდნენ, ჩვენ კანონმდებლობით გავცემთ.
- მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებშიც ხომ არის შეზღუდვები?
- საქართველოში კანონისადმი დამოკიდებულება და ცოდნა სამართლის სფეროში ფართო მასებს არ გააჩნიათ, ამიტომ ჩვენ დაბრიყვებული სახელმწიფო ვართ. ჩვენგან ითხოვენ ისეთ რაღაცას, რასაც თავიანთ ქვეყნებში არ ახორციელებენ.
ჩვენ სხვა პრობლემებიც გვაქვს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. რუსები პირდაპირ მოთხოვნას უყენებენ აფხაზებს, რომ მიწა გაყიდონ. აფხაზები კი მიწას არ ყიდიან. თუ ჩვენი კონსტიტუცია პირდაპირ დააფიქსირებს, რომ მიწის განკარგვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების პრეროგატივაა, ეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვისაც ძალიან სერიოზული გზავნილია. 2010 წელს ამ საკითხზე პარლამენტში სრულიად მარტო ვიბრძოდი. 2017 წელს `დემოკრატიულმა მოძრაობამ~ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარვადგინეთ პროექტი, ვიბრძოლეთ როგორც სამუშაო ჯგუფებში, ასევე საყოველთაო-სახალხო განხილვებში, განსხვავებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისაგან, რომლებიც დღეს გულზე მჯიღს ირტყამენ მიწასთან დაკავშირებით.
- შარჟა-თბილისის რეისით კიდევ ჩამოდიან უცხოელები 35 ათას დოლარად მიწების შესასყიდად თუ რაიმე შეიცვალა?
- ახლახან დამიკავშირდნენ საგარეჯოდან და მითხრა, რომ საგარეჯოში ყოველდღიურად, მასობრივად ხდება სახლებისა და მიწის შესყიდვა, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. საგარეჯოს სოფლებში პირდაპირ სახლდებიან არაბები თავიანთი ოჯახებით. ბინადრობის უფლება იყიდება 35 ათას დოლარად. ბინადრობის უფლება სჭირდება ადამიანს, რომელიც მოდის სასწავლებლად, იღებს ბინადრობის უფლებას და სწავლობს.
- 35 ათასი დოლარი ოფიციალური თანხაა?
- 35 ათასი დოლარის ქონების შეძენა ბინადრობის უფლების მიღების საფუძველია. 35 ათასი დოლარის საფასურის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში განიხილავენ ბინადრობის უფლების მიცემას. იძენს სახლ-კარს, მიწას, შემდგომ ინაცვლებს იმ სახნავ-სათეს ფართობზე, რომელსაც ფლობს ესა თუ ის ოჯახი. შესაბამისად, ხდება ტოტალური დაუფლება, შემდეგ იმ მიწების დაყოფა და ახალ-ახალი არაბების ჩამოსახლება.
„ახალი თაობა“, 17 მაისი, 2017 წელი
მარიამ ქელბაქიანი: „გია ვოლსკის სიზარმაცის გამო ბიუჯეტი მილიონებს არ უნდა ხარჯავდეს“ // „ქუთაისის პარლამენტის შენახვა ბევრად უფრო იაფია“
დღეს დიდი წივილ-კივილია იმაზე, თუ სად უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ამ დროისთვის დეპუტატები ორ პარლამენტში მოღვაწეობენ და ორი პარლამენტის შენახვა ბიუჯეტს დამატებითი თანხები უჯდება.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის უმრავლესობა პარლამენტის თბილისში გადმოტანას უჭერს მხარს. მეოცნებეთა მცირე ჯგუფი და ნაციონალები მიიჩნევენ, რომ პარლამენტი სავარდო და სამაისო ქუთაისში უნდა დარჩეს. ორივე მხარე იმაში თანხმდება, რომ ორი პარლამენტის შენახვა ბიუჯეტს ძვირი უჯდება.
„სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თბილისის პარლამენტის შენობის შენახვა უფრო ძვირი ყოფილა. „2016 წელს ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტმა 688.848 ლარის კომუნალური გადასახადი გადაიხადა, რომელშიც შედის ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი და დასუფთავება“, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელმა მარიამ ქელბაქიანმა. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს თბილისში მდებარე შენობამ მარტო კომუნალურ გადასახადებში 1.065.998 ლარი გადაიხადა.
მარიამ ქელბაქიანის განმარტებით, ეს კვლევაც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ სად უნდა იყოს პარლამენტი. „გამოდის, რომ თბილისის პარლამენტი ნახევარჯერ მეტ თანხას იხდის, ვიდრე ქუთაისის პარლამენტი. როცა ქუთაისის პარლამენტიდან თბილისის პარლამენტში გადმოსვლას „აპრავებენ“, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხარჯების შემცირებაზე საუბრობენ, მხოლოდ ეს ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებს. მთელი ეს წლები ამტკიცებდნენ, რომ ახალი პარლამენტის შენახვა ძალიან ძვირი ჯდებოდა, ამ კვლევის მიხედვით კი ნათლად ჩანს, თუ რომელი შენობის შენახვა ჯდება გაცილებით ძვირი“, – ამბობს მარიამ ქელბაქიანი. მისი განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის დარჩენა ამ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„იმის გულისთვის, რომ ვოლსკის სიარული ეზარება, პარლამენტი ქუთაისიდან არ უნდა გადმოვიდეს და დამატებით მილიონები არ უნდა დაიხარჯოს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ დეპუტატების დიდი ნაწილი თბილისელია. დეპუტატები სხვადასხვა რეგიონიდანაც არიან და მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ქალაქში წავლენ, თბილისში თუ ქუთაისში“, – ამბობს „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი. მისი თქმით, იმ თანხით, რომელსაც თბილისის პარლამენტი მარტო კომუნალურებში ხარჯავს, თავისუფლად შეიძლება, დეპუტატებს გადაადგილების პრობლემა მოვუხსნათ.
„1.065.998 ლარად თავისუფლად უზრუნველყოფთ 150 პარლამენტარის გადაადგილებას. ეს თანხა 150-ზე რომ გავყოთ, დაახლოებით 7.000 გამოსდის თითოს. ეს სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ქუთაისამდე ჩავიდნენ. დღეს კი მხოლოდ იმისთვის, რომ პარლამენტარებს ეზარებათ ჩვენივე ნაქირავები ავტომობილებით გადაადგილება, ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ“, – განაცხადა მარიამ ქელბაქიანმა. მისი განმარტებით, ამდენი თანხის ტყუილი ხარჯვა თუნდაც იმიტომ არის უაზრობა, რომ დეპუტატები პარლამენტში თითქმის არ დადიან.
„ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ პარლამენტის სხდომები კვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით გამოჩნდა, რომ მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით. უსაქმური დეპუტატების გამო ამდენი ფულის გადაყრა დაუშვებელია. ჩვენს კვლევაში მხოლოდ კომუნალურ გადასახადებზეა საუბარი. ამას თანამშრომლების ხელფასები, ინტერნეტისა და ტელეფონის გადასახადიც რომ დამატებოდა, დანახარჯი გაცილებით დიდი იქნებოდა. და ეს დანახარჯი მართლაც დიდია, უბრალოდ, ის ჩვენს კვლევაში ასახული არ არის. უაზროდ იხარჯება აქეთ-იქით ფული. ამ ბიუჯეტს კი ამდენი მართლა არ შეუძლია“, – ამბობს „ახალი საქართველოს“ წევრი. მისი განმარტებით, რაც მალე მოეძებნება თბილისის პარლამენტის შენობას ახალი ფუნქცია, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.
„ამ მთავრობას მყიდველის პოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება. მოუძებნონ თბილისში მდებარე შენობას მყიდველი და თავი დაანებონ ბიუჯეტიდან ფულის ტყუილად ხარჯვას“, – აღნიშნავს მარიამ ქელბაქიანი.
———————-
„რეზონანსი“, 17 მაისი, 2017 წელი
რამდენი წელია საჭირო სახელფასო დანაზოგით ბინის შესაძენად?
„თბილისში 30 კვადრატული მეტრი ფართის შეძენას 5-6 წელი სჭირდება“
თეო გუდავაძე
საქართველოში საშუალო ხელფასი მატულობს, მაგრამ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ეცემა. ამის მიზეზი ინფლაცია და ლარის დევალვაციაა. თუკი ვინმეს შემოსავალი ეზრდება, მას მაშინვე შთანთქავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ხარჯი. ეს პრობლემა ახალგაზრდებში მეტია. რამდენი ხანი დასჭირდება ადამიანს, რომელსაც დიდი ხანი არ აქვს მუშაობა დაწყებული, რომ რაიმე ტიპის ქონების ყიდვა მოახერხოს?
ინფლაციამ და დევალვაციამ ხალხის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად შეასუსტა, შესაბამისად, ანაზღაურების მატების სიკეთე ლარის გაუფასურებამ და ფასების ზრდამ აბსოლუტურად შთანთქა. გამოკითხულთა უმეტესობა წუწუნებს და შფოთავს დაბალ ანაზღაურებასა და ძვირ ცხოვრებაზე. მათი აზრით, საკმაოდ ბევრი დარღვევაა ქვეყანაში და ამის გათვალისწინებით იმ კითხვაზეც ეცინებათ, თუ რამდენად მალე შეძლებს თავისი შემოსავლით ახალგაზრდა მოქალაქე დამოუკიდებლად უძრავი ქონების შეძენას. როგორც ჩანს, ეს ფაქტი ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად სასაცილო და არარეალური ჰგონიათ.
თაკო ნაჭყებია 29 წლის პედაგოგია. ის თავისი პროფესიით უკვე ექვსი წელია, მუშობს საჯარო სკოლაში: “მეექვსე წელია, ვმუშაობ, ხელფასი პედაგოგებს ძალიან დაბალი გვაქვს, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და მივილტვი ცალკე ცხოვრებისაკენ, როგორც ეს ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა. რეალობა კი ისეთია, რომ, თუ მშობლებმა არ იზრუნეს ამაზე თავის დროზე და უძრავი ქონება შვილისთვის ცალკე არ შეიძინეს, დღევანდელ პირობებში ძალიან რთულია, ადამიანმა ამას თავი მოაბას. დაახლოებით 15-20 წელი სჭირდება, რომ ჩვეულებრივმა მოქალაქემ უძრავი ქონების შეძენა შეძლოს. ამას ჩემი ხელფასის გათვალისწინებით ვამბობ.
ამ 6 წლის განმავლობაში, რაც ვმუშაობ, ფულს ვაგროვებ და ჯერჯერობით მხოლოდ ნორმალური მანქანის სამყოფი ფულის თავმოყრა შევძელი. ბინაზე ლაპარაკი ზედმეტია და ამ ეტაპზე არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. ანაზღაურება და ცხოვრების პირობები საერთოდ არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში და თუ დავფიქრდებით, ძალიან რთულია, რეალურად თვიდან თვემდე ხელფასით გაიტანო თავი და პლუს ამას დანაზოგი გააკეთო. ამ დროს რაღაც გადადებული თანხა ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, ეს თავისებურად სიმშვიდის გარანტიაა, მით უმეტეს, ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას თაკო ნაჭყებიამ.
საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემად ისევ და ისევ დასაქმება და ნორმალური ანაზღაურება რჩება. ხალხს უჭირს ამ ხელფასით არსებობა, უმეტესობა ქირით ცხოვრობს. ახალგაზრდები, განსაკუთრებით ისინი, ვინც რაიონიდან სასწავლებლად არიან ჩამოსული, მხოლოდ საკუთარი თავისა და შრომის იმედად არიან. უმეტესობა უძრავი ქონების ყიდვაზე ფიქრსაც ვერ ბედავს, უფრო რეალურად აღიქვამენ ბინის დაგირვებას. ასეთი მეთოდით სამომავალოდ უძრავი ქონების შეძენის შანსი მეტია. სწორედ ამგვარად ცხოვრობს 29 წლის გიგა მენაბდე, რომელიც განათლებით დიპლომატია, თუმცა საკუთარი პროფესიით მუშაობა ძალიან გაუჭირდა. მან თავიდან მაღაზიის კონსულტანტობით დაიწყო, ახლა კი ერთ-ერთი ოფისის “ქოლ ცენტრში” მუშაობს.
“მეორე კურსიდან ვმუშაობდი. თავიდან 235 ლარი მქონდა ხელფასი, მაღაზიათა ქსელი იყო და იქ კონსულტანტად ამიყვანეს. ზუსტად ამ 235-ლარიანი ხელფასიდან დავიწყე ფულის შეგროვება და 8 000 დოლარი შევაგროვე დაახლოებით 8 წელიწდაში. რასაკვირველია, ამით ვერაფერს ვიყიდდი და ქირის გადახდას ვამჯობინე, ბინა დამეგირავებინა. ახლა ყოველთვიური საზრუნავი აღარ მაქვს, ფულის დაგროვებასაც ვაგრძელებ.
დაგირავების ვადა რომ გავა, იმ თანხას უკან დამიბრუნებენ და ჩემი ახალი დანაზოგი რომ დაემატება, იქნებ, მშენებარეშიც შევიტანო. ამ გზით დაახლოებით 10-15 წელიწადში ბინის შეძენას მოვახერხებ. რთულია, მაგრამ რეალურია. ყველაფერზე უარს ვამბობდი, გართობაზე, მანქანაზე, ზედმეტ ხარჯებსაც თავს ვარიდებდი, მაგრამ ხომ არსებობენ ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ? ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია, თუ მოინდომებ”, – განუცხადა “რეზონანსს” გიგა მენაბდემ.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში ხელფასების ოდენობა დაბალია და ამ მხრივ ბევრად უკან ვართ. ამ დროს უძრავი ქონების ფასი საკმაოდ მაღალია და მის შეძენას წლები არ ჰყოფნის.
“ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირეა. დაახლოებით 3 თვე უნდა 1 კვადრატული მეტრის შეძენას. ეს დღეში 2,50 ლარის დაზოგვას უდრის. ვისაც, სულ მცირე, 30 კვადრატული მეტრი ფართის შეძენა უნდა, 5-6 წელია საჭირო. ასაკობრივი თემაც არის და ხელფასის ოდენობაც.
დამოუკიდებლად ბინის ყიდვა რთულია. კრედიტებსაც იღებენ, მაგრამ გადახდისუნარიანობა საკმაოდ დაბალია. სამუშაო ადგილების სიმცირეც მთავარი პრობლემაა. ოჯახებში უმეტესად ერთი ადამიანი მუშაობს და სადაც ორია დასაქმებული, ლოგიკურია, რომ მათ უფრო უადვილდებათ უძრავი ქონების ყიდვა. ევროპას ვერც შევედრებით. იქ მაღალი ხელფასიც არის და უფრო მეტად დამოუკიდებლები არიან”, – განუცხადა “რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.