globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 17 ივნისი 2015

Posted by Globalresearch on Jun 17th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“: საქართველოს საფრანგეთი თავდაცვით შეიარაღებას მიაწვდის

რეზონანსი: რა იარაღს ყიდულობს საქართველო საფრანგეთისგან?

რეზონანსი: აფხაზები მოსკოვს შეპირებული ფულის დაგვიანებისთვის გაუნაწყენდნენ

„ალია“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ძალიან მომწონს ის აქტიურობა, რასაც ადგილი აქვს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერთა მხრიდან“

———————-

ახალი თაობა“, 17 ივნისი, 2015 წელი

საქართველოს საფრანგეთი თავდაცვით შეიარაღებას მიაწვდის

„საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. შეთანხმებას თინა ხიდაშელმა ხელი 15 ივნისს მოაწერა, 16 ივნისს კი მას ირაკლი ალასანიას რისხვა დაატყდა. არადა, მათ მომავალ თანამშრომლობაზე ბევრს საუბრობდნენ…“, – ნათქვამია გაზეთ „ახალ თაობაში გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში (ავტორი – შორენა მარსაგიშვილი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოსა და საფრანგეთის ტავდაცვის მინისტრების თინა ხიდაშელისა და ჟან-ივ ლე დრიანის შეხვედრა და მოლაპარაკების თემა.  აღნიშნულია, რომ ფრანგმა მინისტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რისთვისაც მას ქართველმა კოლეგამ მადლობა გადაუხადა. საუბარი სეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანნების პერსპექტივებსა და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის სამოქმედო გეგმის (მაპ) მიცემის მნიშვნელობას. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.

ფრანგულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმებიც კმაყოფილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძეც, რომელიც თავის დროზე, ირაკლი ალასანიას მტკიცებით, ამ დოკუმენტზე ხელმოწერის წინააღმდეგი იყო. ახლა კი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ დოკუმენტი სწორედ მისი მინისტრობის დროს მომზადდა. მისი თქმით, ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში მსგავსი ხელშეკრულების პროექტიც კი არ არსებობდა, იყო მხოლოდ განზრახულობათა წერილი, რომლის გაიგივება ხელშეკრულებასთან არ შეიძლება, მათ შორის უდიდესი განსხვავებაა.

სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებას ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატებიც“ გამოეხმაურნენ. მათ განაცხადეს, რომ გარკვეული კითხვები აქვთ დოკუმენტთან მიმართებით. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი როგორ დოკუმენტს მოაწერა. „მე მაქვს ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელმა საფრანგეთში ყოფნისას ხელი რაღაც დოკუმენტს მოაწერა. მე არ ვიცი, არის თუ არა იდენტური ეს დოკუმენტი იმ ხელშეკრულებისა, რომელზეც ირაკლი ალასანია მუშაობდა. თუ არის, მაშინ ეს ძალიან კარგი ფაქტია, თუ არ არის, ან არის მისი რაღაცა ვარიანტი, ანუ მხოლოდ ზოფიერთ ელემენტს შეიცავს, მაშინ ჩვენ დეტალები უნდა გავიგოთ. მოკლედ, შეფასების გაკეთება მხოლოდ ტექსტის გაცნობის შემდეგ მოხერხდება“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მისი თქმით, „ჩვენ არ ვიცით, რას მოაწერა თინა ხიდაშელმა ხელი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ხელშეკრულება, რომლის მემორანდუმსაც ხელი მე მოვაწერე, 100%-ით განხორციელდეს. შეფასებას მაშინ გავაკეთებთ, როცა დოკუმენტს ვნახავთ. ჩემი აზრით, პარლამენტარებმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უნდა მოითხოვონ და გაარკვიონ, რას მოაწერა ხელი. მე ვიქნები ბედნიერი, რომ ჩემს მიერ დაწყებული საქმე 100%-ით განხორციელდეს და ეს თინა ხიდაშელი იქნება თუ სხვა, ვინ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, მას მადლობას ვეტყვი“.

თავისი პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილიც გამოხატა: „ყველა თავდაცვის მინისტრმა ძალიან კარგად შეასრულა თავისი საქმე და დამაგვირვგვინებელი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი გახდა.. ამასთან, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება მხოლოდ ხელშეკრულებებით არ ხდება და საჭიროა მისი [პრაქტიკული რეალიზება], რომელიც გრძელვადიანი პროცესია. ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ესაჭიროება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, 2008 წლის ომის შედეგების გათვალისწინებით.

ჩვენ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდით, რადგან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსთვის ტავდაცვითი იარაღის მოწოდების თაობაზე დიდი ენთუზიზამი არ ჩანდა. მოხარული ვარ, რომ საფრანგეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება კი ერთი ქვეყნის მიერ არ ხდება, იყო კონსულტაციები ნატოს სხვა წევრებთან და მეგობარ სახელმწიფოებტან. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, როცა იარაღი მწყობრში ჩადგება და ტავს კიდევ უფრო დაცულად ვიგრძნობთ. ეს მხოლოდ ტავდაცვითი შეიარაღებაა, რომელიც დედამიწის ზურგზე დამატებით საფრთხეს არავის არ შეუქმნის, ეს მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების დონეს აამაღლებს“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა..

რეზონანსი“, 17 ივნისი, 2015 წელი

რა იარაღს ყიდულობს საქართველო საფრანგეთისგან

საჰაერო თავდაცვა უდავოდ გაძლიერდება”

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

თავდაცვის ახალი მინისტრის მიერ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, სპეციალისტების თქმით, საქართველოს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს მოუტანს. ხელშეკრულების დეტალები ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მალე “კროტალის” ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემით გამდიდრდება.

არ გამორიცხავენ, რომ ხიდაშელის მიერ დასრულებული საქმე ალასანიას მიერ წამოწყებულისაგან განსხვავდებოდეს, ვინაიდან, მათი თქმით, ალასანია სხვა ტიპის სისტემებზე საუბრობდა, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში კი სხვა რამ ჩანს.

სამინისტრო ხელშეკრულების პირობებს სახელმწიფო საიდუმლოებას უწოდებს და მას არ ახმაურებს, თუმცა მიუხედავად დეტალების არცოდნისა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საფრანგეთში ხელმოწერილი ხელშეკრულება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით, აამაღლებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საფრანგეთთან ხელშეკრულება გუშინწინ გააფორმა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავსტრიიდან საფრანგეთში გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო. ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.

“დღეს დავასრულეთ ფრანგებთან მოლაპარაკების პირველი ეტაპი და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც საქართველოში ამდენი საუბარი იყო. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყო, წარმართა. მე მერგო პატივი, რომ პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა.

“მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს გაუჩნდა, უმნიშვნელოვანესია მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესისა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებასა და გაძლიერებას”, – განაცხადა გუშინ თავდაცვის მინისტრმა.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, საფრანგეთში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც.

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ავიაშოუზე წარმოდგენილი ტექნიკა დაათვალიერეს. პარიზის ავიაშოუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომერციული გამოფენაა, სადაც სამხედრო და სამოქალაქო საფრენი აპარატები და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებია წარმოდგენილი. ღონისძიებას საერთაშორისო მწარმოებლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებიან.

თინათინ ხიდაშელი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანსაც შეხვდა. ფრანგ კოლეგასთან საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხელშეკრულებას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და გამოთქვამს ვარაუდს, თუ რა ტიპის სისტემებით გამრავალფეროვნდა ქვეყნის შეიარაღება.

“თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფრანგული საზენიტო სარაკეტო სისტემა ფიგურირებს – “კროტალის” ტიპის. იგი საშუალო სიშორეზე მოქმედია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულებაში საუბარი ნამდვილად მასზეა. სანამ გნაცხადებას ოფიციალურად არ გაავრცელებენ, დარწმუნებით საუბარი რთულია.

“ჩვენ ისიც არ ვიცით, ეს სწორედ ისაა, რაზეც ირაკლი ალასანია ამბობდა, რომ მემორანდუმის გაფორმება და ხელშეკრულების დადება უნდოდა. აცხადებდა, რომ იმას, რის ყიდვასაც აპირებდა, ბრძოლა არა მხოლოდ თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების წინააღმდეგ შეეძლო, არამედ ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგაც. კადრებში რაც ჩანდა, ამ სისტემას ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება არ შეუძლია,” – ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი. მისი აზრით, ამის შედეგად საჰაერო თავდაცვა უდავოდ გაძლიერდება, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ შეძენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი “ჭკუით მოხმარებაა”. ამის დასტურად კი აგვისტოს ომის წინ შეძენილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იხსენებს, რომლებიც არათუ ვერ გამოვიყენეთ, არამედ “მტერს საწყობებიდან უბრძოლველად გავატანეთ.” ამიტომ, მისი თქმით, ახლა პირადი შემადგენლობის გადამზადება აუცილებელია, რათა მათ ამ სისტემების საჭიროებისამებრ გამოყენება შეეძლოთ.

რაც შეეხება ანტისატანკო სისტემებს, ამაზე, ალადაშვილის თქმით, ჯერ ცნობილი არაფერია. “ანტისატანკო და ანტისაჰაერო სულ სხვადასხვა მიმართულებაა. თანამედროვე შეიარაღებაში არსებობს საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ როგორც ტანკის აფეთქება, ისე დაბალ სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენის ჩამოგდება. თუმცა, ძველ სისტემებს ეს არ შეუძლია,” – აღნიშნავს იგი.

თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გაუხმაურებლობას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ბუნებრივს უწოდებს და ამბობს, რომ მთავარია, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს უკეთესი თავდაცვის მოლოდინს ქმნის, ვინაიდან, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვითი სისტემების გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება მშვიდად, მითუმეტეს თუ მას სრულიად არაადეკვატური მეზობელი ჰყავს. იმის კონკრეტიკა, თუ რა არის ჩაწერილი ამ ხელშეკრულებაში, ექსპერტის აზრით, შემდგომი დოკუმენტების თემა იქნება, ვინაიდან, როგორც წესი, ერთ ხელშეკრულებაში ხანგრძლივი პროექტის აღსრულების ყველა დეტალი არ იდება.

“მიუხედავად დეტალების უცოდინრობისა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად ამაღლდება. რამდენად დამაჯერებელი იქნება თავად თავდაცვის პერსპექტივა, ამაზე ჩვენზე ადრე მოსკოველი მერცხლები აჭიკჭიკდებიან. მათი გამონათქვამებიდან მეტ ინფორმაციას მივიღებთ, რადგან ჯერ კიდევ ოქტომბერში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიწოდებული “შპარგალკის” საფუძველზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სრულიად არაადეკვატური კითხვა დასვა – ვის წინააღმდეგ აპირებს საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენებასო? თითქოს ვინმეს როდისმე ეს სისტემა უმიზეზოდ გამოუყენებია.

“როგორც წესი, ასეთი დანადგარის იმ აგრესორს უნდა ეშინოდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოჭრას და ტერიტორიის დაბომბვას გადაწყვეტს. რასაკვირველია, ლავროვმა ეს შესანიშნავად იცის. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გაუგებარი ამოძახილის შემდეგ უკვე პირადი კომუნიკაცია დამყარებულიყო ჩვენი ხელისუფლების დაუდგენელ პირებთან, რის შემდეგაც ალასანიას წინააღმდეგ დაიწყო ის, რაც ყველამ ვნახეთ. იმედს ვიტოვებ, რომ ხიდაშელი ამჟამად რუსეთის ლიდერების სამიზნე არ გახდება და ხელშეკრულების პირობები განხორციელდება. თუმცა, რა თქმა უნდა, სჯობს, ჰოპ გადახტომის შემდეგ დავიძახოთ,” – აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

რეზონანსი“, 17 ივნისი, 2015 წელი

აფხაზები მოსკოვს შეპირებული ფულის დაგვიანებისთვის გაუნაწყენდნენ

ერთმა “დეპუტატმა” რუსეთის სამხედრო ბაზების დაბეგვრაც მოითხოვა

ეკატერინე ბასილაია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 6 თვეა მოსკოვის მხრიდან შეპირებულ 5 მილიარდ რუბლს (დაახლ. 90 მილიონი დოლარი) ელოდებოდა, თუმცა უკვე გაირკვა, რომ შეპირებული ფული წელს არ იქნება, რის გამოც დე ფაქტო პარლამენტში უკვე უკმაყოფილო საუბრებიც გაისმა.

უფრო მეტიც, “დეპუტატმა” ბესლან ცვინარიამ განაცხადა, კრემლს დახმარებაზე უარი ვუთხრათ, ხოლო რუსეთსა და აფხაზეთს შორის, როგორც თანასწორ სახელმწიფოებს შორის, ხელშეკრულებები გაფორმდეს და აფხაზეთში არსებულ რუსულ ბაზებზე არენდის გადასახადი დავაწესოთო.

სწორედ იმიტომ, რომ მოსკოვმა სოხუმს შეპირებული მილიარდები არ გადაურიცხა, დე ფაქტო მთავრობა და პარლამენტი ძალიან დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან 6 თვის წინ კრემლის იმედად დამტკიცებული 12-მილიარდრუბლიანი (დაახლ. 216 მილიონი დოლარი) ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოხდეს.დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ უკვე გამოაცხადა, რომ 1,7 მილიარდი რუბლი (30 მლნ დოლარი) მომდევნო წლისათვის გადაიდო და აფხაზეთი დარჩენილ პერიოდში მის მიღებას ვერ ასწრებს. ამიტომაც, მიქვაბიას თქმით, უახლოეს პერსპექტივაში ბიუჯეტის გადახედვის საკითხი დგება.

ოკუპირებულ აფხაზეთში პერიოდულად ისმის-ხოლმე მოწოდებები, რომ უარი უთხრან რუსულ ფინანსურ დახმარებას. ისინი, ვინც ასეთ მოწოდებებს ავრცელებენ, ამბობენ, რომ ასეთი სუბსიდირებით აფხაზეთი მხოლოდ უნებისყოფო, მუქთა დახმარების მომხმარებლად იქცა. არ ხდება სტიმულირება, თავად უზრუნველყოს საკუთარი სახსრები და ბიუჯეტის შესავსებად გაააქტიუროს საკუთარი შესაძლებლობები. ბიუჯეტის შეკვეცის საფრთხის გამო ოპოზიციის და რიგითი აფხაზების მსგავსად უკვე “პარლამენტშიც” გაისმა რუსულ მოწყალებაზე უარის თქმის მოწოდებები.

ბიუჯეტის კორექტირებაზე მსჯელობისას, დე ფაქტო პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე რუსულ ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის იდეა ე.წ. საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა, “დეპუტატმა” ბესლან ცვინარიამ გაახმაურა.

“ბიუჯეტი დასამტკიცებლად წარმოგვიდგინეს, გაწერეს ბიუჯეტის შემოსავლები, არ ვიცი, რაზე დაფუძნებით. ალბათ, გარკვეული შეთანხმება არსებობდა, მთავრობათაშორისმა კომისიამ ერთმნიშვნელოვნად არაფერი განმარტა. ჩვენ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში დაახლოებით 12 მილიარდი რუბლი დავამტკიცეთ. ახლა კი მსჯელობა მიდის, რომ ჩვენ ბიუჯეტი უნდა შევამციროთ. გაწერილი იყო, რომ 3,2 მილიარდი რუბლი იყო საკუთარი სახსრები, 5 მილიარდი – დახმარების ფარგლებში უნდა მიგვეღო და 3 მილიარდი რუბლი ფულადი სახსრები, რომლებიც ინვესტიციებისკენ უნდა მიმართულიყო,” – აცხადებს ცხვინარია და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საერთოდ უარი ეთქვას რუსულ დახმარებას.

ცვინარია ამბობს, რომ “რუსეთი აფხაზეთს ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ უკვე ნახევარი წელიწადია ეს არ ხორციელდება და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჩვენ არ დავიღუპეთ და არაფერი საშინელი არ მომხდარა. სამაგიეროდ ნახევარი წელია ამ დახმარების მოლოდინმა ჩვენი არც თუ სახარბიელო მდგომარეობა აჩვენა.

“თუკი დღეს ჩვენ გავაგრძელებთ დახმარების თხოვნას და თავის დამცირებას, მაშინ ხვალ ჩვენ ძნელად შევძლებთ ავაშენოთ ნორმალური საქმიანი ურთიერთობა. ასე არ ხდება. იმისათვის, რომ ნორმალური ურთიერთობები ავაგოთ, მათ შორის ურთიერთსასარგებლო კომერციული თვალსაზრისითაც, ჩვენ თანაბარ საწყისებზე უნდა ვიყოთ. დღეს ჩვენ არ ვართ თანაბარ საწყისებზე, დღეს ჩვენ მთხოვნელის როლში ვართ. თუკი მხარზე ქურქს მოგვახურავენ, მადლობა უნდა ვთქვათ ამისთვის, არ მოგვახურავენ – თხოვნა ისევ უნდა გავაგრძელოთ,” – ამბობს ცვინარია და განმარტავს რომ რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო მიზანშეწონილია სტრატეგიული პარტნიორის მიმართ პატივისცემის ნიშნად უარი თქვან დახმარებაზე. იგი აცხადებს, რომ აფხაზეთს საკუთარი თავის რჩენა შეუძლია და მაგალითად რუსული სამხედრო ბაზების იჯარას ასახელებს.

ცვინარიას თქმით, სერგეი ბაღაფშის “პრეზიდენტობისას” რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და რუსეთი ამ ბაზების აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსების სანაცვლოდ არაფერს იხდის, თუმცა, მისი თვალსაზრისით, დღეს ამ ხელშეკრულების გადახედვა შესაძლებელია.

“თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არ ვფიქრობ, სწორია, რომ აფხაზეთის ღირებულება წელიწადში 3 მილიარდი რუბლი იყოს. ვთვლი, რომ ამას ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ და აღარ ვითხოვოთ. ეს ხელს შეუწყობს პირველ რიგში იმას, რომ ჩვენ გაძლიერებულად დავიწყებთ მოფიქრებას, სად ვიშოვოთ შემოსავალი. მეორე მხრივ, ეს ჩვენ მოგვცემს უფლებას ვილაპარაკოთ სამხედრო ბაზების იჯარაზე. მაგალითად, ყაზახეთი ბაიკანურის კოსმოდრომის იჯარის სახით წელიწადში 200 მილიონ დოლარს იღებს,” – აღნიშავს ცვინარია.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ცვინარიას ეს განცხადება გაღიზიანების შედეგია, რეაქცია იმ სიტუაციაზე, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს უქმნის, იმაზე, რომ რუსეთი აფხაზეთს ისე ექცევა, როგორც უნდა.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ერთი შეხედვით ცდილობს აფხაზეთთან თავისი მოკავშირეობა დაამტკიცოს, ხშირად ეს მოკავშირეობა მხოლოდ ქაღალდზე რჩება და მხოლოდ სიტყვიერი ფორმით შემოიფარგლება. ამიტომ, ეს აფხაზებს აღიზიანებთ. ისინი თვლიან რა, რომ როგორც აფხაზებს სჭირდებათ რუსეთი, ისეა პირიქითაც – რუსეთს სჭირდება აფხაზეთი. ამიტომაც უყურადღებობაზე მათი გაღიზიანება მაღალია.

“რუსეთი ბევრ დახმარებას შეგვპირდა და ამ დაპირებას არ ასრულებს, ამიტომ ჩვენ რუსეთის დახმარების გარეშეც კარგად ვიქნებით – ეს პათოსია და ნათქვამია იმ მოტივით, რომ ეს გზავნილი მოსკოვში გაიგონ. არადა, რუსეთმა ერთ დღეს მართლა რომ თქვას, გიკეტავთ ყველაფერს და კარგად იყავითო, აფხაზეთიში საშინელება ატყდება. ეს გზავნილია იმისათვის, რომ რუსეთმა აფხაზეთს ის თანხა გადაურიციხოს, რასაც დაპირებულია. კონკრეტულ ტრანშზე იყო ლაპარაკი, რომელიც წლის პირველ ნახევარში უნდა გადარიცხულიყო და არ გადარიცხულა,” – ამბობს არეშიძე. მისი თქმით, ხალხში არის განწყობა და გაღიზიანება იმაზე, რომ რუსეთი აფხაზეთს თანასწორ სახელმწიფოდ არ ექცევა და ექცევა, როგორც უფროსი, მაგრამ ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს მაინც ნორმალურია. იმიტომ, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა, ბევრი რამ გააკეთა აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის და ზოგი რამ უნდა აპატიონ. ზოგი ასე არ მიიჩნევს და რუსეთის ამ დამოკიდებულებაზე გაღიზიანებულია.

“თუმცა რომ გითხრათ, აფხაზეთში პრორუსული განწყობა შეიცვლება, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. ძალიან მცირე, ერთეული პროცენტია, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალიან კარგად უნდა ივაჭრო დასავლეთთანაც და რუსეთთანაც. დანარჩენები ძუძუმწოვარი გოჭებივით რუსეთს არიან მიმაგრებულები,” – აღნიშნავს არეშიძე.

“ექსპერტთა კლუბის” თავმჯდომარის, აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის, ლევან კიკნაძის თქმით, აფხაზებს დამოუკიდებლობა უნდათ, მაგრამ რუსული ფულის ხარჯზე. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რუსული ფინანსური შემოდინების გარეშე ისინი ვერ იარსებებენ, მათ არც ეკონომიკა, არც არაფერი არ აქვთ თავისი, ვერც ვერაფერი შექმნეს და ამას თავადაც აღიარებენ.

ლევან კიკნაძე:რაც უნდა თქვას ერთმა ან ორმა დეპუტატმა, ამას არანაირი კავშირი არ ექნება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებასთან. საქმე იმაშია, რომ აფხაზებს უნდათ, დამოუკიდებლები იყვნენ, მაგრამ – რუსეთის ხარჯზე. ისინი სხვის ხარჯზე ცხოვრებას არიან მიჩვეულები. თავის დროზე ჩვენს, ქართველების ხარჯზე ცხოვრობდნენ, ახლა მოსკოვის ხარჯზე ცხოვრება უნდათ. ამასთან, ამბიციები აქვთ დიდი. რატომ გვაქვს უფლებები აყრილი და რატომ ვმოქმედებთ და ვცხოვრობთ რუსის კარნახითო. ესეც არ უნდათ. მოკლედ, მათ უნდათ დამოუკიდებლად იცხოვრონ, მაგრამ მოსკოვის ხარჯზე. რომ არა რუსეთის დახმარება, ისინი ვერ გაძლებენ. ეს აშკარაა და ეს აფხაზებმა მშვენივრად იციან.”

ლევან კიკნაძის თქმით, აფხაზეთში ანტირუსული განწყობა რომ არის, ეს მოსკოვმაც იცის, მაგრამ ისიც იცის, რომ ასეთი განწყობა ძალიან მცირე ნაწილშია.

“ხალხის ერთი კატეგორია ფიქრობს, რომ მართვის ყველა სადავე რუსეთისთვის არ უნდა დაეთმოთ. თუმცა ეს ხალხი იმას ვერ აანალიზებს, რომ დამოუკიდებლად ეკონომიკას ვერ ააღორძინებენ, ხოლო რუსეთი ფულს ტყუილად არავის გადაუხდის. რუსეთი ფულს იხდის და საკუთარ ინტერესს ატარებს. აფხაზებს აჩვენებს, რომ ის არის უფროსი. ერთია სურვილი და მეორეა შესაძლებლობები. აფხაზებს სათავისოდ სურვილები დიდი აქვთ, შესაძლებლობა – არა. ხალხის მეორე კატეგორიაა, რომელიც თვლის, რომ რუსის გარეშე ვერ იცხოვრებს და არც უარს ამბობს ამაზე. რუსული პოლიტიკის და ე.წ. გარუსების საფრთხის მიუხედავად, დღეს აფხაზეთში ეს მეორე კატეგორია უფრო მეტია. მათ ისიც კი მიაჩნიათ, რომ რუსეთისაგან ფინანსური დახმარებები ეკუთვნით. რუსებს ვალდებულად თვლიან.

“სეპარატისტული აფხაზეთის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი რუსული ფინანსური ნაკადით ივსება. ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, იმას პენსიები და ჯანდაცვის დაფინანსება რუსული აქვთ, ასეთი კი აფხაზეთში ძალიან ბევრია. გარდა ამისა, რუსული დახმარებებიდან ამ მილიარდების უდიდესი ნაწილი აფხაზი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება. არის ე.წ. ატკატების პრობლემა. ამაზე მოსახლეობასა და ადგილობრივ ოპოზიციაში საუბარი და პრეტენზიები მუდმივად არის, მაგრამ არც ერთი დე ფაქტო ჩინოვნიკი ამ მუქთა ფულზე უარს არ იტყვის,” – დასძენს კიკნაძე.

„ალია“, 17 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ძალიან მომწონს ის აქტიურობა, რასაც ადგილი აქვს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერთა მხრიდან

გაზეთ „ალია“-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ჟურნალისტ ნინო სამხარაძესთან საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე ეხება საერთაშორისო სოლიდარობის გამოვლენას თბილისში მომხდარი წყალდიდობის გამო.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველო მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა, დახმარება შემოგვთავაზა რუსეთის პრეზიდენტმაც, რაზეც საქართველოს მთავრობამ უარი თქვა…

- საქმე ისაა, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს პოზიორობის უფლებას ვერ დავუკარგავთ. დარწმუნებული ვარ, პუტინი ამ მიმართულებით მიდის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ პუტინს უნდოდეს თავისი იმიჯის შეცვლა. ძალიან მომწონს ის აქტიურობა, რასაც ადგილი აქვს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერთა მხრიდან. მაინც ყველანი ადამიანები ვართ და რაც არ უნდა პოლიტიკური მტრობა გვქონდეს, არის სიტუაცია, როცა ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო.

- თქვენ გჯერათ სააკაშვილისა და ადეიშვილის სატელეფონო საუბრები სტიქიასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა?

- მე ვიცნობ ამ საუბრის შინაარს, მაგრამ ერთ ყურში შევუშვი და მეორეში გავატარე. ჯერ ერთი, არ ვიცი, რამდენად მართალია, რომ მათ შორის მსგავსი საუბარი შედგა. მეორეც, ეს არის მეასეხარისხოვანი და ხელს ვერ შეუშლის ერის კონსოლიდირებას. მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ამ დღეებში, ახალგაზრდების ჯგუფები გახდნენ ლიდერები საზოგადოებრივი პლატფორმისა, მთავრობაზე მეტი ლიდერები არიან. ახალგაზრდების მიმართ საოცარი ნდობა გაჩნდა, ერს გასაჭირში არ მიატოვებენ და არ უღალატებენ, ეს ძალიან კარგი ემოციური მუხტია საზოგადოებისთვის.

Comments are closed