globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 17 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 17th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ რევაზ შავიშვილთან: „შენების მოძრაობას“ თბილისის მერობის კანდიდატი ერთ თვეში ეყოლება“

ახალი თაობა: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძის ჩასაძირად დააბრუნეს“ // „ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა სიურპრიზები კახა კალაძესაც მოუწყოს“

ახალი თაობა: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა ისტორიული გადაწყვეტილებაა“

ახალი თაობა: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „სანამ ბლოკებს აკრძალავენ, ადგილობრივი არჩევნებისთვის თანამოაზრეები უნდა გავერთიანდეთ“ // „ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებზე სწორად რეაგირებს“

——

ვერსია: მაჟორიტარული ინტრიგები // არჩევნების მაჟორიტარული სისტემის კორუფციული ხვრელები და გაპოლიტიკოსებულ ფულოსანთა X-ფაილი

———————

ახალი თაობა“, 17 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ რევაზ შავიშვილთან: „შენების მოძრაობა“ თბილისის მერობის კანდიდატი ერთ თვეში ეყოლება

დავით უსუფაშვილის მიერ დაფუძნებული „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რევაზ შავიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ახალ მოძრაობაზე საუბრობს.

- ბატონო რევაზ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, სახელმწიფობანას თამაშით დავიღალეთო. ახალი მოძრაობა რას შესთავაზებს ახალს საზოგადოებას?

- ამ მოძრაობის მთავარი მიზანი არის სახელმწიფო, სწორად გაგებული სახელმწიფო. ვინც კი ხელისუფლებაში მოვიდა, საზოგადოებისთვის კი არ ქმნის სახელმწიფოს, თავისთვის და თავისიანებისთვის ქმნის. ასეთი მიდგომით სახელმწიფო არ შენდება. ასე მხოლოდ სახელმწიფოებრიობანას თამაში შეიძლება. დემოკრატიული სახელმწიფოს გაგება არის გამართული ინსტიტუციები და არა ის, როგორც დღეს ეს ხელისუფლებას ესმის. კარგი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ – ძალიან ცუდი სახელმწიფო.

- ის ადამიანები, რომლებსაც ეს გუნდი აერთიანებს, უკვე იყვნენ ხელისუფლებაში, მაგალითად, დავით უსუფაშვილი, რომელიც ძალიან მაღალ პოზიციაზე იყო...

- მაშინ, 2012 წელს, კოალიცია რაღაცის წინააღმდეგ გაკეთდა, როგორც ყოველთვის. რა თქმა უნდა, სწორედ იმ კოალიციაში უნდა ყოფილიყო ბატონი დავითი, აბა, სხვაგან სად?! ან სად უნდა ვყოფილიყავით მაშინ მე ან კახა შარტავა?! სააკაშვილი იყო მოსაშორებელი და ის კოალიციაც სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს მიზანი მიღწეულ იქნა, მაგრამ პოლიტიკური პროგრამა, რომელიც დაიწერა და რომელიც ქვეყნის სხვა ეტაპზე გადაყვანას ისახავდა მიზნად, პრაქტიკულად არ შესრულებულა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ვერ შესრულდებოდა, რადგან ასეთი ეკლექტური გაერთიანებები მნიშვნელოვან შედეგს ვერ დებს ქვეყნის შენების თვალსაზრისით. რა უნდა გადაეწყვიტა დავით უსუფაშვილს? ის პარლამენტის სპიკერი იყო, თავისი უფლებამოსილებით კი – ერთი ხმის მქონე დეპუტატი.

- თუმცა, მეორე პირი იყო ქვეყანაში...

- დიახ, სტატუსით ასე იყო, მაგრამ პარლამენტში სტატუსი ხომ არ წყვეტს, კენჭისყრა წყვეტს. 9 კაცი ჰყავდა თავისი პარტიიდან დავით უსუფაშვილს და ეროვნულ ფორუმს – 6 კაცი, ეს იყო და ეს.

- ვინ იქნება თქვენი მოკავშირე, ვისთან ითანამშრომლებთ და ვისთან - არა? რამდენად იქნება ეს თანამშრომლობა დამოკიდებული იდეოლოგიურ თანხვედრაზე?

- ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ იმ ადამიანთან, რომელსაც სურვილი აქვს იმ მიზნების განხორციელების, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს არის მოძრაობა, აქ პარტიები არ ერთიანდებიან. მაგალითად, ფორუმი არ ერთიანდება, მაგრამ ფორუმის წევრებს აქვთ უფლება, პიროვნულად, პერსონალურად მიიღონ მონაწილეობა და გაწევრიანდნენ ამ მოძრაობაში. ფორუმის ძალიან ბევრმა წევრმა გამოთქვა სურვილი, რომ დარჩეს ფორუმში, მაგრამ გახდეს ამ მოძრაობის წევრი ამავდროულად.

- კახა შარტავა ეროვნული ფორუმის ლიდერი იყო...

- ახლაც არის ლიდერი.

- როგორ?

- მე გითხარით, რომ ეროვნული ფორუმის წევრებს აქვთ უფლება, იყვნენ ამ ახალი მოძრაობის წევრებიც ამავდროულად. პერსონალური გაწევრიანება ხდება. კახა შარტავა არის ახალი მოძრაობის წევრი და უზარმაზარი მუშაობა შეასრულა.

- კახა შარტავა იქნება ახალი მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი თუ ანა დოლიძე?

- ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თუმცა, ჯერ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რადგან ეს ასე არ ხდება. ერთი თვის შემდეგ ყველაფერი დეტალურად გეცოდინებათ.

- თბილისში მერობის კანდიდატი გეყოლებათ?

- აუცილებლად და არა მხოლოდ თბილისში, ყველგან, ადგილობრივ დონეზე გვეყოლება. წინასწარი განწყობაა, რომ კარგი, ღირსეული კანდიდატი შევარჩიოთ, თუმცა მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ერთ თვეში თბილისის მერობის კანდიდატი ცნობილი იქნება და ეს ღირსეული კანდიდატი იქნება.

- ქართულ ოცნებასთან ითანამშრომლებთ?

- „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ამ მოძრაობაში ვერ გაწევრიანდება, არც მოინდომებენ. დანარჩენს ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

- ბატონო რევაზ, დავით უსუფაშვილი, ვახტანგ ხმალაძე არიან ყოფილი რესპუბლიკელები, თქვენ ეროვნულ ფორუმს წარმოადგენდით, რამდენად თავსებადია თქვენი პლატფორმა, იდეოლოგია?

- მე და ვახტანგ ხმალაძე სულ ერთად ვიყავით, მთელი ცხოვრება.

- მე პოლიტიკურ იდეოლოგიაზე გეკითხებით...

- რა სხვადასხვა იდეოლოგიაზე და პლატფორმაზე მესაუბრებით. მეც ვიყავი რესპუბლიკელი 1996 წლამდე, ახლა ვარ ყოფილი რესპუბლიკელი, ასე ხდება ხოლმე. ჩვენ ვაყალიბებთ საზოგადოებრივ მოძრაობას ერთად. ეს არის თანამშრომლობა, ჩვენ ერთმანეთის აზრები ვიცით და ამ თანხვედრას ვიყენებთ სათანამშრომლოდ, განსხვავებულობას გვერდით ვდებთ.

- მიზანი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგებაა?

- დიახ, ეს არის მთავარი მიზანი, სტრატეგიული მიზანი, თუმცა მანამდე ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა და ძალების მოსინჯვა იქნება ასევე ეტაპი. ყველა დანარჩენი პოლიტიკური აქტივობა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებად განიხილება.

ახალი თაობა“, 17 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძის ჩასაძირად დააბრუნეს“ // „ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა სიურპრიზები კახა კალაძესაც მოუწყოს

რატომ დაბრუნდა დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში, რა კურთხევას იღებენ პარტიები ბიძინა ივანიშვილისგან, ვისი ჩაძირვის განკარგულება გასცა ყოფილმა პრემიერმა?  ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის წევრი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

„რამდენიმე თვის წინ სწორედ „ახალ თაობასთან“ საუბარში ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დავით უსუფაშვილის შემოყვანას აპირებდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში მომაწოდეს. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა იმ გეგმის შესახებაც მომაწოდა ინფორმაცია, რომლითაც ყოფილი პრემიერი იმოქმედებს. იმის თქმა გამიჭირდება, თუ კონკრეტულად ვინ მისცა მას ეს დავალება. დავალებები ბიძინა ივანიშვილს ამერიკიდან მოსდის. აქ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ თეთრები და შავები იქნებიან წარმოდგენილი“, – ამბობს ლადო სადღობელაშვილი.

- თეთრებში და შავებში ვის გულისხმობთ?

- შავებში შავი გაგების ხალხს ნამდვილად არ ვგულისხმობ. ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში ბნელი და ნათელი ძალა უნდა წარმოადგინოს. ნათელი „ოცნება“ იქნება, ბნელი – ყოფილი ხელისუფლება. აქ მესამე ძალა ზედმეტია. იმასაც დანამდვილებით გეტყვით, რომ დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ არენაზე ყოფილმა პრემიერმა ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძის საპირწონედ დააბრუნა. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მათ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი აქვთ. ივანიშვილი ცდილობს, მათ ეს შანსი მოუსპოს. პარლამენტში ეროვნული ძალების მოხვედრის ყველას ეშინია. ამიტომაც გამოიჩეკა უსუფაშვილის პარტია.

- დემოკრატიული მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი ივანიშვილის მიერ იმიტომ იდევნება, რომ ისინი ეროვნული ძალები არიან?

- არცერთ პარტიას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ, ჩემი აზრით, ალიანსი და დემმოძრაობა ყველაზე ეროვნული ძალები არიან. ამიტომაც გადაწყდა, რომ მათ ეროვნული ფორუმის გამოყენებით დაარტყან. ეროვნული ფორუმი შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ნამდვილად ეროვნული ძალაა. ისინი ხალხში დიდ პატივისცემას იმსახურებენ. ამ ეროვნულ ძალას დაამატეს დავით უსუფაშვილი, როგორც „ისტინნი“ დემოკრატი. დავით უსუფაშვილისთვის ადგილის გასათავისუფლებლად განიდევნა პარტიიდან გუბაზ სანიკიძე.

ადრეც გითხარით, რომ გუბაზ სანიკიძისგან გათავისუფლება ეროვნულ ფორუმს ბიძინა ივანიშვილმა შარშანაც მოსთხოვა. ისინი თუ ამ პირობას შეასრულებდნენ, ყოფილი პრემიერი მათ „ქართული ოცნების“ ბლოკში დატოვებას ჰპირდებოდა. ასეთივე შეთავაზება მიიღეს რესპუბლიკელებმა, ისინი ძმები ბერძენიშვილებისა და თინა ხიდაშელისგან უნდა გათავისუფლებულიყვნენ. ყოფილი პრემიერის შეთავაზება არცერთმა პარტიამ არ მიიღო და საპარლამენტო არჩევნებზე ორივემ სასაცილო შედეგი აჩვენა.

არჩევნების შემდეგ ორივე პარტიას გონება გაუნათდა. ფორუმიდან გუბაზ სანიკიძე წავიდა, დავით უსუფაშვილმა კი რესპუბლიკელები დატოვა და თავისი თინაც ჩამოაცილა პოლიტიკას. ერთ მშვენიერ დღეს კი ეს ორი პარტია გაერთიანდა და „შენება“ დაირქვეს.

კი ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და 2020 წლისთვის მოემზადებიან. შეხედავენ, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაძლოა ამ არჩევნებზეც მიაღებინონ მონაწილეობა. ეს ძალა ხომ რეალურად იმისთვის შექმნეს, რომ „ბნელი“ დემოკრატიული მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი ჩაიხსნან.

- შეძლებს ეს პარტია ალიანსისა და დემმოძრაობის ჩახსნას? ორივე პარტიას გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე დავით უსუფაშვილსა და ფორუმს?

- რა მნიშვნელობა აქვს, ვის რამდენი რეიტინგი აქვს. ბიძინა ივანიშვილის ნება თუ იქნება, „ქართული ოცნებაც“ ჩაიხსნება. ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძის ჩახსნა კი მყარად აქვს გადაწყვეტილი.

- რატომ გადაწყვიტა მათი ჩახსნა? პოლიტიკაში ახალი მოსული როცა იყო, ალიანსის მიმართაც სიმპათიებს გამოხატავდა და დემოკრატიულ მოძრაობასაც აქებდა. ახლა რა შეიცვალა?

- არაფერი არ შეიცვალა. უბრალოდ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი და კარგი იქნება, თუ ხალხიც და პოლიტიკოსები ამას კარგად გაითავისებენ. მისთვის საქართველო ერთი დიდი არენაა, თან, იცით, როგორი არენა? რომის იმპერიის დროს რომ იყო. ამ არენებზე გლადიატორები გამოდიოდნენ, ოღონდ, სანამ რომამდე მიაღწევდნენ, პერიფერიებში უნდა ეასპარეზათ პატარ-პატარა არენებზე. იქ გამარჯვებულები იკრიბებოდნენ რომში. პოლიტიკური პარტიები დღეს რეალურად არიან გლადიატორები. იმისთვის, რომ სანახაობა შედგეს, საჭიროა მრავლად შეიქმნას ერთმანეთის საპირწონე პარტიები. „ნაციონალებს“ „ევროპული საქართველო“ ხომ ბიძინა ივანიშვილმა შეუქმნა. საპარლამენტო არჩევნებზე ალიანსმა დემოკრატიული მოძრაობა დაჯაბნა. ახლა საჭიროა, ორივე მათგანი ჩაიძიროს. მოკლედ, პარტიების საჭიდაო არენაა გაშლილი და იმპერატორი ბიძინა შუშებიანი სასახლიდან კაიფობს. ბრძოლის დაწყების წინ პარტიები ადიან ბიძინასთან და ასე ესალმებიან – „ავე ჩაეზარ, მორიტური ტე სალუტანტ“.

- ასეთი მისალმება ნამეტანი ხომ არაა, სასიკვდილოდ რომელი მიდის...

- პარტიისთვის ჩაძირვა სიკვდილია, აბა, რა არის. ამ მისალმების შემდეგ პარტიები იმპერატორისგან კურთხევას ელოდებიან.

- კურთხევაში რას გულისხმობთ?

- ეს კურთხევა ზოგ შემთხვევაში 5 ნულით შემოიფარგლება, ზოგ შემთხვევაში – 6 ნულით. ეგაა მაგის კურთხევა. ამ ფულს საკუთარი ჯიბიდან კი არ იღებს, არამედ ამ პარტიებს სერიოზულ ბიზნესმენებს აფინანსებინებს. დამფინანსებლები დავით უსუფაშვილის მშენებლებისთვისაც მოიძებნება. დავით უსუფაშვილისა და ფორუმის გაერთიანების შემდეგ პარტიებმა რაღაცები უნდა შეცვალონ.

- მაგალითად, რა უნდა შეცვალონ?

- ყველაზე მეტად მე ალიანსსა და დემოკრატიულ მოძრაობაზე შემტკივა გული. ამ პარტიებში ერთი „მასტერკა“ ტვინი თუ აქვთ, პირადი ამბიციები უნდა დაიოკონ და გაერთიანებაზე იფიქრებენ.

- თქვენი აზრით, ამ ორი პარტიის გაერთიანება შესაძლებელია?

- თუ არ გაერთიანდებიან, მათი საქმე წასულია. სხვა გამოსავალიც არის, მათ გვერდით ისეთი ხალხი უნდა დაიყენონ, რომლებიც უსუფაშვილსა და ფორუმს კონკურენციას გაუწევენ. არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ, ივანიშვილის კურთხევით, ეს პარტია დიდ ფულს მიიღებს. დიდი ფული კი პოლიტიკაში ბევრ რამეს წყვეტს. პატარა ამბავი არც ივანიშვილის მხარდაჭერაა.

- როცა პირველად უსუფაშვილის პარტიის შექმნაზე გვესაუბრეთ, თქვით, რომ ისიც პაატა ბურჭულაძის ბედს გაიზიარებს. ახლაც იმავეს ფიქრობთ?

- ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა უსუფაშვილი. ბურჭულაძის მსგავსად, მასაც თუ შეეშლება, ისიც ჩაიძირება. თავის დროზე ბურჭულაძეს პარტია ყოფილმა პრემიერმა შეუქმნა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთ სუფრაზე შექეიფიანებულმა ბურჭულაძემ ივანიშვილი უდიერად მოიხსენია. ეს ამბავი სასწრაფოდ აცნობეს იმპერატორს. იმან მსოფლიო ბანს უმადურობა დაუწუნა და რა დღეშიც ჩააგდო, ყველამ ვნახეთ. არადა, თავიდან იმდენად ივანიშვილის პროექტი იყო ბურჭულაძე, რომ `ოცნების~ იდეოლოგად წოდებული ზურაბ ბიგვავაც მასთან მიდიოდა პარტიაში. ყოფილმა პრემიერმა პატივისცემა იცის, მაგრამ პატიება არ ეხერხება.

ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მან მთელი `ქართული ოცნება~ ჩაძიროს, ამისთვის მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნება. ეს შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებზეც კი მოხდეს. ყოფილი პრემიერი კალაძის მიმართაც ორჭოფულად არის განწყობილი და სიურპრიზებს ამ ფრონტზეც უნდა ველოდოთ.

- ფიქრობთ, რომ ივანიშვილი კალაძეს გადააგდებს?

- არაფერი არ არის გამორიცხული. ერთ რამეს ახლავე გეტყვით, რომ ის კალაძის პირველ ტურში გამარჯვებას არ დაუშვებს.

- რატომ არ დაუშვებს?

- ძალიან რომ არ აუვარდეს თავში, თან კონკურენციაც სერიოზული იქნება. მეორე ტურის შემდეგ თეთრ ცხენზე ამხედრებული კალაძე თავის კარლოსთან ერთად შევა მერიაში.

- კარლოსთან ერთად რატომ?

- აბა, მამამისის გარეშე ეგ ნაბიჯს არ დგამს. ნარმანიას კოკის შემდეგ მერიაში კახის კარლოს ეპოქა დაიწყება.

ახალი თაობა“, 17 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა ისტორიული გადაწყვეტილებაა

„ნაცდეპუტატებმა „ქართულ ოცნებას“ მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის გამო პარლამენტში დასცინეს. პარლამენტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე კი „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ მსოფლიოში მიგრაციული ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება. მიწების დეგრადაცია მიმდინარეობს, მოსახლეობა შიმშილის პირას არის.

2016 წელს მსოფლიოში წარმოიშვა 63 მილიონი დევნილი, რომელიც ეძებს ახალ ადგილს დასასახლებლად, რაც დაკავშირებულია ომებთან და ეკოლოგიურ პრობლემებთან. არაბული ქვეყნების ხელისუფლებებმა შექმნეს სპეციალური ფონდები, რომლებიც ასეთ ადამიანებს სპეციალურად აფინანსებენ და ეუბნებიან, წადით, სხვა ქვეყნებში იყიდეთ მიწაო. მათ შორის, უცხოეთში შექმნილი ფონდებით ფინანსდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მიწის შესაძენადაც. ამდენად, მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე მორატორიუმის გადაწყვეტილება ისტორიულია.

- ბატონო გიორგი, ოცნება ნაციონალების კრიტიკის ობიექტი მიწის საკითხთან დაკავშირებითაც გახდა. როგორ უსმენდით მათ კრიტიკას?

- საზოგადოება რწმუნდება იმაში, რომ კარგი რამ მოხდა 2012 წელს, როცა ნაცმოძრაობა ხელისუფლებიდან წავიდა. წარმოგიდგენიათ, ნაციონალები ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყვნენ, რა დაემართებოდა ქვეყანასა და ეროვნულ მენტალიტეტს?

- რა დაემართებოდა?

- ვრწმუნდები, საქართველოში ჩვენი ადგილი არ იქნებოდა. ილია ჭავჭავაძე იყო სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებელი, რომლის ძირითადი მიზანი იმ მიწების გამოსყიდვა გახლდათ, რომელსაც გამეტებით ყიდდნენ სხვა ეროვნებებზე, რითაც მან გადაარჩინა საქართველო. ასეთი რამ დღეს აღარ დაგვჭირდება, რადგან ჩვენი ხელისუფლება კონსტიტუციასა და კანონში წერს უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვას.

- როგორი მიწები გვაქვს?

- საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან ნაწილი დაჭაობებულია, ნაწილი – დაბალნაყოფიერი, დამლაშებული, მჟავე და ა.შ. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა, დაახლოებით 715 ჰექტარია. მიწას, რომელსაც რაღაც ღირებულება აქვს, შეადგენს 2 მლნ 300 ათას ჰექტარს. ამას უნდა გამოვაკლოთ სათიბები და საძოვრები. მთელი საქართველოს მასშტაბით, რჩება დაახლოებით 1 მილიონი ჰექტარი მიწა. საინტერესოა, როგორ არის გადანაწილებული აღნიშნული 1 მლნ ჰექტარი მიწა? 1 ჰექტარზე ნაკლები ფართობები გადანაწილებულია 75% მესაკუთრეზე. დაახლოებით 500 ათასი მესაკუთრეა. ამ ადამიანებმა, რომლებსაც ნაკლებად რენტაბელურ მიწის ნაკვეთზე უწევთ შრომა, შესაძლებელია, გარკვეულ ფასად გაასხვისონ, მოახდინონ ამ მიწის რეალიზაცია. შესაძლებელია, ამ 500 ათასი მესაკუთრის მიწის დიდი ნაწილი მოხვდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელში.

- ძალიან კი მოისწრაფვიან საქართველოსკენ...

- ჩვენ მძიმე რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც სერიოზული პრობლემებია. გაეროს მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში წარმოიშვა 63 მილიონი დევნილი, რომელიც ეძებს ახალ ადგილს დასასახლებლად, რაც დაკავშირებულია არა მხოლოდ ომებთან, არამედ ეკოლოგიურ პრობლემებთანაც. ამიტომ ერთ-ერთი ქვეყნიდან (რომელსაც არ დავასახელებ, ძალიან ახლოს არის ჩვენთან), მხოლოდ ერთი ტბის დაშრობის შედეგად, რომლის გარშემოც ცხოვრობს 20 მილიონი ადამიანი, აქედან 14 მილიონი გამზადებულია, დასახლდეს სხვაგან, რადგან ისინი დაკავებული იყვნენ სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებით. ეს არის უზარმაზარი საფრთხე, რომელიც საქართველოს დემოგრაფიულ სიტუაციას შეცვლის და დაკავშირებულია ქვეყნის მომავალთან.

მოსახლეობის ზრდის შედეგად მსოფლიოში მიწების რაოდენობა ისედაც მცირდება. თუ 2000 წელს ერთ სულ მოსახლეზე მოდიოდა 0,9 ჰა, 2050 წლისთვის, მექანიკური გათვლებით, დაახლოებით ნახევარი ჰექტარი მოვა. ნაყოფიერება ვარდება და იქნება უზარმაზარი მიგრაციული ტალღა, რომელსაც გააჩერებენ მხოლოდ და მხოლოდ ის ქვეყნები, ის გონიერი ხელისუფლებები, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც ახლა ჩვენ ვიღებთ უცხოელებზე მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადებით.

- ნაცები ამბობენ, რომ კონსტიტუციას ვერ მიიღებთ...

- თვის ბოლოს ახალ კონსტიტუციას მივიღებთ თანამედროვე მოდელითა და იმ ჩანაწერით, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე მიწების გასხვისებას შეზღუდავს. თუ რაიმე პრობლემა წარმოიშვა, მიწის საკითხს ორგანული კანონით დავარეგულირებთ. არავითარი პრობლემა არ გვექნება.

- ნაცებს რატომ აქვთ ასეთი პოზიცია?

- ნაციონალებისაგან მსგავსი პოზიცია არ მიკვირს. ფსევდოლიბერალისტური პოლიტიკა მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ჰქონდათ. ამიტომ აღმოჩნდა ეკონომიკისა და ენერგეტიკული ობიექტების დიდი ნაწილი რუსების ხელში. სწორედ ის ნაღმები ამოქმედდა დღეს, რომლებიც მაშინ ნაცმოძრაობის პოლიტიკის შედეგად ჩაიდო. მოგეხსენებათ, „ინტერრაო“, რომელიც გვიჩივის, ელექტროენერგიაზე ტარიფებს რატომ არ ზრდითო, სწორედ ნაციონალების შემოყვანილია. ნაციონალებმა რუსებს გადასცეს „ხრამი-1“, „ხრამი-2“, „თბილსრესის“ გარკვეული ნაწილი და ა.შ. „ინტერრაო“ იგივე „გაზპრომია“. ნაციონალებმა, თავიანთი პოზიციიდან გამომდინარე, შემოიყვანეს „გაზპრომი“, იმის საშუალება მისცეს, რომ ახლა პროვოკაციები აწყოს საქართველოს ეკონომიკისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. „ინტერრაო“ (ანუ „გაზპრომი“) ამას აკეთებს წინასაარჩევნოდ. ვის ეხმარება ამით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

ნაციონალები ნახევარმილიონიან ქალაქ ლაზიკას აშენებდნენ, სადაც ჩინელები უნდა ჩაესახლებინათ. გადიოდა ჩინური რეკლამა და ჩინელების ჩამოსახლება უნდოდათ. გამიკვირდება, კიდევ თუ ვინმე მისცემს ნაციონალებსა თუ მათ განაყოფებს ხმას.

- ნაციონალებსა და ნაცგანაყოფებს ახლა მაინც რატომ სურთ ასე ძალიან მიწების გაყიდვა და რატომ ლობირებენ ამ პროცესს?

- მათი პოლიტიკა ყოველთვის დაკავშირებული იყო ქართული სახელმწიფოს, ქართული მენტალიტეტის, ქართული ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ. ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქართულ ეკონომიკაში შემოეშვათ უცხო ქვეყნის ბიზნესი. ჯერ რუსები შემოჰყავდათ და ყველაზე ღირებული, რაც არის, რასაც ილია ჭავჭავაძე სამკვიდროს ეძახდა, იმის გასხვისებაზე საუბრობდნენ. ასეთია მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. მათ მხოლოდ და მხოლოდ ის აინტერესებთ, ფული საიდან შემოვიდეს. ვისი ფული იქნება, საიდან იქნება, საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას თუ არა, არ აინტერესებთ.

- კახიძემ განაცხადა, კანონპროექტში მთლად ისე არ წერია და არც კონსტიტუციაში აპირებთ ჩაწერას, როგორც აცხადებთ

- იტყუება, კანონში პირდაპირ წერია, რომ მორატორიუმი აჩერებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებას. კონსტიტუციაშიც ჩაიწერება.

- ისე, ოცნების პოზიცია ნაცჯგუფების მხრიდან პარლამენტში გახდა დაცინვის საგანი...

- ეგენი ჩვენ კი არა, საქართველოსა და მის მოსახლეობას დასცინიან. მაგაში ჩანს ზუსტად, რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოსა და სამშობლოს მიმართ.

- ნაცებმა და მათმა განაყოფებმა ხომ არ დაგჯაბნეს პარლამენტში?

- ვინ დაგვჯაბნის, რას ლაპარაკობთ, არ გრცხვენიათ?

- ანუ ოცნების გადაწყვეტილება მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ მყარია და ნაცების ლაპარაკი ვერ შეგაცვლევინებთ...

- კანონს დღეს მივიღებთ და ძალაში შევა. ამით დამთავრდება პროცესი.

- ყოველ შემთხვევაში, ოცნებას გაცნობიერებული აქვს, რომ მიწის საკითხი ისე უნდა დარეგულირდეს, როგორც ამას ხალხი მოითხოვს...

- „ქართული ოცნება“ ერთსულოვანია ამასთან დაკავშირებით. ერთი კაციც არ არის, სხვანაირად რომ ფიქრობდეს.

- ანუ ნაცმოძრაობისა და მათი ძმების ზეწოლას პარლამენტში თქვენი გადაწყვეტილების შეცვლა არ შეუძლია?

- რა ზეწოლა, რის ზეწოლა? მაგათი ზეწოლაა, გამოვლენ, იყვირებენ, ტელევიზიები გააშუქებენ. მათი მიზანიც ეს არის. რა ზეწოლა უნდა მოახდინონ, 9 ნაწილად არიან გაყოფილი.

- თუ არის გათვლა, მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვამ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს? მე მოვისმინე რიგი ბიზნესმენების განცხადებები მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადების საწინააღმდეგოდ. ფადი ასლიც მონაწილეობდა

- მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგი არ მოჰყვება, რადგან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ამ მიმართულებით არ შემოსულა. სულ იყო 9-10 მილიონის ფარგლებში.

- კახიძემ თქვა, ეს დიდი ციფრიაო

- დიდი ციფრი როგორ არის, როცა მთლიანობაში საქართველოს ინვესტიციები მილიარდზე მეტია. 2016 წელს საქართველოში შემოსული ინვესტიცია შეადგენდა მილიარდ 645 მილიონს. აქედან სოფლის მეურნეობაზე იყო 10 მილიონი.

- სოფლის მეურნეობაში ერიდებიან ინვესტიციების დაბანდებას.

- შიდა ინვესტიციებია ძალიან დიდი.

- იჯარის გამოყენება ხომ არის შესაძლებელი?

- იჯარა დარჩება, იჯარით გაიცემა. ხომ იცით, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. ამიტომ კერძო საკუთრებასთან პრობლემების შექმნის შემთხვევაში ძალიან ძნელია ბრძოლა. მიწა იჯარით გაიცემა, მაგრამ – გარკვეული პირობებით.

- დიდი ხნით იჯარით მიწის გადაცემა, გარკვეულწილად, არ დააკომპენსირებს ამ აკრძალვას?

- არა. კერძო საკუთრებას სხვა მნიშვნელობა აქვს. როდესაც მოქალაქეობის მიღება უნდათ, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ქონებას. ეს ისეთი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეობის მიღებას და შეიძლება პრობლემები წარმოიშვას, რაც საფრთხის შემცველია.

- დიახ, არაერთი ინტერვიუ ჩამიწერია იმის თაობაზე, თუ როგორ ჩამოდიოდნენ უცხოელები, ძირითადად არაბები, როგორ ყიდულობდნენ მიწას, როგორ ყოფდნენ ცალ-ცალკე ნაკვეთებად, ჩამოჰყავდათ სხვა არაბები და ასახლებდნენ. ეს მორატორიუმიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ამ გზით ჩვენს მიწებს უცხოელები არ დაეპატრონონ...

- მომავალში მსოფლიოში მიგრაციული ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება. მიწების დეგრადაცია მიდის, მოსახლეობა შიმშილის პირასაა. არაბულ ქვეყნებში ხელისუფლებებმა შექმნეს სპეციალური ფონდები, რომლებიც ასეთ ადამიანებს აფინანსებენ, სპეციალურად აძლევენ ფულს და ეუბნებიან, წადით და სხვა ქვეყნებში იყიდეთ მიწაო. წარმოიდგინეთ, რამხელა პრობლემაა.

- ალბათ, იცით, რომ საქართველოში უცხოელების ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად სწორედ 30 ათასი დოლარის ღირებულების ქონების შესყიდვა იყო საჭირო და უცხოელებიც იძენდნენ სახლ-კარსა და მიწებს...

- რა თქმა უნდა, ახლა ეს ყველაფერი გაჩერდება.

- იძენდნენ ქონებას და იღებდნენ ბინადრობის უფლებას. ეს არ იყო კარგი მექანიზმი...

- ეს პროცესიც შეჩერდება. გაეროს მონაცემებით, შეიძლება დემოგრაფიული პრობლემები შეგვექმნას. ამიტომ მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა ისტორიული გადაწყვეტილებაა.

ახალი თაობა“, 17 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „სანამ ბლოკებს აკრძალავენ, ადგილობრივი არჩევნებისთვის თანამოაზრეები უნდა გავერთიანდეთ“ // „ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებზე სწორად რეაგირებს

მარიამ მჭედლიშვილი

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ისევ გააქტიურდა საუბარი მოსალოდნელ რევოლუციაზე. მემარცხენე ალიანსის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ხალხში უკმაყოფილებაა, თუმცა ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არის. ხელისუფლება, ძირითადად, სწორად რეაგირებს საპროტესტო მუხტზე, რითიც აცხრობს დაძაბულობას.

„რევოლუციური სიტუაცია არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი გულგატეხილია და საპროტესტო აქციებსაც მართავს. „ქართული ოცნება“ მომხრეებს კარგავს. მმართველი პარტიის მდგომარეობა და რეიტინგი უარესია, ვიდრე 2016 წლისა და 2012 წლის არჩევნების წინ. მაშინ „ქართული ოცნება“ თავის ამომრჩეველს გარკვეულ იმედს უსახავდა. „ოცნების“ გამარჯვებას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დიდად უწყობდა ხელს მიხეილ სააკაშვილი. ბევრმა დაიჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელია. ამითაც გამოჩნდა ორ ძალას შორის დამყარებული კოაბიტაცია. „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ რევოლუციის ნიშნებს ვერ ვხედავ. ხელისუფლება ახერხებს რევოლუციის თავიდან აცილებას იმით, რომ ამა თუ იმ საპროტესტო მუხტზე სწორად რეაგირებს», – ამბობს სოსო შატბერაშვილი.

- მაგალითად?

- თუნდაც რეპერების შემთხვევაში. ხელისუფლებამ მუსიკოსების დასაცავად გამოსულ ხალხმრავალ აქციას იმით უპასუხა, რომ პოზიცია შეიცვალა. იგივე მოხდა სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვის შემთხვევაში. თავიდან „ქართული ოცნება“ არ აპირებდა ამ აკრძალვის კანონში ჩაწერას. საზოგადოების პროტესტმა თავისი გაიტანა. ჩვენ ამ საკითხზე რეფერენდუმის გზით გვინდოდა ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილება. მიხეილ სააკაშვილი არავის უსმენდა. ამიტომ მიიღო 2007 წლის, ასევე 2011 წლის მოვლენები. არ არის გამორიცხული, რომ საპროტესტო გამოსვლები საარჩევნო საკითხებზეც გაიმართოს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება „ოცნების“ დაპირება იყო და ეს ჩანაწერი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშიც ჩაიწერა. ახლა ეს საკითხი საეჭვო და სადავო გახდა.

- რეპერების საქმე ახსენეთ. საქმის გამოძიება მიმდინარეობს. როგორ გგონიათ, დაისჯებიან დამნაშავეები, თუ გამოძიებით დადგინდა, რომ რეპერებს ნარკოტიკები ჩაუდეს?

- წინასწარი პატიმრობიდან ახალგაზრდების გათავისუფლებას მივესალმები. მტყუან-მართალი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ ნებისმიერ შემთხვევაში. ნარკოტიკების ჩადებაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ნარკოტიკების გასაღებაც. თუ რომელიმე დანაშაული დამტკიცდა, კანონი უნდა შესრულდეს.

სამწუხაროა, რომ რეპერებმა კლიპში სასაცილოდ აიგდეს ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები. პოლიციელების დაცინვის დრო უნდა დამთავრდეს. ეს ქურდული მენტალიტეტი საბჭოთა დროიდან მოგვყვება. საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა მილიციელებს ძაღლებს ეძახდნენ. საბჭოთა კავშირში არ ვცხოვრობთ და ჩვენი პოლიციისა და ჯარის მიმართ პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. საუბარი არ მაქვს ცალკეულ დამნაშავეებზე, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ. ზოგიერთ მათგანს ბრალი მიუძღვის საკუთარი მოქალაქეების დახოცვასა და სასტიკად დარბევაში. სააკაშვილის რეჟიმის დროს ასეთი დანაშაულის ფაქტები ხდებოდა. ბევრი პოლიციელი ქვეყნისთვის ტყვიას შუბლს უშვერდა. მთელი პოლიციის შეურაცხყოფის უფლება არავის გვაქვს.

- რა მოხდება ადგილობრივი არჩევნებისას ამ რთულ მდგომარეობაში?

- ეს ჩვენზე, საზოგადოებასა და პარტიებზეა დამოკიდებული. ხალხს ყოველდღე ვხვდები, ვიცი ადამიანების განწყობა. მათ არც „ქართული ოცნებისა“ სჯერათ და არც გაყოფილი და გამრავლებული ნაციონალური მოძრაობისა. ხალხში სხვა ძალის მოლოდინი კიდევ უფრო ძლიერდება. თქვენი პოპულარული გაზეთის საშუალებით მინდა მოვუწოდო კოლეგებს, ვგულისხმობ თანამოაზრეებს, იდეოლოგიურად დაახლოებულ პარტიებს – სანამ ბლოკები არ აუკრძალავთ, გავერთიანდეთ ერთ მძლავრ ბლოკში, წამოვაყენოთ საერთო ღირსეული კანდიდატურა თბილისის მერად, ასევე ვიბრძოლოთ არჩევნების მოსაგებად სხვა რეგიონებში! ეს თუ გამოგვივა, დარწმუნებული ვარ, არჩევნებს ბევრგან მოვიგებთ! ამით საზოგადოების შეკვეთასაც შევასრულებთ.

————————–

ვერსია“, 16-18 ივნისი, 2017 წელი

მაჟორიტარული ინტრიგები

არჩევნების მაჟორიტარული სისტემის კორუფციული ხვრელები და გაპოლიტიკოსებულ ფულოსანთა X-ფაილი

ვანო პავლიაშვილი

სად ძველი ბერძნული მითოლოგია და სად თანამედროვე ქართული პოლიტიკა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოლიტიკურმა ღმერთებმა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა, ესე იგი, დემონებმა ინებეს, თავისი ტროას ცხენი ბედკრულ „წილხვედრსაც“ „ჰქონდეს“. ახლა, არ იკითხავთ, ჩვენი „ტროას ცხენი“ რა არის? რა, თქვენი გულისა და, არჩევნების მაჟორიტარული სისტემა. გაგეცინათ? ნება თქვენია, მაგრამ ვიდრე თქვენ იცინით, იმის გამო, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარები ისევ უნდა იყვნენ თუ არა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, უფრო კონკრეტულად, უმრავლესობაში, ლამის ერთმანეთს ხოცავენ.

„რაც შეეხება მოსახლეობას, ესე იგი, ამომრჩეველს, ზოგი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება, ისედაც წყალწაღებული რაიონები, დაბები, ქალაქები თუ მუნიციპალიტეტები უფრო დიდ პოლიტიკურ მორევში აღმოჩნდებიან, რამეთუ ხალხის ნაწილის რწმენით, სწორედ მაჟორიტარია უკეთესი ცხოვრების ერთადერთი გარანტი. ყოველ შემთხვევაში, მშიერმუცელა ადამიანებს სჯერათ ან, უფრო სწორად, უნდათ, სჯეროდეთ, რომ ცალკეული პერსონები გამაჟორიტარებისთის თავს მხოლოდ იმიტომ იკლავენ და ათასებს, ასიათასებსა თუ მილიონებს იმიტომ ხარჯავენ, რომ ელექტორატს უგზოობა, უწყლობა, უფულობა და ათასი სხვა ის პრობლემა მოუგვარონ, რომელიც „უ“-ზე იწყება, მაგრამ როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, იქამდე არაფერი გვეტკინოს, ვიდრე ეგ „ფულოსნები“ ჩვენს პრობლემებს მოაგვარებენ.

მოკლედ, უნდა გვყავდეს თუ არა მაჟორიტარები და რატომაა არჩევნების მაჟორიტარული სისტემა შეფარული კორუფცია? “ვერსია“ შეეცდება, წინამდებარე X-ფაილით სწორედ ამ მარადიულ კითხვებს უპასუხოს.

ისტორიული ექსკურსი

შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ მაჟორიტარობა წმინდა ქართული მოვლენა არაა ანუ უფრო გასაგებად რომ გითხრათ, არჩევნების ამ ფორმის საფუძველი ფრანგული სიტყვა Mაჯორიტეე გახდა, რაც იოანე ზოსიმეს, მაშასადამე, ქართულ ენაზე უმრავლესობას ნიშნავს. შესაბამისად, მაჟორიტარული სისტემის საფუძველში უმრავლესობის პრინციპი დევს – არჩეულად ის კანდიდატი მიიჩნევა, რომელიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

მაჟორიტარული სისტემა, როგორც ინტერნეტპორტალ აურა.გე-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, მარტივი, თუმცა ხშირად უსამართლოა, რადგან გამარჯვებული კანდიდატის წინააღმდეგ მიცემული ხმები იკარგება. ამავე სტატიის თანახმად, სამი სახის – შედარებითი (ფარდობითი), აბსოლუტური და კვალიფიციური უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არსებობს.

ამონარიდი ზემოხსენებული სტატიიდან:

„შედარებითი (ფარდობითი) უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს, არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელმაც იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე თითოეულმა მისმა მოწინააღმდეგემ ცალ-ცალკე. მაგალითად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მაჟორიტარობის კანდიდატს მხარი შესაძლოა, ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა დაუჭიროს, მაგრამ ვინაიდან, ჯამში, თითოეულ კონკურენტზე მეტი ხმა ექნება, გამარჯვებულად ცხადდება. ამ სისტემის დადებითი მხარე ისაა, რომ მძიმე და ძვირად ღირებულ მეორე ტურს გამორიცხავს და იმ შემთხვევაში, როცა მეტოქე-კანდიდატების რაოდენობა მხოლოდ ორია, არცთუ ცუდ შედეგს იძლევა, მაგრამ თუ კანდიდატი ბევრია და ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა მათზე ნაწილდება, ამ შემთხვევაში, ეს სისტემა ამომრჩეველთა კორპუსის ნებას საფუძველშივე ეწინააღმდეგება და ამახინჯებს. ამ სისტემის დროს, ჩვეულებრივ, არაა განსაზღვრული არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა აუცილებელი მინიმუმი.

აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს, კანდიდატის ასარჩევად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მიცემული ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ანუ 50-ს+1 ხმაა აუცილებელი. ამ სისტემას, რომლის დროსაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ქვედა ზღვარი დგინდება, იგივე საფრანგეთში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მეორე ტურს ითვალისწინებს, რომლის ორი ვარიანტიც არსებობს: პირველი _ როცა განმეორებით არჩევნებში (მეორე ტური) ის ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომელმაც ხმათა უმრავლესობა მოიპოვა; მეორე _ მეორე ტურში ყველა ის კანდიდატი მონაწილეობს, რომელმაც კანონით დადგენილ ხმათა რაოდენობის პროცენტული ზღვარი გადალახა. ორივე შემთხვევაში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

კვალიფიციური უმრავლესობის მაჟორიტარული სარჩევნო სისტემის დროს, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა კვალიფიციურ უმრავლესობას (აბსოლუტურზე მეტი, მაგალითად 2/3, 3/4 და ა.შ), რომელიც კანონით წინასწარაა დადგენილი. მაგალითად, ჩილეში ასეთი საარჩევნო სისტემის დროს, ამომრჩეველთა ხმების პროცენტული მაჩვენებელი ხმის მიმცემ ამომრჩეველთა კი არა, ყველა დარეგისტრირებული ამომრჩევლის რიცხვით დგინდება.

ამ სამი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გარდა, სხვა ტიპის მაჟორიტარული სისტემებიც არსებობს, მაგალითად: ერთადერთი გადაუცემადი ხმის სისტემა (ნახევრად პროპორციული) – ამ დროს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს და არა კანდიდატთა სიას (იაპონია). შესაბამისად, არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც მოაგროვებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმებს ანუ მოქმედებს შედარებითი (ფარდობითი) უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პრინციპი.

კუმულატიური ვოტუმის მაჟორიტარული სისტემის (Accumulatio ლათინური სიტყვაა და ქართულად დაგროვებას ნიშნავს) დროს, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში, თითოეულ კანდიდატს იმდენი ხმა აქვს, რამდენი კანდიდატის არჩევაცაა საჭირო. ამასთან, ამომრჩეველს შეუძლია, საკუთარი ხმა კანდიდატებს შორის ისე გაანაწილოს, როგორც სურს. ვთქვათ, შეუძლია, ხმა ერთდროულად რამდენიმე ან მხოლოდ ერთ კანდიდატს მისცეს (ბავარია).

თუ კანონი საშუალებას იძლევა, ამომრჩეველს შეუძლია გამოიყენოს პანაშირება (Panacher ფრანგული სიტყვაა და ქარუთლად ერთმანეთში არევას ნიშავს) _ ამომრჩეველს შეუძლია, ხმა მისცეს კანდიდატებს სხვადასხვა პარტიული სიიდან ანუ ორიენტირი აიღოს და დაეყრდნოს არა ამა თუ იმ კადიდატის პარტიულ კუთვნილებას, არამედ, მის ღირსებასა და პიროვნულ თვისებებს. ამ შემთხვევაშიც შედეგი დგინდება შედარებითი (ფარდობითი) უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პრინციპით“.

მაჟორიტარისტები და ანტიმაჟორიტარისტები

რომელი ზემოხსენებული სისტემით ტარდება საქართველოში მაჟორიტარული არჩევნები? ამის გასარკვევად „ვერსია“ ველოსიპედს არ გამოიგონებს და რამდენიმე მნიშვნელოვან ამონარიდს შემოგთავაზებთ ISFED-ის ბლოგიდან:

„საქართველო განეკუთვნება ე.წ. შერეული სისტემის მქონე სახელმწიფოს, სადაც ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 77 (პარტიული სიების საფუძველზე წარდგენილი კანდიდატები) და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის 73 წევრისგან.
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად მანდატების გადანაწილება ხდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 5%-ს+1 მაინც. რაც შეეხება მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%-ისა.

უარყოფითი მხარეები, რაც საქართველოში მოქმედ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ახასიათებს: ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის საფრთხე _ თეორიულად შესაძლებელია, რომ საარჩევნო ოლქში გამარჯვებულად გამოცხადდეს კანდიდატი, რომელმაც დააგროვა საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%-ზე მეტი, თუმცა მის წინააღმდეგ მიღებული ხმების ჯამი გამარჯვებულის მიერ მიღებულ ხმებზე საგრძნობლად მეტი აღმოჩნდეს. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის არჩევნების მონაცემებით, ხარაგაულის საარჩევნო ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატის მიერ მიღებული ხმათა საერთო რაოდენობა 47%-მდე იყო, არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების ჯამი კი 52.16% შეადგენდა. მსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე სიღნაღის საარჩევნო ოლქში, სადაც ერთ-ერთმა კანდიდატმა დააგროვა ხმათა 49,01%, თუმცა არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატთა
მიერ მიღებული ხმების ჯამი 50.98% იყო.

აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაში არსებობს ხმების დაკარგვის საფრთხე, რაც ამ სისტემის ერთ-ერთ უარყოფით მხარედ უნდა განვიხილოთ. ამასთან, არსებული 30%-იანი ზღვარი, რომელიც კანდიდატებმა უნდა გადალახონ, დაბალია და ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული კანდიდატების მაღალი ლეგიტიმაციით არჩევას.

ამომრჩეველსა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა – რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვნად დარღვეულია კავშირი მაჟორიტარ კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შორის, რაც გამოიხატება მაჟორიტარი დეპუტატების პასიურობაში ამომრჩეველთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობას მოსახლეობასთან შეხვედრები არ აქვს ან ეს იშვიათ ხასიათს ატარებს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაცემებით, 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ამომრჩეველთა მხოლოდ 31%-მა იცოდა, ვინაა მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. არადა, საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებულია მაჟორიტარი დეპუტატების ვალდებულებები ამომრჩეველთა წინაშე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომ მაჟორიტარი დეპუტატები შეხვდნენ ამომრჩევლებს და მათ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. მიუხედავად აღნიშნულისა, რეალობა ცხადყოფს, რომ მათი მხრიდან აღნიშნული ვალდებულებების შესრულება მეტწილად არაჯეროვნად ხდება.

მაჟორიტარის ინსტიტუტის არამართებული გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე – აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს რეალობაში მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი, მისი ინტერაქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან არასწორი პრაქტიკით დაინერგა. არის შემთხვევები, როდესაც მაჟორიტარი კანდიდატები ცდილობენ, გავლენა მოიპოვონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, ხშირად საკადრო ცვლილებებშიც ერევიან და საკუთარი პოლიტიკური ნებას უხეში ფორმებით ამკვიდრებენ“.
ყოველივე ზემოთქმულის გარდა, საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, თავად მაჟორიტარებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა. ასე, მაგალითად, 2015 წლის აპრილის მიწურულს, „რადიო თავისუფლების“ რუბრიკაში – „თავისუფალი სივრცე თქვენი პუბლიკაციებისთვის“, რომელიც, როგორც წესი, რიგით მოქალაქეებს ეთმობა ხოლმე, მერაბ ცომაიას სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ის არგუმენტებია მოყვანილი, თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს „მზისა და ვარდების მხარეში“ არჩევნების მაჟორიტარული სისტემა: „მაჟორიტარული სისტემის უპირატესობად ის მიმაჩნია, რომ ამომრჩეველი კანდიდატს ირჩევს არა პარტიული კუთვნილების, არამედ პიროვნული ღირსებების და დამსახურების მიხედვით. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვნად მცირდება პარტიის სახელს ამოფარებული უღირსი ადამიანების მოხვედრის ალბათობა პარლამენტში, რაც საქართველოს რეალობაში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა; ეს სისტემა საშუალებას აძლევს პატარა პარტიებსა და უპარტიო კანდიდატებს, დაამარცხონ დიდი ფინანსური რესურსების მქონე პარტიების კანდიდატები; ხელისუფლების წყარო ხდება ამომრჩეველი და არა პოლიტიკური პარტია, რაც ნამდვილი დემოკრატიის გამოვლინებაა… საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებები განპირობებულია არა თავად ამ სისტემის უვარგისობით, არამედ ქართული საზოგადოების დაბალი საარჩევნო, პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურით. ვფიქრობ, ჩემი მოსაზრების ჭეშმარიტი დასტურია აღნიშნული სისტემის წარმატებული ფუნქციონირება აშშ-სა თუ ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეებს ერთგვარად შევადარებდი იმ ყოვლად დაუსაბუთებელ და გაუმართლებელ მოთხოვნას, რომ აუცილებელია შეწყდეს ავტომობილების წარმოება იმის გამო, რომ ყოველწლიურად ავტოავარიების მსხვერპლი ხდება მილიონობით ადამიანი. ერთი სიტყვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა საქართველოში მოითხოვს სათანადო ბაზის შექმნით ანუ მაღალი საარჩევნო კულტურის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საფუძველზე შემდგომ სრულყოფას, დახვეწას და არა გაუქმებას!“.

ფუჭი დაპირება

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში „ბნელი და უკუნი იდგა“ ანუ როცა ქვეყანას ნაცელიტა განაგებდა, მაშინდელი ოპოზიცია ლამის ვენებს იჭრიდა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალ, იმ თუ არა, მეორე დღესვე მაჟორიტარებს სეკვესტრში მოვაყოლებო, მაგრამ ხომ იცით, პოლიტიკოსები „ლაყაფისტები“ არიან ანუ მხოლოდ ლაპარაკი და დაპირებების გაცემა უყვართ. აი, მაშინ კი, როცა საქმე საქმეზე მიდგება და ნათქვამი რეალობად უნდა აქციონ, სრული ან ნაწილობრივი ამნეზია ემართებათ ხოლმე და მეხსიერების აღმდგენი საშუალებები სულ ბღუჯა-ბღუჯა რომ ყლაპონ, არცთუ დიდი ხნის წინ ნათქვამს მაინც ვერ იხსენებ.

ასე მოხდა 2012 წლის არჩევნების შემდეგაც. კერძოდ, მართალია, „ოცნება“ მიშას ეპოქაში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების პირობას დებდა, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ისე მოვიდა და წავიდა, ძველი დაპირება არც გახსენებია. მეტიც, ისეთი პირი უჩანს, მაჟორიტარული სისტემა შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც შენარჩუნდეს.

„ნეტგაზეთის“ მიერ გასული წლის დეკემბრის შუახანებში გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია: „ის, რომ მაჟორიტარული სისტემა არ არის გაუქმებული, „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის „დამსახურებაა“. მერვე მოწვევის პარლამენტში ორივე პარტიას ჰქონდა ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ხელისუფლების ვარიანტის მიხედვით, ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა 2020 წელს უქმდებოდა, ხოლო ოპოზიციის ვარიანტით, 2016 წლის არჩევნებისთვის, თუმცა პარტიები რომელიმე ერთის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდნენ და ორივე კანონპროექტი თაროზე შემოიდო.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ცვლილებებზე მსჯელობაა საჭირო: „ერთად დავსხდებით და განვიხილავთ. ეს იქნება ძალიან ფართო კონსენსუსის შედეგი საზოგადოებასთან და სხვა პარტიებთან ერთად. ეს არ იქნება ერთპიროვნული, ერთი გუნდის გადაწყვეტილება”.

„ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ ერთმანდატიანი მარჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. პარლამენტში მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. ხოლო თუ მასზე მსჯელობა არ დაიწყება, ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას“, – მიიჩნევენ პატრიოტთა ალიანსში.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ვარიანტის თანახმად, პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალ მანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით. ამავე პროექტით, ეს ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება“.

2020 წლამდე სამწელიწადნახევარია დარჩენილი. ეს დრო შეიძლება, დიდი ჩვენთვის, ადამიანებისთვისაა, თორემ პოლიტიკური ღმერთებისა და დემონებისთვის ერთი ამოსუნთქვაა. ჰოდა, 2020 წელი კარს შეიძლება, ისე მოგვადგეს, რომ მაჟორიტარული სისტემა არ ან ვერ გაუქმდეს.

ამასთან, როგორც კულუარებიდან მიღებული ცნობები მოწმობს, მაჟორიტარული სისტემის შესაძლო გაუქმება „ოცნებაში“ შიდაომისა და ბატალიების საბაბი ხდება. ყოველ შემთხვევაში, ამ სისტემის გაუქმებას მხოლოდ მოქმედი მაჟორიტარები კი არა, პროპორციული სიით არჩეული ზოგიერთი დეპუტატიც ეწინააღმდეგება.

რატომ? ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, თუმცა თუკი დროის მანქანით წარსულში ერთგვარ მინიექსკურსიას მოვაწყობთ, ყველაფერი ადვილად გასაგები გახდება და საჭირო აღარც ზედმეტი ახსნა-განმარტება იქნება.

მაჟორიტარული ბეგრაუნდი

მოგეხსენებათ, საქართველოში არჩევნები 70 წლის განმავლობაში, მაშასადამე, კომუნისტურ ეპოქაშიც ტარდებოდა, მაგრამ მაშინ ხმის მიცემის პროცედურა ჩვეულებრივი ფორმალობა იყო და მეტი არაფერი. ახლა, ბოლომდე დემოკრატიულად არჩევნები არც დღესაა, მაგრამ ახლანდელი და კომუნისტური არჩევნები ერთმანეთისგან მაინც ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა.

დემოკრატიულ არჩევნებს საფუძველი კი საქართველოში მე- 20 საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა. ამ მხრივ ათვლის წერტილად შესაძლოა, 1995 წლის კენჭისყრა მივიჩნიოთ, რომელშიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ცხონებული ედუარდ შევარდნაძის მოქკავშირმა გაიმარჯვა და შესაბამისად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც ყველაზე მეტი მაჟორიტარი, ე.წ. პარტიული დეპუტატებისა არ იყოს, სწორედ მან გაიყვანა. აქედან დაიწყო, რაც დაიწყო _ მაჟორიტარები ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ ძალად იქცნენ, რასაც ისიც მოწმობს, რომ იმ დღიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პარლამენტში მაჟორიტართა ფრაქცია არსებობდა, რომელიც თითქოს დამოუკიდებელი იყო, მაგრამ სინამდვილეში, ხელისუფლებას ემორჩილებოდა.

გარდა ამისა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაჟორიტარები უმეტესად ,,ფულოსნები”, მაშასადამე, ის ადამიანები ხდებოდნენ და ხდებიან, რომელთაც ქონება სხვადასხვა მაქინაციით დააგროვეს. ალბათ, ამიტომაც, მოსახლეობაში არსებობს შეხედულება, რომ მდიდრებს მაჟორიტარი დეპუტატობა საკუთარი ბიზნესის ლობირებისა და „კრიშობისთვის“ უნდათ.

ამ მოსაზრებას მთლად ულოგიკო არ ეთქმის. შეიძლება, ზოგს ხალხზე გული მართლაც შესტკივა, მაგრამ უბრალოდ გაუგებარია, ადამიანმა, რომელსაც წარმატებული ბიზნესი აქვს, დეპუტატობა რატომ უნდა მოისურვოს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა დეპუტატს, მართალია, რიგით მოსახლეზე ათჯერ მაღალი ხელფასი აქვს, მაგრამ თუნდაც 2000 ლარი ფუფუნებასმიჩვეულ გადეპუტატებულ ბიზნესმენს რესტორანში ერთი „ფართის“ მოსაწყობადაც არ ეყოფა?!

ჰოდა, ამიტომაც ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მაჟორიტარობა ჩვეულებრივი „სახურავია“. ეს სახურავი კი, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, „ოთუზბირი“ ღირს; ასევე, ბოროტი ენების თქმით, „ტიპს“ გამაჟორიტარება შესაძლოა, მილიონიც კი დაუჯდეს.
მოგეხსენებათ, ყველა ბიზნესმენის ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი ანუ „დელეცი“ ფულს ისე არაფერში დახარჯავს და დააბანდებს, თუკი შესაბამისი მოგების იმედი არ აქვს.
ესე იგი, რა გამოდის? რა და, „ტიპი“ მაჟორიტარობისკენ იმიტომ მიილტვის, რომ ქონება, მინიმუმ, გაიორმაგოს.

ეს „ფინანსური პოლიტიკა“ ნებისმიერი ხელისუფლებისთვისაც ხელსაყრელია, რამეთუ მაჟორიტარები, როგორც წესი, ყურებით ჰყავს ხოლმე დაჭერილი და იმ შემთხვევაში, როცა მაგალითად, პარლამენტში რომელიმე სახელისუფლებო ინიციატივას საფრთხე დაემუქრება, ექსბიზნესმენთა კასტა „ერთ მუშტად“ იკვრება და მმართველ გუნდს განსაცდელისგან იხსნის.

ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასეთი პრაქტიკა მოქმედებდა, თუმცა როგორც „ვერსიისთვის“ ხდება ცნობილი, მე-9 მოწვევის პარლამენტში რაღაცები გადათამაშდა, რაც ნიშნავს, რომ მაჟორიტარების ნაწილი მმართველი გუნდის „დაკრულზე ცეკვას“ აღარ აპირებს და, დიდი ალბათობით, ახალ ფრაქციასაც შექმნის, რომელიც უმრავლესობის იურისდიქციიდან გავა.

ამასთან, ცნობილია, რომ „ოცნებელთა“ ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ღიად აპროტესტებს. ასე, მაგალითად, ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუხრანში უმრავლესობის დახურული შეხვედრა გაიმართა, სადაც საარჩევნო სისტემაზე იმსჯელეს. ამაზე ცალკეულმა მედიასაშაულებებმა შემდეგი სახის „ნიუსი“ გაავრცელეს:

„პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი, ჟურნალისტებთან მუხრანში გამართულ შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ დებატები ყველაზე დიდხანს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში გაიზარდა იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც მხარს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას უჭერენ და მომხრენი არიან, ქვეყანა არ გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე.

„დღეს უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს უმრავლესობაში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, ვიდრე ჰყავს პროპორციულ სისტემას მომხრეები. მაჟორიტარების წილი უფრო დიდია, ვიდრე პროპორციულის მომხრეების“, _ განაცხადა კახა ოქრიაშვილმა
„არაერთხელ განმიცხადებია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ამ ეტაპზე არ იქნება სწორი, ამიტომ მხარს ვუჭერდი და ახლაც მხარს ვუჭერ, რომ დღეს არსებული შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემა შენარჩუნდეს. თავიდან აზრთა მოზიარე იყო არცთუ მცირე, მაგრამ დღეს ისინი უფრო მეტნი არიან“, _ ამბობს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამაც, რომელმაც თქვა, რომ გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი უსამართლოა. ნუკრი ქანთარიას აზრით, პარლამენტის თავმჯდომარის არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით სუსტია“.

როცა არჩევნების მაჟორიტარულ სისტემაზე, უფრო სწორად, მაჟორიტარებზე, როგორც ხელისუფლების ბეღელზე ვსაუბრობთ, გვინდა თუ არა, „ვარდების რევოლუცია“ გვახსენდება: მოგეხსენებათ, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების მთავარი მაპროვოცირებელი არჩევნების გაყალბება გახდა ანუ მაშინდელი ოპოზიცია _ ნაციონალები და ჟვანიას გუნდი, რომელსაც ბურჯანაძეც იყო მიკედლებული, ასევე არასამთავრობო სექტორის ნაწილი ქუჩაში იმ საბაბით გამოვიდა, რომ შევარდნაძის გარემოცვამ ხალხის ხმები მოიპარა.
დავუშვათ, მართლაც ასე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში რევოლუციონერები მოვიდნენ, ჰოი, საოცრებავ და, მხოლოდ პროპორციული არჩევნების შედეგები გააუქმეს, მაჟორიტარებს კი „მწვანე“ აუნთეს.

ეს ბევრისთვის გაუგებარი სვლა იყო, მაგრამ პოლიტიკაში ჩახედულები იმთავითვე ყველაფერს მიხვდნენ. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ კი ყველაფერი, როგორც იტყვიან, ხელისგულზე დადო _ ისინი, ვისაც მაჟორიტარობა ლამის პროფესიად ექცა, შევარდნაძის ნავიდან სრულიად გააზრებულად და ხმაშეწყობილად, სააკაშვილის ნავში აღმოჩნდნენ.

2012 წლის არჩევნების შემდეგაც ყველაფერი ძველი სცენარით მოხდა ანუ ერთ დროს შევარდნაძისტი მაჟორიტარები, რომლებიც მთელი 9 წელი „პოლიქრონიონს“ მიშას უმღეროდნენ, თვალსა და ხელსშუა „გაქოცდნენ“ და დღეს მართლმორწმუნე „ოცნებელები“ არიან, თუმცა თუკი ნახავენ, რომ პოლიტიკური ამინდი იცვლება, ცხადია, არ გაუჭირდებათ, „პლასტინკა“ ისევ „ამოატრიალონ“ და ფეხქვეშ მას გაეგონ, ვისაც „გახელისუფლების“ რეალური შანსი გაუჩნდება.

ამ აზრს ექსპერტი გია ხუხაშვილიც იზიარებს, რომელიც ამბობს: ,,ქართველი მაჟორიტარები არიან მიგრაციული დეპუტატები, კოჰორტა, რომლებიც პარტიიდან პარტიაში ბარგდებიან იმის მიხედვით, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. მათ უნდათ საკუთარი ადგილის შენარჩუნება მზის ქვეშ”.

სწორედ ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ალბათ, უპრიანი იქნება, არჩევნების მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს ან, მინიმუმ, კანონში ჩაიწეროს, ,,ფულოსანს” უფლება არ აქვს, კენჭი მაჟორიტარად იყაროსო.

ეს დეფინიცია შესაძლოა, დისკრიმინაციულად ჟღერს, მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორია ნათელყოფს, რომ მაჟორიტარების აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკას ისე უყურებს, როგორც მომგებიან ბიზნესს ანუ თავისი პატივცემული გვამის დეპუტატის სავარძელში ჩასვენება მხოლოდ საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის უნდა. ჰოდა, როცა საქმე ასეთ მნიშვნელოვან დეტალს – მის აღმატებულება პირად ინტერესებს ეხება, აბა, მითხარით, მშირემუცელა ხალხი და მისი ინტერესები რა მოსატანია?

აი, ასე: ყოველივე ზემოთქმულიდან, მგონი, აზრის გამოტანა არცთუ რთულია ანუ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ლაპარაკი პოლიტიკურ ძალებს მხოლოდ ხალხის გულისმოსაგებად სჭირდებათ, თორემ სინამდვილეში, ყველა დროისა და ყველა ყაიდის ხელისუფლებას მაჟორიტარები ისევე სჭირდება, როგორც თევზს წყალი.

არ გჯერათ? თქვენი ნებაა, მაგრამ ნათქვამია, აღდგომა და ხვალეო. ჰოდა, აგერ, 2020 წელიც მოვა და აბა, ვნახავთ, თუ მაჟორიტარობის კანდიდატები ისევ არ გვეყოლებიან!

Comments are closed