globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 17th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The National Interest» (აშშ): საქართველოს მისწრაფება და სურვილი: იცხოვროს რუსეთთან და არა რუსეთში

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): დავა ყოველი მეტრი მიწისათვის: საქართველო „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ გადმოწევას აპროტესტებს

«Fronda» (პოლონეთი): ინტერვიუ პოლიტოლოგ ანჯეი ლომანოვსკისთან: „ახლა რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყოს, რუსებს სროლას აუტეხდა და ომს დაუწყებდა“

«Каспiй» (აზერბაიჯანი): მოკბეჩის მეთოდით // საქართველო რუსეთისათვის „თავზე ხელწამოსარტყმელ ბიჭად“ რჩება

————————

«The National Interest» (აშშ), 17 ივლისი, 2015 წელი

http://nationalinterest.org/feature/georgias-aspiration-living-not-russia-13353

საქართველოს მისწრაფება და სურვილი: იცხოვროს რუსეთთან და არა რუსეთში

ამერიკულ ჟურნალ «The National Interest»-ში გამოქვეყნებულია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის სტატია, რომელიშიც განხილულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პრობლემატიკა, დასავლეთთან ინტეგრაციის ფონზე.

გთავაზობთ შემოკლებით (თავისუფალი თარგმანი):

„საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე საუბრისას ხშირად იყენებენ „პლანეტარული“ მნიშვნელობის ტერმინებს – მაგალითად, ისმის განცხადებები, რომ საქართველო შეიძლება “რუსეთის ორბიტაზე” გავიდეს (როგორც კოსმოსური თანამგზავრი)… ან ვთქვათ, საქართველო დასავლურ ტრაექტორიას მიჰყვება (როგორც კომეტა), საქართველო მოსკოვის კურსს ეჯახება (როგორც მეტეორი) და ასე შემდეგ. ამას წინათ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში გამოხატული იყო შიში, რომ საქართველო რუსეთის ორბიტას უახლოვდებაო. ამ კოსმოსური ტერმინებით საუბრის ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება და მისი ყველა სტრუქტურა ენთუზიაზმით აცხადებს, რომ დასავლეთის ერთგულნი არიან და ერთი ამოსუნთქვით გმობენ რუსეთის პოლიტიკას.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ამას წინათ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით ირკვევა, რომ ქართველების 26% უპირატესობას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს აძლევენ, ვიდრე ევროკავშირს. გამოკითხვის შედეგები საზღვარგარეთ არასწორი, მცდარი მცდარი კუთხით გაშუქდა. ამ კონტექსტში დაიწყეს ტერმინ „რუსული ორბიტის“ ინტერპრეტაციული გამოყენება. საქართველო ციური სხეული არ არის. სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ჰყავს ისეთი მეზობლები, რომელთა ინტერესების გამო ზოგჯერ გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო ურთიერთობების თავისებურებათა გათვალისწინება აუცილებელი ხდება. ათასობით ქართული ოჯახი ღებულობს ფულად გადმორიცხვებს რუსეთიდან, ათასობით ქართველს აქვს სავაჭრო კავშირები რუსეთთან. რამდენიმე თაობის განმავლობაში ქართული ელიტისათვის ტელეფონით დარეკვისას, „სალამის“ წარმოთქმის შემდეგ, ტრადიციული სალაპარაკო თემა ის იყო, თუ რამდენჯერ როგორი კარგი დრო გაატარა მოსკოვში…

ახლახანს, მაისის თვეში განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპულმა ბანკმა გამოაქვეყნა 2015 წლის პროგნოზები საქართველოს, უკრაინისა და მოლოდოვასათვის. ამ  ქვეყნებზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს ის ეკონომიკური სიძნელეები, რომელსაც რუსეთის განიცდის – დაახლოებით ისე ხდება, როგორც ფინეთის ეკონომიკას მოუვიდა 1990-იან წლებში, როცა რუსეთი კრიზისმა მოიცვა. საქართველოსთვის ადრე დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა, ახალი საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, თითქმის ორჯერ შემცირდა, ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე წელს მხოლოდ 2,3%-ით მოიმატებს. ეს, ცხადია, უფრო უკეთესია, ვიდრე მოლდოვას საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც, როგორც ჩანს, მხოლოდ 2% იქნება. აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე, მისი გასამხედროებული ეკონომიკის გამო. ასეთი პროგნოზი საქართველოსთვის იმას ნიშნავს, რომ საქართველო და ქართული საზოგადოება სულ უფრო შორდება „პოსტსაბჭოთა“ ფარგლებს.

ისტორიული წინამძღვრების გათვალისწინებით, უბრალოდ, არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველოს დასავლური არჩევანი ანტირუსული მოვლენაა. საქართველო პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ 1994 წლის მარტში შეუერთდა, რუსეთი კი 1994 წლის ივნისში. რუსეთმა ევროკავშირთან პარტნიორობის შეთანხმებას ხელი 1996 წელს მოაწერა, საქართველომ კი ბევრად უფრო ადრე – 1994 წელს. საბოლოო ჯამში, საქართველო ყოველთვის წინ უსწრებდა რუსეთს პოსტკომუნისტური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ თვითონ მოსკოვი ხდიდა იძულებულს თბილისს დასავლეთისათვის მიეპყრო მზერა: სააკაშვილის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა, ცდილობდა რუსეთთან საერთო ენა გამოენახა. „ქართული ოცნების“ მთავრობას, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, ასევე იმედი ჰქონდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებდა. როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს 2009 წელს „გადატვირთვის“ სიმბოლური ღილაკი გადასცა, ბევრ ჩვენთაგანს სურდა ამ ურთიერთობის ხიდი გამხდარიყო და არა გზაზე ბარიერის როლი შეესრულებინა.

დღემდე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უარი არ უთქვამს 1997 წელს ხელმოწერილ „ნატო -რუსეთის“ საბაზო შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, მხარეებს ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მუდმივი სამხედრო ბაზების არსებობა ეკრძალებათ. მიუხედავად იმისა, რომ იყო სიტუაციები, როცა შეიძლებოდა რეგიონში დასავლეთის მნიშვნელოვანი ძალები განლაგებულიყო, ნატო მაინც თავის ვალდებულების ერთგული რჩებოდა. ნატოს წევრები მზად იყვნენ ყურად ეღოთ რუსეთის წუხილი და შეშფოთება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, განსაკუთრებით იმ რეგიონში, რომელსაც კრემლი „ახლო საზღვარგარეთად“ მიიჩნევს.

სხვათა შორის, ამ ტერმინს („ახლო საზღვარგარეთი“), რომელიც [დიპლომატიურ ხმარებაში] პირველმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმა შემოიტანა,  თავდაპირველად კეთილი თვისება ჰქონდა, მაგრამ უკვე 1993 წელს მე ჩეხეთის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის მრჩეველმა გამაფრთხილა და მითხრა, რომ როგორც კი თქვენ თავს „ახლო საზღვაგარეთად“ აღიარებთ, შეიძლება დადგეს დღე, რომ თქვენ არ იქნებით არც „საშუალო“ და აღარც „შორეული საზღვარგარეთიო“.

ალბათ, ეს დღე დადგა – [რუსეთი] საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა და მათი ტერიტორიები დაიპყრო. ჩერნოგორია, მართალია, სულ მალე ნატოში წევრად მიღებას ელოდება, მაგრამ, როგორც „უოლ სთრით ჯორნელში“ გამოქვეყნებული სტატია მოწმობს, რუსეთი მისი გაწევრიანების შემაკავებელი ფაქტორია. უფრო მეტიც – შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიც კი, ისეთები, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი, მუდმივად აფიქსირებენ თავიანთი საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევის ფაქტებს რუსეთის მიერ და თვლიან, რომ მეზობლის აგრესიისაგან მათ ნეიტრალიტეტი ვერ დაიცავს. ბალტიისპირეთის ქვეყნებიც შიშობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ნატოს წესდების (ხელშეკრულების) მე-5 მუხლის სიმტკიცე პრაქტიკაში გამოსცადოს.

მოსკოვური „ახლო-საშუალო-შორეული საზღვარგარეთის“ კონცეფციის აჩრდილი ნატოს თითქმის ყოველ სამიტზე ჩანს. შემდეგი უმაღლესი დონის შეხვედრა 2016 წელს ვარშავაში უნდა ჩატარდეს. უკვე აშკარაა, რომ ჩვენ დაშოშმინება-თავშეკავების არასტაბილური ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდეთ და ვიფიქროთ, წინ როგორი გზით ვიაროთ. შესაძლოა ნატოს წესდების მეხუთე მუხლს („უსაფრთხოების ქოლგას“) ხელახალი გააზრება დაჭირდეს. პრობლემა თვით პრინციპში კი არაა, არამედ იმაში, თუ რამდენად ეფექტურად განხორციელდება ეს პრინციპი. საქართველო არასოდეს ისურვებს რუსეთის გამოწვევას ან მის პროვოცირებას. შეიძლება ზოგიერთისათვის ანტირუსული ხმამაღალი გამონათქვამები სასურველი და კარგი პოლიტიკაა, მაგრამ ეს საქართველოსთვის ცუდ და საფრთხისშემცველ პოლიტიკას წარმოადგენს. ჩვენ რუსეთთან ახლოს ვართ, მაგრამ არა მის შემადგენლობაში. ჩვენ გვინდა რუსეთთან ერთად ვიცხოვროთ და არა რუსეთში.

———

თედო ჯაფარიძე არის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს იგი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, საქართველოს ელჩი აშშ-ში და პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამასთან, შესაძლოა მის მიერ გამოხატული პოზიცია საქართველოს მთავრობის პოზიციას არ შეესაბამებოდეს.

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 17 ივლისი, 2015 წელი

http://www.nzz.ch/international/europa/zwist-um-jeden-meter-erde-1.18581172

დავა ყოველი მეტრი მიწისათვის: საქართველო „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ გადმოწევას აპროტესტებს

„საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს (რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ სეპარატისტული რეგიონს) შორის დაპირისპირება ისევ გამწვავდა მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს „რუსულმა ძალამ“ სოფელ წითელუბანთან და ორჭოსანთან ყოფილი ადმინისტრაციული საზღვარი გადმოწია და „სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი დადგა“, – ნათქვამია შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი დენიელ ვეხლინი).

პუბლიკაცია ფართოდ ასახავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რეაგირებას აღნიშნულ ფაქტზე, ციტირებულია პოლიტიკოსთა განცხადებები და კომენტარები.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამხრეთ ოსეთი იურიდიულდ საქართველოს ნაწილია, მისი ერთ-ერთი რეგიონია, თუმცა რეალურად ცხინვალი თბილისი კონტროლიდან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცალმხრივად გამოვიდა. რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამარცხების შემდეგ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი და მასთან ერთად კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი – აფხაზეთი დამოუკიდებლად აღიარა. იმ დროიდან კრემლი თავის სამხედრო ყოფნას სამხრეთ ოსეთში, 3900 კვ.კმ-ის ფართობის მქონე ტერიტორიაზე დღითი-დღე აძლიერებს. მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობისაგან გამოხატული პროტესტისა, მაისის თვის შუახანებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ძალისხმევით სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიცირება მაინც განხორციელდა. ამ დოკუმენტის ტანახმად, სამხრეთ ოსეთი იურიდიულად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მარტალია, არ შედის, მაგრამ პრაქტიკულად უკვე მისი ნაწილი ხდება: სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს რუსეთის მოქალაქის პასპორტები აქვს, გაერთიანდნენ ორივე მხარის ძალოვანი სტრუქტურები, სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტი თითქმის მთლიანად რუსეთისაგან ფინანსდება…

დღეს რუსეთს სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული სომხეთში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. ცხინვალთან ახლოს დისლოცირებულ სამხედრო ბაზაში 3500 რუსი სამხედრო მოსამსახურეა. სამხრეთ ოსეთმა ყოფილი ადმინისტრაციული საზღვარი სახელმწიფო საზღვარად გადააქცია და მისი დელიმიტაცია-დემარკაცია დაიწყო, რის სედეგადაც ბევრი ქართული სოფელი შუაზე გაიყო, მოსახლეობა თავიანთ კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს დააშორა, გართულდა გადააადგილებაც. ევროკავშირის დამკვირვებელტა მისია მოწოდებულია სადემარკაციო ხაზის მდგომარეობა აკონტროლოს, მაგრამ მას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ამ „საზღვრის“ გადაადგილებას საქართველოს სიღრმეში. ამ დრეებში სწორედ ამგვარი მეთოდით ოსმა მესაზღვრეებმა „საზღვარი“ 300 მეტრით წინ გადმოსწიეს, რითაც საფრთხე შეექმნა საერტაშორისო ნავთობსადენს და ტრანსკავკასიურ ავტონაგისტრალს.

როგორც ჩანს, „ახალი საზღვარი“ დაცული და გამაგრებული არ იყო, რადგან ქართველმა აქტივისტებმა იოლად მოაძრეს ერთ-ერთი ნიშნული და გადააგდეს. ქართული მხარის საპროტესტო აქციას რუსეთმა მშვიდად უპასუხა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ თბილისმა თავისი პროტესტი რუსეთისკენ კი არა, სამხრეთ ოსეთისაკენ უნდა მიმართოსო. ეს ცინიკური განცხადებაა: რუსეთს არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს, მაგრამ რეალურად სულ სხვაგვარად მოქმედებს.

«Fronda» (პოლონეთი), 16 ივლისი, 2015 წელი

http://www.fronda.pl/a/andrzej-lomanowski-dla-frondapl-saakaszwili-juz-by-strzelal,54093.html

ინტერვიუ პოლიტოლოგ ანჯეი ლომანოვსკისთან: „ახლა რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყოს, რუსებს სროლას აუტეხდა და ომს დაუწყებდა“

პოლონურ გამოცემა „ფრონდა“-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ სოვეტოლოგთან და პუბლიცისტთან ანჯეი ლომანოვსკისთან, რომელშიც იგი საქართველოში, შიდა ქართლში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საზღვართან“ დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს (ესაუბრება ჟურნალისტი პაველ ხმელევსკი).

შეკითხვაზე, „რუსებმა საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადასწიეს და ზედმეტად დაახლოებით კილომეტრნახევარი ტერიტორია დაიკავეს, სადაც ბაქო-სუფსას ნავთობსადენი გადის. მისი მეშვეობით ნავთობი ევროპას მიეწოდება. რატომ გადადგა მოსკოვმა ასეთი ნაბიჯი“, ანჯეი ლომანოვსკი პასუხობს:

„საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები რუსეთს ყოველთვის თვალში ეჩხირებოდა. ისინი ხომ ერთაერთი სატრანზიტო კომუნიკაციებია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლებსაც რუსეთი ვერ აკონტროლებს. მილებით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, კასპიის ნავთობით თურქეთი და ევროპა მარაგდება. ეს ეხება აზერბაიჯანსაც და ნაწქილობრივ თურქმენეთსაც. ამ მილსადენებით ცენტრალური აზიაც გამოდის რუსეთის კონტროლიდან: უკვე შეიძლება მოსკოვს არ დაელაპარაკო, არ იყო დამოკიდებული რუსულ „გაზპრომ“-ზე ან „როსნეფტ“-ზე, ნორმალური კონტრაქტი გააფორმო ევროპულ კომპანიებთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და გაზ-ნავთობი დასავლეთში მშვიდად გაიტანო. საერთოდ, მას შემდეგ, რაც ეს მილსადენები გაჩნდა, რუსები მთელი ძალისხმევით ცდილობენ მათ განადგურებასა და მწყობრიდან გამოყვანას. ეს კომუნიკაციები ხომ დასავლური ინვესტიციებით იქნა გაყვანილი. გარდა ამისა, მათი წყალობით საქართველოს თავის დამოუკიდებლობას ინარჩუნებს, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საერთაშორისო კომუნიკაციები საქართველოს სუვერენიტეტის გარანტორების როლს ასრულებენ. 2008 წელს, როცა პირველი ცნობები გავრცელდა რუსების მიერ ამ მილსადენების დაბომბვის თაობაზე, მოსკოვმა ისინი უარყო. საინტერესოა, რომ მოსკოვის განცხადებას უცნაურად დაემთხვა თურქეთში, ქურთების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქების თაობაზე. საერთოდ, ქურთები თითქნმის ნახევარი საუკუნეა რუსეთთან თანამშრომლობენ და იქიდან ფულს ღებულობენ.

ეს იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ ახდენს მილსადენები რუსეთის მობილიზებას: კავკასიური მილსადენები ხომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსების მონოპოლიას ხელს უშლის და კრემლს მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევს. ამიტომაც რუსები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მილსადენები ან გააკონტროლონ, ან მათ ზიანი მიაყენონ.

მართალი რომ გითხრათ, მე არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს რუსებმა მაინცდამაინც დღეს ამ ნაბიჯის გადადგმა. როგორც ზბიგნევ ბჟეზინსკი ამბობს, რუსები მთელ მსოფლიოს ჭადრაკის სათამაშო დაფად იყენებენ. შესაძლოა, ისინი თავისებურად პასუხობენ ამერიკა-ირანის შორის შეთანხმებას სანქციების მოხსნის თაობაზე. გასაგებია, რომ სანქციების მოხსნა ირანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გამოტანას ნიშნავს, რაც ნეგატიურად იმოქმედებს ფასზე, ამით კი რუსეთს შემოსავლები მოაკლდება.. შესაძლოა რუსები ამერიკელებს მიანიშნებენ, რომ თუ თქვენ ირანს უახლოვდებით, ჩვენ კავკასიაში გავძლიერდებით. ეს ყოფილი „კა-გე-ბე“-ს ყოფილი ოფიცრების კლასიკური ვაჭრობაა.

- მაგრამ ვლადიმირ პუტინმა ხომ კმაყოფილება გამოხატა ირანის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის გამო? რუსეთის პოზიცია ბარაკ ობამამაც მოიწონა…

- ვლადიმირ პუტინს შეუძლია კმაყოფილი სახე მიიღოს, მაგრამ შეხედეთ, გუშინ როგორც კი ბირჟების მუშაობა დაიწყო, რუბლის კურსი დაბლა პიკირებით ეცემა. რუსეთის პრეზიდენტმა თავისი კმაყოფილება ტელეკამერების წინ გამოხატა, გაიღიმა, შემდეგ კი, კამერებს რომ მოშორდა, სიბრაზისაგან კბილები გააკრაჭუნა.

- საქართველოს ტერიტორიის დაკავება დასავლეთის როგორ რეაქციას გამოიწვევს?

- მე არ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ხისტ ოფიციალურ რეაქციას გამოხატავს. აღშფოთება-შეშფოთება მხოლოდ „ხალიჩის ქვეშ“ – როგორც უინსტონ ჩერჩილი ამბობდა ხოლმე. თუ ვინმე მარცხდება, „ხალიჩის ქვეშიდან“ გვამი გადმოვარდება. ალბათ, უკვე განხორციელდა სატელეფონო ზარები,  მოწოდებები მოლაპარაკებებისაკენ და ასე შემდეგ. ისე, მიხეილ სააკაშვილი რომ ახლა საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო, სიტუაცია სულ სხვანაირი იქნებოდა…

- მაინც როგორი?

- ვფიქრობ, ქართული არმია უკვე სროლას დაიწყებდა და რუსებთან ბრძოლაში ჩაებმებოდა. მიხეილ სააკაშვილი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მოსკოველი იმპერიალისტები უკან მხოლოდ ძალის წინაშე დაიხევენ.

- მაგრამ დღეს სულ სხვაგვარი რეაქციაა. რატომ?

- სხვადასხვა საშინაოპოლიტიკური მიზეზის გამო. საქართველოს ხელისუფლებაში ამჟამად ისეთი პოლიტიკური ძალები არიან, რომელთა განცხადებები ძალიან ჰგავს ჩვენებური ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს: „რუსეთთან დაპირისპირება არ ღირს, რუსეთი დიდია, ჩვენ მასთან ვვაჭრობთ და თუ გვინდა ყველაფერი კარგად იყოს, მოდით ისევ ვაშლი ვყიდოთ“. ანუ საქართველოსთვისაც ახლა უფრო კარგი რუსეთთან ღვინითა და ყველით ვაჭრობაა. რა უნდა ქნა, არის ასეთი მიდგომებიც… მიხეილ სააკაშვილმა თავისი რეფორმების ბაზად ახალგაზრდა ინგლისურენოვანი ქართველები გამოიყენა, მაგრამ ქართველთა უმრავლესობა საშუალო ასაკის რუსულენოვანი ადამიანები არიან. დღეს გადამწყვეტი ხმა სწორედ ამ ადამიანებს აქვთ.

- ის, რომ რუსეთმა, ქართველთა ზომიერი შემრიგებლური პოლიტიკის მიუხედავად, თავის მეზობელ საქართველოს უცერემონიოდ წაგლიჯა მოზრდილი მიწის ნაჭერი, უნდა იყოს გაკვეთილი პოლონეთისთვისაც, ხომ?

- გაკვეთილის ჩატარება საჭირო აღარ არის, ეს ხომ ჩვენ ისედაც ვიცით (იცინის)…

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 16 ივლისი, 2015 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=28952

მოკბეჩის მეთოდით

საქართველო რუსეთისათვის „თავზე ხელწამოსარტყმელ ბიჭად“ რჩება

აზერბაიჯანის ყოველკვირეულ გაზეთ „კასპიი“-ში გამოქვეყნებული სტატიაში საუბარია საქართველოს შიდა ქართლში, სოფელ ორჭოსანთან მომხდარ ცნობილ ინციდენტზე: სეპარატისტული „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა ე.წ. „საზღვარი“ გადმოსწიეს და მისი აღმნიშვნელი ბანერი დადგეს. საფრთხე დაემუქრა ამ ადგილზე არსებულ ბაქო-სუფსას ნავთობსადენს. როგორც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, გამორიცხული არ არის, რომ მილსადენის 1500 მეტრიანი მონაკვეთი სხვა ადგილზე ინეს გადატანილი. ამასთან დაკავშირებით გაზეთის ჟურნალისტმა რომან ტემნიკოვმა კომენტარები სთხოვა ქართველ ექსპერტ-პოლიტოლოგებს ჯუმბერ კირვალიძეს და თენგიზ აბლოთიას.

ჯუმბერ კირვალიძის თქმით, „2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს რეგიონების – სეპარატისტული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებელობა აღიარა, ფაქტიურად კი მათი ოკუპირება მოახდინა. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ყოფილ ადმინისტრაციულ საზღვარზე კი რუსი მესაზღვრეები დადგნენ. ქართული მხარისაგან სადემარკაციო ხაზის გასწვრივ პოლიციელთა პოსტებია შექმნილი და სიტუაციას ევროპელი დამკვირვებლები აკონტროლებენ. თბილისი ამ გამყოფ ხაზზე თავის მესაზღვრეებს სპეციალურად არ აყენებს, რადგანაც, ბუნებრივია, მას არ სურს, რომ ეს ხაზი საზღვრად იქნეს მიჩნეული“. ჯუმბერ კირვალიძე მომხდარ პროვოკაციებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილს უკავშირებს, რომელიც რუსეთისათვის მიუღებელია.

ჯუმბერ კირვალიძე ეხება ნავთობსადენის უსაფრთხოების საკითხსაც და ამბობს, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძემ იჩქარა, როცა თქვა, რომ შეიძლება ნავთობსადენის მონაკვეთი სხვა ადგილზე იქნეს გადატანილი: „რასაკვირველია, იგი გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ იმავდროულად გამოუცდელი პოლიტიკოსია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებს, თავისი მეგობარ-პარტნიორების დახმარებით. საერთოდ კი, საქართველო დაზღვეული არაა, რომ მსგავსი ინციდენტი არ განმეორდება. აუცილებელია რუსეთთან მსხვილმასშტაბიანი მოლაპარაკება აშშ-ისა და ევროკავშირის მონაწილეობით. თუ საქართველო მარტოდმარტო დარჩება რუსეთთან, მაშინ ყველაფერი შეიძლება განმეორდეს და საქართველო რუსეთისათვის „თავზე ხელწამოსარტყმელ ბიჭად“ დარჩეს“.

თენგიზ აბლოთიას თქმით, რუსეთს საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად ეკონომიკური ბერკეტები არარ აქვს და ახლა ასეთი მეთოდებით ცდილობს ტერიტორიების მიტაცებას. „მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა უკვე, რომ საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ დაუბრუნებს. ახლა კი გვეუბნება, თუ არ შემოხვალთ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, ტერიტორიებს კიდევ წაგართმევთო… გვინდა ნავთობსადენს წავირებთ, მოგვინდება – ცენტრალურ საავტომობილი ტრასაზე გავალთ და ვიტყვით, რომ აი, აქ სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვარი გადისო. რაც სეეხება კახა კალაზის ინიციატივას, მილსადენის ახალ ადგილზე გაყვანა სიტუაციას არ შეცვლის. ჰო, ვთქვათ მილი ერთი კილომეტრის მოშორებით ჩავდეთ მიწაში, ეს რა გამოსავალია? კიდევ გადმოსწევენ საზღვარს, ან სულაც ააფეთქებენ, ჩვენს სარემონტო ბრიგადას კი არ შეუშვებენ, რადგან იტყვიან, ეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არისო. მოკლედ, ამ ეტაპზე საქართველოს მხარეს კონკრეტულად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ალბათ, ამ მცოცავი აგრესიის შეჩერება რაღაც სერიოზული დათმობის საფუძველზე უნდა მოხდეს, მაგრამ როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, ეს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას არ გულისხმობს. რუსეთს უფრო რეგიონული პროექტებზე დომინირება აინტერესებს.

საქართველომ შექმნილ ვითარებაში დახმარება საერთაშორისო თანამგობრობას უნდა სთხოვოს, თუმცა ეფექტი ნაკლებმოსალოდნელია. ჩვენს ხელისუფლება რომ იმპოტენტი არ იყოს, მაშინ შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა, ბანერების აფეთქება, მავთულხლართების აღება… რუსეთი ამის გამო ომს არ დაიწყებს, რადგან მას უკრაინის პრობლემა აქვს, მაგრამ ამისათვის  ჩვენი ხელისუფლება მზად არ არის, მათ თავში მხოლოდ ღვინო და ვაშლი უტრიალებთ“.

Comments are closed