globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 17 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 17th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ლინკოლნ მიტჩელთან: „რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია!“ // „საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს ის, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გაყინული კონფლიქტი ოკუპაციად აქცია. ძალიან რთული სიტუაციაა და სივრცე მოლაპარაკებებისთვის დიდი არ არის“

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მარიუშ მაშკევიჩთან: „არც ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს“ // „მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. ურყევად ვემხრობით საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას”

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა“ // „საქართველო რუსეთთან ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია. ამ ომის იარაღი სწორედ საინფორმაციო ომია, ასევე ქაოსის ელემენტების შეტანა ქვეყნის ცხოვრებაში და უმართაობის განცდის გაჩენა“

——

ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „კახა კალაძე პირველკაცობისთვის იბრძვის“

ახალი თაობა: ინტერვიუ დიმიტრი ბიძინაშვილთან: „ოთარ აბესაძის დაჭერით გააფრთხილეს ყველა, ვისაც საარჩევნო სიაში მოხვედრა უნდა” // „ოთარ აბესაძეს თბილისის საკრებულოში მოხვედრა 2014 წელსაც სურდა“

——

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დიმიტრი ქუმსიშვილთან: „2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება“ // „ჩვენი უპირველესი საზრუნავია ის, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშებზე“

——————-

კვირის პალიტრა“, 17 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ლინკოლნ მიტჩელთან: „რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია!“ // „საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს ის, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გაყინული კონფლიქტი ოკუპაციად აქცია. ძალიან რთული სიტუაციაა და სივრცე მოლაპარაკებებისთვის დიდი არ არის

კახა დგებუაძე

აშშ-საქართველოს ურთიერთობა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, საკონსტიტუციო რეფორმა, ადგილობრივი­ არჩევნები, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა­ ივანიშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში… ამ თემებზე “კვირის პალიტრას” ესაუბრება ამერიკელი ანალიტიკოსი ევრაზიის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი.

- თქვენ აკვირდებით საქართველოში­ მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, ყველაზე აქტუალური საკითხი საკონსტიტუციო რეფორმაა, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის უთანხმოების მიზეზი გახდა. როგორ შეაფასებთ სიტუაციას?

- თუ ამ საკითხს ამერიკიდან შევხე­დ­ავთ, ჩვენთან კონსტიტუცია­ თითქმის წმინდა დოკუმენტია, როგორც­ ბიბლია, თქვენს პროექტში კი არის ცვლილებები,­ რომლებიც არ მომწონს. მაგალითად: ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის კავშირის განსაზღვრა, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა…

- თუმცა, ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო მმართველობაა, პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ

- განსხვავება­ ის არის, რომ საქართ­ველოში­ ერთი პარტიაა დომინანტი, ამჟა­მინდელი­ პრეზიდენტი კი მთავრობის შემაკავებელ ძალად იქცა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით იკვეთება პირადი დამოკიდებულება პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი… ამიტომაც არის ეს

საკითხი შემაშფოთებელი. საჭიროა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, საყოველთაო არჩევნების გზით. ინგლისურენოვანი მედია წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯი, თუმცა მე ამ აზრს არ ვიზიარებ. “ქართულ ოცნებას” თუ სურდა, საქა­რთველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ ექცია, აქამდეც მოახერხებდა. საამისოდ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობა და დიდი რესურსი.

- უთანხმოების მიზეზი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების გადადებაც­ გახდა. ოპოზიცია ამბობს, რომქართულ ოცნებასმომავალ არჩევნებზე მანდატების დაკარგვა არ სურს და ამიტომაც აყოვნებს პროცესს...

- რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკაა. როდესაც ვენეციის კომისიის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, ეს არ უნდა ხდებოდეს…

- ითქვა, რომ კონსტიტუციის პროექტი უნდა მიიღონ ფართო კონსენსუსის შედეგად. მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკონსტიტუციო რეფორმების ინიცირებისას ეს საკითხი რეფერენდუმზე გაიტანა. თქვენი აზრით, რატომ არ მოიქცა ასექართული ოცნება“?

- მინდა, დავუბრუნდე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. “ქართულ ოცნე­ბას” არ გაუმარჯვია 75%-ით და მეტით,­ მაგრამ სხვა პარტიებს არ ჰქონდათ ისეთი მხარდაჭერა­, როგორიც “ქართულ ოცნებას”, ეს კი ნიშნავს, რომ მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ჭირს – ოპოზიციურმა პარტიებმა იციან, რომ შეწინააღმდეგებით პოლიტიკურ ქულებს დაიწერენ.

- დღე არ გავა, რუსეთმა საოკ­უპაციო ზოლი არ გადმოსწიოს. მიუხედავად­ იმისა, რომ ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან საუბრისას ამ საკითხს ყოველთვის განიხილავს, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. თქვენი აზრით, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?

- მე შემიძლია გითხრათ, რა არ უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ – არ უნდა გამოიწვიოს რუსეთი და მას ომის დაწყებისკენ არ უნდა უბიძგოს, არ უნდა გაიმეოროს ის, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გაყინული კონფლიქტი ოკუპაციად აქცია. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვთ. ძალიან რთული სიტუაციაა და სივრცე მოლაპარაკებებისთვის დიდი არ არის. რუსეთი არასოდეს დათანხმდება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ხელისუფლებას მხოლოდ ერთი რამ შეუძლია – უფრო აქტიური კავშირი დაამყაროს აფხაზებსა და ოსებთან. ამ ხალხს საქართველოზე მხოლოდ ის ესმის, რაც მოსკოვს სურს, რომ გააგონოს.

- მაგრამ რუსეთი ხომ წინ მოიწევს და ხელისუფლება თუ მათ ქმედებას უპასუხოდ დატოვებს, ეს ხომ ხელისუფლების პოლიტიკურ მომავალზეც აისახება...

- შესაძლოა, მაგრამ რა შეუძლია საქართველოს – სამხ­ედრო ოპერაციით პასუხის გაცემა?!­ ყველაზე ცუდი ვარიანტი ომის დაწყებაა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმართვა კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. აფხაზები ამბობენ, რომ არ სურთ, იყვნენ რუსეთის ნაწილი, მაგრამ არც საქართველოსთან ყოფნა უნდათ. სანამ ეს სიტუაცია არ შეიცვლება, პრობლემა არ მოგვარდება.

- დონალდ ტრამპმა ვარშავაში განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები სირიაში, უკრაინასა და სხვა რეგიონებში, თუმცა, არ უხსენებია საქართველო. ამან საზოგადო­ებას გაუჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლება ოკუპაციის საკითხს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე სათანადო სიმწვავით არ აყენებს

- დღეს რუსეთთან დაკავშირებული დისკუსიები, ძირითადად, უკრაინას ეხება. ის უფრო მდიდარი და დიდი ქვეყანაა. ამასთან, ამერიკელი უკრაინელები პოლიტიკურად აქტიურები არიან…

- თვის ბოლოს საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი ეწვევა. მაისში­ კონგრესმა მიიღო და აშშ-ის პრეზიდ­ენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელშიც წერია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან?

- კონგრესი იძულებული იყო, საკანონმდებლო აქტი მიეღო, რადგან არც “რესპუბლიკელებმა”, არც “დემოკრატებმა” არ იცოდნენ, რას მოიმოქმედებდა ტრამპი. თეთრი სახლის ადმინისტრაციის მესიჯები ერთმნიშვნელოვანი არ არის, თუმცა, ადმინისტრაციაში არის ხალხი, ვინც სწორად აანალიზებს სიტუაციას, მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, გენერალი მეტისი, გენერალი მაკმასტერი. თუ თქვენ მაიკლ პენსს, ჰილარი კლინტონსა და ჯონ მაკკეინს ჰკითხავთ, რას ფიქრობენ საქართველოზე, მათი პასუხი ერთნაირი იქნება. ეს არის საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის მეინსთრიმული ხედვა, მაგრამ არსებობენ სხვებიც, ვისაც განსხვავებული ხედვა აქვთ, მაგალითად, სტივ ბენონი, ჯარედ კუშნერი…
გავიხსენოთ ტრამპის წინასაარჩევნო ნარატივი. ამბობდა, რომ რუსეთ­თან უკეთესი ურთიერთობა ექნებოდა. ის რუსეთს არასოდეს დაჰპირისპირებია. არავინ იცის, რა გავლენას მოახდენს რუსეთი ამერიკის პოლიტიკაზე. აშშ-ში პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი დგება და ეს საქართველოზეც აისახება.

- როგორც ვხედავთ, სანქციები რუსეთზე გავლენას ვერ ახდენს, ის თავის პოლიტიკას არ ცვლის

- თუ სანქციებს არ გამოვიყენებთ, გამოვა, რომ არაფერს ვაკეთებთ, ეს კი უარესია. სანქციების გაუქმება რუსეთის გამარჯვება იქნება. რუსეთის შესაკავებლად არცთუ ბევრი საშუალება არსებობს. რუსეთმა ეს იცის, იცოდა 2008 წელს და იცოდა 2014 წელსაც – ყირიმის ანექსიის დროს… მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია!

- 2008 წელი ახსენეთმაშინ დასავლეთმა­ რუსეთს საქართველოს ოკუპაციისთვისდიდი ფასიარ გადაახდევინა, პირიქით – 2009 წელს თეთრ სახლში მოსულმა ბარაქ ობამამ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყო, თუმცა განსხვავებული რეაქცია მოჰყვა ყირიმის ანექსიას. რით აიხსნება ეს? ნუთუ იმით, რომ საქართველო პატარა­ ქვეყანაა, უკრაინა კიდიდი?

- მიზეზი ნაწილობრივ ესეც არის, თუმცა, არის სხვა ფაქტორიც: 2008 წელს რუსეთმა საქართველოში სიტუაცია გაამწვავა, 2014 წელს ყირიმსა და შემდეგ დონბასში კი მდგომარეობა შეცვალა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ 2008 წელს ვაშინგტონში ბევრი იყო შეშფოთებული სააკაშვილის რადიკალური ქმედებებით.

- მინდა, გკითხოთ მიხეილ სააკაშვილზე…­ როგორ გავლენას ახდენს ისახლა უკვე უკრაინელი პოლიტიკოსიქართულ პოლიტიკაზე?

- სააკაშვილმა თავისი პარტიის მობილიზება მოახდინა ისეთი ნარატივის ირგვლივ, როგორიც არის რეჟიმის შეცვლა, რევოლუცია… ქართველმა ხალხმა­ კი თქვა: “გვეყო! საკმარისია!” მათ სააკაშვილს უარი უთხრეს. “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობით ვერ მოიგებდა არჩევნებს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჭკვიანური კამპანია რომ ჩაეტარებინა. მას უნდა ეთქვა სააკაშვილისთვის: “მიშა, დარჩი კიევში, ჩვენ კი ვისაუბრებთ საჭირბოროტო საკითხებზე”. ამ შემთხვევაში ისინი უკეთეს შედეგს მიიღებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად რეჟიმის შეცვლის მცდელობაში ჩაერთნენ.
სააკაშვილი საქართველოში რელევანტური აღარ არის. რაც შეეხება მის საქმიანობას უკრაინაში, ყველა დაიღალა მისი რიტორიკით: “შენ კორუფციონერი ხარ! შენ მოგიშორებთ!” ეს რიტორიკა უშედეგოა.

- მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა და, ალბათ, ახლაც ჰყავს მხარდამჭერები ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. არის თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტი დღესაც აქტუალური აშშ-ის ადმინისტრაციისთვის?

- არა მგონია. ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არიან “ქორები”, რომლებსაც მოსწონთ რუსეთთან დაკავშირებით მისი ნარატივი, თუმცა, ჩემი კოლეგები ანალიტიკურ ცენტრებსა თუ მთავრობაში სააკაშვილზე აღარ ლაპარაკობენ… როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მიშას უნდოდა, ყოფილიყო ის, ვისაც ახალი პრეზიდენტი საქართველოზე დაელაპარაკებოდა, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციაში ის აქტუალური არ არის. ჰილარი კლინტონი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, ეს უფრო შესაძლებელი იქნებოდა.

- ოპოზიცია მუდმივად საუბრობს არაფორმალურ მმართველობაზე, ზოგიერთი ქართველი ექსპერტი კი აცხადებს, რომქართული ოცნებადღესაც ისევ ივანიშვილის ავტორიტეტზე დგას. თქვენ რას ფიქრობთ?

- დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში გადასახლდა. შედეგად, შესაძლოა, მომავალ არჩევნებზე “ქართული ოცნება” ერთიან ძალად ვეღარ ვიხილოთ, მაგრამ ეს ცუდი არ იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის მტკიცებას, რომ ივანი­შვილი არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ასე შეიძლება იყო მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გახლდათ. ეს ჩემი ანალიზია და მტკიცებულება არ გამაჩნია. ჩემი აზრით, ივანიშვილს სურს, პოლიტიკურ პროცესებს საბოლოოდ ჩამოშორდეს.

კვირის პალიტრა“, 17 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ მარიუშ მაშკევიჩთან: „არც ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს“ // „მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. ურყევად ემხრობით საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას

ვაჟა თავბერიძე

დასავლეთში პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრა­ც­იის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მიიჩნევა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ვარშავასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან საქართველოზე და საერთოდ, როგორი ევროპა სურთ პოლონელებს, ამ და სხვა საკითხებზე პოლონეთის ელჩი საქართველოში ­მარიუშ მაშკევიჩი გვესაუბრება:

- საქართველო-პოლონეთის ურთიერთობით დავიწყოთ

- პირველი პოლონელი მოახალშენეები საქართველოში მე-18 საუკუნის ბოლოს ჩამოვიდნენ. პოლონეთში ქართველებს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ, დიდ იმპერიებს შორის მოქცეული ორი ერი საუკუნეების მანძილზე იბრძოდა გადარჩენისათვის, საკუთარი იდენტობების და ქრისტიანული ღირებულებების გადასარჩენად. ძალიან ბევრ მსგავსებას ვხედავთ ჩვენი ორი ერის ისტორიაში. როგორც საქართველოს, ასევე პოლონეთის ისტორია გამუდმებული ომების ისტორიაა. პოლონელები ამაყი ერი ვართ და ამასვე ვხედავთ ქართველებშიც, ამიტომ დიდ პატივს გცემთ. 25 წელია, მხარს ვუჭერთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას. ძალიან ვამაყობთ და ბედნიერი ვართ, რომ თბილისში არის ლეხ კაჩინსკის მემორიალი და მისი სახელობის ქუჩა.

- პრემიერმა ჟიდლომ განაცხადა, რომვარშავა ბრიუსელის გიჟურ ჩანაფიქრებში მონაწილეობას არ მიიღებს“. რაზე ვერ რიგდებით ბრიუსელთან და როგორია ვარშავისთვის მისაღები ევროპა?

- ურთიერთობა ბრიუსელსა და ჩვენ შორის მართლაც გამწვავებულია და ამის მთავარი მიზეზი ევროპული ინსტიტუციების იდეოლოგიაა. ჩვენ გვსურს ხალხის, ერების ევროპა და არა ევროკავშირის ევროპა. ჩვენ, პოლ­ონეთსა და უნგრეთს, გვსურს, ევროკავშირი იყოს პროექტი, რომელიც ახლოს იქნება ქრისტიანულ ღირებულებებთან.

- ფიქრობთ, რომ დღევანდელი ევროკავშირისთვის ქრისტიანული ღირებულებები არ არის მნიშვნელოვანი?

- ჩვენ, პოლონელებს, და გერმანელების დიდ ნაწილსაც, არ გვესმის, რატომ არ შეიძლება იყო კარგი ევროპელი და ამავე დროს, თქვა, რომ ქრისტიანობა და ქრისტიანული ღირებულებები ჩვენი ცხოვრების, კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია? რატომ არ უნდა გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებზეც ევროპის ქრისტიანული ისტორია დგას?

- თუ ამ შეკითხვას ევროპელ ლიბერალებს დაუსვამთ, სავარაუდოდ, გიპასუხებენ, რომ ლიბერალური და ქრისტიანული ღირებულებები ერთი და იგივეა

- მიუხედავად იმისა, თუ რას ამტკიცებენ ლიბერალები, ფაქტია, რომ ახალი ევროპა, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს, უფრო კოლექტივიზაციის პრინციპებს ეფუძნება, რაც ძალიან გვაფიქრებს. ასევე გვაფიქრებს ურთიერთდამოკიდებულების საკითხი ევროპულ ინსტიტუციებს შორის. არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს, ისევე როგორც არ მოგვწონდა, როდესაც მოსკოვი აკეთებდა იმავეს. არ გვსურს, თავს ვგრძნობდეთ გერმანიის ერთ-ერთ რეგიონად, რომელსაც ბერლინი გადაუწყვეტს, რა გააკეთოს და საით წავიდეს.

- უსაფრთხოების საკითხებზე გადავიდეთ. პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ახლახან მონტენეგრო ნატოს 29- წევრი გახდა. როგორ ფიქრობთ, რა გააკეთა ისეთი მონტენეგრომ ალიანსისთვის, რომ გაწევრება საქართველოზე ადრე დაიმსახურა?

- პრობლემა ის არის, რომ გადაწყვეტილებას ნატოს თითო­ეული წევრი ქვეყანა იღებს, კონსენსუსის მიღწევა კი პრობლემატურია. მაგრამ, ვფიქრობ, ისევე როგორც პოლონეთის შემთხვევაში 18 წლის წინ, საქართველოსთვის მაპ-ის და საბოლოო წევრობის გასაღები მაინც ვაშინგტონში ინახება.

- კიდევ ერთი თემა: საქართველოს მთავრობა გეგმავს ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას და ამის სანაცვლოდ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე ფოკუსირებას. რამდენიმე წლის წინ იგივე მოიმოქმედა პოლონეთმა.შეგიძლიათ ამ საკითხზე პოლონური ნოუ-ჰაუ გაგვიზიაროთ?

- ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელი იყო ჩვენი შიდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. რატომ? იმიტომ, რომ მეზობლად რუსეთი გვყავს. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა რუსეთის აგრესიის გამო საქართველოსა და უკრაინაში. ამიტომ აუცილებელია, საკუთარი თავის დაცვა შეგვეძლოს. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, ნატოს რეაქციას დიდხანს ველოდოთ. გამოთვლების მიხედვით­, რუსეთის სავარაუდო აგრესია, შესაძლოა, გაგრძელდეს 2-3 კვირა, ერთი თვეც კი, და ამ ხნის განმავლობაში მზად უნდა ვიყოთ, ჩვენვე დავიცვათ საკუთარი თავი. ამიტომ დავიწყეთ შიდატერიტორიული თავდაცვის სისტემების განვითარება.

- თუმცა, ზოგიერთი ქართველი ექსპერტი და პოლიტიკოსი საქართველოს ამის გამო აკრიტიკებს, აცხადებენ, რომ ესპრორუსულინაბიჯია და დასავლეთისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს

- საქართველოს მთავრობის შიდა პოლიტიკის შეფასება ჩემგან მართებული არ იქნება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩემი შეფასებით, თქვენი თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ გააძლიეროს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები.
კვირის პალიტრა“, 17 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა“ // „საქართველო რუსეთთან ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია. ამ ომის იარაღი სწორედ საინფორმაციო ომია, ასევე ქაოსის ელემენტების შეტანა ქვეყნის ცხოვრებაში და უმართაობის განცდის გაჩენა

ნათია დოლიძე

რუსეთის დესტრუქციული მოქმედებები საოკუპაციო ხაზთან გასულ კვირასაც გაგრძელდა. მცოცავი ოკუპაცია ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ რამდენჯერმე გააპროტესტეს როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა. ოკუპანტის მოქმედებები კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში სპეციალურად ჩასულმა აშშ-ის ელჩმა იან კელიმაც დაგმო. აღსანიშნავია, რომ ბანერი, რომელიც ოკუპანტებმა ამ სოფელში აღმართეს, 400-ოდე მეტრითაა დაშორებული ცენტრალური ავტომაგისტრალიდან და, პრაქტიკულად, ოკუპაციის ზოლში აქცევს სტრატეგიული მნიშვნელობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს.

“ამ ადგილს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან ძალიან ახლოს არის ქვეყნის ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენთან. როდესაც XXI საუკუნეში მეზობელი ასე უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აიმაღლებს ამის წინააღმდეგ. მიუღებელია ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივი შეცვლა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახებზე, ხალხზე, მათ თავისუფალ გადაადგილებაზე”, – განაცხადა იან კელიმ.

ისმის კითხვა, რატომ გააქტიურდა რუსეთი მაინცდამაინც ახლა და რა შეიძლება დაუპირისპიროს მის მოქმედებებს საქართველომ? – გვესაუბრება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე:

- თუ საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ბოლოდროინდელი გააქტიურების წინა პერიოდს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ რუსულ მედიაში დაიწყეს ამ ყველაფრისთვის, ფაქტობრივად, ფონის მომზადება. რუსი ექსპერტები ბოლო ხანს ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ისეთი დაძაბული, როგორიც დღეს არის, არ ყოფილა, რაც ძალიან მძიმე გზავნილია. ეს მაშინ, როდესაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ერიდებოდა ყოველგვარ პროვოკაციას და ცდილობდა, რუსეთთან ურთიერთობა მეტ-ნაკლებად მშვიდი ყოფილიყო. რუსი ექსპერტების თქმით, შექმნილი ვითარება არ მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლი დღესაც სამხედრო კონფლიქტს წამოიწყებს, ვინაიდან სამხედრო ძალით ორ ფრონტზეა ჩაბმული – უკრაინასა და სირიაში, თუმცა, მათივე დასკვნით, ეს საქართველოს დამშვიდების საშუალებას არ უნდა აძლევდეს და რომ რუსეთს საკმარისზე ბევრი ბერკეტი აქვს, რათა საქართველოს მწარედ აზღვევინოსო.

- რამ განაპირობა რუსეთის აგრესიის გაზრდა მაინცდამაინც დღეს?

- ამ ყველაფერს კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ტრამპის არჩევის შემდგომ რუსეთის რიტორიკის გამწვავება მოსალოდნელი იყო. ეს განსაკუთრებით აგრესიული გახდა ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა. ასეთი საინფორმაციო ფონი და აგრესიული განწყობა პუტინს სჭირდებოდა ტრამპთან შეხვედრის წინ, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ განხილულა. კრემლი დღეს, ფაქტობრივად, მოსწრებაზეა – ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ ჩამოაყალიბებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, კრემლს სურს, რაც შეიძლება გაიფართოოს გავლენის სფეროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რათა უკვე არსებული სტატუს-კვოდან ევაჭროს ტრამპს გავლენის სფეროების შესაძლო გადანაწილებაზე. ეს საქართველოს საკითხში რუსეთის დესტრუქციული მოქმედებების ერთი მიზეზია.

მეორე მიზეზია ის გააქტიურება, რაც ბოლო ხანს შეინიშნება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაში. იქნება ეს საქართველოს პრემიერისა თუ სხვა მაღალჩინოსნების ვიზიტები აშშ-ში, აშშ-ის ახალი ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი და ა.შ.
რუსეთის გაღიზიანების მესამე და უმთავრესი მიზეზია საქართველოს მზაობა, ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების ნატოსეულ სტრატეგიასა და კონცეფციაში. შეგახსენებთ, 2008 წლის მიუნხენის კონფერენციაზე პუტინმა დაუფარავად თქვა, რომ არ დაუშვებდა შავ ზღვაში ნატოს გავლენის გაძლიერებას, რასაც მოჰყვა რუსეთის აგრესია და 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელსაც დასავლეთმა უხერხემლოდ უპასუხა. შედეგად, რუსეთს უფრო გაეხსნა ხელ-ფეხი და გაბედა ყირიმის ანექსია. მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა დასავლეთი. ნატომაც დაინახა, რომ კარგავდა პოზიციებს შავ ზღვაზე – გაჩნდა რუსეთის ორი ახალი სამხედრო ბაზა: აფხაზეთსა და ყირიმში. ამის შემდეგ დაიწყო ნატომ ფიქრი შავ ზღვაზე ახალი სტრატეგიის შემუშავებისთვის და საქართველოს, როგორც ნატოს ერთ-ერთ აქტიურ პარტნიორსა და შავი ზღვის ქვეყანას, შესთავაზეს მასში მონაწილეობა. თავის მხრივ, ამ პროცესში ჩართვის სურვილი საქართველომაც გამოთქვა.

ეს განცხადებები გაკეთდა ჯერ კიდევ ამ წლის ზამთარში, რის შემდეგაც სულ ველოდი, რომ ამას რუსეთისგან მოჰყვებოდა ძალიან მძაფრი რეაქცია, რომელიც სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა. გარდა ამისა, თუ გახსოვთ, ზამთარშივე გაჩნდა ამერიკულ საიტებზე ინფორმაცია, რომ საქართველოში ნატოსა და დასავლეთის ქვეყნების აქტიური მონაწილეობით იგეგმება ახალი საწვრთნელი ცენტრის გახსნა, სადაც ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის მოამზადებენ და ეს იქნება შემცირებული, მაგრამ გერმანიაში ნატოს სამხედრო ბაზის ანალოგი. მოკლედ, ბევრი რამ დაგროვდა ისეთი, რაც რუსეთის აგრესიას იწვევს.

- რა შეიძლება გააკეთოს ასეთ ვითარებაში საქართველომ?

- უპირველესად მაქსიმალურად გამორიცხოს და აღკვეთოს რუსულ პროვოკაციებზე აყოლის ნებისმიერი შესაძლებლობა თუ შემთხვევა; მეორე – მოახერხოს ამ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების. მოკლე ხანში საქართველოში ველოდებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს. თუ გადავხედავთ აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტების ტრაექტორიას არჩევიდან დღემდე, ისინი არცთუ ისე ბევრ ქვეყანას ესტუმრნენ, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ინტერესი ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდგომ საქართველოს მიმართ არათუ შემცირდა, გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო რეგიონში რჩება ერთადერთ დემოკრატიულ სახელმწიფოდ და აშშ-ის სტაბილურ პარტნიორად. მით უფრო, თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს ღირებულება, როგორც პარტნიორისა, მნიშვნელოვნად იზრდება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში საქართველო, როგორც შესაძლო გარიგების საკითხი, არ განიხილება!

ამასთან, ძალიან ძლიერია საქართველოს ლობი კონგრესში, სადაც ჩვენი ქვეყნის მეგობართა ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ არ დაუთმობენ საქართველოს, რუსეთს. ასე რომ, საერთაშორისო ფონი, რუსეთის ასეთი აგრესიის მიუხედავად, საქართველოს სასარგებლოდაა. ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საკითხი კვლავ შევიდეს რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების დღის წესრიგში, ანუ უნდა მოვახერხოთ, რომ საქართველოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და რუსეთის ნებისმიერი სხვა პროვოკაცია პირდაპირ აღიქმებოდეს აშშ-ის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად.

მაშინ, როდესაც ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა უკვე ოფიციალურად გაისმა კონგრესში, ტრამპის ადმინისტრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ ფრონტზე არ დაუთმოს რუსეთს. ამიტომ­ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და საქართველოს თემა სწორედ ამ კონტექსტში აიყვანოს. ეს, შესაძლოა, ძნელია, ან ვიღაცამ იფიქროს, რომ ძალიან დიდ პოლიტიკას ვეთამაშებით, მაგრამ ეს შესაძლებელია და ზოგჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა.

- ამ კონტექსტიდან გამომდინარე, უსაფუძვლო სულაც არ ჩანს ვარაუდი, რომ ქართველთა მარში, რომელიც 14 ივლისს თბილისში გაიმართა, მისი ორგანიზატორები კი უფრო აგრესიული აქციებითაც იმუქრებიან, სწორედ რუსეთის ინტერესში იყოს...

- შესაძლებლობა, რომ საქართველო გადაიქცეს აღმოსავლეთის შვეიცარიად, ვფიქრობ, სრულიად რეალურია. აბსოლუტურად სხვანაირად მიდის დღეს მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები. არცთუ შორეულ მომავალში, შესაძლოა, აღმოსავლეთის დიდი ქვეყნების ინტერესში ისევე შევიდეს სტაბილური საქართველო, როგორც დღეს აშშ-ისა და დასავლეთის ინტერესებშია. ამგვარი პერსპექტივის რეალობად გადაქცევისკენ საქართველომ სვლა უკვე დაიწყო. დღეს სწორედ რუსეთის ინტერესში შედის ქვეყნისთვის ამ პერსპექტივის დაკარგვა. ის ვერ დაუწყებს აშკარად ბრძოლას, მაგალითად, ჩინეთისა თუ ირანის ინტერესებს საქართველოში, ყველას ხომ არ გადაიკიდებს, ამიტომ ყველანაირად შეეცდება, მონახოს სხვა გზები, რათა საქართველოდან ფეხი ამოაკვეთინოს როგორც ირანს, ასევე ჩინეთს, ინდოეთს და ა.შ. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. აქ ლაპარაკი არ არის შემთხვევითობასა და ალბათობაზე, ეს კარგად გათვლილი სტრატეგიაა.

რაც შეეხება მარშზე მისულ მოქალაქეებს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ იქ ყველა რუსეთის ინტერესების გამო იყო გამოსული და ყველა მოისყიდეს, მათ შორის ბევრი გულწრფელად შეწუხებული ადამიანია, რომელთაც აშფოთებს ქვეყნის დემოგრაფიული პერსპექტივა, ოჯახის სიწმინდე და ა.შ. მარშში მონაწილე ამ ადამიანების ღირებულებებსაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მეორე საკითხია, სადამდე შეიძლება მიიყვანოს საქართველო ამგვარმა დამოკიდებულებამ უცხოელებისადმი. იმისთვის, რომ საქართველო, ერთი მხრივ, ვაქციოთ ოაზისად უცხოური ინვესტიციებისთვის, მეორე მხრივ კი არაფერი დაემუქროს არც დემოგრაფიას, არც ტრადიციებს, არც ადგილობრივ სამუშაო ძალას და ა.შ., უნდა შეიქმნას შესაბამისი მექანიზმები, საემიგრაციო პოლიტიკა უნდა იყოს სათანადო და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საქმეა. აკრძალვა, საზღვრების ჩაკეტვა და თვით­ი­ზოლაცია არ შეიძლება, თუმცა, შესაძლოა, გარკვეული სავიზო შეზღუდვები დაწესდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რისკს შეიცავენ.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ძალიან ახლოსაა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან. საფრთხე ამ მიმართულებიდან იზრდება, მით უფრო ახლა, როდესაც სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” გავლენა დასასრულს უახლოვდება და ბევრი ჯიჰადისტი მებრძოლი საით აიღებს გეზს, არავინ იცის. ამიტომაც არის აუცილებელი მეტი სიფრთხილე საზღვრებზე. არაერთი ცივილიზებული ხერხი არსებობს იმ პრობლემების დასარეგულირებლად, რომლებიც მარშის მონაწილეებს აწუხებს.

მასობრივი აგრესია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სოციალურ ქსელებში აშკარად მართული საინფორმაციო კამპანიაა და ეს კეთდება სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების პერსპექტივები საფუძველშივე ჩაიკლას. ყველა ის მოქალაქე, რომლებიც მარშში მონაწილეობდნენ, უნდა დაფიქრდეს, რომ ძალაუნებურად არ გახდნენ ძალიან საშიში რუსული თამაშის მონაწილენი.
არ არის გამორიცხული ისიც, რომ საქართველოს დასჯისთვის რუსეთმა ისევ გამოიყენოს ეკონომიკური ბლოკადა, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების დაქსაქსვის ფონზე პროვოკაციები მოგვიწყოს.

მოკლედ, ძალიან ბევრი მიმართულებით მართებთ მეტად გააქტიურება და პრევენციული ზომების მიღება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს.  აშკარაა, რომ საქართველო რუსეთთან ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია. ამ ომის იარაღი სწორედ საინფორმაციო ომია, ასევე ქაოსის ელემენტების შეტანა ქვეყნის ცხოვრებაში და უმართაობის განცდის გაჩენა; პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის მოსყიდვის მცდელობა, ისევე, როგორც მედიის წარმომადგენლების… ამასთან, ძალიან ცუდად მენიშნა, რომ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თურმე დაცვაში კაზაკები დაეხმარებიან. ეს დამაფიქრებელი ინფორმაციაა. ჩნდება საფრთხე, რომ ამ კაზაკებმა, ისე როგორც ყირიმში, საქართველოშიც “მწვანე კაცუნების” ფუნქცია შეასრულონ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილი და მობილიზებული. ხელისუფლებას სჭირდება სათანადო საინფორმაციო პოლიტიკა, რათა გაუმკლავდეს სოციალურ ქსელებში მომრავლებულ მიზანმიმართულ აგრესიულ და დამანგრეველ განწყობებს; ასევე საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება, რათა როგორმე მოვახერხოთ და დავაბალანსოთ ეს ძალიან აქტიური რუსული საინფორმაციო ნაკადი სოციალურ ქსელებში და ქაოსი ავარიდოთ ქვეყანას.

- ჩვენში კვლავაც დიდი განსჯის საგანია, ერთი მხრივ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და, მეორე მხრივ, დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის გარშემო შექმნილი ვითარება. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ჩვენი ხელისუფლება მეზობელი ქვეყნების საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდის, თუმცა, მათი ინტერესების გათვალისწინება ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს

- საქართველო არც ერთი ქვეყნის შანტაჟს არ უნდა დაემორჩილოს. ეს თუ ტრადიციად იქცა, ყველა მეზობელი ქვეყანა ჩვენს სუვერენიტეტს მაქსიმალურად შეზღუდავს.

რა რესურსი აქვს საქართველოს, რომ ზეწოლას არ დაემორჩილოს?

განვიხილოთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა. გასაგებია, რომ საქართველოს აზერბაიჯანი სჭირდება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, აზერბაიჯანულ გაზზე ვართ დიდწილად დამოკიდებული, მაგრამ განა აზერბაიჯანისთვის ნაკლებად ღირებულია საქართველო, როგორც მისი ენერგორესურსების გამტარი და ტრანზიტის წყარო?

რა გამოსავალი რჩება საქართველოზე გზის გადაკეტვის შემთხვევაში აზერბაიჯანს? – ირანი და რუსეთი, რომლებიც მისი კონკურენტები არიან ენერგორესურსების სფეროში, და აუცილებლად მონოპოლიურ პირობებს დაუწესებენ. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს გარეშე აზერბაიჯანს რუსეთი ჩაყლაპავს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველომ უნდა დათვალოს თავისი პლუსები როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან ურთიერთობაში და მათთან ახალი ტიპის კომუნიკაცია სწორედ ამის მიხედვით ააწყოს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტაბილური პარტნიორისა და დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი დასავლეთისთვის, რათა შევძლოთ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი – აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებებს არ უნდა დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ საქართველო არის მათი ოპოზიციის ერთგვარი თავშესაფარი და გამომკვებავი ქვეყანა. საქართველოში არ უნდა ხვდებოდეს მათი ოპოზიციის ფინანსური თუ სხვა ტიპის რესურსები! არ ვამბობ, რომ საქართველომ ვინმეს უარი უთხრას ადამიანის უფლებებისა და სიცოცხლის დაცვაზე, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ჩვენი ინტერესები არ დაზარალდეს. არსებობენ მესამე ქვეყნები, სადაც ეს ადამიანები ჩვენი ტერიტორიის გავლით უსაფრთხოდ მოხვდებიან, და ეს საქართველომ უნდა უზრუნველყოს.

- დიდი რეზონანსი გამოიწვია მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის კორუფციის ბრალდებით დაკავებამ...

- ეს არის ახალგაზრდა კაცის ტრაგედია, ამიტომ, სანამ გამოძიება საბოლოო სიტყვას არ იტყვის, გამიჭირდება შეფასება. თუ ის დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს, თუმცა, არა მგონია, ეს შექმნილ ვითარებაზე ქილიკის უფლებას ვინმეს აძლევდეს. ვურჩევდი ხელისუფლებას, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების წინ, კარგად გადახედოს ადგილებზე მერებს, გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს. განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა.

ხელისუფლებას ეძლევა შანსი, ადგილობრივი არჩევნების წინ საკუთარი რიგები კორუმპირებული მოხელეებისგან გაწმინდოს. გაწმენდაში ვგულისხმობ იმას, რომ, სულ მცირე, ისინი აღარ წამოაყენოს კანდიდატებად მოახლოებულ არჩევნებში. თუ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ან არ ისურვა და არ აღკვეთა ახლავე ადგილობრივი მოხელეების თავნებობა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება – დაიწყება უმართავი კორუფციული პროცესები. თუ დღეს ადამიანი კორუმპირებულია და ხელისუფლება კიდევ მისცემს შანსს, მოვიდეს ადგილობრივ ხელისუფლებაში, ის აუცილებლად უმართავი გახდება. საზოგადოების ფართო ფენებში კორუფციულმა გარიგებებმა ჯერ კიდევ ვერ შეაღწია, მაგრამ თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული, აუცილებლად ფართო ქსელად გადაიქცევა.

——————-

ახალი თაობა“, 17 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ბიძინაშვილთან: „ოთარ აბესაძის დაჭერით გააფრთხილეს ყველა, ვისაც საარჩევნო სიაში მოხვედრა უნდა” // „ოთარ აბესაძეს თბილისის საკრებულოში მოხვედრა 2014 წელსაც სურდა“

რატომ გაწირეს ოთარ აბესაძე, რაზე ჰქონდა მას პრეტენზიები, ვინ გაიზიარებს მის ბედს, რა ხდება მერიასა და გამგეობებში? ამის შესახებ „ახალ თაობას“ მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.

- თქვენი ორგანიზაცია და პირადად თქვენც ხშირად საუბრობდით იმაზე, რომ თბილისის მერიაში კორუფციაა. კორუფციის ბრალდებით მერიაში სხვა დროსაც დაუკავებიათ მაღალჩინოსნები, მაგრამ არცერთ დაკავებას არ გამოუწვევია იმდენი კითხვის ნიშანი და ჭორი, რამდენიც ოთარ აბესაძის ამბავს მოჰყვა. რა ხდება სინამდვილეში?

- ყველამ ვნახეთ, რომ ოთო აბესაძე მოქალაქეებს მერიის რამდენიმე სამსახურში ჰპირდებოდა საქმის მოგვარებას. მისი დაკავების დღესვე გამოვთქვით იმედი, რომ ამ სამსახურების უფროსების დაკითხვა მაინც მოხდებოდა. ისინი დაკითხვითაც არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, დააკავეს აბესაძე, რომელმაც ქრთამი აიღო იმაში, რისი მოგვარებაც მას სხვების გარეშე არ შეეძლო.

ასეთი რამე პირველად არ ხდება. თბილისის მერიასა და გამგეობებში ქრთამის აღების ფაქტზე აკავებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც დამოუკიდებლად არ შეეძლოთ კონკრეტული საქმის მოგვარება.

ასე იყო ჯოკია ბოდოკიას შემთხვევაში. ის ისე დააკავეს, რომ ვერ გავიგეთ, ვისთვის მიჰქონდა ქრთამის სახით აღებული ფული. იგივე მოხდა ნაძალადევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ ვასილ ბექაურის დაკავებისას. მასაც ქრთამი ჰქონდა აღებული იმაში, რასაც ვერ მოაგვარებდა. იმაზე ხელი ნაძალადევის მაშინდელ გამგებელ ზაზა გაბუნიას ჰქონდა მოწერილი. ჩვენ გაბუნიას დაკითხვასაც ვითხოვდით, მაგრამ ამაოდ.

- დაკითხვით არ დაკითხეს, მაგრამ მაჟორიტარად წარადგინეს და დღეს ის დეპუტატია…

- ფაქტობრივად, წაახალისეს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ ვასილ ბექაურის დაკავების შემდეგ ნაძალადევის გამგეობაში იგივე ხდება. „მედიატორმა“ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ რატომღაც 2012 წლის შემდეგ დარეგისტრირებული კომპანიები იგებენ ტენდერებს.

თბილისის მერია და გამგეობები ისე ჩაიძირნენ კორუფციის ჭაობში, რომ ეს ყველაფერი უკვე თვალშისაცემია. ნებისმიერი მოქალაქე გააჩერეთ და ისიც გეტყვით, რომ მერიაში კორუფცია შესამჩნევია. ეს გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება რეალურად არ ებრძვის ამ სენს.  ოთარ აბესაძის დაკავება არ არის კორუფციასთან ბრძოლა. ეს ადამიანი, უბრალოდ, გაწირეს. ხელისუფლებას მართლა რომ სდომებოდა კორუფციასთან ბრძოლა, აქამდე, შესაძლოა, დავიტ ნარმანიაც კი დაეკავებინათ.

- თავად აღნიშნეთ, რომ მერია კორუფციაშია ჩაფლული და ეს ნებისმიერი მოქალაქისთვის შესამჩნევია. აბა, რატომ გაჩნდა კითხვები აბესაძის დაკავების გამო ან რატომ ამბობთ, რომ ის გაწირეს? ერთ-ერთი ვერსიით, მისი დაკავება კალაძეს უკავშირდება.

- კითხვები შემთხვევით არ გაჩენილა. რაც შეეხება კახა კალაძეს, ის გარემოცვას საგანგებოდ არჩევს. საქართველოს პარლამენტი ფეხბურთელებით გაავსო. და როგორ წარმოგიდგენიათ, ის მერად არჩევის შემთხვევაში გარშემო თავის ხალხს არ შემოიკრებს? სწორედ ამან გააჩინა კითხვები. ოთო აბესაძე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მამლის ყივილამდე სამჯერ უარყვეს, 2012 წლამდე იყო „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. ის მთელ ამ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანი იყო.

დროთა განმავლობაში მას გაუჩნდა პრეტენზია, ყოფილიყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და იყო კიდეც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ის „ოცნების“ სპიკერის მოვალეობას ასრულებდა და „აპრავებდა“ იმას, რის „გაპრავებასაც“ გია ვოლსკიც კი არ კადრულობდა ხანდახან. აქედან გამომდინარე, მას გაუჩნდა პრეტენზიები, რომ „ოცნების” სიაში ყოფილიყო. ამ პარტიაში მსგავსი პრეტენზია კიდევ ბევრ ადამიანს გაუჩნდა. ამ დაკავების შემდეგ „ოცნების“ მერობის კანდიდატმა ყველა პირი, რომლებსაც სიაში მოხვედრაზე პრეტენზია ჰქონდათ, ჩამოიშორა. სხვათა შორის, ოთარ აბესაძეს 2014 წელსაც სურდა თბილისის საკრებულოში შესვლა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ შევიდა. მას ტყიბულის მაჟორიტარობაც უნდოდა.

- მას ამის გამო არ მოუვიდა ტყიბულის ყოფილ მაჟორიტართან უთანხმოება?

- ამის გამო დაიძაბა მართლაც სიტუაცია. მან შიდა დაპირისპირებაში წააგო. როგორც „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, ეს ადამიანი მაშინაც კახა კალაძის დახმარებით დამარცხდა.

ამის მერე ის ძალიან გააქტიურდა და თითქმის ყველა პოლიტიკურ ტოკშოუში აქვს მონაწილეობა მიღებული. მას მხოლოდ საკრებულოს სიაში მოხვედრაზე კი არ ჰქონდა პრეტენზია, არამედ თავს სიის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევდა. ახლა ეს ამბიციები ვეღარ ექნება. დარწმუნებული ვარ, ბევრ მეოცნებეს გაუქრა სიაში მოხვედრის ამბიცია. ამის გარდა, ეჭვიც არ გვეპარება, რომ “ოცნების“ საკრებულოს გუნდიდან მხოლოდ რამდენიმე მოხვდება სიაში. 35 კაცით არიან ისინი დღეს დედაქალაქის საკრებულოში წარმოდგენილი. მათგან მაქსიმუმ 3 კაცი შეიყვანონ სიაში. დანარჩენებს უკვე კალაძის კადრები ჩაანაცვლებს.

ეს ადამიანი პარლამენტში არ არის, მაგრამ გუნდი თავისი ხალხით ჰყავს დაკომპლექტებული. მან თავისი მეგობრები კარგად მოაწყო. ხმას არცერთი იღებს, მაგრამ იღებენ დეპუტატებს ხელფასებს. ქერის ორმოში ჰყავს ამ პიროვნებას ახლობლები. იმავე სურათს მივიღებთ მერიაში, თუ კალაძეს აირჩევენ.

- ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ, შესაძლოა, თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილეც დააკავონ. ამაზე რას ფიქრობთ?

- თუ ის კახა ალაძის კადრი არ არის და საკრებულოს წევრობა ან ისევ ვიცემერობა მოუნდება, აუცილებლად დააკავებენ. მერე ეს გაფორმდება, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მე მაინც მგონია, რომ კორუფციის ბრალდებით მერის მოადგილეს არ დააკავებენ. დაკავება აუცილებელი თუ გახდა, სხვა მიზეზს მოიგონებენ. მერის მოადგილის კორუფციის ბრალდებით დაკავება ხელისუფლების მხრიდან იმის აღიარებას ნიშნავს, რომ მთელი მერია კორუფციაშია ჩაძირული. ეს ხალხმა ისედაც იცის, მაგრამ ხელისუფლება ამას არ აღიარებს.

- ამბობთ, რომ ამ პროცესებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად ფუთავენ. დავით ნარმანია ამაში რა როლს თამაშობს? თუ მაგ გაჭირვებულს არავინ არაფერს ეკითხება?

- დავით ნარმანია, პრინციპში, მართლაც ითვლება გაჭირვებულად, მაგრამ არც ის იქნება მთლად ხელმოცარული. მასთანაც მივა წილები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გარისკავდა და ამ ყველაფერზე თვალს არ დახუჭავდა. წინა ხელისუფლებას ელიტური კორუფციის გამო ედავებოდნენ. მაშინ მართლაც იყო ელიტური კორუფცია, მაგრამ ახლა რა ხდება? კორუფცია ქვედა ფენებში ჩავიდა და ყველა ფულის გაკეთებაზე გადავიდა. ისევ ოთო აბესაძის მაგალითს მოვიყვან. ადამიანი შტატგარეშე თანამშრომელი იყო და რაღაცებს ჩალიჩობდა. დარწმუნებული ვარ, მერიაში ძალიან ბევრი ასეთი ოთო აბესაძე იქნება.

დავით ნარმანიაზე მკითხეთ და გეტყვით, რომ მერიაში საბოლოო სიტყვა მას არ ეკუთვნის. ისევე, როგორც სხვაგან, აქაც ყველაფერს ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. ნარმანია მხოლოდ მისი სურვილების შემსრულებელია.

საინტერესოა ის დეტალიც, რომ დედაქალაქის საკრებულოს მერიისთვის არცერთი შენიშვნა არ მიუცია. ხმა არ ამოუღია შიდა აუდიტის სამსახურსაც, რომლის შენახვაც წლიდან წლამდე მილიონი გვიჯდება. არადა, 2014 წლიდან დღემდე მერიაში კორუფციის ბრალდებით ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს. არაფერს ვამბობ გადაცდომებზე – ჯანსაღ ხეებს ჭრიან და გვიმტკიცებენ, გამხმარი ხეები მოვჭერითო. ქალაქში უკანონო მშენებლობების ბუმია. მაღალი თანამდებობის პირებისთვის კა-კოეფიციენტი იზრდება. ნუცუბიძის ქუჩაზე კალაძისთვის გაზრდილი კოეფიციენტიც ვნახეთ. ამ ადამიანების ერთადერთი დავალებაა, ზედა ეშელონებს ასიამოვნონ და დანარჩენი რაც უნდათ, ის აკეთონ.

- სიაში ჩასმის პრეტენზიაც შეუძლიათ გაუჩნდეთ?

- ეგ სარისკოა. ვისაც მაგაზე გაუჩნდა პრეტენზია, ვნახეთ, რაც დაემართა. ეს იყო ერთგვარი მესიჯი იმისთვის, რომ სიაში ჩასმაზე არავინ გამოთქვას პრეტენზია. დარწმუნებული ვარ, ამას გულშიც კი არ გაივლებენ. გაივლებენ და ოთო აბესაძის ბედს გაიზიარებენ. ასეთი ამბები არ მოხდებოდა, თავის დროზე თანამდებობებზე ოროსნები რომ არ დაენიშნათ. თბილისში 10 გამგეობაა. ყველა გამგებელს 3-3 მოადგილე ჰყავს. მთლიანობაში, 30-ია გამგებლის მოადგილეების რიცხვი. ამ 30 მოადგილიდან გამოცდებზე 22 ჩაიჭრა. ამის მიუხედავად, ისინი მაინც დანიშნეს თანამდებობაზე. მაშინვე ვამბობდით, რომ ჩაჭრილების თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში კორუფციას ექნებოდა ადგილი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მიეცათ თანამდებობაზე მოხვედრის შანსი.

თბილისში არის 33 მუნიციპალიტეტი. აქედან 28 მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ჩაიჭრა. დარჩენილებიდან ორს დიპლომი არ ჰქონდა და გამოცდაზე ვერ გავიდნენ. თანამდებობები მათაც შეინარჩუნეს. შედეგად, კორუფციის ჭაობში ჩაფლული მერია მივიღეთ.

————————

კვირის პალიტრა“, 17 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ქუმსიშვილთან: „2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება“ // „ჩვენი უპირველესი საზრუნავია ის, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშებზე

ემა ტუხიაშვილი

გაამართლა თუ არა ქვეყანაში ლარიზაციის პოლიტიკამ, ელოდება თუ არა მთავრობა მეტ ეკონომიკურ ზრდას და როდის იგრძნობს ამ სიკეთეს საკუთარ შემოსავლებზე მოსახლეობა? – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “კვირის პალიტრა” ფინანსთა მინისტრს ესაუბრა.

დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა, უმუშევრობის დონის შემცირებაა. 2012-დან 2016 წლის ჩათვლით უმუშევრობის დონე 15-დან 11,8%-მდე შემცირდა. ეს დაახლოებით 100 ათას კაცზე მეტია, ვინც დასაქმდა და აქვს ხელფასი. როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკურ ზრდაზე, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას ეკონომიკაში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რაც შემდეგ ზრდის ტენდენციაზე ახდენს გავლენას. როცა ვამბობთ, რომ ექსპორტმა მოიმატა და 2017 წლის იანვარ-მაისში ზრდამ 28,7% შეადგინა, ხოლო ექსპორტიდან შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა რეალური ექსპორტი – ექსპორტის ზრდა შეიძლება გამოხატული იყოს როგორც მოცულობაში, ასევე ფასის ზრდაში. ექსპორტის საერთო მატების 80% რეალური ექსპორტის ზრდაა. ეს ნიშნავს, რომ საწარმოები, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, დატვირთულია და

იქ ადამიანები ხელფასს იღებენ. კითხვაზე, როდის იგრძნობს ამ ყველაფერს ჩვენი მოსახლეობა თავის ჯიბეზე, ვიტყვი, რომ ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული. იმ საწარმოებში, რომლებიც დღეს სრული დატვირთვით მუშაობენ, მაგალითად, ასეთია ფეროშენადნობთა მიმართულება, დღეს პრაქტიკულად ამ პროფესიის ყველა ადამიანია დასაქმებული, ხოლო სიმძლავრეები მაქსიმალურად არის დატვირთული.

- ანუ დადებითი ტენდენციები ეკონომიკაში ადამიანების ერთ კატეგორიას საკუთარ ჯიბეზე უკვე უნდა ეგრძნო?

- სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დღემდე ძალიან გაჭირვებულია. ჩვენ ნელ-ნელა ამოვდივართ ამ უკიდურესი სიღარიბიდან. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010-დან 2014 წლამდე საქართველოში დაახლოებით 490-მა ათასმა კაცმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს… რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს ყველამ იმისთვის, რომ გაჭირვებული ადამიანი ქვეყანაში რაც შეიძლება ცოტა იყოს. ამას მარტო მთავრობა ვერ გააკეთებს და როცა ლაპარაკია ეკონომიკურ ზრდაზე, კერძო სექტორი და მისი ინვესტიციები, შექმნილი სამუშაო ადგილები, ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა.

- 2017 წელი მთავრობამ ბევრი სიახლითა და ცვლილებით დაიწყო, მათ შორის იყო სესხების გალარების პროგრამა. ამ პროგრამით შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა დაახლოებით 27 ათას კაცს, თუმცა, მხოლოდ 25%-მა ისარგებლა. ფიქრობთ, რომ ეს პროგრამა წარმატებული იყო?

- ერთმნიშვნელოვნად. ლარიზაციის პროექტი და პროგრამა კომპლექსური და მასშტაბური პროექტია, რომლის შედეგს დაახლოებით 7-8 წლის პერიოდში ველით. ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გვაქვს შეთანხმებული, მათ შორის ეროვნულ ბანკთან, გულისხმობს, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად დაკრედიტდეს ლარში და გაჩნდეს ლარის წყაროები დაკრედიტებისთვის. ის 25%, ვინც მთავრობის ამ ერთჯერადი შეთავაზებით ისარგებლა, კარგი შედეგია. ეს იყო ნებაყოფლობითი ნაბიჯი, შეთავაზება. ამ პროგრამას კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ამოცანაა ზრუნვა მოსახლეობაზე, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოსახლეობას განსაზღვრული ტვირთები შეუმსუბუქოს. დეტალური მონიტორინგი­ მიმდინარეობდა ბანკებში.­ დიახ, პირველ კვირებში შეფერხებები­ იყო, თუმცა, ის, რომ 5 617-მა მსესხებელმა ისარგებლა ამით და ჯამში 78,6 მილიონი დოლარის სესხი გავალარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს ვთქვით, რომ თუ მოსახლეობა 40 ათასი დოლარის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს იღებს, და ეს არის ძალიან დიდი წილი ჩვენი მოსახლეობის საკრედიტო პორტფელისა, ის უნდა გაიცეს ლარში. შესაბამისად, თუ ჩვენ პირველად მივეცით გალარების სტიმული, შემდგომში უკვე ადმინისტრაციული მეთოდებით მივეცით გალარების გაგრძელების სტიმული.

- კარგია, როცა სესხი ლარში გაქვს, მაგრამ ბანკის მომხმარებლებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ სესხი ლარში ძალიან ძვირია...

- დღეს ჩვენ შევქმენით ის ინსტრუმენტები, რომლებიც ლარში სესხის აღების შესაძლებლობას იძლევა. დროთა განმავლობაში ეს პროცენტიც აუცილებლად დაიწევს, იმიტომ, რომ ბანკებში ლიკვიდობა იზრდება. ამას ემატება ის ფისკალური რეფორმებიც, რომლებიც ჩვენ ახლა განვახორციელეთ. როცა მოგების გადასახადის მოდელი შევცვალეთ, რეალურად ეკონომიკაში მხოლოდ წლეულს დავტოვებთ ლიკვიდურ აქტივებს – 500 მილიონ ლარს.

- ოპონენტები ხშირად გსაყვედურობდნენ, რომ თქვენ ამ ესტონური მოდელით ცალი ხელით ფული დაუტოვეთ კერძო სექტორს, მაგრამ მეორე ხელით ეს ფული მოსახლეობას ამოაცალეთ ჯიბიდან, როცა აქციზები გაზარდეთ, მათ შორის, საწვავზე

- როცა 2015-2016 წლებში ვაკეთებდით ანალიზს, გამოიკვეთა, რომ კერძო სექტორს ძალიან უჭირდა სესხის აღება, მათი კაპიტალი დასული იყო იმ დონემდე, რომ სესხს ვეღარ იმატებდნენ. შესაბამისად, რეფორმა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, – ეს არის პირდაპირი გადასახადის დაწევა, რაც ასტიმულირებს კერძო სექტორს, – რომ აიღოს ახალი სესხები, ფული დააბანდოს ბიზნესში და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას. სწორედ ამან უნდა შექმნას მომდევნო 4-5 წელიწადში 50 ათასი სამუშაო ადგილი. 2,5 მილიარდი ლარი იქნება ის ფული, რომელსაც ჩვენ დავუტოვებთ კერძო კომპანიებს. მარტივად რომ ვიანგარიშოთ, თუ სამუშაო ადგილის შექმნას დაახლოებით 50 ათასი ლარის ინვესტიცია სჭირდება, შესაბამისად, ბიზნესისთვის დატოვებული თანხაც 50 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ჩვენ აქციზი გავზარდეთ თამბაქოზე და არა მგონია, ქვეყანაში ყველა მწეველი იყოს. ჩვენ ამ სფეროში ევროპასთან დაახლოების ვალდებულება გვქონდა და აქციზი თამბაქოზე გაიზრდება წლეულსაც და გაისადაც, სანამ კონკრეტულ ზღვრამდე არ მივალთ. ავტომობილების იმპორტი 300 მილიონ დოლარზე იყო ასული წელიწადში მაშინ, როცა მანამდე საშუალოდ 180 მილიონსაც კი არ აჭარბებდა. ჩვენი ამოცანა არ არის ძალიან ბევრი ავტომობილის შემოსვლა ქვეყანაში, ჩვენი ამოცანა ეკონომიკური ზრდაა და შესაბამისად, თუ შემაკავებელი ფაქტორიც გაჩნდება და ავტომობილები სწორად დაიბეგრება, ვფიქრობ, სწორია.

თუ ჩვენ პურს ვბეგრავთ 18%-იანი დღგ-ით, ავტომობილებზე საშუალოდ 4% გამოდიოდა. ჩვენ საწვავზეც გავზარდეთ აქციზური გადასახადი. როცა დეტალურად დავშალეთ დარგების მიხედვით, თუ სად ჰქონდა ყველაზე დიდი წილი საწვავს და სად ექნებოდა ყველაზე დიდი გავლენა აქციზის ზრდას, ასეთი ტრანსპორტი­ და სოფლის მეურნეობა აღმოჩნდა. ტრანსპორტშიც და სოფლის მეურნეობაშიც ამას დიდი ზეგავლენა აქვს, მაგრამ საბოლოო პროდუქციაზე მაინც არ აისახება იმდენად, რომ ეკონომიკა უკან დაეხია. ივლისში ინფლაცია პიკს აღწევს და ივლისიდან მოყოლებული ფასების საერთო დონის მატება უნდა შემცირდეს. 2018 წელს ველოდებით 3%-იან ინფლაციას და ფასებიც დასტაბილურდება.

- პირველი ივლისიდან, რაც სავალდებულო გახდა ლარში ფასის დადება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, თუ დავაკვირდებით ტენდენციას, მეწარმეების ნაწილმა თავი დაიზღვია და ლარში გამოხატულ პროდუქციაზე ფასნამატი გააკეთა. საინტერესოა, თუ ელოდით, რომ ლარში ფასის დადება მის ზრდას გამოიწვევდა?

- კვლევამ აჩვენა, რომ 2014-დან 2016 წლამდე უძრავი ქონების ფასები ლარში, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, მაშინ, როცა დოლარით გამოხატულებაში მნიშვნელოვნად შემცირდა. ახლა წარმოიდგინეთ მოქალაქე, რომელიც სარეკლამო ბანერზე ხედავს, რომ ვალუტის კურსი მერყეობს, მაგრამ ლარში ბინის ფასი იგივეა. შესაბამისად, ხვდება, რომ შეუძლია დანაზოგი გააკეთოს ლარში. რატომ არ იცვლება უძრავი ქონების ფასები? სამშენებლო მასალების ინფლაციის ინდექსი გვიჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო მასალების ინფლაცია მინიმალური იყო. სამშენებლო ხარჯებში უცხოური ვალუტისა და კონკრეტულად დოლარის შემადგენელი მცირეა. იმპორტირებული სამშენებლო მასალა, ჩვენთან, მაგალითად, თურქეთიდან შემოდის, სადაც ლირამ ლარზე მეტად განიცადა დევალვაცია. აქედან გამომდინარე, ფასები სამშენებლო მასალებზე პრაქტიკულად არ შეცვლილა და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. საწყის ეტაპზე ადამიანებმა, კომპანიებმა, შესაძლოა, თავი დაიზღვიონ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მოხდება კორექტირება, სწორი ფასისდება და შემდგომში ამას ექნება დიდი გავლენა იმისთვის, რომ დანაზოგი ლარში გავაკეთოთ.

- ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებს თქვენს უწყებას, რომ ჩამორჩენაა ხარჯების ნაწილში. თქვენც მოუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, დროულად მოახდინონ სახელმწიფო შესყიდვები. რომელიმე კონკრეტულ უწყებას აქვს პრობლემა და რატომ ვერ ხარჯავენ ბიუჯეტით განსაზღვრულ ფულს?

- მიმდინარე წლის 6 თვეში ჩვენ საგადასახადო შემოსავლებით მივიღეთ 4 მილიარდ 748 მილიონი ლარი, რაც გეგმის 105%-ია, ხოლო შარშანდელ მაჩვენებელზე 14%-ით მეტია. ხარჯებიც შარშანდელზე 269 მილიონი ლარით მეტი გავიღეთ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 6 თვეში. ხარჯების გეგმას რაც შეეხება, 6 თვეში გვაქვს შესრულებული გეგმის 95%, სადაც შედის მიმდინარე ხარჯებიც და კაპიტალური დანახარჯებიც. საერთო ჯამში ამ 6 თვეში ჩვენ 5 მილიარდ 315 მილიონი დავხარჯეთ, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. გეგმის დარჩენილი 5%-დან (279 მილიონი ლარი) 200 მილიონი მიმდინარე ხარჯებია, 79 მილიონი კი, კაპიტალური დანახარჯები. სწორედ ეს იყო ჩემი მოწოდება და კვლავ მინდა მივმართო ყველა ჩემს კოლეგას, რომლებიც სახელმწიფო ფინანსების ხარჯვაზე არიან პასუხისმგებელი, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ მიმართულებას. სახელმწიფო ხაზინაში არის შექმნილი სპეციალური მონიტორინგის პროგრამა, რო­მლის მიხედვითაც ყოველდღიურად ვაკონტროლებ როგორც მიმდინარე ხარჯებს, ასევე კაპიტალურ დანახარჯებს. პრემიერ-მინისტრი ყოველკვირეულად პირადად ჩემგან იბარებს ანგარიშს, მთავრობაში ამას ინტენსიურად განვიხილავთ.

- მთავრობის დაპირების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის მიღებული რეგულაცია ონლაინაზარტულ თამაშებზე. ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა შეზღუდვებს ონლაინაზარტულ თამაშებში ჩართული პირებისთვის, თუმცა, ინიციატივა ინიციატივად დარჩა. პარლამენტარები, მათ შორის მმართველი გუნდიდან, ამბობენ, რომ თუ ონლაინკაზინოების სივრცე არ ჩაიკეტა, რეგულაციებს აზრი არა აქვს. მათ შორის, უნდა შეიზღუდოს უცხოურ სერვერებზე წვდომაც, რადგან საქართველოდან ასეულობით მილიონი გადის ყოველწლიურად...

- ჩვენი უპირველესი საზრუნავია ის, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშებზე. ყველა სოლიდარული ვართ, რომ 18-დან 21 წლამდე გაიზარდოს ასაკობრივი ზღვარი მათთვის, ვისთვისაც სათამაშო ბიზნესის მომსახურების მიღება ნებადართული იქნება. ჩვენი კიდევ ერთი პრინციპული პოზიციაა, რომ თუ ადამიანი ლუდომანია, მისი ოჯახის წევრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მარტივად მოახვედრონ “შავ სიაში”, რომ ვერ ითამაშოს. მესამე მიმართულებაა ამ ყველაფრის ადმინისტრირება და გადასახადების სწორად აკრეფა. ჩვენს უწყებაში შეიქმნა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის დეპარტამენტი. აქამდე ამ მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არ არსებობდა.

შემოსავლების სამსახური იყო ადმინისტრატორი დაწერილი კანონმდებლობის, მაგრამ ვის უნდა შეექმნა ახალი წესი, ახალი კანონი, ვის უნდა ეზრუნა ამ ბიზნესის სწორად განვითარებაზე, ასეთი სტრუქტურა არ არსებობდა. პარალელურად, პრაქტიკულად, კანონი დავწერეთ, ყოველ შემთხვევაში, მისი მონახაზი, რომელიც კერძო სექტორთანაც განხილული გვაქვს და არაერთხელ დებატები გაიმართა ამ კანონის თაობაზე. ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ბოლო დროს 400%-ით არის გაზრდილი სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შემოსავლები და ჩვენ სათამაშო ბიზნესიდან წელიწადში 108 მილიონს ვაგროვებთ.

- ბრუნვა რამდენი აქვს სათამაშო ბიზნესს?

- 4 მილიარდი და გადასახადები, შესაბამისად, ამ თანხის 5% გამოდის. ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მათ შორის პირის იდენტიფიცირების, ფულის შეტანა-გამოტანის პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტრანზაქცია, რომელიც იქნება როგორც ონლაინ, ისე არაონლაინ, მომენტალურად აისახოს შემოსავლების სამსახურის სერვერებზე. ამას, რა თქმა უნდა, ინვესტიციები სჭირდება, თუმცა, მე პირადად მაქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენს გუნდსაც, რომ ჩვენ ამ ნაბიჯზე წავალთ. ჩვენი მოსახლეობა იქნება დაცული, შევძლებთ საგადასახადო ადმინისტრირების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

რაც შეეხება უცხოურ სერვერებზე წვდომას. არ ვიცი, რა დაუჯდება ქვეყანას ამის გაკეთება, თუმცა, ახლა ამაზე არ არის ლაპარაკი. არ მინდა ამ თემის განვრცობა, რადგან არ მომისმენია მოსაზრება, რომ მთლიანად ავკრძალოთ ეს ბიზნესი.

ვფიქრობ, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ჩვენ ამ კანონპროექტს წარვადგენთ და გავალთ. ცხადია, ამისთვის დაგვჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი და პარლამენტთან ამ კანონპროექტის შეთანხმება.

Comments are closed