globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 17 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 17th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ვიღაცას პარლამენტში მარიონეტები უნდა, რომ თვითონ მართოს ქვეყანა“ // „ისეთი ადამიანები შეყვანა სურთ, რომლებთაც პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ“

„რეზონანსი“: პრორუსული კოალიცია საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შესაცვლელად // „მათ გასანეიტრალებლად ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ქმედება და მონდომება არ ჩანს”

„რეზონანსი“: შეძლებენ თუ არა პრორუსული ძალები მხარდაჭერის მოპოვებას?

საქართველო და მსოფლიო: მოვითხოვ, აიკრძალოს რესპუბლიკური პარტია! // ვის უწოდებენ საზოგადოების გარკვეული წრეები რუსეთუმეებს? თუკი ადამიანის მიზანი საკუთარი სამშობლოსთვის შესაძლებლიდან მაქსიმალური დადებითი შედეგის მოტანაა, რატომ არის ის მოღალატე ან რუსეთუმე?

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „ქართული ოცნება“ ამერიკის მარიონეტად გადაიქცა“

პრაიმ ტაიმი“: პაატა ბურჭულაძის და მისი ცოლის ზღაპრულ დასვენებას ევროპაში „იავნანა“ აფინანსებს?

——-

„რეზონანსი“: ემიგრანტებმა ფულის გადმორიცხვა გაზარდეს

„რეზონანსი“: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ისევ გაიჭედა // 2016 წლის ბოლომდე პროექტის დასრულება უკვე წარმოუდგენელია

——————-

„რეზონანსი“, 17 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ვიღაცას პარლამენტში მარიონეტები უნდა, რომ თვითონ მართოს ქვეყანა“ // „ისეთი ადამიანები შეყვანა სურთ, რომლებთაც პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ

თიკო ოსმანოვა

“პარლამენტში აპირებენ, შეიყვანონ ისეთი ადამიანები, ვისაც პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა მარიონეტები, რომ თვითონ მართოს ქვეყანა”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.

საქართველოში გაზრდილ რუსულ პროპაგანდასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე “რეზონანსი” ლევან ბერძენიშვილს გაესაუბრა. „ჩვენი საარჩევნო სლოგანი „გათავისუფლდი“ გულისხმობს ყველაფრისგან გათავისუფლებას, რაც ზედმეტი გვაქვს. ეს იქნება: ქედმაღლობა, უწიგნურობა, არაპროფესიონალიზმი, არაფორმალური მმართველობა და სხვა. ბევრი რამისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი საზოგადოება“, – ამბობს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.

- ანუ, თქვენი აზრით, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა?

- ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმატესობა. არა მგონია, ეს ჩემი აზრი იყოს. ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ვითარებაც არის ქვეყანაში. ეს არ ეხება მარტო ერთ კაცს. ძალიან ბევრ სფეროში ხელმძღვანელებად ისეთი ადამიანები არიან დანიშნული, რომ ეს მათ პროფესიას არ ეხება. ეს არ არის მარტო ერთი კაცის პრობლემა, ეს არის პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის პრობლემა. მაგალითად, პარლამენტში აპირებენ შეიყვანონ ისეთი ადამიანები, ვისაც პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა მარიონეტები, რომ თვითონ მართოს ქვეყანა, ესაა პრობლემა.

- არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში მანამდეც ხომ იყო, როცა თქვენ ხელისუფლებაში იყავით…

- “რესპუბლიკური პარტია”, სადაც იყო ხელისუფლებაში, ცდილობდა, მიეხედა საქმისთვის. მაგალითად, თინათინ ხიდაშელი იყო კარგი მინისტრი, უსუფაშვილი კარგი თავმჯდომარე, მე ვიყავი კარგი კომიტეტის თავმჯდომარე და ვახტანგ ხმალაძემაც თავი მოიკლა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ. ჩვენ სასაყვედურო არაფერი გვაქვს. თუ ვინმე რამეს ვერ აკეთებდა და რომელიმე სფერო ჩავარდა, რა თქმა უნდა კარგი არ არის, მაგრამ ჩვენ, რაც მობარებული გვქონდა, კარგად მივხედეთ.

- ვაკეში, მე-3 ოლქში კონკურენციას “ქართული ოცნების” მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი გაგიწევთ. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ სახელისუფლებლო კანდიდატის დამარცხებას?

- ჩემი საყვარელი მომღერალია. ფავორიტი მომღერლები საქართველოში საერთოდ არ მყავს, გარდა ჯგუფი “ვაკის პარკისა” და ზაზა ხუციშვილისა. საინტერესოა, პოლიტიკაში შეხვდე იმ ადამიანს, რომელსაც სხვა სფეროში ძალიან დიდ და სერიოზულ პატივს სცემ. ასე რომ, პატივისცემით ვარ განმსჭვალული, მაგრამ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაპირებ, რომ ბრძოლაში გამოვიწვიო და დავამარცხო. გამოცდილება და პოლიტიკური გემოვნება მას არ აქვს. მე მგონი, მისი დასმა პოლიტიკაში სწორი არ არის. შევეცდები, დავეხმარო და პარლამენტში არ შევუშვა.

- საქართველოში წინასაარჩევნოდ, პრორუსალი ძალები საკმაოდ გაქტიურდნენ. თქვენი აზრით, როგორ უნდა ებრძოლოს ხელისუფლება მათ?

- “ცენტრისტების” ტიპის პარტია უბრალოდ უნდა აიკრძალოს. ასევე უნდა ამოქმედდეს ის კომისია, რომელიც არსებობს, კერძოდ, თავისუფლების ქარტია რომ შეკრებილიყო დროულად, კარგი იქნებოდა. ვალერი კვარაცხელია იქნება თუ სხვა, ასეთი პარტიების საქმიანობა უნდა აიკრძალოს. ასევე საჭიროა ასეთი ძალების მიმართ სუს-ი იყო გაცილებით ყურადღებით. ამავე დროს სარჩელზე, რომელზეც საუბარია, შევიდეს და ყველა პარტია, რომელიც ასეთ გზას დაადგება, აიკრძალოს. საქართველოში დაუშვებელია ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნების, რუსული ბაზების, და რუსული პენსიების დაკანონება. ეს ყველაფერი არის ანტიკონსტიტუციური ქმედება და ასეთი პარტიები ყველა უნდა აიკრძალოს.

- თუმცა, გარდა პარტიებისა, სხვა სფეროშიც შეიმჩნევა რუსული პროპაგანდის გაძლიერება?

- გამოსავალს იმაში ვხდევათ, რომ უნდა გავარკვიოთ, საიდან არიან მოსული და საიდან აქვთ ამდენი ფული. მაგალითად, ირმა ინაშვილს საიდან აქვს ამდენი ფული?! წყარო უნდა დადგინდეს, იმიტომ, რომ ეჭვი არსებობს, ეს რუსული ფულია, თუმცა მე ამას ვერ დავამტკიცებ, საჭიროა გაცილებით მეტი მტკიცებულება და მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

- უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპონენტებს დებატებში იწვევს. რას ფიქრობთ ამ შემოთავაზებაზე?

- ეს სადებატო საკითხი არ არის. ნინო ბურჯანაძეს თუ უნდა, საკუთარ მეუღლეს ან ირმა ინაშვილს ედებატოს. სერიოზული პოლიტიკური ძალა არ იფიქრებს იმაზე, რომელი ჯობია – დამოუკიდებლობა თუ მონობა. ქართველი ხალხის აზრი გამოვლენილია – ეს არ არის – ერთი ასე ფიქრობს და მეორე ისე. ნინო ბურჯანაძე ამ საკითხში არის ღრმა უმცირესობაში, ამიტომ მასთან ამ საკითხზე დებატები არ იქნება. ახლა დებატებით რეიტინგები ავუწიოთ ნინო ბურჯანაძეს?! ჩემი აზრით, პირადად ვინც მასთან დაჯდება სადებატოდ, ჩავთვლი, რომ რუსეთმა ისიც მოისყიდა.

- პრორუსულ ძალებს საქართველოში მხარდამჭერები საკმაოდ ჰყავს?

- კი, ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ საერთო ჯამში ისე არ აქვთ საქმე, რომ პარლამენტში რამე სერიოზული ძალა შექმნან. დიდი-დიდი, ერთი ფრაქცია შექმნან და იქნება რამდენიმე სიმპათიური და უსიმპათიურო ადამიანი. და ამით მაინცდამაინც არაფერი შეიცვლება. მთავარი არ არის, პრორუსულია თუ არა, ეს არ არის პრობლემა, თუ უნდათ, პუტინის მზე იფიცონ, მთავარია, კანონიერად რამდენად სწორად აქვთ დაფინანსება. საქართველო არის, იყო და იქნება პროდასავლური ქვეყანა, ბურჯანაძე ამას ვერ შეცვლის.

„რეზონანსი“, 17 აგვისტო, 2016 წელი

პრორუსული კოალიცია საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შესაცვლელად

მათ გასანეიტრალებლად ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ქმედება და მონდომება არ ჩანს

ნინო ქეთელაური

“მათი მიზანია, რომ პარლამენტში რამდენიმე პრორუსული პარტიის შეყვანა მოახერხონ და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათი გაერთიანებით შექმნან ძლიერი კოალიცია, რომელიც შეეცდება საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეცვალოს”, – ასე აფასებენ ექსპერტები რუსეთის დაინტერესებას საქართველოში მიმდინარე არჩვენებისადმი. მათი თქმით, რადიკალური რიტორიკა, რითიც რუსული პოლიტიკური პარტიების ლიდერები გამოირჩევიან, აგებულია იმაზე რომ – “თითქოს არ მუშაობს მრავალპარტიული დემოკრატიაზე დაფუძნებული პლურალიზმი და მუშაობს მხოლოდ ერთი ძლიერი მმართველის ხელი, რომ მათ აქვთ უფრო კარგი ალტერნატივა პუტინის სახით”.

პრორუსული იდეოლოგიის პირდაპირი გამომჟღავნება ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც გორში სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველო” დაფუძნდა. “ჩვენი დროშა წითელია! ჩვენი ჰიმნი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჰიმნია! ჩვენი დევიზია “დედასამშობლო გვიხმობს!” ჩვენი სლოგანია “აყვავდი, ტურფა ქვეყანავ, ილხინე, ივერთ მხარეო!”, – მსგავსი შეძახილები ისმოდა პარტიის ყრილობაზე, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი ვლადიმერ სიმაგინი და რუსეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი ჩერმენ დუდატი ესწრებოდნენ.

“სოციალისტური საქართველოს” ლიდერის ვალერი კვარაცხელიას თქმით, ტერიტორიების ოკუპაცია საქართველოს არასწორი მოქცევის შედეგია და საქართველოს რუსეთთან ახალი ტრაქტატის გაფორმება მოუწევს. “ეს არის ნაცადი გზა, ისტორიული გზა, რომელსაც როგორც ვხედავთ, ალტერნატივა არ აქვს. დღეს საქართველო არის სამ ნაწილად დაშლილი, გაჩანაგებული ქვეყანა. რუსეთს ტერიტორიები ოკუპირებული იმიტომ აქვს, რომ ჩვენ ვიქცევით არასწორად, ძალიან არასწორად”, – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

მოგვიანებით, ამავე პარტიის ყრილობა თელავში, კონტრაქციის შედეგად ჩაიშალა. დიდი ხმაური მოჰყვა ლადო ბედუკაძისა და ნიკოლოზ ხაჩიშვილის დაფუნებულ პარტია “ცენტრისტების” საარჩევნო კლიპს, სადაც ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიასა და საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდებოდნენ.

აღნიშნული საარჩევნო კლიპი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა, თუმცა საყოველთაო პროტესტის შემდეგ, მაუწყებელმა კლიპი საეთერო ბადიდან ამოიღო. ამასთანავე, პოლიტიკური ძალები “ცენტრისტების” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვდნენ, რის საპასუხოდაც, გია ვოსკლის თქმით, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, პარტიის გაუქმების თაობაზე დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა.

ამჟამდ კი “ცენტრისტები” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილია, რომლის შესაბამისი განკარგულებაც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ უკვე გამოსცა. განკარგულებას საფუძვლად საჯარო რეესტრის ინფორმაცია უდევს, რომლის მიხედვითაც, პარტია “ცენტრისტების” ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება იურიდიულად არ გააჩნიათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია სწორედ წინასაარჩვენო პერიოდში აყენებს ქვეყნისთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების საკითხს და კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას ითხოვს, რასაც ექსპერტები არარეალისტურად აფასებენ.

“ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისის” მკვლევარი გოგიტა ღვედაშვილი, პრორუსულ ძალებზე ჩატარებული კვლევების დაფუძველზე, “რეზონანსთან განმარტავს, რომ წინასარჩევნო პროცესში პრორუსული ძალები მკვეთრად გაძლიერებულია და მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება მიმდინარეობს.

“ზოგად ტენდენციას თუ შევაფასებთ, წინასარჩვენოდ განსაკუთრებით იკვეთება პრორუსული ფაქტორი, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები თუ მედიასაშუალებები, რომლებიც აქტიურ რეჟიმში არიან და რუსეთის მიმართულებით ინტენსიური პროპაგანდა მიმდინარეობს. ეს გაერთიანებები, როგორც რეგიონებში, ისე ცენტრში, ცდილობენ გარკვეული ანტიდასავლური განწყობებისა და პრორუსული სენტიმენტების გაღვივებას. ამის მიზანია, რომ მოსახლეობამ მხარდაჭერა გამოხატოს იმ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, რომლებიც აქცენტს რუსეთთან დაახლოებასა და მასთან დიალოგზე აკეთებენ. ამას დაემატა ისიც, რომ ახლა უკვე გამოჩნდა სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსების საკითხიც”, – ამბობს გოგიტა ღვედაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ მსგავსი პარტიების მიმართ საზოგადოების მხრიდან დაინტერესება გაზრდილია.

საზოგადოებაში არის გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ნოსტალგია რუსეთის მიმართ. ამ მხრივ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგად ტენდენციას თუ შევაფასებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზდილია პრორუსული ორიენტაციის მომხრეთა რაოდენობა. ეს აჩვენა “ენდიაის” კვლევებმაც. თუმცა, ბოლო კვლევის მონაცემით, ისევ სულ ოდნავ შემცირდა, სადაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 20%-ს შეადგენდა. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს, ერთი მხრივ იმით, რომ ევროინტეგრაციის მიმართ არის გარკვეული სკეპტიციზმი, იმედგაცრუება, საზოგადოებას დასავლეთის მიმართ უფრო მაღალი მოლოდინები აქვს და, მეორე მხრივ, ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ პრორუსული ორგანიზაციები აქტიურად დადიან რეგიონში, გაიზარდა მათი დაფინანსება რუსეთისგან და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, მოსახლეობასთან პირადი შეხვედრებით გავლენა მოახდინონ მათ შეხედულებებზე. თუმცა, თუ მთლიანობაში შევხედავთ ამას, ეს საგანგაშო რიცხვი არ არის, მაგრამ ტენდენცია აუცილებლად ყურადღებამისაქცევია და ვფიქრობ, ამ საკითხთან მიმართებით, ხელისუფლებას გაცილებით უფრო მკვეთრი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა მართებს. საზოგადობასთან უფრო აქტიური კომუნიკაციაა საჭირო, რადგან, რამდენადაც რუსული ძალები გააქტიურებული არიან, მათ გასანეიტრალებლად ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ქმედება და მონდომება არ ჩანს”, – აღნიშნავს მკვლევარი.

გოგიტა ღვედაშვილის თქმით, ამ ეტაპზე პრორუსული პარტიები ცესკოში უკვე ვეღარ დარეგისტრირდებიან, თუმცა რუსეთის გავლენით პროვოკაციები და დესტაბილიზაციის მცდელობები მოსალოდნელია.

“რა თქმა უნდა, სავარაუდოა, რომ პროვოკავიები იყოს. პარტიები ცესკოში ვეღარ დარეგისტრირდებიან, თუმცა რაც შეეხება პროვოკაციებს და სიტუაციიის დაძაბვას, ეს რუსეთს აწყობს. რადიკალური რიტორიკა, რითიც რუსული პოლიტიკური პარტიების ლიდერები ხშირად გამოირჩვიან, აგებულია იმაზე, რომ თითქოს არ მუშაობს მრავალპარტიულ დემოკრატიაზე დაფუძნებული პლურალიზმი და მუშაობს მხოლოდ ერთი ძლიერი მმართველის ხელი, რომ მათ აქვთ უფრო კარგი ალტერნატივა, ძლიერი ლიდერის, პუტინის სახით. ცდილობენ, პუტინი წარმოაჩნონ, როგორც ერთმნიშვნელოვნად ძლიერი ლიდერი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, რითიც უნდათ, რომ საზოგადოება მოხიბლონ. მე ვფიქრობ, დღეს ეს ნაკლებად მუშაობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, დაძაბულობა, რადიკალიზმი, პროვოკაციები, ეს იქნება მათ წისქვილზე წყალის დასხმა. პირიქით, საჭიროა ღია დისკუსიები, დებატები და პროგრამებზე აქცენტირება, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და მეტი საშუალება ექნებათ, არჩევანი გააკეთონ კარგსა და კიდევ უკეთესს შორის და არა ცუდსა და უარესს შორის. ეს დაპირისპირებები ხელს უწყობს დემოკრატიული სისტემიდან გადახვევას, რაც, რა თქმა უნდა, არასასურველია”, – ამბობს გოგიტა ღვედაშვილი.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, რუსეთმა კარგად იცის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროპული კურსის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ ცდილობს, რომ პრორუსული პარტიები პარლამენტში მოახვედროს, რათა მომდევნო არჩევნებზე კოალიცია შექმნას და საქართველოს საგარეო ორიენტაცია შეცვალოს.

“წინასაარჩევნო პერიოდში პრორუსული ძალების გააქტიურებით, როგორც ჩანს, რუსეთის გარკვეული წრეები არიან დაინტერესებული. მათ მშვენივრად იციან, რომ საქართველოს ამ ეტაპზე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი მიზანია, რომ პარლამენტში რამდენიმე პრორუსული პარტიის შეყვანა მოახერხონ და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათი გაერთიანებით შექმნან ძლიერი კოალიცია, რომელიც შეეცდება, საქართველოს ევროატლანტიკირი კურსი შეცვალოს. სწორედ ამას ემსახურება კომინისტური, სოციალისტური, ნაციონალისტური თუ ეროვნული იდეების გააქტიურება. ამ ძალების კოორდინაცია შეგნებულად არ ხდება.

მათ უნდათ, რომ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი მიიზიდონ და უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღონ, განსაკუთრებით იმ ამომრჩევლისგან, რომელსაც საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგია აქვს, ასევე საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელიც არჩევანის გაკეთებისას რელიგიური მოტივებით ხელმძღვანელობს. მათი ძირითადი მიზანია, რომ თანდათანობით გაააქტიურონ რიტორიკა – ხომ არ დადგა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების დრო”, – ამბობს კორნელი კაკაჩია, რომელიც აღნიშნავს, რომ არსებული პრორუსული პარტიებიდან 1 მაინც შევა პარლამენტში.

“სხვათა შორის, ამ პარტიებს შორისაც არის გარკვეული კონკურენცია, მათი ამომრჩევლის სეგმენტი ერთი და იგივეა და ლოზუნგები, იგივე უბლოკო სტატუსის გააქტიურების შესახებ და სხვა. განკუთვნილია სწორედ ამომრჩევლის მიზიდვაზე”, – ამბობს კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, ამ ვითარებაში ყველაზე ადეკვატური ქართული საზოგადოების რეაქციაა, რომელიც რუსულ პროპაგანდის ერთადერთი შემაკავებელი ძალაა.

“ჩვენივე საზოგადოების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით რუსულმა პროპაგანდამ მათი გადაბირება ვერ მოახერხა. ამ კუთხით, სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად არის პროცესში ჩაბმული, რასაც ვერ ვიტყვით ხელისუფლებაზე, რომელიც პრორუსული ძალების იდეოლოგიის მომხრე არა მგონია, იყოს, მაგრამ თავისი უმოქმედობით გამოირჩევა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული სამართლებრივი ასპექტები კონსტიტუციით ირღვეოდა. აქედან გამომდინარე, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში ერთადერთი შემაჩერებელი ძალა საზოგადოებაა”, – ამბობს კორნალი კაკაჩია.

„რეზონანსი“, 17 აგვისტო, 2016 წელი

შეძლებენ თუ არა პრორუსული ძალები მხარდაჭერის მოპოვებას?

გვანცა ღვედაშვილი

წინასაარჩევნო პერიოდში რუსული ძალების გააქტიურება უკვე თვალში საცემია საზოგადოებისთვის. ექსპერტების შეფასებით, ამ ძალების მიზანი პარლამენტში რამდენიმე პრორუსული პარტიის შეყვანა, მომავალში კი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათი გაერთიანებით ძლიერი კოალიციის შექმნაა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეცვალას შეეცდება. ექსპერტების თქმით, რადიკალური რიტორიკა, რითიც რუსული პოლიტიკური პარტიების ლიდერები გამოირჩევიან, აგებულია იმაზე, რომ – “თითქოს არ მუშაობს მრავალპარტიულ დემოკრატიაზე დაფუძნებული პლურალიზმი და მუშაობს მხოლოდ ერთი ძლიერი მმართველის ხელი, რომ მათ აქვთ უფრო კარგი ალტერნატივა პუტინის სახით”.

პრორუსული იდეოლოგიის პირდაპირი გამომჟღავნება ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც გორში სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველო” დაფუძნდა. პარტიის ლიდერის, ვალერი კვარაცხელიას თქმით, ტერიტორიების ოკუპაცია საქართველოს არასწორი მოქცევის შედეგია და საქართველოს რუსეთთან ახალი ტრაქტატის გაფორმება მოუწევს. რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობასა და საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდებოდა საზოგადოებას ლადო ბედუკაძისა და ნიკოლოზ ხაჩიშვილის დაფუნებული პარტია “ცენტრისტები”. თუმცა დღეისათვის, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილია.

შეძლებენ თუ არა პრორუსული ძალები მხარდაჭერის მოპოვებას? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

გია ბუღაძე  (ფერმწერი): ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა, ვფიქრობ რომ არა. გარკვეული ელექტორატი მათ ეყოლებათ, რადგან ძალიან სერიოზულად მუშაობენ და დიდ ძალებს იყენებენ ამ შემთხვევაში რუსული სპეცსამსახურები. საქართველოში რა გამოლევს მოღალატეებსა და გარეწრებს, ამის არაჩვეულებრივი მაგალითია ის, რაც ამ დღეებში ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, “ოცნებაც” კი შეეცადა ამ კაკებეშნიკური ძალების დისტანცირება მოეხდინა, თუმცა ეს ძალიან გაუჭირდება. მაინც მგონია, რომ ისინი ვერ მიაღწევენ იმას, რაც სურთ, თუმცა მოდუნება არ შეიძლება. ასე წაუყრუო, როგორც ვოლსკი ამბობს, რომ ეს არასერიოზული ძალაა, ასე არ შეიძლება, რადგან ეს შესაძლოა, ძალიან ცუდად დამთავრდეს.

თედო დონდუა (ისტორიკოსი): როცა ტერიტორიები ოკუპირებულია, არ მგონია შეძლონ მხარდაჭერის მოპოვება. მათ მიერ აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებულია, საერთოდ რატომ უნდა არსებობდეს ეს პრორუსული ძალა, არ მესმის. ეს რაღაც აბსურდია. რაღაცას რომ გიბრუნებდეს რუსეთი, აი შენია აფხაზეთი და ოსეთიო, კიდევ მესმის, მაგრამ ახლა ეს აბსურდულად მეჩვენება.

ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): საითაც ჩვენი სარწმუნოება მიდის, იქ წავა ერიც და ბერიც. ჩვენ, ჩვენი სარწმუნოებით ვცხოვრობთ. ჩვენი დევიზიც ხომ ეს არის “ენა, მამული, სარწმუნოება”, ხომ ასე იძახიან?! საითაც ჩვენი სარწმუნოება წავა და ვისაც ის მიემხრობა და დაუჯერებს, იმას დაუჭერს მხარს საზოგადოებაც.

გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): არ მგონია, არ ვფიქრობ, რომ მათ რამე სერიოზული წარმატების შანსი ჰქონდეთ ამ არჩევნებში. კონკრეტულად ვინ იგულისხმებიან, არ ვიცი, თუმცა, მათი წარმატებისა და მხარდაჭერის დაჯერება ნამდვილად საეჭვოა.

მიხეილ ცაგარეიშვილი (ასტროლოგი): გარკვეული მხარდაჭერა გარკვეული პრორუსული ძალებისა დიდი ხანია საქართველოში არის. თუმცა, მე არ ვგულისხმობ იმ ძალებს, რომლებსაც თქვენ მეკითხებით. საუბარია, რუსულ კულტურაზე, ერთიანობასა და ენერგეტიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთთან მოლაპარაკების მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა, მე ვიყავი.

იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მასთან ურთიერთობის აღდგენა. ამას, გინდათ პრორუსულობა დაარქვით, გინდათ სხვა რამე, ეს თქვენი პრობლემაა. იმაზე, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სასიკეთო ურთიერთობა რუსეთთან, ჯერ კიდევ კონდოლიზა რაისი ლაპარაკობდა, როცა ამერიკის სახელმწიფო მდივანი იყო. თუმცა, ამის შემდეგ საზოგადოება მოწამლულია ამ რუსეთით. ეს ისტერია კი სააკაშვილმა ჩადო ქვეყანაში, რომ რუსეთი ოკუპანტია. მას რომ ერთი ხელის მოსმით შეეძლო საერთოდ აღეგავა საქართველო მიწისაგან პირისა და არა მხლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო, არამედ მთელი ტერიტორია დაეკავებინა, ეს არავის ახსენდება. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი მაქვს ჯანსაღ პრორუსულ პოლიტიკაზე, რომელიც აუცილებელია და არა იმ გაურკვეველ ძალებზე, რომლებიც ახლა ჩანან.

საქართველო და მსოფლიო“, 17 აგვისტო, 2016 წელი

მოვითხოვ, აიკრძალოს რესპუბლიკური პარტია!

ვის უწოდებენ საზოგადოების გარკვეული წრეები რუსეთმეებს? თუკი ადამიანის მიზანი საკუთარი სამშობლოსთვის შესაძლებლიდან მაქსიმალური დადებითი შედეგის მოტანაა, რატომ არის ის მოღალატე ან რუსეთუმე?

ბაკურ სვანიძე

შემომაქვს წინადადება, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს ფრაზა – ყველგან, სადაც ვამბობთ ტერმინს “უცხო ქვეყანა”, იგულისხმებოდეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და არც ერთი სხვა ქვეყანა!

ჩვენს სახელმწიფოში უკვე თითქმის ნორმად დამკვიდრდა, რომ “პატრიოტობად” ჩაითვალოს მხოლოდ რუსეთის მიმართ გამოხატული ღია აგრესია, ხოლო ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიმართ ლაქუცი, უკანალში შეტენვა და ა. შ. ითვლება სავსებით ნორმალურ ქცევად და არაფერი “მოღალატეობრივი” და “სამშობლოს გამყიდველური” ამაში არ არის.

რატომღაც არავინ უფიქრდება თვით ტერმინ “სამშობლოს გამყიდველის” მნიშვნელობას. აკი “გამყიდველი” იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა სამშობლოს საწინააღმდეგო რაიმე ქმედებაში აიღო ფული, სიმდიდრე და გაიუმჯობესა მატერიალური მდგომარეობა. ამ მეთოდით მარტივია, ამოვხსნათ და დავადგინოთ, სინამდვილეში ვინ არის სამშობლოს გამყიდველი. ელემენტარულად, შეხედეთ და შეადარეთ ერთმანეთს მილეული, ნაშიმშილარი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე, ჩვეულებრივ “ხრუშჩოვკებში” მცხოვრები ე. წ. პრორუსები და კაი გამაძღარი, ლოყებაღაჟღაჟებული, ძვირ-ძვირი ჯიპებით მოგრიალე და სამსართულიან ფეშენებელურ ვილებში მცხოვრები პროამერიკელი ქართველები. ვინ გაყიდა, ვინ ივაჭრა და ვინ ნახა სარფი და მოგება სამშობლოთი სპეკულირებაში, სავსებით თვალნათელია.

ისიც საკითხავია, ვის უწოდებენ საზოგადოების გარკვეული წრეები რუსეთუმეებს.

თუკი ადამიანის მიზანი საკუთარი სამშობლოსთვის შესაძლებლიდან მაქსიმალური დადებითი შედეგის მოტანაა, რატომ არის ის მოღალატე ან რუსეთუმე? მოღალატე ჰქვია ადამიანს, რომელიც რაიმე ქმედებას ჩადის ანგარების მიზნით, მხოლოდ სხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, და არ აინტერსებს, რა შედეგს მიიღებს ამით მისი სამშობლო.

თუკი ადამიანი უცხო ქვეყანასთან, თუნდაც დამპყრობელთან, ურთიერთბას იმ მიზნით აგვრებს, რომ თავის სამშობლოს ზიანი აარიდოს, გარკვეული დადებით შედეგი მოუტანოს, ტერიტორიები დააბრუნებინოს და ა.შ., ანუ, თუ ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ მისი მოქმედებით სამშობლო დადებით შედეგს მიიღებს, ეს რა ლოგიკით არის მოღალატეობა?!

ისეთი “მესამეკლასელური” მიდგომები, როგორიცაა – “მტერთან ლაპარაკი უკვე ღალატს ნიშნავს”, “კოლაბორაციონიზმი დაუშვებელია”, “ქართველი ბიჭების სისხლი” და სხვა ამგვარი დემაგოგია, მგონი, საზოგადოებამ უკვე გაიარა და აღარავინ ტყუვდება.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როდესაც მავანი “ქართველი ბიჭების სისხლით” სპეკულირებენ. ნებისიმერ მტერს, რომელთანაც ჩვენს უდიდეს მეფეებს და სტრატეგებს მოლაპარაკებები უწარმოებიათ, სამშვიდობო ზავი დაუდვიათ, დიახაც _ იქით ხლებიან იმპერიათა მბრძანებლებს და მათ წინაშე ქედიც მოუხრიათ; ნებისმიერ ასეთ მტერს დაღვრილი ჰქონდა უმრავი ქართველის სისხლი(!).

ჩვენს დიად წინაპრებს მსგავსი იდიოტური სპეკულირება რომ დაეწყოთ – მაგათ ქართველი ბიჭების სისხლი აქვთ დაღვრილი და არ ვეახლებით მოსალაპარაკებლადო, უადგილოდ “ევაჟკაცათ”, დღეს ჩვენი ქვეყნის ხსენება აღარ იქნებოდა დედამიწაზე.

ყველამ თავის პირად საქმეში ივაჟკაცოს, მაგრამ, თუ ეს სამშობლოს სჭირდება, ჩექმაც უნდა ავლოკოთ და ყურებზეც უნდა დავდგეთ!

როგორ ფიქრობთ, გიორგი ბრწყინვალე, რომელიც ათეული წლები “ემეგობრებოდა” მონღოლ დამპყრობლებს და მხოლოდ სწორი საერთაშორისო ვითარების ჩამოყალიბების შემდეგ გაათავისუფლა საქართველო მათგან, კოლაბირაციონისტი და გამყიდველი იყო?

როგორ ფიქრობთ, ამ უდიდეს მეფეს რომ ეძახა მთელი ის წლები – “ყაენი მკვლელია!”, “მონღოლი აგრესორია!”, “ურდო ჩვენი მტერია!” და ასეთები, დღეს საქართველოსგან რა იქნებოდა დარჩენილი? ან ეს “ჩმორი” დემეტრე თავდადებული, ნეტავ, რატომ ეახლა ყაენს? ვაჟკაცი არ იყო და მშიშარა იყო, არა?

უმარტივესი ავიღოთ, ანუ ის, რამაც მთელი საქართველო აალაპარაკა და ბევრი სრულიად გაუმართლებელი აღფრთოვანებითაც შეხვდა _ საუბარია ქართველი მოჭიდავის მიერ ოლიმპიადაზე დამარცხებული რუსი მოჭიდავის მიმართ გაკეთებულ ჟესტზე. არა, არ ვაპირებ ვაკრიტიკო და ლაფში ამოვთხვარო ლაშა შავდათუაშვილი ამ სრულიად უადგილო და ძალიან არასპორტული ჟესტის გამო, რადგან ზუსტად ვიცი, ქართველი სპორტსმენები საშინელ ფსიქიკურ წნეხს განიცდიან და მე ისინი მეცოდებიან…

უბრალოდ, დავფიქრდეთ, მსგავსი “ჟესტები” რომ ეკეთებინათ ჩვენს წინაპრებს დამპყრობლებისთვის და გარკვეულ დრომდე ჭკვიანური და გააზრებული სქციელით ერს თავი არ გადაერჩინა ფიზიკურად, ქვეყნის განუყოფლობა რომ არ შეენარჩუნებინა, თუნდაც მტერთან მოჩვენებითი “ლაქუცის” გზით, იარსებებდა დღეს საერთოდ საქართველო?

როგორ, ბიძინა ჩოლოყაშვილი “ჩექმის მლოკველი” იყო? მას რომ გარკვეულ დრომდე მოჩვენებითი ერთგულება არ გამოეჩინა მტრის მიმართ, იქნებოდა შემდეგ ბახტრიონი?

ან არადა, რომელ ქვეყანასაც, საუკუნეებს არ ვამბობ, სულ ახლო წარსულში დახოცილი ჰყავს ქართველი ბიჭები და წართმეული აქვს ქართული მიწა-წყალი, ყველას ეგეთი ჟესტები ვუკეთოთ? დამეთანხმებით, 100 წელი არც ისე ბევრია ისტორიისთვის! 100 წლის წინათ დახოცეს თურქმა ასკერებმა აჭარის დამცველი ათასობით ქართველი! მაშ, რატომ არ ვუკეთებთ ასეთ ჟესტებს თურქ სპორტსმენებს?

მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა ერთმანეთთან სამხედრო გზით დაპირისპირებული და ყველამ ერთმანეთს მსგავსი ჟესტები რომ უკეთოს, ცოტა ხანში მსოფლიოში სპორტი საერთოდ აღარ იარსებებს.

თუმცა, რა გინდა თქვა იმ ქვეყანაში, სადაც ზოგიერთ ცანცარა ინდივიდს ინტელექტი პრივატიზებული აქვთ და კანონებიც, თურმე მხოლოდ და მხოლოდ ისე უნდა წავიკითხოთ, როგორც მათ ეს კონკრეტულ მომენტში აძლევთ ხელს.

მაგალითად გამოდგება ლადო ბედუკაძისა და თემურ ხაჩიშვილის პარტია “ცენტრისტების” გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. ვინმემ რამე სისულელე რომ არ წამოროშოს, ამთავითვე ვიტყვი: ჯერ კიდევ შარშან მქონდა მათგან შემოთავზება ამ პარტიის არათუ წევრობაზე, არამედ ერთ-ერთ ლიდერობაზე, მაგრამ კატეგორიულად ვიუარე, რადგან მათი ასეთი ხისტი პოზიცია რუსეთის მიმართ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია! თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მძიმე უკუეფექტის მომტანი მგონია საარჩევნო კლიპში პუტინის სახის, რუსული დროშებისა და ტანკების კადრების გამოყენება, ასევე მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა რიგდებოდეს მხოლოდ ქართული პენსია, რუსული კი – არა, მიუხედავად იმისა, რომელი რომელს ჯობია. ასევე, მგონია, რომ რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება ძალიან ფაქიზი საკითხია და მისი ასე პირდაპირ ჩადება საარჩევნო დაპირებაში, მსუბუქად რომ ვთქვათ, ფატალური შეცდომაა!

მიუხედავად ამისა, არ მესმის, რატომ აწიეს პოლიტიკური ტემპერატურა ცანცარა თინა ხიდაშელმა და მისმა ამფსონებმა ამ წინასაარჩევნოდ.

„ფარენჰეიტი 9/11“-ისა (რეჟისორ მაიკლ მურის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის მიმართ უამრავი ბრალდებაა გამოთქმული) არ იყოს, ჩვენს ქვეყანაში ახლა “26.3”-ია, გნებავთ, ფარენჰეიტით, გნებავთ – ცელსიუსით… რითაც გნებავთ. დიახ, ეს საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლია, რომლის გამოყენებითაც ბედუკაძე-ხაჩიშვილის პარტიის აკრძალვას ითხოვენ ცანცარა თინა და მისი და-ძმანი. მეტიც, ეს თავხედი ქალი ბედავს და ჭკუას გვარიგებს – თუ ვინმემ ვერ გაიგეთ, აქ რა წერია, დამიკავშირდით და აგიხსნითო. ცანცარა თინას ასახსნელი, არა მგონია, რამე სჭირდეს ქართველს ხალხს. იმ მუხლში კი, აი, ეს წერია: „მუხლი 26/3: „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას”.

ახლა რა შინაარსია ბედუკაძის კლიპში:

1. “რუსული სტანდარტით პენსიის დარიგება”.

ქალბატონმა ცანცარა თინამ ჩვენ, შეუგნებლებს, იქნებ აგვიხსნას, რომელს მიეკუთვნება ეს წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილთაგან? “კონსტიტუციური წყობილების დამხობას”? “ძალადობით შეცვლას”? “დამოუკიდებლობის ხელყოფას?” “ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას?” თუ “ომისა და ძალადობის პროპაგანდას”? თუ აქედან რომელიმეა, მაშ, ამდენი ხანს მავანი ხან “ამერიკული” და ხანაც “შვეიცარიული” სტანდარტის პენსიებს რომ გვპირდება, ეგ რაღატომ არ არის დანაშაული?! რაო, ამერიკა და შვეიცარია ზემო იმერეთში მდებარეობს ან ჩუმლაყში და არ ითვლება უცხო ქვეყნებად თუ რაშია საქმე?

2. “დავაკანონებთ რუსულ ბაზებს საქართველოში და აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანოიბას”, – იუწყება ბედუკაძის პარტიის კლიპი.

გაიგონე, ცანცარა თინა? აღვადგენთო! განა “ხელვყოფთო”. ხოლო ის, რომ თინასა და თინასნაირებს სურთ, ხალხის პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშონ და “უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზის დაკანონება” გაასაღონ, როგორც “ქვეყნის დაპყრობა”, ეს საერთაშორისო სამართალში ასე ნამდვილად არ არის! მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სრულიად კანონიერად არის გახსნილი სხვა, უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები და ეს ქვეყნები სულაც არ ითვლება “არასუვერენულად”! პირიქით, სრული დამოუკიდებლობით სარგებლობენ და მსოფლიოში წამყვანი ადგილიც უკავიათ ეკონომიკისა და დემოკრატიის კუთხით.

სხვათა შორის, არაერთ ქვეყანაში ოფიციალურად არის აღიარებული რომელიღაც სხვა ქვეყნის ვალუტაც, მაგრამ არც ეს უშლის ხელს ამა თუ იმ ქვეყანას, იყოს განვითარებული და დამოუკიდებელი.

ასე რომ, ცანცარა თინას ვინმემ აუხსენით, რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში და დროა, რომ ქართველმა საზოგადოებამ ეს ტუტუცი ძალად “ინწილიკტუალები” სამუდამოდ დასვას თავის ადგილზე!

ასეთი “არგუმენტებით”, მე თუ მკითხავთ, რესპუბლიკური პარტია უფროა ასაკრძალავი – ისინი, “პრო” კი არა, პირდაპირ ამერიკელები არიან და უცხო ქვეყნის ინტერსებს ემსახურებიან საქართველოში! ხან საქართველოში შემოსულ ამერიკულ და თურქულ სამხედრო გემებს უდგებიან “ჩესტზე” და ხანაც სხვა ქვეყნების ტანკებსა და სამხედრო ძალას მიესალმებიან სახეგაბადრულნი.

და თუ მართლაც ავკრძალავთ “ცენტრისტებს”, მაშინ რეალურად რა გამოდის? რომ მართლაც გვეშინია, საზოგადოებამ მხარი არ დაუჭროს და ხმა არ მისცეს ასეთ გამოახტულ ხისტ პრორუსულ ძალას? ამიტომ ვკრძალავთ მას? მგონია, რომ არჩევნებში 1 ან 2 პროცენტის აღება თვალნათელს გახდის ქართველი საზოგადოების დამოკიდებულებას ასეთი ღია და ხისტი რუსული პოზიციების მქონე პოლიტიკური ძალისადმი და ეს გაცილებით სწორი მიდგომაა, ვიდრე ის, რომ მომავალში ვინმემ თქვას _ საქართველოს შეეშინდა ასეთი ძალის და აკრძალაო.

საზოგადოდ, არჩევანი ხალხმა უნდა გააკეთოს და არა თინამ და მისმა ცანცარებმა. თუ ხალხმა გადაწყვიტა, რომ, რუსეთმა კი არა, თუნდაც ვიკინგებმა უნდა დაგვიპყრონ, ესე იგი უნდა დაგვიპყრონ! მთავრობის ერთადერთ მისია ის არის, რომ ხალხისთვის შექმნას საკუთარი ნების ღიად, დაუფარავად და უშიშრად გამოხატვის გარემო.

თუმცა ამას “ამერიკანელებს” ვერაფრით გააგებინებ! მათთვის მთავარია, თავიანთი პატრონების თვალში შეიქმნან “რუსეთთან დაუდეგარი მებრძოლების” იმიჯი და ბევრი ამერიკული დოლარები თქვლიფონ, ხოლო რა შედეგს მოუტანს მათი ასეთი გაუაზრებელი მოქმედებები ჩვენს ქვეყანას, ეს, დიდი ხანია, ფეხებზე ჰკიდიათ!

საქართველო და მსოფლიო“, 17 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „ქართული ოცნებაამერიკის მარიონეტად გადაიქცა

ნანა ფოფხაძე

საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების დაპირებები და ისიც – რა ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში და რა ხდება დღეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკმაოდ ბევრი პარტია იყრის კენჭს, მაგრამ საზოგადოებას ამდენი იმედგაცრუების შემდეგ აღარ სჯერა პოლიტიკოსების. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება პარტია “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი თამაზ მეჭიაური.

- ბატონო თამაზ, არჩევნებში მოსახლეობის მაღალ აქტივობას ელოდებით?

- ველოდები იმ შემთხვევაში, თუ ნორმალურად წაიყვანს საარჩევნო კამპანიას რეალური ოპოზიცია. “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირად ეცდებიან, რაც შეიძლება ცოტა ხალხი მივიდეს არჩევნებზე, ეს ჩანს იქიდანაც, რომ არ სურთ, სარჩევნო უბნების გახსნა რუსეთში, რადგან იქ მილიონობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და ისინი, რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერენ ნატოში შესვლას. აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” რუსეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების აზრის იგნორირებას აპირებენ. უკვე ჩანს, რომ ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად.

- ნაციონალური მოძრაობისცხრაწლიანი განუკითხაობისა დაქართული ოცნებისშეუსრულებელი დაპირებების გამო ხალხი პოლიტიკოსებისგან იმედგაცრუებულია. ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ საზოგადოებამ პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა დაკარგა?

- რა თქმა უნდა, ნდობის დაკარგვა შეინიშნება, თანაც ხელისუფლებაც და მის მიერ დანიშნული ე. წ. ოპოზიციაც, „ნაციონალური მოძრაობა“, მოსახლეობას უნერგავს აზრს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ძირითადად ორი მოთამაშეა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ასეთი განლაგება ერთსაც აძლევს ხელს და მეორესაც; ნაციონალებისთვის მეორე ადგილზე ყოფნა მისაღებია, მით უმეტეს, თუ ძირითად სატელიტებსაც შეიყვანენ პარლამენტში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ “ქართული ოცნების” ნახევარი უკვე “ნაციონალური მოძრაობის” კადრებით არის დაკომპლექტებული. რესპუბლიკური პარტია ათკაციანი შემადგენლობით ახერხებდა პარლამენტის მართვას დასავლეთის მიმართულებით, მაგრამ ახლა რეალობა სხვაა, უკვე გამოჩდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ თავსდებიან ამ სქემაში და მოსახლეობას უკვე აჩვენებენ, რომ ქართული პოლიტიკური ველი სულაც არ არის ორპოლუსიანი. “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთად არის ერთი პოლუსი, რომელიც ამერიკიდან იმართება, ჩვენი პარტია კი იქნება დამოუკიდებელი ამერიკისგანაც და რუსეთისგანაც.

- როგორ შეაფასებთ ხელისუფლების მოღვაწეობას ბოლო 4 წლის განმავლობაში, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს?

- „ქართულმა ოცნებამ” ვერც ატლანტიკური და ვერც ევროპული მიმართულებით ვერ დაამყარა ურთიერთობა, ვერ შეასრულა დაპირებები, ვერ გაწევრდა ევროკავშირში, ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია შეუსრულებელია, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს ნატოში გაწევრების – საქართველო ნატოში რომ შევიდეს, ტერიტორიები უნდა გვქონდეს დაბრუნებული, საშინაო კურსიც უპერსპექტივოა; თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა თავისუფალია, აღარ მიმდინარეობს ზეწოლა და უსამართლო დაპატიმრებები, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით აქვთ სერიოზული პრობლემები, „ქართული ოცნების“ ახალი სახეები თითქმის მთლიანად „ნაცმოძრაობის“ კადრები არიან. ფაქტობრივად, მივიღეთ ორი „ნაცმოძრაობა“: ერთი – „ნაცმოძრაობით“ დაკომპლექტებული „ქართული ოცნება“ და მეორე – თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“.

- რუსეთ-საქართველოს დღემდე დაძაბულ ურთიერთობაზე რას იტყვით?

- საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან ურთიერთობა მოსაგვარებელია, თუმცა აქაც უნდა გავითვალისწინოთ ბევრი რამ, ეს მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში რომ არ შევიდეს. ჩვენ ხშირად გვიწოდებენ პრორუსულ პარტიას, მაგრამ ჩვენ ვართ კონტაქტური ძალა და უარს ვამბობთ დასავლეთის ჩარევაზე, ვგულისხმობ უხეშ ჩარევას. ამერიკის შეერთებული შტატები კი, ხედავთ, როგორ დაუფარავად ერევა ჩვენი ქვეყნის მართვაში. “ქართული ოცნება” ამერიკის მარიონეტად გადაიქცა. არ მინდა, ერთი უკიდურესობიდან გადავიდეთ მეორეში და რუსეთის ან დასავლეთის მარიონეტები გავხდეთ. ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით უნდა წარვმართოთ ურთიერთობა და ეს სულაც არ ნიშნავს პრორუსულობას, ეს ნიშნავს რეალობის აღქმას, იმ პრობლემის გათვითცნობიერებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. თუ რუსებს ნატოს დროშას ავუფრიალებთ და საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნებს ჩავატარებთ, მათთან მოლაპარაკების პერსპექტივა ნაკლები იქნება.

- ბატონო თამაზ, საინფორმაციო სააგენტო ინფო-9-სთან ინტერვიუში თქვით: არ შეიძლება არჩევანი გააკეთოს მოსახლეობამ ვინმეს პატივისცემის ნიშნად, რადგან ეს პიროვნებები უკვე აღარ თვლიან თავს ვალდებულად ამომრჩევლის წინაშე, არამედ ვალდებულად თვლიან თავს იმ ხალხის წინაშე, რომელმაც ისინი ამ თანამდებობაზე მოიყვანა. პრეზიდენტი თვლის, რომ ამ თანამდებობაზე მოიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მათ აიძულეს ბიძინა ივანიშვილი, ის დაესახელებინა ამ პოსტზე. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთ კანდიდატურას თავისი ნებით არ შეარჩევდა, თავიდანვე ეტყობოდა გიორგი მარგველაშვილს, რომ ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა. გიორგი მარგველაშვილისთვის მთავარია ისინი, ვინც დანიშნა, და მოსახლეობის აზრი ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს. კანდიდატები ამომრჩეველმა თავისი თვალსაზრისით უნდა აირჩიოს და არა ვინმეს პატივისცემით. რა მოგვიტანა ვიღაცის პატივისცემით არჩეულმა პრეზიდენტმა, კი ხედავთ…

- აგრეთვე, თქვით, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, თუ ხმას მისცემს ქართულ ოცნებას და ნაციონალებს, მათივე სატელიტებიანად, მალე, ბოდიში და, შეიძლება, საჯდომის დიამეტრის ზომაც კი დაგვიწესონ, რომელზე ნაკლები არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანსო. რა იგულისხმეთ?

- რას ვგულისხმობ და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ხომ ნახეთ, რაც მოხდა – ეს ყველაფერი ამერიკის ზეწოლით განხორციელდა, ამერიკის ელჩი ბედნიერებისგან გაბადრული და გაბრწყინებული სახით იძლეოდა ინტერვიუს და საიდან მოდის ეს შეკვეთა, ნათელია. პრეზიდენტისთვის ამერიკას უფრო აქვს ფასი, ვიდრე იმ ორას თუ ხუთასი ათას მოქალაქეს, რომლებმაც ხელი მოაწერეს და მხარი დაუჭირეს რეფერენდუმის ჩატარებას ქორწინების საკითხის განსაზღვრის შესახებ. პრეზიდენტად წოდებულ მარგველაშვილს, თუ რამედ მიაჩნია მოსახლეობის აზრი, რეფერენდუმი უნდა დაენიშნა და ამდენი მოქალაქე არ უნდა გაეწბილებინა.

პრაიმ ტაიმი“, 15 აგვისტო, 2016 წელი

პაატა ბურჭულაძის და მისი ცოლის ზღაპრულ დასვენებას ევროპაში „იავნანა“ აფინანსებს?

ქეთი ხატიაშვილი

პაატა ბურჭულაძე შესაძლოა, პოლიტიკაში სერიოზული სკანდალის წინაშე აღმოჩნდეს. მსოფლიო ბანს მნიშვნელოვანი დავალიანება დაუგროვდა. ის ფულს არა მხოლოდ კოორდინატორებსა და რიგით წევრებს ვერ უხდის, არამედ ოფისის ხარჯებსაც ვერ ფარავს. მეტიც, მას ჯერ კიდევ მაისში ჩატარებული ყრილობის ვალები არ გაუსტუმრებია. კონტრაქტორი ორგანიზაციები, რომლებიც პაატა ბურჭულაძეს ყრილობის ორგანიზებაში დაეხმარნენ, ფულის ჩარიცხვას დღემდე ამაოდ ელიან.

დიდი უკმაყოფილებაა პარტიაშიც. საქართველოს მასშტაბით კოორდინატორები და პარტიის რიგითი წევრები უკვე მეორე თვეა, ჯამაგირს ვერ იღებენ. უფულობის გამო პარტია „კარდაკარის“ პროგრამას ვერ ატარებს. ექსპერტების თქმით, „კარდაკარზე“ ბევრად არის დამოკიდებული არჩევნების შედეგები. სწორედ მისი წყალობით ხდება ამომრჩევლის ჯერ იდენტიფიკაცია, შემდეგ მათი არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მიყვანა.

NDI-ს კვლევებმაც აჩვენა, რომ პარტიაში რაღაც ისე არ არის. ბოლო კვლევების მიხედვით, მას რეიტინგი, შეიძლება ითქვას, გაუნახევრდა. ორი ნიშნულიდან (12%) ის ერთ ნიშნულზე დავარდა. არჩევნების წინ მას მხოლოდ 6%-იანი მხარდაჭერა აქვს.
არადა, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მდიდრული ჟესტით შემოვიდა. საქართველოს მასშტაბით მან პარტიული ოფისებიც საკმაოდ ძვირად დაიქირავა. სხვა პარტიების ლიდერების ინფორმაციით, მხოლოდ მარნეულის ოფისს პაატა თვეში 4 ათას ლარად ქირაობს, მაშინ როცა ზოგიერთი პარტია დაახლოებით ამდენივე თანხას მთლიანად ქვემო ქართლის პარტიული სტრუქტურის შენახვაში იხდის.

ექსპერტების შეფასებით, ეს ან უცოდინრობის ბრალია – პაატასთვის პოლიტიკა ჩინური გრამატიკაა, ანდა ის უბრალო ავანტიურისტი აღმოჩნდა, რომელსაც „დიდი ფული ანდეს, მან კი ის არაკეთილსინდისიერად დახარჯა“.

ეჭვი შევიტანოთ? ვერ იქნებოდა მსოფლიო დონის ბანი ავანტიურისტი? მის მიერ ქველმოქმედებისთვის დაფუძნებული ფონდის „იავნანას“ ფინანსურ ისტორიას თუ გადავხედავთ, ის ავანტიურისტი უფროა. თავად განსაჯეთ, ქველმოქმედებაში ბურჭულაძე ხარჯავდა ფონდში გადარიცხული თანხების მხოლოდ 27%-ს. მოკლედ, ფონდთან დაკავშირებით მხოლოდ კითხვები არსებობს და „იავნანა“ უარს ამბობს მონაცემების დაკონკრეტებაზე. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ იხარჯებოდა პოლიტიკისთვის გამოყოფილი თანხები. ყოველ შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძე იმდენად ამაყად შემოიჭრა პოლიტიკაში, თითქოს, სულ მცირე, იმ აკვანში გაზრდილი ბიჭი იყოს, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ბაზალეთის ტბის ძირას დაირწა. მისი ფანებისთვის კი პაატა ლამის წარმართთა ღმერთად იქცა, რომელიც წმინდათაწმინდაა და რომელსაც მხოლოდ მოწიწებით უნდა ესაუბრო.

თუმცა, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ავანტიურისტს უფრო ჰგავს. უკვე რამდენიმე თვეა, პარტიაში საკუთარ ხალხს ფულს ვერ უხდის, თავად კი, მეუღლესთან ანჟელა ვალისენკოსთან ერთად, ჰანოვერში ისვენებს საკმაოდ ძვირად ღირებულ სასტუმროში. და რატომ არ შეიძლება ვიკითხოთ, რა ფულით? რა უფლება აქვს ბურჭულაძეს, ხელფასები არ გადაუხადოს პარტიაზე მომუშავე კოორდინატორებს ან პარტიის წევრებს და თავად ზღაპრული დასვენება მოიწყოს? და ეს მაშინ, როცა მისი პარტიის წევრები საკუთარ შვილებს თბილისის მახლობლადაც კი ვერ აგზავნიან დასასვენებლად.

პაატას თბილისის აეროპორტში ჩვენი ერთ-ერთი ნაცნობი გადააწყდა. მათ მიუნხენამდე ერთად იმგზავრეს, შედეგ კი როცა ჰანოვერის რეისზეც ერთად აღმოჩდნენ, ამის შესახებ გახარებულმა მოგვწერა: ბურჭულაძესთან ერთად ვიმგზავრე, ისიც ჰანოვერში ისვენებსო. როგორც ცნობილ ბანს ფოტოებიც გადაუღო.

ისე, პაატა ბურჭულაძეს შესანიშნავი გემოვნება აქვს. მეუღლე ანჟელასთან ერთად ის სასტუმრო Schlosshotel Münchhausen(შლოსჰოტელ მიუნჰაუსენ)-ში ისვენებს. შეიძლება გაგება – აგვისტოში თბილისში განსაკუთრებულად ცხელა. და კიდევ უფრო ცხელა, როცა საკუთარი პარტიის წევრები დავალიანების დაფარვას ჯერ ისევ გთხოვენ. საინტერესოა, როცა პოლიტიკაში მიდიხარ და არჩევანს ფეშენებელურ სასტუმროში დასვენებასა და საკუთარი პარტიის წევრებისთვის ხელფასების დარიგებას შორის პირველის სასარგებლოდ აკეთებ, ამას ავანტიურა არ ჰქვია? შეიძლება, სხვამ უარესი შეფასებაც გააკეთოს.

სასტუმრო Schlosshotel Münchhausen კი მართლაც ზღაპრულია. თუმცა, როგორც ყველა ზღაპარი დედამიწაზე, საოცრად ძვირიც. ერთი დღე აქ გაჩერება 700 ევროდან 1100 ევრომდე ჯდება. აქ ყველაფერია თქვენი სრული ბედნიერებისთვის.

სასტუმრო მე-16 საუკუნის ციხესიმაგრეა, რომელსაც გარს ტყის მასივი აკრავს. ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. აქვს გოლფის მოედანი, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, სპა ცენტრი, თერმული წყლები, თურქული აბანო, ძვირად ღირებული ბარები… მოკლედ, ეს დიდი ფუფუნებაა. ასეთი არჩევანი გააკეთა პაატა ბურჭულაძემ… თუმცა, პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაარქვა. დამაფიქრებელია…

პარტიაში ამბობენ, რომ ის ევროპაში საქმეებზე გაემგზავრა. როგორც ჩანს, არის ხალხი, ვისთვისაც ასეთ ფუფუნებაში დასვენებაც „საქმეა“. ბურჭულაძე არა მხოლოდ ჯამაგირს არ უხდის საკუთარი პარტიის წევებსა და კოორდინატორებს, არამედ გამოდის, ატყუებს კიდეც მათ. ესეც პაატა ბურჭულაძის არჩევანია. როცა ასეთ ზღაპარში მოიწყობ დასვენებას, პარტიაში კი სერიოზული კრიზისი გაქვს, არჩევანს, როგორც ჩანს, ტყუილის სასარგებლოდ აკეთებ, სიმართლეს ხომ ვერ იტყვი…

ასე რომ, ფრთხილად, წინ ავანტურისტია!

„რეზონანსი“, 17 აგვისტო, 2016 წელი

ემიგრანტებმა ფულის გადმორიცხვა გაზარდეს

მაკა ხარაზიშვილი

ივლისში, იანვართან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 34 მილიონი დოლარით გაიზარდა. მთლიანობაში 7 თვეში უცხო ქვეყნებიდან 626 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. შარშანდელი კრიზისის შემდეგ გზავნილების მოცულობამ მცირედით მოიმატა, თუმცა კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება. ტრადიციულად, ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ირიცხება, მას მოსდევს ამერიკა და იტალია.

2016 წლის ივლისში ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოში 100 მილიონ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, რაც 10.4 პროცენტით (9.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი მოდიოდა.

ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, შესაბამისად, ყველაზე მეტი თანხა ამ ქვეყნიდან ირიცხება, სულ 7 თვეში 37,7 მილიონი დოლარი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (|ვა|) ინფორმაციით, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არაოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა, რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 800.000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. მათი ნაწილი ცხადია, რუსეთის მოქალაქეა, ნაწილიც შეიძლება რუსეთში არალეგალურად იმყოფება. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი ის გახლავთ, რომ ეს ადამიანები საქართველოში აგზავნიან ვალუტას, ეს კი ლარის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი საქმეა.

შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები – 11 მილიონი დოლარი, იტალია – 10,9 მილიონი დოლარი, საბერძნეთი – 9,948 მილიონი დოლარი, ხოლო თურქეთი 7,2 მილიონი დოლარი. რუსეთისა და ამერიკის გარდა, შარშანდელთან შედარებით ყველა ამ ქვეყნიდან გადმორიცხვები შემცირებულია. შარშან, შარშანწინდელთან შედარებით, ბოლო წლების განმავლობაში ფულადი გზავნილები პირველად შემცირდა. ამის მიზეზი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთში არსებული ეკონომიკური რყევები, საბერძნეთსა და იტალიაზე გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენა გახდა.

სტატისტიკოსების განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით 215 მილიონი ადამიანი სამშობლოს გარეთ ცხოვრობს. მიგრანტების ფულადი გზავნილები ყველა განვითარებადი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2 პროცენტს და დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ-ის 6 პროცენტს შეადგენს. ქართველი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა ქვეყნის შიდა პროდუქტის საშუალოდ 9%-ია. სპეციალისტების გათვლებით, საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, ათი პროცენტი ფულადი გზავნილების მიმღებია.

ამასთანავე, ფულადი გზავნილები, საზღვარგარეთიდან შემოსული სხვა წყაროებისგან განსხვავებით, სტაბილურობით ხასიათდება, ასევე მნიშვნელოვანი ბერკეტია ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის. 2012 წელს საქართველოში 1,334 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. 2013 წელს – 1,477 მილიარდი დოლარი, 2014 წელს – 1,440 მილიარდი დოლარი, 2015 წელს – 1,079 მილიარდი დოლარი, 2016 წლის იანვარ-ივლისში – 626 მილიარდი დოლარი.

“აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების ნაკადები უფრო სტაბილურია, ვიდრე საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობა, რომელიც, თავის მხრივ, გარე და შიდა შოკებისადმი მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება. უფრო მეტიც, მიმღებ ქვეყანაში არსებული კრიზისის დროს, ხშირ შემთხვევაში, ფულადი გზავნილების ნაკადები ზრდას განიცდიან და დაღმავალი ეკონომიკური ციკლის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ამავდროულად, ქვეყანაში ამ გზით შემოსული უცხოური ვალუტა არ იწვევს მომავალში ვალდებულების ზრდას. უმეტესი განვითარებადი ქვეყნებისთვის საერთაშორისო ფულადი ჩარიცხვები უცხოური ვალუტის მიღებისა და იმპორტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა”, – აცხადებენ ეკონომისტები.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ დღეისათვის საქართველოდან 1 მილიონზე მეტი ადამიანია გასული, საიდანაც 70% შრომითი მიგრანტია. ეს, ძირითადად, იმ ფიზიკურ პირთა გზავნილებია, რომლებიც ეკონომიკური პრობლემების გამო უცხოეთში მუშაობენ და საქართველოში ოჯახებს ინახავენ. ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა, შესაბამისად, ფულს ვეღარ აგზავნიან, რის გამოც ბოლო ორი წელია, წინა წლებთან შედარებით, ფულადი გზავნილები შემცირდა.

“საქართველოში მცხოვრები თითქმის ყოველი მე-4 ოჯახი საზღვარგარეთ წასული ნათესავის ხარჯზე ცხოვრობს. ფულადი გზავნილების შემცირება თვალნათლივ აჩვენებს, რომ ფინანსური პრობლემა ექმნებათ არა მარტო უცხოეთში სამუშაოდ წასულ ჩვენს თანამემამულეებს, არამედ მათ ხარჯზე საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს. ფულად გზავნილებს თავისი დადებითი მხარე აქვს. ასეთი გზავნილები უფრო სტაბილურია, ვიდრე კერძო კაპიტალის ნაკადი და შესაბამისად, ქვეყნის საგარეო დაფინანსების წყაროებს ამრავალფეროვნებს.

გარდა ამისა, გზავნილებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შინამეურნეობათა მოხმარების სტაბილურობაში. ისინი საქართველოში სამუშაოს არმქონე ოჯახების სოციალური უზრუნველყოფისა და შემოსავლის წყაროა”, – ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ გადმორიცხვებით დაკლებული ვალუტის კომპენსირებას მრეწველობის გაძლიერებაში ხედავს.

“გზავნილების მოცულობას ვუყურებთ, როგორც ერთ-ერთ წყაროს ფინანსური სტაბილურობის. ნორმალური ეკონომიკის ქვეყანაში ეს არის შემოსავლის ერთ-ერთი არაძირითადი საშუალება. მაგალითად, თურქეთში 15 წლის წინ ფულადი გზავნილები 4-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა. გზავნილების მოცულობა შემცირდა, ხოლო თურქეთის ეკონომიკა გაიზარდა ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის განვითარების ხარჯზე. თუ გვინდა, რომ ჩვენი ვალუტა იყოს მყარი, ეკონომიკა უნდა განვავითაროთ. ჩვენი პროდუქცია გახდეს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და მისი ექსპორტი გაიზარდოს”, – ამბობს სოსო არჩვაძე.

წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ფულადი გზავნილების მოცულობა 1,3 მილიარდ დოლარს მიაღწევს და 2014 წლის მაჩვენებელს მიუახლოვდება.

„რეზონანსი“, 17 აგვისტო, 2016 წელი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ისევ გაიჭედა

წლის ბოლომდე პროექტის დასრულება უკვე წარმოუდგენელია

ელზა წიკლაური

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, შესაძლოა, ისევ გადავადდეს. ამ დროისთვის არც თურქეთის, არც აზერბაიჯანის და არც საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებული არ არის. რკინიგზის მშენებლობის ტემპებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ აზერბაიჯანელი ექსპერტები და მხარეებს სამუშაოს დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. არადა, აქამდე როგორც ბაქოში, ასევე ანკარაში ირწმუნებოდნენ, რომ რკინიგზა 2016 წლის ბოლოს გაიხსნებოდა და მომავალი წლის დასაწყისიდან უკვე სრული დატვირთვით ამუშავდებოდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი – 2008 წელს. რკინიგზა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე შენდება. მაგისტრალმა პირველ ეტაპზე, 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა და 5 მილიონი ტვირთის გატარება უნდა შეძლოს, რაც მოგვიანებით, 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება. პროექტის საერთო სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს. წინასწარი პროგნოზით, მას შემდეგ, რაც სარკინიგზო ხაზი ექსპლუატაციაში შევა, იგი მნიშნელოვნად გაზრდის ვაჭრობის მოცულობას ქვეყნებს შორის.

აქამდე ვარაუდობდნენ, რომ რკინიგზა ექსპლუატაციაში 2016 წლის ბოლოს შევიდოდა, თუმცა დღეს ირკვევა, რომ წლის ბოლოსთვის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ვერც თურქეთში დასრულდება, ვერც საქართველოში და ვერც აზერბაიჯანში. ამ ფაქტის გამო კი აზერბაიჯანელი ექსპერტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

“ბაქო-თბილისი-ყარსის აზერბაიჯანული და ქართული მონაკვეთების მშენებლობის ტემპები უნდა დაჩქარდეს”, – აზერბაიჯანული გამოცემის “ეიბისი.აზ”-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანელი სპეციალისტები აცხადებენ.

აზერბაიჯანის მხრიდან “ტრასეკას” მდივან აკიფ მუსტაფაევის განცხადებით, შემაშფოთებელია აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადება იმის შესახებ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი, სადაც აზერბაიჯანული კომპანიები მუშაობენ, კვლავ დაუსრულებელია.

“ნათელი გახდა, რომ რკინიგზის ამოქმედება დაკავშირებულია არა მხოლოდ თურქეთის მონაკვეთზე არსებულ ტექნიკურ პრობლემებთან. არის განცდა, რომ არც აზერბაიჯანულ მონაკვეთზეა დასრულებული ყველა სამუშაო. აშკარაა, რომ საჭიროა სამუშაოების დაჩქარება აზერბაიჯანსა და საქართველოში, თუ გვსურს ბაქო-თბილისის-ყარსის კომერციულ ექსპლუატაციაში გაშვება 2017 წელს”, – განაცხადა მუსტაფაევმა.

ამასთან, როგორც “კომერსანტი” წერს, მანამდე აზერბაიჯანის რკინიგზამ გაავრცელა ცნობა, რომ ამჟამად დასრულებულია სამუშაოები საქართველოს მონაკვეთის პირველ და მეოთხე სტადიაზე (ესაა მარაბდა-თეთრიწყაროს 29,2-კმ-იანი და ახალქალაქი-კარწახის 26,3 კმ-იანი მონაკვეთები). ნაწილობრივადაა შესრულებული პროგრამა მესამე სტადიაზე (წალკა-ახალქალაქი, 74,1 კილომეტრი) და მიმდინარეობს სამუშაოები მეორე სტადიაზე (თეთრიწყარო-წალკა, 49,7 კილომეტრი).

რკინიგზაში აცხადებენ, რომ სამუშაოები რთულ რელიეფსა და კლიმატურ პირობებში მიმდინარეობს. კერძოდ, სარკინიგზო ვაკისის დახრილობა 35%-ს შეადგენს. სიმაღლეებს შორის განსხვავება კი კილომეტრებით იზომება. მაგალითად, მარაბდას სადგური ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს, სადგური თაფარავანი 2,2 კილომეტრზე, კარწახი კი 1,85 კმ სიმაღლეზეა.

რაც შეეხება საქართველოს მონაკვეთს, როგორც “რეზონანსს” შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზის”, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებარე კომპანიაში განუცხადეს, ახალი სარკინიგზო ხაზის ფარგლებში, საქართველოს მონაკვეთზე მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის დასრულება 2016 წლის ბოლოს იგეგმება.

“2015 წლის იანვარში გაიარა პირველმა სატესტო მატარებელმა. 2015 წლის დეკემბერში გაიარა პირველმა ორგანიზებულმა საცდელმა სატვირთო მატარებელმა. მთლიანობაში საქართველოს მონაკვეთი მოიცავს: 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს, 8 წევის ქვესადგურს, 4 თოვლდამცავ გალერეას და საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბს. მონაკვეთის მნიშვნელოვანი ობიექტია ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, სადაც გათვალისწინებული იქნება სამგზავრო ვაგზალი, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის პუნქტები, სამანევრო რაიონები, სატვირთო რაიონები, მათ შორის მშრალი პორტი.

სადგურის ტერიტორიაზე აშენდა ევროპული სტანდარტების ვაგზლის შენობა, რომლის საერთო ფართობიც 3000 კვადრატული მეტრია. პროექტის ავტორი არის ცნობილი გერმანელი არქიტექტორი იურგენ მეიერი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოები.

ასევე, მნიშვნელოვანი ობიექტია საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი, რომლის მშენებლობაც დასრულების ფაზაშია. გვირაბის საერთო სიგრძეა 4400 მეტრი – აქედან 1840 მეტრი საქართველოს ტერიტორიაზე. დასრულებულია გვირაბის გაყვანა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოები”, – აცხადებენ რკინიგზაში.

სამუშაოები დასრულებული არ არის არც თურქეთის ტერიტორიაზე. როგორც თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეტ არსლანი აცხადებს, თურქეთის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 87% უკვე დასრულებულია. ამასთან, როგორც არსლანმა განაცხადა, მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, “რამდენადაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამუშავება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა რამდენჯერმე გადავადდა. ზოგ შემთხვევაში მიზეზად თურქეთი სახელდებოდა, ზოგჯერ აზერბაიჯანი, ზოგჯერ მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის შენელებულ ტემპს ასახელებდნენ. აჟიოტაჟის შემდეგ კი მხარეები პირობას დებდნენ, რომ სამშენებლო სამუშაოებს დააჩქარებდნენ, სახელდებოდა ექსპლუატაციის ვადაც, თუმცა პირობა ვერ სრულდებოდა. ახლაც მშენებლობის დასრულების თარიღად 2016 წლის ბოლოს ასახელებენ, თუმცა, დიდი ალბათობით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრული დატვირთვით ვერც ახალ დათქმულ ვადაში ამუშავდება.

Comments are closed