„ახალი თაობა“: ნინო ბურჯანაძე: „ჩვენ ირმა ინაშვილს მხარს არ დავუჭერთ“ // რატომ ვერ შედგა ოპოზიციური გაერთიანება
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თენგიზ შარმანაშვილთან: „ვინც ბუნებრივ ბარიერსაც ვერ გადალახავს, მათზე აღარც უნდა ვილაპარაკოთ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „გიგა ბოკერია უნდა გასამართლდეს» // „ჩვენ არც მოსკოვს ვეტენებით და არც ვაშინგტონს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „ვლადიმერ პუტინის სოხუმში ჩასვლამ აფხაზები დააშინა“ // „სოხუმის საკრებულოს წევრმა ფილიამ სოხუმის ქუჩისთვის პუტინის სახელის მინიჭება მოითხოვა, მაგრამ მხარი არავინ დაუჭირა“
„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ ალექსეი არბატოვთან: „მოსკოვს სურს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის მხარდაჭერაზე უარის თქმის ხარჯზე“
„საქართველო და მსოფლიო“: სპირტისა და იარაღის კონტრაბანდით ნაშოვნი მილიონები // რატომ არ აპატიმრებენ თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს
——————-
„ახალი თაობა“, 17 აგვისტო, 2017 წელი
ნინო ბურჯანაძე: „ჩვენ ირმა ინაშვილს მხარს არ დავუჭერთ“
რატომ ვერ შედგა ოპოზიციური გაერთიანება
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი თბილისის მერობის პოსტზე საერთო კანდიდატურის წარდგენას აპირებდა. მოლაპარაკებები „ქართულ დასს“, „დემოკრატიულ მოძრაობას“, ლეიბორისტებს, „თავისუფალ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის მიმდინარეობდა. მართალია, ერთიანი კანდიდატის დასახელების სურვილი დიდი იყო, მაგრამ ქართულმა ხასიათმა თავისი ქნა და ეს გაერთიანება არ გამოვიდა. „პატრიოტთა ალიანსმა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტა.
გუშინ, 16 აგვისტოს, ალიანსის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელეს. პარტიის რჩეული პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გახდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აქტიურად უჭერდა მხარს ერთიანი კანდიდატურის დასახელების იდეას.
პარტიის ლიდერ დავით თარხან-მოურავის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკურ პროცესად უნდა იქცეს. მისი თქმით, ამის გაკეთება მხოლოდ ინაშვილს შეუძლია.
„მომავალ არჩევნებს ჩვენ არ უნდა შევხედოთ, როგორც მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ეს უნდა იქცეს პოლიტიკურ პროცესად მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე და საჭიროა ფიგურა, რომელიც შეძლებს ეს პროცესი გადააქციოს პოლიტიკურ პროცესად და ეს ირმა ინაშვილი იქნება“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
მერობის კანდიდატის თქმით, მომავალმა არჩევნებმა ადამიანებს რწმენა უნდა დაუბრუნოს. „ეს უნდა იყოს ბრძოლა თავისუფლებისათვის, არჩევნები ჩაივლის მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საერთო ოპოზიციური კანდიდატის დასახელებას უჭერდა მხარს.
როგორც ამბობენ, იგი აღფრთოვანებული იყო ოპოზიციის გაერთიანების იდეით. ირმა ინაშვილი პირად საუბრებში აღნიშნავდა კიდეც, რომ მის პარტიას არც ისეთი მაღალი რეიტინგი ჰქონდა, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს იყო და აღარც პარტიული რესურსი უწყობდა ხელს, დამოუკიდებლად გასულიყო ადგილობრივ არჩევნებში. აქედან გამომდინარე ცოტა გასაკვირია, რატომ თქვა ალიანსმა უარი სხვა პარტიებთან გაერთიანებაზე.
მოლაპარაკებები მიდიოდა ლეიბორისტებთანაც. ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი რამდენჯერმე შეხვდა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს. რაზე მოილაპარაკეს ან რაზე ვერ შეთანხმდნენ, ამას მხარეები არ აკონკრეტებენ. ფაქტი ისაა, რომ ლეიბორისტები მალევე გამოეთიშნენ ამ პროცესს. საერთოდ, ლეიბორისტული პარტია ყველა არჩევნებში დამოუკიდებლად ღებულობს მონაწილეობას და მისგან ასეთი ნაბიჯი გასაკვირი არც იყო.
მერობის საერთო კანდიდატს „თავისუფალი საქართველო“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ დაასახელებენ. „დემოკრატიული მოძრაობას“ საკუთარ კანდიდატურად დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰყავს დასახელებული, „თავისუფალ საქართველოს“ – კახა კუკავა.
რომელ კანდიდატზე შეჯერდებიან პარტიები, ეს ჯერ ცნობილი არ არის. კულუარებში ამბობენ, რომ ეს კახა კუკავა იქნება. დიმიტრი ლორთქიფანიძე ერთხელ უკვე იყო მერობის კანდიდატი. 2014 წლის არჩევნებზე მან მესამე ადგილი დაიკავა.
თუ პარტიებმა კახა კუკავაზე შეაჩერეს არჩევანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება. დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურის მოწონების შემთხვევაში, უკვე კახა კუკავა გახდება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ამ თემაზე არც „დემოკრატიულ მოძრაობაში“ და არც „თავისუფალ საქართველოში“ არ საუბრობენ. დღეს, 17 აგვისტოს, კახა კუკავას ბრიფინგი აქვს დაგეგმილი და, შესაძლოა, ამ თემაზე რამე თქვას.
ნინო ბურჯანაძემ, მართალია, გააკეთა კომენტარები, მაგრამ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა. იგი იმაზე დარდობდა, რომ ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ხელი არ შეუწყო ასეთი ერთობის შექმნას. ამასთან, ნინო ბურჯანაძემ ისიც აღიარა, რომ ყველა პარტიას აქვს უფლება საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედოს.
„ცალკე დღის წესრიგი შეიძლება ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ეს დღის წესრიგი არ უნდა იყოს მთლიანად მორგებული მხოლოდ პარტიის ვიწრო ინტერესებზე. ის უნდა ემსახურებოდეს საერთო საქმეს. განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე დაასახელეს კანდიდატები და ამან შეუშალა ხელი დანარჩენების ერთობას, არ მიმაჩნია სწორად. მე არ მგონია, რომ პატრიოტთა ალიანსი აპირებდა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ერთობლივი კანდიდატის დაყენებას, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგალითად, უკვე დაყენებული კანდიდატების არსებობას. სამწუხაროა, რომ პატრიოტთა ალიანსმა არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად ოპოზიციური ერთობა შემდგარიყო“, – აღნიშნა მედიასთან საუბარში ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის მტკიცებით, ირმა ინაშვილის კანდიდატურის დაყენება მათთვის მოულოდნელობა იყო.
„ბოლო მომენტამდე თითქოს ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ, კონსულტაციები გაეგრძელებინათ, მაგრამ ისე გამოაცხადეს საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ამის თაობაზე ოპოზიციური პარტიები არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში“, – ამბობს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.
ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ რაკი პატრიოტთა ალიანსმა ერთიან კანდიდატურაზე უარი თქვა, მას ხელისუფლების დამარცხება არ უნდა. მისი აზრით, ინაშვილის პარტიას შემდეგი მიზნები აქვს:
- ჩემთვის ეს არის ძალიან ნათელი ნიშანი იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსის ამოცანა არის არა ხელისუფლების დამარცხება, არამედ რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე უფრო მეტი ხმების აღება, რათა ოპოზიციურ ფლანგზე დაიმკვიდროს ადგილი. ამ ეჭვებს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს ის განცხადებებიც უღრმავებს, რომლებიც ალიანსის მხრიდან კეთდებოდა.
„ისინი ხშირად აკრიტიკებენ საპარლამენტო უმრავლესობას, მაგრამ არაფერს ამბობდნენ ბიძინა ივანიშვილზე. საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე, ეს არ მიკვირს, ეს მათი გადასაწყვეტი გახლავთ“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე. მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ხელისუფლებას დისკომფორტი ეგრძნო და ოპოზიცია გაძლიერებულიყო.
„ნამდვილად სიამაყით შემიძლია ვთქვა, მე და ჩემი თანაგუნდელები პრაქტიკულად ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ხელისუფლებისათვის მართლა სერიოზული პრობლემები შეგვექმნა და ოპოზიციური ერთობა ჩამოგვეყალიბებინა“, – აღნიშნავს „დემმოძრაობის“ ლიდერი. მისი თქმით, მას სურს ოპოზიციის სიძლიერე, მაგრამ „დემოკრატიული მოძრაობა“ ირმა ინაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
„ჩვენ ქალბატონ ირმას არ დავუჭერთ მხარს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არ მოიქცა ლამაზად. მათ ოპოზიციური პარტიებისთვის ის მაინც უნდა ეთქვათ, რომ მოლაპარაკებებიდან გამოსვლას და დამოუკიდებელი კანდიდატის დაყენებას აპირებდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა პოლიტიკური პარტიის, ამ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსის მთავარ ამოცანად იქცა არა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ რომელიღაცა ოპოზიციური პარტიებისთვის ხმების წართმევა, მაშინ ჩვენი გზები ნამდვილად გაიყოფა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
———
პარლამენტის ყოფილ სპიკერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ პარტიას შეიძლება პატრიოტთა ალიანსმა ხმები წაართვას, თუმცა ამ პარტიის გამოცნობა ძნელი არ არის. ნინო ბურჯანაძეს მხედველობაში თავისი პარტია ჰყავდა.
„პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“ დაახლოებით ერთნაირი პლატფორმა აქვს. ორივე პარტია პრორუსულად ითვლება. ექსპერტებმა არაერთხელ თქვეს, რომ გაერთიანების შემთხვევაში, ამ პარტიებს გაცილებით მეტი შანსები აქვთ. ამ ორი პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე საპარლამენტო არჩევნების წინაც იყო საუბარი. მათ გაერთიანება მაშინაც ვერ შეძლეს. მაშინ „დემმოძრაობა“ უფრო დაზარალდა, ისინი ქუჩაში დარჩნენ, „პატრიოტები“ პარლამენტში შევიდნენ. საინტერესოა, რა შედეგს მიიღებენ ეს პარტიები თვითმმართველობის არჩევნებზე ერთმანეთისთვის ხმების წართმევით.
„ახალი თაობა“, 17 აგვისტო, 2017 წელი
ინტერვიუ თენგიზ შარმანაშვილთან: „ვინც ბუნებრივ ბარიერსაც ვერ გადალახავს, მათზე აღარც უნდა ვილაპარაკოთ“
კონსტიტუციონალისტი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში თენგიზ შარმანაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე დაგეგმილ მოლაპარაკებაზე საუბრობს.
- ბატონო თენგიზ, არის საუბარი, რომ ხელისუფლება ოპოზიციას სწორედ საარჩევნო ბარიერის ერთჯერადად გაუქმებას შესთავაზებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ ბარიერის გარეშე ჩატარდება. თუ არის მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყნებში?
- დიახ, არის. მაგალითად, ევროპაში, კონკრეტულად, ჰოლანდიაში, ნიდერლანდების სამეფოში ბუნებრივი ბარიერით ტარდება არჩევნები. რას ნიშნავს საარჩევნო ბარიერის გარეშე არჩევნების ჩატარება? მარტივად რომ განვმარტო, ეს არის ხმების ის რაოდენობა, რომელიც ჰყოფნის თუნდაც ერთი კანდიდატის გადაყვანას. ვინაიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადები გადაიწია 2020 წლის შემდეგი არჩევნებისთვის, პოლიტიკური პარტიები რომ მოემზადონ და არ აღმოჩნდნენ გაურკვეველ სიტუაციაში, თანაც, როგორც მოგეხსენებათ, ასევე უქმდება საარჩევნო ბლოკები, ამ გარდამავალი პერიოდისთვის შემოღებული იქნება ე.წ. ბუნებრივი ბარიერი, რომ ამ პარტიებს თუნდაც ერთი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში.
ბუნებრივი ბარიერი მცირერიცხოვანი პარტიებისთვის დიდი შეღავათი უნდა იყოს და შანსი იმისთვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო სერიოზულად მოემზადონ.
- ბუნებრივი ბარიერი ამ პარტიებისთვის გადარჩენის შანსია?
- ასეთი შეფასება თქვენი, ჟურნალისტების საქმეა.
- 6 სექტემბერს სტრასბურში შეხვედრა იქნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ შეხვედრისთვის ემზადება ხელისუფლება თუ რას უკავშირებთ ამ წინადადებას?
- ბუნებრივიც არის, რომ ხელისუფლება ამ შეხვედრისთვის ემზადებოდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიებს მიმართა და უთხრა, რომ პარტიებმა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს კონსტიტუციის პროექტს და რა არის ის წითელი ხაზები, რომელთაც ოპოზიცია არ დათანხმდება. ამდენად, ეს ძიება ორმხრივია. ხელისუფლებაც ელოდება ამ პარტიებისგან წინადადებებს, შემხვედრ ნაბიჯებს და ოპოზიციაც ელოდება ხელისუფლებისგან წინადადებას. ამ შემთხვევაში აუცილებელიც იყო, რომ პირველი წინადადება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ყოფილიყო. ეს სწორედ ამის გამოძახილი უნდა იყოს. ეს ყოველივე ცოცხალი პროცესის მანიშნებელია.
- თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ სამართლებრივი პროცესი დაასრულა, როდესაც კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით მიიღო, მესამე მოსმენა რედაქციული ხასიათის შენიშვნების გათვალისწინებას ეხება…
- ერთ რამეს გეტყვით ამ საკითხზე: თუ იქნება ორმხრივი თანხმობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვენეციის კომისიის შუამდგომლობით, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
- კონკრეტულად?
- შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს არის, მანამდე კი დარჩენილია 3 წელიწადი. ამ 3 წლის განმავლობაში შესაძლებელია, ამ კონკრეტული საკითხის ინიცირება მოხდეს პარლამენტში. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი და ამას გეუბნებით, როგორც კონსტიტუციონალისტი. შეიძლება სხვა სამართლებრივი მექანიზმიც იყოს გამოყენებული, მაგრამ ეს ყველაზე მარტივი გზაა.
- თქვენ საუბრობთ სამართლებრივ გზებზე…
- დიახ, რა გზები შეიძლება იყოს გამოყენებული თუ შეთანხმება მოხდება. არ უნდა იყოს იმ გზის მოძებნა რთული, თუ როგორ უნდა გაფორმდეს სამართლებრივად მიღწეული შეთანხმება.
- ოპოზიციის ერთი ჯგუფი ამბობს, რომ ეს არის სატყუარა, ოპოზიციაში განხეთქილების შესატანად გადმოგდებული. მაგალითად, ბურჯანაძე ამბობს, რომ პარლამენტს ქარვასლად ვერ გადააქცევს…
- ბურჯანაძის იდეების კომენტირებისგან საერთოდ ყველა საკითხზე თავს შევიკავებ, მათ შორის ამ საკითხზეც.
- ოპოზიციამ რაზე უნდა გააკეთოს მთავარი აქცენტი?
- ქართულ პოლიტიკაში ბავშვობის ხანა უნდა დასრულდეს. არსებობდე მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი პატარა პარტია, ვიღაცასთან ბლოკში შევიდე და იქნება რაღაც გავაკეთო როგორმე – ამ იდეამ რა მოგვიტანა 25 წლის განმავლობაში, კარგად ვნახეთ. ამ ხნის განმავლობაში ვერც პარტიული სისტემა ჩამოყალიბდა და ვერც ვერაფერი ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ ვამბობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა საარჩევნო ბლოკების გაუქმება.
ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. საარჩევნო ბლოკები უნდა აიკრძალოს. პარტიები უნდა დასხდნენ და მოიფიქრონ, როგორ გააგრძელონ პოლიტიკური მოღვაწეობა. თუ შეძლებენ დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობას და შედეგის დადებას, უნდა გააგრძელონ დამოუკიდებლად არსებობა. თუ არა, მაშინ უნდა გამსხვილდნენ და უნდა შექმნან უფრო სოლიდური პოლიტიკური ორგანიზაციები.
ეს საკონსტიტუციო ცვლილება კარგი ნაბიჯია. 2024 წლისთვის, როდესაც სრულად ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ბარიერიც 5% იქნება, პარტიები მას მომზადებულები უნდა შეხვდნენ, მანამდე კი ერთგვარი გარდამავალი პერიოდი იქნება და სწორედ ამას ემსახურება ეს ბუნებრივი ბარიერიც. ამ შანსის არგამოყენება უზარმაზარი შეცდომა იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან.
ბუნებრივ ბარიერს ვინც ვერ გადალახავს, ანუ ვინც ერთ დეპუტატსაც ვერ გაიყვანს, მათზე სერიოზული, სოლიდური ლაპარაკი, როგორც პოლიტიკოსებზე, აღარ ღირს.
- პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სრულად გადასვლა 2024 წელს დაფიქსირებული თუ არის კონსტიტუციის ახალ რედაქციაში?
- დიახ, რა თქმა უნდა, ეს დაფიქსირებულია ძირითად ტექსტში. 2020 წელს შერეული სისტემით არჩევნების ჩატარება გარდამავალ ტექსტშია ჩაწერილი, როგორც ერთჯერადი აქტი.
- ბატონო თენგიზ, თქვენ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ოპოზიციამ 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედების ლობირება უნდა მოახდინოს და დანარჩენ 3 საკითხს შეეშვას…
- პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა. თუ ისეთი პოლიტიკური განწყობაა, რომ ეს შეუძლებელია, მაშინ პოლიტიკოსებმა ისეთი ვარიანტზე უნდა იზრუნონ, რომელიც პოლიტიკურ პროცესს არ დააზარალებს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდება პროცესი სტრასბურში 6 სექტემბერს?
- გააჩნია, რა განწყობით ჩავლენ მხარეები. თუ წინასწარი განწყობებით ჩავლენ, რომ ვერ შედგეს შეთანხმება, მაშინ ვერ შედგება. სტრასბურს ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ: ვინაიდან მხარეებს შორის ნდობის ფაქტორი მოიკოჭლებს, მედიატორის წინაშე დადებული ვალდებულებების შესრულების მეტი გარანტიაა. მით უფრო, თუ ეს მედიატორი ისეთი დონის საერთაშორისო ორგანიზაციაა, როგორიც ვენეციის კომისიაა.
„ახალი თაობა“, 17 აგვისტო, 2017 წელი
ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „გიგა ბოკერია უნდა გასამართლდეს» // „ჩვენ არც მოსკოვს ვეტენებით და არც ვაშინგტონს“
პატრიოტთა ალიანსმა თბილისის მერად ირმა ინაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ალიანსი თვითმმართველობის არჩევნების წინ მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორებას გეგმავს. რაში სჭირდებათ საარჩევნოდ აქციები, რა იქნება მათი მთავარი მოთხოვნა, რატომ შეჩერდა არჩევანი ირმა ინაშვილზე? ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება.
- პატრიოტთა ალიანსმა თბილისის მერად ირმა ინაშვილის კანდიდატურა დაასახელა. რატომ შეჩერდა მასზე არჩევანი?
- ვიღაცაზე ხომ უნდა შეგვეჩერებინა არჩევანი. ირმა ინაშვილი მერობის კანდიდატებში ყველაზე ღირსეული კანდიდატურაა. ვიდრე მისი კანდიდატურის შერჩევის სხვა მიზეზებსაც დავასახელებ, რაღაც თარიღებზე მინდა თქვენი მკითხველის ყურადღების გამახვილება. ჩემგან ინტერვიუს რომ იწერთ, არის 16 აგვისტო, 2 დღის წინ იყო 14 აგვისტო. 14 აგვისტო არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღი. 1992 წელს ამ დღეს დაიწყო საქართველოს დაქცევა. 14 აგვისტოს მთელი დღე ველოდი, რომ რომელიმე ჟურნალისტი შემომეხმიანებოდა, მაგრამ ყველამ ზურგი მაქცია. არავინ არ მოისურვა, რომ ჩემი პირით სიმართლე გაეგო ხალხს. სპეცსამსახურები, ქართული და უცხოური პოლიტიკური ელიტა შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არასდროს არ დაგვიბრუნდება.
ახლა ისევ ირმას დავუბრუნდები და გავიმეორებ, რომ ის საუკეთესო კანდიდატურაა. ყველა ქალაქს და, მით უმეტეს, დედაქალაქს მერად სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც არავისზე არ იქნება დამოკიდებული. ირმა არავისზე არ არის დამოკიდებული და ის თავის გადაწყვეტილებებში ყოველთვის თავისუფალი იქნება.
- ამბობთ, რომ ირმა ინაშვილი არავისზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ პატრიოტთა ალიანსი მოაზრებით პრორუსულ ძალად. არაერთხელ თქმულა იმის შესახებაც, რომ თქვენი ლიდერები მითითებებს მოსკოვიდან ღებულობენ. ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი რუსეთზე არ იქნება დამოკიდებული?
- ირმა ინაშვილი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მოსაზრებებს ჩვენს პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ვის მიერ მოვიაზრებით ჩვენ პრორუსულ ძალად, რუსეთის აგენტურისაგან? ტელევიზიების 80% იმაზე მუშაობს, რომ ჩვენ პრორუსულებად მოვინათლოთ. სხვათა შორის, მაგ თემაზე ყველაზე დიდი ზეწოლა სწორედ რუსეთიდან მოდის, ეს ზეწოლა იმიტომ მოდის, რომ ჩვენ ვართ ეროვნული ძალა.
- რაზე მოდის ზეწოლა რუსეთიდან, იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ?
- რაზე მიდის და იმაზე, რომ ჩვენზე ილაპარაკონ, პრორუსულები არიანო. გიმეორებთ, ჩვენ ვართ ეროვნული ძალა, რომელიც არც მოსკოვს ეტენება და არც ვაშინგტონს. პატრიოტთა ალიანსი სუფთა ქართული პოლიტიკის გამტარებელი ძალაა.
მოგეხსენებათ, ახლა ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ვცდილობთ საერთო ენის გამონახვას. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან არ მიგვიშვან. ამაზე დილიდან დაღამებამდე მუშაობს მეხუთე კოლონაც. სანამ მეხუთე კოლონას არ გავაჩერებთ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე არც კი უნდა ვიოცნებოთ.
- თვითმმართველობის არჩევნების წინ პატრიოტთა ალიანსი აქციების დაწყებას გეგმავთ. თქვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გიგა ბოკერიას გასამართლებაა. ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ არ გაქვთ პრეტენზიები?
- ჩვენ მიერ დაანონსებულ აქციებზე მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა. სამართლიანობა ვერ აღდგება, თუ ბოკერია არ გასამართლდა. ბოკერიასთან ერთად სხვა ნაციონალების დაჭერაც საჭიროა. პირადად მე 2006 წლის კოდორის მოვლენების გამოძიებას მოვითხოვ. ამ საქმის გამოძიებას უკვე 11 წელია ვითხოვ, მაგრამ არავის არ აინტერესებს. პოზიციაც და ოპოზიციაც მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე საუბრობენ.
- აღარც ამ თემაზე აღარ საუბრობენ...
- ხანდახან მაინც ხომ ახსენებენ. 2006 წელი ყველამ ამოშალა მეხსიერებიდან. ხელისუფლებაშიც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ ამ ღალატში. ფეისბუქის გვერდზე ირაკლი ოქრუაშვილის მწვადებთან მარიაჟი გავაზიარე. ჟურნალისტები ჰყავდა დაპატიჟებული და მიხეილ სააკაშვილის გამართლებას ცდილობს.
- რანაირად ამართლებს, არსად უთქვამს, მიხეილ სააკაშვილი მართალი იყოო...
- გამართლებაა, აბა რა არის, სააკაშვილზე იძახის, შეცდომა დაუშვაო. ვინც მაგაზე ამბობს, შეცდომა დაუშვაო, ყველა მას ეხმარება. როგორ შეიძლება გამიზნულ ღალატს შეცდომა უწოდო? ოქრუაშვილისაც კარგად მესმის, ის ვალდებულია, `გააპრავოს~ სააკაშვილი. ის ამ გამიზნული ღალატის მონაწილე იყო. მასთან ერთად ამაში ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე მონაწილეობდნენ. მათ რიგებში იყო ირაკლი ალასანიაც. ამ უკანასკნელს ოქრუაშვილთან ერთად კოდორის ჩაბარებაში მთავარი როლი აქვს შესრულებული. მთლად მთავარი, რა თქმა უნდა, სააკაშვილი იყო. ამერიკის საელჩოდან რეკომენდაცია ან დასტური რომ არ ყოფილიყო, ესენი ამდენს ვერ გაბედავდნენ.
- ამერიკას რატომ უნდა სდომებოდა ხეობის ჩაბარება?
- რატომ? მე ვარ პირადად იმის მოწმე, როგორ გვეუბნებოდა ოთარ შალიკაშვილი, ხეობა არის ჩასაბარებელიო. ეს ოთარ შალიკაშვილი ხომ იცით, ვინაა? ამერიკელი გენერლის ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის მკვიდრი ძმაა. 2002 წელს ამერიკამ საქართველოში „წვრთნის და აღჭურვის პროგრამა“ დაიწყო. შალიკაშვილი ამ წვრთნების კურატორი იყო. სხვათა შორის, 2006 წლის სცენარი 2001 წელს იდგმებოდა პირველად. მაშინ კოდორში ჩეჩნები შემოიყვანეს და კინაღამ დიდ უბედურებაში ჩავვარდით. მე მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახს და საკუთარ კისერზე გადავლილს ვეყრდნობი. ამის თანახმად შემიძლია გითხრათ, რომ კოდორის ჩაბარებას რუსეთმა, ამერიკამ, გაერომ, ეუთომ და თუკი რამე საერთაშორისო ორგანიზაციაა, ერთად შეუწყვეს ხელი.
- ამბობთ, ოთარ შალიკაშვილმა პირდაპირ გვითხრა კოდორი ჩასაბარებელიაო. რატომ იყო ჩასაბარებელი, არ ჰკითხეთ?
- როგორ არ ვკითხეთ და პასუხიც მივიღეთ. მან ასეთი რამე გვითხრა, ხეობა იმიტომ უნდა ჩააბაროთ, რომ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებულიო.
- რომელ ხელშეკრულებაზეა საუბარი?
- ეგ ჩვენც ვიკითხეთ, მაგრამ არ გვიპასუხა.
- რატომ არ გიპასუხათ?
- გვითხრა, ეგ თქვენი საქმე არ არისო.
- ის მაინც არ გაარკვიეთ, ვის მიერ იყო ეს ხელშეკრულება გაფორმებული?
- ამბობდა, ეგ თქვენი საქმე არ არისო. მარტო ამ ამბიდანაც ჩანს, რომ საქართველოში პროამერიკული და პრორუსული არ არსებობს. რუსები და ამერიკელები საქართველოში არიან ერთნი და ერთ საქმეს ემსახურებიან. ერთმანეთში საათივით აქვთ ყველაფერი აწყობილი და საქართველოც გაყოფილი აქვთ. კიდევ ვიმეორებ, რუსეთი და ამერიკა ერთია.
- თუ ეს მართლაც ასეა, თქვენი პარტიის წარმომადგენლები მოსკოვის პარალელურად ვაშინგტონში რატომ არ წავიდნენ. რაღა დუმაში გამართეს შეხვედრები?
- ჩვენები ვაშინგტონში უკვე იყვნენ და კიდევაც წავლენ. რუსეთში წასვლა იოლო არ იყო. ამის გამო უამრავი ტალახი გვესროლეს.
- ვაშინგტონში რომ წასულიყავით, ამდენ ტალახს არ გესროდნენ...
- გვესროდნენ. ჩვენ იქ სხვებივით მონებივით არ ჩავიდოდით. რუსეთში წასვლა სწორი ნაბიჯი იყო. ამ ქვეყანას წართმეული ტერიტორიების სახით ჩვენი ვალი აქვს. მევალეს თუ არ დაელაპარაკები, ვალი როგორ უნდა მოსთხოვო. იმ ხალხს, ვინც ჩვენ დიალოგის გამო გვლანძღავს, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება არ უნდა.
კიდევ ერთ ძველ ამბავს გავიხსენებ. თავის დროზე შევარდნაძემ თქვა საინტერესო რამე. მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებებს გაყოფილი აქვთ. მან ბევრი რამე იცოდა და ამას შემთხვევით არ იტყოდა. ყველაფერი მართლა აქეთკენ მიდის. ახლა აჭარაა ძალიან დიდი საშიშროების ქვეშ. ვიღაცები ამტკიცებენ, რომ რუსეთი აჭარას არ დათმობს, მაგრამ დამიჯერეთ, დათმობს. ეს ბოლო ფრაზა შეიძლება დიდი ასოებით დაწეროთ. იქნება ასე მაინც შევიდეს ვიღაცების თავში.
- რას ჰქვია დათმობს, რუსეთისაა აჭარა?
- არც აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო ამერიკის, მაგრამ რუსეთს დაუთმეს. ახლა ამის სანაცვლოდ რუსეთს აჭარის დათმობას მოსთხოვენ. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ყარსის ხელშეკრულება რუსეთსა და თურქეთს შორისაა გაფორმებული.
- მოდით, ისევ ალიანსის აქციას და მოთხოვნებს დავუბრუნდეთ. კიდევ რა მოთხოვნები გექნებათ?
- ბევრი მოთხოვნა გვექნება. ჩვენ ვართ ეროვნული ძალა და იმ მოთხოვნებს დავაყენებთ, რაც ჩვენი ერისთვის სასიცოცხლოა.
„ახალი თაობა“, 17 აგვისტო, 2017 წელი
ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „ვლადიმერ პუტინის სოხუმში ჩასვლამ აფხაზები დააშინა“ // „სოხუმის საკრებულოს წევრმა ფილიამ სოხუმის ქუჩისთვის პუტინის სახელის მინიჭება მოითხოვა, მაგრამ მხარი არავინ დაუჭირა“
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ აფხაზური საზოგადოება დაშინებულია და აგვისტოს ომების დაწყების თარიღებთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, სერიოზული გამოხმაურება არ ყოფილა.
„ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალაქ სოხუმის დე-ფაქტო საკრებულოს წევრმა, ვინმე ფილიამ ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის პუტინის სახელის მინიჭების წინადადება წამოაყენა. წინადადებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, სულ მალე სოციალურ ქსელებში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. პუტინის ვიზიტის, მისი განცხადებების შეფასება არ ხდება, ყველა დუმს. ამ შემთხვევაში დუმილი მრავლისმთქმელია, იგი სულაც არ არის თანხმობის ნიშანი. პირიქით, აფხაზური საზოგადოება დაშინებულია და თავის პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.
- ბატონო ჯემალ, აფხაზურ საზოგადოებაში არ აინტერესებთ, ომების დაწყების თარიღებთან დაკავშირებით პუტინი ჩავა აფხაზეთში თუ სხვა ვინმე?
- პუტინის ვიზიტზე რაიმე სერიოზული გამოძახილი, მაგალითად, სოციალურ ქსელებში არ ყოფილა. ყველა დუმს. თუმცა, ეს დუმილი არა მგონია, თანხმობის ნიშანი იყოს.
- აბა, ეშინიათ?
- აფხაზური საზოგადოება დაშინებულია. პუტინის ვიზიტი აფხაზეთში კრემლის აგრესიული პოლიტიკის მორიგი ცინიკური და სამარცხვინო გამოვლინება იყო. პუტინი კაგებეშნიკია, სოხუმში ისეთ რაღაცებზე ილაპარაკა, ისეთი ქვეტექსტებით, რომ აფხაზები დააშინა. მე მთლიანად ვეთანხმები საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მკვეთრ და ობიექტურ შეფასებებს ამ ფაქტთან დაკავშირებით.
- პუტინმა დასაშინებელი რა თქვა? მიკროფონებთან სტრატეგიული პარტნიორობა შესთავაზა. ისე რა უთხრა ხაჯინბას, ეს საზოგადოებას არ ეცოდინება…
- პუტინის ვიზიტი უკავშირდებოდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს გაჩაღებული ომის მეცხრე წლისთავს. ეს იყო ღიმილის მომგვრელი პასუხი საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის ამასწინანდელ წარმატებულ ვიზიტზე. ბიჭვინთაში ჩამოსვლით რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აბუჩად აიგდო საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმები, მოახდინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის დემონსტრირება.
- პუტინის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა პირველად არ ხდება...
- გასაგებია, მაგრამ პუტინმა თავისი `სტუმრობით~ კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ შეურაცხყო რუსეთის გადამწყვეტი მონაწილეობით, აფხაზეთში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ნათელი ხსოვნა.
- საინტერესოა, პუტინის მიერ ბიჭვინთაში გახმოვანებული გზავნილები. პრინციპულ სიახლეს შეიცავდნენ?
- პუტინის გზავნილებში პრინციპული სიახლე არ არის, თუმცა, ყურადღებას იმსახურებენ. პუტინის მიერ გაჟღერებული გზავნილები პოლიტიკური დატვირთვის მქონეა და ცალკეულ ქვეტექსტებს შეიცავს.
- აფხაზებს უსაფრთხოებისა და „დამოუკიდებლობის“ გარანტიები ხომ მისცა?
- რუსეთის პრეზიდენტის ხმამაღალი და რიხიანი განცხადება აფხაზეთის უსაფრთხოებისა და ვითომ დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ, პირდაპირ მიუთითებს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ხარისხზე. სინამდვილეში ამგვარი განცხადება იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორია მომავალშიც დარჩება ნატოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ბაზად, რომ ეს ბაზა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
- ანუ რუსეთი აფხაზების უსაფრთხოებისა და ე.წ. დამოუკიდებლობის გარანტი არ არის?
- რუსეთის პოლიტიკა აფხაზების უსაფრთხოებას კი არა, მის იმპერიულ ზრახვებს ემსახურება. ამიტომ პუტინის განცხადება ნიშნავს არა იმდენად უსაფრთხოებისა და „დამოუკიდებლობის“, არამედ ანექსიონისტური პოლიტიკის გაგრძელების გარანტიას. ამაზე მეტყველებს დაუპატიჟებელი სტუმრის მიერ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება რუსი ტურისტების უსაფრთხოების ერთობლივად უზრუნველყოფის აუცილებლობაზე და ამასთან დაკავშირებით რუსეთ-აფხაზეთის ყბადაღებული შსს ორგანოების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, ყოველგვარი კომენტარები აქ ზედმეტია. იმედი მაქვს, აფხაზური საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სათანადოდ შეაფასებს პუტინის განცხადების ამ ნაწილს.
- ანექსიონისტური პოლიტიკის კონტექსტში უნდა იქნას განხილული პუტინის „ზრუნვა“ აფხაზეთის ეკონომიკაზე?
- დიახ, საუბარი აფხაზეთის განვითარების „ოპტიმალური გზების“ ძიების აუცილებლობაზე, „საკუთარი საგადასახადო ბაზის“ გაფართოებაზე, ზედმეტია.
- გამორიცხავთ, რომ რუსეთმა აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე იზრუნოს?
- აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების, ფაქტობრივად, ერთადერთ „ოპტიმალურ გზად“, კრემლს დიდი ხანია, აფხაზეთიდან დევნილთა და გენოციდის მსხვერპლთა უძრავი ქონების, მათ შორის, მიწებისა და სახლების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვა ესახება.
- ანუ რუსეთის მიზანი აფხაზეთის სრული ანექსიაა?
- დიახ. აფხაზეთის ანექსიის მიზნის მიღწევას ემსახურება ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებაც „აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისა და სამედიცინო დახმარების შესახებ“.
- ასეთი პრივილეგია რას შეიძლება ისახავდეს მიზნად?
- ამ „შეთანხმებამ“ უნდა წაახალისოს აფხაზეთის მოსახლეობის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მასობრივად მიღება, საქართველოსთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. აფხაზურმა საზოგადოებამ იცის, რომ მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე რუსული `ზრუნვა~ უდიდეს საფრთხეს შეიცავს. საქმე ისაა, რომ აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება დაიშვება ნაცვალგების საფუძველზე, ანუ იმავდროულად უნდა მოხდეს რუსების მიერ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაც.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- მოსკოვიდან გამოგზავნილი შესაბამისი „კანონპროექტი“ უკვე ხაჯინბას კანცელარიაშია და მალე განსახილველად ე.წ. სახალხო კრებას გადაეგზავნება. ამ შემთხვევაში კომენტარებისაგან თავს შევიკავებ, ისედაც ყველაფერი ნათელია.
- დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს უკვე მეორედ დაუწესეს სანქციები, მაგრამ ეს მასზე არ მოქმედებს. რუსეთი პოლიტიკას არ ცვლის…
- რუსეთმა, ამ უზარმაზარმა ბირთვულმა სახელმწიფომ, თავისი აგრესიული პოლიტიკით საკუთარი თავი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. მის მთავარ „მოკავშირეებად“ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რჩებიან, რომლებიც სამხედრო ბაზებად არიან გადაქცეული. სწორედ ამ რეგიონებიდან ცდილობს კრემლი თითი დაუქნიოს დასავლეთს, ნატოს და მის მოკავშირეებს.
- შექმნილ ვითარებაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ?
- შექმნილ ვითარებაში აუცილებელია დეოკუპაციის სახელმწიფო პოლიტიკის კიდევ უფრო გააქტიურება. ამ მიზნით არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედება, აფხაზეთში რუსეთის გადამწყვეტი მონაწილეობით განხორციელებული გენოციდის თემის წინ წამოწევა და ოკუპანტისთვის მტკივნეული სხვა ზომების მიღებაა საჭირო.
„ინტერპრესნიუსი“, 16 აგვისტო, 2017 წელი
ინტერვიუ ალექსეი არბატოვთან: „მოსკოვს სურს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის მხარდაჭერაზე უარის თქმის ხარჯზე“
კობა ბენდელიანი
(შემოკლებით)
საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” რუსეთის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელს, რუსეთის სათათბიროს არაერთი მოწვევის ყოფილ დეპუტატსა და რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ალექსეი არბატოვს ესაუბრა.
(…)
- რუსეთი ცდილობს დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე მისი გავლენის სფეროა, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ თუ რა ხდება ამ და არ მარტო ამ საკითხის გამო მსოფლიო პოლიტიკაში. თქვენი დაკვირვებით, არსებული ვითარება სავარაუდოდ როგორ აისახება საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკაზე?
- რამდენადაც მესმის, რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის მხარდაჭერის შეწყვეტის ხარჯზე. ეს საკითხები ხომ ჩვენს შორის ურთიერთობების ყველაზე პრობლემური თემებია. ეს საკითხები ჩვენი დღის წესრიგის ზედა ყუთში ჯერ არაა, სადღაც მეორე-მესამე ყუთშია, მაგრამ დარჩენილია ჭრილობა, საიდანაც სისხლი არ მოდის, მაგრამ გვტკივა. თუ აღდგება ყველა კავშირები, კულტურული, ადამიანური და ეკონომიკური, მოსკოვი მხოლოდ ბედნიერი იქნებოდა.
- ლოზუნგი – ”არც ერთი ნაბიჯი უკან”, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც ეხება?
- ეს ხომ უმთავრესი საკითხია. თუ თბილისი იტყვის, რომ იგი მზადაა სრულად აღადგინოს ურთიერთობა რუსეთთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს დავუტოვებთ გადასაწყვეტად, ვფიქრობ, მოსკოვი ძალიან გაიხარებდა. მოსკოვს საქართველოსგან სხვა მეტი არც შეიძლება რომ უნდოდეს. რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობები უნდა. რუსეთს უნდა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტები ჰქონდეს. რომ იგი არ გაწევრიანდეს ნატოში.
- 1918-1921 წლებში საქართველოს ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული და მაშინ ყველაფერი საქართველოს ოკუპაციითა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით დასრულდა და ეს საქართველოში ახსოვთ, თანაც საკმაოდ კარგად…
- ისტორია საკმაოდ მდიდარი სკივრია სპეკულაციებისთვის. ბევრი რამის გახსენება შეიძლება, მათ შორის იმისაც, თუ როგორ თანამშრომლობდა სტალინი ჰიტლერთან და გერმანია და სსრკ მოკავშირეებიც კი იყვნენ. ბევრი რამის გახსენება შეიძლება. ისტორიული ანალოგიები ყოველთვის პირობითი და საკამათოა.
- საქართველო პატარა ქვეყანაა, საქართველოსთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საკმაოდ მტკივნეული თემებია და ამ რეგიონებთან დაკავშირებული ტრაგედიები ხალხს საკმაოდ კარგად ახსოვს…
- მოდით, უარი ვთქვათ ისტორიის საკითხებით აპელირებაზე. 200 წელი უკრაინა, პოლონეთი და ფინეთი რუსეთის იმპერიაში შედიოდნენ. რუსეთის იმპერიაში შედიოდა მთელი შუა აზია და რა, ამის საფუძველზე ახლა ჩვენ ისინი უნდა დავიპყროთ? კი, ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებსაც ამგვარი ნეოიმპერიული იდეები და ამბიციები აწუხებთ. სწორედ ისინი პროვოცირებენ ამ თემებით. ამ თემებით აპელირება აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია.
- თუ სწორად გავიგე, თქვენ საქართველოს სთავაზობთ დაივიწყოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და იფიქროს რუსეთთან კარგ ურთიერთობებზე…
- ჩემი აზრით, მოსკოვი სურს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის მხარდაჭერაზე უარის თქმის ხარჯზე. საქართველო არავის წინაშე არაა ვალდებული, მაგრამ თავად უნდა განსაზღვროს როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს.
- რაც ეხება ქართულ პოლიტიკას. ”ინტერპრესნიუსთან” წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ – ”თუ საქართველო გააგრძელებს ნატოს მიმართულებით მოძრაობას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ გაუმჯობესდება“. ფაქტია, რომ ოფიციალური თბილისი რამდენადაც შესაძლებელია თანმიმდევრულად ახორციელებს ევროკავშირთან და ნატოსთან თავსებადობის პოლიტიკას. ამგვარ ფონზე რა შეიძლება მოხდეს?
- იმედი მაქვს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი აღარ იქნება. მაგრამ, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ გაუმჯობესდება. ჩვენს შორის ურთიერთობების ისტორიამ იცის მაგალითები, როცა ათწლეულების მანძილზე ურთიერთობები არ უმჯობესდებოდა. ეს ცუდია, მაგრამ ბევრად უკეთესია ვიდრე დაძაბულობის ზრდა და მით უმეტეს, შეიარაღებული დაპირისპირება.
- იმის გათვალისწინებით, რომ თქვენთან ”ინტერპრესნიუსის” ინტერვიუებს მკითხველი აშკარად არ აკლია, ახლა როცა საერთაშორისო ურთიერთობებში რეალურადაა ჩამოყალიბებული არაორდინალური, საკმაოდ გართულებული და ტურბულენტურ გარემო, თუ ქართველი მკითხველისთვის რამე კიდევ გაქვთ სათქმელი, თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ. გისმენთ…
- როგორც ამ ცოტა ხნის წინ ჩვენ შევთანხმდით, მე თქვენს ზარს კი ველოდი, მაგრამ არ მეგონა, თუ დღეს დამიკავშირდებოდით. რომ მცოდნოდა, ამ კითხვაზე საპასუხოდ ბევრს ვიფიქრებდი და განსაკუთრებულადაც კი მოვემზადებოდი.
მე ძალიან განვიცდი, რომ 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდა კონფლიქტი. ორივე მხრიდან დაიღუპა ხალხი, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. მიმაჩნია, რომ რუსებსა და ქართველებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ნათესაური ურთიერთობები აკავშირებთ. შესაძლოა, ეს ისეთი არა, როგორც რუსებსა და ბელორუსებს, რუსებსა და უკრაინელებს შორის, მაგრამ საკმაოდ, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთოები რომ გვაკავშირებს, ფაქტია. ეს ეხება არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობებს, არამედ ქვეყნების ინტერესებს.
ვუსურვებდი საქართველოს ნატოში შეუსვლელად გააძლიეროს თავისი ეკონომიკა, გახდეს რეგიონში მნიშვნელოვანი ფაქტორი და რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მიუხედავად უმჯობესდებოდეს. ისტორიამ იცის იმის მაგალითები, რომ ისეთი მტკივნეული პრობლემები, როგორიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებია, სწრაფად არ გვარდება. ორივე მხარის პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს თემები რჩება ჩვენს შორის შეუთანხმებელ საკითხებად, მაგრამ ისინი არ უნდა იყოს ჩვენს შორის ურთიერთობებში მუდმივად დაძაბულობისა და კონფლიქტების საფუძველი. მოდით გადავდოთ სამომავლოდ ამ პრობლემების მოგვარება. სიტუაცია იცვლება რუსეთში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში. მსოფლიოში დინამიურად მწვავდება ვითარება. მოდით, ჩვენ ამ აგიზგიზებულ კოცონებში არ მივასხათ ნავთი! როგორც მინიმუმ, ჩვენს ქვეყნებს ჰქონდეთ სტაბილური ურთიერთოებები და გვქონდეს იმის იმედი, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ პრობლემურ საკითხებზე გარკვეული გარღვევების მიღწევას.
- ბატონო ალექსეი, ყურადღებით კი გისმენდით, მაგრამ თქვენს მიერ დახატული ვითარებიდან, როგორც ტელევიზიის მუშაკები იტყვიან, აშკარად ამოვარდნილია, აფხაზეთში პრეზიდენტ პუტინის ამასწინანდალი ვიზიტის სურათი და მის მიერ იქ გაკეთებული განცხადებები…
- ალბათ აჯობებს, ამ კითხვების ადრესატი თავად ის იყოს, ვინ აფხაზეთს სტუმრობდა. მე აფხაზეთში არ ვყოფილვარ და არც არანაირი განცხადებები არ გამიკეთებია.
„საქართველო და მსოფლიო“, 16 აგვისტო – 05 სექტემბერი, 2017 წელი
სპირტისა და იარაღის კონტრაბანდით ნაშოვნი მილიონები
რატომ არ აპატიმრებენ თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტს ისე ექცეოდნენ, როგორც საკუთარი ჯიბეს, და ფულს ისე ხარჯავდნენ, როგორც მოესურვებოდათ, შედეგად “ნაცმოძრაობის” უქონელი წარმომადგენლები, რომლებიც, როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადა, ხელისუფლების სათავეში ცალ–ცალი კალოშით მოვიდნენ, რამდენიმე წელიწადში კი მილიონერებად იქცნენ სახელმწიფო ბიუჯეტისა და წართმეული ბიზნესების ხარჯზე.
სწორედ ამიტომ აღძრა სისხლის სამართლის საქმეები საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, მისი მმართველობის პერიოდში თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის, თბილისის მერ გიგი უგულავასა და სხვების წინააღმდეგ.
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და სახელმწიფო ბიუჯეტის რამდენიმე მილიონი ლარის (ბოლო ინფორმაციით, 9 მლნ) გაფლანგვაში 2013 წელს დასდო ბრალი, როცა გასაჯაროვდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების შესახებ დოკუმენტები: გადახდის ქვითრები და ანგარიშფაქტურები. ეს დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ სააკაშვილმა დატოვა საქართველო და თავი უკრაინას შეაფარა. ამჟამად კი უკრაინის მოქალაქეობაც ჩამორთმეული აქვს და ქვეყნიდან ქვეყანაში გადადის. მის საქართველოში ექსტრადიციას კი დასავლელი პატრონები ეწინააღმდეგებიან.
გაქცევით უშველა თავს სააკაშვილის “რუხმა კარდინალმა”, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმაც, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზებაში ადანაშაულებენ, ამ ყველაფრისთვის, სულ ცოტა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ადეიშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბერს დატოვა საქართველო და, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო ძებნა გამოცხადებული, ამჟამად უცხოეთშია (ჯერ უნგრეთში იყო, შემდეგ _ უკრაინაში) და თავს მშვენივრად გრძნობს.
გაქცევა ვერ მოასწრეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. პროკურატურამ გიგი უგულავა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა (ააიპ “თბილისის განვითარების ფონდის” 13,8 მლნ ლარი) და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება) დაადანაშაულა, რაც 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მაგრამ 14-თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პროკურატურამ 2013 წლის 13 მაისს დააპატიმრა და ბრალი დასდო მოსყიდვაში, გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. მერაბიშვილს ბრალდება წარედგინა დასაქმების პროგრამის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეებზე. ის 2014 წლის თებერვალში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა კი დასავლელი მფარველებისა და მათი ორმაგი სტანდარტის წყალობით დაიძვრინა თავი ქართული მართლმსაჯულებისგან.
დავით კეზერაშვილი _ შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი _ 2013 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. მას პროკურატურა ორ ეპიზოდში ედავებოდა: სპირტის კონტრაბანდასა და ტელეკომპანია “იმედის” გასხვისებაზე (ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 2008 წელს ტელეკომპანია “იმედში” ჯოზეფ ქეის წილის დათმობა აიძულა). საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების, აგრეთვე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნო 2013 წლის იანვარში. ეს დანაშაულები ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა, სარგებლის მიღების მიზნით, თანხმობა განუცხადა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: ნიკოლოზ დავითაშვილსა და იოსებ იმნაძეს, გამოეყენებინათ სამსახურებრივი მდგომარეობა და მფარველობა გაეწიათ აღნიშნული პირების უკანონო საქმიანობისთვის. კერძოდ, გამოძიების მასალების მიხედვით, დავითაშვილმა და იმნაძემ განიზრახეს, ყურძნის მასალასთან ეთილის ან სხვა სპირტის შერევითა და ტექნოლოგიური მანიპულაციებით ეწარმოებინათ ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დავითაშვილმა და არჩვაძემ დაარეგისტრირეს შპს “განთიადი” და შპს “ნაფარეული”. სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა, როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი საქართველოში ისე, რომ არ დაებეგრათ. აღნიშნულ პირებს თავიანთ საქმიანობაში სჭირდებოდათ მხარდაჭერა ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მფარველობას გაუწევდნენ. ისინი დაუკავშირდნენ ფინანსური პოლიციის იმჟამინდელ უფროს დავით კეზერაშვილს და სთხოვეს, ხელი შეეწყო უკანონო საქმიანობისთვის. კეზერაშვილი, იმის ნაცვლად, რომ მიეღო ზომები დანაშაულებრივი სქემის აღსაკვეთად, რაც მისი უშუალო მოვალეობა იყო, დათანხმდა უკანონო ბიზნესის მფარველობაზე. მან დაიკისრა ვალდებულება, გავლენა მოეხდინა საბაჟო, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებზე.
2009 –დან 2012 წლამდე დავით კეზერაშვილმა კონტრაბანდული საქმიანობის შედეგად მიიღო 7 570 032 აშშ დოლარი.
დავით კეზერაშვილს, როგორც სახელმწიფო მოხელეს, ქრთამად აღებული აქვს 4 669 978 აშშ დოლარი, ხოლო, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, _ 7 664 705 აშშ დოლარი. წლების განმავლობაში დანაშაულებრივი მანიპულაციებით საქართველოში სულ შემოტანილ იქნა 19 868 312 ლიტრი ეთილის სპირტი, გადასახადების დამალვის გამო სახელმწიფომ იზარალა 49 392 341 ლარი; კეზერაშვილმა კი, საერთო ჯამში, უკანონოდ მიიღო 12 334 683 აშშ დოლარი.
ამის მიუხედავად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილი გაამართლა და მან საქართველო დატოვა…
მაგრამ ეს არ ყოფილა კეზერაშვილისთვის წაყენებული ერთადერთი ბრალდება.
აი რას წერდა “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ზაზა წულაძე 2014 წლის 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში “რატომ ვერ ვისროლეთ M4 ტიპის ავტომატებით?!” საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის _ დავით კეზერაშვილისა და მისი პარტნიორების კორუფციულ გარიგებაზე, რომლის გამოც საქართველოს მთავრობამ 10 მილიონზე მეტი დოლარის უვარგისი ვაზნები შეიძინა და შედეგად 2008 წლის აგვისტოს ომში ქართველი ჯარისკაცები ამერიკული იარაღისთვის საჭირო ვაზნების გარეშე დარჩნენ.
“საქმე ეხება 2008 წლის თებერვალში ისრაელიდან 14 მილიონი ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნების _ ნ.კ.) M855-ის შესყიდვას. ამ გარიგებაში ჩართული იყვნენ, როგორც გაყიდვების ინკოგნიტო აგენტი ისრაელიდან, ისე ამერიკული კომპანია ALS Technologies-ი. ამ კომპანიის პრეზიდენტი დენიელ ალვირეზი, 21 პირთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წელს დააპატიმრეს. ამერიკის ფედერალურმა ბიურომ მათ ბრალი “საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტის” კანონის დარღვევისთვის დასდო. ბრალდებაში ნათქვამი იყო, რომ, ერთ შემთხვევაში, 3,9 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა საქართველოს მთავრობამ 4,7 მილიონ დოლარად იყიდა, ალვირეზმა კი ქრთამად 112 ათასი დოლარი მიიღო. 2008 წლის ივლისში საქართველოს მთავრობასთან 7,2 მილიონი დოლარის გარიგებაში ალვირეზს დამატებით 57 600 დოლარი ერგო. საბრალდებო დასკვნიდან ასევე ნათელი იყო, რომ ქრთამს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირები იღებდნენ. ვიცეპოლკოვნიკმა გაიოზ მოსეშვილმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში სენაკის მეორე ბრიგადის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა, “ამერიკის ხმას” განუცხადა, რომ ბრიგადის არც ერთმა ჯარისკაცმა ბრძოლაში ამერიკული M4 ტიპის ავტომატი არ წაიღო, ვინაიდან შეძენილი ტყვიები უხარისხო აღმოჩნდა: “ბაზაზე M-4 ტიპის 3500 ავტომატი გვქონდა, 500 ერთეულამდე იყო დანარჩენი იარაღი. გასვლის წინ ყველა ბატალიონს გამოუცხადეს: _ ბიჭებო, რა გინდათ, საბრძოლველად აირჩიოთ: ამერიკული M-4 თუ რუსული AKC–ო?! ყველამ აირჩია AKC–ი და რატომ M აირჩია? _ M-4-ისთვის შეძენილი ტყვიები უვარგისი იყო, გასროლისას ავტომატში იჭედებოდა და რომელი ჯარისკაცი აიღებდა ისეთ ავტომატს, რომელსაც ტყვია ეჭედება, თანაც ომში როცა მიდის?!” იმავეს ამბობს სერჟანტი ამირან შავგულიძეც: “არ ემადლიერებოდნენ ჯარში M-4 ტიპის ავტომატს, არ იყო ისეთი, როგორც “კალაშნიკოვი”. ამერიკაში მიმდინარე გამოძიების თანახმად, M4 ტიპის ავტომატების ვაზნების კორუფციული სქემით შესყიდვაში ჩართული იყვნენ: ისრაელის კომპანია “პაზ ლოჯისტიკის” პრეზიდენტი ოფერ პაზი, ამერიკის მოქალაქეები: მარკ მორალესი და საულ მიშკინი, რომელიც საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრ დავით კეზერაშვილს მისი ნათესავის, ქართველი ებრაელის, შაბთაი ბატაშვილის, საშუალებით დაუკავშირდა. ამ თემაზე წერილი სათაურით “კორუფციის გამოძიება იარაღის ბიზნესის შესახებ საქართველოსკენ მიუთითებს” ამერიკულმა გამოცემა “მეინ ჯასთისმაც” გამოაქვეყნა. 2010 წელს, როცა ამერიკაში ამ სკანდალის გამო გამოძიება დაიწყო, საქართველოში უხმაუროდ დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გელა ბერძენიშვილი. მას 2008-2009 წლებში შესყიდვების დეპარტამენტის უფროსისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები ეკავა, მაგრამ გამოძიება უფრო შორს აღარ წასულა. მოგვიანებით ბერძენიშვილი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა და სკანდალი ჩაიფარცხა. ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის ყოფილი მეთაური, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო განათლების ყოფილი სარდალი, თადარიგის პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა ამბობს: “რუსეთთან ომმა ყველაფერი ჩამოწერა: მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელიც ომის დროს თავდაცვის სამინისტრის ჰქონდა, უცბად ისე გაქრა, რომ, ფაქტობრივად, არაფერი შეგვრჩა, გარდა იმ ყაზარმებისა, რომლებშიც ზოგან სანტექნიკაც არ მუშაობს და, საზოგადოდ, რთული პირობებია. ამას სჭირდება კომპეტენტური და კომპლექსური გამოძიება. თუ გვაინტერესებს, რა მოხდა, უნდა დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს კატასტროფის გამოძიება, როგორც სამხედრო–პოლიტიკური, ისე ე.წ ეკონომიკური ელემენტების. მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, სად წავიდა ეს ყველაფერი!”
2008 წლის 11-22 აგვისტოს მონაკვეთში, უმაღლესი მთავარსადლობისგან უპატრონოდ მიტოვებულ სენაკის სამხედრო ბაზიდან რუსებმა ასეულობით მილიონი დოლარის ქართული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა უპრობლემოდ გაიტანეს. მათ შორის, ამერიკული M-4 ტიპის ავტომატები და მისი უვარგისი ტყვიებიც. აგრეთვე, ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. ახალი კვადროციკლები, სამხედრო “ლენდროვერები”, “დოჯები”, “ურალები”, “ზილები”, “კამაზები”, “კრაზები”, “მაზ”-ისა და “გაზ”-ის ტიპის მანქანები, T-72 ტიპის ტანკები. ერთი ასეთი ტანკის ღირებულება 540 000-დან 669 000 დოლარამდე მერყეობდა. რუსების შემოსვლამდე სენაკის მეორე ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცეპოლკოვნიკმა გაიოზ მოსეშვილმა, 14 ჯარისკაცთან ერთად, მეზობელ რაიონებში გადამალა ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკი თ-72, “ლენდროვერები” და სხვ. ოთხი “მი-8” ტიპის ვერტმფრენი გადამალა მშობლიურ სოფელში მაიორმა გოდერძი ლეკვეიშვილმა. 2010 წელს ყველა სამხედრო პირი, რომლებიც სენაკის სამხედრო ბაზის ქონების გადარჩენაში მონაწილეობდნენ, სხვადასხვა მიზეზით შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი გაიოზ მოსეშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი დაინტერესებული იყო, რომ 2008 წლის აგვიტოში რუსეთის სამხედრო ძალებს სენაკის სამხედრო ბაზა მთლიანად გაეძარცვათ, რათა კორუფციული გზით შეძენილი უხარისხო იარაღისა და სამხედრო მასალის კვალი სამუდამოდ გამქრალიყო”.
აღსანიშნავია, რომ “2016 წლის მაისში ისრაელში დაჰკითხეს ყოფილი გენერალი გალ ჰირში, რომელსაც, სხვა ბრალდებებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემაში ადანაშაულებენ. ეს ინფორმაცია Democracy & Freedom Watch-მა ებრაულ გამოცემა Haaretz-ზე დაყრდნობით გაავრცელა.
როგორც გამოცემა წერდა, ჰირში ებრაული არმიის ბრიგადის გენერალი იყო, სანამ საკუთარ კომპანია Defensive Sheild-ს დაარსებდა. 2015 წლის სექტემბერში ჰირშმა ისრაელის პოლიციის უფროსის პოსტზე თავისი კანდიდატურა მოხსნა სკანდალის გამო, რომელშიც Defensive Sheild -ი და დავით კეზერაშვილი ფიგურირებდნენ. ისრაელის პოლიცია ეჭვობს, რომ Defensive Sheild -მა თაღლითობისა და ქრთამის საშუალებით მოიპოვა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები. ხოლო პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, ქრთამი მისცეს, არის დავით კეზერაშვილი. პოლიციის ვერსიით, ქრთამის გადაცემა კეზერაშვილის მეგობრის საშუალებით ხორციელდებოდა, რომელიც ჰირშს იცნობს” (NEWS.GE. 12 მაისი, 2016).
მანამდე კი კეზერაშვილის სახელი გახმაურდა ე.წ. პანამის დოკუმენტების საქმეშიც, 2016 წლის აპრილში შვეიცარიული გამოცემა Tribune de Geneve იუწყებოდა, რომ 2006 წელს დავით კეზერაშვილი, როდესაც მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა; ხოლო 2008 წლის დეკემბერში, “რუსეთთან კატასტროფული ომის შემდეგ”, კეზერაშვილი გადადგა და “მალე ოლიგარქი გახდა”.
გამოცემის ინფორმაციით, “კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში ნდობით აღჭურვილმა პირმა მისთვის 3 ოფშორული კომპანია დააფუძნა, რომელთა ანგარიშებზეც ნავთობის გაყიდვიდან მიღებული მილიონები გადარიცხა.
პანამის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამ კომპანიისთვის ერთ-ერთი ანგარიში გაიხსნა შვეიცარიულ ბანკ BCGE-ში, სადაც გადაირიცხა 20 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (21 მილიონამდე აშშ დოლარი). კიდევ 25 მილიონი გადაირიცხა იმავე გზითა და იმავე პერიოდში ბანკებში:– ABN AMRO-სა და BNP Paribas-ში.
2013 წლის დასაწყისში კეზერაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით საქართველოში გამოძიება დაიწყო. 2013 წლის მაის-ივნისში კი კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა პანამურ იურიდიულ კომპანია Mossack Fonse-ს მოულოდნელად დოკუმენტების ძველი თარიღით რეგისტრაცია მოსთხოვა. სასამართლო საქმის წარმოების დაწყებამდე კეზერაშვილმა თავისი აქტივები ორ სხვა ოფშორულ კომპანიაში გადაიტანა”.
კეზერაშვილი თავის აქტივებს საქართველოში ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” 2011 წლის ანგარიშში “საქართველოს სარეკლამო ბაზარი” აღნიშნულია, რომ საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა. მისი მეგობრები და ნათესავები ფლობდნენ, მართავდნენ ან დაკავშირებულნი იყვნენ ამ სექტორის რამდენიმე დიდ კომპანიასთან, რომელთა შორის იყო:
*”ჯენერალ მედია” _ სარეკლამო სახლი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა რეკლამის განთავსება ყველა ნაციონალურ არხზე. კომპანიამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეწყვიტა ფუნქციობა;
*”აუთდორ.ჯი” _ გარე რეკლამის უმსხვილესი კომპანია თბილისში, რომელსაც თბილისის მერიამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეკლამო განცხადებების განთავსების ექსკლუზიური უფლება მიანიჭა. მტკვრის მარცხენა სანაპიროს კი “სმოდ ედვერთაიზინგი” აკონტროლებს, რომელიც, როგორც ირკვევა, “აუთდორ. ჯის” შვილობილი კომპანიაა. “აუთდორ. ჯის” მთავარი აქციონერია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Aდპროჯეცტს Iნც-ი (70%);
*კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებულ სარეკლამო სააგენტოებს შორისაა: “მედია პორტი”, “ედ უინდფორსი”, “ედ კორპორეიშენ”-ი, “SM ჯორჯია”.
დიმიტრი ჩიქოვანი, კეზერაშვილის სიძე, მისი ბიზნესების ერთ-ერთი მმართველი იყო საქართველოში. 2012 წლის იანვარში ჩიქოვანი გახლდათ დირექტორი “ფოთი ტერმინალ ჰოლდინგისა”, რომელიც ფოთის პორტში მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა. სწორედ აქ იკვეთება კეზერაშვილის ინტერესები ფოთის პორტის მიმართ. დიმიტრი ჩიქოვანი მინდობილობით წარმოადგენდა ასევე Adprojects Inc.-ს, “აუთდორ. ჯის” მესაკუთრეს, და “ლექსორ კაპიტალს”, რომელიც “საქართველოს ლატარიის კომპანიის” 30%-იანი წილის მფლობელია.
2011 წელს კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ “გალფის” მესაკუთრე იყო. 2012 წლის ნოემბერში “სან პეტროლეუმ ჯორჯიამ” (რომელიც “გალფის” დაახლოებით 140 ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებს საქართველოში) განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ამ კომპანიის ყველა აქცია დათმო. 2012 წლის ივლისამდე კეზერაშვილი შპს “უნიგრუპსაც” ფლობდა, რომელიც “ლუკოილის” პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი იყო.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოჩეკილი ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი სატელევიზიო კომპანიებსაც ფლობდა. კეზერაშვილი “რუსთავი 2”-ისა და “მზის” 40-40%-ის მფლობელი იყო. “რუსთავი 2”-ში თავდაცვის ყოფილი მინისტრი კომპანია “მედია ჯორჯიათი” იყო წარმოდგენილი, “მზეში” _ “ჯორჯიან მედია კომპანით”. კეზერაშვილმა მერე ეს წილები ტელეკომპანიებში მიხეილ სააკაშვილის კურსელ ლევან ყარამანიშვილისგან შეიძინა. “რუსთავი 2”-ის წილში კეზერაშვილმა 500 000 დოლარი გადაიხადა, ხოლო “მზის” ანალოგიური 40%-იანი წილი 250 000 დოლარი დაჯდა, თუმცა 2 თვეში კეზერაშვილმა ეს წილები ისევ ყარამანაშვილებს მიჰყიდა.
აი ეს ქონება და ბიზნესები 4-5 წელიწადში ჩაიგდო ხელში დავით კეზერაშვილმა, რომელსაც “ვარდების რევოლუციის” პერიოდში, დროშების ქნევის მეტი, არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ თავისი, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” კეთილდღეობით იყო დაინტერესებული.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კეზერაშვილის ზემოთ ჩამოთვლილი აქტივების უმეტესობა თბილისში დაბადებულმა, მაგრამ რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა შეიძინა.
ძებნილი დავით კეზერაშვილი 2013 წელს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დააკავეს, როგორც შსს აღნიშნავდა: “პარიზისა და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად”, მაგრამ საფრანგეთის სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული, გაათავისუფლა და უარი თქვა მის ექსტრადიციაზე საქართველოში.
ამჟამად კეზერაშვილი იმყოფება დიდ ბრიტანეთში. 2016 წელს ლონდონის სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოსთვის მის გადაცემაზე. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული(?). აი ასეთია დასავლური მართლმსაჯულება: თურმე კეზერაშვილისთვის წაყენებული ბრალდებები კორუფციულ სქემებში მონაწილეობაზე; 12 მლნ დოლარის ქრთამის აღებაზე; ტელევიზიის მფლობელის იძულებაზე, დაეთმო წილი; 10 მლნ დოლარის ღირებულების უვარგისი ვაზნების შეძენაზე ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში ამერიკული იარაღისთვის საჭირო ვაზნების გარეშე დარჩნენ, პოლიტიკურად მოტივირებული ყოფილა.
მაგრამ დასავლელი პატრონები, სააკაშვილისა არ იყოს, თავიანთ კიდევ ერთ “ძაღლისშვილს” საბრალდებო სკამზე დასაჯდომად ხომ არ გაწირავენ?! მომზადებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებების, რადიოსადგურ “ამერიკის ხმის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” ანგარიშის მიხედვით
———-
ცნობისთვის: დავით კეზერაშვილი დაიბადა 1978 წელს თბილისში; 1992 წელს ბებიასთან ერთად ისრაელში, ჰოლონში, გადასახლდა; წელიწად–ნახევრის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა; 1999 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი; ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებსა და ივრითს. იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ის მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე გახდა; შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სადაც ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი იყო. 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა, ამ თანამდებობიდან 2008 წლის 5 დეკემბერს გადააყენეს.