globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 17 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 17th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას პასუხობს: რუსეთის სპეცსამსახურები და „კაბელების საქმე“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირონ ფირცხელანთან: „ხუდონჰესის უკან რუსეთი დგას“

„საერთო გაზეთი“: ინტერვიუ ზურაბ ხონელიძესთან: ბედისწერით ნაკარნახევი საქართველოს არჩევანი

———————-

„ახალი თაობა“, 17 სექტემბერი, 2015 წელი

ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას პასუხობს: რუსეთის სპეცსამსახურები და „კაბელების საქმე“

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს, ირაკლი ალასანიას პასუხობს. დეპუტატი ყოფილ თავდაცვის მინისტრს “ფეისბუქის” საშუალებით ეხმაურება.
ირაკლი სესიაშვილის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

“ბატონო ირაკლი, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად თავს ვიკავებ გავაკეთო შეფასებები “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით მანამ, სანამ სასამართლო გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, თავს ვალდებულად ვთვლი პასუხი გავცე ჩვენს საზოგადოებას თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე.

კითხვა პირველი: “იცოდა თუ არა ირაკლი სესიაშვილმა, რომ ამ პროექტს შეეძლო თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ხელში ჩაეგდო”.

გპასუხობთ: ეს პროექტი უნდა განეხორციელებინა თავდაცვის სამინისტროს, პროექტის ტექნიკური დეტალები თავიდან ბოლომდე თავდაცვის სამინისტროსთან უნდა შეთანხმებულიყო. როგორც პროექტის დამკვეთი მხარე თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელი იყო მის უსაფრთხოებაზე და მის ხელში იყო მართვის მექანიზმებიც. თქვენ რომ საუბრობთ ამ კაბელს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაევლოო, ეს ჩემთვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რადგან კაბელების შესაძლო მარშრუტი თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა შემუშავებულიყო, რაც არ განხორციელებულა და არანაირი დოკუმენტი ამ სავარაუდო გეგმის არ არსებობდა. ასე რომ თქვენი ვარაუდი ძალიან სუსტია შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე. რაც შეეხება ჭოლოკავას სანდოობის საკითხს, ამ პიროვნების და მისი ორგანიზაციის სანდოობა თავად უნდა დაგედგინათ (ეს თქვენი ვალდებულება იყო და კარგად იცით, რომ სცილდება ჩემს კომპეტენციას), თუმცა, როგორც ირკვევა, თქვენ არც კონტრდაზვერვისთვის მიგიმართავთ და არც სხვა სამსახურებისთვის გიკითხავთ მისი სანდოობის შესახებ; არ არსებობს თქვენს მიერ ოფიციალურად გაგზავნილი არც წერილი და ბუნებრივია ვერც პასუხი იარსებებს.

ასე რომ თქვენი ვარაუდი რომ “თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ხელში ჩავარდებოდა” მხოლოდ თქვენი ვარაუდია და თუ უფრო სწორად გინდათ გიპასუხოთ, ეს თქვენი “არგუმენტი” როგორც ჩანს პოლიტიკურ მოტივაციას უფრო ეფუძნება. სანამ ვინმე ჭოლოკავას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულებთ, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მას და მის სამსახურს, ამ პროექტის შეთავაზებამდე დაშვება ჰქონდა საიდუმლო შესყიდვებზე, გავლილი ჰქონდა შემოწმების ფილტრი და თქვენივე შესყიდვებში მონაწილეობდა. იმის შესახებაც გაცნობებთ, რომ როგორც ირკვევა ბატონი ჭოლოკავას ფირმამ უზრუნველყო ამერიკის საელჩოსთვის ბოჭკოვანი კაბელებით უზრუნველყოფა და თუ ჩვენი კონტრდაზვერვის არ გჯერათ და თქვენი ვარაუდები გირჩევნიათ, მე პირადად ამერიკული შესაბამისი სამსახურების შემოწმებას ვენდობი. და ბოლოს, ბატონო ირაკლი, ვთქვათ და დაადგინეთ, რომ ამ კაცს კავშირები ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან, მაშინ მე რატომ არ დამიკავშირდით და გამაფრთხილეთ, რომ მასთან რაიმე ტიპის კავშირი არ მქონოდა ან რატომ არ მოახდინეთ შესაბამისი რეაგირება? ეგ არის თქვენი კოლეგიალობა და პასუხისმგებლობა საერთო ინტერესების წინაშე?

კითხვა მეორე: “ასევე მაინტერესებს სესიაშვილის შეფასება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მიმდინარეობის გამო შეჩერებულია ოპტიკურბოჭკოვანი ხაზების სხვა პროექტი და თითოეული დღე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აფერხებს”.

გპასუხობთ: ბატონო ირაკლი, სამწუხაროდ, როგორც ეს საფრანგეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების დროს მოხდა, თქვენ ვერ ითვალისწინებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც გრიფით საიდუმლოა, საჯარო დისკუსიისგან თავი უნდა შევიკავოთ. ასე რომ, ამ კითხვაზე საჯარო პასუხს ვერ მოგცემთ ჯერჯერობით. ასე იყო საფრანგეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების დროს და ისიც იცით, რომ ის წარმატებით დასრულდა (უფრო უკეთ ვიდრე თქვენ გქონდათ მოლოდინი). ახლაც იგივეს გპირდებით. კარგი იქნება თქვენ თუ აუხსნით საზოგადოებას რა ინფორმაციას ეყრდნობით როდესაც საუბრობთ საიდუმლო პროექტის განხორციელების მიმდინარე მდგომარეობის შესახებ.

თქვენი ბოლო შეკითხვა: “როდესაც მან ეს პირი მომიყვანა, იცოდა თუ არა მისი წარსული და ის, რომ თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი”.

გპასუხობთ: ბატონო ირაკლი, გარდა იმისა, რომ ჩემს კომპეტენციაში არ შედის მისი ნასამართლეობის საკითხის დადგენა, მაინც მინდა შეგახსენოთ წინა ხელისუფლების მიერ როგორ ხდებოდა ადამიანების “გათაღლითება” (ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ, მგონი დაგავიწყდათ) და თუ მისი სანდოობის დადგენა გინდოდათ და ეს თქვენი ვალდებულებაც იყო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ეს არ გაგიკეთებიათ. და თუ ეს გადამწყვეტი ფაქტორია, მივესალმები იმას, რომ შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ თქვენს მიერ განხორციელებული შესყიდვები რამდენ “გასამართლებულ თაღლითთან” განახორციელეთ.

P.. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ კითხვების დასმით და ვარაუდების გამოთქმით საზოგადოების ყურადღების მიმართულება შეიცვლება.

პატივისცემით, ირაკლი სესიაშვილი, 16.09.2015 გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია”, – წერს ირაკლი სესიაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.

————

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეკითხვებით მიმართა.
ალასანიამ სესიაშვილის მიმართ შეკითხვები ე.წ. კაბელების საქმეის პროცესზე დასწრების შემდეგ გაასაჯაროვა. როგორც მან აღნიშნა, სესიაშვილის მხრიდან აინტერესებს, იცოდა თუ არა, რომ ჭოლოკავას პროექტის განხორციელების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია ხელში ჩაუვარდებოდა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს. ალასანიას ასევე აინტერესებს, ე.წ.კაბელების საქმის მოწმის ჭოლოკავას ნასამართლობის შესახებ თუ ჰქონდა სესიაშვილს ინფორმაცია.

„ახალი თაობა“, 17 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მირონ ფირცხელანთან: ხუდონჰესის უკან რუსეთი დგას

ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს და მოუწოდებს, გიგანტური ჰესების მშენებლობაზე ხელი აიღონ. მირონ ფირცხელანმა ეს გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა (ავტორი – შორენა მარსაგიშვილი)

,,ხუდონჰესი მთელი კუთხისთვის კატასტროფა იქნება. სვანეთი დაიცლება და განადგურდება. თუ ასეა, ხელისუფლებამ პირდაპირ უნდა გვითხრას, რომ სვანებს გენოციდს გვიწყობს“,-აცხადებს ფირცხელანი. მისივე თქმით, გიგანტური ჰესის აშენების შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია დაირღვევა, საქართველო კი მხოლოდ რამდენიმე დღის დენის მარაგს მიიღებს.

,,ძალიან ცუდია, როცა მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გიგანტური ჰესის აშენება სასარგებლოა. როგორც ენგურზე, ასევე, ხუდონის წყალსაცავში მილიარდნახევარი კუბური მეტრი წყალი გუბდება. ეს მთელ დასავლეთ საქართველოს უქმნის საფრთხეს“, – აცხადებს ენერგეტიკოსი.

მისივე მოსაზრებით, ამ პროექტის უკან კრემლი დგას და იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ თავის დროზე ამ გიგანტური ჰესის გეგმა სწორედ მოსკოვში შემუშავდა. ,,ამბობენ, ამ პროექტის უკან ინდური კომპანია დგას. ამის მე არ მჯერა. რუსები ამ პროექტის განხორციელების უფლებას სხვას არ მისცემენ“,- აცხადებს მირონ ფირცხელანი, – საქართველო მართლაც დამოუკიდებელი ქვეყანა რომ იყოს, ბიტყოდით, რუსეთს ვინ ეკითხებაო, , მაგრამ არც დამოუკიდებლები არ ვართ და რუსებსაც თავისუფლად შეუძლიათ ამ საქმეში ჩარევა“.

საქართველოს ხელისუფლების გასაგონად იგი აღნიშნავს, რომ რუსები იმ კაშხლიდან, რომელიც ხუდონჰესისთვის უნდა აშენდეს, სულ რაღაც 10 კილომეტრში დაგანან. მისი თქმით, რუსები არ მალავენ, რომ მთლიანი ხეობის გაკონტროლება სურთ და არ მისცემენ არავის იმის უფლებას, რომ სხვისმა ელექტროენერგიამ ომ ერთადერთ მაღალი ძაბვის გადამცემში გაიაროს, რომელიც მათ საკუთრებაშია.

„რუსებს თურქეთან უკვე გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება [ელექტროენერგიის მისაწოდებლად], ამ მიზნით ახალი გადამცემი ხაზიც აშენდა და ქვესადგურიც. რუსეთმა თურქეთს მომავალ წელს 10-15 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია უნდა მიჰყიდოს. არცერთი ჭკუათმყოფელი უცხოელი მილიარდ 200 მილიონ დოლარს ამ ხეობაში არ ცადებს, რადგან იქ რუსეთის ინტერესებია“, – აცხადებს მირონ ფიცხელანი და დასძენს, რომ რუსებს ენგურის ხეობის დაპყრობა სურთ: „ეს არის სწორედ მთვარი მიზეზი და არა ის ბრალდება, რომ ჩვენ თითქოს ხელს ვუშლით ქვეყნის განვითარებას. აქ სუსული სქემა ტრიალებს და არავითარი ინდური კომპანია არ არის. ამ ვითომდა ინდურ კომპანიას არანაირი ფული არ აქვს და კომპანიაც სადღაც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. აქ არის მხოლოდ რუსული კაპიტალი“, – ამტკიცებს ენერგეტიკოსი და რიტორიკულად კითხულობს: „რატომაა საქართველოში არსებული ყველა თბო- და ელექტროსადგური რუსების საკუთრება, მათ შორის ენგურჰესის ნაწილი? რატომაა ენგურჰესთან დაკავშირებული ხელშეკრულება გასაიდუმლოებული? არის სერიოზული ეჭვი, რომ ხუდონჰესის უკან რუსები დგანან. რატომაა მისი აშენება სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა და მის წინააღმდეგ წასვლა ქვეყნისთვის საზიანო? პირიქით ხომ არ არის? იქნებ საქმე მეხუთე კოლონასთან გვაქვს, რომელიც საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის? თვითონ ქეშად იღებენ ათობით მილიონს და საქართველოს კიდევ ერთხელ ჰყიდიან?“.

„საერთო გაზეთი“, 17 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ ხონელიძესთან: ბედისწერით ნაკარნახევი საქართველოს არჩევანი

„საერთო გაზეთი“ აგრძელებს საუბარს კონცეფციის – „სამხრეთკავკასია – გეოპოლიტიკური სივრცე (რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი)“-ის ავტორთან, ბატონ ზურაბ ხონელიძესთან:

– ბატონო ზურაბ, ჩვენს მკითხველს უთუოდ ახსოვს „საერთო გაზეთის“ მთავარი რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას წერილი შემდეგი სათაურით: „ბატონო ბიძინა, ბატონო ირაკლი, უპატრონეთ ამ პროექტს და ჩვენ არამარტო ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს განვაცვიფრებთ“. რამდენიმე დღის წინ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ მშენებლობის საკითხებს მიეძღვნა, გამოიკვეთა საქართველოს – ევროპისა და აზიის ამ ერთიანი კონტინენტის დამაკავშირებელი ხიდის განსაკუთრებული ფუნქცია. ხომ არ ნიშნავს ეს თქვენი პროექტის „სამხრეთკავკასია – გეოპოლიტიკური სივრცე“ საერთაშორისო აღიარებას, თუნდაც დაგვიანებით?

– მივესალმები ჩვენი ქვეყნის მთავრობის პოზიციას, რომელმაც ფორუმზე ხაზგასმით გამოკვეთა საქართველოს ბედისწერით ნაკარნახევი ისტორიული როლი – ევროპისა და აზიის როგორც ერთიანი კონტინენტის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია. რეალურად, საქართველო, რომელიც გლობალიზაციის რეგიონული ფრაგმენტაციის ბუნებრივად წარმოშობილ პროცესთა გადაკვეთაზე აღმოჩნდა, ემიჯნება სახელმწიფო პოლიტიკის ბოლო 25-წლიან არა ტაქტიკურ, არამედ სტრატეგიულ შეცდომას – მხოლოდ ერთი მიმართულებით სვლას და ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობის არსიდან გამომდინარე კარს უღებს კეთილდღეობაზე მორგებულ ცვლილებებს. მეტიც, მიდგომა ურთიერთსარგებლიანობის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გვიჩენს ახალ შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ ევროოპტიმიზმი, გავაგრძელოთ ინტეგრირება ევროპულ სივრცეში და ამასთანავე, მივიღოთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი – დამატებითი სიკეთე. ნუთუ შეიძლება ვინმემ დაგვადანაშაულოს ჩვენს ამ სურვილში? ვფიქრობ, კეთილისმყოფელმა არა! მომავლისათვის უფრო მნიშვნელოვანია არა ის, რაც ჩვენ ბუნებიდან გვერგო – გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდგომარეობა, არამედ ის, თუ როგორ მოვიხმართ და ვიყენებთ მას – ამ სიკეთეს. საქართველოს, პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლისა და ღირებულებათა დათმობის გარეშე, სჭირდება ახალი ხედვის პრაქტიკის კონკრეტულ ენაზე ამეტყველება, მისი იმპლემენტაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ამ მიზნის რეალიზაციის შესაძლებლობას აჩენს ჩვენი კონცეფცია. თქვენს კითხვაზე – ხომ არ ხდება პროექტის საერთაშორისო დონეზე აღიარება, ვფიქრობ, ეს აღქმის საკითხია. ის, რაც მე, ჩემი დიდი წინაპრების მსგავსად დავინახე, ამოვხსენი, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში საქართველოს, მის როლს, ადგილსა და ფუნქციას უკავშირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს შანსი ეძლევა, მისი გადარჩენა და შემდგომი განვითარება წარმართოს არა მხოლოდ თავის ძალებზე დაყრდნობით, არამედ მსოფლიო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით. რაც შეეხება თქვენს ტერმინს –„ხონელიძის პროექტი“, როგორც იდეა არც ახალია და არც ძველის არასრულად განხორციელებულის ნააზრევის ასლია. ზოგადად, ისტორიაზე დაყრდნობა არ შეიძლება, ხშირად გაზვიადებულია. უბრალოდ, იგი უნდა შევისწავლოთ, რათა შეცდომები არ გავიმეოროთ. წარსულში არც მომავალია და არც არანაირი იმედი. ჩვენი პროექტი მკვეთრად განსხვავდება დღემდე გაჟღერებული  ძველი და თანამედროვე პროექტებისაგან და სამხრეთკავკასიის სამი სახელმწიფოდან თითოეულს იმ ქმედებისათვის მოამზადებს, რომელთა სწორად განსაზღვრული ინტერესების დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება არა დამოუკიდებლად, არამედ ერთობლივად მხოლოდ პარტნიორობის საფუძველზე, არა შედეგებთან ბრძოლით, როგორც დღემდე, არამედ პრობლემის წარმოქმნის მიზეზის მოხსნით.

– თქვენ ევროოპტიმიზმი ახსენეთ. ამაში ჟვანიას გამონათქვამს ხომ არ გულისხმობთ: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“? აქვე გკითხავთ, რას გულისხმობთ სივრცეში და რა შესაძლებლობას იძლევა ერთიანი სამხრეთ-კავკასიური სივრცის ფორმირება?

– ჩემთვის გაცილებით უფრო მისაღებია მეორე დიდი ქართველის გერმანე ფაცაციას პოზიცია და პასუხი –„მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე“. ზოგადად, სახელმწიფო სივრცითი მოვლენაა, იგი ამ სივრცით იმართება და ცოცხლობს. როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ისიც იბადება, იზრდება და კვდება (ვიღაცისათვის). ქართული სივრცე ესაა საქართველოს შემოსაზღვრული ტერიტორია იმით, რაც ამ საზღვრებს შიგნითაა. დღეს შემდეგი სახის რეალობის, საფრთხის წინაშე ვართ: სამხრეთკავკასიური სივრცე იმდენად მიმზიდველია რომ მისი მნიშვნელობა სამყარომ, მსოფლიო გეოპოლიტიკურმა ცენტრებმა და დომინანტმა ძალებმა შესანიშნავად იციან, რამაც ქართული სივრცისადმი, როგორც სივრცითი განზომილების ამ უმნიშვნელოვანესი გასაღებისადმი ინტერესი განაპირობა. საქართველოს პატრიარქი ილია II ბრძანებს: ღვთის საიდუმლო განგებულებით ჩვენს ერს წილად ერგო მოვლა-პატრონობა იმ სივრცისა, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს და რომელსაც საქართველო ეწოდება. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩვენ ქართული სივრცის პატრონი ვერ ვართ, მისი დაპატარავება მიმდინარეობს. ეს სივრცის გაქრობას როდი ნიშნავს. საშიშროება სხვა რამეში მდგომარეობს, რაც ქართველ კაცს, აბორიგენს, ამ ქვეყნის, მიწის პატრონს უდგას – მოხდება არა სივრცის, არამედ სწორედ, ქართველისთვის მისი დაპატარავება, სივრცე დარჩება, ოღონდ, მოხდება ჩვენს ხარჯზე ჩანაცვლება და მას სხვა პატრონები გამოუჩნდებიან. მაგრამ მადლობა ღმერთს, საქართველოს მთავრობამ სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რაც ამ საფრთხეს აგვაცილებს. მეტიც, აღნიშნული კონცეფციის გათვალისწინებით – მოცემულობის შეცვლითა და გახსნილობით, სწორი ხედვითა და სტრატეგიული აზროვნებით საშუალება მოგვეცემა, საქართველო რეგიონის საერთაშორისო აქტივობების: ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, ფინანსური, ინოვაციების, ტურისტული, სავაჭრო, განათლების, კულტურის, საერთაშორისო კაპიტალის ფორმირების, პოსტკრიზისული სახელმწიფოს მშენებლობის, გამოყენებითი საერთაშორისო სამართლის, მცირე ქვეყნების განვითარების და ა.შ., მსოფლიოს ახალ სამშვიდობოდ იქცეს. საუბარია იმ პოტენციური შესაძლებლობის გამოყენებაზე, რომლის შედეგადაც გაყოფისა და დაპირისპირების ხაზები აღარ იარსებებენ.

რაც შეეხება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში გაწევრიანების თემას, უნდა დავფიქრდეთ და მივებათ დროს, რომელიც კი არ მოდის, არამედ მიდის.

საქართველო დღეს სხვადასხვა დროში გაწელილი ორი არჩევანის წინაშე დგას:

1. შესაძლებელია, დაჩქარდესNATO-ში გაწევრიანების პროცესი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ქვეყნის დე-ფაქტო საზღვრებში. ე.ი. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება მიებმება ერთადერთ თემას – რუსეთის ფედერაციის კეთილ ნებას (რაც არასოდეს არ მოხდება), ან მისი დაშლის პროცესს.

2. NATO-სთან ურთიერთობაში შემოვიფარგლოთ არაუმეტეს იმ ფორმით, რაც აქვთ თვით ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან მიერთებული NATO-ს ხელშეკრულების მე-5 პუნქტს.

ამ შემთხვევაში გვიჩნდება შესაძლებლობა, მივებათ სამხრეთკავკასიის გეოპოლიტიკური, დემილიტარიზებული, ერთიანი სივრცის ფორმირების თემას; რაც მთავარია, საქართველოს არა დე-ფაქტო, არამედ, დე-იურე ტერიტორიის (აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით) უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტად იქცევა არა ჩვენი შეიარაღებული ძალები ან სამხედრო ბლოკები, არამედ თვით სივრცითი გაზომილება.

NATO-სთან მიმართებაში თემა ჩემთვის უფრო ნათელი გახდა. რა იგულისხმეთ გამყოფ ხაზებში, იქნებ დააკონკრეტოთ?

– სამხრეთკავკასიის ქვეყნები, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აქამდე არსებულ დე-იურე და დე-ფაქტო საზღვრებს გარდა, ასე დანაწევრებული არასოდეს ყოფილან, – ვგულისხმობ გამყოფ ხაზებს: თურქეთი-სომოხეთი, ნახიჭევანი-სომხეთი, სომხეთი-აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი-აზერბაიჯანი, საქართველო-რუსეთი, საქართველო-აფხაზეთი, საქართველო-ე.წ.სამხრეთოსეთი. დღეს, შესაძლოა, ჩვენი კონცეფციის გადავადების შემთხვევაში ახალი ტიპის საზღვრების წარმოქმნის მოწმე გავხდეთ. არადა, საშუალება გვაქვს დღემდე ჩვენი პარაზიტული ცხოვრებით გამოწვეული წარუმატებლობა, გაცნობიერებული პასუხისმგებლობითა და მისი რეალიზაციის საჭირო რესურსების მოძიებით ყველაზე დიდი წარმატების საწყისად ვაქციოთ. კერძოდ: პირველი – საქართველომ დაიბრუნოს სამხრეთკავკასიის ბუნებრივი მედროშის უნიკალური ფუნქცია, პასიურიდან აქტიურ მოთამაშედ იქცეს, შეცვალოს ქვეყნისადმი განწყობა, შეაჩეროს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკური ელიტებისა და არა ერების დაკვეთა, მათ შორის, რეგიონში „ცენტრის“ გადაწევის, საქართველოს იურისდიქციის აღდგენის მცდელობით გამოწვეული ე.წ. სამხრეთოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს, საქართველოს კი სამხრეთ-კავკასიისა და მთლიანად კავკასიის კონტექსტიდან ამოვარდნის დინამიკა. რაც მთავარია, დააჩქაროს პროცესის უკან – წარსულის მიმართულებით (ორიენტაციადაკარგული საქართველოს – სამხრეთკავკასიასა და კავკასიაში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – საქართველოში) მობრუნება და რეალობის გააზრებით, საერთო რეგიონული პრობლემის, კონფლიქტების (აფხაზეთში, სამხრეთოსეთში და მთიან ყარაბაღში) ერთიანი ძალისხმევით მოგვარება; მეორე – განვსაზღვროთ სამხრეთკავკასიის ქვეყნების – საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის არა მხოლოდ ცალ-ცალკე, არამედ მთლიანობაში არსებული და დღემდე გამოუყენებელი ერთიანი რესურსი – ეკონომიკური პოტენციალი. საზიარო ინტერესებიდან გამომდინარე შევქმნათ მათი დაახლოების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ახალი ურთიერთდამოკიდებულების რეგიონული მოდელი და უზრუნველვყოთ მისი, როგორც ერთიანი უსაფრთხო სივრცის მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრირება; მესამე – ახალი სამეზობლო პოლიტიკის სამშვიდობო პლატფორმით ჩამოვაყალიბოთ კონსენსუსის შედეგად სამხრეთკავკასიის ქვეყნების შიდა-ეროვნული და გარე-კოლექტიური უსაფრთხოების, თავდაცვის ერთიანი რეგიონული სისტემა. ერთი მხრივ, მსოფლიოს დომინანტ სახელმწიფოს აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, ევროპის, თურქეთის, ირანისა და შუააზიის ფაქტორის გათვალისწინებით, სამხრეთკავკასიური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთო ინტერესის საგნად ვაქციოთ; მეორე მხრივ, მათაც სრულად დავანახოთ საქართველოს ახალი ფუნქციის აუცილებლობა და რეგიონის, როგორც ერთიანი სივრცის ინტეგრირების საჭიროება საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში.

– ბატონო ზურაბ, დღევანდელი გადასახედიდან რამდენად რთულად განსახორციელებლად მიგაჩნიათ თქვენი იდეის რეალიზაცია და როგორ გგონიათ, ეს საქართველოს უპირატესობა – თამამი ოპტიმიზმია? ხომ არ არსებობს ქვეყნისთვის რაიმე სხვა გზა, გამოსავალი?

– საქართველოს უპირატესობა, უპირველესად, საგანგებო და ისტორიულ პასუხისმგებლობაშია. პასიური ლიდერის პოლიტიკამ და მისგან საერთაშორისო მასშტაბის ინიციატივების გაუჟღერებლობამ შეიძლება ჩვენს ქვეყანას კავკასიაში ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მიმდინარეობის შემაკავშირებელი ფუნქცია, უნიკალური გეოპოლიტიკური სტატუსი დააკარგვინოს და იგი მხოლოდ გეოპოლიტიკურ დანამატად აქციოს. ამიტომ, მიზნის მიღწევის სხვა დანარჩენი მცდელობა როგორც დღემდე, მომავალშიც არაეფექტიანი იქნება, დაგვაცილებს ეროვნული, რეგიონული უსაფრთხოებისა და მასთან ორგანულად დაკავშირებული პრობლემის (კონფლიქტების) გადაწყვეტას, გაგვიჩენს ახალ საფრთხეებს, მოითხოვს ჩვენთვის მიუღებელი ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნაწილის, მაგალითად, „მშვიდობა ტერიტორიის სანაცვლოდ“ დათმობას ან საქართველოს მიერ რუსეთის ახალ პროექტში – ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების თაობაზე წინასწარ განაცხადს და სხვა. შეცდომა იქნებოდა იმ შესაძლებლობის (დღემდე გამოუყენებელი პოტენციალის) ხელიდან გაშვება, მით უფრო, ჩინეთის ფორუმის შემდეგ, რომელიც ლოგიკურად ამთლიანებს ჩვენი ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ამასთან, მისი შესაძლებლობის (ახალი ფუნქციის) გამოყენება ძირითადი ფაქტორების (ინტერესების) ადეკვატურად პასუხობს მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების გადაკვეთაზე ჩამოყალიბებულ ახალ პარადიგმას – გლობალური აზროვნების, ლოკალური მოქმედებისა და ეფექტიანობის, ერთიანობის პრინციპს. ვუბრუნდები თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას – რამდენად თამამია ეს ოპტიმიზმი დღევანდელი გადასახედიდან? – არა! პასუხი ცალსახაა. რატომ? – საქართველოს ისტორიული ფესვები ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანია, იგი ეფუძნება თანამედროვე ტენდენციების განვითარების ლოგიკას, რეგიონში საქართველოს და სამყაროში – ერთიანი სამხრეთკავკასიური გეოპოლიტიკური სივრცის ისტორიულად ჩამოყალიბებული როლის გათანამედროვების აუცილებლობას, ინტეგრაციულ პროცესებსა და წონასწორობის დაცვის გაგებას. საქართველოს სივრცის შიგნით და სივრცეს ევრაზიულ კონტინენტზე, როგორც სამყაროს გეოპოლიტიკური ღერძის მიმზიდველ ნაწილს, თავისივე ფენომენში აქვს პოტენციალი –„მთვლემარე რესურსი“, შეასრულოს „მზიდი კონსტრუქციის“ როლი და გარდაიქმნას გეოპოლიტიკური ცენტრების, ქვეყნების, კონტინენტების ერთმანეთისაგან თვისობრივად განსხვავებული ინტერესების „ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად მორიგების“ სივრცე-არენად.

– თქვენ რომ გისმენთ, ამ პროექტის რეალიზაციის და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედი გამიჩნდა. აქვე, არ შემიძლია არ გკითხოთ, ელიტა, რომელსაც წინა ინტერვიუში ყალბი უწოდეთ, ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება?

– ყალბში ის ელიტა, ანუ ის სოციალური ჯგუფი ვიგულისხმე, რომლის წარმომადგენლებსაც საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სფეროებში წამყვანი და პრივილეგირებული პოზიციები უკავიათ, რეალურად ფლობენ ფორმალურ ძალაუფლებას, რომელთა მიზანიც ქვეყნის კეთილდღეობის ნაცვლად ქვეყანაში თავისი კეთილდღეობა. დღეს საზოგადოება მზად არაა, ბოლომდე გააცნობიეროს თავისი უფლება, მოვალეობა, ვალდებულებები. ეს მას არ ათავისუფლებს მისი უფლებებისა და ვალდებულებისაგან. ქართველი კაცი მიმნდობია. საუბედუროდ, მას წაართვეს სახელმწიფოებრივი აზროვნება და ყოფით პრობლემებს მიაჯაჭვეს. იგი ქართული ბედიდან, ზოგადსახელმწიფოებრივი მიზნებიდან და ინტერესებიდან გაიყვანეს. ადამიანები პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი მსახურებისთვის გაწირეს. საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრიც დაყოფილია. რა ნაწილებია ეს? – სახელისუფლებო, რომელსაც მძიმე მემკვიდრეობა ერგო და გამოსავლის პოვნას ცდილობს; ხელისუფლებაში მყოფი ოპოზიციურად განწყობილი ძალები ძველი წარსულიდან, რომელთა მიზანი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა; ოპოზიცია, რომლის მიზანი, ძირითადად, ქვეყნის გარეთ არსებული ძალების მხარდაჭერითა და საზოგადოების კვლავ შეცდომაში შეყვანით, ხელისუფლებაში მოსვლა და არსებულის ჩანაცვლებაა. ეს რაიმე პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული? – რა თქმა უნდა, არა! იგი მხოლოდ მათ პირად კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ანუ, ხელისუფლებაში ყოფნა გარკვეული ძალებისათვის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების ნაცვლად მხოლოდ სტატუსი, ცენზი, წყარო და საშუალებაა. სანამ ეს არ დაიმსხვრევა, ჩვენი პოლიტიკური აზროვნება და ცნობიერება არ შეიცვლება, ქვეყანას არაფერი ეშველება. ამდენად აუცილებელია, შევიცვალოთ მენტალურად და მხოლოდ შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ავირჩიოთ მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და განვითარების გზა.

– იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ობიექტური რეალობა, რაზედაც საუბრობთ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სერიოზული განსჯის საგანს არ წარმოადგენს. მგონი, ისევ გვძინავს და სიზმრიდან ვერ გამოვდივართ. ხომ არ თვლით, რომ დადგა დრო, საზოგადოება გამოვაფხიზლოთ?

– ქალბატონო თამარ, დასმულ კითხვაზე თავადვე გაეცით პასუხი. მინდა, შეგახსენოთ თქმულება მოლა ნასრედინის შესახებ, რომელიც ფსიქოლოგთან მიდის და სთხოვს დახმარებას. კითხვაზე – რაში მდგომარეობს მისი პრობლემა, მოლას პასუხია – სიზმარში. ფსიქიატრის კითხვაზე, რა სიზმარს ხედავს, იგი ჰყვება, რომ გაუთავებლად ერთსა დაიმავე დამთრგუნველ სიზმარს ხედავს – კარებთან დგას, რომელსაც აქვს რაღაც წარწერა, აწვება კარებს და ვერ ახერხებს გაღებას. ფსიქიატრის დასმულ კითხვაზე – რა წარწერა აქვს კარს, მოლა ნასრედინი დაფიქრდება და სიზმრის საიდუმლოს თავად ამოხსნის. თურმე, კარზე არის წარწერა –შენკენ გამოაღე, არადა, იგი საპირისპირო მიმართულებით აწვება. არ მინდა, დღევანდელი ჩვენი საზოგადოების მდგომარეობა სიზმარში მყოფი მოლა ნასრედინის მდგომარეობას შევადარო, მაგრამ არც მთლად უმაგისობაა. როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს, შეგვწევს  უნარი ერთმანეთის სიზმარში შევიდეთ ან შევცვალოთ იგი? – რა თქმა უნდა, არა. გამოსავალი ერთია – გავაღვიძოთ საზოგადოება, რათა სიზმრიდან გამოვიყვანოთ.

– ანუ, თქვენი მიზანი საზოგადოების გამოფხიზლებაცაა?

– არამხოლოდ. ქართული სახელმწიფო არ არის რომელიმე ძალის, პოლიტიკური პარტიის კუთვნილება. იგი ეკუთნის თითოეულ ქართველს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ერის შვილს, მისი რელიგიური მრწამსისა თუ კონფესიის სხვაობის მიუხედავად. კეთილი ვინებოთ და გმირი წინაპრების მსგავსად ვიბრძოლოთ, რათა გარშემო ჩვენი წილი საქართველო დავიცვათ. ჩემი მიზანი, ანუ იმ ადამიანისა, რომელიც არცერთ პარტიას და პოლიტიკურად ორიენტირებული ჯგუფის ინტერესს არ წარმოადგენს, ერთადერთი და უცვლელია – დავეხმარო ქართულ საზოგადოებას, ხელისუფლებას, ე.წ. პოლიტიკურ ელიტას, რომელთა დიდი ნაწილი ეროვნულის არსამდე ვერ ამაღლდა, გაიაზროს არამხოლოდ ცნება „სამშობლო“ (რაც ისედაც ვიცით და დღემდე გაუცნობიერებლად ვეწირებით), არამედ „თანამედროვე სახელმწიფოს“ მნიშვნელობა, მისი მშენებლობის შესაძლებლობა, რომელიც სამშობლოსათვის გაცნობიერებულად, შეუწირავად სამსახურის შესაძლებლობას მოგვცემს.

– სად და როგორ ხედავთ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირს, ვექტორს?

– ნუთუ ასე ძნელია იმის გაგება, რომ სახელმწიფოებრიობაზე ზრუნვა არ ნიშნავს ქვეყნის ორიენტაციას მხოლოდ რომელიმე ერთი მიმართულებით, რომელიც ვერ მოემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და წინააღმდეგობაში აღმოჩნდება ეროვნულ სინამდვილესთან?! თუ ჩვენი არსებობის მთელ არსს ჩავწვდებით და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ იმ ეპოქას, როცა სხვის ინტერესებს საკუთარი ქვეყნისას ვანაცვალებდით, მაშინ ორიენტირის განსაზღვრისას ახალი მიდგომით უნდა ვიმოქმედოთ – არ ამოვირჩიოთ და არც უარვყოთ ერთი მეორის ხარჯზე, მხარეების განსჯისა და გამართლების გარეშე დავინახოთ, ვინ ვართ, სად არის ჩვენი ადგილი და ამ ორთავე ძალას ჰარმონიული თანამშრომლობის საშუალება მივცეთ. კერძოდ, იგი აშშ-სთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებით, ურთიერთსარგებლიანობისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივმართოთ ევროინტეგრაციისაკენ და სამხრეთკავკასიური სივრცისათვის ერთიანი გავხადოთ. ხომ ფაქტია, რომ საგარეო ორიენტირის განსაზღვრისათვის ქვეყნის სურვილი, ნება, მისი კეთილგანწყობის დემონსტრირება, არასაკმარისი პირობაა. მას ისტორიული აუცილებლობა განაპირობებს. ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ აუცილებლობას დღეს საქართველოსთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის ძირითადად, სწორედ ეს ორი ძალა – რუსეთი და ამერიკა განსაზღვრავს. მაშინ გამოვიდეთ ჩვენი მიზნიდან, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთისათვისაც ერთია და საერთო ორიენტირიც არა თვითმიზნად, როგორც დღემდე, არამედ მიზნის რეალიზაციის საშუალებად ვაქციოთ. მსგავსი მიდგომა, გარდა იმისა, რომ მოხსნის აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, ევროპისა და რეგიონით დაინტერესებული სხვა მოთამაშეებისათვის საფრთხის შემცველ ფაქტორებს, ერთიანი სივრცის სახელმწიფოებს ერთიანი რეგიონის სრულუფლებიანი წევრობის რეალურ განცდას ჩამოუყალიბებს, გაზრდის შესაძლებლობას, საქართველოს ახალი – საერთაშორისო ფუნქციიდან გამომდინარე, სამხრეთკავკასია ერთიან, გახსნილ უსაფრთხო დემილიტარიზებულ სივრცედ ჩამოყალიბდეს. მოსალოდნელი რეალობა და საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში საქართველოს ჩართვა შესაძლებლობას იძლევა (არა ჩვენი თვითმყოფადობის დაკარგვისა და სახელმწიფო ტერიტორიების გადანაწილების, არამედ პირიქით, მისი გაერთიანებისა და რეგიონის გაძლიერების ხარჯზე) აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა, ევროკავშირმა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში გაერო-ს, ეუთო-ს, სხვა მოთამაშეების მონაწილეობითა და მრავალმხრივი საერთაშორისო სამშვიდობო პაქტით თავად განსაზღვრონ სამხრეთკავკასიის, როგორც ერთიანი სივრცის სტატუსი და ჩამოაყალიბონ თანაარსებობის პრინციპები და გეოპოლიტიკური კომპრომისის შედეგად სივრცის ერთიან საგარეო ორიენტირთან მიმართებაშიც თავად გააკეთონ არჩევანი.

– ბოლოს, მინდა გკითხოთ, როგორ განხორციელდება თქვენი ზოგადქართული იდეა-მიზანი და ეს რამდენად რთული იქნება?

– ყოველგვარი რთული არის მარტივი, მაგრამ სირთულე სწორედ ამ სიმარტივის დანახვაშია. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ზოგადქართული იდეა-მიზანი, როგორც თქვენ ბრძანეთ, ხორცს შეისხამს მხოლოდ ქართული ხელისუფლების, ქართველი საზოგადოებისა (მეცნიერებასთან ერთად) და ქართული ეკლესიის, ამ სამი ტრიადის ერთიანი ძალისხმევით. მჯერა, ყველა ერისა თუ ქვეყნის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც სწორი მიზნისა და მისი მიღწევის საშუალების – სარეალიზაციო რესურსების მოძიებიდან გამომდინარე, ახალი ზოგადქართული პროექტის შეთავაზება (მით უფრო, როცა ჩვენი სახელმწიფო, მისი ტერიტორია უცხო ქვეყნისა თუ ქვეყნების საერთო პროექტად და მათი ინტერესის განხორციელების პოლიგონად გადაიქცა) ეროვნული რწმენის დაბრუნებას ნიშნავს. საქართველოს, რომლის ძალა მრავალფეროვნებაში, ეფექტიანობა კი სივრცის გაფართოებაში მდგომარეობს. დღეს სწორედ მსგავსი ისტორიული ჟამი დაუდგა. ეს ერთადერთი სწორი არჩევანია, მეტიც, ჩვენი ბედისწერაა!

– ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. თქვენ და თქვენს კონცეფციას –„ხონელიძის პროექტს“ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ განხორციელებას ვუსურვებთ.

Comments are closed