„რეზონანსი“: რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავება?
„რეზონანსი“: გამშვები პუნქტი მხოლოდ “სამხრეთ ოსეთის” 12 მოქალაქისათვის
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ფატუ ბენსუდა ადვილად დაამტკიცებს, რომ ქართველთა ეთნოწმენდა მოხდა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „გიორგი მარგველაშვილი განახლებულ ნაცმოძრაობას ჩაუდგება სათავეში… ფიქრია ჩიხრაძე თავის დაწვას აპირებდა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: ვიზიტები თუ შოპინგები? // რისთვის დადის მთავრობა უცხოეთში // ადმინისტრაციული რესურსი არჩევნებში
—————————-
„რეზონანსი“, 17 ოქტომბერი, 2015 წელი
რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავება?
სალომე სარიშვილი
გუშინ ოპერასთან “გაზპრომის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და რამდენიმე პირი “გაზპრომის” საწინააღმდეგო პოსტერების გაკვრის დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩერგოლეიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე იქნა დაკავებული, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. თამარ ჩერგოლეიშვილის და მასთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ბრალდებული ორი პირის სასამართლო პროცესი გუშინვე უნდა გამართულიყო, თუმცა ის დღეისთვის გადაიდო. ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს, 16:00 საათზე კანცელარიის შენობასთან “გაზპრომის” წინააღმდეგ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. “ტაბულას” დირექტორის თქმით, იგი ადვოკატებთან კონსულტაციებს გადის და არ არის გამორიცხული უკანონო დაკავების მოტივით საჩივარი მოამზადოს.
რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავება? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):“ვფიქრობ, რომ მხოლოდ პლაკატების გაკვრის გამო ადამიანის დაკავებას გამართლება არ აქვს. სიმართლე გითხრათ, საქმის დეტალები არ ვიცი, ამიტომ არც ის ვიცი ამ პლაკატებზე რა შინაარსის მინაწერი იყო გაკეთებული. თუკი აქ ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებაა და ხელისუფლების დამხობისკენ შემცველი ტექსტია, მაშინ – კი, ბატონო. სხვა შემთხვევაში დაკავებას მაინცა და მაინც არ მივესალმები. ვფიქრობ, ეს გარკვეული გაფრთხილება იყო. ალბათ სასამართლო პატარა ჯარიმის სახით შემოიფარგლება. საბოლოო ჯამში მაინც ვფიქრობ, რომ დაკავება კარგი გადაწყვეტილება არ იყო.”
ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): “საერთოდ, ასეთი ამბების ატეხვა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მეთოდია. სულ, როცა სურთ, რომ ხალხი შეკრიბონ, ათასგვარ მიზეზებს იგონებენ, ხან “არა ოკუპაციას” დაარქვეს, ხანაც “არა “გაზპრომს”, თუმცა, დიდი ვერაფერი მოიგეს. ახლა ვითომ პუტინისა და “გაზპრომის” წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს აფიორაა და მეტი არაფერი. რაც შეეხება თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავებას, ვფიქრობ, ეს ისევ მათგან წამოსული პროვოკაცია იქნებოდა, ვინაიდან მისი დაკავება არავის არაფერში სჭირდება. ესაა “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაცია, რომელსაც არავინ უნდა აყვეს. ჩემი აზრით, არც ის უნდა დაეკავებინათ, ვინაიდან ამით ხვალ უფრო მეტი ყვირილის საშუალება მისცეს.”
იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი):“ზოგადად, ეს “გაზპრომის” საკითხი თითიდან გამოწოვილი თემაა, თუმცა, ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება ჩერგოლეიშვილს, რატომ არ უნდა დაეჭირათ – რა, სხვა ადამიანებისგან რაიმეთი გამოირჩევა, თუ ხელშეუხებელია?! თუ მან კანონის რომელიმე მუხლი დაარღვია და ამისთვის ჯარიმას ან დაკავებას იმსახურებდა, რატომაც არა? ნებისმიერ მოქალაქეს ასე უნდა იქცეოდნენ და აქ ჩერგოლეიშვილი არაფერ შუაშია. რადგან ის გიგა ბოკერიას ცოლია ან “ტაბულას” რედაქტორი, რამეთი გამოირჩევა? არა, ბატონო, ასე არაა, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია.”
ბაია დვალიშვილი (მსახიობი): “მათ პლაკატები გააკრეს ისეთ ადგილას, სადაც ასეთი უამრავი პლაკატი და განცხადებაა. რატომ ითვლება მაინცა და მაინც ჩერგოლეიშვილი დამნაშავედ, არ მესმის, მაშინ სხვებიც დააკავონ. ზოგადად, პლაკატებით დედაქალაქი ძალიანაა დამახინჯებული და ამის მომხრე არ ვარ, თუმცა ეს სხვა თემაა. “გაზპრომის” საწინააღმდეგო პლაკატს მეც სიამოვნებით გავაკრავდი და საპროტესტო აქციაზეც წავალ. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანის დაკავება გამართლებულად ნამდვილად არ მიმაჩნია.”
„რეზონანსი“, 17 ოქტომბერი, 2015 წელი
გამშვები პუნქტი მხოლოდ “სამხრეთ ოსეთის” 12 მოქალაქისათვის
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე დღის წინ გაცხადებულ ინიციატივაში, რომ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ის მეოთხე ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ხსნის, ადგილობრივებისთვის ახალი და შემამსუბუქებელი არაფერია: როგორც აღმოჩნდა, პუნქტი მხოლოდ ადგილობრივ სოფელში მცხოვრები 12 ეთნიკურად ოსისათვის კეთდება, მათი მეზობელი ქართველები კი ამ გადასასვლელით ვერ ისარგებლებენ და ისევ გაგრძელდება მათი გატაცება “საზღვრის დარღვევის” ბრალდებით.
(…)
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, ინფორმაცია, რომ მხოლოდ 12 ადამიანისათვის იხსნება გამარტივებული მიმოსვლა და მხოლოდ ამ 12 ადამიანს სჭირდება სასიცოცხლოდ ბაღები, ეს განვითარება ახალია და თვის ბოლოს ერგნეთის შეხვედრაზე ამ კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში საკითხი აუცილებლად დადგება.
“ამგვარი საკითხები ისედაც განიხილება, მაგრამ ახლა ამ კონტექსტში მით უფრო დადგება – რაშია საქმე, როდესაც საუბარია ეთნიკურად ერთი კუთვნილების მოქალაქეების საჭიროებაზე და მეორეს რა, არ სჭირდება?! ამ ასპექტში დისკრიმინაციული მიდგომაა. თუმცა, რადგან ისინი ასე იქცევიან და თუ ამას დისკრიმინაციის ნიშნები აქვს, ჩვენ როგორც ევროპული ცივილური ხელისუფლება და საკუთარ მოქალაქეებზე პასუხისმგებელი ხელისუფლება ვერ და არ ვიმოქმედებთ ისე, როგორც მოქმედებს საოკუპაციო რეჟიმი”, – აცხადებს ციხელაშვილი.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის 3 “საკონტროლო-გამშვები პუნქტი” ფუნქციონირებს, აქედან 2 ზნაურის, ხოლო 1 ახალგორის რაიონში. სოფელი ხელჩუა, სადაც მეოთხე პუნქტი გაიხსნება, ქართულ სოფელ ზარდიაანთკართან მდებარეობს, სადაც რამდენიმე ოსური ოჯახიც ცხოვრობს.
ამ ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის შემთხვევაში ეს პირველი გადასასვლელი იქნებოდა საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის გორის რაიონის მხრიდან და ამიტომაც პუნქტის გახსნა თბილისში ბევრმა წინ გადადგმულ სასიკეთო ნაბიჯად მიიჩნია.
თუმცა, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ვებ-გვერდზე წერია, გადასასვლელი იხსნება “სამხრეთ ოსეთის რამდენიმე მოქალაქისათვის”, რომლებიც ზარდიაანთკარში ცხოვრობენ, რათა “არ დაირღვეს სამხრეთ ოსეთთან ნათესაური კავშირები”.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. მეოთხე გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განიხილეს. “კავკაზსკი უზელი” წერს, რომ იმ 12 ეროვნებით ოსი პირის სია რუს მესაზღვრეებს გადაეცემა, რომ ამ გადასასვლელით სხვებმა არ ისარგებლონ. ამ ადამიანებს კი ოსური “პასპორტებით” შეეძლებათ ოკუპირებულ მხარეს გადასვლა.
რუსული მედიის ცნობით, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობის არსებობის საშუალება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, იქ მოყვანილი პროდუქტი და ასევე შინაური პირუტყვია და სოფელში სხვა შემოსავალი არ არსებობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამშვები პუნქტი გაეხსნა იქ, სადაც 2012 წლიდან ორ სოფელს შორის მოძრაობა არაოფიციალურად მაინც ხდება.
ოსურ სოფელ ხელჩუასა და ქართულ სოფელ ზარდიაანთკარს შორის ე.წ. საზღვარი პირდაპირ სოფლის ქუჩაზე, ზოგან კი პირდაპირ საცხოვრებელი სახლის ეზოებზე ან ბაღებზე გადის. იქვე გავლებულია ღობე და ერთ ადგილზე დამონტაჟებულია ჭიშკარი, რომლის გვერდით დგას ჯიხური, სადაც უკვე გამოკრულია ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გრაფიკი 12 ადგილობრივისთვის. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ანალოგიურ მდგომარეობაში ამ 12-ზე მეტად ბევრი ქართველი, მათ, ვისაც არსებობისათვის მნიშვნელოვანი ბაღები და სასოფლო-სამეურნეო მიწები ოკუპირებულ მხარეს დარჩათ და ამ 12 ოსისაგან განსხვავებით, უკვე რამდენიმე წელია მიწებს ვერ ამუშავებენ. მეტიც, საოკუპაცო ზოლთან ახლოს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღებში მუშაობისას თუ ტყეში ჯონჯოლისა და შეშის გამოსატანად შესვლისას არაერთი ქართველი გაუტაცნიათ და დაუკავებიათ რუს მესაზღვრეებს ვითომ “საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით და მხოლოდ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაუშვიათ.
ქართველებისაგან განსხვავებით, გადასვლა-გადმოსვლის პრობლემა ოს მოსახლეობას არასდროს ჰქონია და ამ ინიციატივამდეც დაუბრკოლებლად ამუშავებდნენ საკუთარ ბაღებს და დაუბრკოლებლად გადადიოდნენ ოკუპაციის ხაზს. თუმცა, “კავკაზსკი უზელი” წერს, რომ ადგილობრივ ოსებსაც აქვთ პრობლემები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ე.წ. საზღვარი გაავლეს, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მაგალითად, ერთი ადგილობრივი მკვიდრი, რომლის ბაღი ზარდიაანთკარშია, სახლი კი ხელჩუაში, ამბობს, რომ პრობლემები შეექმნა.
“ცოტა ხნის წინ მოსავალი ყუთებით ამ საზღვარზე სახლში გადამქონდა. ქართულმა პოლიციამ დამაკავა და დიდხანს მკითხავდა – რა მიმქონდა, სად შევაგროვე. არ მიშვებდნენ. ეს პოლიციის საგუშაგო ქართველებმა 2012 წელს დააყენეს, მანამდე უფრო შორს იყო, სამი წლის წინ კი ოსეთის საზღვართან ახლოს გადმოწიეს და ადგილობრივ ოსებს ხელს გვიშლიან. ჩვენ ვცდილობთ მათგან თავი შორს დავიკავოთ”, – ამბობს “კავკაზსკი უზელთან” საუბარში ერთ-ერთი ადგილობრვი ქალბატონი. მისი თქმით, ამ გადასასვლელის გახსნა მათ ბაღებში გადასვლას გაუადვილებს და ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება იმასაც აცხადებს, რომ მათ ქართულ მხარეს უკვე აცნობეს და ასევე გააგზავნეს შეტყობინება, რომ ზარდიაანთკარში მყოფმა პოლიციელებმა არ შეაწუხონ და არ დააკავონ სოფლის ოსი მოსახლეობა, რომლებიც გარკვეული გარემოებების გამო ქართულ სოფელში აღმოჩნდნენ. დე ფაქტო ხელისუფლებაში ასევე აცხადებენ, რომ “ლენინგორში (იგივე ახალგორში) მცხოვრები საქართველოს მოქალქეების უფლებები არ ილახება”.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ოფიციალურ თბილისს საოკუპაციო რეჟიმიდან არანაირი შეტყობინება არ მიუღია და ისინი ამ დრომდე არკვევენ რა გამშვებ პუნქტზეა საუბარი.
“ამ ადამიანებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ატარებდნენ და პრობლემები არ ჰქონიათ. საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამორჩევას და დისკრიმინაციას არ ეწევა. საოკუპაცო რეჟიმიდან კი ამ ახალ გამარტივებულ გამშვებ პუნქტზე არანაირი შეტყობინება გამოგზავნილი არ ყოფილა. მე დავეკითხე კოლეგებს შსს-ში და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია. მხოლოდ თქვენს ინფორმაციას ვეყრდნობი, რომ მხოლოდ 12 ეთნიკურად ოსისთვის იხსნება ახალი პუნქტი.
“ვისაც ატარებენ, იმათთვის მაინც იქნება შეღავათი და ამის დაკეტვის მომხრე არავინ იქნება. თუმცა, როდესაც დისკრიმინაცია და გამორჩევა ხდება, ეს თავისთავად ცუდია,” – აცხადებს ციხელაშვილი. მისი თქმით, გრძელვადიანი დეოკუპაციისა და მავთულხლართების დაშლისკენ მუშაობის პარალელურად ოფიციალური თბილისიდან ჟენევაში ყველა რაუნდზე და ერგნეთის ყველა შეხვედრაზე არის მოთხოვნა, რომ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომა ჰქონდეთ.
“ადგილზე მცხოვრებ ოსებს, სულ რამდენიმე ოჯახია, მიმოსვლაზე ქართული მხარისაგან დაბრკოლება არასოდეს ჰქონიათ. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ დაკარგული წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მიწებზე და ამ საკითხზე მოთხოვნა ძალიან ბევრჯერ ყოფილა, უბრალოდ კედელს ვაწყდებით. მიუხედავად ამისა, მაინც მაქვს იმედი და ამ ჩემი კომენტარით არ მინდა იმედი გადავწურო. ჟენევაში ბოლო რაუნდზეც იყო საუბარი, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების კომისიის მომავალ სხდომაზე განიხილებოდა ზაფხულში სამ სოფელში – წითელუბანში, ხურვალეთსა და თამარაშენში ბანერების დამონტაჟებისა და ამის შედეგად 158 ოჯახისათვის საკუთარ მიწებზე წვდომის საკითხი. ჩვენი მოთხოვნაა ახალი სეზონისათვის ამ ადამიანებს საკუთარ მიწებზე წვდომის უფლება მიეცეთ”, – ამბობს ციხელაშვილი.
მინისტრის მოადგილის თქმით, თუკი ვინმე იტყვის, რომ ოსები დაუბრკოლებლად გადმოდიან და ჩვენ რატომ ვუშვებთ, ან რომ სამაგიეროდ უნდა მოვითხოვოთ ეთნიკური ქართველების გატარებაც, მისი პასუხი ასეთია: “ჩვენთვის ეთნიკური კუთვნილების განურჩევლად ყველა საქართველოს მოქალაქეა და საოკუპაციო რეჟიმს და მით უმეტეს დე ფაქტო ავტორიტეტებს ვერ შევეჯიბრებით მათ მიდგომაში, რომლებიც სამწუხაროდ, ჰუმანიტარულ მოსაზრებებს აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ და ეთნიკურად დისკრიმინაციული მიდგომა აქვთ. “მივესალმებოდით და მივესალმებით, თუკი პატარა ნაბიჯი მაინც გადაიდგმება მიმოსვლის გამარტივებისკენ, მაგრამ ცხადია, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს. ის მავთულხლართები, ბანერები საერთოდ არ უნდა არსებობდეს და ვიდრე ეს ამოცანა არ იქნება მიღწეული, ცხადია, ეს საკითხები მუდმივად დღის წესრიგში იქნება”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მავთულხლართები და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები გაცილებით მეტ ეთნიკურ ოსს უქმნის პრობლემას და უმძიმებს ცხოვრებას, ვიდრე ეთნიკურად ქართველს.
“ორჯერ უფრო მეტია იმათი სტატისტიკა, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან ცდილობენ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოსვლას, ვიდრე საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მიწებსა და სავარგულებზე რომ გადადიან. მათივე სტატისტიკით, 2-ჯერ მეტი ადამიანია მსურველი და დაკავებული გადმოსვლის მცდელობისას. ეს იმას ნიშნავს, რომ მავთულხლართები არავის ინტერესებს არ ემთხვევა, პირველ რიგში კი ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლების ინტერესებს. ჩაკეტვა და გადაადგილებისა და საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვა არაცივილურია და რადგან ისინი ასე იქცევიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაც ასე უნდა მოიქცეს. ჩვენ ასეთ ნაბიჯს არ და ვერ გადავდგამთ. “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები” არ არსებობენ, ყველა ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. არ დგას საკითხი ისე, რომ რადგანაც სამხრეთ ოსეთში რუსეთს საოკუპაციო ხაზი აქვს გავლებული და მავთულხლართებს აბამენ, ჩვენც უნდა შევზღუდოთ ჩვენი მოქალაქეები”, – დასძენს მინისტრის მოადგილე.
„ახალი თაობა“, 17 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ფატუ ბენსუდა ადვილად დაამტკიცებს, რომ ქართველთა ეთნოწმენდა მოხდა“
ნათია ხურცილავა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში იმყოფება. ეს მოვლენა დაკავშირებულია საქართველოს მიერ რომის სტატუტის ხელმოწერასთან.
სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია „ახალ თაობასთან“ საუბარში განმარტავს, რომ რომის სტატუტი გულისხმობს იმას, რომ ხელმომწერი სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე არ დაუშვებს ომის დანაშაულის ჩადენას. ეს არის ნეგატიური ვალდებულება, ხოლო თუ მაინც მოხდება, გამოიძიებს, დამნაშავეს გამოავლენს და დასჯის. ეს ორი ვალდებულებაა სწორედ ამ ხელმოწერით დამტკიცებული.
- შესაბამისად, აგვისტოს ომის დროს ჩვენს ტერიტორიაზე საომარ ვითარებაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზეა საუბარი. რომელი ქვეყნის მოქალაქეც უნდა იყოს, თუ ის რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაიდენს დანაშაულს, პასუხისგებაში მიეცემა, – ამბობს ლია მუხაშავრია.
- ბრალდების წარდგენა და დამნაშავის დასჯა როგორ ხდება?
- იმის გამო, რომ სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, თავის ტერიტორიაზე დანაშაულის ფაქტი გამოიძიოს, ამიტომ ჰააგის ტრიბუნალმა საკმარისზე მეტი დრო მისცა საქართველოს ხელისუფლებას, ომის დანაშაული თვითონ გამოეძიებინა. ამ ხნის განმავლობაში იყო მოლოდინი, რომ ჩვენი პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებდა, მით უფრო, რომ პროკურატურაში საქმე აღძრულია, მაგრამ დრო გავიდა და აგვისტოს ომის დანაშაულის გამოძიების პირობა არ შესრულდა. ყველა მოლოდინი ამოიწურა.
- ამიტომ გადაწყვიტა ჰააგის პროკურორმა, თვითონ აეღო ინიციატივა?
- დიახ. პროკურორმა თავისი ინიციატივით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თანხმობა, თავად ჰააგის სასამართლომ განახორციელოს გამოძიება.
- ეს რას ნიშნავს?
- ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი თვითონ ჩამოვლენ საქართველოში, საკუთარი გამომძიებლებით, საკუთარი სპეციალისტებით, საკუთარი პროკურორებით და ადგილზე მოიპოვებენ და დაამაგრებენ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელთაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ ამ საქმის გამოსაძიებლად.
- ამ პროცესში რა ვალდებულება ეკისრება ჩვენს სახელმწიფოს?
- სახელმწიფო ვალდებულია, ჰააგის სასამართლოს გამომძიებლებს შეუქმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ მათ საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ როგორ მოხდება დამნაშავის დასჯა, გეტყვით, რომ ეს არის გაეროს სასამართლო და გაეროს წევრი ყველა სახელმწიფო ვალდებულია, თუ მის ტერიტორიაზე იქნება ბრალდების სუბიექტი, ის დააკავოს, – ის იქნება საერთაშორისო ძებნილი, ჰააგის ტრიბუნალის მიერ მოთხოვნილი თუ სხვა.
ექსპერტი განმარტავს, რომ ჰააგის ტრიბუნალს აქვს უნივერსალური იურისდიქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ პირს, რომელიც ჰააგის ტრიბუნალის მიერ არის ბრალდებული ან რომელსაც დაუსწრებლად გაასამართლებენ, გაეროს წევრი ნებისმიერი სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე დააკავებს და ტრიბუნალს გადასცემს.
- ჰააგის ტრიბუნალს არ აქვს პრობლემა პირის დაკავებისა და საბრალდებო სკამზე დასმისა. ეს ხდება რთული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ტრიბუნალთან არ თანამშრომლობს, მაგრამ, როგორც კი პირი ტერიტორიას გადაკვეთს და სხვა სახელმწიფოში შევა, იქ მას დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ. ეს უფრო მძიმე ძებნის სისტემაა, ვიდრე ინტერპოლის წითელი ცირკულარი.
- ჰააგის პროკურორი ფატუ ბენსუდა აცხადებს, რომ მხოლოდ რუსი სამხედროების დანაშაული არ იკვეთება მთელ ამ პროცესში. ამ განცხადებას გარკვეული შეშფოთება მოჰყვა. რა გზავნილი იყო ეს პროკურორის მხრიდან?
- ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაევალა გამოძიების დაწყება მას შემდეგ, რაც ტალიავინის კომისიამ თავისი ანგარიში ჩააბარა ევროპის საპარლამენტო ასამბლეას. ასამბლეამ მიიღო დადგენილება, რომ ამ ფაქტების დამდგენი კომისიის ანგარიშის საფუძველზე დაწყებულიყო გამოძიება.
ანგარიში 300-ზე მეტ გვერდს მოიცავს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ფაქტი, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ომის დროს. ამ ფაქტების მიხედვით იკვეთება, რომ დანაშაული ჩადენილია არა მხოლოდ რუსი სამხედრო პირების მიერ, არამედ ე.წ. ოსური ბანდფორმირებებისა და შეიარაღებული ჯგუფების მიერაც. ამ შემთხვევაში, წინასწარი განცხადების გაკეთების დროს პროკურორი ფატუ ბენსუდა ეყრდნობა არა საკუთარ გამოძიებას, არამედ ტალიავინის კომისიის დასკვნას.
- იუსტიციის მინისტრმა მას შემდეგ, რაც შეხვედრა გამართა ჰააგის პროკურორთან, პოლიტიკურ სპექტრს, ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს მოუწოდა, რომ აგვისტოს ომის საქმე არ არის მხოლოდ ერთი მინისტრის და ერთი პარტიის საქმე, რომ ქვეყანამ უნდა შეძლოს დამტკიცება, რომ რუსეთი თავს დაგვესხა.
- ეთნოწმენდა რომ მოხდა, მაგას მტკიცებაც არ უნდა. დიდი და მცირე ლიახვის ხეობა დაცლილია. დღეს იქ არც ერთი ქართველი აღარ ცხოვრობს. არანაირი მტკიცებულება არ არის საჭირო, საკმარისია ვითარების ობიექტური აღწერა. უფრო მეტიც, ქართველების სახლები მიწასთან გაასწორეს, ისე რომ, ადამიანებს დაბრუნება და საკუთარ ადგილ-მამულზე კვლავ დამკვიდრება რომ მოესურვებინათ, ამის შესაძლებლობა მოუსპეს. ამის დასამტკიცებლად თანამგზავრიდან გადაღებული მასალაც კია საკმარისი.
- გამოძიების მთავარი აქცენტი რაზე იქნება?
- გამოძიებას ამ შემთხვევაში აინტერესებს, კონკრეტულად რომელმა პირმა რა დანაშაული ჩაიდინა. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ეთნოწმენდა, არამედ დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მშვიდობიანი, შეუიარაღებელი ადამიანების მკვლელობას, დაჭრასა და ტყვეობას. ჩვენ ვიცით, რომ სამხედრო ტყვეობისა და წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ეს ფაქტები საყოველთაოდ არის ცნობილი. ახლა გამოსავლენია, კონკრეტულად ვისი ბრძანებითა და აღსრულებით მოხდა ამ დანაშაულების ჩადენა.
- პროკურორი ფატუ ბენსუდა ადვილად დაამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მოხდა ეთნოწმენდა?
- ძალიან ადვილად დაამტკიცებს, მაგრამ მხოლოდ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული არ არის. ასეთივე წარმატებით შეიძლება დაუმტკიცდეს ჩვენს ხელისუფლებას ის დანაშაული, რომ მან საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაიცვა, არ მოახდინა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. თუ ევაკუაციას ვერ ასწრებდა, არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია, რომ ადამიანებს თვითონ ეშველათ საკუთარი თავისთვის.
- ჰააგის პროკურორის პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაში ვინმეს ეჭვის შეტანა შეუძლია?
- ვინმეს აქვს კი ოდნავი ეჭვი მაინც, რომ ეს ქალი საკმარისად არ არის კვალიფიციური? წარმოუდგენელია. ბენსუდა იყო წინა პროკურორის მოადგილე. წინა პროკურორი ორი ვადით იყო არჩეული. 10 წელი იყო პროკურორი. მერე ჰააგის პროკურორად ქალბატონი ბენსუდა იქნა არჩეული. 2011 წელს, წინა პროკურორს როდესაც ვადა ამოეწურა, მან განაცხადა, რომ ის აგვისტოს ომის საქმეს აჩერებდა და მისი გაგრძელება უკვე შემდეგ პროკურორზე იყო დამოკიდებული. მე ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებდი ამ პროცესს თვალ-ყურს და ვიცი, ქალბატონმა პროკურორმა არჩევიდან ძალიან მალე თქვა, რომ ის ამ საქმეს გამოიძიებდა და თავის სიტყვას ასრულებს.
„ახალი თაობა“, 17 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „გიორგი მარგველაშვილი განახლებულ ნაცმოძრაობას ჩაუდგება სათავეში… ფიქრია ჩიხრაძე თავის დაწვას აპირებდა“
შორენა მარსაგიშვილი
რა გეგმები აქვს გიორგი მარგველაშვილს, ვის შეეკვრება გიგა ბოკერია, რაში სცოდავს ბიძინა ივანიშვილი? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრება.
- რამდენიმე დღის წინ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მარგველაშვილი ოპოზიციის ფარული ლიდერიაო. თქვენც ოპოზიცია ხართ და მოიაზრებთ პრეზიდენტს თქვენს ლიდერად?
- ღმერთმა დამიფაროს, იმ ძალაში ვიყო, რომლის ლიდერიც მარგველაშვილი იქნება. მეჭიაურს მინდა ვუთხრა, რომ მარგველაშვილი ფარული კი არა, უკვე ღია და ოფიციალური ლიდერია. ის იმ ძალებს აერთიანებს თავის გვერდით, ვინც ქვეყანას უდგას ოპოზიციაში.
- რომელი პარტიები დგანან ქვეყნის ოპოზიციაში?
- პირველ რიგში ნაციონალები. ქვეყნის მტრობაში არც მათი მონათესავე პარტიები ჩამორჩებიან.
- ნაცმოძრაობის მონათესავე პარტიებში ვის გულისხმობთ?
- რესპუბლიკელებს და ალასანიას პარტიას. ერთი ძალაც და მეორეც ამერიკაში დარბის და საქმეებს აწყობს. თავიანთ პატრონებს ეხვეწებიან, ხელისუფლებაში მომიყვანე და ამის სანაცვლოდ პირობების შესრულებაზეც თანხმდებიან.
- რა პირობების შესრულებას აპირებენ?
- ეუბნებიან, ხელისუფლებაში თუ მოგვიყვანთ, იმაზე უკეთ შევასრულებთ თქვენს დავალებებს, ვიდრე ამას ნაციონალები აკეთებდნენო. რაც სიტყვა-სიტყვით იმას ნიშნავს, საქართველოს ნაციონალებზე უკეთ დავანგრევთო. აი, ასეთი ხალხის ლიდერია მარგველაშვილი. ამიტომ ვთხოვ ბატონ მეჭიაურს, როცა რამეს იტყვის ოპოზიციაზე, დააკონკრეტოს, რომელ ძალებს გულისხმობს. ყველამ ვნახეთ სურათი, წინდას რომ ქსოვს მარგველაშვილი, მაგას ინტრიგების ქსოვაც კარგად გამოსდის. ორჯერ მივმართე ბიძინა ივანიშვილს და ვთხოვე, ეს კაცი არ დაენიშნა პრეზიდენტად, მაგრამ არ დამიჯერა. მეტსაც გეტყვით, გვიმტკიცებდა, ასეთი წესიერი ადამიანი ბუნებაში არ არისო. ეტყობა, არ იცოდა ბატონმა ბიძინამ, რომ თავისუფლების ინსტიტუტის ჭაობში გაზრდილ ყვავილებს არანაირი ადამიანური არ გააჩნიათ. მან პირობა მოგვცა, როგორც კი პრეზიდენტად ამირჩევთ, კოაბიტაციას დავასრულებო. მართლაც დაასრულა და საუკუნოდ ჩაეხუტა ნაციონალებს. პრეზიდენტი ყოფილი ხელისუფლების ერთადერთი საყრდენი ბურჯია.
- ერთადერთი რატომ?
- იმიტომ, რომ ის აცოცხლებს ნაცმოძრაობას. ამას, როგორც ამბობენ, დავალებით აკეთებს.
- ვისი დავალებით აკეთებს?
- სახელებს და გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ დავალება ოკეანის გაღმიდან აქვს მიღებული. ეტყობა, ამ დავალების ნაწილია ისიც, რომ მარგველაშვილი საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებას აპირებს.
- საკუთარი პარტია რაში სჭირდება და ვინ შეიძლება ვიხილოთ მის გვერდით?
- საკუთარი პარტია მიღებული დავალების შესასრულებლად სჭირდება. მის პარტიაში სავარაუდოდ ნაციონალებს ვიხილავთ. ყოფილ ხელისუფლებას სახელი ძალიან აქვს გატეხილი და მათი პარტიის სახელის ხსენებაზეც კი საშინელი რეაქცია მოდის. ამიტომაც ცდილობენ რებრენდინგს. შეიკრიბებიან მარგველაშვილის გარშემო და სხვა სახელს დაირქმევენ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ტყუილად ნუ დაამყარებენ პრეზიდენტზე იმედს. ის მაგათი ლოკომოტივი ვერ გახდება. არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი რომ არა, მას ყოფილი ცოლებიც არ მისცემდნენ ხმას.
- ეს ამბავი ნაციონალებმაც ხომ იციან და რატომ გროვდებიან მის გარშემო?
- ნაციონალებმა ძალიან კარგად იციან მისი შესაძლებლობა, მაგრამ ახალი ძალის შესაქმნელად ასეა საჭირო. თან ამ საქმეში დიდი ფული იდება. ეს არც ამერიკული ფულია და არც – რუსული, ის ჩვენი, ქართველი ხალხის ფულია. ნაციონალებმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს უამრავი ფული იშოვეს, როგორც ამბობენ, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ქვეყნიდან 19 მილიარდამდე გაიტანეს. აი, ამ ფულს დებენ ახალი ძალის შექმნაში. ამ ფულს უხდიან იმ ხალხსაც, რომლებიც ყოველ საღამოს მიდიან ბიძინა ივანიშვილის სახლთან და წადი, წადის კივიან. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხს მიშას ცოცხებზე შევსვამდი. ამათ მივაყოლებდი მარგველაშვილსაც, რომელიც, ნაციონალების დავალებით, პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ტაბუს ადებს. საახალწლოდ ნახავთ, მერაბიშვილს და ახალაიას რომ შეიწყალებს და პოლიტპატიმრის სტატუსსაც მიანიჭებს.
- ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიანო.
- ეგ განცხადება მეც მოვისმინე, მაგრამ რასაც ეგ ამბობს, პირიქით უნდა გავიგოთ. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განაცხადა, იმ სასახლეში არ შევალ, სადაც სააკაშვილის სული ტრიალებსო. კარგად მოჯდა თუ არა ადგილზე, არც აცია და არც აცხელა, ამ სასახლეში შევარდა. ესეც არ იკმარა და მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძე მოიყვანა.
- ფიქრია ჩიხრაძეს რაღას ერჩით, ეგეც „ნაციონალი“ ხომ არ არის?
- „ნაციონალებზე“ უარესია და თავი დიდ პოლიტიკოსად მიაჩნია. ამ ქალს ძალიან კარგად ვიცნობ, ეროვნულ მოძრაობაში იყო და თავს ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერად აცხადებდა. მერე გაჰყვა მოღალატეებს და გაჰკიოდ-გამოჰკიოდა. კარგად მახსოვს უნივერსიტეტის ბაღში მის მიერ დადებული პირობა. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ შეასრულა დანაპირები.
- რა პირობა დადო უნივერსიტეტის ბაღში?
- განაცხადა, თუ საქართველოში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვა, უნივერსიტეტის ბაღში თავს დავიწვავო. შევარდნაძე ჩამოვიდა, მაგრამ ამ ქალს თავი არ დაუწვია. 1995 წლის აგვისტოში შევარდნაძეს მანქანა აუფეთქეს და ეს ტერაქტი საწყალ იგორ გიორგაძეს დააბრალეს. იმ წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა. აფეთქებულმა თქვა, მე კენჭს აღარ ვიყრიო, გამოვარდა ფიქრია ჩიხრაძე და თქვა, შევარდნაძემ კენჭი თუ არ იყარა, საქართველო დაიღუპებაო. ახლა მარგველაშვილს გამოგვიცხადებს ქვეყნის მხსნელად.
ზევით გითხარით, მარგველაშვილი პარტიას ქმნის-თქო და ამ პარტიაში ყველა ნაყარ-ნუყარი პოლიტიკოსი მოიყრის თავს, მათგან საქართველო ვერაფრით გათავისუფლდა. ეს ის ხალხია, საიდანაც ქარი დაუბერავს, იქეთ რომ გადაიშხლართებიან.
პრეზიდენტი არც არასამთავრობოებს დაივიწყებს და მათაც შეიყვანს პარტიაში. ჯერ ახლა როგორ გვარიგებენ ჭკუას და პარლამენტში რომ მოხვდნენ, მაშინ წარმოგიდგენიათ, რას იზამენ?! ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც მაგათ ჭკუას ეკითხება. ამ არასამთავრობოებისთვის აზრის კითხვა დასრულდეს, ეგენი თავისუფლებაზე უნდა გაიყვანო კაცმა, გააშიშვლოს და წკნელით კარგად სცემო.
- ამ განცხადებას დიდი ალიაქოთი მოჰყვება. ანგარიშსწორებისკენ მოწოდებაში დაგადანაშაულებენ.
- დამადანაშაულონ და იყვნენ, ეგ არასამთავრობოები ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ რომ იბრძვიან, ამის გამო რატომ არავინ იღებს ხმას? ეკლესია რომ დაანგრიოს ვინმემ, ხმას არ ამოიღებენ, მაგრამ საკმარისია, რომელიმე სექტანტს მსუბუქად ამოარტყა პანჩური, ვუი და უი იწყება არასამთავრობოებში. მარგველაშვილიც მაგათნაირია.
- მოდით, ისევ მარგველაშვილს დავუბრუნდეთ, ნაციოანლებთან ერთად ახალ პარტიას გააკეთებსო და მასთან ნაციონალების რომელი ფრთა გაერთიანდება?
- ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ამ ნაციონალებში არანაირი ფრთები არ არის. ყველა ერთნაირია. ახლა ხმებს ავრცელებენ, თითქოს მათ შორის დაპირისპირებაა. ეს არის კარგად მოფიქრებული გეგმა. ნაციონალები ხალხისთვის საშინლად მიუღებელი ძალაა, იქედან თუ ვინმე წამოვა, მას ყველა მეტნაკლებად დადებითად შეხვდება. ამიტომ გამოუშვეს პარტიიდან ის 4 კაცი.
- ჯაფარიძე-ხაჩიძე-მელაძე-კუბლაშვილის ოთხეული მარგველაშვილთან წავა?
- არ არის გამორიცხული, ეგენი ყველანი ერთნაირად აზროვნებენ. მათი მთავარი იდეოლოგი და გებელსი გიგა ბოკერიაა, ის პრეზიდენტის სულიერი ნათესავია და მათი ერთად ყოფნა გარდაუვალია. არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდებიან და ხალხს ნერვებს მოუშლიან. ეს კი „ქართული ოცნების“ ბრალია. თავის დროზე სამართლიანობა რომ აღედგინათ, ესენი ასე ვეღარ ითავხედებდნენ. როგორც კი არჩევნები დასრულდა, შეშინებულები ხვლიკებივით შეძვრნენ სადღაც. ახლა გარეთ გამოვარდნენ ეს ხვლიკები და ჩვენ წინ თავხედურად ცეკვავენ ტანგოს.
„ახალი თაობა“, 17 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: ვიზიტები თუ შოპინგები? // რისთვის დადის მთავრობა უცხოეთში // ადმინისტრაციული რესურსი არჩევნებში
ნონა ცაბაძე
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიები და დანამატები უკვე ყბადაღებულ თემად იქცა. ამბობენ, რომ თბილისობის დღესასწაულისთვის თბილისის მერია გრანდიოზულ თანხებს ხარჯავს. ოპოზიციონერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედება ამორალურია.
- ამორალური რატომ არის? არ უნდა აღინიშნოს დღესასწაული?
- ამორალურია, აბა, რა არის? როდესაც ამ ფულს ხარჯავს ხელისუფლება და მოსახლეობის დიდი ნაწილი მშიერი ჰყავს! ხარჯების ეკონომია საქართველოს დიდ შეღავათს მისცემდა. თავისუფლად არის შესაძლებელი ბიუჯეტიდან 2-3 მილიარდი ლარის გამოთავისუფლება. ამ თანხით კი უამრავი სოციალური და ეკონომიკური პროექტის დაფინანსება შეიძლება.
- რის ხარჯზე?
- მათი პრემიების, დროსტარების, შოპინგებისა და მოგზაურობის ხარჯზე. ამ ყველაფერს მორალური მხარეც ხომ აქვს?! ჩვენ გვყავს უკიდურეს სიღატაკეში მყოფი მოსახლეობა. მეორეს მხრივ, ქვეყნის დე ფაქტო მმართველი არის მილიარდერი, რომელმაც დედაქალაქს თავზე დააშენა ერთი სასახლე და ახლა კიდევ დაკიდულ ბაღებს იშენებს. ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც საზღვარგარეთ ვიზიტების დროს 7-ვარსკვლავიან სასტუმროში ჩერდება.
კახა კუკავა მიიჩნევს, რომ საქართველო ყალიბდება აფრიკულ-აზიური ტიპის ქვეყნად, სადაც არიან ერთეულები, რომლებიც მილიონებსა და მილიარდებს ფლობენ, ხოლო ხალხის უმრავლესობა უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.
- ხელფასებისა და პრემიების საკითხი გადაუჭრელ პრობლემად იქცა. რატომ ვერ დაარეგულირა ხელისუფლებამ ეს საკითხი?
- ეს არ არის ხელფასები და პრემიები. ეს არის ერთგვარი ფეოდალური სისტემა. ეს არის ჰონორარი ლოიალურობისათვის. მე ვმუშაობდი თბილისის საკრებულოში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებშიც მიმუშავია. საჯარო სამსახურში თავისი პირდაპირი მოვალეობების აღსრულებისთვის დატოვებულია არაუმეტეს 20%-სა.
- დანარჩენი?
- დანარჩენი აპარატი არის ხელმძღვანელობის შვილები, ძმისშვილები, ცოლის ნათესავები, საყვარლები, მათი მეგობრები, ვიღაცის თხოვნით დანიშნული ადამიანები, პარტიული აქტივი და ასე შემდეგ. 80% სახელმწიფო აპარატში არის სწორედ ეს კატეგორია. ის ფული, რომელსაც მათ უხდიან, არის არა სამსახურის ანაზღაურება, არამედ თანხა იმისთვის, რომ როდესაც იქნება არჩევნები და ფართომასშტაბიანი მანიფესტაციები, საზოგადოების ეს მასა კბილებით დაიცავს არსებულ რეჟიმს იმის გამო, რომ მას ფეოდალური ბონუსჰონორარი აქვს დანიშნული.
კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ამ არანორმალურად დიდი ხელფასებისა და პრემიების უკან პოლიტიკური სისტემა დგას.
- ანუ ხელისუფლებას გარანტირებული მხარდამჭერები ჰყავს? ამბობენ, რომ არც ერთი ხელისუფლების დროს ამდენი ადამიანი არ მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში, რამდენიც დღეს.
- რა თქმა უნდა, ასეა. ყოველდღიურად ისეთი ხარჯების შესახებ ხდება ცნობილი, რომ ეს აღმაშფოთებელია! მარტო ხარაგაულის გამგეობას ასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ასეა ყველა რაიონში. წარმოგიდგენიათ, რა ხარჯებზეა საუბარი?! ამას ყველაფერს კი ტონალობას აძლევს სახელისუფლებო პოლიტიკური ელიტა. როდესაც პრემიერ-მინისტრი 7-ვარსკვლავიან სასტუმროში ჩერდება ვაშინგტონში, ეს არის ერთგვარი იმპულსი ქვედა დონის ჩინოსნებისთვის.
- არ ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ამ დონის სასტუმროში გაჩერების უფლება?
- ეს სახელმწიფო პოლიტიკაა. ღარიბმა ქვეყანამ საკუთარი ქვეყნის სახსრები უნდა ხარჯოს არა ვიზიტებსა და საკუთარ კომფორტში, არამედ – სოციალურ პროექტებში! რადგან პრემიერ-მინისტრი ვახსენე, ასევე უნდა ვთქვა პარლამენტის თავმჯდომარეზეც.
- მან რაღა დააშავა?
- ხშირად ჩვენს პარლამენტის თავმჯდომარეს უყვარს ხოლმე კომენტარები, კოალიცია `ქართული ოცნება~ კი არ არის პროგრესული და დემოკრატიული, მაგრამ მარტო რესპუბლიკელებმა რა ვქნათო. ცოტა ხნის წინ ის უელსში ბრძანდებოდა უზარმაზარი დელეგაციით. მას არ შერცხვა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამართა მოლაპარაკებები უელსის ხელისუფლების ორგანოებთან. ყველამ კარგად იცის, რომ უელსი სახელმწიფო არ არის! ის შედის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში და არის მისი ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული.
კახა კუკავა ამბობს, რომ ეს ყველაფერი კომედიაა და საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ღარიბაშვილის, უსუფაშვილისა და უამრავი საჯარო მოხელის ვიზიტები საზღვარგარეთ არ არის ვიზიტები. ეს არის შოპინგები.
- იმის თქმა გინდათ, რომ ჩვენი მთავრობა საზღვარგარეთ მხოლოდ საშოპინგოდ დადის?
- სწორედაც რომ ასეა! თანაც მარტო კი არ დადიან, თან მიჰყავთ თანაშემწეების, აპარატის თანამშრომლებისა და პრესატაშეების არმია. ეს არის სამარცხვინო და როგორც სააკაშვილზე თავისი პიჯაკების გამო დღეს ძებნაა გამოცხადებული, აუცილებლად ღარიბაშვილისა და უსუფაშვილის წინააღმდეგაც უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები!
- რისთვის?
- თუ ისინი ვერ დაადასტურებენ, რომ ყველა კონკრეტული ვიზიტი, რომლებშიც კოლოსალურად დიდი თანხები იქნა გადახდილი, მართლაც სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდა…
- ამ შემთხვევაში?
- თუ ბატონი უსუფაშვილი ვერ წარუდგენს პროკურატურას დოკუმენტებს, რომ მან უელსში ვიზიტის დროს რაიმე დოკუმენტს მოაწერა ხელი ან რაიმე სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო განპირობებული ჩასვლა უელსში, მაშინ უკან უნდა დააბრუნოს ის თანხა, რომელიც ამ ვიზიტისთვის დაიხარჯა!
კახა კუკავას განცხადებით, მხოლოდ პარლამენტის მიერ ასეთი უაზრო ვიზიტებისას დახარჯული თანხები რამდენიმე მილიონს შეადგენს.
- „ოცნებას“ დიდი იმედი აქვს, რომ 2016 წლის არჩევნებს მოიგებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ხელოვნურად გაზრდილი აპარატისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის იმედი აქვთ?
- სწორედ რომ ასეა! საქართველოში ეს სისტემა ჩამოყალიბდა 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ _ ადმინისტრაციული რესურსის სისტემა. შევარდნაძის მთავრობამ 2003 წელს, როცა მისი რეიტინგი ნულს შეადგენდა, 20-22% აიღო. საიდან? ზუსტად ეს იყო ადმინისტრაციული რესურსი. იგივე სისტემა უკვე ინდუსტრიის დონეზე აიყვანა სააკაშვილმა. მან ეს ყველაფერი კომპიუტერულ აღრიცხვაზე აიყვანა, რომ ერთი ხმაც კი არ დაეკარგა. ყველა საჯარო მოხელესა და მისი ოჯახის წევრებსაც კი აკონტროლებდნენ.
- დღეს რა ხდება?
- ზუსტად იგივე სისტემა აამოქმედა „ქართულმა ოცნებამაც“. ეს ასევე პირდაპირ კავშირშია მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მცდელობასთან.
კახა კუკავა ამბობს, რომ დღევანდელი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, „ოცნების“ რეიტინგი შეადგენს 20-25%-ს, მაგრამ მათ აქვთ ამოცანა, რომ მომავალ პარლამენტში მიიღონ 51%.
- საიდან?
- ამის ერთ-ერთი მთავარი საშუალება არის სწორედ ადმინისტრაციული რესურსები. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც დღეს საგარეჯოში ხდება.
- რა ხდება საგარეჯოში?
- მთელი მთავრობაა იქ ჩასული. დადიან მინისტრები და მუშაობენ ზუსტად ამ პრინციპით. რატომ უნდა ჩადიოდეს იქ ყველაზე ხშირად სერგეენკო ან სანიკიძე?
- რატომ?
- იმიტომ, რომ არსებობს ე.წ. ხალხმრავალი სამინისტროები, რომელთაც ყველა რაიონში და ყველა სოფელში აქვთ თავისი დაწესებულება. არჩევნების დროს სწორედ რომ ოქროს ფასი აქვს ამ სამინისტროებს. სკოლა და საავადმყოფო ხომ ყველგან არის? ჰოდა, ხმებსაც ამ პრინციპით აგროვებენ. აი, ეს არის საარჩევნო სისტემა, როცა შეიძლება, მთავრობის რეიტინგი იყოს ნული, მაგრამ არჩევნებში უნდა მიიღოს 51%!