globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 17 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 17th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: აშშ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ომში ჩაება // კონგრესი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას 10 მილიონს გამოუყოფს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ


„რეზონანსი“: არის თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა და საჭიროა თუ არა მის წინააღმდეგ ბრძოლა?

„ალია“: რატომ ჩამოართვა აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მთავარი მოკავშირის სტატუსი?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტარიელ ფუტკარაძესთან: „აფხაზეთის ომი დაიწყო რუსეთის მიერ მართულმა ორმა კლანმა – შევარდნაძისა და არძინბას კლანებმა“
————————

„რეზონანსი“, 17 დეკემბერი, 2014 წელი
აშშ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ომში ჩაება
კონგრესი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას 10 მილიონს გამოუყოფს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ
მაია აბაიაძე
(შემოკლებით)
აშშ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას დამატებით 10 მილიონს გამოუყოფს, რათა გააქტიურდეს “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” მაუწყებლობა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. (…)
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, ყველაზე აქტიურად საინფორმაციო ომი უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარეობს და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას სწორედ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.
“პირველ რიგში, ეს უკავშირდება უკრაინის მოვლენებს, ასევე მოლდოვას და ყველაზე ნაკლებად საქართველოს, ვინაიდან თუკი სადმე არ მოქმედებს რუსული პროპაგანდა – ეს საქართველოა. ჩვენთან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსულ გადაცემებს არც უყურებს და არც უსმენს. მაგალითად, ჩემი სტუდენტების 95 %-ს დიპლომატობა უნდა, მაგრამ რუსული არ იციან, ინგლისური ხომ საერთოდ არ იციან და არც რუსული, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. უკრაინისთვის ეს აქტუალურია, მაგრამ ჩვენთვის იმდენად არა, რადგან უკრაინა საშინელი წნეხის ქვეშაა, იქ ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობაა – ყველა უკრაინელს ესმის რუსული და უყურებენ რუსულ გადაცემებს.
“რა თქმა უნდა, კარგია რედაქციებისთვის, რადგან შტატები იყო შემცირებული და რედაქციაც ცოტა ფულს მიიღებს, მაგრამ რომ ვთქვათ, კატასტროფული მდგომარეობაა და აუცილებელი იყოს, მე ამ აუცილებლობას ვერ ვხედავ, ვინაიდან რუსული პროპაგანდა საქართველოში ეფექტური არაა და მისი გავლენისა და მითუმეტეს ტყვეობის ქვეშ არავინ არ არის. რასაკვირველია, ეს არის საინფორმაციო ომი, რომელიც ძალიან მწვავედ მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის, ასევე გარკვეულწილად მოლდოვასთან მიმართებითაც, მაგრამ მთავარი სამიზნე უკრაინაა. იქ ძალიან ძლიერია საინფორმაციო წნეხი, განსაკუთრებით ყირიმში, ოდესაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, დასავლეთ ნაწილში კი ნაკლებად”, – აღნიშნავს ცინცაძე.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ საქართველოში მეტ-ნაკლებად მაინც არსებობს პრორუსული სეგმენტი და ამიტომ მიიჩნევს, რომ მედიის როლი და საინფორმაციო პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებაში ადეკვატური განწყობის ფორმირება მოხდეს.
“დიდი ხანია ვამბობდით, რომ ამაზე მუშაობა აქამდეც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სანამ მოვლენები კრიზისისკენ არ წავიდა, ძალისხმევა არ მიმართეს. არამარტო ჩვენ, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნები დღეს ისეთივე საშიშროების წინაშე ვართ, რასაც თავის დროზე წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი. (…)
საქართველოში ეს რისკები ერთი შეხედვით ნაკლებად ჩანს, მაგრამ ბოლო წლებში გამოჩნდნენ მცირე ჯგუფები, რომლებიც პრორუსულობისკენ იხრებიან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკვე პირდაპირ ღიად ლაპარაკობენ ამ თემაზე და შეიძლება მათ ხალხზე ზეგავლენა მოახდინონ და სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად გააზრებული ანტირუსული პროპაგანდა. ანტირუსულში არ იგულისხმება რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება, არამედ აქ იგულისხმება პოლიტიკა, რომელსაც ატარებს რუსეთი და რაც საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს დამოკიდებულება, რომ რუსეთისგან შექმნილი პრობლემების მართვა რუსებს შეუძლიათ და გარკვეული ჯგუფები ამაზე მუშაობენ”, – ამბობს გამზარდია და დასძენს, რომ საინფორმაციო პოლიტიკას მამხილებელი ფუნქცია უნდა ჰქონდეს. მე ამას გამომაფხიზლებელ საინფორმაციო პოლიტიკას დავარქმევდი, რომელიც თავისთავად ანტირუსულ პროპაგანდაზე გადის. უნდა გავიაზროთ, ვისთან გვაქვს საქმე და რად შეიძლება დაგვიჯდეს ჩვენი ლოიალობა რუსეთის მიმართ. საჭიროა სწორი შეფასების სისტემა, მე, როგორც მოქალაქე, რუსეთის დადებით მხარეებს ვერ ვპოულობ.
“საინფორმაციო პოლიტიკას ამხსნელი და მამხილებელი ფუნქცია უნდა ჰქონდეს, რათა კარგად დავინახოთ რუსეთის სახე და მივხვდეთ, რომ ეს არაა რამდენიმე ქართველი მომღერლისთვის “ოერტე-ზე” დათმობილი დრო, ან რამდენიმე განცხადება, რაც შეიძლება ჩვენს პატივმოყვარეობას მალამოდ მოედოს და ა.შ. საზოგადოებამ, მედიამ და ანალიტიკოსებმა დამატებით უნდა იმუშაონ, ფინანსური რესურსიც ზუსტად ამისთვისაა საჭირო, რომ ხალხმა სწორი და ადეკვატური ინფორმაცია მიიღოს – თუ რას ნიშნავს თანამედროვე რუსეთი, რას ქმნის და რისკენ მიდის. საზოგადოების პოზიცია უნდა იყოს ერთიანი იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს რუსეთი ჩვენნაირი ერებისთვის და რა საფრთხეს გვიქმნის. საჭიროა მედიის, ანალიტიკოსებისა და ისტორიკოსების აქტიური ჩართვა, რაც კომპლექსურ მუშაობას გულისხმობს”, – ამბობს გამზარდია.

„რეზონანსი“, 17 დეკემბერი, 2014 წელი
თქვენი აზრით, საქართველოში არის თუ არა რუსული პროპაგანდა და საჭიროა თუ არა მის წინააღმდეგ ბრძოლა?
ლიკა ამირაშვილი
(შემოკლებით)
თქვენი აზრით, საქართველოში არის თუ არა რუსული პროპაგანდა და საჭიროა თუ არა მის წინააღმდეგ ბრძოლა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): იცით, რა არის? საქართველოში როგორც რუსული, ასევე ამერიკული პროპაგანდაცაა. ეს ორი ზესახელმწიფო, ორი იმპერია ერთმანეთს იმაში ეჯიბრება, საქართველო თუ ვის დარჩება. მე პირადად არც რუსული პროპაგანდის და არც ამერიკულის მომხრე არ ვარ. მე ვარ ქართული პოლიტიკის მომხრე – იმ პოლიტიკისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულად გაამთლიანებს და საბოლოოდ ეროვნულ ქვეყნად ჩამოაყალიბებს. რაც შეეხება ბრძოლას რუსული და ამერიკული პროპაგანდის წინააღმდეგ, თუ მათ პროპაგანდაში დაპყრობითი სურვილები იქნება, გონიერი ქართველი ორივეს ერთნაირად უნდა ებრძოლოს.
ქეთი ბექაური (იურისტი): საქართველოში არც რუსული პროპაგანდა და არც ანტირუსული პროპაგანდა არ არის. ჩემი აზრით, არც ერთი უნდა იყოს და არც მეორე. ჩვენ საზოგადოება არ უნდა განვაწყოთ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ. მითუმეტეს, რომ რუსეთისკენ გარკვეული კეთილმეზობლური ნაბიჯებია გადადგმული. საერთოდ ყველა ქვეყანასთან უნდა დავიცვათ ნეიტრალიტეტი. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ სიტუაცია შედარებით დათბეს და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს. ძალიან კარგად ვიცით, როგორია რუსული აგრესია, მაგრამ აგრესორს აგრესიით არ უნდა ვუპასუხოთ. როდესაც აგრესიით ვუპასუხეთ, ყველამ კარგად ვიცით, 2008 წელს რაც დაგვემართა.
რეზო მიშველაძე (მწერალი): რუსული პროპაგანდა ყოველთვის იყო და იქნება. ოღონდ ეს ძალიან ფარული სახით არის. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროპაგანდის შეწყვეტა საჭიროა. პირიქით, მე მაინტერესებს, რუსეთზე რაც შეიძლება მეტი რამ გავიგო. ბევრი რუსული სატელევიზიო გადაცემა, რომლის ნახვაც შეგვიძლია და ეს ძალიან კარგია. რადგან შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რეალობა თავად შევაფასოთ და შევადაროთ, რაც ხდება. აქედან გამომდინარე, მირჩევნია, მეტი ვიცოდე, ვიდრე რუსეთის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდე.

„ალია“, 17 დეკემბერი, 2014 წელი
რატომ ჩამოართვა აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მთავარი მოკავშირის სტატუსი?
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა „ნატოში წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის“ სტატუსს ვერ მიიღებენ – ეს კანონი აშშ-ის კონგრესმა ერთსულოვნად მიიღო, თუმცა მეორე სამართლებრივ აქტში „2014 წლის უკრაინის მხარდამჭერ აქტში“ საქართველოცაა ნახსენები. რას ნიშნავს კონგრესის მიერ მიღებული დადგენილებები?
„ალია“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრება (გთავაზობთ შემოკლებით):
„ეს პირველი შემთხვევა არ არის ამერიკელებისაგან. მიხეილ სააკაშვილის დროსაც იღებდა კონგრესი და მისი კომიტეტები საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციეწბს, მაგრამ შემდეგ ისინი იყინებოდა და ვარდებოდა… აშკარაა, რომ დღეს, [რუსეთის ფაქტორის გამო], ამერიკის კონგრესი მზად არ არის ზემოაღნიშნული ნაბიჯის გასადგმელად, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ვაშინგტონმა საბოლოოდ ხელი გვკრა…
ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ რუსეთთან ტერიტორიული დავა გვაქვს. რუსეთი [აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულებით] აცხადებს, რომ საქართველოს საზღვარი მთავრდება ენგურთან [და ახალგორთან]. ამას დაემატა ჩვენს მიერ მიღებული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ესე იგი, რუსეთის სამართლებრივ აქტებს არ ვცნობთ, გვინდა დეოკუპაცია… ამრიგად, რუსეთთან კლასიკური ტერიტორიული დავა გვაქვს. ამგვარი რეალობით ნატოში არავინ მიგვიღებს. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საქართველოს მეზობელი და ნატოს წევრი თურქეთი ჩახუტებულია რუსეთთან…
ნატოს პოზიციას სხვას ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა კატა-თაგვობანას თამაშს: შეუსრულებელი დაპირებები, ტყუილები, სიცრუე… როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? წესით, უნდა მოვიდეს დრო და თბილისმა ულტიმატუმი უნდა წაუყენოს ბრიუსელს: „თუ მღებულობ, მიმიღე, თუ არადა, ნუღარ მატყუებ, ახლა რუსეთთან მოლაპარაკებას დავიწყებო“. შეიძლება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ძველებური სახით საქართველოს შემადგენლობაში ვერ დავიბრუნოთ, მაგრამ არის ბევრნაირი ფორმა საერთაშორისო პრაქტიკაში – კონფედერაცია, ერთობლივი სახელმწიფო, გნებავთ ანდორას პრეცედენტი…
ჩვენ ისევ ჯიუტად ვაგრძელებთ ნაციონალების პოლიტიკას რუსეთთან – „ან ყველაფერი, ან არაფერი“, ანუ „ან დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ან საერთოდ არაფერი არ გვინდა შენგანო“.ასეთ პოლიტიკას არავისთვის ხეირი არ მოუტანია და არც ჩვენ არ მოგვიტანს. ამიტომაც კონგრესის ის გადაწყვეტილება, რითაც საუბარი დავიწყეთ, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს“, – ამბობს ინტერვიუში სოსო ცინცაძე.

„ახალი თაობა“, 16 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ ტარიელ ფუტკარაძესთან: „აფხაზეთის ომი დაიწყო რუსეთის მიერ მართულმა ორმა კლანმა – შევარდნაძისა და არძინბას კლანებმა“
ვრცელ ინტერვიუში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ტარიელ ფუტკარაძე საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას ისტორიულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ საქართველომ რუსული ოკუპაციის ოთხი ეტაპი გამოიარა: 1801 წელს, 1921 წელს, 1991 წელს, 2008 წელს.
„აქედან ის დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, რომ ე.წ. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი 1990-იან წლებში კი არ დაწყებულა, არამედ პერმანენტულად გრძელდება ორასი წლის განმავლობაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო რუსეთმა დაამხო საქართველოს ეროვნული ხელისუფლება და მის მიერ მართულ მარიონეტულ რეჟიმებს აფხაზეთისა და ცხინვალის მხარეში ომი დააწყებინა. აფხაზეთში კონფლიქტის ორივე ხილული მხარე რუსეთისაგან მართული კლანი იყო: შევარდნაძე-იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას ჯგუფი და ვლადისლავ არძინბას კლანი. არსებითია ისი9ც, რომ საქართველოში პრორუსულმა ძალებმა შექმნეს კონსტიტუციური ვაკუუმი, რომელმაც საშუალება მისცა კრემლს გაექატიურებინა დეზინტეგრაციული პროცესები საქართველოში.
შევარდნაძისა და არძინბას უკანონო ხელისუფლების გამოყენებით კრემლმა კონფლიქტში ჩაითრია აფხაზთა და ქართველთა ერთი ნაწილი და არა ყველა აფხაზი ან ქართველი. პარალელურად, კრემლმა დაიწყო აქტიური პროპაგანდა იმისა, რომ „აფხაზეთში ველურ კავკასიელ ძმათამკვლელებს შორის მიმდინარე ომიაო“. ამ გზით რუსეთი იმპერიის ხელისუფლება ნიღბავდა და ნიღბავს საქართველოს ხელახალ ოკუპაციას – ცხინვალსა და აფხაზეთში სამხედრო ბაზების დილოკაციას და მცოცავ ანექსიას. ეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი კი არაა, არამედ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. ამ შენიღბვაში ქართველ და უცხოელ ექსპერტთა ერთი ნაწილიც მონაწილეობს. მაგალითად, ამჟამინდელმა სახახლო დამცველმა, 2007-2012 წლებში კი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა უცხოური დაფინასებით 2005 წელს შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ბოდიში“, რომლის მთავარი მიზანი იყო „ქართველ და აფხაზ ერებს შორის არსებული სიძულვილის დაძლევა“ – ერთმანეთისათვის ბოდიშის მოხდის საშუალებით (ფილმიც კი გადაიღეს სახელწოდებით „ბოდიში“…). უჩა ნანუაშვილმა დაიწყო ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარების კრიტიკა, ქართული ისტორიოგრაფია სიცრუეში დაადნაშაულა აფხაზების წინააღმდეგ მიმართული დებულებების გამო. 2007 წელს უჩა ნანუაშვილმა დაწერა, რომ საქართველოს სამივე პრეზიდენტი ერთნაირ პოლიტიკას ატარებდა, რომლის დროსაც აფხაზები დავიწყებულ-გარიყულები იწვნენო. არადა, ეს მართალი არ არის: ზვიად გამსახურდია, პირიქით, აფხაზებისთვის ეთნიკური თვითმყოფადობის სესანარჩუნებლად იბრძოდა მათ ზოგიერთ ლიდერს მხოლოდ პრორუსული ორიენტაციის გამო აკრიტიკებდა“, – ამბობს ინტერვიუში ტარიელ ფუტკარაძე.
რესპოდენტი კრიტიკული თვალსაზრისს გამოხატავს აგრეთვე რესპუბლიკური პარტიის ლიდერებისადმი, მაგალითად, თინა ხიდაშელის პოზიციისადმი, რომელიც აცხადებს, რომ ქართველმა ხალხხმა ბოდიში უნდა მოიუხადოს აფხაზებს ომის დაწყების გამოო. ვიმეორებ: ომი დაიწყო რუსეთის მიერ მართულმაორმა – შევარდნაძისა და არძინბას კლანმა დაქ აფხაზეთში არსებული „კონფლიქტის“ ეთნოკონფლიქტად წარმოსახვა რუსული ოკუპაციის შენიღბვაა“, – აცხადებს ტარიელ ფუტკარაძე.

Comments are closed