globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 17 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 17th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობას ჯერჯერობით მხოლოდ ბურჯანაძის პარტია და „თავდემები” თანხმდებიან

„რეზონანსი“: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „რისკი, რომ სახელისუფლებო კრიზისი დადგება, რასაკვირველია, არსებობს“

„რეზონანსი“: საქართველო სოციალური ამბოხის ზღვარზე

„რეზონანსი“: მომაკვდავი ლარის მობრუნება შეუძლებელია // „სებ-ის ხელმძღვანელობა ბანკებს ხელს აფარებს, ასე იქცეოდა მისი წინამორბედიც და მთავრობაც“

„რეზონანსი“: გამოიწვევს თუ არა ლარის ასეთი ტემპით გაუფასურება ქუჩის აქციებს?

„რეზონანსი“: ეკონომისტები მთავრობის გადადგომას ითხოვენ // პაატა შეშელიძე: „ეს რაც უფრო მალე აღსრულდება, ჩვენთვის უკეთესი იქნება“

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „მთავრობას ვურჩევ, არ გააძვიროს აქციზის გადასახადი საწვავზე“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლია ელიავასთან: „საქართველოდან კაპიტალი გარბის“ // „ლარის მცურავი კურსი ქვეყნისთვის დამღუპველია“

——

„რეზონანსი“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: როგორ ვაიძულოთ რუსეთი, რომ დაიწყოს 2011 წლის შეთანხმების შესრულება // „გვაქვს ამის შესახებ მოსაზრებები, შემდგომი ნაბიჯები როგორ უნდა გადაიდგას, თუ კიდევ ხელოვნურად გაიწელება ეს პროცესი“

„რეზონანსი“: „სამხრეთ ოსეთს“ შეიძლება სახელი შეუცვალონ

——————-

„რეზონანსი“, 17 დეკემბერი, 2016 წელი

საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობას ჯერჯერობით მხოლოდ ბურჯანაძის პარტია და თავდემები თანხმდებიან

სალომე სარიშვილი

პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დადგენილება უკვე დაამტკიცა, რის შემდგომაც მისი დაკომპლექტება უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ კომისიის საბოლოო შემადგენლობის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მომდევნო კვირის ბოლომდე მიიღებს, თუმცა მანამდე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კომისიის მუშობაში მათ ჩართვაზე საუბრობ, მიუხედავად არცთუ ისე პოზიტიური მოლოდინისა, ისინი მაინც შეეცდებიან კომისიის მუშაობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და შესაბამისად, სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღონ. ასეთი კი დაახლოებით 12 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა, რომელთაგან ზოგიერთის აზრი კომისიაში ჩართვაზე უკვე გაცხადებული და ცნობილია.

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პარტია “თავისუფალი დემოკრატები” გახლავთ, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვას აპირებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ ისაუბრა და თქვა, რომ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, არაპოზიტიური შედეგის მოლოდინისა, ისინი კომისიის მუშაობაში მაინც ჩაერთვებიან.

“შევეცდებით მუშაობის პროცესში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა “ქართული ოცნება” დავარწმუნოთ, რომ არ მოხდეს პრეზიდენტის საყოველთაო წესით, კონსტიტუციით გათვალისწინებული არჩევის შეცვლა პარლამენტის მიერ მისი არჩევით. ეს გამოიწვევს იმას, რომ “ქართული ოცნება” აბსოლუტური კონტროლის ქვეშ მოაქცევს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ჯერჯერობით “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებადი არ არის “, – განაცხადა შალვა შავგულიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, პარტიის კიდევ ერთი ინიციატივა იქნება – რომ პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული წევრებისგან დაკომპლექტდეს, რაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გამოიწვევს. შავგულიძემ ისიც განაცხადა, რომ ამ საკითხებთან ერთად გადასახედია პროკურატურის საკითხიც.

“მიგვაჩნია, რომ გადასახედია პროკურატურის ადგილი, ვინაიდან პროკურატურა ბოლო პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაშია და ამან ძალიან ცუდი შედეგი მოგვცა. ჩვენ გვაქვს პოლიტიზებული პროკურატურა, როგორც წინა ხელისუფლების დროს. ასევე, კონსტიტუციაში უნდა აისახოს ის დებულება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაეზარდოს უფლებამოსილება. კერძოდ, მას შეეძლოს საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების შეფასება საქართველოს კონსტიტუციასთან და კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ და იქვე დასძინა, რომ იმ შემთვევაში თუკი “თავისუფალი დემოკრატები” ნახავენ, რომ ოპოზიციის აზრი საკონსტიტუციო კომისიაში გათვალისწინებულია არ არის, მათ შესაძლოა კომისია დატოვონ.

აღნიშნული კომისიის მუშაობის პროცესში ჩართვას გეგმავს “დემოკრატიული მოძრაობაც”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის თქმით, მიუხედავად ხელისუფლების მიერ გამოვლენილი მიდგომებისა, პარტია დიდი ალბათობით კომისიის მუშაბაში ჩაერთვება.

“სავარაუდოდ, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ის მიდგომები, რაც ხელისუფლებამ უკვე გამოავლინა, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია. ვგულისხმობ იმას, რომ კვალიფიციური სუბიექტებიდან 13 პარტია კომისიაში მუშაობის მონაწილეობის უფლების გარეშე დატოვეს, ეს კატეგორიულად მიუღებელი რამაა და მხოლოდ იმის გამო გაკეთდა, რომ ხელისუფლებას კომისიის წევრების თვალსაზრისით ორჯერ მეტი უპირატესობა ჰქონდეს. ახლა გამოდის, რომ “ქართულ ოცნებას” კომისიაში 27 წევრი ჰყავს და მთელს ოპოზიციას ერთად – 12. ანუ, ორჯერ უფრო მეტნი არიან,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ახვლედიანი და უმატეს, რომ ასეთ სიტუაციაში რაიმე გადაწყვეტილების გატანა ძალიან რთული იქნება. თუმცა, საკონსტიტუციო კომისია მაინცდამაინც უმრავლესობა-უმცირესობის ჯიჭიდილის ადგილი არაა. იქ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომელიც ქვეყნისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს განახორციელებს. საბოლოო ჯამში კი ამ ცვლლებებს კენჭი ისევ “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობამ უნდა უყაროს. აქედან გამომდინარე, თუ უმრავლესობას არ ექნება ეს პოლიტიკური ნება, ჩვენ ამ კომისიაში, რა თქმა უნდა, აღარ დავრჩებით,” – ამბობს გიორგი ახვლედიანი და ყურადღებას “ქართული ოცნების” მიერ შესაძლო განსახორციელებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ამახვილებს.

“შევხედავთ ვითარებას და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ “ქართული ოცნება” მხოლოდ სამი საკითხითაა დაინტერესებული. პირველი ესაა, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება, შემდეგ პარლამენტის დედაქალაქში გადმოტანა და მესამე ხელისუფლების მიერ პოპულისტურად გამოყენებული თემა – ქორწინების შესახებ ჩანაწერი. რეალურად კი ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისა და მაჟორიტარული სისტემის საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი, ასევე მთავრობის უფლებამოსილების საკითხები. როგორც ჩანს, უმრავლესობა ამ თემებზე მუშაობას არ აპირებს,” – აღნიშნავს “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.

რაც შეეხება “რესპუბლიკურ პარტიას”, რომელიც ამ საკითხზე თავიდანვე სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოხატავდა, პარტიაში ამბობენ, რომ აზრი არც ახლა შეუცვლიათ და შესაბამისად, “რესპუბლიკელები” ამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ფორმატით ეს პარტია კომისიაში ისედაც ვერ მოხვდებოდა.

“ჩვენ ამ კომისიის შექმნასა და შემდგომ მუშაობაზე თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავით განწყობილნი. პრინციპში, ეს თავშივე განვაცხადეთ კიდეც, როცა ამ კომისიის შექმნაზე მიდგა საუბარი. ჩვენი აზრით, ძალიან მაღალი ალბათობით ეს კომისია უბრალოდ იმისთვის იქნება, რომ ერთპარტიულ გადაწყვეტილებებს რაღაცა ტიპის სოლიდურობა შესძინონ. ანუ, გამოდის, რომ ეს უბრალოდ ფორმალური კომისია იქნება, რომლის წინა დეკორაციაც უმრავლესობაში მის შექმნამდე გაითამაშეს, რეალურად კი გადაწყვეტილებას ისევ “ქართული ოცნება” მიიღებს. პრინციპში, იმ ფორმატში, რომელშიც ისინი გვთავაზობენ, “რესპუბლიკური პარტია” მაინც არაა, მაგრამ რომც იყოს, ჩვენ ამ ფასადურ და დეკორატიულ მუშაობაში მონაწილეობას არც ჩვენი სურვილით მივიღებდით,” – გვითხრა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტში შემავალ პარტიათა ნაწილს, როგორც “რეზონანსს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში განუცხადეს, პარტიაში საკონსტიტუციო კომისიის მუშობაში მონაწილეობის მიღებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

„რეზონანსი“, 17 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „რისკი, რომ სახელისუფლებო კრიზისი დადგება, რასაკვირველია, არსებობს

თაკო მათეშვილი

„ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც “ოცნებამ” შეიმუშავა, ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი. საზოგადოება კი ხელისუფლებისაგან სწრაფ შედეგებს ელოდება”, – ამბობს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე და დასძენს, რომ სოციალური პროგრამების გაუქმება, ლარის კურსი და პროდუქტზე ფასების ზრდა ხალხში პროტესტს აუცილებლად გამოიწვევს. მითუმეტეს, თუკი ხელისუფლება შემდეგი თვეების განმავლობაში არ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც შექმნის ვითარებას განმუხტავს.

“რეზონანსთან” ინტერვიუში ანჯაფარიძე საკონსტიტუციო კომისიის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია სახელისუფლებო შტოებს შორის სიტუაციას ძაბავს.

ზაალ ანჯაფარიძე: რთულია იმის თქმა, თუ რატომ გამოიწვია ამ თემამ ასეთი აჟიოტაჟი. ვფიქრობ, რომ აქ პოლიტიკური და პირადი ინტერესები, ამბიციები თუ მიზნების ერთმანეთს გადაეჭდო.

ყველასათვის ცნობილია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია არსებობს, რომელიც 2013 წელს პარლამენტს დადგენილებით შეიქმნა. მას თავისი დებულება აქვს, რომლის წაკითხვაც ნებისმიერს შეუძლია. ყველას აქვს შესაძლებლობა ნახოს, თუ როგორ კომპლექტდება კომისია, ვინ ხელმძღვანელობს მას, რა ფუნქციები აქვს და ა.შ. ასე რომ, ჩემთვის პრეზიდენტის ინიციატივა ამ კომისიის ფორმატში ცვლილებების შეტანის თაობაზე თავიდანვე ერთგვარ ინტრიგას შეიცავდა. ის ამით თითქოსდა კომისიის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებდა იმ მოტივით, რომ რაკი “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, შეიძლება ეს პრივილეგია ბოროტად გამოიყენოს და კონსტიტუცია პარტიულ ინტერესებს მოარგოს.

ბუნებრივია, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ფორმატში სამი თანათავმჯდომარიდან დომინანტი ის იქნებოდა, რადგან უპარტიო და პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურაა. ისიც გასაგებია, რომ პრეზიდენტის მიმართ თავისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე “ქართული ოცნება” ამ შემოთავაზებას არ მიიღებდა. ანუ, გიორგი მარგველაშვილს ეს უნდა სცოდნოდა, როცა ამ ფორმატს სთავზობდა. შედეგად ისე გამოვიდა, თითქოს პრეზიდენტი ზრუნავს, რომ ახალი კონსტიტუცია საერთო სახალხო კონსენსუსითა და ფართო ჩართულობი იქნას მიღებული, ხოლო “ქართული ოცნება” ცდილობს ამ კომისიი ფორმატში ჩაიკეტოს და დოკუმენტი პარტიულ ინტეერსებს მოარგოს, რაკი ის საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს.

ვფიქრობ, რომ თუ კონსენსუსი არ გამოინახა და მხარეები თამაშის წესზე არ შეჯერდნენ, შესაძლოა კონსტიტუციის ირგვლივ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს.

- რამდენად კავშირშია ეს თემა და მარგველაშვილის შეთავაზება პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებასთან?

- შესაძლოა მარგველაშვილს ამის მოლოდინი აქვს. ვერ გეტყვით რას გეგმავს “ქართული ოცნება” ამ მიმართულებით, რადგან მისი წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა, მაგრამ არაა გამორიცხული ასეც ყოფილიყო. ვფიქრობ, თუკი საქართველო საპარლამენტო მმართველობის მოდელისაკენ მიდის და არსებულ შერეულ მოდელს უნდა გამოეთხოვოს, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, როგორც ეს კლასიკური საპარლამენტო მმართველობის დროს ხდება.

- პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარის შემდეგ, მთელმა მისმა ადმინისტრაციამ და მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმაც უარი რომ განაცხადა საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე, ეს რამდენად ადეკვატურ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ?

- ეს ფაქტიურად ბოიკოტია და ვფიქრობ, რომ მთლად ადეკვტური არაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სხვადასხვა პოლიტიკურ შტოს შორის ერთგვარ დაპირისპირებას უწყობს ხელს, რაც ისედაც დაძაბულ სიტუაციაში სტაბილურობას ნამდვილად ვერ შემოიტანს.

თუმცა, აქ სხვა მომენტია – პრეზიდენტი აპირებს კონსტიტუციის პარალელური განხილვა მოაწყოს. მისი ადმინისტრაციის წარმოამდგენელთა განცხადებები ცხადყოფს, რომ ამაში საზოგადოების ფართო ჯგუფების ჩართვა უნდათ და ა.შ. ანუ, ერთის მხრივ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კონსტიტუციურ გადასინჯვას აწარმოებს და იქ ის ხალხი ჰყავს ჩართული, რომელიც დებულების მიხედვითაა განსაზღვრული და მეორეს მხრივ, დოკუმენტის განხილვის პარალელური პროცესი მიდის პრეზიდენტის ეგიდითაც. რამდენად კარგი იქნება ეს, არ ვიცი.

შეიძლება ვთქვათ, რომ რაც უფრო ფართო ჩართულობა იქნება განხილვებში და მეტი მოსაზრება, მით უფრო ლეგიტიმური იქნება ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში შევა. მაგრამ, მეორეს მხრივ, ამაში მე კონკურენციის რეჟიმში ერთგვარ დაპირისპირებას ვხედავ. თუ ორი პარალელური განხილვის შედეგად მიღებული წინადადებები და მოსაზრებები ვერ შეჯერდა, ეს პოლიტიკურ დაპირისპირებას დაუდებს საფუძველს.

- ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარდგენა აპრილისათვის დააანონსა. რამდენად საკმარისია ეს დრო განსაკუთრები პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის შემუშავებისათვის, თუკი ეს გადაწყდა?

- კონსტიტუციაში ალბათ ბევრი საკითხი და პუნქტი იქნება გადასახედი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ საკითხზე დებატები წარიმართება. თანაც, იგი საერთო სახალხო განხილვაზეც უნდა გავიდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს განხილვები ისეთი არ იქნება, როგორც ადრე იყო ხოლმე, როცა არავინ არავის აზრს არ ეკითხებოდა, უბრალოდ რომელიმე რეგიონში ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეკრებდნენ და ამას საერთო სახალხო განხილვას არქმევდნენ. თუკი რეალური სახალხო განხილვა წავიდა, არ მგონია ამისთვის 4 თვე საკმარისი იყოს.

- როგორ წარმოგიდგენიათ რეალური სახალხო განხილვა? როგორი უნდა იყოს ის?

- პირველ რიგში იმ ადამიანების ინფორმირება უნდა მოხდეს, ვისთანაც კონსტიტუცია უნდა განიხილონ. მათ გარკვეული დრო უნდა მიეცეთ იმისათვის, რომ იგი შეისწავლონ, საკუთარ თავში გადახარშონ, დამოკიდებულება ჩამოიყალიბონ და განხილვაზე ჩამოყალიბებული პოზიციით მოვიდნენ. ისე არ უნდა იყოს, როგორც უწინ – ადამიანებს რომ შეკრებდნენ, კონსტიტუციის მუხლებს წაუკითხავდნენ და ამას საერთო განხილვას დაარქმევდნენ. იგი ორმხრივი მოძრაობის პროცესი უნდა იყოს, რათა ჩართულ ადამიანებს აკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდეთ. მოსაზრებას კი ისე ვერ დააფიქსირებ, თუკი საკითხს კარგად არ გაეცნობი.

- ანუ, ამაში მხოლოდ იურისტები არ უნდა ჩერთონ…

- რა თქმა უნდა, საერთო სახალხო განხილვა იმიტომ ჰქვია, რომ ამაში ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი შეიძლება ჩერთოს – რიგითი მოქალაქეები, რომელთაც აზრის გამოთქმა მოუნდებათ. იურისტობა აუცილებელი არაა. ძალიან ბევრი სენსიტიური საკითხი იქნება განსახილველი. თუნდაც ქორწინების საკითხი, რომელზეც საზოგადოებაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის.

- თქვით, რომ რაკი საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ, ჯობია პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდეს. თქვენი აზრით, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან პრეზიდენტის პოსტზე ვიწროპარტიული ინტერესების მქონე ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს?

- რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში არის იმის ალბათობა, რომ პრზიდენტის თანამდებობაზე მმართველი ძალისთვის სასურველი პიროვნება იყოს წამოყენებული, მაგრამ ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოვიგონოთ. საპარლამენტო მმართველობის მქონე ქვეყნებში პრეზიდენტი პარლამენტის მიერ ირჩევა. ზოგადად, მე თუ მკითხავთ, საქართველოსთვის საპრეზიდენტო მმათველობა უფრო სასარგებლო და მისაღები მოდელია, ვიდრე საპარლამენტო. იმ შერეული მოდელს, რაც ახლა გვაქვს – არც ბოლომდე საპრეზიდენტო და არც ბოლომდე საპარლამენტო – ადრე თუ გვიან წერტილი უნდა დავუსვათ. ბოლოს და ბოლოს უნდა გავარკვიოთ თუ რა ტიპის მმართველობა გვაქვს.

გეთანხმებით, რომ ის რისკი, რაც თქვენ ბრძანეთ, ამ წუთში არსებობს, მაგრამ ყოველთვის რომელიღაც პარტიას ხომ არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. შემდეგი არჩევნების შედეგად შეიძლება არცერთ ძალას არ ჰქონდეს და ჩვენ ამ წესს მხოლოდ ერთი არჩევნებისათვის ხომ არ ვადგენთ?!

- რატომ ფიქრობთ, რომ საქართველოსთვის საპრეზიდენტო მმართველობის მოდელი სჯობს?

- ჩვენი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ჯობია, რომ ისევ საპრეზიდენტო მოდელი გვქონდეს. სააკაშვილის მიერ თავის უფლებამოსილებას ბოროტად გამოყენება არ იყო იმის საფუძველი, რომ ეს მოდელი ასე ერთი ხელის მოსმით გაგვეუქმებინა და საპარლამენტო მოდელზე გადავსულიყავით.

- ქვეყანში შექმნილი მძიმე ეკონომიკური პრობლემების ფონზე მთავრობამ რიგი სოციალური პროგრამების გაუქმება და სახეცვლილება დააანონსა. რას ფიქრობთ ამაზე და გამოიწვევს თუ არა ეს საზოგადოების პროტესტს?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მასშტაბურად იცვლება ეს პროგრამები. თუ მოსახლეობისათვის მტკივნეული აღმოჩნდა, ჯანდაცვის პროგრამით ისე ვერ ისარგებლა, როგორც ადრე სარგებლობდა, ბუნებრივია, ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ხომ რიგი სამედიცინო მომსახურებისათვის საკუთარი ჯიბიდან მოუწევს გადახდა. ამით ხალხი კმაყოფილი ვერ იქნება.

- მთავრობის მხრიდან რამდენად ჭკვიანური ნაბიჯი იყო სოციალური პროგრამების გარკვეულ ნაწილზე უარის თქმა?

- ლარის გამო მთავრობა იძულებული იყო ასეთ ნაბიჯზე წასულიყო. თუკი ის ამ სოციალურ პროგრამებში დამატებით საბიუჯეტი თანხებს გაისვრიდა, ამას შეიძლება დამატებითი ეკონომიკური პრობლემები მოჰყოლოდა. როცა ქვეყანში მძიმე ფონია, მთავრობა ქამრების შემოჭერაზე ფიქრობს და ესეც ამ პოლიტიკაში ჯდება.

- ოპოზიცია ხელისუფლებას უწინასწარმეტყველებს, რომ ამგვარი ფონითა და გადაწყვეტილებებით მთავრობა ერთ წელიწადში ჩამოიშლება. თქვენ გაქვთ ასეთი მოლოდინი?

- ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურ ზომებს გაატარებს ხელისუფლება უახლოესი თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის დასასტაბილურებლად და ეკონომიკური პროცესების ნეგატიური განვითარების შესაჩერებლად. მოდით მოვლენებს საღი თვალით შევხედოთ – როცა პირველი იანვრიდან ბენზინსა და რამდენიმე სხვა პროდუქტზე აქციზი მოიმატებს და ამას ფასების ზრდა მოჰყვებ არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა პროდუქციაზეც, ბუნებრივია, სოციალური ფონი დამძიმდება. ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც “ოცნებამ” შეიმუშავა, ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი. საზოგადოება კი ხელისუფლებისაგან სწრაფ შედეგებს ელოდება. იმის რისკი, რომ ეს ყველაფერი ჯერ სოციალურ, შემდეგ კი პოლიტიკურ მღელვარებაში გადაიზრდება და სახელისუფლებო კრიზისი დადგება, რასაკვირველია, არსებობს.

დღეს ყველაფერი მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული. ისინი ვეღარავის ვეღარაფერს გადააბრალებენ და ვერ იტყვიან, რომ ვინმე საბოტაჟს აწყობს, რადგან მთავრობაც მათია, აპრლამენტიც და ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც აღარაა “ნაცმოძრაობის” კადრად მიჩნეული. ვნახოთ რა ზომებს გაატარებს ის. იმედია კომპეტენტური ეკონომისტების სასარგებლო რჩევებს გაითვალისინებენ.

- ამ ეტაპისათვის გადადგმული ნაბიჯებიდან და გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე როგორი შთაბეჭდილება გექმნებათ? ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად საყვედურობენ, რომ მათი განცხადებები, განსაკუთრებით ლარის კურსზე, არაადეკვატური და ხალხისთვის გამაღიზიანებელია…

- რა თქმა უნდა, როცა ასეთი დაძაბული სოციალური სიტუაციაა, საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია. ის კომუნიკაცია კი, რომელსაც მთავრობა აწარმოებს, არცთუ იშვიათად არაეფექტურია, მითუმეტეს სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და ოპონენტების მხრიდან გაკეთებული ინტერპრეტაციების შემდეგ. ხელისუფლების ადგილას უბრალოდ პროფესიონალ პიარ-სპეციალისტებს ავიყვანდი, რომლებიც ამ სისტემის გამართვაში დაეხმარებოდნენ. ამ მხრივ სიტუაცია სასწრაფოდ გამოსასწორებელია.

„რეზონანსი“, 17 დეკემბერი, 2016 წელი

საქართველო სოციალური ამბოხის ზღვარზე

ეკატერინე ბასილაია

უკვე რამდენიმე დღეა, საზოგადოების დიდ ნაწილში ხელისუფლების დაანონსებული 4-პუნქტიანი გეგმის, მომატებული ფასებისა და ლარის ყოველდღიური, ლამის კატასტროფამდე მისული გაუფასურების გამო ერთგვარი პანიკაა შექმნილი და უკვე ბევრი საუბრობს უკან, 90-იანი წლების სიდუხჭირესა და განუკითხაობაში დაბრუნების დიდ საფრთხეებზე. თანაც, ბოლო წლებში უშუქობას გადაჩვეულ მოსახლეობას 90-იანი წლები იმანაც გაახსენა, რომ დღე არ გავა, თბილისის რომელიმე უბანზე ელექტროენერგიის რამდენიმესაათიანი გათიშვა არ მოხდეს. უკვე იყო შემთხვევა, როდესაც ძაბვის ვარდნის გამო მეტროს გვირაბიდან მგზავრების გამოყვანაც კი გახდა საჭირო, რაც 90-იანი წლების მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა. ამ ისტერიულ ფონს კი ხელისუფლება იმით პასუხობს, რომ ლარის კურის ვარდნა გარე ფაქტორებითაა გამოწვეული, ფასები სხვაგანაც იმატებს, ეს ბიუჯეტი ტაძრამდე მიგვიყვანს, მოსახლეობამ ლარის კურსს არ უნდა შეხედოს, ეკონომიკა ძალიან ჯანსაღადაა და ქვეყანა ძალიან კარგ პირობებში იმყოფება.

ამ ყველაფრის ფონზე კი ხელისუფლებამ გადასახადების ზრდა აქციზის ნაწილში უკვე დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც გაზრდილი ფასები კიდევ უფრო მაღლა აიწევს და ეკონომისტების პროგნოზით, ეს ყველაფერი ჯამში საშუალო ფენის განადგურების დასაწყისია.

ეკონომიკის ექსპერტის პაატა შეშელიძის განცხადებით, სიტუაცია კრიტიკულია, რადგან ამ ქვეყანას არაკომპეტენტური ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც რაიმეს შესაცვლელად ინტელექტი არ ჰყოფნის, ამიტომაც თუ ეს მთავრობა არ გადადგება, სულ მალე სოციალური უკმაყოფილება გარდაუვალი იქნება.”სოციალური უკმაყოფილება გარდაუვალი იქნება, იმიტომ, რომ ვხედავთ გეგმა არაადეკვატურია და არაადეკვატურია ვითარება. ჩვენ ისე პრობლემურად არ ვცხოვრობთ, საერთაშირისო გამოწვევები არ არის ისეთი, რომ ახლა ამხელა ღრმა ორმოში ჩავვარდეთ. ხალხი არ შეეგუება და ძალიან კარგს იზამს, თუ არ შეეგუება.

“ასეთი ამპარტავნული მმართველობა არ გამოვა. საქართველომ კომუნისტები, გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი დაამხო და ამას დიდხანს არ მოითმენს. ეს სომხეთი და რუსეთი არ არის. კიდევ უფრო ძლიერი მანქანები დანგრეულა, ეს ხელისუფლება კი საერთოდ მანქანაც არ არის, რაღაც ველოსიპედია,” – აცხადებს შეშელიძე.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიას თქმით, ხელისუფლებას მთელ რიგ პროცესებში თავი იზოლაციისკენ მიჰყავს. “ეს არის არა მხოლოდ ეკონიმიკის ან

სოციალური მახასიათებლის გაუარესების მიზეზით, არამედ უპირველესად უსამართლობის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეფიციტისა და არაადეკვატურობის მიზეზით. ძალიან მოკლე პერიოდში უზომოდ ბევრი შეცდომაა დაშვებული, პარლამენტში მთავრობის დამტკიცების მეორე დღიდან მოყოლებული და სამწუხაროდ არ ვიცით ეს ჯამში სადამდე მივა,” – აღნიშნავს გამზარდია, რომელიც დასძენს, რომ ეს ყველაფერი ან დიდ სოციალურ დეპრესიას გამოიწვევს, ან სოციალურ ამბოხს.

თუ ეს მთავრობა არ გადადგება

საზოგადოებაში არსებულ პანიკას და ბრაზს ხელისუფლება ოპოზიციას აბრალებს და როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი დღის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ლარის კურსით მანიპულირება “ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციებია” და ამით ვიღაცები ქულებს იწერენ. თუმცა, ვითარება რომ ძალიან რთულია, ამას ოპოზიციის გარდა პოლიტოლოგები და ეკონომისტებიც აქტიურად აცხადებენ. მათი მტკიცებით, ლარის კურსის და ფასების მატების გამო მთავრობა მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას თუ ვერ ახერხებს, იმას მაინც უნდა შეეცადოს, რომ გადასახადები არ გაზარდოს და მოსახლეობას ფული მეტად არ წაართვას. ისინი ხელისუფლებისგან პირველ რიგში პრობლემის აღიარებას, სამთავრობო ხარჯების შემცირებას, აქციზის გადასახადის გაზრდას ითხოვენ.

მით უფრო, რომ ისინი “ქართულ ოცნებას” ტყუილშიც ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო დაპირებებში გადასახადების გაზრდაზე არსად საუბარი არ ყოფილა, ხელისუფლების განაღდების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათ ამომრჩეველი მოატყუეს და საშუალო ფენას “მოუჭირეს ქამრები”.

ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ ქვეყანას არაკომპეტენტური ხელისუფლება ჰყავს, რომელიც კვლავ ვერ ხედავს პრობლემას და რომელიც აბუჩად იგდებს ადამიანებს, რომლებიც ამ პრობლემას ხედავენ. მისი თქმით, შესაძლოა დღევანდელი პოლიტიკა 90-იანი წლების პოლიტიკას დაემსგავსოს და ეს პრობლემაა.

“განუკითხაობა, უპასუხისმგებლობა, გაუთავებელი დაპირებები, არამიზამნიმართული რეფორმები და ა.შ. ეს იყო 90-იან წლებში და დაახლოებით იგივეა დღესაც. კრიმინალური დონე საკმაოდ მძიმეა, ხშირია ტექნიკური ხარვეზები და ალტერნატივები არ ჩანს. ხელისუფლებაში არის ძალა, რომელსაც ჰგონია, რომ ის უვადოდაა მოსული და აკვიატება აქვს, რომ გადაწყვეტილებებს არ შეცვლის. ეს არაკომპეტენტურობა ძალიან სერიოზულად ვნებს პროცესს. ამ თვალსაზისით უკვე არის 90-იანი წლები, როდესაც შევარდნაძე შეუცვლელი ეგონათ და ყველა გადაწყვეტილება მართალი იყო. ლარს კუპონს არ შევადარებ, მარტო იმიტომ, რომ ამის საშუალებას სავალუტო ფონდი და სხვა ორგანიზაციები, რომელთა ვალი გვაქვს, არ მისცემენ ამ ხელისუფლებას. ამდენად კიდევ ისინი გვიცავენ ამათი დიდი შეცდომებისგან,” – აღნიშნავს პაატა შეშელიძე.

ეკონომისტის თქმით, მთავრობის ეკონომიკური გეგმა შეცდომაა და ის ბევრი ტყუილისა და ხარვეზისგან შედგება. მათ შორის, მაგალითად ტყუილია ის, რომ მოგების გადასახადი უქმდება, რადგან არა გაუქმება, არამედ მისი გადავადება ხდება. პირიქით, გარკვეულ შემთხვევაში ტვირთი იზრდება კიდეც, შესაძლოა გქონდეს ზარალი, მაგრამ საბუთებით ამის ვერ დამტკიცების გამო მოგების გადასახადი გადაგახდევინონ, რაც დღეს არ ხდება. ასევე ტყუილია ის, რომ 10%-ით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, რადგან ეს ბიუჯეტში არ ასახულა.

პაატა შეშელიძის თქმით, არასწორია შემოთავაზებული ე.წ. ლარიზაცია, დოლარებში სესხების აკრძალვა. მაშინ როდესაც ის რის ყიდვასაც სესხის გამომტანი აპირებს ხშირ შემთხვევაში დოლარზე იყიდება და არა ლარზე. გამოდის, რომ გადახურდავება მოგიწევს და ამ გადახურდავებაში მსესხებელი კარგავს დამატებით თანხას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უძვირდებათ ის, რისი ყიდვაც სურთ. იგი ამბობს იმასაც, რომ გადასახადების გაზრდა არ შეიძლება ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი იყოს და ეს მნიშვნელოვნად სწორედ საშუალო ფენას დააწვება ზურგზე.

ასევე არასერიოზულია ის, რომ ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს თურმე აქციზის გაზრდა საწვავსა და თამბაქოზე. თუკი ადამიანს უნდა სიგარეტი და ბენზინი, ის უფრო დაბალფასიან და შესაბამისად, უხარისხოს იყიდის, ამით კი ეკოლოგია უფრო უარესდება.

“ყველა ის გადაწყვეტილება, რომელზეც ლაპარაკი იყო, სინამდვილეში უკუღმა მოქმედებს. როგორ შეიძლება გაზრდილმა ტვირთმა ეკონომიკა წინ წაიყვანოს?! ასეთი აბსურდული მიდგომა რახან აქვთ და სჯერათ, რომ ეს აბსურდი ტაძარში მიდის, თავად წავიდნენ და ჩვენ დაგვტოვონ. ჩვენ ტაძარში არ გვინდა, ჩვენ ცხოვრება გვსურს, ამ ცხოვრებისთვის კი ეს გეგმა არ გამოდგება. ეს ადამიანები ინტელექტუალურად რაიმეს შეცვლისთვის მზად არ არიან. ამიტომაც ჩემი პოზიცია რადიკალურია, ასეთი გზით სიარული შეცდომაა, ჩვენ ამის დრო არ გვაქვს და ეს მთავრობა უნდა წავიდეს,” – აღნიშნავს პაატა შეშელიძე, რომელიც დასძენს, რომ მთავრობის გეგმა არაადეკვატურია და სოციალური უკმაყოფილება გარდაუვალი იქნება.

უსამართლობის განცდა აჩენს ამბოხს

არჩილ გამზარდიას თქმით, პროცესი იმდენად არადინამიკურია, რიგით მოქალაქეს ადაპტაცია უჭირს. არავინ იცის სადამდე შეიძლება წავიდეს ლარის გაუფასურებისა და ფასების მატების პროცესი. იმის გააზრებაც ჭირს, რა იქნება მარტში, აპრილში და ამ ფონზე ხელისუფლების მხრიდან იმედიც არ ჩანს. იგი თვლის, რომ მთელ ამ პროცესში მმართველმა ძალამ შეცდომა პიარის კუთხითაც დაუშვა, თუნდაც იმით, რომ ჩვენი პრობლემა არ აღიარეს და რეალურად არ დაასაბუთეს, მათი ეკონომიკური გეგმა მოიტანს თუ არა გაუმჯობესებას.

“ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ჩვენი დამშვიდება და ამიტომ დარწმუნებული არ ვართ, მათ ნაბიჯებს სათანადო შედეგი მოჰყვება თუ არა. შესაძლოა გავიდეს რამდენიმე თვე, ჩვენი ყოფითი ყოველდღიურობა ბევრად გაუარესდეს და ეს ხელისუფლებამ ისევ სხვა რამეს დააბრალოს. ეს არა უბრალოდ ეკონომიკური თემაა, არამედ საზოგადოებასთან ურთიერთობის სერიოზული მარცხია. სხვა დროს ფასების მატება არაერთხელ მომხდარა, მაგრამ მოსახლეობა მიჰყოლია ამ პროცესს, ამ შემთხვევაში კი ასე არ არის,” – აღნიშნავს არჩილ გამზარდია. მისი თქმით, მას ყველაზე მეტად არ მოსწონს ის, რომ ბიუჯეტის შევსებას მხოლოდ რიგით მოქალაქეზე დარტყმით დაიგეგმა და ეს უსამართლობის განცდას აჩენს, რადგან ე.წ. ქამრების შემოჭერა არა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, არამედ დაბალ და საშუალო ფენაზე გადადის. მაგალითად, როდესაც ასე უჭირს საშუალო და დაბალ ფენას, ხელისუფლება გადასახადების გაზრდას არ უნდა გეგმავდეს.

არჩილ გამზარდიას თქმით, სოციალური უსამართლობის განცდა რომ არ გვქონდეს, ხელისუფლების მიმართ სოლიდარულები ვიქნებოდით. ალბათ გავაკრიტიკებდით, მაგრამ აგრესიაში არ გადაგვივიდოდა, მაგრამ ახლა საზოგადოებას ხელისუფლების ნდობა არ აქვს და პირიქით, ჩანს, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების ნაწილს აგრესიაში გადადის.

“ჩანს, რომ ან სოციალურ დეპრესიას მივიღებთ, ან ნელ-ნელა პროცესს, რომელიც დიდ სოციალურ ამბოხში შეიძლება გავიდეს. ეს იმიტომ, რომ აქ თემა მხოლოდ სოციალურ საკითხებზე არ არის, არამედ უსამართლობის შეგრძნებაზე, როდესაც შენ, მოქალაქეს გაკლებენ ფულს და ჩინოვნიკი არ იკლებს, როდესაც შენ გეუბნებიან, რაც გაქვს იმაზე 10%-ით ანაკლებიც გეყოფა და მინისტრებს საკმარისად მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. სოციალური უსამართლობის განცდა რომ არ გვქონდეს, ხელისუფლების მიმართ სოლიდარულები ვიქნებოდით. ალბათ გავაკრიტიკებდით, მაგრამ აგრესიაში არ გადაგვივიდოდა. ახლა კი ჩანს, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების ნაწილს აგრესიაში გადაგვდის და ხელისუფლების მიმართ საზოგადოების აგრესია სასურველი პროცესი არ არის. თუ ამ აგრესიას გასაქანი მიეცემა, კარგად ვიცით რაც მოხდება. ხოლო თუ ხელისუფლება მოინდომებს აგრესიის ჩახშობას, ამის ერთადერთი ხერხია დიქტატურაა, რომ ამით საზოგადოების რისხვა შეაკავონ. ორივე შემთხვევა სამომავლოდ არასასურველი განვითარებაა,” – დასძენს არჩილ გამზარდია.

„რეზონანსი“, 17 დეკემბერი, 2016 წელი

მომაკვდავი ლარის მობრუნება შეუძლებელია

სებ-ის ხელმძღვანელობა ბანკებს ხელს აფარებს, ასე იქცეოდა მისი წინამორბედიც და მთავრობაც

მარი ჩიტაია

ლარის კურსი უახლოეს პერიოდში 2,80-ს გადააბიჯებს. კურსი უკვე ყოველდღიურად უფასურდება. ეს პროცესი ისე გრძელდება, რომ არც ერთხელ არ მოგვისმენია მთავრობის და ეროვნული ბანკის შეფასება, თუ რეალურად რა აუფასურებს ლარს და საით მიექანება ქვეყანა, რომელმაც ეროვნულ ვალუტაზე კონტროლი დაკარგა. ისმის მხოლოდ არაადეკვატური შეფასებები, რომლის არავის სჯერა. შეიძლება ითქვას, ლარი უკვე არის აჟიოტაჟურ ნიშნულზე, “ბლუმბერგის” პლატფორმაზე გუშინ კურსი 2,72-მდე მივიდა. ასეთმა ნიშნულმა ათიოდე დღის წინ საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია, თუმცა დღეს რეაქცია თითქმის აღარ არის, როცა კურსი დასახელებულ ნიშნულს ცოცვა-ცოცვით მიუახლოვდა.

მთავრობის წამომადგენლების არგუმენტებს თუ დავეყრდნობით, რატომღაც ამერიკული დოლარის გამყარება ქართულმა ვალუტამ ნაადრევად იწვნია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ დოლარი ყველა ქვეყნის ვალუტასთან არის მნიშვნელოვნად გამყარებელი. მას არც საქართველოს ეკონომიკის “მიღწევები” გამორჩა, რომელიც ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.

“სამი კვარტალის მონაცემებით, ნამდვილად გაიზარდა ტურიზმის შემოსავალი. რაც შეეხება გაუფასურებას, ჩვენ თუ შევხედავთ, დოლარი ყველა ქვეყნის ვალუტასთან არის მნიშვნელოვნად გამყარებელი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დოლარს ჰქონდა 2012 წელს და ამ მაჩვენებელთან დოლარი ძალიან ახლოსაა მისული. გუშინდელი გადაწყვეტილება აშშ-ს ფედერალური ბანკის ერთ-ერთი წინაპირობა იყო იმ მოლოდინის შესაქმნელად, რომ გაიზრდებოდა განაკვეთი და ის აისახა არა მხოლოდ საქართველოში”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცოტა ადრე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის გაუფასურება რეგიონში შექმნილი ვითარებით ახსნა. მან თქვა, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ყველა ქვეყნის ვალუტა გაუფასურებულია და არც ლარია გამონაკლისი, თუმცა დაამატა, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება დგამს, საქართველოს უფრო სწრაფად განვითარებას ემსახურება.

ცხადია, რომ გიორგი კვირიკაშვილის სურვილი რეალობისგან ძალიან შორსაა და მისი გამზიარებელი “ქართული ოცნების” გუნდის მიღმა, ძნელად წარმოსადგენია, მოიძებნოს.

სავალუტო ჯიხურების აბრებზე მუდმივად ცვალებადი კურსი საწინააღმდეგოს “გვეუბნება”. ცხადია, საწინააღმდეგოა სპეციალისტების შეფასებებიც, რომლებშიც ლარის გამყარების შესაძლებლობა რეალურად არ იკვეთება.

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ კომპონენტად ექსპერტები დეფიციტურ ხარჯვას ასახელებენ. წლის ბოლოა და ბიუჯეტიდან ზუსტად 2 კვირაში დასახარჯია ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი, რაც ეროვნულ ვალუტას დამატებით წნეხში მოაქცევს. გასაოცარია ეროვნული ბანკის ქმედება, რომელიც ზედმეტი ფულის მასას უშვებს მიმოქცევაში. რეფინანსირების სესხებმა ჯერარნახულ ნიშნულს მიაღწია.

ერთ-ერთი მოსაზრებით კი, ლარის ვარდნა დაკავშირებულია იმპორტიორებთან, რომლებიც უხვად იმარაგებენ პროდუქციას, რათა აქციზის გაძვირებამდე საქონელი (საწვავი, თამბაქო) შედარებით იაფად შეიძინონ. ფაქტია, რომ ვარაუდი, თითქოს ლარი დეკემბრის შუა რიცხვებიდან დასტაბილურდება, არ გამართლდა.

ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება აღმოჩნდა იმ სიტუაციის მზევალი, რაშიც რამდენიმე ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა ჩააგდო. მისი ვარაუდით, კურსი უახლოეს პერიოდში 2,80-ს გადააჭარბებს და ამ პროცესის უკან შემოსაბრუნებლად არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს.

“სიტყვებით მანიპულაცია დასრულდა. გვაქვს კატასტროფულად გაუფასურებული კურსი, რომელსაც ვერაფრით შველიან. ეს ხდება იმის გამო, რომ საქართველოში არ არის დოლარი. გვჭირდება მეტი და მეტი უცხოური ვალუტა, რომ რაღაცნაირად დაბალანსდეს ეს პროცესი. ამერიკის სარეზერვო სისტემამ გააძვირა დოლარი, რაც ეროვნული ვალუტების, მათ შორის, ლარის კურსზეც ადეკვატურად აისახება. დარწმუნებული ვარ, რომ კურსი უახლოეს პერიოდში 2,80-ს გადაცდება. ვნახეთ, რომ მთავრობისა და სებ-ის ყველა მცდელობა, რომ გაემყარებინათ კურსი, კრახით დასრულდა. ეროვნული ბანკი არის უმოქმედო, ის კურსთან დაკავშირებით ვერანაირ ცვლილებას ვერ ახორციელებს და არც შეუძლია რეგულაცია. სამწუხაროდ, ხელისუფლება არის იმ სიტუაციის მძევალი, რომელშიც იგი სებ-მა ჩაააგდო. ინვესტიცია თუ არ შემოვა, არაფერი გვეშველოება. ცხადია ისიც, რომ წლის დასაწყისში კაპიტალდაბანდებას არავინ მოახდენს. უკეთეს სიტუაციაში, თანხა შეიძლება აპრილიდან შემოვიდეს, მაგრამ მანამდე რა გვეშველება, წარმოსადგენადაც ძნელია”, – აცხადებს ირაკლი ბერძენაძე.

სპეციალისტები არ მალავენ, რომ მთავრობის წევრთა არგუმენტი, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებს დააბრალონ, ღიმილის მომგვრელია. მათი უმეტესობა დევალვაციის მიზეზად ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესს მიიჩნევს და სავარაუდო ფაქტსაც ასახელებს.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი განმარტავს, რომ არასწორია ლარის კურსის ვარდნის მხოლოდ გარე ფაქტორებზე გადაბრალება. ხელისუფლებამ ეს მიზეზები ქვეყნის შიგნით უნდა ეძებოს, მაგალითად, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვაში: “მხოლოდ თავის მოტყუებაა იმის თქმა, რომ ლარის 60%-ით გაუფასურება დიდი პრობლემა არ არის. საგარეო ფაქტორები ყოველთვის იყო, არის და იქნება ამ სფეროში, მაგრამ მთავრობის ფუნქცია სწორედ ამ ფაქტორებთან გამკლავებაა. გვაქვს კიდევ ერთი მიზეზი, რაც მუდმივად მოქმედებს კურსის ვარდნაზე – ეს არის ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა”, – აცხადებს იგი.

საკუთარ პოზიციას ამჯერადაც არ ცვლის პროფესორი დავით ასლანიშვილი, რომლის ვარაუდითაც, ლარის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს საგარეო ვალი, რომლის გასტუმრების ვადა კურსის გაუფასურების პერიოდს საბედისწეროდ დაემთხვა.

“2016 წლის მეოთხე კვარტლიდან მოყოლებული, 2017 წლის ბოლომდე 4 მლრდ დოლარის სესხის ძირითადი ნაწილის დაფარვა გვიწევს. თუ ამას დავამატებთ ფასიანი ქაღალდების შიდა ვალს, ძალიან ნეგატიურო ფონი გვექნება, ვგულისხმობ, საკმაოდ მზარდ მოთხოვნას დოლარის მიმართ. 2018-19 წლებში ქვეყანას სადღაც 2 მლრდ დოლარის გადახდა უწევს წლიურად, რაც ასევე არ არის ადვილი. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს აღნიშნული ვალდებულების გადავადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. ვალის რესტრუქტურიზაცია ამ პროცესს მეტ-ნაკლებად გააჩერებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ლარზე მოთხოვნა გაიზარდოს, ფასიანი ქარალდების ბაზარი განვითარდეს და ბანკების მონოპოლია შეიზღუდოს. ამ საკითხებს თუ არ მოვაგვარებთ, რეალურად არაფერი გამოვა. კომერციული ბანკების დამსახურებაა ის, რაც გვაქვს დღეს.

სებ-ის ხელმძღვანელობა ბანკებს ხელს აფარებს, ასე იქცეოდა მისი წინამორბედიც და მთავრობაც. ბიზნესს თავისი კანონები აქვს, პოლიტიკას – თავისი. მთავრობა აღიარებს თუ არა, ეს უკვე არაფერს ცვლის. რეალურად ჩვენ სრულმასშტაბიან ეკონომიკურ კრიზისში ვართ შესული. გვჭირდება ახალი ვალი, რომ კოლაფსი ავიცილოთ. დიახ, ახალი ვალი უნდა ავიღოთ, რომ ძველი გადავფაროთ და მდგომარეობა ცოტათი შეგვიმსუბუქდება”, – აღნიშნა დავით ასლანიშვილმა.

„რეზონანსი“, 17 დეკემბერი, 2016 წელი

გამოიწვევს თუ არა ლარის ასეთი ტემპით გაუფასურება ქუჩის აქციებს?

თაკო მათეშვილი

გუშინდელი საღამოს მონაცემებით, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა და საკუთარი ანტირეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა – ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6837 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც დაეცა. კერძოდ, ერთი ევროს შეძენა 2.8050 ლარადაა შესაძლებელი.

გამოიწვევს თუ არა ლარის ასეთი ტემპით გაუფასურება ქუჩის აქციებს? – “რეზონანსმა” ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

პაატა შავაძე (იურისტი): “რა თქმა უნდა, ქუჩის აქციებიც იქნება. ადამიანს, რომელსაც კარზე აღმასრულებელი მოადგა, ვერ შეაჩერებ. დღეს თითოეული მოქალაქე ზარალდება, რადგან ვერ ნახავთ ოჯახს, რომელსაც კრედიტი არ აქვს აღებული. სესხები ძალიან გაუძვირდათ. სხვაობა ძალიან დიდია. ამას ხალხი არ ელოდებოდა. სესხი რომც არ ჰქონდეთ, პროდუქტი გაძვირდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლების განზრახვა იყო, მაგრამ ხელისუფლებამ კურსის რყევაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ამის ნაცვლად ხშირად მათი მხრიდან გამაღიზიანებელი კომენტარები კეთდება – მისაღები კურსია, ლარი მყარიაო რომ აცხადებენ, ეს ხალხში დიდ გაღიზიანებას იწვევს. “ამიტომაც არ მგონია მოსახლეობაში, ამ გამწარებულ ადამიანებში სიმშვიდე შევინარჩუნოთ. მით უმეტეს, როცა მათ ასეთი განცხადებებით კიდევ უფრო ვაღიზიანებთ. უნდა გამოვიდნენ და რაღაც დამაიმედებელი თქვან, თუმცა მარტო თქმაც არ შველის, რიგი ღონისძიებები უნდა გაატარონ.”

ნინო თოდუა  (ა/სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი): “ქუჩის აქციებსაც გამოიწვევს და რევიოლუციასაც. მე თვითონ, როგორც რიგითი მოქალაქე, შევუერთდები მას. ქუჩის აქციები ეს არის საზოგადოების საშუალო და დაბალი ფენების ხმა და დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. დარწმუნეული ვარ, კურსის დარეგულირება სწორი ეკონომიკური პროგრამით შესაძლებელია.”

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): “ჯერჯერობით არ გამოიწვევს, თუმცა, თუ ლარი ასეთი სწრაფი ტემპებით გაუფასურდა, ეს ქვეყანაში ცუდ შედეგებს აუცილებლად მოიტანს, თუკი ხელისუფლებამ შესაბამის ზომებს არ მიმართა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მარტო ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ხელისუფლება ამ პრობლემების მიმართ გულარხეინია. ხშირად მოსახლეობის “დაბოლების” პოლიტიკასაც მიმათავს.”

ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): “ლარის კურსი არა, მაგრამ ფასების ზრდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაანონსებულმა წინადადებებმა გამოიწვია, სერიოზულ პროტესტს აუცილებლად გამოიწვევს. ამას უახლოეს პერიოდში არ ველი, მაინც ახალი წლებია, თავის დანაზოგს ყველა ამ დღისთვის ინახავს და ა.შ. აი, გაზაფხულიდან კი ეს პრობლემა კი მთელი სერიოზულობით დადგება, თუკი მანამდე ხელისუფლებამ ამას არ მიხედა.”

„რეზონანსი“, 17 დეკემბერი, 2016 წელი

ეკონომისტები მთავრობის გადადგომას ითხოვენ

პაატა შეშელიძე: ეს რაც უფრო მალე აღსრულდება, ჩვენთვის უკეთესი იქნება

ნათია ლომიძე

ლარმა გაუფასურების ისტორიულ მინიმუმს დიდი ხანია გადააჭარბა და ახალ ისტორიას ქმნის. ანალიტიკოსებსა და ექსპერტებს არათუ გამყარების, არამედ დასტაბილურების იმედიც არ აქვთ, პირიქით, მის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავენ. ქვეყანაში სრული უიმედობაა და ამიტომ საზოგადოება მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ეკონომისტები და ფინანსისტები ამბობენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტი არარეალურია, ამიტომ მთავრობის გადადგომა გარდაუვალია.

სპეციალისტები მთავრობის მიერ წარდგენილ 10-პუნქტიან გეგმას დეტალურად განიხილავენ და მისი თითოეული პუნქტის არარეალობაზე საუბრობენ. მაგალითად, მოგების გადასახადის გაუქმება არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ გადავადებაა შესაძლებელი. სახელმწიფო უწყებებში შრომის ანაზღაურება თითქოს 10%-ით კი მცირდება, მაგრამ ამის ნიშან-წყალი ბიუჯეტს არ ეტყობა. ასევე საყურადღებოა აქციზის გაზრდაც, რომელიც საწვავის, თამბაქოს და მანქანების მოხმარებას შეამცირებს. კიდევ ერთი საკითხი ონლაინ სესხების აკრძალვაა, რაც სინამდვილეში რეგულირების შემოღებას გულისხმობს, თუმცა რა სახის შეზღუდვა დაწესდება დღემდე უცნობია. გეგმის ერთ-ერთი პუნქტი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ძველი ფასის შენარჩუნებას ეხება, თუმცა სინამდვილეში, რუსთავი-თბილისის მარშრუტი უკვე გაძვირდა.

ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ურთულესად მიიჩნევს და მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. რაც უფრო სწრაფად შეიცვლება ამჟამინდელი ხელისუფლება, მით უფრო მალე განეიტრალდება ქვეყანაში არსებული დაძაბული სიტუაცია.

“ძალიან რთული ვითარებაა. ჩვენ გვაქვს უკვე ისეთი კრიზისი, რომელიც დავიწყებული გვეგონა. ეს არის ქურდობა, უშუქობა, ტრანსპორტის გაჩერება, ფულის დეფიციტი და ა.შ. ასე რომ, მთავრობა უნდა გადადგეს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელიც არანაირ პერსპექტივას არ გვიტოვებს. მე წამოვჭერი მთავრობის გადადგომის საკითხი და რაც უფრო მალე აღსრულდება, ეს ჩვენთვის იქნება სასიკეთო. წარმოიდგინეთ, ამდენი ტყუილი ერთ დოკუმენტში იშვიათად ყოფილა, ამას არ აქვს არანაირი გამართლება. ამის მოთმენა შეუძლებელია. როგორ უნდა დაუჯერო იმ მთავრობას, რომელიც 10-პუნქტიან გეგმაში უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებაზე საუბრობს. საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ქვეყანა, თანაც, რომლის სავაჭრო სალდო მკვეთრად უარყოფითია, ვერაფრით მოახერხებს იზოლირებას. ზოგადად ფულის არსი მის საერთაშორისო აღიარებასა და კონვერტირებადობაშია.

სინამდვილეში საქონლის ფასის ლარში გამოცხადების მოთხოვნა არ გულისხმობს, რომ ის, რაც უნდა იყიდოს მომხმარებელმა აღარ გაიყიდება დოლარში, ან დოლარის კურსით ლარში. ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ლარში სესხების გაცემის პროცენტი გაიზრდება და შეიძლება საერთოდ შეწყდეს, თუკი ის მიებმება დოლარს. მერვე პუნქტში საუბარია სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადის გაზრდაზე. სინამდვილეში ეს გააძვირებს ამ ტიპის მომსახურებას ტურისტებისთვის და შეამცირებს მათ ნაკადს. აუცილებლად უნდა შევეხო მარჯვენასაჭიანი მანქანების საკითხსაც. იგეგმება უფრო მაღალი აქციზური განაკვეთით დაბეგვრა, რაც შეადრებით გამართული მანქანების უფრო დაბალხარისხიანი ავტომობილებით ჩანაცვლებას გამოიწვევს. ზოგადად მყიდველები ვერ გადაიხდიან იმაზე მეტს, რაც აქვთ ან მოხმარებას შეამცირებენ, ან უფრო იაფფასიანზე (სიგარეტი, მანქანა, ბენზინი) გადავლენ, შესაძლოა, ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა საერთოდაც თავი შეიკავოს მოხმარებისგან.

ბოლო პუნქტი კი, რომელიც ეხება ბიუჯეტისა და დასაქმების ზრდის შესახებ გაცემულ ავანსებს, საერთოდ საეჭვოა”, – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

ანალიტიკოს სოსო ცისკარიშვილის აზრით, ქმედითი ნაბიჯების გადადგაზე უფრო ადვილი კრიტიკაა. მისი აზრით, დღევანდელ ხელისუფლებას პოტენციალი ბოლომდე არ უჩვენებია. ამიტომ მოქმედი მთავრობის სხვა პოლიტიკური ძალით ჩანაცვლება მას წარმოუდგენლად მიაჩნია.

“ზოგადად კრიტიკა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე კრიზისულ ვითარებაში ქმედითი ნაბიჯის გადადგმა. დღევანდელ მთავრობას ჯერ არ ჰქონია საშუალება სრული პოტენციალი ეჩვენებინა. ასეთი რამ, რაც ახლა ჩვენ ეკონომიკას სჭირს, 2 და 3 კვირაში არ განიკურნება. ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დავრწმუნდებით, რომ დღევანდელ მინისტრთა კაბინეტთან შედარებით, სხვა იქნება ბევრად უკეთესი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი პოტენციალი ბოლომდე არ უჩვენებია. სამწუხაროდ, განწირულნი ვართ კიდევ 4 წელი ვისმინოთ ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის მიერ ერთმანეთის ლანძღვა. ასე ქვეყანა არ ვითარდება და მთავრობა შედეგს ვერ მიაღწევს. ამიტომ, ვიდრე არ იქნება სხვა სუბიექტები არ დაგვარწმუნებენ, რომ მათი წარმომადგენლობა სჯობს დღევანდელს, მანამდე მთავრობის შეცვლაზე საუბარი არის მხოლოდ ოპოზიციური ძალების ოცნება”, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

პაატა შეშელიძის პოზიციას ეთანხმება, თუმცა ბოლომდე არ იზიარებს სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი. მისი აზრით, შეუძლებელია მინისტრთა უბრალო მონაცვლეობამ რამე შედეგი გამოიღოს, თუ არ გამოვლინდა და აღმოიფხვრა ის უარყოფითი შედეგები, რამაც დღევანდელი მძიმე შედეგი მოგვცა.

“ეს მთავრობა არის ეკონომიკური გუნდი, რომელიც მოსულია დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შედეგად. აუცილებელია შეიქმნას საქართველოს პარლამენტში, საგამოძიებო დროებითი კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს უახლოესი გასული პერიოდის შეცდომები. შესაბამისად, რა უმოქმედობას ან მოქმედებას ჰქონდა ადგილი, კომისიამ უნდა გაარკვიოს. ხელისუფლების მუდმივად თავის მართლების სიტუაციაშია. ეს დამღუპველია. ხელისუფლება ასეთ ვითარებაში უნდა საუბრობდეს და ეძებდეს მიზეზს, თუ რამ გამოიწვია ეს პრობლემები. მისი აღმოფხვრა დაგვაყენებს ეკონომიკური თვალსაზრისით გამოსწორების გზაზე.

მთავრობამ თითქოს გადადგა ნაბიჯი მოგების გადასახადისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსგავსი ტიპის რეოფრმა უფრო მეტ ვალდებულებებს აკისრებს კომპანიებს და ამიტომაც აღმოჩნდა ძალიან დიდი კრიტიკის ქვეშ”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას აკაკი ჩარგეიშვილმა და დასძინა, რომ მთავრობამ თავის წილი პასუხისმეგბლობა სასწრაფოდ უნდა იტვირთოს.

“საქარველოს მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ თავის მართლებას აზრი არ აქვს. მათ მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი დღეს აისახება ეკონომიკაზე. ამას არ აღიარებენ და ცვლილებებსაც აზრი აქვს. მოდით, პირობითად შევცვალოთ ქუმსიშვილი თავისი ბღუჯა-ბღუჯა გამონათქვამებით ახალი მინისტრით, მაგრამ განსხვავებულ შედეგს მივიღებთ?

ნება არ არსებობს იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს მთავრობამ. გუშინდელი უმოქმედობა კი არის დღევანელი სტაგნაცია. აქედან გამომდინარე, მე მესმის ექსპერტების პოზიციია, რომ სურთ რამე შეიცვალოს. საშინლად კრიზისული პერიოდი უდგას ქვეყანას გაუფასურებული ლარის სახით, რომელსაც ვერ გავაჩერებთ, ეს არის გამორიცხული და კიდევ გაგრძელდება დევალვაცია”, – განუცხადა “რეზონანსს” ჩარგეიშვილმა.

——————–

„ახალი თაობა“, 17 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „მთავრობას ვურჩევ, არ გააძვიროს აქციზის გადასახადი საწვავზე

„ქართული დასის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი წევრი ჯონდი ბაღათურია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ხელისუფლებას ურჩევს, საწვავზე აქციზის გადასახადს ნუ გააძვირებს, რადგან ეს მომავალი წლის თებერვალ-მარტში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს შექმნის.

- ბატონო ჯონდი, პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტის კანონი მიიღო, რასაც თან ახლდა ვნებათაღელვა. რთული ვითარებაა ლარის დევალვაციის გამო. თქვენი შეფასებები როგორია?

- ჩემი აზრით, მთავრობამ ბოლო პერიოდში რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რაც ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს მომავალი წლის თებერვალ-მარტში. საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონს შექმნის.

- რა სტრატეგიულ შეცდომებზე საუბრობთ?

- ხელისუფლების პირველი შეცდომაა საწვავზე აქციზის გაზრდა, რაც ავტომატურად გამოიწვევს ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასების ზრდას. ეს მძიმედ დაარტყამს, ერთი მხრივ, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, მეორე მხრივ კი ეს არის გაზრდილი დატვირთვა ლარზე. ლარს კიდევ უფრო დაასუსტებს. ხელისუფლებამ ასევე დაუშვა შეცდომა და არ შეამცირა ხელისუფლების შენახვის ხარჯები ბიუჯეტში. შეეძლო, ხელისუფლების შენახვის ხარჯები შეემცირებინა და 500-600 მილიონი დაეზოგა. პირიქით, ხარჯებს ზოგავს მოსახლეობის ხარჯზე. ერთადერთი შესრულებული პირობა და ერთადერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა, ჯანდაცვის რეფორმაა. როგორც ვატყობ, ჯანდაცვის რეფორმა შეჩერებული იქნება.

- აცხადებენ, რომ პროგრამა არ შეჩერდება და ის ადამიანი მიიღებს ამ პროგრამით მომსახურებას, რომელსაც თვითონ არ შეუძლია ხარჯების დაფარვა...

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ახალი წლის შემდეგ მუშაობას შეაჩერებს. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ხელისუფლება უბრუნდება ნაცმოძრაობის დროინდელ ჯანდაცვის პროგრამას, რაც არის წარუმატებელი პროგრამა და ცუდი წარსული.

- რას გულისხმობთ?

- ხელისუფლება ახლა აწესებს რაღაც კრიტერიუმებს, ვინ იქნება უფასო ჯანდაცვის პროგრამის მომხმარებელი და ვინ – არა. ასეთი კრიტერიუმები ხელისუფლებას დაწესებული აქვს სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრასთან დაკავშირებით და დაახლოებით 600 ათასი ადამიანი რეალურად ღატაკია და სიღარიბის მიღმა იმყოფება, მაგრამ ვერ იღებს სტატუსს და დახმარებას სწორედ ასეთი კრიტერიუმების გამო.

ხელისუფლება ამგვარ კრიტერიუმებს ჯანდაცვაშიც მიიღებს, მიაბამს რაღაც შემოსავლებზე, რომელიც მოსახლეობას არ გააჩნია. მერე ადამიანს მოუწევს იმის მტკიცება, რომ არ არის მდიდარი, ღატაკია. ხელისუფლება უბრუნდება ნაცმოძრაობის დროინდელ პროგრამას. ათასობით ადამიანი ვერ იღებდა ჯანდაცვის სათანადო დაფინანსებას. ეს არის პროგრესი და წინ გადადგმული ნაბიჯი?!

- მთავრობას აქციზის გადასახადი საწვავზე და კიდევ სხვა მიმართულებით რომ არ დაეწესებინა, რით უნდა შეევსო ბიუჯეტი, რაც დააკლდა მოგების გადასახადის ბიზნესში დატოვებით?

- გეთანხმებით, მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა კომპანიები, რომლებიც მოგების გადასახადს საქართველოს ეკონომიკაში ჩააბრუნებენ, გაათავისუფლოს მოგების გადასახადისაგან, თუმცა ამას მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილება, აქციზის გადასახადის გაზრდა, რომელიც წინა კარგ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად გაანულებს.

- როგორ?

- პირველ ეტაპზე მოგების გადასახადისგან კომპანიების გათავისუფლებას მოჰყვება საბიუჯეტო დანაკლისი, დაახლოებით 500-600 მილიონი ლარის ოდენობით. ამ დანაკლისის შევსების ორი გზა არსებობდა. ერთი, ხარჯების შემცირება და ხელისუფლების ფუფუნებისა და კომფორტის ხარჯების გამოკლება, მეორე – გადასახადების გაზრდა. ხელისუფლებამ მეორე გზა აირჩია – ცუდი გზა – გააძვირა გადასახადები. ერთი მხრივ, ხელისუფლებამ თითქოს ეკონომიკაში ფული ჩააბრუნა (500-600 მლნ), რაც ცოტა არ იქნება, ჩვენს ეკონომიკას ნამდვილად წაადგებოდა, მაგრამ მეორე ხელით ეკონომიკიდან ეს ფული ამოიღო ყველაზე ცუდი ფორმით, აქციზის გადასახადების გაზრდით. ფული ამოიღო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯიბიდან, რადგან ყველაფერი გააძვირა.

- საწვავზე რომ არ გააძვიროს აქციზის გადასახადი და სხვა მიმართულებით გააძვიროს, მისაღები შედეგი იქნება?

- მთავრობას აქციზი რომ გაეძვირებინა, ვთქვათ, ხიზილალასა და ფუფუნების საგნებზე, იტყოდა, მდიდრებისგან ვიღებ ფულსო, თან პირდაპირ ღარიბ მოსახლეობას არ დაარტყამდა. საწვავზე აქციზის გაძვირება ნიშნავს იმას, რომ პური, შაქარი და სხვა პროდუქტები გაძვირდება. ვის ატყუებენ, თებერვალ-მარტში იქნება სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსი.

- ამ შემთხვევაში ბიზნესი ეკონომიკაში ფულს აღარ ჩადებს, რადგან მთავრობამ აქციზის გადასახადი გაზარდა?

- ვინც არ ჩადებს ეკონომიკაში ფულს, მას მოგების გადასახადი არ მოეხსნება. გათავისუფლდება ის კომპანია, რომელიც ეკონომიკას დააფინანსებს. საწვავზე აქციზის გადასახადის გაზრდამ შეიძლება კომპანიებს მოგება შეუმციროს, რადგან თვითღირებულება გაიზრდება. ამიტომ იმ ფულის რაოდენობა, რომელიც ეკონომიკაში უნდა ჩაბრუნდეს, შემცირდება.

- მთავრობა ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილებები შეთანხმებულია ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან...

- ამაში დარწმუნებული ვარ. სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს რა ედარდება, ქვეყანა თუ გაკოტრდება კიდევ უფრო კარგია მათთვის, რადგან გაკოტრებულ ქვეყანაში უფრო სწრაფად მდიდრდებიან ისედაც მდიდარი ადამიანები. საერთოდ, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი ხომ ქვეყნების გაკოტრების ხარჯზე მდიდრდებიან. მთავრობის გადაწყვეტილებები მსოფლიო ბანკმა რომ მოიწონა, ეს არაფერს ნიშნავს.

- თუმცა ხელისუფლება იმედიანადაა. პრემიერი იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერ იმაზე, რაც ხდება. აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ ლარის დევალვაცია მოხდა, მაგრამ აქვთ გეგმა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. თქვენ არ ფიქრობთ, რომ მათი გეგმა გაამართლებს?

_ რომელიმე ხელისუფლება თუ გინახავთ, რიტორიკის დონეზე იმედიანად რომ არ იყოს, თქვას, რომ რაღაც შეეშალა? მე საქართველოში ასეთი ხელისუფლება არ მინახავს.

- პრემიერმა ისიც თქვა, ძალიან ადვილია პოლიტიკური ქულების ჩაწერაო, თუმცა არ უთქვამს, კონკრეტულად ვისი მისამართით თქვა ეს...

- ამაში პრემიერ-მინისტრს ვეთანხმები. ნამდვილად ადვილია ხალხის გაჭირვების ფონზე სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების დაწერა. ამას ნამდვილად აკეთებს ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილს ამაში ვეთანხმები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ შეცდომა შეცდომაზე დაუშვას. ვიღაც რომ სპეკულანტობს, ცუდია. ვხედავ კიდეც, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა არ უნდა დაკარგონ სპეკულაციური ხმაურისა და რჩევის გარჩევის უნარი, რომელიც შეიძლება ხალხს, სახელმწიფოსა და მთავრობას გამოადგეს.

- თქვენ რას ურჩევდით, მთავრობის ხარჯების შემცირება საქმეს უშველიდა?

- მთავრობას ვურჩევ, არ გააძვიროს აქციზის გადასახადი საწვავზე და გააძვიროს სხვა მიმართულებით.

„ახალი თაობა“, 17 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლია ელიავასთან: „საქართველოდან კაპიტალი გარბის“ // „ლარის მცურავი კურსი ქვეყნისთვის დამღუპველია

„ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლია ელიავა პასუხობს.

- ქალბატონო ლია, ეკონომიკური ფონი მძიმეა. რა სჭირს ლარს და თუ არის საშველი?

- ლარი იღუპება და საშველი არ არის! ძალიან მძიმე ფონია. ლარის ვარდნა არ არის დამოკიდებული საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციური ვარდნა.

- რას გულისხმობთ?

- კომერციული ბანკების გაზრდილი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რაც განაპირობებს ლარის კურსის ვარდნას, არის განპირობებული იმით, რომ ქვეყნიდან გარბის კაპიტალი. გადის როგორც ბიზნესმენების, ასევე ფიზიკური პირების, კერძო სექტორის კაპიტალი და ამ კაპიტალის მომსახურებას არის გადაყოლილი როგორც კომერციული ბანკები, ასევე მთელი ჩვენი საქართველოს ეკონომიკა. ქვეყანაში არის საკმაოდ კრიზისული მდგომარეობა, უცხოური კაპიტალი ვეღარ პოულობს აქ თავისი რეალიზების გზებს.

- ეს რამ განაპირობა?

- ამ პროცესს ხელი შეუწყო შეერთებული შტატების მიერ მათი სააღრიცხვო განაკვეთის ზრდამ. მათი დაპირება, რომ 2017 წელს კიდევ სამჯერ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, უკვე განაპირობებს იმას, რომ ქვეყნიდან გაიქცევა კაპიტალი და მართლაც ასე ხდება. ეს პროცესი ხდება არა მარტო საქართველოში, კაპიტალი გარბის სხვა განვითარებადი ქვეყნებიდანაც. ოღონდ საქართველოში ამ კაპიტალის გაქცევა პირდაპირ აისახება ჩვენი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. ლარის კურსის დადგენის მეთოდოლოგიას აქვს მახინჯი ფორმა. უკვე რამდენი წელია, ამას ვამბობ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეცვალოს ლარის კურსის დადგენის მეთოდოლოგია, რომ იგი არ იყოს დამოკიდებული სპეკულაციურ პროცესებზე, ვინაიდან ჩვენი საფინანსო ბაზარი არის განუვითარებელი.

- არსებობს იმის ბერკეტი, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს კაპიტალის გაქცევა ქვეყნიდან?

- არა, კაპიტალის გადინების შეჩერების ბერკეტი საქართველოს არ აქვს. ხელოვნურად მისი გატანის აკრძალვას ძალიან ცოტა ქვეყანა თუ აკეთებს. თუმცა შესაძლებელია ამ კაპიტალის გატანის დანაწევრება. ერთბაშად რომ არ იქნეს გატანილი და გაწერილი იყოს რამდენიმე დღეზე ან ორ-სამ კვირაზე რამდენიმე მილიონი დოლარის გატანა. ამის გაკეთება მარტივადაა შესაძლებელი და ამას ბევრი ქვეყანა აკეთებს. ჩვენი ქვეყნიდან კაპიტალი კიდევ ერთი მიზეზის გამო გარბის.

- რა მიზეზის?

- ეს არის ეროვნული ბანკისა და მთავრობის არაადეკვატური რეაგირება შექმნილ სიტუაციაზე.

- რას გულისხმობთ?

- 2015-2016 წლებში საქართველოში მძვინვარებს სავალუტო კრიზისი. ამ კრიზისზე არ რეაგირებს ადეკვატურად არც ეროვნული ბანკი, რომელსაც შეუძლია ამ სიტუაციის მოთოკვა და არც მთავრობა, რომელიც სახავს ლარიზაციის გეგმებს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ სავალუტო კრიზისი არ არის ალაგმული.

- არასწორი პოლიტიკაა ლარიზაცია, რომელიც ხელისუფლების მიერ იქნა გაჟღერებული?

- რა თქმა უნდა! ეს ნაადრევია, რადგან ქვეყანა არის კრიზისულ მდგომარეობაში. თვითონ ლარიზაცია, როგორც ასეთი, ძალიან კარგია, მაგრამ პრობლემები უნდა გადაწყვიტო მათი დადგომის მიხედვით. დაგიდგა სავალუტო კრიზისის პრობლემა, გადაწყვიტე ეს კრიზისი, დაასტაბილურე ეკონომიკა, დაასტაბილურე ფინანსები და შემდეგ გადადი უკვე სხვა ეტაპზე. ამ სავალუტო კრიზისს კი დასტაბილურება ჯერჯერობით არ უწერია. ასევე არაადეკვატურად მოქმედებს ეროვნული ბანკიც.

- რას გულისხმობთ, რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა?

- ეროვნულმა ბანკმა მიუშვა ლარის კურსი იმ მოსაზრებით, რომ კურსი უნდა იყოს მცურავი. საქართველოში, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე, არ შეიძლება მცურავი კურსის არსებობა. ჩვენნაირ ქვეყანაში ეს ყოველთვის იქნება ვარდნითი კურსი და არა მცურავი კურსი, იმიტომ, რომ ქვეყანა არის იმპორტზე დამოკიდებული და ჩვენთან არ არსებობს სრულფასოვანი ფინანსური სექტორი. ის ჯერ ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ამას ასევე ემატება ის გარემოება, რომ ლარი, როგორც სრულფასოვანი ვალუტა, ჩვენ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. ეს არის ნახევარვალუტა. რაღაც სუროგატი, რომელსაც საკუთარი კურსი არ შეიძლება გააჩნდეს.

- ის ხომ ეროვნული ვალუტაა?

- კი ბატონო, მაგრამ ლარი არ არის მსოფლიო ვალუტა. ეს არ არის დაგროვების საშუალება, ეს არის ელემენტარულად გადახდის საშუალება. მხოლოდ გადახდის საშუალება კი შეიძლება იყოს არა მარტო ფული, არამედ დახატული, დაბეჭდილი ქაღალდი, რასაც პრაქტიკულად ლარი წარმოადგენს. ასეთ პირობებში მცურავი კურსის რეჟიმის დაშვება არის ძალიან დიდი შეცდომა, ტრაგიკული შეცდომა! ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ლარის კურსის რეგულირება, როგორც ამას აკეთებდა განვლილი წლების განმავლობაში.

- ანუ?

- ანუ ხარჯავდა სავალუტო რეზერვებს იმისთვის, რომ გაეჩერებინა ლარის კურსის ვარდნა. ტრაბახი იმისა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ამხელა ოდენობის სავალუტო რეზერვები, რომლებიც ყოველწლიურად იზრდება, ძალიან დიდი მოცულობისა გვაქვს და რაღაც ისტორიულ მაქსიმუმებზე იყო საუბარი, სამარცხვინოა!

- დიდი ოდენობით რეზერვები სამარცხვინოა?

_ სამარცხვინოა ორი მიზეზის გამო: პირველი. როცა ქვეყანას, როცა ეკონომიკას უჭირს და ამ ფონზე სავალუტო რეზერვები არ გამოიყენება, ანუ დევს მკვდრად. ისმის კითხვა: რატომ?! იმიტომ, რომ ეს სავალუტო რეზერვები გატანილია ქვეყნიდან! ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, წლობით ნაგროვები თანხები, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად, ვალების აღების შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ერთი ხელის მოსმით გაიტანა უცხოეთში და განათავსა გაურკვეველი წარმოშობის კომერციული ბანკების, ათასგვარი ფონდის ფასიან ქაღალდებში!

- რა გამოდის, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვი არ აქვს?

- ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკს დღეს ხელთ არ აქვს ეს სავალუტო რეზერვები, რომ გამოიყენოს ეროვნული ვალუტის გადასარჩენად! რეზერვები უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში და მოხმარდეს ლარის კურსის მხარდაჭერას! თუ ლარის ვარდნა გაგრძელდა 2017 წელს, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას ეკონომიკაში. ჯაჭვი როგორია? ლარის კურსი ვარდება, ფასები იზრდება, მოსახლეობა ღარიბდება, შემოსავლები არ იზრდება, მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ იყიდოს ბიზნესის საქონელი და მომსახურება, ბიზნესსაც ამ დროს პრობლემები ექმნება, კრიზისში შედის და მთელი ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შევა!

- საკანონმდებლო ასპექტებზე რას იტყოდით?

- ეროვნული ბანკი არის კანონით ვალდებული, რომ უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა. მას პირდაპირ უწერია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეროვნული ბანკი ამ ამოცანას ვერ ასრულებს უკვე წლების განმავლობაში. მას ფასების შენარჩუნების უნარი არ აქვს და ის სისტემატურად არღვევს კანონს! ლარის გაცვლითი კურსი მას ოფიციალურად აქვს მიტოვებული და მიგდებული! საქართველოს კონსტიტუციით ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას. ჩვენს ქვეყანაში კი ფინანსური სტაბილურობა დიდი ხანია, აღარ არსებობს!

- გვესმის შეფასებები, რომ ხელისუფლებას არ აქვს კრიზისიდან გამოსვლის გზების სწორი ხედვა. თქვენც ასე ფიქრობთ?

- როდესაც რაღაც მოვლენას ვერ დაარქმევ ნორმალურ სახელს, ყოველთვის გაგიჭირდება ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება, მით უფრო, თუ ცოდნა გაკლია ამ გადაწყვეტილებების მისაღებად. მთავრობის ბოლო ნაბიჯებით მე გაოცებული ვარ, რა დროს ლარიზაციაა?! რა დროს ანაბრების კონვერტირების პიარაქციებია?! ქვეყანას, ეკონომიკას გადარჩენა სჭირდება! საჭიროა სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება. ნამდვილად არ ვიცი, რა ხდება. მე ძალიან მიჭირს ასეთი საქციელის ადეკვატურობის შეფასება!

——————–

„რეზონანსი“, 17 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: როგორ ვაიძულოთ რუსეთი, რომ დაიწყოს 2011 წლის შეთანხმების შესრულება // „გვაქვს ამის შესახებ მოსაზრებები, შემდგომი ნაბიჯები როგორ უნდა გადაიდგას, თუ კიდევ ხელოვნურად გაიწელება ეს პროცესი

თიკო ოსმანოვა

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორ კარასინის მორიგი შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმრთება. აბაშიძის თქმით, რუს კოლეგასთან ტრადიციულად ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრებს. რაც შეეხება 2011 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ახლა უკვე შვეიცარიული კომპანია ჩაერთო და იმ შემთხვეაში, თუ კიდევ მოხდება რუსეთის მხრიდან ამის ხელოვნურად გაწელვა, საქართველო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგ რაუნდზე “რეზონანსი” პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

- ბოლო დღეებში თუ ესაუბრეთ გრიგორი კარასინს?

- ჯერ არა. ბოლოს რომ შევხდით, მაშინ მოვნიშნეთ დღის წესრიგი და ვთქვით, რომ იანვარში შევხდებოდით.

- რა საკითხებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ჩვენ გვაქვს კონკრეტული მანდატი და დღის წესრიგი, რომელიც დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, სატრანსპორტო საკითხებთან, გარკვეულ ჰუმანიტარულ თემებთან, ტურიზმზე და ა.შ. ყოველი შეხვედრის წინ შესაბამის უწყებასთან გავდივარ კონსულტაციებს, სამინისტროებთან და ვაგროვებ პრობლემებს, რომელიც განსახილველი საკითხების ნუსხაში ხვდება.

- აფხაზეთის რკინიგზის აღგენა – დგას თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში კიდევ?

- დიდი ხანია ეს თემა საერთოდ აღარ უხსენებიათ.

- აპრილის ბოლოს სავარაუდოდ საქართველო ევროპასთან უვიზო რეჟიმს მიიღებს და ხომ არ ელოდებით იგივე ნაბიჯის გადადგმას ახლა უკვე რუსეთისგან?

- არა მგონია ეს საკითხი რუსეთის გაღიზიანებას იწვევდეს. შეიძლება ვიღაცას არ სიამოვნებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე არ ვსაუბრობთ, ეს ჩვენი და ევროკავშირის საქმეა. რაც შეეხება რუსეთის სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მოგეხსენებათ, საგრძნობლად გამარტივდა მიმდინარე წლის დასაწყისში. თუკი ადრე უახლოეს ნათესავს რუსეთის მოქალაქეს შეეძლო მოეწვია საქართველოს მოქალაქე, ახლა ეს აღარ არის საჭირო. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას, ფიზიკურ თუ იურდიულ პირს, შეუძლია მოიწვიოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.

ვიზის გამოგზავნაც მარტივად ხდება – საგარეო უწყება საჭირო აღარ არის, ელექტრონული ფოსტითაც შეიძლება გამოიგზავნოს. ასე რომ, გამარტივებულია ნამდვილად. წინა წლებში გაიცემოდა სადღაც 20 ათასი ვიზა, ახლა, რამდენადაც ვიცი, წელს ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაზიარდა, გაორმაგდა.

რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ვნახოთ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა რუსი ტურისტები საქართველოში კომფორტულად ჩამოვიდნენ, პრობლემები არ ჰქონდეთ, მათ ერთი წლის მანძილზე შეუძლიათ უვიზოდ დარჩენა. ეს არა მარტო რუსეთის მოქალაქებისთვის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქებისთვისა შესაძლებელი და უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში და ეს ასეც მოხდა. წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდა და სადღაც 1 მილიონი ტურისტი კონკრეტულად რუსეთიდან. ასე რომ, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, ახლა რუსეთი შემდგომ რა ნაბიჯს გადადგამს, მათი გადასაწყვეტია. თუ უნდათ, რომ კიდევ გაამარტივონ ან საერთოდ მოხსნან, ჩვენ მივესალმებით.

- რუსეთში შპიონაჟის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გაგრძელდება თუ არა კონსულტაციები? რჩებიან თუ არა ჩვენი მოქალაქები ჩრდილოელი მეზობლის ციხეში?

- გაგრძელდება ამაზე საუბარი. მოგეხესნებათ, 7 მოქალაქე გავათავისუფლეთ, რომლებსაც მრავალწლიანი სასჯელი ჰქონდათ მისჯილი. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ეს ხალხი დაბრუნდებოდა თავის ოჯახებს. სხვადასხვა სახის სამართლებრივი და პოლიტიკური სირთულე იყო, თუმცა, ჩვენ ეს ყველაფერი გადავლახეთ და ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა.

საკმაოდ რთული მემკვიდრეობა გვერგო, ბევრი რაღაცის მოძიება იყო საჭირო, რომ გავრკევულიყავით. კიდევ რამდენიმე პიროვნებაა დარჩენილი და ამასთან დაკავშირებით გავაგრძელებ მოლაპარაკბებს. ასევე, როგორც ვიცით, ამ ბრალდებით არიან კიდევ რამდენიმე ადამიანი გასამართლებული, თუმცა არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ვინც ჩვენ გავათავისუფლეთ, ისინი საქართველოს მოქალაქები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები იყვნენ. რუსეთის მოქალაქე თუა, სამართლებრივად ეს ძალიან რთული თემაა, იმიტომ, რომ რუსეთს კანონით არ შეუძლია სხვა ქვეყანას გადასცეს თავისი მოქალაქე.

- რაც შეეხება საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით დადებულ 2011 წლის ხელშეკრულებას, ქართული მხარე უკვე თვეებია საბოოლო პასუხს რუსეთისგან ელოდება. რა ხდება ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით?

- ახლა უკვე ამ საკითხში აქტიურად ჩართული არიან შვეიცარიელი მეგობრები, რომლებიც ამ ხელშეკრულებას შუამავლობენ. ჩვენ ჯერ კიდევ აპრილში დავასრულეთ მუშაობა. ახლა საუბარია კონტრაქტის ტექსტზე, რომელიც უნდა გაფორმდეს შვეიცარიულ კომპანიასთან. რუსეთმა რამდენჯერმე გადადო სხვადასხვა მიზეზებით თუ არგუმენტებით. შვეიცარიელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გაერკვიონ სიტუციაში და ვნახოთ რა ინფორმაციას მივიღებთ მათგან. თუ კიდევ გაიწელა, მერე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, შემდგომ როგორ ვიმოქმედოთ.

- ანუ, საქართველოს აქვს ბერკეტი, რომ მოხდეს რუსეთის იძულება, რათა მოახდინოს ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია?

- გვაქვს ამის შესახებ მოსაზრებები, შემდგომი ნაბიჯები როგორ უნდა გადაიდგას, თუ კიდევ ხელოვნურად გაიწელება ეს პროცესი.

- კონკრეტულად რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველომ ამასთან დაკავშირებით?

- ჯერ ვერ დავკონკრეტდები.

„რეზონანსი“, 17 დეკემბერი, 2016 წელი

სამხრეთ ოსეთსშეიძლება სახელი შეუცვალონ

ლეონიდ თიბილოვი 9 აპრილსსაპრეზიდენტო არჩევნებთანერთადრეფერენდუმისჩატარებასაც აპირებს

ნინო ომანაძე

2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის “საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდება. მასში მონაწილეობას 15 კანდიდატი მიიღებს, მათ შორის “მოქმედი პრეზიდენტი” ლეონიდ თიბილოვი და ექს-”პრეზიდენტი” ედუარდ კოკოითი.

საპრეზიდენტო მარათონამდე რამდენიმე თვით ადრე აქტუალური გახდა დე-ფაქტო რესპუბლიკისთვის ახალი სახელის მინიჭების საკითხი, როგორც მარიონეტული ხელისუფლების ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, სამხრეთ ოსეთს “ისტორიული სახელი” უნდა დაუბრუნდეს და “ალანია” დაერქვას.

დე ფაქტო რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით თიბილოვი ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა. ადშილობრივი მედიის ცნობით, თიბილოვის ეს ინიციატივა საზოგადოების საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობს.

“გარე ძალები ცდილობენ ჩვენთვის ეთნიკური ისტორიის წართმევას, ჩვენ კი ჩვენი უმოქმედობით ხელს ვუწყობთ ამ პროცესს. “ჩვენ ვგეგმავთ 2017 წლის იანვარში შევკრიბოთ რესპუბლიკის პოლიტსაბჭო და მოვიწვიოთ პოლიტიკური პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან ამ საბჭოს წევრები, რათა ერთობლივად განვიხილოთ რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევის საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილება გატანილი იქნება რეფერენდუმზე”, – განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა. მისივე თქმით, ამ პროექტის მიზანია სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთება.

“პრეზიდენტის ერთი ხელის მოწერით ეს საკითხი ვერ გადაწყდება. მე ჯერ კიდევ პარლამენტარი ვიყავი, როცა ამ საკითხის განხილვაში ვიღებდი მონაწილეობას. ჩვენ ვართ ალანები და სამართლიანი იქნება, თუ რესპუბლიკას ძველ, ისტორიულ სახელს დავუბრუნებთ. ამასთან, ჩვენ ვართ გაყოფილი ერი. ჩვენმა ძმებმა ჩრდილოეთში თავიანთ რესპუბლიკას “ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია” დაარქვეს. ჩვენს მიერ რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევა და “სამხრეთ ოსეთი-ალანიას” დარქმევა შექმნის შესაბამის პირობებს ერთიანი ალანიის შექმნისათვის რუსეთის ფედერაციის ფარგლებში. მე დავინახე, რომ ხალხს ძალიან მოეწონა ეს იდეა. აუცილებელია ამ კუთხით მუშაობის დაჩქარება და ვაპირებთ რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს”, – განაცხადა გამოცემა “სპუტნიკთან” საუბარში ლეონიდ თიბილოვმა. ამავე ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის როლზე, როგორც მეგობარი და მფარველი სახელმწიფოსი.

„2008 წლის აგვისტოს რუსეთმა აღიარა ჩვენი და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. რუსული მხარე ეხმარება ჩვენ რესპუბლიკას როგორც ეკონომიკური, ისე თავდაცვის თვალსაზრისით. ზაფხულში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას “გაზპრომთან”, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ 2019 წლისთვის მოახდენს რესპუბლიკის 188 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებს, ამაში ის 3 მილიარდ რუბლს დახარჯავს. რუსეთის ფედერაციის 105 მილიონიანი ვალი გაგვაჩნია, რომელიც 5 წლის მანძილზე უნდა გადავიხადოთ. ჩვენი მიზანია ახალი საგარეო ვალების აღებისგან თავი შევიკავოთ”, – აცხადებს ლეონიდ თიბილოვი. დე ფაქტო რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევას თავად ცხინვალელთა ნაწილი პოპულისტურ ნაბიჯად მიიჩნევს.

ექსპერტი როლანდ ქელეხსაევი ინტერნეტ გამოცემა “ჯემნიუსთან” საუბარში აცხადებს: “სახელმწიფოსთვის სახელის გადარქმევა ძვირი სიამოვნებაა. საჭირო იქნება რეფერენდუმის ჩატარება, პასპორტების და სახელმწიფო ბეჭდების გამოცვლა, ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრაცია. აჯობებს, ეს საკითხი სამომავლოდ გადავდოთ და ფინანსური რესურსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას მოვახმაროთ”.

“რეზონანსთან” საუბარში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა ლეონიდ თიბილოვის ინიციატივას უპერსპექტივო და წინასაარჩევნო პიარ ნაბიჯი უწოდა. „ეს არის ხალხის მოტყუება. ალანია დიდი ხანია არ არსებობს, იქ შედიოდნენ სხვა ერებიც – ინგუშები… როგორც ვიცი, არც ხალხი უჭერს დიდად მხარს ამ ინიციატივას. თიბილოვს ჰგონია, რომ ამას წინასაარჩევნოდ გამოიყენებს. სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორია, მისი განუყოფელი ნაწილი და თიბილოვის ეს ქმედება ვერაფერს ვერ შეცვლის. ან როგორ აპირებენ ამ რეფერენდუმის გამართვას? საკუთარი ფული არ გააჩნიათ, რუსეთს ისე შესციცინებენ თვალებში, როგორც პატარა ბავშვი კამფეტებიან მამას. ამ იდეას არანაირი პლიუსი არ აქვს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის”.

რუსებს არ აწყობთ ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან მიერთება, მათ უფრო ღრმა ინტერესები აქვთ საქართველოში. მათ რაც უნდოდათ, უკვე გააკეთეს – 40-50 წლიანი ხელშეკრულებები დადეს ცხინვალთან და აფხაზეთთან. რაც შეეხება შეერთებას, ეს რუსეთის ინტერესში არ შედის. რა მნიშვნელობა აქვს სახელის გადარქმევას? თუ უნდათ “ბელგია” დაირქვან – გახდებიან? არასერიოზული ნაბიჯია, რომელიც პიარზეა გათვლილი”.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს.

„რაც უნდათ ის დაარქვან, ეს არაა სერიოზული. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს სურთ მუდამ იყოს ორბიტაზე და ამისთვის ხან რას მოიგონებენ და ხან – რას. ცხინვალი არის ისტორიული ქართული სახელი, ოსური ფუძეც კი არ გააჩნია. მათი არსებობაა არალეგიტიმური და რა სახელის გადარქმევაზე საუბრობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფერენდუმი არ გამოუვათ. ბევრი ადგილობრივისთვისაც მიუღებელია სახელის გადარქმევა. ამ საკითხმა შესაძლებელია ჩრდილოეთ ოსეთში უკმაყოფილება გამოიწვიოს, სწორედ ისინი უწოდებენ თავიანთ თავს “ალანებს”, მათთვის აქ მცხოვრები ოსები არიან “კულარელები”, ანუ მეჯოგეები და მათ ალანებად არ თვლიან. მათთვის უასიამოვნო იქნება კულარელებმა ალანია რომ დაირქვან. რაც შეეხებე რუსეთს, მათთვის სულერთია ოსები რას დაირქმევენ. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ქართული მხრიდან იქნება მწვავე პროტესტი”.

Comments are closed