globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 18th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დავით მირცხულავასთან: “გაზპრომის” მილს ვერ გადავახტებით?!

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: “საგურამოს ონკანი – “გაზპრომზე” ზემოქმედების ბერკეტი”

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სოსო ჯაჭვლიანთან: “ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, მანანა კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო”

„კვირის პალიტრა“: კვოტების “ომი” იწყება?! – ვის რა ამბიცია აქვს 2016 წლის არჩევნებისთვის

„კვირის ქრონიკა“: სანამ ისეთი პოლიტიკოსები იარსებებენ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში, რომლებიც  მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ, არაფერი გვეშველება!

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „თავად ივანიშვილის ოჯახსაც აღარ მოსწონს კალაძე, განსაკუთრებით მის შვილებს!“

„კვირის ქრონიკა“: ვის კადრებს დაერივნენ შსს-ში? რომელ მაღალჩინოსან პოლიციელებს გაუშვებენ „პენსიაზე“ და ვის უფრო დააწინაურებენ?

რეზონანსი: საქართველოს მოსახლეობის 7.45 შიმშილობს

რეზონანსი: ირანისათვის სანქციების მოხსნა – რუსეთის “შავი ორშაბათი“ // რა ელოდება საქართველოს

—————————-

„კვირის პალიტრა“, 18 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით მირცხულავასთან: გაზპრომისმილს ვერ გადავახტებით?!

ემა ტუხიაშვილი

ყველაზე მეტ ეჭვს ფარული შეხვედრები და თვით მინისტრის სხვადასხვაგვარი ვერსიები აჩენს. კალაძე “გაზპრომთან” გაზის დამატებით მოცულობებზე დაწყებულ მოლაპარაკებებს ჯერ იმით ამართლებდა, რომ საქართველოში გაზის ძირითად იმპორტიორს, “სოკარს” თურმე არ შეუძლია, ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. “სოკარის” პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ახალი დეტალი გაახმიანა, რომ რუსეთი ჩვენთან 20 წლის წინ დადებული კონტრაქტის პირობების შეცვლას ითხოვს და საქართველოს გაზსადენში გატარებული გაზის სანაცვლოდ ბუნებრივ აირს კი არ დაგვიტოვებს “ნატურით”, როგორც აქამდე, არამედ ტრანზიტის საფასურს ფულით გადაგვიხდის. მაგრამ, სპეციალისტების მტკიცებით, ეს თანხა “ნატურით” დატოვებული მოცულობის შეძენას არ ეყოფა და საჭირო რაოდენობის მისაღებად, რუსეთისთვის ფულის გადახდა იქით მოგვიწევს.

კიდევ რა სიურპრიზები დაგვხვდება “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან საკონტრაქტო პირობები, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, გაზისა და ნავთობის კორპორაცია ამუშავებს, მკაცრად გასაიდუმლოებულია. ჩვენთვის ქართულ-რუსული მოლაპარაკებების რამდენიმე საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი.

როგორც ენერგეტიკის ექს-მინისტრი დავით მირცხულავა აცხადებს, “საქართველოში გაზის მოხმარება იზრდება და 2016 წლის ბალანსით, უკვე 2,5 მილიარდი კუბური მეტრი გვჭირდება წელიწადში. ამასთან, გვაქვს სეზონური დისპროპორცია – თუ ზამთარში თვეში 11,5 მილიონი კუბური მეტრი გაზი გვჭირდება, ზაფხულში 4 მილიონიც გვყოფნის. ამიტომაც გაჩნდა დეფიციტი. ის მილსადენებიც, რომლებითაც აზერბაიჯანიდან გაზს ვიღებთ, მაქსიმუმზე მუშაობს.

- თუმცა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების მოცულობას მაქსიმუმამდედღეში 7 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდიან

- ჩემთვის ეს პასუხი ნიშნავდა, რომ მათ რეალურად ბუნებრივი გაზის პრობლემა აქვთ. მათ არ უსაუბრიათ იმ მილსადენზე, რომლითაც ჩვენ ახლა “სოკარისგან” გაზს ვიღებთ. საუბარი იყო იმაზე, რომ იქნებ განგვეხილა ვარიანტი, რომ მოცულობების გაზრდა მოხდეს კონსორციუმ “შაჰ-დენიზის” მილსადენით, სადაც ერთ-ერთი მონაწილე “სოკარიც” არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მთლიანად კონსორციუმია. თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ “სოკარის” გადასაწყვეტი. კონსორციუმში არიან “სტატოილი”, BP და სხვა კომპანიები.

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მათთან 20-25 წელიწადია იმ მეგაპროექტებში ვმონაწილეობთ, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი პოლიტიკური მომავალიც – გავხდით სატრანზიტო ქვეყანა დასავლეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის. აზერბაიჯანშიც მოიმატა ბუნებრივი აირის მოხმარებამ და წელიწადში თითქმის 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამას დავუმატოთ მოცულობები, რაც საქართველოსა და თურქეთს სჭირდება, რომელმაც ასევე მოსთხოვა აზერბაიჯანს მიწოდების გაზრდა ხელშეკრულების შესაბამისად. ასე რომ, აზერბაიჯანს დიდი პრობლემები აქვს სასაქონლო გაზის მოცულობასთან დაკავშირებით. მან გააფორმა კონტრაქტი “გაზპრომთან”, რომელიც აწვდის 2,5 მილიარდ კუბმ გაზს და ამ მოცულობას მიწისქვეშა საცავებში ტუმბავენ. ეს იმ აუცილებლობით არის ნაკარნახები, რომ აზერბაიჯანმა სხვა ქვეყნების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აზერბაიჯანული მხარისგან იყო შემოთავაზება, რომ საქართველოში დამატებითი მოცულობების მისაწოდებლად, მათ დაედოთ კონტრაქტი “გაზპრომთან” და ამ სქემით მოეწოდებინათ ჩვენთვის ბუნებრივი აირი, მაგრამ ეს სხვა თემაა…

- თუ აზერბაიჯანული გაზის მოწოდების პრობლემები არსებობდა, ხომ შეეძლო ენერგეტიკის სამინისტროს, ღიად ესაუბრა დაგაზპრომთანგასაიდუმლოებული შეხვედრების შესახებ უცხოური პრესის მეშვეობით არ გაგვეგო?

- “გაზპრომთან” ყოველწლიურად იმართება ასეთი მოლაპარაკებები ტრანზიტზე, სადაც “გაზპრომს” თავისი წინადადებები აქვს, ქართულ მხარეს კი – თავისი. არ მახსოვს, ოდესმე ეს შეხვედრები დაანონსებულიყო ან ვინმე დაინტერესებულიყო ამ შეხვედრებით. ამ შემთხვევაში ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ “გაზპრომმა” ძალიან მკაცრად წამოაყენა პირობა – გაზის მოცულობა, რომელსაც სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ ნატურით იღებდა საქართველო, ტრანსპორტირების გადასახადით შეცვლილიყო.

- რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც ახლა, ეს პირობები ხომ 20 წელიწადს მოქმედებდა? რეალურად, გაზის ტრანზიტის საფასურით ხომ იმდენს ვერ ვიყიდით, რაცნატურითგვრჩებოდა?

- რუსეთი ამას ყოველთვის ითხოვდა, მაგრამ მოლაპარაკებებით ვაღწევდით ჩვენთვის საუკეთესო შედეგს. დაველოდოთ მოლაპარაკებების დასრულებას და გაირკვევა, რა გადასახადი იქნება 100 კილომეტრზე 1000 კუბური მეტრის გაზის გატარებისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, რა დეფიციტი გვექნება და რამდენის შეძენა მოგვიწევს. რა თქმა უნდა, მომგებიანი იყო, როცა გატარებული გაზის 10% გვრჩებოდა, თუმცა ეს არ არის მიღებული პრაქტიკა და არც მაშინ ყოფილა, როცა რუსეთთან ამ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. როცა “იტერა” შეიცვალა “გაზპრომით”, ძალიან მწვავე მოლაპარაკებების შემდეგ, ქართულმა მხარემ მოახერხა ამ პირობის ხელშეკრულებაში დატოვება. დღეს, უნდა ვთქვათ, რომ ვითარება შეიცვალა. განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი სომხეთისთვის ბუნებრივი აირის საქართველოს გვერდის ავლით მიწოდებაზე. რატომღაც ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ ეს რუსულმა მხარემ ამ მოლაპარაკებებში კოზირად გამოიყენა.

- რომელ მარშრუტზეა ლაპარაკი?

- იყო საუბრები, რომ “გაზპრომს” 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზი მიეწოდებინა აზერბაიჯანის გავლით ირანისთვის. სანაცვლოდ ირანი გაზს სომხეთს მიაწვდიდა, რაც გამოიწვევდა ჩვენი გაზსადენით, რომელიც ისედაც 20%-ით არის დატვირთული, გაზის ტრანსპორტირების შემცირებას.

- ეს რუსეთის მხრიდან შანტაჟი ხომ არ არის?

- რეალურად ირანს 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი თვითონ სჭირდება, რადგან მისი საბადოები სამხრეთში, მრეწველობა კი ქვეყნის ჩრდილოეთშია განვითარებული. აქედან გამომდინარე, მთლად 10 მილიარდი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სომხეთისთვის გათვალისწინებული, მაგრამ მისთვის ირანს საჭირო გაზის თუნდაც 50% რომ მიეწოდებინა, ჩვენთვის ესეც დიდი დანაკარგი იქნებოდა. სხვათა შორის, “გაზპრომი” და “სოკარი” პარტნიორები არიან. ამიტომ, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვისაუბროთ ყველასთან, მათ შორის ხელშეკრულებების პირობებზე, გაზის დამატებით მოცულობებზეც და ბევრ სხვა საკითხზე.

- ჩვენთვის ყველაზე უარესი სცენარით როგორ შეიძლება, რომ მოვლენები განვითარდეს?

- ჩვენ ალბათ მოგვიწევს რუსეთისგან საერთო მოხმარების გაზის დაახლოებით 25%-ის ყიდვა. ნაწილს ვიყიდით გაზის ტრანსპორტირებისთვის მიღებული ფულით, მაგრამ მნიშვნელოვანი თანხა იქნება გამოსანახი დანარჩენის შესასყიდად. ადრე “ნატურით” მიღებული გაზის ნაწილი – 200 მილიონი კუბური მეტრი, ე.წ. სოციალურ გაზს ემატებოდა და მისი ფასის შენარჩუნებისთვის საჭირო იქნება, რომ სახელმწიფომ თანხა მოიძიოს. უნდა ვიბრძოლოთ, რომ მივაღწიოთ, რაც შეიძლება მაღალ გატარების ტარიფს. ამჟამინდელი მოცულობის სრულ კომპენსაციას ჩვენ ვერ მივიღებთ, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებებში მაქსიმუმის მიღწევა მასში მონაწილე გუნდის ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული.

„კვირის პალიტრა“, 18 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: საგურამოს ონკანი – “გაზპრომზეზემოქმედების ბერკეტი

ნათია დოლიძე

ბოლო კვირების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებაა, რომელიც მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად და განხეთქილების ვაშლად ლამის მმართველ კოალიციაშიც კი იქცა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის გაუგებარი განცხადებებიც, ენერგეტიკის სამინისტროსა თუ მთავრობის სხვა წარმომადგენელთაგან რომ გვესმის.

რაზე ელაპარაკება საქართველოს ხელისუფლება “გაზპრომს”? ამ კითხვის ზუსტი პასუხი არ არსებობს, რაც უამრავი ვარაუდის საფუძველს იძლევა. ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ განმარტა, რომ თურმე რუსეთი საქართველოს სომხეთისკენ გატარებული გაზის 10%-ის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას სთხოვს და “გაზპრომის” წარმომადგენლებთან შეხვედრისას ეს საკითხიც განიხილება. მანამდე კი აცხადებდნენ, რომ განიხილებოდა ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები, ასევე, “ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები”. ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო სწორედ “გაზპრომისგან” ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების პერსპექტივამ გაუჩინა საზოგადოებას საფრთხის შეგრძნება. ამ მოლაპარაკებებით შეშფოთებულია აზერბაიჯანული მხარეც. საქართველოს 13 იანვარს სტუმრობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია “სოკარის” ხელმძღვანელი როვნაგ აბდულაევი. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი და “სოკარ საქართველოს” ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი ესწრებოდნენ. ყველა ელოდა, რომ შექმნილი ვითარების ბევრი ასპექტი ამჯერად მაინც გაცხადდებოდა, მაგრამ შეხვედრის შემდეგ საჯაროდ მნიშვნელოვანი არაფერი თქმულა.

ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან მიმდინარე კვირის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შეფასება სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ.

- “გაზპრომი” არის პუტინის “მოიერიშე რაზმი”, რომლითაც ის პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობს. ეს ძალიან სახიფათო კომპანიაა. შეგახსენებთ, ამ კომპანიის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი რუსეთისთვის სანქციების დაწესებისას იმ პირთა პირველ ოცეულში მოხვდა, რომელთაც აშშ-ში შესვლა აუკრძალეს.

შეგახსენებთ ასევე 2006-2009 წლების ცივ ზამთრებს ევროპაში, როდესაც კრემლმა “გაზპრომის” ხელით უკრაინასთან “გაზის ომი” წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ბუნდოვანია, რაზე ელაპარაკება ჩვენი ხელისუფლება ამ კომპანიას, მე დარწმუნებული ვარ, რომ “გაზპრომის” აირი ვეღარასდროს დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს ქართულ ბაზარზე.

საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ბერკეტი “გაზპრომსა” და რუსეთზე ზემოქმედებისთვისაც კი. ეს არის საგურამოს სადგურში ონკანი, საიდანაც შეგვიძლია გადავკეტოთ ბუნებრივი აირის ის ნაკადი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გავლით რუსეთიდან სომხეთში მიდის. ეს, წესით, მოლაპარაკებებისას ხელსაყრელ მდგომარეობაში უნდა გვაყენებდეს. ამ პროცესს რამდენიმე მხარე აქვს, მათ შორს – პოლიტიკური, რაც ყველა მოლაპარაკებისას უნდა გვახსოვდეს. ამავე დროს არის ინფრასტრუქტურული პრობლემები. ჩვენ აზერბაიჯანთან გვაკავშირებს ორი მილსადენი, ორივე – საბჭოთა კავშირის დროინდელი და უკვე ამორტიზებული. ისინი ვერ უძლებს მაღალ წნევას, ამიტომაც შეზღუდულია მათი გამტარიანობა. რაც მთავარია, ამ ეტაპზე ვერც ირანიდან მივიღებთ ბუნებრივ აირს, რადგან ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ერთადერთი გზაა, სამხრეთ კავკასიის მილსადენიდან ისევ აზერბაიჯანმა მოგვცეს გაზი. მართალია, ამას დღეს გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს, მაგრამ ეს ვარიანტი განსახილველია.

აზერბაიჯანი და კომპანია “სოკარი” ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ამიტომ დიდი შეცდომა იქნება, მთავრობამ ეს ურთიერთობა გააფუჭოს. დარწმუნებული ვარ, ეს არც მოხდება და “სოკარი” კვლავ დარჩება მთავარ მომწოდებლად, თუმცა, მას, სამწუხაროდ, ჩვენი სრულად უზრუნველყოფა არ შეუძლია, ამიტომაც არის საჭირო დეფიციტის შევსება. დანაკლისის ნაწილი სწორედ ტრანზიტის საფასურად ჩვენთვის რუსული კომპანიის მოწოდებული ბუნებრივი აირით ივსებოდა.

როგორც ამბობენ, რუსული კომპანია საქართველოს ტრანზიტის საფასურის არა კვლავ ნატურით, არამედ ფულით გადახდას სთავაზობს, რაც ჩვენთვის წამგებიანი იქნება, ამიტომაც, ვფიქრობ, საჭიროა, ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთოს, რათა ხელშეკრულების აქამდე მოქმედი პირობა არ შეიცვალოს. როგორც რამდენიმე დღის წინ კალაძემ გვითხრა, მოლაპარაკება სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს. არ ვიცი, მართალია თუ არა ეს, რადგან მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულია. “გაზპრომთან” დაკავშირებით ეჭვს ყველაზე მეტად ეს ინფორმაციული ვაკუუმი და კალაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აჩენს. ვფიქრობ, სახელმწიფო ვალდებულიც კია, გაავრცელოს ინფორმაცია მოლაპარაკებების შესახებ. ამ პროცესში გასაიდუმლოებული არაფერი უნდა იყოს!

ბუნებრივი აირის ის დეფიციტი, რაც არის ქვეყანაში, შეიძლება კიდევ ერთი ალტერნატიული გზით შეივსოს – შეიძლება ირანისგან ვიყიდოთ ბუნებრივი აირი, რომელიც ირან-ერევნის გაზსადენით მიეწოდება სომხეთს. სანაცვლოდ კი ამ მოცულობის გაზი ავიღოთ სწორედ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენიდან.

- ფიქრობთ, რომ შესაძლოა, “გაზპრომთანმოლაპარაკების თემა ესეც ყოფილიყო?

- არ ვიცი, მე მხოლოდ იმედს გამოვთქვამ. კავკასიის სამ რესპუბლიკაში ყველაზე ნაკლებ გაზს ჩვენ მოვიხმართ. თუ გვსურს, ნორმალური გაზიფიკაცია გვქონდეს და ბუნებრივი აირი მივიდეს ყველა სოფელში, ერთ-ნახევარჯერ მაინც უნდა გავზარდოთ გაზის მოხმარება. ეს მით უფრო საჭიროა, თუ მრეწველობის განვითარებას ვაპირებთ. მოკლედ, აუცილებლად გვჭირდება გაზის მოცულობის გაზრდა. აზერბაიჯანს მეტი რესურსი არ აქვს, “გაზპრომმა” რამდენიც უნდა მოინდომოს, ამ მილსადენიდან ჩვენ საჭირო მოცულობას მაინც ვერ მივიღებთ, ამიტომ ერთადერთი ალტერნატივა ირანთან მოლაპარაკება და მასთან დამაკავშირებელი მილსადენის მშენებლობაზე ფიქრია. ოღონდ ამას დასჭირდება უფრო მაღალი დონის მოლაპარაკებები. სამწუხაროდ, დღევანდელ ენერგეტიკის სამინისტროს ამის რესურსი არ აქვს. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ საქმეში უპირველესად პროფესიონალიზმია საჭირო.

- გამოითქვა ეჭვიც, რომ რუსეთის მთავარი მიზანი სწორედ სომხეთთან დამაკავშირებელი მილსადენის ხელში ჩაგდებაა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამის საფრთხე არსებობს?

- მეეჭვება, რომ დღეს ამის განხორციელება შეიძლებოდეს. ჯერ ერთი, მილსადენის გასხვისებას ჩვენი კანონი კრძალავს, თანაც, ამას არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაუშვებენ. სააკაშვილის ხელისუფლების დროს კონსტიტუციის შეცვლას არაფერი უნდოდა, ჭრიდნენ და კერავდნენ, როგორც გაუხარდებოდათ. მოგეხსენებათ, სწორედ ქვეყნის ძირითად კანონში წერია, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენების გაყიდვა არ შეიძლება! ამ პარლამენტმა ის ვერ მოახერხა, საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის პარლამენტის ფუნქციონირება დედაქალაქში დაეკანონებინა და ამას მოახერხებენ?! როცა ამ საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების აღშფოთებულ განცხადებებს ვისმენ, გაოგნებული ვარ – მათ ცინიზმს საზღვარი არა აქვს! სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთს მიჰყიდა “მადნეული”, “კვარციტი”, ხელი მოეწერა “ინტერ რაოსთან” კონტრაქტს, რუსებს სამართავად გადასცეს “ენგურჰესი”… ამ გაზსადენის გაყიდვასაც აპირებდნენ, ახლა კი გამოდიან და ბედავენ რაღაცის გაპროტესტებას, აქციების ჩატარებას…

ყველაფერი ამ ხელისუფლების უნიათობის ბრალია. მათ დღემდე ვერ მოახერხეს, აუხსნან ქვეყნის მოსახლეობას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პოლიტიკური ოპონენტები კი არა, ქვეყნის მტრები არიან, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ძალაუფლების კვლავ ხელში ჩასაგდებად. ჩვენ დავინახეთ, როგორ მოიქცა სააკაშვილი – უკრაინის პრემიერობის მცირე შანსი გაუჩნდა და სასწრაფოდ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. მისი მიმდევრებიც სწორედ ასე ფიქრობენ. მათთვის არსებობს მხოლოდ ძალაუფლება, სხვა არაფერი…

- “გაზპრომისთემა კოალიციის შიგნითაც კამათის საგნად იქცა. ჩვენ მოვისმინეთ რესპუბლიკური პარტიისა დაეროვნული ფორუმისწარმომადგენელთა მწვავე განცხადებებიგამოითქვა ვარაუდიც, რომ შესაძლოა, ეს საკითხი კოალიციის დაშლის მიზეზი გახდეს

- “გაზპრომთან” დაკავშირებული კოალიციის წევრთა განცხადებები საარჩევნო სიაში მოსახვედრად დაწყებულ ბრძოლას ჰგავს. საუბედუროდ, ხალხი ასეთ მნიშვნელოვან პრობლემასაც საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად იყენებს. კოალიცია შეიძლება დაიშალოს, მაგრამ ამის მიზეზი “გაზპრომი” კი არა, საარჩევნო სია იქნება.

- ამ რამდენიმე დღის წინ ფრაქციაქართული ოცნებისწევრებმა საგურამოში, ძველით ახალი წელი ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერებთან ერთად აღნიშნეს. მართალია, ამტკიცებდნენ, სუფრასთან პოლიტიკაზე არ გვისაუბრიაო, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამინდელ დეპუტატებს, რომლებიც მომავალ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, სამთავრობო სტრუქტურებსა და თავის ბიზნესში დასაქმებას დაჰპირდა

- ამ პროცესს შევაფასებდი, როგორც სევდიან აუცილებლობას. ეს ადამიანები თავის დროზე გაჰყვნენ ბიძინა ივანიშვილს და ის, როგორც ჩანს, ცდილობს, ხალხი, რომელიც გვერდით დაუდგა, ულუკმაპუროდ არ დატოვოს. “ქართული ოცნების” სიას რომ გადახალისება სჭირდება, აშკარაა. ეტყობა, იმათთვის, ვინც სიაში ვერ მოხვდება, 14 იანვარი გარანტიების მიღების დღე იყო. მით უფრო, რომ ჩვენ დავინახეთ მათი განრისხება, როცა “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა ირაკლი კობახიძის ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში ამდენ მსახიობსა და სპორტსმენს ვეღარ იხილავთო. ეს განცხადება ადასტურებს, რომ გამოუცდელი ადამიანისთვის ასეთი თანამდებობის ჩაბარება არ შეიძლება. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს და ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ბუნებრივია, “ქართული ოცნების” ბევრმა წევრმა ეს შეურაცხყოფად მიიღო. ერთია სიის გადახალისების აუცილებლობა და მეორეა, ვინ იქნებიან ახალი სახეები. ახსენეს”ინტელექტკლუბის წარმომადგენლები, თუმცა, მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ. ეს გვარ-სახელები პოლიტიკისთვის არაფერს ნიშნავს, მარტო განათლებული კი არა, გამოცდილი ხალხია ახლა საჭირო. ასეთს ბევრს ვიცნობ, თუმცა, მათთვის არავის არაფერი შეუთავაზებია. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებით საინტერესო საარჩევნო სიას არც ერთი პარტიისგან არ ველი…

- მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს ვადა ეწურება, თუმცა, მანამდე მას კანონით აქვს უფლება და ვალდებულებაც, საანგარიშო მოხსენებით წარდგეს პარლამენტის წინაშე. უმრავლესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსმენა შეიძლება გადაიდოს და პარლამენტს ანგარიში ქადაგიძის მემკვიდრემ წარუდგინოსგაუგებრობაა ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევა-დამტკიცების თვალსაზრისითაც. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესი უკვე უნდა დაიწყოს, უმრავლესობის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი შეიძლება გადაიდოს და მანამდე ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გაუძღვეს

- იმედი მაქვს, პრეზიდენტი და პარლამენტი ამ საკითხზე შეთანხმებას მოახერხებენ და უფრო მეტად არ დააზარალებენ ეროვნულ ვალუტას. რაც შეეხება ქადაგიძის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტარების განცხადებებს, ეს უპასუხისმგებლობაა! მესამე წელია, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ; ამ ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქადაგიძეა და რატომ არ უნდა მოუსმინონ მის ანგარიშს?! თუ ასე მოხდა, ეს იქნება წინდაუხედავი ნაბიჯი, რაც პარლამენტის მნიშვნელობას უფრო დააკნინებს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევის პროცედურას, იმედი მაქვს, პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი დაივიწყებენ პირად ამბიციებს და ამჯერად მაინც იმოქმედებენ სინერგიულად, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით! დამერწმუნეთ, რაც მეტად გაიწელება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა, მით უფრო ცუდად იქნება ლარის საქმე.

- ბოლო დღეებში ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ ისევ გაუფასურება დაიწყო

- ბოლო ხანს რაც მოხდა, ქადაგიძის ბრალი ნამდვილად არ არის. ეს გახლავთ დოლარის გაძლიერებისა და ნავთობის ფასის ვარდნის თანამდევი პროცესი, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამოძახილია. მაგრამ ამ პროცესს ნამდვილად სჭირდება სწორი მართვა-ზედამხედველობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რთულ ვითარებაში აღმოჩნდა აზერბაიჯანული მანათიც, თუმცა, ეს უფრო ხელოვნური პროცესია. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ამ ორ ვალუტაზე სხვადასხვა პროცესი ახდენს გავლენას…

„კვირის პალიტრა“, 18 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ჯაჭვლიანთან: ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, მანანა კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო

რუსუდან შელია

გასულ კვირას პარტია “ქართული ოცნების” წევრებმა ყოფილ პრემიერებთან – ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე მოქმედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ახალი წელი საგურამოში აღნიშნეს. შეკრების დეტალებზე გლდანის მაჟორიტარი სოსო ჯაჭვლიანი საუბრობს:

- საახალწლო სუფრისთვის­ 100-100 ლარი შევკრიბეთ. რა გაუჭირდა “ქართულ ოცნებას” ისეთი, რომ თანხა ჩვენ დაგვადებინა? ეს, ხუმრობით, თუმცა არა მხოლოდ ჩემი, ჩემი მეუღლის თანხაც მე დავდე. არადა, საგურ­ამოში მარტო მივედი. როდესაც კოლეგებმა მკითხეს, მეუღლე სად არისო, ვუპასუხე, ცოლმა მითხრა, სირცხვილით როგორ წამოვალ, მსახიობები და რეჟისორები არ ნდომებიათო და კონცერტზე წავი­და-მეთქი. მართლა ასე მოხდა.

- საახალწლო სუფრასთან პოლიტიკურ საკითხებზე თუ ისაუბრეთ?

- დარბაზში ორ 30-კაციან მაგიდასთან ვისხედით. სუფრა რომ მთავრდებოდა და წამოვიშა­ლეთ, ყველა, მათ შორის, ყოფილი და მოქმედი პრემიერები გავაჩერე, და ხუმრობით ვუთხარი: ამბობენ, სიის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ვინც ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან მოხვდა, ბედნიერია, რადგან სიაში მოხვდება, ვინც სოსო ჯაჭვლიანის მხარეს აღმოჩნდა, ყველა “გადაყრილიაო”. ეს რომ გუგული მაღრაძემ გაიგონა, წამოხტა, ვაითუ, სიაში ვერ მოვხვდეო და გიტარით ხელში ბიძინა ივანიშვილის სუფრასთან გადაინაცვლა, თუმცა როდესაც ივანიშვილმა სოსო ჯაჭვლიანზე დადებითად ისაუბრა, მაშინვე დაუბრუნდა საკუთარ ადგილსო.

- ახლა ამ ხუმრობით გუგული მაღრაძის სურვილებს ახმოვანებთ?

- ხუმრობაა, მაგრამ გუგული მაღრაძე მართლა ადგა და ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან გადავიდა. ისე, მეც კი გადავინაცვლე მეორე მაგიდასთან, მასაც შეუძლია ჩემზე იგივე განაცხადოს. სხვათა შორის, მე “რაშა ორერას” ვმღეროდი, გუგული – “მხოლოდ შენ ერთს”.

- შეკრებაზე არ იყვნენ ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე?

- ისეთი ფორმატის შეკრება იყო, კობახიძე არც უნდა ყოფილიყო. მისი ახალგაზრდობით რაც მოხდა – მოხდა, მე არავის “შევეტენები”, “დავაი, რა”, მაგრამ კობახიძის განცხადება პირდაპირი შეურაცხყოფა გახლდათ.

- ბიძინა ივანიშვილმა მხარდაჭერა თქვენ აღგითქვათ?

- ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო და მეტი არაფერი.

- თემურ ჭკუასელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა მათ, ვინც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება. თქვენ სად უნდა დასაქმდეთ?

- ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მნიშვნელობა არა აქვს, სამთავრობო­ სტრუქტურებში ვიქნებით, თუ პარ­ლამენტში, თუ დღეს თავდას­ხ­მაში ხარ, უნდა ამოისუნთქო და სა­თადარიგოთა რიგებში გადაინაცვ­ლო.

„კვირის პალიტრა“, 18 იანვარი, 2016 წელი

კვოტებისომიიწყება?! – ვის რა ამბიცია აქვს 2016 წლის არჩევნებისთვის

რუსუდან შელია

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კოალიციაში საარჩევნო სიის კვოტების გადანაწილებაზე საუბარი გააქტიურდა. მართალია, გაერთიანებაში შემავალი პარტიული სუბიექტების ლიდერები დაპირისპირებას უარყოფენ, მაგრამ კოალიციის ზოგიერთი წევრის განცხადებები მიანიშნებს, რომ სიებზე შეთანხმება “ქართული ოცნებისთვის” იოლი არ იქნება. მეტიც – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დიდი ამბიციების მქონე დაბალრეიტინგიან კოლეგებს კოალიციის დატოვებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისკენ მოუწოდა.

———

ფრაქცია “ქართული ოცნე­ბის” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი კოალიციაში დაპირისპირებას გამორიცხავს, თუმცა,­ დასძენს, რომ წინასაარჩევნოდ კვოტები თანაბრად ვერ განაწილდება. „სისულელეა კოალიციაში დაპირისპირებაზე საუბარი. თამაზ მეჭიაურს კონკრეტული პარტიები არ დაუსახელებია და მხოლოდ ის განაცხადა, კოალიცია საარჩევნო შემადგენლობას იმ პერიოდისთვის პარტიების რეიტინგის მიხედვით გადაწყვეტსო“, – ამბობს გია ვოსლკი.

- ვინ უნდა შეაფასოს პარტიების პოლიტიკური რეიტინგი არჩევნებამდე და ნიშნავს თუ არა თქვენი განცხადება, რომ პარტიებს კვოტები თანაბრად არ გაუნაწილდება?

- პარტიული რეიტინგით უნდა განისაზღვროს თითოეული ადამიანის რაოდენობა. კვოტები თანაბრად ვერ განაწილდება, ასე არც წინა არჩევნებზე მომხდარა. ვინ რა რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება.

———–

“რესპუბლიკური პარტი­ის” ლი­დერის, დავით ბერძ­ენი­შვილის­ განცხადებით, პარტია ამ ეტაპზე­ კოალიციის რიგითი წევრების განცხადებებს მნიშვნელობას არ ანიჭებს:
- კოალიციაში საარჩევნო სიებზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა და ამიტომ კოლეგებთან ჯერჯერობით არც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და არც – დამტკბარი. უნდა გაირკვეს სხვადასხვა პარტიის წილი, ვინ სად იქნება კანდიდატი… თუმცა, ამ საკითხებზე მმართველ ორგანოში, პოლიტსაბჭოში ვიმსჯელებთ.

- პარტიაქართული ოცნებისწევრი დაუფარავად აცხადებს, რომ დაბალრეიტინგულ პოლიტიკურ ძალებს­ დიდი ამბიციების შემთხვევაში პარტიის დატოვება მოუწევთ. ამ ჩამონათვალშირესპუბლიკელებიციგულისხმებიან?

- ვინც პოლი­ტსაბჭოს წევრი არ გახლავთ, მისი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. “რესპუბ­ლიკელები”­ მშვიდად ვართ და ასეთ განცხ­ადებებს კორექტულად ვპას­უხობთ.
კოალიციაში ურთიერთობის ფორ­მებზე უფლებამოსილი პირების კვალიფიციურ მსჯელობას ველოდებით. “რესპუბლიკური პარტია” გამ­ოცდილი პოლიტიკური სუბიექტია და საკანონმდებლო თუ აღმას­რულებელ ხელისუფლებაშიც მეორე პოლიტიკური ძალაა. კონკრეტული პირები ვერც მარჯვნიდან და ვერც მარცხნიდან შემოტევით პროვოკაციებზე ჩვენს წამოკიდებას ვერასოდეს ახერხებენ. ბუნებრივია, პარტიის შიგნით სიებზე მუშაობა უკვე დავიწყეთ.

———-

საარჩევნო სიებზე დაწყებული­ აჟიოტაჟის შემდეგ სამწლიან დუმილს “ეროვნული ფორუმიც” არღ­ვევს. პირველი კრიტიკული განცხადება პარტიის ერთ-ერთმა­ ლიდერმა სოსო ვახტანგიშვილმა­ “გაზპრომთან” დაკავშირებით გააკეთა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას არგუმენტებს დაეთანხმა­ და დასძინა, რომ წინასაარჩევნოდ კოალიცია ახალ მიზნებზე უნდა შეთანხმდეს: „გაზპრომთან” დაკავშირებით ლადო პაპავას არგუმენტები ჩემთვის მისაღებია. ვფიქრობ, სტრატეგიული გაზსადენის გასხვისებაზე ლაპარაკი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება“, – ამბობს სოსო ვახტანგიშვილი.

- “ეროვნული ფორუმისწევრები სამი წელია, პოლიტიკურ პროცესებს არ ეხმაურებით. გააქტიურება საარჩევნო სიებზე დაწყებულ აჟიოტაჟს ხომ არ უკავშირდება?

- ნუ ვიჩქარებთ. კოალიციაში­ ამ საკითხზე საუ­ბარი აუცილებლად მოგვიწევს. თავის დროზე კოალიცია “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გაერთიანდა, მიზანი მათი დამარცხება იყო, რასაც მივაღწიეთ კიდეც.

- მიანიშნებთ, რომ ამ ეტაპზე კოალიციასთან გაერთიანების მიზეზი არ არსებობს და ის უნდა დაიშალოს?

- უნდა გავარკვიოთ, საით მივდივართ და რა გვინდა. გამო­რიცხული არაფერია, არც – კოალიციის დაშლა, მაგრამ ჯერ ვერც ვერაფერს დავადასტურებ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რაზე შევთანხმდებით.

- კვოტების თანაბრად განაწილებას ითხოვთ?

- არა მგონია, ეს გამართლებული იყოს. თუმცა, კოალიციაში ყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ 6-7 დეპუტატი გავიყვანოთ, არასწორია.

————

კვოტების განაწილებაზე საუ­ბარს ნაადრევად მიიჩნევს პარტია “კონსერვატორების” ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძე. როგორც მან განაცხადა, „საარჩევნო კვოტებსა თუ სიებზე შეთანხმებაში არ ვმონაწილეობ და არც მაინტერესებს“.

- კოალიციის წევრს რატომ არ აინტერესებს ეს საკითხი?

- ვიღაცებს არ ვგავარ, პარლამენტში შესვლისთვის თავს რომ იკლავენ. ვინც კვოტებსა და კოალიციის შეუთანხმებლობაზე საუბარი და­იწყეს, ნაადრევად ახმაურდნენ და ვურჩევ, დაწყნარდნენ. მე თუ მეტყვიან, რომ საჭირო ვარ, მადლობას გადავ­უხდი, მაგრამ გინდა თუ არა, სიაში შემიყვანეთ-მეთქი, არ მოვითხოვ.

- რომელი პოლიტიკური ძალა საუბრობს კვოტებზე ნაჩქარევად?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით. ზოგადად ვამბობ. “კონსერვატორებს” მსგავსი პრეტენზიები არასოდეს გვქონია.

————

ზურაბ ტყემალაძე, “მრეწველებისლიდერი:

- კოალიციის საარჩევნო სიაზე საუბარი ნაადრევია. ეს მხოლოდ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. ამ საკითხზე პარტიაში უკვე ვმუშაობთ. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, ეს იოლი პროცესი არ იქნება.

„კვირის ქრონიკა“, 18 იანვარი, 2016 წელი

სანამ ასეთი პოლიტიკოსები იარსებებენ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში, რომლებიც  მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ, არაფერი გვეშველება!

„ეროვნული ფორუმი“ შეტევაზე გადადის და ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმს უყენებს!

ნინო სამხარაძე

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ სუბიექტებს მალე პოლიტიკური კრიზისი დაუდგებათ. ის დროა, კოალიციის წევრებმა ჯანსუღ კახიძის მშვენიერი სიმღერა შეასრულონ – „მოვა მაისი, შენ კი აღარ დამელოდები და მე არ ვიცი, რა მეშველება, // შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია, შენი ქება ზღაპრად გამიგონია, // ვერც გაზაფხული ვეღარ მიშველის, ვარდობისთვეს ლხინის ნაცვლად ამ გულს გამოცლილს შენზე უძირო სევდით ამივსებს….“.

ჩვენი ინფორმაციით, სწორედ მაისში, ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, დატოვოს ამ შემადგენლობით კოალიცია თუ „ქართული ოცნება“ ცალკე გამოვიდეს არჩევნებზე და ის პარტიები, ვინც ბარიერს გადალახავს, კოალიციურ ფორმატში შეკრას, ესეც იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ეს დასჭირდება. ასე რომ, ვარდობის თვე ლხინის ნაცვლად „რესპუბლიკელების“, „ფორუმელების“, „მრეწველების“ გულს უძირო სევდით აავსებს ბიძინა და ვეღარ მიუმღერებენ „შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია, შენი ქება ზღაპრად გამიგონია…“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ შეტევაზე გადადის, მეჭიაურის შემდეგ ფორმულა – „მინუს ყველას“ და საარჩევნო მარათონზე მხოლოდ „ქართული ოცნებას“ ახმოვანებს სოსო ჯაჭვლიანი და ფრაქციის თითქმის ყველა წევრი, ღიად თუ კულუარებში, ამაზე საუბრობს. „რესპუბლიკელების“ შემდეგ განგაშის ზარი „ფორუმელებმა“ შემოსცხეს, მათ მხოლოდ სამი წლის თავზე გამოიღვიძეს. გუბაზ სანიკიძე, რომელიც პარლამენტში ამ ხნის განმავლობაში ენაგადაყლაპულივით იჯდა და ვერც მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩაძინებული გუბაზის აფრიალებულმა ფოტომ გამოაფხიზლა, მხოლოდ 2015 წლის დეკემბრის მიწურულს გამოფხიზლდა და პარლამენტში მუშტები აბრახუნა: „ლევან მურუსიძის ვირუსი ძალიან სახიფათოა, არ ვიცი, ახლა მოელვარე იურისტები ამ დარბაზშიც არიან და ამ დარბაზის მიღმაც, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა ვუყოთ სასამართლოს ხელისუფლებას…“.

„ეროვნულ ფორუმს“, რომელიც ტრადიციების მიმდევარია, ხმა არ ამოუღია ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, არადა გუბაზ სანიკიძესთან ჰომოსექსუალებზე ანეკდოტი რომ მოგეყოლა, პანჩურებით გამოგისროდა. არც ერთი აქტივობა, არც ერთი კანონპროექტი, რომელიც ხალხისთვის მისაღები და გასაგებია, არც ერთი პოლიტიკური განცხადება, „ფორუმის“ ანგარიშში არ არის. სანიკიძის დეკემბრის გამოსვლა კი მხოლოდ პოლიტიკური პარტიის გადარჩენისთვის გაკეთებულია და არა იმისთვის, რომ „ფორუმი“ ხალხზე ფიქრობს. ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ასეთი სუსტი აღმოჩნდებოდა „ფორუმი“ პარლამენტში და გუბაზ სანიკიძე სამი წლის განმავლობაში ასე ურცხვად დაემალებოდა ჩვენს გაზეთს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა „ეროვნული ფორუმის“, როგორც სოლიდური პოლიტიკური ძალის, წარმოჩენაში. ალბათ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გუბაზ სანიკიძეც გამოფხიზლდება და თავად გადაწყვეტს, რა ფორმატში ითანამშრომლოს თუნდაც ჩვენს გაზეთთან.

საქმე ის გახლავთ, რომ „ეროვნული ფორუმი“ შეტევაზე გადადის და აპირებს, ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმის ენაზე ელაპარაკოს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებას ემსახურებოდა, ასე მიიჩნევს „ფორუმი“ და მაშინ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რაც ჰარმონიულ თანამშრომლობას ითვალისწინებდა, ამ ფორმატში აღარ გაგრძელდება. „ფორუმი“ დღეს უკვე აპირებს, კონკრეტული კვოტები მოითხოვოს და თუკი მათი სურვილი არ დაკმაყოფილდება, ოთხი-ხუთი კაცის პარლამენტში შეყვანის გამო არ აპირებენ „ოცნებასთან“ კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობას.

ჩემი მხრიდან კი გეტყოდით: თუ მაგარი გოგო-ბიჭები ხართ, დღესვე დატოვეთ კოალიცია, მოემზადეთ არჩევნებისთვის და დაამტკიცეთ, რომ ბიძინას გარეშე ხართ მაგრები, მაგრამ „რესპუბლიკელები“, „ფორუმელები“, „მრეწველები“ და „კონსერვატორები“, „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა სუბიექტი, ერთი ძალიან დიდი პოლიტიკური ნაგავი ხართ, თქვენთვის მორალი ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც მარსზე ახალი სიცოცხლე… და როცა სვამთ კითხვას – რა გვეშველება? მე გიპასუხებთ – სანამ ასეთი პოლიტიკოსები იარსებებენ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, მილიონების შოვნაზე ფიქრობენ, არაფერი გვეშველება.

საარჩევნო სიებზე დაწყებული სკანდალი ისევ ბიძინა ივანიშვილმა ჩააწყნარა, როცა ძველით ახალი წელი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საგურამოში გურამიშვილ-ჭავჭავაძის მარანში აღნიშნა. ამ შეხვედრაზე არ იყო ვიცე-პრემიერი და 2012 წლის საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახი კალაძე, რაც თითოეული დეპუტატის თვალსაწიერს არ გამოჰპარვია. წინა წლისგან განსხვავებით, ამ შეხვედრას ასევე არ ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თუმცა ამას აქვს ახსნა, რომ ეს იყო მხოლოდ ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა და არა კოალიციის სხვა სუბიექტებთან… როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში, პოლიტიკური თვალსაზრისით ნამდვილად საინტერესო პროცესები დაიწყება…

„კვირის ქრონიკა“, 18 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „თავად ივანიშვილის ოჯახსაც აღარ მოსწონს კალაძე, განსაკუთრებით მის შვილებს!“

ნინო სამხარაძე

კვირის მნიშვნელოვან საკითხებზე „ქრონიკის“ კითხვებს იურისტი ვალერი გელბახიანი პასუხობს:

- თქვენი აზრით, რატომ არ ესწრებოდა კახი კალაძე საახალწლო სუფრას, ამან ძალიან ბევრი ეჭვი და კითხვა გააჩინა, რადგან არის მოსაზრება, რომ ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ კალაძეა მიზანში ამოღებული. „გაზპრომის“ ყბადაღებული თემა კი წითელ ხაზებს ავლებს „ქართულ ოცნებას“, „რესპუბლიკელებსა“ და „ფორუმს“ შორის, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ სტრატეგიული გაზსადენის გასხვისებაზე ლაპარაკი, საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება…

- ჯერ ერთი, ეს იყო საახალწლო შეხვედრა, პარტიული გუნდი შეიკრიბა და არა კოალიციური. თუ უსუფაშვილი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ შეხვედრაზე მოვიდოდა, მას ჰყავს მოადგილეები – ძიძიგური და სანიკიძე, ასეთ შემთხვევაში ისინიც უნდა ყოფილიყვნენ. ეს შეხვედრა გახლდათ დემონსტრირება იმ მითქმა-მოთქმების შემდეგ, რომ არიან ერთიანი. სხვათა შორის, მომეწონა ივანიშვილის ეს ქმედება, იმისთვის, რომ შიგნით ერთიანობა შეინარჩუნოს, სწორი გზით მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს სახელმწიფო სტატუსი არ გააჩნია, მას ძალიან დიდი გავლენა აქვს გუნდზე, ამ შეხვედრაზე მიიწვია ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, საკუთარ გუნდსა და საზოგადოებასაც აჩვენა, რომ მათშორის გაუგებრობა არ არსებობს და ისინი ერთი გუნდის წევრები არიან. ივანიშვილმა თავის თანაგუნდელებს მიმართა, რომ არავინ დაიჩაგრება, ყველა პოლიტიკური პროცესი მოითხოვს განახლებას. ბუნებრივია, ცვლილებები იქნება საპარლამენტო სიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, ვინც სიაში ვერ მოხვდება, ყურადღების მიღმა დარჩება და ხელისუფლებიდან წავა. ყველა სათანადო ადგილს მიიღებს. სიების გამო ატეხილი სკანდალი ივანიშვილმა ამით ჩააცხრო და ასე ვთქვათ, თავისი გუნდი დაამშვიდა.

არადა, მათ ძალიან ბევრი პრეტენზია ჰქონდათ, ეს შეიმჩნეოდა პარლამენტის სხდომებზე… ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები განსაკუთრებულად აგრესიულები იყვნენ „რესპუბლიკელების“ მიმართ საკუთარ გამოსვლებში, ახდენდნენ დემონსტრირებას, რომ „ქართული ოცნება“ რჩება წამყვან პოლიტიკურ ძალად და ვერავინ, ვერც „რესპუბლიკელები“ და ვერც სხვა სუბიექტები ვერ შეარყევენ მათ პოზიციას. ეს შეხვედრა, ბუნებრივია, დადასტურება იყო კვლავ იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ცენტრალური ფიგურა, ხელისუფლებაში ის არის ყველაზე გავლენიანი. და მას აქვს უფლება დირექტივების გაცემისა, მაგრამ ჩვენთან დემოკრატია კლასიკურ ფორმაში შესული არ არის, რასაც კონტროლი სჭირდება. არსებობს სახელმწიფო კონტროლის სხვადასხვა მექანიზმი, როცა ერთკოალიციიანი პარლამენტია, ამ შემთხვევაში ის კარგავს კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და მოშლილია კონსტიტუციური მართვა. მაგალითად, თურქეთში სამხედრო საბჭოს ჰქონდა მინიჭებული უფლება, რომ, თუკი მთავრობა კონსტიტუციურ გზას გადაუხვევდა, საბჭოს უფლება ჰქონდა, პრეზიდენტიც მოეხსნა და პრემიერიც. ამ შემთხვევაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არ არის ხელისუფლებაში და მაინც მართავს ქვეყანას, რაც დემოკრატიისთვის, ცოტა არ იყოს, უხერხული ფორმაა, რაც არანაირ სტანდარტში არ ჯდება, ამ მხრივ, პრეტენზიები ივანიშვილის მიმართ მომდინარეობს ქვეყნის შიგნით როგორც პოლიტიკური ძალებისგან, ასევე საერთაშორისო და დიპლომატიური წრეებიდან. კონტროლი ივანიშვილის მხრიდან მთავრობაზე უნდა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ უნდა მოიძებნოს კონტროლის ფორმა და თუკი ივანიშვილი შექმნის ლეგიტიმურ ორგანოს საზოგადოებრივი დატვირთვით, რომელსაც გავლენა ექნება კონსტიტუციურ საქმიანობაზე, მაშინ კონტროლის ეს ფორმა ჩაჯდება კანონიერების ფარგლებში და საჭიროც არის ასეთი ტიპის ქვეყნებისთვის, რომლებიც გარდამავალ ფაზაში იმყოფებიან. რაც შეეხება კახი კალაძის საახალწლო სუფრაზე არყოფნას, მე არ მაქვს ინფორმაცია, რა მიზეზით არ იყო იგი…

მაქვს ინფორმაცია, რომ უკმაყოფილო ამ პერსონის მიმართ ბევრია, მაგრამ ჯერჯერობით ეს განხეთქილების ფაზაში არ არის გადასული, განხეთქილება კი „გაზპრომთან“ დაკავშირებულმა საკითხმა წარმოშვა. „რესპუბლიკური“ პარტია ღიად თანამშრომლობს დასავლეთთან და პრინციპში, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „გაზპრომის“ თემა არის მიუღებელი მოდელი, ამიტომაც „რესპუბლიკელებს“ აქვს შეკითხვები მთავრობის იმ წევრების მიმართ, ვინც კულისებს მიღმა საუბრებში მონაწილეობენ. საუბარია, რომ „გაზპრომმა“ ჩაანაცვლოს „სოკარი“, „სოკართან“ რთულდება ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში გაუფასურდა ენერგომატარებლებზე მანათის ფასი, რამაც ეროვნული ვალუტის კურსი საშინელ კატასტროფამდე მიიყვანა, ამიტომაც შექმნილი ვითარებით სარგებლობს ხელისუფლების ის ნაწილი, ვინც რუსეთთან „გაზპრომის“ თაობაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობს, ბუნებრივია, კოალიციის სუბიექტებს – „რესპუბლიკელებს“ და „ფორუმელებს“ არა მარტო კითხვები ექნებათ, შეიძლება დაპირისპირებაც გამოიწვიოს, თუ „გაზპრომის“ თემა სერიოზულად გახდება საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგოდერეფნის ნაწილი, „გაზპრომი“ მარტო ქართული ბაზრით არ არის დაინტერესებული, მას უნდა ამ სქემიდან აზერბაიჯანის ამოგდება და ასევე, სურს, სომხეთისთვის გახსნას ფართო დერეფანი, ამიტომ „გაზპრომი“ მხოლოდ „გაზპრომი“ არ არის და ეს საკითხი დაკავშირებული იქნება აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან, შავი ზღვის ზოლის გამოყენებასთან და ა.შ. ანუ „გაზპრომთან“ მიბმულია ძალიან ბევრი საკითხი როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. ამიტომ „რესპუბლიკელების“ შიდა გარჩევები გასაკვირი არ არის, თუმცა ეს გარჩევები ჯერ საჯარო არ გამხდარა, მაგრამ, თუ გაგრძელდება „გაზპრომთან“ სერიოზული საუბრები, გარწმუნებთ, რომ „რესპუბლიკელები“ თვითონ გახდებიან ინიციატორები, შეეწინააღმდეგონ ასეთ პროექტს…

- თუმცა საკუთარი ინიციატივით კოალიციიდან გასვლას არც „რესპუბლიკელები“ და არც „ფორუმელები“ არ აპირებენ, მათი პოზიცია ასეთია – გვითხრან და გავალთო. „ფორუმი“ აპირებს სერიოზული მოთხოვნები წაუყენოს „ქართულ ოცნებას“ და გაზარდოს გავლენები…

- ამ წუთას მიჭირს იმის თქმა, რამდენად აქვს „ფორუმს“ რესურსი, რადგან ამ პოლიტიკურმა ძალამ სიჩუმეში გალია წლები, საერთოდ არც კი იგრძნობოდა მათი პარლამენტში ყოფნა, პოლიტიკურ ამინდს ისინი ვერ ქმნიდნენ ვერც ერთ გადაწყვეტილებაში, როცა ყველაზე არასახარბიელო კანონი – ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო პარლამენტმა, სადაც საუბარი იყო სექსუალური ურთიერთობების გათანასწორებაზე, მაშინ ეს ტრადიციული „ფორუმი“ გაჩუმდა, ხმაც არ ამოუღია, რადგან ისინი კომფორტულ გარემოში გრძნობდნენ თავს, თუმცა მათი ღირებულებებიდან გამომდინარე, საკუთარი პოზიცია მაინც უნდა დაეფიქსირებინათ და რაც მაშინ სიჩუმით გააკეთეს, აუცილებლად შეახსენებენ „ფორუმს“ სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ ტრადიციული ღირებულებების მატარებელი პარტიისთვის შეუნდობელია ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ ხმის მიცემა. მე მოვისმინე გუბაზ სანიკიძის გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, მისი გამოსვლა არა მხოლოდ კრიტიკული იყო, არამედ იყო განაცხადი, რომ მათ აქვთ პოლიტიკური პრეტენზიები. მოკლედ, სანიკიძის სადეკემბრო გამოსვლა პარლამენტში იყო ულტიმატუმი „ოცნების“ მიმართ, ამ სასტარტო გამოსვლას გაგრძელება ექნება და შემთხვევითი არ არის, რომ „ფორუმმა“ პოზიციების დაფიქსირება უკვე დაიწყო… და თუკი ვინმე ელოდება, კოალიციაში პოლიტიკურ სუბიექტებს ეტყვიან, – ახლა წაბრძანდითო, ასე არ მოხდება, ეს თავად კოალიციური სუბიექტების გადასაწყვეტია და ასეთ შემთხვევაში რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს „ფორუმმა“, მათ ჩემი შეხსენება არ სჭირდებათ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ საბოლოოდ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ცალკე გამოვა, რადგან პროცესების დინამიკა ამ ლოგიკას გვკარნახობს?

- ივანიშვილის ის განცხადება, რომ ღარიბაშვილს შეუძლია, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შექმნას, სწორედ მაგას ემსახურება. თუ ღარიბაშვილი შექმნის პარტიას, მაგალითად, კახეთში აიღებს სერიოზულ ხმებს, ბარიერის გადალახვის შემდეგ შეუერთდება „ქართულ ოცნებას“, ეს არის ცნობილი პოლიტიკური სქემა და არა მგონია, აქ რაღაც უცნაური გარიგება დავინახოთ, თუმცა გარწმუნებთ, რომ, თუ ღარიბაშვილი პარტიას გააკეთებს, ხმებს ისევ „ოცნებას“ წაართმევს და არა სხვებს, ამით „ოცნებას“ არაფერი მოემატება, თუ არ დააკლდება… რამდენად გამართლებული იქნება ეს პოლიტიკური ტექნოლოგია, ამას თქვენ ნახავთ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ივანიშვილი ახალი კოალიციის გამკეთებელი არ არის… ყველა დათვლით ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ახალ კოალიციას არ გააკეთებს და ერთადერთი, ვინც შეეცდება, ჩარჩეს კოალიციაში, ეს იქნება ზვიად ძიძიგური, ხოლო სხვა დანარჩენებს მოუწევთ ცალ-ცალკე გასვლა არჩევნებზე, ან ახალი კოალიციის გაკეთება. „ქართულ ოცნებაში“ ერთ დეპუტატს ვერ ნახავთ, რომ მათ უნდათ, კოალიციაში ჰყავდეთ – „რესპუბლიკელები“, ან „ფორუმელები“… ისინი ამბობენ, რომ ხმები არის ივანიშვილის და არა, მათი მოტანილი. ივანიშვილი კი არის პარტია „ქართული ოცნების“ ძალა. რა საჭიროა დამატებითი ზედმეტი ტვირთები ვათრიოთ და შემდეგ, მათ პრეტენზიები წამოგვიყენონ. კოალიციის ყველა სუბიექტი ცალ-ცალკე გავიდეს არჩევნებზე კულისებში არის საუბარი, მაგრამ პირადად ბიძინა ივანიშვილთან არ ყოფილა საუბარი და არც იქნება, რადგან თავად ივანიშვილს არ სურს არჩევნებამდე შიდაკოალიციური არეულობა და განხეთქილება. ამ ეტაპზე „რესპუბლიკელების“ გასვლაც კი სერიოზულ ცვლილებებს იწვევს საპარლამენტო კონფიგურაციასა და მთავრობაში. მე ვპროგნოზირებ, რომ მაისამდე არაფერი იქნება, კოალიციის სუბიექტებისთვის კი არასასიამოვნო პროცესი მაისის შემდეგ დაიწყება.

- შინაგან საქმეთა სამინისტროში მოულოდნელად დაიწყო საკადრო წმენდა, ასევე, მოულოდნელად დასახელდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მოსახსნელ მინისტრთა სიაში. რას უკავშირებთ ამ პროცესს?

- საარჩევნო წელია, შესაბამისად, გაორებულ და საეჭვო ადამიანებს, ვისაც საკვანძო თანამდებობები უკავიათ, მოიხსნებიან. შსს-ში მათ ამ თანამდებობებს პოლიტიკური დატვირთვა უნდა ჰქონდეთ არჩევნების პროცესში. შსს-ში თუ ასეთი ცვლილებები არ იქნება, შეიძლება ვითარება უკონტროლო გახდეს. პოლიცია ყოველთვის იყო და იქნება ბერკეტი, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს. არ გამოვრიცხავ მღებრიშვილის შეცვლასაც, რომ შს მინისტრის პოსტი დატოვოს. თუ ღარიბაშვილი ცალკე პარტიას გააკეთებს, მაშინ კი თავს დავდებ, რომ მღებრიშვილი პოსტზე ვეღარ დარჩება, რადგან ის ითვლება ღარიბაშვილის პირად კადრად. რადგან ივანიშვილმა დააანონსა, – ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია პოლიტიკური პარტია გააკეთოსო, მე მგონია, რომ გააკეთებს. თუმცა ბატონ ირაკლის გაუჭირდება ახსნას, რატომ წავიდა ხელისუფლებიდან, თუკი ისევ ხელისუფლებაში უნდა მოსვლა.

- დაბოლოს, კახი კალაძის თემას მაინც ვერ ავცდებით. არის ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ პრემიერმინისტრობა კახი კალაძეს სურდა, თუმცა მის ამბიციას ივანიშვილმა უთხრა – არა!.. კალაძეს გუნდშივე საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავს, რადგან იგი ყალიბდება დაუნდობელ პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც შესაძლოა, ივანიშვილს ძალიან ძვირად დაუჯდეს…

- კახი კალაძეზე არ მინდა საუბარი, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, – ის არ არის პარტიულ გუნდში, ივანიშვილის გარემოცვაში არის აზრი, რომ კალაძე უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი და შესაძლოა, ამიტომ ბევრი ინტრიგა წარმოიშვას კალაძის წინააღმდეგ. არსებობს ვერსია, მოქმედი ადამიანები, ვინც კი ივანიშვილის გარემოცვას წარმოადგენენ, მუშაობენ კალაძის გაპრემიერებაზე. რამდენად მოხდება ეს ამბავი, ვერ გეტყვით, რადგან მეორე ბანაკში მას ჰყავს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე და თავად ივანიშვილის ოჯახსაც, მგონი, კალაძე აღარ მოსწონს, განსაკუთრებით შვილებს. დღეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბერა ივანიშვილმა სიმღერა „ავტოგოლი“ კალაძეს მიუძღვნა. მათ შორის აღარ არის ის ჯანსაღი ურთიერთობა, რაც ადრე იყო. არადა კალაძე ივანიშვილთან სწორედ მისმა შვილებმა დააახლოვეს. დღეს კი მათ შორის შავმა კატამ გადაირბინა.

„კვირის ქრონიკა“, 18 იანვარი, 2016 წელი

ვის კადრებს დაერივნენ შსს-ში? რომელ მაღალჩინოსან პოლიციელებს გაუშვებენ „პენსიაზე“ და ვის უფრო დააწინაურებენ?

გელა ზედელაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებების, გაშვებისა და გადაადგილებების პროცესი ჯერ კიდევ წინა კვირას დაიწყო. მას შემდეგ, რაც მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამი მოადგილე გამოცვალა, პოლიციის რეგიონული სამმართველოების უფროსებსაც დააწერინა განცხადებები. კულუარული ინფორმაციით, ზოგს საერთოდ გაუშვებენ, ზოგს კი დააწინაურებენ. ავი ენები ამბობენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს ირაკლი ღარიბაშვილის კადრებისთვის ბაზის გამოცლა და მათ ანაცვლებენ პირადად ივანიშვილის კადრებით. როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, იმ სამი ადამიანიდან, რომელიც მღებრიშვილმა თავის მოადგილეებად დანიშნა, ერთ-ერთი, მერაბ მალანია არის ბატონი ბიძინას პირადი დაცვის წევრი. მეორე – დავით ვარდიაშვილი არის ოთარ ფარცხალაძის კადრი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა ფინანსურ პოლიციაში, შემდეგ მუშაობდა ნავთობის კორპორაციაში. მას პოლიციასთან არავითარი საერთო არ აქვს.

ლევან თარხნიშვილი ნამდვილად ფლობს ინფორმაციას, მაგრამ სამთავრობო წრეებში ასე არ ფიქრობენ, ინკოგნიტო წყაროს თქმით: ჯერ ერთი, თავად გიორგი მღებრიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის კადრია, თავის დროზე მან მიიყვანა ციხეების უფროსად, ასევე, მან დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად და მეორეც – იგივე ღარიბაშვილი კადრებს ხშირად ივანიშვილისრჩევით, ან მასთან შეთანხმებით ნიშნავდაო. რაც შეეხება მღებრიშვილის ახლად დანიშნულ მესამე მოადგილეს, ბესიკ ამირანაშვილი ის ბოლო დროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო და მანამდე კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ღარიბაშვილმა დააწინაურა.

როგორც უკვე გითხარით, 16 იანვარს რეგიონული სამმართველოების უფროსებმა განცხადებები დაწერეს: მცხეთა-მთიანეთი – ივანე ზურაბიშვილი, შიდა ქართლი – იაგო საური, ქვემო ქართლი – ლევან კვიციანი, კახეთი – გიორგი ბუბუნაური, სამცხე-ჯავახეთი – თეიმურაზ კალანდაძე, იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი – თეიმურაზ კალანდაძე, გურია – კობა ცერცვაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთი – გურამ ზესაშვილი.

ინკოგნიტო წყაროს მტკიცებით, აქ ხდება ერთგვარი შეჯერება და ირაკლი ღარიბაშვილის კადრების დაწინაურებაც კი: „შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ სულ ირაკლის კადრებია… მაგალითად, ამირანაშვილი კახეთის სამხარეოს უფროსი იყო, ირაკლის დანიშნული. ვარდიაშვილი გიორგი მღებრიშვილის კადრია. უკვე გადაწყდა, რომ თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსად ლევან კვიციანი ინიშნება, ეს ამბავი ჯერ არსად არ გახმაურებულა – ეგ ჭიკაიძის კადრი იყო, მან დააწინაურა. პირიქით, ასე ღარიბაშვილის ხალხი არასოდეს გაძლიერებულა. როგორც კი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროში მივიდა, მაშინვე უნდა გაეტარებინა ცვლილებები, მაგრამ მერე თქვა, ცოტა ხანს მოვიცდი, დავაკვირდებიო. ჩემი აზრით, მაგარ ცვლილებებს აკეთებს. თბილისის პოლიციის უფროსი, შალვა ბედოიძე უკვე წავიდა. ჩვენში დარჩეს და მაგისი მოხსნა ყველას გაუხარდა, საიდან მოვიდა და ვინ იყო, კაცმა არ იცის. აი, ეგ არ იყო ირაკლის კადრი, ფარცხალაძის კაცად მოიაზრებოდა“.

რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების უფროსებს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი 15 იანვარს შეხვდა. 14 იანვარს კი, ახალი მოადგილეების წარდგენისას განაცხადა, რომ მალე დაიწყებოდა ძირეული ცვლილებების ახალი ეტაპი: „მე დარწმუნებული ვარ და ღრმად მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა და ჩვენ ვიქნებით წარმატებულები კრიმინალთან ბრძოლაში“.

მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები სხვა მიმართულებითაც არის მოსალოდნელი, მაგრამ საპატრულო პოლიციის მხრივ ჯერ არაფერი იგეგმება. სხვათა შორის, რეგიონული „პოლიცმაისტერების“ გადაყენებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის პოლიციის უფროსად მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნულ ბესიკ ამირანაშვილის თანაკურსელი, გურიის ვიცე-გუბერნატორის, ქეთი მოისწრაფიშვილის მეუღლე, ბესო ბოლქვაძე ინიშნება. პრინციპში, რომ არა თანაკურსელობა, ესენი ისედაც „ნათესავები“ გამოდიან – ორივე ბესიკია. აბა, როგორ გინდათ, ხალხო, ვისაც დააწინაურებენ, იმან თავისი კურსელ-კლასელები და დეიდაშვილ-მამიდაშვილები უნდა დანიშნოს, აბა, თქვენს ახლობლებს ხომ არ დანიშნავს?

როგორც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, ბესიკ ამირანაშვილს აჭარაში არც არაფერი დაუშავებია, არც არაფერი გაუკეთებია, იქაურებს თავი მხოლოდ იმით დაამახსოვრა, რომ როდესაც თანამდებობაზე დანიშნეს, თბილისიდან 14 კაცი ჩაიყვანა და ყველა რაიონში ისინი გაამწესა „პოლიცმაისტერებად“. ამ ქვეყანაში წესია ეგეთი, ადათია, თუ მაღალჩინოსნები ასე არ მოიქცევიან, ახლობლობაში სახელი გაუფუჭდებათ, ცოტა ხანში თანამდებობებზე აღარ იქნებიან და მერე ყველა წამოაძახებს: ჰააა… შენ ის არ ხარ, მაღალ თანამდებობაზე რომ წამოგსვეს და ყველა დაივიწყეო?! ჰოდა, არ გამოდის სხვანაირად. ჩვენ კიდევ ვსხედვართ და მერე თვეების განმავლობაში ვმარჩიელობთ, ვინ ვისი კადრია, ვინ რას წარმოადგენს, ვინ საიდან მოხვდა თანამდებობაზე და ვის რა ინტერესები აქვსო? გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ესენი არიან ერთნი, ანუ მეგობრები და კურსელები, ნათესავები და ოჯახის წევრები, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, 2012 წლამდე ვინ სად იყო, მიშას ემსახურებოდა თუ გრიშას, ყველა მათგანის ბიოგრაფია ძალოვან უწყებებში იწყება 2003-2005 წლებიდან და არც იმ პერიოდში გრძნობდნენ თავს ცუდად. ჰოდა, ჩვენი მოსახლეობა, ანუ თქვენ იმისთვის იბრძოდით და იმისთვის გირტყამდნენ მიტინგებზე „დუბინკებს“, რომ ისევ ესენი ყოფილიყვნენ კარგად.

აბა, როგორ, ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი მოსულა?! მაგალითად, ავიღოთ შალვა ბედოიძის ბიოგრაფია, რომლის გადადგომაც ჯერ არ არის გახმაურებული: 2006-2007 წლებში იყო გლდანი-ნაძალადევის კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი, შემდეგ უფროსი გამომძიებელი. 2008 წელს გადაიყვანეს ფინანსთა სამინისტროში, 2012 წელს – ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2013 წელს უცებ გახდა ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსი, იმავე წელს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი, იმავე წელს – თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, იმავე წელს – უფროსი. ხედავთ, რა თავბრუდამხვევი კარიერაა? 2013 წელს საქართველოში „ავრორა“ მარტო ამ ადამიანისთვის ისროდა. მერე იტყვიან, საიდან მოვიდა, ვისი კაცია, ვინ დააწინაურა, არავინ იცისო. ზესტაფონის უბნის ინსპექტორი უცებ თბილისის მთავარი პოლიციელი გახდა, მეტი რაღა გინდათ?!

ახლა ვნახოთ, რა ბიოგრაფია აქვს ბედოიძის მომავალ შემცვლელს:

1999 წელს დაამთავრა პოლიციის აკადემია. 2001 წელს მთაწმინდაკრწანისის პოლიციაში იყო სტუდენტ-ახალგაზრდობას შორის სამართალდარღვევათა პროფილაქტიკური ქვეგანყოფილების ინსპექტორი. შემდეგ ამავე რაიონის კრიმინალური პოლიციის ინსპექტორი. ავტოტრანსპორტის საშუალების გატაცების ქვეგანყოფილების ინსპექტორი. 2003 წლიდან ისანი-სამგორის პირველი განყოფილების ინსპექტორი. შემდეგ არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის უფროსი ინსპექტორი. 2006 წლიდან – ისანი-სამგორის კრიმინალური პოლიციის უფროსი გამომძიებელი. 2007 წლიდან – შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს გამოძალვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე, სამძებრო სამმართველოს გამოძალვის განყოფილების უფროსის მოადგილე. 2008 წლიდან გლდანინაძალადევის პოლიციის მე-8 განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდეგ დეტექტივების განყოფილების უფროსი, პოლიციის უფროსის მოადგილე. ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსი. ვაკესაბურთალოს სამმართველოს უფროსი. 2013 წლიდან – ვაკესაბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილე და აქედან გაამწესეს ქვემო ქართლში.

როდესაც ამ ბიოგრაფიებს ვკითხულობთ და ვსწავლობთ, ჩვენ ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი ხელისუფლება ან კადრების გადახალისებას ცდილობს, ან კიდევ ახალ კადრებს ეძებს სანთლით – ყველა ერთ „კრუგზე“ ტრიალებს, ზოგი ადრე იყო მაღალ თანამდებობაზე, მერე რეგიონში გაუშვეს და ახლა ისევ დააბრუნეს, ზოგს ისეთი მფარველი გამოუჩნდა, ძვრა ვერ უყვეს, ზოგიც ცოტა დაბალ თანამდებობაზე იყო და ახლა აწინაურებენ. საბოლოო ჯამში, ყველას გავლილი აქვს მიშას „სკოლა“, რომელიც ნამდვილად იყო მონათმფლობელური. ჰოდა, ყოფილი მონების აშენებული დემოკრატია და დამყარებული წესრიგი არ გაიშვა არსად.

რეზონანსი“, 18 იანვარი, 2016 წელი

საქართველოს მოსახლეობის 7.45 შიმშილობს

ქართველი სპეციალისტები საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნას ნაწილობრივ ეთანხმებიან

ლიკა გურაბანიძე

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი შიმშილობს. ამის შესახებ საუბარია სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა.

კვლევა 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ინსტიტუტმა ასევე დაადგინა ე.წ. შიმშილობის ინდექსი სხვადასხვა ქვეყნისათვის და შესაბამისი სიაც შეადგინა.

განვითარებული ქვეყნების უმეტესობა ამ სიის მიღმა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ პრაქტიკულად არავინ შიმშილობს. რაც შეეხება საქართველოს, კვლევის ავტორთა ანგარიშით, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7.4% შიმშილობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, აზერბაიჯანში მოსახლეობის მხოლოდ 1.7% შიმშილობს, სომხეთში – 5.8%, თურქეთში – 0.2% და რუსეთში – 0.7%.

ყველაზე სავალალო მდგომარეობა ჰაიტიზეა, სადაც მოსახლეობის 53.4% შიმშილობს, შემდეგ მოდიან ზამბია – 47.8%, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 47.7%, ნამიბია – 42.3%, ჩრდილოეთ კორეა – 41.6% და ჩადი – 33.4%.

აღსანიშნავია, რომ სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტს “შიმშილობის ინდექსი” კიდევ რამდენჯერმე აქვს გამოქვეყნებული – 1995, 2000 და 2005 წლებში. საქართველოში კი, მათი დასკვნით, ასეთი მდგომარეობა იყო: 1995 წელს საქართველოს მოსახლეობის 46.4% შიმშილობდა, 2000 წელს – 14.8%, 2005 წელს კი – 6.3%.

ქართველ სპეციალისტთა შეფასებები კვლევის იმ შედეგთან დაკავშირებით, რომ 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7.4% შიმშილობდა, არაერთგვაროვანია.

სტატისტიკის სპეციალისტის ნოდარ კაპანაძის განმარტებით, ეს რეალური მაჩვენებელია.

“7,4% – ეს მაჩვენებელი მაღალია, თუმცა მასზე დაყრდნობა შეიძლება. ეს მონაცემი რეალობასთან ახლოსაა, რადგან არსებულ მონაცემში ადამიანი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო მოხვდეს. მაგალითად, საკვები ენერგიის ნაკლებობა და დიეტა.

“თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შიმშილობის ზღვარზე არიან მისული, ანუ ისეთი ადამიანები რომლებსაც საარსებო მინიმუმი არ გააჩნიათ. ასეთი კი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 7-10%-ია.

“არ მგონია, ამ პროცენტულ მაჩვენებელში შიმშილისგან სიკვდილის პირას მისული ადამიანები იგულისხმებოდნენ, რადგან ეს მაჩვენებელი უფრო დიდი იქნებოდა. ხშირად არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა არ იციან, რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღონ იმისთვის, რომ ამ პროცენტულ მაჩვენებელში არ მოხვდნენ”, – განმარტა კაპანაძემ.

ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის განმარტებით, საქართველოში ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებშია ასახული. მისივე ცნობით, საქართველოში 1.2-დან 1.5 მილიონამდე ადამიანს კვებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს.

“მოშიმშილე ადამიანი არის ის, ვინც ყოველდღიურად ფიზიოლოგიურ შიმშილს განიცდის. ადამიანმა რომ შეძლოს არსებობა, ყოველდღიურად მას 2 300 კალორია სჭირდება, თუმცა ეს მინიმუმია, ამაზე ნაკლები უკვე მის სიკვდილს გამოიწვევს.

“უნდა ხდებოდეს საკვების დაბალანსება. მაგალითად, მცენარეული საკვები ცხოველურთან შედარებით ნაკლები უნდა მიიღოს ადამიანმა.

“შიმშილის პრობლემა საქართველოში გაცილებით მეტ ადამიანს აქვს და მათი რაოდენობა 7,4%-ზე მეტია.

“მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა საქართველოში 250 ათასამდეა. 7,4% ფაქტობრივ მდგომარეობას ვერ ასახავს და იგი 30% მაინც უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში მილიონ ორასი ათასიდან მილიონნახევრამდე ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს კვების რაციონთან დაკავშირებით”, – განმარტა “მთელ კვირასთან” საუბრისას არჩვაძემ.

ექიმთა განმარტებით, შიმშილობა ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ყოველდღიურად საკვების სახით იმაზე ნაკლებ კალორიას ღებულობს, ვიდრე მისი ფიზიკური არსებობისათვისაა აუცილებელი. კალორიების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა კი ასაკისა და სქესის მიხედვით სხვადასხვაა: ზრდასრულმა ქალბატონებმა დღის განმავლობაში საშუალოდ 1600-1800 კალორია უნდა მიიღონ, მამაკაცებმა – 2000-2500 კალორია, ხოლო 12-16 წლის მოზარდებმა – ასევე 1600-1800 კალორია.

რეზონანსი“, 18 იანვარი, 2016 წელი

ირანისათვის სანქციების მოხსნა – რუსეთისშავი ორშაბათი

რა ელოდება საქართველოს

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

ისტორიული შეთანხმება მიღწეულია – ირანი ევროპის ბაზარზე ბრუნდება. 4-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სულ მალე, თეირანი ევროპაში ნავთობის გატანას დაიწყებს და ნავთობის ბაზარზე “შავი დღეების” მოლოდინია. პროგნოზები კეთდება, რომ ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის 29 დოლარამდე ჩამოქცეულ ფასებს კიდევ უფრო გაუფასურება ელის და ის შესაძლოა გასული საუკუნის 90-იანი წლების მინიმუმს – 17-18 დოლარსაც კი მიუახლოვდეს.

ექსპერტების მტკიცებით, ევროპულ ბაზარზე ირანული ნავთობის ყველაზე მეტად რუსეთს ეშინია, რადგან ამ სიტუაციაში ნედლეულზე ფასის დაცემას ის ეკონომიკურ კატასტროფამდე მიჰყავს. კრიზისში მყოფი რუსეთი კი მსოფლიოსათვის საშიშად მიიჩნევა.

“საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ნავთობის ფასის ვარდნის გამო რუსეთს დიდი პრობლემები აქვს და ეს არც ჩვენთვის და არც მთელი სამყაროსთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, რადგან, როდესაც იმპერიალიზმისკენ მიდრეკილ ქვეყნებს ეკონომიკური პრობლემები ექმნებათ, ისინი ამ პრობლემების გადაფარვას ყოველთვის აგრესიული ქმედებებით ცდილობენ: “იგივე რუსეთ-თურქეთის ჰიბრიდული ომის ჭრილში რომ შევხედოთ, ჰიბრიდული ომის ძირითადი მიმართულება გახლავთ ინტერესთა კვეთის არეალებში გააქტიურება. რუსეთსა და თურქეთს კი ასეთი ინტერესთა კვეთა საქართველოში და აზერბაიჯანში აქვთ. თუ ეს ესკალაცია გაგრძელდა, მაშინ ორივე მხრიდან ჩვენ გარკეული რისკები გველოდება, ამიტომაც ამ მიმართულებიც ძალიან დიდი ყურადღება გვამართებს”, – ამბობს გია ხუხაშვილი. იგი იმასაც აცხადებს, რომ ნავთობის ფასის მკვეთრად ვარდნა ჩვენთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც შეიძლება არასახარბიელო აღმოჩნდეს და შესაძლოა ლარის კიდევ უფრო გაუფასურება და ამის გამო ფასების მატებაც მივიღოთ.

“ნავთობი ეკონომიკის საბაზისო ელემენტია და როდესაც მისი ფასი მცირდება, ეს გარკვეულწილად მომხმარებლისთვის კარგიცაა, რადგან ზოგადად ფასების კლებას იწვევს. თუმცა, რადგანაც საქართველო ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნის ეკონომიკებზეა მიბმული, ფასების ვარდნა მომხმარებლისთვის კი კარგია, მაგრამ ინფლაციურ დაწოლას მნიშვნელოვნად ზრდის და საბოლოო ჯამში ნავთობის ფასის ვარდნისაგან მიღებული სიკეთე ინფლაციისაგან მომდინარე ნეგატივით იფარება,” – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

(…)

„ოპეკ“-ის ცნობით, მსოფლიოში უკვე არსებობს ძლიერ ჭარბი ნავთობი, რომელიც ამ ეტაპზე საჭიროებას დღეში 1,4 მილიონი ბარელით აღემატება. საბოლოოდ, ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის ეკონომიკას კარგი არაფერი ელოდება.

რუსეთში ბიუჯეტის ნახევრაზე მეტი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შესულ თანხით ივსება, ხოლო 2016 წლის ბიუჯეტი ნავთობის 50-დოლარიან ფასზეა დაგეგმილი. ფასის 20-დოლარამდე დაცემა ისედაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას უკიდურესად მძიმე სიტუაციაში აყენებს.

რუბლის გააუფასურება, გაძვირებული ფასები და გაღარიბებული მოსახლეობა – ეს პრობლემები რუსეთში უკვე არსებობს და ამას ქვეყნის უმაღლესი პირებიც ვერ მალავენ. პენსიონერები პროტესტითაც გამოდიან. რა შეიძლება მოიმოქმედოს სოციალური გამოწვევების პირას მყოფმა რუსეთმა?

გია ხუხაშვილის თქმით, „სამწუხაროდ ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით. ბაზარზე ირანის შემოსვლით ფასები, რა თქმა უნდა, კიდევ დაეცემა, რადგან მოხმარება მცირეა, მოწოდება კი – დიდი. გლობალურ ეკონომიკაში ეკონომიკური ვარდნაა. ძალიან დაძაბული პერიოდი გველის და შესაძლოა ეს ეკონომიკური პრობლემები სამხედრო რისკების ზრდის პირდაპირი საფუძველი გახდეს. ეკონომიკური პრობლემები აქვს რუსეთს და ასევე აზერბაიჯანშიც საკმაოდ რთული ვითარებაა ამ კუთხით. ეს ორი ქვეყანა ჩვენი უმსხვილესი ეკონომიკური პარტნორები არიან. აქიდან გამომდინარე, ლარზე დაწოლა კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა ჩევნთანაც ამ მხრივ არასახარბიელო პროცესი განვითარდეს, ლარის დევალვაცია გაგრძელდეს და არა მხოლოდ დევალვაცია, შესაძლოა უახლოესი თვეების განმავლობაში ინფლაციამ პიკს მიაღწიოს. ასე რომ, ერთის მხრივ ჩვენ შეიძლება გვიხაროდეს, რომ რუსეთს პრობლემები აქვს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ემოციური პოზიტივის გარდა საკმაოდ სერიოზულ შინაარსობრივ რისკებს შეიცავს. როგორც წესი, იმპერიალიზმისკენ მიდრეკილი ქვეყნები როდესაც ხალხს პურს ვერ აძლევენ, სანახაობაზე გადადიან. სანახაობა კი ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ რუსეთი, რომელიც ბოლო პერიოდში ისედაც არ არის მშვიდად, გარე აგრესიას გაააქტიურებს”.

გია ხუხაშვილისვე თქმით, 20 დოლარი 1 ბარელზე – ეს რუსეთისათვის ნავთობის მოპოვების თვითღირებულებაა და თუ ფასები აქამდე დაეცა, ის მოპოვებას შეაჩერებს. იგივე შეიძლება მოხდეს ძირითად მწარმოებელ ქვეყნებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ოპეკმა გააკეთა განცხადება, რომ ის 20 დოლარის შემთხვევაშიც არ შეამცირებს მოპოვებას.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დღევანდელი გადასახედიდან ნავთობის ფასი რა თქმა უნდა დაეცემა, მაგრამ სანამდე წავა ეს ვარდნა და რა იქნება მომავალში, ძნელად პროგნოზირებადია. თუკი პოლიტიკური რისკები გაჩნდა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში საომარი მოქმედებები დაიწყო, გამორიცხული არ არის ფასმა ზრდაც დაიწყოს.

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ თეირანისათვის ასე სწრაფი ტემპით სანქციების მოხსნის მიზეზი ძირითადად რუსეთია და აშშ-ს გეგმაა, რომ ბუნებრივი რესურსები ამ ქვეყნის ვერაგული ქმედებებისთვის მთავარი მასაზრდოებელი არ უნდა იყოს. სოსო ცისკარიშვილს მოლოდინი აქვს, რომ ირანისათვის სანქციების მოხსნა ჩვენი ქვეყნისათვის სასიკეთო გახდება და სანქციებმოხსნილი ირანი საქართველოსთან თანამშრომლობის დიდ ინტერესს გამოიჩენს:

“გაზპრომის” ირგვლივ მიმდინარე ისტერიის ფონზე უპირველესად უნდა დავაზუსტოთ შესაძლებლობები, სურვილები და რეალობა იმისა, თუ რა კონკრეტული სიკეთეების მოტანა შეუძლია საქართველოსთვის ირანისათვის სანქციების მოხსნას. იმედი მაქვს, ამაზე საქართველოში უკვე ნაფიქრია. საქართველოს საელჩო ირანში საკმაოდ წარმატებულია და მასაც შეუძლია ჩვენს ხელისუფლებას სერიოზული დახმარება გაუწიოს. ყველაზე მნიშვნელოვნად უნდა ჩავთვალოთ კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ირანის შემოსვლით უფრო მარტივი იქნება,” – მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგის თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნა და ბაზარზე შემოსვლა სიკეთის მომტანი უნდა იყოს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, როგორც უფრო სანდო პარტნიორთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. თუმცა, იქვე სოსო ცისკარიშვილი აცხადებს იმასაც, რომ სიკეთის მოლოდინთან ერთად ხიფათიც არსებობს და ეს ხიფათი რუსეთიდანაა:

“ბუნებრივი რესურსების გაიაფება რუსეთისათვის ტკივილიანი პროცესია და რა თქმა უნდა, ხიფათს წარმოადგენს რუსეთის გაღარიბება. რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას არ გაუჭირდებოდა იმ მოვლენების პროგნოზირება, რასაც ახლა ვადევნებთ თვალყურს და შესაძლოა სწორედ ამიტომაც დაიწყეს წინსწრებით საომარი აქტიურობა სირიაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ არეალით შემოიფარგლება რუსეთი საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირებისთვის და უმჯობესია დაჭრილ დათვს მაქსიმალურად განვერიდოთ, ვიდრე გავაღიზიანოთ. მხოლოდ ჩვენი გონიერებითა და პროფესიონალიზმით შევძლებთ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები ისე, რომ ჩვენივე გაუწონასწორებელი ნაბიჯების მსხვერპლნი არ გავხდეთ. თუკი გონების პაწაწინა რესურსი შერჩენია კრემლის ხელისუფლებას, მიხვდება, რომ რაიმე სამხედრო წნეხი საქართველოს ან უკრაინის მიმართ მათთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანი იქნება”, – დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

Comments are closed