globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 18th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები – „ოცნების“ დამარცხების რეცეპტი?

„რეზონანსი“: ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტისთვის წამგებიანი იქნება“

„რეზონანსი“: „ნაცმოძრაობა“ აცხადებს, რომ 20 იანვრის ყრილობას 9 ათასი კაცი დაესწრება

„რეზონანსი“: გიგი უგულავა სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

„რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ბლოკის გარეშე გამორიცხულია, რომელიმე პარტიამ „ოცნებას“ საპირწონე შეუქმნას“

„რეზონანსი“: ინტერვიუ გუგული მაღრაძესთან: „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „მეშინია ხელისუფლება გაცხრომას არ მიეცეს იმის გამო, რომ ოპოზიცია არ ჰყავს“

——

საქართველო და მსოფლიო: „ნაცმოძრაობის“ გვამის გაკვეთა

საქართველო და მსოფლიო: 300 ლარად მოჭრილი საკუთარი თავი და ქვეყანა

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბესო დანელიასთან: „ვანო მერაბიშვილის გამოშვება ხელისუფლებისთვის ცუდად დამთავრდება“ // „ქვეყანაში ეროვნული უძრაობის ხანამ დაისადგურა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „რუსები ცდილობენ, გაყოფილ-გამრავლებული „ნაციონალები“ დასავლეთში ჩანერგონ” // „ვნახავ, ვინ დარჩება ბოლოს გაღიმებული“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გაზპრომთან“ დაკავშირებული ვნებათაღელვა გაუგებარია“

„რეზონანსი“: უნდა მოეხსნას თუ არა გრიფი “საიდუმლო” გაზპრომსა და საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას? (გამოკითხვა)

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „ხეების გადარგვით ბიძინა ივანიშვილი კანონს არღვევს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლია ელიავასთან: „ლარიზაციით მოსახლეობა სარგებელს ვერ ნახავს“ // „ამით მხოლოდ ბანკები იხეირებენ“

——

„რეზონანსი“: სესხების გალარება ხალხს მცირე შეღავათს მოუტანს, ბანკებს – დიდ სარგებელს

„რეზონანსი“: ექსპორტი 6-წლიან მინიმუმზეა! // „იმის მტკიცება, რომ ლარის გაუფასურება ექსპორტისთვის ხელსაყრელია, არის სრული სიცრუე“

———————–

„რეზონანსი“, 18 იანვარი, 2017 წელი

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიოცნების დამარცხების რეცეპტი?

ეკატერინე ბასილაია

2017 წლის მთავარი ინტრიგა შესაძლოა გახდეს ის, რომ ზაფხულში, პრეზიდენტი მარგველაშვილი თანამდებობიდან გადადგეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს, რითაც დაუპირისპირდეს “ქართული ოცნების” უმთავრეს მიზანს – კონსტიტუციაში შეიცვალოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არაპირდაპირით.

საგულისხმოა, რომ 21 იანვარს საკონსტიტუციო კომისიის 70 წევრი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე აქტიურ მუშაობას იწყებს და “ოცნების” მხრიდან პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაც უკვე დაანონსებულია, რაც გახდა კიდეც იმის რეალური მიზეზი, რომ გიორგი მარგველაშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა.

წორედ ამ სიტუაციიდან გამოსვლის ვერსიად და საპროტესტო ნაბიჯად პრეზიდენტს გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შესთავაზა. პარლამენტის ექსსპიკერმა ჯერ 2 იანვარს “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გააჟღერა ეს წინადადება, გუშინ კი ტელეკომპანია “პირველის” ეთერშიც ისაუბრა იმაზე, რომ ამ ნაბიჯით “ოცნების” გეგმის საწინააღმდეგოდ ქვეყანას 2022 წლამდე პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი ეყოლება და მას ვერავინ შეეხება. ამ ნაბიჯით კი “ქართული ოცნება” წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება.

დავით უსუფაშვილის პროგნოზით, ვადამდელი არჩევნები რეალურია

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოსწონს თუ არა ვინმეს, ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და რატომ არ უნდა გავთვალოთ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში, თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება, ქართველ ხალხს მიმართოს, “ოცნება” გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ თქვენ მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ თქვენი პრეზიდენტის ყოლის უფლებასო.

დავით უსუფაშვილის აზრით, მოვლენების ამ სცენარით განვითარება როგორც კონსტიტუციურად, ისე პოლიტიკურად, რეალურია და ეს ივნისში შეიძლება მოხდეს, როცა საკონსტიტუციო კომისია განსაზღვრავს ცვლილებების პროექტს. ამას გიორგი მარგველაშვილი გაითვალისწინებს თუ არა, უცნობია. მაშინ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ვიღაცის კომენტარზე კომენტარს არ გააკეთებს”.

“ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი… გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?” – განაცხადა პრეზიდენტმა.

გუშინ კი პარლამენტის ექსსპიკერმა პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობაზე ტელეკომპანია “პირველთან” ისევ ისაუბრა. დავით უსუფაშვილის თქმით, თავად მხარს უჭერს, პრეზიდენტი არ იყოს პირდაპირი წესით არჩეული, ოღონდ ამ ცვლილების ძალაში შეყვანა უნდა მოხდეს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, რაც ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, თუ რა სამართლებრივ-კონსტიტუციური ბერკეტი, კონტრღონისძიება რჩება ხელში მარგველაშვილს, თუ საკონსტიტუციო კომისია გადაწყვეტს, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ იქნას არჩეული. კერძოდ, თუ პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შეცვლას, ამას პირველი კენჭისყრიდან მესამე კენჭისყრამდე მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალი სჭირდება და პირველი კენჭისყრიდან 3 თვის განმავლობაში მარგველაშვილს შეუძლია გადადგეს, რის შემდეგაც, კონსტიტუციიდან გამომდინარე, 40 დღის განმავლობაში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია, ძველ წესს კიდევ 5 წლით გაუხანგძლივოს არსებობა.

“თუ ასე წავიდა საქმე და თუ იმ არჩევნებში, რომელიც ამასობაში ინსტიტუტის გადასარჩენად ტარდება, გაიმარჯვა პრეზიდენტად ვიღაცამ, ასეთ ფონზე გამარჯვებული პრეზიდენტი პოლიტიკურად გაცილებით უფრო ძლიერი ფიგურა იქნება, ვიდრე ამ პროცესში დამარცხებული “ქართული ოცნება,” – ამბობს უსუფაშვილი და დასძენს იმასაც, ამ თემაზე პრეზიდენტთან არ უსაუბრია და ეს არც არის საჭირო, რადგან მარგველაშვილს თვითონ შეუძლია კონსტიტუციის კითხვა და ანალიზი.

ვახტანგ ძაბირაძე: პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებზე არ წავა

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, თუკი გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის წინააღმდეგ რამე ნაბიჯი გადადგას, მხოლოდ ეს ერთადერთი ბერკეტი გააჩნია, რაზეც დავით უსუფაშვილი საუბრობს და თუკი ეს მოხდება, ის პრეზიდენტის გადადგომას ივლისის ბოლოს უფრო ვარაუდობს.

“თუ პრეზიდენტი გადადგება, ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, რომ 40 დღის განმავლობაში არჩევნები არ ჩაატაროს. პარლამენტი იძულებული იქნება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. აი, ეს მექანიზმი ახსნა უსუფაშვილმა. ახლა პრეზიდენტზეა დამოკიდებული, გადადგამს ამ ნაბიჯს თუ არ გადადგმას. ეს ნაბიჯი რომ გადადგას, მას აქვს საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლებაც, მაგრამ ასევე “ქართულ ოცნებასაც” აქვს უფლება, კანდიდატურა წამოაყენოს და ამდენად, მარგველაშვილს გარანტია არ აქვს, რომ მას აირჩევენ,” – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, თუ მარგველაშვილი ძველი წესით არჩევნების ჩატარებას გადაწყვეტს, ის საშემოდგომო სესიამდე, ზაფხულში უნდა გადადგეს, მანამ, სანამ კანონპროექტის მეორე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე მოხდება.

“საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის ორი თანმინდევრული სესიაა საჭირო და კანონპროექტის პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე 3 თვე უნდა იყოს გასული. ამ სამ თვეს თუ გამოვაკლებთ 40 დღეს, როდესაც ვადამდელი არჩევნები ჩატარებული უნდა იყოს, ამდენად, თუ მარგველაშვილს ეს გეგმა აქვს, მაშინ ის ზაფხულში გადადგება. სხვა მექანიზმი, კონსტიტუციაში არ დაუშვას შესწორების შეტანა, მას არ აქვს. სამართლის ნორმებში არ ჯდება, თუმცა უმრავლესობას შეუძლია, რისკზე წავიდეს, შესწორება შეიტანოს და თქვას, რომ ეს ნორმა ძალაში შევა ამოქმედებისთანავე და უკვე არჩეულ პრეზიდენტს შეეზღუდოს უფლებამოსილებები. სამართლებრივად ეს სწორი არ იქნება, მაგრამ რამდენად უღირთ ეს პოლიტიკურად, არ ვიცი,” – აღნიშნავს ძაბირაძე.

თუმცა მაინც არ ჰგონია, რომ მარგველაშვილი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოინდომებს. “ამ ნაბიჯს არ გადადგამს და ვერც ვხედავ მიზეზს. თუ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ ამისთვის უნდა შეირჩეს დრო. თუ მარგველაშვილი აპირებს პოლიტიკურ საქმიანობას ან პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას, მაშინ არაფერი საძრახისი არ არის იმაში, რომ არსებული ვითარების გამოყენება უნდა. თუ ჩათვლის, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის სჯობს, ეს ნაბიჯი გადადგას, უნდა გადადგას. დღევანდელი გადასახედიდან კი მე მის ადგილზე ამას არ გავაკეთებდი. არ ვიცი, რა ვითარება იქნება გაზაფხულზე. თუ მარგველაშვილი გაზაფხულზე ნახავს, რომ აქვს შანსი გადადგეს, ხელახლა იყაროს კენჭი და გაიმარჯვოს, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა ღირს,” – მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე. მისი თვალსაზრისით, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა არანაირ კატასტროფას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა კარგი კონსტიტუცია მივიღოთ, პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შემდეგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანუ 2020 წლის შემდეგ ამოქმედდეს და თუ ამ დათქმას გავაკეთებთ, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

„რეზონანსი“, 18 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტისთვის წამგებიანი იქნება

ეკატერინე ბასილაია

პრეზიდენტს შეუძლია, გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, მაგრამ ეს მისთვის წამგებიანი იქნება, ისევე როგორც “ოცნებისთვის” შემდგომი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა იქნება წამგებიანი, – აცხადებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი ავთანდილ დემეტრაშვილი. მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის შემთხვევაში პოლიტიკურად წაგებული დარჩება “ოცნება”, ვინაიდან აღმოჩნდება, რომ მას ხელში აქვს პარლამენტიც, მთავრობაც მისია, პრეზიდენტიც მისია, სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის შესაძლებლობებიც აქვს და “ყველას ექნება უფლება თქვას, ხელისუფლება ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის უზურპირებული.”

- თუკი საკონსტიტუციო კომისია მხარს დაუჭერს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, შესაძლო თუ არა კონტრნაბიჯად ზაფხულში პრეზიდენტი მარგველაშვილი გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ეს რეალურია და თქვენი აზრით, მოსალოდნელია, ასეთი პროცესი ვიხილოთ?

- ეს არის პოლიტიკური სიტუაციის შესაძლო ანალიზი. რამდენად მიზანშეწონილი იქნება პრეზიდენტისთვის ასეთი ნაბიჯის გადადგმა, შეფასებისგან თავს შევიკავებ. კონსტიტუციით, სამართლებრივად მას შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მისთვის წამგებიანი იქნება, ისევე როგორც “ოცნებისთვის” შემდგომი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა.

- რატომ იქნება წამგებიანი?

- პრეზიდენტისთვის წამგებიანი იქნება ეს ნაბიჯი იმ გაგებით, რომ გამორიცხული არ არის, მან ეს არჩევნები წააგოს. შესაბამისად, ის ვადაც, ის წელიწადნახევარიც დაკარგოს, რომელიც დარჩა. ამიტომ ვფიქრობ, ამ სცენარით მოვლენები არ განვითარდება.

- თუკი გიორგი მარგველაშვილი საკუთარი თავის გაპრეზიდენტებაზე კი არ ფიქრობს, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გადასარჩენად დგას ამ ნაბიჯს, მაშინ წამგებიანი ნაბიჯი რატომ იქნება?

- პრეზიდენტის ინსტიტუტი შესაძლოა, სხვადასხვა სახით არსებობდეს, ამიტომ აქ პრეზიდენტის ინსტიტუტის გადარჩენაზე კი არ არის საუბარი, არამედ მის რაობაზე. როგორი იქნება პრეზიდენტი, მაღალი ლეგიტიმურობის პრეზიდენტი იქნება თუ მოკრძალებული, ცერემონიალური ფუნქციის შემსრულებელი. მარგველაშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის აქტიური პრეზიდენტის ინსტიტუტის მომხრეა.

შეიძლება დაგეთანხმოთ იმაში, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებით ერთგვარად (და არა პირდაპირ) შეილახება სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, ანუ ხალხის უფლება, აირჩიოს თანამდებობის პირები. თუმცა ამაზე ირაკლი კობახიძე მიპასუხებს, რომ ხალხს თავისი წარმომადგენლების მეშვეობით შეუძლია, აირჩიოს პრეზიდენტი.

აქ კონსტიტუციის დარღვევასთან არ გვექნება საქმე. თუმცა ეს პოლიტიკურად წამგებიანი იქნება “ოცნებისთვის”, ვინაიდან აღმოჩნდება, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას, კონკრეტულად “ქართულ ოცნებას” ხელში აქვს პარლამენტიც, მთავრობაც მისია, პრეზიდენტიც მისია, სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის შესაძლებლობებიც აქვს. მე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო მისია, მაგრამ გავლენის შესაძლებლობები დაფიქსირებულია. ანუ აქ შესაძლოა ვისაუბროთ პოლიტიკურ უზურპაციაზე. ყველას ექნება უფლება თქვას, ხელისუფლება ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის უზურპირებული და ამ გაგებით “ოცნებისთვის” წამგებიანი იქნება პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესის დაკანონებაც. თუმცა, ცოტა დაველოდოთ. ერთი კვირა გვჭირდება და საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებში გარკვეული პოზიციები დაფიქსირდება. ჩემთვის მთავარია, ირაკლი კობახიძის პოზიცია როგორი იქნება. გარდა ამისა, “ოცნებაში” ყველა როდი უჭერს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას. იმავე ზაქარია ქუცნაშვილისგან გაგებული მაქვს, რომ არაპირდაპირი წესით არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევა. ასევე სხვებისგანაც. ვნახოთ, რა დაფიქსირდება, ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 27-შია ჩანიშნული.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკამდე დავიყვანოთ კონსტიტუცია. მე ასეთ რამეს არ ვცნობ. საპარლამენტო რესპუბლიკის დამახასიათებელი არის ორი ძირითადი ნიშანი – ესაა მთავრობის ფორმირება პარლამენტის მიერ და მთავრობის პასუხისმგებლობა პარლამენტის და არა პრეზიდენტის ან სხვების წინაშე. არაპირდაპირი წესით არჩევა არ არის საპარლამენტო რესპუბლიკის სტანდარტი. შემიძლია დავასახელო 10 საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩევა. აგერ ჩვენი მეზობელი თურქეთი, ავსტრია და ა.შ.

- თქვენც აღნიშნეთ და ისედაც აშკარაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ასევე გადამწყვეტი გავლენები მოიპოვა სასამართლოში, პროკურატურაში, მედიაში და ამ ფონზე პრეზიდენტიც რომ თავად აირჩიონ, მიზანშეწონილია? ამ ყველაფრის გათვალისწინებთ, თქვენ ემხრობით არჩევის წესის ცვლილებას?

- ვნახოთ, როგორი იქნება ირაკლი კობახიძის და მისი გუნდის პოზიცია. ვთვლი, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები შეცვლილი წესით არ უნდა ჩატარდეს და მხოლოდ მომდევნო 2023 წელს მოხდეს არაპირდაპირი წესით არჩევა, ეს უკიდურეს ვარიანტში. თუმცა სასურველია, რომ დარჩეს პირდაპირი წესით არჩევნები.

- თუკი მარგველაშვილს რეალურად მართლაც არ სურს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით აირჩეოდეს, რა ბერკეტი აქვს მას, საკონსტიტუციო ცვლილებას დაუპირისპირდეს?

- ამ შემთხვევაში მას მრჩევლად ვერ გამოვადგები, მხოლოდ შემიძლია ვურჩიო, ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა ვეტოს დაძლევა პარლამენტში ძალინ მარტივი იქნება და მეორე – ვურჩიო ასევე თანამშრომლობის სურვილი პარლამენტთან.

აპრილის ბოლოს უკვე ნათელი იქნება როგორი პრეზიდენტი უნდა “ქართულ ოცნებას”, არაპირდაპირი წესით არჩეული თუ მაღალი ლეგიტიმურობის პრეზიდენტი. ამიტომ თუ პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნებს დანიშვნის სურვილი ექნება, მას შეუძლია ასეთი ნაბიჯი მაისშიც შეუძლია გადადგას და ივლისშიც. არჩევნები მესამე მოსმენამდე უნდა ჩატარდეს, თუმცა მე ეს არარეალურ სცენარად მიმაჩნია.

„რეზონანსი“, 18 იანვარი, 2017 წელი

ნაცმოძრაობა აცხადებს, რომ 20 იანვრის ყრილობას 9 ათასი კაცი დაესწრება

სალომე სარიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ 20 იანვრის ყრილობაზე ყურადღებას ორ ძირითადი საკითხზე გაამახვილებენ – პარტიის სამომავლო გეგმებსა და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაზე, რომელიც იმ დღესვე იქნება არჩეული. როგორც “რეზონანსს” პარტიაში უთხრეს, ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი სკაიპით ჩაერთვება და საკუთარ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს მონიტორიდან მიმართავს. ამასთან, უკვე ისიც ცნობილია, რომ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის არჩევისა და დასახელების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება და ის ვაკანტური დარჩება.

“ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ყრილობის სამზადისი უკვე დასკვნით ფაზაშია შესული. გარდა ამისა, ცნობილია დელეგატების რაოდენობაც. პარტიის წევრთა ნაწილის თქმით, ყრილობას 7 ათასზე მეტი დელეგატი დაესწრება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა. მისივე თქმით, ასევე მოხდება საორგანიზაციო კომისიის შეფასება.

პარტიის კიდევ ერთი წევრის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით კი გარდა იმისა, რომ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და ახალი თავმჯდომარე დასახელდება, აგრეთვე გადაწყდება სხვა მმართველობითი თანამდებობების გადანაწილებაც, თუმცა მისივე განცხადებით, ჯერჯერობით ამ საკითხზე პარტიაში ჯერ ისევ მსჯელობენ.

როგორც მან “რეზონანსს” უთხრა, ყრილობაზე მთავარი და წამყვანი საკითხი პარტიის სამომავლო გეგმები იქნება, უფრო ზუსტად კი, როგორ აპირებს “ნაცმოძრაობა” ბრძოლის გაგრძელებას პარტიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ.

„ყრილობაზე ახალი პოლიტსაბჭოს არჩევის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება. ასევე განიხილება ჩვენი განვლილი გზა წინა ყრილობიდან დღემდე. მთავარი თემა კი ჩვენი სამომავლო გეგმებია – თუ როგორ აპირებს “ნაციონალური მოძრაობა” ბრძოლის გაგრძელებას. ეს იქნება ძირითადი, საკვანძო საკითხები, რომელსაც ყრილობაზე განვიხილავთ“, – თქვა ზაზა ბიბილაშვილმა. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის არჩევას, მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და სავარაუდოდ, არც დადგება. “თუკი ეს საკითხი წამოიწია, მაშინ ეს თანამდებობა ისევ ვაკანტური დარჩება, რადგან ასე პარტიის დიდმა აქტივმა გადაწყვიტა.”

აქვე შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის თანამდებობას, ამჟამად მსჯავრდებული და ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იკავებს, რომელსაც საკუთარი, ცალსახა მხარდაჭერა ჯერჯერობით არც მიხეილ სააკაშვილის გუნდისთვის და არც მისგან წასული „ევროპული საქართველოსთვის“ არ გამოუხატავს, თუმცა დიდი ალბათობით იგი ამ უკანასკნელთა გუნდს შეუერთდება და „ნაცმოძრაობის“ რიგებს დატოვებს. „ნაცმოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე არ საუბრობენ და შესაბამისად, გენერალური მდივნის მოხსნა-არმოხსნაზეც არ მსჯელობენ.

ნინო კალანდაძის თქმით კი, ვინაიდან ვანო მერაბიშვილის თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია, ის დარჩება თავის თანამდებობაზე და გენერალური მდივნის არჩევნები ხელახლა არ ჩატარდება.

რაც შეეხება პარტიის გაყოფის შემდგომ „ნაცმოძრაობის“ მატერიალურ რესურსს, პარტიის ერთ-ერთი წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ამ საკითხზე პარტიაში არ საუბრობენ, რადგან ყველა მიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ ქონება მხოლოდ და მხოლოდ პარტიის საკუთრებაა და არა რომელიმე ცალკეული პოლიტიკოსისა: “ცხადია, ამ საკითხზე არავინ ლაპარაკობს და ვფიქრობ, ეს არასერიოზულიცაა. არ მგონია, რომ 9 ათას კაციანმა ყრილობამ დრო ასეთი საკითხების დაყენებას დაუთმოს. ამაზე არავინ ლაპარაკობს, რადგან პარტიის ქონება მისი საკუთრებაა და არა მისგან წასული ან დარჩენილი პოლიტიკოსებისა,” – განუცხადა “რეზონანსს” ნუგზარ წიკლაურმა.

ცნობისთვის: ნაციონალური მოძრაობის მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მასზე უკვე რეგისტრირებულია 7 ათასზე მეტი დელეგატი. როგორც პარტიის წევრებმა “რეზონანსს” განუცხადეს, ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება.

„რეზონანსი“, 18 იანვარი, 2017 წელი

გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს სიცრეუში ადანაშაულებს

სალომე სარიშვილი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ღია დაპირისპირება პირველმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. მისივე თქმით, არ შეიძლება “იკადრო ისეთი რამ, რაც მალევე გამოაშკარავდება.” ამის შესახებ უგულავამ “რესთავი 2″-ის ეთერში სააკაშვილის საპასუხოდ ისაუბრა და თქვა, რომ იგი ციხეში “სააკაშვილის გამო კი არ მოხვდა, არამედ იმის გამო, რაც “ნაცმოძრაობასთან” ერთად აკეთა.” უგულავას განცხადებით, სააკაშვილმა მისი განცხადებებით ბევრი მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

ყოფილი მერის განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარის საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და ეს განხილვა მაშინაც მწვავე კოფლიქტით დასრულდა. სააკაშვილს პარტის ლიდერობას არავინ ართმევდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ექსპრეზიდენტისთვის ბევრი რამ მიუღებელი აღმოჩნდა. მან საპარლამენტო სიებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პარტიის ლიდერებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ამის თაობაზე “სერიოზული ჭიდილი” იყო.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტმა პარტიიდან წასული ლიდერები განხეთქილების წამოწყებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი სააკაშვილის პოლიტიკური პროცესებისა და პარტიისთვის ჩამოშორებას ცდილობნენ.

გიგი უგულავას განცხადებით, მისმა თანაგუნდელებმა ექსპრეზიდენტთან დალაპარაკება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა სააკაშვილისგან „ყრუ კედელი“ მიიღეს.

ცნობისთვის: ყოფილმა პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ გიგი უგულავა ისევე, როგორცნაციონალური მოძრაობისსხვა ლიდერები ივანიშვილმა მის გამო დასაჯა. ის რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე. მესმის ფსიქოლოგია, როცა ვიღაცის გამო ისჯები, მტკივნეულია, მაგრამ ჩემ გამოც არ იყო, იდეის გამო იყო,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავაზე საუბრისას.

„რეზონანსი“, 18 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ბლოკის გარეშე გამორიცხულია, რომელიმე პარტიამ ოცნებას საპირწონე შეუქმნას

თიკო ოსმანოვა

“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, ოპოზიციური გაერთიანების რაიმე კონტურები ჯერჯერობით არ შეიმჩნევა, თუმცა ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. მისი თქმით, ერთიანი ბლოკის შექმნის მიზნით მზად არიან, იდეოლოგიურად განსხავებულ პარტიებთანაც ითანამშრომლოს. გაერთიანებას მხოლოდ “ოცნებასა” და “ნაციონალებთან” გამორიცხავს.

მამუკა კაციტაძე: ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, ახლაც გვაქვს ორი ფრონტი – ერთი მხრივ ისევ და ისევ მაქსიმალური მუშაობა კონსოლიდირებულად საარჩევნო გარემოს სისტემის შეცვლაზე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. მეორე ამ პოლარიზებულ პოლიტიკურ მოცემულობაში მეტ-ნაკლებად ძლიერი ერთობის შექმნა, იმისათვის, რომ მორიგი მცედელობა მაინც გახდეს შედეგიანი, დაიმსხვრეს ეს ერთპარტიული სიტუაცია. მეორე პოლუსი გაქრა, ახლა არის ერთპარტიული მმართველობა და ეს უნდა გაირღვეს, თუ გვინდა რაღაც ნორმალური ხვალინდელი დღე ქართული სახელმწიფოსთვის.

ამიტომ, ამ თვალსაზრისით ჩვენ ვაპირებთ სერიოზული ძალისხმევის გაღებას. შევეცდებით, ის, რაც წარუმატებლად დასრულდა საპარლამენტო არჩევნების დროს, ადგილობრივი არჩევნებისთვის გაცილებით უკეთესი შედეგით დამთავრდეს.

- მიმდინარეობს თუ არა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები?

- ჯერჯერობით კონკრეტული საუბარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არ გვქონია. ზედმეტი კეკლუცობისა და გაპრანჭვის გარეშე გეტყვით, ბლოკის გარეშე გამორიცხულია, რომელიმე პარტიამ რაიმე ტიპის საპირწონე შეუქმნას დღევანდელ ხელისუფლებას ანუ “ქართულ ოცნებას”. შევეცდებით, მაქსიმალური ძალისხმევა გავიღოთ იმისათვის, რომ ასეთი ერთობა შევქმნათ. ჯერჯერობით ასეთი არაფერი ჩანს, რომ ჩანდეს, არ დაგიმალავდით. ალბათ უახლოეს 2-3 თვის განმავლობაში გამოვკვეთავთ, გამოვაკრისტალებთ იმ ერთობას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის იქნება.

- ვისთან არ შეიძლება ითანამშრომლოს “ახალმა მემარჯვენებმა”?

- თუ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის და ასეთი გავლენის მქონე პოლიტიკური პარტია რაღაცნაირად შევავიწროვოთ თუ დავამარცხოთ – ასეთ დროს დიდი არჩევანი არ არის და რჩევა-რჩევის დრო არ არის ამ ეტაპისათვის. მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, ალბათ გაჭირდება ხელისუფლებაში მყოფ პარტიებთან თანამშრომლობა, თუმცა ვნახოთ, რაიმე მოცემულობა არ გვაქვს. წარსულში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასთან თანამშრომლობა ნამდვილად გაჭირდება.

- გულისხმობთ თუ არა ამაში რესპუბლიკურ პარტიასა და კოალიაციაში ნამყოფ სხვა ძალებს?

- არა, ესენი შუაში არ არიან. ყველამ კრგად იცის, მანდ მთავარი მოქმედი პირი ვინ იყო. მათ დატოვეს “ოცნება” და უარი თქვეს მათთან ერთად ყოფნაზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის გამორიცხვებით პოლიტიკურ ველზე აღარავინ დარჩება. ვგულისხმობ დღევანდელ და წინა ხელისუფლებას.

- თვითმმართველობის არჩევნებისთვის დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას “დემოკრატიული მოძრაობა” გეგმავს, ვიხილავთ თუ არა ამ ერთობაში “ახლებს”?

- შევხედავთ, ვინ რას აპირებს და როგორ აპირებს და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, გარკვეულ უხერხულობას ქმნის მკაფიო იდეოლოგიური და საგარეო პოლიტიკური კურსის მქონე პარტიების თანამშრომლობა. მაგრამ, ახლა საქართველოში არ არის შექმნილი ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც დიდი არჩევანის საშუალებას იძლეოდეს, ამიტომ ვნახოთ, ვისთან და სად ვიპოვით გადაკვეთის წერტილებს.

„რეზონანსი“, 18 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ გუგული მაღრაძესთან: „ნაციონალური მოძრაობა ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს

თაკო მათეშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე გასულ წელს აფასებს და ამბობს, რომ, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, იგი ქვეყნისთვის მთლიანობაში წარმატებული იყო. ეკონომიკის განვითარება, მაღრაძის თქმით, 2017 წელს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი იქნება. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ ათწლეულობით დაგროვილი პრობლემების ერთ წელიწადში გადაჭრის იმედი არ უნდა გვქონდეს.

როგორ შეაფასებდით გასულ 2016 წელს. რომელ სფეროებში გვქონდა მიღწევები და რომელში – ჩავარდნები?

- 2016 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველო შეუქცევლად დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მიუხედავად არჩევნების თანმხლები მცირეოდენი ხარვეზებისა, პოლიტიკური განვითარების დინამიკის თვალსაზრისით საქართველოს მოსახლეობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ 2012 წლიდან დღემდე 3 სხვადასხვა დონის არჩევენების (საპრეზიდენტო, ადგილობრივი და საპარლამენტო) საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაატარა.

2016 წელი გამოირჩეოდა ასევე მაღალი სტანდარტებით ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, შთამბეჭდავი იყო ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, მარტო ის რად ღირს, რომ უძვირესი პროგრამა ცე-ჰეპატიტის მკურნალობისა სრულიად უფასოდ მიეწოდება ამ უმძიმესი დაავადების მქონე ადამიანებს და უკვე ასობითაა განკურნებულთა რიცხვი. საინტერესო და საჭირო ცვლილებები დაიგეგმა და გატარდა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რათა მოტივირებულმა ადამიანებმა შეძლონ სხვადსხვა დონის და მოცულობის ბიზნესის დაწყება და განვითარება. საბიუჯეტო დახმარება ბიზნესისათვის თანდათანობით გამოიღებს შედეგებს და სამუშაო ადგილები შექმნას შეუწყობს ხელს.

- ბევრი ფიქრობს, რომ გასული წელი ხალხისთვის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებით?

- ეკონომიკური განვითარება, ჯერჯერობით, ჩვენი აქილევსის ქუსლია. თუმცა, ეს პრობლემები ჩვენი ხელისუფლების დროს არ წარმოქმნილა. ენდიაის უახლესმა კვევებმაც აჩვენა, რომ უმუშევრობა 2010 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი გამოკითხვებისას პირველი პრობლემაა. სწორედ წარმოდგენილი პოლიტიკა და ჩვენი ხელისუფების პირობებში ბევრი წამახალისებელი ღონისძიება არის რეალისტური გზა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად. სისტემური მიდგომაა საჭირო და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა არის სწორი გზა ქვეყნის ეკონომიკის იმ მოჯადოებული წრიდან გამოსაყვანად.

- ხელისუფლებას ხშირად საყვედურობენ შეუსაბამო განცხადებების გამო. მიიჩნევა, რომ “ოცნების” პოზიცია და მის მიერ წამოწეული საკითხები ხშირად აცდენილია ხალხის მოთხოვნებს, მის გასაჭირსა და სატკივარს, რომ ხელისუფლება ხალხს შორდება და შესაბამისად, ხალხს მის მიმართ უნდობლობა უჩნდება. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს პრობლემა რეალურად დგას და როგორ გესახებათ გამოსწორების გზები?

- საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება აცდენილია ხალხის მოთხოვნებს და არ ესმის მისი, ვფიქრობ ბათილდება სწორედ იმით, რასაც იგი მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად აკეთებს. 2012-2016 წლებში ხელისუფლებამ განახორციელა უპრტეცედენტო დახმარება სოფლის მეურნეობისადმი, რათა შექმნილიყო სამუშაო ადგილები და ხალხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. მოსახლეობის ნაწილმა შეძლო ამ დახმარებებით ფეხზე დამდგარიყო და მათ უკვე თავისი ოჯახების გამოკვების გარდა, ბიუჯეტშიც შეაქვთ თავისი წვლილი.

ხელისუფლება ახორციელებს გარკვეულ მცდელობებს, რათა მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ნაწილისათვის ლართან დაკავშირებული პრობლემები შეასუსტოს. კარგი ნაბიჯები გადაიდგა დევნილი მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილებისათვის და სხვა. რა არის ეს თუ არა პასუხი მოსახლეობის პრობლემებზე?

- რა მიგაჩნიათ 2017 წელს ხელისუფლების მთავარ საზრუნავად?

- მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება არაა ერთი და ორი წლის ამოცანა. არსებობს საკითხები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ ნებასა და მის მცდელობებზეა დამოკიდებული. არსებობს პრობლემები, სადაც ხელისუფლების მცდელობები მხოლოდ გარკვეული წლების შემდეგ იძლევა შედეგს. მოსახლეობის მდგომარეობის გარკვეული გაუარესება სწორედ იმ დამოკიდებულებების შედეგია, რაც, ერთი მხრივ, სესხების ფართო გავრცელებამ და მეორე მხრივ, დოლარზე დამოკიდებულებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. კარგია, რომ ადამიანებს ჰქონდათ და აქვთ შესაძლებლობა მოიწყონ ცხოვრება დღეს და თანდათანობით გადაიხადონ ხვალ. იყო სესხები, რომლებსაც გამართლება აქვს (მაგ., ახალი ბინა, მცირე ბიზნესი) მაგრამ ყველამ ვიცით, რომ იყო და არის სესხების აღება ისეთი რამისთვის, რაც სრულიად გაუმართლებელია (მაგ მაღალი კლასის მანქანის საყიდლად, შვილის ქორწილის გადასახდელად და სხვა). მით უმეტეს, ყველაზე მძიმე სესხები, რაც 2012 წლამდე ჰქონდა აღებული მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს (სესხები ახლობლის სამკურნალოდ), ჩვენმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად მოხსნა – დღეს თითქმის არავის არ სჭირდება სესხი ოპერაციისთვის ან მკურნალობისათვის.

ხელისუფლება ცდილობს ასეთ ადამიანებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს იგივე გალარების პროგრამით, ონლაინ სესხების რეგულაციებით და სხვა. თუმცა, წლობით დაგროვილი პრობლემების უცებ მოგვარება შეუძლებელია. რეალისტურად უნდა შევაფასოთ ის მცდელობები, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჯერჯერობით საქართველოს არ გააჩნია ისეთი პროდუქცია (ან ძალიან მცირეა), რომელსაც ვალუტის შემოტანა შეუძლია. ამასთანავე, წარმოება არ გვაქვს განვითარებული ისე, რომ ვალუტას არ ვხარჯავდეთ. ამ გზით უნდა განვავითაროთ ეკონომიკა და ხელისუფლების გეგმა ესეცაა.

ეკონომიკის განვითარებისათვის თითოეული ადამიანის აქტივობა გადამწყვეტი ხდება. მან უნდა მიიღოს სათანადო განათლება და შექმნას სამუშაო ადგილები, სხვაგვარად ეკონიმიის აღმავლობა, მხოლოდ სამთავრობო დახმარების იმედზე, ფუჭია. ცხადია, 2017 წელს გაგრძელდება ბიზნესის დახმარების უკვე არსებული პროგრამები, იქნება ახალი პროგრამები, დახმარება ფინანსური თუ ტექნიკური, მაგრამ მოსახლეობის განათლება საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად და მათი ბიზნესაქტივობა უმთავრესია.

ბიზნესის გლობალური ინოვაციის ინდექსში 68 ადგილი გვიკავია 128 ქვეყანას შორის. მართალია აქ წინსვლა გვაქვს 9 პუნქტით, მაგრამ განათლებასა და კვლევებში ჩამოვრჩებით. ეს კი ის ფაქტორებია, რაც გრძელვადიანი განვითარებისათვისაა აუცილებელი და ესაა ჩვენი გამოწვევა 2017 და მომდევნო წლებში. ამიტომ, განათლება უნდა იყოს პრიორიტეტი.

ჩემი, როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მთავარი ძალისხმევა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებისათვის საჭირო რეფორმების განხორციელებისკენ იქნება მიმართული. ეს იქნება ზოგადი, პროფესიული თუ უმაღლესი განათლება. ასევე საჭიროა რეფორმები მეცნიერების განვითარებისათვის, რათა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.

- საგარეო ასპარეზზე როგორი იყო გასული წელი?

- პირადად ჩემთვის 2016 წელი საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო. როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ინტენსიურად ვიმუშავე. ჩვენი წვლილი შევიტანეთ ევროპასთან დაახლოების საქმეში. ბევრი საქმე გაკეთდა ევროსაბჭოშიც, სადაც მე ორი კომიტეტის წევრი ვიყავი. საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გარდა, აქტიურად ვმონაწილეობდი საერთო ევროპული თემატიკისადმი მიძღვნილი პრობლემების განხილვაში, რითაც ხელს ვუწყობდით რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად წარმოჩენილიყო. მაგალითად, ევროპულ სივრცეში ავტონომიების საკითხის განხილვაში ჩემმა პოზიციამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო ჩვენთვის ხელსაყრელი რეზოლუციის მიღებას. ასევე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი გამოსვლები პლენარულ სხდომებზე ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რელიგიური ტოლერანტობა, ტერორიზმი, სიღარიბის დაძლევა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა გაშვილება, სუროგაცია და სხვა.

- რას ფიქრობთ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე? ფიქრობთ თუ არა, რომ ამ პარტიის დაშლით ხელისუფლება ფაქტობრივად კონკურენტუნარიანი ოპონენტის გარეშე რჩება? რამდენად სასარგებლოა, თქვენი აზრით, ეს ხელისუფლებისთვის და ზოგადად, სახელმწიფოსათვის?

- ცხადია, ასეთი საკითხები გარკვეულ ინტერესს იწვევს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძირითადად მათი პრობლემაა და პროცესი ქვეყნის ცხოვრებაზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენს. “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი ძირითადი გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობა და შესაბამისად, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

პოლიტიკური პრობლემები უკვე წარმატებით დავძლიეთ. ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, გინდაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ბიზნესის თავისუფლების და სხვა კუთხით, რაც ათწლეულის მანძილზე საქართველოში პრობლემას წარმოადგენდა. დღეს ასეთი ერთეული შემთხევევები შეიძლება იყოს და ხელისუფლების რეაგირებაც მყისიერია. ამდენად, ოპოზიციის ის მნიშვნელობა, რაც მას ჰქონდა “ნაცმოძრაობის” ტოტალიტარული რეჟიმის დროს, “ოცნების” ხელისუფლების პირობებში აღარ არის ისე აქტუალური, რადგან ხელისუფლება ისედაც ძალიან მგრძნობიარეა ყოველგვარი არადემოკრატიული გამოვლინებების მიმართ. თუმცა ცხადია იგი ყურადღებით ეკიდება და მოეკიდება ყოველგვარ ჯანსაღ კრიტიკას, ვისგანაც არ უნდა იყოს იგი.

- ხომ არ ჩნდება საშიშროება, რომ ძლიერი ოპოზიციის გარეშე ხელისუფლება არასწორი გზით დაიწყებს სვლას? იმ გზით, რომელიც “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ გაიარა?

- “ნაციონალური მოძრაობის” წარმოამდგენელთა მცდელობები – ქვეყანაში სიტუაცია რაც შეიძლება შავად წარმოაჩინონ, უკვე აღარ არის ისეთი ეფექტური. ეს უცხოეთში საქართველოს იმიჯზეც აისახება. ქვეყანა, რომელიც არის უსაფრთხო, სტაბილური, დემოკრატიული და ა.შ. უცხოელებისთვის (და ქართველებისათვისაც) უფრო სანდოა. მათ შორის ინვესტიციების დასაბანდებლად, სერიოზული და ხანგძლივი ბიზნესის განსავითარებლად.

აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებსა და გამოსვლებს უცხოეთში შეუძლია ხელი შეუწყოს, ან პირიქით, ხელი შეუშალოს ამ დადებითი იმიჯის შექმნას. მე ხშირად მაქვს მაღალი დონის შეხვედრები და გამოსვლები მაგალითად გაეროს ღონისძიებებზე, ევროსაბჭოში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სამეცნიერო კონფერენციებსა თუ შეხვედრებზე და საქართველოს მიმართ საკმაო ინტერესს ვხედავ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ამა თუ იმ ქვეყნის როლი გარკვეულწილად შეცვალა და ეს საქართველოსთვის შესაძლოა სასიკეთო აღმოჩნდეს. უახლოეს სამეზობლოსა თუ ევროპულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები (რიგი ქვეყნების სათავეში უფრო პროკომუნისტური ხელისუფლებების მოსვლა და სხვა) ზრდის საქართველოს, როგორც დასავლური იდეოლოგიის მქონე ქვეყნის საიმედოობას და საჭიროებას.

ცხადია, ეს გარემოება შეიცავს რისკებსაც, მაგრამ ხელისუფლების გონივრული და ფრთხილი პოლიტიკით, საქართველოს შეუძლია გარკვეული სიკეთეები მიიღოს. მაგალითად, ნატოს მიმართ თურქეთის პოზიციები; რუსეთის მცდელობები თავისი საერთაშორისო როლის გასაზრდელად; ირანის პრეზიდენტის ინიციატივა სატრანსპორტო დერეფნის – “სპარსეთის ყურე-შავი ზღვა” – ამოქმედების შესახებ; ირანის მეორე ინიციატივა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ; ის, რომ საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ჩინეთის გლობალური პროექტის – “ახალი აბრეშუმის გზის” ნაწილი ხდება, ჩვენი ქვეყნის როლს მნიშვნელოვნად ზრდის.

ამ კონტექსტში, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მეგობარი სჭირდება და ჩემი შეხვედრები, პირადი კონტაქტები, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისა, საუკეთესო ნიადაგია. ევროსაბჭოში ჩემს ორივე კომიტეტში – სოციალური საკითხებისა და ანტიდისკრიმინაციის კომიტეტებში, საქართველოს შესახებ დამკვიდრებულია ნდობა და დადებითი განწყობები. ასევე აშშ-ში ვიზიტებისას, სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტებთან, სამეცნიერო წრეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ღია და პროფესიული საუბრები, რისი შესაძლებლობებიც მქონია, გარკვეულწილად ხელს უწყობს მათ უკეთ ინფორმირებას და დადებითი პოზიციების ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესების მიმართ. ასეთი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად.

„რეზონანსი“, 18 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: მეშინია ხელისუფლება გაცხრომას არ მიეცეს იმის გამო, რომ ოპოზიცია არ ჰყავს

თაკო მათეშვილი

“საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს,” – ამბობს პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა და დასძენს, რომ ეს ხელისუფლებისათვის არცთუ სასარგებლოა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” მოქმედებს პრინციპით – “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”, რადგან კარგად ესმის, რომ აღარავინ დარჩა ისეთი, ვისაც ოპონირება შეუძლია.

“რეზონანსთან” ინტერვიუში კვესელავა გაზპრომთან დაკავშირებულ სკანდალსაც ეხება და აცხადებს, რომ ამ საქმეში ბევრი ისეთი დეტალი იქნება, რის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით და რამაც კახა კალაძეს სადაო გადაწყვეტილების მიღება აიძულა.

იგორ კვესელავა: გაზპრომის თემა უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია. სამწუხაროდ, საქმე დიდ სახელმწიფოსთან გვაქვს, რომელიც თავის პირობებს გვთავაზობს. ჩვენ კი არ შეგვიძლია ჩვენი პრინციპები და სურვილები შევთავაზოთ.

როცა კალაძეს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს ხელშეკრულება სწორი არაა, რომ იგი საქართველოსთვის მავნებელია, გასაგებია, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი რაღაცეები ხდება. რა უნდა ექნა ხელისუფლებას? თუკი ამის ხელმოწერაზე უარს ვიტყოდით, ჩემი ინფორმაციით, არსებობდა ალტერნატიული გზაც – რუსეთს შეეძლო სომხეთისათვის გაზი ირანის მეშვეობით მიეწოდებინა. ეს ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ შეძლებდნენ. ასე რომ, ლანძღვა ადვილია, მაგრამ რეალობა შეიძლება ბევრად რთული იყოს.

ამ ყველაფერში აუცილებლად იქნება საიდუმლოებები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, ამიტომ ხელაღებით რაიმეს თქმა მეძნელება. მართალია, ფული შეიძლება დაგვეკარგოს, მაგრამ თუკი ეს გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, თუნდაც შორს მიმავალს, მაშინ გამართლებულია. ყველაფერი მალე გამოჩნდება და თუკი რამე არასწორად გაკეთდა, ეს ამ ხელისუფლებას წინ დახვდება. მუდმივი არაფერია.

- ამბობენ, რომ შესაძლოა 201 წელს კალაძე თბილისის მერის პოსტზე წარმოადგინონ. ეს გადაწყვეტილება რამდენად მოგეწონებოდათ?

- მოგეხსენებათ, მე მერის მრჩეველიც გახლავართ. ვიცით, რომ პრობლემები არის, მაგრამ ისინი ასე ადვილად არ წყდება. მათი პრესასთან გამოტანა არ შეგვიძლია, მაგრამ ასეთი საკითხები არსებობს.

დავით ნარმანია პატიოსანი პიროვნებაა, მეცნიერებიდან მოსული კაცია და ქალაქში ბევრი წინააღმდეგობა დახვდა. მას კი ბევრი რამის გადაწყვეტა არ ხელეწიფება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი მარტივი არაა. მოკრიტიკე ბევრი ჰყავს, ყველა მხრიდან უტევენ. ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. თუმცა, მისი ნაკლი ისაა, რომ ისიც არ ჩანს, რასაც აკეთებს. ბევრი ისეთი რამის გაკეთებაც უნდა, რაც უცებ არ გამოდის. ორ წელიწადში არც ერთი ქალაქი არ აშენებულა.

კახა კალაძეს რაც შეეხება, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას “ოცნების” ლიდერები გადაწყვეტენ. სხვებზეცაა საუბარი. მერობა სხვებსაც უნდათ, მაგრამ საზოგადოებას რამდენად უნდა, ეგაა საკითხავი. ვფიქრობ, ივანიშვილი და “ქართული ოცნება” სიფრთხილეს გამოიჩენენ. მერად არ უნდა მოიყვანონ ადამიანი, რომელიც ყველაფრის სწავლას თავიდან დაიწყებს. ამას ხომ არ ჯობია ისევ ნარმანიას ვაცალოთ?

- ენდიაის მორიგი კვლევის მიხედვით, ეკონომიკური სირთულეები, სიღარიბე, უმუშევრობა და პენსიები მოსახლეობისათვის კვლავ მთავარი პრობლემებია. ბოლო წლებში მუდმივად გვესმის, რომ ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ხალხი ვერ გრძნობს. რატომ?

- ენდიაის კვლევები რაში გვჭირდება იმის დასანახად, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში? უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია. არ არის საწარმოები და ისეთი ობიექტები, რომ ადამიანს მუშაობის, ოჯახის რჩენის და არსებობის საშუალება ჰქონდეს. მე კვლევა საერთოდ არ მჭირდება. ისედაც კარგად ვიცი რა მდგომარეობაა ქვეყანაში. რაღაცეების გაკეთება კი დაიწყო, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. მე პირადად ძალიან მაინტეერსებს ამ ხელისუფლების განცხადება არჩევიდან 100 დღის გასვლის შემდეგ. მაინტერსებს თუ რა გააკეთეს და რის გაკეთებას აპირებენ ეკონომიკის გაუმჯობესების, უმუშევრობის აღმოფხვრის, ლარის გამყარების მიმართულებით და ა.შ. ეს დროც მალე გავა და ვნახავთ.

- “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ გაიყო. თქვენი აზრით, რამ დააჩქარა პროცესი?

- მათ უნდათ პერანგი გამოიცვალონ და პოლიტიკურ მდინარეში ხელახლა შევიდნენ. უგულავას უნდა შიდაპოლიტიკური წმენდა ჩაატაროს, არაპრაგმატული წევრები ჩამოიშოროს. გულახდილათ რომ ვთქვა, ბევრი მათგანი მოსაცილებელია. ამ ხალხის მთავარი ფუნქცია ისაა, რომ ხმამაღლა იძახონ ივანიშვილი უნდა დავამხოთო. ასე ქვეყანა ვერ აშენდება. თუკი მათი თვითმიზანი მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს დამხობა იქნება, ასე არაფერი გამოვა. ამით ვერაფერს მიაღწევენ.

მეორე პრობლემა კი ისაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავარი იდეოლოგია – ნეოლიბერალიზმი ხალხისთვის მისაღები და მოსაწონი ვერ აღმოჩნდა, ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკურად უჭირს, სადაც პოლიტიკური სიტუაცია არამყარია და რომელიც სახელმწიფოებრივად განმტკიცებას ახლა იწყებს, ამ იდეოლოგიამ ვერ გაამართლა.

“ნაციონალური მოძრაობა” ახალ “ბოლშევიკებად” და ახალ “მენშევიკებად” გაიყო. თუ დააკვირდებით, ესენი მათ ძალიან გვანან. ტერმინებშიც კი. მაგრამ რეალურად, ეს გაყოფილი მხარეები ისევ ერთი და იგივეები არიან. მათ შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. ერთის მიზანიც და მეორისაც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი დამხობაა. ხალხმა კი ის უნდა გაიგოს თუ რა არის მათი პოლიტიკური მრწამსი, როგორია მათი ეკონომიკური ხედვები და სწრაფვა, როგორ აპირებენ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ა.შ. მუდმივად ივანიშვილის რეჟიმის დამხობაზე საუბარი მცდარი პოლიტიკაა. მალე თვითმმართველობის არჩევნებია და ვნახავთ, რომ ძალიან გაუჭირდებათ.

- რომელ გუნდს უფრო აქვს წარმატების შანსი?

- გავრცელებული აზრია, რომ “ნაცმოძრაობის” ორივე განაყოფს იტელექტუალური პოტენციალი აქვს. თუმცა, არ მესმის, თუ რაში გამოიხატება მათი ინტელექტუალობა. ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ეს ინტელექტუალური ძალა არ ჩანს. თავიანთ გუნდში რამდენიმე რომ გამოირჩევა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ზოგიერთს მჭერმეტყველობის ნიჭი კი აქვს, მაგრამ ეს ინტელექტუალურობას საერთოდ არ ნიშნავს.

თქვენ კითხვას რაც შეეხება, თვითმმართველობს არჩევნებში საზოგადოება არც “ნაცმოძრაობას” მისცემს ხმას და არც “ევროპულ საქართველოს”. ისინი ცხრა წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში და არაფერი გაუკეტთბიათ ისეთი, რომ ხალხს მათი მობრუნება უნდოდეს.

მხარდამჭერები ჰყავთ, მაგრამ მათში ცოტაა ისეთი, ვინც ხმას იდეოლოგიის გამო აძლევს. ამ ხალხის მხარდაჭერა თავის დროზე მატერიალური და ფინანსური საშუალებებით მოიპოვეს. პარტიის კოორდინატორები, ამხანაგობების თავმჯდომარეები და ა.შ. წლების განმავლობაში სარგებელს იღებდნენ და რა თქმა უნდა, მათ მისცემდნენ ხმას.

- “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფის შემდეგ ხელისუფლება ძლიერი ოპოზიციის გარეშე ხომ არ დარჩა?

- ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიცია ყოველთვის სჭირდება. ეს აუცილებელია. ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველოში ერთპარტიული სისტემა იყოს და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ბედს ერთი პარტია წყვეტდეს. ეს არ შეიძლება. თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ “ნაცმოძრაობა” ძლიერ ოპოზიციურ ძალად არ უნდა მივიჩნიოთ. ისინი უბრალოდ რევანშისტები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში მობრუნებისათვის ყველანაირი ხერხით იბრძვიან. მათ შორის არც გადატრიალებას და რევოპლუციას მოერიდებიან. ეს სხვა რაღაცაა და ოპოზიციონერობა – სხვა. ოპოზიცია ცდილობს საკუთარი პროგრამა, ხედვები წარმოადგინოს და მოსახლეობას დაანახოს თუ რისი გაკეთება შეუძლია.

- არსებული ძალებიდანაც არ გეგულებათ ისეთი, რომელიც “ოცნებისათვის” ოპონირების გაწევას შეძლებს?

- ამ ეტაპისათვის ხელისუფლებას არანაირი ოპონენტი არ ჰყავს. საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს.

- ეს ხელისუფლებას გაზარმაცებისაკენ ხომ არ უბიძგებს?

- გეთანხმებით, როდესაც ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს, კარგი არ არის. მეშინია ხელისუფლებას არ მიეძინოს და გაცხრომას არ მიეცეს იმის გამო, რომ ოპოზიცია არ ჰყავს. ისინი ახლა ოპოზიციას ყურადღებას ალბათ არც აქცევენ. “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” – ასეთია პოლიტიკა.

- ამით ჩნდება თუ არა საშიშროება, რომ ხელისუფლება ხალხს მოწყდეს, მისი საჭიროებები და პრობლემები ვეღარ გაიგოს და ერთგვარად, საზოგადოების მაჯისცემა დაკარგოს?

- აბსოლუტურად მართალი ხართ. ხელისუფლება ხალხს ნამდვილად მოწყდება. იგი მხოლოდ კაბინეტებში კი არ უნდა იჯდეს, რაიონებში, ქალაქებში უნდა გავიდეს, მოსახლეობას შეხვდეს. აირჩევს რაიონი პარლამენტარს, ისიც ჩაჯდება თავის სავარძელში და მერე იმ რაიონს ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევს, არაფერი აინტერესებს. თავის ხალხისათვის არაფერს აკეთებს. ასე არ შეიძლება. პარლამენტარის მოვალეობა მხოლოდ სავარძელში ჯდომა და მიკროფონთან მისვლა არაა. თუმცა, ახლაც ვატყობ, რომ დიდმა ნაწილმა ისიც არ იცის როგორ დაიჭიროს მიკროფონი. ვისურვებდი, რომ ისინიცა და მთავრობს წევრებიც გავიდნენ ხალში და გაიგონ თუ რა უჭირთ. კაბინეტური მუშაობით ქვეყნის მართვა არ შეიძლება.

———————–

საქართველო და მსოფლიო“, 18 იანვარი, 2017 წელი

ნაციონალური მოძრაობისგვამის გაკვეთა

დიმიტრი მონიავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის დაშლის შემდეგ ძველი სახელი ერთ-ერთ “ფრთას” დარჩა, ის სულ სხვა პოლიტიკური გაერთიანება იქნება, რომელსაც ძველ “ნაცმოძრაობას” მხოლოდ გარეგნული ნიშნებით თუ მივამსგავსებთ. ვინაიდან ყოფილი მმართველი პარტიის დაღუპვის გარემოებები ფრიად საეჭვოა, აუცილებელია გვამის გაკვეთა და სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

პათოლოგიური სიმბიოზი

ვიდრე ლანცეტს მოვიმარჯვებთ, ორიოდე სიტყვა მიმდინარე მოვლენების მთავარ შედეგზე უნდა ვთქვათ – “ნაცმოძრაობის” დაშლა, პოლიტიკური სივრცის ზოგად გადაფორმატებასთან ერთად, ქმნის მნიშვნელოვან წინაპირობებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ წლევანდელ ადგილობრივ, არამედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს. გავრცელებული მოსაზრება, რომ “ნაცმოძრაობა ბიძინამ დაშალა”, არასწორია, რადგან ეს, მისი ზეგავლენის გარდა, სხვადასხვა ფაქტორის თანხვედრამ და ურთიერთქმედებამ განაპირობა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მაქსიმალურ ბონუსებს შექმნილი სიტუაციიდან სწორედ ივანიშვილი მიიღებს.

მეტაფორის ძიებაში, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ანატომიას აღწერს, ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ გამოჩენილი პოლონელი ფანტასტის – სტანისლავ ლემის რომანი “ედემი” (1958), რომელშიც ის ფრიად უცნაური უცხოპლანეტელების, “დუბელტების” (ანუ “ორსხეულიანების”), ცივილიზაციაზე მოგვითხრობს. “დუბელტი” ორი ორგანიზმის სიმბიოზს წარმოადგენს – ერთი, დიდი, მაგრამ “უტვინო” “მატარებელი-სხეულია”, მეორე კი პატარა და გაცილებით სუსტი – “მოაზროვნე სხეული”, რომელიც დიდი სხეულის შიგნით, ერთგვარ ჩანთაში ცხოვრობს. შესაძლოა, “ნაცმოძრაობა” სწორედ ამგვარ სიმბიოზს განასახიერებდა: სააკაშვილი და მართლმორწმუნე “მიშისტები” დიდ სხეულს წარმოადგენდნენ, ხოლო ე.წ. ბოკერიას ჯგუფი – მცირეს. ის, რაც დღეს ხდება, გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, დაშლა, ელექტორატის თუ საოფისე ავეჯის გაყოფა – ეს სიმბიოზის დასასრულია. ოდესღაც ერთიანი “დუბელტის” ორი ნაწილი ერთმანეთის გარეშეც რომ გადარჩეს (რაც ძალზე სათუოა), მათ პოლიტიკური ევოლუციის გზის გავლა ხელახლა მოუწევთ, ამიტომ მიმდინარე მოვლენები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე “ნაცმოძრაობიდან” “გირჩის” ან ვაშაძის მცირე ჯგუფის გამოყოფა.

საზოგადოდ, სტანისლავ ლემის ამ ძველ რომანში ბევრი ფილოსოფიური მეტაფორა და ქვეტექსტია, რომლებმაც შეიძლება დააინტერესოს თანამედროვე ქართველი მკითხველი _ “დუბელტების” ხელისუფლების თავდაცვის მთავარი საშუალება არის ის, რომ საკუთარ არსებობას უარყოფს, რაც არაფორმალური მმართველობის ქართულ სისტემასთან საინტერესო პარალელების გავლების შესაძლებლობას იძლევა. საინფორმაციო ნაკადების მართვისა და სოციალური ჯგუფების დაპროგრამების ხელოვნებას ლემმა “პროკრუსტიკა” უწოდა, ალბათ, იმიტომ, რომ მის მიერ აღწერილი ხელისუფლება მას დაახლოებით ისე იყენებდა, როგორც პროკრუსტე ცნობილ სარეცელს, და მიაღწია იმას, რომ “დუბელტები” საკონცენტრაციო ბანაკში ნებაყოფლობით რჩებოდნენ, მათ მცველები არ სჭირდებოდათ.

ყველაზე მიშვნელოვანი ამ კონტექსტში, ალბათ, მაინც ისაა, რომ ქართველმა ლიბერალებმა თავის დროზე აირჩიეს სიმბიოზი უტვინო “მატარებელ სხეულთან”, როგორც გადარჩენის და საკუთარი მიზნების მიღწევის ერთადერთი გზა. ეს ეხება არა მხოლოდ ბოკერიასა და მის მეგობრებს (90-იანებში), არამედ ძველ რესპუბლიკურ პარტიას. სხვათა შორის, სწორედ რესპუბლიკელებზე წერდნენ ყველაზე ხშირად, რომ ისინი “ლოკომოტივს ეძებდნენ”. მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ პასუხი შემდეგ კითხვაზე: წარმოადგენდა თუ არა სიმბიოზი (“მოქალაქეთა კავშირთან”, “ნაცმოძრაობასთან”, “ქართულ ოცნებასთან” _ მნიშვნელობა არ აქვს), რომელიც გაუმართლებელ იდეოლოგიურ და ზნეობრივ კომპრომისებს მოითხოვდა, ამ ჯგუფებისთვის ევოლუციის ერთადერთ გზას და შეიყვანა თუ არა ამ გზამ ბოკერია, უსუფაშვილი და სხვები ჩიხში?

პრინციპში, არაფერი ახალი ამაში არ არის, თავის დროზე ბევრმა გერმანელმა და იტალიელმა ახალგაზრდა ინტელექტუალმა (რომელიც ადგილობრივ პერსონაჟებზე ათი თავით მაღლა იდგა) ჩათვალა, რომ დაიმორჩილებდა და დიადი მიზნების მიღწევას დაუქვემდებარებდა ფაშისტური პარტიების უზარმაზარ “უტვინო სხეულებს” (შიგნიდან შეცვლიდა სისტემას და ა.შ.), თუმცა, შესაძლოა, ეს მიდგომა მხოლოდ ძალაუფლების წყურვილის გაკეთლიშობილების მცდელობას წარმოადგენდა. რაც შეეხება ტაქტიკურ პერსპექტივას, აქ უფრო მნიშვნელოვანია სხვა კითხვა: სერიოზული იყო მიზეზი, რომელმაც ბოკერიას, უგულავას, ბაქრაძესა და სხვებს უარი ათქმევინა მრავალწლიან პოლიტიკურ სიმბიოზზე “ნაცმოძრაობასთან”?

რამდენი კურდღელი დაიჭირა ბიძინა ივანიშვილმა?

წინასაარჩევნო წინააღმდეგობებმა და პოსტსაარჩევნო სკანდალმა მნიშვნელოვნად დაძაბა ურთიერთობა “ნაცმოძრაობის” შიგნით, მაგრამ ის არ იყო საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მხარეებს უარი ეთქვათ იმ სარგებელზე, რომელიც ერთად ყოფნას მოჰქონდა. გამორიცხული არ არის, რომ ბოკერია-უგულავას ჯგუფის წევრებმა (მათ შეიძლება ნეონაცები ვუწოდოთ, რათა ძველი ნაცებისგან განვასხვავოთ, ასე უფრო გასაგები და მარტივია) სასიკვდილო საფრთხე იგრძნეს და დაინახეს, რომ სააკაშვილი პარტიას, მათ “მატარებელ-სხეულს” უფსკრულისკენ მიაქანებს. “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური დაკნინება ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია ის, რომ სააკაშვილთან დარჩენილები, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძის მიერ იზოლაციაში მოქცეული “ზვიადისტები”, ვერასოდეს ჩამოყალიბდებიან მმართველი ელიტის ორგანულ ნაწილად და, 99%-იანი ალბათობით, მარგინალიზაციისკენ წავლენ.

კურსი რევოლუციაზე, რომელსაც სააკაშვილი თანაპარტიელებს სთავაზობს, ურტყამს არა მხოლოდ მათ პირად უსაფრთხოებას, არამედ მათი ოჯახების ბედსაც _ შვილების მომავალს, მათ ბიზნესს და ა.შ. და ეს იმ პირობებში, როდესაც ისინი ხედავენ, რომ “ვარდების რევოლუცია 2”-ისთვის წინაპირობები არ არსებობს. ხშირად ამბობენ, რომ სააკაშვილი ამას ვერ აცნობიერებს, თუმცა, შესაძლოა, ის, უბრალოდ, აღიქვამს თანაპარტიელებს სახარჯ მასალად და მათი უსაფრთხოება არ ანაღვლებს.

საინტერესოა, რომ ახალ ხელისუფლებას არ უცდია ნეონაცებისთვის და მათი გარემოცვისთვის ძირითადი ბიზნესების წართმევა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამისთვის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და მათ ძალიან ბევრი რამ დარჩათ დასაკარგავი. სააკაშვილი კი თავის დროზე ცდილობდა, ოპონენტები “გაეტყავებინა” და, ცნობილი გამოთქმის არ იყოს, მათ, ბორკილების გარდა, დასაკარგავს არაფერს უტოვებდა. საინტერესოა, რომელი მიდგომა (მისი უკიდეგანო ცინიზმის მიუხედავად) მიუთითებს წინდახედულობაზე?

საუბარი იმაზე, რომ ნეონაცები სააკაშვილს უნდა დაშორდნენ, წლების წინათ დაიწყო. ეს სავსებით ლოგიკური იყო, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, საქმე ეხებოდა არა იმდენად პოლიტიკური (თუნდაც სტრატეგიული) ალიანსის დაშლას, არამედ სიმბიოზზე უარის თქმას. ამ სიმბიოზის ფარგლებში კი ერთადერთ შესაძლებელ ვარიანტს “მატარებელ-სხეულზე” სრული კონტროლის მოპოვება წარმოადგენდა. ბოკერიას ჯგუფი სწორედ ამ მიმართულებით წავიდა და სააკაშვილს “ნაცმოძრაობის” სიმბოლოდ, ერთგვარ “კონსტიტუციურ მონარქად” გადაქცევას უპირებდა.

აძლევდა თუ არა ეს ხელს ბიძინა ივანიშვილს? რა თქმა უნდა, არა. “ნაციონალური მოძრაობა” ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, გაძლიერდებოდა და ამის ირიბი დადასტურება წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაა _ ბოკერიას ჯგუფი მას საკმაოდ გონივრულად წარმართავდა, სააკაშვილი კი ყველაფერს აფუჭებდა, ბოლოს კი თავისი მუქარებით “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა მობილიზაცია უზრუნველყო.

ნეონაცებს პარტიის სრულ გაკონტროლებას რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, მაგრამ სააკაშვილმა თითქოს გაიღვიძა (ან გააღვიძეს) და გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია. რაღაც მომენტში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყოველივე დასრულდებოდა კომპრომისით ან პარტიიდან მცირე ჯგუფის გარიცხვით, მაგრამ ამ მომენტში ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან საინტერესო სვლა, რომელმაც “ნაცმოძრაობის” დაშლა პრაქტიკულად გარდაუვალი გახადა.

გიგი უგულავას გამოსვლა ციხიდან, უბრალოდ, დაემთხვა კრიზისს “ნაცმოძრაობაში”, თუმცა საქართველოში ეს არავის სჯერა. ყველა თვლის, რომ ის ხელისუფლებამ გამოუშვა, რათა ერთდროულად რამდენიმე კურდღელი დაეჭირა.

ბოლო დღეებში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ უგულავას გამოშვებით ხელისუფლებამ:

1. გააძლიერა “მიშისტებისა” და (რაც მთავარია) სააკაშვილის ეჭვები იმის თაობაზე, რომ ბოკერია და უგულავა “ოლიგარქს მიეყიდნენ” და პარტიიდან მათ გასაგდებად “ლეგიტიმური საბაბი” შექმნა;

2. “ამბოხებულთა” და მერყევი აქტივისტების რიგებში საკუთარი ძალების რწმენა გაამყარა _ მათ ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობის უფრო ძლიერი კანდიდატი (უგულავა) ეყოლებათ, ვიდრე “მიშისტებს”;

3. დასავლეთში იმ ჯგუფების მოწონება დაიმსახურა, რომლებიც თვეების განმავლობაში უგულავას გამოშვებას მოითხოვდნენ;

4. ადგილობრივი არჩევნების წინ არა მხოლოდ გახლიჩა “ნაცმოძრაობის” ელექტორატი, არამედ სერიოზული პრობლემები შეუქმნა თბილისის მერობის ჰიპოთეზურ ერთიან კანდიდატს დემოკრატიული ოპოზიციიდან (ელისაშვილი იქნება თუ სხვა) _ გაჩნდა საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი “რიმეიქის” შექმნის შესაძლებლობა. “მთავარი საფრთხობელის” როლს ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, უგულავა შეასრულებს, ხოლო ნაციონალების თუ “ევროქართველების” რევანშის შიშით შეპყრობილი მერყევი ამომრჩეველი ისევ დაანებებს თავს ფიქრს მესამე ძალაზე და იძულებული იქნება, “ქართულ ოცენას” მიემხროს;

5. შექმნა წინაპირობები მწვავე კონკურენციისთვის ნეონაცებს, უსუფაშვილის ახალ პარტიასა და შედარებით სუსტ ჯგუფებს შორის, რომლებიც ერთ ნიშაში, დასავლეთზე ორიენტირებული, ლიბერალური იდეებისკენ მიდრეკილი ამომრჩევლების მოზიდვაზე იმუშავებენ.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი _ “რუსთავი 2”-ის ქიბარ ხალვაშისთვის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებული კრიზისისას ნეონაცები შეიძლება მხოლოდ სიმბოლური წინააღმდეგობით შემოიფარგლონ, რადგან მათ, სავარაუდოდ, ხელს აძლევთ, რომ სააკაშვილმა იდეების მუდმივი რეტრანსლირებისა და, შესაბამისად, პარტიულ მასებზე ზემოქმედების უმნიშვნელოვანესი ბერკეტი დაკარგოს. დავით ბაქრაძის განცხადების მიუხედავად, რომლის თანახმად, ის “ნაცმოძრაობაში” დარჩენილებს ივანიშვილთან ბრძოლაში მოკავშირეებად განიხილავს, თვითდამკვიდრება ერთმანეთის ხარჯზე, ყოფილი თანამებრძოლების ჩაძირვა, დიდი ალბათობით, დაშლილი “ნაცმოძრაობის” ორივე ნაწილისთვის ძირითად საქმიანობად იქცევა. კიდევ ერთი ნიუანსი _ ნებისმიერ კომპრომატს ახალი თუ ძველი ნაცების წინააღმდეგ, რომელიც ამიერიდან ინტერნეტში გამოქვეყნდება, საზოგადოება, სავარაუდოდ, დაუკავშირებს “ნაცმოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” ბრძოლას ერთმანეთთან და არა ხელისუფლების მოქმედებას მათ წინააღმდეგ.

რევოლუცია ლომთა ხვედრია

სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეები დღეს რთულ მდგომარეობაში არიან _ ერთი მხრივ, მათ სიამოვნებთ, რომ ნაციონალები ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ, მეორე მხრივ, უგულავას გათავისუფლებაც არ მოსწონთ. ზოგიერთი მათგანი განვითარებული პროცესების მიღმა დიდ შეთქმულებას ხედავს და მიიჩნევს, რომ სააკაშვილი და ბოკერია შეთანხმებულად მოქმედებენ, ხოლო ნეონაცები “ნაცმოძრაობას” მხოლოდ იმისთვის გამოეყვნენ, რომ პოლიტიკური ბლოკადა გაარღვიონ, გააფორმონ ალიანსი სხვა პოლიტიკურ ძალებთან, სააკაშვილისგან დემონსტრაციული დისტანცირებით გათავისუფლდნენ წარსულის ტვირთისგან, ხოლო გადამწყვეტ მომენტში მის “ნაცმოძრაობასთან” ისევ ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ. ამ, მეტწილად კონსპიროლოგიური, თეორიების უარყოფა საკმაოდ რთულია, რადგან ჯერ არ გასულა საკმარისი დრო იმისთვის, რომ დადასტურდეს _ “განქორწინება” ძველ ნაციონალებს ძალიან დიდ პრობლემებს მოუტანს, ნეონაცები კი ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილისთვის კვლავინდებურად დარჩებიან სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის განუყოფელ ნაწილად. ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეეცდება, გაამყაროს მსგავსი თეორიები, რათა მისმა ამომრჩველმა “ნაციონალებისგან” მომავალი საფრთხე არ დაივიწყოს და ალტერნატივის ძებნა არ დაიწყოს.

“ევროპული საქართველოს” გამოყოფა არ არის ჩვეულებრივი გამოკლება, რომლის შემდეგ სააკაშვილს ძველი რესურსების (ციფრები პირობითია) 65% დარჩება, ხოლო “ნეონაცებს” _ 35%. ის გაცილებით ახლოს დგას ქირურგიულ ოპერაციასთან, რომლის დროს პაციენტი კარგავს ბევრ სისხლსა და ენერგიას, ხოლო რეაბილიტაციასა და სრულ გამოჯანმრთელებას თვეები და წლები სჭირდება. “ნაცმოძრაობის” “ნამსხვრევების” ავტორიტეტის და მათი ჯამური რეიტინგის დაცემა (თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით) გარდაუვალია.

თანაც მოსაზრება, რომ სააკაშვილს “ნაცმოძრაობის” მემკვიდრეობის უფრო დიდი ნაწილი დარჩა, შეიძლება მცდარი გამოდგეს. 12 იანვარს “ნაცმოძრაობიდან” პარტია “ევროპულ საქართველოში” გადავიდა 21 დეპუტატი, 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და წევრი, “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილი და რღვევის პროცესი, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ნეონაცებს შეურთდა დეპუტატების სამი მეოთხედი, პრაქტიკულად ყველა “მოლაპარაკე თავი”, თითქმის ყველა ლიდერი, რომლებსაც, ასე თუ ისე, ჭკუა მოეკითხებოდა (გასაგებია, რომ “ნაცმოძრაობის” შემთხვევაში “ჭკუა” ერთობ ფარდობით ცნებაა, მაგრამ მაინც). ის, რომ სააკაშვილის მხარეს “რიგითების”, პოლიტიკური “საზარბაზნე ხორცის” დიდი ნაწილი დარჩა, არ ნიშნავს, რომ მისი პარტია უფრო ძლიერია.

ადრე სააკაშვილს ცოტა მაინც სჯეროდა ხელისუფლებაში მშვიდობიანი და ლეგიტიმური გზით დაბრუნების, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი გადასვლა “რევოლუციის რელსებზე” გარდაუვალი გახდა. თუ ბოკერიას და პარტიის ზოგიერთ სხვა ლიდერს მისი გადარწმუნება შეეძლო, ახალაიების ჯგუფი, სავარაუდოდ, მის ყველაზე მანიაკურ ინიციატივებსაც კი არ შეეწინააღმდეგება; ბოკერია-უგულავასგან განსხვავებით, ახალაიებს ივანიშვილის მიერ შექმნილ ახალ სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შანსი ნაკლებად აქვთ.

ინტერვიუებიდან თუ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ სააკაშვილს არ ესმის, რა არის ნამდვილი რევოლუცია და რით განსხვავდება ის სპექტაკლისგან, რომელსაც დაინტერესებული ზესახელმწიფო ადგილობრივი ელიტის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად ათამაშებს. ის, რაც 2003 წელს საქართველოში, შემდგომ კი (ორჯერ) უკრაინაში მოხდა, ერთგვარი ერზაც-რევოლუციაა, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია მას რევოლუციის დაწყება მისი პარტიის სრული პოლიტიკური იზოლაციისა და უცხოური მხარდაჭერის არარსებობის პირობებში.

ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ მან დაიწყო ყვრილი ვადამდელ არჩევნებზე და ახალ “მაიდანზე” უკრაინაში, მაგრამ მალევე გაჩუმდა, რადგან დაინახა, რომ იზოლირებულია და ნებისმიერი პროვოკაციული ნაბიჯი შეიძლება ძვირი დაუჯდეს; ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიდელ კასტროს მსგავსი მამაცი მებრძოლი არ არის. ამ გამოუვალმა სიტუაციამ შეიძლება მიიყვანოს სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობამდე, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. ამ შემთხვევაში მისი პარტიის პოლიტიკური პერსპექტივები განულდება და ის ჩამოყალიბდება რაღაც საშუალოდ დანაშაულებრივ დაჯგუფებასა და ტოტალიტარულ სექტას შორის.

ფინიტა ლა ტრაგედია

ყოველივე მომხდარი შეიძლება შეფასდეს, როგორც მიხეილ სააკაშვილის სრული პოლიტიკური კრახი. დღეს ის იმკის იმას, რასაც წლების განმავლობაში თესავდა და ყოფილი თანაპარტიელები, სავარაუდოდ, ისევე დაუნდობლად მოექცევიან, როგორც ის ექცეოდა სხვებს. “მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი… არ არის ლიდერობის ღირსი. ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას”, _ განაცხადა გიგი უგულავამ (“ინტერპრესნიუსი”).

რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” პერსპექტივებს, აქ მთავარია, მოახერხებს თუ არა ის პოლიტიკური იზოლაციის გარღვევას და ალიანსების შექმნას. ეს კი, თავის მხრივ, დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა მისი ლიდერები დისტანცირებას 2003_12 წლებში რეჟიმის მიერ ჩადენილი ბოროტებისგან. მათთვის, ვინც წინა ხელისუფლებას ებრძოდა, ნეონაცები სამუდამოდ დარჩებიან სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეებად, ამიტომ მთავარ მიზნობრივ ჯგუფებად “ევროპული საქართველო”, “ძველი ნაცმოძრაობის” მხარდამჭერების გარდა, სავარაუდოდ, განიხილავს ე.წ. შუაშისტებს, რომლებიც 2012-შიც მზად იყვნენ, ყველაფერი დაევიწყებინათ და ამისთვის მხოლოდ საბაბს ეძებდნენ (“ევროპული საქართველოს” შექმნა სწორედ ასეთი საბაბია) და ის ახალგაზრდები, რომლებიც ნაკლებად აცნობიერებენ, რა ხდებოდა 2012 წლამდე. ეს პარტია, სავარაუდოდ, შეეცდება მკვეთრად ანტირუსული პოზიცია დაიკავოს და ხელისუფლებას ამ მხრიდან შეუტიოს. ყველაზე საინტერესო, ტაქტიკური თვალსაზრისით, იქნება მათი ურთიერთდამოკიდებულება გიორგი მარგველაშვილსა და დავით უსუფაშვილთან (ალასანია ავანსცენაზე, სავარაუდოდ, ჯერ არ დაბრუნდება) და იმ ჯგუფებთან, რომლებიც მათ უკან განიხილება. ერთი შეხედვით, ისინი კონკურენტები არიან და ამომრჩევლებზე ერთსა და იმავე ნიშაში “ნადირობენ”. მაგრამ ამ ლიდერებს იდეოლოგიური სიახლოვე, ძველი მეგობრობა და ერთი და იგივე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა აკავშირებს.

მათ მიერ ალიანსის შექმნა ჯერჯერობით ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს, ალბათ, მაინც მოუწევს თავის დაზღვევა და პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, ეს საფრთხე რომ გაანეიტრალოს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები არც ისე მრისხანედ გამოიყურებიან, მათ ალიანსს ექნება სერიოზული პოტენციალი, უცხოეთში მძლავრი მოკავშირეები მოძებნოს. ივანიშვილი, ალბათ, შეეცდება, ისინი ერთმანეთს დაუპირისპიროს და ამისთვის, უპირველესად, დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ამბიციებს გამოიყენებს. ჯერჯერობით ძნელია იმის პროგნოზირება, რა გამოუვა ამ მიმართულებით ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ წინააღმდეგობებზე თამაში მას კარგად გამოსდის და “ნაცმოძრაობის” დაშლა ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერების გავლენა ახალ პარტიაში დაუბალანსებელია, ის შეკრულ და “ჩაბეტონებულ” ერთობას არ წარმოადგენს. ასე რომ, მის შიგნითაც შეიძლება ფრიად დრამატული კონკურენცია განვითარდეს. თუმცა ახალი პოლიტიკური გაერთიანების ყველაზე სერიოზული მტერი, ალბათ, მიხეილ სააკაშვილი იქნება, რომელიც, სავარაუდოდ, არ მოისვენებს, სანამ “ღალატისთვის” შურს არ იძიებს.

საქართველო და მსოფლიო“, 18 იანვარი, 2017 წელი

300 ლარად მოჭრილი საკუთარი თავი და ქვეყანა

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

(შემოკლებით)

(…)

აშშ-ს ჰეგემონისტური პოლიტიკიდან გამომდინარე 25-წლიანმა ანტირუსულმა ისტერიამ, რასაც ჩვენში აქვს ადგილი, გადააგვარა ხალხის აზროვნება, დაავიწყა მას ყველა სიკეთე, რასაც უდავოდ ჰქონდა ადგილი 2 ქვეყნის საუკუნოვან ისტორიაში. შეგნებულად წინ წამოსწია მეორეხარისხოვანი საკითხები, ხშირ შემთხვევაში თითიდან გამოწოვილი და ერთ დროს მფარველი, მართლმადიდებელი ქვეყანა და ხალხი დაუძინებელ მტრად გადააქცია.

ის, რაც საქართველოს ე.წ. დასავლეთმა დამართა, სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან გაცილებით მეტი, ერთ სისხლსა და ხორცს უკრაინას და უკრაინელს არგუნა, გადაჰკიდა რა რუსეთს, როგორც მოსისხლე მტერი.

უკრაინელთა ტრანსფორმაცია ძვირი დაუჯდა აშშ-ს, მათივე განცხადებით 5 მილიარდი დოლარი. არანაკლები მილიარდები დაიხარჯა სხვა არამდგრადი პოსტსაბჭოთა ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას გადასაგვარებლად. მაგრამ ეს უკანასკნელი, როგორც იქნა გამოფხიზლდა. ახალმა პრეზიდენტმა, პრეზიდენტობის პირველსავე დღეს ევროკავშირის დროშა ჩამოახსნევინა პრეზიდენტის სასახლიდან. გამოფხიზლებული მოლდოვა რუსეთთან დამოკიდებულების კარდინალური შეცვლის მომხრეა, ცხადია უკეთესობისკენ, ვინაიდან მისი და მოლდოველთა აზრით (67%) მხოლოდ რუსეთს, დსთ-ს, ევრაზიულ კავშირს ძალუძს იხსნას მოლდოვა სიღატაკისგან.

არადა მოლდოვას ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა საქართველოსთვის დასაწუნი არ არის. მოლდოვა რახანია სარგებლობს ვიზალიბერალიზაციით, თუმცა დიდი ვერაფერი შესძინა ამ საქმემ მას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას დახმარებას ევროკავშირის წევრი და სისხლით ნათესავი რუმინეთი უწევს. საქართველოს ვინ ჰყავს, ვინ გაუწევს დახმარებას, ვინ ამოუდგება გვერდში განსაცდელის ჟამს?

არც შორეული და არც ახლო მეზობელი, მონათესავე ერი ქვეყანას არ ჰყავს. პირიქით, მეზობლებს უპირველესად ჩვენი მიწისკენ უჭირავთ თვალი. ისე, როგორც დიდი ერეკლეს დროს, ისევ მართლმადიდებელი, თანაც მძლავრი რუსეთი თუ ჩაითვლება ასეთად, რაც არაერთხელ დამტკიცდა 200-წლიანი ურთიერთობის დროს.

ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო კარგიც და ცუდიც, რაც არ არის გასაკვირი, რამეთუ იშვიათად მოიძებნება ოჯახი, რომელსაც საოჯახო პრობლემები, დაძაბულობა არ ჰქონდეს. სახელმწიფო კი ათასობით ოჯახისგან შედგება. მიუხედავად ამისა სიმართლის სასწორზე შემოდებული 2 ქვეყნის ურთიერთობის ისტორია დადებითისკენ გადაიხრება. უფრო მეტიც, რომც არ იხრებოდეს ქართველმა, თავისი გონიერებით, დიპლომატიური ალღოთი და ქმედებით უნდა გადახაროს, ისე, როგორც ეს გააკეთა თავის დროზე ფინელმა ხალხმა. ჩვენ რას ვაკეთებთ?

ნაცვლად გონივრული ქცევისა, გონგამოცლილი, ქარაფშუტა ადამიანივით ვიქცევით. ვითომდა პატრიოტული გულანთებულობით შეპყრობილნი ვლანძღავთ და ვაგინებთ ერს, რაც ნებისმიერ საზოგადოებაში დაუშვებელია; ვაღვივებთ ერთაშორის სიძულვილს, რაც ასევე დაუშვებელია და კანონით ისჯება – აბუჩად ვიგდებთ ჩვენსავე კონსტიტუციას, სადაც (პრეამბულა) გარკვევით წერია: „განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა“. ამ „სხვა ხალხებში“ რუსი არ შედის? ან რას გვაძლევს ამ ქვეყნის ხალხის და ხელისუფლების ლანძღვა-გინება და საკუთარი ხალხის რუსეთის წინააღმდეგ მიქსევა?

მსგავსი ექსპერიმენტი ცუდათ გვაქვს დაცდილი, მაგრამ ვის ანაღვლებს ეს? იმას ნამდვილად არა, ვინც ღვარძლით აღსავსე სტატიას აქვეყნებს 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. მისი სახელი და გვარი უცნობია პოლიტოლოგიისთვის – არაფრის მთქმელი (ირაკლი ბოკუჩავა). სტატიას ასეთი სათაური აქვს – „არა განაძღო!“.

ჩემის მხრიდან აღნიშნულ „ნაშრომზე“ გამოხმაურება უდავოდ რეკლამაა მისთვის, მაგრამ მაინც გადავწყვიტე გზააბნეული კაცისთვის შემეხსენებინა, რომ ქუჩურ ჭორებზე დაყრდნობით შეთხზული და 300 ლარად გაზეთში დაბეჭდილი სტატია, ნამდვილად ხელს უშლის ქვეყნის აწმყოს და მომავალს.

ისე ნუ გამიგებს პატივცემული ავტორი, თითქოს მისი სტატია არის ერის სანთელ-საკმეველი – არამცდაარამც, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმემ წაიკითხოს, ისე, როგორც მე და ცრუ ფაქტები ნამდვილად ჩათვალოს?

მკითხველი იკითხავს – მაინც რას წერს ეს ავტორი ასეთსო?

მოგახსენებთ. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა და პარტნიორებმა არ იციან და არც ადრე იცოდნენ, ვისთან გვაქვს საქმე რუსის სახით.“ – ავტორის ეს მოსაზრება ძირშივე თხრის აშშ-ს მთელ რიგ საიდუმლო თუ არასაიდუმლო სამსახურებსა და კვლევით ცენტრებს, რომლებიც სწავლობდნენ და სწავლობენ მეფის რუსეთს, საბჭოთა კავშირსა და დღევანდელ ქვეყანას. ამ თემაზე ათასობით სტატია, ბროშურა, თხელ თუ სქელტანიანი წიგნებია გამოცემული, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი ის, რაზეც წერილის ავტორი წერს. ასე, რომ დარდი ნუ აქვს ავტორს დასავლეთმა მასზე უკეთესად იცის, რა არის რუსეთი.

„დადგა დრო, რომ ამიერკავკასიაში ქართველების შემოთესლილი ჭირი ქართველებმავე გავაძევოთ და ამისთვის ვიხდით კიდევაც საფასურს“. მთლად დაწყობილი წინადადება არ არის, მაგრამ აზრი გამოკვეთილია ანუ მოწოდება – „ამიერკავკასიაში ქართველების შემოთესლილი ჭირი ქართველებმავე გავაძევოთო.“

კეთილი, გავაძევოთ, მაგრამ რა ძალა გვაქვს ისეთი, გასაძევებლად? რის გამაძევებლები ვართ – ჩვენივე მიწიდან გაძევებულებს? ეკონომიკურმა „კეთილდღეობამ“ გაგვაძევა ჩვენ საკუთარი ქვეყნიდან და ბინა სხვა ქვეყნებში დაგვიდო, მათ შორის რუსეთში, სადაც უცხოეთში მცხოვრები ქართველების უდიდესი უმრავლესობა ცხოვრობს.

თავის დროზე ქართველებმა შესაძლოა ხელი შევუწყვეთ ამიერკავკასიაში რუსეთის შემოსვლას, მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, რუსეთი მაინც შემოვიდოდა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, შევარდნაძეს რომ თავი მოაბეზრეს – საქართველოში ჩამოგიყვანეთო და მანაც გაბრაზებულმა თქვა – არვის ჩამოუყვანივარ, მე თვითონ ჩამოვედიო.

„ოსმალო-სპარსეთისგან დანაწევრებული საქართველოს ერთი ნაწილის, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე დებენ ტრაქტატს, რომლის თანახმად საქართველო და რუსეთი ატარებენ ერთიან საგარეო პოლიტიკას, ხოლო საქართველო ინარჩუნებს თავის შიდა მოწყობას – სამეფოს, სასამართლოს და ა.შ“, – წერს ავტორი.

ვნახოთ რას ამბობს ტრაქტატი: „არა აქვნდეს მიწერ-მოწერაი გარემოთა მფლობელთა მიმართ. ხოლო ოდეს-იგი მოვალნ მათ მიერ დესპანნი ანუ წერილნი, ჰყოფს განზრახვასა უპირველესისა მიმართ მესაზღვრისა მთავრისა და მინისტრისა მისისა იმპერატორების დიდებულებისასა უკუნ ქცევისათვის დესპანთასა და შესაფერისათვის სიტყვის-გებისა მფლობელთა მათ მიერ.

… обещает его светлость без предварительного  соглашения  с главным пограничным начальником и министром е.и.в. (ее императорское величество),  при нем аккредитуемым,  не  иметь  сношения  с окрестными  владетелями.  А  когда  от  них  приедут посланцы или присланы  будут  письма,  оные  принимая,  советовать  с  главным пограничным  начальником  и  с  министром  е.и.в.,  о возвращении таковых посланцев и о надлежащей их владетелям отповеди“.

ტრაქტატის მეოთხე არტიკულის მიხედვით, საქართველოს არ აქვს უფლება აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო ურთიერთკავშირები იმპერატორის წარმომადგენლებთან შეუთანხმებლად. რუსეთის იმპერიის პრეროგატივაა საგარეო პოლიტიკა და არა ქართლ-კახეთის ხელმწიფის. ტრაქტატის მიხედვით, რუსეთს არავითარი საგარეო ფუნქციები არ ჩამოურთმევია. საქართველოსთვის ის ტრაქტატითვე იყო განსაზღვრული.

ავტორი გვახსენებს რუსეთის მიერ, ტრაქტატის საწინააღმდეგოდ, საქართველოს კუთხეების მიერთებას – იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, აფხაზეთის, აჭარის.

დიახ! ამას ჰქონდა ადგილი და რუსეთის ქმედებას უდავოდ პოზიტიურად ვერ განიხილავთ, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა საქართველო, რუსეთის იმპერიის ადგილზე? ცალ-ცალკე დაუწყებდა თავზე ხელის გადასმას, მეფობას მოწყურებულ ქართველობას? რამდენი მეფე ან მთავარი უნდა ყოფილიყო ერთიციცქნა საქართველოში? რამდენ მათგანთან უნდა დაედო რუსეთის იმპერიას ტრაქტატი?

რუსეთმა აირჩია ის გზა, რასაც გაცილებით მასზე დემოკრატიული ევროპის ქვეყნები ადგნენ. რუსეთის შემოსვლამ ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოში, საერთო ჯამში, უდავოდ პოზიტიურად იმოქმედა საქართველოზე. სამხრეთელი მუსლიმანური ქვეყნებისგან და ჩრდილო კავკასიის ხალხების თავდასხმებისგან შეწუხებულმა ქვეყანამ ამოისუნთქა, გამრავლდა, წელში გაიმართა ეკონომიკურად, სოციალურად, კულტურულად.

არც ერთ იმჟამინდელ იმპერიას არ მოუტანია მიერთებული ქვეყნებისა და ხალხებისთვის იმდენი პოზიტიური, რამდენიც რუსეთის იმპერიამ. ეს ტენდენცია საბჭოთა წყობილების დროსაც გაგრძელდა. საქართველო გახდა საბჭოთა კავშირის სანიმუშო რესპუბლიკა.

საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ადგილი არ ჰქონია ისეთ ყოველმხრივ განვითარებას, როგორსაც საბჭოთა პერიოდში. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. მარტო ქვეყნის მოსახლეობის ზრდა რად ღირს. 1977 წელს 5 მილიონი მოსახლე დაფიქსირდა საქართველოში, მაშინ როდესაც 80 წლით ადრე სულ მილიონნახევარი იყო. ცუდი ცხოვრება არ იძლევა დემოგრაფიულ ზრდას.

საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ქვეყნის მოსახლეობა 5,5 მილიონს შეადგენდა. რა მდგომარეობაა დღეს ე.წ. დამოუკიდებლად არსებობის ჟამს ყველამ კარგად ვიცით და ყურადღებას არ გავამახვილებ.

„დაუძლურებულმა დემოტრატმა“ იმპერატორმა ელცინმა ტახტი უცნობ, უპატრონოთა თავშესაფარში გაზრდილ სუკის პოლკოვნიკ ვლადიმერ პუტინს გადასცა. ამ დროისთვის რუსეთში თითქმის ანარქია სუფევდა, დემოკრატიულობაზე ეს ხალხი ვერა და ვერ აიცრა. როგორია „დემოკრატი“ იმპერატორი და დემოკრატიის მოძულე ხალხი“, – წერს ავტორი და თავისი „შედევრით“ შხამს ანთხევს როგორც რუს ხალხზე, ისე მის პრეზიდენტზე.

პუტინის უპატრონოთა თავშესაფარში აღზრდა უდავოდ ჰგავს პუტინის დედის კასპელობას, ერთ დროს რომ ჭორიკანა პირები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ. პუტინის შესახებ არაერთი წიგნია გამოცემული, როგორც რუსი, ისე უცხოელი ავტორების მიერ, სადაც მსგავსი „თავშესაფარი“ არსად წერია. რა ჰქვია ამას, თუ არა ბოროტი ტყუილი?

„ივანე მრისხანედან მოყოლებული … არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ომი და დაპყრობაა მათი დამოკიდებულების ამოსავალი წერტილი მეზობლებთან ურთიერთობაში.“ – წერს ავტორი და არაფრად აგდებს რეალობას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს არც ერთი, უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის) ტერიტორია არ დაუპყრია, თუ არ ჩავთვლით საქართველოს, რომელსაც თავისი ახსნა აქვს და ეს ახსნა მარტივია, თანაც ევროკავშირის სპეცკომისიის მიერ დამტკიცებული. მას საქართველოს აგრესია ჰქვია – საკუთარ ხალხზე, რუს მშვიდობისმყოფელთა მუხანათური ლიკვიდაცია ქართველი კოლეგების მიერ, ომამდე არაერთი პროვოკაციული აქტის მოწყობა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რუსეთის გასაშავებლად და ასე შემდეგ.

სადამდე უნდა დამალოს თავი ქვიშაში ზოგიერთმა ავტორის მსგავსმა „პატრიოტმა“ და სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული რუსეთს გადააბრალოს? ამ კატეგორიის ხალხთან ფაქტებითაც ჭირს ლაპარაკი, რამეთუ მათთვის აპრიორი რუსეთი აგრესორი და დამნაშავეა. არ იქნებოდა სააკაშვილის მიერ მძინარე ცხინვალზე გახსნილი ცეცხლი და არ იქნებოდა რუსეთის მიერ ომში ჩართვა. არ იქნებოდა სააკაშვილის მიერ მედვედევ-სარკოზის შემუშავებული ხელშეკრულებიდან უაღრესად მნიშვნელოვანი პუნქტის ამოღება (მოლაპარაკების დაწყება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსასაზღვრავად) და არ იქნებოდა რუსეთის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად მათი აღიარება.

ომის შემდეგ სააკაშვილის მიერ გაკეთებულმა ისტერიულმა და აგრესიულმა განცხადებებმა – განდგომილი ყოფილი ავტონომიების ძალით დაბრუნებასთან დაკავშირებით, გამოიწვია რუსეთის მხრიდან მათი დამოუკიდებლობის  აღიარება. სააკაშვილმა დააგვირგვინა საქართველოს დანაწევრების პროცესი, რომელიც შევარდნაძემ 1992 წელს, თბილის-სოხუმის რკინიგზის მაგისტრალის დაცვის საბაბით, საბრძოლო მოქმედებათა თეატრად აქცია.

ქვეყნებს ახასიათებთ საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება. ხშირ შემთხვევაში მსგავსი ქმედება მხოლოდ საშინაო მოხმარებისთვის თუ გამოდგება და არა საერთაშორისო სარბიელისთვის. საერთაშორისო პოლიტიკურმა არენამ რახანია საქართველო ომისდამწყებად ცნო. ეუთოს ეგიდით მყოფი რუს მშვიდობისმყოფელთა მხოცველად, რითაც უხეშად დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება.

ავტორს ვურჩევ ისრაელელი პუბლიცისტის ლევ გუნინის ნაშრომის წაკითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სადაც უდიდესი სიზუსტით არის გადმოცემული ომამდელი, ომის დროინდელი და შემდგომი ვითარება. და კიდევ ერთი რამ. წამით წარმოვიდგინოთ, რას მოიმოქმედებდა „დემოკრატი“ აშშ-ი, მექსიკას რომ გაებედა მისთვის ის, რაც საქართველომ გაუბედა რუსეთს?!

ავტორს ჩეჩნეთის ისტორიაც მოჰყავს: „გახსოვთ ალბათ მეორე ჩეჩნური ომის წინ (მოსკოვმა) საცხოვრებელი სახლები ააფეთქა მოსკოვსა და რიაზანში. ასობით უდანაშაულო რუსი დაიღუპა. ეს ჩეჩნებს დააბრალა და დაიწყო ომი.“

შენ დაუკარ. „ვეთაყვანებოდი“ ავტორის კონსპიროლოგიურ მოსაზრებას, სრული აბსურდი და გადაქანებული აზროვნება რომ არ იყოს. კიროვის ბაღის ჭორიკნობის დონეზე პოლიტიკური მოვლენების „გაანალიზება“ – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

მოსკოვის „ბოროტი ქმედების“ ავტორისეული შეფასება უდავოდ ჰგავს აშშ-ში ცნობილი ტერაქტების ბუშზე გადაბრალებას, თითქოს მან მოაწყო ტერაქტები ერაყზე და ავღანეთზე იერიშის მისატანად.

„რუსეთი ვერასდროს ეგუებოდა და ვერც ახლა ეგუება ერთხელ დაპყრობილი მიწის დაკარგვას“, – წერს ავტორი და ავიწყდება, რომ რუსეთმა საკუთარი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი, დიდი ქალაქის ხარკოვის ჩათვლით, უკრაინას გადასცა. ამ აქტს ლენინის დროს ჰქონდა ადგილი. რუსეთის იმპერიის ნაწილს ფინეთს კი დამოუკიდებლობა არგუნა. უფრო მეტიც, ხრუშჩოვის ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებით იმავე უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული „უფეშქაშა“. და რომ არა დღევანდელი ფაშისტური უკრაინის მხრიდან, საკუთარი მოსახლეობის ანტირუსული შევიწროება, ყირიმში არავითარ რეფერენდუმს ადგილი არ ექნებოდა. არც ყირიმელები მოითხოვდნენ დედა სამშობლოში დაბრუნებას.

რომ არა რუსეთი და მისი პოლიტიკური ელიტა, ვინ დაშლიდა  საბჭოთა კავშირს?! საბჭოთა კავშირი სწორედ ცენტრიდან დაიშალა, რითაც რუსეთს უდიდესი ზარალი მიადგა. მანამდე კი რუსეთმა სოციალისტური ბანაკი დაშალა და თვალი დახუჭა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე.

ვინც პოლიტიკაშია ჩახედული და არ არის აყოლილი დასავლურ ანტირუსულ პროპაგანდას, მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთი დაკარგულს არ მისტირის. ერთადერთს, რასაც ითხოვს – ამ ქვეყნების ტერიტორიები არ გადაიქცეს ნატოს ჯარების პლაცდარმად, რაც უდავოდ დაარღვევს მსოფლიოში არსებულ ძალთა ბალანსს. ძალთა ბალანსის დარღვევა კი ომს ნიშნავს. ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს შორდება ავტორის მოსაზრება რუსეთის ინტელიგენციასთან დაკავშირებით. აი, რას წერს ის: „ხარობს მთელი რუსეთი თავის „ინელიგენციანად“, რომელიც ორი საუკუნის მანძილზე დაეთრეოდა საქართველოში, გულუბრყვილო მასპინძლების ხარჯზე ძღებოდა და თვრებოდა, მერე ზოგი გვაგინებდა, ზოგიც მომავალში კიდევ გაძღომის იმედით გვაქებდა“.

ეს მოსაზრება ვგონებ კომენტარსაც არ საჭიროებს, იმდენად ზუსტად გადმოსცემს ავტორის შეზღუდულ გონებას, სიხარბეს, ანჩხლი დედაკაცის წამოყვედრებას, რასაც თბილისის ძველ ეზოებშიც აღარ აქვს ადგილი. უფრთხილდით ბატონებო მას. არ ესტუმროთ სახლში, თორემ თქვენც ისე გამოგთათხავთ, როგორც რუს „ინტელიგენტს“. ვაი, ჩვენს თავს! ვერ ვიფიქრებდი, რომ სტუმარ-მასპინძლობით ცნობილ საქართველოში ავტორის მსგავსი ადამიანიც იქნებოდა, რომელიც თავშეუკავებლად, გაზეთის ფურცლებზე საკუთარი ქვეყნის სახელგანთქმულ მასპინძლობას მიაყენებდა შეურაცხყოფას და სტუმარს ლუკმა-პურს დაამადლიდა. მაინც, რამდენად შეიძლება გადაგვარდეს ადამიანი?!

ავტორის „შემოქმედებაში“ უამრავი უმადურობის, ფალსიფიკაციის, დაყვედრების მომენტია, ორღობის ჭორიკნობის შესაფერისი. ირაკლი, ვაშა თქვენს მარჯვენას. ამ „ნაშრომით“ გამოგვაფხიზლეთ. 300 ლარად (ამდენი გადაუხადა მან გაზეთს) მოჭრილი საკუთარი თავი ჰქვია ამ „შემოქმედებას“, რომელიც არამარტო ავტორს ჭრის თავს, ქვეყანასაც, რაც შემაშფოთებელია.

————————-

„ახალი თაობა“, 18 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ბესო დანელიასთან: „ვანო მერაბიშვილის გამოშვება ხელისუფლებისთვის ცუდად დამთავრდება“ // „ქვეყანაში ეროვნული უძრაობის ხანამ დაისადგურა

შეეგუება თუ არა მოსახლეობა შერჩევით სამართალს, როდის არბევდა გიგი უგულავა ოპოზიციის აქციებს, როდემდე გაგრძელდება ქვეყანაში უძრაობის ხანა? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება.

ბესო დანელია:

- ქვეყანაში არის ეროვნული უძრაობის ხანა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პოლიტიკური ამინდი მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შექმნას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებს ერთ ძალად მივიჩნევ და მათ ნაციონალურ ოცნებას ვეძახი. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მათ ერთად ყოფნაში ის ხალხიც კი დაარწმუნა, რომლებიც პოლიტიკაში ასე ღრმად არ იყვნენ ჩახედული.

ბიუჯეტის 48 მილიონის ქურდის, გიგი უგულავას, ციხიდან გამოშვება ამაზრზენი საქციელია. გარდა იმისა, რომ ხალხის ფული მიითვისა, მას კიდევ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. დასუფთავების სამსახურის მანქანებში სვამდა „ნაციონალების“ ზონდერებს, რომლებიც აქციებს არბევდნენ.

- 2009 წლის აქციების დარბევა გაქვთ მხედველობაში?

- კი, ბატონო. ამ აქციების ორგანიზატორი ჩვენი პარტია იყო. იმ პერიოდში რუსთაველზე საკნების ქალაქი იყო გაშლილი. მერია იქაურობის დასუფთავებაზე უარს ამბობდა და ჩვენ ვალაგებდით დედაქალაქის მთავარ ქუჩას. ერთ საღამოსაც მოვიდნენ დასუფთავების სამსახურის მანქანები, რომლებშიც დასუფთავების სამსახურის ფორმაში გამოწყობილი ხალხი იჯდა. მათი გამოჩენა გაგვიხარდა, გვეგონა, რომ დასალაგებლად მოვიდნენ. ისინი გადმოხტნენ მანქანებიდან და ხალხის ცემა დაიწყეს. მათ არც ქალები დაინდეს. ამ ყველაფრის უკან გიგი უგულავა იდგა. იმაზე არავინ დავობს, რომ ის ხელისუფლებამ რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოუშვა. ცუდი ის არის, რომ მკვიდრდება შერჩევითი სამართალი. 48 მილიონის ქურდი წელიწადსა და 3 თვეში გამოუშვეს. ამ დროს 4 შვილის დედა, თეა სირაძე, რომელსაც ბევრად ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი და რომლის გამოშვებასაც მთელი საქართველო ითხოვს, პატიმრობაში რჩება.

ხელისუფლებას კიდევ უფრო მართვადი ოპოზიციის შექმნა რომ არ დასჭირვებოდა, უგულავა ისევ ციხეში იჯდებოდა.

- თქვენი აზრით, გიგი უგულავას ფრთა კიდევ უფრო მართული ოპოზიცია იქნება?

- ასე იქნება. ეს ძალა კულუარული მმართველობის სინდიკატის შემადგენელი ნაწილი გახდა. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ პოლიტიკური ძალების გასაქრობად, უნდათ, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტია – „ნაციონალური ოცნება“ დარჩეს. მიზანი სანახევროდ მიღწეულია და, დემოკრატიული მოძრაობის გარდა, თითქმის ყველა დაიშალა. ზოგი კულუარული მმართველის დაქვემდებარებაში გადავიდა. ამან ეროვნული უძრაობა მოიტანა და საქართველო თურქმენიზაციისკენ მიდის, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. ამის პარალელურად, ჩვენმა ეკონომიკამ კოლაფსი განიცადა. კრიმინოგენური ვითარება საერთოდ კატასტროფულია. ბოლო 1 კვირის განმავლობაში თბილისში 5 მკვლელობა მოხდა. მძიმე ვითარებაა რეგიონებშიც. რამდენიმე დღის წინ გორში ჩვენი პარტიის აქტიური მხარდამჭერი, ბიზნესმენი გურამ გოგიჩაიშვილი თავში საკონტროლო გასროლით მოკლეს.

- ეს მკვლელობა პოლიტიკურია თუ ბიზნესს უკავშირდება?

- ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვით. ამას გამოძიება დაადგენს. ფაქტი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს დღისით-მზისით ხოცავენ. ხალხს უკვე ეშინია ქუჩაში გამოსვლის. ნაციონალების დროს თუ 1 დამნაშავის დასაჭერად 10 უდანაშაულოს იჭერდნენ, ესენი ისეთი უმოქმედოები არიან, რომ ვერავის იჭერენ. მათ ვერცერთი გახმაურებული მკვლელობა ვერ გამოიძიეს. არ არის გამოძიებული 26 მაისის საქმე, არ არის გამოძიებული ბესიკ ხარძიანის მკვლელობა, არ არის გამოძიებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, არ არის გამოძიებული პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა. ეს საზარელი მკვლელობა როგორც „ოცნებისთვის“, ასევე ნაციონალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციების საგანი იყო. როგორც უკვე გითხარით, მარტო ბოლო 1 კვირაში თბილისში 5 მკვლელობა მოხდა. ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო აუქმებს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას. ეს არის დანაშაულებრივი ხაზის გატარება და ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება და ის პატარ-პატარა დემოკრატიული ნიშნებიც კი ქრება, რომლებიც აქამდე არსებობდა.

- ბევრი ამაში არ დაგეთანხმებათ. ყველაფრის მიუხედავად, ხალხის ნაწილი ამბობს, რომ ახლა გაცილებით თავისუფლად სუნთქავენ...

- ეს მათი ნებაა. ისიც მომისმენია, რომ, „ნაციონალებისგან“ განსხვავებით, „ოცნება“ ხალხს ქუჩაში არ ხვრეტს. ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს არ არის დემოკრატია და ნაციონალების წინააღმდეგ მხოლოდ ამისთვის არ გვიბრძოლია. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გავჩერდებით და დემოკრატიისთვის ვიბრძოლებთ. არც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს დავტოვებთ უყურადღებოდ. შეუძლებელია იმის ყურება, ადამიანები ნაგვის ურნებში როგორ ეძებენ საკვებს. ამ მძიმე სიტუაციაში ხელისუფლება სრულიად უუნაროა და მათ მხოლოდ კომბლეს პერსონაჟი აწუხებთ. ამ დროს ვიღაც დეპუტატი გამოდის და მოითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილის სურათი ყველასთან უნდა ეკიდოს.

- მოდით, ისევ უგულავას გათავისუფლებას დავუბრუნდეთ. მისი თანაგუნდელი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მალე ვანო მერაბიშვილიც გამოვა ციხიდან. თქვენი აზრით, ხალხი მის გათავისუფლებას ისევე მშვიდად შეხვდება, როგორც ეს გიგი უგულავას შემთხვევაში მოხდა?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ უგულავას გამოსვლას საზოგადოება მშვიდად შეხვდა. ხალხთან ხშირად მიწევს შეხვედრები და უგულავას გათავისუფლების გამო უკიდურესად არიან შეშფოთებული. რაც შეეხება მერაბიშვილს, მან ციხეში ათწლეულები უნდა გაატაროს. ამხელა სასჯელის მისაღებად მარტო 26 მაისის დარბევაა საკმარისი. მას პასუხი არ უგია ნიკუშა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის მკვლელობაზე. ეს ბიჭები 26 მაისის ღამეს ცემითა და წამებით მოკლეს და შემდეგ ჯიხურის თავზე შემოალაგეს, თითქოს დენის დარტყმით დაიღუპნენ. ვანო მერაბიშვილს პასუხი არც სხვა მკვლელობებზე უგია, არც ასეულობით ადამიანის დასახიჩრებაზე აკისრებენ სასჯელს. არადა, მას უამრავი სისხლიანი დარბევა აქვს მოწყობილი. ყოფილ შს მინისტრს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. პოლიტიკური დაინტერესების შემთხვევაში, მასაც უპრობლემოდ გამოუშვებენ ციხიდან. არ გამოვრიცხავ, მასთან ერთად სხვა დამნაშავეებიც გამოუშვან.

- ხალხი ამას როგორ შეხვდება?

- ძალიან ცუდად. ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს, რომ მერაბიშვილის გათავისუფლება მისთვის ცუდად დამთავრდება. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ხალხს კომბლების რევოლუციისკენ უბიძგებენ და მართლა მიიღებენ კომბლების რევოლუციას.

„ახალი თაობა“, 18 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „რუსები ცდილობენ, გაყოფილ-გამრავლებული ნაციონალებიდასავლეთში ჩანერგონ” // „ვნახავ, ვინ დარჩება ბოლოს გაღიმებული

რატომ უთხრეს გენერლობის მინიჭებაზე უარი, რას აპროტესტებენ ჩუმად „ოცნების“ დეპუტატები, რა გეგმა შეიმუშავეს უცხოურმა სპეცსამსახურებმა ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რა დანაპირები უნდა აუსრულოს ნაციონალებს? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება.

ემზარ კვიციანი:

- როდესაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არ ამირჩიეს და ნაციონალ აბესაძეს მიანიჭეს უპირატესობა, ვთქვი, რომ „ოცნება“ და ნაციონალები ერთნი არიან. გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამაში მთელი საქართველო დარწმუნდა. მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად არიან და ერთი ხელით იმართებიან. აქვე ერთი დეტალის დაზუსტებაც მინდა – ნაციონალებთან ერთად ყოფნას „ოცნების“ ყველა დეპუტატს ვერ დავაბრალებ. მათ ნაციონალებთან ზღვარგადასული კოაბიტაცია არ მოსწონთ. პარლამენტის წევრები პარლამენტში ერთმანეთს ვხვდებით, ვესაუბრებით. ამ კერძო საუბრების დროს აფიქსირებენ თავიანთ უკმაყოფილებას. ხმამაღალ განცხადებებს ჯერ ერიდებიან, მაგრამ ამის დროც მოვა.

„ნაციონალების“ გაყოფასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს და ამ პოზიციას ახლა პირველად ვაფიქსირებ საჯაროდ. გაყოფის იდეა ამ პარტიის შემქმნელებისგან მოდის. ნაციონალური მოძრაობის შემქმნელები ცდილობენ, ვითომ ევროპელებად ნაქცევები დასავლეთში ჩანერგონ.

- დასავლეთში ჩანერგვა რა აუცილებელია, ნაცმოძრაობის ორივე ფრთა პროდასავლურად ითვლება...

- პროდასავლურად ითვლებიან, მაგრამ სინამდვილეში რუსეთის მიერ იმართებიან. მე ისინი არაერთხელ გავშიფრე. გაშიფრულმა ნაციონალებმა ტაქტიკა შეცვალეს და გაყოფა გაითამაშეს. საინტერესოა მათი ახალი სახელწოდებაც – „ევროპული საქართველო“. ახლა მათ მიერ მართული მედიასაშუალებები მხოლოდ იმაზე იმუშავებენ, რომ ეს პარტია, როგორც პროდასავლური ძალა, ისე შეფუთონ. საქართველოში, ასე თუ ისე, არიან პროდასავლურად განწყობილი ადამიანები. ამ ვითომ ევროპელების წყალობით კი ისინიც უარყოფითად განეწყობიან ევროპის მიმართ. თავის დროზე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განაწყო. ნაციონალების გაყოფის, გამრავლების, მიმატებისა თუ გამოკლების მიზანია, საქართველომ ევროპისკენ არ გაიხედოს.

ზემოთ რომ გითხარით, „ოცნების“ დეპუტატები უკმაყოფილოენი არიან-მეთქი, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. ბევრი მათგანი იმაზეა გაბრაზებული, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ რომ არ ამირჩიეს.

- ისე, რატომ არ აგირჩიეს მოადგილედ? მიზეზად კვოტების ამოწურვა დაასახელეს, მაგრამ თქვენი ფრაქციის თავმჯდომარე ლომია მზად იყო, თქვენ სასარგებლოდ გადამდგარიყო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან.

- ჩემს არჩევაზე იმიტომ თქვეს უარი, რომ უცხოელებმა დამბლოკეს. უცხოეთის სპეცსამსახურები ჩვენი უშიშროების მეშვეობით ახდენენ ჩემს ბლოკირებას. შევარდნაძის დროს ორჯერ ვიყავი გენერლობაზე წარდგენილი და უშიშროებამ ორჯერვე დამბლოკა. ამის შესახებ პირდაპირ მითხრეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ საქმეშიც უცხოური სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირდაპირ მითხრეს, მოსკოვმა დაგბლოკაო. არადა მაბრალებენ, რომ რუსეთის კაცი ვარ. რუსეთი თავის კაცს არასდროს დაბლოკავდა.

- 2003 წელს სასწავლებლად მიდიოდით ამერიკაში, მაგრამ ბოლო მომენტში უარი გითხრეს. ამაში ვისი ხელი ერია?

- ისევ მოსკოვის. ეს თემაც ძალიან საინტერესოა. 2003 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაავრცელეს ხმები, თითქოს მე არჩევნებში ვაპირებდი მონაწილეობას. ჟურნალისტები ამ თემაზე ხშირად მეკითხებოდნენ, ძალიან შევწუხდი და მათი თავიდან მოშორების მიზნით მოვიტყუე, რომ ამერიკაში მივდიოდი სასწავლებლად. ჩემი ამერიკაში გაგზავნა ამის შემდეგ გადაწყდა და ახლა ამაზე ატეხეთ ამბავი ჟურნალისტებმა. წერდით, ემზარ კვიციანს ამერიკაში იმიტომ აგზავნიან, რომ კოდორის ხეობა რუსებს ჩააბაროსო. ამაზე ბევრი იწერებოდა. სამაგიეროდ, ხმა არავის ამოუღია, როცა 2006 წელს სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნიდან გავეძევებინე.

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ხმა არავის ამოუღია...

- ძალიან ცოტამ ამოიღეთ ამაზე ხმა, სულ რამდენიმე გაზეთი წერდით სიმართლეს. ტელევიზიები საერთოდ დუმდნენ და, თუ რამეს იტყოდნენ, ყველაფერი ჩემი საწინააღმდეგო იყო. წარსულზე დავას აღარ ვაპირებ, რადგან ჩემი სიმართლე მაინც დამტკიცდება, გახსენებით კი ყველამ უნდა გავიხსენოთ რაღაცები. ნაციონალების გაყოფა თუ გამრავლება არის სპექტაკლის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გათამაშდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საარჩევნო კოდექსი გამოსწორდეს. ასეთ შემთხვევაში ნაციონალები ვეღარ მოხვდებიან პარლამენტში.

21 იანვარს საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. ამ სხდომაზე საარჩევნო კოდექსის ცვლილებების საკითხს დავაყენებთ. ეს ცვლილებები თუ არ განხორციელდა, ნაციონალები ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ჩვენი აზრით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ჩარევა ძალიან მკაცრად დაისჯება. ასევე სავალდებულო უნდა გახდეს არჩევნებში მონაწილეობა. ასეთი ცვლილებები თუ შევა, არჩევნების გაყალბების ალბათობა შემცირდება. ასეთი ცვლილებები თავის დროზე რომ შესულიყო ძალაში, შესაძლოა, ნაციონალები პარლამენტში საერთოდ ვერ შესულიყვნენ. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ მათ 500.000 ხმა მიიღეს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ მათ სასარგებლოდ გააყალბა არჩევნები?

- მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ნაციონალებს 500.000 ამომრჩეველი არ ჰყავს. ამის შესახებ მათ ეკა ბესელიამ უკვე ორჯერ მიუთითა. პარლამენტში მოხვედრილმა ნაცებმა ტვინი გაღუნეს, დაუკრეფავში გადავიდნენ. ეკა ვაჟკაცი გოგოა, ვერ მოითმინა მათი თავხედობა და ღიად უთხრა, აბა ერთი კარგად დაფიქრდით, გადალახეთ კი საარჩევნო ბარიერიო? ამაზე მეტი რაღა უნდა ეთქვა, ყველაფერი ნათელია. გაყოფილი თუ გამრავლებული ნაციონალები პარლამენტს მიღმა უნდა დარჩენილიყვნენ, მაგრამ შემოვიდნენ და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ემზადებიან.

- პარლამენტში როცა მოხვდით, ყოფილ ხელისუფლებას საჯაროდ დაჰპირდით, 2006 წლის კოდორის მოვლენებს გამოვიძიებ და დაგიმტკიცებთ, რომ მოღალატეები ხართო. როდის უნდა აუსრულოთ ნაციონალებს დანაპირები?

- აუცილებლად ავუსრულებ ამ დანაპირებს და დოკუმენტებით დავამტკიცებ, რომ ჩამოყალიბებული მოღალატეები არიან. ამ საქმის გამოძიება საქართველოს სწორ გზაზე დააყენებს, ამიტომაც არის, რომ ამ მოვლენების გამოძიება არავის უნდა.

- ვის არ უნდა?

- იმათ არ უნდათ, ვისაც საქართველოს დაღუპვა აქვს განზრახული. წინააღმდეგობა დიდია, მაგრამ წინ მაინც მივიწევთ. ამის დასტურია ჩემი დის, ნორა კვიციანის სასამართლო პროცესი. ეს სასამართლო 20 იანვარს გაიმართება.

- თქვენი და ხომ გაამართლა პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ?

- სასამართლომაც უნდა გაამართლოს. ნორა მართალი ქალია და ამას სასამართლოც დაამტკიცებს. თავის დროზე ჩემი სიმართლე მეც დავამტკიცე, მაგრამ რად გინდა, დამნაშავეები ისევ თავისუფლად დადიან. იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართალმა პური ჭამოს, ხელისუფლებაში ეროვნულად და პატრიოტულად განწყობილი ძალები უნდა მოვიდნენ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ნორმალური საარჩევნო კოდექსი იქნება. საარჩევნო კოდექსზე გელაპარაკებით და ამ მიმართულებით საინტერესო ინიციატივა მაქვს – ამომრჩეველს პარლამენტიდან დეპუტატის გამოწვევის უფლება უნდა ჰქონდეს.

- რა შემთხვევაში უნდა გამოიწვიოს ამომრჩეველმა დეპუტატი?

- იმ შემთხვევაში, თუ ის დანაპირებს არ ასრულებს. ასევე მაქვს ინიციატივა, რომ ის დეპუტატები დაისჯონ, რომლებსაც დანაპირების 30% არ აქვთ შესრულებული.

- რა ფორმით უნდა დაისაჯონ ისინი?

- თაღლითობის მუხლით უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მხოლოდ ასე შევძლებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა თავგასულობის ალაგმვას. ქართველები ცოტა თავისებური ხალხი ვართ და თავისებური კანონები გვჭირდება აზრზე მოსასვლელად.

- აზრზე მოსვლაზე ჩამოვარდა საუბარი და შეეჩვიეთ პარლამენტს? ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ჩიოდით, პროცედურებში ცოტა გვიჭირსო...

- ნელ-ნელა ვეჩვევით. პირველად მოვხვდით პარლამენტში, ზოგიერთებივით იქ კი არ დავბერდით. მე საერთოდ ახალი ვარ პოლიტიკაში. მართალია, რამდენიმე წელი ვიყავი კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული, მთავრობის სხდომებსაც ვესწრებოდი, პარლამენტშიც მივდიოდი, მაგრამ ეს არ იყო პოლიტიკა.

- რატომ მიიჩნევთ, რომ ეს არ იყო პოლიტიკა?

- იმიტომ, რომ მაშინ ჩემი საქმე ხეობის დაცვა იყო. ამას ძალიან კარგად ვაკეთებდი. ლაპარაკი დიდად არ მეხერხებოდა, ემოციური კაცი ვარ და შეიძლება, ხანდახან სიტყვები მავიწყდება. პარლამენტში ამ მხრივ კიდევ უფრო ვიძაბები, მაგრამ არ გავჩუმდები.

ჩემთვის ცნობილია, რომ უცხოურმა სპეცსამსახურებმა შექმნეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც აქტიურ პოლიტიკოსებს უსაფრდება. რაღაც ფრაზას დაიჭერენ და იმას სასაცილოდ ატრიალებენ. ბევრი პოლიტიკოსი ამის გამო ხმის ამოღებას ერიდება. მე და პატრიოტთა ალიანსი ასეთი იაფფასიანი თემებით არ შევშინდებით. კიდევ ბევრ განცხადებას გავაკეთებთ, ვიტყვით ჩვენი ხალხის სათქმელს და ამასობაში ენასაც კარგად ავილესავთ. სპეცსამსახურებმა კი იცინონ და ვნახავთ, ბოლოს ვინ დარჩება გაღიმებული.

„ახალი თაობა“, 18 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გაზპრომთან დაკავშირებული ვნებათაღელვა გაუგებარია

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრობენ გაზპრომთან დადებული ხელშეკრულებით, მაშინ როცა თბილისიდან 60 კილომეტრში რუსული ჯარი დგას.

- ბატონო რამაზ, პრეზიდენტმა გაზპრომთან მიღწეულ შეთანხმებაზე განაცხადა, რომ ენერგოსექტორი გაუარესდა, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები კი დაზიანდა. 2015 წელს, როდესაც გაზპრომთან ახალ ხელშეკრულებაზე იყო საუბარი, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ამ საკითხმა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- სწორედ 2015 წელს, გაზპრომთან მოლაპარაკებების დროს, მინისტრი კალაძე საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს ხვდებოდა და არსებულ სიტუაციას აცნობდა. ერთ-ერთ ასეთ საზოგადოებრივ შეხვედრაზე მეც გახლდით მიწვეული. იმ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ, მიიღებს თუ არა საქართველო ისეთ თანხას, რომლითაც ის შეძლებდა გაზის ყიდვას. იმ შეხვედრაზე არც კი დამდგარა საკითხი ნატურით აღებაზე. საუბარი იყო ფასზე, რამდენად ადეკვატური იქნებოდა ეს ფასი. არა მხოლოდ კახა კალაძე, არამედ სამინისტროს პროფესიული ნაწილი გვიხსნიდა, რომ ევროპაც გვაძლევს რეკომენდაციას, ანგარიშსწორება იყოს ცივილიზებული ფორმით, ანუ არა ნატურით, არამედ ფულით. მაშინაც საუბარი იყო არა ნედლეულზე, არამედ თანხაზე, თანხის იმ ოდენობაზე, რომელიც იქნებოდა ადეკვატური. მართალია, ხელშეკრულების ეს ნაწილი გასაიდუმლოებულია და ზუსტად არ ვიცით, რა თანხას იხდის რუსეთი, მაგრამ, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, საუბარია იმ თანხაზე, რომელიც ევროპის საბაზრო ფასებს შეეფერება. ამდენად, ჩემთვის ეს ვნებათაღელვა გაუგებარია.

- თუმცა, აქ, ეკონომიკური ინტერესების გარდა, პოლიტიკურ ინტერესებზეა საუბარი, რაც, პრეზიდენტის შეფასებით, დაზარალდა. არ ეთანხმებით პრეზიდენტს?

- ბოლოს და ბოლოს, თუ საქართველო არ დათანხმდებოდა, რუსეთი ირანიდან შეიტანდა გაზს სომხეთში. მაშინ სად იქნება საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, ხომ ვიქნებით თამაშიდან ამოვარდნილი?! შეიძლება, გქონდეს მომგებიანი პოზიცია ან არ გქონდეს. როდესაც სხვა გზა არ გაქვს, მაშინ რა უნდა ქნა. შეიძლება, სასურველი იყო, რომ ფულის ნაცვლად გაზი მიგვეღო, მაგრამ პირობები იცვლება და, თუ სასურველს ვერ მიიღებ, მაშინ შემოთავაზებულზე მაინც არ უნდა თქვა უარი. შეიძლება, ახლა ჩემი მსჯელობა უფრო ლოგიკაზე იყოს დაფუძნებული და ნაკლები იყოს აქ პოლიტიკურ ინტერესებზე მსჯელობა, მაგრამ რეალობა ყველგან რეალობაა.

- რეალურად ეს მაგისტრალი ხომ არის მანიპულირების საგანი რუსეთის ხელში. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ევროპულ ქვეყანაზე, საფრანგეთზე, დიდ ბრიტანეთზე, რომლისთვისაც ხელშეკრულების დარღვევა პრობლემაა?

- სრულიად გეთანხმებით, რუსეთის პირობებში ნებისმიერი ხელშეკრულება სახიფათოა, რადგან ნებისმიერ ხელშეკრულებას შეუძლია, გადააბიჯოს და ეს არაერთხელ გვინახავს რუსეთის შესრულებით, მაგრამ, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ ინტერესებზეა საუბარი, რომ ეს ხელშეკრულება მას ზიანს აყენებს, ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან, რომელ უსაფრთხოებაზეა საუბარი, როდესაც თბილისიდან 60 კილომეტრში რუსეთის ჯარები დგას. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ის ჯარია, რომლისთვისაც, თუ მოინდომა და გადაწყვიტა, ძალის გამოყენება საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს ხომ კარგად ვნახეთ 2008 წელს. ამ რეალობის ფონზე გაზპრომთან დავა, რატომ გვიხდის ფულს და არა ნატურით, ამის გამო კუდიანების ძებნა და დევნა რომ გამოცხადდეს, ეს არც ისე სერიოზულად მეჩვენება.

- პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა, საზედამხედველო ფუნქცია გააძლიეროს. ვერ ხედავთ ამის საჭიროებას? ასევე არის არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა, ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილი გაიხსნას...

- გაიხსნას იმიტომ, რომ გავიგოთ, საქართველოს მთავრობამ უღალატა თუ არა ქვეყანას? ამ მოთხოვნის შინაარსი ეს არის, სხვა კი არაფერი. თავისთავად, უნდობლობის ამ ფონზე მეეჭვება, პერსპექტიული იყოს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ფონი მეტად კონფრონტაციულია. რაც შეეხება პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულებას, ეს სრულად პარლამენტზეა დამოკიდებული, რადგან ჩვენ საპარლამენტო მმართველობა გვაქვს. საპარლამენტო მმართველობაში პრემიერს უმრავლესობა ირჩევს და ის აკომპლექტებს მთავრობას.

- მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციის გაუქმებას...

- არა, ცხადია, არ ნიშნავს, მაგრამ ეს უმრავლესობა როგორ შეასრულებს მაკონტროლებლის ფუნქციას, როდესაც მინისტრთა კაბინეტი მის მიერ არის დამტკიცებული და გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც აქვს აღებული?! ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. ამიტომ პრეზიდენტის ეს მოწოდება მე უფრო რიტორიკული, დეკლარაციული მგონია და არა – რეალური.

- ეს ხელშეკრულება ხელისუფლებას რამდენად შეუქმნის პრობლემას ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური პროცესების ესკალაციის მიზეზი რამდენად შეიძლება გახდეს?

- ოპოზიცია ახლა იმდენად დეზორიენტირებულია, დაქსაქსულია, იმდენად სხვა პროცესებით არის დაკავებული, რომ არა მგონია, რეალურად ვინმემ შეძლოს, სათავისოდ გამოიყენოს გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება. თუმცა, ცხადია, ხელისუფლებას მართებს გონივრულად მოქმედება და დაშვებულ ზღვრამდე ყველა ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და ახსნა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რით იყო ის გამოწვეული თუ განპირობებული და რატომ ვერ მოახერხა არსებულის შენარჩუნება. ეს ყველაფერი ხელისუფლებამ საზოგადოებას გასაგებად უნდა აუხსნას და დაარწმუნოს. რამდენად შეძლებს, ეს სხვა საკითხია.

„რეზონანსი“, 18 იანვარი, 2017 წელი

უნდა მოეხსნას თუ არა გრიფი “საიდუმლო” გაზპრომსა და საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას?

გვანცა წულაია

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის ეხმაურება 2017 წლის 11 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

“მიგვაჩნია, რომ ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის. პირველ რიგში აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ,” – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

უნდა მოეხსნას თუ არა გრიფი “საიდუმლო” გაზპრომსა და საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას? – ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადეობის ცნობილ წევრებს დაუსვა.

ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): აუცილებლად უნდა მოეხსნას. არ უნდა იყოს ცნობილი მხოლოდ კერძო პირისთვის ან თუნდაც ხელისუფლებისთვის, რადგან პირველ რიგში ეს საქართველოს ინტერესებშია.

ანა რატიანი (ჟურნალსტი): მგონია, რომ არის რაღაც სტრატეგიული საკითხები, რომლებიც სახალხოდ განხილვას არ მიესადაგება. ამ შემთხვევაში ეს არის სტრატეგიული ინტერესები და ამით მარტო ხალხი კი არ არის დაინტერესებული, არამედ, ალბათ, ისიც, ვინც არ არის ჩვენი მეგობარი, ამიტომ ასეთი საიდუმლოს გახსნა არა მგონია საჭირო იყოს.

გიგა ნასარიძე  (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): გრიფით საიდუმლო აუცილებლად უნდა მოიხსნას, რადგან საზოგადოებაში არსებობს მოსაზრებები, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმებული ჩაბარებაა რუსეთისათვის. ვფიქრობ, საზოგადოება იმის ღირსია, რომ იცოდეს, რა ვალდებულებები შეიძინა გაზპრომთან ხელშეკრულების დადებით ჩვენმა ხელისუფლებამ.

მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ვფიქრობ, რომ უნდა გასაჯაროვდეს, რადგან ასეთი ტიპის ეკონომიკური ხელშეკრულებები საიდუმლოებას არ წარმოადგენს. გასულ წლებში ძალიან კარგად გვახსოვს გაზპრომის ოინები საქართველოს მიმართ, ამიტომ თუნდაც იმისთვის, რომ ეჭვები არ გაჩნდეს, ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს.

თედო დონდუა (ისტორიკოსი): დილეტანტური პოზიციიდან გამომდინარე მეჩვენება, რომ აღნიშნული საკითხი გასაიდუმლოებული არ უნდა იყოს. თუ გასაიდუმლოებულია, მაშინ ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროოს.

„ახალი თაობა“, 18 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „ხეების გადარგვით ბიძინა ივანიშვილი კანონს არღვევს

აჭარიდან გურიაში ორი ასწლოვანი ხე უკვე გადაირგო. ტიტისა და მაგნოლიის შემდეგ დენდროლოგიურ პარკში კიდევ ორი ასწლოვანი ხის გადარგვა იგეგმება.

საზოგადოების ნაწილისა და გარემოს დამცველების პროტესტის მიუხედავად, ხეების გადარგვის პროცესი არ შეჩერებულა. როგორც „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, ერთი ხის გადარგვას, რომელიც, არავინ იცის, რამდენად კანონიერად განხორციელდა, უამრავი ჯანმრთელი ხის გაჩეხა მოჰყვა.

ლაშა ჩხარტიშვილი:

- ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ეს კაცი საკუთარ ფულს როგორ დახარჯავს, რას მოიმოქმედებს, მაგრამ, რასაც ის აკეთებს ხეების გადარგვასთან დაკავშირებით, ამის უფლება ნამდვილად არ აქვს. ამ პროცესს უამრავი ჯანმრთელი ხე ეწირება! ეს უკვე წარმოადგენს ეკოლოგიურ პრობლემას და ეს თამამად შეიძლება შევაფასოთ, როგორც კანონდარღვევა.

- ანუ ბიძინა ივანიშვილი კანონს არღვევს?

- ასეა! ერთია, რამდენად კანონიერად ხდება ამ ხის გადარგვა. მისი შენარჩუნება ძველ ადგილას უფრო მეტ აუცილებლობას წარმოადგენს, ვიდრე ხელოვნურად გაშენებულ ბაღში გადარგვა. ასევე სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას ამ პროცედურის კანონიერება. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რაიმე სახით რეგულირდებოდეს ეს საკითხი, ამიტომ ამგვარი ოპერაციების კანონიერება სადავოა. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიმდებარე ეკოსისტემის დაზიანება, ხეების მასობრივი განადგურება, რასაც ადგილი აქვს.

- დიდი ოდენობით ხის გაჩეხა გახდა საჭირო?

- ასეა. რადგან ეს ასწლოვანი ხეები არ არის განაპირას, ისინი არიან გარკვეულ სიღრმეში და, აქედან გამომდინარე, მათ გამოსატანად ხდება სხვა ხეების განადგურება და გაჩეხა. კიდევ ერთი საკითხია, იცოცხლებენ კი ეს გადარგული ხეები?!

- შესაძლოა, ვერ იცოცხლონ და ახალ გარემოს ვერ შეეგუონ?

- რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ასაკის ხეების გადარგვისას ამის ალბათობა დიდია. შესაძლოა, ისინი ვერ გადარჩნენ, თუმცა უფრო სერიოზული პრობლემაა მიმდებარე ეკოსისტემის დაზიანება, ამდენი ხის განადგურება. ამ ყველაფერს კი ემატება პოლიტიკური და მმართველობითი საკითხი.

- რას გულისხმობთ?

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ კომპანიებს, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ, ამოძრავებთ არა ფინანსური ინტერესი, არამედ მსახურება ერთი ავტორიტარი მმართველისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახით გვყავს. ამ პროცესში მრავალ კანონდარღვევას აქვს ადგილი.

რკინიგზის ხაზების დროებით ჩახსნაზე, მისი საქმიანობის შეფერხებასა და ათას სხვა შემაფერხებელ თუ დამაზარალებელ საკითხზე მიდის საუბარი. ვის შეიძლება, აქედან სარგებელი ჰქონდეს? რომელ კომპანიას?! ან სახელმწიფო რა სარგებელს მიიღებს ამ ხის გადარგვით?! ეს ერთი ოლიგარქის ხუშტურია. დღეს სახეზე გვაქვს ერთი არაფორმალური მმართველისადმი მსახურება, რაც მიუღებელიც არის და უკანონოც! ამ ყველაფერს კი ეკოსისტემაც ეწირება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

- თავიდან დიდი იყო წინააღმდეგობა, პროტესტი, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო, ანუ პროტესტს აზრი არ აქვს?

- წინააღმდეგობასა და პროტესტს აზრი ყოველთვის აქვს! დღეს საზოგადოება პასიურია. არის ერთი გამოთქმა: რაც ერი, ის ბერიო. აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას ეს გამოთქმა შეესაბამება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან პასიურია.

- იქნებ იმიტომ, რომ ხვდება, ეს შედეგს არ მოიტანს?

- სწორედ ეს მიდგომები აწყობს მავანს _ ნიჰილიზმის გაღვივება მოსახლეობაში. თუ აქტიურობა იქნება მასობრივი და თუ ამ აქტიურობაში ნაცმოძრაობასა და ასეთ მარგინალურ ჯგუფებს არ დაეთმობათ ადგილი, შედეგი დადგება.

- ამ საკითხებზე ნაცმოძრაობა საკმაოდ აქტიურობდა...

- დიახ, მათი ფლანგი საკმაოდ აქტიური იყო, რაც ხელისუფლების ინტერესებზე ასხამს წყალს. საზოგადოების დიდ ნაწილს ნამდვილად არ სიამოვნებს ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად აქციაზე ყოფნა და პროტესტის გამოხატვა. ფსიქოლოგიურად ეს სერიოზულ დისკომფორტს ქმნის.

- დღეს ნაცმოძრაობა ამ საკითხზე ნაკლებად აქტიურობს. მას ამ ეტაპზე აქციებისთვის არ სცხელა, თუმცა არც დანარჩენი საზოგადოებაა აქტიური...

- კი ბატონო, ასეა. ნაცმოძრაობის სახით მე ერთ-ერთი მიზეზი დავასახელე, თორემ რეალურად საზოგადოებაში რომ არის სერიოზული პრობლემა, ეს სახეზეა. დღეს ჩვენი საზოგადოება ძალიან პასიურია. ამით კარგად სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი და ისარგებლებს ყველა ის პირი, რომლებსაც მივცემთ ამხელა ძალაუფლებას. პრობლემა ჩვენს საზოგადოებაშია. ამ პროცესებს, რომლებიც დღეს ხდება, დამანგრეველი შედეგები ექნება. ეს მასობრივი ჩეხა კარგს არაფერს მოგვიტანს. ასე რომ, პასიურ საზოგადოებას თავის მართლება ვეღარ უშველის. შედეგები სავალალო იქნება.

„ახალი თაობა“, 18 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ლია ელიავასთან: „ლარიზაციით მოსახლეობა სარგებელს ვერ ნახავს“ // „ამით მხოლოდ ბანკები იხეირებენ

ლარიზაციის პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდა. რამდენად მოუტანს კლიენტს სარგებელს დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანა? იხეირებს თუ არა ამით ქვეყნის ეკონომიკა? – „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა პასუხობს.

- ქალბატონო ლია, უკვე მოვისმინეთ ექსპერტთა ნაწილის შეფასებები, რომ ლარიზაცია შედეგს არ მოგვცემს. რას ფიქრობთ თქვენ? იქნება ეს შვება მოსახლეობისთვის ან ეკონომიკისთვის?

- სანამ დაიწყებოდა გალარების პროგრამა და მხოლოდ გაცხადებული იყო, მაშინ ჩემმა ბევრმა მეგობარმა მიმართა კომერციულ ბანკებს იმისთვის, რომ წინასწარ გადაეთვალათ ბანკებს, როგორ მოხდებოდა მათი სესხების გალარება და რა დაუჯდებოდათ მათი მომსახურება. აღმოჩნდა, რომ დიდ ვერაფერ შეღავათს ვერ ღებულობდნენ ამ გალარებით. წარმოიშვა სხვა სახის რისკებიც, გარდა სავალუტოსი.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- გალარებული სესხები, კომერციული ბანკები აპირებენ, რომ მიაბან რეფინანსირების განაკვეთს. შესაბამისად, საუბარია არა მხოლოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთზე სესხისა ლარში, არამედ რეფინანსირების განაკვეთის მუდმივ ცვლილებაზე. თან დაუპროგნოზირებელ ცვლილებაზე ეროვნული ბანკის მიერ. ამიტომ რისკი იმისა, რომ კიდევ უფრო გაეზრდებათ გადასახდელი თანხა, არის საკმაოდ დიდი! შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს გალარებული სესხის ხარჯი, თუ მკვეთრად დაიწყებს ინფლაცია ზრდას.

- რა გამოვიდა, რომ მოსახლეობა ამით ვერაფერს იხეირებს?

- მოსახლეობისთვის დიდი ხეირის მომტანი ნამდვილად ვერ იქნება.

- სახელმწიფო ინტერესებზე რას იტყვით? ქვეყნის ეკონომიკას წაადგება ლარიზაცია?

- სახელმწიფო ინტერესებისთვისაც არ იქნება ხეირის მომტანი. იდეა, რომლითაც შთაგონებული იყო ეროვნული ბანკი და თავს მოახვია მთავრობას ეს პროგრამა, იმაში მდგომარეობდა, რომ თურმე მსესხებლები არ წავიდოდნენ სავალუტო ჯიხურებში, არ გადაახურდავებდნენ ლარს და ამით ხელს არ შეუწყობდნენ მისი გაცვლითი კურსის ვარდნას.

- ასე არ არის?

- ეს იდეა საფუძველშივე არის მცდარი და ის ვერ შეუწყობს ხელს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობას. მასზე სულ სხვა ფაქტორები მოქმედებენ. შესაბამისად, ეს ორთვიანი პიარაქცია ქვეყნის ეკონომიკისთვის ისეთივე ნულოვანი შედეგის მომტანი იქნება, როგორც 2015 და 2016 წლებში ეროვნული ბანკის იმდროინდელი პრეზიდენტის დაპირება, რომ ის კომერციულ ბანკებს სთხოვს და ბანკები შეუმცირებენ კლიენტებს სავალუტო ტვირთს, ლარის მკვეთრად დაცემის ფონზე. იმ პიარაქციასაც ნულოვანი შედეგი ჰქონდა. ასე რომ, ტრადიციულად, ეროვნული ბანკის ყველა აქცია მთავრდება ფაქტობრივად არაფრით! ამ აქციისგან მე არაფერს ველოდები. მით უმეტეს, რომ მკაცრ დროით ჩარჩოებში ჩასვეს ეს აქცია.

- მოსახლეობას ჰგონია, რომ შვებას იგრძნობს...

- როდესაც კონკრეტულად კომერციული ბანკები დაუთვლიან ყველაფერს, როდესაც ისინი გაიაზრებენ, რა განსხვავება იყო დოლარით გადახდასა და ლარით გადახდას შორის, ისინი მიხვდებიან, რომ არსებითი შეღავათი ნამდვილად არ ექნებათ. გარდა ამისა, ძალიან ბევრ მსესხებელს ლეგალურად თუ არალეგალურად შემოსავალი მაინც აქვს უცხოურ ვალუტაში. ეს იცით, ვისთვის იქნება შვება?!

- ვისთვის?

- შვება იქნება კომერციული ბანკებისთვის. იმიტომ, რომ გალარებით მათი საკრედიტო პორტფელის ხარისხი გაუმჯობესდება და პლუს ამას ემატება ბონუსი, ის 65 მილიონი ლარი, რომლის დახარჯვასაც სახელმწიფო ბიუჯეტი აპირებს. პირდაპირ გადაურიცხოს კომერციულ ბანკებს.

- გამოდის, რომ ისევ ბანკები იხეირებენ?

- რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ეს იდეა მოდის თვით ეროვნული ბანკიდან და კომერციული ბანკებიდან.

_ გასულ კვირას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ონლაინ-სესხების რეგულაციების შესახებ. ამ კუთხით თუ ელოდებით სიტუაციის გამოსწორებას?

- ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა იპოთეკარების შემთხვევაში, როცა ძალიან დიდი ჩივილი იყო მათი გაზრდილი მადის მიმართ. მიუხედავად დაწესებული რეგულაციებისა და შეზღუდვებისა, კერძო იპოთეკარები განაგრძობენ ძალიან წარმატებულ საქმიანობას და შემოსავლები არ შეუმცირდათ. ზუსტად ასე იქნება ონლაინ-გამსესხებლების შემთხვევაში. მე თქვენ უარესსაც გეტყვით, ზოგიერთმა ბანკმა ძალიან მოიწონა ეს საქმიანობა და თვითონ დაიწყო ონლაინ-სესხებით ვაჭრობა. ონლაინ-სესხით არა წლიური განაკვეთით, არამედ თვიური საკომისიოთი. ცუდი მაგალითი არის გადამდები!

- რეგულაციები ვერ უშველის ამ პრობლემას?

- ცუდ მაგალითს რეგულირება კი არა, მოსპობა უნდა. ეს ონლაინ გამსესხებლები, არამარტო ატყავებენ მოსახლეობას, ისინი იზიდავენ რესურსებს კომერციული ბანკებიდან თავისი საქმიანობისთვის! ფაქტობრივად, კომერციული ბანკები თავისი ფულადი სახსრების ნაწილს წარმართავენ არა ქვეყნის ეკონომიკის დაფინანსებაზე, არამედ საფინანსო სფეროს ფინანსურ უზრუნველყოფაზე. ეს არამწარმოებლურია. კი, ამას მოაქვს შემოსავალი ბანკებისთვის, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი მოაქვს ეკონომიკისთვის.

- ანუ ამ ბიზნესში ბანკებიც არიან ჩართულები?

- რასაკვირველია, არიან. კომერციული ბანკებიც მონაწილეობენ ამ ყველაფერში. ეს ცუდი მაგალითი უნდა მოსპობილიყო. ბოლოსდაბოლოს, საქართველოს საფინანსო სექტორი უნდა გახდეს ცივილიზებული! არ შეიძლება, ის 26 წელი ველურ მდგომარეობაში იმყოფებოდეს.

————————-

„რეზონანსი“, 18 იანვარი, 2017 წელი

სესხების გალარება ხალხს მცირე შეღავათს მოუტანს, ბანკებსდიდ სარგებელს

მარი ჩიტაია

ლარიზაციის პროგრამაში მონაწილეობა მსესხებლების ნაცვლად, სარგებელს საბანკო სექტორისთვის მოიტანს – ასე ფიქრობს ეკონომისტთა ნაწილი. მათი აზრით, ეს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისთვის თავსმოხვეული პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ ლარიზაციაზე მთავრობა დიდ იმედს ამყარებს, სპეციალისტების მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულება იგრძნობა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმაზეც, რომ პროექტის დეტალები ბუნდოვანია და მისი გაგება არათუ რიგით მოქალაქეებს, ეკონომისტებსაც კი უჭირთ.

სუბსიდირება ეხება საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არაუმეტეს 40 ათასი აშშ დოლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1-ლი იანვრისთვის არსებულ ძირითად თანხას.

ყველა მსურველს, რომელსაც გალარება შეეხება, საქართველოს ყველა კომერციული ბანკი მოემსახურება. მთავრობა არ განახორციელებს სუბსიდიას იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100 000 ლარზე მეტი იყო, ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება აღემატება 100 000 აშშ დოლარს.

მთავრობაში თვლიან, რომ ლარიზაცია შეამცირებს მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რაც მის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ასევე უზრუნველყოფს მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების სტაბილურ ზრდას.

სპეციალისტებს კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ. თსუ-ის პროფესორ დავით ასლანიშვილის აზრით, ლარიზაციის პროგრამა გაცილებით დიდი სარგებლის მომტანია კომერციული ბანკებისთვის, ვიდრე იმ მსესხებლებისთვის, რომელთა მდგომარეობის შესამსუბუქებლადაც პროექტი ხორციელდება.

“პროექტში მთელი რიგი დეტალები ბუნდოვანია. სოციალური ეფექტი რომ მოვაშოროთ, ხელში გვაქვს ის, რომ კომერციულ ბანკებს ექნებათ 100 ათას ლარამდე თანხის უცხოურ ვალუტრაში სესხად გაცემის შესაძლებლობა. ამასთან, შეზღუდვები დაწესდა ონლაინ სესხებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თამასუქებზე, რაც საბოლოოდ კომერციული ბანკების წისქვილზე ასხამს წყალს. სებ-მა განაცხადა ასევე, რომ საჭიროების შემთხვევაში კომერციულ ბანკებს მიაწვდის უცხოურ ვალუტას, ალბათ დასჭირდებათ გადასატანი სესხები, რომელიც აქვთ დოლარში გაცემული და რომლის გალარება მოხდება.

თუ ქვეყნისთვის სიკეთის კეთება უნდათ, პირველ რიგში, საფონდო ბაზარი უნდა გამოგლიჯონ კომერციულ ბანკებს ხელიდან, რითაც არასაბანკო სექტორს ფინანსებზე წვდომას უზღუდავენ”, – აცხადებს ასლანიშვილი და დასძენს, რომ უპრიანი იქნება, თუკი სახელმწიფო მოხელეებს უცხოურ ვალუტაში თანხის დაბანდებას აუკრძალავენ, რაც ლარის გამყარებისთვის დამატებითი სტიმული იქნება.

ლარიზაციის მიმართ უნდობლობლადაა განწყობილი ექსპერტი ლია ელიავა, რომლის შეფასებითაც, ლარიზაცია სინამდვილეში პიარ-აქციაა, რომელიც სებ-ის ხელში “სოციალური შეღავათით” შეინიღბა.

“სესხების გალარების პროგრამა, რომელიც სოციალურ აქციად შერაცხეს, სინამდვილეში პიარ-აქციაა. ეს იდეა აშკარად დაიბადა ეროვნული ბანკის წიაღში და მანვე მთავრობას თავს მოახვია. პროექტის დაწყებამდე ბევრმა კლიენტმა წინასწარ მიმართა კომერციულ ბანკებს, რათა სარგებელი დაეთვალა. აღმოჩნდა, რომ შეღავათი დიდად არ აქვთ. გარდა იმისა, რომ კომერციული ბანკები გაზრდიან სესხზე საპროცენტო განაკვეთს ლარში, ქმნიან ალბათობას, რომ მსესხებელს ლარში გადასახადი გაეზარდოთ. ამას ემატება ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ნამდვილად მოიმატებს და ეს მსყიდველუნარიანობაზეც იმოქმედებს, რაც საბოლოოდ სესხის მომსახურებასაც გააძვირებს.

შეღავათს ვერ ვხედავ მსესხებლისთვის, მაგრამ ბანკები საკმაოდ დიდ ბონუსებს მიიღებენ. 65 მლნ ლარი პირველი ბონუსია, რომელიც სებ-მა გამოყო და კომბანკების ჯიბეში ჩაჩხრიალდება, მეორე კი, მათი საკრედიტო პორტფელების ხარისხის ზრდაა. ამდენად, აქციით მხოლოდ ბანკები მოიგებენ”, – აცხადებს ელიავა.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის ინფორმაციით, სესხის გალარებისას საპროცენტო განაკვეთი იქნება საბაზრო. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მიიღებს იმავე პროცენტს, რაც არის დღეს ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე დადგენილი. დღეის მდგომარეობით იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არის 10%-ის ფარგლებში და დაახლოებით, ასეთი უნდა იყოს გალარებულ სესხებზეც.

„რეზონანსი“, 18 იანვარი, 2017 წელი

ექსპორტი 6-წლიან მინიმუმზეა!

იმის მტკიცება, რომ ლარის გაუფასურება ექსპორტისთვის ხელსაყრელია, არის სრული სიცრუე

მარი ჩიტაია

“რეზონანსის” გაანგარიშება გამართლდა, ექსპორტი ექვსწლიან მინიმუმზეა. შარშანდელთან შედარებით, ექსპორტი კიდევ 4%-ით შემცირდა და 2011 წლის მაჩვენებელსაც ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, არაფერი შეცვლილა იმპორტის კუთხით და ისევ პიკურ მაჩვენებელზეა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11,985 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში იმპორტის კუთხით მკვეთრი ზრდა აღინიშნა (საუბარია 28%-იან მატებაზე), რაც შეიძლება უკავშირდებოდეს აქციზის გადასახადების დაწესების წინა პერიოდში იმპორტიორების მხრიდან პროდუქციის მომარაგებას.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული და ჯერჯერობით ვითარების გამოსწორების გზა არ ჩანს.

ექსპორტმა დეკემბერში 2,114 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და 2010 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეშვა, ხოლო იმპორტი 9,871 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7,757 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.

“აღსანიშნავია, რომ 2016 წელს განხორციელდა “ცე” ჰეპატიტის მედიკამენტების შემოტანა, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 7252 მლნ აშშ დოლარს და წინა წლის მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია”, – ნათქვამია “საქსტატის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმას, რომ ექსპორტში პრობლემის ძირითადი მიზეზი წარმოების დეფიციტია, ექსპერტი პაატა შეშელიძე ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნევს. მისი აზრით, საექსპორტო მაჩვენებლების გაუარესება, ძირითადად, სავალუტო კრიზისს უკავშირდება, რამაც ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად შეარყია.

“ექსპორტის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასტაბილური კურსია. ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში ლარი მუდმივად უფასურდება. იმის მტკიცება, რომ ეს პროცესი ექსპორტისთვის ხელსაყრელია, სრული სიცრუეა. როგორ შეიძლება, ადამიანების გაღარიბება კარგი იყოს! ეს გამოჩნდა კიდევაც, ეკონომიკური ურთიერთობები აირდაირია.

მთავარი ფაქტორი ექსპორტისთვის არის სავალუტო კურსი და სარგებლის განაკვეთი ქვეყანაში, რომელიც ძალიან დაბალია. ინვესტორების პასიურობაც დიდწილად ამაზეა დამოკიდებული. იმის ნაცვლად, რომ ფული დააბანდონ და ინვესტორების ნდობა გამოიწვიონ, ფაქტობრივად, დევნიან უცხოურ კაპიტალს, რაც საბოლოოდ ქვეყანას აღარიბებს”, – აცხადებს პაატა შეშელიძე და დასძენს, რომ მონეტარული სისტემის მოწესრიგება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გარდატეხის საშუალებას მოგვცემს.

“არ შეიძლება ეროვნული ბანკი, როგორიც გვაქვს დღეს, ამ ფორმით არსებობდეს. ჩვენი მონეტარული პოლიტიკა უნდა იყოს განსხვავებული და არა ნებელობითი. წარმოუდგენელია, თვეში ერთხელ იკრიბებოდეს საბჭო და წყვეტდეს, როგორი იყოს სარგებლის განაკვეთი, რაც სინამდვილეში ბაზარმა უნდა გვიკარნახოს. საბჭოს გადაწყვეტილებები, შეიძლება, ბაზრის მოთხოვნებს არ ემთხვეოდეს, რის გამოც ფასწარმოქმნის სისტემა არეულია. ხელოვნურად უშვებენ ზედმეტ ფულს, ვიდრე საჭიროა და აუფასურებენ ლარს, რაც არანაირი ეკონომიკური აუცილებლობით არ არის განპირობებული. ყველაფერი ეს აქრობს მოტივაციას და ვერც წარმოება ვითარდება.

რაც შეეხება იმპორტს, მომარაგება, რაც წლის ბოლოს გაკეთდა, დროებითი მოვლენაა. სავაჭრო ბალანსზე მნიშვნელოვანი ფინანსური ბალანსია, რაზეც აქცენტი უნდა კეთდებოდეს”, – აცხადებს პაატა შეშელიძე.

თუკი არ გაუმჯობესდება უარყოფითი სავაჭრო სალდო, საფრთხის წინ დადგება ლარის მყიფე სტაბილურობა. გარდა ამისა, შემცირდება ქვეყნის სავაჭრო რეზერვები და გაიზრდება მიგრაცია, რაც საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სერიოზულ პრობლემას შექმნის.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში იწარმოება მცირე ოდენობის სანედლეულო სახის პროდუქცია, რომელიც უცხოურ ბაზრებზე არსებული ფასების კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. ასე ფიქრობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის აზრითაც, უარყოფითი სალდოს დაბალანსება წარმოების ზრდითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარჯზე არის შესაძლებელი.

“წარმოების მასშტაბმა იკლო და ამიტომ ექსპორტზეც გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, იგებს ის, ვინც მოთხოვნას აკმაყოფილებს ქვეყნის შიგნით და აწარმოებს იმას, რაც ადგილზე უნდა გაიყიდოს. ექსპორტის კლების საპირისპიროდ, გაზრდილია იმპორტზე დამოკიდებულების მასშტაბები, რაც საქართველოსთვის დიდი პრობლემაა.

ჩვენი მოხმარების 82% იმპორტზე მოდის, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. იმპორტის ზრდის ტეპმი გაცილებით მაღალია, რაც იწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას და ვალუტის გადინებას ქვეყნიდან”, – აცხადებს ავთო სილაგაძე.

Comments are closed