„რეზონანსი“: ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვლადიმირ პუტინისაგან კონკრეტული წინადადებები ჩამოაქვს? // რამდენად წარმატებული იქნება ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლში
„რეზონანსი“: ირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ // ორმაგად დელიკატური დილემა საქართველოსათვის
———————-
„რეზონანსი“, 18 აპრილი, 2015 წელი
ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვლადიმირ პუტინისაგან კონკრეტული წინადადებები ჩამოაქვს?
რამდენად წარმატებული იქნება ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლში
ია აბულაშვილი
მომავალ კვირას ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. საქართველოს ბიზნესდელეგაციასთან ერთად ეწვევა ბათუმს – ეს არის მწირი ინფორმაცია, რომელიც გაცხადდა საგარეო უწყების მიერ.
რა წინადადებებით ჩამოდის საქართველოში ლუკაშენკო, ხომ არ უკავშირდება ბელორუსი ლიდერის ვიზიტი მის განზრახვას, შეასრულოს შუამავლის როლი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირების საქმეში?
სოსო ცინცაძის თქმით, რასაკვირველია, ცარიელი ხელით, უბრალოდ მეგობრული ვიზიტით ლუკაშენკო თბილისს არ ეწვევა.
“თუ არ ვცდები, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში. ადრე მას არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი შუამავლის როლის თაობაზე თბილისსა და მოსკოვს შორის. თავის დროზე ამგვარი ხმები გავრცელდა ვანო მერაბიშვილის მინსკში ვიზიტთან დაკავშირებით. მე მხოლოდ მივესალმები იმ ფაქტს, რომ ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა სრულ კონფედენციალურ რეჟიმში განეხორციელებინა ვიზიტის სამზადისი და ძალიან კარგია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დარეგულირების მოწინააღმდეგეებს არ მიეცათ პრევენციული წივილ-კივილის საშუალება. კონკრეტულად რა წინადადებები ჩამოაქვს ლუკაშენკოს პუტინისაგან (და ეს რომ ასეა, მე ამაში ეჭვი არ მეპარება), სრულად ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ. ელემენტარულად ვიზიტის შედეგების ანალიზი ნაწილობრივ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვივარაუდოთ მისი ეფექტურობა. რასაკვირველია, ჯერჯერობით რაიმე დასკვნების გაკეთება ნაადრევია, ვინაიდან ბევრი წინააღმდეგობაა გადასალახი თბილისსა და მოსკოვს შორის დაგროვილი ჯებირების გასაწმენდად, მაგრამ პირველი ნაბიჯების გადადგმის დრო უკვე დიდი ხანია მოვიდა. დიდი ალბათობით, მე იმის თქმაც შემიძლია, რომ ლუკაშენკოს მომავალი ვიზიტი შეიძლება განხილული იქნეს ჩვენს პრობლემატურ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზაციის ერთ-ერთ უკანასკნელ შანსად”, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.
რამაზ საყვარელიძე: “ლუკაშენკო საქართველოსთვის დიდი ხანია საინტერესო გახდა, “ნაცმოძრაობასაც” ჰქონდა მოძრაობები ამ მხრივ, მიდიოდა დიალოგები და ინტენსიური ურთიერთობები. შეუძლია თუ არა ლუკაშენკოს, ითამაშოს შუამავალის როლი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირების საქმეში? – მეეჭვება, რომ პუტინმა ლუკაშენკოს მიანდოს ეს საქმე, ალბათ ეს უფრო ლუკაშენკოს ინიციატივაა.
რაც შეეხება ევრაზიის კავშირის თემას, შეიძლება შეხვედრების დროს ეს ფრაზა ამოტივტივდეს, მაგრამ თუ სახელმწიფოს უნდა ევრაზიულ კავშირში შესვლა, ამას ლუკაშენკო არ სჭირდება, თუ არ უნდა, იგი თავის პოზიციაზე დარჩება. აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატშიც კი არ გაჟღერებულა ეს საკითხი და რაში დასჭირდებოდა ამ საქმის მიბარება ლუკაშენკოსთვის…” – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
ნოდარ ნათაძის თქმით, რუსეთს არ სჭირდება საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება და რუსეთს თავის გეგმები აქვს.
“რუსეთი რაღაც შემოთავაზებებზე დროს არ დაკარგავს. ლუკაშენკო თავის აზრს გამოთქვამს და დამოუკიდებლობას იჩენს. ის ამ საქმეში დესპანის როლს ვერ ითამაშებს. იქნება თუ არა შეხვედრების დროს საუბარი ევრაზიული კავშირის თაობაზე საქართველოსთან მიმართებაში? – არ გამოვრიცხავ, რომ დიალოგი გაიმართოს, მითუმეტეს, ორი წლის წინ ლუკაშენკო აცხადებდა, რომ “ვევედრები საქართველოს, შემოვიდეს ევრაზიულ კავშირშიო”, – განცხადა “რეზონანსთან” ნოდარ ნათაძემ.
პეტრე მამრაძე: “საქართველოს ნამდვილად სჭირდება კარგი ურთიერთობა ბელორუსთან. შეგახსენებთ სააკაშვილის სამარცხვინო და დანაშაულებრივ პოლიტიკას ბელორუსის მიმართ. ჯერ იყო და “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დესანტი გააგზავნა მინსკში, სადაც იყო ოპოზიციის გამოსვლები. მახსოვს, გიორგი კანდელაკი დააკავეს კიდეც, თუ არ ვცდები, გივი თარგამაძეც იყო გადასროლილი მინსკში. სააკაშვილი კი საჯაროდ აცხადებდა, რომ საქართველო მონაწილეობს ევროპის ბოლო დიქტატორის ჩამოგდებაშიო.
“გავიდა წლები, ლუკაშენკომ “სიენენს” მისცა ინტერვიუ და თქვა – “ამერიკა მაკრიტიკებს დემონსტრაციების დაშლის გამო, მაგრამ როცა სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს განახორციელა მასობრივი ძალადობა დემონსტრანტების მიმართ, დაარბია ტელევიზია, თქვენ ეს არ დაგმეთ; ბუშმა კი მიულოცა სააკაშვილს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა. რატომ აკეთებს ამას?” – იკითხა ლუკაშენკომ და თავადვე უპასუხა: “იმიტომ, რომ სააკაშვილი თქვენი ძაღლიშვილია და მე კი არა? (თავის დროზე პრეზიდენტ რუზველტს უთქვამს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ დიქტატორზე – ის ნამდვილად ძაღლისშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლის შვილიაო, მას შემდეგ ეს გამოთქმა გახდა მოარული).
გავიდა კიდევ დრო და ლუკაშენკო გახდა ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის გვერდით სვამდნენ სააკაშვილს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე. სააკაშვილი ბელორუსის წარმომადგენლის მიღების შემდეგ აცხადებდა, მახსოვს, ეს ბათუმში მოხდა, რომ ლუკაშენკო არის ყველაზე ბრძენი და ძლიერი მმართველი პოსტსაბჭოურ სივრცეშიო.
საქმე ისაა, სააკაშვილს ეშინოდა, რომ ლუკაშენკოს ბელორუსი ცნობდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რასაც პუტინი ძალიან სთხოვდა ლუკაშენკოს; ამის გამო ხოხავდა მუცელზე “ევროპის ბოლო დიქტატორის” წინაშე.
ძალიან კარგია, რომ ლუკაშენკო ჩამოდის. საქართველოს მთავრობა, თუ მისთვის ძვირფასია ეროვნული ინტერესები, არ უნდა იყოს დაკავებული ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტის დემოკრატიულობა-არადამოკრატიულობის შეფასებით და ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ გააღრმავოს ურთიერთობები სხვადასხვა სახელმწიფოებთან, რათა საქართველოს დაუმკვიდროს ღირსეული ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში, ეს ურთიერთობები კი საქართველოს კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდეს.
რაც შეეხება ლუკაშენკოს საგარეო პოლიტიკას, მან, რომელმაც ბევრჯერ გამოაცხადა, რომ ბელორუსი და რუსეთი ერთიანი სახელმწიფოა, რეალურად არ დათმო ბელორუსის ინტერესები, პირიქით, ევროპელი დიპლომატების არ იყოს, წარმატებით “წველიდა” რუსეთს მრავალი წლის განმავლობაში. ევროპელი დიპლომატები გვეუბნებოდნენ – ლუკაშენკოს საგარეო პოლიტიკა ნიმუშია იმისა, რომ შეიძლება ქვეყანამ შეინარჩუნოს სრული სუვერენიტეტი, თანაც “მოწველოს” რუსეთი ისე, როგორც თვითონ უნდაო.
ევრაზიის კავშირი და საბაჟო კავშირი რეალურად არ შედგა იმის გამო, რომ არც ლუკაშენკომ და არც ნაზარბაევმა არ დათმეს ეროვნული ინტერესები რუსეთის სასარგებლოდ. ფორმალურად თუ რამე არსებობს, მნიშვნელობა არა აქვს. ლუკაშენკომ და ნაზარბაევმა მხარი დაუჭირეს პოროშენკოს და დემონსტრაციულად ჩავიდნენ კიევში ამ მხარდაჭერის საჩვენებლად. რა მოუვიდოდა პუტინს ამ ამბის შემდეგ, კარგად მოგეხსენებათ.
რაც შეეხება შუამავლის როლს, მოცემულ ვითარებაში რეალურად რაიმე შუამავლობის გაწევა საქართველოს გამთლიანების საქმეში, ან თუნდაც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ლუკაშენკოს არ შეუძლია, მაგრამ იმაზეც დიდი მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ სააკაშვილის უგუნური და დანაშაულებრივი პოლიტიკის მიუხედავად, მხედველობაში მაქვს მინისკში ლუკაშენკოს ჩამოგდების მიზნით დესანტის გაგზავნა, ლუკაშენკომ არ ცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობას. დღეს კი ჩამოდის იმისათვის, რომ გააღრმავოს ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის.
საქართველოს ეკონომიკა დღეს სავალალო მდგომარეობაშია და თუ გაიზრდება ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ბელორუსში, ეს ძალიან კარგი იქნება”, – განაცხადა “რეზონანსთან” პეტრე მამრაძემ.
„რეზონანსი“, 18 აპრილი, 2015 წელი
ირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ
ორმაგად დელიკატური დილემა საქართველოსათვის
ეკატერინე ბასილაია
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში ეთიკური სომხების მასობრივი დახოცვის ფაქტი გენოციდად აღიარებული არ არის, 22-24 აპრილს ერევანში, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის აღნიშნავად, საქართველოდან დელეგაციის ჩასვლა იგეგმება. თუმცა, ჯერ გარკვეული არ არის ვინ იქნება ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი. გარკვეულია მხოლოდ ის, რომ არც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სომხეთში არ გაემგზავრებიან, ხოლო პრემიერ-მინისტრი წავა თუ არა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
საქართველოსათვის ეს ვიზიტი ორმაგად დელიკატურია. ერთი, რომ შესაძლოა, მაღალი რანგის დელეგაციის წასვლამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – თურქეთისა და აზერბაიჯანის განაწყენება გამოიწვიოს. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მიშვნელოვანი დეტალიც – ერევანში გენოციდის მსხვერპლთა ხსენების ღონისძიებებში 22-24 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდეტი ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობს და, დიდი ალბათობით, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოუწევს.
როგორც დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე აცხადებს, საქართველოს ამ დელიკატურ საკითხში ისტორიულად სიფრთხილე მართებს. დელეგაცია უნდა წავიდეს, მაგრამ თუკი პრემიერი არ წავა, ეს სომხეთში კრიტიკულად არ უნდა მიიღონ.
“ის, რაც სომხების მიმართ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ოსმალეთის იმპერიაში მოხდა, მართლაც უდიდესი ტრაგედია იყო. პრაქტიკულად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ ეს ფაქტი გენოციდად არის შეფასებული. თუმცა, ამ მორალური ვალდებულებების გარდა, არსებობს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. თუ ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმას, რომ სომხეთი თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, საქართველოსთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და რუსეთთანაც, აგერ ევრაზიის კავშირშიც შედის, ვფიქრობ, სომეხ ხელმძღვანელებს უნდა ესმოდეთ იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ საქართველოს არ შეუძლია ღია სოლიდარობით გააღიზიანოს ისეთი მიშვნელოვანი მეზობლები, როგორიც თურქეთი და აზერბაიჯანია.
ეროვნული ინტერესებისა და მატერიალური ფაქტორის გათვალისწინებით, ინვესტიციების გათვალისწინებით, ჩვენთვის სომხეთს უფრო მოკრძალებული ადგილი უჭირავს. ერევანში დელეგაცია აუცილებლად უნდა წავიდეს, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკობა გამოვავლინოთ. ჩვენი მორალური ვალი სომეხი ხალხის წინაშე გენოციდის წლებში პირველებმა შევასრულეთ და 10 ათასობით დევნილ სომეხს საქართველოში თავშესაფარი მივეცით. მაშინ დემოკრატიული საქართველო სომეხ ხალხს გვერდში დაუდგა,” – ამბობს ცინცაძე.
თუმცა იმასაც დასძენს, რომ თუკი დიპლომატიურ დონეზე პუტინსა და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ წინასწარი მუშაობა მიმდინარეობდა, ამ შემთხვევაში შესაძლოა პრემიერი წავიდეს და ეს “უნიკალური შანსი” იქნება. თურქეთს და აზერბაიჯანს კი ამ შემთხვევაში შეიძლება პრივატულ საუბრებში ავუხსნათ, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყება ჩვენთვის აუცილებელი იყო და ერევანში სწორედ ამ მიზნით მოხდა მაღალი დონის დელეგაციის ჩასვლა.
“სპონტანურად შეხვედრა არაფრის მომცემი არ არის. ამას კონფიდენციალურად დიდი სამზადისი სჭირდება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელისა და პუტინის საჯარო შეხვედრა იქ იქნება, ხელსაც ჩამოართმევენ, აბა, გაბუტულებივით ხომ არ იქნებიან?! მაგრამ მთავარი პრივატული შეხვედრაა და არა ეგ სპონტანური ხელის ჩამორთმევა.
ვიტყოდი, უნიკალური შანსი არსებობს, რომ ამ ტრაგიკულ ფონზე რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყება ან ამ ურთიერთობების შერბილების მცდელობა მოხდეს. მთავარია, ამას როგორ გამოიყენებს ქართული დიპლომატია. ეს მის გამბედაობაზეა დამოკიდებული, იმიტომ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის დარეგულირების მოწინააღმდეგეები ყველაზე დიდი ტელესკოპით და გამადიდებელი შუშით დაუწყებენ ყურებას, თუ რა მოხდება ერევანში. თუნდაც იმას, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი პუტინს გაღიმებული ჩამოართმევს ხელს, თუ მოღუშული.
ის, რაც ერევანში მოხდება – ვინ წავა და რა იქნება – თავისებური ტესტი იქნება. თუკი პრემიერი არ წავა და წავა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს არაფერი არ იქნება. მაშინ არც არავინ უნდა წავიდეს. თუკი დელეგაცია წავა და პუტინს ხელს არ ჩამოართმევს, ამას პუტინი გამოწვევად მიიღებს და ეს შეიძლება ჩვენ მავთულხლართების კიდევ 10 კილომეტრით აქით გადმოწევად დაგვიჯდეს”, – აღნიშნავს ციცნაძე.
ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ რეზონანსულობის თვალსაზრისით რთული თემაა – არწასვლით სომხებს აწყენინებ, წასვლით – თურქეთს და აზერბაიჯანს. თანაც, ცალკე პუტინის თემაც ძალიან დამაფიქრებელია.
“სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემაა და მიჭირს რაიმეს თქმა. თანაც პუტინთან შეხვედრის პერსპექტივაც ძალიან საინტერესოა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულია. თურქეთი და აზერბაიჯანი ქართული დელეგაციის ერევაში ჩასვლას დიდი მოწონებით არ შეხედავენ, მეორე მხრივ სომხეთისთვის ზურგის შექცევაც არ გამოვა. ამ ფონზე ნებისმიერ საგარეო პოლიტიკურ აქტივობას რუსეთის მიმართულებით დასავლეთი ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება. ამ რეგიონში იმდენად დიდი კონფიგურაციებია, ეს ჩვენი გამოუცდელი, არაპროფესიონალი მთავრობა რას იზამს, არ ვიცით,” – აღნიშნავს ლაგაზიძე.
არც მთავრობის ადმინისტრაციაში და არც საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში “რეზონანსს” განუცხადეს, რომ წავა თუ არა სომხეთში პრემიერი, ეს შაბათს გადაწყდება.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს მიწვევა გაგზავნილი აქვთ, მაგრამ ვინ წავა და ამ დელეგაციას ვინ უხელმძღვანელებს, არ იციან.
“პასუხი არ მიგვიღია, თუმცა, დელეგაცია აუცილებლად წავა. სომხურენოვანი და სხვა დეპუტატები ვიცით, რომ აუცილებლად მიდიან. ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას – ეს არ ვიცით. ჯერჯერობით არც საელჩოში არ აქვთ პასუხი.
“22-24 აპრილს ერევანში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადიან დელეგაციები. ჩადის საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტი; ასევე კანადის დელეგაცია, ისრაელის ქსენეთის დელეგაცია და აშშ-ის დელეგაციაც,” – განგვიცხადეს სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში.
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვან ბაიბურთის თქმით, სომხეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ამიტომაც ვარაუდობს, რომ საქართველოდან ოფიციალური დელეგაცია წავა.
“სომეხთა გენოციდის 100 წელი აღინიშება და ეს თარიღი სომხებისთვის დიდი ტკივილია. ეს დღე მნიშვნელოვანია არა მარტო სომხებისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც, იმიტომ, რომ გენოციდი სხვაგანაც არ განმეორდეს. რომის პაპი გამოვიდა ვატიკანში და გენოციდზე ილაპარაკა, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, გაერომაც თავის დროზე, 20-ზე მეტმა სახელმწიფომ აღიარა ეს გენოციდი. ვთვლი, რომ საქართველომ ეს გენოციდი 1915 წელს აღიარა, მაშინ, როდესაც პირველმა ათიათასობით სომეხი ეროვნების ლტოლვილი შეიფარა და დაასახლა. დღეს ლტოლვილი სომხების შთამომავლები საქართველოს მოქალაქეები არიან და ყველას ახსოვს საქართველოს ეს დახმარება.
დღეს საქართველოსთვის აზერბაიჯანი და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებია, ეს სომხებმა იციან და გაგებით ეკიდებიან. ამიტომაც არ ვიცი, ვინ წავა. თუმცა, სომხეთში ჩასული საქართველოს ყველა პრეზიდენტი და სხვა ხელმძღვანელი პირები მიდიან გენოციდის მემორიალთან და გვირგვინით ამკობენ. ეს კი არა, თურქეთიდან იყვნენ თავისუფალი ჟურნალისტები, რედაქტორები და ყვავილი დადეს გენოციდის მსხვერპლთა ძეგლთან. საქართველო ისე უნდა მოიქცეს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს გამოადგება. თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენს პოლიტიკურ ისნტებლიშმენტში ვიღაცებს სურთ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგება, ამ ღონისძიებაზე დელეგაციების შემთხვევითი შეხვედრა უკეთესიც მგონია,” – ამბობს ბაიბურთი.