globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 18th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვაპირებ“

რეზონანსი: „არა მგონია, „რესპუბლიკელებისა“ და „მრეწველების“ დაპირისპირებამ ქვეყანა დაანგრიოს»

რეზონანსი: არის თუ არა სამინისტროების ოპტიმიზაციის ინიციატივა პროვოკაციული? // „ზოგიერთ “ნაციონალს” “ოცნების” ხელისუფლება სულელები ჰგონია“

რეზონანსი: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „მთავრობა პრემია-ხელფასების გასაზრდელად შიდა ვალსაც კი იღებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ლარის მასა უნდა შემცირდეს… ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ ვიყო, ყველაფერს ერთ თვეში გამოვასწორებდი“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: „რუსეთს ცხინვალში ბირთვული ქობინები არ შეუტანია“

რეზონანსი: საქართველოს მთავრობა სეპარატისტებს რუსულ დენს უფასოდ მიართმევს // „აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს ხარჯზე უფასოდ არ უნდა მარაგდებოდეს!”

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „თუ ჩვენს ტრადიციებსა და იდენტობას დავკარგავთ, ავასრულებთ გიგა ბოკერიასა და თავისუფლების ინსტიტუტის ოცნებას”

————————-

რეზონანსი”, 18 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვაპირებ

თაკო მათეშვილი

“დასავლეთი რუსეთთან ძალიან კარგად თანამშრომლობს ყველა იმ საკითხზე, რაც მის ინტერესებში შედის. საქართველოსა და უკრაინის პრობლემები ამაში ხელს არ უშლის. ასე რომ, სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ჩვენი პრობლემები თავადვე მოვაგვაროთ,” – ამბობს “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას და დასძენს, რომ “მხოლოდ ბრიყვს შეუძლია ჰქონდეს იმედი, თითქოს დასავლეთი საქართველოს გამო რუსეთს დაუპირისპირდება.” მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ერთი მხრივ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, მეორე მხრივ კი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც ამ პროცესს ხელს ნამდვილად არ შეუწყობს. რეალურად კი, ბურჯანაძის აზრით, რუსეთთან სიტუაციის დარეგულირების გარეშე საქართველოს პრობლემები ვერ მოგვარდება.

იგი აკრიტიკებს ხელისუფლების პოზიციას აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების თაობაზეც და აცხადებს, რომ ენერგეტიკის სამინისტროში გაკეთებულმა განცხადებებმა აფხაზები საქართველოზე კიდევ უფრო გაანაწყენა. შესაბამისად, ბურჯანაძის აზრით, ხელისუფლებამ აქაც სერიოზული შეცდომები დაუშვა.

ნინო ბურჯანაძე: ის განცხადებები, რომლებიც აფხაზეთთან მიმართებაში ბოლო დღეების განმავლობაში კეთდებოდა, აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი იყო და საქართველოს ინტერესებს აზარალებდა. როცა ენერგეტიკის სამინისტროში თქვეს, რუსული ბაზების არსებობის გამო, აფხაზეთის მომარაგებისათვის მილიონობით დოლარის გადახდა არ გვიღირსო, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასწორი იყო. ცხადია, რუსული სამხედრო ბაზების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არავის გვსიამოვნებს, თუმცა ეს რეალობა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის და 2008 წლის მოვლენების დამსახურებაა. დღეს კი იმის გამო, რომ იქ რუსული ბაზებია, აფხაზეთის მოსახლეობის დაჩაგვრაზე არავინ უნდა იფიქროს. პირიქით, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მათ არავითარი შეზღუდვა არ დაუწესოს. ბოლოს კი გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან განცხადება, რომ ამ საკითხის მოგვარებას შეეცდებიან, თუმცა, როგორც ვიცი, რუსეთმა ეს უკვე მოაგვარა და აფხაზეთს ელექტროენერგია აქვს. ასე რომ, ჩვენმა ხელისუფლებამ აქაც სერიოზულად წააგო. ეს ორ რამეს ნიშნავს – მათთვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი მთავარი არ არის და აბსოლუტურად არაკომპეტენტურები არიან. ისეც კი ვერ მოქმედებენ, რომ მათი არაპროფესიონალიზმი პირდაპირ არ ჩანდეს.

- რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას არსებულ სიტუაციაში?

- ეს თემა საკამათო საერთოდ არ უნდა გამხდარიყო. როგორც კი ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა, მაშინვე უნდა ეთქვათ, რომ საქარვეოლოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარდა, რათა აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მოხმარებისას არანაირი პრობლემა არ შექმნოდა. ეს თემა რუსეთსა და საქართველოს შორის საჯილდაო ქვა ნამდვილად არ უნდა გამხდარიყო. აფხაზებისთვის უნდა მიემართათ და ამ მიმართვაში ყველაფერი განემარტათ.

- რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნები გველის, თუმცა ეს ჯერ-ჯერობით ნაკლებად იგრძნობა. წინასაარჩევნო კამპანია არც ერთ პარტიას არ დაუწყია. როგორია თქვენი გეგმები?

- მნიშვნელოვანი, საარჩევნო წელია. მნიშვნელოვანია თუ რა არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა. იმედია, იგი ისევ ბიძინა ივანიშვილის დაპირებებსა და ილუზიებში არ იცხოვრებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. 2012 წლის არჩევნები გასაგებია, მაგრამ საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის მოსახლეობამ ცრუ დაპირებებით უკვე თავი მოიტყუა. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ დღეს აბსოლუტურად ყველგან არაკომპეტენტური ხელისუფლება გვყავს. ქვეყანა პროგრესისაკენ არც ერთი მიმართულებით არ მიდის. არჩევნებისთვის მზადებას რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, აღმაშფოთებელია, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის არაფერი გააკეთა. იგი მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. ამით უნდა ქულები ჩაიწეროს, თითქოს სერიოზულ ცვლილებებს ახორციელებს. არადა, საარჩევნო გარემო შესაცვლელია. ჯერ ჯერობით რეალური ნაბიჯები არ ჩანს.

ბუნებრივია, არჩევნებისათვის სერიოზულად ვემზადებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი სწორი არჩევანი საშინაო და საგარეო პრობლემების მოსაგვარებლად “გაერთიანებული დემოკრატებისათვის” ხმის მიცემაა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ არჩევანს გააკეთებს. არ მაქვს ილუზიები და კარგად ვიცი, რომ ხელისუფლება უზარმაზარ ფულად და ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს, თუმცა, ხალხს ამ არჩევნებში გარდამტეხი სიტყვის თქმა ნამდვილად შეუძლია.

- რამდენად კმაყოფილი ხართ ახალ პრემიერთან ინტერპარტიული ჯგუფის მუშაობით და ელით თუ არა, რომ ეს არჩევნებამდე რაიმე რეალურ შედეგს მოიტანს?

- პოზიტიურად ვაფასებ თავად იმ ფაქტს, რომ ახალი პრემიერი არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა. ეს კარგი ნაბიჯი იყო და ცუდია, რომ გასული 3 წლის განმავლობაში ასეთი შეხვედრები არ იმართებოდა. თავისთავად კარგია პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ იგი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეეცდება. თუმცა, სამწუხაროდ, ვფიქრობ, მისი ქმედება ამ მიმართულებით შეზღუდული იქნება, რადგან ამაზე გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს. მის განწყობაში კი რეალური ცვლილებების განხორციელების სურვილს ვერ ვხედავ. ამის მიუხედავად, პოზიტიურია, რომ პრემიერი ოპოზიციას ესაუბრება. ისევე როგორც პოზიტიური იყო, როცა პრემიერი და მთავრობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დაესწრნენ. თუმცა, როცა ბოლოს სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ერთადერთი მიღწევა ესაა, რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკულია.

- ჩვენთან საუბრისას ბევრი ამბობს, რომ ახალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილზე ნაკლებად დამოკიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- მოსახლეობას ილუზიებს ნუ გავუჩენთ. პრემიერი ვერანაირად ვერ იქნება ივანიშვილზე ნაკლებად დამოკიდებული. ივანიშვილი მთავრობასაც და საპარლამენტო უმრავლესობასაც სრულად აკონტროლებს. თავად კვირიკაშვილიც მისი კადრი გახლავთ. თუ ის შეძლებს, რომ ივანიშვილს რამეში შეეწინააღმდეგოს, კარგი იქნება, მაგრამ თავის მოტყუებაა ის, რომ კვირიკაშვილი ივანიშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს. მგონი, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია და რეალურად ყველაფერი მხოლოდ მისი ნება-სურვილიდან გამომდინარე კეთდება.

- შესაბამისად, ფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო სიების შედგენაშიც ჩართული იქნება?

- რა თქმა უნდა. უცნაურიც კი იქნებოდა “ქართული ოცნების” სია ივანიშვილის გარდა ვინმე სხვას შეედგინა. სიის შედგენაში მე პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან იგი კოალიციის ლიდერია და რომ არა ივანიშვილი, ამ კოალიციაში შემავალი ადამიანების 99% პარლამეტში არ იქნებოდა. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ სიის შედგენაში ბიძინა ივანიშვილის ხმა გადამწყვეტია. თუმცა ის, რომ ივანიშვილის გარეშე ვერაფერს აკეთებენ, პორობლემა და დიდი სირთულეა. ასევე პრობლემაა ისიც, რომ ივანიშვილი კადრებს არა პროფესიონალიზმისა და ცოდნის მიხედვით, არამედ უსიტყვო მორჩილებით ირჩევს.

- “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებები რომ იყო, ყოველთვის ვიცოდით, თუმცა ბოლო დროს შიდაკოალიციურმა პაექრობამ განსაკუთრებულად მწვავე ხასიათი მიიღო. თანაგუნდელები ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებენ და უხეში ფორმებით უპირისპირდებიან. ხედავთ თუ არა კოალიციის დაშლის შესაძლებლობას?

- ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ივანიშვილმა კოალიციაში სრულიად განსხვავებული მენტალიტეტისა და შეხედულებების მქონე ადამიანები შეკრიბა. ეს აბსოლუტურად ხელოვნური ერთობა იყო, რომელსაც საერთო პრინციპები და ხედვა არ გააჩნდა. ეს ხალხი პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილის ფულმა გააერთიანა.

ყველას კარგად ახსოვს, როცა 2011 წელს ივანიშვილის პირველი წერილი გავრცელდა, “რესპუბლიკელებმა” საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. ბატონი ბერძენიშვილი მას საკმაოდ არასასურველი სიტყვებით მოიხსენიებდა, მაგრამ როგორც კი შეთავაზება მიიღეს, როგორც ყოველთვის, რესპუბლიკური პარტია კოალიციაში პირველი შევარდა. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სხვა შემთხვევაში არჩევნებში წარმატების მიღწევის შანსი არ ჰქონდათ. დღევანდელი განხეთქილებაც სრულიად ნათელია და რა თქმა უნდა, იგი არჩევნებისათვის კიდევ უფრო გაღრმავდება. მთავრობაშიც არაჯანსაღი სიტუაციაა, რადგან მისი წევრები სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, როცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერობები უნდა მოგვარდეს, თავდაცვის მინისტრი გამოდს და აცხადებს, რომ თანამედროვე მსოფლიოს ორი მთავარი გამნოწვევა აქვს – “ისლამური სახელმწიფო” და რუსეთი.

ეს განცხადებები როგორ ესადაგება ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ყველასთვის გასაგებია. ხიდაშელის განცხადება მავნებლურია და რუსეთთან ურთერთობის დალაგების მცდელობას ხელს უშლის მაშინ, როცა ამ ხელისუფლებას არც ნატო-სთან და არც დასავლეთთან არანაირი მიღწევა არ აქვს.

როცა ვთქვი, რომ არ შეიძლება მთავრობის ერთი წევრი ერთ განცხადებას აკეთებდეს, მეორე კი რადიკალურად განსხვავებულს, ზოგიერთმა დემოკრატიის სწავლება დამიწყო. ეს დემოკრატია კი არა, ანარქიაა. განსხვავებული აზრი თუ გაქვს და მთავრობის კურსს არ ეთანხმები, მაშინ უნდა გადადგე და ამაზე გარედან ილაპარაკო. ხოლო როცა მთავრობაში ხარ, ყველა საერთო კურსიდან და გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა საუბრობდე. როცა ხელისუფლებაში სრული გაუგებრობაა და ქულების ჩაწერას ყველა ცალ-ცალკე ცდილობს, შედეგებიც შესაბამისი დგება.

- ბევრი მიიჩნევს, რომ თუკი არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციას წარმატების მიღწევა უნდა, ძალები უნდა გააერთიანოს. ხომ არ გეგმავთ ვინმეთან ერთად წარსდგეთ არჩევნებზე?

- ასეთი საუბრები არჩევნების წინ ყოველთვის არის. ზოგადად, მოსახლეობასაც უნდა ხოლმე, რომ ოპოზიცია გაერთიანებული იხილოს. თუმცა, მექანიკურ გაერთიანებაზე, რასაც “ქართულ ოცნების” შემთხვევაში ვფიქრობ, ოპოზიციის შემთხვევაშიც იმავე აზრზე ვარ. მექანიკური გაერთიანებით მოსახლეობას დაპირებები ვერ შეუსრულდება, რადგან ისევ დანაწევრება დაიწყება. ასე რომ, გაერთიანებისას შერჩევა ძალიან ფრთხილი უნდა იყოს.

მოლაპარაკებებს წინ არაფერი უდგას. სხვადასხვა ოპოზიციურმა ჯგუფმა კონსულტაციებზე მზაობაც გამოთქვა. საუბრის დაწყება შეიძლება, თუმცა ვერ ვიტყვი, რას მოიტანს იგი. ჯერჯერობით, არავისთან გაერთიანებაზე არ ვფიქრობთ, ასეთი გეგმები ნამდვილად არ გვაქვს. თუ სურვილი იქნება, საუბარს ჩვენ არასოდეს ვეწინააღმდეგებით.

- რა რეაქცია გაქვთ, როცა თქვენ და თქვენს პარტიას პრორუსულად მოგიხსენიებენ? როგორ ფიქრობთ, რატომ რჩება საზოაგდოების გარკვეულ ნაწილს ამგვარი შთაბეჭდილება?

- ნამდვილად არ მაინტერესებს ვინ მომიხსენიებს პრორუსულად და ვინ – არა. სააკაშვილს პრორუსულის იარლიყის მოკერებით ჩემი განადგურება უნდოდა. ამით კი ნაწილობრივ ცუდი საქმე გაიკეთა, რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ “გაერთიანებულ დემოკრატებს” ამის შესაძლებლობა აქვთ. მე საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს პრორუსულობა ან პროდასავლურობა. ქართველი პოლიტიკოსი პროქართული უნდა იყოს და საქართველოს ინტერესების მხედვით მოქმედებდეს. საქართველოს ინტერესებში კი რუსეთთან ურთიერთიობის დარეგულირება ნამდვილად შედის. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო გამთლიანდეს და დემოკრატიული სახელმწიფო გახდეს. ასე რომ, იარლიყების არ მეშინია. რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვაპიებ. პირიქით, იქ კიდევაც ჩავალ და შეხვედრებსაც გავმართავ. ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ თუ რამდენად დიდია რუსეთის გავლენა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაზე, ან ბრიყვები არიან ან სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ შეგნებულად მიდიან. მხოლოდ ბრიყვს შეუძლია თქვას, რომ რუსეთის ფაქტორი არ უნდა გაითვალისწინო. მხოლოდ ბრიყვს შეუძლია ჰქონდეს იმის იმედი, რომ დასავლეთი საქართველოს გამო რუსეთს დაუპირისპირდება. კარგად დავინახეთ, რა ხდებოდა 2008 წელს, ან რა ხდება ახლა უკრაინასთან მიმართებაში. კარგად ვხედავთ, რომ დასავლეთი რუსეთთან ძალიან კარგად თანამშრომლობს ყველა იმ საკითხზე, რაც მის ინტერესებში შედის. საქართველოსა და უკრაინის პრობლემები მას ამაში ხელს არ უშლის. ასე რომ, სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ჩვენი პრობლემები თავადვე მოვაგვაროთ.

რეზონანსი”, 18 თებერვალი, 2016 წელი

არა მგონია, “რესპუბლიკელებისადამრეწველებისდაპირისპირებამ ქვეყანა დაანგრიოს

თიკო ოსმანოვა

განხეთქილება უმრავლესობის ორ ფრაქციას შორის – “რესპუბლიკელები” “მრეწველებს” ღიად დაუპირისპირდნენ, რაშიც პარტია “ქართული ოცნებაც” ჩაერია. “რესპუბლიკელები” პოლიტიკური მოკავშირეებისგან საჯაროდ ითხოვენ გოგი თოფაძის განცხადებებთან და, სავარაუდოდ, პირადად მისგანაც გამიჯვნას. ნომერი მეორე “მრეწველი” ზურაბ ტყემალაძე კი ამბობს, რომ თოფაძე მისი მეგობარია, თავდაცვის მინისტრის მიმართ მისი დამოკიდებულება კი მისი სუბიექტური აზრია.

“დავით ბერძენიშვილი არაკორექტულად შეეხო ჩვენს ფრაქციას, მასზე გავეცი პასუხი. რაც შეეხება თოფაძის განცხადებას თინა ხიდაშელის მიმართ, ეს მისი სუბიექტური აზრია – ზოგი ეთანხმება, ზოგი არა. მაგრამ, აქ არაფერ შუაშია ქვეყნის საგარეო კურსი.

“არა მგონია, ეს ისეთი დაპირისპირება იყოს, რომ ქვეყანა დაანგრიოს, მაგრამ თუ გახდება ეს კოალიციაში მსჯელობის საგანი, მზად ვართ განხილვისთვის. ჩვენ პირადად “რესპუბლიკელების” გარიცხვის საკითხის დაყენებას არ ვაპირებთ,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ტყემალაძე.

შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი გოგი თოფაძის მიერ “ობიექტივის” ეთერში 16 თებერვალს გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. თოფაძის თქმით, თინა ხიდაშელი მინისტრობისთვის შეუფერებელია და ვარაუდობს, რომ ამ პოსტზე დიდი ხნით არ დარჩება.

მისი აზრით, საგარეჯოს არჩევნებში მისმა უხეშმა ჩარევამ “ქართულ ოცნებას” საზოგადოების თვალში იმიჯი შეულახა და ამომრჩეველს არჩევნების ობიექტურად ჩატარების იმედი დაუკარგა. დეპუტატის განცხადებით, მას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები აუდიო მასალის სახით, სადაც საგარეჯოს არჩევნებში, სპეცუბნის შექმნასთან დაკავშირებით, თინა ხიდაშელის ბრალეულობა იკვეთება.

“ჯარისკაცების ჩამოყვანა, ტრანსპორტირება, დისლოკაცია, კვება დიდ ხარჯებს მოითხოვდა და ასე მდიდარიც არ არის ჩვენი თავდაცვის სამინისტრო, რომ თანხები არამიზნობრივად დაეხარჯა. თუ მინისტრი იტყვის, რომ მის გარეშე გაკეთდა ეს ცვლილება, მაშინ გამოდის, რომ იგი სუსტი მინისტრია და სამინისტროში სადავეებს ვერ ფლობს.

“არის მეორე საკითხი, თუ ასეთ სერიოზულ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, კოალიციაში ნაკლებსერიოზულ დარღვევებზე მოხდა რეაგირება და კანონდამრღვევი დაისაჯა, მაშინ რატომ არ უნდა დაინტერესდეს სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გადადგმული თავხედური ნაბიჯით?! არჩევნების გაყალებება სისხლის სამართლის დანაშაულია, ამ თემაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და ხიდაშელი უნდა დაიკითხოს. უნდა დაისვას მისი ბრალეულობის საკითხი. ეს იქნება კარგი პრეცედენტი, რათა თავხედური ნაბიჯების გადადგმა სხვებმა ვეღარ გაბედონ…

“არჩევნები კანონდარღვევით “ქართულ ოცნებას” არ ჩაუტარებია – არჩევნები კანონდარღვევით ჩაატარა თინა ხიდაშელმა! ვფიქრობ, რომ ეს ქალბატონი დიდი ხანი არ იქნება მინისტრი, რადგან მისი კანდიდატურა ამ პოსტზე შეუფერებელია – განაცხადა გოგი თოფაძემ “ობიექტივში”.

ამ განცხადებას გუშინ “რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ “ორკესტრირებულ კამპანიას” აქვს ადგილი.

“მინდა, გოგი თოფაძის განცხადებას გამოვეხმაურო, რომელიც მორიგი შეტევაა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის წინააღმდეგ. ხაზსგასმით ვამბობ, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის სტატუსით ვსაუბრობ. ამ თემაზე პოლიტსაბჭოზეც ვისაუბრეთ, მაგრამ მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ორკესტრირებული კამპანიაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ და სამიზნედ შერჩეული იქნა ევროატლანტიკურ ასპარეზზე ჩვენი ხელისუფლების თანამდებობის პირი. გოგი თოფაძის მიერ პარლამენტის შიგნით თუ მის გარეთ, მხარდამჭერების თუ შემკვეთების შესრულებით მიმდინარეობს ანტიკოალიციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული კამპანია. “მრეწველთა” ფრაქციის წევრებისგან, რომლებიც (კოალიცია) “ქართული ოცნების” წევრები არიან ველოდები, რომ პასუხს გასცემენ იმას, რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ, ამ ფრაქციაში, ამ თავმჯდომარის პირობებში საქმიანობის გაგრძელება. ზურაბ ტყემალაძისგან ევროინტეგრაციის არჩევანის დამადასტურებელი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია და მაინტერესებს, რას ფიქრობს თოფაძის განცხადებაზე? არაფერ შუაშია საგარეჯოს არჩევნები, რომელზეც პასუხი გაცემულია ამომრჩევლის და ყველა ინსტანციის საარჩევნო კომისიის მიერ. პერსონალურად თინა ხიდაშელია სამიზნედ ამოღებული. გამიკვირდა, როცა ვოლსკი გამობრძანდა და ამ თემას საერთოდ არ შეეხო, ალბათ ჟურნალისტებთან მსუყედ აპირებს განცხადების გაკეთებას,” – განაცხადა ბერძენიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

ამის შემდეგ ტყემელაძემ ბერძენიშვილს სიტყვების შერჩევა ურჩია, რა დროსაც დაპირისპირებაში მანდატურები ჩაერთვვნენ და დეპუტატები გააშველეს. ჟურნალისტებთან საუბრისას კი ტყემალაძემ თქვა, რომ თოფაძე მისი მეგობარია და არავის არაფერში ემიჯნება.

“რეზონანსი” გოგი თოფაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან საუბარი არ ისურვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი თოფაძეს ურჩევს, “კომენტარები შეარჩიოს”. “ბატონი გოგის განცხადება კურსთან, არჩევნებთან დაკავშირებით, არათუ ადეკვატურია, არამედ დამაზიანებელია მთლიანად კოალიციის იმიჯისთვის. ამიტომ, ვთხოვ მედიის მეშვეობით და პირადადაც ვეტყვი, რომ შეარჩიოს ის კომენტარები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან, წინასაარჩევნო პერიოდში. არჩევნები (საგარეჯოში) ჩატარდა კოალიციურად და არჩევნების გაყალბება არ არის დადასტურებული არც ერთ დონეზე,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ მასალის მომზადებისას არც ერთმა “რესპუბლიკელმა” კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

რეზონანსი”, 18 თებერვალი, 2016 წელი

არის თუ არა სამინისტროების ოპტიმიზაციის ინიციატივა პროვოკაციული?

“ზოგიერთ “ნაციონალს” “ოცნების” ხელისუფლება სულელები ჰგონია”

ეკატერინე ბასილაია

“ოპოზიციური პარტიის ლიდერები ბედნიერები იქნებიან, თუკი “ქართული ოცნება” ქადაგიძეს დაუჯერებს და სახელმწიფო მოხელეების შემცირებას დაიწყებს. ასეთი პრიმიტიული ოცნების გაჟღერება არ ეკადრება ისე ნიჭიერ გუნდს, რომელსაც ძალუძს, წლების განმავლობაში საკუთარი სურვილებით მართოს ეროვნული ბანკი,” – ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გიორგი ქადაგიძის მიერ სამშაბათს გაჟღერებულ ინიციატივას და ამაზე მმართველი გუნდის კომენტარებს, რომ ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაციას ისინიც განიხილავდნენ.

“არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი ხელისუფლება არჩევნების წინა პერიოდში ათასობით ადამიანს არ ეტყვის, რომ მათ სამსახურიდან გაყრის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ “ქართული ოცნება” ამას გააკეთებს, მაშინ მართლა გონებასუსტების მთავრობა გვყოლია. ამიტომ ეს უფრო პროვოკაციული ინიციატივაა,” – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი, რომელიც ასკვნის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთ წარმომადგენელს “ქართული ოცნების” ხელისუფლება სულელები ჰგონია.

ცისკარიშვილი თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ სამინისტროების გაუქმება განიხილება, “ნაუცბათევი კომენტარები” იყო – “ხვალ დილამდე ინსტრუქციას მიიღებენ და ყველა ერთ ხმაში უკვე სხვა ტექსტებით აჭიკჭიკდება.”

განსხვავებულად ფიქრობს გია ხუხაშვილი: “არჩევნების წინ ამაზე საუბარი არ მგონია, წამგებიანი იყოს. რეორგანიზაცია მაინცდამაინც ადამიანების მასობრივად ქუჩაში დატოვებას არ ნიშნავს და შემცირებები იმდენად მასშტაბური არ იქნება, რომ ამან საარჩევნოდ პრობლემები შექმნას. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ხელისუფლებისთვის უფრო პოზიტივის მომცემი იქნება და ამგვარი ხელისუფლება რიგით ამომრჩევლებს უფრო მიიზიდავს.”

დღეს ქვეყანაში 16 სამინისტრო და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატია. ექსპერტთა წრეში გასაუქმებელი სამინისტროების შავ სიაში სასჯელაღსრულების შემდეგ აღმოჩნდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროც.

“ბუნებრივია, რომ ბევრი სამინისტრო ხელოვნური ფუნქციის მატარებელია და შეიძლება ისინი დეპარტამენტების მეშვეობით ამუშაო. მაგალითად, კულტურის სამინისტრო ფონდად გადაკეთდეს, სპორტის სამინისტრო – დეპარტამენტად. კულტურის თემა იდეაშიც ეწინააღმდეგება სამინისტროებს და არაჯანსაღ სიტუაციას იწვევს ის, როდესაც ხელოვნების ხალხს ვიღაც ადმინისტრატორი უნდა უწყვეტდეს მათი შემოქმედების ბედს. ფონდს მეურვეთა საბჭო უნდა განაგებდეს. ასევე ერთჯერადი ამოცანებისაა ევროინტეგრაციისა და დიასპორის სამინისტროები. ეს ქვეყნის მართვას გააიოლებს და უფრო გასაგებს გახდის,” – ამბობს ხუხაშვილი.

მიესალმება თუ არა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თუკი თავისი სამინისტროს დეპარტამენტად გადაკეთების საკითხი დადგება, ამაზე სასაუბროდ მინისტრი დღეისათვის ემზადება.

ეკონომიკის გაჯანსაღების მოტივით გარკვეული სამინისტროების გაუქმების ინიციატივით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გამოვიდა. ამის შესახებ ქადაგიძემ გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა და ის სამინისტროები ჩამოთვალა, რომელთა გაუქმებაზეც ხელისუფლებამ უნდა იფიქროს. მისი თქმით, საქართველო იმართება 19 სამინისტროთი, რომ არაფერი ვთქვათ სხვა სიპებსა და სტრუქტურებზე, მაშინ, როდესაც, მაგალითად, შვეიცარიაში მხოლოდ 8 სამინისტროა. მან განაცხადა, რომ საქართველოშიც შესაძლებელია სამინისტროების რიცხვის განახევრება. ბიუროკრატიის შემცირებისათვის შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო. მაგალითად, ევროინტეგრაციის სამინისტრო; სასჯელაღსრულების სამინისტრო, რადგან ასეთი სამინისტრო არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს; სპორტის სამინისტრო განათლების ან თავდაცვის სამინისტროს შეუერთდეს; ასევე კულტურის სამინისტრო, რომელიც, მისი თქმით, საბჭოთა გადმონაშთია.

ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქადაგიძის გარეშეც განიხილებოდა სამინისტროების ოპტიმიზაციის თემა მმართველ გუნდში და თუკი საჭიროდ ჩაითვლება არჩევნების შემდეგ შეიძლება ზოგიერთი სამინისტროსა და სიპის გაუქმებაც მოხდეს. ოღონდ კონკრეტულად რომელი, არ დაუკონკრეტებიათ.

ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სამომავლოდ მთავრობაში გარკვეული ოპტიმიზაცია არ გამორიცხა.

“მე არ ვიცი, რას საუბრობდა გიორგი ქადაგიძე, მაგრამ მინდა გითხრათ თუ რას საუბრობენ ჩვენთან გუნდში, რაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ზოგადად, სამომავლოდ, შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ოპტიმიზაცია, თუ რამდენი სამინისტრო დარჩება, რომელი მოხდება ოპტიმიზაციის გეგმაში, ამაზე ალბათ უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ,” – განაცხადა კალაძემ.

“ეს იქნება სამინისტროების ოპტიმიზაცია, ასევე ვფიქრობ, რომ სამინისტროებში, შიგნითაც არის ოპტიმიზაციის რესურსი, ადგილობრივ თვითმმართველობებშიც არის რესურსი. ზოგადად, მიდგომა, რომელსაც მე პირადად ვუჭერ მხარს, გულისხმობს ნაკლებ სახელმწიფოს, რაც შეიძლება ნაკლებ ადმინისტრაციას,” – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა თვლი.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქადაგიძის განცხადებას სამედიცინო ტერმინი, “ჰიპერტროფიული” უწოდა.

“სახელმწიფო მინისტრის ბიუჯეტი წელიწადში არის მილიონი და თუ მთლიანად შევკვეცავთ, დაიზოგება ერთი მილიონი და არა ასი მილიონი, როგორც ბატონმა ქადაგიძემ თქვა. შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული,” – განაცხადა სერგეენკომ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმება კი მინისტრმა, კახი კახიშვილმა არ გამორიცხა. მისი განცხადებით, სტრუქტურული ცვლილება შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი, სოსო ცისკარიშვილი, “იქიდან გამომდინარე, ამ ახალი თემის აჟიტირების ავტორი ვინცაა”, ასკვნის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთ წარმომადგენელს “ქართული ოცნების” ხელისუფლება სულელები ჰგონია.

ცისკარიშვილი თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ სამინისტროების გაუქმება განიხილება, “ნაუცბათევი კომენტარები” იყო – “ხვალ დილამდე ინსტრუქციას მიიღებენ და ყველა ერთ ხმაში უკვე სხვა ტექსტებით აჭიკჭიკდება.”

“ოპოზიციური პარტიის ლიდერები ბედნიერები იქნებიან, თუკი “ქართული ოცნება” ქადაგიძეს დაუჯერებს და სახელმწიფო მოხელეების შემცირებას დაიწყებს. ეს ისედაც განაწყენებული ხალხის რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის და “ოცნებას” ხმები დაეკარგება. თუმცა ასეთი პრიმიტიული ოცნების გაჟღერება არ ეკადრება ისე ნიჭიერ გუნდს, რომელსაც ძალუძს წლების განმავლობაში საკუთარი სურვილებით მართოს ეროვნული ბანკი,” – ამბობს ცისკარიშვილი.

მისი თვალსაზრისით, სამინისტროების შეერთება-გაყოფაზე სხვადასხვა სქემა ხშირადაა და რომელი სქემაა უკეთესი, ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია, თუმცა ის მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას მიიჩნევს ნორმალურად, კულტურისა და სპორტისას – არა. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფოდ ცალკე სამინისტროდ უნდა გამოიყოს, შრომისა და სოციალური დაცვის კი ცალკე, რადგან ამ შეერთებამ მკურნალობის ხარისხი კატასტროფამდე დასცა.

მისთვის ყველაზე უცნაური იყო პრემიერის სურვილი, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატთან უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების განხორციელების მიმდინარეობას და სურს, პრემიერმა “ახალი ველოსიპედის” გამოგონებას თავი გაანებოს.

როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, ეს არის დავიწყებული სცენარი, რაც წარსულში წლების განმავლობაში არსებობდა. თუ რაიმე კიდევ შესაქმნელია იმისთვის, გავიგოთ სამინისტროებში რა ხდება, ეს პრემიერის აპარატის სისუსტის მაჩვენებელია. რადგანაც არსებობს ვიცე-პრემიერების სისტემა, სწორედ მათთან უნდა არსებობდეს აპარატი, რომელიც უნდა ზედამხედველობდეს სამინისტროებს და აქტუალურ პროცესებზე პრემიერთან ისინი უნდა მსჯელობდნენ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, “ნაციონალების” დროს არჩევნებისთვის შექმნილი დასაქმების სამინისტრო პოპულისტური ნაბიჯი, ცალკე ფენომენი იყო, რომელიც დასაქმების იმიტირებისთვის შეიქმნა და ყალბ მოლოდინს უკავშირდებოდა. დღეს არსებული ზოგიერთ სამინისტრო კი უფრო ნეგატივშია, ვიდრე პოზიტივში, ამიტომაც მათი გაუქმება ამომრჩევლის მხრიდან პოზიტიურად იქნება აღქმული.

“თუკი სამინისტროების ნაცვლად დეპარტამენტი ან ფონდები იქნება, ეს მათ მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. ფონდს პოლიტიკოსები არ განკარგავენ, არამედ დარგის ავტორიტეტები და სისტემა უფრო ეფექტური და მობილური იქნება. მგონია, რომ ასეთი ოპტიმიზაციით მთავრობა არ წააგებს, მთავარია ყველაფერი სწორად იყოს გათვლილი და ფუნქციურად სწორად გადანაწილებული. დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ მმართველობითი კრიზისი აქვთ – სისტემა მობილური და ეფექტური არ არის,” – მიიჩნევს ხუხაშვილი, თუმცა არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება მთავრობის ოპტიმიზაციის დაპირებას შეასრულებს.

“სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვუდგები იმ საკითხს, რომ ხელისუფლებას აქვს იმის მორალური თუ სხვა ტიპის რესურსი, რომ დღეს რამე რადიკალურად შეცვალოს. ისინი დღეს ძირითადად კოსმეტიკით იქნებიან დაკავებული, როგორ გაიპრანჭონ, ლამაზი კაბები ჩაიცვან და როგორ მოაწონონ თავი ვიღაცას. სერიოზულ, რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამენ. თუმცა შეიძლება ამაზე ისაუბრონ და საარჩევნო პროგრამაშიც კი ჩაწერონ – თუკი ხელისუფლებაში დავრჩებით ამას ვიზამთ და იმას ვიზამთო,” – დასძენს ხუხაშვილი.

რეზონანსი”, 18 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: მთავრობა პრემია-ხელფასების გასაზრდელად შიდა ვალსაც კი იღებს

ია აბულაშვილი

“კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დიდი ხალისით მოირგო და შეირგო სააკაშვილის მიერ შექმნილი მართვის მანკიერი სისტემა, შიდა ვალსაც კი იღებდნენ თავისი ხელფასებისა და პრემიების გაზრდისთვის. აი, ასეთი სისტემა გვაქვს “ოცნების” გამარჯვებიდან სამი წლისა და 4 თვის თავზე,” – აცხადებს სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, რომელსაც “რეზონანსი” ქვეყნის მართვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე გაესაუბრა.

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შეამციროს. მისი აზრით, თავისუფლად შეიძლება სამინისტროების განახევრება, რაც ასეულობით მილიონს დაზოგავს და სულაც რომ არაფერი გავაკეთოთ, ამ თანხით ბიუჯეტის დეფიციტს შევავსებთ და გავალთ ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებელზეო.

- ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს ვაცხადებდი, რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ხელოვნურვად ბერავდნენ საჯარო სამსახურებს, ამრავლებდნენ სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრის აპარატს საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით და არა სახელმწიფო, ანუ ეროვნული ინტერესების დასაცავად იყენებდნენ. სააკაშვილი და კომპანია ქმნიდნენ “ელიტებს”, რომლებსაც აძლევდნენ პრივილეგიებს მაღალი ხელფასებისა და პრემიების სახით.

მაგალითისთვის: შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეს და ზოგიერთ სხვა ჩინოვნიკს ზოგჯერ თვეში 50 ათასი ლარის პრემიაც კი მიუღიათ. საპასუხოდ ეს “ელიტა” უნდა ყოფილიყო სააკაშვილის პოლიტიკური მხარდამჭერი და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი, მერაბიშვილის და ადეიშვილის, მათ შორის კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი ბრძანება. ამიტომ იყო, რომ “ოცნების” გამარჯვების დროისთვის საქართველო იყო ძალიან ღატაკი ქვეყანა და ამავდროულად ჰყავდა მაღალანაზღაურებადი, ძალზედ გაბერილი სახელმწიფო აპარატი. თვითონ სააკაშვილი კი ფუფუნებაში ცხოვრობდა პრეზიდენტის სასახლეში. “ოცნების” გამარჯვებისთანავე დავიწყე საუბარი მართვის სისტემის ოპტიმიზაციაზე, მაგრამ ხედავთ, რომ ეს საკითხი დღესაც მოუგვარებელია.

- რა რეფორმები უნდა გაეტარებინა “ოცნებას” ამ კუთხით?

- პირველი 6 თვის განმავლობაში უნდა გამოეცხადებინა, რომ დემოკრატიზაციის და დეცენტრალიზაციის მიზნით იწყებს ფართომასშტაბიან, ღრმა რეფორმას. უნდა მიემართა საერთაშორისო პრესტიჟული ორგანიზაციებისადმი და მათი დახმარების და უშუალო მონაწილეობით დაეწყო მართვის სისტემის ძირეული რეფორმა. საუბარი არ არის სამინისტროების და მოხელეების რაოდენობის მექანიკურ შემცირებაზე; უნდა მომხდარიყო აღმასრულებელი სტრუქტურებისა და საქმიანობის წესის ოპტიმიზაცია და ნაცვლად 20 სამინისტროსი, დარჩენილიყო 12-14 სამინისტრო. თანაც ახლიდან განსაზღვრულიყო მათი ფუნქციები და საქმიანობის წესი. გარდა ამისა, საჭირო იყო გუბერნატორების სრულიად მავნე ინსტიტუტის მთლიანი გაუქმება; შეიძლება ცალკეული გუბერნატორები და მათ აპარატში მომუშავე ადამიანები ძალიან კარგი მუშაკები იყვნენ, მაგრამ ეს სტრუქტურა სრულიად ზედმეტია, ის მხოლოდ აფერხებს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას და მძიმე ტვირთად აწევს ქვეყნის ბიუჯეტს. არადა ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე დემოკრატიზაციისა და ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია.

“ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა მიეღოთ შესაბმაისი კანონები, პროკურატურა უნდა გადაეყვანათ სასამართლო ხელისუფლების სფეროში და ახალი კადრებით გაეძლიერებინათ. პროკურატურა რომ გახდებოდა მთავრობისაგან და პრემიერისაგან დამოუკიდებელი, მაშინ “სამართალი ურმით აღარ იჭრიალებდა” და სამართლიანობაც სწრაფად აღდგებოდა. რეფორმები უნდა შეხებოდა სახელმწიფო აუდიტს, ეროვნულ ბანკს და სხვა სტრუქტურებს, რათა ჭეშმარიტად დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ და შეესრულებინათ კონსტიტუციით გათვალისწინებული ფუნქციები.

კოალიცია “ოცნების” ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, თითიც არ დააკარა და დიდი ხალისით მოირგო და შეირგო სააკაშვილის მიერ შექმნილი მართვის მანკიერი სისტემა და ხელფასების და პრემიების გაზრდას შეუდგნენ; კიდევ უფრო ძვირფასი მანქანებისა და 10 ათას ლარზე უფრო ძვირი მობილური ტელეფონების შეძენა დაიწყეს. შიდა ვალსაც კი იღებდნენ თავისი ხელფასებისა და პრემიების გაზრდისთვის. აი, ასეთი სამწუხარო შედეგი გვაქვს “ოცნების” გამარჯვებიდან სამი წლისა და 4 თვის თავზე, როცა საპარლამენტო არჩევნებმადე 8 თვე გვაშორებს.

- თუმცა, როგორც მათი ახლანდელი განცხადებებიდან ჩანს, რეფორმა დაწყებულიც აქვთ და მზად არიან სამინისტროებიც შეამცირონ.

- ეს, რა თქმა უნდა, დაგვიანებულია. მე ნამდვილად არ დავუჭერდი მხარს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე პოპულისტური მიზნებისთვის მექანიკურად გააუქმონ ზოგიერთი სამინისტრო თუ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აპარატთან ერთად. ეს საზიანო იქნება, ვინაიდან საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმების გატარება, რაც უნდა მართვის ყველა სფეროს მოიცავდეს. “ოცნებას” ამის რესურსი აშკარად არა აქვს. რეფორმა თვითმიზანი არაა, მაგრამ მის გარეშე შეუძლებელია მანკიერი წრის გარღვევა და განვითარებაზე გასვლა, ქვეყანა რომ გახდეს მდგრადი სახელმწიფო და არა ტერიტორია, სადაც უცხოეთში მცხოვრები ქართველებისგან გამოგზავნილი დოლარები იცვლება უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე და ექსპორტ-იმპორტის ყოველწლიური დეფიციტი 5 მილიარდ დოლარს აღემატება.

- სხვა პოლიტიკურ ძალაში თუ ხედავთ ასეთი რეფორმის ჩატარების რესურსს?

- ვერა, რადგან პოლიტიკურ სპექტრში აშკარად სჭარბობენ ადამიანები, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა საკუთარი კეთილდღეობისა და სოციალური სტატუსის გაუმჯობესება-უზრუნველყოფისთვის უნდა. რეფორმატორ ხელისუფლებას კი თავგანწირვა მართებს, რადგან მან უნდა ჩაატაროს ისეთი რეფორმები, რომელიც თავდაპირველად არაპოპულარული და მტკივნეულიც შეიძლება იყოს მოსახლეობის ნაწილისთვის. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებში სწორედ ხელისუფლებაში მოსულან ისეთი ადამიანები, ვინც რეფორმებს ატარებდა, თუმცა იცოდა, რომ თვითონ პოლიტკურად გადაყვებოდა ამ რეფორმებს და ძალაუფლებას დაკარგავდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ეს სჭირდებოდა მათ ერს და პოლიტიკურად თავი გაწირეს.

- მაინც რომელი ქვეყნის მოდელი უფრო შეესაბამება ჩვენს დღევანდელ პირობებს, რომ გამართული მმართვის სისტემა მივიღოთ?

- სააკაშვილი მუდმივად ლაპარაკობდა რაღაც მოდელებზე და დასავლეთის ექსპერტ-ანალიტიკოსები ღიად დასცინოდნენ, რომ მას ერთდრულად უნდა, საქართველო იყოს მეორე სინგაპური და თანაც შევიდეს ევროგაერთიანებაშიო, ის ურთიერთსაწინააღმდეგო მოდელებზე საუბრობსო. ჩვენ კი კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები სადიზმზე დამყარებულ ხაზინის ქურდების ავტორიტარულ რეჟიმს აშენებდნენ. საქართველოს შემთხვევაში ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერსოა აღმოსავლეთი ევროპის და ბალტიის ქვეყნების მაგალითი, ვინაიდან ამ ქვეყნებსაც სოციალისტური ე.წ. ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის დაძლევა მოუწია და ეს გააკეთეს წარმატებულად.

- წარმატებული სისტემა რომ შექმნა, წარმატებული კადრებიც უნდა შეარჩიო. კადრების შერჩევა კი საქართველოს ხელისუფლებებისთვის ყოველთვის აქილევსის ქუსლი იყო.

- როცა სწორი ინსტიტუციებია და მართვის ოპტიმალური სისტემაა შექმნილი, მაშინ მინისტრით დაწყებული ყველაზე დაბალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანით დამთავრებული მაქსიმალურად ნაყოფიერად მუშაობენ, ხოლო როცა სისტემა მანკიერია, ყველაზე ნიჭიერი, უნარიანი და გამოცდილი ადამიანიც კი პრაქტიკულად ვერაფერს ახერხებს. ამიტომ, თუ შეიქმნა მართვის ოპტიმალური სისტემა, რომლის დროსაც აპარატები ბევრად უფრო მცირერიცხოვანი იქნება, ვიდრე ახლაა, უფრო ადვილი იქნება უკეთესი კადრების მოძიება, რომლებიც ბევრად უკეთესად იმუშავებენ. ამას ადასტურებს მსოფლიოში დაგროვებული მდიდარი პრაქტიკა და გამოცდილება.

- რეფორმა სამინისტროების შემცირებით უნდა დაიწყოს?

- რეფორმები უნდა დაიწყო იმით, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის, თუნდაც სამინისტროების შემცირებით. საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შს სამინისტროები, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები აშკარაა, რომ უნდა დარჩეს. ისე, საქართველოს მასშტაბის ქვეყანაში ხშირად ერთი ეკონომიკის სამინისტრო ფარავს ყველა სფეროს და ენეგრეტიკის სამინისტრო საერთოდ არ არსებობს ცალკე, ისე როგორც სპორტის, ლტოლვილთა ან ევროიტეგრაციის სამინისტროები.

მე რომ მევალებოდეს რეფორმებში მონაწილეობა, ჩემს თავზე არავითარ შემთხვევაში არ ავიღებდი იმის გადაწყვეტილებას, რა დარჩეს და არა არა. ეს პროფესიონალექსპერტთა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს; მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ 14-ზე მეტი სამინიტრო, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ნამდვილად არ უნდა ჰყავდეს ჩვენნაირ პატარა ქვეყანას, ჩვენთან კი 20-ია. სამინისტროების რაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თითოეულ სამინისტროში მომუშავე ადამიანთა რაოდენობა და რაც მთავარია მათი ფუნქციები.

„ახალი თაობა“, 18 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ლარის მასა უნდა შემცირდესეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ ვიყო, ყველაფერს ერთ თვეში გამოვასწორებდი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს, მისი სურვილის მიუხედავად, პარლამენტის ტრიბუნა არ დაეთმო და მან საკუთარი პოზიცია წასვლის წინ ტელევიზიით დააფიქსირა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე „ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი ქადაგიძის განცხადებებს აფასებს და ამას გადაბრალების პოლიტიკას უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გიორგი ქადაგიძემ ერთი რაღაც თქვა სწორი, რაშიც ექსპერტიც ეთანხმება.

- რა თქვა სწორი გიორგი ქადაგიძემ?

- მან განაცხადა, რომ შესაძლებელია, ლარი თავის ძველ კურსს დაუბრუნდეს. რატომ არ გააკეთა ეს თვითონ, ჩემთვის გაუგებარია. მართლაც იყო შესაძლებელი ლარის კურსის დაჭერა, რაც არაპირდაპირ ახალმა პრეზიდენტობის კანდიდატმაც დაადასტურა. მხოლოდ ეს განცხადება იყო სწორი, დანარჩენი იყო თავის მართლება.

- გიორგი ქადაგიძემ ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი სამინისტრო გასაუქმებელია...

- იცით, რას გეტყვით? შეადაროს სხვა ქვეყნების, იგივე აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით და ნახავს, რომ ჩვენი ხარჯები დაახლოებით ხუთჯერ უფრო ნაკლებია.

- მან შვეიცარიის მაგალითი მოიყვანა...

- შვეიცარია რომ მოჰყავს მაგალითად, შვეიცარიაში ძალიან ცოტა სამინისტროა, მაგრამ შვეიცარია სხვანაირი მოწყობის ქვეყანაა. კანტონული მოწყობის ქვეყანაა. იქ სულ ექვსი სახელმწიფო მანქანაა. ექვსი საათის შემდეგ ფედერალური პრეზიდენტი საკუთარი მანქანით დადის.

- ანუ მან თავი იმართლა?

- რასაკვირველია. ეს იყო თავის მართლება, რადგან ძალიან მალე, როდესაც ახალი პრეზიდენტი მოვა, მის საქმიანობას გამადიდებელი შუშით შეისწავლიან. მთელი ეს ლარის პერიპეტიები მეტწილად ხელოვნური იყო. შესაძლებელია, რომ ლარის კურსი ძალიან სწრაფად გამოსწორდეს, როგორც ბატონმა ხადურმა თქვა, ოღონდ რატომ არ აკეთებდნენ ამას ადრე და უფრო ხისტად რატომ არ მუშაობდნენ ეროვნულ ბანკთან, ჩემთვის გაუგებარია.

- რა ხდებოდა, ხელის დაბანის პოლიტიკას ჰქონდა ადგილი?

- მე მეჩვენება, რომ ეს რევანშისტული პოლიტიკა იყო და ეს პოლიტიკა ბოლომდე ვერ გავიდა.

- ამით საზოგადოება დაზარალდა?

- ამ პოლიტიკას უკვე წელიწადნახევარია მისდევდა ქადაგიძე და ამით დავზარალდით ჩვენ ყველანი. განსაკუთრებით ისინი, ვისაც კრედიტი ჰქონდა ბანკში აღებული. უკანონო და არაკონსტიტუციურია, რომ კრედიტები დამტკიცებულია დოლარში. ამის თაობაზეც ილაპარაკა ახალმა კანდიდატმა. მან აღნიშნა, რომ თუკი მის კანდიდატურას დაამტკიცებენ, ეროვნული ბანკი ამ პოლიტიკის გატარებას აპირებს. თუმცა ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება.

- რას იტყვით ახალ კანდიდატზე, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წარადგინა? ის საზოგადოებისათვის უცნობი სახეა...

- მთავარი კრიტერიუმი, რითაც უნდა სარგებლობდეს, არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. მან სრულად უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა. ის მუშაობდა ანალიტიკოსად, მრჩევლად, მაგრამ არასოდეს ჰქონია საპასუხისმგებლო თანამდებობა.

- რამდენად გაამართლებს ამ თანამდებობაზე?

- ეს მე არ ვიცი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის. ეს ყველაფერი პირდაპირ ჩვენს ჯიბეზე აისახება და ძალიან მალე.

- ანუ თუ მიიღებს თამამ გადაწყვეტილებებს, შესაძლებელია, ლარი დასტაბილურდეს?

- დასტაბილურდეს კი არა, შესაძლებელია, თავის ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს.

- პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს?

- პირველ რიგში ძალიან ნორმალურად და ხისტად უნდა გადაიხედოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ან უცხოური ვალუტა უნდა გაიზარდოს, ან ლარის მასა უნდა შემცირდეს. ჩვენ ლარის გაცილებით მეტი ფულადი მასა გვაქვს მიმოქცევაში, ვიდრე ეს საჭიროა ქვეყნისთვის. გასატარებელია ხისტი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. როგორც კი ეს დასტაბილურდება, მაშინვე განახლდება ქვეყანაში ფულის შემოდინება.

- ახლა შეჩერებულია?

- დიახ. ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, მაგრამ ინვესტიციები არ შემოვა, თუ სტაბილური სიტუაცია არ იქნება. უცხოური ინვესტიციები კარგია, მაგრამ მათი შემხედვარე ვერ ვიქნებით. მთავარია, ჩვენი ბიზნესი როგორ იმუშავებს და ჩვენი ბიზნესი ახლა მოლოდინის რეჟიმშია.

- ანუ თქვენი მოლოდინები ოპტიმისტურია?

- რა გითხრათ, მე რომ ვყოფილიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამას ერთ თვეში, თვენახევარში გამოვასწორებდი.

„ახალი თაობა“, 18 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: „რუსეთს ცხინვალში ბირთვული ქობინები არ შეუტანია

რუსეთმა აფხაზეთში სამხედრო წვრთნები ჩაატარა. წვრთნებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. რუსული სამხედრო ოლქის სადაზვერვო ქვედანაყოფებმა ტერორისტების აღმოჩენაზე, განეიტრალებასა და ლიკვიდაციაზე ივარჯიშეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, ბირთვული ქობინები შემოიტანა. თანაც ოკუპაციის ხაზთან ახლოს დასახლებული მოსახლეობის იქიდან გადასახლებას აპირებს.

ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობას“ თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რუსეთმა აფხაზეთში წვრთნები ჩაატარა ტერორისტების აღმოჩენასა და განეიტრალებაზე. ეს რას ნიშნავს?

- რუსეთმა მთელს სამხრეთ სამხედრო ოლქში ჩატარდა ჯარების დათვალიერება, წვრთნები, რაც იყო კომპლექსური ღონისძიება. ღონისძიებებმა მოიცვა მთელი ეს რეგიონი. სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ჩატარდა.

- კერძოდ?

- მაგალითად, რუსეთის გარკვეული სამხედრო ნაწილები განგაშით გააღვიძეს, გამოიყვანეს დისლოკაციის ადგილებიდან და შეამოწმეს, რამდენად სწრაფად შეუძლიათ სათადარიგო რაიონების დაკავება. მათი ნაწილი პოლიგონზე გადაისროლეს და ჩაუტარეს საბრძოლო სწავლება, ჩატარდა სამეთაურო ვარჯიშებიც. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც სცენარის შემადგენელი ნაწილია.

- ყველაფერი ეს რას ემსახურება?

- ეს ყველაფერი ემსახურება იმ პროპაგანდას, რომელსაც რუსეთი ეწევა, ანუ, ერთი მხრივ, კუნთების თამაშია თურქეთის წინააღმდეგ, რადგან კონკრეტულად ეს საკითხი იყო აქტუალური იმ პერიოდში. საკმაოდ დაიძაბა ვითარება თურქეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ, რაც თურქეთმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი ინტერესის სფეროში შედის სირია, სირიაში ის თურქმენების ინტერესებს დაიცავს. ამიტომ არაბულ სამყაროსთან ერთად განიხილავს სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას სირიის ტერიტორიაზე.

- შეიძლება რუსეთს მოუხდეს სირიის ტერიტორიაზე თურქეთთან უშუალო დაპირისპირება, მაგრამ აფხაზეთში რატომ ატარებს წვრთნებს?

- აფხაზეთში ის წვრთნებს ცალკე არ ატარებს. ეს იყო პოლიტიკური გზავნილი მსოფლიოს მიმართ, რომ მისი სამხედრო მანქანა მოქმედებაშია და შეუძლია მისი გამოყენება.

- ანუ რუსეთი მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებს თითს უქნევს?

- ერთია რუსეთის შეფასება, რა შეუძლია ამ ქვედანაყოფებს და მეორეა – რეალური მზადყოფნა. რუსეთი მუდმივად პედალირებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი შეიარაღებული ძალებია.

- რუსეთმა ცხინვალში ბირთვული ქობინები მართლა შემოიტანა?

- ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

- ფოტოებიც რომ გავრცელდა, სადაც თითქოს ასახული იყო ბირთვული ქობინები?

- არა. ერთია ე.წ. „ტოჩკა-უ“, მეორე – „ისკანდერი“. რუსებს ცხინვალში სხვადასხვა ტიპის რაკეტები აქვთ. რაკეტების ქობინები განსხვავდება ერთმანეთისგან. მათ შორის, მათ შეუძლიათ ბირთვული ქობინის მიტანა სამიზნემდე. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ქობინები იქნება ცხინვალში, თან სამხედრო ნაწილში. თვითონ სარაკეტო კომპლექსებიც კი ძალიან პრობლემური შესანახია. არის რაკეტები, რომლებიც მყარ საწვავზეა და შედარებით ადვილი მომსახურებისაა. არის რაკეტები, რომლებიც არ არის მყარ საწვავზე, მოითხოვს მთელ ინფრასტრუქტურას და რეგლამენტირებულ მომსახურებას, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება. არც რუსეთია თუნდაც თავისი უსაფრთხოების მიმართ გულგრილი, რომ ისეთ მოწყვლად რეგიონში, როგორიც ცხინვალის რეგიონი ან აფხაზეთია, ბირთვული ქობინები შეიტანოს.

- გამორიცხავთ, რუსეთმა ბირთვული ქობინები მომავალში რომ შემოიტანოს ცხინვალში?

- თუ რუსეთი დაიწყებს აქტიურობას, შეიძლება შემოიტანოს, მაგრამ ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ ბირთვული ქობინები ცხინვალის რეგიონში არის.

- ბირთვული ქობინების გამშვები სარაკეტო სისტემები?

- თვითონ გამშვები სარაკეტო სისტემები არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხინვალში ბირთვული ქობინებიც აქვთ. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის, ეს მთელი სისტემაა. ჩვენ ამას გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით.

- ანუ რუსეთის სამხედრო სწავლება საქართველოს წინააღმდეგ არ იყო მიმართული?

- ამ შემთხვევაში ეს სწავლება ჩატარდა არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ პირდაპირ და უშუალოდ თურქეთის წინააღმდეგ. ასევე ირიბად რუსეთის სამხედრო წვრთნები ნატოსა და, საერთოდ, დასავლეთის ქვეყნებთან შანტაჟის პოლიტიკის გატარებას ემსახურებოდა. ამ სამხედრო წვრთნებით პუტინი თავის ობივატელს ეუბნება, მართალია, ეკონომიკური პრობლემები გვაქვს, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ვართ და ყველაზე ძლიერი შეიარაღება გაგვაჩნიაო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონში ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის გადასახლებას გეგმავს. როცა თვითონ მოსახლეობა შეშფოთდა, უთხრეს, ასეთი რამ არ იგეგმებაო. რისთვის ემზადება რუსეთი? რა მიზეზით შეიძლებოდა გადაესახლებინათ ისინი?

- თუ რუსეთი ცდილობს, ცხინვალის რეგიონში გამყოფ ზოლთან უფრო გაამაგროს თავისი ინფრასტრუქტურა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ აქტიურ ღონისძიებას არ აპირებს. როცა შეტევას იწყებ, დამცავ ზოლებს არ ამაგრებ, პირიქით, ანგრევ და მოულოდნელ მოქმედებას იწყებ.

- ადმინისტრაციული საზღვრის პირას დასახლებული ადამიანების იქიდან გასახლებაზეა საუბარი. მოსახლეობის გადასახლებით ხომ ტერიტორია თავისუფლდება?

- ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მოსახლეობა მაინც არ არის. ოსური მოსახლეობა იქ ნაკლებადაა. ცხინვალის რეგიონში დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი იმ მოსახლეობისა, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში იყო. დარჩენილია ის ხალხი, რომელიც ემსახურება სამხედრო ინფრასტრუქტურას. წურბელებივით ასხედან რუსეთის მიერ გამოყოფილ თანხებს. არიან კიდევ მოხუცებული ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, ვერ ახერხებენ სხვაგან უკეთესად მოწყობას, იქ ჩარჩნენ და ცხოვრობენ. მოსახლეობა, რომელიც ხელს შეუშლიდა რუსეთს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობაში, აღარ არსებობს. დარჩა მხოლოდ ოსური მოსახლეობის ჯგუფი, რომელიც ჩამოკიდებულია რუსულ ფულზე. არა მგონია, მათი გასახლება იგეგმებოდეს.

- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ რუსეთის წვრთნებზე და შეიარაღების დამატებით შემოტანასა და სხვა სამხედრო მოძრაობებზე თავდაცვის სამინისტრო რაიმე რეაგირებას ახდენს რამენაირი საპროტესტო ნოტის სახით?

- ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებითი სამხედრო ძალები შემოდის, არსებულს კი მუდმივად ვაპროტესტებთ. ახლა ჩვენი პროტესტი გადასულია კარასინი-აბაშიძის ფორმატში, რაც ემსახურება პოზიციების შეჯერებასა და სიტუაციის განმუხტვას. თუმცა, შედეგი, ჯერჯერობით, არ ჩანს.

- ბატონო გიორგი, [რამდენად] შეიძლება რუსული ჯარისაგან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაცლილი ვნახოთ?

- დიახ, შეიძლება მოვლენები ასე განვითარდეს. ასეც ხდება ხოლმე. რუსეთი ახლა იმყოფება დაძაბულობის კულმინაციის ზღვარზე, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს განმუხტვა. ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ რუსეთმა მსოფლიოს პოზიციის შეცვლა აიძულოს. ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული რუსეთის სრული კაპიტულაციაა.

- ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- ერთი სცენარით, რუსეთმა შეიძლება ისე დაასრულოს, როგორც საბჭოთა კავშირმა, რომელიც ერთ დღეში ჩამოიშალა. ერთ დღეში დასრულდა საბჭოთა კავშირი, ერთ დღეში დასრულდა ვარშავის პაქტი და ბერლინის კედელი. მეორე სცენარით, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება და დაემორჩილება თამაშის საერთაშორისო წესებს.

- თამაშის საერთაშორისო წესები რას გვეუბნება?

- თამაშის საერთაშორისო წესები გვკარნახობს, რომ საზღვრები უცვლელია და აღიარებული საზღვრები გადახედვას არ ექვემდებარება. ორივე სცენარი ჩვენთვის შედეგიანია. ორივე შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება, დატოვოს დაკავებული ტერიტორიები იმის გამო, რომ ამის პოტენციალი აღარ ექნება, თავისი შეიარაღებული ძალები კი შიდა დაძაბულობისთვის გამოიყენოს. ან მოლაპარაკება დასრულდება იმით, რომელ ტერიტორიას რა ვითარებაში დატოვებს.

- თქვენ ადვილად წარმოაჩენთ რუსეთის დამარცხებას...

- ასე ხდებოდა ყოველთვის. ამას გვიჩვენებს მსოფლიო ისტორია. სახელმწიფო, რომელსაც ეკონომიკური პოტენციალი არ გააჩნია, მარცხდება. ეს არის შეუქცევადი პროცესი. მთავარი ტანკებისა და ჯარისკაცების რაოდენობა არ არის. მთავარია ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც რუსეთს არ გააჩნია.

რეზონანსი”, 18 თებერვალი, 2016 წელი

საქართველოს მთავრობა სეპარატისტებს რუსულ დენს უფასოდ მიართმევს

“აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს ხარჯზე უფასოდ არ უნდა მარაგდებოდეს!”

მაკა ხარაზიშვილი

საქართველოს მთავრობა აფხაზეთს რუსეთისგან ელექტროენერგიას შეუძენს და უფასოდ გადასცემს. აფხაზები ენგურჰესიდან გამომუშავებული დენით მარაგდებიან და ზამთრის თვეებში ჰესი მთლიანად მათ განკარგულებაშია. ახლა ვინაიდან ენგურში წყლის დონე შემცირდა, აფხაზეთს დეფიციტი რომ არ შეექმნას, მთავრობამ გადაწყვიტა, ეს რეგიონი რუსული დენით მოამარაგოს. სპეციალისტების განცხადებით, სეპარატისტებს წელიწადში 35 მლნ ლარის ღირებულების დენს ისედაც ვჩუქნით. დამატებით საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე, ძვირად ღირებული (6,5-ცენტიანი) ელექტროენერგიის ყიდვა მცდარი გადაწყვეტილებაა.

ენგურის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარს – 440 მეტრს – ჩამოცდა, 420 ნიშნულზე კი ტურბინები უნდა გაჩერდეს. ამიტომ, აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაბნელება უწინასწარმეტყველა. ამ საკითხის გადასაჭრელად ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გალში აფხაზურ მხარესაც შეხვდა. შედეგად გადაწყდა, რომ ვინაიდან რეგიონის დე ფაქტო მთავრობას ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლია, საქართველოს მთავრობა აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიას რუსეთისგან იყიდის.

გუშინ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ელექტრომომარაგების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, რუსეთისგან დამატებითი ელექტროენერგიის შემოტანა გახდა საჭირო. “საქართველო, საერთაშიროსო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და მყარი პოზიცია”, – განაცხადა კალაძემ.

ასეთი პასუხისმგებლობის აღება, თუნდაც პოლიტიკური მოტივით, არასწორად მიაჩნია ენერგეტიკოს რევაზ არველაძეს. მისი აზრით, ქვეყნის მოსახლეობის ასეთი დიფერენცირება არ შეიძლება. აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს ხარჯზე უფასოდ არ უნდა მარაგდებოდეს, მით უმეტეს იმპორტირებული ენერგიით.

“უკვე 20 წელიწადზე მეტია აფხაზეთის რეგიონს ენგურჰესიდან ელექტროენერგია უფასოდ მიაქვს, რაც თავიდანვე არასწორი იყო. აფხაზეთი, ისევე როგორც სხვა რეგიონები, ამ ელექტროენერგიის საფასურს უნდა იხდიდეს. მეორე საკითხია იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილებას ითვალისწინებს. აფხაზეთს, ზამთრის თვეებში არა 40%, არამე ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის 100% მიაქვს”, – ამბობს რევაზ არველაძე და ხაზს უსვამს, რომ ეს პოლიტიკაც არასწორია. ამიტომ, ამ მიმართულებით როგორც წინა ხელისუფლებას, ისე ამ ხელისუფლებას უნდა ემუშავა.

“დღევანდელი მდგომარეობით, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის რაოდენობა კრიტიკულ დონემდე შემცირდა, აფხაზეთს გაუჭირდა და დაიწყეს მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასთან. მანამდე იყო მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ჩვენ ვეღარ ვიყიდიდით ელექტროენერგიას აფხაზებისთვის, ახლა კახა კალაძე ამბობს, რომ შევიძენთ რუსეთისგან. უფრო სწორი იქნებოდა ამ რეგიონს თავად მოეძიებინა დამატებითი რესურსი. რატომ უნდა ვუყიდოთ ჩვენ ელექტროენერგია 6,5 ცენტად და მივცეთ უფასოდ?” – კითხულობს რეზო არველაძე.

მისი ინფორმაციით, აფხაზეთს რუსეთთან აკავშირებს 2 ელექტროგადამცემი ხაზი 220-კილოვატიანი “სალხინო” და 110-კილოვოლტიანი “ნაკადული”. ამ გადამცემი ხაზების მეშვეობით რეგიონს რუსეთიდან თავისუფლად შეუძლია მიიღოს იმდენი ელექტროენერგია რამდენიც სჭირდება.

“რატომ უნდა ვუყიდოთ და მივაწოდოთ “კავკასიონიდან”, როდესაც თავადაც აქვთ რუსეთთან დამაკავშირებელი გადამცემი ხაზები? ერთადერთი რამეა აქ ჩადებული, რომ ვიყიდოთ ელექტროენერგია საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის ფულით და უფასოდ მივაწოდო ერთი რეგიონის მოსახლეობას. მით უმეტეს ხალხის ხარჯზე შეძენილი ელექტროენერგიის საკმაოდ დიდ ნაწილს მოიხმარს რუსული სამხედრო ბაზები”, – ამბობს რევაზ არველაძე.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის განცხადებით, აფხაზეთი, გადამცემი ხაზებით დაზიანების პერიოდში, ისედაც იღებდა საქართველოს ცენტრალური ელექტროსისტემიდან რუსულ დენს, რომელიც საქართველოს საკმაოდ ძვირი უჯდება.

“ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი ფასის ანაზღაურება გვიწევს, რისი შესაძლებლობაც ჩვენ აღარ გვაქვს”, – აღნიშნა მარიამ ვალიშვილმა “რეზონანსთან” საუბარსას, თუმცა, როგორც ჩანს, “ეს შესაძლებლობა” მაინც გამოინახა.

როგორც ცნობილია, აფხაზეთში არ არის გაზი, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც დიდია დანაკარგის მაჩვენებელი ქსელში და მოსახლეობა საქართველოდან მიწოდებულ უფასო ელექტროენერგიას უყაირათოდ მოიხმარს.

რეზო არველაძის განცხადებით, აფხაზეთი, იმის ნაცვლად, რომ ენერგოსისტემა განავითაროს, აღადგინოს ჰესი ტყვარჩელში, ააშენოს სხვა ელექტროსადგურები, მარტო “ენგურჰესზეა” ჩამოკიდებული. ბუნებრივია, რეგიონი დამატებით შრომას არ გასწევს, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მასზე ისედაც ზრუნავს. ერთი რეგიონი (სხვათა შორის, სეპარატისტული) დენს სრულიად უფასოდ იღებს, ხოლო დანარჩენი რეგიონების მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფი უძვირდება.

„საქართველო და მსოფლიო“ 17-23 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „თუ ჩვენს ტრადიციებსა და იდენტობას დავკარგავთ, ავასრულებთ გიგა ბოკერიასა და თავისუფლების ინსტიტუტის ოცნებას

ეკა ნასყიდაშვილი

მილიონობით დოლარი შემოვიდა და ხშირად ეს არ არის გრანტები, ეს არის შავი ფული. 2015 წლის ზაფხულში შემოვიდა 5 მილიონ დოლარამდე. ეს თანხები უნდა მოხმარდეს ანტიქართულ აქციებს, მათ შორის, ლგბტ- პროპაგანდას, აპირებენ ადამიანების მოსყიდვას, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, რათა ის პოზიციები გამოხატონ, რომლებზეც ლაპარაკობენ ქართველოფობები”, - ამბობს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დიასპორის საკითხებში, მოძრაობაეროვნულებისლიდერი სანდრო ბრეგაძე და მოითხოვს, კონსტიტუციის 36- მუხლში შევიდეს განმარტება: ოჯახი - ეს არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს ულტიმატუმი წაუყენა და 76 დეპუტატის ხელმოწერას მოითხოვს, რათა კონსტიტუციაში ცვლილებები სასწრაფოდ განხორციელდეს. გვესაუბრება მოძრაობაეროვნულებისლიდერი სანდრო ბრეგაძე.

- ბატონო სანდრო, რატომ შეიქნა აუცილებელი, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა?

- ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყანაში ქართველოფობიური ძალები მომძლავრდნენ, მათ სძულთ ყოველგვარი ქართული და ეროვნული.

- არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობთ?

- გეტყვით, დასამალი არაფერი მაქვს: საქართველოს მოსახლეობის 99% ერთ პოზიციაზეა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება მიუღებელია და არ შეიძლება ამის დაკანონება, მაგრამ ქართველოფობები – გიგი თევზაძე, გია ნოდია, გოგი გვახარია, ნინია კაკაბაძე, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და უამრავი სხვა, ცდილობენ, უცხო ქვეყნიდან ქართველთა დამღუპველი რამ შემოიტანონ, ისევე, როგორც ბევრი სხვა ცუდი ჩვევა, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვას უწოდებენ. უფლებადამცველი უწოდო ადამიანებს, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის დამცველები იყვნენ, ცნებაუფლებადამცველისშეურაცხყოფაა. საქართველოს დაუძინებელი მტრების გზის გამგრძელებლები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უფლებადამცველებად მოიხსენიო.

ვალდებულნი ვართ, მოვახდინოთ პრევენცია, რათა საქართველოში არასოდეს დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება. სწორედ ამიტომ არის საჭირო, ჩაიწეროს კონსტიტუციაში და ნათლად, გარკვევით იყოს განმარტებული, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად, ლატვიასა და ხორვატიაში, ასეთი მუხლი კონსტიტუციაში აქვთ შეტანილი, მაგრამ ეს მათ ევროპულ განვითარებას ხელს არ უშლის, პირიქით…

- ქართველთა დიდ ნაწილს სურს, რომ კონსტიტუციაში ასეთი მუხლი შევიდეს, მაგრამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, უფრო ზუსტად კი, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა დაკანონდესო. შეძლებს კი ჩვენი ხელისუფლება, წინ აღუდგეს კერის ამ განკარგულებას?

- ჩვენი მბრძანებელი ღმერთია, სხვა არავინ! ნებისმიერ ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს, თავისი ტრადიციები. შეიძლება ამერიკელებს მოსწონდეთ ის, რაც მისაღები არ არის ფრანგებისთვის… საქართველო უნიკალური ტრადიციების ქვეყანაა, გვაქვს უნიკალური იდენტობა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნისგან გამოგვარჩევს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენს ტრადიციებსა და იდენტობას დავკარგავთ, ავასრულებთ გიგა ბოკერიასა და თავისუფლების ინსტიტუტის ოცნებას _ იარსებოს ტერიტორიამ სახელწოდებითსაქართველოდა აქ იცხოვრონ ადამიანებმა, რომლებსაც ქართული არაფერი სცხიათ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო ავადმყოფური საუბრები, სურდათ, გარეგნობითაც და სულიერადაც ყველა ქართველი გიგა ბოკერიას დამსგავსებოდა.

თუ ქართველებმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება დავუშვით, ყოველგვარი პოლიტიკური მოღვაწეობა, საზოგადოებრივი ღვაწლი და, საერთოდ, ცხოვრება აზრს დაკარგავს.

- ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი ბევრისთვის სირცხვილია. როგორ ფიქრობთ, თუ ადამიანი ამორალურია, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, კონსტიტუციაში რა ჩაიწერება?

- ამ ქვეყანაში არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ მეძავები. ჩვენ მათ ვკიცხავთ, მაგრამ შეუძლებელია ამის აღმოფხვრა, თუმცა ხელშეწყობაც წარმოუდგენელია. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ჩვენი მამების თაობაშიც იყვნენ და უფრო ადრეც. ეს არავის უკვირს. იცხოვრონ, იარსებონ, მაგრამ ამის დაკანონებას ნურავინ მოითხოვს. ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მეორე მოთხოვნაც მოჰყვება - ბავშვის აყვანა, ეს კი თაობებს დაღუპავს. ადამიანთა უფლებების დამცველები იმაზე რატომ არ ფიქრობენ, ირღვევა თუ არა ასეთ შეთხვევაში ბავშვის უფლებები? ხომ საშინელებაა ჰომოსექსუალების ოჯახში ბავშვის აღზრდა? ამ რეალობის წინაშეც აუცილებლად დავდგებით, თუ მოხდა სასწაული და ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა.

ბნელეთში შედივართ და იქიდან გამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება. დიდ ქვეყნებში ასეთი რაღაც შეიძლება ასატანი იყოს, მაგრამ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, მილიონ-ნახევარი ქართველი ქვეყნიდან არის წასული და უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობს… თუ ჩვენს უმძიმეს დემოგრაფიულ მდგომარეობას ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დავუმატებთ, პრობლემა გაღრმავდება და გაიზრდება.

საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორები ვითვალისწინებთ ყველა სახელმწიფოებრივ ასპექტს. ჩვენი სახელმწიფოს ქვაკუთხედი არის ქართული ოჯახი და ის ტრდიციები, რომლებიც გვაქვს. თუ სახელმწიფოს ეს ქვაკუთხედი გამოეცლება, ჩათვალეთ, რომ უიარაღოდ, უსისხლოდ დავეცით, გავნადგურდით. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათ დაჩაგვრას ვაპირებთ, სინამდვილეში თვითონ გვჩაგრავენ. ამ კონტექსტში შეხედონ ყველაფერს, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად. მომავლის მოსპობას არავის დავანებებთ.

- თქვენ პარლამენტის თავმჯომარეს ულტიმატუმი წაუყენეთ, კატეგორიულად მოითხოვთ, რომ დავით უსუფაშვილმა 76 ხელმოწერაგააჩინოს”. რატომ გგონიათ, რომ ეს საკითხი შეფერხდება? ვინ არ მოაწერს ხელს? სიმართლე გითხრათ, ბევრი ფიქრობს, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ცვლილება არ შევა...

- მე ხელისუფლების წევრი ვარ და ურთიერთობა ყველასთან მაქვს. “ქართული ოცნების” დეპუტაციის უდიდესი უმრავლესობა თანახმაა, ხელი მოაწეროს კანონის მიღებას, მაგრამ არსებობს დამაბრკოლებელი ფაქტორები. მაგალითად, ვიცი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე ჭოჭმანობს, ვერ გადაუწყვეტია, მოაწეროს თუ არა ხელი, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. მიმდინარეობს კულუარული დავები.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ არის ის თემა, რომელიც პოლიტიკურ ჭრილში უნდა გადავიტანოთ. ეს მორალურ-ზნეობრივი და შემდეგ უკვე პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი საკითხია. ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც პარლამენტში სხედან, ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდნენ.

დიასპორის მინისტრის მოადგილე ვარ. საბერძნეთიდან მირეკავენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მეუბნებიან, 50 ათასი ქართველი მზად არის, ხელი მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებასო, მირეკავენ რუსეთიდან და მეუბნებიან, რომ 100 ათასზე მეტი ხელმოწერის გადმოგზავნა შეუძლიათ და ამ დროს, თუ საქართველოს უმაღლეს საკანონამდებლო ორგანოში 76 ხელმოწერა არ შეგროვდება, სულ ცოტა, სირცხვილია. მიჩნდება განცდა, რომ ღირსეული საქართველო საზღვრებს გარეთ არის გასული, აქ კი ისეთები დარჩნენ, ვისაც ქართველობასთან შეხება არ აქვთ.

ექვსი თვის წინათ შესული კანონპროექტი აქამდე არ განუხილიათ, ეს პარლამენტი ამ კანონის მიღებას ვეღარ მოასწრებს. განხილვა ხლოვნურად შეფერხდა. ფაქტია, ეს პარლამენტი თავს არიდებს კანონის მიღებას.

- იქნებ პრობლემა თქვენშია? “ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა თვლის, რომ ოჯახი ქალისა და კაცისაგან უნდა შედგებოდეს, მაგრამ, როგორც კი შეიტყო, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას თქვენ მოითხოვთ, განაცხადა, მხარს არ დავუჭერო.

- ძალიან ცუდია, ნიკა რურუასი და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრის მოსაზრება ერთმანეთს რომ ემთხვევა. სახელებსა და გვარებს ჯერ არ ვიტყვი, ყველაფერს ფარდა მალე აეხდება. თუ პრობლემა ჩემშია, თანახმა ვარ, ინიციატივა სხვამ მიიწეროს, ჩიორა თაქთაქიშვილის ინიციატივა დაარქვან, ოღონდ ხელი მოაწერონ, კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანონ, სწორ გზას არ ასცდნენ და ქვეყანა არ დაღუპონ.

- და, მაინც რომ არ მიიღონ?

- ყველა ვარიანტში რეფერენდუმი ჩატარდება. ახლა ხელიც რომ მოაწერონ, უკვე დაგვიანებულია, ფიზიკურად ვერ მოასწრებენ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას. შეიკრიბება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს მოთხოვნას რეფერენდუმის ჩატარებზე, ამის შედგომ, გაძლევთ გარანტიას, ორ კვირაში 200 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდება და რეფერენდუმი ჩატარდება, სადაც მთელი საქართველო თავის აზრს გამოხატავს. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის 95%-ზე მეტი თანახმა იქნება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე.

- თუ რეფერენდუმისთვის საჭირო თანხა სახელმწიფომ არ გაიღო?

- ასეთ შემთხვევაში, რეფერენდუმი არჩევნებთან ერთად ჩატარდება, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად თანხის გაღება აუცილებელია. სულელური კონცერტებისთვის თუ ხარჯავენ ფულს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე არ უნდა დახარჯონ? საკითხი სახელმწიფოებრივია, არჩევნების პარალელურად თუ გამოკითხვასაც ჩავატარებთ, მხოლოდ ერთი ფურცლის დამატება იქნება საჭირო, ეს ქვეყანას არ დააქცევს.

პრობლემა, იცით, რა არის? საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველები არ არიან, ისინი საპირისპიროდ მოქმედებენ, მაქინაციებით ახერხებენ მოქალაქეების ხმების მიღებას და მერე ავიწყდებათ ყველაფერი. დრო შეგნებულად ჭიანურდება, საარჩევნო წელია, დრო შეზღუდულია, ამ მოკლე პერიოდს როგორღაც გადააგორებენ და მერე, მომავალ პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებას, რომ ქალისა და მამაკაცის ერთობაა ოჯახი, ღიად დაუპირისპირდებიან; მოგვიანებით კი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებასაც მოითხოვენ. თავისუფლების ინსტიტუტის წევრები ხომ პირდაპირ აცხადებენ, ეს შეუქცევადი პროცესიაო, ერთნაირსქესიანთა ქორწინება აუცილებლად დაკანონდებაო. ჩვენ კი გვინდა, საკონსტიტუციო ცვლილებით მსგავი რამ აღვკვეთოთ.

აჯანყება, კონფლიქტი, ხოცვა-ჭლეტა თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია, კანონი მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ქუჩაში გადმოინაცვლებს. კანონის არ არსებობა იწვევს პრობლემებს. კონსტიტუციის 36- მუხლის სრულყოფა ქვეყნის მოსახლეობას დააწყნარებს, ამ თემაზე საუბარი შეწყდება.

- გგონიათ, რომ გაიმარჯვებთ?

- ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების იდეის ავტორებს დიდძალი ფული აქვთ. მათ მხარში ბნელეთის ძალები უდგანან და ეს რეალური ძალებია საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ შიშველი ხელით ვებრძვით უდიდეს საინფორმაციო პროპაგანდასაც და ფულსაც, მაგრამ სიმართლე ჩვენს მხარეს არის, აგრეთვე, საქართველოს მოსახლეობაც, რაც ძალას გვმატებს. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, უბრალოდ, გვინდა, მიზანს მალე მივაღწიოთ, ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Comments are closed