globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 18th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „კონსტიტუციის ის ვარიანტი გავა, რომელიც უმრავლესობას მოსწონს“

კვირის პალიტრა: რა იცვლება ქვეყნის მთავარ დოკუმენტში

კვირის პალიტრა: „ქართული ოცნება“ VS პრეზიდენტი – ცდილობდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგზე გავლენის მოხდენას?! // „პრეზიდენტს სურდა, სტრ­ასბურგში „რუსთავი-2“-ის საქმე მაქსიმალურად პოლიტი­კუ­რი კონტექსტით გაგზავნილიყო“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ დავით ასლანიშვილთან: ბანკების რეფინანსირების პირამიდა ეკონომიკას ძირავს?! // „ბანკებს გირაოში დარჩათ ასობით მილიონის ქონება, რომელიც გაიაფდა, ფაქტობრივად, რესურსი აორთქლდა“ // „ბოლო 8-10 წლის განმავლობაში ასე მაღალ, სანიმუშო დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტი არ შესრულებულა“

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „კარგი იქნება, თუ არ შევეგუებით ბიძინა ივანიშვილის პინგვინებად ქცევას“ // პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანმა საქართველომ“ შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: «მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დიდი ვალი აქვს“ // „ოლიგარქი გავლენას მალე პინგვინებსა და ასწლოვან ხეებზეც დაკარგავს“ // „მაჟორიტარების გაუქმებით ქვეყანაში პოლიტიკური პროსტიტუცია დასრულდება“

„ახალი თაობა“: რას აპირებს ახალქალაქის საკრებულო

——————–

„ახალი თაობა“, 18 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „კონსტიტუციის ის ვარიანტი გავა, რომელიც უმრავლესობას მოსწონს

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრობს.

- ბატონო ლევან, როგორ შეაფასებთ კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლის ცალკეული ნორმები უკვე ცნობილია?

- ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებებს ვისმენთ. ბოლომდე პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ფორმალურად შეიქმნა, რადგან საკონსტიტუციო კომისიის წევრებმაც კი არაფერი იცოდნენ პროექტის არსებობის შესახებ, მაშინ როდესაც თბილისში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის წევრებს ხელისუფლებამ უკვე კონსტიტუციის პროექტი გაატანა. კომისიის შექმნამდე ხელისუფლებას არცერთი განცხადება არ გაუკეთებია, თუ რა ცვლილებები უნდა შესულიყო კონსტიტუციაში, რა მიმართულებით წავიდოდა ცვლილებები. თავიდანვე არ იყო მიზანი ცნობილი. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას თუ ჩავხედავთ, კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით არაფერი წერია. იმ პროგრამაში, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა, სამი რამ წერია: პირველი – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების კომპეტენციური დაბალანსება უნდა მოხდეს; მეორე – ტერიტორიული მოწყობის საკითხი და მესამე – საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზეა საუბარი.

- თქვენ ამბობთ, რომ პრეზიდენტის თავს არ უნდა შეხებოდნენ?

- მხოლოდ იმ სამ საკითხზე უნდა ემსჯელათ. რატომ არ ასახეს კონსტიტუციაში ტერიტორიული მოწყობის საკითხი? მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს იყო ძალიან სახიფათო საკითხი, რომელსაც ვერ შეეხებოდნენ, რადგან ჯერ ტერიტორიული მთლიანობაა აღსადგენი, აფხაზებთან და ოსებთან სასაუბრო გვაქვს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. „ქართული ოცნება“ ყველაფერზე მსჯელობს, რაც მის პოლიტიკურ ინტერესშია, გარდა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა.

- ამ პრეტენზიაზე ირაკლი კობახიძე საზოგადოებაში არსებულ კონსენსუსზე მიანიშნებს, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს

- ირაკლი კობახიძემ საკუთარი პარტიის პროგრამა წაიკითხოს, სადაც წერია, თუ რა ცვლილებებს განახორციელებდნენ ისინი კონსტიტუციაში.

- რას იტყვით საპარლამენტო რესპუბლიკაზე? ბევრი ამბობს, რომ ამ ცვლილებებით კი არ გადავდივართ, არამედ უკვე გადასული ვართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე.

- ჩვენ მმართველობის სისტემის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმსჯელოთ. კლასიკური გაგებით ვერ ვიმსჯელებთ და ვერ ვიტყვით, მართვის რა სისტემა გვაქვს დღეს. ვერ იმსჯელებენ ვერც ისინი, რომლებიც პარლამენტში არიან და კონსტიტუციონალიზმში მეტ-ნაკლებად ერკვევიან. ერთი მაგალითი დამისახელონ საპარლამენტო რესპუბლიკის, ჩვენნაირი ტერიტორიული მოწყობის, სადაც უმსხვილესი პოლიტიკური ავტონომიის ხელმძღვანელობა ანგარიშვალდებულია არა პრეზიდენტის ანუ სახელმწიფოს მეთაურის, არამედ პარლამენტის წინაშე. არსებული მოდელით, არც საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, არც საპრეზიდენტო და არც შერეული. შეიძლება, შერეულისკენ რაღაც თეორია განვავითაროთ. არ შეიძლება კონსტიტუციასთან, სახელმწიფოებრიობასთან ასე თამაში, ვის როდის მოუნდება, მაშინ შეცვალოს და რაც მოუნდება, ის ჩაწეროს. მით უფრო, ეს არ შეიძლება ჩვენნაირ ქვეყანაში, თორემ დალაგებულ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიას საუკუნოვანი ტრადიციები აქვს, კი ბატონო, ატარონ ცდები, იმსჯელონ თეორიულ ექსპერიმენტებზე.

- ამ მიმართულებით არ ელოდით ცვლილებებს?

- კონსენსუსი უნდა იყოს, თუ რა ცვლილებებს გავატარებთ. არის გასასწორებელი კონსტიტუცია, კი ბატონო, გავასწოროთ, მაგრამ კონსენსუსის საფუძველზე.

- როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იქმნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებენ. არ გჯერათ?

- ეს არის სიტყვებით ჟონგლიორობა, რომელიც პოლიტიკაში არ გამოდგება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ვენეციის კომისიას კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში არსებული პროექტი გაატანეს, მაგრამ, შეიძლება, ეს ვარიანტი არც გავიდეს კენჭისყრაზე. საბოლოოდ ის ვარიანტი გავა, რომელიც უმრავლესობას მოსწონს.

კვირის პალიტრა“, 17 აპრილი, 2017 წელი

რა იცვლება ქვეყნის მთავარ დოკუმენტში

რუსუდან შელია

საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასკვნით ფაზაში გადავიდა. პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო სისტემა, ოჯახის დეფინიცია – რა იცვლება ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, „კვირის პალიტრასთან“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე საუბრობს.

ოჯახის დეფინიცია

დღეს არსებულ კანონმდე­ბლობაში მითითებულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორ­ობასა და ნებაყოფლობას, ახლა ეს საკითხი პროექტში შემდეგნაირადაა განსაზღვრული:­ “ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”.

საარჩევნო სისტემა

დღეს არსებული კანონმდებლობით პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანას­წორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული­ სისტემით არჩეული – 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩე­ული – 73 წევრისაგან, ცვლილებების მიხედვით, დიდი ალბათობით, ასე განის­აზღვრება: პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრისაგან. ამასთან, პროექტში ასეთი ჩანაწერიც შემოგვთავაზეს: თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების­ რაოდენობათა­ ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ანუ დარჩენილი მანდატები გადაეცეს მთლიანად ერთ გამარჯვებულ­ პარტიას, ეს კი სა­კონსტიტუ­ციო კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა – აჩენს საფრთხეს, რომ პროპორციულობის პრინციპიდან გადახვევა მოხდება. ვთქვათ, თუ პარტიებს შორის დარჩა 30 გადაუნაწილებელი­ მანდატი და პირველ და მეორე პარტიას შორის მიღებულ ხმებში განსხვავება მხოლოდ 1%-ია, 30 მანდატი მაინც გამარჯვებულ პარტიას ემატება. ვფიქრობ, ეს პრობლემებამდე მიგვიყვანს… უცვლელი დარჩა საარჩევნო ბარიერი – 5%.

პრეზიდენტის არჩევის წესი

არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტს ირჩევს ხალხი, ხუთი წლის ვადით. პროექტის მიხედვით კი, რომელსაც­, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო უმრავლესო­ბის მქონე “ქართული ოცნება” კანონად აქც­ევს, საუბარია, რომ პრეზიდენტი უნ­და აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ, დებატების­ გარეშე, ფარული კენჭისყრით, ისევ 5 წლის ვადით. უცვლელი დარჩა განსაზღვრება, რომ ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს­ მხოლოდ­ ორჯერ. რაც შეეხება საარჩევნო კოლეგიის­ შემადგენლობას, რაოდენობა­ განისა­ზ­ღ­ვრა 300 ხმით და წარმოდგენილი­ იქნება­ საქარ­თველოს პარლამენტის­ და აფხაზეთ­ისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლ­იკების წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა­ წევრი. სხვა ხმის მიმცემ პირებს ადგი­ლობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესა­ბამისი პოლიტიკური პარტიები. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

მოსამართლეების დანიშვნის წესი

არსებული კანონმდებლობით, საქართ­ველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით, საკონსტიტუციო კომისიაში არსებული პროექტის მიხედვით კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი.

უშიშროების საბჭო

კანონმდებლობით, უშიშროების საბჭო მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც დღეს მთავრობასთან ერთად, სამხედრო აღმშენე­ბლობის საკითხებზე მუშაობს, თუმცა, პროექტის მიხედვით უშიშროების ეროვნული საბჭო უქმდება და იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო. ის არ იქნება მუდმივმოქმედი და მხოლოდ მაშინ შეიკრიბება, თუ შეიარაღებული სამხედრო აგრესია განხორციელდება სახელმწიფოზე და საომარი მდგომარეობა გამოცხადდება. პრეზიდენტს მთავარსარდლის ფუნქცია რჩება, თუმცა ის არ იქნება თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. არსებობს არგუმენტი, რომ რადგან პრეზიდენტი არ არის სამხედროებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში და ეს თავდაცვის მინისტრის მოვალეობაა, მთლიანად ჩამოშორდეს პრეზიდენტი სამხედრო მიმართულებას.

კვირის პალიტრა“, 17 აპრილი, 2017 წელი

ქართული ოცნება“ VS პრეზიდენტიცდილობდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგზე გავლენის მოხდენას?! // პრეზიდენტს სურდა, სტრ­ასბურგშირუსთავი-2“-ის საქმე მაქსიმალურად პოლიტი­კუ­რი კონტექსტით გაგზავნილიყო

რუსუდან შელია

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რუსთავი-2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მცდელობის შედეგი იყო. იმ პირთა შორის კი, ვინც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენას ცდილობდა, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტსაც ასახელებს.

მამუკა­ მდინარაძე, ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე:

- ფაქტია, რომ პრეზიდენტი­ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული და უმეტ­ესწილად გვესაუბრება როგორც კონკრეტული მხარის წარმომადგ­ენელი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პარლამენტში წლი­ური ანგარიშის წარდგენის დროსაც – დასანანია, რომ მისი რიტორიკა ჩვენი ოპონენტების რიტორიკას ემთხვევა. ის მოვლენების უტრირებითა და ოპოზიციური პარტიისა თუ რამდენიმე პოლიტიკოსის არგუმენტებით გვესაუბრებოდა. საბოლოოდ, მივიღეთ რეალობა, როდესაც პრეზიდენტი რეალური მოვლენებისგან მაქსიმალურად დისტანცირებულია.

- რას გულისხმობდა პარლამე­ნტის თავმჯდომარე, როდესაც გან­აც­ხადა, რომ პრეზიდენტიც იყო და­ინ­ტერესებული, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოეხდინა?

- ფაქტია, სურდა, რომ სტრ­ა­ს­ბურგში “რუსთავი 2″-ის საქმე მაქსიმალურად პოლიტი­კუ­რი კონტექსტით გაგზავნილიყო. დიახ, შესაძლოა, ამ ფონის გათვალისწინებაც მოხდა… როდესაც გიმტკიცებენ, თუ კონკრეტ­ულ გადაწყვეტილებას არ მიიღებ, ქვეყა­ნაში აპოკალიფსი მოხდებაო, არ არის გასაკვირი, რომ სტრასბურგის მოსამართლემ ეს გარემოებები გაითვალისწინა. რა წერილი გაგ­ზავნა პრეზიდენტმა, პირადად არ გავცნობივარ, თუმცა მარგველაშვილის საჯარო განცხადებებიც კმარა, რომ ის პოლიტ­იკურ მხარედ იყო ამ საქმეშიც წარმოჩენილი. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი, რომელიც მთელ ამ პროცესზე მაღლა უნდა იდგეს და არბიტრისა და დამბალანსებლის ფუნქციას ასრულებდეს, ასე იქცევა. რიგითი პოლიტიკოსებიც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ირაზმებიან და მნიშვნელოვან ინსტიტუციებზე იერიში მიაქვთ. არადა, ამ ინსტიტუციების იმიჯის შენებას, რომლებზეც დგას ქვეყანა და რომელთა განვითარებაზეც სახელმწიფოს განვითარებაა დამოკიდებული, ხომ წლები სჭირდება?

———–

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე დამარცხების გასამართლებლად “კუდიანების” გამოგონების ტაქტიკას დაადგა.

ანა დოლიძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი:

- პირადად მე, ადამიანი, რომელიც წინა 9 წლის არაერთი­ ბრალდების ადრესატი ვიყავი­, ვწუხვარ, რომ ანალოგიურ ისტერიულ ბრალდებებს დღესაც ვისმენ. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ უცნაური კამპანია დაიწყო, რომელიც არასდროს ფაქტებით არ არის გამყარებული­. ყველამ იცის, რომ სტრასბურგის სასამართლოზე გავლენას ვერავინ მოახდენს. სწორედ ამიტომ სარგებლობს ევროსასამართლო უმაღლესი საერთაშორისო ნდობით. მერწმუნეთ, შეუძლებელია, ერთი კონკრეტული საქმის გამო სტრასბურგმა ეს უზარმაზარი ნდობა ერთი გადაწყვეტილებით გააქარწყლოს. ამაზე საუბარიც კი სასაცილოა.

- მმართველი გუნდი საუბრობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ იმ გარემოებების გათვალისწინებაზე, რაც რუსთავი-2-ის მხარემ წარადგინა. ცნობილია, რომ ადვოკატებმა ევროსასამართლოს მიაწოდეს ინფორმაციათუ მოსამართლე არ გაითვალისწინებდა მათ პოზიციას, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყებოდა...

- ფაქტია, რომ “რუსთავი 2″-ის საქმე ორ მხარეს შორის დავას დიდი ხნის წინ გასცდა. როგორ ჩათვალა სასამართლომ, ან რა წყაროს დაეყრდნო – საინფორმაციო გამოშვებებს უყურა თუ მხოლოდ ადვოკატების დახატული სურათი ჩათვალა რეალობად, ეს უკვე შეჯიბრებითობის პრინციპია. ხელისუფლებასაც უნდა მიეწოდებინა დასაბუთებული არგუმენტები. ასე მოხდა ყოფილი მაღალჩინოსნების შემთხვევაშიც – იმის გამო, რომ არ წარუდგინეს მტკიცებულებები, ვერ მიაღწიეს დავით კეზერაშვილის, დათა ახალაიასა თუ ერეკლე კოდუას ექსტრადირებას. ახლა ცდილობენ, სტრასბურგის გადაწყვეტილებები ჯერ სახალხო დამცველს, შემდეგ კი პრეზიდენტს გადააბრალონ, რაც საკუთარი შეცდომის გადასაფარად “კუდიანების” გამოგონებას უფრო დაემსგავსა.

კვირის პალიტრა“, 17 აპრილი, 2017 წელი

ბანკების რეფინანსირების პირამიდა ეკონომიკას ძირავს?! // ბანკებს გირაოში დარჩათ ასობით მილიონის ქონება, რომელიც გაიაფდა, ფაქტობრივად, რესურსი აორთქლდა“ // „ბოლო 8-10 წლის განმავლობაში ასე მაღალ, სანიმუშო დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტი არ შესრულებულა

ემა ტუხიაშვილი

ბოლო ერთი თვეა, ლარის კურსი დოლარის მიმართ მყარდება. ეკონომიკის ექსპერტები კი გაზაფხულისთვის საკმაოდ მძიმე ვითარებას წინასწარმეტყველებდნენ და მიზეზად, სეზონური ფაქტორის გარდა, გაზრდილ აქციზსა და ფასების მოსალოდნელ ზრდას ასახელებდნენ. რამ განაპირობა ლარის გამყარება, რამდენად საიმედოა მისი გამყარების საფუძვლები და ვართ თუ არა დაზღვეული ეროვნული ვალუტის გაუფასურების შოკებისგან, ამ და სხვა საკითხებზე ეკონომიკის დოქტორს, დავით ასლანიშვილს ვესაუბრეთ:

- ლარის გამყარება მოულოდნელობა იყო, რადგან ბოლო 8-10 წლის განმავლობაში ასე მაღალ, სანიმუშო დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტი არ შესრულებულა. შარშანდელთან შედარებით 5-ჯერ მეტი თანხის მობილიზება მოხდა ბიუჯეტში ნაშთის სახით – ვგულისხმობ სახაზინო ანგარიშზე არსებულ თანხას, სადაც თავს იყრის სხვა­ობა გასაწევ ხარჯებსა და შემოსულობებს შორის. თუ აქამდე ხაზინაში ნაშთი 200-300 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობდა, შემოსავლების მობილიზებით ბოლო დროს არნახულ შედეგს – 1,45 მილიარდ ლარს მიაღწია.

- ხარჯები შეამცირა ფინანსთა სამინისტრომ თუ გადასახადი ამოიღო მეტი?

- ეს გადასახადების ამოღებ­ით მოხდა. პირველ რიგში, ეს იყო აქციზის მიზანმიმართული და სწორი ზრდა ნავთობპროდუ­ქტებსა და ალკოჰოლურ სასმელე­ბზე. ტურისტული სეზონიც არ იყო ურიგო – 750 ათასამდე უცხოელი ესტუმრა საქართველოს იანვარ-თებერვალში, თან გაიზარდა იმათი წილი, ვინც მეტი ხნით დარჩნენ ქვეყანაში და შესაბამისად, ვალუტაც მეტი შემოვიდა. მთავრობამ ხარჯები გეგმის მიხედვით გასწია, მაგრამ შემოსავლები შემოვიდა დაახლოებით 4-5-ჯერ მეტი. საქართველო, ფაქტობრივად, არის სეზონური ეკონომიკის ნიშნის მქონე ქვეყანა. აპრილის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე კარგი სეზონი გვაქვს, არის ზღვის ტურიზმის პერიოდი და ა.შ. პრობლემური სეზონი დაახლოებით ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გრძელდება მარტის ჩათვლით. უბრალოდ, ბოლო ორ თვეში ეს სასიამოვნო მოულოდნელობა მოხდა, რომ ფინანსთა სამინისტომ გეგმას გადააჭარბა და ბიუჯეტი სანიმუშოდ შეასრულა.

- მაგრამ აქციზის ზრდა განა მომხმარებლის ჯიბეს არ დააწვა ფასების მომატებით?

- ერთჯერადად დააწვებოდა, თუმცა ინფლაციაზე თუ ვილა­პარაკებთ, რაც ფასების ზრდით გამოიხატა, ამას აქციზს ვერ დავაბრალებთ. გადასახადი სა­ყოველთაოდ რომ გაზრდილიყო ყველა საქონელზე, ვიტყოდით, რომ ბიუჯეტში თანხის მობილიზება ჩვენი ჯიბის ხარჯზე მოხდა, მაგრამ აქციზი გაიზარდა მხოლოდ რამდენიმე საქონელზე, მათ შორის, ფუფუნების საგნებზე. სტაბილურ ტენდენციას ხელს უშლის კომერციულ ბანკებზე უზარმაზარი ოდენობით გაცემული რეფინანსირების სესხი. მარტივად რომ ავხსნა, 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსთა სამინისტრომ გააჩერა ნაშთის სახით ანგარიშზე და შესაბამისად, პროფიციტული ბიუჯეტი გვქონდა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ), სხვადასხვა მიზეზით, იძულებულია, ალბათ, ან თვითონ უწყობს ხელს, რომ კომერციულ ბანკებს ფული გააქვთ. მაგალითად, 13 აპრილს კიდევ 120 მილიონი ლარით გაიზარდა რეფინანსირების სესხი. 1,77 მილიარდი ლარია გაცემული კომერციულ ბანკებზე, მაშინ როცა სხვადასხვა ანარიცხის სახით (სადეპოზიტო, მოზიდული სახსრები, რეზერვები) ეროვნულ ბანკში 300-350 მილიონი აქვთ მობილიზებული. მოკლედ, მიმოქცევაში დღეს 2,5-ჯერ ნაკლები თანხაა, ვიდრე ვთქვათ, შარშან ოქტომბერ-დეკემბერში – ფულის მასა არსებობს, მაგრამ ბაზარზე და ბიზნესში არ ხვდება.

- თუ ფულის მასა მიმოქცევაში არ იზრდება იმით, რომ კომერციულ ბანკებს რეფინანსირების სესხების სახით გააქვთ ეს ფული ეროვნული ბანკიდან, მაშინ სად მიდის ეს თანხა?

- აი, ეს კითხვა არსებობს სწორედ. ეროვნული ბანკი თავს არიდებს კონკრეტიკას და რეფინანსირების სესხების ზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. პირველ მიზეზად მთავრობა მიაჩნია, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ მთავრობა, პირიქით, აქეთ ეხმარება – ლარი რომ გამყარდა, ფაქტობრივად, ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის დამსახურებაა და არა ეროვნული ბანკის. მეორე მიზეზად ის ითქვა, რომ ეს რესურსი ბანკებს მსხვილი სავაჭრო ტრანზაქციების, ანუ შეძენა-შერწყმის პროცესში დასჭირდათ. მესამე მიზეზი ბანკების ნაღდი ფულით უზრუნველყოფაა. ჩვენ, ფაქტობრივად, უნდა ვიმარჩიელოთ, რადგან სებ-ი არ ამბობს, რომელ კომერციულ ბანკზე და რატომ გასცემს ამ რესურსს. 1-დან 7 დღემდე ვადით 1,37 მილიარდი ლარია გაცემული და ეს თანხა ხან იზრდება, ხან მცირდება. გარდა ამისა, ჩვენი ბანკები დოლარიზებულია, ანუ, პირობითად, 80% უცხოური ვალუტა აქვთ; ანუ ლარის პრობლემაა – სესხები ლარში აქვთ გასაცემი, რადგან 100 ათასამდე სესხების დოლარში გაცემა აიკრძალა. რა ქნას კომერციულმა ბანკმა? რჩება რამდენიმე გამოსავალი – ეს არის მის ხელთ არსებული აქტივების გაყიდვა. გარდა ამისა, უძრავ ქონებაზე ფასების დავარდნამ მათ დარტყმა მიაყენა. ბანკებს გირაოში დარჩათ ასობით მილიონის ქონება, რომელიც გაიაფდა, ფაქტობრივად, რესურსი აორთქლდა.

გარდა ამისა, შესაძლოა, მსხვილმა აქციონერებმა გაყიდონ აქციები, მაგრამ ესეც პრობლემაა, გლობალურ ბაზარს საერთაშორისო ბირჟებიდან სახსრების მოზიდვა უჭირს. კომერციულ ბანკებსაც ერთადერთი გზა რჩებათ – მიმართონ ეროვნულ ბანკს და რეფინანსირების სესხი აიღონ.

- თუმცა ბანკებს აქვთ ამის უფლება. თუ ვამბობთ, რომ ეკონომიკური პროცესები ქვეყანაში გაჯანსაღებულია, მაშინ რა პრობლემაა, თუ კომერციულმა ბანკებმა სებ-ისგან მეტი ლარი მოითხოვეს? ამაში რამე საფრთხეს ხედავთ?

- გააჩნია, რისთვის იხარჯება ეს რესურსი. ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის ვერ გადააჭარბებს ბიუჯეტს, მას მოუწევს ხარჯების გაწევა, ხაზინის ნაშთი შემცირდება და უნდა შემცირდეს კიდეც, რადგან სხვაგვარად გამოვა, რომ ბიუჯეტი არასწორად დაიგეგმა; ანუ ბიუჯეტი ყოველთვის პროფიციტული ვერ იქნება. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ლარის სტაბილურობაზე. ეკონომიკის ზრდა 4%-ია და ლარის მასა ერთ წელიწადში 20-22%-ით არის გაზრდილი. ეს არის მიზეზი, რომ ლარის კურსი, თუ გახსოვთ, შარშანაც გამყარდა 2,1-მდე, შემდეგ სებ-მა გადაწყვიტა, რომ რეფინანსირების სესხი შეუზღუდავად გაეცა. წლეულს დაგეგმილია მისი ზრდა 2 მილიარდამდეც კი. დაუსაქონლებელი ლარის მასის მიმოქცევაში გაზრდით დიდია შანსი, რომ ნაწილი ამ თანხისა სავალუტო ბაზარზე მოხვდეს და ლარის კურსს კვლავ დაარტყამს.

ეს რისკი რჩება და ამიტომ, თუ გაგრძელდა ბიუჯეტის სანიმუშო შესრულება, ფინანსთა სამინისტრო ამით ერთგვარად გაანეიტრალებს გაზრდილ რეფინანსირების სესხს, მაშინ რაღაც დროის განმავლობაში ლარის სტაბილურობის ტენდენცია შენარჩუნდება. მაგრამ, თუ სამინისტრომ დაიწყო ხარჯების გაწევა და მოუწევს კიდეც ამის გაკეთება, მაშინ ხაზინის ნაშთი შემცირდება გონივრულ ნიშნულამდე – 300-400 მილიონამდე. დანარჩენი 500-600 მილიონი დაემატება ბაზარს და ეროვნული ბანკი თუ გააგრძელებს ლარის მასის ზრდას, ეს ლარის კურსს დაარტყამს. ფაქტობრივად, ჩვენი ჯიბის ხარჯზე ვისტუმრებთ რიგი კომერციული ბანკების წარუმატებელი ბიზნესსაქმიანობის შედეგს. თუ გვაწყობს, ასე გავაგრძელოთ!

ეროვნულმა ბანკმა ეს რეფინანსირების პირამიდა უნდა შეწყვიტოს. 1,77 მილიარდამდე ასული ეს ციფრი 250-300 მილიონის ფარგლებში უნდა იყოს. დანარჩენი, რეალურად, არის ფულის დე ფაქტო ემისია, ჩვენს ჯიბეებში ხელის ჩაყოფა. ახლანდელი კურსი 2 ლარზე მეტი რამდენითაც არის, ფაქტობრივად, სწორედ ამ რეფინანსირების სესხებით ბანკებისთვის ლიკვიდობის პრობლემის მოხსნის დამსახურებაა. რეფინანსირების პირამიდის შექმნაში ლომის წილი უძევს ერთ-ერთ კომერციულ ბანკსა და ეროვნულ ბანკს. თუ ასე გაგრძელდა, ლარის გაუფასურების შოკებისგან არც მომავალში ვიქნებით დაზღვეული.

- ანუ რეალურად საბანკო სექტორის პრობლემა გვარდება ყველა ჩვენგანის, მათ შორის კერძო სექტორის ჯიბიდან ამოღებული ფულით?

- ასეა. ნაცვლად იმისა, ლიკვიდობის პრობლემა ცივილიზებული მეთოდით მოაგვარონ, საამისოდ კი ყველაზე კარგი წამალი დამოუკიდებელი კაპიტალის ბაზარი, ფასიანი ქაღალდების კომისია, ბირჟა და სხვა საშუალებებია, სებ-მა ეს ფული კომერციულ ბანკებს, უბრალოდ, აჩუქა. ამ პრობლემას ყველა ბანკზე ნუ განვავრცობთ, რადგან რეფინანსირების აუქციონებში ყველა ბანკი არ მონაწილეობს და ეროვნული ბანკი არ შიფრავს, რომელ ბანკს და რატომ აძლევს ფულს. ჩვენ გვჭირდება სტაბილური, გრძელვადიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. არავინ სთხოვს ეროვნულ ბანკს, გინდა თუ არა, გაამყარე ლარი ან დაეცეს კურსიო. სებ-ი აცხადებს, რომ საერთოდ არა ვართ ლარის კურსზე პასუხისმგებელი, იმიტომ, რომ ინფლაციის დონე არის შესანარჩუნებელი, ეს არის ჩემი მანდატიო. მართლაც ასეა, თუმცა ინფლაციამაც გადააჭარბა მიზნობრივ ნიშნულს.

- გალარების პროცესმა თუ მოახდინა გავლენა ლარის სტაბილურობაზე უკეთესობის თვალსაზრისით? გათვლა 27 ათას კაცზე იყო და მხოლოდ 8 ათასმა გაალარა

- ეს ჩავარდნა ეროვნული ბანკის ბრალია, იმიტომ, რომ გალარების კალკულატორიც კი არ გააკეთა თავის დროზე და ხალხმა ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი. შემდეგ კი მხოლოდ 2 კომერციულ ბანკს მისცა რეფინანსირების სესხი. ეს არის სამთავრობო პროგრამა, 400 მილიონ დოლარზე იყო საუბარი, 400 გამოიყო, მაგრამ მხოლოდ 200 დასჭირდა.

- ანუ სხვა ბანკებს ფიზიკურად არ ჰქონდათ რესურსი, რომ კლიენტებისთვის სესხის გალარება შეეთავაზებინათ?

- სხვებს შეეძლოთ ამ ორი გამარჯვებული ბანკისგან ნასესხები რესურსის უფრო მაღალ პროცენტში წამოღება. აბსურდია, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ბლუმბერგის მონაცემებიც ამას ადასტურებს. ახლა, ამ მომენტში, ეს 400 მილიონი კიდევ ერთხელ არის წრეზე გაშვებული და ახლა სამი ბანკი სარგებლობს ამ 400 მილიონი ლარით. არადა, საქართველოში 16 თუ 17 კომერციული ბანკია.

- როგორც თქვენ ამბობთ, რომ არა ეროვნული ბანკის ეს პოლიტიკა, რომელმაც უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა მხოლოდ ორი ბანკი, გალარების პროგრამით მეტი მოქალაქე ისარგებლებდა?

- რა თქმა უნდა. ხუთი ბანკი ითხოვდა, მოთხოვნა იყო 758 მილიონი და მარტო ორ ბანკს მისცეს 400 მილიონი 6,93%-ში, რატომ? თუ თქვენ აუქციონში ფული ვერ მიიღეთ, გააპიარებდით თქვენს კლიენტებში გალარების პროგრამას? მაშინ ეს ტოლფასი იქნებოდა იმ ორ ბანკში კლიენტის გაგდებისა, რომელიც არ აიღებდა 15-16%-ში სესხს და მიმართავდა იმათ, ვინც თანხა მიიღო და სესხებს 7-8-9-10%-ში გასცემდა.

- ანუ რა გამოდის, მთავრობის ეკონომიკური გუნდი სწორი პოლიტიკით მიდის და ეროვნული ბანკის პოლიტიკა ფეხის დადებაა?

- ის თავიდან ბოლომდე საბანკო ოლიგოპოლიის მძევალია. ყველაფერში ასე მჟღავნდება. ვერ უმკლავდება ან არ უმკლავდება.

- რატომ? თუკი სწორ პოლიტიკას გაატარებს ეროვნული ბანკი, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, ის იქნება, რომ პრობლემები შეექმნას ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტს და არა მთელ ქვეყანას. თუ, შესაძლოა, ერთი ბანკისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ისეთი დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ფინანსურ სექტორზე, რომ ამას უფრთხოდნენ?

- როგორც ჩანს, ესეც ნაფიქრია და ამიტომ ეროვნულ ბანკს ამ ვითარებაში, შესაძლოა, ძალა არ ჰყოფნის. ნუ აღვიქვამთ ეროვნულ ბანკს ისე ძლიერად, როგორც, ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობას. ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, არ არის თავის სიმაღლეზე, ან ვერ არის, ან ვერ ახერხებს. არ ვიცით ვითარება, ამიტომ ამას გალიაში გამომწყვდეულ მდგო­მარეობას ვუწოდებ.

- რატომ არ აისახა ლარის გამყარება გაზრდილ ფასებზე, რომლებიც თავის დროზე სწორედ ლარის გაუფასურების გამო გაიზარდა?

- ბიზნესმენი ვერ იხელმძღვანელებს 1-2 დღით გამყარება-დაცემით. მან უკვე ჭამა შიში 2014-15-16 წლებში, ამიტომ საქონელი საკმაოდ გაზრდილი ფასნამატით შემოაქვს და ფასსაც არ დააკლებს, რადგან წლის განმავლობაში უნდა გაყიდოს პროდუქცია. ის ვერ დადებს კონტრაქტს 1 დღით, 2 თვით, ის დებს გრძელვადიან კონტრაქტს და აფიქსირებს ფასს ერთხელ, როგორც წესი, წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში. გასულ ნოემბერ-დეკემბერში, თუ გახსოვთ, კურსი 2,82 იყო, ამ ფასებში აქვთ შემოტანილი და უბრალოდ ეშინიათ. რეფინანსირების პირამიდა რომ არ ყოფილიყო ასეთი მასშტაბით, მშვიდად შეგვეძლო თქმა, რომ ლარის კურსის გამყარება მართლაც გრძელვადიანი ტენდენციაა. მაგრამ გვაქვს ეროვნული ბანკის ეს რეფინანსირების სესხები. ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ 10 მილიონი დოლარი იყიდა. კარგი იქნებოდა, ეს 1-2 მარტს გაეკეთებინა DAდა დოლარი მაშინ შეეძინა, როცა კურსი 2,5 იყო. ამ შემთხვევაში, აღარ მოხდებოდა მკვეთრი ცვლილებები – კურსის 2,6-დან 2,4-მდე ჩამოვარდნა და შემდეგ 2,55-ზე დაბრუნება. იმედია, ახლა ეს გაითვალისწინეს. რომ არ ეყიდათ ეს 10 მილიონი, კურსი დავარდებოდა 2,3-მდე და მერე უკან დაბრუნდებოდა 2,38-მდე – ამ პრობლემას აარიდეს თავი. მაგრამ ჭკუის სწავლებას ხომ არ დავუწყებთ, იქ მენეჯმენტია, პროფესიონალები არიან და თუ ესმით საკითხი, არ შეიძლება, ისინი საბანკო ოლიგოპოლიის ჭკუაზე დადიოდნენ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 18 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „კარგი იქნება, თუ არ შევეგუებით ბიძინა ივანიშვილის პინგვინებად ქცევას // პარტიადემოკრატიული მოძრაობაერთიანმა საქართველომ“ შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს

თიკო ოსმანოვა

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანმა საქართველომ” შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს. პარტიის ლიდერ ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ მოდის და როგორც წინა არჩევნების დროს დაიწერა ივანიშვილმა შედეგები, ახლაც ასე იზამს. უფრო მეტიც, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ბლოკების აკრძალვით პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეეზღუდება. თვითმმართველობის არჩევნებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე “რეზონანსი” „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს გაესაუბრა.

ნინო ბურჯანაძე: თვითმმართველობის არჩევნების გეგმებზე რომ ვილაპარაკოთ, პირველ რიგში, იმ რეალურ სიტუაციაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც ახლაა შექმნილი – საარჩევნო გარემოსთან, საარჩევნო კოდექსსა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ თუ ასე გაგრძელდა და დარჩა ყველაფერი ისე, როგორც მაშინ იყო, საქართველოში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა – განსაკუთრებით „ოდირ“-ის სამ თებერვლის დასკვნის შემდეგ („ოდირი“ არის არჩევნების შეფასებაში მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია), საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენთან არჩევნები არ ჩატარებულა – ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ დაწერა ის შედეგი, რაც მას უნდოდა. ამ არჩევნების შემდეგ იყო იმის შანსი, რომ საკონსტიტუციო კომისიის და ინტერპარტიულ ჯგუფში მუშაობის შედეგად საარჩევნო გარემო გაუმჯობესებულიყო. მაგრამ ხელისუფლება არ წამოვიდა არანაირ დათმობაზე, შესაბამისად, სრულიად ნათელი და ერთმნიშვნელოვანია – ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას კი არ აპირებს, არამედ აპირებს დაწეროს შედეგები, ისევე, როგორც ეს საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა. ასე რომ, რეალურად ძალიან რთულია საუბარი, არჩევნებში მონაწილეობას ექნება თუ არა აზრი.

- შესაძლოა, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოთ?

- არ გამოვრიცხავ, რომ ბოიკოტზეც ვიფიქროთ, თუ ასე გაგრძელდება, ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ მოდის. საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არაფერს ცვლის, უფრო მეტიც, აპირებს ბლოკების აკრძალვას, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო უზღუდავს პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნებმა საერთოდ დაკარგოს აზრი. მაგალითად, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება – არანაირად არ გვჯეროდა, რომ ეს კომისია რამე პოზიტიურ ცვლილებას შეიტანდა. მაგრამ ჩვენ ამ პროცესს არ გამოვუცხადეთ ბოიკოტი და ვმონაწილეობდით. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი ახდა და პარტიები პრაქტიკულად ერთხმად საუბრობენ კომისიის ბოიკოტირებაზე.

- და მაინც, არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას როდის მიიღებთ?

- ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ნებისმიერ შევთხვევაში მოვემზადებით არჩევნებისათვის. კარგი იქნება, თუ შესაბამისი გარემოც იქნება. თუმცა მანამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და როგორ განვითარდება მოვლენები, ეს განპირობებულია იმაზე, თუ რა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ჩვენი მხრიდან მიღებული.

- ვინ იქნება თქვენი მერობის კანდიდატი?

- ძალიან ნაადრევია ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი. ბატონი დიმიტრი ძალიან ღირსეული კანდიდატი იყო და გამარჯვების შემთხვევაში მართლაც ძალიან ბევრ ღირსეულ საქმეს გააკეთებდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, სამწუხაროდ, რაც გვჭირს, ყველაფერი მოსახლეობამ თავის თავს დააბრალოს. როდესაც პრეზიდენტსა და მერს აირჩევ იმიტომ, რომ მდიდარი კაცი გეუბნება და საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მისცემ კაცს, რომელსაც ნომერი პირველი ამოცანა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება კი არა, მისი ბაღის მოწყობა და ხეების გადმოტანა აქვს. რა თქმა უნდა, ეს ვითარება ახლა ლოგიკურია, იმიტომ, რომ სანამ ჩვენ არ გამოვფხიზლდებით, არაფერი გვეშველება. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე საყვედურობდა ჩვენს ერს, რომ წუმპეში ვართ და კომფორტულად ვგრძნობთ თავს. სამწუხაროდ, დღეს ასევე წუმპეკულტურაში ვართ და ვინაიდან ცოცხებით არ დაგვდევენ, მიგვაჩნია, რომ ეს პროგრესია. არ არის ეს პროგრესი. ის, რომ ადამიანებს ცოცხებით დასდევდნენ და ქუჩაში ხვრეტდნენ, იყო ანომალია. დღეს ანომალია არ არის, კი ბატონო, პოზიტიურია, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება ხელისუფლების დიდ მიღწევად. როდესაც შენ არ შეგისრულებს დანაპირებს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” და მიდიხარ და, ვითომ “ნაციონალური მოძრაობის” შიშით, ისევ იმავე ძალას აძლევ ხმას, რატომ უნდა მოიკლას ამ ძალამ თავი, რომ რაღაც შეგისრულოს? ასე რომ, ნუ გაგვიკვირდებათ დანაპირებების შეუსრულებლობა. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ არ შევეგუებით ბიძინა ივანიშვილის პინგვინებად ქცევას.

საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას დაღუპავს. ჩვენი ამოცანაა, რომ “ოცნების” დაღუპვას არ მიჰყვეს ქვეყანა. ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება და საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანას მძიმე შედეგს მოუტანს. ქვეყანა დაღუპვის გზაზეა და ძალიან მიკვირს, საზოგადოების ნაწილი ამას რომ ვერ ამჩნევს. ჩადებები დაიწყო, შუა ქუჩაში ადამიანებს სცემენ, იგივე გელა ხვედელიძის საქმე, რომელიც ძალიან ჰგავს ვალერი გელაშვილის ინციდენტს და დღემდე არ არის გამოძიებული. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ჭირივით, რაღაც სენივით, რომელიც შეეყრება ხელისუფლებას. ადამიანები, თავისი ყოველდღიური პრობლემებიდან გამომდინარე, ვერ ხედავენ ქვეყნის აბსოლუტურ დეგრადირებას. დღეს ქვეყანა სახელმწიფოებრივად გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ადრე იყო. ყოველდღიურად ვკარგავთ სახელმწიფოებრიობას და ქვეყანაში მთავარ თემად არის ქცეული – საიდან სად გადაიტანს ბიძინა ივანიშვილი ხეს.

- საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირებას დემოკრატიული მოძრაობაც აპირებს?

- ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, დარწმუნებული ვიყავით, რომ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე წამოვიდოდა. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ბოიკოტის გამოცხადება მოგვიწევს. უბრალოდ, ვინაიდან კოორდინირებულია პარტიების მოქმედება და სხვა პარტიებთან ერთად ვმუშაობთ, არ წამოვედით ამ ძალებთან შეთანხმების გარეშე და ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ერთობლივად გაკეთდეს ეს განცხადება. თორემ “დემოკრატიულ მოძრაობაში” გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხანია, მიღებულია.

„ახალი თაობა“, 18 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: «მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დიდი ვალი აქვს“ // „ოლიგარქი გავლენას მალე პინგვინებსა და ასწლოვან ხეებზეც დაკარგავს“ // „მაჟორიტარების გაუქმებით ქვეყანაში პოლიტიკური პროსტიტუცია დასრულდება

ვინ გაახევა ქართული პოლიტიკა, ვის გაურიგდა „ქართული ოცნება“, რას გეგმავს ოპოზიცია და რა ბედი ელის ხელისუფლებას? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება.

ბეჟან ნათელაშვილი: კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, ჩვენს ხელისუფლებას კი, საკუთარი კეთილდღეობის გარდა, არაფერი აინტერესებს. შესაბამისად, არც გამოწვევებისთვის არიან მზად. საგარეო საფრთხეების თავიდან აცილებას ვინ ჩივის, შიგნიდან გვემხობა ქვეყანა თავზე – სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

რუსები ყოველდღე თუ არა, ყოველკვირა საქართველოს სიღრმეში მოიწევენ თავიანთი მავთულხლართებით. კონფლიქტისპირა სოფლების დიდი ნაწილის საფლავები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ამ მიზეზით შიდა ქართლის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ისიც კი ვერ შეძლო, რომ აღდგომა დღეს ახლობლების საფლავები მოენახულებინა. ამას ემატება მძიმე კრიმინალური ვითარება. ხელისუფლება, წესითა და რიგით, ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა ფიქრობდეს, ისინი კი სხვა რაღაცით არიან დაკავებული – მთელი სახელმწიფო აპარატი პოლიტიკური ოპონენტების ჩაძირვაზე მუშაობს.

- რით გამოიხატება ეს მუშაობა?

- ოპოზიციონერებსა და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ხან წამალს უდებენ, ხან სხვა ტიპის პროვოკაციებს უწყობენ. პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის გარდა, ხელისუფლებას კიდევ ერთი მისია აქვს შესასრულებელი – სახელმწიფო აპარატი სრულად არის მობილიზებული, რომ ბიძინა ივანიშვილის ეზოში გადაიტანოს ასწლოვანი ხეები, ამათი წყალობით დღეს ქართული პოლიტიკა გაქვავებულ და გახევებულ მდგომარეობაში იმყოფება.

- ქართული პოლიტიკის გაქვავება-გახევებას ხელისუფლებას აბრალებთ. ოპოზიცია თუ არ აქტიურობს, ეს რა ხელისუფლების ბრალია?

- პოლიტიკური პროცესი ხელისუფლებამ გაახევა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მათი ლოზუნგი – შუა უნდა გაიკრიფოს. ვიზუალურად ისე ჩანს, რომ შუა მართლა გაიკრიფა, მაგრამ ეს ასე არ არის. მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ალია და ოსმალო ორივე მტერია. ხალხი კარგად აცნობიერებს, რომ ქვეყანას `ოცნებაც~ დაღუპავს და ნაციონალებიც. როგორც იქნა, ხალხმა გაიაზრა, რომ ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე კომფორტული ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობაა.

- ნაციონალური მოძრაობის რომელ შტოს გულისხმობთ?

- შტოზე თუ მიდგა საქმე, „ოცნებაც“ „ნაციონალების“ ერთ-ერთი ტოტია, რომელიც ცოტა ადრე მოსტყდა ამ ხეს. „ოცნებისთვის“ ყველაზე ახლობელი მეგობარი დღეს „ნაციონალების“ ის შტო გახლავთ, რომელიც მთლიანად ჩაისვეს ჯიბეში.

- ევროპული საქართველო გყავთ მხედველობაში?

- დიახ, დიახ, „ევროპულ საქართველოს“ ვგულისხმობ. ერთი მხრივ, ეს ძალა ჯიბეში ჩაისვა და, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილსაც დიდი საქმე გაუკეთა ბიძინა ივანიშვილმა – პარტიის ყველაზე მარგინალური ფრთა გამოაცალა. ყოფილ პრეზიდენტს ყოფილი პრემიერის დიდი ვალი აქვს. პოლიტიკურ ოპონენტებად ყოფილი ხელისუფლების ორივე შტო მისაღებია ამათთვის. „ქართული ოცნება“ ასეთი პრინციპით მოქმედებს – ღორმა ღორს უთხრა, შე დრუნჩიანოო. მოქმედ ხელისუფლებას წინამორბედისთვის ძველი ცოდვების წამოძახება თავისუფლად შეუძლია. ქვეყნის სასიკეთოდ არცერთი მათგანი არ გაირჯება, ერთმანეთის გადარჩენას კი ყველანაირად შეეცდებიან. რაც შეეხება შუას გაკრეფას, ეს იყო უშუალოდ ივანიშვილის იდეა. ეს იმისთვის გააკეთა, რომ ქვეყანა მშვიდად ემართა. ახლა სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. „შუის გაკრეფის“ ოპერაცია ჩავარდა, სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე.

- დარწმუნებული ხართ, რომ გავლენას დაკარგავს?

- ეჭვიც არ მეპარება. ის არა მარტო პოლიტიკურ პროცესებზე დაკარგავს გავლენას, არამედ თავის პინგვინსა და ასწლოვან ხეებზეც.

- ამბობთ, ბიძინა ივანიშვილი თავის გავლენებს დაკარგავსო. ამას გონივრული ეჭვის საფუძველზე ამბობთ თუ ოპოზიცია აპირებს რამეს?

- ამ განცხადების გაკეთების საფუძველს არსებული სიტუაცია მაძლევს. რაც შეეხება ოპოზიციას, ის რაღაცას აუცილებლად მოიმოქმედებს. ამისკენ მას ხელისუფლება ყოველდღიურად უბიძგებს. ის, რაც კონსტიტუციასთან დაკავშირებით ხდება, დიდი მღელვარების მიზეზი გახდება. რაც ახლა იწერება, ქვეყნის მთავარი კანონი კი არა, ბიძინა ივანიშვილის ჩოხაა. „ოცნება“ ახალ კონსტიტუციას კი არ წერს, არამედ თავის ბელადს უკერავს ტანზე კარგად მომჯდარ სამოსს. ამას არც ხალხი მოითმენს და არც _ ოპოზიცია. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით შეუტევს ამ უმსგავსობას. ამაზე ყველა ვთანხმდებით. საარჩევნო ბლოკის შექმნა კი გამორიცხულია. ასეთი გაერთიანებები ლეიბორისტულ პარტიას არასდროს იზიდავდა.

- მაშინ თქვენი პარტია თანახმა იქნება იმ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც, პარტიებს ბლოკების შექმნა ეკრძალებათ...

- ამ თემაზე პარტიაში ჯერ საუბარი არ გვქონია და გამიჭირდება იმის თქმა, რას ფიქრობს პარტია. ჩემი პირადი აზრით კი საარჩევნო ბლოკების შექმნა კანონით უნდა აიკრძალოს.

- რატომ უნდა აიკრძალოს?

- იმიტომ, რომ ამ ბლოკებმა დააქციეს ქვეყანა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ბლოკები იმისთვის იქმნება, რომ რამენაირად პარლამენტში მოხვდნენ. როგორც კი იქაურ სკამებს მოერგებიან, ეგრევე ერთმანეთთან ომს იწყებენ. პოლიტიკურ შეხედულებებზე და მაღალ მატერიებზე რომ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ეს მისასალმებელი ამბავი იქნებოდა. ქვეყნისდა საუბედუროდ, ესენი წილების გადანაწილების გამო იწყებენ ერთმანეთის ჭამას. უმადობას არც მანამდე უჩივიან, მაგრამ პარლამენტში შესვლისთანავე საოცარი მადა ეხსნებათ. იმის მაგივრად, რომ ხალხზე იფიქრონ, სხვადასხვა ბიზნესის დათრევას ცდილობენ. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ამდენად, ბლოკების შექმნა სამუდამოდ უნდა აიკრძალოს. არჩევნებში მხოლოდ პარტიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. პოლიტიკურ პარტიაზე თუ გაქვს პრეტენზია, მაშინ კეთილი ინებე და არჩევნებზე საკუთარი პასპორტით მიიღე მონაწილეობა. აქვე ერთ იდეასაც დავამატებდი – პარტიები მოღალატე დეპუტატებისგან დაცული უნდა იყვნენ. კარგი იქნება, თუ ამის მექანიზმი კანონით იქნება გათვალისწინებული.

- თავად პარტიებმა ვერ უნდა განსაზღვრონ, ვინ შეიძლება, მოღალატე იყოს?

- ამის განსაზღვრა შეუძლებელია. წესით, არც იუდას უნდა გაეყიდა ქრისტე, მაგრამ გაყიდა. ქრისტეს მოსწავლე რომ ამას გააკეთებს, იქ პოლიტიკოსისგან როგორ იქნები დაზღვეული. ამიტომაც არის საჭირო კანონში სათანადო ჩანაწერის გაკეთება.

- რა ჩანაწერის გაკეთებას ითხოვთ?

- პირდაპირ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ თუ ადამიანი ამა თუ იმ პარტიამ გაიყვანა პარლამენტსა ან საკრებულოში, პარტიის დატოვების შემდეგ მან დეპუტატის მანდატი უნდა დატოვოს. ამ შემთხვევაში პარტიული სიით გასულ დეპუტატებზე მაქვს საუბარი. მაჟორიტარული სისტემა სრულად არის გასაუქმებელი. მხოლოდ ასე შევძლებთ საქართველოში პოლიტიკური პროსტიტუციის მოსპობას.

- ზევით თქვენ აღნიშნეთ, რომ კონსტიტუციის გარშემო ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდება. ამ კვირაში საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასაც გეგმავს ოპოზიცია, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ბოიკოტის არავის ეშინია. ამაზე რას იტყვით?

- რა უნდა ვთქვა, „ოცნების“ პირით „ნაციონალური მოძრაობა“ გველაპარაკება. მეტსაც გეტყვით, მათ ყოფილ ხელისუფლებას დიდი ხანია, რაც გადააჭარბეს. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ სააკაშვილის რეჟიმი რაღაც დათმობებზე მაინც მიდიოდა. ესენი კი არაფერს თმობენ. 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ სააკაშვილს ისე გაუჭირდა, რომ თანამდებობა დატოვა. მას ამის გაკეთება დასავლეთმა მოსთხოვა. მართალია, გაყალბების გზით ისევ მოგვევლინა პრეზიდენტად, მაგრამ ხომ გადადგა. სხვათა შორის, ასე მოხდა 2012 წელსაც. იმ ზაფხულს საქართველოში აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყო ჩამოსული. ჰილარი კლინტონმა მაშინ პირდაპირ ასე უთხრა მიხეილ სააკაშვილს – მორჩა, შენ ხელისუფლება უნდა გადააბაროო. მას არ უთქვამს, ბიძინა ივანიშვილს გადააბარეო. მიხეილ სააკაშვილს ამით იმაზე მიანიშნეს, არჩევნებს საშენოდ ვეღარ გააყალბებო. მიხეილ სააკაშვილი ამერიკელების წინააღმდეგ ვერ წავიდა, რითაც კარგად ისარგებლა ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტში გაიყვანა „ოცნება“, რომელიც სინამდვილეში აჯაფსანდალია და მეტი არაფერი. ახლაც ასეთივე აჯაფსანდალია პარლამენტში. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საბავშვო ბაღის დონესაც კი ვერ აკმაყოფილებს.

- მოდით, ისევ ბოიკოტის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, რატომ არ ეშინია ხელისუფლებას ოპოზიციის?

- თავის დროზე არც მიშა სააკაშვილს ეშინოდა. ასე თავზეხელაღებულად იქცეოდა, სანამ 2007 წლის ნოემბერი არ დაუდგა. ახლაც იგივე მოხდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა ბევრად უარესი მდგომარეობაა.

- უარეს მდგომარეობაში რას გულისხმობთ?

- ამ ყველაფრის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი გახლავთ, რომელსაც ვერ გადააყენებ. ადრე თუ გვიან ის ამაზე აგებს პასუხს. ახლო მომავალში მას სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. მის მომავალს მე საბრალდებო სკამზე ვხედავ. არც იმას გამოვრიცხავ, მისით ჰააგაც დაინტერესდეს.

- ჰააგა რატომ უნდა დაინტერესდეს?

- საყდრისის აფეთქებით მან კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა დანაშაული. ჰააგა კი ასეთ საქმეებზე მუშაობს. იმასაც გეტყვით, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებებს მისივე გუნდის წევრები მისცემენ.

- დარწმუნებული ხართ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემენ?

- დღეს ამის გაკეთებას ვერ გაბედავენ, მაგრამ, საკმარისია, ბიძინა ივანიშვილის პოზიციები შეირყეს, რომ პასტას ვერ გააგდებინებენ ხელიდან, იმდენ საჩივარს დაწერენ და იმდენ რამეს ილაპარაკებენ. იმის იმედი ტყუილად აქვს, რომ ვიღაცა მის მიერ ჩადენილ უკანონობას დაიბრალებს. ყველაფრის უკან ეგ დგას და ყველა უკანონობაზე ის აგებს პასუხს.

„ახალი თაობა“, 18 აპრილი, 2017 წელი

რას აპირებს ახალქალაქის საკრებულო

საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების პრობლემები არ ელევა. ცენტრალური ხელისუფლებისთვის სიურპრიზს ამზადებს ახალქალაქის საკრებულოც, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს აჭარბებს და დიდ პოლიტიკაში იჭრება. ეს დღეები თბილისისთვის ისედაც რთულია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსალოდნელი ჩასვლის, ასევე რეგიონში დაძაბულობის გამო. სოხუმში 18 აპრილს იხსნება რუსეთის ახალი „საელჩოს შენობების მთელი კომპლექსი. რუსეთის მინისტრი დაესწრება ამ კომპლექსის საზეიმო გახსნას და შეხვდება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მეთაურ რაულ ხაჯიმბას. სერგეი ლავროვის ვიზიტს პროვოკაციული და საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგო უწოდა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ.

გარდა ამისა, რუსეთი აგრძელებს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაციას. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთი გაართულებს ვითარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც და ამისათვის საჭირო არ გახდება სამხედრო ჩარევა. არ არის გამორიცხული, რომ ახალქალაქის საკრებულოს გეგმები რუსეთის პროვოკაციულ ზრახვებს უკავშირდებოდეს. ამის თაობაზე გარკვეული კითხვები ჩნდება.

გამოცემა „ვესნტიკ კავკაზას“ ინფორმაციით, ახალქალაქის საკრებულო სომეხთა გენოციდის აღიარებას გეგმავს. იმ მხარის საკრებულოს დეპუტატები, სადაც 99% სომეხი მოსახლეობაა, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბებიან და ოსმანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდს დაგმობენ. შესაბამისი დადგენილების პროექტი, გამოცემის თქმით, უკვე არსებობს. „ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდის“ გადაწყვეტილების პროექტში ნათქვამია, რომ 1915 წლის მოვლენები დანაშაულია, რომელიც დაგმეს განვითარებულმა ქვეყნებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ცალკეულმა რეგიონებმა და სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებმა.

საკრებულოს სხდომა 24 აპრილს არის დაგეგმილი. მისი მოწვევის მოთხოვნა საკრებულოს დეპუტატთა ჯგუფმა წამოაყენა. კომენტარს ამ საკითხზე არც საკრებულოს წევრები აკეთებენ და არც ადგილობრივი გამგეობის ხელმძღვანელები, რაც, „ვესნტიკ კავკაზას“ შეფასებით, გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ საკითხი პოლიტიკასა და გეოპოლიტიკასაც კი უკავშირდება. ახალქალაქში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ სხდომის ჩატარების დღის წესრიგი და ვადა დაზუსტებული არ არის.

თბილისში ასეთი სხდომის გამართვა არარეალურად მიაჩნიათ. უმრავლესობის წევრების თქმით, ამგვარი საკითხების განხილვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და თვითმმართველობის კოდექსს.  ალბათ, ამის შესახებ ახალქალაქის საკრებულოშიც იციან. ამ საკითხის ინიციატორებიც ინფორმირებული იქნებიან, რომ ასეთი პრობლემები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას სცილდება.

მიუხედავად ამისა, განხილვა და გენოციდის დაგმობა მაინც დაგეგმილია. ასეთი ინიციატივა სხვადასხვა დროს რამდენჯერმე საქართველოს პარლამენტშიც წამოაყენეს ეთნიკურად სომეხმა დეპუტატებმა, თუმცა მხარდაჭერა ვერ მიიღეს. იყო ასევე ქუჩის აქციები ამავე მოთხოვნით. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ასეთი საკითხების განხილვა სახიფათოა, მით უმეტეს მაშინ, როცა ორი მეზობელი, თურქეთი და აზერბაიჯანი, ამ გენოციდს არ აღიარებს. მათი შეფასებით, 1915 წელს იყო დიდი მსხვერპლი.

ევროპარლამენტმა 24 აპრილი სომეხთა გენოციდისა და ხსოვნის დღედ აღიარა. როგორც ჩანს, ახალქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ამ დღეს ამიტომ მოიწვიეს.

Comments are closed