globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 18th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „2020 წელს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩვენი მთავარი მოთხოვნაა” // „ხელისუფლება კომპრომისზე წავა მხოლოდ ბარიერთან დაკავშირებით და, შესაძლოა, დაუშვა ბლოკები”

ახალი თაობა: ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს” // „ბარიერის მოხსნა ახალი ხრიკია”

ახალი თაობა: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ოპოზიციის ერთობა ვერ შედგა და ახლა ყველა წაგებულ თამაშს თამაშობს”

ვერსია: ვინ გახდება თბილისის მერი // რა შანსები აქვთ მერობის კანდიდატებს, რატომ ამსგავსებენ ელისაშვილს ნათელაშვილს და ჩატარდება თუ არა მეორე ტური

ვერსია: ვინ სურთ თბილისელებს მერად

ახალი თაობა: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „აფხაზებთან 25-წლიანმა ლაქუცმა შედეგი არ მოგვიტანა” // „ოსები უფრო ერთგულნი არიან ქართველების, ვიდრე აფხაზები“

——————-

ახალი თაობა“, 18 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „2020 წელს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩვენი მთავარი მოთხოვნაა // „ხელისუფლება კომპრომისზე წავა მხოლოდ ბარიერთან დაკავშირებით და, შესაძლოა, დაუშვა ბლოკები”

„ახალი თაობის“ კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.

- ბატონო რომან, 18 აგვისტოს პარლამენტში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. როგორც ოცნების დეპუტატები აცხადებენ, ისინი მზად არიან, ყველა საკითხი სამუშაო პროცესში განიხილონ. თუ აპირებთ მისვლას შეხვედრაზე და რა მოლოდინები გაქვთ? ცდილობს ხელისუფლება, ჩიხიდან გამოიყვანოს კონსტიტუციური პროცესი?

- არა, არა მგონია. ეს არის მორიგი ფანდი. ჩვენ აუცილებლად მივალთ ამ შეხვედრაზე და, სანამ არსებობს კიდევ რაიმე შანსი, შევეცდებით, დავარწმუნოთ ხელისუფლება, რომ ეს კონსტიტუცია არის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიღებული და მასში არის ისეთი ნორმები, რომელთა კონსტიტუციაში დამკვიდრება არ არის ხალხის სურვილი.

- რომელ ნორმას ეწინააღმდეგება ხალხი?

- მოსახლეობის 90% გამოკვეთილად ამბობს, რომ მას უნდა, პრეზიდენტი იყოს პირდაპირი წესით არჩეული. ფაქტობრივად, ხდება ხალხის აზრის იგნორირება იმის გამო, რომ ეს არის ვიღაცის ახირება. ზოგს პირადად პრეზიდენტისადმი აქვს ეს განწყობა და ზოგსაც, უბრალოდ, არ აწყობს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. მათი სურვილია, პარლამენტისა და საკრებულოების მიერ დანიშნული ჯიბის პრეზიდენტი ჰყავდეთ, რომლის სახელიცა და გვარიც კი არ გაახსენდება არავის, მით უმეტეს, ასეთი პრეზიდენტი ვერასდროს გაუბედავს ხელისუფლებას რაიმე კრიტიკას. ეს ერთი საკითხი და აქ არის მეორე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხი.

- რა არის ეს მთავარი საკითხი?

- ეს არის კონსტიტუციის მორგება საკუთარი მიზნებისათვის, ხალხის მოტყუება. დადიოდნენ რაიონებში, სოფელ-სოფელ, იქ განიხილეს ერთი კონსტიტუცია, გააგზავნეს ვენეციის კომისიაში და ყველა მოატყუეს, ნაცვლად იმისა, რომ 2020 წლისთვის გადასულიყვნენ პროპორციულ სისტემაზე, კვლავ შემოგვთავაზეს შერეული სისტემა. კვლავ რჩება ყოვლად გამოუსადეგარი მაჟორიტარული სისტემა. 7 წლის მერე გვპირდებიან ამ ყველაფერს. 7 წლის მერე მათი გვარები ვინმეს გაახსენდება?! ეს ადამიანები 7 წლის მერე გეგმავენ რაღაცას, როდესაც ჩვენ დღეს გვინდა რეალური დემოკრატიული ცვლილებები ქვეყანაში.

- ანუ თქვენ ამ საკითხებს წამოჭრით ამ შეხვედრაზე და ამ ულტიმატუმით მიხვალთ?

- ამდენი პრობლემიდან გამომდინარე, მთავარი საკითხი სწორედ ეს არის, გადავდივართ თუ არა 2020 წელს პროპორციულ არჩევნებზე! აი, ეს არის ჩვენთვის მთავარი, ამის შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი ბარიერზეც და უბარიერო სისტემაზეც.

- ეს არის ულტიმატუმი ხელისუფლებასთან, რომ მთავარია პროპორციული სისტემა?

- რა თქმა უნდა! აქ მთავარი არის ის, რომ პრინციპულად დავუბრუნდეთ იმ კონსტიტუციას, რომელიც განიხილა საზოგადოებამ, რომელიც შესთავაზა საკონსტიტუციო კომისიამ საზოგადოებას და რომლის საწინააღმდეგოდ წავიდა მმართველი ხელისუფლება.

- რა მოლოდინი გაქვთ ხელისუფლებისგან, დათმობენ ამ საკითხებს?

- არანაირი იმედი არ გვაქვს. უკვე კარგად გამოჩნდა, მათი მიზანი რა არის. ისინი ვენეციის კომისიის წინაშე შერცხვნენ და ახლა ცდილობენ ვითომ სიტუაციის გამოსწორებას.

- ხელისუფლება იმიჯის გამოსწორებას ცდილობს და ეს შეხვედრაც ამისთვის არის?

- სწორედ ამ შერცხვენისა და ბუკიკიოს მიერ გაკეთებული მკაცრი და პირდაპირი განცხადებების შემდეგ გადაწყვიტეს, ახალი ფარსი დადგან და ასევე 6 სექტემბერს დაანონსებული შეხვედრის წინ განხეთქილება შეიტანონ ოპოზიციის ერთსულოვნებაში, დაიწყეს ინტერესების ძებნა, თუ რომელ პარტიას რა მოთხოვნა შეიძლებოდა ჰქონოდა.

- სწორედ ამიტომ დაიწყო უბარიერო სისტემაზე საუბარი?

- დიახ, ისინი უმიზნებენ პარტიების პრაგმატულ ინტერესებს და პატარა პარტიების ერთ-ერთი ასეთი ინტერესი არის ის, რომ ერთი კაცი მაინც შეიყვანონ პარლამენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც 1%-ს აიღებს, ერთ კაცს შეიყვანს პარლამენტში. ან ერთკაციანი პარტიები შევლენ, ან ახალი სქემა ამოქმედდება.

- რომელი სქემა?

- ეს მაჟორიტარ ფეოდალებზეა გათვლილი. სწორედ ისინი შექმნიან ერთკაციან პარტიებს და შემდეგ ამ გზით მოხვდებიან პარლამენტში საკუთარი ბიზნესინტერესების დასაცავად. მათ ხომ მხოლოდ იმუნიტეტი სჭირდებათ. ყველაფერია ამაზეა გათვლილი. მათ ხალხის მოსყიდვა არასდროს გაუჭირდებათ. მაჟორიტარულ სისტემასთან ერთად, ჩვენ მივიღებთ კიდევ დამატებით სისტემას, რომლის საშუალებითაც ასეთი ხალხი პარლამენტში მოხვდება.

- რამდენად გამოუვა ხელისუფლებას, რომ 6 სექტემბრამდე ოპოზიციაში განხეთქილება შეიტანოს?

- რა თქმა უნდა, ძირითადი და მსხვილი ოპოზიციური პარტიები ამაზე არ წავალთ. ჩვენ ვართ ერთსულოვანი ამ მთავარ საკითხში და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. ჩვენ ვაყენებთ საკითხს მარტივად და გასაგებად: საარჩევნო სისტემას ვცვლით ახლა და არა შვიდი წლის შემდეგ და გადავდივართ პროპორციულზე. ახლაც და 7 წლის შემდეგაც საქართველოში პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული.

- გაქვთ იმედი, რომ ამ დათმობაზე წამოვლენ?

- თუ მთავრობა ისევ დაიჩემებს, რომ კონსტიტუცია ორი მოსმენით უკვე მიღებულია და მხოლოდ წერტილ-მძიმის განხილვაა შესაძლებელი, მაშინ ეს შეხვედრა არის უაზრობა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ისინი კომპრომისზე წავლენ მხოლოდ ბარიერთან დაკავშირებით და, შესაძლოა, დაუშვან ბლოკები.

- ეს დათმობა თქვენთვის არ არის მისაღები?

- ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მათი მთავარი მიზანი არის ვენეციის კომისიის წინ საკენკის დაყრა პარტიებისთვის. ჩვენ ამ საკენკს არ ავკენკავთ. ეს შეიძლება დაუყარონ იმ პარტიებს, რომლებსაც ეს ხორბალი გემრიელი შოკოლადის ბურთულები ჰგონიათ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს საკენკი ვიღაცისთვის სასიამოვნო იყოს, თუმცა ერთი და ორი ასეთი გამონაკლისი არაფერს წყვეტს. ამან, შესაძლოა, უმრავლესობას შეუქმნას მოჩვენებითი ფონი, რომ არსებობენ პარტიები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ და თურმე ოპოზიცია არ ყოფილა ერთსულოვანი. ამას არავინ დაიჯერებს არც აქ და არც იქ.

ახალი თაობა“, 18 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს” // „ბარიერის მოხსნა ახალი ხრიკია”

იმ დროს, როცა მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს პოლიტიკური დიალოგის განახლებას საარჩევნო საკითხებზე და მზად არის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უბარიეროდ ჩაატაროს, გაისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოწოდება. ამაზე „ახალ თაობასთან“ მოძრაობა „ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა საუბრობს.

- ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით მიიღო. მიუხედავად ამისა, ის აცხადებს მზადყოფნას, განაახლოს დიალოგი ოპოზიციასთან კონსტიტუციის იმ საკითხებზე, რომლებიც არჩევნებს ეხება...

- ეს არის პოლიტიკური პროცესის იმიტაცია და იმის ჩვენება, თითქოს საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ტარდება და მმართველი პარტია სხვების აზრს ითვალისწინებს. წინა ხელისუფლებებსა და ახლანდელ მმართველებს უამრავი ხერხი და ტექნოლოგია ჰქონდათ ხალხის მოსატყუებლად. ჩვენი მოსახლეობა ისე გამოიწრთო, რომ აღარ ტყუვდება. სამწუხარო ის არის, რომ ხალხი იყიდება. წინასაარჩევნოდ ხდება ამომრჩევლების მოსყიდვა.

- ფიქრობთ, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა ადგილობრივ არჩევნებზეც მოხდება?

- ამაში დარწმუნებული ვარ.

- დიდი ფულის მქონე ძალებად “ქართული ოცნება” და ნაცმოძრაობა ითვლებიან?

- ამ ძალებს დიდი ფული აქვთ. ნაცმოძრაობა არჩევნების წინ დაშინების მეთოდებს უფრო ხშირად იყენებდა. ხდებოდა ბიზნესის, ქონების წართმევა, უკანონო დაპატიმრებები და წამება. „ქართული ოცნების“ ხელში რომ უზარმაზარი თანხები ტრიალებს, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება’ მოვიდა, ბანკების მოგება ორნახევარჯერ გაიზარდა. ბანკების მოგების 60% გაზრდილია ბინების, სახლების ჩამორთმევის შედეგად.

- ამას მმართველ პარტიასთან აკავშირებთ?

- “ქართული ოცნება“ ამას ყველანაირად ხელს უწყობს. ირიბად ეს ხელისუფლება წილში უზის უცხოეთში გადახვეწილ თანამოქალაქეებსაც. ისინი მამასისხლად ნაშოვნ თანხებს უგზავნიან საქართველოში დარჩენილ ოჯახებს. ეს ოჯახები იხდიან გაზრდილ გადასახადებს, იღებენ კრედიტებს ბანკებში და ხდებიან ფაქტობრივი ძარცვის ობიექტები. საზღვარგარეთ წასულ საქართველოს მოქალაქეებს ემიგრაციასაც კი ვერ უწოდებ. ემიგრანტია პირი, რომელიც თავის ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრობს, მაგრამ უკეთესი პირობებისთვის სხვაგან მიდის, ლეგალურად სახლდება და მუშაობს. ჩვენი თანამოქალაქეები იძულებით, ლუკმაპურისთვის მიდიან, ხშირ შემთხვევაში არალეგალურად ცხოვრობენ. მათი ძირითადი საქმიანობა შავი საქმე, ღამის ქოთნების გატანა-გამოტანაა. ისინი ემიგრანტები კი არა, იძულებით გადაადგილებული პირები არიან. სახელმწიფოს ისინი არ აინტერესებს, ისევე, როგორც მათი აქ მყოფი ახლობლები.

- საარჩევნო საკითხს დავუბრუნდეთ. აღნიშნეთ, რომ ხალხი არ ტყუვდება. რისთვის დასჭირდა ქართულ ოცნებას ოპოზიციასთან ახალი შეთანხმება?

- ვენეციის კომისიისა და სხვა სტრუქტურებისთვის თვალის ასახვევად. საპარლამენტო უმრავლესობამ ჯერ ჯიქურ მიიღო ორი მოსმენით კონსტიტუცია, მერე მიხვდა, რომ ღრმად შეტოპა და ამას არავინ უწონებს. ამიტომ ქმნის პოლიტიკური პროცესის, დიალოგის იმიტაციას. ამით სამართლიანი საარჩევნო გარემო არ შეიქმნება. ვერც მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება სამართლიან პირობებში.

- ადგილობრივი არჩევნები არ ტარდება კონკურენტულ გარემოში?

- რომელ კონკურენტულ გარემოზეა ლაპარაკი, როცა მანდატები წინასწარ არის გადანაწილებული. „ქართული იდეა“ ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ამისკენ სხვა ნამდვილ ოპოზიციასაც მოუწოდებს. ვინც არ არის `ქართული ოცნებისა~ და ნაცმოძრაობის სატელიტი, ის გონს უნდა მოეგოს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. რამდენიმე კაცის საკრებულოებში შეყვანით ვერაფერს შევცვლით. აუცილებლად ერთად უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

- ადრეც გითქვამთ, რომ გარკვეულ ეტაპზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვდით...

- არამართული ოპოზიცია ქვეყნისთვის მძიმე დროს ერთად უნდა დადგეს. უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, საარჩევნო კოდექსის ძირეული ცვლილება და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები. სხვანაირად ვითარებას ვერ შევცვლით.

- ადგილობრივ არჩევნებში ბევრი პარტია მონაწილეობს...

- „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“, მათი სატელიტები ბოიკოტს არ დათანხმდებიან. გაუგებარია, რის მიღწევა უნდათ დანარჩენებს. თუ ვინმეს საკრებულოს წევრობა ქვეყნისა და ხალხის ბედზე უფრო მეტად აინტერესებს, ის კარიერისტია. მმართველმა პარტიამ ნაცმოძრაობა 5 ნაწილად დაშალა, რომ ამ კრიმინალური ჯგუფების ფონზე კარგად გამოჩნდეს. არადა, ხალხს აღარც ეს ხელისუფლება უნდა – ის ვერც დეოკუპაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ხედავს, ვერც სოციალური ფონის გაუმჯობესებასა და ვერც სამართლიანობის აღდგენას. გაცემული დაპირებები არ შესრულებულა. ამაზე ცალკეულმა მოქალაქეებმა „ქართულ ოცნებას” კონსტიტუციის საჯარო განხილვებზეც უთხრეს. ხალხს ხელისუფლებაში სხვა ძალის მოსვლა უნდა. თუ ნამდვილი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია გაერთიანდა, ეს შესაძლებელია.

- თქვენი ნათქვამებიდან გამომდინარე, ალბათ, უბარიერო არჩევნების იდეაც არასერიოზულად მიგაჩნიათ?

- 2020 წლის არჩევნებისათვის ბარიერის მოხსნა ახალი ხრიკია. თუ სამართლიანი არჩევნები უნდათ, მხოლოდ უბარიერო ნორმა არ უნდა წამოაყენონ. ამისთვის ბევრი ცვლილებაა გასატარებელი. მათ შორის, ცესკო უნდა დაკომპლექტდეს სანდო ადამიანებით, საზოგადოების წარმომადგენლებით. საარჩევნო უბნებზე უნდა დამონტაჟდეს ვიდეოკამერები და შედეგები პირდაპირ, „ლაივში“ შეჯამდეს.

ახალი თაობა“, 18 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ოპოზიციის ერთობა ვერ შედგა და ახლა ყველა წაგებულ თამაშს თამაშობს”

რატომ ვერ შედგა ოპოზიციური ერთობა, რა შანსი გაუშვეს ხელიდან პარტიებმა, რით სარგებლობენ ხელისუფლება და ნაციონალები? ამ თემებზე „ახალ თაობას“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ესაუბრება.

„რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას შორის მიმდინარეობდა კონსულტაციები თბილისის მერობის ერთიან კანდიდატურასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს საქმე ბოლომდე არ გამოვიდა, 16 აგვისტოს პატრიოტთა ალიანსმა დამოუკიდებლად წარადგინა კანდიდატურა. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც ერთიანი კანდიდატის იდეას ვუჭერთ მხარს და ერთიან კანდიდატს 21 აგვისტოს თბილისში დავასახელებთ. იმავე პროცესს შემდეგ რეგიონებშიც გავაგრძელებთ”, – ამბობს კახა კუკავა.

- ოპოზიციის გარკვეული ნაწილიო, ამბობთ და რამდენი პარტია დარჩით? პატრიოტთა ალიანსი ამ დღეებში გამოგეთიშათ, ლეიბორისტები უფრო ადრე წავიდნენ...

- ერთიან კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს ორი პარტია – „დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“ არიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული. სხვა პარტიებთან 21 აგვისტომდე კონსულტაციები გაგრძელდება.

- შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ შეარჩიეთ თბილისის მერობის კანდიდატად?

- ამას ორშაბათს, 21 აგვისტოს, გაიგებთ. კარგი იქნებოდა, დიდი ოპოზიციური ერთობა შეგვექმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა.

- რატომ იყო ეს ოპოზიციური ერთობა ასეთი მნიშვნელოვანი?

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში სამი არჩევნები ჩატარდა და სამივეგან ერთნაირი სურათი დაიხატა. ეს ძალიან მარტივად იძლევა დასკვნების გაკეთების საშუალებას. ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის, ეს გახდა არითმეტიკა – „ოცნება“ არჩევნებზე აგროვებს 40%-ს, გარანტირებულად გადის პირველ ადგილზე, თუმცა უჭირს 50%-იანი ბარიერის გადალახვა. მეორე ადგილზე 25%-ით გადის „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ყველა არჩევნებზე ასეთი შედეგი დადეს. პარტიის გაყოფის შემდეგ, შესაძლოა, მათი ხმები შემცირდეს. ამის მიუხედავად, ყოფილ ხელისუფლებას მეორე ადგილი გარანტირებული აქვს.  „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, ის გახლავთ ექსტრემისტული ძალა, მასთან მეორე ტურში თანამშრომლობაზე ყველა პოლიტიკური ძალა უარს ამბობს. ეს ხელისუფლებისთვის ძალიან ხელსაყრელ ვითარებას ქმნის _ მართალია, `ოცნება~ პირველ ტურში არჩევნებს ვერ იგებს, მაგრამ მეორე ტურში ნაციონალებს არცერთი პარტია არ უჭერს მხარს.

გავიხსენოთ 2014 წლის არჩევნები. ნარმანიამ პირველ ტურში 40% აიღო, მაგრამ მეორე ტურში მთელი ოპოზიციის ხმები მიითვალა და მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა. მისმა კონკურენტმა ნიკა მელიამ მეორე ტურში ბევრად ნაკლები ხმები აიღო, ვიდრე პირველში, რაც მსოფლიოში არსად ხდება. საქართველოში არის ასეთი სპეციფიკა. ასეთივე ვითარებაა მარი ლე პენის გარშემო. მეორე ტურში ყველა მის წინააღმდეგ აძლევს ხმას, ასე არიან ნაციონალებიც. აქედან გამომდინარე, ერთიანი კანდიდატის იდეა იყო ძალიან მნიშვნელოვანი – მეორე ტურში ხელისუფლება თუ ოპოზიციური კანდიდატის პირისპირ დარჩებოდა, „ოცნება“ იმ სტრატეგიულ უპირატესობას დაკარგავდა, რაც ნაციონალებთან აქვს. კარგად გვახსოვს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. მაშინ ჩვენმა ამომრჩეველმა თქვა, მართალია, `ოცნება~ უუნაროა, ვერაფერს აკეთებს, მაგრამ სისხლიან ნაციონალებს ისევ ეგენი გვირჩევნიაო.

როგორც კი მეორე ტურში ერთმანეთის პირისპირ „ოცნება“ და რომელიმე ოპოზიციური პარტია დარჩებიან, ამ მთავარ უპირატესობას ხელისუფლება კარგავს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ერთიანი კანდიდატის წარდგენა.

ერთ ციფრსაც მოგიყვანთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 4-5-მა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ, ჯამში, იმდენივე ხმა აიღო, რამდენიც ნაციონალურმა მოძრაობამ. ამ პარტიებს ბოლო არჩევნებში ერთად რომ დაესახელებინათ მაჟორიტარი კანდიდატები, გარანტირებულად გავიდოდით მეორე ტურში.

- თუ ასეთი აუცილებელია ოპოზიციის ერთობა და ერთიანი კანდიდატი, დაგეჭირათ მხარი ირმა ინაშვილის კანდიდატურისთვის...

- მე ასე გკითხავთ: რატომ ირმასთვის და, ვთქვათ, არა ალეკო ელისაშვილისთვის. კონსულტაციები იმის გამო არ ჩაშლილა, რომ ჩვენ ირმას კანდიდატურას არ ვუჭერდით მხარს. კონსულტაციები იმიტომ იმართება, რომ ერთი კანდიდატურა შეირჩეს.

- იყო საუბარი ირმა ინაშვილის კანდიდატურაზე? იქნებ ალიანსს უნდოდა, რომ ის ყოფილიყო მერობის კანდიდატი და უარის გამო წავიდნენ...

- ჩვენ მზად ვიყავით, მხარი დაგვეჭირა მისი კანდიდატურისთვის.

- აბა, რატომ წავიდა ალიანსი ცალკე?

- მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი როლი საკუთარ რეიტინგებში თავდაჯერებულობამ შეასრულა. ასეთი ფაქტები ხშირად ხდება ქართულ პოლიტიკაში. 2008 წელს ასევე დატოვეს რესპუბლიკელებმა. მათ ეგონათ, რომ დამოუკიდებლად 20%-ს აიღებდნენ და ბევრად ნაკლები აიღეს. „პატრიოტთა ალიანსი“ ფიქრობს, რომ ამ არჩევნებზე მესამე ადგილს აიღებენ. ეს არის კიდევაც მათი ამოცანა, რაც ძალიან გაუჭირდებათ.

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათ შეძლეს მესამე ადგილის აღება...

- ახლა ეს ძალიან გაუჭირდებათ.

- ისინი არჩევნების წინ საპროტესტო აქციებს აპირებენ და იმედი აქვთ, რომ ამით ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებენ...

- ვნახოთ, ვნახოთ. მათი მხრიდან აქციებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება მოვისმინეთ, მაგრამ პროტესტის გამოხატვა ყოველთვის გადაიდო. მოდით, ახლაც ნუ ვიჩქარებთ, მოვა შემოდგომა და ვნახავთ, რა მასშტაბის იქნება ეს აქციები.

- ოპოზიციას რომ საერთო კანდიდატი უნდა ჰყავდეს, ამაზე პარტიების კიდევ ერთი ნაწილი საუბრობს. კონსულტაციები მათ შორისაც მიმდინარეობს. თუმცა ისინი ამბობენ, რომ კონსულტაციებს მხოლოდ პროდასავლურ ძალებთან გამართავენ. თქვენი ერთობა უფრო პრორუსულად მოიაზრება. ეს ხალხის დაბნევას ხომ არ გამოიწვევს?

- ჩვენ პარტიები პრორუსულებად და პროდასავლურებად არ დაგვიყვია. ჩვენ დაყოფა რეიტინგების მიხედვით გავაკეთეთ. იმ პარტიების ერთობაში, რომლებიც პროდასავლურებად ითვლებიან, ჩემი მეგობრებიც არიან, მაგრამ ამ პარტიებმა 2016 წელს ძალიან დაბალი შედეგი აჩვენეს. მათ მთლიანობაში სულ 3% აქვთ აღებული. ამ მათემატიკით როგორ აპირებენ იმ პრობლემის გადაწყვეტას, როცა პირველ ადგილზე გასულს 40% აქვს და მეორეს – 25, მართალი გითხრათ, არ მესმის.

შესაძლოა, პროდასავლურ ღირებულებებში არის რაიმე ისეთი ძალა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ამის შესახებ მე არაფერი არ ვიცი.

იმ პარტიებმა, რომლებთანაც ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ და ვისთან ერთადაც საერთო კანდიდატის დასახელება გვინდოდა, იმდენი ხმა დააგროვეს, რამდენიც მეორე ტურში გასასვლელად საკმარისია. ხალხის დაბნევას რაც შეეხება, არა მგონია, რომ მათ არჩევანის გაკეთება გაუჭირდეთ. ჩვენ ვაშაძესთან და ნაციონალებთან გასაყოფი ელექტორატი ნამდვილად არა გვყავს. ჩვენ იმ ძალებთან გვყავს საერთო ელექტორატი, ვისაც ვთავაზობდით კონსულტაციებს.

- ზემოთ ნაციონალების გაყოფა და მათი მეორე ადგილი ახსენეთ. გაყოფის შემდეგ მეორე ადგილი ვის დარჩება, ნაციონალებს თუ ბოკერიას ფრთას ანუ `ევროპულ საქართველოს~?

- როგორც ამბობენ, ომის და ნადირობის წინ პოლიტიკოსებს და მონადირეებს არ უნდა მოუსმინო. ისინი თავისთვის ოპტიმისტურ და სხვებისთვის სკეპტიკურ ციფრებს ასახელებენ. პოლიტიკოსი ვარ და ვერ მე ვიქნები ბოლომდე ობიექტური, მაგრამ ყოველგვარი სარკაზმის გარეშე მინდა ვთქვა, რომ იმ მოლოდინმა არ გაამართლა, რაც ელენე ხოშტარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით იყო. მას ბევრად დადებითი აურა ჰქონდა, როცა ვაკის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ახლა ის მერობის კანდიდატებს შორის აშკარად ბექებშია გადასული. `ევროპული საქართველოს~ პრობლემა ის არის, რომ ხოშტარიაა წინა პლანზე და დანარჩენ პარტიას მალავენ.

პოპულარული და არაპოპულარული სახეები ყველა პარტიას ჰყავს. როცა პარტიას 5 პოპულარული ჰყავს და ერთი უარყოფითი, ის ერთი შეიძლება ამოეფაროს ხუთს. „ევროპული საქართველოს“ პრობლემა არის ის, რომ ერთადერთი ხოშტარია ჰყავთ პარტიაში ისეთი, რომელიც პირსისხლიანი არ არის. მას უნდა ამოეფარონ ბოკერია, გივი თარგამაძე, უგულავა.

- თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ მეორე ადგილს ნაციონალებს უწინასწარმეტყველებთ...

- ნაციონალები „ევროპულ საქართველოზე“ ბევრად მეტ ხმას რომ აიღებენ, ამაში ორი აზრი არ არის. ბოკერიას გული რომ არ დასწყდეს, მათზეც ვიტყვი პოზიტივს – წმინდა ტექნოლოგიური და მენეჯმენტის თვალსაზრისით, ისინი ყველაზე კარგად არიან მომზადებული ამ არჩევნებისთვის. ამას განაპირობებს შემდეგი ფაქტიც – ის ხალხი, ვინც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ატარებს არჩევნებს, ყველა მათ რიგებშია. ამ მხრივ „ევროპულ საქართველოს“ უპირატესობა მარტო თბილისში არა აქვს. მათ რაიონებშიც დაუგროვდა გამოცდილება. რეგიონებში თუ ვინმე იყო მაჭავარიანი-გოგორიშვილის მაგვარი, ყველა მოხიკეს და „ევროპულ საქართველოში“ შეიყვანეს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლებას აწყობს, რომ ნაციონალები გავიდნენ მეორე ტურში. ოპოზიციური ერთობა რომ არ შედგა, ამაში ხელისუფლების ხელიც ხომ არ ურევია?

- დამნაშავე ქართული ხასიათია. საუკუნეებია, ასე გრძელდება. რისთვისაც ადრე ფეოდალები ებრძოდნენ ერთმანეთს, ახლა პარტიები უპირისპირდებიან ამისთვის ერთმანეთს. არავინ არ გამიკრიტიკებია და არც ჭკუას არავის ვასწავლი, მაგრამ ერთობით ყველა მოგებულია. ზოგმა შეიძლება მეტი მოიგოს, ზოგმა ნაკლები, მაგრამ წაგებული არავინ არ იქნება. ერთობა ვერ შედგა და ახლა ყველა წაგებულ თამაშს თამაშობს. ერთობა რომ შემდგარიყო და ოპოზიციას თბილისის მერის არჩევნები მოეგო, ყველა იქნებოდა ძალიან სოლიდური კოალიციის მონაწილე. ახლა იბრძვიან, რომ ცალკე ჰქონდეთ 3% და არ უნდათ, რომ სხვასთან ერთად მოიპოვონ 30%. ჩემთვის ეს ცოტათი გაუგებარია. პოლიტიკის კეთება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობის გაგებით, ასევე რეფორმების გატარება 3%-ით შეუძლებელია.

- ერთობა ვერ შედგა და ასეთ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი ხომ არ ეკარგება?

- სულაც არ ეკარგება. ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო კონფიგურაცია. ოპოზიციის ერთობის შემთხვევაში არჩევნებში წარმატების მიღწევა ბევრად დიდი იყო. მოგებაზე რა გითხრათ, მაგრამ მეორე ტურში ნამდვილად გავიდოდით. მეორე ტურში გასულ ოპოზიციას კი ყველა დაუჭერდა მხარს.

ვერსია“, 17 აგვისტო, 2017 წელი

ვინ გახდება თბილისის მერი

რა შანსები აქვთ მერობის კანდიდატებს, რატომ ამსგავსებენ ალეკო ელისაშვილს შალვა ნათელაშვილს და ჩატარდება თუ არა მეორე ტური

ნინო დოლიძე

- გამარჯობა, ალეკო!

- გაგიმარჯოს, ზალიკო!

ასე მიესალმნენ ერთ-ერთ სატელევიზიო თოქშოუში თბილისის მერობის კანდიდატები – ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი და ამ სცენამ, თქვენი არ ვიცი და, პირადად მე, რატომღაც ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსი გამახსენა, აი, ის ლექსი, ლალი და მანანა თოჯინას რომ ვერ „იყოფენ“. შეიძლება, ზუსტი შედარება არაა, მაგრამ ლალისა და მანანასი არ იყოს, მერობის კანდიდატები მერის სავარძელს რომ ვერ გაიყოფენ, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება – სხვა თუ არაფერი, თბილისს ერთი მერი უნდა ჰყავდეს, დღევანდელი მონაცემებით კი, ამ სავარძლისთვის უკვე ექვსი კანდიდატი იბრძვის. ვის გაუღიმებს ფორტუნა და ვინ გახდება ქალაქის თავი? _ ამას ოქტომბრის ბოლოს გავიგებთ. მანამდე კი, „ვერსია“ მერობის კანდიდატების, ასე ვთქვათ, დახასიათებას გთავაზობთ.

დავიწყოთ ყველაზე წონიანი კანდიდატით. სიტყვა „წონიანი“ შემთხვევით არ მიხსენებია _ დიახ, ვინმეს სიამოვნებს თუ არა, ფაქტია: კახა კალაძეს ყველაზე მეტი შანსი აქვს, თბილისის მერი გახდეს. გასაგებია, რომ ეს პროგნოზი ვინმემ შეიძლება, კონიუნქტურულად ჩათვალოს, მაგრამ იმას, რომ კალაძე ,,ბეზ პიტი მინუტ“ თბილისის მერია, კულუარებში თავად ოპოზიციაც აღიარებს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, მეორე ადგილზე გავიდეთ“, – აღნიშნა ,,ვერსიასთან” ტეტ-ა-ტეტ საუბრისას ყოფილი მმართველი გუნდის ანუ ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელიც არც იმის თქმას მოერიდა, რომ ნაცები მთავარ კონკურენტად ევროპული საქართველოს კანდიდატ ელენე ხოშტარიას მიიჩნევენ.

„არ გეტყვით, რომ პარტიაში უმეტესობა ჩემნაირად ფიქრობს, მაგრამ ჩემი თანამოაზრეც ბევრია. ჰოდა, გვგონია, რომ სახელისუფლებო კანდიდატს კი არ უნდა გავუხსნათ ცეცხლი, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მეორე ადგილზე გავიდეთ და ამით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შევინარჩუნოთ. არ ვამბობ, რომ ამ მიზნის მიღწევა ადვილი იქნება, მაგრამ იგივე ის მოვლენები, რაც ბოლო დროს სააკაშვილის გარშემო ვითარდება, რაღაცნაირად მაიმედებს“, _ ამბობს „ვერსიის“ კონფიდენტი, რომელიც გიორგი ვაშაძის ინიციატივასაც ეხება და ერთპროცენტიან ალბათობასაც არ უშვებს, ოპოზიციამ პრაიმერი ჩაატაროს და თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატით გამოვიდეს.

„ეს იდეა, ერთი შეხედვით, ურიგო არ არის, მაგრამ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას აქვს ამბიცია, უპირატესობა მარტო მმართველ პარტიასთან კი არა, იგივე ოპოზიციასთანაც დაამტკიცოს. გამომდინარე აქედან, პრაიმერის იდეა მკვდრათშობილია, თან როგორ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად იმისა, დევნილობაშია, ოპოზიციურ ფლანგზე პირველობას ვინმეს დაუთმობს?

ისე, ზალიკოც მერობის კანდიდატად იმ ნიშნით შეირჩა, რომ მასზე სერიოზული კომპრომატები არ არსებობს. კი ბატონო, შეიძლება, ვიღაცამ წამოაძახოს, აი, 9 წლის განმავლობაში ნაციონალების მთავარი რუპორი იყავიო, მაგრამ იმან ჩაგვქოლოს, ვინც ჩვენზე წმინდანია“, _ ამბობს ნაციონალების აქტივისტი.

წმინდანობის პრეტენზია, ცხადია, არც ელენე ხოშტარიას აქვს, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს ქალბატონი ქართულ პოლიტიკაში, უდუმაშვილისა არ იყოს, შედარებით ახალი სახეა ანუ თავის დროზე ნაციონალების მთავრობაში მაღალი სახელმწიფო პოსტი კი ეკავა, თუმცა მაინცდამაინც კომპრომეტირებული არ არის. ამასთან, მის სასარგებლოდ მამამისის, გოგი ხოშტარიას ბეგრაუნდიც მუშაობს – კარგი იყო თუ ცუდი, ეროვნული ხელისუფლების დროს საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა და ე.წ. ზვიადისტთა ნაწილისთვის ეს დეტალი შესაძლოა, ნიშანდობლივი იყოს.

ისე, თუ ჰიპოთეტურად ვიმსჯელებთ და დავუშვებთ, რომ არჩევნები ელენე ხოშტარიას გამარჯვებით დასრულდება, მისი მერობა ფიქცია იქნება – პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ხოშტარიას გამერების შემთხვევაში, თბილისის რეალური მერი გიგი უგულავა იქნება, თუმცა მოვლენების ამ სცენარით განვითარებას ყველაზე ფანტაზიორი ანალიტიკოსებიც კი გამორიცხავენ.

სამაგიეროდ, პრაგმატიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ 2014 წლის მსგავსად, თბილისში წელსაც მეორე ტური გაიმართება. შესაბამისად, კულუარებში ახლა იმის შესახებ მსჯელობენ და იმ სქემებს ადგენენ, თუ ვინ შეხვდება ერთმანეთს მეორე ტურში.
„ეჭვი არავის ეპარება, რომ მეორე ტურის ერთ-ერთი „ფალავანი“ კახა კალაძე იქნება. ამასთან, ისიც შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ტრადიციულად, ნინო ბურჯანაძის პარტიას წარმოადგენს და ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია, მეორე ტურს ვერ ,,გაქაჩავენ”. ვერც თენგიზ შერგელაშვილი გაქაჩავს, რომელიც უსუფაშვილის ახალი „შენების მოძრაობიდანაა“ წარდგენილი. ანუ რჩება ორი კანდიდატი – უდუმაშვილი და ხოშტარია. შესაბამისად, მეორე ტურში კალაძეს ამ ორი პერსონიდან ერთ-ერთი შეერკინება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ირმა ინაშვილი ჩაებმება მერობის არჩევნებში, სრულიად სხვა კონფიგურაციას მივიღებთ“, – უთხრა „ვერსიას“ ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა, რომელმაც გარკვეული მოსაზრებების გამო, ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

ზოგადად, ირმა ინაშვილი თანამედროვე ქართული პოლიტიკის საინტერესო ფიგურაა. მართალია, მისი პოლიტიკური შეხედულებები და მსოფლმხედველობა „პრადვინუტებისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ მას საკუთარი მრევლი ჰყავს, რომლის საშუალებითაც პატრიოტთა ალიანსმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხა.

სხვათა შორის, „ვერსიას“ უთხრეს, რომ პატრიოტების მხრიდან ინაშვილის მერობის  კანდიდატობა ცაიტნოტის შედეგია – საპარლამენტო ოპოზიციური პარტია დიდხანს ეძებდა ადამიანს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელებდა. „კანდიდატს ერთი კრიტერიუმით არჩევდნენ – უბრალოდ ცნობადი კი არა, ძალიან ცნობადი უნდა ყოფილიყო. როგორც ვიცი, რამდენიმე ადამიანს შესთავაზეს, არჩევნებში ,,პატრიოტების” სახელით ჩართულიყო, მაგრამ ყველამ უარი თქვა.

ის მომენტიც არსებობდა, როცა პარტიის სტაფი თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას საერთოდ არ ფიქრობდა, მაგრამ ეს მაინცდამაინც კარგი გამოსავალი არ იქნებოდა; ამიტომ „სტავკა“ ისევ ინაშვილზე დაიდო“, – უთხრა „ვერსიას“ ინფორმირებულმა წყარომ.

რაც შეეხება ალექსანდრე ელისაშვილსა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ეს უკანასკნელი თბილისის მერობას 2014 წელსაც აპირებდა, თუმცა მაშინ არჩევნებში დამარცხდა. მართალია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, მაგრამ ლორთქიფანიძე, როგორც ჩანს, ამ ჭეშმარიტებას უგულებელყოფს და გამერებას წელსაც შეეცდება. ელისაშვილისთვის კი 2014 წელი მართლაც იღბლიანი გახლდათ – როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თვითმმართველობის არჩევნები მოიგო და თბილისის საკრებულოში შევიდა. ისე, იმხანად ამბობდნენ, რომ ელისაშვილს მმართველი გუნდი ფარულად უჭერდა მხარს და გამარჯვებაც ამიტომ მოიპოვა. ძნელი სათქმელია, მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ საკრებულოს წევრ ელისაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკოსობა მოეწონა და თბილისის მერობა ალბათ ამიტომაც მოუნდა.

საერთოდ, თბილისის მერი პოლიტიკოსი კი არა, მეურნე ადამიანი უნდა იყოს. კი ბატონო, ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის ისტორია ხუთი თითივით იცის, მაგრამ მარტო ისტორიის ცოდნა არ კმარა თბილისის სამართავად. სხვათა შორის, პოლიტიკურ წრეებში ხუმრობენ, ელისაშვილი ნელ-ნელა ნათელაშვილს ემსგავსებაო, თუმცა ეს ხუმრობანარევი შეფასება გემოვნების საკითხია და მეტი არაფერი.

ვერსია“, 17 აგვისტო, 2017 წელი

ვინ სურთ თბილისელებს მერად

კახა კალაძე, ზაალ უდუმაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ელენე ხოშტარია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, თენგიზ შერგელაშვილი – თბილისის მერობის უკვე დასახელებული კანდიდატების ჩამონათვალს ირმა ინაშვილიც მიემატა. ისინი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ეცდებიან, საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ. ვის ანდობენ დედაქალაქის თავკაცობას თბილისელები, ოქტომბერში გამოჩნდება. მანამდე კი, საზოგადოების განწყობისა და იმის გასაგებად, ვინ სურთ თბილისის მერად თბილისელებს, ,,ვერსიამ” ქუჩაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მცირე გამოკითხვა ჩაატარა.

მამუკა, 57 წლის მზარეული: „ჩემთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი კახია, რადგან მისი ყოველი რეფორმა წარმატებულია. ვფიქრობ, ის შეძლებს ყველა იმ პრობლემის გამოსწორებას, რაც ნარმანიას მერობის პერიოდში არ შესრულდა. იმედი მაქვს, კახა კალაძეს მერად აირჩევენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას კონკურენტი, ფაქტობრივად, არ ჰყავს. იმის იმედიც მაქვს, რომ თბილისი ტურისტებისთვის საინტერესო ქალაქად გადაიქცევა“.

მარინა, 45 წლის დიასახლისი: „მე, როგორც თბილისში მცხოვრებს, მინდა, ჩვენი ქალაქის მერი იყოს თბილისის ყველა პრობლემაში კარგად გარკვეული. უპირატესობას ალეკო ელისაშვილის ვანიჭებ. მით უმეტეს, ის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუერთდა და დამოუკიდებელი კანდიდატია. მისგან ისეთი პრობლემების გამოსწორებას ველი, როგორიცაა თბილისის გზა, სანიაღვრეები და სოციალურად დაუცველების პრობლემა. ეს ის პრობლემებია, რომლებიც ვერც ერთი მერის პირობებში ვერ გადაწყდა”.

ნინო, 19 წლის სტუდენტი: ,,ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, მნიშვნელოვანია, თბილისის მერი იყოს ადამიანი, რომელიც კარგად იქნება გარკვეული ქალაქის პრობლემებში. ასეთ კანდიდატად მიმაჩნია ზალიკო უდუმაშვილი, რადგან გარკვეული გზა განვლო ამ სფეროში. ვფიქრობ, ეს იქნება თბილისის მოსახლეობის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რადგან ცვლილება ნამდვილად საჭიროა. ვფიქრობ, ზალიკო შეძლებს, თანამედროვეობისკენ შეცვალოს დედაქალაქის ცხოვრება“.

ვახტანგი, 53 წლის ინჟინერი: „ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მინდა, თბილისის მერი იყოს ადამიანი, რომელიც იზრუნებს ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც ეხება მშენებლობას. ჩემთვის ასეთი კანდიდატი არის ალეკო ელისაშვილი, რადგან მსგავსი პრობლემების მოგვარებაში ყოველთვის აქტიურადაა ჩართული. ჩემი გადმოსახედიდან, ეს იქნება ყველაზე კარგი ფიგურა თბილისის მერად“.

გიორგი, 28 წლის იურისტი: „ამ სიიდან არ ვიცი თენგიზ შერგელაშვილი, დანარჩენი ვიცი, რომ არც არასდროს არაფერი გაუკეთებიათ და არც გააკეთებენ. ამიტომ სავარაუდოდ, ამ კანდიდატს მივცემ ხმას“.

ლამარა, 64 წლის: „სასურველია, თბილისის მერი იყოს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც უფიქრია ჩვენი ქალაქის პრობლემებზე. ასეთ კანდიდატად მიმაჩნია ელენე ხოშტარია, რადგან ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს ჩვენი რაიონის მიმართ და ვფიქრობ, მერად არჩევის შემდეგაც იმავეს გააგრძელებს, აასრულებს იმ დაპირებებს, რომელიც ჩვენთან მოსვლის დროს გავუზიარეთ“.

სოფიო, 42 წლის დიასახლისი: „როგორც სოციალურად დაუცველს, მთავარ პრობლემად ის მიმაჩნია, რომ სოციალურად დაუცველებს უდიერად ეპყრობიან. ბევრი ცუდი ამბავი გადამხდა, უსამართლოდ გასცემენ დახმარებებს და ის ადამიანი, რომელიც მართლა იმსახურებს სახელმწიფოსგან დახმარებას, რჩება დახმარების გარეშე. ვფიქრობ, ამ პრობლემას მოაგვარებს კახა კალაძე, მას ვაძლევ ხმას, რადგან ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც იმედი არ გაუცრუებია საზოგადოებისთვის“.

ნანი, 62 წლის: „თბილისის მერობის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი კახა კალაძეა. ბევრი საქმით დაამტკიცა უკვე, რომ შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს ეს საქმე. მისი მჯერა და ვფიქრობ, აუცილებლად გახდება თბილისის მერი“.

თამაზი, 74 წლის პენსიონერი: ,,ძალიან გამიხარდება, თუ ირმა ინაშვილი გადაწყვეტს ამ თანამდებობისთვის ბრძოლას. მებრძოლი გოგოა. უსამართლობას ყოველთვის აღუდგებოდა ხოლმე წინ და ბევრი პრობლემა, რომელზეც სხვა არ ლაპარაკობდა, სააშკარაოზე გამოჰქონდა. ვფიქრობ, ირმა ინაშვილი თბილისის მერი უნდა გახდეს და იმედი მაქვს, ასე ბევრი თბილისელი ფიქრობს”.

ახალი თაობა“, 18 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „აფხაზებთან 25-წლიანმა ლაქუცმა შედეგი არ მოგვიტანა” // „ოსები უფრო ერთგულნი არიან ქართველების, ვიდრე აფხაზები

საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტებსა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობს.

- ბატონო თორნიკე, აფხაზები გალში მცხოვრებ ქართველებს აიძულებენ, აფხაზური პასპორტი აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უნდა დატოვონ საკუთარი სახლები. აფხაზების ეს ახალი პოლიტიკა რაზე მიანიშნებს?

- არ არის ეს ახალი პოლიტიკა. ბოლო პერიოდში აფხაზები რუსეთმა აშკარად შეავიწროვა და ამის არაერთი ნიშანი სახეზეა. მაგალითად, რუსეთში უფრო და უფრო ხშირად გამანადგურებელი სტატიები იბეჭდება იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში ძალიან ცუდი ვითარებაა, რომ ყოველდღე რუს ტურისტებს საფრთხეები ექმნებათ. აფხაზებს რუსებთან სერიოზული პრობლემები აქვთ. როგორც ჩანს, გაბრაზებულები ცდილობენ, ამ გადაწყვეტილებით ჯავრი იყარონ. ამ ფონზე კი ყველა გადაწყვეტილება, რომლებსაც საქართველოს ყველა ხელისუფლება იღებდა და იღებს, არის აფხაზებთან ენის მოჩლექით საუბარი, მუდმივი მობოდიშება, მაშინ როდესაც აფხაზებმა 80-იანი წლების ბოლოდან და კიდევ უფრო ადრე ქართველებთან თვითონ გაამწვავეს სიტუაცია. მიუხედავად იმ დათმობებისა, რომლებიც მათ მიიღეს, თვითონ მოდიოდნენ პროვოცირებაზე, რომ ომი მომხდარიყო, მერე ეთნოწმენდა მოაწყვეს. აფხაზებს ქართველები ეზიზღებათ. ამას არც მალავენ, ამიტომ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს აქვს აფხაზებთან, გაუგებარი და მიუღებელია. ოსები კი საერთოდ არ გვახსოვს, რომლებსაც აფხაზებთან შედარებით არაფერი დაუშავებიათ.

აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ქართველები აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედმეტნი იყვნენ. გალზეც აქვთ პრეტენზიები. მათ თავხედობას საზღვარი არ აქვს. ოდესღაც ხომ უნდა შეიცვალოს პოლიტიკა, მიდგომა.

- თქვენ ამბობთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სხვა პოლიტიკა უნდა გაატაროს აფხაზებთან და სრულიად განსხვავებული - ოსებთან?

- სამართლებრივად ეს რთულია, რადგან ორივე ჩვენი ტერიტორიაა, იქ მცხოვრები მოქალაქეებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ორივე კონფლიქტს აბსოლუტურად განსხვავებული ისტორია აქვს. აფხაზებს ზვიად გამსახურდიამ კვოტა – პარლამენტში უმრავლესობა მისცა თავიანთ ტერიტორიაზე. ოსებთან კი ჩვენ ისე არ მოვიქეცით, როგორც საჭირო იყო და ეს ჩვენი ბრალიც არის. ძალიან ავჩქარდით, ზედმეტი სიფიცხე გამოვიჩინეთ და არაფერი შევარჩინეთ. მიუხედავად ამისა, ოსებმა ეს ყველაფერი მაინც დაივიწყეს და მზად იყვნენ შერიგებისთვის. ეს ფაქტია.

- ადამიანური ურთიერთობები აღდგა, ერგნეთის ბაზრობასაც თუ გავიხსენებთ…

- დიახ. აბსოლუტურად თავისუფალი მოძრაობა იყო როკის გვირაბის გავლით. ჩვენი მოქალაქეები გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ. ამის პრობლემა არ იყო. ამ კონფლიქტის მოგვარება ნამდვილად შეიძლებოდა, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ დავუშვით შეცდომები. ყოვლისშემძლე არ არის რუსეთი, ისევე, როგორც ყოვლისშემძლე არ არის ამერიკა. ეს დამოკიდებულება ძალიან ჰგავს რუსეთის დამოკიდებულებას ამერიკის მიმართ – რაც არ უნდა მოხდეს, ამერიკის ბრალია. ეს შიზოფრენიაა და ამ შიზოფრენიიდან ოდესღაც უნდა გამოვიდეთ. ჩვენს შეცდომებს როდესაც დავინახავთ, რუსეთს ნუ დავაბრალებთ.

ოსები უფრო ერთგულნი იყვნენ ქართველებთან და, როდესაც „აფხაზ ძმებს“ ვიტყვით, იქვე „ოსი ძმები“ ვახსენოთ. რატომ უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი პრივილეგიები აფხაზებს და არა, მაგალითად, გალელ ქართველებს?! თუნდაც ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით, რა დააშავეს გალელმა ქართველებმა?! ჩვენ თვითონ ვჩაგრავთ გალელებს?! არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება. ეს არის სერიოზული პრობლემა. პუტინი ბიჭვინთაში რომ იყო ახლახან ჩასული, ხაჯიმბას დაჰპირდა, რომ აფხაზი მოქალაქეები რუსული ჯანდაცვის სისტემით ისარგებლებენ. როგორც ჩანს, რუსებს არ მოსწონთ, აფხაზები ქართული ჯანდაცვის სისტემით რომ სარგებლობენ, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ, რომ ამან მოიტანა ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდა. აფხაზებს ომში გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვთ და ჯანდაცვით ვერ დავაბრუნებთ.

- ვერც ვიზალიბერალიზაციით?

- არც უნდათ ჩასვლა, რუსული ტელეარხები აქვთ ჩართული და იქ ევროპის ანტიპროპაგანდა მიმდინარეობს.  25 წელია, აფხაზებთან ლაქუცის პოლიტიკამ შედეგი არ მოგვიტანა. ეს ფაქტია. აფხაზები კი გადმოდიან, აქ მკურნალობენ და ალბათ მოსწონთ კიდეც აქაურობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, ჩვენთან იყვნენ. აშკარაა, სიტუაცია ადგილიდან არ იძვრის. თვალი უნდა აგვეხილოს და ეს მიდგომა შეიცვალოს. მთელი მე-20 საუკუნე აფხაზები ქართველების განდევნას ელოდებოდნენ. ამას არც მალავდნენ არასდროს. ეს რეალობა თუ არ გავითვალისწინეთ და ვიძახეთ, აფხაზები ძმები არიან და რუსებმა შეაცდინესო, ეს სერიოზული არ იქნება.

- შესაძლებელია, ახალი ეთნოწმენდის წინაშე აღმოვჩნდეთ და გალიდან გამოდევნონ იქ დარჩენილი ქართველები?

- გალელმა ქართველებმა იმდენ რამეს გაუძლეს, რომ ამასაც გადაიტანენ, მაგრამ, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ვერცერთი ჩვენი ხელისუფლება რეალურად ვერ ახერხებს, გალში მცხოვრებ ქართველებს დაეხმაროს. თუმცა, ერთი რაღაც შეიძლება გაკეთდეს: ჩვენი სპეცსამსახურები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ. წინა ხელისუფლებას თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ მაშინ თუ ვინმე გალში მცხოვრებ ქართველს რამეს დაუშავებდა, ქართველი სპეცსამსახურები ამას ძალიან ანანებდნენ. ახლა აფხაზები ძალიან გათავხედდნენ, რადგან იციან, რომ პასუხს არავინ მოსთხოვს.

- წინა ხელისუფლების დროს ჩვენი სპეცსამსახურები გალში აქტიურად მუშაობდნენ?

- დიახ, აფხაზეთის ტერიტორიაზე და აფხაზებს ძალიან ეშინოდათ ამის. თუ ქართველებს რამეს გაუბედავდნენ, იცოდნენ, რომ ამას შურისძიება მოჰყვებოდა, როგორც ეს ხდება ყველგან და როგორც მუშაობს სპეცსამსახური თუნდაც ისრაელში.

Comments are closed