globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 18th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: რა ხდება სახელმწიფოში, შეთქმულებაა? // ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: “ხელისუფლებაში არსებობენ ძალები, ვინც საბოტაჟით არიან დაკავებული… პრემიერი არის მარტო და საქმე გვაქვს ტოტალურ საბოტაჟთან“

რეზონანსი: გიგი უგულავას საქმე და მისი შესაძლო პოლიტიკური შედეგები

რეზონანსი: ინტერვიუ მინდია უგრეხელიძესთან: “ქართულმა მართლმსაჯულებამ თავი შარში გაყო… დოკუმენტი, რომელსაც ერთი მოსამართლის ხელმოწერა აკლია, იურიდიული ძალის მქონე ვერ იქნება“

რეზონანსი: ცხინვალში ისევ რუსეთთან შეერთებაზე ალაპარაკდნენ

———————-

„ალია“, 18 სექტემბერი, 2015 წელი

რა ხდება სახელმწიფოში, შეთქმულებაა?

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: “ხელისუფლებაში არსებობენ ძალები, ვინც საბოტაჟით არიან დაკავებული… პრემიერი არის მარტო და საქმე გვაქვს ტოტალურ საბოტაჟთან“

ნინო სამხარაძე

აპოკალიფსური სურათის დახატვის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ჩვენი ვალია, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ის, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება, აჩენს ეჭვს, რომ სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, ხელიდან გვეცლება: ლარის უკიდურესი გაუფასურება, რასაც დასასრული არ უჩანს, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერების მხრიდან თეთრი ბაირაღების გადმოფენა, საკვანძო პოსტებზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე სუბიექტები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, „ნაციონალების“ ხელდასხმული გიორგი პაპუაშვილი, რომელმაც დაჩქარებული წესით გიგი უგულავას სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ზურაბ ადეიშვილის მორჩილი პროკურატურა, რომელმაც 15 თვის მანძილზე დედაქალაქის ყოფილ მერს დანაშაული ვერ დაუმტკიცა, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის დასრულების შემდეგ პატიმრობაში უკანონოდ დატოვება შეტენილი აქვს ამ ხელისუფლებას…

ოქტომბრის ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას, სადაც საუბარი იქნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკანონო პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ახალაია-მერაბიშვილის სახით და დაირღვა წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა გიგიუგულავას პატიმრობის შემთხვევაში. ეს ყველაფერი უდრის საზოგადოების აგრესიას, კიდევ ერთხელ დიდი უსამართლობის გაჩენას, რაც მთავარია, იმედის გარდაცვალებას…

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თვითდამხობის გზა აირჩია, რადგან ის მოუმზადებელი აღმოჩნდა გამოწვევებისთვის, ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და რას ნიშნავს სახელმწიფო მოხელე, არ იციან. არ იციან, რა არის თავად სახელმწიფო, სადამდე მივა ეს ბაკქანალია და ვისი პასუხისმგებლო ბის საკითხი დადგება, ეს არის მნიშვნელოვანი. ამ ვითარებაში მინიმუმ მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს. ჩვენ უკვე მეორე პრეცედენტის წინაშე ვდგავართ, როცა ირღვევა  წინასწარი პატიმრობის ვადები, პირველი – ეს გახლდათ ე.წ. კაბელების საქმე, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა. კაბელების საქმის მონაწილეები განთავისუფლდნენ და რამდენიმე მათგანი თინა ხიდაშელმა თავდაცვის უწყებაში აღადგინა, თუმცა მათზე საქმე ჯერ არ დასრულებუ ლა. უკვე ცალსახაა, რომ პროკურატურას ან მტკიცებულებები არ აქვს, ან საქმეს თავს ვერ აბამს, სხვა შემთხვევაში ეს საქმე ასე არ ჩაივლიდა, მაგრამ რა ხდება გიგი უგულავას შემთხვევაში? ნუთუ 9 წლის მანძილზე გვეძინა, ცუდ სიზ მარში ვიყავი და იქ ვნახულობდით თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხის თავზე ლაფისდასხმის ხელოვნებას. რომელი ერთიღა ჩამოვთვალოთ… გიგი უგულავა ჩართული იყო კორუფციაში და ამას ჩვენ კი არ ვიგონებდით, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი დოკუმენტებით გვაწვდიდა მასალებს, თუ სად, რამდენი წილი ჰქონდა უგულავას. როგორ ფლანგავდა სტრიპტიზკ ლუბებში, ლას-ვეგასში ბიუჯეტის ფულს. ნუთუ გვესიზმრა, რომ ქართველი ფეხბურთელის, რატიალექსიძითვის „ახეული“ „ბეემვეს“ ჯიპით დადიოდა გიგი უგულავას ოჯახის წევრი. დღემდე აუხსნელია, რა უნდოდა დედაქალაქის მერს აგვისტოს ომის ეპიცენტრში, არავის დაუკითხავს იმ ცნობილ სკანდალზე, როცა მან ვაკის ყოფილი გამგებლის ცოლისდას ვაკეში შუშის სახლი დაულეწა და თანამზრახველებთან ერთად „პიქსელის“ შენობა წამოჭიმა.

ნუთუ მოგვეჩვენა, რომ თაბუკაშვილზე მრავალსართულიანი სახლი ვინმე სხვამ დაანგრია. იქნებ, ჩვენ ვაბრალებთ 2007 წლის 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს და სულაც არ წაურთმევიათ ტელეარხი „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილისთვის…

რა ხდება სახელმწიფოში, შეთქმულებაა?!. გიგი უგულავა უკვე თავისუფალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, „ნაციონალების“ დუეტი ციხეს რომ დატოვებს, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოვა და იტყვის, ამ ხალხის დაჭერა საზოგადოებამ დაგვიკვეთაო, ისევე, როგორც ჩვენს დაკვეთად გააფორმა „ნაციონალებთან“ კოჰაბიტაცია…

და ამ ფრაზების ადრესატი იქნება დასავლეთი – ევროსაბჭო, სადაც ძლიერადაა წარმოდგენილი „ევროპის სახალხო პარტია“ „ნაცმოძრაობის“ სულიერი საძმო, რომელთაც „ნაციონალების“ ლობისტებთან ერთად ჩვენს ხარჯზე კვებავდნენ და მილიონებს უგზავნიდნენ. დახარჯულმა ფულმა შედეგი გამოიღო.

პრობლემა, რომელიც დიდი ფულით გვარდება, ის უკვე პრობლემა აღარ არის და ამ ლოგიკით, „ნაციონალებს“ პრობლემა არ აქვთ, პრობლემა აქვს ხელისუფლებას… როგორ გადაწყვეტს ხელისუფლება დიდ გამოწვევებს?

ექსპერტი მამუკა არეშიძე „ალიას“ კითხვებს პასუხობს:

- ხელისუფლება არსებული პრობლემების მიმართ არაადეკვატურია, იყო მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი 15 სექტემბერს კომენტარს გააკეთებდა, მაგრამ ეს აღმოჩნდა ერთადერთი შემთხვევა, როცა ქუთაისში მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის გასვენებაზე ექსპრემიერმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. რას ნიშნავს მისი დუმილი?

- საინტერესო შეკითხვაა, მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რამ, როგორც ვვარაუდობდი, სექტემბერი იქნებოდა გარკვეული აქტივობის დასაწყისი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები სთვის და ზოგიერთი ისეთი ჯგუფებისთვის, რომლებიც ერთი შეხედვით დისტანცირებულნი არიან პოლიტიკისგან, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე დგანან. ასეც მოხდა და ამ ყველაფრისთვის დღევანდელი ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარეა ყველა ის პასიურობა, რისი მომსწრენიც ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ვართ. თან უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეტევა ფრონტალურია, ეს არ ხდება მხოლოდ ერთი მიმართულებით, რამდენიმე ამბავს ერთ დროულად აგდებენ მედიასივრცეში, აქედან ერთი თემაა პრიორიტეტული, დანარჩენი – პერიფერიული. იგრძნობა უმაღლესი პილოტაჟის პიარტექნოლოგების ხელი, საქმე გვაქვს მოზაიკურ პიარტექნოლოგიასთან, ეს არის უაღრესად სერიოზული ტექნოლოგია და როგორც ჩანს, სერიოზული ხალხი მუშაობს ამაზე.

- და ამასობაში, რა ხდება ხე ლისუფლების კულუარებში?

- ხელისუფლების ერთი ნაწილი ჩინეთში ვიზიტის დროს მიღწეული წარმატებებით ეიფორიაშია, მეორე ნაწილი არის თავის საქმით დაკავებული და ცდილობს, პასუხისმგებლობისგან იყოს აცილებული, საპარლამენტო უმრავლესობა დაკავებულია 2016 წლის არჩევნების ციებ-ცხელებით და იმით, რომ პარტია „ქართული ოცნების“ მშენებლობა იწყება დღე-დღეზე, ყველა ცდილობს, იქ თავისი ადგილი დაიმკვიდროს, სამწუხაროდ, ქვეყანაში განვითარებული პრობლემები მეორე პლანზეა გადასული და მთავარია ის, რაც უკვე გითხარით, რომ ხელისუფლება ამ გამოწვევებისა და პრობლემისთვის მზად არ აღმოჩნდა იმდენად, რომ გიგი უგულავას საქმეზე კოალიციის ზოგი ერთი წევრი ცოტა უცნაურად იქცეოდა, ვგულისხმობ ზოგიერთი „რესპუბლიკელის“ განცხადებას, ვგულისხმობ, ასევე, საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის იმ განცხადებებსაც, რომლებიც ადრე ხელისუფლების მიმართ სიმპათიით გამოირჩეოდნენ.

წლების მანძილზე ჩვენ სწორედ ამას ვუკიჟინებდით ხელისუფლებას, რომ არ არსებობს სისტემა, მათ შორის კონტრღონისძიებების სისტემა და მეორე – დასწრებაზე თამაშის. ესეც პიარტექნოლოგიის ნაწილია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ პიარტექნოლოგიის ხელოვნებას ხელისუფლება ვერ ფლობს და ვერც ის პიარჯგუფები, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ, ვისაც ამდენ ფულს უხდიან. მოკლედ, სამარცხვინო სურათი შეიქმნა.

რაც შეეხება უგულავას საკითხს, ეს პარადოქსულია, მხარეები ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის დაესწროთ. იმას, რომ პროცესი ორივე მხრიდან პოლიტიზებული იყო, წყალი არ გაუვა. ისე გულმოდგინედ ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის დაესწროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გია პაპუაშვილი გადაწყვეტილების ტექსტს ისე სწრაფად კითხულობდა, აზრს ვერ გამოიტანდი. პაპუაშვილის დიქცია ისედაც დახვეწას მოითხოვს, მაგრამ ახლა საერთოდ ვეღარაფერს მოისმენდი, იმდენად ჩქარა კითხულობდა. პაპუაშვილი გამოხატავდა იმ განწყობას, რა განწყობაც აქვს ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“, ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის შანსი აღარ და ეტოვებინათ და საქმისთვის დაესწროთ. ასევე, ჩქარობდა ხელისუფლება, მაგრამ მათ ნაჩქარევად გააკეთეს ყველაფერი. სამწუხაროდ, უხეშად და არაპროფესიონალურად. შედეგიც მიიღეს ის, რაც მიიღეს. ახლა დასავლეთისგან იქნება ზეწოლა, რომ გიგი უგულავა იყო უკანონო პატიმარი და მის შემთხვევაში დაირღვა წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა. ჩვენ ვნახავთ, რომ ამოტივტივდება კომპრომატები გიგი უგულავას წინააღმდეგ და იქნება გაუთავებელი ჭიდილი. „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაახლოებული ნაწილი გიგი უგულავას გან გააკეთებს რევოლუციის ჩირაღდანს, რადგან ბევრი ადამიანის თვალში ის გახდება უკანონო პატიმარი, რომელიც ვადაზე მეტხანს ამყოფეს ციხეში. თუმცა ჩემთვის ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, გზადაგზა ორივე მხარე ისე უხეშად არღვევს კანონს, რომ იქ რომელიმე მხარის მხრიდან კანონიერებაზე ლაპარაკი უკვე სასაცილო ხდება. მაგალითად, საზოგადოება სვამს კითხვას, – აქვს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის უფლება ისე რომ, ყველა მოსამართლემ არ მოაწერა ხელი. სადღაც ყრუდ ისმის, რომ თითქოს – არა… საბოლოო ჯამში, ვერაფერი გავიგეთ, თუ არა აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი გამოიტანოს ისე, რომ მასზე ყველა მოსამართლე ხელს არ მოეწერს, მაშინ რა გამოდის?.. გარდა ამისა, აქვს თუ არა უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიეჭრას მოსამართლეს საავადმყოფოში და მოითხოვოს მისგან ხელმოწერა?..

- რასაც მთელი 9 წლის მანძილზე აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ იმ ხელწერით მოქმედებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პაპუაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და წარმომადგენელი და რატომ გვიკვირს ის, რაც დღეს ხდება?.. გასაკვირი ის არის, რომ ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემურ დანაშაულში არ ამხილა და არ გაწმინდა სახელმწიფო ინსტიტუტები მათგან.

- „ნაციონალურ მოძრაობისგან“ პაპუაშვილს არ ვმიჯნავ, ამას ვამბობ ზუსტად, ისეთივე დარღვევებით მოქმედებს, რომ ლაპარაკი იმის თაობაზე, რა არის კანონიერი და რა უკანონო, უკვე აზრს კარგავს. მეორე მხარეც დამნაშავეა, 15 თვის განმავლობაში ადამიანს დანაშაულს რომ ვერ დაუმტკიცებ მაშინ, როცა საზოგადოებამ იცის, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულების მსხვერპლი თავად არიან, იურიდიულად ამას რომ ვერ დაუმტკიცებ, რასაკვირველია, მეორე მხრი დანაც დარღვეულია კანონი.

- ალბათ, არა აქვთ სურვილი, რომ დაუმტკიცონ და არც უმტკიცებენ…

- სწორედ ესაა საქმე. თუ არ გაქვს სურვილი, მაშინ დაანებე თავი ამ საქმეს და წადი. თქვენი გაზეთის საშუალებით ამდენი ხნის განმავლობაში სწორედ ამას ვამბობდი, რომ ხელისუფლებაში არიან, ერთი მხრივ, არაპროფესიონალები და მეორე მხრივ, საბოტაჟით დაკავებულნი, ყურს არავინ იბარტყუნებდა, შედეგიც მივიღეთ.ამ თვალსაზრისით უგულავას საქმე არის ლაკმუსის ქაღალდი.

- ვკარგავთ თუ არა სახელმწიფოს ნიშნებს? ჩვენ მიერ დაქირავებული ხელისუფლება სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს, იგრძნობა, რომ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ.

_ რასაც თქვენ მეკითხებით, ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის კითხვათა კითხვა. თქვენს კითხვაში იყო სწორი აქცენტი – ვკარგავთ თუ არა სახელმწიფოს ნიშნებს? საქმე ისაა, რომ ზუსტად აქეთკენ მივდივართ, უბედურება ისაა, რომ ჩვენ მეათეხარისხოვან ამბებს ვანიჭებთ პრიორიტეტს და იკარგება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თემები. პრიორიტეტული საკითხები ხშირ შემთხვევაში გადადის მეათე პლანზე. დაკავებულები ვართ მეათეხარისხოვანი თემებით. ამბიცია, პირადი, ოჯახის მდგომარეობა – ეს არის დომინანტი და მეორეხარისხოვანია სახელმწიფოს ბედი და სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვართ უკვე 25 წელია, ჩვენს სახელმწიფოს დასავლელი პარტნიორის თვალში აქვს იმიჯი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ქვეყნისა. ვისაც ხელეწიფება, რომ ქვეყანას მიხედოს, იმას აღარ აქვს სურვილი, იდაყვებით იბრძოლოს, ამიტომ ასეთი ადამიანები გვერდიდან მაყურებლის როლით კმაყოფილდებიან და მაქსიმუმ, რის უფლებასაც თავის თავს აძლევენ, ეს არის ირონიული ღიმილი.

- ირაკლი ალასანია, პრეზიდენტი მარგველაშვილი, „რესპუბლიკური პარტია“ კონსოლიდირებულნი იყვნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ გიგი უგულავას და ამბობდნენ, რომ ის პოლიტპატიმარია და უნდა განთავისუფლდესო. ამდენი პოლიტიკური ნაძირალა, მოღალატე და პირფერი რომ შემოიკრიბა ივანიშვილმა, დღეს ის ვერ ხვდება, რომ პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარება ზე მხოლოდ მას ეკისრება?.. ან თავის დროზე რას ფიქრობდა, როცა ამ პოლიტიკურ გარეწრებს გვერდით იყენებდა? თუ ივანიშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდება და სიტუაციას არ დაალაგებს, მას ხომ გასაქცევად გაუხდება საქმე? ისევ საკუთარი კოალიციის წევრები დაესევიან აფთრებივით…

- ის ან პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, ან ქვეყნიდან უნდა წავიდეს. სიტუაცია რომ შემოატრიალოს, აუცილებელია რადიკალურ ცვლილებებს მიჰყოს ხელი, არჩევნებისროს იყო დაშვებული შეცდომა, როცა კადრები შეირჩა პირადი ერთგულების მიზნით და არა პროფესიონალიზმით. მაგრამ მაშინ ფორსმაჟორი იყო და ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდით. რა განცხადებაც გააკეთა ირაკლი ალასანიამ და სხვებმა, დარწმუნებული ვარ, ეს არის საგარეო მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადებები, იმიტომ, რომ ძალიან კარგად მახსოვს, ვინ რას ლაპარაკობდა უგულავაზე და მისი ცხოვრების წესზე და რა დანაშაულებში სდებდნენ მას ბრალს. შემდეგ უკვე ყველა დაკავებული იყო კონსტიტუციის გადაკეთება-გადმოკეთებით. სინამდვილეში ყველას ფეხებზე ეკიდა კონსტიტუცია, როცა წინა ხელისუფლება კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებდა, მაშინ ხმა არავის ამოუღია და ახლა გადაირია სუყველა. უბედურება ის არის, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს საქართველოში პოლიტიკის კეთებას და არა საქმის აუცილებლობიდან გამომდინარე სიტუაცია.

- ფიქრობთ თუ არა, რომ კრიზისი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდანაც იქმნება ხელოვნურად?..

- რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საბოტაჟი გასაკვირი არაა, სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ ხელისუფლებაში არსებობენ ძალები, ვინც საბოტაჟით არიან დაკავებული… პრემიერი არის მარტო და საქმე გვაქვს ტოტალურ საბოტაჟთან.

რეზონანსი“, 18 სექტემბერი, 2015 წელი

გიგი უგულავას საქმე და მისი შესაძლო პოლიტიკური შედეგები

ეკატერინე ბასილაია

წინასაარჩევნო აქტიურობის პირველი ნაბიჯები “ქართული ოცნების” მარცხით და “ნაციონალების” ზეიმით დაიწყო. “ნაციონალებმა” ამ ხელისუფლების დამთავრებას უკვე წამმომი ჩაურთეს, “ოცნების” მხარდამჭერებში კი დაბნეულობა და შეშფოთება მატულობს.

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებამ ამ ორ დაპირისპირებულ ბანაკში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ანალიტიკოსებმა კი უკვე დაიწყებს იმაზე მსჯელობა, რომ “ქართული ოცნების” ისედაც შერყეული რეიტინგისათვის უგულავას თავისუფლება დიდი დარტყმაა, “ოცნება” სუსტის, “ნაციონალები” კი ძლიერის იმიჯს იმყარებენ და რომ 2016 წლისათვის, შესაძლოა, მმართველმა კოალიციამ ცალსახა უმრავლესობით მოსვლა ვერ შეძლოს.

პოლიტოლიგისა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” სამართლიანობის სახელით გადადგმული მისივე ნაბიჯის ნორმალურად დასრულება ვერ მოახეხა და დღეს უგულავა უკანონო პატიმრად შეირაცხა, ეს უპირველესად “ოცნების” სისუსტესა და მარცხზე მიანიშნებს და, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა” ამას ზეიმობს. მისივე თქმით, ამით “ნაციონალებს” მხარდამჭერები დიდად არა, მაგრამ ცოტათი მაინც მოემატებათ, “ოცნებას” კი აუცილებლად დააკლდება. უნდა ველოდოთ, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს ტენდენცია ექნება, სხვა პარტია მოძებნოს, ისეთი, რომელიც “ოცნებაზე” უფრო მეტად ძლიერის შთაბეჭდილებას ტოვებს და მომავალ პარლამენტში კოალიციური მთავრობა მივიღოთ.

რამაზ საყვარელიძე:რაც დღეს ხდება, “ნაციონალებს” ძალიან უხარიათ, მაგრამ ამ ნაბიჯებმა შესაძლოა, შედეგი არა მათ, არამედ მესამე ძალას მოუტანოს. “ან “ნაციონალები” ან “ოცნება” – ასე ალტერნატივა არ დგას. სხვა პარტიებიც არსებობენ და ახლა ხალხი დაიწყებს სხვებში ისეთის ძებნას, რომელზეც ფსონის დადება უპრიანია. ყველა ქვეყანაში ე.წ. შუაშისტები, ისეთები რომლებიც ნიავის დაბერვას უყურებენ და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას, უფრო მეტნი არიან, ვიდრე რომელიმე პარტიის უპირობო მომხრეები. ამ ე.წ. შუაშისტების ერთ-ერთი დიდი ჯგუფისათვის მიუღებელია ბურჯანაძე-ინაშვილის თუ ივანიშვილისეული პოლიტიკური ძალა, რადგან ლაპარაკია იმაზე, რომ მათ უკან რუსეთი დგას. თუმცა, არის კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც რუსული ორიენტაცია აქვს.”

“საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის” თანათავმჯდომარის ხათუნა ლაგაზიძის თქმით, უგულავას გამოშვებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ის “ნაციონალური რევანშისაგან” კვლავ დაუცველია. საზოგადოებაში რომ დაუცველობის განცდა გაჩნდება, ეს ამ ხელისუფლებისთვის გარდამტეხი დარტყმაა და ლაგაზიძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება თვითგანადგურების რეჟიმში გადავიდა. მისი შეფასებით, მარტო ბოლო ორი კვირის მანძილზე მომხდარი პროცესები რომ ჩამოვთვალოთ – ზოგიერთ არხზე პოლიტიკური თოკ-შოუების დახურვა, რამაც საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ მიმდინარე პროცესებში პირდაპირ თუ ირიბად ხელისუფლების ხელი ურევია და ეს კი ხელისუფლების მთავარ მონაპოვარს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას აყენებს უმძიმეს დარტყმას; ასევე ლარის კატასტროფული გაუფასურება, სადაც შესაძლოა გარე ფაქტორებზე ვისაუბროთ, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი ხელისუფლებაა; პლუს დენის გაძვირებული ტარიფი, ყურძნის დაბალი ფასი და უგულავას ციხიდან გამოსვლა – ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების ერთგვარი განაჩენია და ჩნდება შეკითხვა – რა იქნება შემდეგ?

ხათუნა ლაგაზიძე:საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ხელისუფლების, როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპით მოღვაწე ხელისუფლების იმიჯზე უდიდესი დარტყმაა, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება აღიარებს იმას, რომ კანონისგან გადახვევით 9-თვიანი ვადის ზემოთ საქართველოში ადამიანები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ეს ყველაფერი ამ ხელისუფლებისთვის გამანადგურებელია. ხელისუფლებამ მედიასთან მიმართებაში კითხვები გააჩინა, ეკონომიკური და ფინანსური კუთხით რა მდგომარეობაცაა, ვხედავთ და მესამე – უგულავას გამოშვებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ის “ნაციონალური რევანშისაგან” კვლავ დაუცველია. ეს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა და ხალხს სამართლიანობის აღდგენის იმედი უკვე არათუ საერთოდ ეწურება, არამედ უგულავას გათავისუფლებით დიდი ნაწილი შეურაცხყოფილიცაა. თუმცა, გაცილებით მტკივნეული იქნება ის პროცესები, რომელიც მალე ელიტაში დაიწყება. შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში ხელისუფლება შიგნიდან გამოირღვა, როდესაც ჩინოვნიკები პარტყაპურტყით “ნაციონალების” მხარეს გადადიოდნენ და დღესაც ამის რეალური საშიშროება ჩნდება.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, “ოცნება” უმრავლესობით პარლამენტში ვერ მოვა, რადგან მარტო სამართლიანობის ვერაღდგენის გამო იმედგაცრუება არ არის, არამედ ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან გამოძრომის გზა არ ჩანს.

პოლიტოლოგი ხელისუფლებას ურჩევს, სოციალური ქსელებისათვის გადაეხედა, სადაც ძალიან საშიშ ტენდენციას ნახავს – ნახავს, რომ ეს ხელისუფლება “ნაციონალური რევანშისაგან” დამცველად არავის ესახება. მეორე, ის, რომ “ოცნების” მხარდამჭერთა რიცხვი მაქსიმალურად შემცირებულია და გადამრბენების რაოდენობა იზრდება.

ხათუნა ლაგაზიძე:ეს გამარჯვებები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლობას და შანსებს პარლამენტში მნიშვნელოვნად გაზრდის. მართალია ისინი უმრავლესობით ვერ მოვლენ, მაგრამ გუშინდელის შემდეგ რომ შანსები გაეზარდათ, ეს რასაკვირველია ასეა.

ნაციონალებმა” ამ ხელისუფლების დამთავრებას უკვე წამმზომი ჩაურთეს. არჩევნების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერის, გამარჯვებულის იმიჯს. ეს ყველაფერი “ნაციონალების” მობილიზების ხარისხს ზრდის, ამ დროს “ოცნების” ისედაც შემცირებულ მხარდამჭერებში შეშფოთება მატულობს, დასავლეთს კი იმ კრიტიკის ხელჩასაჭიდ საფუძველს აძლევს, რომელსაც ჩვენ ბოლო ორი წელია ვისმენთ. ეს არის სწორედ ძალიან ცუდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლებას ყველა მიმართულებით წელში ურტყმას.

ხელისუფლება პრობლემებს თავად ქმნის და შემდეგ გამოსავალს ვერ ნახულობს, ამ დროს კი საზოგადოებას მისი ალტერნატივა არ ჰყავს. აბსოლუტური ვაკუუმია და ეს ძალიან საშიშია. საზოგადოებას პოლიტიკაში ძალა არ ეგულება, რომელიც სოციალური აფეთქების ან პროცესების არამშვიდობიანი გზით განვითარების შემთხვევაში ხელისუფლების ხელში აღებას და შენარჩუნებას შეძლებს. არც ერთ ძალას არ აქვს იმხელა მხარდაჭერის რესურსი, რომ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლოს. “ნაციონალების” მოსვლის შემთხვევაში ხალხის ერთი ნაწილს შიში იძულებულს გახდის, რომ თავგანწირულ მოქმედებებზე წავიდეს”.

რამაზ საყვარელიძის თქმით, საერთოდ პოლიტიკურ პიარში ცნობილია, რომ ამომრჩეველი პოლიტიკოსს არა იმდენად მოსაზრებების მიხედვით, არამედ ძალის მიხედვით ირჩევს. შესაბამისად, პოლიტიკაში პატიოსანი სუსტი ნაკლებად პოლულარული იქნება, ვიდრე ბოროტი ძლიერი. რეალურად ვინ როგორ არის ძლიერი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რა წარმოდგენაა მის სიძლიერესა თუ სისუსტეზე.

რამაზ საყვარელიძე:ამიტომ საკუთარი სიძლიერის იმიჯის ასე ადვილად გაწირვა, როგორც ეს ამ ხნის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეს კი პირველივე დღიდან დაიწყო, როდესაც სამართლიანობის აღდგენა აღმოჩნდა პრობლემა, როდესაც პროკურორების კონტროლი აღმოჩნდა პრობლემა, ახლა ლარის კურსია პრობლემა.შთაბეჭდლებაა, რომ ყველგან პრობლემაა, ამ შთაბეჭდილების გამქარწყლებელი პიარი კი არ კეთდება. ის კი არა, რამდენიმეჯერ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმაც თქვეს, პიარი ჩვენი სუსტი ადგილიაო. თუკი პიარი სუსტი ადგილია, მაშინ პოლიტიკაში რა გინდა?! როგორ შეიძლება სუსტი პიარი გქონდეს და სასწრაფოდ მის გაძლიერებას არ ეცადო?! საკუთარი უძლურების გასამართლებლად მომიზეზება ერთ-ერთი არასწორი გზაა პოლიტიკაში,” – ამბობს საყვარელიძე, თუმცა, იქვე იმასაც განმარტავს, რომ დღეს გაძლიერებულ, “ოცნებაზე” ბევრჯერ გამარჯვებულ “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერს თუ არა ხალხი მხარს, ესეც იმაზეა დამოკიდებული, მათი მმართველობის პერიოდი რამდენად და როგორ ახსოვს ხალხს.

ვეფხვი თუ სხვა აგრესიული ცხოველი, როცა უყურებ, მოგწონს, მაგრამ მასთან ერთად ოთახში ყოფნა არ გინდა. ანუ, ძლიერი პოლიტიკოსი მინდა, თუკი გარანტია მექნება, რომ ის დამიცავს, მაგრამ თუკი იგივე პოლიტიკოსი ჩემთვის სახიფათო გახდება, თავს მოვარიდებ და ისევ სუსტი მირჩევნია. მთავარი ისაა, ხალხს “ნაციონალების” მმართველობის პერიოდი რამდენად და მმართველობის რა მხარე ახსოვს – ზოგს განათებული ქუჩები ეხსომება, ზოგს – ციხე. ამიტომაც, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებას რამდენად და როგორ გაახსენებს “ნაციონალების” მოღვაწეობის ცუდ მხარეს.

თუმცა, მმართველ ძალას “ნაციონალების” დისკრედიტაციის შემთხვევაშიც აქვს საფრთხილო. ამ ხერხმა შესაძლოა ხმები “ნაციონალებიდან” განდევნოს, მაგრამ არც “ოცნებას” შემატოს. არა მარტო ის უნდა აჩვენო, რომ კონკურენტი არ ვარგა, კონკურენტი ბევრია, არამედ უნდა აჩვენო, რომ მოქალაქისთვის შენი პოლიტიკური ძალაა სასურველი. დღეს კარგად საქმე არც “ოცნებას” აქვს და არც “ნაციონალებს”. თუმცა საბოლოოდ მაინც “ქართულ ოცნებას” უფრო კარგად აქვს საქმე, იმიტომ, რომ რაც უნდა იმედგაცრუებული იყოს ხალხი, ყველა ქვეყანაში არსებობს “სახელისუფლებო კვოტა”, როდესაც ხელისუფლება ხმების რაღაც რაოდენობას მარტო იმიტომ იღებს, რომ ხელისუფლებაა. მაგალითად, აზერბაიჯანული თუ სომხური თემის პოლიტიკა ყველა ქვეყანაში ასეთია – ვინც ხელისუფლებაშია, იმას ვაძლევთ ხმას. ამას ემატება ჩინოვნიკური ვერტიკალის გარანტირებული ხმებიც. მართალია, “ოცნებას” სერიოზული ბაზა აქვს ოპტიმისტურად იყოს განწყობილი, თუმცა საეჭვოა, რომ იმ ხარისხის უმრავლესობის მოგროვება შეძლოს, რაც 2012 წლეს მოახერხა“.

“მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე გია ნოდიას თქმით, გიგი უგულავას ციხიდან გამოშვება ამ ხელისფლების დამარცხება და ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობისთვის” რაღაც მორალური გამარჯვება იქნება. მაგრამ ამას ძალთა გადანაწილებაში პრინციპული ცვლილებები არ მოჰყვება.

“ქართული ოცნების” რეპუტაცია ისედაც ქვევით მიდის, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთგვარი დარტყმაა, რის გამოც მათი რეპუტაცია კიდევ უფრო დაეცემა. მაგრამ უახლოეს ხანებში ამას რაღაც პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს,” – აღნიშნავს ნოდია. მისივე თქმით, “ოცნების” ძირითადი ოპონენტები მაინც “ნაციონალები” არიან და საზოგადოებაც ასე ხედავს. ამიტომაც “ოცნების” დასუსტება პირველ რიგში “ნაციონალების” წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ ასევე არის მესამე ძალაც, რომელმაც შეიძლება იხეიროს.

გია ნოდია:იგივე ალასანია, რომელმაც შეიძლება იხეიროს რაღაც, თუმცა ის “ნაციონალების” ჩანაცვლებას ვერ შეძლებს. ის ამომრჩეველი კი, რომელიც თვლის, რომ “ოცნება” სუსტია და საკმარისად ვერ სჯის “ნაციონალებს”, ისედაც ინაშვილისა და ბურჯანაძის მხარდამჭერია და შეიძლება მათ ცოტა კიდევ მიემატოს,” – ამბობს ნოდია და დასძენს: “როგორც ჩანს “ოცნება” უკვე ანგარიშობს იმ შესაძლებლობას, რომ შესაძლოა უმრავლესობით პარლამენტში ვერ მოვიდეს და სავარაუდოდ კოალიციისათვის სხვა პოლიტიკურ ძალას გააძლიერებს. შესაძლოა ინაშვილი იყოს კოალიციის სავარაუდო კანდიდატი. ასევე ჯერჯერობით არსებობს ეჭვი და ვარაუდები, რომ შესაძლოა რაღაც სხვა პოლიტიკური ძალა გაჩნდეს. თუ ასეა, ეს ამ შემოდგომაზე უნდა მოხდეს, შემდეგ რთული იქნება. შეიძლება არც არავინ გაჩნდეს. არჩევნებამდე ერთი წელი რჩება და ერთ წელიწადში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. 2011 წლის სექტემბერში ივანიშვილი არ არსებობდა და ყველა თვლიდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ გამოჩნდა ივანიშვილი და ყველაფერი შეიცვალა. ასე რომ, ერთი წელი საქართველოსთვის დიდი დროა და გამორიცხული არაფერია.

ნაციონალების” უმრავლესობით მოსვლა ძალიან რთულია, მაგრამ გამორიცხული არ არის იმდენად დიდი წარმომადგენლობა ჰქოდეთ, რომ სერიოზული პრობლემები შეუქმნან “ქართულ ოცნებას”. მომავალი არჩევნების შემდეგ შესაძლოა “ოცნებას” ცალსახა უმრავლესობის და კაბინეტის შექმნა გაუჭირდეთ.ნაციონალებისთვის” იდეალური შემთხვევა იქნება, რომ ალასანიასთან შექმნან კოალიცია. თუმცა, ამ ყველაფერზე მსჯელობა საქართველოსთვის ძალიან ადრეა”.

რეზონანსი“, 18 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მინდია უგრეხელიძესთან: “ქართულმა მართლმსაჯულებამ თავი შარში გაყოდოკუმენტი, რომელსაც ერთი მოსამართლის ხელმოწერა აკლია, იურიდიული ძალის მქონე ვერ იქნება

ლიკა ამირაშვილი

(შემოკლებით)

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც პატიმრობის 9 თვიან ვადას ეხებოდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გამოაცხადა, ამ პროცესს 9-დან 8 მოსამართლე ესწრებოდა. მოსამართლე მერაბ ტურავამ საბოლოო დოკუმენტის გასაცნობად რამდენიმე დღე ითხოვა, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღო. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იურიდიული სამართლის დოქტორი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე ამბობს, ორივე მხარის საქციელი კანონთან შეუთავსებელია. მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ აქვს და მისი აღსრულება არ შეიძლება.

“ორივე მხარეს აქვს ჩადენილი ისეთი რამ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ეს თანაბარად შეეხება როგორც ავადმყოფებს, ისე ჯანმრთელებს, რომლებიც ავადმყოფებთან მივიდნენ. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს საქმე ჩიხშია შესული, აშკარად პოლიტიკური ინტერესი იკვეთება. ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება მოსამართლეს, რომელიც წინა ხელისუფლების მხრიდან დევნილი იყო და მეორეს მხრივ, არის სასამართლო, რომელიც ასევე წინა ხელისუფლების მიერაა დაკომპლექტებული. აქ მათი ინტერესები გამოიკვეთა. ახლა რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, იურიდიული ძალია მქონე არ არის. დოკუმენტი, რომელსაც ერთი მოსამართლის ხელმოწერა აკლია, იურიდიული ძალის მქონე ვერ იქნება – შედეგად, მისი აღსრულება არ შეიძლება. ამ საქმის ხელმეორედ განხილვა უნდა მოხდეს. ხელმეორედ ვინ უნდა განიხილოს? ისინი ამას ვერ განიხილავენ – იმიტომ, რომ თავიანთი პოზიცია უკვე დააფიქსირეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მინდია უგრეხელიძე.

“ეს ვიღაც სხვამ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემდგომი ორგანო არ ჰყავს. თუ ზემდგომი ორგანო არ არსებობს. რჩება ერთადერთი თეორიული ვარიანტი, თუკი გადაწყვეტილება მიიღება და პოლიტიკური ნება იქნება გამოხატული – საქართველოს შეუძლია აღნიშნული საქმე ევროპის საბჭოს სასამართლოს გადააბაროს. ევროპის საბჭოს სასამართლო იმ უფლებას განახორციელებს, რომელიც მას გააჩნია და რომლის მსგავსი მან ამას წინათ ჩეჩნეთის საქმეზე განახორციელა… მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტის საფუძველზე ამ კაცის გამოშვება არ შეიძლება. მის გასათავისუფლებლად სხვა გზის მოძებნა შეიძლება, თუმცა ამ გზით არა – ამ დოკუმენტს ვერ დაეყრდნობიან”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“შეიძლება იკითხონ – ერთის გარდა ყველა თუ თანახმაა, ამით ხომ არაფერი შეიცვლებოდა? ეს სწორი არ იქნება, სამართალში ასე არ შეიძლება. ამ კაცს შეიძლება ისეთი რამ ეთქვა და ისეთი კითხვა დაესვა, რომ ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა. დოკუმენტი ვალიდური თუ არ არის, არ შეიძლება იმ დოკუმენტს ჭრა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების პრინციპებიდან, რაც კი არსებობს, ყველა ერთადაა დარღვეული. როდესაც ეს ამბავი გავიგე, ძალიან შემრცხვა”, – დასძენს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და შეკითხვას – “ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული და დისციპლინური წარმოების საკითხი თუ უნდა დადგეს?” – პასუხობს:

“რა თქმა უნდა, მოსამართლეებმა თუკი რაღაც დაარღვიეს, ეს საკითხი უნდა დადგეს. დისციპლინური წარმოება შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ ეს უკვე ცალკე საკითხია. მთავარი ისაა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ თავი შარში გაყო. ჩვენ უნდა ვეცადოთ, როგორმე ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ. ხალხმა ირწმუნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა მათ თვითნებობას ნიშნავს. მოსამართლეს რაც მეტი დამოუკიდებლობა აქვს, მით უფრო ანგარიშვალდებულია. პიროვნებებისადმი არავითარი მიმართება არ მაქვს – მე მაქვს პასუხისმგებლობა, როგორც იურისპრუდენციაში ნამსახურებ ადამიანს, რომ ქართული მართლმსაჯულება ბოსელში არ იმყოფებოდეს!”

რეზონანსი“, 18 სექტემბერი, 2015 წელი

ცხინვალში ისევ რუსეთთან შეერთებაზე ალაპარაკდნენ

ვახტანგ შამუგია

(შემოკლებით)

17 სექტემბერს ცხინვალში მოქმედი პოლიტიკური პარტია “ნიხასის” ლიდერის, ალან ალბოროვას ორგანიზებით მრგვალი მაგიდა მოეწყო. შეხვედრაზე მყოფმა ექსპერტებმა, საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეერთებასა და “რესპუბლიკის” განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„1989 წლიდან 2008 წლამდე სამხრეთ ოსეთი მთელ თავის რესურსებს მხოლოდ ერთი მიზნისთვის მიმართავდა – დაეცვა საკუთარი თავი საქართველოსაგან. 2008 წლის აგვისტოს ომმა არსებული რეალობა შეცვლა. რუსეთი ფედერაცია დღესდღეობით სამხრეთ ოსეთში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია, რაც ვითარებას სტაბილურს ხდის“, – თქვა ალან ალბოროვმა. მისივე თქმით, მარტში ცხინვალსა და სოხუმს შორის გაფორმებული „ხელშეკრულებები ურთიერთთანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ“ უაღრესად მნიშვნელოვანია.

შეხვედრას დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვიც ესწრებოდა. მისი თქმით, უპრიანი იქნებოდა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ რუსეთის ფედერაციის სემადგენლობაში შესვლის საკითხის დაყენება. აღსანიშნავია, რომ ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, მაგალიტად, შეხვედრაზე მყოფმა პოლიტოლოგმა იური ვაზაგოვმა უკმაყოფილება არ დამალა იმ ფაქტით, რომ 25 წლის განმავლობაში პოლიტიკურმა ელიტამ  ქმედითუნარიანი ნაციონალური იდეის კონსტრუქციის მიღება ვერ შეზლო: „კარგად უნდა გავერკვიოთ იმაში, რა გვინდა – დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა“. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთისაგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციაში სუბიექტად შესვლის იდეა პოპულარულია. მიზეზი ისაა, რომ სამხრეთ ოსეთი უფრო მეტადაა რუსეთზე დამოკიდებული, ვიდრე აფხაზეთი, ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ბიუჯეტი 90% რუსეთიდან გადმორიცხული ფულით საზრდოობს..

რატომ გაიხსენეს ცხინვალში კიდევ ერთხელ რუსეთთან შეერთების იდეა და რამდენად რეალურია მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება? ამ საკითხზე „რეზონანსს“ პოლიტოლოგი დავით კასრაძე ესაუბრება, რომელიც სამხრეთ ოსეტში შექმნილ სიტუაციას კარგად იცნობს. „ამ ეტაპზე რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის მიღება კრემლის ინტერესებში არ შედის. იმიტომ კი არა, რომ მოსკოვს დასავლეთისა ეშინია… ყირიმის ანექსიისა და დონბასის მოვლენების ფონზე ცხინვალის რეგიონის მიერთება ცრუ რეფერენდუმის მეშვეობით რუსეთის საგარეო პოლიტიკისათვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს და საერთაშორისო ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს, არც დასავლეთი გაოცდება მაინცდამაინც რუსეთის მოქმედებით. უბრალოდ, ამ ფაქტის „გაპრავება“ მოსკოვს შიდა სივრცეში გაუჭირდება, რადგან ეკონომიკური პრობლემებისაგან შეწუხებული რუსები დღეს უკვე ყირიმელებში, დონბასელებში, აფხაზებსა და ოსებში, აგრეთვე ჩრდილოკავკასიელ ხალხებში მუქთახორებს („ნახლებნიკებს“) ხედავენ, რომელთა ფინანსური მხარდაჭერა რუსეთის ისედაც დასუსტებულ ეკონომიკას ძალიან მძიმე ტვირთად აწვება. ამ დროს კი ღარიბი და არაპერსპექტიული სამხრეთ ოსეთის მიერტებას რუასები გაგებით ვერ მოეკიდებიან. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ რიგითი რუსების აზრს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას არასდროს არ ანიჭებდა. ამიტომ გასაკვირი არ იქნება მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი მართლაც მიიერთოს, მაგრამ ეს ნაბიჯი მისთვის პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც წამგებიანი იქნება“, – ამბობს დავით კასრაძე. მისივე თქმით, ერთადერთი, რის გამოც ცხინვალის რეგიონი რუსეთის ინტერესს იწვევს, ისაა, რომ გეოგრაფიული თვალსაზრისით ის საქართველოს ცენტრშია და სამხედრო თავალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობაა.

Comments are closed