globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 18th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ კურტ ვოლკერთან: „საქართველო არ არის მზად, გახდეს ნატოს წევრი“ // რას ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე და დაივიწყა თუ არა დასავლეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმოქმედეს პრინციპით – „სანამ დროა, ფული ვიშოვოთ, ბიჭებო!“ // „კიდევ ერთი რევოლუციითა და არეულობით დასუსტებული უკრაინა დიდი საცდური იქნება რუსეთისთვის» // „მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიების დიდი ნაწილი ვალის მოხდის მიზნით ჩაერთო ამ კამპანიაში“

კვირის პალიტრა: პროკურატურა პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს?! // იყენებდა თუ არა შეწირულ თანხებს პაატა ბურჭულაძე პირადი მიზნებისთვის, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად?

კვირის პალიტრა: რატომ „დასცხეს“ ერთმანეთს ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილმა და დავით კეზერაშვილმა?! // ნიკა მელიას განცხადება – „დავით კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით და ძარცვით იშოვაო“ – მისი თანაპარტიელებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა

ახალი თაობა: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მიხეილ სააკაშვილის სასამართლო საუკუნის სასამართლო იქნება“  // „დასავლეთის თვალში ის არის კორუფციასთან დაუძინებლად მებრძოლი“

ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „უკრაინაში წარმატება მიხეილ სააკაშვილის პოპულარობას საქართველოშიც გაზრდის“ // „ავტორიტარიზმისკენ ჩვენი ყველა ხელისუფლება იყო მიდრეკილი“

ახალი თაობა: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, ბარიერმა 3%-მდე დაიწიოს“ // რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას

ახალი თაობა: სოსო ოხანაშვილი: „პატრიარქის სახლში შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე ტერორიზმში ბრალდებულ პირებს მალავდნენ“ // მიხეილ რამიშვილი: „პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ სოსო ოხანაშვილს სასამართლოზე ჩვენება არ მიეცა“

კვირის პალიტრა: „ჩვენთან, სტიქიის შემთხვევაშიც კი, სარგებელს ეძებენ“ // მეხანძრე-მაშველებს, მორიგეობისგან თავისუფალ დროს, შემოსავლის დამატებითი წყაროს ძებნა უწევთ

——————

კვირის პალიტრა“, 18 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ კურტ ვოლკერთან: „საქართველო არ არის მზად, გახდეს ნატოს წევრი// რას ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე და დაივიწყა თუ არა დასავლეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

კახა დგებუაძე

უკრაინაში არსებულ კონფლიქტურ ვითარებაზე, რუსეთის ფაქტორზე უკრაინის ამბებში, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და პერსპექტივებზე “კვირის პალიტრა” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერს ესაუბრა.

- 5 სექტემბერს ვლადიმირ პუტინი დონბასის ტერიტორიაზე მშვიდობისმყოფელების განლაგების შესახებ ინიციატივით გამოვიდა. რას ნიშნავს ეს შეთავაზება და რას ფიქრობთ ამაზე?

- ეს დისკუსიების სერიოზული დაწყებაა. სამშვიდობო ძალების შეთავაზება იმის აღიარებაა, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, ჩვენ სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს ასეთი მისიის მანდატსა და მოქმედების სფეროზე. მანდატი და მოქმედების სფერო უფრო ამბიციური უნდა იყოს, რათა უსაფრთხოება რეალურად იქნეს უზრუნველყოფილი და შეიქმნას უსაფრთხოების სივრცე, რომელშიც უკრაინის მთავრობა შეძლებს პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებას მინსკის შეთანხმებების შესაბამისად.

- პეტრო პოროშენკოს განცხადებით, გაეროს მშვიდობისმყოფელების განლაგება არ უნდა იქცეს რუსეთის ხელში დონბასის ოკუპაციის დაკანონების საშუალებად. კრაინელთა აზრით, მშვიდობისმყოფელები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უნდა განლაგდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, უკრაინელები არ ენდობიან ვლადიმირ პუტინს

- თავად პოროშენკოს შეთავაზება იყო, რომ მშვიდობისმყოფელებს კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოება უზრუნველეყოთ, მათ შორის გაეკონტროლებინათ უკრაინა-რუსეთის საზღვარი. რუსეთი აქამდე აცხადებდა, რომ არ განიხილავდა ამას, ახლა კი გამოდის ინიციატივით, რომელიც განსხვავებულია და მიმართულია კონფლიქტის გამყოფ ხაზზე. ვიზიარებ უკრაინის შეშფოთებას, რომ მშვიდობისმყოფელების განლაგება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ არ უნდა მოხდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიფიქროთ მანდატისა და მოქმედების სფეროს გაფართოებაზე.

- თქვენი აზრით, უნდა იყვნენ თუ არა მშვიდობისმყოფელებს შორის რუსი სამხედროები? საქართველოში რუსი მშვიდობისმყოფელები გვყავდა და კარგად ვიცით, ეს როგორ დასრულდა..

- თავდაპირველად ჩვენ მისიის მანდატსა და მოქმედების სფეროზე ვისაუბრებთ. თუ ამ საკითხზე შეთანხმებას მივაღწევთ, შემდეგ განვიხილავთ, თუ რომელი ქვეყნები შევლენ მისიის შემადგენლობაში. როგორც წესი, გაერო კრძალავს, ქვეყანაში, სადაც კონფლიქტია, მოსაზღვრე ქვეყნები შედიოდნენ სამშვიდო ძალების შემადგენლობაში

- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პუტინის შეთავაზება მშვიდობისმყოფელების განლაგების თაობაზე შესრულდება, ეს შეიძლება რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საფუძველი გახდეს. როგორია თქვენი პოზიცია რუსეთისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით?

- სანქციების საფუძველი ორი ნაწილისგან შედგება: პირველი მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციაა და მეორე კი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირება… სანქციების მოხსნის საფუძველი დეოკუპაცია იქნება.

- უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ უკრაინა არ არის მზად ნატოსთვის და ნატოც არ არის მზად უკრაინის მისაღებად. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ერთგვარი სიგნალი შეიძლება გახდეს რუსეთისთვის, განაგრძოს დესტრუქციული ქმედებები, ვინაიდან უკრაინა დაცული არ იქნება ნატოს მხრიდან მისი წესდების მეხუთე მუხლის შესაბამისად?

- პირველ რიგში, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არჩევანში. ამჟამად უკრაინა არ არის მზად ნატოს წევრობისთვის. მას ბევრი სამუშაო აქვს. სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ნატოს შეუერთდნენ, გაცილებით ბევრი გააკეთეს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის და ა.შ. უკრაინა ამ გზაზე დგას ახლა. რაც მთავარია, ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე, არ არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლია უკრაინას ნატოს შეუერთდეს. ასე რომ იყოს, მაშინ რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს განალაგებდა ყველას ტერიტორიაზე.

- მაშინ იმავე კითხვას საქართველოზეც დაგისვამთ. არის თუ არა საქართველო მზად ნატოსთვის და არის თუ არა ნატო მზად, საქართველო თავის რიგებში მიიღოს?

- მე ბეჯითად ვმუშაობ, რათა თქვენს მისწრაფებებს სათანადო მხარდაჭერა ჰქონდეს ევროკავშირში, ნატოში. თუმცა, დღეს საქართველო ასევე მზად არ არის, გახდეს ნატოს წევრი. უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს. ვგულისხმობ გამჭვირვალობას და იმ დიდ წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში, რეფორმებს თავდაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლას და ა.შ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატოში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო. საქართველოში უნდა იყოს წარმატებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო დემოკრატია, როგორიც ნატოს სხვა ქვეყნებშია და მოემზადოს იმისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომ გაფართოებაზე, პირველ რიგებში იყოს. შეგახსენებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითს – 1999 წელს მათ განუცხადეს, რომ შეუძლებელი იყო ნატოში გაწევრება, თუმცა, 2002 წელს ისინი ნატოში მოიწვიეს.

- მოდი, პირდაპირ ვთქვათ, როდესაც საუბრობთ კრიტერიუმების შესრულებაზე, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე მხოლოდ კრიტერიუმებში არ არის. რომ ავიღოთ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგი, დემოკრატიის დონის, კორუფციასთან ბრძოლის და .., საქართველო ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას უსწრებს, მაგალითად, ალბანეთს

- ნატოში ვინმეს მისაღებად საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსი. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ რუსეთი დიდი მეზობელია. რაც შეეხება ალბანეთს, რომელიც მაგალითად მოიყვანეთ, ალბანეთმა საკმაოდ კარგი სამუშაო შეასრულა. ალბანეთმა ასევე ჩაატარა ბევრი რეფორმა. ის ახლაც განაგრძობს განვითარებას. იმედია, საქართველოც განაგრძობს რეფორმების გზას.

- 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა, სადაც მოქალაქეობის დაბრუნებასა და პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას გეგმავს

- უკრაინისთვის ყველაზე საუკეთესო სცენარია აჩვენოს, რომ მას აქვს კანონის ძლიერი უზენაესობის გარემო. სააკაშვილს შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები სასამართლოში. არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ამ სიტუაციიდან პოლიტიკური დრამა შეიქმნას. უკრაინამ უნდა განაგრძოს იმ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც დღის წესრიგში აქვს. ეს იქნება კარგი უკრაინისთვის.

- “ფაინანშლ თაიმსისთვისმიცემულ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ აშშ სერიოზულად განიხილავს უკრაინისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხს. ამას რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდება კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. ..

- უკრაინაში თავდაცვითი შეიარაღება არავის დააზიანებს, თუ ეს ვინმე აგრესორი არ არის. არავითარ ესკალაციას ეს არ გამოიწვევს. პირიქით, მომავალი კონფლიქტის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს.

- დასავლელი ლიდერები რუსეთთან დაპირისპირებაში ყოველთვის ახსენებენ ყირიმის ანექსირებას, თუმცა, არ უხსენებენ რუსეთს იმას, რომ საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დასავლეთრუსეთის დისკუსის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ დგას?

- არა მგონია, რომ ვინმემ დაივიწყა საქართველოს საკითხი, ან რომ ვინმე არ ეთანხმებოდეს იმას, რომ საქართველომ უნდა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. უბრალოდ, საქართველოში დღეს საბრძოლო ქმედებები აქტიური არ არის, განსხვავებით უკრაინისაგან.
კვირის პალიტრა“, 18 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმოქმედეს პრინციპით – „სანამ დროა, ფული ვიშოვოთ, ბიჭებო!“ // „კიდევ ერთი რევოლუციითა და არეულობით დასუსტებული უკრაინა დიდი საცდური იქნება რუსეთისთვის» // „მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიების დიდი ნაწილი ვალის მოხდის მიზნით ჩაერთო ამ კამპანიაში

ნათია დოლიძე

უკრაინაში მიმდინარე პროცესები, რომელთა მთავარი გმირი საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია, კვლავაც წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია. სააკაშვილი დაანონსებულ ტურნეს უკრაინის მასშტაბით შეუდგა და კიევში ვადამდე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ფართომასშტაბიან აქციებს ჰპირდება უკრაინელებს. მოლოდინი, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო შეჭრის გამო სამართალდამცავებს შეიძლება დაეკავებინათ, არ გამართლდა. ოფიციალური სტრუქტურების განცხადებით, სააკაშვილის დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს. როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესები­ უკრაინაში და რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე? – ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან­ ინტერვიუ:

- ის, რასაც ჩვენ ვადევნებთ უკრაინაში თვალს, არის მრავალფაქტორიანი კომბინაცია, სადაც როგორც უკრაინის გარეთ, ისე ქვეყანაში მყოფი ბევრი მოთამაშის ინტერესები იკვეთება. როდესაც ამ ინტერესებზე ვლაპარაკობთ, უპირველესად უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინა, ფაქტობრივად, რამდენიმე ოლიგარქის გავლენის სფეროებად არის დაყოფილი და სააკაშვილისა და ოპოზიციის უკან დგანან პოროშენკოსთან დაპირისპირებული ოლიგარქებიც, რომლებიც ამ აქციებს ფინანსურად უზრუნველყოფენ. საგარეო ინტერესზე როცა ვლაპარაკობთ, მიუხედავად სააკაშვილის ერთგვარად თავზე ხელაღებული ნატურისა, წარმოუდგენელია, ეს მხოლოდ მისი დაგეგმილი ოპერაცია იყოს. საეჭვოა, სააკაშვილი დღეს გადაწყვეტილებებს მარტო იღებდეს. ეს მისთვის ჰარაკირის ტოლფასი იქნებოდა, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, მას არ მისცემდნენ ამდენის უფლებას. ქვეყანა, საიდანაც მან შეანგრია უკრაინის საზღვარი, პოლონეთია – აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი და ევროკავშირის ორგანული წევრი. ეს რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს ნატოსა თუ ევროკავშირის ქვეყნებთან, პოლონეთის ხელისუფლების ეს ქმედება უდავოდ განსაზღვრულ სანქციებს დაექვემდებარებოდა…

- თუ ასეა, რა არის ამ პროცესის საბოლოო მიზანი?

- ამ ეტაპზე ეს ძალზე ძნელი სათქმელია. სააკაშვილისა და უკრაინის ოპოზიციის მოქმედებებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ეს რისკები გასათვლელია. აქ მარტო ხელისუფლებისთვის, “დემოკრატიისთვის” ან კორუფციასთან ბრძოლაზე არ არის ლაპარაკი. ისევ და ისევ მთავარი რისკ-ფაქტორია რუსეთი, რომელმაც უკრაინაში კიდევ ერთი რევოლუციის შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება დაიკავოს ის ტერიტორიები, რაც ჯერ კიდევ უკრაინის იურისდიქციაშია, ეს არის დონბასი და აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქები და სოფლები… ანუ რუსეთს, ისე, როგორც ყირიმის შემთხვევაში, გაუჩნდეს საბაბი, თითქოს დასავლურ რევოლუციას არ იზიარებენ უკრაინის რუსებით დასახლებული სამრეწველო რაიონები და მზად არიან, რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ.
მოკლედ, კიდევ ერთი რევოლუციითა და არეულობით დასუსტებული უკრაინა დიდი საცდური იქნება რუსეთისთვის, თუმცა, არ ვამტკიცებ, რომ ამგვარი სცენარი აუცილებლად განვითარდება, მაგრამ იმედია, ეს, როგორც რისკ-ფაქტორი, ამ ოპერაციის დამგეგმავებმა იციან და შესაძლო შედეგებიც გათვლილი აქვთ.

უკრაინაში კიდევ ერთი რევოლუცია და არასტაბილურობა იმ დროს, როდესაც ევროკავშირში რყევებია, როდესაც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციები ძალიან მერყევია ყველა მიმართულებით, სულ მცირე, აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური მიწისძვრის დასაწყისად შეიძლება იქცეს. ამ ყველაფრის მიღმა რა არის ის რეალური მიზანი, რასაც სააკაშვილის მხარდამჭერი თუ უკან მდგომი დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი გეგმავს, ამ გადასახედიდან ძნელი დასანახია.

პოლიტიკა იმდენად რთული სფეროა, ვერავინ დაიჯერებს, რომ დასავლეთს ამ ეტაპზე მხოლოდ პოროშენკოს კორუმპირებული რეჟიმი აწუხებს. როგორც ჩანს, მიზეზები უფრო ღრმად არის საძებნი. თუმცა, ცხადზე ცხადია ისიც, რომ პოროშენკო ქვეყნის სათავეში არ აკმაყოფილებთ. სწორედ ამიტომაცაა, რომ სააკაშვილი აანონსებს ვადამდე არჩევნების მოთხოვნას და კიევში აქციების დაწყებას აპირებს.

მეორე მხრივ, ძალიან უცნაურია უკრაინის ხელისუფლების საქციელი: სააკაშვილს არ უნდა იცნობდე, მას რომ დრო მისცე. არადა, ფაქტობრივად, პოროშენკომ დრო მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესი, რომელზეც სააკაშვილის შესაძლო გაძევების საკითხი უნდა განიხილონ, რამდენიმე კვირით შეიძლება გადაიდოს, რადგან ყველა მოსამართლე, გარდა ერთისა, ან შვებულებაშია, ან გათავისუფლებულია სამსახურიდან. შედეგად, სააკაშვილი და მასთან ერთად ოპოზიცია იოლად ახერხებს უკრაინელი საზოგადოების მობილიზებას, ისევე როგორც მოლაპარაკებას ოლიგარქებთან, რომელთაც ამა თუ იმ რეგიონში დიდი გავლენა აქვთ.

გარდა ამისა, ის განცხადებები, რომ თურმე მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს, ცოტა უცნაურია. წარმოუდგენელი რამ მოხდა – ფაქტობრივად, ძალის გამოყენებით გაირღვა უკრაინის საზღვარი. რა თქმა უნდა, ესეც არაერთ კითხვას აჩენს, როდის აქეთ გახდა ასეთი ლოიალური და კანონმორჩილი უკრაინის ხელისუფლება, ცოტა გაუგებარია.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლაა. გაცილებით შორს მიმავალი მიზნები იმალება ამ ყველაფრის უკან, პოროშენკოს ხელისუფლებისგან ჩამოშორება ამ ოპერაციის მხოლოდ ფასადია. რეალურ მიზნებს, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დავინახავთ.

- თქვენი აზრით, ის პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარეობს და სააკაშვილის აქტიურობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე რა გავლენას მოახდენს, მით უფრო მოახლოებული არჩევნების წინ?

- სააკაშვილის მოქმედებებიდან გამომდინარე, ცხადად ჩანს, რომ ის ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. განცხადებებში ცდილობს, ხაზი გაუსვას ერთ საკითხს, რომ ის იბრძვის არა მხოლოდ დემოკრატიისთვის უკრაინაში, არამედ საქართველოს დემოკრატიისთვისაც. იმედს გამოთქვამს, რომ ამ უკრაინული პროცესების პარალელურად შეძლებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას. თუმცა, დღეს მისი მთავარი სცენა უკრაინაა და საქართველოსთვის ნაკლებად სცალია.

ამას მაფიქრებინებს მისი ერთ-ერთი ბოლო სკანდალური განცხადება, რომ პრეზიდენტობის დროს თურმე სამართალდამცავებს უკრძალავდა თვალთვალსა და ფარული ჩანაწერების გაკეთებას, მათ შორის აგენტებისა და კრიმინალების შემთხვევაშიც კი.
ეს განცხადება იმდენად სცდება რეალობას და იმდენად ცინიკური იყო ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამის თქმისას სააკაშვილი ფიქრობდა ქართველ ელექტორატზე.

ის, რაც შეიძლება კარგად გაიყიდოს უკრაინაში, საქართველოში აბსოლუტურად უკურეაქციის მომცემი აღმოჩნდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ყველაზე მთავარი, რასაც სააკაშვილის ხელისუფლებას ბრალად უყენებდნენ, იყო სწორედ ეს – ადამიანის უფლებების გათელვა, პირადი ცხოვრების დაცულობის სრული უგულებელყოფა და ა.შ. ამიტომაც მოჰყვა ამას ქართულ სოციალურ ქსელებში ასეთი მძაფრი რეაქცია: სააკაშვილის ამ განცხადებამ ცივი წყალი გადაასხა მათ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ რეინკარნირებული სააკაშვილი შეინარჩუნებდა მხოლოდ აღმშენებლობით ნაწილს და ჩამოირეცხავდა ძალმომრეობით თვისებებს.

თუ სააკაშვილის სვლა უკრაინაში წარმატებით გაგრძელდა, მაშინ რამდენიმე პროცენტით, არა მნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც, შეიძლება გაიზარდოს “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი და ეს აისახოს არჩევნების შედეგზეც.

სხვა საქმეა, თუ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდება საქართველოში. ეს, სავარაუდოდ, სულ მცირე, ქართველი საზოგადოების პოლარიზებას გამოიწვევს, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეც აღმოვჩნდეთ. სააკაშვილის საქართველოში ნებისმიერი ფორმით ყოფნა, ექსტრადირება, ციხეში ჩასმა თუ თავისუფლება დღევანდელი ხელისუფლებისთვის დიდ პრობლემად იქცევა. ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე ოპტიმალური სტატუს-კვო ის არის, რომ სააკაშვილმა საქართველოსკენ არ გამოიხედოს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება, ძნელი სათქმელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებულად გაართმევს თავს სააკაშვილი ნომერ მეორე მისიას უკრაინაში (მისი პირველი მისია, ოდესის გუბერნატორობა, აშკარად მარცხით დასრულდა). ამაზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ მისი, როგორც პოლიტიკოსის მომავალი, არამედ ორი ისეთი ქვეყნის მომავალიც, როგორიც არიან უკრაინა და საქართველო.

- რამდენიმე დღის წინნაცმოძრაობისერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, განაცხადა, რომნაცმოძრაობისმმართველობის დროს კეზერაშვილს მილიონები ყაჩაღობით აქვს ნაშოვნი. მან კეზერაშვილი იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი არჩევნებშიევროპელ დემოკრატებსაფინანსებს

- ცალკეული პოლიტიკოსის ასეთი ტიპის გამონათქვამებზე, როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებ, პოლიტიკოსების დაპირისპირება ჩემი ინტერესის სფეროს სცილდება. ერთადერთი, რაც ამაზე შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ თუკი სააკაშვილი პოზიციებს გაიმაგრებს უკრაინაში, ეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში დიდ რყევებს გამოიწვევს და უპირველესად გააჩენს პრობლემებს “ნაციონალური მოძრაობისგან” შობილ თუ გამოყოფილ პარტიებს შორის. მოკლედ, სააკაშვილის შესაძლო წარმატების კვალდაკვალ “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილ პოლიტიკოსებსა და ამ ორგანიზაციიდან წასულთა შორის შიდა გარჩევები და ურთიერთანგარიშსწორება სულ უფრო მწვავე გახდება. თუკი სააკაშვილი დაკარგავს აქტუალურობას, ამ პარტიებსაც გასაყოფი და ერთმანეთზე საეჭვიანო ნაკლები ექნებათ. დარწმუნებული ვარ, თუკი სააკაშვილმა შეძლო უკრაინაში ფეხის მოკიდება და გახდა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურა, “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოყოფილი პოლიტიკოსების ნაწილი კვლავ შეეცდება სააკაშვილთან მისასვლელი გზების მოძიებას, ისევე როგორც “ქართულ ოცნებაში” მყოფი პირებიც, მათ შორის ისინიც, ვინც კარიერით, ქონებით, სახელითა და წარმატებით დავალებულია ივანიშვილისგან. არაერთხელ გვინახავს, რა ყელმოღერებული გარბიან ხოლმე ერთი პატრონისგან მეორესთან, როგორც კი კარიერისა თუ ქონების გადარჩენაზე მიდგება საქმე. ამიტომაც სააკაშვილის ფაქტორი იქნება კარგი ლაკმუსის ქაღალდი იმის გამოსავლენად, თუ ვინ რას წარმოადგენს და ვინ რა ინტერესებით არის გადასული თუ ჩანერგილი ამა თუ იმ პარტიაში.
მელიას განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა წავიკითხოთ.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ძნელად მახსენდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი მშვიდი და თითქმის შეუმჩნეველი წინასაარჩევნო კამპანია...

- გეთანხმებით, ეს არის აბსოლუტურად მშვიდი, უფრო სწორად, დუნე კამპანია, რაც არ არის განპირობებული იმით, რომ თითქოს თვითმმართველობის არჩევნებისადმი დაბალია ინტერესი. უაღრესად მნიშვნელოვანია და ნებისმიერ დეპუტატზე დიდი წონა აქვს პირდაპირი და საყოველთაო წესით არჩეულ დედაქალაქის მერს, ასევე დიდი წონის ფიგურები არიან ქუთაისისა და ბათუმის მერები… აქედან გამომდინარეც კი, თავისი პოლიტიკური წონით დიახაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. შესაბამისად, თითქოსდა გაუგებარი უნდა იყოს, რატომ მიმდინარეობს ასე დუნედ, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს.

ხელისუფლებას არ სჭირდება მაღალ ემოციურ რეგისტრში მიმდინარე საარჩევნო პროცესი, იმიტომ, რომ რაც უფრო დიდი დაძაბულობით მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, მით მეტი მოქალაქე მიდის არჩევნებზე, რაც უფრო დუნეა კამპანია, მით უფრო ნაკლები ამომრჩევლის ყურადღებას იპყრობს. ეს კი სახელისუფლებო პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც ის, როგორც წესი, ახერხებს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას.

რაც შეეხება ოპოზიციას, მის ინერტულობას განაპირობებს ის, რომ მას არ ყოფნის ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი ემოციური, დინამიკური და ინოვაციური კამპანიის საწარმოებლად. აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელთაგან უმთავრესია ის, რომ ოპოზიციას არა აქვს საზოგადოების მხარდაჭერა არც ცალ-ცალკე და არც ერთად აღებულს. აქედან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიების დიდი ნაწილი ვალის მოხდის მიზნით ჩაერთო ამ კამპანიაში. ზოგადადაც, ეს არჩევნები და წინასაარჩევნო კამპანია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია. არ მოვყვები კონკრეტული პარტიების დასახელებას, მაგრამ ბევრი პარტია, რომლებმაც თბილისის მერობის არჩევნებში წამოაყენეს თავისი კანდიდატურა, სრულიად გაუგებარია, რის მიღწევას ცდილობს, რა არის მოტივაცია, როდესაც დასაწყისშივე წაგებულია ბრძოლა. სატირულ-იუმორისტულ სპექტაკლს ემსგავსება ამ არჩევნებში ოპოზიციის ამდენი, უკვე დამარცხებული, კანდიდატის მონაწილეობა. გასაგებია, რომ ამ ტიპის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ამომრჩეველსაც აღარ აქვს. ამიტომაც, სავარაუდოდ, ელექტორატის მცირე ნაწილი მივა საარჩევნო ურნებთან.

რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციურ პარტიას ეს არ შეეხება. “ნაციონალური მოძრაობა” გარანტირებულად გადალახავს ბარიერს და სააკაშვილის ბედი როგორც წარიმართება უკრაინაში, ნაწილობრივ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი აქაური პარტიის პროცენტების ზრდა თუ შემცირება. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათგან ბარიერის გადალახვის შანსი აქვს “პატრიოტთა ალიანსს” და ბარიერთან ახლოს იქნება “ევროპული საქართველოც”. საბოლოოდ კი ისე მოხდება, რომ ხელისუფლება კი არ გაიმარჯვებს, უფრო ოპოზიცია დამარცხდება.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე ექსცენტრიკული და აქტიური კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც კი ძალიან დუნე კამპანიას ატარებს. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება თბილისის მერის არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.
იმედია, ხელისუფლება ძირითადი კონკურენტების მიმართ შავ პიარს არ მიმართავს. ამ მხრივ ეს კამპანია საკმაოდ სუფთად მიმდინარეობს, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზედაპირზე ამოსული სიბინძურისგან რადიკალურად განსხვავდება.

- მაშინ, როდესაც თითქოს ხელისუფლებამ საკონსტიტუციო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა და უკვე მომზადებული ცვლილებების პაკეტის მესამე მოსმენით მიღებისთვის ემზადებიან, მოულოდნელად პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო ოპოზიციასთან. ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ თითქოს დიალოგს უჭერენ მხარს. ამასობაში, სადაცაა გამოქვეყნდება ამ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის კიდევ ერთი დასკვნა...

- ეს ყველაფერი წყლის ნაყვასა და მოქმედების იმიტაციას ჰგავს. დაგვიანებულია პრეზიდენტისა და ოპოზიციის აქტიურობა. მათ შეეძლოთ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე მანამდე ეზრუნათ, სანამ კანონპროექტს ორი მოსმენით მიიღებდნენ. რაც შეეხება ხელისუფლების დიალოგისთვის მზაობას, ეს არარეალურია. როგორც ჩანს, ეს ბოლო განცხადებები განპირობებულია იმით, რომ დასავლეთიდან გრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, მაგრამ არა იმგვარი, როგორიც გვახსოვს, მაგალითად, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც პირდაპირ ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და არანაკლები რანგის ევროპელი პოლიტიკოსების დონეზე წყდებოდა საქართველოს კანონმდებლობაში არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების მცდელობა. გახსოვთ, ალბათ, რამდენად კატეგორიული იყო მათი განცხადებები.

დღეს, ჯერ ერთი, დასავლეთს არ სცალია საქართველოსთვის იმდენად, როგორც მაშინ ეცალა. მეორე მიზეზი დასავლეთის პასიურობისა ის არის, რომ დასავლეთს აქ არ ეგულება იმგვარი დასაყრდენი, რომლისთვისაც გარჯა შეიძლება ღირდეს.

- 10.150 ლარის ოდენობის პრემია-დანამატები აიღო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 11-მა საჯარო მოხელემ მუნიციპალიტეტის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ანზორ სვანიძის თქმით, პრემიები დამსახურებულად გამოიწერა. როგორც აღმოჩნდა, იმ მომენტისთვის, როცა ეს პრემიები გაიცა, 3000 მეხანძრე-მაშველს ჯერაც არ ჰქონდა პრემია მიღებული...

- როგორც გავიგე, ბორჯომის ამჟამინდელი გამგებელი აღარ არის კანდიდატად წამოყენებული, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საბიუჯეტო სახსრების პირდაპირ დატაცებასთან გვაქვს საქმე. გამოდის, იმოქმედეს პრინციპით: “სანამ დროა, ფული ვიშოვოთ, ბიჭებო!”. ეს ყოვლად გაუმართლებელია მაშინ, როდესაც ამ ხანძრებმა გამოაჩინა ტექნიკური აღჭურვილობის კატასტროფული დეფიციტი. უპირველესი, რაც ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, პრემიები კი არ უნდა გაეცა, მით უფრო სახელმწიფო ჩინოსნებზე, ტექნიკურ აღჭურვაზე უნდა გადაესროლა მთელი თანხები, შემდეგ კი უშუალოდ იმ პირებისთვის მიეცა პრემია, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად აქრობდნენ ხანძრებს.

ეს მაგალითი ამხელს იმ დაუსჯელობის სინდრომს, რაც განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობებშია ფესვგადგმული, ისევე როგორც კორუფციული გარიგებები. ეს არ არის ერთი და გამონაკლისი შემთხვევა. სამწუხაროდ, ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

———

შენიშვნა: ამ თემაზე დამატებითი მასალა იხილეთ ქვემოთ.

კვირის პალიტრა“, 18 სექტემბერი, 2017 წელი

პროკურატურა პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს?!

იყენებდა თუ არა შეწირულ თანხებს პაატა ბურჭულაძე პირადი მიზნებისთვის, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად?

რუსუდან შელია

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა – როგორც აფბა-ში აცხადებენ, აუცილებელია, ამომწურავი პასუხი გაეცეს ფონდის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს, როგორ განკარგავდა წლების განმავლობაში პაატა ბურჭულაძე ფინანსებს და როგორ იხარჯებოდა მილიონობით შემოწირული ლარი ბენეფიციარებზე. დეტალებზე “კვირის პალიტრასთან” აფბა-ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი­ საუბრობს:

- ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე პაატა ბურჭულაძის ფონდ “იავნანასთან” დაკავშირებით უამრავი შეკითხვა დაგროვდა, მაგალითად: დღემდე რატომ არ მიუღიათ ბენეფიციარებს ნაჩუქარ საცხოვრებელზე საკუთრების უფლება? იყენებდა თუ არა ფონდში შეწირულ თანხებს პაატა ბურჭულაძე პირადი მიზნებისთვის, მათ შორის, სამოგზაუროდ, შვილისთვის ორი ბინის შესაძენად ან პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად? აუდიტორული დოკუმენტების მიხედვით, ფონდმა ცხრა წლის განმავლობაში თითქმის ათი მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც “იავნანას” ადმინისტრაციამ დეკლარირებული ხარჯები შემდეგნაირად აღწერა: სამი მილიონ 70 ათასი ლარი ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, 2 მილიონ 390 ათასი – საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, უშუალოდ ქველმოქმედებისთვის კი 3 260 00 ლარი დახარჯულა, ანუ ფონდმა ქველმოქმედების სახელით მიღებული ფინანსური რესურსის მხოლოდ მესამედი გამოიყენა ქველმოქმედებისთვის, თუმცა ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ამ მესამედ თანხასაც პაატა ბურჭულაძე განკარგავდა. ერთი შედარება: ბინებსა და სახლებში, რომლებიც ბენეფიციარებს გადაეცათ, “იავნანამ” სულ” 820 ათასი ლარი გადაიხადა, ხელფასებისთვის კი ადმინისტრაციამ მილიონ 760 ათასი ლარი გამოიწერა, ანუ ორჯერ მეტი თანხა ფონდის თანამშრომლებისთვის დაიხარჯა.

ამასთან, პაატა ბურჭულაძის ჩატარებულ კონცერტებში ფონდმა 2 მილიონ 390 ათასი ლარი დახარჯა, ამ კონცერტებიდან კი ფონდმა მხოლოდ მილიონ 260 ათასი ლარი მიიღო, ანუ კონცერტები რომ არ ჩატარებულიყო და შემოსული თანხა პირდაპირ ბენეფიციარებს ჩარიცხოდათ, ისინი ორჯერ მეტს მიიღებდნენ.

- თუ არის დათვლილი, ვინ რა ოდენობის ხელფასს იღებდა საქველმოქმედო ფონდში?

- POST TV-ს მოძიებული მასალების მიხედვით, მხოლოდ ოთხმა თანამშრომელმა მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, აქედან ასი ათასი ლარი მიიღო პაატა ბურჭულაძის მეუღლემ. ამ ოთხ თანამშრომელს შორის არის ვინმე გიორგი თურქია, რომელიც მოგვიანებით პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ შემომწირველად ითვლებოდა. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: ხომ არ იყენებდა საზოგადოების მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებულ თანხებს პაატა ბურჭულაძე პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის? 2016 წელს ბურჭულაძის პარტიას ვლადიმერ ჩიტაიაც აფინანსებდა, რომლის დაფუძნებული ორი აუდიტორული კომპანია – “ფინანსური მართვის ჯგუფი” და “კონსულტანტი” – ფონდის მუშაობას ამოწმებდა. ესეც, თავისთავად, კითხვებს ბადებს. რატომ ამოწმებდა ერთი პირის მიერ დაფუძნებული ორი სხვადასხვა აუდიტორული კომპანია ფონდს და ხომ არ იყო ეს გამიზნული საზოგადოების თვალის ასახვევად, თითქოს “იავნანა” იმდენად გამჭვირვალედ განკარგავდა თანხას, რომ სხვადასხვა აუდიტორებს ამოწმებინებდა თავის შემოსავლებს? წინააღმდეგ შემთხვევაში, კვალიფიციურ აუდიტორებს უნდა შეენიშნათ, რომ ფონდის შემოსავლებიდან შვიდასი ათასი ლარი მხოლოდ ავიაბილეთებში დაიხარჯა. ამ თანხიდან პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობისთვის 150 ათასი ლარი გამოიყო. აუდიტორებს კითხვა არც მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ფონდმა ბურჭულაძისთვის ორი ძვირად ღირებული, უახლესი მოდელის ავტომობილი შეიძინა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ფონდმა ვაკეში, პაატა ბურჭულაძის შვილისთვის, ორი ფეშენებელური ბინა შეიძინა, ბენეფიციარების ნაწილმა კი საჩუქრად მიღებული სახლების გამოყენება აქამდე ვერ მოახერხა. ერთ-ერთის სახლი პირდაპირ ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან არის, სხვების კი საცხოვრებლად უვარგისია. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კითხვებისა, რაც ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე პასუხგაუცემელია, ამიტომაც არის პროკურატურის რეაგირება მნიშვნელოვანი. თუ სისხლის სამართლის დანაშაული დადასტურდება, ყველამ, მათ შორის – პაატა ბურჭულაძემ პასუხი უნდა აგოს. ამასთან, აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე საქველმოქმედო ფინანსური ანგარიშების აღწერა, თუ როგორ იხარჯება ხალხის მიერ გაჭირვებული მოსახლეობისთვის გაღებული ფული.

კითხვებია შესაწირ ყუთებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ყველა სავაჭრო ობიექტშია განთავსებული და მოსახლეობა ამ ყუთებში ფულს ყრის.

- კონკრეტულად რა შეკითხვები ჩნდება შესაწირ ყუთებთან დაკავშირებით?

- შესაწირი ყუთებიდან ცხრა წლის განმავლობაში ფონდმა მხოლოდ მილიონი ლარის შემოსავალი დააფიქსირა, რაც ყველა გათვლითა თუ ექსპერიმენტით დაუჯერებლად დაბალი მაჩვენებელია, რადგან ქვეყნის მასშტაბით 120 ყუთია რეგისტრირებული.
ანუ პაატა ბურჭულაძის ორგანიზაცია ცხრა წლის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ ყუთებიდან ყოველწლიურად მხოლოდ 9 ათას ლარს იღებდა. რაც მთავარია, ყუთების ინკასაცია და აღრიცხვა ბანკში, შესაბამისი პროცედურების დაცვით არ ხდება – ყუთები ფონდში “იავნანას” თანამშრომლებს მიაქვთ და მხოლოდ მათ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რა თანხის დეკლარირებას მოახდენენ.

იურიდიულად ფონდი “იავნანა” დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა, ბოლო წლებში არავინ იცის, რომელ ბენეფიციარს დაეხმარა და როგორ. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ შესაწირი ყუთებიდან შემოსული, გაჭირვებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი თანხაც პაატა ბურჭულაძის კეთილდღეობას ხმარდება. ვიმეორებ, თუ გამოძიებითაც დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, პაატა ბურჭულაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ პაატა ბურჭულაძის საქმიანობის შესასწავლად გამოძიება მართლაც დაიწყოს, საქველმოქმედო ორგანიზაციაში კი მათ მიმართ გაჩენილ შეკითხვებს ფონდ “იავნანას” წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიად მიიჩნევენ. “იმისათვის, რომ ფონდს ზიანი მიაყენონ, რითაც, ყველასათვის ნათელია, რომ საბოლოოდ დაზარალდებიან სოციალურად დაუცველი ბავშვები და სტუდენტები, მიმართეს ნაცად და იაფფასიან ხრიკს – ციფრებით მანიპულირებას. სკანდალური ციფრის მისაღებად დააჯამეს ფონდის თანამშრომელთა ხუთი წლის ხელფასი. მოგახსენებთ, რომ ფონდ “იავნანაში” მუშაობს 16 თანამშრომელი, რომელთა ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის ჯამი ერთად 18 938 ლარია. აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებენ ფონდის”სხვა ხარჯებზე, რაც, ძირითადად, კონცერტის მოწყობისთვის საჭირო გასავალია. საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული მსოფლიოში აღიარებული არტისტების მოწვევა. ბოლო დროს არაერთხელ გახდა განსჯის საგანი უცხოელ ვარსკვლავთა ჰონორარი, რაც ზოგ შემთხვევაში თითოეულისთვის რამდენიმე მილიონს შეადგენდა.

როდესაც “იავნანას” მოწვევით ჩამოდიან მსოფლიო რანგის სოლისტები და დირიჟორები, ისინი ჰონორარის გარეშე იღებენ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას, მაგრამ მგზავრობას, სასტუმროს, საქართველოში მათი ყოფნისა და კონცერტის საორგანიზაციო ნაწილის ხარჯებს ფონდი ანაზღაურებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხარჯები ფინანსდება არა მოქალაქეების შემოწირულობებით, არამედ კერძო კომპანიებისა და სპონსორებისგან შემოსული თანხით. ვინც ბრალდებებს გვიყენებს, რატომღაც გამორჩათ (შესაძლოა, შეგნებულად გამოტოვეს) რამდენიმე მნიშვნელოვანი გრაფა. მათ შორის – ხუთი წლის მანძილზე საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობაში დახარჯული 2 379 000 ლარი, სხვა საქველმოქმედო ფონდისთვის “იავნანას” ანგარიშიდან გადარიცხული მიზნობრივად შემოსული თანხა – 276 000 ლარი, ხუთი წლის მანძილზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაწეული სხვადასხვა სახის დახმარება, რაც 96 000 ლარს შეადგენდა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქველმოქმედებაზე დაიხარჯა შემოწირული თანხის 91,9%. აქვე უნდა ითქვას მთავარი: ფონდში შემოსული თანხების ყველაზე დიდი პროცენტი არა მოქალაქეთა შემოწირულობებით, არამედ პაატა ბურჭულაძის მეგობრების ძალისხმევისა და მისი პირადი კონტაქტების შედეგი იყო,” – აცხადებენ ფონდში.

კვირის პალიტრა“, 18 სექტემბერი, 2017 წელი

რატომ დასცხეს ერთმანეთს ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილმა და დავით კეზერაშვილმა?! // ნიკა მელიას განცხადება – „დავით კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით და ძარცვით იშოვაო“ – მისი თანაპარტიელებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა

რუსუდან შელია

“არა მაქვს მორალური უფლება, სამართლიანად ვაკრიტიკო ფარცხალაძე ასობით მილიონის შოვნისთვის, როდესაც ვიცი, რომ იმ პარტიაში, რომელშიც ახლა პოლიტიკურ საბჭოს ვხელმძღვანელობ, წლების წინ იყო ადამიანი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად იშოვა მილიონები – ყაჩაღობით, ქურდობით, ძარცვით და ახლა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ “ევროპულ საქართველოს” აფინანსებს. ეს და სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილი და ვერაფრით ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე… ფინანსურ პოლიციაში მუშაობისას ძარცვავდა, როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს მთელ საზოგადოებას. ყველა მისი ბიზნესპარტნიორი, ყველა მისი მოწილე დღეს საქართველოშია, ისინი სამართლიანად თუ უსამართლოდ განდევნილები იყვნენ და დღეს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს, ბოკერია-უგულავას პარტიას რომ აფინანსებს, როგორ გგონიათ, ივანიშვილის დასტურის გარეშე ხდება ეს?.. “ნაციონალური მოძრაობა” განახლებული პარტიაა და ამ პარტიაში მოღალატე უგულავების დრო აღარ იქნება, აღარც ბოკერიების, აღარც კორუმპირებული კეზერაშვილების, ფარცხალაძეების”, – აცხადებს მელია.

“კვირის პალიტრას” ინფორმირებული წყარო უყვება, რომ სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც “ნაცმოძრაობამ” თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი დაასახელა – თავდაცვის ყოფილი მინისტრი საბოლოო არჩევანის წინაშე დადგა, წინასაარჩევნოდ მხარი პარტიის მოქმედი წევრებისთვის დაეჭირა თუ ყოფილებისთვის. ფაქტია, მან “ევროპულ საქართველოსთან“ მეგობრობის გაგრძელება არჩია და ნიკა მელიას, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის საჯარო რისხვაც დაიმსახურა: “ზაალ უდუმაშვილი წყალგამყოფი აღმოჩნდა კეზერაშვილისთვის, რადგან მისი კანდიდატად დასახელება განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა “ევროპული საქართველოსთვის” – ბოკერიამ დაკარგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი “რუსთავი 2″-ის სახით, რადგან ნიკა გვარამიამ და მთლიანად ტელევიზიის გუნდმა მხარი ზაალ უდუმაშვილს დაუჭირეს. წლებია “რუსთავი 2″-ს დავით კეზერაშვილი აფინანსებს, ამიტომ ფულადი დახმარების გაგრძელება “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ გალაშქრების ტოლფასი იყო, რისი მოლოდინიც, დიდი ალბათობით, კეზერაშვილისგან თავად სააკაშვილსაც არ უნდა ჰქონოდა. არ დაგვავიწყდეს, რომ გიგა ბოკერიას ქვისლი კახაბერ ნინუა და დავით კეზერაშვილი უახლოესი მეგობრები არიან, ისინი “გალფ რეისინგში” პარტნიორები იყვნენ – კახაბერ ნინუა დავით კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიის დირექტორი იყო წლების განმავლობაში, მანამდე კი, მინისტრობის პერიოდში, კეზერაშვილმა ნინუას სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ჩააბარა. ბოკერიასა და მისი ოჯახის გარდა, კეზერაშვილი გიგი უგულავას ბავშვობის მეგობარია, შესაბამისად, მას უფრო მეტი საერთო ჰქონდა “ევროპულ საქართველოსთან”, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილ მისთვის უცნობ ჯგუფთან. ამბობენ იმასაც, რომ კეზერაშვილმა საქართველოში ყველა ბიზნესი შეინარჩუნა,­ რის გამოც საქმიანი თვალსაზრისითაც გარკვეულ დათმობებზე წასვლამ მოუწია. სააკაშვილი და კეზერაშვილი ბოლოს ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ, სადაც მათ შორის მძიმე საუბარი გაიმართა. კეზერაშვილმა სააკაშვილს უთხრა, რომ ფულს აღარ მისცემდა. ოდესის ყოფილი გუბერნატორი გაცოფდა – შენი “გადასაგდები ვინ არისო და ერთმანეთს “დასცხეს”… ამ შეხვედრის დეტალები მარტივი გამოსაცნობია, თუ ნიკა მელიას განცხადებას ჩავუღრმავდებით, რაც, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული იყო”, – გვიყვება ინფორმირებული წყარო.

დეტალების გასარკვევად ნიკა მელიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, მან დამატებითი განმარტებისგან თავი შეიკავა, სამაგიეროდ, დაპირისპირებაზე დაუფარავად საუბრობენ “ევროპულ საქართველოში”.

დიახ, დავით კეზერაშვილს ჩვენი პარტიის წევრებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე „ქოცურ ნარატივს“ მიჰყვება: „ნიკა მელიამ ერთი-ერთში გაიმეორა ის პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან საზოგადოებას სთავაზობს – დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, თუმცა, ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ბრალდებების დასაბუთება და კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება. ევროპაში მალევე მიხვდნენ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური დევნის ნაწილი იყო, ამავე მიზეზით არ გამოაცხადა თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ძებნა ინტერპოლმაც. ამ დროს კი, “ნაცმოძრაობის” ლიდერი ზუსტად იმავე განცხადებას­ აკეთებს, რა ბრალდებებიც კეზერაშვ­ილის წინააღმდეგ მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აქვს.

რაც შეეხება გარიგებას, მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უკვე ილუზიებშია და საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. ისეთ რაღაცებს კადრულობენ, რასაც ყველაზე დაბალი კომპეტენციის, უღირსი პოლიტიკოსებიც კი არ იკადრებდნენ. დავით კეზერაშვილს დიდი ხანია არ შევხვედრივარ, თუმცა, დიახ, მას პარტიის წევრებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს, მაგრამ რატომ არის ეს გარიგება?!”.

ახალი თაობა“, 18 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მიხეილ სააკაშვილის სასამართლო საუკუნის სასამართლო იქნება“  // „დასავლეთის თვალში ის არის კორუფციასთან დაუძინებლად მებრძოლი

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს.

- ბატონო სოსო, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით პოლიტიკური პროცესი დასრულდა?

- არა, ჯერჯერობით არ დასრულებულა. მეტიც, საპროტესტო პირობები დღითიდღე მწიფდება და ძალას იკრებს. „მაიდანის“ შემდეგ სულ სხვა უკრაინას ელოდა რიგითი უკრაინელი. პეტრო პოროშენკო არ გამოდგა ეროვნული გმირი. მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოკლე დროით, მაგრამ პოპულარული იყო. პეტრო პოროშენკო საერთოდ არ ყოფილა პოპულარული. ცხადია, ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი სათავისოდ იყენებს. ვერაფერი გააკეთა პეტრო პორეშენკომ, იგივე ოლიგარქები, იგივე ცხოვრების დონე და, რაც მთავარია, დაკარგულია დონბასი, უკრაინის სამრეწველო გული.

- ამ ფონზე როგორია მიხეილ სააკაშვილის გეგმები?

- კი ამბობს, რომ მას პრეზიდენტობა არ უნდა, პირველი კაცობა არ უნდა, მაგრამ მისი ბუნება მეორე კაცობას, ჩრდილში ყოფნას ვერ იტანს. ეს კარგად უნდა სცოდნოდა მის ჯგუფელ თუ კურსელ პეტრო პოროშენკოს, ვინაიდან კარგად იცნობს ახალგაზრდობიდანვე.

მიხეილ სააკაშვილი იმ პროცესის დეტონატორად იქცა, რომელიც უკრაინაში ღვიოდა. მე ვფიქრობ, ისევ იულია ტიმოშენკო და სხვა ოპოზიციის პოპულარული ლიდერები გაერთიანდებიან. ამის შანსი უფრო არის დღეს უკრაინაში, ვიდრე საქართველოში. სწორი ქნა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ეს მოძრაობა დასავლეთ უკრაინაში დაიწყო, რადგან დასავლეთ უკრაინა ყოველთვის განსხვავდებოდა აღმოსავლეთ უკრაინისგან. თანაც კარგად იცნობს უკრაინელ ხალხს, ის უკრაინაში თავს გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

- ახალი მაიდანი არის შესაძლებელი?

- იმ მასშტაბის არა, რაც იყო. იანუკოვიჩი სხვა იყო, პოროშენკო კი სულ სხვაა. იანუკოვიჩის ზურგს უკან რუსეთი იდგა, დღევანდელი პრეზიდენტის უკან კი დასავლეთი დგას. მე არ მჯერა, რომ პოროშენკო ახალი ერდოღანი გახდება და მასობრივი დაპატიმრებები დაიწყება, ეს გამორიცხულია.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილმა რაც ვერ შეძლო ოდესის ოლქის გუბერნატორობით, ახლა სწორედ მეამბოხე ოპოზიციონერის ამპლუით აპირებს?

- ერთია გუბერნატორი, რომელიც მაინც სისტემის წარმომადგენელია ფორმალურად და მეორეა, იყო ოპოზიციონერი.

- სისტემის შეცვლა არ შეეძლო?

- არა, გუბერნატორი სისტემას ვერ შეცვლის. გუბერნატორს შეუძლია შეებრძოლოს სისტემას, ამხილოს სისტემა. მართალია. მან გუბერნატორობა წარუმატებლად დაასრულა, მაგრამ მისთვის ბოლომდე წარუმატებელი მაინც არ ყოფილა, რადგან პოპულარობა, რომლითაც დღეს სარგებლობს, სწორედ ოდესის გუბერნატორობით მოიპოვა, სწორედ ამ დროს გააცნო უკრაინელ ხალხს თავისი თავი.

პოლიტიკურად ერთი მთავარი რამ შეძლო სააკაშვილმა: დასავლეთის თვალში ის არის კორუფციასთან დაუძინებლად მებრძოლი. პოსტსაბჭოური სისტემის ყველაზე საშიში გადმონაშთი არის კორუფცია და ნეპოტიზმი. მეორე, უკრაინის თვალში სააკაშვილი არის ნომერ პირველი მებრძოლი რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინელები პოროშენკოს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლად არც აღიქვამენ, მეტიც, მთელ რუსეთს შოკოლადით კვებავო, აძახებენ.

- ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კი აქვს საქართველოს ექსტრადირების მოთხოვნა გაგზავნილი, მაგრამ გადმოცემა არაფერში აწყობს ჩვენს ხელისუფლებას. ეთანხმებით?

- მე არ გამოვრიცხავ, რომ პოროშენკომ მაინც მოიშოროს ეს თავის ტკივილი და თქვას, მე საქართველოს ხელისუფლებამ მომცა პირობა, რომ არ იქნება პოლიტიკური სასამართლო. გარდა ამისა, პოროშენკოს შეუძლია ევროპას უთხრას, საქართველო თქვენი კლიენტია, ევროკავშირში, ნატოში შესვლა უნდა, მოსთხოვეთ, რომ სამართლიანი სასამართლო ჩატარდეს და არა – პოლიტიკური. წარმოიდგინეთ, თუ ეს სასამართლო შედგა, როგორი სასამართლო იქნება. შეიძლება ეს იყოს საქართველოს მასშტაბისთვის საუკუნის სასამართლო. ამ დონის პოლიტიკური პიროვნება საქართველოში არ გასამართლებულა, თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის დროსაც კი. ეს ნიშნავს, რომ 20-30 ქვეყნის 100 ჟურნალისტი და ტელეკამერა ჩამოვა და გააშუქებს ამ პროცესს და რა, ხელისუფლება ციანიდის საქმესავით დახურავს ამ სასამართლოს?! ვერ დახურავს.

1937 წელს ეს უფლება სტალინმაც კი ვერ გამოიყენა. კავშირის სვეტებიან დარბაზში ღია სასამართლო იყო. როგორი იყო ეს სასამართლო, გასაგებია, მაგრამ ფორმალურად ღია იყო. ამაზე ამერიკის ელჩმა საბჭოთა კავშირში დევისმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო საკუთარი თანხით. დევისი მილიონერი ბანკირი იყო და ეს ფული არ დაენანა, მაგრამ მოტყუვდა, ამ ფილმში ამ ღია სასამართლოზე აკეთებდა აქცენტს, რომელიც ჯერ ამერიკაში უჩვენა, შემდეგ – კრემლში. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან რთული პროცესია, რისკებთან არის დაკავშირებული. რამდენად გაუმკლავდება ჩვენი ხელისუფლება ამ რისკებს, რთული სათქმელია.

- მიხეილ სააკაშვილი არ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე? პეტრო პოროშენკომ თქვა, ასეთი ძალით საკუთარი სამშობლოს საზღვარი გაარღვიოსო.

- ჯერ არ ფიქრობს, ის ელოდება, საქართველოში როდის მიაღწევს სოციალური დუღილი თავის პიკს – როგორი იქნება ლარის ბედი, ტარიფები, პლუს პოლიტიკური ვითარება. ამ ყველაფერს ის უკრაინიდან ელოდება.

ახალი თაობა“, 18 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „უკრაინაში წარმატება მიხეილ სააკაშვილის პოპულარობას საქართველოშიც გაზრდის“ // „ავტორიტარიზმისკენ საქართველოს ყველა ხელისუფლება იყო მიდრეკილი

მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს თამარ ჩხეიძეს.

- ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითქმის ყველა ამბობს, რომ პოლიტიკური სპექტრი საგრძნობლად გაღარიბდა. თბილისის მერის პოსტზე 9 კანდიდატი იყრის კენჭს. აქედან 8 პოლიტიკური ძალების წარმომადგენელია. გამოდის, რომ პოლიტიკური ველი ცარიელი არ ყოფილა?

- არასდროს ჩამითვლია, რომ პოლიტიკური ველი დაცარიელდა. არც ერთი პარტია არ წასულა პოლიტიკიდან. ერთი მრავალრიცხოვანი ძალა ბოლო დროს ორად გაიყო. ადგილობრივი არჩევნებისთვის საკმარისი რაოდენობით ძალები ემზადებიან. მერის თანამდებობაზე წარმოყენებული კანდიდატების რაოდენობაც არ არის უჩვეულო. ჩვენთან პრეზიდენტისა და დედაქალაქის მერის არჩევნებში ყოველთვის ბევრი პირი მონაწილეობდა. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია.

- რითია მნიშვნელოვანი ეს არჩევნები?

- აქ გამოჩნდება, ვის რა შეუძლია და შეიცვალა თუ არა რაიმე რეალურად. 21 ოქტომბრის არჩევნებზე გამოაშკარავდება, ისევ სრულად აკონტროლებს თუ არა ხელისუფლება ყველაფერს თუ რომელიმე პარტიას ამა თუ იმ რეგიონში გამარჯვებით სიახლე შემოაქვს პოლიტიკაში.

- მიუხედავად იმისა, რომ ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღოს, ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტთან ერთად შეთანხმდნენ ხუთ საკითხზე, რომელიც კონსტიტუციაში უნდა აისახოს. აქვს აზრი ბრძოლის გაგრძელებას?

- კონსტიტუცია თანხმობის შედეგი უნდა იყოს, თუმცა, ამ შეხვედრების გაგრძელებაში დიდ აზრს ვერ ვხედავ. ხელისუფლებამ გაგვაგებინა, რომ ამ ეტაპზე დათმობას არ აპირებს. ალბათ, არჩევნებამდე `ქართული ოცნება~ მესამე მოსმენითაც მიიღებს ამ შეუთანხმებელ კონსტიტუციას. საქართველოს საზოგადოება რომ ბრძოლისუნარიანი იყოს, ამას ვერ გაბედავდა და შიდა ზეწოლითა და საგარეო რეკომენდაციების შედეგად ვითარება შეიცვლებოდა. ჯერჯერობით, `ოცნებას~ ხალხის მასობრივი გამოსვლები არ აშინებს და ის კონსტიტუციას თავის ნებაზე მიიღებს.

- საკონსტიტუციო რეფორმისა და სხვა თემების გამო გახშირდა ოპონენტების განცხადებები იმაზე, რომ ოცნება ავტორიტარიზმის გზას დაადგა. ზოგიერთი დიქტატურაზე ალაპარაკდა.

- ავტორიტარიზმისაკენ პოსტსაბჭოთა საქართველოს ყველა ხელისუფლება იყო მიდრეკილი. გამონაკლისი არც ახლანდელი ხელისუფლებაა. ავტორიტარიზმის ნიშნები აშკარაა, ტოტალიტარიზმის დამყარება კი ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველაზე მეტად იკვეთება, რომ ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ დევნას.

- რას გულისხმობთ?

- ხელისუფლების შეცვლამ არ უნდა გამოიწვიოს წინა ხელისუფლების მომხრეების შევიწროება. პარტიული ნიშნით ხალხს სამსახურებიდან არ უნდა ათავისუფლებდნენ. როცა ოპონენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნაა, ის პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. არათავისიანებს პოლიტიკურად დევნიან და ამას ეძლევა სამართლებრივი ფორმა. აქ სამართლებრივი მხარე მთავარი არ არის. წინა ხელისუფლებას ჰქონდა დარღვევები, შეცდომები, მაგრამ აშკარად პოლიტიკური დევნა მასობრივად არ ყოფილა. მაშინდელი პოლიტიკური დევნის მაგალითებად შემიძლია დავასახელო ირაკლი ბათიაშვილისა და თემურ ჟორჟოლიანის ციხეში ჩასმა. ისინი სააკაშვილის დროის პოლიტპატიმრები იყვნენ. სხვა შემთხვევებში ეს ასე გამოკვეთილი არ იყო.

- ნაცმოძრაობის აქტივი სააკაშვილის დევნის შეჩერებასაც მოითხოვს...

- ეს სწორი მოთხოვნაა. სააკაშვილს პოლიტიკურად დევნიან. მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები ხშირად აბსურდულია, პიჯაკების ყიდვითა და ცნობილი მოღვაწეების საფლავებზე გვირგვინების შეძენით დაწყებული, იუშჩენკოს ვიზიტის ხარჯებით დამთავრებული.

- რადგან სააკაშვილზე ვსაუბრობთ, რას ფიქრობთ მის შესაძლო გეგმებზე საქართველოს მიმართ? იგი კიევში შესვლას აპირებს. ეს აისახება სიტუაციაზე საქართველოში?

- ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ შედეგზე, რომელსაც ის აჩვენებს თავისი საქმიანობით. არ ვიცი, ამჯერად აქვს თუ არა სააკაშვილს მხარდაჭერა გარედან. თუ ასეთი მხარდაჭერა არსებობს, მაშინ მისი წარმატება რეალურია. უკრაინის პოლიტიკაში წარმატების შემთხვევაში, მისი პოპულარობა საქართველოშიც გაიზრდება.

ახალი თაობა“, 16 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, ბარიერმა 3%-მდე დაიწიოს“ // რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.

- ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა განაცხადა, რომ მათ აცნობეს ქართული მხარიდან, რომ საკონსტიტუციო ტექსტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. რამდენად გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია?

- ვის გულისხმობს „ქართულ მხარეში“ ვენეციის კომისიის მდივანი? მეც ქართული მხარე ვარ. ოპოზიციას უნდა ეს, მაგრამ ძალა არ შესწევს. თუ ეს ინფორმაცია ხელისუფლებიდან მოდის, მაშინ ვინ თქვა? ეს ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია.

- რატომ?

- ეს რომ რეალობა იყოს, ხელისუფლების მხრიდან კომუნიკაცია იქნებოდა. სულ ცოტა დრო დარჩა მესამე მოსმენამდე და ვნახავთ, რა ცვლილებებს აპირებს ხელისუფლება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღოს და ოპოზიციის მცდელობა, პრეზიდენტთან ერთად ალტერნატიული წინადადებების შეთავაზება, სრულიად უადგილოა?

- თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ პრეზიდენტის მცდელობა, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის ყველანაირი მცდელობა უადგილოა, რადგან ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს და რასაც უნდა, იმას გააკეთებს. ასეთ პირობებში პოლიტიკაში ყოფნაც უადგილოა და უაზრობაა. თუმცა, ეს ასე ნამდვილად არ არის. მე არ მაქვს ილუზია, რომ ხელისუფლება უცებ გაითვალისწინებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ხელისუფლების გამოკლებით, სამოქალაქო სექტორის უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა და პრეზიდენტმა საერთო პოზიცია შეაჯერა და ეს მოტივირებულ შენიშვნად აქცია, არის უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაწილი. ეს მივა საერთაშორისო ორგანიზაციებამდე, მათ შორის ვენეციის კომისიამდე, რომ ქვეყანა, რომელსაც ევროინტეგრაციის პრეტენზია აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთპარტიულ რეჟიმში ახორციელებს და ყველა დანარჩენის იგნორირებას ახდენს.

მეორე მოსმენა როდესაც გაიმართა, ამით სამართლებრივი პროცესი დასრულდა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი გაგრძელდა. პოლიტიკური პროცესის ნაწილია სწორედ ის შეჯერებული ვერსია, რომელიც მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. ეს პოლიტიკური პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ხელისუფლების ასეთი იგნორირებული პოზიცია ყველას და ყველაფრის მიმართ ყოველთვის მიდიოდა იმ კონდიციამდე, რომ ხელისუფლებები ძალიან მწარედ და მტკივნეულად ტოვებდნენ სკამებს.

- პრეზიდენტი ვეტოსთვის ემზადება?

- როდესაც პრეზიდენტთან შევიკრიბეთ, საუბარი იყო ხელისუფლებისთვის მოტივირებული შენიშვნების მიწოდებაზე. ეს ტერმინი ბუნებრივად აღძრავს ვეტოს მოლოდინს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ეს მისი საქმეა. თუმცა, მაღალი ალბათობით, დოკუმენტი, რომელიც შეჯერდა, პრეზიდენტის მიერ გამოყენებული იქნება, როგორც ვეტოს საფუძველი.

- რა განასხვავებს ამ დოკუმენტს წინა დოკუმენტისგან, რომელიც ოპოზიციამ შეიმუშავა?

- ეს დოკუმენტი არის ფართო კონსენსუსის შედეგი სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის. შინაარსობრივი თვალსაზრისით ხუთი მიმართულებაა გამოყოფილი:  პირველი პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება. ხელისუფლება გვთავაზობს, რომ 300-მა ხმოსანმა აირჩიოს პრეზიდენტი, ჩვენ ვთავაზობთ, რომ ხალხს არ წავართვათ ეს უფლება. მეორეა საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლება გვთავაზობს, დარჩეს 5%-იანი ბარიერი და აიკრძალოს პოლიტიკური ბლოკები. მესამე – 2020 წელს შენარჩუნდეს მაჟორიტარული არჩევნები. ჩვენ ვთავაზობთ: ბარიერმა 3%-მდე დაიწიოს, არ აიკრძალოს წინასაარჩევნო ბლოკები, ერთპალატიან პარლამენტში გაუქმდეს ის სიმახინჯე, რომელსაც მაჟორიტარული სისტემა ჰქვია და მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად განაწილდეს.

ხელისუფლება გვთავაზობს, რომ პრემიერს, კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, შეუძლია, მინისტრები ისე შეცვალოს, რომ პარლამენტს არც დაეკითხოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო კონტროლი მთავრობის დაკომპლექტებისას უნდა შენარჩუნდეს.

ხელისუფლება გვთავაზობს, რომ მოსამართლეების დანიშვნისას პრეზიდენტი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს, ისინი უნდა წარადგინოს იუსტიციის საბჭომ და დანიშნოს პარლამენტმა. ასევე გვთავაზობენ, მოსამართლეები უვადოდ კი არა, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში თითოეული მათგანი მოწყვლადი გახდება, რადგან მას ეცოდინება, რომ თუ „ჭკვიანად“ არ მოიქცევა, მისი საქმე ცუდად დამთავრდება. ამიტომ მოსამართლეები ყოველგვარი გამოსაცდელი ვადის გარეშე უვადოდ უნდა დაინიშნონ და ამ პროცესში უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა, როგორიც პრეზიდენტია.

მეხუთე პუნქტი კი უშიშროების საბჭოს ეხება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმება მიზანშეუწონელია. საომარი მოქმედების დროს პრეზიდენტი მთავარსარდალი ხდება, მაგრამ არასაომარი მოქმედებისას მას ელემენტარული ინფორმაციაც კი არ აქვს, რაც დაუშვებელია, მით უფრო, იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება.

ეს განსხვავებაა ჩვენს შეთავაზებებსა და ხელისუფლების პროექტს შორის. ძალიან ბევრ წინადადებას, მაგალითად, მიწის გასხვისებასთან, ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით, გვერდი ავუარეთ, რადგან საერთო პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა. შევიმუშავეთ მხოლოდ ის ნაწილი, სადაც სრული კონსენსუსი დაფიქსირდა.

- პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებას რეფორმების გასატარებლად სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. რას იტყვით?

- ძალიან მწყინს, როდესაც ამას ხმამაღლა აჟღერებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რაც პოლიტიკური სიბნელის დემონსტრირებაა. ასეც რომ ფიქრობდე, არ უნდა თქვა. მსოფლიო დემოკრატია ამას, უბრალოდ, არ ცნობს. დემოკრატია იცნობს როგორც სახელისუფლებო მმართველობას, ისე პოლიტიკური უმცირესობის უფლებებსა და ოპოზიციის კონტროლის მექანიზმებს. საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ ისეთი დოკუმენტი, როგორიც კონსტიტუციაა, ერთპარტიულ სახელისუფლებო ფორმატში უნდა იქნეს მიღებული.

ახალი თაობა“, 18 სექტემბერი, 2017 წელი

სოსო ოხანაშვილი: პატრიარქის სახლში შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე ტერორიზმში ბრალდებულ პირებს მალავდნენ“ // მიხეილ რამიშვილი: პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ სოსო ოხანაშვილს სასამართლოზე ჩვენება არ მიეცა“ // ზვიად კუპრავა: მამა გიორგის ადვოკატებს ეს ჩვენება უნდა გაესაჯაროებინათ»

საპატრიარქო მორიგ სკანდალში გაეხვია, რომელიც ციანიდის სკანდალზე უფრო დიდ სკანდალად შეფასდა. პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილი ტერორიზმში ბრალდებულებს პატრიარქის სახლში მალავდა.

სკანდალური შორენას გარდა, ოხანაშვილმა ტერორიზმში ბრალდებულებისთვის კალთის გადაფარებაში ბრალი საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძესაც დასდო.

სკანდალური განცხადება პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ციანიდის საქმის განხილვისას გააკეთა. ის ამ დროისთვის გერმანიაშია და ჩვენება სასამართლოს გერმანიიდან, სკაიპის მეშვეობით მისცა. წესით და რიგით, ამ საკითხზე მაშინვე უნდა დაწყებულიყო გამოძიება. სოსო ოხანაშვილმა ჩვენება 25 ივლისს მისცა, თუმცა დღემდე ამ საქმეზე არავინ დაკითხული არ არის.

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის სკანდალური ჩვენების ნაწილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა.

„ციანიდის საქმეზე“ დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ახალ თაობასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სოსო ოხანაშვილმა იმ დღეს კიდევ ბევრი სკანდალური განცხადება გააკეთა.

ადვოკატისთვის უცნობია, თუ როგორ ჩაუვარდა ხელში ტელეკომპანიას ეს ჩანაწერი.

სოსო ოხანაშვილის თქმით, პატრიარქის სახლში, რომელიც თბილისში, მცხეთის ქუჩაზე მდებარეობს (სახლი ილია II-ს ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა აჩუქა), 2016 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა. მათ თურქი სამართალდამცველები ეძებდნენ.

ილია II-ის დაცვის ყოფილი უფროსის ჩვენებიდან ირკვევა, რომ სახლში თურქეთის ძებნილი მოქალაქეები პატრიარქის დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და ისიც დაადგინეს, რომ უწმინდესის რეზიდენციაში ისინი პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ დააბინავეს. მისი თქმით, ქართველი ძალოვნები ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთის მიერ ძებნილი პირები საქართველოში იმყოფებოდნენ. ანდრიაძე და თეთრუაშვილი რამდენიმე თვის მანძილზე ისე მალავდნენ ძებნილებს პატრიარქის სახლში, რომ ამის შესახებ ილია II-მ არაფერი იცოდა.

როგორც დაცვის ყოფილი უფროსი ამბობს, ძებნილების შეფარებაზე პატრიარქს ინფორმაცია მან მიაწოდა. მისივე თქმით, დაცვის სამსახურმა ტერორიზმში ბრალდებულები ილია II-ის სახლიდან გასული წლის აპრილის თვეში გაიყვანა.

გიორგი ანდრიაძე სოსო ოხანაშვილის ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, პირები რომლებიც პატრიარქის სახლში დააბინავეს, ლაზები იყვნენ. გიორგი ანდრიაძე ამტკიცებს, რომ მათ საქართველო ძალიან უყვართ. მისი ინფორმაციით, მათ მიერ კალთაგადაფარებულ პირებს თურქეთის ხელისუფლებასთან პრობლემები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეექმნათ.

- ჩვენთან მოდიან ყველანაირი ტიპის ლაზები, თურქეთის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები, ოპოზიცია, ათეისტები, ისლამისტები. პატრიარქის სახლი გადმოცემული გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. ამ სახლში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები. ეს ადამიანები არ შემოპარულან ტყით და ზღვით. ოფიციალურად ჩაურტყეს ბეჭედი და შემოვიდნენ საზღვრიდან. პრობლემები გაუჩნდათ მერე, ალბათ, როდესაც თურქეთში დემოკრატიული ჯგუფების დევნა დაიწყო, – აღნიშნავს მედიასთან საუბარში გიორგი ანდრიაძე.

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მისი და შორენას პროტეჟეები დემოკრატები არიან.

- ეს ადამიანები არ იყვნენ ისლამისტები, ისინი იყვნენ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები. ეს პიროვნებები რომ დაიჭირეს, საქართველოს მთავრობას მათთან პრობლემა არ ჰქონია. გაიმართა სასამართლო პროცესი და ერთი მათგანი გამოუშვეს. დღესაც საქართველოში ცხოვრობს, – აღნიშნავს გიორგი ანდრიაძე.

თურქეთის ხელისუფლების მიერ ძებნილებზე და საპატრიარქოს წარმომადგენლების ურთიერთობაზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე. მისი თქმით, 2016 წლის გაზაფხულზე გლდანის მერვე საპყრობილეში იჯდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი, ინტერპოლით ძებნილი მუსტაფა ზორლუჯანი, რომელსაც საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა იცავდა.

ედიშერ ქარჩავა სასამართლოზე პატიმრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა და საპატრიარქოს წერილობითი რეკომენდაციაც წარმოადგინა.

მოსამართლემ რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და მუსტაფა ზორლუჯანის თურქეთში ექსტრადირება მოხდა.

——–

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ახალ თაობასთან“ საუბარში იხსენებს თუ როგორ არ უნდოდა პროკურატურას, რომ სოსო ოხანაშვილს სასამართლოსთვის მიეცა ჩვენება.

- სოსო ოხანაშვილი იყო ბრალდების მოწმე. პროკურატურა ყველაფერს აკეთებდა, რომ მას სასამართლოზე არ მიეცა ჩვენება. ოხანაშვილი გერმანიაში გაემგზავრა და ამბობდნენ, რომ მას ვერ პოულობდნენ. ისიც თქვეს, რომ მას ჩვენების მიცემა არ სურდა. დაცვის მხარემ, ჩვენი ძალებით მოვიძიეთ ეს ადამიანი და ვკითხეთ, რატომ იყო წინააღმდეგი, მიეცა ჩვენება. მან გვითხრა, რომ არანაირი შეტყობინება არ მისვლია და ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადა, – აღნიშნავს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოზე მოწმემ ბევრ რამეზე, მათ შორის პატრიარქის სახლში ძებნილების დამალვაზეც ისაუბრა.

მიხეილ რამიშვილი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ სკანდალურ განცხადებაზე ოხანაშვილს კითხვები არც ბრალდების და არც დაცვის მხარემ არ დაუსვა. ადვოკატების დუმილს იგი ასე ხსნის: „ადამიანმა ისე სრულყოფილად ილაპარაკა, რომ კითხვის დასმა საჭირო არ იყო. თანაც რა ფერის სამოსი ეცვათ და რომელ ოთახში ეძინათ სტუმრებს, ეს ციანიდის საქმესთან არანაირ შემხებლობაში არ ყოფილა“.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ამ სკანდალურ განცხადებაზე რეაგირება საგამოძიებო უწყებას უნდა მოეხდინა: „რეაგირება უნდა მოეხდინათ საგამოძიებო სამსახურებს და პირველ რიგში, პროკურატურას. როცა სჭირდებათ, ოპერატიულად რეაგირებენ. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. პროკურატურის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს, ბათუმიდან ვიღაცამ დაურეკა, ეს მუქარად ჩათვალეს და სასწრაფოდ აღძრეს საქმე. ირაკლი ფირცხალავამ ირაკლი მამალაძეზე განაცხადა, რომ ის სპეცსამსახურების აგენტ-პროვოკატორი იყო. პროკურატურამ მაშინვე აღძრა საქმე ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ. სოსო ოხანაშვილის სკანდალურ განცხადებაზე რეაგირება არ ყოფილა. ჩვენთვის არაფერია ცნობილი იმაზე, რომ ამ ინფორმაციით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ. ეს გასაკვირიც კი არ არის, არამედ პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ტანდემში არიან“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატი იხსენებს, რა მოხდა სასამართლოზე, როცა ოხანაშვილმა სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა: „როცა ამ ჩვენებას იძლეოდა ოხანაშვილი, ბრალდების მხარე ძალიან დაიძაბა. საგამოძიებო მოქმედებებს ვერ დავიწყებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დაცვის ყოფილმა უფროსმა სრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა. სოსო ოხანაშვილს პროკურატურისთვის ჩვენება სასამართლომდეც ჰქონდა მიცემული. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ძებნილების შეფარებაზე ოხანაშვილმა სასამართლოზე პირველად ისაუბრა.

- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ თემაზე პროკურატურასთან მანამდე არ უსაუბრია. საგამოძიებო ორგანოებში უშუალოდ მამა გიორგიზე ეკითხებოდნენ. თანამზრახველობისკენ მიჰყავდათ საქმე, – ამბობს ადვოკატი.

მიხეილ რამიშვილის განმარტებით, სასამართლოზე ოხანაშვილმა ძალიან საინტერესო ჩვენება მისცა. არ გამორიცხავს, რომ ამ ჩვენების საფუძველზე კიდევ რამდენიმე სკანდალი აგორდეს.

- სასამართლოში ორსაათიანი დაკითხვისას გარკვეულმა გარემოებებმა იჩინა თავი. დაისვა კითხვები, არსებობდა თუ არა დაპირისპირება საპატრიარქოში, ვინ რითი იყო დაკავებული. შესაბამისად, ამ კაცმა ბევრი რამე იცოდა. ოხანაშვილი არ იყო მხოლოდ პატრიარქის პირადი დაცვა. მას საკმაოდ საინტერესო თემებზე ჰქონდა საუბარი. დეტალებს ვერ მოვყვები. არც ის მინდა, პროკურატურასავით მოვიქცე, ნაგლეჯ-ნაგლეჯ რომ გაავრცელეს სამხილები. ისეთ თემებს ეხება ოხანაშვილი, რომ ძალიან ბევრი ახალი საქმე შეიძლება აგორდეს. საუბარია ფინანსურ საქმეებზე, რასაც შეეწირა გიორგი მამალაძე, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. მისივე განცხადებით, სკანდალი, სასულიერო პირების გარდა, საერო პირებსაც შეეხება:

- პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ჩვენების თანახმად, ანომალიურ და კატასტროფულ ფინანსურ დარღვევებთან გვაქვს საქმე. აქ სასულიერო პირებთან ერთად საერო პირებიც ფიგურირებენ. ანგარება აქ არის, თუ არის.

——–

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ ადვოკატებს ეს ინფორმაცია მაშინვე უნდა გაესაჯაროებინათ. მისივე თქმით, პროკურატურას ოხანაშვილის განცხადებაზე მაშინვე უნდა დაეწყო გამოძიება.

- მართალია, ციანიდის საქმე საზოგადოებისთვის დაიხურა, მაგრამ მას ესწრებოდნენ პროკურორები. მათ მაშინვე უნდა აღეძრათ საქმე, როგორც კი ოხანაშვილმა ეს სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. საინტერესოა, დაიწყეს თუ არა მათ ამ საქმის გამოძიება. ეჭვი მეპარება, რომ გამოძიება დაიწყეს, მაგრამ თეორიულად ყველაფრის შანსი არსებობს. საინტერესო იქნება იმის გაგებაც, როდის დაიწყეს გამოძიება, როცა ამბავი გახმაურდა, თუ როცა ოხანაშვილის ჩვენება მოისმინეს, – ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში კუპრავა. მისი თქმით, პროკურატურას თუ გამოძიება დაწყებული არ აქვს, ეს საქმის პოლიტიზებულობაზე მიუთითებს: „კიდევ ერთხელ გახდება ნათელი, რომ საქმეში პროკურატურის და უშიშროების ხელით სახელმწიფოა ჩართული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მამა გიორგი მაფიოზური კლანების ინტერესთა კონფლიქტს შეეწირა“, – აღნიშნავს სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, თუ აღმოჩნდება, რომ გამოძიება დაწყებულია, მაშინ პროკურატურის მიმართ ამის გამო პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს.

მას პროკურატურასთან სხვა პრეტენზიები აქვს. აინტერესებს, თუ რატომ არ მოიძებნა აქამდე პირი, რომლისგანაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა.

- დარწმუნებული ვარ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი არ შეუძენია, მაგრამ ვთქვათ და შეიძინა, მაშინ სად არის გამყიდველი? რატომ არ პოულობენ? გამოდის, რომ საქართველოში თავისუფლად დადის პიროვნება, რომელსაც ციანიდზე მიუწვდება ხელი. ასეთმა ადამიანმა ხვალ შეიძლება რადიოაქტიური ნივთიერებაც გაასაღოს, – ამბობს ზვიად კუპრავა. მისი თქმით, ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. კითხვები მას ადვოკატებთანაც აქვს. ამბობს, რომ აქამდე ადვოკატების კრიტიკას ერიდებოდა, რადგანაც მიაჩნდა, რომ ეს დაცვის მხარის სტრატეგია იყო. ახლა კი აცხადებს, რომ გაუთქმელობის ხელწერილზე ხელის მოწერა საეჭვო იყო. მისი აზრით, თუნდაც ახლახან გაჟღერებული ინფორმაციით შეიძლებოდა საქმეში რაღაცის შეცვლა მამა გიორგის სასარგებლოდ.

- მამა გიორგის ჰყავს რამდენიმე ადვოკატი. რამდენიმე მათგანს პროკურატურამ ხელი მოაწერინა გაუთქმელობის ხელწერილზე. პროკურატურამ შესაძლოა ბევრი რამე მოითხოვოს, მაგრამ ყველაფერს კი არ უნდა დაეთანხმონ.

დაცვის მხარეს თავისუფლად შეეძლო, არ მოეწერა ხელი გაუთქმელობაზე, რადგანაც საქმეს არ ედო გრიფით საიდუმლო. საქმეს თუ გრიფი არ ადევს, ადვოკატი გაუთქმელობას არ უნდა დათანხმდეს. რადგან მათ ეს გააკეთეს, მე გამიჩნდა კითხვები დაცვის მხარესთან. ისინი არიან მამა გიორგის ადვოკატები და პირველ რიგში მისი უფლებები უნდა დაეცვათ. დაიცვეს ამით დეკანოზის ინტერესები? რა თქმა უნდა, არა. დეკანოზის ერთადერთი ხსნა იყო ამ თემის საჯაროობა, – ამბობს ზვიად კუპრავა.

მას კითხვები აქვს იმ ადვოკატებთანაც, ვინც გაუთქმელობაზე არ მოაწერა ხელი.

_ პროკურატურის მოთხოვნას რამდენიმე ადვოკატი არ დათანხმდა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ გაასაჯაროვეს მათ საქმის დეტალები. მე საქმეში არსებულ ინფორმაციებზე მაქვს საუბარი. ამ ინფორმაციების გასაჯაროება იყო გზა და შანსი დეკანოზის გამართლებისა.

მამა გიორგის მთავარი ბრალი იყო შორენას მკვლელობის მცდელობა. გამოძიების ეტაპზე ოხანაშვილისგან ცნობილი გახდა თეთრუაშვილის დანაშაულებების შესახებ. ეს დაცვის მხარისთვის უნდა ყოფილიყო ხელმოსაკიდი, რომ შორენა თავად არის დამნაშავე.

პატრიარქის მდივან-რეფერანტმა ამ საქმეზე მოწმის სახით მისცა ჩვენება. მოწმე, რომლის დანაშაულიც იკვეთება, ბუნებრივია, არ იქნება გულწრფელი, _ მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მისი აზრით, სავსებით შესაძლებელია, მამა გიორგიმ იცოდა, რომ შორენამ ტერორიზმში ეჭვმიტანილები პატრიარქის სახლში დამალა.

- არაა გამორიცხული, რომ შორენა მას ამის გამოც დაუპირისპირდა. თუმცა იქ გაცილებით უფრო სერიოზულად არის საქმე. დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი რანგის სასულიერო პირების კლანურ დაპირისპირებას და პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას შეეწირა, – აცხადებს ზვიად კუპრავა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა ოხანაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას შეისწავლის. მისივე თქმით, არ იქნება ცუდი, თუ ისიც გაირკვევა, რაში ხარჯავს საპატრიარქო იმ ფულს, რომელსაც მას ბიუჯეტი აძლევს.

კვირის პალიტრა“, 18 სექტემბერი, 2017 წელი

ჩვენთან, სტიქიის შემთხვევაშიც კი, სარგებელს ეძებენ“ // მეხანძრე-მაშველებს, მორიგეობისგან თავისუფალ დროს, შემოსავლის დამატებითი წყაროს ძებნა უწევთ

ემა ტუხიაშვილი

მეხანძრე-მაშველები, სამხედრო მოსამსახურეები და ავიაცია ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს თითქმის 10 დღის განმავლობაში ებრძოდნენ. რთული რელიეფური პირობების გამო მასშტაბური სტიქიის სრული ლიკვიდაცია მხოლოდ აგვისტოს ბოლოს გახდა შესაძლებელი. ჯერ არც ზარალია დათვლილი და არც ის, თუ რა დაჯდება და როდის მოხერხდება ცეცხლით განადგურებული ტყის 200-მდე ჰექტარის აღდგენა, თუმცა, ბორჯომის გამგებელმა უკვე მოახერხა და ხანძრის ლიკვიდაციიდან ერთ კვირაში საკუთარ თავსა და რამდენიმე თანამშრომელს ხანძრის ჩაქრობაში შეტანილი წვლილისთვის პრემია გამოუწერა. და ეს მაშინ, როცა მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ალმოკიდებულ ტყეში რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში შეუსვენებლად ცეცხლს, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით ებრძოდნენ, პრემია მხოლოდ ბორჯომის გამგეობის თანამშრომლების პრემირების ფაქტის გახმაურების შემდეგ დაერიცხათ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, ანზორ სვანიძის განცხადებით, გამგეობის თანამშრომლებმა ფულადი ჯილდო დამსახურებულად მიიღეს. მისივე განმარტებით, თანხა გადაეცა იმ თანამშრომლებს, რომლებიც ხანძრის დროს 8-10 დღის განმავლობაში დღედაღამ თავდაუზოგავად შრომობდნენ, მათ შორის საკუთარი ხარჯებითა და რესურსებით ცდილობდნენ მეხანძრე-მაშველების მომარაგებას როგორც საკვებით, ასევე სხვა პირადი მოხმარების ნივთებით. არადა, მაშველები ამბობენ, რომ ცეცხლის გაჩენიდან პირველი სამი დღის განმავლობაში სასმელი წყალიც არ ჰქონდათ. გარდა ამისა, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ხანძრის დროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხები ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული მეხანძრე-მაშველების კვება-დაბინავებისა და მოძრაობისათვის. როგორც ჩანს, საჯარო მოხელეს დაავიწყდა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი “საგმირო საქმე” მისი უშუალო მოვალეობაა და სწორედ ამისთვის უხდიან ხელფასს, რომელიც, ისევე როგორც მაშველების კვებაზე გაწეული ხარჯი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

თუმცა, ბორჯომის გამგებელმა მიიჩნია, რომ მაშინ, როცა მის რაიონში მძვინვარებდა მასშტაბური სტიქია, რომელიც დასახლებულ პუნქტებს უქმნიდა საფრთხეს და მის სალიკვიდაციოდ მეზობელი ქვეყნების დახმარება გახდა საჭირო, გამგეობის 11 თანამშრომლის მონაწილეობა ამ პროცესში სასწრაფოდ პრემიით უნდა დაეფასებინა და ესეც ბიუჯეტის ხარჯზე. სხვათა შორის, გამგებლის მოადგილემ ისიც თქვა, მეხანძრე-მაშველებთან შედარებით შესაძლოა ჩვენი ღვაწლი არაფერია, მაგრამ მე და გამგებელი 8 დღის განმავლობაში შინ არ ვყოფილვართ და ფულადი ჯილდო კანონის სრული დაცვით ყველა თანამშრომელმა საკუთარი სამსახურიდან გამომდინარე მიიღოო.

სანამ იმ თანხებს ჩამოვთვლიდე, თუ როგორ შეაფასეს საკუთარი დამსახურება გამგეობის თანამშრომლებმა ფულად გამოსახულებაში, საჯარო მოხელეს მინდა შევახსენო, რომ ბორჯომში ისეთი სტიქია მძვინვარებდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეები ჩავიდნენ მის სალიკვიდაციოდ და სულ რომ არ ყოფილიყვნენ პატივცემული პრემირებული პირები გამგეობის თანამშრომლები, უნიკალური ტყის გადასარჩენად თითო ნიჩაბი ხელში კი უნდა აეღოთ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი წახალისების მოლოდინის გარეშე.

მედიაში გახმაურება რომ არა

მეხანძრე-მაშველებისთვის პრემიის გამოწერა რომ ბორჯომის გამგებლის უფლებამოსილებებში არ შედიოდა, ეს გასაგებია, ამაზე შესაბამის უწყებებს უნდა ეფიქრათ და, ალბათ, მას შემდეგ იფიქრებდნენ, რაც ხანძართან ბრძოლა დასრულდებოდა, მაგრამ ბორჯომის გამგებელს რა ცეცხლი ეკიდა და რატომ ჩქარობდა ასე საკუთარი და თანამშრომლების ღვაწლის დაფასებას, ნამდვილად დასაფიქრებელია. მაშინ, როცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამხედრო მოსამსახურეები და მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძრებს ჯერ კიდევ ებრძოდნენ, ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ მასთან უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო და 7 სექტემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის 11 თანამშრომელს პრემია გამოუწერა. საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალი პრემია თავად ბრძანების გამომცემმა, მისმა მოადგილემ და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღეს და საკუთარი თავდადება ბორჯომის ხანძრის დროს 1.250 ლარის ოდენობით შეაფასეს. გამგებლის წარმომადგენელს დაბა წაღვერში 50 ლარით ნაკლები, 1.200 ლარი შეხვდა. ამდენივე მიიღო გამგებლის წარმომადგენელმა დაბა ყვიბისში. გამგებელმა არც იურიდიული კონსულტაციების სასამართლო საქმეთა წარმოების კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებს დაუკარგა ცეცხლის ჩაქრობისთვის გაწეული თავდადება და პრემიად 625-625 ლარი გამოუწერა. ამდენივე მიიღეს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა და გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტმა დაბა ყვიბისში. გამგებელმა არც მძღოლები დაივიწყა და ხანძრის დროს გამოჩენილი­ თავდადება ორს 850-850 ლარით, ხოლო ერთს 425 ლარით დაუფასა.

სხვათა შორის, დაახლოებით იმდენივე პრემია მიიღეს მეხანძრე-მაშველებმა (800 ლარი) და ისიც გამგეობის თანამშრომლების პრემირების მედიაში გახმაურების შემდეგ. მეტიც, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული მეხანძრე-მაშველების სიები შესაბამისმა უწყებებმა სწორედ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ გამოითხოვეს. არადა, მეხანძრე-მაშველები ამბობენ, რომ ამხელა პრემიას არ ელოდნენ, რადგან მანამდე არაერთი რთული ხანძრის ჩაქრობის მიუხედავად, ფულადი წახალისება არასდროს მიუღიათ.

ამ შემთხვევაშიც მათი თავდადების დაფასებაც, გარკვეულწილად, იყო მედიის დამსახურება, რომელმაც თავისი თვალით ნახა მაშველი-მეხანძრეების თავგანწირვა, რასაც ყველამ ერთხმად გმირობა უწოდა. თავად მეხანძრე-მაშველები ამას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევენ და ამ საქმეს ყოველდღიურად ყოველგვარი პრემია-დანამატის მოლოდინის გარეშე აკეთებენ. მეტიც, მათი ანაზღაურება დღეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე საშუალო რგოლის საჯარო მოხელის ხელფასი.

ვისთვის გაჩნდა ხანძარი?

გიორგი დიასამიძე, საქართველოს პროფკავშირების წევრი:

„შვიდ წელიწადს ვიმუშავე საგანგებო სიტუაციებში. ვიყავი მაშველიც, მეხანძრე-მაშველიც და მორიგე ცვლის უფროსიც. ამ დროის განმავლობაში ოთხჯერ ნამდვილად ვარ სიკვდილს გადარჩენილი. იმ სირთულის, რისკისა და ხიფათის დანახვა, რომელიც ამ პროფესიას ახლავს, მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც ამ კონკრეტული შემთხვევების შესახებ აქვთ ინფორმაცია, მათ შორის მეხანძრე-მაშველების ახლობლებს, რომელთაც მათთან ერთად უხდებათ ამ ყველაფრის გადატანა. ბევრი ადამიანი ვიცი ამ უწყებაში, ვინც ხელფასისთვის არ მუშაობს, მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე. მეხანძრეები და მაშველები არასოდეს ითვლიან, რამდენი ადამიანი გადაარჩინეს, უფრო ის ახსოვთ, რამდენის გადარჩენა ვერ შეძლეს. ისინი მართლაც გმირები არიან. არ შეიძლება, ეს ადამიანები მხოლოდ მოტივაციის ხარჯზე ამუშაო, სახელმწიფომ სახელმწიფო სამსახურებზე სწორად უნდა გადაანაწილოს პრიორიტეტები. დღეს მეხანძრე-მაშველებზე ვრცელდება კანონი “პოლიციის შესახებ”, რომელიც მათ უკრძალავს სხვა სამსახურში მუშაობას, გარდა პედაგოგიური და ხელოვნების სფეროში საქმიანობისა. შესაბამისად, მათ ტაქსის მძღოლად მუშაობაც ეკრძალებათ და შესაძლოა, ამის გამო სამსახურიც დაკარგონ, მაგრამ მცირე ხელფასი აქვთ და კანონსაწინააღმდეგოდ დამატებით უწევთ მუშაობა. სახელმწიფომ ან ღირსეული ანაზღაურება უნდა მისცეს ამ ადამიანებს, ან თუ ვერ აძლევს, სხვა სამსახურში მუშაობის უფლება მაინც მისცეს.

რაც შეეხება იმას, რაც ბორჯომის გამგეობაში ხანძრიდან ძალიან მოკლე დროში მოხდა, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ამას უსინდისობა ჰქვია. კიდევ უფრო უარესია, როცა გამგებლის მოადგილე პრემიების გასამართლებლად ამბობს, შეიძლება იმდენი ვერ გავაკეთეთ, რამდენიც მეხანძრეებმა, მაგრამ ჩვენც გვეკუთვნის ფულადი ჯილდოო. ასე რომ, სხვადასხვა საბაბით საკუთარი თავისთვის პრემიის გამოწერას, საჯარო მოხელეებმა, ჯობს, მეხანძრე-მაშველების ხელფასებს გადახედონ, შეაფასონ, რამდენად შეესაბამება მათი ანაზღაურება მათ მიერ გაწეულ შრომას და სახელმწიფოს, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, პრიორიტეტები სწორად გადაანაწილონ”.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

„ბორჯომის გამგებლის მიერ საკუთარი თავისა და გამგეობის წევრებისთვის პრემიების გამოწერამ დაგვანახა, რომ სახელმწიფო მოხელეები ნებისმიერ მიზეზს ელოდებიან, მათ შორის ნეგატიურსაც, რათა შექმნან ფორმალური საფუძველი დამატებითი მატერიალური სარგებლის მისაღებად. ხანძარი ხეირიანადაც არ იყო ჩამქრალი, რომ ბორჯომის გამგებელი ეცა და თავის თავსა და თანამშრომლებს პრემია გამოუწერა. კარგი და ღირსეული გამგებელი, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მოქმედებდა გამგეობა ხანძრის გაჩენის დროს და ჩვენ ვნახეთ, რომ მათ საკმაოდ დააგვიანეს რეაგირება, რამდენიმე თვის ხელფასზე იტყოდა უარს და გადარიცხავდა თუნდაც ზარალის აღდგენის ფონდში, რითაც აღიარებდა პასუხისმგებლობას ამ ვითარების გართულების გამო. მაგრამ ჩვენთან ყველა სარგებელს ეძებს, მათ შორის, სტიქიის დროსაც კი. ამის კიდევ ერთი მაგალითია ეს ყველაფერი.

დღეს ჩვენ გვყავს ხაზინის ქურდები, რომელთაც აქვთ მიზანი, ფული მოიპარონ ბიუჯეტიდან და ამით კეთილდღეობა შეიქმნან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასევე გვყავს ადგილობრივი ელიტები, რომლებსაც მოპარვის თავიც არა აქვთ და ასეთ იაფფასიან თემებზე ხურდავდებიან – პრემიებს იწერენ ნებისმიერი მიზეზით, რაც ერთობ უსაქციელოდ გამოიყურება.

ცენტრალური ხელისუფლება კი, ნაცვლად იმისა, ეს პრობლემა ობიექტურად დაინახოს და ასეთი პირები ძალაუფლებას ჩამოაშოროს, ცდილობს, მსგავსი ფაქტები შეალამაზოს. ამ ფაქტის გახმაურებას მოჰყვა ის, რომ მეხანძრეებსა და იმ სამხედროებს, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ, პრემიები დაერიცხათ. კარგია, რომ თავდადება დაუფასეს, მაგრამ იმედია, ეს იმისთვის არ გააკეთეს, რომ ბორჯომის გამგებლის უსაქციელობა გადაეფარათ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაოკდეს სახელმწიფო მოხელეების მადა პრემია-დანამატების მიმართ”.

გედევან ფოფხაძე, პარლამენტის წევრი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი:

„რა გასამართლებელი საბუთია, ხანძარზე ვიყავით და ამიტომ გამოვიწერეთ პრემიებიო. რა, არ უნდა ყოფილიყვნენ სტიქიის ადგილას? ანუ ბორჯომში ხანძარი იყო, გამგებელმა რაღაც გააკეთა და შემდეგ პრემია გამოიწერა? რა თქმა უნდა, არ უნდა გამოეწერა, ყოველ შემთხვევაში, თავისთვის და მოადგილისთვის. თუ ადგილობრივ ბიუჯეტში ფულადი რესურსი არსებობს, ის ბორჯომს უნდა მოხმარდეს. იმედია, როცა დაიწყება ტყის აღდგენისთვის თანხების მობილიზება, მერე მაინც დააბრუნებენ პრემიად აღებულ ფულს. ამ ნაბიჯით შესაძლებლობა ექნებათ გამოხატონ, რომ ის 10 დღე ხანძრის ადგილებში იმიტომ კი არ იყვნენ, რომ პრემია მიეღოთ, არამედ იმიტომ, რომ ისედაც იქ უნდა ყოფილიყვნენ. თვითმმართველობის კანონმდებლობის ცვლილებებით საკრებულოს უფლებამოსილება გაიზარდა. იმედია, ის გამგეობასა და მერიას კი არ შეეჯიბრება, ვინ მეტ პრემიას გამოიწერს, არამედ იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ თანხები მაქსიმალურად მიზანმიმართულად დაიხარჯოს. ყველაფერში ჩვენ ვერ ჩავერევით, რადგან ესენი ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პირები არიან. ასეთი ფაქტების გამოვლენის შემდეგ მათ აღარავინ აირჩევს. სხვა სამართლებრივი ბერკეტი, თუ გამგებელი არაკეთილსინდისიერად იქცევა, არ არსებობს. კანონის დარღვევა კიდევ სხვა ამბავია”.

როგორც “კვირის პალიტრას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, გამგებელს აქვს სრული უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და გამგეობის თანამშრომლებს პრემიები გამოუწეროს. სამართლებრივად ამ შემთხვევაში არაფერი დარღვეულა და სამინისტროს არანაირი ბერკეტი არა აქვს, გამგეობების უფლებამოსილებებში ჩაერიოს. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, პრობლემა ის იყო, რომ გამგეობის თანამშრომლებმა პრემია მიიღეს მაშინ, როცა ფულადი წახალისება ჯერ კიდევ არ იყო გაცემული მეხანძრე-მაშველებზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების ნაწილმა პრემია უკვე მიიღო, ნაწილი კი უახლოეს დღეებში მიიღებს.

იპოვეთ ერთი განსხვავება

ოფიციალური მონაცემებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 3 322 მეხანძრე-მაშველი გვყავს. მათი ყოველთვიური ანაზღაურება თბილისში 930 ლარია, რასაც საშემოსავლო გადასახადი აკლდება და ხელზე 744 ლარს იღებენ. რეგიონებში მეხანძრე-მაშველების ჯამაგირი ნაკლებია – 630 ლარი და ამასაც საშემოსავლოს 20% აკლდება. მეხანძრე-მაშველების ხელფასი 2015 წლიდან არ შეცვლილა. შედარებისთვის, დღეს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1.380 ლარია და 20%-ის გამოკლებითაც მეტია, ვიდრე სარისკო პროფესიის მქონე მეხანძრე-მაშველისა, რომელიც მრავალ ქვეყანაში ერთ-ერთ მისაბაძ საქმედ ითვლება და სათანადოდ აფასებს სახელმწიფო. ჩვენთან კი მეხანძრე-მაშველებს ოჯახის რჩენა 700 ლარად უჭირთ და იძულებული არიან, შემოსავლის სხვა წყარო ეძებონ. ზოგი მორიგეობისგან თავისუფალ დროს “ტაქსაობს”, ზოგი პროფესიულ უნარებს იყენებს და მშენებლობაზე სიმაღლეზე მუშაობს, ზოგიც სხვა ხელობით ირჩენს თავს. არადა, მათი სამუშაოს სირთულიდან, სიმძიმიდან და მორიგეობის 24-საათიანი რეჟიმიდან გამომდინარე, დასვენების დრო სრული რეაბილიტაციისთვის, ძალის აღდგენისთვის, ფიზიკური მომზადებისთვის უნდა გამოიყენონ, რათა მოვალეობის შესრულების დროს პირადი უნარების სრულ მობილიზებას ხელი არაფერმა შეუშალოს.

მეხანძრე-მაშველის ტექნიკური აღჭურვილობა სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო ყოველდღიური სამოსი და აღჭურვილობა ყოველწლიურად უნდა განახლდეს. მეხანძრეები ამბობენ, რომ ყოველდღიური აღჭურვილობისა და სამოსის განახლება ყოველწლიურად სრულად არ ხდება, ამიტომ არის შემთხვევები, როცა გამოძახებაზე შელახული სპეცსამოსით ან ფეხსაცმლით დადიან. სხვათა შორის, მეხანძრე-მაშველებს ჯერაც არ მიუღიათ 500 წყვილი ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი, რომლებიც ამერიკის საელჩომ 26 აგვისტოს პომპეზურად გადმოგვცა.

Comments are closed