globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 18th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებულ პარტნიორობაზე უარი გვითხრა


„საქართველო და მსოფლიო“: ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხალხი ხვდება, რომ არც ნატოა ჩვენი მშველელი და არც ამერიკა – მეგობარი!

————————

„რეზონანსი“, 18 დეკემბერი, 2014 წელი
აშშ-მ განსაკუთრებულ პარტნიორობაზე უარი გვითხრა
„დაკარგული შესაძლებლობები საგარეო ურთიერთობებში – ასე აფასებს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი უკრაინის მხარდამჭერი აქტის ტავდაპირველი ტექსტიდან „საქართველოსათვის აშშ-ის განსაკუთრებული მოკავშირის“ სტატუსის მინიჭების ამოღებას“, – წერს ჟურნალისტი ეკა ბასილაია.
როგორც ცნობილია, თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აშშ-ის განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს ვერ მიიღებენ, რასაც კონგრესის წარმომადგენლობათა პალატისა და სენატის მიერ მომზადებული კანონპროექტი „უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი – 2014“ ითვალისწინებდა. საინტერესოა, რომ კონგრესის მიერ მიღებულ საბოლოო ვერსიაში, თეთრი სახლის მოთხოვნით, სამივე ქვეყნისათვის ზემოაღნიშნული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა ამოღებულ იქნა.
კანონპროექტი ძირითადად უკრაინის დახმარებას ეხებოდა (სამხედრო შეიარაღება, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება), თუმცა მასში დაფიქსირებული იყო საქართველოსა და მოლდოვასათვის პრივილეგირებული სტატუსიც. თეთრი სახლის შესწორების შემდეგ კი, „განსაკუთრებული მოკავშირის“ სტატუსის ნაცვლად, დოკუმენტში უმნიშვნელო ჩანაწერი გაკეთდა, რომელიც 10 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რადიო „თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ მაუწყებლობის გასააქტიურებლად, რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ.
ინტერვიუში კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ თბილისმა ძალისხმევა დააკლო და ამ მიმართულებით ეფექტურად ვერ იმუშავა: „ჩვენი რეგიონის მიმართ ამერიკის ინტერესების გარკვეული დეგრადაცია მოხდა და ძველებურად მძლავრი მხარდაჭერა აღარ გვაქვს. არადა, ეს განსაკუთრებული სტატუსი ჩვენთვის აუცილებელი იყო“.
სამწუხაროდ, აშშ-ის ადმინისტრაცია დღეს არარ არის ძველებურად აქტიური ჩვენთან მიმართებაში ისეთი, როგორიც მისი წინამორბედი იყო. ბარაკ ობამა ბევრად ფრთხილია და ეტყობა, ამიტომაც სტატუსთან დაკავშირებით ჩვენთვის სასარგებლო გადაწუვეტილება არ მიიღეს“.
ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინასთან მიმართებითაც აქტიური არ არის. როგორც ჩანს, ჩვენს მთავრობაში ძალიან დიდი გავლენა აქვს რუსეთის ფაქტორს, რომელიც ხელისუფლებას გასაქანს არ აძლევს კიევის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთოს… შეიძლება ითქვას, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებამ თბილისს ევროატლანტიკური გზა დაუზიანა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ სტაბილურად მივდივართ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ ეს არის სტაბილური სვლა დაჩქარებული ელემენტების ან დასავლეთის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული მოტივაციის გარეშე.
რასაკვირველია, ვერ ვიტყვით, რომ ორიენტაციის შეცვლა ხდება, ეს ასე არ არის. უბრალოდ, დღეს საქართველო განსაკუთრებული ნიშნების მქონე აქტიორი, მოთამაშე არ არის, ანუ ისეთი, რომელსაც საერთაშორისო არენაზე ხმის ამაღლება შეუძლია. ეს ყველაფერში ჩანს. ჩვენ აღარ ვართ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორები და ამდენად, მას საერტაშორისო არენაზე ძველებურად ყველაფერში მხარს აღარ ვუჭერთ. ყველა ხედავს, რომ საქართველო ჩუმადაა, რუსეთს არ აღიზიანებს.
დრეს აშშ-ის ადმინისტრაციაც ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე და ის რუსეთთან დაპირისპირებაში ბოლომდე ვერ მიდის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომავალშიც არ შეიძლება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას არ მიენიჭოს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსი. ვნახოთ, ვინ იქნება აშს-ის პრეზიდენტი. იმას, რომ მოკავშირის სტატუსი ვერ მივიღეთ, მე მარცხად არ ჩავთვლიდი. უბრალოდ, ეს საგარეო ურთიერთობებში დაკარგული შესაძლებლობაა“, – ამბობს ინტერვიუში კახა გოგოლაშვილი.

„საქართველო და მსოფლიო“, 17-23 დეკემბერი, 2014 წელი
ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხალხი ხვდება, რომ არც ნატოა ჩვენი მშველელი და არც ამერიკა – მეგობარი!
„საერთოდ, საქართველოში საგარეო პოლიტიკისა და ნატოსთან ურთიერთობის თემით სპეკულირებამ უკვე სასაცილო ხასიათი მიიღო; ჩვენ გამუდმებით გვპირდებიან საქართველოს “ევროპაში დაბრუნებას”, ანუ, სადაც არასდროს ყოფილა, იქ გვაბრუნებენ“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – თამარ დავითულიანი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:
„ნატოსაკენ ქართველი ხალხის დაუცხრომელ სწრაფვასთან დაკავშირებით სულ მუდამ იმეორებენ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული „რეფერენდუმის“ შედეგებს, რომელიც, სულაც არ ყოფილა რეფერენდუმი – პლებისციტი იყო და თანაც – ისევე გაყალბებული, როგორც სააკაშვილის პრეზიდენტობისთვის მიწერილი პროცენტები. იმჟამინდელი ნაყალბევით დღეს ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთნაირად ყელყელაობენ და ნატოში შესვლის მათეულ სურვილს ქართველ ხალხს მიაწერენ.
ევრაზიის ინსტიტუტმა ამ საკითხზე 2014 წლის 10-დან 17 ნოემბრამდე ჩატარებულ სოციოლოგიური გამოკვლევაში ყურადღება საგარეო პოლიტიკის ასპექტებზე გაამახვილა, კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო) ინტეგრაციისადმი და საკუთრივ ამ ორგანიზაციისადმი, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატებისადმი.
გამოკითხვა ჩატარდა ქალაქებსა და სოფლებში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. მკვლევარებმა სრულიად შეგნებულად, მეთოდოლოგიური მოსაზრებით აუარეს გვერდი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს – ქვემო ქართლსა და ჯავახეთს.
საინტერესოა, რომ ყველაზე “პრონატოური” და “პროამერიკული” რეგიონი აღმოჩნდა ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის რაიონი (სადაც ყველაზე პრონატოელმა და პროამერიკელმა ირაკლი ალასანიამ საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგო როლანდ ახალაიასთან), ხოლო ყველაზე “ანტინატოური” და “ანტიამერიკული” შედეგები მცხეთისა და დუშეთის რაიონებში, დევნილების ჩათვლით, აგრეთვე, ქალაქ ბათუმში დაიდო. დევნილების ამგვარი პოზიცია გასაკვირი არც არის, არც ბათუმის დამოკიდებულებაა უცნაური – ისინი ხომ ნატოს სახით თურქეთის გამალებული ექსპანსიის მსხვერპლად აღიქვამენ თავს.
კითხვაზე – „ნატო, თქვენი აზრით, არის თავდაცვითი სამხედრო ბლოკი?“ – დადებით პასუხს იძლევა 51%; 28% თვლის, რომ აგრესიული სამხედრო ბლოკია; პასუხის გაცემა უჭირს – 21%-ს.
კითხვაზე – „თქვენი შეფასებით, ნატო საკმარისად ეხმარება თუ არა საქართველოს?“ – პასუხები ასე განაწილდა: დიახ – 20%; არა – 66%; მიჭირს პასუხის გაცემა – 13%.
კითხვაზე – „ემთხვევა თუ არა შეერთებული შტატებისა და ნატოს მიზნები და ინტერესები საქართველოს მიზნებსა და ინტერესებს?“ – 52% თვლის, რომ არ ემთხვევა, 29% ამბობს, რომ ემთხვევა, ხოლო 13%-ს პასუხის გაცემა უჭირს.
კითხვაზე – „თანახმა იქნებით თუ არა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზები განთავსდეს?“, პასუხები ასე განაწილდა: თანახმა იქნება 20%, წინააღმდეგი – 55%, ნეიტრალურ პოზიციას იკავებს – 18%. თუ არ ჩავთვლით გამოკითხულთა 7%-ს, რომელსაც უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, გამოდის, რომ ნატოს ბაზების საქართველოში განთავსებას უმცირესობა უჭერს მხარს.
სამაგიეროდ, გამოკითხულთა უმრავლესობა (62%) უარყოფითად აფასებს საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, გააგზავნოს სამხედრო კონტინგენტები აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ოპერაციების ზონებში. ამის მომხრეა მხოლოდ 16%, ნეიტრალურად აფასებს 18% და ისევ 7%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კარდინალურად არის შეცვლილი დამოკიდებულება აშშ-ისადმი: კითხვაზე – „თქვენი აზრით, რას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსათვის?“ – პასუხები ასე დალაგდა: 29% მიიჩნევს, რომ აშშ არის მეგობარი, მოკავშირე; 17% ამბობს, რომ აშშ არის მოწინააღმდეგე, გამოუცხადებელი მტერი; პასუხის გაცემა უჭირს 11%-ს; ხოლო 44% იზიარებს აზრს, რომ აშშ არც ერთია და არც მეორე, არამედ სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ახორციელებს.
გამოკითხულთა უმრავლესობას – 64%-ს მიაჩნია, რომ, თუკი საქართველო ნატოში გაწევრიანების კურსს განაგრძობს, ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან გაუარესდება, გაუმჯობესების იმედი აქვს უმცირესობას – 8%-ს, 18%-ს ჰგონია, რომ ურთიერთობები რუსეთთან არ შეიცვლება. 10%-ს პასუხის გაცემა უჭირს.
მკვლევართა ძირითადი დასკვნა ასეთია: საქართველოს მოსახლეობა მთლიანობაში საკმაოდ სკეპტიკურად აფასებს ნატოსა და შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობას. ამ დღეებში (2014 წლის ბოლოს) რომ ტარდებოდეს პლებისციტი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში საქართველოს შესვლას, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ხმას ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები მისცემდა.
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა საგანგებოდ მიუთითებს: „მოსალოდნელია, რომ დასავლეთის საელჩოების მიერ დაფინანსებული ანგაჟირებული ორგანიზაციები ჩვენი გამოკითხვის შედეგებს საკამათოდ გახდიან და ჩვენს „ევრაზიულ“ დასახელებაზე გაამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ყველა შევსებული ანკეტა-კითხვარი და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ჩავატაროთ განმეორებითი გამოკითხვა“. (…)
ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხალხი ხვდება, რომ არც ნატოა ჩვენი მშველელი და არც ამერიკა – მეგობარი! იმასაც ხვდება, რომ რუსეთი არ დაუშვებს საკუთარ საზღვრებთან ნატოს სამხედრო ბაზებს. (…)
ამ დილემიდან გამოსავალი არსებობს: ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა სულ რომ გადაიკარგოს საქართველოდან, მოსახლეობა ამას არათუ იდარდებს, შეიძლება, ვერც კი შეამჩნიოს! ამიტომ წადით, ბატონო, და შედით იმ თქვენს სანატრელ ნატოში, ამერიკაში გადაბარგდით, როგორც სააკაშვილი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში არ ჩამოესვლება და შორიდან წამლავს აქაურობას!

Comments are closed