globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 18th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: ევროკავშირის მერე რუსეთი – საქართველოსთვის საზღვრები იხსნება // “უვიზო რეჟიმის შემოღებით ვლადიმირ პუტინი ქართველების გულის მოგებას ცდილობს”

რეზონანსი“: რატომ სურს რუსეთს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება?

„ალია“: არა, ბატონებო და ქალბატონებო, „ხაჩაფური“ არ მონატრებია ვოვაჩკას – იცოდა, ასეთი „მეჟდუ პროჩემ“ დეტალებით ბევრზე მოახდენდა გავლენას და მიაღწია კიდეც მიზანს!

„ალია“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: რა მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა პუტინმა სავიზო რეჟიმის გაუქმებით საქართველოს წინააღმდეგ?

რეზონანსი“: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “თუ პრეზიდენტს მსგავსი შინაარსის საუბარი ელისაშვილთან ახსოვს, რატომ არ ახსოვთ ხიდაშელსა და უსუფაშვილს?”

ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: “მანანა კობახიძემ პარლამენტი უნდა დატოვოს!“

ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი ხან ელისაშვილის მხარეს იქნება, ხან – კობახიძის“

ახალი თაობა“: ალეკო ელისაშვილი ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიაში შედის?

„ალია“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: რისთვის გააკეთა სეპარატისტმა სანაკოევმა განცხადება, რომ „ისლამური სახელმწიფო» საქართველოში ტერაქტებს მოაწყობს?

—————————-

რეზონანსი“, 18 დეკემბერი, 2015 წელი

ევროკავშირის მერე რუსეთისაქართველოსთვის საზღვრები იხსნება:

უვიზო რეჟიმის შემოღებით პუტინი ქართველების გულის მოგებას ცდილობს

თაკო მათეშვილი

სულ მალე საქართველოს, როგორც ჩანს, უვიზო რეჟიმი არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ რუსეთთანაც ექნება. ევროკავშირი საკუთარ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს, რუსეთმა კი სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან “საეჭვო” დამთხვევას სპეციალისტები მარტივად ხსნიან – რუსეთმა დაინახა, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნების საზღვრები რეალურად იხსნება და ახლა ცდილობს ქართველებს ალტერნატიულ სივრცედ რუსეთი შესთავაზოს და ამით მათი გული ხელახლა მოიგოს, ხელახლა დაიახლოოს. მათი შეფასებით, რუსეთი “რბილი ძალის” გამოყენებას აქტიურად განაგრძობს.

საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს, რომელსაც 15 დეკემბერს ველოდით, ევროკომისია ხვალ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი თბილისში პრესკონფერენციას გამართავს.

პარალელურად კი, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე უკვე რუსეთიც ფიქრობს. “ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ”, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე.

2008 წლის ომზე საუბრისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ ხელმძღვანელობას “ასეთი ავანტიურისტული გადაწყვეტილებები არ უნდა მიეღო” და პასუხისმგებლობა ომის შედეგებისთვის მას დააკისრა.

“რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს და ჩვენი ურთიერთობის დეგრადირებას, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია. ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ჩვენ არ ვყოფილვართ. ეს მათი ისტორიული ბრალია”, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ რუსეთი ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა და მზად არის, იგი აღადგინოს. “რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა, მათთან უნდა იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან “სიგნალებს ხედავს” და მზად არის, ეს სიგნალები მიიღოს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დასძენს, რომ ქართული მხარე მზად არის მოსკოვთან პრაგმატული კურსი გააგრძელოს. მისივე თქმით, რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია. ღარიბაშვილის აზრით, მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს.

მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, იგი ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ შეძლო ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული ნაბიჯები გადაედგა და შესაბამისად, ამ კურსის გაგრძელებას აპირებს.

“უახლოეს დღეებში ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ზოგადად, ჩვენი მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების მაქსიმალური საშუალება. ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს. სწორედ ასე აღიქვამენ ამას, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე დასავლელი პარტნიორები”, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ექსპერტების აზრით, პუტინის განცხადება სწორედ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღების შესაძლებლობის ზრდამ გამოიწვია. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, პუტინის შეშფოთებას იწვევს ის, რომ თუკი ევროპაში საქართველოს მეტი მოქალაქე იმოგზაურებს, ეს ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთთან უფრო დააახლოვებს და მათ შორის ურთიერთობები განმტკიცდება.

ამ დროს კი რუსეთში ქართველები გართულებული სავიზო რეჟიმის გამო ვერ ჩადიან. სწორედ ამიტომ, ნიკა ჩიტაძის აზრით, რუსეთს ე.წ. “რბილი ძალის” გამოყენება სურს. ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებით პუტინი ქართველების გულის მოგებას ცდილობს. უნდა ამით საქართველო უფრო რუსეთს დაუახლოვდეს და არა ევროკავშირს.

“პუტინი აცნობიერებს, რომ თავის დროზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება შეცდომა იყო, რამაც საქართველო რუსეთს დააშორა. შედეგად, დღეს საქართველო რუსეთზე არაა ისე დამოკიდებული, როგორც ადრე იყო. უვიზო რეჟიმის დაბრუნების შემდეგ კი რუსეთში მეტი ქართველი ჩავა. მოგეხსენებათ, ენობრივი ბარიერი რუსეთთან უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირთან და ამით, პუტინის გათვლით, ბევრი ისარგებლებს.

რუსეთში ჩასასვლელად მეტი წინაპირობის შექმნას ცდილობენ – რომ იქ მეტი ქართველი ჩავიდეს, დასაქმდეს და ამით, ამ ქვეყანაზე დამოკიდებული გახდეს. ამას კი ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება – მეტი ადამიანი მისცემს არჩევნებში ხმას პრორუსულ ძალებს”, – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

ზემოხსენებული ორი თემის ურთიერთკავშირზე საუბრობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილიც და ისიც აღნიშნავს, რომ სავიზო მიმოსვლის საკითხი რუსეთის “რბილი ძალაა”. იგი ამბობს, რომ რუსეთს საქართველოზე გავლენის დაკარგვა არ უნდა და ევროკავშირს ეჯიბრება, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე – მოლდოვაზე, უკრაინაზე, საქართველოზე, გავლენა რამენაირად შეინარჩუნოს. მისი აზრით, უვიზო მიმოსვლის საკითხს რუსეთი იმ მიზნით ინახავდა, რომ შემდგომში ამის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე დაეთანხმებინა, რომელიც 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოს ინიციატივით გაუქმდა.

შესაბამისად, კახა გოგოლაშვილის თქმით, რუსეთისათვის სავიზო რეჟიმი ერთგვარი ბერკეტი იყო, რომელსაც მისთვის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაში გაცვლიდა, რადგან მას კარგად ესმის, რომ უვიზო რეჟიმი რუსეთთან საქართველოს მოქალაქეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“მეორე მიზიეზი, რის გამოც, როგორც ჩანს, რუსეთი უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე აქამდე თავს იკავებდა, ის იყო, რომ ეს მდგომარეობა საქართველოს მოქალაქეების ნაწილში რუსული პასპორტების აღების სურვილს ბადებდა. განსაკუთრებით ეთნიკურ მოსახლეობაში ხშირად იღებენ რუსულ პასპორტებს. ამით კი, ბუნებრივია, საქართველოს მოქალაქეობას თმობდნენ, რადგან საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია. პუტინს უნდა საქართველოში რაც შეიძლება მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობდეს, რომ მეტი გავლენა ჰქონდეს”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ამ სიტუაციაში კი, როცა ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის საკითხი სერიოზულად დააყენა და როგორც ჩანს, საქართველო მას მიიღებს, მისი თქმით, რუსებს შეეშინდათ, რომ გავლენას დაკარგავენ და პუტინმა გადაწყვიტა, საპასუხო ნაბიჯი სასწრაფოდ გადადგას. ეს კი, გოგოლაშვილის აზრით, ჩვენი მოქალაქეებისათვის კარგია, რადგან რუსეთში წასვლის მსურველებს ზედმეტი პრობლემები მოეხსნებათ და საქართველოს მოქალაქეობის დათმობაც აღარ მოუწევთ.

“მესამე, მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც რუსეთი ისახავს, შესაძლოა 2016 წლის არჩევნები იყოს. მასში პრორუსულ ძალებს გამარჯვების ნაკლები ძალა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალა, რომელიც პრორუსულად არ ითვლება, თავის რეიტინგს კარგავს. თუ არჩევნები რუსეთშიც ჩატარდა და ურნები იქაც დაიდგა, სადაც გაყალბებისა და შედეგებზე ზემოქმედების საშუალება იქნება, შესაძლოა პრორუსულ ძალებს “წაეხმარონ” და რუსეთის მთავრობამ თავისი წარმომადგენლობა ჩვენს პარლამენტში მაქსიმალურად გაზარდოს”, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

რეზონანსი“, 18 დეკემბერი, 2015 წელი

რატომ სურს რუსეთს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება?

გვანცა ღვედაშვილი

(შემოკლებით)

“რატომ სურს რუსეთს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება?” – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): “ჩემი აზრით, გარკვეული პოლიტიკური მიზნები ექნება, რადგან თურქეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ეს მათთვის სასურველი გადაწყვეტილებაა და ჩვენ, რა თქმა უნდა უნდა გამოვიყენოთ ეს მდგომარეობა და იქნება დათბეს რუსეთთან ურთიერთობა. ეს არც მათთვის და არც ჩვენთვის არ არის მისაღები ურთიერთობა.”

დოდო ხურცულავა (ხელოვნებათმცოდნე): “შეიძლება რუსეთი რამე ხრიკს მიმართავს. რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია და, ვფიქრობ, ეს შეიძლება რამე ცუდის წამოწყების ხერხი იყოს. პირდაპირ გეტყვით, რომ არ მომწონს ეს ამბავი.”

ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): “საქართველოსთან სავიზო რეჟიმი რომ ჰქონდეს რუსეთს, ჩემი აზრით ჯობს, რადგან მთელი საქართველო გაიქცევა იქით და საქართველო დარჩება ჩვენს ისტორიულ მტერს. ძალიან ბევრი წავა რუსეთში, სამეგრელოდან ხომ წავლენ და წავლენ. თუ რუსეთს სურს, რომ მართლმადიდებლები გაამრავლონ, ეს ქართველებს ნამდვილად შეუძლიათ, თუმცა საბოლოოდ რა მოხდება, არ ვიცი, ვნახოთ.”

გიორგი შენგელაია (კინორეჟისორი): “სავიზო რეჟიმის გაუქმება, ერთი მხრივ, სასარგებლო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, რათა გაიტანონ საქონელი გასაყიდად. მეორე მხრივ, შეიძლება ეს იყოს უარყოფითი, რადგან შესაძლებელია რუსეთიდან შემოვიდეს გარკვეული თანხა ან ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ არჩევნების წინ, რათა როგორმე აღარ გავიხედოთ დასავლეთისკენ.”

გია ბუღაძე (ფერმწერი): “საქართველოს მხრიდან, როგორც ვიცი, 2011 წლიდან სავიზო მოთხოვნა გაუქმებულია. ხომ იცით, რუსეთი როგორი ქვეყანაა, თუ უნდა გააღებს ამ სავიზო რეჟიმს, თუ უნდა დახურავს. ახლა თამაშობს როლს, თითქოს ის საქართველოსადმი “მოყვარული” ქვეყანაა. ამით სურს შეამციროს ევროპისადმი ჩვენი ყურადღება. ეს არის პოლიტიკური ფანდი. თუ გააღებს, კი ბატონო, თუმცა არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის რამე დადებითს მოიმოქმედებს”.

„ალია“, 18 დეკემბერი, 2015 წელი

არა, ბატონებო და ქალბატონებო, „ხაჩაფური“ არ მონატრებია ვოვაჩკას – იცოდა, ასეთი „მეჟდუ პროჩემ“ დეტალებით ბევრზე მოახდენდა გავლენას და მიაღწია კიდეც მიზანს!

გიორგი სახვაძე

სამწუხაროდ, ზოგჯერ ძალიან მარტივია, ანკესზე წამოაგო ადამიანი და ვის, ვის, კრემლს ასეთი მამაძაღლობები ნამდვილად არ ეშლება – რატომღაც ბევრს დადებითი მოლოდინი გაუჩინა „პუწინის“ ყოველწლიური პრესკონფერენციის დაწყების წინ ჟურნალისტების გამასპინძლებისთვის გაწყობილ სუფრაზე ქართული კერძების გამოჩენამ. კერძებს შორის იმერული და მეგრული ხაჭაპურიც ყოფილა და როგორც რუსული მედია წერს, განსაკუთრებული მოთხოვნა სწორედ ხაჭაპურზე ყოფილა.

დედა, დედა, ისე ვენატრებით „მართლმორწმუნე უფროს ძმას“, ხაჭაპურს მიეძალნენ თურმე და ჩვენზე წუხილისგან ყელში გაჩხერილი ქვითინი ხაჭაპურის მეშვეობით ჩაახშვეს. თუმცა მხოლოდ ხაჭაპურის მეშვეობით არ უცდია „პუწინს“, გავლენა მოეხდინა საქართველოს მოქალაქეებზე – სავიზო რეჟიმსაც გაგიუქმებთო, „წამოსცდა“, მაგრამ ის კი წამითაც არ დასცდენია მთავარ ოკუპანტს, აფხაზეთსა და ცხინვალს დაგიბრუნებთო, ახალგორიდან და კოდორის ხეობიდან საოკუპაციო ძალებს გავიყვანო, ათობით სოფელი რომ მიწასთან გავასწორეთ და მივიტაცეთ, მამააყროლებულ სეპარატისტებთან ერთად, იმათ დაგიბრუნებთო. არა, მეგრულ-იმერული ხაჭაპურით გააწყო სუფრა, სავიზო რეჟიმს გავაუქმებო, თქვა და ააფრიალეს აქეთ ზოგ-ზოგიერთებმა დროშები!

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივას ეხებოდა, პუტინმა განაცხადა, რომ ურთიერთობების გამწვავების მიზეზი რუსეთი არ ყოფილა და მზად არის, ეს ურთიერთობა აღადგინოს. „რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან „სიგნალებს ხედავს“ და ამ სიგნალების მისაღებად მზად არის.

ვლადიმირ პუტინმა, ასევე, აღნიშნა, რომ ქართული ღვინის საექსპორტო მოცულობის 2/3 სწორედ რუსულ ბაზარზე გადის და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ეს მოცულობა ზრდის მაღალ ტემპებს აჩვენებს. „რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ჩვენ ვფიქრობთ და მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

აჰა, ახლა გახდა ქართული ღვინოც ვლადიმეროვიჩისთვის მისაღები, ხაჭაპურისა არ იყოს, არა? თვალთმაქცი! ჰო, ისაო, ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაო – მერე, გვაცდის საბჭოთა კავშირის აღდგენაზე მეოცნებე `პუწინი~, რაიმე გადაწყვეტილება მივიღოთ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა? არაფერიც! პირიქით, იმდენ ხელშეკრულებას აფორმებენ, იმდენ ვალდებულებას კიდებენ აფხაზებსაც და ოსებსაც, კრემლის კლანჭებს თავს ვერაფრით დააღწევენ.

რიგითი მოქალაქეები შეიძლება მოტყუვდნენ და ბრმად ენდონ, რომ კრემლი ჩვენს მონატრებას ხაჭაპურის ჭამით იქარვებს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილიც რომ დადებითად აფასებს ვლადიმეროვიჩის სვლას, მსუბუქად რომ ვთქვათ, გვაკვირვებს!

„გავეცანით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე, ქართველი ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.

მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს. მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა. მზად ვართ, გავაგრძელოთ არჩეული პრაგმატული კურსი რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის მხრიდანაც ველით ანალოგიურ მიდგომას. უახლოეს დღეებში ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ზოგადად, ჩვენი მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების მაქსიმალური საშუალება.

ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს. სწორედ ასე აღიქვამენ ამას როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე დასავლელი პარტნიორები“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ისაო, პრაგმატულ კურსს ვაგრძელებთ რუსეთთან მიმართებაში და ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ ამბებში მათგანაც შესაბამის მიდგომებს ველითო. რა უნდა გაგახსენოთ, ძვირფასო მკითხველო, იცით? სულ ერთი თვეც არაა გასული აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრიდან და სანამ ეს შეხვედრა შედგებოდა, ზუსტად წინა დღეს ოკუპანტებმა რამდენიმე გლეხი გაიტაცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ასევე, სულ რამდენიმე დღეა გასული, რაც რუსეთმა ვინ მოთვლის, მერამდენედ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე.

და ამ ყველაფრის შემდეგ – როცა კრემლს სულ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობაც, სუვერენიტეტიცა და პატრიოტიზმიც, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთისგან, პუტინისგან რაიმე დადებითს ელის?

გეუბნებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, გვაკვირვებს პრემიერის ასეთი მიამიტობა! რაც მთავარია, „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჯობა ჭკუით „ქართულ ოცნებას“ – პუტინის ეს განცხადებები უარყოფითად შეაფასა და ღარიბაშვილს თითი დაუქნია – არაფრის აზრზე შენ არ ხარ, მტერი რომაა პუტინი, ეგეც კი არ იციო. და რა მიიღეს ამით? რუსეთისგან გამწარებული მოსახლეობის სიმპათია!

„რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. ვლადიმერ პუტინზე, განსხვავებით ამ მთავრობის მინისტრი ზაქარეიშვილისგან, ძალიან ცუდი წარმოდგენისგან ვარ. ვთვლი, რომ ის არის საქართველოს მტერი და არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მას საქართველოს მოჭარბებული სიყვარულით მოუვიდა. მინდა ვისურვო, რომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია ამ პროცესს დაასწრებს“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ჰო, როცა ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში ევროპელებისგან დადებითი მოლოდინი გვაქვს, პუტინის ამ მამაძაღლურ განცხადებაზე ახუნტრუცება შეიძლებოდა? არა და პრინციპში, კიდევ ძალიან ბევრი რამეც არ შეიძლება, მაგრამ…

„ალია“, 18 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: რა მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა პუტინმა სავიზო რეჟიმის გაუქმებით საქართველოს წინააღმდეგ?

ნინო სამხარაძე

რუსეთის პრეზიდენტმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზად ვართ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გავაუქმოთო. სიტუაცია არის ასეთი: რაც უფრო დააჩქარებს ევროკავშირი, საქართველოს მიანიჭოს ვიზალიბერალიზაცია, ქართველი მოსახლეობა ევროპის მხარეს გადაიხრება და თუკი რუსეთი უფრო აქტიურად გადადგამს ნაბიჯებს, ვიდრე ევროკავშირი, ქვეყანაში გაიზრდება პრორუსულ მომხრეთა რიცხვი. ასე ვარაუდობენ ექსპერტები.

ცხადია, ჩნდება კითხვა, რამ განაპირობა პუტინის პოზიციის შეცვლა, რა არის ამ ყველაფრის განმაპირობებელი ფაქტორი, რა მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა პუტინმა და რა ელოდება საქართველოს?.. ამ საკითხს ვალერი გელბახიანი შეაფასებს:

- ბატონო ვალერი, პუტინი მზად არის, საქართველოს თავისივე დაწესებული სავიზო რეჟიმი მოუხსნას. რა პოლიტიკური ქვეტექსტია ამ გზავნილში?

- ეს არ არის მოულოდნელი განცხადება, რადგან გასულ წელს იგივე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება ერთმანეთს შეხვდნენ და საერთო ენა მონახონ. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს სამართლებრივი და პოლიტიკური გზა ჰქონდა დატოვებული, რომ ბოლო ხიდი არ დაეწვა საქართველოსთან ურთიერთობაში. ჩვენმა ხელისუფლებამ პუტინის პირველ განცხადებაზე ყური არ შეიბერტყა, ეს არ იქნა სერიოზულად განხილული პოლიტიკურ წრეებში, დღეს ვფიქრობ, რომ ეს თემა დაძრულია არა საქართველოსთან კეთილგანწყობილი მიზნების გამოსავლენად, არამედ ეს არის რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე თემა. საქართველო არსი ბუფერული ზონა ამ ორ სახელმწიფოს შორის, ასევე კრიტიკული დამოკიდებულებებია თურქეთსა და ევროპას შორის, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის გართულების შემთხვევაში რუსეთს საქართველო პარტნიორად სჭირდება, მას პოლიტიკურმა მოვლენებმა უკარნახა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები არ დაძაბოს და ჩვენი ქვეყანა არ იქნას გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირებული სახელმწიფოების მიერ გარკვეულ პლატფორმად.

ბუნებრივია, საქართველოსთან სტაბილურ ურთიერთობას არჩევს, აქედან გამომდინარე, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ რუსეთის გასაჭირი საქართველოს სასარგებლოდ და თუკი ხელისუფლება წავა ამ ნაბიჯზე, ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც პრორუსულ ნაბიჯად. რუსეთი არასოდეს იტყვის უარს იმ განცხადებებზე, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან არის გაკეთებული, მაგრამ ასეთმა ფაქტებმა წინა პლანზე უნდა წამოსწიოს ისეთი ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის 13 აგვისტოს ომის შემდეგ ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ამ ხელშეკრულების თანახმად, 2008 წლის 5 აგვისტომდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების სტატუს-ქვო უნდა აღადგინოს. მე ვფიქრობ, იმდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის საქართველოს როლი, თუკი ხელისუფლება საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, მას ელექტორატის მხარდაჭერაც ექნება არჩევნებზე.

- პუტინი აცხადებს, მე არაფერ შუაში ვარ, არ ვერევი, აფხაზებთან და ოსებთან თქვენ ილაპარაკეთო. როგორ ფიქრობთ, დაგვითმობს რუსეთი წართმეულ ტერიტორიებს?

- არ შეიძლება ისეთი ნახტომის გაკეთება, როცა ერთი თვისობრიობიდან მეორეში გადადიხარ. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ, თუ რუსეთი სავიზო რეჟიმს გააუქმებს, ე.ი. ამას უნდა მოჰყვეს მეორე ნაბიჯი, რასაც ჰქვია 2008 წლის ნაკისრი ხელშეკრულების სისრულეში მოყვანა და ტერიტორიების სტატუს-ქვოს აღიარება. ადმინისტრაციული საზღვრები, რომელიც დღეს გორამდეა მოსული, თავის ნიშნულზე უნდა დაბრუნდეს. შემდეგი ნაბიჯი კი იქნება იმ მოლაპარაკების დაწყება, როცა რუსეთის მეშვეობით ჩვენ უნდა შევძლოთ ცხინვალისა და სოხუმის ხელისუფლებასთან საუბარი და მოვძებნოთ საერთო ენა. ამაში სწორედ რუსეთმა უნდა გვიშუამდგომლოს.

- დღეს ველოდებით ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს, რომელმაც დაიგვიანა. რატომღაც, ეს საკითხი ყველას დაავიწყდა და მაინტერესებს, რა საფრთხეები ელოდება ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპაში არალეგალურად იმყოფებიან და სამუშაოთა მაძიებელთათვის რა პრივილეგიები იქნება ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ?

- ვიზალიბერალიზაციის განცხადებას პუტინის განცხადება მოყვა, კონკურენტუნარიანი სიტუაცია შეიქმნა. თქვენი გაზეთის საშუალებით საქართველოს ხელისუფლებას ვურჩევდი, თვითდინებით არ მიუშვას ეს პროცესი, ჩვენ ევროპულ სახელმწიფოებთან უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებები, რომ გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თავად იყოს ქართველი ემიგრანტების კვოტების განმსაზღვრელი, მაგალითად, თურქეთმა თავის დროზე გერმანიის მთავრობასთან ხელი მოაწერა შრომითი ემიგრაციის ხელშეკრულებას და განუსაზღვრა წელიწადში 25 ათასი თურქის დასაქმება გერმანიაში სამი წლით, თუ ჩვენი მთავრობაც თავს შეიწუხებს და მინიმუმ ამ სამ სახელმწიფოსთან ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომ მათ მიიღონ საქართველოდან შრომითი ემიგრაცია და მისცენ სამუშაო გარანტიები, რათა იატაკქვეშეთში და არალეგალურად აღარ იყვნენ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

რეზონანსი“, 18 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “თუ პრეზიდენტს მსგავსი შინაარსის საუბარი ელისაშვილთან ახსოვს, რატომ არ ახსოვთ ხიდაშელსა და უსუფაშვილს?”

ელზა პაპოშვილი

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადების შემდეგ, მტყუან-მართალი მხოლოდ პროკურატურამ უნდა დაადგინოს. რადგანაც, მისი თქმით, საზოგადოებაში ეჭვი ჩნდება და ბევრი კითხვა ისმება იმაზე, რომ თუკი პრეზიდენტს ახსოვს ელისაშვილთან შეწყალების კომისიის სკანდალური საუბრის დეტალები, მაშინ რატომ არ ახსოვთ თინა ხიდაშელსა და დავით უსუფაშვილს.

დოლიძის განცხადებით, პროკურატურამ ამ რეზონანსული საქმის გამოძიებით საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოს, რომ ის ხელისუფლების ხელში ბრმა პოლიტიკურ იარაღს არ წარმოადგენს.

დეპუტატის თქმით, მისთვის არც ის არის დასაჯერებელი, რომ ელისაშვილი ტყუის და არც ის, რომ კობახიძე და ბესელია კორუფციულ ქმედებას ახორციელებდნენ. ამიტომაც, მისი აზრით, გადამწყვეტი და მნიშვენელოვანი სიტყვა ახლა მხოლოდ გამოძიებამ უნდა თქვას.

- რას ფიქრობთ ელისაშვილის სკანდალურ განცხადებაზე და მსგავსი ფაქტების შესახებ თქვენ თუ გსმენიათ?

- რასაც ალეკო ელისაშვილი ამბობს, იმდენად მძიმე ბრალდებაა, რომ, ჩემი აზრით, ალბათ რაღაცა საფუძველი გააჩნია. სხვაგვარად არ მგონია, რომ ადამიანმა ასეთი სკანდალური და წარმოუდგენელი რამ მოიგონოს. პროკურატურა და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები რაც შეიძლება ღრმად უნდა ჩჰაყვნენ, რომ სიმართლე გამოაშკარავდეს. თუკი ასეთ ფაქტებს ადგილი მართლაც ჰქონდა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და მისი ობიექტური გამოძიება ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე სკურპულოზურ გამოძიებას საჭიროებს.

- ზოგიერთი ადამიანის მოსაზრებით, ალეკო ელისაშვილმა ეს განცხადება წინასაარჩევნოდ გააკეთა და მხოლოდ პოლიტიკური თამაშია. როგორ ფიქრობთ, მან ამ ფაქტების შესახებ პროკურატურაში განცხადება წელიწადნახევრის წინ რატომ არ გააკეთა?

ვ.დ: მე არ მინდა, რომ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური თამაში დავაბრალო. არც ის მინდა დავიჯერო, რომ ჩემი კოლეგები – მანანა კობახიძე და ეკა ბესელია ამ თემასთან დაკავშირებით დამნაშავეები არიან. მე პირადად ამის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. გამოძიებამ ძალიან კარგად და სწრაფად უნდა იმუშაოს, რადგანაც მოსახლეობის თვალში თავად პროკურატურის იმიჯი არ შეილახოს. ახლა ყველაზე მეტად მათ ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდნენ.

- ვნახეთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელისაშვილი და პროკურატურა ურთიერთბრალდების რეჟიმში არიან. ელისაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა პოლიტიზებული აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, მას ამის თქმის საფუძველი რამდენად აქვს?

- პროკურატურა, რომ პოლიტიკურ თამაშშია ჩაბმული, ეს “თავისუფალმა დემოკრატებმა” საკუთარ თავზე გამოვცადეთ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს სისტემა ხელისუფლებისთვის პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს. ამიტომაც პროკურატურამ და მისმა ხელმძღვანელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოებას ეს განცდა აღარ ჰქონდეს, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ.

- ელისაშვილმა თქვა, რომ ეს ინფორმაცია, როგორც თავდაცვის მინისტრს, თამარ ხიდაშელს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და პრეზიდენტს მიაწოდა. ხიდაშელმა და უსუფაშვილმა თქვეს, რომ მათ საკრებულოს წევრისგან ასეთი ინფორმაცია არ მიუღიათ. მაგრამ პრეზიდენტმა ეს დაადასტურა. როგორ ფიქრობთ, რატომ კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები?

- საერთოდ ჭორის დონეზე საუბარი არ მიყვარს და ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში სიმართლეს ვინ ამბობს. რა თქმა უნდა, მათი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს და საზოგადოება დაბნეულია. ისმება კითხვები, თუკი პრეზიდენტს მსგავსი შინაარსის საუბარი ელისაშვილთან ახსოვს, მაშინ რატომ არ ახსოვს ხიდაშელსა და უსუფაშვილს? მე არ ვიცი, საზოგადოება ვის უნდა ენდოს. ამიტომაც ვიძახი, რომ ამ კითხვებს დეტალური პასუხი მხოლოდ პროკურატურამ და გამოძიებამ უნდა გასცეს. არ მინდა, რომ ვინმეს ბრალი უსაფუძვლოდ დავდო.

- რას იტყვით ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის აღსადგენად მზადაა. რა თამაშს შეიძლება ის თამაშობდეს და ხომ არ არის ეს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საპასუხო ქმედება?

- ყოველთვის დადებითად ვუყურებ დიალოგის დაწყებას ნებისმიერ ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან, რომელთანაც ასეთი სახის ურთიერთობა მართლაც, რომ საჭირო და აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტ ქვეყანას წარმოადგენს, ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა და ეკონომიკური ურთიერთობა ჩვენს ქვეყანას წაადგება.

თუმცა რუსეთს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ფორმატით აღიარებული ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. მათ შორის 2008 წლის 12 სექტემბრის 6-პუნქტიანი შეთანხმება. მან უნდა აღადგინოს სტატუსკვო, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტომდე იყო. მათ შორის ძალის არგამოყენების შესახებ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამ ნაბიჯებს თუ გადადგამს, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნიდანაც ადეკვატური პასუხი იქნება. მაგრამ აქ თუ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ განცხადება მხოლოდ განცხადებად დარჩება, ეს უკვე სხვა თემაა.

- თუკი პუტინის განცახდებას შესაბამისი ქმედება მოჰყვება და რუსეთი ნამდვილად დაიწყებს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესს, მაგრამ არ შეასრულებს თქვენ მიერ ხსენებულ ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება როგორ უნდა მოიქცეს?

- ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს ვერ მოიმოქმედებს, რადგანაც მას შესაბამისი ბერკეტი არ გააჩნია. მთავრობა უნდა დაელოდოს, რუსეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ეტაპზე თუკი უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ საქართველომ ეს შეთავაზება, ჩემის აზრით, აუცილებლად უნდა მიიღოს.

2011 წელს საქართველომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა, მაგრამ სამწუხაროდ ანალოგიური პასუხი ჩვენ მათი მხრიდან არ მიგვიღია. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ პუტინმა ეს განცხადება ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის საპასუხოდ გააკეთა. თუმცა მაინც მისასალმებელია და საქართველომ ორივე შემთხვევა სათავისოდ და ქვეყნის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს. ჩვენს მოსახლეობას როგორც ევროპაში, ასევე რუსეთში უვიზო მიმოსვლა სჭირდება, რადგანაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ასევე აღარ ვამბობ იმ სავაჭრო ურთიერთობაზე, რომელიც უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებისთვის აუცილებელია.

- თუმცა ამ განცხადებების პარალელურად, რუსეთიდან ისმის საუბარი იმაზე, რომ პანკისის ხეობაში, სირიიდან დაბრუნებული მებრძოლები წვრთნას გადიან და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთში ტერორისტული აქტის მოწყობისთვის ემზადებიან. როგორ ფიქრობთ, ამ ქვეყნისთვის პანკისის ხეობა კვლავ აქტუალური რატომ გახდა?

- ვფიქრობ, რომ პანკისი დღეს ისეთი პრობლემური არ არის, როგორი განცხადებებიც ისმის. რუსეთის გარდა მსგავსი შინაარსის განცხადება ერგნეთში შეხვედრაზე სანაკოევმაც გააკეთა.

მადლობა ღმერთს, რომ მსგავსი სახის პრობლემები ამ ხეობაში არ არსებობს და ჩვენი სამართალდამცავები სიტუაციას ზედმიწევნით კარგად აკონტროლებენ. თუ რამე პრევენციის საფუძველი იქნება, ვფიქრობ, ამასაც მოახერხებენ. ამიტომ მსგავსი ტიპის განცხადებები სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულად მიმაჩნია.

ახალი თაობა“, 18 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: “მანანა კობახიძემ პარლამენტი უნდა დატოვოს!

როდესაც პოლიტპატიმართა სიებზე დაიწყო საუბარი, ყველა აღნიშნავდა, რომ ამ სიების შედგენა კახა კუკავამ დაიწყო და ეს სიები 2006 წლიდან არსებობდა. იმის გასარკვევად, თუ რა წვლილი მიუძღვის `თავისუფალი საქართველოს~ ლიდერს ამ პროცესში, “ახალი თაობა“ აღნიშნულ საკითხებზე კახა კუკავას ესაუბრა.

- რამდენკაციანი იყო პოლიტპატიმართა სია?

- ეს იყო 190-კაციანი სია და ამას არანაირი კავშირი არა აქვს არც იმ 14 ათას პატიმართან, რომლებიც გამოვიდნენ ამნისტიით და არც იმ შეწყალების თემასთან, სადაც ნუგზარ ბოჭორიშვილისა და სხვათა გვარები სახელდება! ამ ხალხს არანაირი შეხება პოლიტპატიმართა სიასთან არა აქვს. პოლიტპატიმართა სიაზე ერთს კი დავძენდი _ სანამ მადლობებს იხდიდნენ და სანამ გმირობაზე იყო ლაპარაკი, რომ აი პოლიტპატიმრები გამოუშვეს, მაშინ კახა კუკავას გვარი არავის გახსენებია. კითხვები რომ გაჩნდა, ახლა გავახსენდი ყველას. არა უშავს, ეგეც კარგია.

- რეალურად რა ხდება?

- მოგახსენებთ. 2007-ში, როცა დაიწყო ჩვენი მომხრეების დაპატიმრება, 7 ნოემბრის აქციის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ ამ სიის შედგენა. თავიდან ეს იყო ოპერატიულად შედგენილი სია, სადაც მხოლოდ ჩვენი მომხრეები იყვნენ შეყვანილი. იმ ხალხის დიდი ნაწილი მალევე გაათავისუფლეს, რაღაც ნაწილი გაათავისუფლეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და მაშინ გავიდა პირველად ტელეეთერში ინფორმაცია ამ სიის არსებობის შესახებ.

- ამის შემდეგ შეიყვანეთ სხვა პარტიის წარმომადგენლები სიაში?

- როდესაც ამ სიის არსებობის შესახებ გახდა ცნობილი, მასში შეყვანა მოინდომეს სხვა ადამიანებმაც, რომლებიც არ იყვნენ გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები, მაგრამ საკუთარ თავს მიიჩნევდნენ ისინი პოლიტპატიმრებად.

- კონკრეტულად?

- მაგალითად, იგორ გიორგაძის მომხრეები, რომლებიც ამბობდნენ, თუ თქვენ პოლიტპატიმრების სიას ადგენთ, რატომ არა ვართ ამ სიაში ჩვენო. შემდეგ გამოჩნდნენ სხვებიც. ბუნებრივია, ამაზე გაერთიანებული ოპოზიცია ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას, მით უფრო, რომ იქ იყო აზრთა სხვადასხვაობა ცალკეულ პატიმრებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პირველი ნორა კვიციანი იყო კიდევ, რომელიც ამ სიაში შევიყვანეთ.

- შემდეგ როგორი სახე მიეცა ამ ყველაფერს?

- რადგან ჩვენ ვეღარ მივიღებდით გადაწყვეტილებას, გავუკეთეთ ამ ყველაფერს ორგანიზება, მოვიწვიეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, იყო ერთგვარი კომისიური ფილტრი. ამას ერქვა ჰელსინკის ჯგუფი. აქ იყვნენ უფლებადამცველები, ადვოკატები ეკა ბესელია იყო, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი. როდესაც კონკრეტული განაცხადი შემოვიდოდა, ამას უნდა გაევლო ამ კომისიის ფილტრი, არის ეს ადამიანი პოლიტიკური პატიმარი თუ არ არის. ეს სიები სისტემატურად ქვეყნდებოდა. 2012 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა.

- შეცვლაში რას გულისხმობთ? როგორ შეიცვალა?

- 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე იქით გვიხდებოდა ამ ხალხის კუდში დევნა. კარგად მახსოვს, მუხროვანის ამბოხების მონაწილეები ლამის ძალით ჩავსვით სიაში, ისეთი შეშინებულები იყვნენ, ჩვენ არ გვინდა ამ სიაში, ეს მაინც ვერაფერს გვიშველისო. აი, ასეთი განწყობა იყო.

- რა მოხდა პირველი ოქტომბრის შემდეგ?

- არჩევნების შემდეგ დადგა რიგი და უცებ გამოჩნდა ასობით ადამიანი, რომლებსაც უცებ გაახსენდათ, რომ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. იქ ყველაფერი ოპერატიულად ჩატარდა, მოხდა ფილტრაცია და სია დაიხურა. ითქვა, რომ ჩვენ ამ სიას უსაშველოდ ვერ გავზრდიდით. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ თქვა, რომ შემდეგ კიდევ იქნება მეორე ეტაპი, რომელიც სხვა პროცედურით ჩატარდებოდა.

- ძველი სია უცვლელი სახით დარჩა?

- ეს სია გადაეგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს. მერე, სიმართლე გითხრათ, აღარც შემიმოწმებია, ზუსტად ვინ დაემატა ამ სიას. ისე, ვიღაცები დაემატნენ. ეს არ იყო დიდი რაოდენობა, მაგრამ ზუსტად ის სია არ ყოფილა, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ. ამ სიას ვიღაცები დაემატნენ, ვიღაცები მოაკლდნენ. ვინც მოაკლდა, ეს იყო კოჭოიას ჯგუფი. ჩვენთან გადაწყდა, რომ ისინი პოლიტპატიმრები იყვნენ, თუმცა ეს პარლამენტმა არ გაიზიარა.

- რატომ არ გაიზიარა?

- როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს რეკომენდაციით. გარდა ამისა, პარლამენტს გადაეგზავნა და პარლამენტმა არ გაიზიარა აგრეთვე ემზარ კვიციანის საკითხიც. ასე მიდიოდა ეს პროცედურა. რაც შეეხება კონკრეტულ პატიმრებს, ვინ ვინ იყო, ჩემი პარტიის წევრი მაგ სიაში სულ ერთი თუ ორი კაცი იყო. ყველა პოლიტიკურ პატიმარს ჰყავდა თავისი რეკომენდატორი და აქედან გამომდინარე თუ რაიმე შეკითხვები არსებობს რომელიმე პოლიტპატიმართან დაკავშირებით, ვინ არის, საიდან მოვიდა, რას მოღვაწეობდა, ამ რეკომენდატორებსა და წარმდგენებს უნდა მიმართონ.

- თქვენც ფიქრობთ, რომ ფული კეთდებოდა ამ სიების შედგენისას?

- არა! რა სიებიც ჩვენ გადავეცით, ეს გამორიცხულია! ამიტომაც მოგიყევით, რომ პირველ ოქტომბრამდე იქით დავდევდით და ლამის ვეხვეწებოდით, სიაში შეგვეყვანა. რა ფულის კეთებაზეა საუბარი. მუხროვანის საქმეზე კონფლიქტიც კი მოგვივიდა რამდენიმე ოჯახთან. პრეტენზია იყო მათი მხრიდან, რატომ ჩაგვსვით სიაშიო.

- თქვენ ხომ გადააგზავნეთ ეს სიები, რომლებმაც კორექტირება განიცადა. იქნებ მერე გაკეთდა ფული?

- მერე რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. ეს უკვე ცალკე საკითხია. ამ სიას რომ ვიღაცა დაემატა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფული გადაიხადა ვიღაცამ. იყო ერთი ასეთი, ლევან მამალაძე, რომელსაც ჩვენი კომისიისთვის არასდროს მოუმართავს, ასევე გიგლა ბარამიძე, რომლებმაც პირველი ოქტომბრის შემდგომ ამ სიაში მოხვედრის სურვილი გამოთქვეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ქრთამს იხდიდნენ ამაში. აქედან გამომდინარე, მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ ის სია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით და პრესკონფერენციებს ვმართავდით, იწარმოებოდა 2006-2007 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე.

- დღევანდელ სიტუაციაზე როგორია თქვენი შეფასებები? ვინ ტყუის, ელისაშვილი თუ ბესელია-კობახიძე?

- რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, მე მაქვს მოსაზრება, რომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. ახლა რომელიღაცა ჟურნალისტი რომ გამოვა და კონკრეტული პირის გვარს დაასახელებს, ავიღოთ თუნდაც ნუგზარ ბოჭორიშვილი, რა, ვინმემ დაადგინა, რომ ბოჭორიშვილი ნარკობარიგაა თუ ვინმემ დაადგინა, რომ უდანაშაულოა?! სოსო თოფურიძის მიერ ჩატარებულ გამოძიებას თუ ვენდობით, მაშინ ნახევარი საქართველო უნდა ჩავსხდეთ ციხეში. ჩვენ გვყავს იმპოტენტი პროკურატურა.

- პროკურატურას რაღას ერჩით?

- ამ ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობა ის არის, რომ ვერ ჩატარდა ამ საქმეზე ინდივიდუალური გამოძიება. ელისო კილაძე კი არ უნდა გვეუბნებოდეს ჩვენ, ნუგზარ ბოჭორიშვილი და კიდევ სხვა გვარებს რომ ასახელებენ, ბარიგები არიან თუ არ არიან. პროკურატურა მთელი სამი წელი რას აკეთებდა?! უნდა ჩაეტარებინა გამოძიება, ზოგიერთ საქმეზე უნდა დაედგინა გამამართლებელი განაჩენი.

- კონკრეტულად რომელ საქმეებზე?

- მაგალითად, ნორა კვიციანის საქმეზე! ნორა კვიციანი დღესაც ითვლება, რომ ბანდიტია, გათავისუფლებული ბანდიტი, თორემ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს, სასამართლოსა და პროკურატურას, ის არ გაუმართლებია, ისევე, როგორც არ გაუმართლებიათ ირაკლი ბათიაშვილი. ასევე უნდა ჩაეტარებინათ გამოძიება და, თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაედგინათ, რომ ის არის დამნაშავე. ეს გამოძიება არ ჩატარდა, ამიტომაც არის ახლა, რომ შეწყალების კომისია, პრესა და ტელევიზია არკვევს მათ დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობას. მე მანანა კობახიძის მიმართ არა ვარ ცუდად განწყობილი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მანანა კობახიძემ პარლამენტი უნდა დატოვოს.

- რატომ უნდა დატოვოს, რა დააშავა?

- იმიტომ, რომ მან ორი დიდი, მნიშვნელოვანი დარღვევა ჩაიდინა. მე თუ მკითხავთ, მანანა კობახიძე ნამდვილად ყველას სჯობია მაგ პარლამენტში თავისი წესიერებითაც და პატიოსნებითაც.

- მაშინ, რაღას ერჩით?

- უბრალოდ, ეს არის პრინციპი. თუ მანანა კობახიძის მიმართ ვერ დავიცავით ეს ორი პრინციპი, ვერც სხვა შემთხვევაში დავიცავთ. ორი პრინციპი დაარღვია მან, ერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი, ხოლო მეორე _ ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი, რომელიც მან დაარღვია, ინტერესთა კონფლიქტის პრინციპია.

- რომელიც რას გულისხმობს?

- გულისხმობს იმას, რომ შენ თუ გაქვს კომერციული ინტერესი რაღაც საქმეზე, ან ნათესაური ინტერესი, ან სხვა ტიპის, არ უნდა გამოიყენო შენი სახელმწიფო ძალაუფლება ამ საკითხზე. ეს არის ანბანი ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში.

- ანუ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ლობირება არ უნდა დაეწყო?

- რა თქმა უნდა!

- რა უნდა ექნა მანანა კობახიძეს?

- თუ ქალბატონი მანანა იღებდა ჰონორარს ნუგზარ ბოჭორიშვილისგან, მას უნდა გაეგზავნა შეწყალების კომისიისთვის წერილი, როგორც ნუგზარ ბოჭორიშვილის ადვოკატს. მეორეა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც თითქმის დანაშაულს უტოლდება.

- ასეთი რა დარღვევაა?

- მე მოვისმინე ქალბატონი მანანას კომენტარი, როდესაც მან განაცხადა, ბოჭორიშვილი უდანაშაულო იყო, მაგრამ პროკურატურაში ვერ მოვაგვარე საქმე და ამიტომ გამოვიყენე შეწყალებაო. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შეწყალება არ არის ადამიანის უდანაშაულობის მტკიცება. ჰუმანური მოსაზრებების გამო ვშუამდგომლობთ ამა თუ იმ პირს, რომ ვადამდე გათავისუფლდეს.

ახალი თაობა“, 18 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი ხან ელისაშვილის მხარეს იქნება, ხან - კობახიძის

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ გახმოვანებული სკანდალი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავლენას იქონიებს.

„ის, რასაც ამ ხელისუფლებაზე ვფიქრობდი, ყოველდღიურად დასტურდება. ეს არის ხელისუფლება, რომლის უმაღლეს პირებს წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა, ინტერესთა კონფლიქტი, სახელისუფლებო შტოებს შორის გამიჯვნა და ა.შ. საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაუთვითცნობიერებლობით სარგებლობენ და თავს ახვევენ იმ მოსაზრებას, რომ თითქოს სახელმწიფოს დემოკრატიულად მართავენ. არადა, საერთოდ არ ესმით, რას ნიშნავს დემოკრატიული მმართველობა და თანამედროვე პოლიტიკა“, – ამბობს დავით დარჩიაშვილი.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ქალბატონი კობახიძე ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან კერძო საადვოკატო პრაქტიკასა და პარლამენტის ვიცესპიკერის თანამდებობას. ეს არის სწორედ იმის ნიმუში, რომ მათი აზროვნება ფეოდალური სტილისაა, იმ ეპოქის, როდესაც პროფესიები ერთმანეთისგან საერთოდ გაუმიჯნავი იყო. ის ვერ ხვდება, რომ ინტერესთა კონფლიქტია, როდესაც ამ თანამდებობაზე ზის და ძველ კლიენტებს იხსენებს. არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ის კლიენტები ნარკობარიგები იყვნენ თუ ვინ, კარგად ვიცი. ადვოკატის პროფესია მოითხოვს, რომ ნებისმიერი ადამიანი დაიცვას და არავინ არ არის დამნაშავე, სანამ მას დანაშაულს სასამართლო არ დაუმტკიცებს, მაგრამ თანამდებობის, ტრიბუნისა და მდგომარეობის გამოყენება კლიენტების დახმარების მიზნით მიუღებელი და დაუშვებელია. ეს ქცევა ნორმალური არ არის თანამედროვე, დემოკრატიული კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარე.

- თქვენი გუნდის წევრი აკაკი მინაშვილი ითხოვს, მანანა კობახიძემ უფლებამოსილება შეიჩეროს, ინტერესთა კონფლიქტიდან გამომდინარე. თქვენც ეთანხმებით?

- რა თქმა უნდა. თუ გული შესტკივა, თუ მიაჩნია, რომ მისი კლიენტის მიმართ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, ასევე, თუ მას ვალდებულებები აქვს აღებული თავისი კლიენტის მიმართ, მაშინ უნდა ჩამოშორდეს დროებით მაინც და ობიექტურად წარიმართოს პროცესი. მე არ ვამბობ, რომ ახლა აქვს ფული აღებული. ეს ალეკო ელისაშვილმა დაამტკიცოს, მაგრამ საადვოკატო მომსახურების დროს ხომ აქვს ფული აღებული, ე.ი. აქვს ვალდებულებები. დღეს სახელმწიფო თანამდებობიდან იმავეს გაგრძელება არ შეიძლება. შეიძლება გული შესტკიოდეს, მაგრამ ამისთვის თანამდებობას ნუ გამოიყენებს.

- ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არა როგორც კლიენტის, არამედ მოქალაქის, ამომრჩევლის საქმე მოიკითხა...

- რას ბრძანებთ, ადამიანს აქვს სამსახურებრივი და ფინანსური ვალდებულება კლიენტების მიმართ, ახლა თანამდებობაზეა და იქიდან ცდილობს ამას, ეს კი დაუშვებელია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არაეთიკურია. ეს იმას ჰგავს, მე რომ ლექტორი ვიყო და ჩემი სტუდენტისგან ფული მქონდეს აღებული, რაც მეორე სტუდენტს არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. კობახიძის ეს პოზიცია სხვა ადამიანებს არათანაბარ მდგომარეობაში აგდებს.

- პროკურატურისგან რას ელოდებით?

- არაფერს არ ველოდები, რადგან იქ ზის შოთაძე, რომელიც ფარცხალაძის მეგობარია, ორივე ერთად კი – ივანიშვილის. რას უნდა ველოდე ამათგან. ამ პროცესში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა: ამ ადამიანებს არ ესმით თავიანთი ფუნქციისა და არც თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპები. მე ერთი რამ ცხადად ვიცი: თუ ამ ადამიანების ხელში დარჩა ქვეყანა, უკან და უკან წავა.  შეიძლება სადმე სოფელი ან ხეობა მართო ასე, რომელსაც გარედან აქვს დოტაცია, მაგრამ სახელმწიფო ასე არ იმართება და მით უფრო – ვერ აშენდება. რაც არ უნდა გვიკიჟინონ, იმ 9 წელს მიხედეთ, სადაც დანაშაული ხდებოდაო, დიახ, ხდებოდა, მაგრამ სწორდებოდა, ნელ-ნელა ამოვდიოდით უგაზობა-უშუქობის ჭაობიდან. ასეთი მმართველობით შეიძლება მხოლოდ რუსეთის ნაწილი იყო, მაგრამ არა – სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატი მმართველი. მე ეს მაშფოთებს და არა ის, ელისაშვილმა რა უთხრა კობახიძეს და კობახიძემ კიდევ _ ბესელიას.

- თქვენ ივანიშვილი ახსენეთ. ამ პროცესში ივანიშვილის პოზიცია როგორი შეიძლება იყოს?

- ეს კაცი, როგორც ჩანს, იმით ცხოვრობს და სუნთქავს, რომ ყველა ყველას დაუპირისპიროს, ხან ელისაშვილის მხარეს იქნება და ხან _ კობახიძის, ოღონდ ორივე გამოჭერილი ჰყავდეს.

- დღეს ვის მხარეს არის, როგორ ფიქრობთ?

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. მთავარია, თვითონ არქიფო სეთურივით იჯდეს. ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ ეს კარგს არაფერს მოგვიტანს ჩვენ, როგორც სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს. ეს არის სისტემური პრობლემა. თუ ეს სისტემა არ შეიცვალა, ასე ვიქნებით პიროვნებებზე დამოკიდებული და ეს არ დამთავრდება.

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს სკანდალი `ქართული ოცნების~ რეიტინგზე გავლენას იქონიებს?

- სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ბოლომდე ვერ ამჩნევს და ვერ აცნობიერებს იმ წყლულებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სჭირს. ამას მთლად თვალნათლივ ვერ ამჩნევენ, მაგრამ გრძნობენ, რომ ის ელიტა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, აბსოლუტურად უუნაროა, რომ ქვეყანა წინ წასწიოს. ხალხი გრძნობს, რომ ეს ხელისუფლება ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, ვერ შეასრულებს გაცემულ დაპირებებს, ვერ იცხოვრებს უფრო კარგად, ვიდრე დღეს ცხოვრობს. აშკარაა, რომ ამას ხალხი ხედავს და ეს სკანდალიც, ბუნებრივია, აღრმავებს ამ ნიჰილიზმს, მაგრამ ორი არჩევანი აქვს გასაკეთებელი: კობახიძემ არ იცის ქვეყნის მართვა და ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია კანონის უზენაესობა პირადი ინტერესებისგან, აქვე ელისაშვილი რაღაცას ბაქიბუქობს, მაგრამ მერე რა არჩევანი უნდა გააკეთოს, ეს ვერ გადაუწყვეტია.

- ბატონო დავით, ამბობენ, რომ ელისაშვილი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ატარებს. შეიძლება ასეც იყოს?

- კარგით, რა, აბსოლუტურად არ მჯერა ამის. ნაციონალური მოძრაობის ინტერესია, ეს მანკიერი წრე გაირღვეს, ჩვენი წარსული შეცდომები გავაანალიზოთ და აღარ დავუშვათ. ისე, არ დაგიმალავთ, რამდენადაც `ოცნება~ თავს მოიჭრის, ჩვენთვის უკეთესია. ჩვენ ვითხოვთ, პარლამენტში შეიქმნას სისტემური კორუფციის ნიშნების შემსწავლელი კომისია, მაგრამ პასუხად წივილ-კივილი მივიღეთ, გაიძახიან, თქვენს 9 წელს მიხედეთო. კი სწავლობენ აგერ უკვე ოთხი წელია იმ ცხრა წელს, მაგრამ, რა შეისწავლეს, ვხედავთ. ასე ეს ხელისუფლება დიდხანს ვერ გაატანს, მაგრამ ახლა არჩევანი საზოგადოებაზეა.

ახალი თაობა“, 18 დეკემბერი, 2015 წელი

ალეკო ელისაშვილი ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიაში შედის?

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ცნობადობა და პოპულარობა მას არც აქამდე აკლდა, მაგრამ ბოლო დღეებში აგორებულმა სკანდალმა ის უფრო აქტუალური გახადა. მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა „ქართული ოცნება“ სერიოზულად დააზარალა. იყო ვარაუდები რომ ის ნაციონალების დავალებით მოქმედებდა. თუ,ვა ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ მეოცნებეთა აწიოკებაზე საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს „კურთხევა“ ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა.

სანამ ერი მისი გააქტიურების მიზეზების ამოხსნით არის დაკავებული, ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით მორიგი ვერსია გავრცელდა.

„ახალ თაობას“ სარწმუნო წყარომ აუწყა, რომ მასთან მოლაპარაკებებს პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები აწარმოებენ. ეს პარტია ოფიციალურად ჯერ არ დაფუძნებულა, მაგრამ მისი მისამართით ინტერესი ძალიან დიდია.

საქართველოს გაბედნიერებაზე პრეტენზია, მოგეხსენებათ, რომ კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის სურს. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა ახლო მომავალში გაიმართება. ცნობილი ხდება რომ ჩერნოვეცკისთან პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ერთიანდება.

ალეკო ელისაშვილის ამბის გადამოწმება სწორედ მასთან ვცადეთ. დუმბაძემ საკრებულოს დეპუტატთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა უარყო. ამასთან აღნიშნა, რომ მათი პარტიის კარი ყველასთბის ღიაა. „ამ საკითხზე ბატონ ალეკო ელისაშვილთან მოლაპარაკება არ მქონია. ჩვენს პარტიას ჰქვია „ბედნიერი საქართველოსთვის“ და მის რიგებში გაწევრიანების უფლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლოა. ბატონი ალეკოც საქართველოს მოქალაქეა და თუ სურვილი გაუჩნდება რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი? – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში დუმბაძემ.

სარწმუნო წყარომ „ახალ თაობას“ იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ახალ პარტიაში შესვლის სურვილი „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატსაც გასჩენია. საუბარია ისეთი კატეგორიის მეოცნებეებზე ვისაც „ქოცების“ საარჩევნო სიაში მეორედ მოხვედრის არანაირი შანსი არა აქვთ.

მურმან დუმბაძე ამ საკითხთან დაკავშირებით არ საუბრობს და გვირჩევს პარტიის სადამფუძნებლო ყრილობას დაველოდოთ.

„ალია“, 18 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: რისთვის გააკეთა სეპარატისტმა სანაკოევმა განცხადება, რომ ისლამური სახელმწიფო» საქართველოში ტერაქტებს მოაწყობს?

ნინო ლაბარტყავა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განუცხადა: „პანკისის ხეობაში ხდება მეომრების კონცენტრაცია, რომლებიც სირიაში, აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში აქტიურად იბრძოდნენ. ახლა ისინი საქართველოში იკრიბებიან და პროვოკაციებს ამზადებენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საზღვრის მონაკვეთზე. მათი თავდასხმის ობიექტები შეიძლება გახდნენ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ან, სულაც, საქართველოს პატრულის წარმომადგენლები. მათ, ასევე, შესაძლოა, გაიტაცონ მშვიდობიანი მოქალაქეები ან ცეცხლი გაუხსნან მათ… ჩვენი ინფორმაციით, ეს მოახლოებული საახალწლო და საშობაო დღესასწაულებისთვის მზადდება“.

დავით სანაკოევის განცხადების საპასუხოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცველები პანკისში ვითარებას აკონტროლებენ და სანაკოევის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

რა ხდება რეალურად და არის თუ არა საფრთხეები მოსალოდნელი? „ალიას“ უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა:

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას აცხადებს სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელი, როგორც ჩანს, ის ეყრდნობა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს, ამიტომ გასაგებია, სიო საიდან ქრის. მე მინდა გითხრათ ამ განცხადებების წინაპირობა: რუსეთმა რატომღაც უცებ დაიწყო ცხინვალის რეგიონში საკუთარი შეიარაღებული ძალების კომპონენტის, ანუ მეოთხე ბაზის გაძლიერება, შემოყვანილ იქნა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ გარკვეული რაოდენობა, ეს ერთი. პლუს, გახშირდა საქართველოს საჰაერო სივრცის სისტემატური დარღვევა რუსეთის შვეულმფრენების მიერ. ამ ყველაფერს თუ ერთ ყულაბაში გავაერთიანებთ, გასაგები გახდება სავარაუდო მიზნები და ამოცანები.

- და რა მიზანი აქვს ამ განცხადებას?

- მარტივად რომ ვთქვათ, ამის უკან დგას ისეთი პროვოკაცია, რომელიც მოაწყვეს 2002 წელს. გახსოვთ, რუსულმა მხარემ დაიწყო პანკისის დაბომბვები, სადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ამას მოჰყვა, ასევე, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის სხვადასხვა ფორმების განხორციელება, რათა საქართველოს შეეჩერებინა ნატოსკენ. მაშინაც ყველანაირად იყენებდნენ იმავე რიტორიკას, რა რიტორიკაც თუნდაც დღევანდელი ცხინვალის რეგიონის არაღიარებული რეჟიმის წარმომადგენელმა გამოიყენა, ერთიერთში დაემთხვა. უბრალოდ, მაშინ იქ „ისლამური ხალიფატის“ მაგივრად, ჩეჩენ სეპარატისტებს ასახელებდნენ, ასეთი კონტექსტი იყო მაშინ, მეტი არაფერი. ასეთი ტიპის პროვოკაციული ქმედებები რომ განხორციელდეს, სულ მცირე წინაპირობა და ნიადაგი ამისთვის მომზადებული უნდა იყოს. რომც არ იყოს, ჩვენ ვიცით, რა დონის პროვოკაციების განხორციელება შეუძლია რუსეთის სპეცსამსახურებს.

- ანუ არ გამორიცხავთ იმის ალბათობას, რომ აქ მართლაც შეიძლება მოხდეს ის, რასაც სანაკოევი აცხადებს?

- სამწუხაროდ, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან გეოპოლიტიკური სიტუაცია არის საკმაოდ მყიფე, სხვა საკითხია, რაც სანაკოევმა თქვა, ამას ვინ მოიმოქმედებს. ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება განხორციელდეს, მით უმეტეს, ისეთი საშიში მეზობლის მხრიდან, როგორიც რუსეთი და მისი დღევანდელი ხელმძღვანელობაა. ფაქტობრივად, რუსეთს, რომელიც სირიის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს აწარმოებს, ბუნებრივია, სჭირდება, სამხრეთ კავკასია სამხედრო პოტენციალის ერთგვარი პლაცდარმი გახადოს და თავისი კომპონენტი გააძლიეროს, ამიტომ შეიძლება დაძაბულობა აწყობდეს ჩვენსტერიტორიაზე. დიდი მადლობა „ალიას“, რომ ამ თემას ყურადღება მიაქციეთ და ამაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მომეცით.

სინამდვილე ის არის, რომ პანკისის ხეობა საკმაოდ მცირე, ჩაკეტილი რეგიონია, იქ ყველაფერი ხელის გულზე ჩანს და თვით პანკისელებშიც ძალიან დიდ გაკვირვებას და მე ვიტყოდი, შეწუხებას იწვევს ასეთი ტიპის განცხადებები. სანაკოევის განცხადების უკან ძალიან საშიში გეოპოლიტიკური კონტექსტი დევს და ამას შესაბამისმა სტრუქტურებმა მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციონ.

Comments are closed