globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 19th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „რუსეთს ჩაფიქრებული აქვს ჩვენი ქვეყნის ფინანსური ინტერვენცია, ოღონდ ინვესტიციის სახელით”

„კვირის პალიტრა“: კიდევ ერთი დარტყმა მზადდება?!  //   ენგურჰესზე ისევ თვალი უჭირავთ…

„კვირის პალიტრა“: ისლამური ექსტრემიზმი და საქართველო

„რეზონანსი“: ცხინვალელთა ნაწილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგ გაერთიანდა

„რეზონანსი“: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „რუსები გაღიზიანდებიან? ცივი წყალი დალიონ’

„რეზონანსი“: რუსული რადიოსადგური „სპუტნიკი“ საქართველოდან მაინც მაუწყებლობს, ოღონდ ინტერნეტიდან

————————

კვირის პალიტრა“, 19 იანვარი, 2015 წელი

სოსო ცისკარიშვილი:- “რუსეთს ჩაფიქრებული აქვს ჩვენი ქვეყნის ფინანსური ინტერვენცია, ოღონდ ინვესტიციის სახელით”

“უკვე არაერთი არაოფიციალური თუ ოფიციალური წყარო ამბობს, რომ “ისლამური სახელმწიფოს~ აქტიურობამ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება კავკასიისკენ გადმოინაცვლოს, ეს ვერაფერი სასიკეთო პერსპექტივაა ჩვენთვის. ეს ის თემაა, რომლის მიჩუმათება არ შეიძლება, მოდის გზავნილები ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები არიან, გაისმა მუქარაც, თუმცა, მინდა იმედი ვიქონიო, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ისლამისტურ მიზნებზე უფრო მნიშვნელოვანი სამშობლოს განცდა იქნება. ამ პროცესებს გონივრულად უნდა მივუდგეთ, უნდა გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები, რათა საფრთხეები მაქსიმალურად შემცირდეს. აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების სირიაში წასვლის მიზეზების დადგენა და მათ აღმოფხვრაზე ზრუნვა”- აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“სამწუხაროდ, ჩვენს სინდისზე კვლავაც შავ ლაქად რჩება 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაცია, რომელიც არ გამოიძია ძველმა ხელისუფლებამ და არც ამჟამინდელი ხელისუფლება იძიებს. არ ვიცი, რა, მაგრამ ცხადად ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც აღმოჩნდა რაღაც იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიმართლის დადგენა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეა. მერწმუნეთ, ეს გვარიანად ვნებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ჩემთვის დღემდე გამაოგნებელია ჩვენი ახალბედა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ იგი თურმე ემიჯნება გზას, რომელსაც რუსეთი აქტიურად აშენებს დაღესტნიდან კახეთისკენ. როდესაც მოწმენი ვართ იმისა, რომ ტერიტორიული ნიშნით დარიგებული რუსული პასპორტები ახლა უკვე კახეთშიც გაჩნდა, გამიჯვნა უშველის ამ ამბავს?! ვისურვებდი, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მაინც ქვეყნის ყველა მმართველი სტრუქტურა კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდეს. როდესაც ეროვნული უშიშროების საბჭო სრულიად უმოქმედო და დაბლოკილია, ეს სახელმწიფოს წინაშე მავნებლობაა და მეტი არაფერი. აუცილებელია, ამ პრობლემას მაქსიმალურად მივაპყროთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყურადღება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

“რაც შეეხება “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის განცხადებას “ენგურჰესის” კუთვნილების თაობაზე – ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს იდეა დიდი ხნის დამუშავებულია კრემლში და გახმაურდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლოს და ბოლოს, მოიყვანეს დე ფაქტო ხელისუფლებაში ხაჯიმბა, ამიტომაც იყვნენ ასე გამეცადინებული. არც ბაღაფში და არც ანქვაბი ამას არ გააკეთებდნენ, რადგან ეს უპირველესად აფხაზების ინტერესებს აზარალებს. რუსეთის მიზანია, უფრო და უფრო გამწვავდეს ურთიერთობა თბილისსა და სოხუმს შორის. აქაც სიდინჯეა საჭირო, დიდი ყურადღება და გონიერება გვმართებს. ენგურჰესის თემის აფხაზების მეშვეობით გააქტიურებით, შესაძლოა, რუსეთი მორიგ ვერაგულ დარტყმას ამზადებდეს ამ ობიექტის ხელში ჩასაგდებად. თუ დროულად არ იქნა გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, ვფიქრობ, მალე ვნახავთ რუსულ ჯარს სამეგრელოს ტერიტორიაზე, რომელიც ალყას შემოარტყამს ენგურჰესს”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ხაჯიმბა ამ საქმეში მართლაც ქვევრის როლშია, რაც ჩასძახა კრემლმა, ის ამოსძახა, ამიტომ ამაზე ლაპარაკი სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ რუსეთთან. არ გამოვრიცხავ, საჭირო გახდეს კიდევ გარკვეული ფორმატის შექმნა ქართულ-რუსული დიალოგისთვის. მაგალითად, რუსეთთან ურთიერთობაში თუ პრემიერს ჰყავს წარმომადგენელი, რატომ არ შეიძლება წარმომადგენელი ჰყავდეს პრეზიდენტსაც?! აუცილებელია, ამ საკითხზეც მაქსიმალურად მივაქციოთ დასავლეთის ყურადღება. არანაკლებ მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელია ფოთის პორტის საკითხი და იქ “როსნეფტის” გამოჩენა. არ დაგავიწყდეთ, ეს კომპანია “ოკუპაციის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით აწარმოებს აფხაზეთის სანაპიროზე შავი ზღვის შელფის დამუშავებას ნავთობის მოპოვების მიზნით. დიდი ხანია ვიცით, რომ რუსეთს ჩაფიქრებული აქვს ჩვენი ქვეყნის ფინანსური ინტერვენცია, ოღონდ ინვესტიციის სახელით. იმედია, ასე მარტივად არ გავყიდით ეკონომიკური პროცესების დამოუკიდებლად მართვის უფლებას”, – დასძენს ცისკარიშვილი.

“სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების მსგავსად, ამ ხელისუფლებამაც ხმარებიდან ამოიღო ისეთი ტერმინი, როგორიცაა “სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი”. პარლამენტიც არანაირ ინიციატივას არ იჩენს იმისთვის, რომ ასეთი ობიექტების პრივატიზაციისას ან მათი გაყიდვის შემთხვევაში, არსებობდეს მკაფიოდ გაწერილი კანონმდებლობა, რომელიც უპირველესად სახელმწიფოს ინტერესებს დაიცავს”, – მიიჩნევს ექსპერტი.

კვირის პალიტრა“, 19 იანვარი, 2015 წელი

კიდევ ერთი დარტყმა მზადდება?! – ენგურჰესზე ისევ თვალი უჭირავთ…

ემა ტუხაშვილი

(შემოკლებით)

ხანმოკლე პაუზის შემდეგ, აფხაზური მხარე ენგურჰესის კუთვნილების საკითხზე კვლავ ალაპარაკდა. ამჯერად განცხადება კომპანია “ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა გააკეთა და განაცხადა, რომ ჰესის ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის მხარეს არის, “კანონიერად უნდა გადავიდეს” მათ საკუთრებაში. ასლან ბასარიამ ისიც თქვა, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია, რაც საქართველოს მთავრობამ კატეგორიულად უარყო. ფაქტია, რომ რუსეთს უკვე დიდი ხანია თვალი უჭირავს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ენერგოობიექტზე და მის ხელში ჩაგდებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს…

(…)

სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებით რუსეთი მანამდეც იყო დაინტერესებული. ყოფილი ხელისუფლების დროს რუსულ “ინტერ რაოსთან” ჩუმად მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის თანახმად, ენგურჰესი რუსულ და ქართულ მხარეებს ერთობლივად უნდა ემართათ. ამ ამბავს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და შეთანხმებაც აღარ გაფორმებულა. ამჯერად რამდენად შორს წავა რუსეთი, ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, მათ შორის, საქართველოს მთავრობის პრინციპულობაზე.

რევაზ არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი: ენგურჰესი საქართველოს საკუთრებაა, ისევე როგორც აფხაზეთია ჩვენი ქვეყნის ნაწილი. ეს არის ერთი ელექტროსადგური და მისი გაყოფა დაუშვებელია, იმის მიუხედავად, სად მდებარეობს ესა თუ ის ნაწილი. ენგურჰესის სამანქანო დარბაზი არის ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს, სოფელ საბერიოში და იქიდან ელექტროენერგია 500 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით მოდის საქართველოსკენ, ხოლო 220-კილოვოლტიანით – ოკუპირებული მხარისკენ. დაახლოებით 15 წლის წინ სიტყვიერი მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის 40%-აფხაზეთის მხარე მიიღებდა, 60% კი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას მოხმარდებოდა. რეალურად, 10%-ზე მეტი არ ეკუთვნით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ფონდების 35% იქით მხარეს არის, ელექტროენერგია გამომუშავდება მდინარე ენგურის წყლით, რომელიც ჩვენს მხარესაა. ამის გათვალისწინებით, აფხაზური მხარის წილი შეიძლება 10%-ზე მეტი გამოვიდეს. შესაბამისად,
შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის 1996-1997 წლებში შედგა, აფხაზური მხარისთვის საკმაოდ მომგებიანია და მისი ჩაშლა ხელს არ უნდა აძლევდეთ.

ხშირად ისმის შეკითხვა – რა ბერკეტები აქვს აფხაზურ მხარეს, რომ რამე ზიანი მოგვაყენონ? რადგან ჰესის აგრეგატები საბერიოშია, მათ აქვთ ტექნიკური შესაძლებლობა, 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი გამოგვირთონ. თუ ისინი გამორთავენ ამ ელექტროგადამცემ ხაზს, წყალსაცავი ჯვართან, წალენჯიხის რაიონშია და ჩვენ შეგვიძლია ფარები ჩავკეტოთ და წყალი აღარ მივაწოდოთ ელექტროსადგურს, რაც მის პარალიზებას გამოიწვევს.

თავის დროზე, კომპანია “ჩერნომორენერგო” რუსების ხელდასხმით შეიქმნა. მათ შორს მიმავალი ზრახვები ჰქონდათ – აფხაზეთიდან ელექტროენერგიის თურქეთში ტრანსპორტირება, იქიდან კი ლამის ისრაელში ექსპორტირება. ეს ამბავი არ გამოვიდა და “ჩერნომორენერგო” ახლა ჩვეულებრივი ელექტროგამანაწილებელი კომპანიის ფუნქციას ასრულებს, რომელიც ფაქტობრივად უფასოდ იღებს “ენგურჰესზე” გამომუშავებულ ელექტროენერგიას და ყიდის. მხოლოდ საექსპლუატაციო ხარჯები აქვთ, კარგი შემოსავალი რჩებათ და ასეთი სასათბურე პირობების დარღვევა წესით, არც უნდა აძლევდეთ ხელს. მაგრამ აქ ძაღლის თავი სხვაგან მარხია. წინა ხელისუფლების დროსაც ჰქონდა რუსეთს საიდუმლო ჩანაფიქრი, რომ “ინტერ რაოს” გადასცემოდა სამართავად 10 წლით ეს ობიექტი, შემდეგ ეს ამბავი გასკდა და ფაქტია, რომ საბოლოოდ ჩანაფიქრი ჩაიშალა. ზოგადად კი დიდ სისულელედ მიმაჩნია, თუ რამე სხვა მიზნები არ ამოძრავებს, სახელმწიფომ ასეთი მომგებიანი ობიექტი სამართავად კერძო კომპანიას გადასცეს. მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ცნობილია ადამიანების განსაზღვრული წრისთვის: ე.წ. აფხაზეთის ომის დროს, როცა სეპარატისტების მხარეს მებრძოლმა საჯარისო ნაწილებმა ქართული ჯარის შევიწროება დაიწყეს, მაშინ სეპარატისტები უნდა გაჩერებულიყვნენ და გალის რაიონი ჩვენს კონტროლქვეშ დარჩენილიყო. სწორედ რუსეთის მითითებით გადმოვიდნენ ენგურამდე, რათა ენგურჰესის ნაწილი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცეულიყო.

ეს რუსეთის გაკეთებულია თავის დროზე და არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც ცდილობდეს, სხვა საშუალებებით მიაყენოს ზიანი საქართველოს. ეს კამპანიაც, ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით, რომლის აგორებას აფხაზების საშუალებით ცდილობს, რუსეთის მიზნებს ემსახურება. ჯერ საკუთრებაზე აქვთ პრეტენზია, შემდეგ იტყვიან, გამომუშავებული ენერგიის 40% არ გვყოფნის და მეტი გვინდაო, შემდეგ კი შეიძლება ჩვენ მიერ გამომუშავებული ენერგია აქეთ მოგვყიდონ.

ანზორ ჭითანავა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი: ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციასა და განხეთქილებას ქართველებსა და აფხაზებს შორის. ამის ორგანიზატორი, ჩემი აზრით, რუსეთია, რადგან ისინი დასვამენ საკითხს ასე: თქვენ ერთმანეთში ვერ რიგდებით, მუდამ გექნებათ კამათი ამ თემაზე, ამიტომ ჯობია მართვაში ეს ობიექტი გადმოგვეცეს და იმის მიხედვით, როგორი იქნება ინტერესები საქართველოს თუ აფხაზეთის მხრიდან, ჩვენ დავარეგულირებთო.

როცა ლაპარაკობენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ენგურჰესის ნაწილი თითქოს არის აფხაზეთის, “ავიწყდებათ”, რომ აფხაზეთი ჩვენთვის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ არსებობს. ენგურჰესი აშენების დროიდან იყო, ფაქტობრივად, საერთო საქმე ქართველებსა და აფხაზებს შორის და ეს თანამშრომლობა დღესაც წარმატებით გრძელდება. საქართველოს სინამდვილეში აფხაზეთი ერთადერთი რეგიონია, რომელიც მთლიანად ელექტროფიცირებულია და აქვს მისი სიჭარბეც.
რუსეთის ოცნებაა, მართვაში აიღოს ენგურჰესი, რადგან ის ძალიან სარფიანი და მომგებიანი ობიექტია მისი ენერგოსისტემისთვის.

ენგურჰესის პარამეტრები, მისი მონაწილეობა დატვირთვის გრაფიკის დაფარვაში, რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთს სამხრეთ ნაწილში სიმძლავრის დეფიციტი აქვს და თუ ენგურჰესს ხელში ჩაიგდებს, პრობლემას მოიხსნის. საბჭოთა დროს, როცა ენგურჰესი შენდებოდა, არსებობდა შეთანხმება, რომ ენერგიის პიკური ნაწილი უნდა წასულიყო რუსეთის ტერიტორიაზე 2-3 საათის განმავლობაში, სამაგიეროდ, ბაზისურ ნაწილში რუსეთი აქეთ გვაძლევდა ელექტროენერგიას და ასე ხდებოდა კომპენსირება გადადინება-გადმოდინების ხარჯზე. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეს გეგმა არ განხორციელდა, თუმცა, ახლაც შეგვიძლია მივყიდოთ რუსეთს მისთვის საჭირო ელექტროენერგია 4-ჯერ უფრო მაღალ ფასად, მაგრამ თუ თავად დაეპატრონება ამ ენერგოობიექტს, მისთვის უფრო სარფიანია.

თუ აფხაზური მხარე აგრეგატებს გათიშავს, ჩვენ წყალი ძველ კალაპოტში უნდა გავუშვათ, ამის გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ქვეყანა მიიღებს ძალიან დიდ დანაკარგს, რადგან მთელი გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-45% ენგურჰესზე მოდის. შეგვიძლია წყლის ეს რესურსი სხვა ობიექტის აშენებით გამოვიყენოთ, მაგრამ ეს ორივე მხარისთვის წამგებიანი იქნება. აფხაზები იძულებული იქნებიან, ხელებში უყურონ რუსეთს, რომლის მიწოდებული ელექტროენერგია საკმარისი არ იქნება მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ, რუსების წაქეზებით პრობლემებს თუ შეიქმნიან, ეს ისევ მათ დააზარალებს. ვითარების ყოველი გამწვავება შედეგად იმას მოიტანს, რომ რუსეთი უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში. დაპირისპირებულ ქვეყნებშიც კი, სადაც სასაზღვრო ობიექტების მართვა ხდება, ასეთი კონფლიქტები არ ხდება და ობიექტები შეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ინტერესების დაცვით იმართება. რუსეთი კი ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

„კვირის პალიტრა“, 19 იანვარი, 2015 წელი

ისლამური ექსტრემიზმი და საქართველო

ხათუნა ლაგაზიძე

(შემოკლებით)

სად შეიძლება საქართველომ ეძებოს პარტნიორი ისლამურ ტერორიზმთან საბრძოლველად?! ჩვენი ორი უახლოესი მეზობელი: რუსეთი და თურქეთი თავად დგანან ამ საფრთხის წინაშე და ესეც არ იყოს, ორივეა მეტ-ნაკლებად ბრალდებული ტერორისტების ხელშეწყობაში. განსაკუთრებით ეჭვიანები რუსულ და თურქულ კვალსაც კი ეძებდნენ ევროპაში ბოლო დროს ასე მომრავლებულ ტერაქტებში.

თურქეთის დღევანდელი მმართველი რეჟიმი: პრეზიდენტ ერდოღანისა და პრემიერ დავიდ-ოღლუს დუეტი, დასავლური პრესის თანახმად, აქტიურად უჭერდა მხარს სირიის მმართველ დინასტიასთან, ასადებთან მებრძოლ დაჯგუფებებს, რომელთა შორის მრავლად არიან ტერორისტული ჯგუფებიც. (…)

თურქეთი ამ გზით ცდილობდა და ცდილობს თავისი გავლენის გაფართოებას ისლამურ სამყაროზე და არა მხოლოდ, რაც პირდაპირ ემსახურება მისი დღევანდელი მმართველი დუეტის კონცეფციას: თურქეთის იმპერიის გავლენის აღდგენას ისტორიულ ფარგლებში. სწორედ ამ იდეოლოგიის რეალიზაციის სურვილი სულ უფრო მეტად აშორებს თურქეთს ევროპასა და შესაძლოა, ნატოსაც. ერდოღანი ამკვიდრებს მსოფლიო მოწყობის ახალ ფორმულას მინიმუმ ხუთი მმართველობით-რეგიონული ცენტრით. ამ ფორმულის თანახმად, მსოფლიოს აღარ ეყოლება ერთი – აშშ-ის სახით, ის სულ უფრო მეტად გადაინაცვლებს აზიისკენ და მისი „მმართველობითი“ ფუნქციები გადანაწილდება ისეთ რეგიონულ ცენტრებზე, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და თავისთავად, თურქეთი.

დღეს თურქეთი მრავალვექტორულ თამაშს თამაშობს: რუსეთთან ერთად დასავლეთის წინააღმდეგ და დასავლეთთან ერთად – რუსეთის დასასუსტებლად. დასუსტებული რუსეთი გაძლიერებულ თურქეთს ნიშნავს. დასავლეთი კი, თავის მხრივ, ორცეცხლშუაა: მას არც გაძლიერებული, ნეოოსმანიზმის იდეით შეპყრობილი რეგიონული მონსტრი – თურქეთი უნდა აწყობდეს და თავისთავად, არც რუსეთი.

რამდენად შესაძლებელია ევროპა მოვიაზროთ მთავარ დასაყრდენად ისლამური ტერორიზმის საფრთხესთან გასამკლავებლად? ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ევროპის სახელმწიფოების მიერ უზარმაზარი მუსლიმანური ანკლავების მიმართ წლების მანძილზე განხორციელებული უაღრესად ლიბერალური პოლიტიკა, სულაც არ აზღვევს ევროპას ტერორიზმის საფრთხისგან (…)

სამწუხაროდ, ევროპას არა აქვს პასუხი კითხვაზე: როგორ უნდა შეზღუდოს საკუთარი მოქალაქეების გადინება ტერორისტულ ორგანიზაციებში და არც ის იცის, როგორ უნდა მოიქცეს მათი უკან დაბრუნების შემთხვევაში. ამ ტენდენციის მიზეზს კვლევის ავტორები შემდეგი ფაქტორებით ხსნიან: თურმე ევროპის ახალგაზრდობა დაიღალა კომფორტული, თუმცა, უმიზნო, უიდეო არსებობით – ევროპა დაცლილია ისეთი ღირებულებებისგან, რომელიც ღირს სიცოცხლედ ან თუნდაც სიკვდილადო. მძაფრ განცდებს

მონატრებული ევროპელები ამიტომ მიესალმებიან ყველაფერ “ეგზოტიკურსა” და ნაციონალისტურს, მათ შორის, ვლადიმირ პუტინის იდეებსაცო.

დამეთანხმებით, ჩვენთვის ფრიად უცნაური და გაუგებარი დასკვნაა.
თურქეთის მზარდი ფუნდამენტალიზმის ფონზე, საერთაშორისო არენაზე სულ უფრო მეტად იზრდება აზერბაიჯანის, როგორც რეგიონში ყველაზე სტაბილური თანამედროვე ისლამური სახელმწიფოს წონა, რომელიც არ მიესალმება ისლამურ ფუნდამენტალიზმს და რელიგიას სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოებში აქცევს. ეს ის რესურსია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის ღერძს დასავლეთის თვალში კიდევ უფრო მომხიბლავს გახდის.
ეს ჭრელი მოზაიკა სრულიადაც არ არის საკმარისი რეგიონში მთავარი მოთამაშეების რესურსებისა და ტერორიზმთან ბრძოლის  მოტივების გასაგებად. ჩვენ ჯერ არაფერი გვითქვამს ყველაზე მსხვილ მოთამაშეზე – აშშ-ზე, რომელიც არავინ იცის, რა როლს მიაკუთვნებს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონს ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სტრატეგიაში, იმ რეგიონში, სადაც ორი უხერხული – ერთი მეტოქე და მეორე პარტნიორი სახელმწიფო ცდილობს დომინირებას; სად დაინახავს თურქეთი თავის როლს, ან ხომ არ განიხილავს დასავლეთი თურქეთის ნეოოსმანურ იდეოლოგიას, როგორც ერთგვარ საპირწონეს “ისლამური ხალიფატისას”? ხომ არ გამოიყენებს რუსეთი ტერორიზმს რეგიონში გავლენის გასაძლიერებლად? რამდენად რეალურია საქართველოს მუსლიმანური მოქალაქეებით დასახლებულ რაიონებში ფუნდამენტალისტური ისლამის გავლენა და რა ჯგუფები აქტიურობენ? – საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.

„რეზონანსი“, 19 იანვარი, 2015 წელი

ცხინვალელთა ნაწილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგ გაერთიანდა

ვახო შამუგია

(შემოკლებით)

რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომელიც სავარაუდოდ თვის ბოლომდე გაფორმდება, მოწინააღმდეგეები თავად ცხინვალშივე გამოუჩდნენ.

ამას ის საგანგებო განცხადება მოწმობს, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველმა პარტიამ „ეძინაია ოსეტიამ“ გააკეთა.

„ჩვენ იმ მიზანმიმართული კამპანიის გამო, რომელიც მიზნად სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციას შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შეფერხებას ისახავს, შეშფოთებას გამოვხატავთ. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი არშემდგარი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე გაერთიანდა. მათ მთავარ ინფორმაციად დეზინფორმაცია აირჩიეს, რომელსაც პროდასავლური პრესით ავრცელებენ. ყველაფერ ამას ქართული პროპაგანდისა და სპეცსამსახურების სუნი უდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში ცხინვალელმა ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა ვინაობის გამხელის გარეშე ისაუბრა. მისი თქმით, ცხინვალის მოსახლეობა ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას ვერ მალავს. მათი ნაწილი რუსეთთან გასაფორმებელი „სამოკავშირეო ხელშეკრულების“ მოწინააღმდეგეა, რადგან დოკუმენტის ტექსტი „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს“ დიდ საფრთხეს უქმნის, თუმცა მოსახლეობას აქვს იმედი, რომ ამ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, იმაზე კი, თუ რა შედეგს მოიტანს ეს ხვალ და ზეგ, არავინ ფიქრობს.

„რეზონანსი“, 19 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „რუსები გაღიზიანდებიან? ცივი წყალი დალიონ’

ინტერვიუში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, სხვა  საკითხებთან ერთად, კომენტარს საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, კერძოდ, კომპანია „როსნეფტისა“ და რუსული ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესახებაც აკეთებს (ესაუბრება თიკო ოსმანოვა).

„ქართულ ბაზარზე „როსნეფტის“ შემოსდვლა შეურაცხმყოფელია, ეს კომპანია რაერტაშორისო სანქციების ქვეშ არის და ისე შემოდის ჩვენს ბაზარზე, საქმის კურსშიც არ აყენებს საქართველოს ხელისუფლებას. ამასთან, ეჭვი მაქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილება, ალბათ, საბოლოო ჯამში მაინც ხელისუფლების კონსულტაციის გარეშე არ იქნებოდა მიღებული. ადრე თუ გვიან, ეს გაირკვევა. რაც შეეხება კომისიას, რომელმაც „როსნეფტის“ საქმიანობა უნდა შეისწავლოს საქართველოში, მე მგონია, რომ მისი დასკვნა წინასწარ არის განსაზღვრული – „ეს არ უქმნის საქართველოს საფრთხეს საქართველოს ეკონომიკას და ან ასეთი: ეს საკითხში ოფშორში გადაწყდა და საქართველო მასში ვერ ცაერევა. არადა, ეს არ იქნება სწორი, რადგანსაქართველოს კანონმდებლობით, მთავრობა ვალდებულია გაატაროს სანქციები იმ კომაპანიის მიმართ, რომელიც არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. „როსნეფტი“ სწორედ ამ კანბონს არღვევს და აფხაზეთში უკანონოდ საქმიანობს.

რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე: ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც ჩვენთვის სასარგებლოა. ამასტან, ერთი პირობა აუცილებლად უნდა იქნეს დაცული საქართველოს ხელისუფლების მიერ: არცერთი კომპანია არ უნდა გაჭაჭანდეს ჩვენთან, რომლებიც ზემოხსენებულ კანონს არღვევენ… არც ისეთი ავიაკომპანიების შემოსვლაა სასურველი, რომლებიც უკრაინის მოვლენებთან დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არღვევენ…

ნუ ჰგონია საქართველოს მთავრობას, რომ ეს ძნელად გასაკეთებელია. რუსები გაღიზიანდებია? ცივი წყალი დალიონ…

„რეზონანსი“, 19 იანვარი, 2015 წელი

რუსული რადიოსადგური „სპუტნიკი“ საქართველოდან მაინც მაუწყებლობს, ოღონდ ინტერნეტიდან

სტატიაში გადმოცემულია რუსული რადიოსადგურ „სპუტნიკთან“ დაკავშირებული ამბები, რომელიც რუსეთის სამთავრობო მედიაჰოლდინგ „როსია სეგოდნიას“ სტრუქტურას წარმოადგენს და რომლის მაუწყებლობა საქართველოს კავშირგაბმულობის მარეგულირებელმა კომისიამ აკრძალა (ავტორი – თიკო ოსმანოვა).

როგორც ცნობილია, უნებართვოდ მაუწყებლობისათვის კომისიამ „სპუტნიკი-საქართველო“ დააჯარიმა და მაუწყებლობა აუკრზალა, მაგრამ გაირკვა, რომ ის კვლავ მაუწყებლობს, ამჯერად ინტერნეტის მეშვეობიოთ (სააგენტო ნიუსჯორჯიას“ ვებ-გვერდზე). კომისიაში აცხადებენ, რომ ამჯერად ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება და ვერ დაარეგულირებენ.

როგორც სააგენტო „ნიუსჯორჯიოას“ ხელმძღვანელი ტატო ლასხიშვილი ამბობს, ამ საიტზე ის მასალები იდება, რომლების გამოქვეყნება „როსია სეგოდნიასთან“ გაფორმებული კონტრაქტითაა გათვალისწინებული, მაგრამ სამომავლოდ რა იქნება, არ იცის, თუმცა ფიქრობს, რომ ვიღაცის ახირების გამო მაუწყებლობა არ უნდა შეაჩერონ. „ცუდ საქმეს ნამდვილად არ ვაკეთებდით. ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ვახდენდით. დამალვით აარაფერს დავმალავთ. ისეთ საქმეს ნამდვილად არ ვაკეთებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ წაადგება“, – ამბობს ტატო ლასხიშვილი.

პარლამენტის წევრის ანი მიროტაძის ტქმით, მან ჯერ კიდევ არ შეუსწავლია რადიო სპუტნიკის გადაცემები და ვერ იტყვის, ატარებს თუ არა პირდაპიური იდეოლოგიის ნიშნებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს საქართველოში ინტერესები აქვს და ამ მიზნით ყველა იარარს გამოიყენებს, მას ეჭვი არ ეპარება.

ანალოგიურ საფრთხეებზე საუბროპბს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც ამბობს, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ ქართულ მედიასივრცეში დიდი ფულის ჩადება ხდება. „ჩემი აზრით, უმწვავესად დადგება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემა. მე მგონია, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსული ექსპანსიონისტურ-აგრესიული პოლიტიკა იმის გაგრძელებაა, რასასც ისინი საქართველოს მიმართ აკეთებდნენ. ჩვენი ამოცანაა ისეთი პოლიტიკა გავატაროთ, რომ რუსეტს არ მიკვცეთ ჩვენი ჩათრევის სანსი ესკალაციაში. ეს რომ არ მოხდეს, ქვეყანა კიდევ უფრო უნდა გაძლიეერ5დეს სამხედრო კუთხით, ნატოს დაუახლოვდეს. ამ მიმართულებით ვხედავ სერიოზულ გამოწვევას – რუსეთის სპეცსამსახურები დიდ ფულს დებენ ქარტულ მედიასივრცეში, ახდენენ ვებ-პორტალების დაფინანსებას და ცდილობენ საქართველოში დასაყრდენი იპოვონ იმ იდეებისა, რომ ევროპული არჩევანი არასწორია. მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ როგორ ებრძვის ამას ხელისუფლება, ჩვენი კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურები“, – ამბობს ირაკლი ალასანია.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთიმ ლიდერი დავით ზურაბიშვილი კი თვლის,მ რომ რუსული პროპაგანდა ინტერნეტში რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი არ არის. ინტერნეტში მაუწყებლობას ვერავის აუკრძალავ… არა მგონია, რომ ერთი რადიოს მეშვეობით ქვეყნის დასავლური განწყობა შეიცვალოს. რუსული პროპაგანდა საქართველოში სულ იყო. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც უფრო საშიშია“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

Comments are closed