globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 19th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“, 19 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ თინა ბოკუჩავასთან: „ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა ნაციონალები ვართ“ // იმ ადამიანებმა, რომლებიც პარტიიდან წავიდნენ, ჩვენი იდეა ვერ წაიღეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობიდან წასული ადამიანები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ პარტიის სამომავლოდ არჩევნებში მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით.

- ქალბატონო თინა, 20 იანვრის ყრილობის საორგანიზაციო საკითხები თუ დასრულდა, მართლაც 7 ათასი დელეგატი აპირებს მონაწილეობის მიღებას? ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილი აპირებს ყრილობას მიმართოს, ასეა?

- დიახ, გიდასტურებთ ამ ინფორმაციას, დღის წესრიგში მოიაზრება პრეზიდენტ სააკაშვილის ჩართვა. საორგანიზაციო საკითხები დასრულდა და 20 იანვარს 7 ათას დელეგატს ველოდებით. პოლიტიკური ლიდერები გამოვლენ, ახალი სახეები გამოჩნდებიან. ასევე, უნდა განახლდეს პოლიტსაბჭო, რომელიც არის კოლექტიური გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტსაბჭოში ახალი წევრები იქნებიან წარმოდგენილნი, ისევე, როგორც პარტიის ძველი ლიდერები.

- პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება?

- საკითხი დგას შემდეგნაირად: პარტიიდან წასული ჯგუფი ლობირებდა ამ საკითხს. ჩვენი მომხრეების ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს თანამდებობა ვაკანტური უნდა დარჩეს, სანამ მიხეილ სააკაშვილი დევნილობაში იმყოფება. ჩვენი ამოცანაა, რომ იმ რეალობას არ შევეგუოთ, რომელიც ივანიშვილმა შექმნა. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს რეალობა შევცვალოთ. ყრილობა გადაწყვეტს სწორედ იმას, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური დარჩეს. თუმცა, ნაციონალური მოძრაობა იქნება ძალიან ეფექტური და მოქნილი პოლიტიკური ძალა და ის მზადყოფნას აცხადებს საბრძოლველად.

- თავმჯდომარის გარეშე?

- ჩვენ ვრჩებით ქვეყანაში რეალური ოპოზიციური ძალა. ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ მოსუფთავდა ოპოზიციური პოლიტიკური ველი ქვეყანაში, როგორ განვითარდა მოვლენები, ამიტომ ჩვენ ვართ მზად, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ ხალხთან ერთად, რასაკვირველია, დემოკრატიული გზით, ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას.

- პარტიას ადგილზე ხომ სჭირდება გადაწყვეტილების მიმღები პირი, ლიდერი ვინ იქნება, მაგალითად, აღმასრულებელი მდივანი თუ ეყოლება პარტიას? სერგო რატიანს ვინ ჩაანაცვლებს?

_ დიახ, პარტიას მართლაც სჭირდება გადაწყვეტილების მიმღები პირები, მაგრამ თანამდებობებით არ უნდა ისაზღვრებოდეს. წინასწარ გეტყვით, რომ ყრილობაზე გარკვეული გზავნილები ამ საკითხზე გაჟღერდება. აუცილებლად მოხდება პარტიის დებიუროკრატიზაცია. მეტი გახსნილობისკენ, მეტი მოქნილობისკენ გადაიდგმება ნაბიჯი და არა იმისკენ, რომ თანამდებობებით მოხდეს განსაზღვრა ბევრი რამის. მთავარია, ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართული ყოველდღიურ პოლიტიკურ ბრძოლაში. მთელ ამ პროცესში, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი როლი ექნება პოლიტიკურ საბჭოს, რომლის შემადგენლობაში მნიშვნელოვანწილად საქართველოს რეგიონები იქნება წარმოდგენილი.

- ნაციონალური მოძრაობა მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას?

- ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ჯგუფმა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, კარიერის დასაწყისში მთელი თავისი ენერგია მიმართოს და ისაუბროს სწორედ ნაციონალურ მოძრაობაზე და არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს პარტიაზე. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ინფორმაციაა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ გეგმავს რომელიმე არჩევნებში მონაწილეობას.

- ადგილობრივ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას?

_ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ მივიღებთ და ამის შესახებ ყრილობაზე განცხადებაც გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, დამაჯერებელი შედეგებიც გვექნება, რადგან ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად ამომრჩეველი სწორედ ნაციონალურ მოძრაობას მიიჩნევს.

- ექსპერტები საწინააღმდეგოს ამბობენ, რომ პარტიის გაყოფით ორივე ფრთა დასუსტდა და თუ 2012 წლიდან თითქმის ყველა არჩევნებზე მეორე ადგილზე გადიოდა ნაციონალური მოძრაობა, გაყოფის შემდეგ ამას ვერ შეძლებს...

- რა თქმა უნდა, ივანიშვილის ამოცანა სწორედ ეს იყო. ვერ ეგუებოდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ გაქრა რადარებიდან, როგორც ამას გვიწინასწარმეტყველებდა ბატონი ღარიბაშვილი თავის დროზე. მიუხედავად ყველაფრისა, ნაციონალური მოძრაობა არ გაქრა და ამ გაყოფით ის კიდევ უფრო გაძლიერდა. ივანიშვილისთვის ეს მცდელობა იქნება წარუმატებელი.

- არ დაგეტყობათ ყოფილი თანაგუნდელების წასვლა?

- როგორ არ დაგვეტყობა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ 27 წევრი ვიყავით პარლამენტში და ახლა 6 წევრი ვიქნებით, მაგრამ ეს 6 ადამიანი ძალიან ეფექტურად ვიბრძოლებთ პარლამენტში. შეიძლება იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან დიდი ხანი იყვნენ პარტიაში, ასოცირდებიან წარმატებებთან, მაგრამ პარტია რჩება და პარტია არის სიცოცხლისუნარიანი. ეს მოძრაობა არ დგას ერთ ადამიანზე ან სამ ადამიანზე, ეს პარტია იდეაზე დგას, ეს არის მთავარი. იმ ადამიანებმა, რომლებიც პარტიიდან წავიდნენ, ეს იდეა ვერ წაიღეს.

„ახალი თაობა“, 19 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „გიგი უგულავას გაუჭირდება იმიჯის გამოსწორება“ // „ვანო მერაბიშვილი გიგა ბოკერიას ფრთისკენ იხრება

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ „ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი მამუკა არეშიძე პასუხობს.

- ბატონო მამუკა, ენდიაის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 40%-თვის მისაღები პოლიტიკური ძალა ქართული ოცნებაა, მხოლოდ 10%- მოსწონს ნაციონალური მოძრაობა. როდესაც კვლევა ჩატარდა, ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ ერთიანი იყო. რა ხდება პოლიტიკურ ველზე და ჰყავს თუ არა ქართულ ოცნებას რეალური ოპოზიცია?

- არჩევნების შემდეგ პროცესები ძალიან აქტიურად განვითარდა. დღეს მთელ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარეობს ფართო რეორგანიზაციის პროცესი. ეს ეხება პრაქტიკულად ყველას. ზოგიერთის რეორგანიზაცია არჩევნების შედეგებიდან იყო გამომდინარე, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში არა მხოლოდ არჩევნების შედეგებიდან იყო, არამედ იმ წინააღმდეგობებიდან, რომლებიც პარტიის შიგნით წარმოიშვა.

- კონკრეტულად რომელ პარტიებზე საუბრობთ?

- ასეთები იყო მაგალითად: გაერთიანებულ დემოკრატებში, რესპუბლიკურ პარტიაში და საბოლოო ჯამში, ყველაზე უკეთ გამოჩნდა ეს პროცესი ნაციონალურ მოძრაობაში. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, არსებობს თუ არა ოპოზიცია, რასაკვირველია, ოპოზიცია არსებობს, ოღონდ ის არის რეორგანიზაციის პროცესში.

- როდის დასრულდება ეს რეორგანიზაცია და შეძლებენ თუ არა ძლიერ ოპოზიციად ჩამოყალიბებას?

- ორ-სამ თვეში ისინი რამდენად ძლიერ ოპოზიციად ჩამოყალიბდებიან, ეს რთული სათქმელია, რადგან დაშლისკენ მიმართული პროცესი ყოველთვის დასუსტებას ნიშნავს. დიდი დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ გონს მოეგონ და ორგანიზაციული ფორმა მიიღონ.

- ამ ფონზე რამდენად საშიში ხდება ხელისუფლება, როდესაც ის ოპონენტის გარეშეა დარჩენილი?

- რასაკვირველია, ხელისუფლება ოპოზიციური პოლიტიკური კონტროლის მიღმაა დარჩენილი, მაგრამ ეს ფუნქცია თავის თავზე საზოგადოებამ უნდა აიღოს. თუნდაც იმ დროის განმავლობაში, ვიდრე ეს ოპოზიციური სპექტრი დალაგდებოდეს და შეიქმნებოდეს. საზოგადოების გააქტიურებას ასევე ხელს უწყობს ის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი.

- ხელისუფლება ახალ ეკონომიკურ კურსს გვთავაზობს, იმუშავებს?

- ამას დრო გვაჩვენებს.

- უკმაყოფილება საკმაოდ მაღალია...

- დიახ, მაღალია. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას აქვს საშუალება, კონსოლიდირებული თვალსაზრისით, გააზრებული, ჩამოყალიბებული საყვედური უთხრას ხელისუფლებას და ხელისუფლებასთან შევიდეს დებატებში. ყოველ შემთხვევაში იმ დროის მონაკვეთში, ვიდრე ოპოზიციური სპექტრი დალაგდებოდეს.

- დიდხანს გაგრძელდება ეს გაურკვევლობა პოლიტიკურ ველზე?

- რთულია ამის თქმა. ჯერჯერობით რეორგანიზაციის ფინალი რესპუბლიკური პარტიის გარშემო არ ჩანს, როგორი ტემპით მიმდინარეობს. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, იქ პარტიიდან წასვლა დამთავრებულია, მაგრამ ახალი პარტიის ჩამოყალიბების კონტურები ჯერ არ ჩანს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ 20 იანვრის შემდეგ უკეთ გამოიკვეთება, რა და როგორ გადალაგდება.

- ექსპერტებისგან ასეთი შეფასებებიც მოვისმინეთ, რომ ტყუილად უხარია `ოცნებას~ ნაციონალების დაშლა, რადგან ისინი კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ. ამაზე რას იტყვით?

- ეს არ არის სწორი შეფასება. როგორც ჩანს, ეს იმ ექსპერტების ნააზრევია, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას კულუარულად უჭერდნენ მხარს. პარტია, რომელიც იშლება, ის გაშლას არ გულისხმობს. ვნახეთ ჩვენ უკვე გაშლილები ცალკე გირჩების და ცალკე ვაშაძის სახით. ამან არაფერი შემატა მათ იდეოლოგიას. ახლა, მით უმეტეს, კიდევ უფრო დაქუცმაცდა ნაციონალური მოძრაობა.

- ხდება ის, რაც თავის დროზე მოხდა მოქალაქეთა კავშირშიო. თქვენ რამდენად ავლებთ პარალელს?

- მოქალაქეთა კავშირის შიდა ბრძოლებმა ზუსტად გამოიწვიეს საბოლოო ჯამში ის კრახი, რომელიც 2003 წელს მოხდა. ყოველთვის ასეა და არაფერი გაშლა არ ხდება დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს არის კლასიკური დაშლა და დაშლას თან ახლავს დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში! ასევე იმედგაცრუება კონკრეტული პარტიის და კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალინდელი დღე, ამ დაშლის ნაწილების გათვალისწინებით, ძალიან საეჭვოდ მეჩვენება.

- პოლიტიკური ოპოზიციური ველი თავისუფალია და ველით ახალ ძალას?

- პირად მე არაფერსაც არ ველი. ძლიერი ოპოზიციური ველია თავისუფალი, თორემ ზოგადად ოპოზიციური ველი არსებობს. რასაც ჰქვია ნომერი ორი პოლიტიკური ძალა, ეს ნიშა დღეს თავისუფალია.

- დიდია ბიძინა ივანიშვილის როლი ნაცმოძრაობის დაშლაში და შესაძლოა გიგი უგულავა იქცეს ახალ ოპოზიციონერ ლიდერად, რომელიც ხელოვნურად იქნება შექმნილი. ამაზე რას იტყვით?

- შეიძლება ეს ასე ეჩვენებოდეს ვინმეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია თუ არა ამ საქმეში, ეს რთული სათქმელია, რადგან წინააღმდეგობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბიძინა ივანიშვილის გარეშეც არსებობდა. თუმცა ეს შექმნილი წინააღმდეგობა, რომელიც ამ პარტიის შიგნით არსებობდა, რომ არ გამოეყენებინა „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილს, იქნებოდა დიდი სისულელე.

- ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას ბევრი ელოდება. რატომ ინარჩუნებს ამ დრომდე დუმილს?

- იგრძნობა, რომ ის უფრო იხრება გიგა ბოკერიას ფრთისკენ. თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ ვანო მერაბიშვილი ვაჭრობს ყველა მხარესთან. მას თავისი თავი მართლა სერიოზულ ფიგურად წარმოუდგენია. რასაკვირველია, მას გარკვეული გავლენები აქვს ყოფილ ძალოვნებში და ციხიდან გამოსვლის შემდეგ მის გარშემო გარკვეული გუნდი ნამდვილად შეიკრიბება.

- ხელისუფლებასთანაც ხომ არ ვაჭრობს, რომ გარეთ გამოვიდეს?

- არც მაგას გამოვრიცხავ. პოლიტიკა ხომ ვაჭრობის ხელოვნებაა. რაც შეეხება იმას, რამდენად სწორი იქნება მისი გამოშვება, მე არ მომწონს, რომ დამნაშავეები გარეთ გამოდიან! განსაკუთრებით ისეთი ტიპის დამნაშავეები, რომლებსაც არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, არამედ უზარმაზარი მორალური დანაშაული აქვთ ქართველი ერის წინაშე! არ მომწონს, მაგრამ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. ეტყობა, მავანი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან ამოდის.

- ეს ყველაფერი მავანს ცუდად ხომ არ შეუბრუნდება?

- ჯერჯერობით ეს მავანი გამარჯვებული გამოდის ასეთი ტიპის ბრძოლებში. მე მარტო ბიძინა ივანიშვილს არ ვგულისხმობ მავანში და თუ თქვენ გულისხმობთ, აქვე გეტყვით, რომ ივანიშვილს ახასიათებს თავის კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან გამარჯვებები. ის ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად ცდილობს მოწინააღმდეგის დამარცხებას. ის ყოველთვის აღწევს შედეგს, ემოციების და მკერდზე მუშტის ბრაგუნის გარეშე. ეს მისი ხელწერაა როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაშიც.

- ანუ, თუ გიგი უგულავამ ციხეს თავი დააღწია, ეს არ ნიშნავს, რომ მან გაიმარჯვა?

- რასაკვირველია. უგულავა მართალია კარგი ორატორია, მან ისე მოაწყო, რომ უბრალო ხალხს შესთავაზა თავისი თავი, როგორც ნაწილობრივ გადაცდომაში მყოფმა ადამიანმა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა გადაარჩინოს. მაგრამ ხალხმა ეს არ დაიჯერა. ყველას კარგად ახსოვს გიგი უგულავას პერიოდი. გიგი უგულავას დასჭირდება ძალიან სერიოზული ძალისხმევა იმისთვის, რომ თავისი იმიჯი გამოასწოროს. მან უკვე დაუშვა შეცდომა, როდესაც ნაწილობრივ აღიარა დანაშაული. გიგი უგულავას სხვა ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომლებზეც პროკურატურა ჯერჯერობით არ საუბრობს. თუმცა ეს ყველაფერი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია უგულავას კისერზე და ეს მან ძალიან კარგად იცის.

- ანუ გიგი უგულავას ზედმეტი მოძრაობის საშუალებას არ მისცემენ?

- რასაკვირველია, არავინ მისცემს და ეს თავადაც მშვენივრად იცის. ამდენი დახურული ტენდერი, პარტიაში გადაქაჩული ფული. დღეს უგულავა სასამართლო პროცესების ხიბლის ტყვეობაშია. მისი საქმის გარკვეული ნაწილი ჯერ დამთავრებული არ არის. ის ამ სიტუაციიდან გამარჯვებული არ გამოსულა და ვერც გამოვა.

„ახალი თაობა“, 19 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ბიძინა გუჯაბიძესთან: „გაზპრომ“-თან დადებული კონტრაქტი კონფიდენციალურია და მას ამიტომ ვერ გაასაჯაროებენ“ // „გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალასთან რატომ უნდა გავრიგდეთ?

„ახალი თაობა“ ზოგიერთ აქტუალურ პრობლემებზე ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის წევრს, კონსერვატორების ფრაქციის დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს.

- ოპონენტები აპროტესტებენ გაზპრომთან გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას. ამ თემაზე საზოგადოებაში კითხვები ჩნდება იმის გამო, რომ მისი პირობები საიდუმლოა..

- „გაზპრომთან“ დადებული კონტრაქტი კონფიდენციალურია და მას ამიტომ ვერ გაასაჯაროებენ. მასში საეჭვო არაფერია. როცა ერთი მხარე მოითხოვს კონფიდენციალობას, მეორე ამ პირობას ვერ დაარღვევს. ეს დოკუმენტი არის არა მარტო სახელმწიფოებს შორის გაფორმებული შეთანხმება, არამედ აქ ჩართულია ბიზნესინტერესებიც. მთავარი რაცაა ამ კონტრაქტში, საზოგადოებას აცნობეს. დეტალები ვერ გახმიანდება. ხალხი „ქართულ ოცნებას“ ენდო და არჩევნებში მას დაუჭირა მხარი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამ მიდგომას არ გადაუხვევს. ხელისუფლებას არც გაზპრომთან ურთიერთობაში დაუზიანებია საქართველოს ინტერესები. ამ თემას კარგად იყენებენ გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებიც ჩასაფრებული არიან და ყველაფერს იყენებენ, ოღონდ კი რამეს გაკრან კბილი.

- ამ საკითხზე განსაკუთრებით აქტიურობენ ნაცმოძრაობა და მისგან გამოყოფილი ევროპული საქართველო. გაკოტრებული პოლიტიკოსები ახსენეთ და ბევრი დარწმუნებულია, რომ ნაცმოძრაობა გაკოტრებული კი არაა, არამედ ფართოდ გაიშალა...

- ეს არ არის „ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის უმრავლესობის პოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა ხდება და არა – გაშლა. იდეოლოგიურად ისინი ერთნი არიან, მაგრამ ერთმანეთში უთანხმოება აქვთ. ეს დაპირისპირება თავიდანვე უკავშირდებოდა გავლენების მოპოვებას, ფინანსებს, კვოტებს. ნაციონალური მოძრაობის ქონებაზე არსებობს სერიოზული პრეტენზიები. ერთი მხარეც გაკოტრებულია და მეორეც. რაც უნდა კარგი და ევროპული სახელი დაირქვან გამოყოფილებმა, ისინი წარსულის ლაქებს ვერ ჩამოირეცხავენ. ნაცმოძრაობას და მის დანაყოფებს უმძიმესი წარსული აქვთ. მათ ბევრი დანაშაული ჩაიდინეს. გამორიცხულია, რომ მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. როცა „ქართული ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში, მაშინ ითქვა, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა აღარ იარსებებდა. ამის სურვილი ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდა. ახლა მისი დაშლის პროცესის წინაშე ვართ.

- არსებობს მოსაზრება, რომ ქართული ოცნება გარიგებულია ნაციონალებთან. უფრო ხშირად საუბრობენ ალიანსზე ევროპული საქართველოს ლიდერებთან.

- ვინც ამას ამბობს, ის საქმეში ჩახედული არ არის. გაუგებარია, გაკოტრებულ და არარეიტინგულ პოლიტიკურ ძალასთან რატომ უნდა გავრიგდეთ? `ქართულ ოცნებას~ ეს არ სჭირდება. კოაბიტაციაზე რომ წავედით, მაშინაც ბევრ რამეს გვაბრალებდნენ. არადა, კოაბიტაცია არ ყოფილა გარიგება. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი იმ პირობებში, როცა „ქართული ოცნების“ კოალიციის გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტი ისევ სააკაშვილი იყო, თბილისის მერი კი – უგულავა. ამ ორ ინსტიტუტს პატივისცემა სჭირდებოდა. გარდა ამისა, დასავლელმა პარტნიორებმაც გვირჩიეს მშვიდობიანი ურთიერთობა ოპონენტებთან სხვა დონეზეც, მაგალითად, საკრებულოებში. კოაბიტაცია ამ გარემოებებით იყო გამოწვეული. ჩვენი დადანაშაულება „ნაციონალებთან“ ალიანსებში იმ დროიდან მოდის. ესაა ტყუილი ბრალდებები. ასეთ ტყუილ ბრალდებებს გვიყენებს შალვა ნათელაშვილი. მას ვურჩევდი, საკუთარ წარსულსა და აწმყოს მიხედოს და ამით ნუ ცდილობს ყურადღების მიქცევას.

- პრეზიდენტის ინსტიტუტისა და მისი პატივისცემის თემა ახლაც აქტუალურია. საპარლამენტო უმრავლესობას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მას საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო შესუსტება და მისი არჩევის წესის შეცვლა...

- საქართველოში საპარლამენტო მმართველობის შემოღება ადრევე გადაწყდა. ასეთი მოდელი არ ითვალისწინებს ძლიერ პრეზიდენტს. მისი ფუნქციები შედარებით შეკვეცილია, პრემიერისა და პარლამენტის კი – გაზრდილი. პრეზიდენტის არჩევის წესი აქედან გამომდინარეობს და შესაბამისი უნდა იყოს. ჩვენნაირი მმართველობის სახელმწიფოებში პრეზიდენტს ხალხი არ ირჩევს. ამას აკეთებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებაზე ლაპარაკი ზედმეტია. არც პირადად გიორგი მარგველაშვილს ერჩის ვინმე. სააკაშვილი ავიტანეთ ამ პოსტზე ერთი წლის განმავლობაში და მარგველაშვილს რა უნდა ავუტეხოთ?

- დავით უსუფაშვილმა გამოთქვა აზრი, რომ პრეზიდენტი შეიძლება გადადგეს, რითიც გამოხატავს პროტესტს პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის გამო...

- დავით უსუფაშვილს თავისი მოსაზრება აქვს. მე ამის წინაპირობებს ვერ ვხედავ. ჯერ ამ საკითხის განხილვაც არ დაწყებულა. თუ დაიწყება და არჩევის წესი შეიცვლება, ეს არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. საპარლამენტო რესპუბლიკებში არსებობს ასეთი პრაქტიკა. პრეზიდენტებს ყველგან ხალხი არ ირჩევს.

- ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ელოდებით?

- პროგნოზები პოლიტიკაში უმადურ საქმედ ითვლება. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ გიორგი მარგველაშვილი შეიძლება გადადგეს. გაუგებარია, რატომ უნდა მოაწყოს ასეთი დემარში თუნდაც მაშინ, თუ არჩევის წესი შეიცვალა?!

„ახალი თაობა“, 19 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილს 2015 წელს გაურიგდა“ // რას ითხოვდა აშშ-ის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილისგან

რატომ ემუქრებოდნენ გიგა ბოკერიას სახლთან გამართული აქციის გამო, რა წერილები გაუგზავნეს ყოფილ პრემიერს, „ოცნების“ რომელმა ფრთამ დაალაგა გამიჯნულებთან ურთიერთობა და რა მიზანი აქვს ნაციონალების გაყოფას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

- თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ 2015 წელს გიგა ბოკერიას სახლთან გამართეთ აქცია, რასაც ხელისუფლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა. ამბობთ, რომ ოცნების მხრიდან იყო მუქარებიც. შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვითხრათ, რა მოხდა მაშინ?

_ 2015 წლის მარტში ნაციონალებმა რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ამ აქციამდე ცოტა ხნით ადრე, პარლამენტთან გიგა ბოკერიასთან შეხლა-შემოხლა მომიხდა. ამის გამო სამართალდამცავებმა დამაკავეს. გიგა ბოკერია კატეგორიულად ითხოვდა, რომ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ. სასამართლომ სხვანაირად გადაწყვიტა და მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი მაკმარეს. ამის შემდეგ „თავისუფალმა თაობამ“ გადავწყვიტეთ, რომ ნაციონალების ლიდერების სახლებთან აქციები მოგვეწყო. ეს ის პერიოდია, როცა მთელ საქართველოს სჯეროდა, რომ გიგა ბოკერია საშინლად იყო დაპირისპირებული ამ ხელისუფლებასთან და მას საშინელებების მოწყობას უპირებდა.

2015 წლის მარტის აქციისთვის „ნაცები“ სერიოზულად ემზადებოდნენ. იმ შემთხვევაში თუ ხალხი მოგროვდებოდა, ისინი კარვების გაშლასაც აპირებდნენ. ჩვენ მივედით ნაცლიდერების სახლებთან და პატარა აქციებიც მოვაწყეთ. ჩვენი სხვა აქციებისგან განსხვავებით, ეს მშვიდობიანი ღონისძიებები იყო. უბრალოდ, ხალხს ვთხოვდით, დამნაშავეების აქციაზე არ წასულიყვნენ. პირველი აქცია გივი თარგამაძის სახლთან გავმართეთ, მერე გიგა ბოკერიას მივაკითხეთ. ჩვენი მესამე სამიზნე გია ბარამიძე იყო, რომლის სახლამდეც ვეღარ მივაღწიეთ – ჩემს ტელეფონზე ატყდა რეკვა. ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად მეუბნებოდნენ, ბოკერიასთან მისვლა როგორ გაბედეო.

- კონკრეტულად ვინ გირეკავდათ?

- შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც ახლაც მაღალ თანამდებობაზეა. მირეკავდნენ პრემიერის ადმინისტრაციიდან. დამირეკა „ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა. მეუბნებოდნენ, კიდევ თუ გაბედავთ ბოკერიასთან მიახლოებას, დაგიჭერთო. გამახსენეს ისიც, ცოტა ხნით ადრე როგორ ითხოვდა ის ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩემმა მეგობარმა სანდრო ბრეგაძემ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა. ის მაშინ მინისტრის მოადგილე იყო. ამერიკის მაშინდელმა ელჩმა ნორლანდმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით მიმართა, რომ ჩვენი თავნებობა აღეკვეთა. ის ასევე ითხოვდა, რომ „თავისუფალი თაობა“ გაეჩერებინათ. რამდენადაც მე ვიცი, ამ მიმართვას ყოფილმა პრემიერმა ყურადღება არ მიაქცია. ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ მოთხოვნებს, როგორც წესი, არაფრად აგდებდა.

- რატომ არ აქცევდა ყურადღებას?

- იმიტომ არ აქცევდა, რომ კარგი კაცია. მიაჩნდა, რომ ამერიკის ელჩს არანაირი უფლება არ ჰქონდა, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულიყო. ამიტომაც გადააყენეს პრემიერობიდან.

- მოდით, ისევ მუქარებს დავუბრუნდეთ. რა მოხდა ამის შემდეგ?

- ჩვენ კარგა ხანს ვიყავით გაოგნებულები. ხელისუფლების მხრიდან სულ ის გვესმოდა, რომ „ნაციონალები“ რევოლუციის მოწყობას და არეულობას აპირებდნენ. აქედან გამომდინარე ცოტა უცნაური იყო, რატომ მლანძღავდნენ ბოკერიას გამო. მოგვიანებით თავად ნაციონალების მიმართაც გაჩნდა ეჭვები.

- იმათ მიმართ რა ეჭვები გაგიჩნდათ?

- აქციისთვის სერიოზულად ემზადებოდნენ. ვიცოდით, რომ რაღაც მომენტში რუსთაველზე კარვების გაშლასაც აპირებდნენ, მაგრამ მერე ერთს წამოიყვირებდნენ და იშლებოდნენ. ამ ყველაფრის ავან-ჩავანი იყო გიგა ბოკერია. მერე და მერე გავარკვიეთ, რომ „ოცნების“ რომელიღაც შტოსთან ის შეკრული იყო. ხელისუფლებაში დღემდე რამდენიმე შტო არსებობს.

- რომელ შტოს გაურიგდა?

- ირაკლი ღარიბაშვილთან ნამდვილად არ გარიგებულა. როგორც უკვე გითხარით, მან აშშ-ის ელჩის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მისი წასვლის შემდეგ „თავისუფალ თაობას“ ხელისუფლებასთან ძალიან დაგვეძაბა ურთიერთობა. ჩვენს დაშლაზე სპეცსამსახურებმა სერიოზულად იმუშავეს. როგორც ჩანს, ბოკერიას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა ხელისუფლებასთან დალაგებული ურთიერთობა.

- მაინც ვისთან დაალაგა?

- იმათთან, რომლებიც ახლა ბაირამობენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის ივანიშვილთან არის გარიგებული. ეს გარიგება ჯერ კიდევ 2015 წელს შედგა. ისინი ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ გიგა ბოკერიას ივანიშვილის ივანიშვილის ლანძღვის უფლებაც კი აქვს, ოღონდ ერთი პირობით – რა დოზითაც ბიძინა ივანიშვილს გალანძღავს, იმ დოზით უნდა გალანძღოს მიხეილ სააკაშვილი.

- მიხეილ სააკაშვილის მლანძღველი დაილია ამ ქვეყანაში, ბოკერიას რომ არ გარიგებოდა?

- საქმეც ისაა, რომ ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილს აღარავინ ლანძღავდა. ეს იმ მიზეზით არ მომხდარა, რომ ხალხს დაავიწყდა „ნაციონალების“ შავი საქმეები. ხელისუფლებამ ისინი არ დასაჯა და ხალხი უკვე „ოცნების“ გინებაზე გადავიდა. ბოლოს მიშა აღარავის ახსოვდა. ამიტომაც მოიფიქრეს ეს სქემა და ახლა უგულავა-ბოკერიას ალანძღინებენ ნაციონალებს.

მგონია, რომ მათი გაყოფაც ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილია. ის ამ „ნაციონალებს“ დააჭმევინებს ერთმანეთს და რომელი ფრთაც გადარჩება, მას დატოვებს ოპოზიციად. ნამდვილი ოპოზიცია მას უკვე აღარ სჭირდება.

Comments are closed