globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 19th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „მარტო კიევში არ არის შეხვედრები, „ნაციონალები“ შეხვედრებს მართავენ ტრაბზონში, ხოფაში, სტამბულში“

რეზონანსი: რა განსხვავებაა ცხინვალისა და სოხუმის “საინტეგრაციო” დოკუმენტებს შორის

რეზონანსი: მოსკოვურ 9 მაისში მონაწილეობა თუ ბოიკოტი, თბილისს ჯერ არ გადაუწყვეტია

———————-

„ალია“, 19 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „მარტო კიევში არ არის შეხვედრები, „ნაციონალები“ შეხვედრებს მართავენ ტრაბზონში, ხოფაში, სტამბულში“

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

ინტერვიუში კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს საქართველოს საშინაოპოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც ერთგვარ კავშირში საგარეოპოლიტიკურ სიტუაციასთან. გთავაზობთ ამონარიდს:

- მოვლენების განვითარების ლოგიკა პირადად თქვენ რას გკარნახობთ?

- მე არ მომწონს ის, რაც აჭარაში ხდება, მიმაჩნია, რომ აჭარაში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როდესაც უაღრესად დასუსტდა ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აჭარა არის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ავტონომიური რესპუბლიკა. აჭარას გარკვეულწილად საერთაშორისო დოკუმენტი იცავს, რომელსაც ყარსის ხელშეკრულება ჰქვია. წარმოიდგინეთ, რომ იქ ერთ მშვენიერ დღეს შემოვიდა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც ექსცესური სიტუაცია შექმნა და მოინდომა ხელისუფლების უზურპირება. შესაძლებელია ასეთი რამ, თუ არა?.. მით უმეტეს, ამისთვის მათ ნოყიერი ნიადაგი დახვდებათ. რა, „ნაციონალებს“ აჭარის ხელისუფლების ხელში აღება გაუჭირდებათ?!. რასაკვირველია, აჭარაში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ და ამას არ დაუშვებენ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ბევრი რამ ყელში აქვთ ამოსული. სულ მცირე, ნეიტრალურები იქნებიან მოვლენების ასეთი განვითარების მიმართ.

- საინტერესო ლოგიკას ავითარებთ, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღოს ხელში მმართველობა, შეიჭრან აჭარის ხელისუფლებაში და სულაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მმართველად მოგვევლინონ. სხვათა შორის, პრეზიდენტობის ბოლოს ხშირად იწერებოდა, რომ სააკაშვილი აჭარის ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებდა და გახდებოდა აჭარის მმართველი.

- თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ასეთი რამ ხშირად ხდებოდა… მახსოვს, როცა ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა პარლამენტში ალყაშემორტყმულ მდგომარეობაში, იყო უმძიმეს ვითარებაში, ის ზუსტად ბათუმში ბედავდა წასვლას. გახსოვთ, რა სიტუაცია მეფობდა აჭარაში, ასლან აბაშიძემ ავტონომიის სტატუსი კარგად გამოიყენა, პრაქტიკულად ის იქცა ცენტრმოწყვეტილ რეგიონად, ასლან აბაშიძეს კი უნდა დავუფასოთ ის, რომ მან ბევრი რამ გააკეთა იმ მიმართულებით, რომ აჭარაში ქართული სული დარჩენილიყო. არ გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოინდომოს აჭარის ხელისუფლების ხელში აღება, შეიძლება სააკაშვილმა იქ სტატუსი ვერ მიიღოს, მაგრამ აჭარაში სიტუაცია რომ აქეთკენ მიდის, ამას ვერ ხედავთ?.. რომ „ქართული ოცნება“ გავლენებს კარგავს აჭარაში და ის ძალა, ვინც ხელში იღებს მმართველობას, ვის დაუჭერს მხარს და რას მოიმოქმედებს, ჩვენ ეს არ ვიცით. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს მოწყვეტენ აჭარას, მაგრამ რეგიონი ჩაიკეტება და იქნება ავტონომიური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილმა ამ აქციამდე დაიქადნა, 2015 წელს საქართველოში ვიქნებიო. ეს არის მისი მორიგი პიარაქცია, მან იმდენი იძახა, აფხაზეთში შევალ, ოსეთში შევალო, ხალხი დააჯერა, მაგრამ შევიდა?!. ასე დაბრუნდება ის საქართველოშიც… გამოვრიცხავ, რომ ის საქართველოში დაბრუნდეს, არც ისეთი გულადია. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი ბუნებით მშიშარა ადამიანია და ის ამას ვერ გაბედავს.

(…)

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ მითხარით, რომ ექიმთა ჯგუფი ჰყავდათ ჩაყვანილი კიევში „ნაციონალებს“ თავისი ფინანსებით, ისინი შეხვდნენ ადეიშვილს, რომელმაც ექიმებს საპროტესტო აქციაზე მხარდაჭერა სთხოვა. დღევანდელი ინფორმაციით, რა ხდება?

- ჩემი ინფორმაციით, მარტო კიევში არ არის შეხვედრები, „ნაციონალები“ შეხვედრებს მართავენ ტრაბზონში, ხოფაში, სტამბულში. ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, სტამბულში შეკრება ხდება ერთი ქართველი ქალბატონის ბინაში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო. ის იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და საცხოვრებლად თურქეთში გადასულიყო, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. ჩემთვის გაუგებარია, დღეს რატომ გაიგიჟა ამ ქალბატონმა ასე თავი და რატომ უთმობს საკუთარ ბინას „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ იქ კონსპირაციული შეხვედრები გამართონ. ამ ქალბატონის გვარი ვიცი, მაგრამ შეგნებულად არ ვასახელებ. მოკლედ, ბევრ ადგილას ხდება შეხვედრები, მოქმედებების დაგეგმვა. როგორც ინფორმაცია მომდის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ჯგუფი, რომელიც ითხოვს, რომ დღესვე დავამთავროთ ხელისუფლება, მაგრამ არის ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ დღესვე ამის გაკეთება შეუძლებელია და ნუ „გვაწვებითო“. ამას ამბობენ ის ჯგუფები, ვინც თბილისში არიან და ეუბნებიან, რომ შორიდან იოლია ბრძანებების გაცემა. რამდენადაც ამბად მომივიდა, სააკაშვილი აძლევს დავალებებს აქ მყოფ ლიდერებს. ყველას თავისი გუნდი ჰყავს და ცალ-ცალკე მოითხოვენ თავისი გუნდებისგან აქტიურობას, მაგრამ ამ გუნდის წევრები ხშირ შემთხვევაში პასუხობენ, რომ ამდენის გაკეთების თავი მათ არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური რესურსი საკმარისზე მეტი აქვთ. აქვე გეტყვით, ქართულ მედიაში ხშირად იწერება, რომ „ნაციონალებმა“ ფული შემოიტანეს უცხოეთიდან. რად უნდათ უცხოეთიდან ფულის შემოტანა, როცა უამრავი საწარმო და ობიექტი მათ ხელშია და დღემდე იღებს ფულს კეზერაშვილი ამ ობიექტებიდან.

რეზონანსი“, 19 მარტი, 2015 წელი

რა განსხვავებაა ცხინვალისა და სოხუმის “საინტეგრაციო” დოკუმენტებს შორის

თეა ბეჟიტაშვილი

(შემოკლებით)

გუშინ კრემლში ვლადიმირ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

25 წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის თითქმის ყველა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. ანალოგიურ შეთანხმებას ოკუპირებულ აფხაზეთთან ხელი გასული წლის ნოემბერში მოაწერეს.

(…)

სპეციალისტების თქმით, ცხინვალთან გაფორმებული დოკუმენტი აფხაზეთთან დადებულისგან იმით განსხვავდება, რომ სამხრეთ ოსეთის ძალოვანისტრუქტურები მთლიანად შედის რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების შემადგენლობაში. აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები კი რუსი ძალოვნების „სტრატეგიული პარტნიორები“ ხვდებიან.

ამავე დროს, დოკუმენტის მეორე მუხლის მესამე პუნქტში წერია, რომ „თუ ერთი ხელმომწერი მხარე აგრესიის (სამხედრო თავდასხმის) მსხვერპლი შეიქმნება… ეს განხილული იქნება, როგორც აგრესია მეორე ხელმომწერიმხარის წინააღმდეგ“.

„აღნიშნული ხელშეკრულება ე.წ. სამხრეთ ოსეთის სრული ანექსიაა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის იმიტომ, რომ მთელი ძალოვანი სტრუქტურა რუსეთის ძალოვანი უწყებების შემადგენლობაში შედის“, – ამბობს რეზონანსთან საუბრისას პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, განსხვავებით ე.წ.  სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურებისა, ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები „დამუკიდებელ სუბიექტებად“ რჩებიან და მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან.

„ჩვენთვის კარგის მომტანი არცერთია, მაგრამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დადებული ხელშეკრულება განსაკუთრებით საშიშია და მეტ გამოწვევებს შეიცავს.

„პირველ რიგში იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია შედარებით ახლოსაა ქვეყნის დედაქალაქთან. ამას გარდა, ხელშეკრულების შედეგად, მცოცავი ოკუპაცია შეიძლება გაგრძელდეს და ე.წ. წარმონაქმნის შემადგენლობაში უფრო მეტი ტერიტორია შევიდეს. ყველაზე საინტერესო მომენტი ის არის, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად, არ გამოვრიცხავ, თრუსოს ხეობაც მათ შემადგენლობაში მოექცეს“, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კანაშვილის თქმით, ოკუპირებულ ცხინგვალთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკური განვითარება მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშ გადადის. მისი თქმით, ცხინვალთან და სოხუმთან გაფორმებულ დოკუმენტებს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ აფხაზეთს რაღაცა მაინც რჩება თავის კომპეტენციაში, სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კ მოპეტენცია მთლიანად მოსკოვის ხელში გადადის.

„ოსური მხარისგან განსხვავებით, აფხაზური მხარისთვის რამდენიმე პუნქტი მიუღებელი აღმოჩნდა. მათ შორის, ალბათ, მთავარია პასპორტების საკითხი. პირვანდელ დოკუმენტში, აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის, რუსეთის მოქალაქეები კი აფხაზურ პასპორტებს გაადვილებულ რეჟიმში მიიღებდნენ. საბოლოო ვერსიით, გაადვილებულ რეჟიმში მხოლოდაფხაზეთის მოქალაქეები მიიღებენ რუსეთის პასპორტებს.

„აფხაზებს არ უნდოდათ, რომ რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის პასპორტები მიეღოთ. ეს მათთვის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი იყო, რადგან აეთ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებს საკუთრების უფლებები გაუჩნდებოდათ. ამას გარდა, საწყის ეტაპზე რუსულ საჯარისო გაერთიანებებთან აფხაზური საჯარისო გაერთიანებების სრული ინტეგრაცია ხდებოდა.  საბოლოო ვერსიით კი, აფხაზური შეიარაღებული ძალების მხოლოდ რაღაც ნაწილი იქნება რუსულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად.

„კიდევ იყო რაღაც საკითხები, თუმცა პასპორტები და უსაფრთხოების სისტემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები“, – ამბობს გიორგი კანაშვილი. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დადებული ხელშე%კრულების პირვანდელი ტექსტი ოკუპირებული აფხაზეთის ტექსტისგან იმით განსხვავდება, რომ ყველა ეს საკითხი რუსეთის უშუალო მართვის რეჟიმში გადადის.

„ხდება სრული ინტეგრაცია საჯარისო უსაფრთხოების სისტემებისა და ე.წ. საზღვრების კონტროლი. ანუ დე ფაქტო ანექსიაა. (სამხრეთ ოსეთი) ხდება ხელოვნური წარმონაქმნი, რომელიც რეალურად არანაირ უფლებას არ ფლობს, მათ შორის შიდა პოლიტიკის განსაზღვრასაც, არაფერს ვამბობ საგარეო პოლიტიკაზე“, – ამბობს გიორგი კანაშვილი.

აფხაზეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, პაატა დავითაიას თქმით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით „დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე ფაქტობრივად რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ვღებულობთ“.

რაც შეეხება აფხაზურ და სამხრეთოსურ დოკუმენტებს შორის განსხვავებას, ამ უკანასკნელში „ხდება შერწყმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, უშიშროების ჯარიმების, თავდაცვისა და შს სამინისტროების, განსხვავებით აფხაზეთისგან, სადაც არის თანამშრომლობა, ერთობლივი მოქმედება და ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის ძალოოვანი სტრუქტურის დანაყოფი არ არის. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურა კი რუსეთის ფედერაციის პირდაპირი დანაყოფია. ძირითადი განსხვავება ესაა“, – ამბობს პაატა დავითაია.

რეზონანსი“, 19 მარტი, 2015 წელი

მოსკოვურ 9 მაისში მონაწილეობა თუ ბოიკოტი, თბილისს ჯერ არ გადაუწყვეტია

სალომე სარიშვილი

(შემოკლებით)

„9 მაისს ოფიციალური მოსკოვი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს სამხედრო აღლუმით აღნიშნავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ღონისძიებაზე მიწვეული 68 სტუმრიდან მზადყოფნა 26 ქვეყნის ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა, თუმცა არის თუ არა ამ სიაში საქართველო, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამაზე კონკრეტული პასუხი ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერ მივიღეთ. თუმცა როგორც რუსული სააგენტო რია “ნოვოსტი” აცხადებს, თამარ ბერუჩაშვილმა მათ განუცხადა, რომ ქართული მხარე ამ ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხს არ განიხილავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი “რეზონანსს” განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს – ამ საკითხზე თბილისს რუსეთიდან მიღებულ მოწვევაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოსაწვევი უწყებაში ერთხელ უკვე გადმოიგზავნა, თუმცა გარკვეული ტექნიკური ხარვეზებით, რის გამოც წერილის უკან გადაგზავნა გახდა საჭირო. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი მომდევნო კვირისთვის ექნებათ. “მიმდინარე კვირაში ეს თემა გარკვევის სტადიაში იყო, თუმცა დეპარტამენტი, რომლის კურაციაშიც ეს საკითხი შედის, მივლინებაშია გასული, ამიტომ დამატებით ინფორმაცია მომდევნო კვირას გვეცოდინება. სამინისტროში განაცხადი ერთხელ უკვე შემოვიდა, წერილი ტექნიკურად არაზუტსი იყო, ამიტომ უკან გადაგზავნა მოგვიწია”, – განმარტავს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი მარი ნარჩემაშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჯერჯერობით წერილი არ მიუღიათ, შესაბამისად, ამ ეტაპზე კონკრეტულ პასუხი არ აქვთ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითზე ინფორმაცია საჯარო რამდენიმე დღეში გახდება.

9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებზე სხვა სტუმრებთან ერთად, მონაწილეობას ჩეხეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტები, იუნესკოს ხელმძღვანელი და ევროკავშირის მრჩეველიც მიიღებენ. უკვე ცნობილია, რომ მოსკოვში გამგზავრებაზე უარი განაცხადეს პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრების საკითხს ბრიტანეთი რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში განიხილავს – “ღონისძიებაზე დასწრების საკითხს რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების, მისივე მოქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთების ფონზე განვიხილავთ. არ ვგეგმავთ, რომ პრემიერ-მინისტრი ღონისძიებას დაესწრება, ხოლო ინფორმაციას, თუ ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას, თავის დროზე შეგატყობინებთ…” – განუცხადა ჟურნალისტებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის მოადგილემ.

9 მაისის აღლუმს არც აშშ-ის ლიდერი ბარაკ ობამა დაესწრება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი გადაწყვიტა, რომ, მართალია, ღონისძიებას არ დაესწრება, თუმცა 10 მაისს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად, კრემლის კედლებთან უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით შეამკობს. მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ დაესწრება არც ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი. ამის შესახებ პოლონეთის ექსპრემიერმა გაზეთ “ვიბორჩასთან” ინტერვიუში განაცხადა – “სამხედრო აღლუმზე დასასწრებად ვიზიტი იმ ქვეყანაში, რომელიც თანამედროვე დამპყრობელია და რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღს იყენებს, სულ მცირე, საკამათო საკითხია”, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა, რომლის თქმით, “მიიღო მოწვევა, თუმცა 9 მაისს მოსკოვში არ გაემგზავრება.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმზე დასწრებაზე დასავლეთის ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის უარი, ზეიმის მასშტაბზე და ემოციურ დატვირთვაზე არ იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ ამ საკითხზე განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა და დასავლეთი 9 მაისს დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლის განზრახვაში დაადანაშაულა. ლავროვმა კრემლში ჩატარებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ევროპელ ლიდერებზე წნეხს ახორციელებს, რათა დაარწმუნოს, რომ ღონისძიებას არ დაესწრონ. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩავიდეს და ნაციზმზე გამარჯვების დღე რუსებთან ერთად აღნიშნოს.

Comments are closed