globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 19th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „გიორგი კვირიკაშვილის პიარსპეციალისტები მაგრად მუშაობენ”

რეზონანსი: რატომ დატოვა “რესპუბლიკური პარტია” 25-მა სენაკელმა

რეზონანსი: შემოდგომიდან სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრიც დასამარდება // „ქართული ოცნების“ ამ დაპირებას უკვე აღარავინ დაიჯერებს

რეზონანსი: ინტერვიუ ლადო პაპავასთან: “უნივერსიტეტს ცხვირწინ გაზგასამართ სადგურს უშენებდნენ და ახლა თურმე მე ვატყუებ საზოგადოებას…”

რეზონანსი: ელოდებით თუ არა ვიზალიბერალიზაციის გზაზე შემაფერხებელი გარემოებებს?

რეზონანსი: ყოველწლიურად სოფლებიდან 42 ათასი ადამიანი გამორბის // „ეს კატასტროფაა. სოფელშიც და ქალაქშიც ოჯახში სამი შვილი ნორმა უნდა გახდეს“

———-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „არ მინდა, დეპუტატობა ვინმემ დამამადლოს… პარლამენტში ჩემითაც მოვხვდები“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „პრეზიდენტმა და პრემიერმა შეცდომა დაუშვეს… არჩევნები ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „პრეზიდენტის მოქმედება ადეკვატური არ არის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „ქუჩებში ქვებით სირბილს არ ვაპირებთ, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება… 8 ოქტომბერი ოპოზიციისთვის გამოწვევაა და ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას“

„ახალი თაობა“: გია ბარამიძე შეიძლება დააპატიმრონ // დოდო აფრასიძე: „ეგ დიდი ხნის წინ უნდა დაეჭირათ“

————————-

რეზონანსი, 19 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „გიორგი კვირიკაშვილის პიარსპეციალისტები მაგრად მუშაობენ”

თაკო მათეშვილი

პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია პრემიერს პიარტექნოლოგიას უწონებს და ამბობს, რომ ის წარმატებული სვლები, რაც ბოლო დღეებში მას ჰქონდა, აშკარად უცხოელი პროფესიონალების დამსახურებაა. იგი ამბობს, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროსაც და სტუდენტებთან ვიზიტისასაც პრემიერი კარგად იყო მომზადებული, საუბარი მისთვის სასურველი მიმართულებით მიჰყავდა და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მან საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

კორნელი კაკაჩია: პრემიერისა და ჟურნალისტების შეხვერდა დროული, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც კი იყო. უკეთესი იქნებოდა, უფრო წარმომადგენლობითი ყოფილიყო. გასაგებია, რომ რაღაც ფორმატები არსებობს, მაგრამ ამ შეხვედრაზე მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტები იყვნენ. ბეჭდური მედია კი, რაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია – არა. მთლიანობაში შეხვედრამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კვირიკაშვილმა მის წინაშე დასმულ ამოცანებს თავი გაართვა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მასმედიის წარმომადგენლებს იგი პირველად ხვდებოდა. ეტყობოდა, რომ კარგად იყო მომზადებული, რადგა მომენტები სწორად დაიჭირა და რაც მთავარია, ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტებს გეზს თავად აძლევდა. შედეგად, მასმედიის იმ წარმომადგენლებზეც კი კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რომლებიც მას ხშირად არ ეთანხმებიან.

- რა იყო, თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი?

- კვირიკაშვილმა, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, პირდაპირ თქვა, რომ იგი დამოუკიდებელი ფიგურა არაა. არ დაუმალავს, რომ პრემიერის თანამდებობაზე მის დანიშვნაში ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული როლი ითამაშა. ეს მეტ-ნაკლებად ყველამ იცოდა, მაგრამ მისი მხრიდან გაკეთებულმა განცხადებამ ყველაფერი უფრო მკაფიო გახადა და ამას საზოგადოებაც დადებითად შეხვდა.

- პრემიერისა და ჟურნალისტების შეხვედრამ დაგიტოვათ თუ არა შთაბეჭდილება, რომ ერთგვარი გაუგებრობა თუ დაპირისპირება პრემიერისა და პრეზიდენტის ინსტიტუტებს შორის დასრულდა?

- მგონი კი. თავად კვირიკაშვილი არაა ისეთი პიროვნება, რომელმაც შეიძლება ახირებული გადაწყვეტილება მიიღოს. ჩანს, რომ საკუთარ განცხადებებში საკმაოდ სიტყვაზომიერია და მთლიანობაში ცდილობს, ყველას მიმართ პოლიტკორექტული იყოს. უფრო თანამშრომლობისკენაა მოწოდებული წინამორბედისაგან განსხვავებით, რომელიც ხისტ ქმედებებს არ ერიდებოდა და ხშირად ეს ბუმერანგივით უკან უბრუნდებოდა.

- გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე თქვა, მუდივად არ უნდა ვიძახოთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული ბაზებიაო. ამ პოზიციას ეთანხმებით?

- საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი პრემიერს ამაში არ დაეთანხმება, მაგრამ ეს განცხადება იმ რეალობაზე მიუთითებს, რომელიც გვაქვს. როგორც ჩანს, კონფლიქტის გადაწყვეტასთან დაკავშირებით “ოცნების” ხელისუფლებას ახალი იდეები ჯერ-ჯერობით არა აქვს.

- არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი, ეს ერთი შეხედვით უბრალო თემა, სადავო გახდა. ამ პრობლემის გადაჭრის გზა როგორ გესახებათ?

- პირველი პრობლემა ის იყო, რომ გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო, როგორც ჩანს, მთავრობასთან ბოლომდე არ შეთანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა განაცხადა, შეთანხმებულიაო. რაც მთავარია, ეს თემა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთანაც არ იყო განხილული. ამიტომაც ჰქონდა მას მოულოდნელობის ეფექტი. ბუნებრივია, ამან პოლიტიკური პარტიებისგანაც და საზოგადოების ნაწილისაგანაც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. ალბათ, აჯობებდა, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არჩევნებია, გადაწვეტილების მიღებისას საზოგადოების მხრიდან მეტი ჩართულობა ყოფილიყო, რათა პრეზიდენტის განცხადება მოულოდნელი არც საზოგადოებისათვის გამხდარიყო და არც პოლიტიკური სპექტრისათვის.

- ჟურნალისტების გარდა, კვირიკაშვილი სტუდენტებსაც შეხვდა, რამაც საზოგადოებაში აშკარად დიდი მოწონება გამოიწვია. განსაკუთრებით კი იმ ფაქტმა, რომ ეს ყველაფერი სპონტანურად, კამერებისა და დაცვის გარეშე მოხდა. თქვენი აზრით, ეს სვლები პიარსპეციალისტების დამსახურებაა?

- კი. აშკარად ემჩნევა, რომ კვირიკაშვილის პიარსპეციალისტები მაგრად მუშაობენ. ტერმინიც კი გაჩნდა – “კვირიკაშვილის ეფექტი” და ამაში უცხოელი პიარტექნოლოგების ხელი აშკარად იგრძნობა. რაც მთავარია, იგი ჯერჯერობით დამაჯერებლად გამოიყურება. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ “ქართული ოცნება” მაინცადამაინც კარგი იმიჯით ვერ დაიკვეხნის. კვირიკაშვილის იმიჯს კი, როგორც მომავალი ლიდერისა, არჩევნების წინ დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სტუდენტებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, მემარცხენე კი არა, მემარჯვენე პოლიტიკოსი ვარო, მაგრამ ამის მიუხედავად, “ქართულ ოცნებას” სათავეში მაინც ჩაუდგება. ეჭვი ამასთან დაკავშირებით აქამდეც გვქონდა. ეს კვირიკაშვილის დანიშვნიდან ცოტა ხანშივე ნათელი გახდა იმ შეხვედრებიდან და ინიციატივებიდან გამოდინარე, რაც მან წამოაყენა. უბრალოდ, აქ ერთი კითხვა იბადება – თუ მას არ სწამს იმ მსოფლმხედველობის, რომელსაც “ოცნება” იზიარებს, მაშინ როგორ მოხერხდება მისი ლიდერობა იმ გუნდში, რომელიც თავის თავს სოციალისტურ იდეოლოგიასთან აიგივებს?

- „ენდიაი“-ს კვლევამ ისევ დიდი ხმაური გამოიწვია. თქვენში რამდენად იწვევს იგი ნდობას?

- შეიძლება რამდენიმე მომენტი საეჭვო იყო, მაგალითად, ბაქრაძის რაიტინგი და ა.შ. მაგრამ მთლიანობაში ენდიაის ან აირაის კვლევები, რომელიც ასევე მალე გამოქვეყნდება, ვერდიქტად არ უნდა მივიღთ. ეს არაა ზუსტი მაჩვენებელი, რომელიც აჩვენებს, ვინ გაიმარჯვებს ან ვინ ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში. იგი ტენდენციებს აჩვენებს იმაზე, თუ რას ფიქრობს საზოგადოება კონკრეტული საკითხების გარშემო. ამ შედეგებს პოლიტიკური პარტიებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ ტენდენციებს გადახედავენ და საზოგადოების აზრს გაითვალისწინებენ, ნებისმიერი მათგანისათვის კარგი იქნება. სხვა მხრივ კი, ამ კვლევებს აბსოლუტურ სიზუსტეზე, რა თქმა უნდა, პრეტენზია ვერ ექნება და არც აქვს. თანაც, არჩევნებამდე ექვსი თვეა დარჩენილი და იმ ფონზე, როცა ამომრჩეველთა 70% ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, თუ ვის მისცემს ხმას, ეს გამოკვლევა ვერ დადებს დასკვნას, თუ როგორი შედეგი დადგება არჩევნებში.

- ამ ხალხის ჩამოყალიბებაზე საარჩევნო კამპანია რამდენად იმოქმედებს?

- მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, ამ ადამიანების დიდი ნაწილი არჩევნებზე მისვლას აუცილებლად აპირებს. საქართველოში საარჩევნო კამპანია პოლარიზებულია. ეს ხალხი უკმაყოფილოა როგორც მმართველი კოალიციით, ისე ოპოზიციური ძალებით. ეს კი ნიჰილიზმის შედეგია. როგორც ჩანს, ამ ამომრჩევლებს ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. მათი ნაწილის გდაწყვეტილებაზე წინასაარჩევნო გარემო და განვითარებული მოვლენები, ალბათ, გარკვეულ როლს ითამაშებს.

- ამჯერად მაინც შეძლებს რომელიმე პარტია, რომ საარჩევნო კამპანია არა სხვის ნეგატივზე, არამედ საკუთარ პოზიტივსა და წარმატებებზე ააგოს?

- მინდა ვცდებოდე, მაგრამ მგონი, არა. ჩვენი პოლიტიკური პარტიები ჯერჯერობით ვერ გამოვიდნენ იმ სტადიიდან, რომ აქცენტი სხვის ნეგატივზე კი არ გააკეთონ, არამედ საკუთარ პოზიტივზე, საკუთარი შეხედულებები და იდეოლოგია ჩამოაყალიბონ. ამას დრო სჭირდება და ამ არჩევნებისათვის ვერ მოესწრება. ასე რომ, ამგვარ კამპანიებს ახლაც ვერ ავცდებით. საარჩევნოდ ისევ პიროვნული თავდასხმებისა და კომპრომატების მეშვეობით ერთმანეთთან ბრძოლისა და “გაშავების” მოწმენი გავხდებით. თუმცა, თუ რომელიმე მხარემ კომპრომატების თემაში გადაამლაშა, ეს შესაძლოა, ბუმერანგივით თავად დაუბრუნდეს უკან. ეს რეალურია, თუ გავიხსენებთ, როგორ შეხვდა ქართული საზოგადოება ფარული ჩანაწერების გავრცელებას.

- ენდიაი“-ს კვლევის შედეგებში საყურადღებო იყო ისიც, რომ წინა კვლევის შემდეგ მნიშვნელოვნად იყო შემცირებული ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა რიცხვი და გაზრდილი ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა. რამ გამოიწვია ეს ცვლილება?

- მგონია, რომ ბოლოდროინდელი კვლევების შედეგებმა ხელისუფლებაცა და სამოქალაქო საზოგადოებაც, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა და ეს ბოლო შედეგი მათ აქტიურობას მოჰყვა. აქტიურობა განსაკუთრებით რეგიონებში შეინიშნებოდა. მათ შორის უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც კი. ეტყობა, ამან გარკვეული შედეგი გამოიღო.

რეზონანსი, 19 აპრილი, 2016 წელი

რატომ დატოვარესპუბლიკური პარტია” 25-მა სენაკელმა

თიკო ოსმანოვა

“რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ორგანიზაციის 25-მა წევრმა რამდენიმე დღის წინ პარტია კონკრეტული მიზეზების დასახელების გარეშე დატოვა. ერთ-ერთი წევრი, რიმა ბოჯგუა ამბობს, რომ პარტიიდან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, “ხალხის ნეგატიური განწყობის” გამო წავიდა. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამას ჩვეულებრივ პროცესს უწოდებს. “პარტია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხალხის ნეგატიური განწყობის გამო დავტოვე. მოსახლეობის მხარეს დადგომა ვარჩიე. სხვა არანაირი მიზეზი არ ყოფილა. უბრალოდ, “რესპუბლიკური პარტიისადმი” სენაკში არ არის კარგი განწყობა,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პარტიის ყოფილი წევრი რიმა ბოჯგუა. მისი თქმით, “რესპუბლიკელებს” სამი წლის წინ შეურთდა.

“სამი წლის წინ შევუერთდი პარტიას, თუმცა ხალხის განწყობა ნეგატიური ამ დოზით არ იყო. რატომ დაეცა პარტიის რეიტინგი ასე, ეს ხალხს უნდა ჰკითხოთ. ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, ერთ-ერთია კოალიციის დატოვება. ჩემმა სხვა თანაგუნდელებმა რატომ დატოვეს პარტია, ნამდვილად არ ვიცი. არასდროს არ ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, რატომღაც მაშინ მომინდა, შევედი და როგორც შევედი საკუთარი ნებით, ისევე გამოვედი. სხვა პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ, ვიქნები უპარტიო მუშაკი და ასე ვემსახურები ხალხს”, – გვითხრა ბოჯგუამ.

კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს პარტიის კომიტეტის ყოფილი წევრი მარინა ქირიაც. “არ მინდა კომენტარის გაკეთება. პარტია პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე. მიზეზის დასახელებას არ ვაპირებ. სხვა პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ. რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელებს, რატომ დატოვეს პარტია, არ ვიცი”, – უთხრა “რეზონანსს” ქირიამ.

“რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბადრი ხურცია ამბობს, რომ პარტიის წევრებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს და ამას წინ არაფერი უძღოდა. “დატოვეს თავიანთი სურვილით – როგორც შემოვიდნენ, ისევე წავიდნენ პარტიიდან. მე მგონი, მიზეზი არაფერი არ იყო, ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს. სურთ, რომ უპარტიოდ იყვნენ. მე სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით,” – გვითხრა ბადრი ხურციამ.

პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი ამას ჩვეულებრივ პროცესს უწოდებს. მისივე თქმით, პარტიიან ხალხი ორგანიზებულად არ წასულა და უმეტესობა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირია. ამასთან, მისი თქმით, სენაკში პარტიას საკმაოდ ძლიერი ადგილობრივი ორგანიზაცია აქვს, სადაც 150-მდე წევრია.

“ამ მომენტისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და არა დღეს, სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა, მაგრამ ეს არ არის პარტიის ორგანიზებული დატოვება რაიმე ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. კონკრეტული მიზეზი არ სახელდება, თუმცა ამ 25 წევრიდან უმრავლესობა საჯარო სამსახურში – გამგეობასა თუ სოფლის რწმუნებულად მომუშავე ადამიანია. ისინი არ ასახელებენ კონკრეტულ მიზეზს, არც იმას, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს რაიმე ტიპის მითითება ჰქონდათ. ისინი უბრალოდ პირადი მოსაზრებების გამო მიდიან პარტიიდან,” – უთხრა “ინტერპრესნიუსს” ხათუნა სამნიძემ. მისივე თქმით, პარტიიდან წევრების გასვლა და შემოსვლა ჩვეულებრივი პროცესია.

დამატებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით ზურაბიშვილმა. “პარტიის თავმჯდომარემ ამასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა, მე მეტს ვერაფერს დავამატებ”, – უთხრა “რეზონანსს” დავით ზურაბიშვილმა.

რეზონანსი, 19 აპრილი, 2016 წელი

შემოდგომიდან სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრიც დასამარდება

ქართული ოცნებისამ დაპირებას უკვე აღარავინ დაიჯერებს

ელზა წიკლაური

წინა ხელისუფლების გამოისობით დაზარალებული ბიზნესმენები “ოცნების” მთავრობას იგნორირებაში ადანაშაულებენ. 3,5 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ავტომანქანის დაბრუნება მოხერხდა. სხვა არც ერთი გახმაურებული ქონებრივი დავა ყოფილი მფლობელის სასარგებლოდ არ გადაწყვეტილა. ამ დროს კი კარს ახალი არჩევნები მოგვადგა. მისი დასრულების შემდეგ სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრიც კი დასამარდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ბიზნესმენთა დაყაჩაღების რამდენიმე სქემა ჰქონდა შემუშავებული და მათ წარმატებითაც იყენებდა. ერთ-ერთი სქემით, იმ კომპანიაში, რომელსაც “ნაციონალი ბობოლები” თვალს დაადგამდნენ, ფინანსური პოლიცია შედიოდა და მათ უსაფუძვლოდ, უზარმაზრ ჯარიმას დააკისრებდა. შემდეგ ასეთი კომპანია მინიმალურ ფასად იყიდებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში დაზარალებული ბიზნესი ქონებას დაიბრუნებდა და სამართლიანობაც აღდგებოდა. როგორც დღეს ამ ბიზნესმენების ერთი ნაწილი აცხადებს, საქმე გაჩერებულია და თუნდაც ერთი ფაქტი იმისა, რომ ვინმემ საკუთარი ქონება დაიბრუნა, არ არსებობს.

პირველი და ერთადერთი, ვინც კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკუთარი ბიზნესი დაიბრუნა, თანაც უპრობლემოდ და ყოფილი მფლობელის ინიციატივით, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი იყო. საქმე ტელეკომპანია “იმედს” ეხებოდა.

ამ ფაქტის შემდეგ, ბიზნესის დაბრულების სურვილი ქიბარ ხალვაშმაც გამოთქვა. იგი ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მფლობელი იყო, რომელიც მუქარის გზით საქართველოს წინა მთავრობამ დაათმობინა. პატარკაციშვილებისგან განსხვავებით, ხალვაშს ბიზნესი დღემდე არ დაუბრუნებია. ამ დროისთვის სასამართლო დავა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება და ტელევიზიას ისევ ძველი ხელმძღვანელები მართავენ.

ხალვაშის ანალოგიურად დღემდე საკუთარი ხელით შექმნილი ბიზნესის დაბრუნებას და “სამართლიანობის აღდგენას” ელის ნავთობპროდუქტების კომპანია “სენტას” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე. ქონება მას იძულებით ჩამოართვეს და შემდეგ დააპატიმრეს. იაკობიძემ პროკურატურაში განცხადება 3,5 წლის წინ შეიტანა. დაახლოებით სამი წლის წინ მის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დაკითხეს და ყველაფერი ამით დასრულდა. ამჯერად იაკობიძე ქონების დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს, თუმცა პროცესი ამ შემთხვევაშიც იწელება. “სენტას” საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 20 აპრილსაა ჩანიშნული.

“პროკურატურიდან ისევ არაფერი ისმის, სრული დუმილია. ვერ გეტყვით რა მიზეზით ჭიანურდება საქმე. სამი წლის წინათ პროცესი თითქოს ადგილიდან დაიძრა, რამდენიმე ადამიანი დაკითხეს. შემდეგ საქმე თაროზე შემოდეს. ახლა სასამართლოს იმედი გვაქვს. ველოდებით რა მოხდება. მორიგი პროცესი 20 აპრილსაა ჩანიშნული და ვნახოთ, რას იტყვის ახლა სასამართლო. ცხადია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უსაშველოდ ჭიანურდება”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ და დასძინა, რომ მათი მთავარი მიზანი იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობაა, რომლის საფუძველზეც “გალფმა” “სენტას” ქონება გადაიფორმა.

ზაალ იაკობიძის ისტორია უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია. 2010 წლამდე, ვიდრე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ლობირების ქვეშ მყოფი კომპანია “გალფი” ქართულ ბაზარზე გამოჩნდებოდა და ორი ნავთობკომპანიის ქონებას გადაიბარებდა, “სენტას” ბალანსზე 50 ავტოგასამართი სადგური, 3 ნავთობბაზა, 20 ავტოცისტერნა ირიცხებოდა. კომპანიის წლიური მოგება 10 მილიონ დოლარს აღწევდა, ხოლო თავად კომპანია აუდიტორებმა 70 მილიონ დოლარად შეაფასეს.

2010 წლის ბოლოს კი სანავთობო ბაზარზე “გალფი” გამოჩნდა, ხოლო “სენტა” გაუჩინარდა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, რომ მისი და ოჯახის წევრებზე მუქარის შედეგად მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანია “გალფმა” 23 მილიონ დოლარად მიითვისა.

ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილიც. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლიდან თითქმის 4 წელი გადის, მაგრამ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის მხრივ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.

“არც ჩემი და არც სხვა შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა. პროცესი, პრაქტიკულად, გაჩერდა. უკვე მეოთხე წელი გადის და მხოლოდ დაპირება დაგვრჩა. როგორც ჩანს, ამის მიზეზი მოქმედი ხელისუფლებისა და წინა მთავრობის გარიგებაა. ალბათ, ისინი ერთმანეთს შეუთანხმდენენ, რომ საქმეების გამოძიება არ მომხდარიყო და წართმეული ქონება ბიზნესმენებისთვის არ დაებრუნებინათ”, – განაცხადა ბეგიაშვილმა.

ქონება არ დაუბრუნებიათ, “ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძისთვის. იგი ამბობს, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით სამართალდამცავ სტრუქტურებში თითქოს აქტიურობა შეინიშნება, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის.

“სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საქმე 2013 წელს მიიღო წარმოებაში და პასუხს ველოდებით. საქართველოს პროკურატურაში განცხადება, არჩევნების შემდეგ 2012 წელს შევიტანეთ. პირველი ორი თვე თითქოს დაიწყო პროცესი, მერე საერთოდ დაიბლოკა ეს საკითხი. ამჯერად ახალი დეპარტამენტის იმედი გვაქვს, ვნახოთ, რას იზამს. დარწმუნებული ვარ, ეს არის დროის საკითხი და წართმეულ ქონებას აუცილებლად დავიბრუნებ”, – ამბობს ანზორ ქოქოლაძე და დასძენს, რომ მისი ქონება ჯერ კიდევ დავით კეზერაშვილის კომპანიების მმართველობაშია.

“2010 წლიდან დღემდე როგორც ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე სტრასბურგში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები. “ელიტ ელექტრონიქსის” უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით. რაც უფრო დაჩქარდება დაწყებული პროცესი და მალე დაბრუნდება წართმეული ბიზნესი, მით უფრო მალე გამყარდება ლარი, რადგან საქართველოდან 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად 1,2-1,3 მილიარდი დოლარი გადის. აქედან 70% სწორედ იმ წართმეული ბიზნესებიდან, რომელთაც დღესაც ოფშორებს ამოფარებული ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ფლობენ”, – ამბობს ქოქოლაძე.

ქონება არათუ დაუბრუნეს, პირიქით, ის მესამე პირზე გაუყიდეს მამია სანადირაძეს. არადა, “კავკასუს ონლაინის” დამფუძნებელს იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამართლიანობა აღდგებოდა. როგორც ცნობილია “კავკასუს ონლაინის” საცალო სეგმენტი გაიყიდა და მისი მფლობელი “მაგთიკომი” გახდა.

“ჩემს საქმეზე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ბრძოლას აზრი დაეკარგა. იმისათვის, რომ კომპანიის წართმევა დაამტკიცო, გამოძიების შედეგი უნდა გქონდეს. გამოძიება არ მიდის, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის, იმას კლავენ. საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სამართლიანობა აღდგეს.

ამიტომ გადავწყვიტე, რომ ინტერნეტის საბითუმო სეგმენტის შეძენასთან დაკავშირებით “კავკასუსის” მოქმედ მფლობელებთან მოლაპარაკება დამეწყო. იქნებ როგორღაც შევძლო და ჩემი დაფუძნებული კომპანიის ნაწილი მაინც დავიბრუნო, უფრო ზუსტად, ვიყიდო”, – განაცხადა მამია სანდირაძემ.

არადა, შარშან, გაზაფხულზე პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც 2012 წლის ოქტომბრამდე საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოეძიებინა. საქმე ვერც ამან დააჩქარა, ხელისუფლების დაპირებული “სამართლიანობის აღდგენა” მხოლოდ რამდენიმე ავტომობილის ძველი მფბლობელისთვის დაბრუნება აღმოჩნდა.

იქნება თუ არა “სამართლიანობის აღდგენა” ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება 2016 წელსაც, ეს რამდენიმე კვირაში გაირკვევა. თუკი განვლილ 4-წლიან პერიოდს გავითვალისწინებთ, ადვილი მისახვედრია, რომ “ოცნების” ამ დაპირებას უკვე აღარავინ დაიჯერებს.

რეზონანსი, 19 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ლადო პაპავასთან: “უნივერსიტეტს ცხვირწინ გაზგასამართ სადგურს უშენებდნენ და ახლა თურმე მე ვატყუებ საზოგადოებას…”

სალომე სარიშვილი

“სადგურის მშენებლობის შესაჩერებლად მაშინ სტუდენტთა პროტესტი დაიწყო, განცხადებები გავაკეთეთ მეც, აკადემიურმა საბჭომაც, სენატმაც და ეს იყო ჩვენი, საერთო საუნივერსიტეტო პოზიცია… რეალურად ეს პროცესი ამ ყველაფერმა შეაჩერა. თუმცა მანამდე ეკონომიკის სამინისტროსა და მერიას ნებართვა გაცემული ჰქონდათ, მიმტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი კანონიერი იყო,” – ასე პასუხობს “რეზონანსთან” საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა ეკონომიკის სამინისტროს გუშინდელ განცხადებას, სადაც უწყება რექტორს სიცრუეში ადანაშაულებს. მისივე თქმით, უნივერსიტეტის სივრცეში საჯარო სამსახურებმა გაზგასამართი სადგურის აშენების ნებართვა გასცეს, მშენებლობა კი მხოლოდ საუნივერსიტეტო საზოგადოების პროტესტის შედეგად შეწყდა. ლადო პაპავა აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებები გარკვეული მიზეზის გამო მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რის შემდეგაც თსუ-ს რექტორთან დაპირისპირება დაიწყო.

ლადო პაპავას ბრალდებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გუშინვე უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ თსუ-ს მოქმედი რექტორი, ნებსით თუ უნებლიეთ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

“თავიდანვე ვაცხადებთ, რომ ეს არის ყოვლად უაპელაციო განცხადება, რომელშიც ფაქტობრივად, არცერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო კონკრეტულად კი, ვლადიმერ პაპავას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც ამბობს, რომ გაზგასამართი სადგურის აშენება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იგეგმებოდა.

“ეს ტერიტორია, უფრო ზუსტად კი 2000 კვ.მ. არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.14.06.006.026) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და იგი არ ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, არც რაიმე ტიპის სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადაცემული უნივერსიტეტს,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ქონება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში გასხვისდა.

ლადო პაპავა: რეალურად, ორ სხვადასხვა რამეს ურევენ ერთმანეთში და საზოგადოება შეცდომაში თვითონ შეჰყავთ. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ახლა კეთდება, ვთქვი, რომ ეს მაშინ დაიწყო, როცა ლიცენზია გასცეს. რომ არა დაპირისპირება, უნივერსიტეტს ცხვირწინ გაზგასამართ სადგურს უშენებდნენ და ახლა თურმე მე ვატყუებ საზოგადოებას. აბა, ციდან ჩამოფრინდა ბიზნესმენი, რომელიც სადგურს აკეთებდა? კი, ბატონო, მერე ეკონომიკის სამინისტრომ პოზიცია შეცვალა და ეს ძალიან კარგია, თუმცა ეს იყო უწინ, ახლა რა უნდა ვთქვა მათ განცხადებაზე, გარდა იმისა, რომ მათ სინდისზე იყოს, რაც განაცხადეს.

- ამბობთ, რომ ეს პროცესი მაშინ საუნივერსიტეტო საზოგადოების პროტესტმა შეაჩერა, თუმცა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული ქონება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში გასხვისდა და სადგურის აშენება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ იგეგმებოდა…

- სადგურის მშენებლობის შესაჩერებლად მაშინ სტუდენტთა პროტესტი დაიწყო, განცხადებები გავაკეთეთ მეც, აკადემიურმა საბჭომაც, სენატმაც და ეს იყო ჩვენი, საერთო საუნივერსიტეტო პოზიცია. შემდეგ სტუდენტების მნიშვნელოვანი აქციები დაიწყო და რეალურად ეს პროცესი ამ ყველაფერმა შეაჩერა. თუმცა მანამდე ეკონომიკის სამინისტროსა და მერიას ნებართვა გაცემული ჰქონდათ. ამ გადაწყვეტილების ერთბაშად შეცვლას არ აპირებდნენ და მიმტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი კანონიერი იყო. ზუსტად ამაზე ვისაუბრე და არა ახლანდელ ზეწოლაზე, ამიტომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ნათქვამია.

- სამინისტროს განცხადებაში ისიცაა ნათქვამი, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ის განსაკუთრებით ზრუნავს უნივერსიტეტის განვითარებაზე და თსუ-ს კონკრეტული ფართის ქონებაც კი გადასცა. ამაზე რას გვეტყვით?

- რა გადმოეცა უნივერსიტეტს, ეს მათთან უნდა დააზუსტოთ. ჩვენ გვაქვს ორი გაუბედურებული საერთო საცხოვრებელი ბაგებში. სტუდენტები იქ უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობენ. ვითხოვთ, შენობა სასწრაფოდ გადმოეცეს უნივერსიტეტს ბალანსზე და მთავრობამ ამაში ფული ჩადოს. რა თქმა უნდა, გადმოცემა ეკონომიკის სამინისტროს საქმეა, ფულის ჩადება კი სახელმწიფოსი. მაგათ რა ჰგონიათ, მთავრობაში ვის რა ფუნქცია აკისრია, არ ვიცი? – არა, ბატონო, ეგენი რომ მოდიოდნენ, მე მივდიოდი. თვითონ განმარტონ, როგორ ეხმარებიან უნივერსიტეტს. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა აგვისტოს ბოლო დღეებში, ვიდრე ის საგარეო საქმეთა მინისტრად გადავიდოდა, უნივერსიტეტს ძალიან დიდი საქმე გაუკეთა – უნივერსიტეტის ბალანსზე ტაბახმელას კომპლექსი გადმოვიდა. ეს გახლდათ პირადად ბატონი გიორგი კვირიკაშვილის გაკეთებული საქმე და დიდი მადლობა მას, როგორც ეკონომიკის მინისტრს. დანარჩენი, როგორ და რა ფორმით ეხმარებიან უნივერსიტეტს, ადგნენ და ყველაფერი ღიად თქვან, ამის წინააღმდეგი არავინაა.

- თქვენს გუშინდელ განცხადებაში ძალოვანი უწყების ზეწოლაზეც ისაუბრეთ…

- ამაზე საუბარს არ ვაპირებ.

რეზონანსი, 19 აპრილი, 2016 წელი

ელოდებით თუ არა ვიზალიბერალიზაციის გზაზე შემაფერხებელი გარემოებებს?

ლიკა ამირაშვილი

როგორც გერმანული “ველტი” წერს, ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს. გამოცემა ევროპულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს სავიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. “ველტის” ინფორმაციით, მსგავსი პირობები, შესაძლოა, ამოქმედდეს საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც. ამ პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საკითხის განხილვას 21 აპრილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აპირებენ.

ელოდებით თუ არა ვიზალიბერალიზაციის გზაზე რაიმე შემაფერხებელი გარემოების წარმოშობას? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ვიზალიბერალიზაციის გზაზე შემაფერხებელი გარემოებების წარმოშობას არ ველი, რადგან ყველა ის დავალება, რომელიც საქართველოს ჰქონდა, შესრულებულია. აქედან გამომდინარე, არანაირ შეფერხებებს არ ველოდები. ვიღაცებმა ქვეყანა ძალიან ცუდად თუ არ წარმოაჩინეს, ვფიქრობ, ეს ჩვენთვის უკვე გადაწყვეტილი საკითხია.

მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ვიზალიბერალიზაციის გზაზე რაიმე შემაფერხებელ გარემოებებს არ ველოდები. იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა მხარემ რაიმე არ ჩაიდინა, ვფიქრობ, შეფერხება ამ საკითხში არ გვექნება.

მერაბ კოკოჩაშვილი რეჟისორი): ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ საკითხში გარკვეული არ ვარ, მაგრამ შესაძლებელია, საერთაშორისო პოლიტიკურმა ვითარებამ და დაპირისპირებებმა ეს პროცესი შეაფერხოს. თუმცა, მაინც არ მგონია, რომ ეს საკითხი ასე განვითარდეს. ვფიქრობ, ამ პროცესებს ასეთი ხიფათი არ უნდა ელოდეს.

რეზო მიშველაძე (მწერალი): ვიზალიბერალიზაციის გზაზე არავითარი შემაფერხებელი გარემოება საქართველოს ე.წ. საშინაო და საგარეო დავალებების შესრულების მიმართულებით არ ექნება. ამ შემთხვევაში შემაფერხებელი როლი შეიძლება მხოლოდ ერთადერთმა გარემოებამ შეასრულოს, რაც ქართულ ანდაზაშია “მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო”. ახლა ჩვენ თუ ვიზალიბერალიზაცია არ მოგვცეს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხი წინასწარ ყოფილა გადაწყვეტილი და ასეთი მუხანათობა ჰქონდათ ჩაფიქრებული. საქართველოს მხოლოდ იმედით კვებავდნენ და ცხვირწინ ფერად ბუშტს უტრიალებდნენ.

რეზონანსი, 19 აპრილი, 2016 წელი

ყოველწლიურად სოფლებიდან 42 ათასი ადამიანი გამორბის

ეს კატასტროფაა. სოფელშიც და ქალაქშიც ოჯახში სამი შვილი ნორმა უნდა გახდეს»

მაკა ხარაზიშვილი

წლიდან წლამდე სოფელს 42 ათასზე მეტი ადამიანი ტოვებს. ბოლო 5 წელიწადში სახელმწიფომ სოფლის მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად ათეულობით პროგრამა განახორციელა და ასეულობით მილიონი ლარი დახარჯა. მიუხედავად ამისა, ხალხის ადგილზე დამაგრება ვერ ხერხდება, რადგან ადამიანებს სტაბილური სამუშაო სჭირდებათ.

მოსახლეობის აღწერამ აჩვენა, რომ წინა აღწერიდან მოყოლებული (2002 წელს) სოფელი 500 ათასმა ადამიანმა დატოვა, ანუ ყოველწლიურად სოფლებიდან 42 ათასი ადამიანი გამორბის, ხოლო ყოველთვიურად – 3500. ეს ტემპი თუ გაგრძელდა, კიდევ ათ წელიწადში საქართველოს სოფლებში 1 მილიონი ადამიანიც აღარ დარჩება.

არადა, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში სოფლის განვითარებისთვის სახელმწიფო სუბსიდიას სუბსიდიაზე ახორციელებს და ათასგვარ პროგრამას იგონებს. მაგალითად, რეგიონებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ექიმის არ არსებობა იყო. 2012 წლიდან დღემდე “სოფლის ექიმის” პროგრამისთვის 101,862 მილიონი ლარი დაიხარჯა.

სოფელში მცხოვრებთა დასახმარებლად დღემდე აქტუალური და საკამათო თემაა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ხელშეწყობის ღონისძიებიბი, ე.წ. უფასო ხვნა-თესვის დაფინანსება, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა 148 მილიონი ლარი გაიღო, აგროდაზღვევის უზრუნველყოფისთვის – 29 მილიონი ლარი, 100 მილიონ ლარამდეა დახარჯული სხვადასხვა დარგის სუბსიდირებისთვის.

მართალია სოფლის მეურნეობა ადგილიდან დაიძრა, მაგრამ მის სრულყოფილ განვითარებამდე ძალიან ბევრი წელია საჭირო. ამასობაში, სოფელს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს და საცხოვრებლად ან უცხოეთში, ან დიდ ქალაქში გარბის. კატასტროფულად იზრდება როგორც შიდა, ისე გარე მიგრაცია.

დემოგრაფი გიორგი წულაძე “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთი ტენდენცია მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ხალხი სოფელს ტოვებს და ქალაქებში გადადის. ადამიანებს ტექნოლოგიები ანაცვლებენ და მათ არსებობისთვის საკუთარი სახლების დატოვება უწევთ.

“აქ არის გარე მიგრაციის წილიც, მაგრამ შიდა მიგრაცია კიდევ უფრო დიდია. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. რაც უფრო ვითარდება საზოგადოება ტექნოლოგიური თვალსაზრისით, უფრო მეტი ადამიანი ტოვებს სოფელს. გარდა ამისა, საქართველოს შემთხვევაში სოფელში დასაქმების დონე ძალიან დაბალია, ამიტომ ხალხი ქალაქებისკენ მიიწევს. რა ქნან ადამიანებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები სჭირდებათ”, – ამბობს გიორგი წულაძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დღეს სოფლად 1 589,1 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც წინა აღწერის, ანუ 2002 წლის მონაცემებთან შედარებით, 23,8%-ით ნაკლებია. იმ პერიოდში სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 2 086,7 ათას ადამიანს შეადგენდა. მართალია, 2014 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად შემცირებულია მთლიანად მოსახლეობის რაოდენობაც, თუმცა არა იმდენად, რამდენითაც სოფლად მცხოვრებთა რაოდენობა.

ახალი აღწერით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 14,6%-ითაა დაკლებული (2002 წელთან შედარებით). 2002 წელს საქართველოში სულ 4 371 535 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი მოსახლეობის რიცხოვნობა 3 729 500-ს შეადგენს.

გარდა მოსახლეობის შემცირებისა, ბოლო პერიოდში ბევრი სოფელი გაუკაცრიელდა. მართალია, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ასეთი მონაცემები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, თუმცა თუ წინა აღწერის მონაცემებს გადავხედავთ, გამორიცხული არ არის, რომ ახლა უფრო სავალალო შედეგი მივიღოთ.

2002 წლის აღწერის მიხედვით, მაშინ ქვეყანაში სულ 3668 სოფელი იყო, საიდანაც 162 სოფელში არავინ ცხოვრობდა. 152 სოფელში 1-დან 10 კაცამდე ბინადრობდა, 169-ში – 11-დან 25 კაცამდე, 224 სოფელში – 22-დან 40 კაცამდე, 360 სოფელში კი – 51-დან 100 კაცამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში, (განსაკუთრებით კი იქ, სადაც წინა აღწერის შედეგად 1-დან 10 კაცამდე ცხოვრობდა) შეიძლება აღარავინ იყოს ცოცხალი.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე აღნიშნავს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობამ სოფლის ცხოვრება მოშალა. მოსახლეობა იძულებულია ან ქალაქად ჩამოვიდეს, ან საზღვარგარეთ წავიდეს. დღეს თბილისში, ფაქტობრივად, იმაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც 20-25 წლის წინ ცხოვრობდა. 2 ათეული წლის წინ დედაქალაქი ასი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

“ეს შეავსო სოფლიდან ჩამოსულმა ხალხმა. ძალიან ცუდი ტენდენციაა. სოფლად შეიქმნა მძიმე მდგომარეობა, შეიცვალა სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურა. თანდათანობით, სოფლად მხოლოდ ასაკოვანი მოსახლეობა რჩება”, – აღნიშნავს ანზორ თოთაძე და დასძენს, რომ კახეთში 80-იან წლებში 60 ათასი ბავშვი იბადებოდა, 2000-ით წლებში კი – მხოლოდ 20 ათასი და ისიც არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე.

“ასეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვს. მართალია, სახელმწიფო გარკვეული ტიპის პროგრამებს ახორციელებს, მაგრამ, როგორც გამოჩნდა, ეს არ არის საკმარისი და ეფექტური. ახლა მუშავდება საქართველოს დემოგრაფიული კონცეფცია. უნდა შეიქნას დემოგრაფიული პოლიტიკა. უაღრესად მწირი ბიუჯეტის პირობებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება არ შეგვიძლია, მაგრამ უნდა დავგეგმოთ პრიორიტეტი, რომელიც ქვეყანას ამ კატასტროფიდან იხსნის. სოფელშიც და ქალაქშიც ოჯახში სამი შვილი ნორმა უნდა გახდეს. აუცილებელია შობადობის წახალისება”, – ამბობს ანზორ თოთაძე.

როგორც ცნობილია, საქართველოში აქტიური შიდა მიგრაციული პროცესები გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც მთის ზონიდან მოსახლეობა ბარის ზონაში ჩამოიყვანეს. იმ პერიოდში მძიმე მრეწველობის განვითარება ბევრ მუშახელს მოითხოვდა. დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდისათვის მთიანეთი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად, დაცარიელებული იყო.

90-იან წლებში შიდა მიგრციული პროცესები ისევ გააქტიურდა. ამჯერად არა მთიანი საქართველოდან, არამედ ბარის სოფლებიდანაც კი დაიწყო ქალაქებში მოსახლეობამ გადასახლება და აქ ვაჭრობით ლუკმაპურის შოვნა. 2004 წლის შემდეგ კი საერთოდ მოისპო ისეთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულებები როგორიცაა საშუალო სკოლები, საბავშვო ბაღები, ჯანდაცვის ობიექტები. ამის გარეშე კი ხალხს სოფელში აღარ დაედგომება.

——————————-

„ახალი თაობა“, 19 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: არ მინდა, დეპუტატობა ვინმემ დამამადლოსპარლამენტში ჩემითაც მოვხვდები

როგორ აკომპლექტებს „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიას, ვისთან აპირებს თანამშრომლობას, უნდა შეინარჩუნონ თუ არა პოსტები რესპუბლიკელმა მინისტრებმა? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური ესაუბრება. „რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. ამ დროს მათი წარმომადგენლები მთავრობაში მინისტრის პოსტებს ინარჩუნებენ. ეს სიტუაცია გვაგონებს, ერთ ცხენზე როგორ უნდა დასვა ერეკლე მეორე და კოხტა ბელადი. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ცხენი გადმოაგდებს თუ არა კოხტას“, – ამბობს თამაზ მეჭიაური.

- არის იმის ალბათობა, რომ ცხენმა კოხტა არ გადმოაგდოს და რესპუბლიკელებთან ერთად კვლავაც კოალიციურ რეჟიმში მიიღოთ მონაწილეობა?

- არა მგონია, ასე მოხდეს. მე პირადად ძალიან მიჭირს ამის წარმოდგენა. ერეკლე და კოხტა ბელადი ერთად ვერ იქნებიან, გამორიცხულია.

- ბევრი მითქმა-მოთქმა მიდის იმაზე, ვისთან ითანამშრომლებს მომავალ პარლამენტში ქართული ოცნება. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა თქვენს პარტიულ სიაში მრეწველების წარმომადგენლებიც იყვნენ. ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?

- ამასთან დაკავშირებით მე ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ საარჩევნო სიის ფორმირებაში საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობის მიერ იქნება მიღებული. ასევე უმრავლესობა გადაწყვეტს, ვისთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში.

- პირადად თქვენ რომელ პარტიასთან ითანამშრომლებდით?

- ყველა იმ ძალასთან ვითანამშრომლებდი, ვისაც საქართველოს მოსახლეობა აირჩევდა. მე ჩვენი ამომრჩევლის აზრს პატივს ვცემ და მზად ვარ, იგივე გამოვხატო მის არჩევანთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ერთ აზრზე ვართ თუ არა მე და ამომრჩეველი. აქ მთავარი მოსახლეობის ნებაა.

- ხმის მიმცემები ნაციონალებსაც ეყოლებათ. მათთანაც ითანამშრომლებთ?

- ხალხი დიდი დოზით თუ აირჩევს ნაციონალებს, რაღაც საკითხებში მათთანაც შეიძლება თანამშრომლობა. როცა თანამშრომლობას ვამბობ, მხედველობაში კოალიციურ რეჟიმზე გადასვლა არ მაქვს. არის საკითხები, რომლებზეც ყველასთან შეიძლება თანამშრომლობა.

- რა საკითხია ისეთი, რომელიც ნაციონალებთან თანამშრომლობისკენ გიბიძგებთ?

- ერთნაირ სქესიანთა ქორწინების ამბავში თანამშრომლობას წინ არაფერი უდგას. ნაციონალები თუ იტყვიან, რომ მხარს უჭერენ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც ქორწინება ქალის და კაცის ერთობაა, ამას ღიად და საჯაროდ მივესალმები.

- რადგან ნაციონალებზე ვსაუბრობთ, მათ მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე რას იტყვით? თქვენი კოლეგა ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ისინი აღადგენენ სამართლიანობას...

- სამართლიანობის აღდგენის საქმე კარგად რომ არ მიდის, ეს არის სამწუხარო ფაქტი. ჩვენ თავის დროზე ყველაფრისთვის თავისი სახელი რომ დაგვერქმია, ვერც ნუგზარ წიკლაური და ვერც სხვა ნაციონალები ამ თემაზე საუბარს ვერ გაბედავდნენ. ამ მიმართულებით სერიოზული შეცდომა დავუშვით და ახლა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ჩვენ ვიმართლებთ თავს. ყველამ იცის, რომ ფარული და უკანონო ჩანაწერების გაკეთებით ისინი იყვნენ დაკავებული. ყოფილ ხელისუფლებას ამ მიმართულებით მთელი ინდუსტრია ჰქონდა შექმნილი. ამაზეც კი ჩვენ ვიმართლებთ თავს, რაც პირადად ჩემთვის არის სამარცხვინო.

- მედიაში უკვე ვრცელდება რაღაც ინფორმაციები თქვენი სიის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით. ამაზე რას გვეტყვით?

- სანამ საბოლოო ვარიანტი არ გამოქვეყნდება, საარჩევნო სიის გარშემო უამრავი ინფორმაცია გავრცელდება. ძალიან მალე გავიგებთ, ვინ მოხვდება ამ სიაში.

- ითქვა ისიც, ქართული ოცნების სიაში მეჭიაური არ იქნებაო. ამაზე რას გვეტყვით?

- ჩემთვის სიაში მოხვედრა არ არის მთავარი. მე პრინციპებს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ამასთან, ჩემი სიაში მოხვედრა მხოლოდ იმ ხალხზე არაა დამოკიდებული, ვინც ამ სიას ადგენს.

- აბა, კიდევ ვისზეა დამოკიდებული?

- ჩემზე. სიაში მოსახვედრად ჩემი თანხმობაც არის საჭირო. მე უნდა ვიცოდე, რა პრინციპის გარშემო ხდება ამ სიის შედგენა.

- უკვე ორჯერ ახსენეთ პრინციპები და რა არის თქვენთვის მთავარი პრინციპი?

- ეროვნული ინტერესები. თუ დავინახავ, რომ სია ისე დგება, რომ ვიღაცის მიერ თავსმოხვეული ინტერესები უნდა გავატაროთ, მაშინ იქ ყოფნა ჩემთვის მიუღებელი იქნება.

- ვიღაცის ინტერესების გატარებაში რას გულისხმობთ?

- არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში კარგად შეფუთული ინტერესები მოგვახვიონ გარედან თავს. იმედი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ისეთი ხალხი მოხვდება, რომელიც პირველ ადგილზე ეროვნულ ინტერესებს დააყენებს და ევროპული არჩევანის პატივისცემაც იქნება. ზოგჯერ ჩვენი ოფიციალური განცხადებები ნაციონალების და არასამთავრობოების მოსაზრებებს ერთი ერთში ემთხვევა, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

- ამ დამთხვევებს თქვენ რას მიაწერთ ან ვინ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს?

- არ ვიცი, რატომ ხდება ასეთი დამთხვევები. არ მინდა სიღრმეებში წავიდე. ვამბობ იმას, რაც გარედან ჩანს და ყველა ამჩნევს. ახლა მთავარ ამოცანად არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება მიმაჩნია. ისეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომ ყველას მიეცეს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა.  ამის შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვისთან და როგორ ვითანამშრომლებთ. პოლიტიკოსები ხალხის დაკვეთას უნდა ასრულებდნენ. გარედან თავსმოხვეული ინტერესების გატარება დაუშვებელია. სხვა მხრივ ყველა თემაზე სასაუბროდ მზად ვარ. ჩემთვის ტაბუდადებული თემები არ არსებობს და აზრსაც ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ.

- ზემოთ თქვით, სიაში რომ ჩამწერონ, ჩემი სურვილიც უნდა იყოსო. ამასთან, ჟურნალისტებს უთხარით, რომ თქვენ დეპუტატი უნდა იყოთ. მაჟორიტარობას ხომ არ აპირებთ?

- ჩემი მიზანი ის არის, რომ პრინციპები გავატარო, რომლებიც სწორად მიმაჩნია. ამისთვის ვთვლი, რომ დღეს ჩემი ყოფნა პარლამენტში არის საჭირო. შეიძლება ამბიციური განცხადებაა, მაგრამ ამას ჩემი სინდისიდან გამომდინარე ვაკეთებ. სია არსებობს მაჟორიტარული, დამოუკიდებელი, არის კიდევ სხვა სიები. არის უამრავი არჩევანი, რომელიც ადამიანს თვითონ უნდა ჰქონდეს და უნდა განსაზღვროს ისეთი ადგილი, რომელიც მის პრინციპებს დაუმადლებლად გაატარებინებს. ეს ჩემი გადასაწყვეტიც არის. მე ყველა საშუალებით სიაში ყოფნა არ მხიბლავს. პარლამენტში მრავალი მოხვედრის გზა არსებობს სიის გარეშეც. არანაირი სურვილი მაქვს, დასამადლებელი მქონდეს მანდატი, როგორც ზოგიერთებს სურთ ხოლმე წარმოაჩინონ, რომ ვიღაცამ გაგიყვანა. ჩემითაც გავსულვარ არაერთხელ, ძალიან წყნარად და მშვიდად მომიგია.

- ახლაც მოიგებთ არჩევნებს დამოუკიდებლად?

- რატომაც არა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. მთავარია, რომ პარლამენტში უნდა ვიყო.

„ახალი თაობა“, 19 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „პრეზიდენტმა და პრემიერმა შეცდომა დაუშვესარჩევნები ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს

რატომ არის არჩევნების თარიღით არასაპარლამენტო ოპოზიცია უკმაყოფილო? რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ? რატომ არ შედგა კონსულტაციები ოპოზიციასთან? „ახალ თაობას“ ამ და სხვა საკითხებზე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ესაუბრება.

- ბატონო კახა, როგორც არჩევნების, ისე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით?

- მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც. თუკი აპირებდნენ არაორდინარული გადაწყვეტილების მიღებას…

- არაორდინარულში რას გულისხმობთ?

- საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ყოველთვის იწყებოდა ორი თვით ადრე და თუ სხვა გადაწყვეტილების მიღებას გეგმავდნენ, ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ ჩატარებულიყო კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან. არჩევნების თარიღი ეხება ყველა პარტიას თანაბრად, ამიტომ სამართლიანია, რომ მარტო მმართველი პარტიის რიგებში არ მიიღებოდეს ეს გადაწყვეტილება.

- კონსულტაციები ოპოზიციასთანაც უნდა გაევლოთ?

- რასაკვირველია და აქ დიდი შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა, იმიტომ, რომ მან კონსულტაცია გაიარა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მხოლოდ პრემიერთან, რომელიც იმავდროულად არის მმართველი პარტიის ლიდერი. გამოდის, რომ არჩევნების თარიღი მან შეუთანხმა მხოლოდ ერთ-ერთი პარტიის ლიდერს. სხვა პარტიები აღმოჩნდნენ დისკრიმინირებულ მდგომარეობაში. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ პრეზიდენტმა კონსულტაციები გამართა კახა კუკავასთან და მხოლოდ ჩვენ ორმა გადავწყვიტეთ, რომ არჩევნები იმართება, სიტყვაზე, 28 ოქტომბერს და სხვა პარტიებს არც შეეკითხა. ასეთივე დისკრიმინაციულია, როდესაც შეთანხმება მოხდა მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენელთან. აქ ორმაგი შეცდომა იყო დაშვებული.

- რა შეცდომებზე საუბრობთ?

- ერთი ის, რომ კონსულტაციები არ გაიარა სხვა პარტიებთან და მეორე შეცდომა დაშვებული იქნა თვითონ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.

- არ მოგწონთ 8 ოქტომბერი? მაშინ რა რიცხვში უნდა დანიშნულიყო არჩევნები?

- ამასთან დაკავშირებით საქართველოში არის ჩამოყალიბებული ტრადიცია, ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება იმაზე, რომ არჩევნებისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი დრო არის ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის დასაწყისი. როცა არჩევნები ინიშნება ოქტომბრის დასაწყისში, ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ ეს არის დისკრიმინაციული.

- რატომ არის დისკრიმინაციული? ოთხი წლის წინ ხომ ჩატარდა არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში?

- სწორედ ახლანდელი ხელისუფლება, რომელიც მაშინ ოპოზიციაში იყო, აცხადებდა, რომ ეს იყო დისკრიმინაციული. დღეს კი იგივეს იმეორებენ თავად. სწორედ ამიტომ იყო დაშვებული ორმაგი შეცდომა როგორც პრემიერის, ისე პრეზიდენტის მხრიდან.

- რას ცვლის ეს სამი კვირა? მით უმეტეს, თუ წინასაარჩევნო კამპანიაც გაცილებით ადრე დაიწყება? რატომ ექმნება ამით ოპოზიციას დისკომფორტი?

- მარტივი მიზეზის გამო – საქართველოში სექტემბერი არის დასასვენებელი პერიოდი.

- წინასაარჩევნო კამპანია და საკურორტო სეზონი ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს?

- აქედან გამომდინარე, არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება, რომ საკურორტო სეზონი საარჩევნო კამპანიას დაემთხვეს. როცა ადამიანები პლიაჟზე არიან, პოლიტიკურ დებატებს ვერ ჩაატარებ. საზღვაო სეზონი როცა მთავრდება, ჩვენთან პოლიტიკური თოქ-შოუებიც მერე იწყება. ხელისუფლების მიზანია, რომ ძალიან მოკლე საარჩევნო კამპანიის პირობებში ჩაატაროს ჩუმი არჩევნები. რომელმა ხელისუფლებამაც მოინდომა ჩუმი არჩევნების ჩატარება, მერე ამას ძალიან ხმაურიანი გაგრძელება მოყვა. უმჯობესია, მოვიქცეთ, როგორც ცივილიზებული ქვეყნები და ჩავატაროთ ნორმალური საარჩევნო კამპანია და ოქტომბრის ბოლოს იყოს არჩევნები!

- ხელისუფლებისგან მოვისმინეთ განმარტებები, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, ხოლო ოქტომბრის ბოლოს, თქვენთვის ორი თვე მისაღები იყო?

- რასაკვირველია. ეს დამკვიდრებული ტრადიციაა ბევრ ქვეყანაში. სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ისევ გვყავს ოლიგარქის მთავრობა. საქართველოს არ ეღირსა ისეთი ხელისუფლება, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოს ძალიან მარტივად. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით თუ ვერ ახერხებს მთავრობა ოპოზიციასთან შეთანხმებას, როგორ შეძლებს მოლაპარაკების მიღწევას აფხაზეთთან და ოსეთთან?! არ ეტყვიან, საკუთარ ოპოზიციას ატყუებთ ოცი წელია და ჩვენ როგორ უნდა გენდოთო. არჩევნები 8 ოქტომბერს იქნება თუ 28-ში, ამით ქვეყანა არც დაიქცევა და არც აშენდება. უბრალოდ, ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანას მართავს ერთი ვიწრო პარტიული ჯგუფი, კლანური პრინციპით.

- არასაპარლამენტო ოპოზიციას მოგწონდათ პრემიერ-მინისტრი, მზად იყავით მასთან თანამშრომლობისთვის, დღეს შეიცვალა ეს შეხედულებები?

- ჩვენ ვამბობდით, რომ ეს პრემიერ-მინისტრი ჯობია წინას. ეს მოსაზრება არ შეცვლილა, ირაკლი ღარიბაშვილთან შედარებით, გიორგი კვირიკაშვილი არის ნამდვილად უკეთესი პიროვნება. თუმცა, მას აკლია დამოუკიდებლობა, პრინციპულობა, ლიდერის თვისებები. ერთია სწორი შეფასებების გაკეთება, მეორე, სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მე მისი შეფასებების ძალიან დიდ ნაწილს ვეთანხმები, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვერც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო ბოლო სამი-ოთხი თვის მანძილზე. მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, კვირიკაშვილი იქნებოდა ჩემი ძალიან კარგი მრჩეველი, მაგრამ ქვეყნის ლიდერს რაც სჭირდება, ის თვისებები მას არ აქვს!

- ვერ შედგა დამოუკიდებელ ლიდერად?

- რა თქმა უნდა, ვერ შედგა დამოუკიდებელ ლიდერად. მე სტუდენტური თვითმმართველობის თემასაც გამოვეხმაურები, თქვენ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, მან თქვა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ამ მახინჯი ფორმით არ უნდა არსებობდეს. ეს ყველას მოეწონა, სწორი პოზიციაა. ვნახოთ, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ლაპარაკი და შეიცვლება თუ არა რამე ამ კუთხით. მისი საუბარი ყველას მოსწონს, თუმცა გადაწყვეტილება არავის უნახავს.

„ახალი თაობა“, 19 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „პრეზიდენტის მოქმედება ადეკვატური არ არის

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორ შეიცვლება საარჩევნო გარემო. გარდა ამისა, ჯერ კიდევ უცნობია, როდის დაიწყება საარჩევნო კამპანია. პრეზიდენტის გათვლით, ეს კამპანია 8 მაისს უნდა დაიწყოს, პრემიერის მოსაზრებით კი – 8 ივლისს. პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიის დასაწყებად სწორი ვადა 8 ივლისია.

„პრეზიდენტმა 8 ოქტომბერი არჩევნების დღედ დაასახელა შეთანხმების შედეგად. მას მხოლოდ ეს რიცხვი უნდა დაესახელებინა და არ ეფიქრა განკარგულებების საჩქაროდ გამოცემაზე. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ჯიბრში ჩადგა. მისი მოქმედებები ადეკვატურად ვერ ჩაითვლება“, – ამბობს გიგა ბუკია.

- პრეზიდენტის მოსაზრებით, სამართლიანობა მოითხოვს, რომ პარტიებს მეტი დრო და საშუალება ჰქონდეთ საარჩევნო კამპანიისთვის...

- კონსერვატორებმა შევისწავლეთ ევროპის 15 სახელმწიფოს გამოცდილება. არსად საარჩევნო კამპანია არ იწყება არჩევნებამდე 5 თვით ადრე. ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საამისოდ გამოყოფილია ერთი თვე ან თვენახევარი, მხოლოდ ერთ სახელმწიფოშია 3 თვე. ევროპული სტანდარტებითაც კი პრემიერის წინადადება საუკეთესო და დემოკრატიულია. ეს გაუგებარს ხდის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ სხვა პოზიციას. მთავარია, პარტიებმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იცოდნენ არჩევნების თარიღი. ეს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ პარტიებისთვის სასიცოცხლოა. ჩვენ რომ ვიყავით ოპოზიციაში, ყოველთვის ცუდ სიტუაციაში გვაყენებდნენ იმის გამო, რომ არ აცხადებდნენ არჩევნების გამართვის დღეს. ახლა ასე აღარაა.

- მოსალოდნელია თუ არა, რომ ამ დაძაბული არჩევნების წინ გამწვავდეს დაპირისპირება ლიბერალური და კონსერვატიული იდეოლოგიების მიმდევარ ძალებს შორის? ბოლო წლებში ქვეყანაში ამ მხრივ რადიკალიზაცია შეინიშნება...

- არ ვიტყოდი, რომ იდეოლოგიური დაპირისპირება მხოლოდ საქართველოშია. ევროპაში არიან კონსერვატორებიც, ლიბერალებიც და სოციალისტებიც. მათ შორის უთანხმოება მუდმივი პროცესია. საქართველო არ არის გამონაკლისი. საარჩევნოდ უთანხმოებები მძაფრდება. ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს შეხედულებისამებრ. ევროპარლამენტში კონსერვატორების ფრაქციაში შედის 76 დეპუტატი 18 ქვეყნიდან. ეს ერთ-ერთი ძლიერი ფრაქციაა. მემარჯვენე-ცენტრისტულ პოზიციებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

- საერთო კონსერვატიულ-ტრადიციონალისტური შეხედულებები ხომ არ გახდა იმის მიზეზი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თქვენთან დააკავშირეს? რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად თქვენი პარტიის სიით იყრის კენჭს. პარტიაში ეს არ დაადასტურეს...

- არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. პარტიული სია საერთო შეხედულებების საფუძველზე არ დგება. კონსერვატიული იდეოლოგიის მიმდევარი საქართველოში უამრავია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. სულ სხვა რამეა პარტიული სია. ჩემი დიდი პიროვნული პატივისცემის მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ვიტყვი, რომ პარტიული სია პარტიაში დგება და მასში პარტიის წევრები შედიან.

- თქვენი გათვლით, ბევრი საარჩევნო ბლოკი შეიქმნება?

- ჩემი აზრით, აქტიური პოლიტიკური ძალებისგან რამდენიმე საარჩევნო ბლოკი ჩამოყალიბდება. მოვიდა დრო, რომ პარტიები იდეოლოგიის საფუძველზე დაჯგუფდნენ. ეს ელექტორატისთვისაც უკეთესია და მონათესავე პარტიებისთვისაც, რომლებიც ერთმანეთს ასუსტებენ. იმედი მაქვს, რომ იდეოლოგიური გაერთიანებები მოხდება.

- პირადად თქვენ კამათობთ ხოლმე კოლეგებთან ნაციონალური მოძრაობიდან, მაგრამ მოქალაქეების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აღრმავებს კოაბიტაციას ნაცმოძრაობასთან. ეს თემა აქტუალური გახდა ენდიაის ბოლო კვლევების გამოქვეყნების შემდეგ...

- დავიწყოთ ენდიაის კვლევებით. უმრავლესობის წარმომადგენლებმა მას უნდობლობა გამოვუცხადეთ. ამდენად, ამ კვლევის პოლიტიკური ნაწილი ვერ გახდება ბიძგი დასკვნებისა და მოვლენების განვითარებისთვის. ჩვენს პარტიას ამ ორგანიზაციამ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ 0,7 % დაუწერა. არჩევნებში ჩვენი შედეგი იყო 12% თბილისში და 10% ქვეყნის მასშტაბით. ენდიაი გამოირჩევა იმით, რომ სიმართლესთან შერეულ ტყუილს ავრცელებს. ეს უფრო საშიშია. კოაბიტაცია, რაც თანაცხოვრებას ნიშნავს, ადრეც არ იყო ხალხის მოთხოვნა. ჩვენ ვიკისრეთ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, გამოვიჩინეთ გონიერება, მოთმინება და ნაციონალური მოძრაობის მიმართ ეს პოლიტიკა ავირჩიეთ. ამასთან, რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩამდენი ლიდერი ამ პარტიიდან დააკავეს კანონის შესაბამისად. სამწუხაროდ, ეს პარტია თავისი მოქმედებებით, გამონათქვამებით, რიტორიკით, მარილს აყრის იმ იარებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს მიაყენა. ეს იწვევს ადამიანების დიდ გაღიზიანებას. კოაბიტაციით ჩვენ ბევრი მოქალაქე მოვიმდურეთ. ახლა გაღიზიანებამ იმატა, მაგრამ ხალხის მდგომარეობა მაშინ უნდა გვენახა, თუ ნაცმოძრაობა ქვეყნის მართვას გააგრძელებდა!

„ახალი თაობა“, 19 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „ქუჩებში ქვებით სირბილს არ ვაპირებთ, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება8 ოქტომბერი ოპოზიციისთვის გამოწვევაა და ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იწყება.

- ბატონო ბაჩუკი, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა, თქვენი პასუხი რა იქნება?

- ჯერ კიდევ არ არის საარჩევნო კამპანია გაჩაღებული, შესაბამისად, არსებობს დრო და რესურსი, მთავარია ხელისუფლების პოლიტიკური ნება. თუმცა, ხელისუფლების უარის შემთხვევაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს ოპოზიციის მიერ ერთიანი ძალისხმევით ხელისუფლებაზე ზეწოლის განსახორციელებლად.

- რა ფორმით?

- სხვადასხვა მიმართულებით. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ საპროტესტო აქციებს, მაგრამ არც აქციებს გამოვრიცხავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს ქუჩებში ქვებით სირბილს. შეიძლება ეს გამოსვლები იყოს მწვავე, მაგრამ აუცილებლად იქნება შედეგზე ორიენტირებული და მიზანმიმართული აქციები. შეიძლება პარლამენტის ფაქტორიც გამოვიყენოთ იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც აღმოჩნდა მმართველი კოალიცია, რადგან ის ყველა სუბიექტმა დატოვა. უმრავლესობა მყიფეა, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის წინ მისი ერთობა არც ისე მყარია და ამას ჩვენ გამოვიყენებთ. ყველა ამ ბერკეტის გამოყენებით ოპოზიციური პარტიები მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ. ჩვენ ვაპირებთ ყველა შანსი გამოვიყენოთ. თუმცა, თუ ხელისუფლება ბოლომდე ხისტი იქნება და გაჯიქდება, მაშინ თავს ზევით ძალა არ არის და ეს ხელისუფლება ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ არჩევნებში.

- ახლა რა ეტაპია?

- მოლაპარაკებების მეორე რაუნდი წინ არის. ჩვენი წინადადებების პაკეტი ხელისუფლებამ განიხილა, მაგრამ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ. მეტიც, ასეთი ინფორმაცია არც იარსებებს, ვინაიდან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უნდა შედგეს, სადაც ინტერპარტიული ჯგუფის მიერ გაგზავნილი ოთხეული და ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი მომლაპარაკებლები შევხვდებით ერთმანეთს სამუშაო ფორმატში. მე წინასწარ არ შემიძლია ვისაუბრო, რა კომპრომისი შედგება ამ შეხვედრაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, ჩვენ ვართ ხელისუფლების შემოთავაზებაზე თანახმა თუ არ ვართ.

- მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა - როგორი სისტემა იქნება, შერეული თუ პროპორციული?

- საარჩევნო სისტემა მართლაც უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბარიერის საკითხი. ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელისუფლებას სრული უმრავლესობა აქვს. ჩვენ ვითხოვთ ბალანსის შეცვლას. ასევე ვითხოვთ ბარიერის დაწევას 4 პროცენტამდე. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭებისთვის ბარიერი კიდევ უფრო დაბალი უნდა იყოს. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში ვითხოვთ კვალიფიციური სუბიექტების თანაბრობას, რეკლამისა და საეთერო დროის გამოყოფის თვალსაზრისით. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ის უმნიშვნელოვანესია. თუ კონსტიტუციის დონეზე მოხდება ცვლილება, ამ შემთხვევაში ეს იქნება რევოლუციური ცვლილება.

- ბატონო ბაჩუკი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების საბოლოო ვარიანტი თქვენთვის ცნობილი არის?

- ჯერ ჩვენ არც ერთ ვარიანტთან დაკავშირებით ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება არ ვიცით. ფაქტი ერთია, ხელისუფლებას უჭირს საბოლოო წერტილის დასმა და უარის თქმა. ხელისუფლებამ თვითონაც კარგად იცის, რომ მხოლოდ ამ რეფორმირების ფონზე შეიძლება ჩვენ სამართლიან არჩევნებზე ვისაუბროთ. ამიტომაც, ის ხისტ პასუხს ცალსახად ვერ ამბობს. არ აწყობს ხელისუფლებას, რომ ამ პასუხით კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა, ისედაც მძიმე ვითარებაში იმყოფება. დღეს ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას.

- რა არჩევანია ეს?

- ან დემოკრატიისკენ წინ ნაბიჯი, ან უკან. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რა დონის პოლიტიკური ნება აღმოაჩნდებათ და ვის სასარგებლოდ იქნება ეს გადაწყვეტილება – დემოკრატიის თუ სათავისოდ.

- წინასაარჩევნო კამპანიის თარიღის ირგვლივ შექმნილი ვითარება, თქვენ როგორც არჩევნებში მონაწილე პარტიას, რა სახის დისკომფორტს გიქმნით?

- ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება ეს ყველაფერი ხელშემშლელი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, ყველა არჩევნების წინ ხელისუფლების მხრიდან ასეთი ხელშემშლელი ფაქტორები ოპოზიციისთვის ხელოვნურადაც კი იქმნება.

- ფიქრობთ, ხელოვნურად შეიქმნა ეს ვითარება?

- არა, ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ვგულისხმობ. მე ზოგად შეფასებას ვაკეთებ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის მომხრე იყო, არჩევნები ოქტომბრის მეორე ნახევარში ან შუა რიცხვებში დანიშნულიყო, რასაც ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობაც ეთანხმება, რადგან სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის შესაძლებლობას არ იძლევა ზაფხულის პერიოდი. 8 ოქტომბერი ოპოზიციისთვის გამოწვევაა და ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას. აქ მთავარია, სწრაფად გაირკვეს, როდის გვექნება საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა, რადგან ეს უამრავ პროცედურას უკავშირდება. სამწუხაროა, რომ ელემენტარული სამართლებრივი განმარტების პრობლემის გამო აღმოვჩნდით ასეთ ვითარებაში.

„ახალი თაობა“, 19 აპრილი, 2016 წელი

გია ბარამიძე შეიძლება დააპატიმრონ

დოდო აფრასიძე: ეგ დიდი ხნის წინ უნდა დაეჭირათ

არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ქართულ ოცნებას“ გაახსენდა, რომ მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა. 2012 წელს ისინი ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელსაც გამოიძიებდნენ, 2004 წელს მესტიაში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო. ამ სპეცოპერაციას მაშინდელი შს მინისტრი გია ბარამიძე ხელმძღვანელობდა.

ნაარჩევნებს „ოცნებას“ ბევრი რამ დაავიწყდა და მისმა ნაწილმა ბარამიძის პარლამენტის ვიცე-სპიკერად არჩევასაც კი დაუჭირა მხარი. ამის პარალელურად პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო, თუმცა ბარამიძე დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. არადა ვიცე-სპიკერი დღემდე გაიძახის, მზად ვარ დაკითხვისთვისო.

კარგა ხანი ეს თემა მიჩუმათებული იყო. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ვიცე-სპიკერს მოქმედ ხელისუფლებაში ვიღაც მფარველობს. ეტყობა, ამ ვიღაცას პოზიციები შეუსუსტდა და პროკურატურაც საქმეს შეუდგა.

გაზეთ „პრაიმტაიმის“ მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ აფრასიძეების საქმეზე გამოძიება ბოლოსკენ მიდის და ბარამიძის წინააღმდეგ კონკრეტული ჩვენებებიც არსებობს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, გია ბარამიძემ საარჩევნო სიაში შესაძლოა ბოლო ადგილზე გადაინაცვლოს და პარლამენტში ვერც მოხვდეს. ამასთან, არ არის გამორიცხული, გია ბარამიძემ საქართველო დატოვოს და ოდესაში გადაინაცვლოს.

თუმცა, როგორც თავად დეპუტატი გია ბარამიძე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, იგი გამოძიებას არ გაურბის და აფრასიძეების საქმეში სუფთაა.

„ახალი თაობისთვის“ იმის შესახებაც გახდა ცნობილი, რომ ნაციონალებმა ბარამიძეს არაერთხელ მოსთხოვეს, საკუთარი ნებით გაემიჯნოს მათ. პარტია საარჩევნოდ განახლებული შემადგენლობით აპირებს გასვლას და, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იქ სისხლიანების ადგილი არ იქნება, გია ბარამიძის სახელს კი საკმაოდ ბევრი სისხლი უკავშირდება.

გია ბარამიძის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარისთვის დოდო აფრასიძეს დავუკავშირდით. ის დარწმუნებულია, რომ ბარამიძეს აუცილებლად იხილავს ციხეში.

„უკვე რამდენიმე გაზეთმა დამირეკა კომენტარისთვის. გამეხარდა, რომ გავიგე, ბარამიძის დაჭერას აპირებენო. მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. პროკურატურიდან არანაირი ინფორმაცია არ მომსვლია. ეგ დიდი ხნის წინ უნდა დაეჭირათ, მაგრამ ხანდახან სამართალს ძალიან აგვიანდება, ამბობენ, ურმით დადისო“, – ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში დოდო აფრასიძე. იგი არ გამორიცხავს, რომ გია ბარამიძე მართლა შეეცადოს ქვეყნიდან გაქცევას. მისი თქმით, ეს დეპუტატს ვერ იხსნის.

„ქვეყნიდან გაქცევით შესაძლოა ციხეს აარიდოს თავი, მაგრამ დანაშაულისთვის მაინც მოუწევს პასუხისგება. მაგას ადამიანობა რომ ჰქონდეს, საკუთარი სინდისი გააგიჟებდა, მაგრამ ადამიანობა არა აქვს. მაგისგან განსხვავებით, ჩვენ ადამიანები ვართ და სამაგიეროს გადახდას უხეში ფორმებით არ ვაპირებთ. გვინდა ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდეს. იმ საშინელი დღიდან 12 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენი ტრაგედია ყველას ახსოვს. არ არის გამორიცხული, ვინმემ სამაგიერო გადაუხადოს. ქვეყანაში საშინელებები ჩემი ოჯახის ამოწყვეტის ოპერაციით დაიწყო. ამიტომ იცოდეს, საქართველოდან გაქცევით თავს ვერ დაიძვრენს“, – აღნიშნავს დოდო აფრასიძე.

მისთვის ცნობილი არ არის, რა დამატებითი ჩვენებები მოიპოვა პროკურატურამ, სამაგიეროდ, იცის, რა ჩვენებები მისცეს მისმა მეზობლებმა.

„ამ სპეცოპერაციაში 1.000-ზე მეტი სპეცრაზმელი მონაწილეობდა. მათ ბევრი რამე იციან და არ გამოვრიცხავ, ვინმემ რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაამხილა. ბარამიძის წინააღმდეგ ასეულობით ჩვენება დევს. ის ადამიანები სასამართლოს წინაშეც იტყვიან იმას, რაც 2004 წლის 24 მარტს ჩემს ეზოში ნახეს. იმასაც მოყვებიან, როგორ ითხოვდა ჩემი ომეხის ფეხებთან მდგარი კუბდარს. ეს სურვილი აუცილებლად აუსრულდება, ის იმ კუბდარს მიიღებს, რომელიც დაიმსახურა“, – აცხადებს აფრასიძეების დედა.

გია ბარამიძის გარდა, ის მიხეილ სააკაშვილის დასჯასაც ითხოვს.

„ყოფილმა პრეზიდენტმა 2009 წელს საჯაროდ თქვა, რომ ჩვენი ამოწყვეტის ბრძანება მან გასცა. მას ჩვენება უკვე მიცემული აქვს და საქმე აუცილებლად უნდა აღიძრას“, – აღნიშნავს დოდო აფრასიძე. იგი მიხეილ სააკაშვილის და გია ბარამიძისგან მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვს.

„ოპერაციის დროს მათ გადაწვეს ჩვენი სახლ-კარი. წაიღეს ყველაფერი, რაც სახლში იყო. ეს აუცილებლად უნდა აანაზღაურონ. ასევე პასუხი უნდა აგონ იმ განცხადებებზე, რომელთაც ჩვენი მისამართით აკეთებდნენ. ყაჩაღებს და ბანდიტებს გვეძახდნენ. სინამდვილეში კი თავად არიან ყაჩაღები. ჩემს მოკლულ შვილს გულიდან ოქროს ჯაჭვი მოგლიჯეს, თითიდან კი ბეჭედი მოხსნეს. ამ სპეცოპერაციის დროს ჩემი რძალი ჭკუიდან შეიშალა. მისი მკურნალობის ხარჯებიც მათ უნდა აანაზღაურონ. ჩემს შვილს და ცოცხლად დამწვარ მეუღლეს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სამართალს მაინც ვიპოვი“, – ამბობს დოდო აფრასიძე.

——–

„ახალი თაობისთვის“ ცნობილი გახდა ისიც, რომ ბარამიძეს სხვა საქმეზეც მოსთხოვენ პასუხს. საუბარია მის მიერ ჩატარებულ პირველ სპეცოპერაციაზე, გენერალ გია ვაშაკიძის საქმეზე. ის თავის 2 მეგობართან ერთად ბიზნესმენ თამაზ მაღლაკელიძის გატაცების გამო დააკავეს. მოგვიანებით თავად თამაზ მაღლაკელიძე ამბობდა რომ დაკავებულები მისი გამტაცებლები არ იყვნენ. ამის მიუხედავად, სამეული ციხეში გაუშვეს და გია ვაშაკიძეს ციხეში 9 წელი გაატარებინეს. მოგვიანებით გია ვაშაკიძე მოყვა, როგორ აწამა გია ბარამიძემ დაკავებულები. ის თავიდან მათგან ითხოვდა, ეღიარებინათ – თითქოს იგორ გიორგაძის დავალებით გადატრიალების მოწყობას აპირებდნენ.

Comments are closed