„ახალი თაობა“: ინტერვიუ მექა ხანგოშვილთან: ასე თუ გაგრძე4ლდა, პანკისში ახალგაზრდები არ დარჩებიან
„ახალი თაობა“: საქართველოს რიგის სამიტზე არაფრით წაახალისებენ?
„ალია“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „გვექნება თუ არა უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან?“
„რეზონანსი“: გაჭიანურება და არა უარი // „ვიზალიბერალიზაციაზე ჩვენი მოლოდინი გადაჭარბებულია და ევროპას პოზიცია არ შეუცვლია“
„რეზონანსი“: ინტერვიუ აკაკი ასათიანთან: “ასოცირებაზე ხელმოწერის შემდეგ პროცესი შეჩერებულია”
———————-
„ახალი თაობა“, 19 მაისი, 2015 წელი
ინტერვიუ მექა ხანგოშვილთან: ასე თუ გაგრძე4ლდა, პანკისში ახალგაზრდები არ დარჩებიან
გაზეთის კორესპონდენტი შორენა მარსაგიშვილი პანკისის ხეობის მკვიდრს მექა ხანგოშვილს ესაუბრება.
„თვე არ გავა, რომ სირიაში პანკისიდან წასული ვინმე ახალგაზრდა არ დაიღუპოს. ამას ყველა მტკივნეულად განიოცდის. ხეობის უხუცესებისათვის ხელისუფლებას ყური რომ დაეგდო, სიტუაცია ასე ნეგატიურად არ განვითარდებოდა. უხუცესები თბილისში იყვნენ ჩასულნი, შეხვდნენ მაღალი რანგის წარმომადგენლებს, მაგრამ შედეგი არაფერია. ნეგატივმაც არ დააყოვნა: მიგრაცია გრძელდება. თავდაპირველად ხალგაზრდების წასვლის მოტივი სირიაში მცხოვრები ჩეჩნების გვერდით დადგომა და დახმარება იყო (ჩეჩნები ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ). მერე და მერე სხვა მოტივებიც გაჩნდა. მოგეხსენებათ, „ისლამურ სახელმწიფოში“ სამი წამყვანი მეთაური წარმოშობით პანკისის ხეობიდანაა, ისინი კი ჩვენი ახალგაზრდებისათვის მისაბაძი პიროვნებებია.
ვაჰაბიტებს პანკისის ხეობაში ფეხი მყარად აქვთ მოკიდებული, დღეს ისინი აქაურ ახალგაზრდებში საკმაო გავლენით სარგებლობენ, მათი იდეოლოგია საკმაოდ ძლიერია, ხოლო ახალგაზრდების განათლების დონე – დაბალი. ამხელა ხეობაში ერთი სპორტული მოედანიც კი არ არის, რომ ახალგაზრდები სპორტით იყვნენ დაკავებულები. შესაბამისად, ისინი ნელ-ნელა ექცევიუან ვაჰაბიტთა გავლენის ქვეშ. ბოლო პერიოდში პანკისიდან ახალგაზრდების გადინებამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. ამიტომაც შეიკრიბნენ უხუცესები და მთავრობას და კათოლიკოს-პატრიარქს დახმარება სთხოვეს. მიმართვაზე რეაგირება მხოლოდ ილია მეორეს ჰქონდა, [თუმცა ამ შემთხვევაში უფრო ქმედითი დახმარება მთავრობას უნდა გაეწია]. პანკისიდან წამსვლელებს გავაკონტროლებთო, თქვეს, მაგრამ განა ამის გაკეთება ადრე არ შეიძლებოდა?
აშკარაა, რომ ხელისუფლებას პანკისის ხეობის მიმართ პოლიტიკია არ აქვს. ძალიან აღმაშფოთა პრემიერის განცხადებამ, რომელმაც სირიაში სკოლის მოსწავლეების წასვლით გამოწვეულ დიდ ამბებს „არაბუნებრივი ისტერია“ უწოდა. ძალიან სამწუხაროა, როცა მტავრობის მეთაური ასეთ განცხადებას აკეთებს. მისი შვილი რომ წასულიყო სირიაში სასაკლაოზე, განა არ ატეხდა ერთ ამბავს? შეიძლება მას მედიის მიერ თემის გაშუქება არ მოეწონა, მაგრამ გასაკვირი რა არის? პანკისიდან წასული სკოლის მოსწავლეები ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან! აქედან გამომდინარე, ის „ისტერია“ ძალიან ბუნებრივი იყო. არაბუნებრივი კი სწორედ ის დამოკიდებულებაა, როგორიც ხეობის მიმართ ხელისუფლებას გააჩნია. პანკისის სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ ცოტა მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. სირიასა და ერაყში აჭარიდანაც მიდიან, ქვემო ქართლიდანაც, გურიიდანაც, მაგრამ ყურადღებას მხოლოდ პანკისზე მახვილდება და ეს გასაგებია, რადგან ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ყველა გავლენიანი საველე მეთაური პანკისიდან არის“, – ამბობს ინტერვიუში მექა ხანგოშვილი.
რესპოდენტი ეხება პანკისელი ქალებისა და გოგონების სირიაში წასვლის შესაძლებლობას და ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა პანკისში არ დაფიქსირებულა, თუმცა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალიდან რამდენიმე აზერბაიჯანელი ქალი მართლაც წავიდა. „არავინ ძალით არ მიჰყავთ. აქ უმთავრესი იდეოლოგიური ფაქტორია. ვიმეორებ, ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლება უნდა მოხდეს. ახალგაზრდებზე პროპაგანდით ვიღაც რომ არის დაკავებული, ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. იმდენად ძლიერია ეს გავლენა, რომ ბავშვები სახლიდან იპარებიან. გარკვეულ როლს ასრულებს ინტერნეტიც. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ისაა, რომ საზღვარზე ბავშვებს დაბრკოლების გარეშე ატარებენ. მე მამოწმებენ ხოლმე საათობით, არასრულწლოვანები კი საზღვარზე უპრობლემოდ გაატარეს“.
მექა ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ვაჰაბიტებში ყველა რადიკალი არ არის, არიან ზომიერები, რომლებიც არავის არაფერს უშავებენ, თუმცა მიუტევებელია მათი მოქმედება, ვინ ბავშვებს ბრძოლაში უშვებს: „ეს ხალხი თუ არ შეაჩერეს, მალე პანკისში ხალაგაზრდა არ დარჩება, ყველანი სირიაში წავლენ“.
რესპოდენტი ეხება აგრეთვე ლაფანყურის ტრაგიკული ამბების გამოძიების საკითხს და ამბობს: „ამ მოვლენის გამოუძიებლობით დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების გზით მიდის. მოსახლეობა უკმაყოფილოა, ამით კი ხეობაში ვაჰაბიზმი კიდევ უფრო ძლიერდება. ამბობენ, რომ საქმე უკვე გამოძიებულია, მაგრამ დეტალების გამხელა სახელმწიფოს ინტერესებში არ ჯდებაო. გასაგებია, მაგრამ ყველა დეტალის გახმაურებას არავინ არ ითხოვს, მშობლებს მაინც ხომ შეიძლება უთხრან, რა და როგორ მოხდა? ქისტები მოთმინებით ელოდებიან ამ საქმის გამოძიებას, მაგრამ ხელისუფლებამ ბოროტად არ უნდა ისარგებლოს მშობლების მოთმინებით. არც რუსეთის ფაქტორი არ უნდა დავივიწყოთ: ჩვენს მეზობელს ერთი სული აქვს საქართველოს რაიმე პროვოკაცია მოუწყოს. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ტერორისტებად არიან გამოცხადებული და ამის ნიადაგზე მოსკოვმა შეიძლება ხეობაში რამე მოაწყოს – იტყვიან, აქ ტერორისტების მომზადება ხდებოდაო. საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს“.
„ახალი თაობა“, 19 მაისი, 2015 წელი
საქართველოს რიგის სამიტზე არაფრით წაახალისებენ?
მარიამ მჭედლიშვილი
(შემოკლებით)
21-22 მაისს დაგეგმილი რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, არაერთი წყაროს ცნობით, საქართველოს ახალს არაფერს მოუტანს.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს,რომ მთავარია, 34 სახელმწიფოს რიგის შეკრებამ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და დადებითადშეაფასოს საქართველოში ჩატარებული მუშაობა. ამას მოგვიანებით მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები. განსაკუთრებული მოლოდინი უკავშიდება შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის 90-დღიანი უვიზოყოფნის უფლების დაკანონებას.
უცხოური მედიის ცნობით, საქართველოსა და უკრაინისათვის წახალისება იქნებოდა სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროკავშირთან ან ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მომასწავებელი დოკუმენტის მიღება. ამ სახელმწიფოებთან ერთად განიხილება მოლდოვაც, რომელსაც უვიზო მიმოსვლა უკვე აქვს ევროპაში.
ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით დიპლომატიურ პასიურობაში ადანაშაულებს. თუმცა, ფაქტია,რომ ევროინტეგრაციული აქტიურობა გამოიჩინეს პირველმა პირებმაც და საგარეო საქმეთა მინისტრმაც. გაწეულია სამუშაო კანონმდებლობის შეცვლის და სხვა ბევრი მიმართულებითაც. ჰომოფობიასთან ბრძოლის დღემ, 17-მა მაისმაც მშვიდად და დემოკრატიულად ჩაიარა. განსხვავებით მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვისაგან, სადაც ლგბტ პირებს და მათ მომხრეებს აქციაზე კვერცხები დაუშინეს.
უცხოელი ექპერტები აღნინავენ, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კიდევ კარგა ხანს ვერ გახდებიან ევროკავშირის წევრები საამისო კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო და რომ ამ ქვეყნებს არც ნატოში მიიღებენ. ევროკავშირის მთავარი პრეტენზიები ეკონომიკურ და სამოქალაქო უფლებების დაცვას უკავშირდება.
რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯარების განთავსებას, რაზეც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი 90-იანი წლებიდან ოცნებობს, ეს ალბათ არ იქნება. ამისთვის ბრძოლა ნატოს წევრ პოლონეთს და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსაც უწევთ. ამ ქვეყნებმა არაერთხელ დააყენეს ეს მოთხოვნა. ისინი ამისათვის ახლაც იბრძვიან, რათა როგორმე წინ აღუდგნენ რუსეთის მოსალოდნელ აგრესიას.
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „გვექნება თუ არა უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან?“
ნინო სამხარაძე
(შემოკლებით)
რიგის სამიტამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, როცა ჩვენი ფანტაზიორი პოლიტიკოსების აზრით, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმს მიანიჭებენ, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზა-ლიბერალიზაციას კი არა, გამკაცრებულ სავიზო რეჟიმს უმზადებენ. ორი კვირის წინ, ევროკავშირის საელჩოებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრეს…
რა ხდება რიგის სამიტის წინ სამთავრობო კულუარებში?
„ალიას“ კითხვებს პასუხობს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:
- ბატონო სოსო, ძალიან მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი რიგის სამიტზე. თუკი ვიზა-ლიბერალიზაციას არ მოგვცემენ, ფიქრობთ, რომ საქართველოში ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი გაიზრდება?
- რამდენიმე დღით ადრე გარკვეული სირთულეები წარმოჩინდა. აღმოჩნდა, რომ ერთობლივ დოკუმენტს უნდა მოაწერონ ხელი მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ლიდერებმა. აქ გარკვეული სკეპტიციზმია, მოხდება თუ არა, საერთოდ, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა. რაც შეეხება ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს, ეს უკვე მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების მიერ გამოიყენება, როგორც დამაჯერებელი თვალსაჩინოება ევროინტეგრაციის უპირატესობის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა 12-წევრიან დსთ-ში მხოლოდ ჩვენ აღმოგვაჩინა ისეთი, რომელთანაც მკაცრი სავიზო რეჟიმი უნდა დაემყარებინა. კი ბატონო, შევეჩვიეთ რუსეთში არწასვლას, უჩვენოდ გაერთონ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მრავალწლიანი ცრუ დაპირების შემდეგ, შევიმუშავეთ საემიგრაციო პოლიტიკა, მუდმივად აგზავნიდნენ ინფორმაციებს ამ დოკუმენტის შექმნის პროცესში, მაგრამ სრულიად მკაფიო იყო მიდგომა, რომელიც არ იყო გასაჯაროებული, რომ „ნაცები“ არ აპირებდნენ ამ პოლიტიკის ქაღალდზე გადატანას, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ საემიგრაციო პოლიტიკა საჭირო არაა და ბიზნესი და პოლიტიკა თავად დაარეგულირებს ყველაფერს. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომით ისინი არა მხოლოდ უვიზო მოსახლეობას უკარგავდნენ ევროპაში მიმოსვლის შესაძლებლობას, არამედ მათაც, ვისაც ევროპაში წასვლა არ უჭირდათ, იმდენ სირთულეს უქმნიდნენ. მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა გამოსწორებულია, თუმცა მოდით, ისიც ვთქვათ, ევროკავშირში ვინ არის გადამწყვეტი სუბიექტი, რომელიც გვეტყვის – მობრძანდითო? ასეთი ნება უნდა გამოხატოს ევროპის მოსახლეობამ, რადგან კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები პირი ევროკავშირის იერარქიიდან მოქმედებს მისი ამომრჩევლის გუნება-განწყობის გათვალისწინებით.
აბა, დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვხიბლოთ ევროპის მოსახლეობა, როგორ გვენდონ ყოველგვარი გადამოწმების გარეშე?! ჩვენ უპასუხისმგებლოდ გადავეშვით ოცნებების მორევში და თუ იკითხავთ, საქართველოს მოქალაქის პასპორტით რამდენი მოქალაქეა ევროპის ციხეში, გეტყვით, რომ ეს არის ათასობით ადამიანი.
ერთი დამატებითი სირთულე ის გახლავთ, რომ უკანასკნელ დღეებში გაჟღერდა ბატონი პოროშენკოს ძალიან მკაფიო და მკაცრი განცხადება ევროკავშირის მიმართ. ის არათუ ითხოვს, არამედ მკაცრად მოითხოვს, რომ უკრაინის მცხოვრებლებმა რიგაში მიიღონ უვიზო მიმოსვლის უფლება. წარმოიდგინეთ ახლა რა დღეში არიან ევროკომისრები? ქვეყანა, სადაც ვერ გარკვეულან, რომელ რეგიონში რა განწყობების მოსახლეობა ცხოვრობს, რომელი რეგიონიდან აქვთ საფრთხე, ასევე, ვკითხულობთ ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთი მზად არის, ელვისებური შეტევისა კიევზე და სულ უფრო ინტენსიურად აიარაღებს თავის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც უკვე დგას უკრაინის ტერიტორიაზე, ახლა ამის გამო შეიძლება საერთოდ აღარ იყოს განხილვა ვიზა-ლიბერალიზაციის, შეიძლება სწორედ ასეთი მკაცრი პოზიცია უკრაინის პრეზიდენტისა გახდეს მიზეზი იმისა, რომ მოხდება ერთობლივი და ნაკლები კონკრეტიკის შემცველი ხელმოწერა, თუმცა ჩვენი ხელისუფლების ნაწილი ოპტიმისტურადაა განწყობილი და კერძო საუბრებში აცხადებენ თარიღს, როდის შეიძლება გააფორმოს ევროკავშირმა ჩვენი მოსახლეობის ერთი ოცნება მაინც და ასეთ თარიღად მიიჩნევენ დეკემბრის ბოლოს.
- დეკემბრამდე რა შეიცვლება?
- არის აზრთა სხვადასხვაობა მთავრობის წევრებს შორის ამ თემაზე, მაგრამ ხელისუფლების ნაწილს სჯერა და ოპტიმიზმითაა სავსე, რომ დეკემბერში მოგვცემენ ვიზალიბერალიზაციას (დეკემბრამდე კი დავიცდით, მაგრამ მაგათი ტყუილების გადამკიდე, რომელი წლის დეკემბერს ველოდოთ? – რედ).
„რეზონანსი“, 19 მაისი, 2015 წელი
გაჭიანურება და არა უარი
„ვიზალიბერალიზაციაზე ჩვენი მოლოდინი გადაჭარბებულია და ევროპას პოზიცია არ შეუცვლია“
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
გაზრდილი მიგრაცია, რუსული აგრესია და შიდა უთანხმოებები – ესაა იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალი, რომელთა გამოც, სპეციალისტების აზრით, ევროკავშირს ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციზე უარის თქმა უწევს. მათი განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ევროპის დამოკიდებულება არ შეცვლილა და უბრალოდ პროცესი ჭიანურდება. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ვალდებულებების შესრულებას, პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ უარის მიზეზი ეს ყველაზე ნაკლებადაა.
სამიტამდე ორი დღეა დარჩენილი, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ ჩვენს მთავარ მოლოდინთან – უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით იმედი გაგვიცრუვდება. ამის მიზეზების ძიებისას „რეზონანსი“ პოლიტოლოგებს ესაუბრება და შეეცადა გაერკვია რას გულისხმობს მოსალოდნელი უარი – დროებით გადადებას თუ ევროინტეგრაციის სამუდამოდ შეჩერებას. მათი აზრით, არცთუ ვიმედო სიტუაცია გვაქვს და ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დაახლოებას ძველებურად აპირებს.
„კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმს მივაღწევთ, ოღონდ მოგვიანებით. ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი უფრო გადაჭარბებული იყო. განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების ფონზე, გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ ევროპა რუსეთის საპასუხოდ უფრო თამამ ნაბიჯებს გადადგამდა. თუმცა, კანაშვილის თქმით, უკრაინის კონფლიქტიც კი არ აღმოჩნდა მისი დამაჩქარებელი.
„ასე რომ, ჩვენი მოლოდინი იყო გადაჭარბებული და არა ის, რომ ევროპამ პოზიცია შეიცვალა. ზუსტადაც რომ არ შეიცვალა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ იმ პოზიციაზე დაბრუნდა, რომელზეც უკრაინის კონფლიქტამდე იყო. ჩვენც ხომ სწორედ ამან გაგვიჩინა გადაჭარბებული მოლიდინი“, – ამბობს ის.
თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ ევროკავშირში ბევრ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ. ამას ბუნებრივს უწოდებს, რადგან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრიორიტეტი სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობაა, სამხრეთის ქვეყნების – იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის პრიორიტეტი უფრო ჩრდილო აფრიკა და ზოგადად და ა.შ.
შესაბამისად, კანაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ერთი გაერთიანებაში არიან, მათი საგარეო პოლიტიკა იყო და რჩება ევროკავშირის ისეთ წერტილად, სადაც თანხვედრას ყოველთვის არ უნდა ველოდოთ. მათ შორის, ეს აღმოსავლეთ პარტნიორობასაც შეეხება.
(…)
სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესთან ევროპის სიფრთხილეს ბოლოდროინდელი გლობალური რისკებით ხსნის პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც. უპირველეს პრობლემად კი საემიგრაციო პოლიტიკას ასახელებს და ამბობს, რომ საემიგრაციო „განუკითხაობასთან“ დაკავშირებით ევროპის მკვიდ მოსახლეობაში უკმაყოფილება მწიფდება. როგორც ექსპერტი განმარტავს, მათი გაგებით, საქართველოც, როგორც დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ქვეყანა, სერიოზული რისკების შემცველია. სწორედ ამას მიიჩნევს უვიზო რეჟიმის ვერმიღების მთავარ მიზეზად. გარდა ამისა, მისივე თქმით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმაც ამ მიმართულებით წინაღობა გაზარდა. ევროპა რუსეთის ნაკლებად გაღიზიანებასაც ცდილობს. ასე რომ, ხუხაშვილის განცხადებით, რისკები, რომლებიც დღეს დგას, ძალიან წინააღმდეგობრივი და მრავალპარამეტრიანია.
(…)
ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, სერი კაპანაძის აზრითაც. რამდენიმე ქვეყანაში სკეპტიციზმი გაიზარდა და მათთან განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო.
„ეს უფრო მეტად იმის ბრალია, რომ ბოლო ხანებში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც ვიზალიბერალიზაციის პროცესს ხელი არ შეუწყო. პირველ რიგში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის დამოუკიდებულება, რამაც ზოგიერთი სკეპტიკოსი ევროპული სახელმწიფოს განწყობა განაპირობა.
„გარდა ამისა, როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან იმპლემენტაციაში იყო გარკვეული ხარვეზები, რაც ევროკომისიის დასკვნაში ჩანს. თუმცა, ეს მიზეზი ყველაზე სუსტია, რადგან იმპლემენტაცია, მუიხედავად ხარვეზებისა, კარგად განხორციელდა და თანაც, მთავარი სულაც არ არის ის, თუ რა ეწერება ევროკომისიის დასკვნაში“, – აღნიშნავს კაპანაძე.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულმა იმედგაცურებამ მოსახლეობაში ევროინტეგრაციისადმი სპეტიციზმი გააჩინა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ საზოგადოებამ კონკრეტული პროგრესი და სიკეთე ვერ იგრძნო. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ერთი წელი ამისათვის ძალიან მცირე დროა და რომ რეალურად ასოცირების ხელშეკრულების სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
(…)
„რეზონანსი“, 19 მაისი, 2015 წელი
ინტერვიუ აკაკი ასათიანთან: “ასოცირებაზე ხელმოწერის შემდეგ პროცესი შეჩერებულია”
იაგო ნაცვლიშვილი
“ჩვენი საზოგადოების განწყობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს პირდაპირ ეუბნება, რომ მათმა მოქმედებებმა ამ 23 წლის განმავლობაში ხალხის დამოკიდებულება შეცვალა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მეგობრები მათთვის სასურველ მმართველებს ყველაფერში ამართლებდნენ და ყველაფერში ხელს აფარებდნენ. ამან ეს შედეგი მოიტანა, რომ ხალხს რუსეთის მმართველობა დაავიწყდა და თანდათანობით ისევ მისკენ მიბრუნდა.
“ევრაზიული კავშირის მომხრეს რომ ჰკითხოთ, რატომ უნდა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და რატომ უნდა რუსეთთან ახლო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ის ამაზე დასაბუთებულ პასუხს ვერ გაგცემთ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “ტრადიციონალისტების” ლიდერი აკაკი ასათიანი.
პოლიტიკოსი რიგის სამიტზეც საუბრობს და ამბობს რომ “ოცნებაც” “ნაცმოძრაობის” პოლიტიკას აგრძელებს და საზოგადოებას მცდარ მოლოდინს უქმნის. ფიქრობს, რომ ასოცირების ხელმოწერის შემდეგ პროცესი გაჩერდა, რაც ჩვენი ბრალია. საქართველო ვერ ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, ამიტომ ჩვენი პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ გაუმართლებელია.
„რეზონანსი“: როგორც ცნობილი გახდა, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება იგეგმება. როგორ შეაფასებთ ამ საკითხს?
აკაკი ასათიანი: ამაში მე ტრაგედიას ნამდვილად ვერ ვხედავ. მაგრამ რა იგულისხმება კონკრეტულად და რა არის გასაფართოებელი, ეს საკითხი სერიოზულად შესამუშავებელია.
„რეზონანსი“: გაკეთდა ამის შესახებ განცხადებები, რომ ეკონომიკურ საკითხებს შეეხება ეს და მასში ჩართული ეკონომიკის ექსპერტებიც იქნებიან…
აკაკი ასათიანი: მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკას აბაშიძე-კარასინის არსებული ფორმატიც ჰყოფნის. მაგისთვის პრეზიდენტების შეწუხება არ ღირს.
„რეზონანსი“: ანუ ფიქრობთ, რომ უფრო სხვა საკითხებს შეეხება, ვიდრე ინფორმაცია ხმაურდება?
აკაკი ასათიანი: არა, არაფერს არ ვფიქრობ, უბრალოდ უნდა გავიგოთ ნათლად და ცხადად, რას შეეხება. მე ვფიქრობ, რომ რაც გვაინტერესებს, იმ საკითხებზე უნდა იყოს გაფართოებულ ფორმატზე საუბარი. უნდა იყოს ცხადად ნათქვამი, რომ საუბარი იქნება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე და რუსეთის მოქმედებებზე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„რეზონანსი“: ბოლო პერიოდში შეინიშნება პრორუსული ძალების გააქტიურება. როგორც ჩანს, საზოგადოების განწყობაც იცვლება, ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიანიშნებდა “ენდიაის” კვლევა, საიდანაც ჩანს, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი 31%-მდე გაიზარდა. რაზე მიანიშნებს ეს? რისი ბრალია?
აკაკი ასათიანი: ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს პირდაპირ ეუბნება, რომ მათმა მოქმედებებმა ამ 23 წლის განმავლობაში ხალხის დამოკიდებულება შეცვალა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები მათთვის სასურველ მმართველებს ყველაფერში ამართლებდნენ და ყველაფერში ხელს აფარებდნენ. ამან ეს შედეგი მოიტანა, რომ ხალხს რუსეთის მმართველობა დაავიწყდა და თანდათანობით ისევ მისკენ მიბრუნდა.
ევრაზიული კავშირის მომხრეს რომ ჰკითხოთ, რატომ უნდა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და რატომ უნდა რუსეთთან ახლო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ის ამაზე დასაბუთებულ პასუხს ვერ გაგცემთ.
„რეზონანსი“: ანუ ინფორმაციის ნაკლებობაც იჩენს თავს?
აკაკი ასათიანი: კი, ინფორმაციის ნაკლებობაც და დასავლეთის პოზიციაც, ხელის დაფარება ქვეყნის მმართველების უმსგავსობებზე, იქნებოდა ეს არჩევნების გაყალბება, ადამიანის უფლებების დარღვევა თუ კიდევ სხვა საკითხები.
„რეზონანსი“: გორის აქციაზე რას ფიქრობთ, სადაც წითელ დროშებს აფრიალებდნენ?
აკაკი ასათიანი: ეს ნიშნავს იმას, რომ სტალინი ჯერ კიდევ არ დამარცხებულა. სტალინის დამარცხება ძეგლების აღებით კი არ ხდება, არამედ ისეთი ცხოვრება უნდა შექმნა, რომ აღარც აღარავის გაახსენდეს სტალინი და დარჩეს მხოლოდ ისტორიაში.
ცხოვრების შექმნაში ვგულისხმობ სოციალურ ფონსაც და რეალურ დემოკრატიასაც. როდესაც ადამიანის უფლებები დაცულია, როცა კეთილდღეობაა.
ვინც კარგად იცის საბჭოური მმართველობა, მას არ სურს დაბრუნება, მაგრამ არსებობს სხვადასხვაგვარი მცდარი შეხედულებები. მათ შორის მოქმედებს ყბადაღებული სტალინის ქართველობაც. გახსოვთ, რომ პრემიერ-მინისტრმაც ბრძანა, რომ მეორე მსოფლიო ომი ქართველმა მოიგოო. ტყუილი კი არ არის ეს, მაგრამ იმასაც გააჩნია რითი ამაყობ.
„რეზონანსი“: რამდენიმე დღე რჩება რიგის სამიტამდე, საიდანაც სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლას ვერ მივიღებთ. ასეთ საფუძველს ქმნის იმ დასკვნა, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და სადაც ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ აღებული ვალდებულებები ბოლომდე ვერ შეასრულა…
აკაკი ასათიანი: რასაც “ნაციონალები” აკეთებდნენ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მცდარ მოლოდინს უქმნიდნენ, არიქა, ახლა „მაპ“-ი იქნება და მერე „მაპ’-ზე უკეთესიო, საბოლოოდ კი რაც მივიღეთ, ნატოსაც სჯობს, „მაპ“-საც და ა. შ. ამას აკეთებს “ოცნებაც”. თუ ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მოგვცემდნენ, კიდევ უფრო ცუდად ყოფილა საქმე. ასოცირებაზე ხელმოწერით პროცესი დასრულდა, ყოველ შემთხვევაში, შეჩერებულია.
„რეზონანსი“: ალასანიას გუნდი ამბობს, რომ მათი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დაწყებული საქმე “ოცნებამ” ჯეროვნად ვერ გააგრძელა…
აკაკი ასათიანი: შესაძლოა, ეს განცხადებები საფუძველს მოკლებული არ იყოს, მაგრამ ეს პროცესი მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე დამოკიდებული ვერასდროს ვერ იქნება. საჭიროა ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლისგანაც შორს ვართ, ამიტომ ჩვენი პრეტენზიები ევროპის მიმართ გაუმართლებელია.