globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 19th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: “მე როგორც სამშობლოს, ისე ბიძინა ივანიშვილს ვერ ვუღალატებ, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

——–

ვერსია: ირაკლი ალასანიას პარტიის აქციას, ნინო ბურჯანაძის გარდა, ყველა ოპოზიციური ძალა სოლიდარობას უცხადებს

ვერსია: ინტერვიუ მერაბ შათირიშვილთან: „პაატა ბურჭულაძე ნაციონალების ერთ-ერთი ფლანგია – ვერ ვიტან ადამიანებს, ვინც უწმინდესისა და ეკლესიის სახელით სარგებლობს“ // რატომ აცხადებს თავს პაატა ბურჭულაძის მოსისხლე მტრად, რატომ დატოვაოცნებადა რას იხსენებს ბურჯანაძე-ივანიშვილის საპარლამენტო შეთანხმებაზე

——–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: “პაატა ბურჭულაძე ხმებს ქართულ ოცნებას“ წაართმევს“ // „გიორგი კვირიკაშვილს შეუძლია, პარტიის რეალური მმართველი იყოს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი გოგავასთან: „ნაციონალური მოძრაობის“ გადასარჩენად 250 კაცი შეიკრიბება“ // „პაატა ბურჭულაძე რრგორი პოლიტიკოსი იქნება, ალბათ ამას დრო აჩვენებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ბიძინა ივანიშვილს ერთგული ხალხი ჩამოაცილეს“ // „რა სკანდალი მოხდა ყრილობის წინ „ქართულ ოცნებაში“ // „დროა, ირაკლი ღარიბაშვილი „ოცნებას“ გვერდით დაუდგეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „ნატო საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია“ // „დასავლეთის სახელმწიფოებთან ორმხრივი სამხედრო ხელშეკრულებები უნდა გავაფორმოთ“ // „საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა მიზანშეწონილი არ არის“

——–

„საქართველო და მსოფლიო“: შესაძლებლის ხელოვნება და მეჭიაურის „უქარქაშო ხმალი“

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „ქართული ოცნების“ სიაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები უცხოელი ლობისტების მეშვეობით აღმოჩნდნენ

„საქართველო და მსოფლიო“: რევოლუციის მოლოდინი

———————

რეზონანსი“, 19 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: “მე როგორც სამშობლოს, ისე ბიძინა ივანიშვილს ვერ ვუღალატებ, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

ელზა პაპოშვილი

უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე “ქართული ოცნების” მიერ გამართულ ყრილობაზე ამბობს, რომ პარტიამ საზოგადოებას ის ვერ უთხრა, რისი მოლოდინიც იყო. მისი თქმით, ყრილობა კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ “ოცნებას” ამომრჩევლამდე მთავრობის მიერ 4 წლის მანძილზე გაკეთებული საქმეები მიეტანა.

ომარ ნიშნიანიძე ახალ სახეებზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ მათი ცნობადობა საზოგადოებაში დაბალია და არჩევნებმადე “ოცნებას” ისინი ბევრს ვერაფერს შემატებენ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გარედან მოყვანილმა ადამიანებმა ძველ სახეებში შეიძლება გულისწყრომა გამოიწვიოს, რადგანაც ხალხი, ვინც პარტიისთვის დღესა და ღამეს ათენებდა და სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა, უბრალოდ, უცნობი ადამიანებით ჩაანაცვლეს.

- როგორ შეაფასებთ “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ ყრილობას და ატმოსფეროს, რომელშიც ის გაიმართა?

- ზოგადად ყრილობის ჩატარების ფორმა კარგი იყო, უბრალოდ, ცოტა უკმაყოფილების განცდა დამრჩა იმაზე, რომ ძალიან მოკლე იყო. თითქოსდა სათქმელი არ გვქონდა, არადა ამ დროს ძალიან ბევრის თქმა შეიძლებოდა. მაგალითად, ჩემთვის რომ ეკითხათ, რამდენიმე წარმატებულ მინისტრს წარვადგენდი და იმ სფეროებს შევეხებოდი, რომელშიც ხელისუფლებას უფრო კარგი შედეგები აქვს. საზოგადოებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ვერაფერი ვერ ვუთხარით. ისედაც პიარის ნაკლებობაში გვადანაშაულებენ – გამოდის, რომ ხელიდან ძალიან კარგი საშუალება გავუშვით. ამ კუთხით ცოტა სინანულის გრძნობა გამიჩნდა.

- რას იტყვით ყრილობაზე წარმოდგენილ ახალ სახეებთან დაკავშირებით, “ოცნება” წინასაარჩევნოდ საზოგადოებისთვის მათ გაცნობას მოასწრებს?

- სიმართლე გითხრათ, ერთი-ორი ადამიანის გარდა, ყრილობაზე წარმოდგენილი ახალი სახეები საზოგადოებაში დიდად ცნობადები არ არიან. გინდა არ გინდა, წინასაარჩევნოდ კანდიდატების ცნობადობა საარჩევნო მარათონში მთავარ როლს ასრულებს. სამ თვეში საზოგადოებას ეს ხალხი გააცნო, ცოტა რთულად მეჩვენება. სადღაც უამრავი კარგი სპეციალისტი ყოველთვის არის, მაგრამ მათი საზოგადოებისთვის წარდგენა ცნობადობის გარეშე, პარტიას კარგს ვერაფერს მოუტანს. ამომრჩეველს ასე ვერ მოიზიდავ. ამიტომაც, მე ნაკლები იმედი მაქვს, რომ არჩევნებში ისინი “ქართულ ოცნებას” ბევრ ხმას შემატებენ.

- “ქართულმა ოცნებამ”, გამოვიდა, რომ ახალი სახეები გარედან მოიყვანა. როგორ ფიქრობთ, პარტიის შიგნით მყოფ წევრებს ეს ფაქტი არ გააღიზიანებთ, ეს ფაქტი შიდა დაპირისპირებას ხომ არ გამოიწვევს?

- მე იმედი მაქვს, რომ საქმე შიდა დაპირისპირებამდე არ მივა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი “ოცნების” შიგნით მყოფ წევრებში გარკვეულ გულისწყრომას გამოიწვევს. ყოველთვის იმას ვამბობ, რომ აუცილებელია ასეთ შემთხვევებში დაბალანსებული პოლიტიკის ქონა. “ოცნება” ახალი სახეებით ისე უნდა შევსებულიყო, რომ ძველ სახეებს დამსახურება არ დაჰკარგვოდათ. ასეთ შემთხვევაში უკმაყოფილება ნაკლები იქნებოდა. გამოდის, რომ ჩემს ადგილზე მოგყავს ჩემზე ნაკლებად ცნობადი და ნაკლებად დამსახურებული ადამიანი, რომელიც არც დიდი ცოდნით განსხვავდება. მაშინ მე კითხვას დავსვამ, რატომ ის ჩემზე წინ? რა გავაფუჭე? როდესაც მართლა დღე და ღამე გვითენებია და სიცოცხლე საფრთხეში ჩაგვიგდია. როდესაც ასეთი ხალხის გვერდზე გაჩოჩებას ცდილობ და მათზე არცთუ ბევრად უკეთესი მოგყავს, ფაქტია, გარკვეული უკმაყოფილება გაჩნდება. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ საქმე სერიოზულ განხეთქილებამდე არ მივა. იმედი მაქვს, რომ რაღაცას ჩვენც შეგვეკითხებიან – დრო ჯერ კიდევ არის. ჩემზე უკეთესს თუ მოიყვანენ და ამას არგუმენტებით დამიმტკიცებენ, ორივე ხელს ავწევ.

- თამაზ მეჭიაურის “ოცნებიდან” წასვლის შესახებ უნდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, მისი განცხადებების გამო გაწირეს?

- ვფიქრობ, თამაზ მეჭიაურს არავისი გასაწირი არაფერი სჭირს. ის, უბრალოდ, ქართული ტრადიციების და მენტალობის მქონე ადამიანია, რომელიც იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. თუმცა მას ისეთი რეიტინგი აქვს, რომ ნებისმიერ ილქში დამოუკიდებლად კენჭისყრა შეუძლია და გამარჯვების შანსიც აქვს. სხავათა შორის, ის არ არის პრორუსული, როგორც სხვებს სურთ, რომ წარმოადგინონ. ის დასავლურ ღირებულებებს აღიარებს, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით იმას ამბობს, რაც რეალურად მიაჩნია. ვნახოთ, ჩვენც ვფიქრობთ მომავალზე, სად ვიქნებით. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

- შესაძლებელია, რომ პარტიაში მეჭიაურს თანამოაზრეები ჰყავდნენ, რომლებმაც მის მსგავსად პარტია დატოვონ?

- მე, მაგალითად, როგორც სამშობლოს, ისე ბიძინა ივანიშვილს ვერ ვუღალატებ, რადგანაც მან მე სამშობლო გადამირჩინა. ყოველ შემთხვევაში ჯერ “ქართულ ოცნებაში” ვრჩები და წასვლა არ გადამიწყვეტია, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემი ერთგულება ქვეყნის და ბიძინა ივანიშვილის მიმართ არ შეცვლილა. თამაზ მეჭიაურიც იგივეს ფიქრობს. მართალია, ის “ოცნებიდან” წასვლას გეგმავს, მაგრამ არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო როდისმე რამე გააკეთოს.

ვერსია“, 18 მაისი, 2016 წელი

ირაკლი ალასანიას პარტიის აქციას, ნინო ბურჯანაძის გარდა, ყველა ოპოზიციური ძალა სოლიდარობას უცხადებს

ნინო კომახიძე

ირაკლი ალასანიას პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დაკავებული პირების მხარდამჭერ აქციებს აანონსებს. უკვე ცნობილია პირველი, გამაფრთხილებელი აქციის თარიღიც _ 21 მაისს პარტია საკუთარ მხარდამჭერებს მთავარ პროკურატურასთან ელის. აქცია თავად პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ამ სიტყვებით დააანონსა: „კონსტიტუციური ნორმების დაცვით, ყველა კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით, ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. ხუთი ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენს დღის წესრიგს. შევხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა დედაქალაქსა და ორგანიზაციაში“. ცნობილია ისიც, რომ აქციაში მონაწილეობას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც მიიღებენ.

ე.წ. „კაბელების საქმე“ „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მართლაც პრეცედენტულად იქცა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ბრალდებულს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს ადამიანები – ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი, მანამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავებოდა, საქმის დაწყება კი ირაკლი ალასანიასა და „ოცნების“ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის დაძაბვას დაემთხვა. თავად „ოცნება“ ჯერჯერობით მკვეთრი კომენტარებისგან თავს იკავებს, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება, რომ კანონი ყველასთვის ერთია და პარტიასა და ბრალდებულებს დარჩენილი ორი ინსტანციისკენ მიუთითებს. თუმცა ფაქტია, საზოგადოებრივი და პოლიტიკური რეზონანსით თუ ვიმსჯელებთ, ალასანია წინასაარჩევნოდ გაცილებით მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდა და ამ „სატოპკით“ ვითარება, ხელისუფლებასთან შედარებით, ბევრად გაიუმჯობესა, ხოლო რამდენად სოლიდარულია ამ კონკრეტული საქმის გარშემო პოლიტიკური სპექტრი ალასანიას პარტიის მიმართ და ფართომასშტაბიანი აქციებისა და კონკრეტული დაძახილის შემთხვევაში, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ქუჩის აქციებში ე.წ. კაბელების საქმეზე – „ვერსიამ“ ამ კითხვით პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და საინტერესო ვითარება მიიღო.

ინტერპარტიული ჯგუფიდან ზურაბ ხარატიშვილს ვესაუბრეთ. ჯგუფის ფორმატში ამ თემის განხილვა 19 მაისს, ხუთშაბათს შედგება, თუმცა ეს ჯგუფი შეთანხმებულად, ჯერჯერობით, მხოლოდ საარჩევნო თემატიკის გარშემო მოქმედებს, ამიტომ პარტიები ინდივიდუალურ რეჟიმში გადაწყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა ალასანიას პროტესტს. რაც შეეხება „სამოქალაქო ალიანსს თავისუფლებისთვის“, ის აქციებში ჩასაბმელად მზადაა: „ორი აზრი არაა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა ალასანიას ცნობილი ფარული ჩანაწერის გამო – მე რა ვქნა, მეო, რომ ამბობს. ეს გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ ფაქტზე პასუხი იყო ბიძინა ივანიშვილისგან. როგორც ჩანს, არაფორმალურ მმართველს ეს სიტყვები დღემდე არ ავიწყდება. საერთოდ, სასამართლო სისტემა ამ პროცესებმა უკვე საფლავში ჩადო და ახლა მიდის მიწის მიყრა“.

საგანგებო განცხადება გაავრცელეს ახალმა მემარჯვენეებმაც, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლების ხელში მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური შურისძიების იარაღად მიიჩნევენ და საჭიროების შემთხვევაში, არც აქციებზე ამბობენ უარს. მანანა ნაჭყებია: „ეს განაჩენი იმის დასტური იყო, რომ მურუსიძის ყოფნა სააპელაციო სასამართლოში აუცილებელი სწორედ ასეთი საქმეებისთვის იყო. ამით განაჩენი მარტო 5 ადამიანს კი არა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასაც გამოუტანეს. რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ალასანია ჯერჯერობით, აცხადებს, რომ 21 მაისს დაგეგმილი აქცია პარტიული იქნება და არ უთქვამს, რომ სხვების შეერთებასაც ელის. თუ აქციები უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს და იქნება მოწოდება, დიახ, მასში ახალი მემარჯვენეები აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას“.

აქციებში მონაწილეობაზე თანხმობას „ნაციონალური მოძრაობაც“ აცხადებს, თუმცა, აკაკი ბობოხიძის თქმით, სხვა საკითხია, ეს რამდენად სურს ან აწყობს თავად აქციის ორგანიზატორს. ნაციონალები მარტო ე.წ. „კაბელების საქმის“ გარშემო კი არა, ზოგადად ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის კოორდინაციაზე ალაპარაკდნენ: „არ ვიცი, რას აპირებს პარტია, მაგრამ შინაგანად, მეც და მთელი პარტიაც მზად ვართ, შევუერთდეთ ამ აქციას. თუმცა ეს თავისუფალი დემოკრატების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა საერთოდ ჩვენი მისვლა. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. საერთოდაც, არა მარტო ამ კონკრეტული ფაქტის, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინირებული მუშაობა და გაერთიანებაა საჭირო“.

პაატა ბურჭულაძის ახალი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ აქციებში ჩართვას ასევე არ გამორიცხავს. რა თქმა უნდა, ჯერ შიდაპარტიული გადაწყვეტილება არ არსებობს, თუმცა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას გიორგი რუხაძეც აპირებს: „სასამართლო რომ ხელისუფლების ხელშია, ამას პროცესიც ცხადყოფს და ვერდიქტიც. მხოლოდ პარტიების კი არა, არასამთავრობოებისა და ყველას ვალია, სასამართლომ სისტემის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს. რაც შეეხება აქციას, მასში მონაწილეობას აპრიორი არ გამოვრიცხავთ“.

დაახლოებით იგივე განწყობა აქვთ „პატრიოტთა ალიანსშიც“: გოჩა თევდორაძეს ე.წ. „კაბელების საქმეზე“ ხელისუფლებასთან კითხვები უჩნდება იმის მიუხედავად, რომ ერთ დროს გასაიდუმლოებულ საქმეს დეტალურად არ იცნობს. „პატრიოტები“ არც აქციებში მონაწილეობაზე ამბობენ უარს: „ჯერჯერობით, ალასანიას პარტიისგან შემოთავაზება შეერთებისა და სოლიდარობის შესახებ არ ყოფილა. თუმცა თუ ასეთი იქნება, ამაზე ვიმსჯელებთ. ნამდვილად არ გამოვრიცხავთ აქციებში ჩართვას“.

ასევე, „თავისუფალ დემოკრატებს“ სოლიდარობას უცხადებენ „რესპუბლიკელები“ და შაბათს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის ემზადებიან. ლევან ბერძენიშვილის თქმით, „ოცნებამ“ საკუთარი თავის საწინააღმდეგო განაჩენი მიიღო, რაც ირაკლი ალასანიას პარტიას უფრო გააძლიერებს. ეს „ოცნების“ კვალიფიკაციის დეფიციტზე მეტყველებს, – ასკვნის დავით ბერძენიშვილი.

მოკლედ, მთელ პოლიტიკურ სპექტრში ნინო ბურჯანაძის პარტია ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც უარს ამბობს აქციებში მონაწილეობაზე, თუმცა ამის მიზეზიც არსებობს. პრეისტორია მოკლედ რომ გავიხსენოთ, 26 მაისის დარბევის დროს, ირაკლი ალასანიამ აქციაზე მდგომებს „უხარისხო ქართველები“ უწოდა. შესაბამისად, „ერთი დრო არავის შერჩება“-ს პრინციპით, დღეს ალასანიამ ბურჯანაძის პარტიისგან ხარისხიანი პასუხი მიიღო.

გიგლა ბარამიძე: „კაბელების საქმის“ მთელი რიგი დეტალები ჯერ კიდევ არ ვიცით. რაც უნდა იყოს, ადამიანების ციხეში შებრუნება ძალიან გულდასაწყვეტია და კითხვებიც ჩნდება. თუმცა ერთი ზუსტად ვიცით – ჩვენ ალასანიას აქციებზე არ ვიქნებით. ეს ნიშნის მოგება არ არის, მაგრამ მან 2011 წელს დაგვახარისხა, ამიტომ 26 მაისს ქუჩაში მდგომი ადამიანების მიმართ იქნება უპატივცემულობა, ჩვენ რომ ახლა ალასანიას აქციაზე მივიდეთ. ჰოდა, თავად მოძებნოს ალასანიამ ხარისხიანი ქართველები“.

ვერსია“, 18 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ მერაბ შათირიშვილთან: პაატა ბურჭულაძე ნაციონალების ერთ-ერთი ფლანგია - ვერ ვიტან ადამიანებს, ვინც უწმინდესისა და ეკლესიის სახელით სარგებლობს // რატომ აცხადებს თავს პაატა ბურჭულაძის მოსისხლე მტრად, რატომ დატოვაოცნებადა რას იხსენებს ბურჯანაძე-ივანიშვილის საპარლამენტო შეთანხმებაზე

ნინო კომახიძე

ფასიანი პატრიოტები პარტიიდან პარტიაშიგადაპორტირებული ადამიანები არიან, კოჰაბიტაციური ვასვასი ნაციონალებისა და ოცნების კავშირია პარლამენტში, საქართველო ხეიბარი ქვეყანაა, რადგან, ფეხზე წამოდგომის ნაცვლად, ეტლებს ვაუმჯობესებთ.. - ეს ახალი მოძრაობის დამფუძნებლის, მერაბ შათირიშვილის შეფასებების მხოლოდ მცირე ნაწილია. შეფასებების უმრავლესობის ადრესატი კი, ყველაზე ხშირად, პაატა ბურჭულაძეა. მწერალი მსოფლიო ბანის მოსისხლე მტრად აცხადებს თავს.

მერაბ შათირიშვილი ვერსიასთან ინტერვიუში იხსენებს, როგორ და რატომ წამოვიდა სახალხო კრებიდან, როგორ აღმოჩნდა ნინო ბურჯანაძის ხალხი ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობაში, როგორ მოხდა ისე, რომოცნების დამფუძნებელი და ერთ-ერთი საარჩევნო შტაბის უფროსი დღეს ამ პარტიას ემიჯნება და მთავარი - რა იცის ისეთი პაატა ბურჭულაძის შესახებ, რომ არჩევნებში მის მონაწილეობას პოლიტიკურ ოპონენტებზე მეტად ემიჯნება. ~

ვერსიას მერაბ შათირიშვილი ესაუბრება.

- ბატონო მერაბ, ,,ფასიანი პატრიოტებიოცნების ყრილობაზე შეკრებილებს უწოდეთ. ვინ არიან ისინი და რით დაიმსახურა ასეთი შეფასება ,,ოცნებამმისი ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერისა და დამფუძნებლისგან?

- უმადურობა ხეიბარი ქვეყნების ბედისწერა და უვიცობაა. საქართველოც ერთ-ერთი ხეიბარი ქვეყანაა. ტერიტორიები გვაქვს ჩამოჭრილი, ვართ ეტლში და არავინ ფიქრობს ფეხზე ჩვენს წამოყენებას – ყველა ხელისუფლება ეტლის გაუმჯობესებაზეა გადასული. სწორედ „ეტლების გაუმჯობესების“ დროს იყენებენ დაოსტატებულ მედროვეებს. ჯერ ერთი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ საპირწონედ ნაციონალები ეყოლება, მანამდე წარმატებული პარტია იქნება, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, სწორედ დაბალი აქტივობისა და ნაციონალების ხარჯზე, ამ არჩევნებშიც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. მმართველი პარტია დღეს ნაციონალებს ეუბნება: შეგიძლიათ, ჩვენთან გადმოპორტირდეთო. ასე კოტრდება ნაციონალური მოძრაობა, „ოცნება“ კი ფასიან პატრიოტებს იღებს.

- ამიტომ არ იყავით ,,ოცნებისყრილობაზე თუ არც მიგიწვიეს?

- არ ვიყავი და არც მიუწვევივარ. დღესაც შემიძლია, სხვა პარტიასთან წავიდე, მაგრამ ამას არ ვაკეთებ იმის მიუხედავად, რომ „ოცნებაში“ აღარ ვარ. მედროვეობა არ შემიძლია, თორემ, თავი რომ დამეხარა, კრიტიკული არ ვყოფილიყავი და სიმართლე ხმამაღლა არ მეთქვა, დავრჩებოდი „ქართულ ოცნებაში“, კი არავინ მწიხლავდა და მაგდებდა. ჩემი წვლილია იმ საქმეში და მე ჩემი წვლილი მტკივა, ამიტომაც ვაგრძელებ მათთვის სიმართლის თქმას – მათ დაკარგეს თავიანთი აქტივის 70% და შეიძინეს ახალი სახეები, რომლებიც მზამზარეულ სუფრას მიუსხდნენ და თუ „ოცნება“ ათამადებს, ითამადებენ თუ არადა სხვა პარტიის მაგიდასთან გადასხდებიან!

- თქვენს განცხადებებში წყენა იგრძნობაროგორ მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით, ლუკა კურტანიძესა და სოსო ჯაჭვლიანთან ერთად ჯაჭვები აისხით და ქუთაისიდან თბილისამდე ფეხით იარეთ, ხოლო პარლამენტში ამ აქციის მარტო ორი მონაწილე მოხვდა. რა მოხდა ასეთი თქვენსა და ,ოცნებას შორის?

- „,ქართულ ოცნებას“ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის გამო გავემიჯნე. ეს იყო ერთი ადგილის ქიცინი, რამაც სხვადასხვა ორიენტაციის იდეოლოგები გაათამამა; მეორე მიზეზი ნაციონალებთან კოჰაბიტაცია იყო, მე ამ კოჰაბიტაციურ ვასვასს პარლამენტში, „ოცნებისა” და პორტირებული ნაციონალების სახით, სიამის ტყუპებს ვუწოდებ! პარტიის პოლიტსაბჭო ჩემთვის გაუგებრად დაკომპლექტდა, თუმცა პიროვნულად არავის ვეხები. ეს იყო გაუგონარი პოლიტიკური სელექცია _ ახალი სახეები ,,ოცნებას” ძველი თანამებრძოლების იგნორის ხარჯზე არ უნდა შემოეყვანა! თანაც ,,ოცნებამ” სიურპრიზი გაუკეთა აქტივს და ახალი სახეები ისე წარუდგინა, საკუთარმა დელეგატებმაც კი არ იცოდნენ, ვინ ვინ იყო, ამიტომ ახლა, 22 მაისს, შუალედურ არჩევნებზე, თქვენი გაზეთის მეშვეობით ვაანონსებ, რომ ამომრჩევლის დაახლოებით 40% მიიღებს მონაწილეობას და ,,ოცნება” მოიგებს ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე, რაც გამარჯვება არც არის. ეს ხალხი კი ფორმალური ,,ახალი სისხლია” და ვერც მუხტს აწევს ამომ¬რჩეველში.

- ისე, ყველა ამ ,,პორტირებულნაციონალებზე რომ აკეთებს აქცენტს, ბურჯანაძის პარტიიდან რამდენია ,,პორტირებული” ,,ოცნებაში- სახალხო კრების დარბაზის წევრი იყავით ,,ოცნებამდედა დღეს მთელი კრება ,,ოცნებაშია”, სხვათა შორის, მინუს - შათირიშვილიდღეს რა ურთიერთობა გაქვთ ბურჯანაძესთან?

- 2009 წლის 18 ნოემბერს ეროვნული ფორუმი და სახალხო კრება კალათბურთის დარბაზში გაერთიანდნენ. 25-ში მიტინგი ტარდებოდა და ამ გაერთიანებას არასწორი აქცენტები მოჰყვა. ისმოდა ფრაზები, რომ 25-დან ხელისუფლებას დაამთავრებდნენ, რაც სახალხო კრების იდეის განადგურება იყო. შეკრებაზე, რომელიც ცხონებულ იური ვაზაგაშვილს მიჰყავდა, ვთქვი, აბსურდში ხართ-მეთქი და მაშინ იმ დარბაზში დამისტვინეს. 25-ში კი ქაშუეთთან ვიდექი და კრების იმ აქციაზე ვინ სად გარბოდა, არ იცოდნენ. სახალხო კრების იდეა დღესაც მომწონს, თუმცა ამ აქციის მერე მათთან აღარ ვყოფილვარ. რაც შეეხება კრებისა და ,,ოცნების” ურთიერთობას, ერთ ფაქტს გეტყვით: შეხვედრაზე, სადაც კრებაზე მე, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვ¬ლიანი, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, გოგი ქავთარაძე და სხვები ვიყავით, ბიძინა ივანიშვილმა ასეთი შეთავაზება გააკეთა – ყველას, ვინც კი ისურვებთ დეპუტატობას, მზად ვარ, მაჟორიტარული რაიონები დაგითმოთო. მაშინ გამაოცა ნინო ბურჯანაძის წარგზავნილთა 80%-ის პრინციპულობამ. მათ ამაზე უარი თქვეს, მაგალითად, გია ბურჯანაძე ამ შეკრე¬ბაზე საერთოდ არ მოვიდა, მაგრამ სოსოს და ლუკას უკვე გადადგმული ჰქონდათ ნაბიჯი ივანიშვილის მიმართულებით. უკვე გამოვლილი ჰქონდათ ჩემთან ერთად ჯაჭვების აქცია. საერთოდ, ეს აქცია ჩემი იყო და სწორედ ამის მერე შევხვდით ივანიშვილს, სხვათა შორის, ჩემი კოორდინაციით. მე უკვე ,,ქართულ ოცნებაში” ვიყავი. ~

- დეპუტატობა რატომ არ მოინდომეთ ჯაჭვლიანის, კურტანიძის, ქავთარაძის მსგავსად?

- არც მიფიქრია… შემიძლია, უფლის წინაშე დავიფიცო. ერთი ადამიანი ვერ იტყვის დედამიწაზე, რომ ,,ოცნებაში” მივედი და დეპუტატობა ვითხოვე ან, როცა სოსო და ლუკა მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, არც მათთვის დამიბარებია, ეთქვათ – ჩვენ სამნი ვართ…

- თუმცა თქვენს მთავარ ოპონენტად მაინც პაატა ბურჭულაძეს ვხედავ და ცოტა გაუგებარია, რატომ გაიხადეთ ის მოსისხლე მტრად, რატომ აკეთებთ ასეთ შეფასებებს მის მიმართ?

- პირდაპირ ვიტყვი: „ნაციონალები“ კი არ დაიშალნენ – გაიშალნენ. ამ გაშლილი დინებების ერთ-ერთი ფლანგი კი პაატა ბურჭულაძეა. ვერ ვიტან ადამიანებს, ვინც უწმინდესისა და ქართული ეკლესიის სახელით სარგებლობს. როცა ქველმოქმედი ხარ, უნდა იყო მხოლოდ ქველმოქმედი!

- როგორც ბიძინა ივანიშვილი?

- არა, ბიძინა ბიზნესმენი იყო და ეწეოდა ქველმოქმედებას. ის არაა ბიზნესმენი და მაშინ ისმის კითხვა: საიდან თანხა, რომლითაც რაიონებში ოფისებს ხსნის? თან ორი წელია ჰონორარი არ აუღია. ყველგან, ,,კარფურსა” და სხვა პრესტიჟულ სუპერმარკეტებში დევს ,,იავნანას” შესაწირი ყუთები, ხალხი იქ კაპიკებს ყრის და ამ გროშებით უნდა პოლიტიკაში მოსვლა?

- რა იცით, რომ ამ ყუთებიდან ამოღებული ხურდებით ხსნის ოფისებს?

- ზუსტად ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაარკვიოს, საიდან მოდის ეს ფული, რა სახსრები აქვს მას?

- თუ ასეა, მაშინ ივანიშვილის აქციას გაგახსენებთ, ხალხს ,,ქართუშილარ-ლარი რომ შეატანინა

- გასაგებია, მაგრამ რომც არ შეეტანათ, ბიძინას ფული ისედაც არ უჭირდა. ბურჭულაძე ივანიშვილის საპირწონე ვერ იქნება – რომ იყოს, გვერდით მას დავუდგებოდი არა იმიტომ, რომ ბიძინას გადაჩეხვა მინდა.

- რაკი საპიწრონე არ არის, ამიტომ არ მოგწონთ?

- ის არა სრულყოფილი, არამედ ჩანერგილი პოლიტიკოსია. მსოფლიოში ცნობილ ბანს, ადამიანს, რომელიც ხალხს უყვარს, რა გაჭირვება აქვს, რომ პოლიტიკაში მოდის? ის ძალების გამაერთიანებელი ვერ იქნება, რადგან ვერც თანხით, ვერც ავტორიტეტით ბიძინა ივანიშვილს ვერ გადაწონის. ბურჭულაძის პრობლემა ისაა, რომ ის ნაციონალების ერთ-ერთი განშტოება და ნაშალთაგანია.

- ამას რით ამტკიცებთ?

- სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი რომ გახდა, უკრაინაში წავიდა და იმღერა.

- როგორც კი განვითარების ფონდი შექმნა, შეხვდა ივანიშვილსაც და ალასანიასაც

- თუ ბურჭულაძე ივანიშვილის პროექტია, მაშინ ძალიან ცუდი პროექტია, რადგან ჩვენ გვექნება მედროვეების კიდევ ერთი კერა. აქ ყველაზე საინტერესო და მწვავე სხვა თემაა: ვის თანხებს ხარჯავს ქველმოქმედი – ჩემსას, თქვენსას? მრევლის თანხებით უნდა პოლიტიკაში მოსვლა? ეტყობა, მას პოლიტიკა ოპერის სცენა ჰგონია და გეუბნებით, ის იმ სიყვარულსაც დაკარგავს, რაც ქართული ეკლესიისგან აქვს. ის თავისი ავტორიტეტისა და ღირებულებების საწინააღმდეგოდ მიდის. წარმოგიდგენიათ, იტალიაში პავაროტი რომ მოსულიყო პოლიტიკაში? ბურჭულაძეს ვეკითხები, რა უნდა პოლიტიკაში, რა მიზანი აქვს?!

- და თქვენ რატომ ებრძვით ასე თავგამოდებით _ იქნებ, რაღაც ისეთი იცით, რაც არ იცის ამომრჩეველმა?

- მე მას არ ვიცნობ, ეს არაა პიროვნული შეფასებები. მასთან არაფერი მაკავშირებს, არც შური, არც ზიზღი, პირიქით, დიდ პატივს ვცემ, ვაფასებ, კარგი მომღერალია, ენერგიული კაცია და ენერგიული ხმა აქვს – ჰოდა, გააგრძელოს სიმღერა, ოჯახაშენებულმა! რატომ შემოდის პოლიტიკაში, როცა ხედავს, რომ ,,ოცნების” საპირწონე მხოლოდ ნაციონალები არიან?

- გამოდის, ნაციონალებისა და ,,ოცნებისგარდა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ყველას უნდა ჩამოვართვათ?

- ამის უფლებას არავის ვუზღუდავ… იმიტომ ვართ დახეიბრებული ერი, რომ ასეთი მედროვეებისგან ვერ ვიცავთ ქვეყანას. ამიხსნას, რით შემოდის პოლიტიკაში, ჩემს მიერ შესაწირის ყულაბაში ჩაგდებული ფულით?

- ანუ მთავარი კითხვა და პრეტენზია პაატა ბურჭულაძესთან ისაა, საიდან აქვს ფული?

- პირველი კითხვა სწორედ ესაა – რა ფულით ხსნის რაიონებში ოფისებს. თუ დამფინანსებელი ჰყავს, ისიც უნდა ითქვას, ვინაა, ეგ რა დასამალია; მეორე კითხვა ისაა, რა მიზანი აქვს პოლიტიკაში და მესამე _ ის ვერ გააერთიანებს საზოგადოებას, პირიქით, მის დაშლას შეუწყობს ხელს და ამას რატომ აკეთებს?

- და ყველა კითხვის პასუხი მიდის მაინცდამაინც ნაციონალურ მოძრაობასთან?

- დღეს, როცა საქართველოში არის ბიძინა და არის მისი მილიონები, პოლიტიკაში რომ შემოდიხარ, უნდა გქონდეს შენი თანხა ან ხელისუფლება გაფინანსებდეს. ჰოდა არ მესმის, რატომ უნდა პაატა ბურჭულაძეს, რომ მას ეს კითხვები დაუსვან, რატომ სურს, რომ აღარ იყოს პაატა ბურჭულაძე?

- უკვე დაანონსებულია, რომ აუდიტის სამსახური მისი ფონდისა და პარტიის ფინანსებს შეამოწმებს. დამოკიდებულება არც მისი ფინანსური გამჭვირვალობის შემდეგ შეგეცვლებათ?

- თუ აუდიტის სამსახურის შემოწმების შემდეგ გამოჩნდება, რომ ბურჭულაძის საქველმოქმედო ორგანიზაციიდან არანაირი თანხები არ მიდის ოფისების გახსნაში, მას თავად აქვს ეს ფული ნაშოვნი, გვეტყვის საიდან და დამაჯერებელი იქნება, მაშინ მოიხსნება ფინანსური კითხვა. თუმცა ეჭვი დამებადება, აუდიტის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ეს უკვე სულ სხვა, ბიძინა ივანიშვილის თამაში ხომ არ არის.

- .. პაატა ბურჭულაძეს უფლება წაართვით, თავად უნდოდეს პოლიტიკაში მოსვლა - ან სააკაშვილის პროექტია, ან ივანიშვილის?

- მას არაფრის უფლებას ვართმევ. პირიქით, ვიცავ, როგორც მომღერალს. ბურჭულაძის ჰონორარი უნდა მოხმარდეს მის ოჯახსა და მის კარიერას! მე მგონია, რომ ის ვიღაცის ინტერესს ემსახურება.

- არც ნაციონალი, არც ,,ოცნება”, არც ბურჭულაძე, არამედ ვიღაც სხვა _ ეს ,,ვიღაც სხვაკი არასდროს ვიცით, ვინაა. რაკი არსებული ძალებიდან არავინ მოგწონთ, ვის უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა, თქვენი აზრით?

- დღეს სხვა ძალა არ ჩანს. ამ არჩევნებში, რა თქმა უნდა, ,,ოცნება” გაიმარჯვებს. რა პათოსითაც ,,ოცნების” ყრილობა ჩატარდება, ასეთივე იქნება 2016 წლის არჩევნებიც. ,,ოცნება” მაჟორიტარიდან თითქმის ყველას გაიყვანს, პარტიული სიიდანაც რამდენი ათეული ადამიანი გავა და მას უმრავლესობა ექნება. პარლამენტში შევლენ რესპუბლიკელებიც, სწორედ ,,ოცნების” ხელშეწყობით. ასევე, ნაციონალური მოძრაობა, სავარაუდოდ, ბურჭულაძეც, გააჩნია, რა ფიგურებს დაიყენებს გვერდით, ასევე, ნინო ბურჯანაძე და ირმა ინაშვილი და ალბათ, ბარიერს გადალახავს ალასანიაც. შესაბამისად, იქნება ,,ოცნება”, შემდეგ ლიბერალური ფრთა ბურჭულაძე, ალასანია, რესპუბლიკელებით და ბოლოს დამრტყმელი ძალა _ ბურჯანაძე-ინაშვილი.

- და თქვენ რას აპირებთ, ვიცი ,,ახალი მოძრაობადააფუძნებთ. მისი რიგებიდან არჩევნებში ჩართვას ხომ არ გეგმავთ?

- არა, ეს საზოგადოებრივი მოძრაობაა. რომელიმე პარტიის რიგებიდან არჩევნებში ჩართვას არ ვაპირებ და სიმართლე გითხრათ, არც შეთავაზებები მიმიღია, თუმცა, მოგვიანებით, ალბათ გავასაჯაროებ, რომელ პარტიას დავუჭერ მხარს. ასე რომ, ამ არჩევნებზე აქტიურობას მხოლოდ სამოქალაქო სექტორში ვგეგმავ.

———————–

„ახალი თაობა“, 19 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: “პაატა ბურჭულაძე ხმებს ქართულ ოცნებას წაართმევს“ // „გიორგი კვირიკაშვილს შეუძლია, პარტიის რეალური მმართველი იყოს

„ახალი თაობა“ პოლიტოლოგს და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრება: „საარჩევნო კამპანია არაოფიციალურად უკვე კარგა ხანია დაწყებულია და ეს ყველაფერს ეტყობა. ნელ-ნელა სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. დიდი ხანია, არ ყოფილა ისეთი ვითარება, რომ პარტიების უდიდეს უმრავლესობას ჰქონდეს შანსი 5%-იანი ბარიერის გადალახვის. ძალიან დიდი კონკურენცია იქნება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

- პაატა ბურჭულაძის შანსები როგორია?

- როდესაც ფონდის დაარსებაზე გაკეთდა განაცხადი, იმთავითვე იყო მოლოდინი, რომ პარტიად გადაკეთდებოდა.

- მსგავსი მანევრი რით იყო განპირობებული?

- ბატონი ბურჭულაძე საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს. ნიადაგი მოსინჯა. ფონდის სახელით რაიონული ოფისები გახსნილია, შეხვედრები გამართა ხალხთან და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ აქვს პოტენცია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის იბრძოლოს, პოლიტიკური განაცხადიც გააკეთა. დღეს ორ პარტიას აქვს გარანტირებული შანსი, რომ ბარიერი დაძლიოს: ნაციონალურ მოძრაობასა და `ქართულ ოცნებას~. 6-7 პარტია კი ინაწილებს ბარიერის დაძლევის შანსს. ბურჭულაძისადმი საზოგადოებაში არსებობს კეთილგანწყობა, როგორც საზოგადო მოღვაწესა და საოპერო მომღერალს, მაგრამ რამდენად მოახერხებს ამ განწყობის გადატანას პოლიტიკურ კაპიტალში, რთული სათქმელია. ერთი რამ, რაც ჯერჯერობით მკაფიოდ იყო გამოკვეთილი, არის ის, რომ ეს არის დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაცია.

- სახელისუფლო გუნდის განცხადებებით გამოჩნდა, რომ ბურჭულაძის პოლიტიკური განაცხადის მიმართ მათი დამოკიდებულება არცთუ კეთილგანწყობილია. ეს იმიტომ, რომ მთავარ კონკურენტს ხედავენ?

- მმართველი გუნდიდან ბურჭულაძის განაცხადს კრიტიკული შეფასებები რომ მოჰყვა, ეს ბუნებრივია და გამომდინარეობს იქიდან, რომ ის ამომრჩეველს ვერ წაართმევს ნაციონალურ მოძრაობას, ბურჭულაძის სამუშაო ასპარეზი არის ამომრჩევლის სწორედ ის ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ გულაცრუებულია. ამიტომ ბურჭულაძის პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლა „ქართულ ოცნებას“ ხელს არ აძლევს. იმის შანსი, რომ მმართველმა გუნდმა განაწყენებული ამომრჩეველი დაიბრუნოს, ბურჭულაძის გამოჩენით მცირდება. თუმცა, ბურჭულაძის წინ არის პრობლემები, რაზეც ვისაუბრე და თუ მათ დაძლევს, მაშინ შეიძლება იქცეს ერთ-ერთ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად, მაგრამ არჩევნებამდე მცირე დრო რჩება, შესაბამისად, ისინი ცაიტნოტში არიან.

- გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების ოფიციალური ლიდერი გახდა. ეს შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ პარტიაში არსებული ქაოსი, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები დასრულდა?

_ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მხოლოდ ახლა ყალიბდება. კვირიკაშვილის ლიდერობა პირველ რიგში იქნება კითხვის ნიშნის მოხსნა, პარტია არის თუ არა პროდასავლური ორიენტაციის. იდეოლოგიური სხვაობები ალბათ მოიხსნება და ეს განცხადება პრემიერმა უკვე გააკეთა.

- გიორგი კვირიკაშვილი რამდენად შეძლებს, რეალური ლიდერი გახდეს, რომ გადაწყვეტილებები პირადად მან მიიღოს?

_ მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაზე, არამედ პარტია „ქართულ ოცნებაზე“, გიორგი კვირიკაშვილს შეუძლია, ეს ვერტიკალი დაალაგოს. ვნახოთ. რას იზამს.

- შეძლებს?

- ვნახოთ, მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი, მიუხედავად მისი გავლენისა, შეიძლება კვირიკაშვილისთვის ხელშემშლელი ფაქტორი იყოს. თუ დაინახავს, რომ ხელშემშლელი იქნება, მაშინ უკეთესია, უარი თქვას პარტიის ხელმძღვანელობაზე. თუმცა, არ მგონია, ივანიშვილი შეეწინააღმდეგოს კვირიკაშვილს. პარტიული მექანიზმის აწყობა ფორმალურ ლიდერსაც სჭირდება და არაფორმალურ ლიდერსაც, თუ პარტიამ უნდა იფუნქციონიროს.

„ახალი თაობა“, 19 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი გოგავასთან: „ნაციონალური მოძრაობის გადასარჩენად 250 კაცი შეიკრიბება“ // „პაატა ბურჭულაძე რრგორი პოლიტიკოსი იქნება, ალბათ ამას დრო აჩვენებს

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში არასამთავრობო კვლევითი ცენტრის, საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გოგავა აფასებს.

- ბატონო ირაკლი, თქვენ აირაი“-ს ერაყის ოფისის ხელმძღვანელი იყავით. დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი უნდობლობას უცხადებს სოციოლოგიურ კვლევებს. რატომ არ არის მაღალი ნდობა, რატომ არ ენდობა ხალხი ენდიაი“-ს და აირაი“-ს კვლევებს?

- „აირაი“-ზე მე კომენტარს არ ვაკეთებ. ხოლო „ენდიაი“-ს რაც შეეხება, მთავარი მიზეზი ალბათ იმ ორგანიზაციაშია, რომელსაც ის კვლევებს უკვეთავს.

- ანუ?

- ანუ ის ორგანიზაცია, რომელიც „ენდიაი“-ს ჰყავდა დაქირავებული, წინასწარ მომზადებულ ველზე ატარებს კვლევებს, რაც ცალკეული პოლიტიკური პარტიებისთვის უპირატეს მდგომარეობას გულისხმობს.

- წინასაარჩევნოდ ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა პოლიტიკურ ბაზარზე. ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებას განახლებული სია წარუდგინა, ახალი სახეები წამოვიდნენ წინა პლანზე, რამდენად უშველით განახლება და რებრენდინგი?

- ხალხში მხარდაჭერა ნაციონალებს არ აქვს. ამ პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი შემოიფარგლება მხოლოდ იმ ადამიანებით, ვინც კომფორტულად ცხოვრობდა მათი რეჟიმის დროს. ამდენად, არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში რომ ვერ მოვლენ, ეს ყველას კარგად ესმის. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან 2003 წლის აპრობირებული სცენარის გამეორებას, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. იგივე სცენარის გათამაშებას შეეცდებიან. რაც შეეხება მათ განახლებულ სიას, ამ სიაში პირველი ნომერიც, მეორე ნომერიც და მეასე ნომერიც არის მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, რაც უნდა დიმიტრი გელოვანები ჩაწერონ სიაში, ხალხმა ან უნდა მისცეს ხმა, ან არ უნდა მისცეს მიხეილ სააკაშვილს.

- თქვენ საუბრობთ რევოლუციური გზით მოსვლის შესახებ. რამდენად გამოუვათ ეს სცენარი?

- მე ვფიქრობ, რომ რესურსი მათ აღარ აქვთ. თუმცა დიდი ფული გააჩნიათ, მაგრამ ხალხის ნდობის რესურსი ნამდვილად არ აქვთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეეცდებიან, მაგრამ ვერ შეძლებენ გადატრიალების მოწყობას.

- საუბარია, რომ მათ ამერიკა უჭერს მხარს, კონკრეტულად რომელ ძალებზეა საუბარი? ვინ არის მათი მხარდამჭერი?

- ამერიკა სწორედ რომ არ უჭერს მხარს. ამერიკაში საქართველოს საკითხი არ არის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი. ამდენად, ვისაც გავლენა აქვს, ისინი არ ერევიან, უბრალოდ, სხვა საქმით არიან დაკავებულნი, მაგრამ არის სამხედრო სამრეწველო ჯგუფი, ეს არის კერძო ბიზნესი, რომელსაც აინტერესებს მოკავშირე პოლიტიკოსების ყოლა სხვადასხვა ქვეყნებში. განსაკუთრებით იქ, სადაც კონფლიქტების ალბათობა მაღალია. ეს ჯგუფი ნამდვილად უჭერს მხარს სააკაშვილს. ეს გავლენიანი ჯგუფია, თუმცა არა ერთადერთი და არა წამყვანი ჯგუფი ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ არის უაღრესად პროგრესულად მოაზროვნე რესპუბლიკელი, არიან დემოკრატები, ისინი მხარს არ უჭერენ სააკაშვილს და მას შოუმენს უწოდებენ.

- რა ინტერესი აქვს საქართველოში ამ სამხედრო სამრეწველო ჯგუფს?

- ის ინტერესი აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი შეკვეთა მიიღოს ამერიკის ფედერალური ბიუჯეტიდან სამხედრო ხარჯებზე. ნებისმიერი კონფლიქტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც შეიძლება ამერიკის ინტერესი პოტენციურად მიბმული იყოს, არის მათთვის წყარო, რომ ახალი შეკვეთები მიიღონ ამერიკის მთავრობისგან და აიღონ თანხები ამერიკის ფედერალური ბიუჯეტიდან.

- აქ საუბარია მხოლოდ ფინანსურ ინტერესზე?

- რა თქმა უნდა, ცალსახად. ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსი, ვინც სააკაშვილს გვერდში უდგება და მხარდაჭერას გამოუთქვამს, ცალსახად არის ფინანსურად დაინტერესებული. სხვა შემთხვევაში, ნორმალურად მოაზროვნე პოლიტიკოსი, გინდა ევროპელი, გინდა ამერიკელი, სისხლიან დიქტატორს დახმარებას ვერ აღმოუჩენს და რეპუტაციას არ გაიფუჭებს.

- ახალი მოთამაშე შემოვიდა პოლიტიკურ ბაზარზე, პაატა ბურჭულაძის და მისი პოლიტიკური პარტიის სახით. როგორია თქვენი შეფასებები, რა შანსები აქვთ? ძალიან ბევრი პაატა ბურჭულაძეს და მის პარტიას ნაციონალების სატელიტად მიიჩნევს. ამაზე რას იტყვით?

- ვერ გეტყვით, ალბათ ყველაფერს დრო გამოაჩენს. პაატა ბურჭულაძე ძალიან მომწონდა, როგორც მომღერალი. პოლიტიკოსი როგორი იქნება, ალბათ ამას დრო აჩვენებს. მოუწევს მას დაფიქსირება საკუთარი პოზიციების ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ ყველაფერზე მივიღებთ ნათელ სურათს.

- დანარჩენ ოპოზიციაზე რისი თქმა შეგიძლიათ? ბოლო დღეებია, დიდი ყურადღების ცენტრშია ალასანია და მისი გუნდი კაბელების საქმიდან გამომდინარე. რამდენად ხედავთ ხელისუფლების ინტერესს ამ საქმეში?

- პროკურატურა ამბობს და ამტკიცებს, რომ ფული მოიპარეს, თვითონ ამბობენ, რომ არ მოუპარავთ. მე ნამდვილად ვერ შევაფასებ ამას, იმიტომ, რომ საქმეს არ ვიცნობ. თვითონ ალასანია ნორმალურ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს. მას აქვს გარკვეული მხარდაჭერა. ზუსტად არ ვიცი, რამდენი პროცენტი და რამდენი ადამიანი უჭერს მხარს, მაგრამ ჩემთვის მისაღებია მისი პროდასავლური კურსი. პირადად მე ალასანიასთან პრობლემა არ მაქვს.

- წინასაარჩევნოდ მოხდება ერთნაირი ორიენტაციის მქონე პარტიების დაჯგუფება? საუბარია ალასანიას, რესპუბლიკელების და ნაციონალების ერთი ჯგუფის ალიანსზე.

- დაჯგუფებები წარმოიშვება საარჩევნოდ. დაახლოებით ივლისში გამოჩნდება ყველაზე მკაფიოდ. რესპუბლიკელებს მხარდაჭერა არა აქვთ, განსაკუთრებით უსუფაშვილ-ხიდაშელის ფაქტორის გათვალისწინებით. ისინი ცალსახად უნდა მიეკედლონ ვიღაცას, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა, რომ ისინი პარლამენტში მოხვდნენ. რა თქმა უნდა, ისინი მივლენ ალასანიასთან, მივლენ სხვებთანაც და რა და როგორ განლაგდება, ეს ივლისში გამოჩნდება.

- სახელისუფლებო გუნდზე რისი თქმა შეგიძლიათ? როგორ აფასებთ მათ ოთხწლიან მმართველობას? საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს `ოცნებას~. როგორია თქვენი შეფასებები?

- რა თქმა უნდა, ბევრი უკმაყოფილო ჰყავთ და საკმაოდ სამართლიანადაც. ხალხი არის განრისხებული. დაპირებები ჰაერშია გამოკიდებული. რაღაც ნაწილში მუშაობენ, რაღაც ნაწილში ვერ მუშაობენ, თუმცა მე დღეს ოდნავ სხვანაირად შევხედავდი ამ სიტუაციას.

- როგორ?

- პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთი ძალის მოსვლა ხელისუფლებაში და მომავალ პარლამენტში, რომელიც არასდროს იქნება ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური ჯგუფი. მათ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს 2012 წლის შემდეგ რებრენდინგი, ვერ შეძლეს კრიმინალური ლიდერის ჩამოშორება, ამიტომ თავის თავს უნდა დააბრალონ ყველაფერი. ამიტომ ნებისმიერი ძალა, რომელიც მათ პოტენციურადაც კი არ შეეკვრება, ჩემთვის იქნება მისაღები ძალა პარლამენტში. მათ შორის „ქართული ოცნებაც“.

- ექნება ოცნებას მხარდაჭერა 2016 წლის არჩევნებში?

- „ოცნებამ“ ქვეყანა ვერ ააყვავა, მაგრამ ისეთი საზიზღრობებიც, რასაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა, არაფერი გაუკეთებია. ამიტომ ზიზღის ხარისხი „ოცნების“ მიმართ მოსახლეობაში არ არის, უკმაყოფილების ხარისხი მაღალია და სამართლიანიც. „ოცნების“ მთავარი პრობლემა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ნეპოტიზმი. ნეპოტიზმი არის არაპროფესიონალების და არაკომპეტენტურობის ბუდე, რომელიც აფერხებს ნებისმიერ საქმეს. რეფორმებია საჭირო ეკონომიკის სფეროში და მთავარი, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, ეს არის სამუშაო ადგილები.

- შეძლებს ხელისუფლება, რომ არჩევნები ჩაატაროს დაძაბულობის და ექსცესების გარეშე?

- ხელისუფლება ვერ შეძლებს ამას. დაძაბულობა და ექსცესები იქნება, ვინაიდან სწორედ ამაზე გათვლიან ნაციონალები, მაგრამ სამართალდამცავებში პროფესიონალები მუშაობენ და, ვფიქრობ, ისინი დროულ რეაგირებას მოახდენენ და იზოლირებას გაუკეთებენ მსგავს პროცესებს.

- კეთდება შეფასებები, რომ მწვავე აქციებს, გამოსვლებს უნდა ველოდოთ არჩევნების შემდეგ და არა - არჩევნებამდე. ამაზე რას იტყვით?

- რა თქმა უნდა, არჩევნებს დაელოდებიან. იდეალური არჩევნებიც რომ ჩატარდეს, ის შეფასდება, რომ არალეგიტიმურია, რომ დაირღვა ამომრჩეველთა უფლებები და ასე შემდეგ, როგორც ეს რევოლუციის სახელმძღვანელოში წერია. შეეცდებიან მასობრივი გამოსვლების ორგანიზებას. შეიძლება სისხლისღვრაზეც კი წავიდნენ პროვოკაციის მიზნით, მაგრამ მათი შეკრებები გვახსოვს ჩვენ რუსთავი 2-ის ეზოში, 200 კაცი როცა შეკრიბა რუსთავი 2-ის გადასარჩენად. ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობის გადასარჩენად 250 კაცამდე შეიკრიბება. ეს იქნება საბოლოო შედეგი.

„ახალი თაობა“, 19 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ბიძინა ივანიშვილს ერთგული ხალხი ჩამოაცილეს“ // „რა სკანდალი მოხდა ყრილობის წინ ქართულ ოცნებაში“ // „დროა, ირაკლი ღარიბაშვილი ოცნებას გვერდით დაუდგეს

რატომ ჩამოაცილეს ბიძინა ივანიშვილს ერთგული ხალხი, რატომ აგვიანებს მმართველი გუნდი საარჩევნო სიის გასაჯაროებას, ვინ იქნება არჩევნებზე მათი მთავარი მტერი, ვის აპირებს თანაპარტიელებზე „დანოსების“ დაწერას? – ამის შესახებ „ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

ნიკოლოზ მჟავანაძე:

- მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგების დიდი შანსი გააჩნია, მას არჩევნებზე ძალიან გაუჭირდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი, რომელიც პროქართულად აზროვნებდა და ხალხის სიმპათიებით სარგებლობდა, პარტიიდან იქნა გარიყული. თამაზ მეჭიაურმა უკვე ოფიციალურად გააკეთა განცხადება წასვლის შესახებ. მას კიდევ რამდენიმე დეპუტატი მიჰყვება. ჩემთვის მათი ვინაობა ცნობილია, მაგრამ არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ვინმე, დაველოდოთ, თავად გააკეთებენ ამ განცხადებას. ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ გარიყეს, რომ განსხვავებული პოზიცია აქვთ.

მსოფლიოში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ხელისუფლებაში ყველას ერთი აზრი აქვს. ამერიკის მაგალითების მოყვანა ძალიან უყვართ საქართველოში და ბევრ რამეშიც ბაძავენ ამერიკელებს. რამდენიმე კვირის წინ კონგრესმენმა რასელმა განაცხადა, ივანიშვილს ანგარიშები უნდა გავუყინოთო. ამის გამო აშშ-მ ლამის ოფიციალური ბოდიში მოიხადა – ეს ჩვენი პოზიცია არ არისო. იგივე ხდება ხოლმე მაკეინის განცხადებების დროს. ამის მიუხედავად, ამ ადამიანებისთვის შენიშვნა არავის მიუცია, გუნდიდან გარიყვაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. გამიჭირდება იმის თქმა, ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერი ვისი გულის მოგებას აპირებს. სამაგიეროდ, კარგად ვხედავ, როგორ უარყოფით გავლენას ახდენს ეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე,

- რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოჰყვეს ოცნებიდან რამდენიმე ადამიანის წასვლას?

- როგორც უკვე გითხარით, ის ხალხი გაირიყა, ვინც ეროვნულად აზროვნებდა და ამით ხალხის სიმპათიას იმსახურებდა. მოსახლეობას ისიც ახსოვს, როგორი თავგამოდებით იბრძოდნენ ეს ადამიანები რეჟიმის წინააღმდეგ. ახლა ეს ხალხი მოულოდნელად საარჩევნო სიის მიღმა აღმოჩნდა. ამ დროს სიაში იმ ხალხის ჩასმას აპირებენ, რომლებსაც იმ 9 წლის მანძილზე ერთხელაც არ გაუკრიტიკებიათ ნაციონალები. ეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ბევრ კითხვას უჩენს და ისინი ამ პარტიას არჩევნებში ხმას აღარ მისცემენ.

მმართველი გუნდის მიმართ დამატებითი კითხვები და ეჭვები პარტიის ყრილობამაც გააჩინა. პარტიის პირველი პირები რომ არ ჩარეულიყვნენ საქმეში, სკანდალი გარდაუვალი იქნებოდა.

- რა სკანდალზე საუბრობთ?

- ყრილობამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად მოსაწვევები დეპუტატების ნაწილს არ გაუგზავნეს. ეს გადაწყვეტილება ზოგიერთმა ლიდერმა მიიღო. დეპუტატებმა ეს ამბავი გაახმაურეს და როცა ეს ამბავი ზემოთ გაიგეს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. უხერხულია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ამდენი ბრძოლა გამოიარეს, უპატივცემულოდ ექცევიან. ყრილობაზე ასევე წარმოგვიდგინეს ახალი სახეებიც. პიროვნულად არავისზე არ ვისაუბრებ, მაგრამ მართლა ვერ გავიგე, რასთან გვაქვს საქმე. მე ახალი სახე ასე მესმის, რომ ადამიანი, შესაძლოა, შენს პარტიაში არ იყო, მაგრამ პოლიტიკურად და საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიური იყო. ასე საიდანღაც ხალხის მოყვანა არ შეიძლება. პარტია კერძო კომპანია არ არის, სადაც თანამშრომელს გამოსაცდელი ვადით იღებენ – იქნება გამოგვადგესო. სად მიდიან მერე, თუ ეს ახალი სახეები არ გამოადგათ? მეგონა, ამ მიმართულებით უფრო სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ, რადგან რამდენიმე ახალი სახე არ გამოადგათ.

- ვისზე საუბრობთ?

- გიორგი მარგველაშვილზე. ამ ადამიანს პოლიტიკურად არავინ იცნობდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი პრეზიდენტად გაიყვანა. ყველა ვხედავთ, რასაც აკეთებს მარგველაშვილი. იგივე შემიძლია ვთქვა უჩა ნანუაშვილზე. კაცი სახალხი დამცველად აირჩიეს, რომელიც თავის მოვალეობებს არ ასრულებს. დიდი ზარზეიმით გაიყვანეს ნაძალადევის მაჟორიტარად თამარ კორძაია, რომელიც სახელისუფლებო გუნდში კი იყო, მაგრამ სულ ხელისუფლების კრიტიკაში იყო და ბოლოს რესპუბლიკელებში გადაბარგდა.

ასეთი ახალი სახეების გამოჩენაც აღიზიანებს „ოცნების“ მხარდამჭერებს. უთანხმოებაა თავად გუნდში და გადამწყვეტ მომენტში, შესაძლოა, სერიოზული დაპირისპირების მომსწრენი გავხდეთ. ნაციონალური მოძრაობის მიმართ სიმპათიებს ვერავინ დამწამებს, სულ მათ გასამართლებას ვითხოვ, მაგრამ ამ გუნდს დადებითი რაც აქვს, ისიც უნდა აღინიშნოს – ამ გუნდის წევრები ერთად დგანან. „ქართულ ოცნებაში“ კი ასეთ ერთიანობას ვერ ვხედავ.

- ამბობენ, რომ ნაციონალებიდან ბევრს უნდა წასვლა, მაგრამ შანტაჟის საფუძველზე აკავებენ მათ პარტიაში...

- გინდა შანტაჟი უძახეთ, გინდა ფულის გადახდა, მაგრამ ფაქტია, რომ პარტია სულ რამდენიმე ადამიანმა დატოვა. გუნდის 98% ისევ ადგილზეა და, რაც მთავარია, ნაციონალებს ერთმანეთზე „დანოსები“ არ დაუწერიათ…

- რა დანოსების დაწერაზეა საუბარი? ქართულ ოცნებაში ვინმემ ვინმე ჩაუშვა თუ რა ხდება?

- ზოგიერთი საარჩევნო სიის მიღმა თუ დარჩა, ხელისუფლების პირველ პირებზე ისეთი „დანოსების“ დაწერას დაიწყებენ, კალამს ვერ გააგდებინებენ ხელიდან. ეს ხალხი არ არის იდეალების მატარებელი და მათგან ერთგულებას ნურავინ მოითხოვს. ერთგულ ხალხს პარტიიდან უშვებენ.

- დანოსების წერაში ვინმე შემჩნეული გყავთ თუ ამ განცხადებას გონივრული ეჭვის საფუძველზე აკეთებთ?

_ „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებში მყოფი ზოგიერთი პირი დღემდე ორმაგ თამაშს ეწევა. მესმის, რომ საზოგადოებას ძალიან უნდა გაიგოს, კონკრეტულად ვისზეა საუბარი. ამჯერადაც არ დავასახელებ კონკრეტულ გვარებს, რაც უკეთესიც კია, იმიტომ, რომ როცა არ ასახელებ კონკრეტულ გვარს, ბევრი ფიქრობს, მე ხომ არ ვყავარ მხედველობაშიო.

- ამით იმის თქმა გინდათ, რომ ოცნებაში“ „დანოსების წერისადმი მიდრეკილი გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ იცით?

- ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ასეა. მინდა ვთხოვო ბიძინა ივანიშვილს, კარგად გადახედოს საკუთარ გარემოცვას. კარგად გადაამოწმოს ის ინფორმაციები, რომლებსაც მას აწვდიან. სამწუხაროდ, მის გარშემო ერთგული ადამიანი ცოტა დარჩა, ისინი პარტიიდან გარიყეს. სამაგიეროდ, მომრავლდა ისეთი ხალხი, რომელიც ნაციონალებთან თანამშრომლობდა. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ პარტიაში ამ ადამიანების აღზევება ხდება. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს შეგნებულად აწვდიან დამახინჯებულ ინფორმაციებს და ის შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი. ეს ინფორმაციები საარჩევნო სიის დაკომპლექტებასთან არის დაკავშირებული. სიას მოქმედი პრემიერი აკომპლექტებს, მაგრამ აზრს ივანიშვილსაც ეკითხებიან და ითვალისწინებენ კიდევაც. როდესაც ასეთი კონსულტაციები მიდის, შესაძლოა, ვიღაც-ვიღაცების სასარგებლოდ არასწორი არჩევანი გაკეთდეს. სერიოზულ ეჭვებს ბადებს ისიც, თუ რატომ ჭიანურდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარდგენა.

- ეს ეჭვებს რატომ ბადებს, სიის წარსადგენად ჯერ კიდევ აქვთ დრო...

- ეჭვებს იმიტომ ბადებს, რომ, როგორც ამბობენ, სია დაკომპლექტებულია და მისი წარდგენა გვიანდება. ვიღაცებს ეშინიათ კიდეც ამ სიის წარმოდგენა, იციან, რომ სიის გამოქვეყნებას ხმაური მოჰყვება. სიაში იქნება რამდენიმე ისეთი პირი, რომელთა დასახელებას ხმაური მოჰყვება.

- არც ამ გვარებს დაასახელებთ?

- ეს გვარი არაერთხელ მაქვს ნახსენები. სიაში აპირებენ თამარ ჩუგოშვილის ჩასმას, რასაც უარყოფითი რეაქციები მოჰყვება. ეს თავადაც კარგად იციან და ამიტომაც ამოიღეს ის სიის ათეულიდან და ცოტა იქეთ გადაწიეს. სიაში კიდევ ეყოლებათ ხალხისთვის მიუღებელი გვარები. „ქართული ოცნების“ მთავარი მტერი თავად  „ქართული ოცნებაა“. არჩევნებზე წარმატებას თუ ვერ მიაღწიეს, ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. როდესაც ერთგულ ადამიანებს არ აფასებ და ნაციონალების პოლიტიკის მძევალი ხდები, ეს კარგ შედეგს არ გამოიღებს. მოსახლეობას ტერიტორიული მთლიანობისკენ გადადგმული ნაბიჯების ხილვა სურს და არა იმის მოსმენა, რომ ნატოს კარი აუცილებლად გაიღება. „“ქართული ოცნების“ ყრილობაზე აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების კონკრეტულ გეგმაზე საუბარი არ ყოფილა. სამაგიეროდ, ბევრი საუბარი იყო ნატოზე და მიგვაჩვიეს იმ აზრს, რომ თითქოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსია ჩვენი სტრატეგიული ამოცანა. რაც ასე არ არის. ვინც ამას ამბობს, სწორედ ის არის პრორუსული.

- ნატო სტრატეგიული ამოცანა არ არისო და აბა რა არის?

- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ვინ დამიბრუნებს ტერიტორიულ მთლიანობას, ნატო, რუსეთი თუ ყირგიზეთი, საერთოდ არ მაინტერესებს. შეეშვან ამ ნატოზე საუბარს და ტერიტორიების დაბრუნებაზე იფიქრონ. კარგი იქნება, თუ `ქართული ოცნების~ წარმომადგენლები, ნატოს მსგავსად, პაატა ბურჭულაძეზეც შეწყვეტენ საუბარს. იმდენს ლანძღავენ, რომ ამით ამ ადამიანს მარკებს უწევენ. პაატა ბურჭულაძის ხშირად ხსენებას, ურჩევნიათ, სიაში ისეთი ხალხი შეიყვანონ, რომლებიც მოსახლეობაში ნდობით და სიმპათიებით სარგებლობენ. „ქართული ოცნების“ სერიოზული მინუსი არის ისიც, რომ გუნდში ქარიზმატული ფიგურები არ ჰყავთ. ასეთი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მისი წასვლით მმართველმა გუნდმა ბევრი დაკარგა. ირაკლი ღარიბაშვილი ხალხს რომ უყვარს, ეს ყრილობაზეც გამოჩნდა. მის გამოჩენას ხალხი რამდენიმეწუთიანი ტაშით შეეგება. ასეთი აღტაცება არც ერთი მოქმედი ლიდერის მიმართ არ გამოუხატავთ. ეს ცოტას არ ნიშნავს. იმედია, ხელისუფლება მის პოტენციალს გამოიყენებს.

- როგორ გამოიყენებს, ღარიბაშვილმა თქვა, საარჩევნო სიაში არ ვიქნებიო...

- ეს თქვა, მაგრამ დაამატა, თუ „ოცნებას“ დასჭირდება, გვერდით დავუდგებიო. მგონია, რომ მისი გვერდზე დგომა უკვე სჭირდება „ოცნებას“. ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს.

„ახალი თაობა“, 19 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „ნატო საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია“ // „დასავლეთის სახელმწიფოებთან ორმხრივი სამხედრო ხელშეკრულებები უნდა გავაფორმოთ“ // „საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა მიზანშეწონილი არ არის

სახალხო ფრონტის ლიდერი, ყოფილი დეპუტატი ნოდარ ნათაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აფასებს ბოლო დროს პარტია „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე დაპირისპირებას საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და გამოთქვამს პოზიციას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის თაობაზე.

„ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია სამმხრივი წვრთნები, რომლებიც დაიწყო საქართველოში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით. დეპუტატი თამაზ მეჭიაური, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს ნატოში ინტეგრაციას და ამ წვრთნების მნიშვნელობას, ეტყობა, ვერ ერკვევა სიტუაციაში“, – ამბობს ნოდარ ნათაძე.

- კერძოდ?

- თამაზ მეჭიაურს ვერ გაუაზრებია, რომ რუსეთის მიზანი უცვლელია. რუსეთს უნდა, რომ საქართველო ან სულ არ არსებობდეს, ან რადიაციული გაუვალი უდაბნო იყოს, ან გაყოფილი იყოს რუსეთსა და სხვა სახელმწიფოს შორის. ამ მიზანზე რუსეთი ცოცხალი თავით უარს არ იტყვის. თუმცა, შეიძლება მას ამაზე უარი მოუწიოს სრული დამარცხების შემთხვევაში. რუსეთის განზრახვაა, ბოლომდე მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსია. ამის შემდეგ რუსეთს იმედი აქვს, რომ გახდება ამიერკავკასიის მეოთხე სახელმწიფო და დასავლეთს პირდაპირ მოუწოდებს, გავიდეს კავკასიიდან. რუსეთი უკან ვერ წაიღებს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას, იმიტომ, რომ ამით თავის კლიენტებთან თავი მოეჭრება. ამიტომ, ის შეძლებისდაგვარად გააგრძელებს თავის პოლიტიკას. მეჭიაურს კიდევ ერთი რამ ვერ გაუგია – რუსეთი მარცხდება და სუსტდება. მას რუსეთი აშშ-ის ტოლი და სწორი ჰგონია.

- ბოლო დროს გააქტიურდა დისკუსია ნატოს თემაზე...

- ნატო საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ არა მარტო ნატოში გაწევრიანებისკენ, არამედ, ორმხრივი სამხედრო ხელშეკრულებების გაფორმებისაკენ დასავლეთის სახელმწიფოებთან. მაგალითად, აშშ-თან. ეს აუცილებელია. დავუშვათ, ბარაქ ობამამ მოინდომა დაეხმაროს საქართველოს. მან ეს უნდა შეათანხმოს კონგრესთან. თუ არ იქნა შესაბამისი გაფორმებული ხელშეკრულება, კონგრესი პრეზიდენტს არ დაეთანხმება. რაც უნდა ვიძახოთ, ნეიტრალიტეტი და მშვიდობა გვინდაო, ეს ვერ გადაგვარჩენს.

- საქართველოს შემთხვევაში ნეიტრალიტეტი არ გამოვა?

- დიახ. ეგ იგივეა, კურდღელს რომ ერთი მხრიდან მგელი ედგას გვერდით და მეორე მხრიდან – ვეფხვი და ის იძახდეს, ნუ შემჭამთ, არ ვიჭმევიო. ამ კურდღელს მაინც შეჭამენ. კურდღელი გადარჩება მაშინ, თუ შემჭმელები შეთანხმდებიან, რომ ამას არ იზამენ. შვეიცარია იმიტომაა ნეიტრალური, რომ მის თაობაზე შეთანხმება არსებობს. ჩვენ სხვა სიტუაციაში ვართ. რუსეთი მარცხდება, მაგრამ ჯერ არ ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ნატოს ეკონომიკურად, ტექნიკურად და სამხედრო კუთხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ნატო რუსეთს მრავალჯერადად აღემატება.

- საქართველო სამხედრო სფეროში თანამშრომლობს აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

- ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ დასავლეთის სახელმწიფოებთან. თურქეთისა და რუსეთის ერთობლივ ფარულ ინტერესებზე ადრეც მისაუბრია. თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

- ქართულ ოცნებას რუსეთის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევთ. არადა, ევროატლანტიკური კურსისადმი მხარდაჭერა ბოლო დროს ლამის მთელმა პარტიამ დაადასტურა...

- თამაზ მეჭიაურს, მართლაც, ბევრი არ დაეთანხმა. ესაა პრაგმატულ- პროდასავლური კურსი. მმართველ პარტიაში ბევრი ხვდება, რომ რუსეთი მარცხდება. ეს ადამიანები თადარიგს იჭერენ. ბევრ მათგანს წინა წლებში მოპარული და უკანონოდ მოპოვებული ქონება აქვს. ისინი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ. რუსეთმა ბევრი იფახიფუხა უკრაინაში, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. რუსეთმა უკრაინა დაკარგა.

- რუსეთი ყირიმსაც დათმობს?

- აუცილებლად დათმობს. ბალტიისპირეთში რუსეთი შეაშინა ნატოს მოქმედებებმა და წვრთნებმა. ადრე თუ გვიან, რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიიდანაც გავა. ამას წინათ რუსეთმა გააკეთა მორიგი განცხადებები პანკისის ხეობაში ტერორისტების ყოფნის შესახებ. ამაზე აშშ-მა უპასუხა, რომ საქართველო იქ ამერიკასთან ერთად ებრძვის ტერორიზმს. დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვისაც, რომ შავ ზღვას აღარ ჰქონდეს რუსულ-თურქული ტბის სტატუსი.

- გამოდის, რომ საქართველოში რუსული ძალების გააქტიურების საფრთხეც იკლებს?

- ნელ-ნელა აქამდეც მივალთ. პოლიტიკოსებში მომრავლდებიან პრაგმატიკოსები. ვისაც მაღალი აზროვნება აქვს, ის ისედაც პროდასავლელი იყო. საზოგადოებაშიც შემცირდება იმათი რიცხვი, ვისაც რუსეთი ამერიკისნაირი ძლიერი სახელმწიფო ჰგონია.

———————–

„საქართველო და მსოფლიო“, 18-24 მაისი, 2016 წელი

შესაძლებლის ხელოვნება და თამაზ მეჭიაურის უქარქაშო ხმალი

დიმიტრი მონიავა

რესპუბლიკური პარტიისა და თამაზ მეჭიაურის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ერთმანეთს სულ უფრო მძიმე ბრალდებებს უყენებენ, კონფრონტაციას მათთვის გარკვეული ბონუსებიც მოაქვს, რადგან მისი წყალობით საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩებიან და გულშემატკივართა ემოციების მობილიზებას ახდენენ.

“ქართული ოცნებისა” და რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო დაშორება საკმაოდ რთული პროცესია და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, ის სერიოზული დანაკარგების გარეშე დასრულდეს. კოალიციის ფარგლებში მათ თანამშრომლობას, ორმხრივი სარგებლის გარდა, პრობლემებიც ახლდა _ რესპუბლიკელების ტრადიციული ელექტორატის ნაწილი ვერ მიუტევებდა ლიდერებს თანამშრომლობას თოფაძესთან, მეჭიაურთან და სხვა მსგავსი თვალსაზრისის მქონე დეპუტატებთან. ამის გამო ზოგი მათგანი სხვა ლიბერალური პარტიისკენ გადაიხარა. ხოლო “ქართული ოცნების” კონსერვატორი ამომრჩევლების ნაწილმა, რესპუბლიკელების მიმართ ზიზღისა და სიძულვილის გამო, “ოცნებაზე” ხელი ჩაიქნია და ფიქრი “პატრიოტთა ალიანსის” და სხვა იდეოლოგიურად მონათესავე პოლიტიკური ძალების მხარდაჭერაზე დაიწყო. ეს რყევები საკმაოდ მკაფიოდ აისახა მასმედიასა და სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით 2015 წლიდან, როდესაც კოალიციური კავშირის არაბუნებრივი ხასიათი ყველასთვის ცხადი შეიქნა, მაგრამ პოლიტიკოსები პრობლემის გადაწყვეტით მხოლოდ არჩევნების მოახლოების შემდეგ დაკავდნენ.

არცთუ ფართო ელექტორალურ ნიშაში პოზიციების გაძლიერებას ერთბაშად ოთხი “მომიჯნავე” ორიენტაციისა და იდეოლოგიური პლატფორმის მქონე პარტია ცდილობს _ “თავისუფალი დემოკრატები”, რესპუბლიკური პარტია, “ნაციონალური მოძრაობა” და “გირჩი”. ამ უკანასკნელზე სერიოზული საუბარი ბევრ კომენტატორს სასაცილოდ მიაჩნია, მაგრამ ამ ახალმა გაერთიანებამ ნამდვილად შეიძლება წაართვას ძირითად კონკურენტებს გარკვეული რაოდენობის ხმები (უპირველესად, ახალგაზრდების), მით უმეტეს, რომ ფინანსური რესურსის ნაკლებობა არ ეტყობათ.

ბოლო ხანს ამ კვარტეტიდან ყველაზე კარგად რესპუბლიკელების ხმა ისმის. დაახლოება ნატოსთან, ევროინტეგრაცია, დასავლური ღირებულებები, სტალინიზმის აჩრდილი, ანუ ყველა ის თემა, რომელიც ასე თუ ისე აქტუალურია პროდასავლური ელექტორატისთვის, ეთერში, როგორც წესი, მათი მეშვეობით ხვდება. ყველაზე ხშირად საინფორმაციო საბაბს ამისთვის თამაზ მეჭიაურთან დაპირისპირება ქმნის. ნაციონალები პარტიიდან გიორგი ვაშაძის წასვლის შემდეგ ერთობ დაბნეულად გამოიყურებოდნენ. ირაკლი ალასანია ცდილობდა, საზოგადოების ყურადღება მიეპყრო “კაბელების საქმეზე”, მაგრამ პარალელურად თინა ხიდაშელსაც აკრიტიკებდა. ეს ხდებოდა სწორედ მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი აქტიურად იყენებდა ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების თემას, რათა ნატოზე ორიენტირებული ამომრჩევლის თვალში რაც შეიძლება მეტი ქულა დაეწერა. ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში ალასანიას ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა, ზოგიერთი სხვა კი სათანადოდ ვერ გამოიყენა. ალასანიამ ხიდაშელს მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში შეუტია და ძნელი სათქმელია, რა იყო ამ მცდელობაში უფრო მეტი _ ცივი გათვლა თუ უბრალო წყენა, თუმცა მთავარია ის, რომ, მოწადინების მიუხედავად, ალასანიამ ვერ მოახერხა საინფორმაციო სივრცის ავანსცენიდან თამაზ მეჭიაურთან მოფარიკავე რესპუბლიკელების ჩაჩოჩება.

ყოველივე ამის უკან ნამდვილი პოლიტიკური მელოდრამა დგას. ირაკლი ალასანია პოლიტიკური თვითმყოფადობისთვის და (თუ შეიძლება, ასე ითქვას) პოლიტიკური სუვერენიტეტისთვის იბრძვის და, თუ საწადელს ვერ მიაღწევს, 99%-იანი ალბათობით, ნაციონალების ჩვეულებრივ სატელიტად ჩამოყალიბდება. ეს როლი კი მის ამბიციებს არ შეესაბამება.

აქ ორიოდე სიტყვა იმაზეც უნდა ითქვას, რისთვის სჭირდება სააკაშვილს ალასანია. ზოგიერთ პოლიტიკოსს ვაშინგტონსა და ბრიუსელში, შესაძლოა, დღესაც მიაჩნია, რომ “ნაცმოძრაობა” საქართველოს ხელისუფლების სათავეში მათთვის საუკეთესო პარტნიორი იქნება, მაგრამ ისინი აცნობიერებენ, რომ ოლიმპოზე “ნაცმოძრაობის” დაბრუნების უხეში მცდელობა დესტაბილიზაციითა და სამოქალაქო ომით შეიძლება დასრულდეს, რომელიც დასავლეთის პოზიციებს საქართველოში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი არაერთგზის ირწმუნებოდნენ, რომ რევანშისტულ შურისძიებას არ აპირებენ და, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე დამნაშავეს გაასამართლებენ, ნაკლებად სავარაუდოა, მათ დასავლეთში ენდონ. იმისთვის, რომ რესტავრირებულმა რეჟიმმა ქვეყანაში ფარდობითი სტაბილურობა შეინარჩუნოს, აუცილებელია, რაც შეიძლება ფართო კოალიციის შექმნა. სააკაშვილის დასავლელი მეგობრები მის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას და მის “თავისუფალ დემოკრატებს” განიხილავენ. რეალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ პარტია გახდება ერთ-ერთი “შირმა” განახლებული რეჟიმისთვის და ამბიციური ალასანია ამაზე, სავარაუდოდ, არ ოცნებობს, თანაც, დიდი ალბათობით, ესმის, რომ გარკვეული დროის შემდეგ სააკაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტნიორს გაანადგურებს ან უნებისყოფო მარიონეტად გადააქცევს.

უხეშად რომ ვთქვათ, მეჭიაური და რესპუბლიკელები ერთმანეთს “სატოპკეებს უწევენ” (თქმული არ ნიშნავს, რომ მატჩი იმთავითვე ჩაწყობილი იყო) და მწვავე რეპლიკებით ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფს სიამოვნებას ანიჭებენ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია რესპუბლიკური პარტიისთვის, რომელმაც არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში უნდა გამოხატოს მკაფიო პოზიცია ყველა პრობლემურ საკითხზე და თავისი მხარდამჭერების თვალში “ქართულ ოცნებასთან” (ყოველ შემთხვევაში _ მეჭიაურთან, თოფაძესთან და ა.შ.) სამწლიანი კოალიციური თანამშრომლობის “ცოდვა” ჩამოირეცხოს. ამასობაში თამაზ მეჭიაური ქულებს იწერს ტრადიციონალისტების, ანტიდასავლელი კონსერვატორების, რუსეთთან კავშირზე ან ნეიტრალიტეტზე ორიენტირებული ამომრჩევლის თვალში და მათ სათქმელს მთელი ქვეყნის გასაგონად ამბობს. მეჭიაურმა უკვე განაცხადა, რომ შეიძლება საკუთარი პარტია შექმნას; მისი პოზიცია ხელისუფლების დეკლარირებულ კურსთან გადაულახავ წინააღმდეგობაში შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა მოწადინებულია, უკან დააბრუნოს “პატროტთა ალიანსთან” და ნინო ბურჯანაძესთან გაქცეული ამომრჩეველი, მისი ამოცანა უფრო ფართოა და არც მკვეთრად პროდასავლელი ამომრჩევლების დაკარგვა სურს. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმებიან კონსერვატიული იდეების მქონენი, რადგან “ოცნების” მხარდამჭერთა შორის ლიბერალი, სავარაუდოდ, ძალიან ცოტა დარჩა. ამასთანავე, მმართველი პარტიისთვის მნიშვნელვანია, უცხოელი პარტნიორების თვალში ერთმნიშვნელოვნად პროდასავლურად წარმოჩნდეს. ამ მიმართულების ათვისებაზე ყველაზე პროდუქტიულად ბოლო თვეებში გიორგი კვირიკაშვილი მუშაობს. მართალია, აქ არის მთელი რიგი ნიუანსებისა და წყალქვეშა დინებებისა. მაგალითად, ის, რომ ოფიციალურ პროპაგანდაში თანდათან როგორ შორდება ერთმანეთს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის თემა, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი “ევროატლანტიკური” მათთვის კვლავინდებურად გამაერთიანებელ როლს თამაშობს; ან კიდევ ის, თუ როგორ ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაქსიმალურად შეარბილონ წინააღმდეგობები ქართულ ტრადიციებსა და ევროპული ცხოვრების რეალიებს შორის, რომელიც არაერთ ამომრჩეველს აწუხებს (რადიკალი ლიბერალები ამ შემთხვევაში, პირიქით _ წინააღმდგობის გაღრმავებას ცდილობენ). ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილი პოლიტიკური კონფორმიზმისა და იდეოლოგიური რელატივიზმის მიუხედავად, “ქართული ოცნება” მზად არ არის, თამაზ მეჭიაურის მოსაზრებები გაიზიაროს და რაიმე ფორმით თავის პროგრამაში ასახოს. მათი დაშორება თავიდანვე გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ აქვე შეიძლება გაჩნდეს მეორე კითხვა: რატომ არ გააჩერეს მეჭიაური ხმაურიანი კონფლიქტის დაწყებამდე ან უშუალოდ მისი დაწყების შემდეგ (ივანიშვილი ამას ნამდვილად მოახერხებდა)? ისევე, როგორც ცოტა ხნის წინათ ვერ (თუ არ) გააჩერეს გოგი თოფაძე, რომლის შეტევამ რესპუბლიკელებზე კოალიციური “განქორწინების” საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ შემზადებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. საერთოდ, ხშირად ის, რასაც მწვავე დაპირისპირებად აღვიქვამთ, პოლიტიკური თვალსაზრისით, სხვა არაფერია, თუ არა დახმარება იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომელიც “ქართულ ოცნებას”, წესით, არ უნდა ანაღვლებდეს.

ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკური პარტია, შესაძლოა, კვლავინდებურად სასურველ პოლიტიკურ პარტნიორად მიაჩნია და, ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მასთან არჩევნების შემდეგ დაახლოებით იმავე ფორმატში თანამშრომლობას აპირებს, როგორშიც კოალიციის დაშლამდე და, პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, მაღალ თანამდებობებს უბოძებს. საუბარია თითქმის ანალოგიურ როლზე, რომელიც ნაციონალებმა შეიძლება ალასანიას შესთავაზონ. დაფიქრება, ალბათ, იმაზეც ღირს, თუ რატომ არიან ასე არხეინად “ხუთპროცენტიანი პარტიის” (მათი ოპონენტები ხშირად უფრო დაბალ პროცენტს ასახელებენ) წარმომადგენლები არჩევნების წინ, მაშინ, როდესაც, ერთი შეხედვით, პანიკაში უნდა იყვნენ და სააკაშვილს “ქართული მაიდნის” პროექტში თუნდაც დუბლიორებად აყვანას ეხვეწებოდნენ? არიან თუ არა ისინი ფარულად შეთანხმებულნი ივანიშვილთან პოსტსაარჩევნო თანამშრომლობაზე და ხომ არ მიუღიათ მისგან გარკვეული გარანტიები?

ბოლო წლებში შეიქმნა მთელი თეორია იმის თაობაზე, რისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკური პარტია. ძირითად მოტივად დასავლეთთან კომუნიკაცია სახელდება, თუმცა არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტიც: “ხუთპროცენტიანობის” მიუხედავად, რესპუბლიკელები ბოლო სამი წლის განმავლობაში თავიანთი პოზიციით ხელს უშლიდნენ ფართო ანტისახელისუფლო ლიბერალური ფრონტის ფორმირებას. მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში გადავლენ (დღეს უცნაურ “ნახევრადსახელისუფლო” თუ “ნაწილობრივ ოპოზიციურ” მდგომარეობაში იმყოფებიან), სავარაუდოდ, ისევ ლიბერალური ბანაკის ფრაგმენტაციაზე და არა კონსოლიდაციაზე იმუშავებენ. მაგრამ “ოცნების” მხარდამჭერების დიდი ნაწილი ყოველივე ამას ყურადღებას, როგორც წესი, არ აქცევს და მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელებისთვის ამდენი პოსტის გადაცემას გამართლება არ ჰქონდა.

საინტერესოა, რა შეიძლება ჩავთვალოთ ამ შემთხვევაში “ნაკლებ ბოროტებად” _ ყველა ლიბერალური პროდასავლური ძალის კონსოლიდაცია (რეალურად, “ნაცმოძრაობის” ეგიდის ქვეშ) და მათი დაპირისპირება ხელისუფლებასთან ვაშინგტონის სიმპათიის პირობებში, უმწვავესი სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებით თუ ის, რაც მოხდა (რესპუბლიკელებისთვის მაღალი პოსტების დათმობა)? პასუხიდან ამ კითხვაზე გამომდინარეობს მეორე კითხვა: რა ჩაითვლება ნაკლებ ბოროტებად არჩევნების შემდეგ? გამორიცხული არ არის, ოქტომბერ-ნოემბერში ხელისუფლება კვლავ შეეცადოს დაგვარწმუნოს იმაში, რომ “პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა”, ხოლო კომპრომისი, საუკეთესო თუ არა, ერთადერთი გამოსავალი იყო.

„საქართველო და მსოფლიო“, 18-24 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: ქართული ოცნების სიაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები უცხოელი ლობისტების მეშვეობით აღმოჩნდნენ

შორენა ცივქარაშვილი

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი თამაზ მეჭიაური, რესპუბლიკური პარტიისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებს გამო საკუთარი გუნდიდან, ფაქტობრივად, გარიყული აღმოჩნდა. ის არც რამდენიმე დღის წინათ გამართულ “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს ყრილობას დასწრებია და უკვე პარტიის დატოვებაზეც ალაპარაკდა. მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე თამაზ მეჭიაური “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრა.

- ბატონო თამაზ, თქვენ არ ესწრებოდითქართული ოცნებისპოლიტიკური საბჭოს ყრილობას, შეიძლება ითქვას, რომ ამიერიდან გუნდის წევრი აღარ ხართ?

- ასე კატეგორიულიც არ მინდა ვიყო. რა თქმა უნდა, ბევრ საკითხში ამ გუნდის თანამოაზრე ვარ, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენი აზრები გაიყო, მათ შორის, მთავარია ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი.

- თქვენ განაცხადეთ, რომ დღევანდელი მოცემულობით არავინ მიგვიღებს ნატოში, თუ უარს არ ვიტყვით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე და, აქედან გამომდინარე, ნატოში შესვლა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ უნდა მოხდესო. როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდა ეს განცხადება ასეთი მიუღებელი თქვენი გუნდისთვის, ხელისუფლების მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს?

_ როგორც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ასევე, შემდგომაც ჩვენთან რატომღაც ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ნატოსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ხელშეუხებელია. ყველაფერზე შეიძლება საუბარი, ყველაფრის, მათ შორის, ყველაზე წმინდა ფასეულობების, პატივსაცემი პიროვნების კრიტიკაც კი დასაშვებია და ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით აიხსნება, მაგრამ ტაბუდადებული და ხელშეუხებელია მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ, თუ ნატოს მიმართ ეჭვი გაგიჩნდა და კრიტიკული მოსაზრება ირიბად მაინც გამოთქვი, მაშინვე კრემლის აგენტად და სამშობლოს მოღალატედ შეგრაცხავენ. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მძევალი ახალი ხელისუფლებაც გახდა.

საქართველოში მოდურია ასეთი ტენდენცია _ იქმნება რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მაშინვე იწყებს სხვებთან შეჯიბრებას, რამდენად უფრო ევროატლანტიკურია, თუმცა მათი მხრიდან, ვინც საქართველოს ნატოში მიღების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ამის სურვილსა და მზადყოფნას ვერ ვხედავ. ნატოს ძირითადი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები და თანამდებობის პირები დელიკატურად, მაგრამ მაინც ხაზგასმით გვეუბნებიან, უახლოეს მომავალში ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრების საკითხი არ განიხილება და, საერთოდ, ნატოს გაფართოება შეჩერებულიაო. ის ადამიანები კი, რომლებზეც ამ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული არ არის, აქტიურობენ და ჩვენს მოსახლეობას უმტკიცებენ, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდებაო.

- როგორც აღნიშნეთ, ნატოს წევრი არაერთი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ საქართველოს ჯერჯერობით ნატოში არ მიიღებენ. ამის მიუხედავად, ყველა ხელისუფალი საპირისპიროში რატომ არწმუნებს მოსახლეობას?

- არ ვიცი, არა მგონია, ხელისუფლებაში ისეთი გულუბრყვილოები იყვნენ, რომ ვერ ხვდებოდნენ, რა ხდება სინამდვილეში. თუ პოლიტიკოსების ერთ ნაწილს, მაგალითად, ნაციონალებსა და რესპუბლიკელებს, შესაძლოა, გარკვეული ვალდებულებები აქვთ ქვეყნის გარეთ არსებულ პოლიტიკურ ძალებთან, ვინაიდან სწორედ მათი წყალობით მოხვდნენ ხელისუფლებაში, მიკვირს, რატომ არის ანალოგიურ აზრზე ეს ხელისუფლება…

- მაგრამ დამოუკიდებელია კი ხელისუფლება? რაზე მიანიშნებს თუნდაც ის, რომ ნატოსადმი კრიტიკული განცხადების გამო გუნდის წევრებმა, ფაქტობრივად, გაგრიყეს

- მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლებაც არ არის სრულიად დამოუკიდებელი და ზუსტად იმისთვის, რომ დამოუკიდებელი გახდეს ხელისუფლება, ხალხს არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ. ყველა გემოვნების ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება, რადგან პარლამენტი სწორედ მოსახლეობის განწყობას უნდა ასახავდეს. დღეს კი ასე არ არის. “ქართულ ოცნებაში” შეიყვანეს ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდათ, მაგრამ უცხოელი ლობისტების წყალობით ისინი არა მხოლოდ პარტიულ სიაში და,შესაბამისად, პარლამენტში მოხვდნენ, არამედ უზარმაზარი სახელისუფლო ბერკეტები ჩაიგდეს ხელთ და ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას, ფაქტობრივად, ისინი მართავდნენ.

- ვინ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ ხალხის იმედები არ გამართლდა და პრეზიდენტი თუ კოალიციაში შემავალი პარტიები, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ხალხმა მხოლოდ ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის გამო აირჩია?

- პოლიტიკურ შეცდომებზე, რომლებსაც სერიოზული დანაშაული არ მოჰყოლია, პოლიტიკოსი ან პოლიტიკური გუნდი პასუხს აგებს არჩევნებზე, სადაც ის ხალხის, ამომრჩევლის მხარდაჭერას ვეღარ მიიღებს.

- რაც შეეხება რესპუბლიკელებს, თქვენ ხომ თავიდანვე იცოდით, რომ კოალიციაში იქნებოდნენ რესპუბლიკელები, მაგრამ დათანხმდით მათთან ერთ გუნდში მუშაობაზე. ისინი კარგა ხნის განმავლობაში არ გაგიკრიტიკებიათ. რატომ იყავით ჩუმად და რა მოხდა ბოლო პერიოდში ისეთი, რამაც თქვენი აღშფოთება გამოიწვია?

- კენჭს, თავდაპირველად, მაჟორიტარ დეპუტატად ვიყრიდი, შემდეგ მთხოვა ბატონმა ბიძინამ და მოვხსენი ჩემი კანდიდატურა ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მომითხოვია. სიაშიც სადღაც სამოცდამეერთედ ჩამსვეს. კრიტიკას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ კოალიციისა თუ ფრაქციის დახურულ შეკრებებზე ერთმანეთისთვის კრიტიკა არ დაგვიკლია. სხვათა შორის, ჩემზე ღია თავდასხმები პირველად სწორედ რესპუბლიკელების მხრიდან დაიწყო. ერთი წლის წინათ, როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი გავაკრიტიკე, რესპუბლიკელები დამესხნენ თავს და შეურაცხმყოფელი გამოთქმები სწორედ მათგან წამოვიდა. ბოლო პერიოდში კი ჩვენი დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გავაკრიტიკე, რადგან მიმაჩნია, რომ ეს წვრთნები ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია და შეიძლება სერიოზული პროვოცირების მიზეზიც გახდეს. სწორედ ჩემს ამ განცხადებას მოჰყვა რესპუბლიკელების მკვეთრი რეაქცია.

- თუ პარტიას ჩამოაყალიბებთ, რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტული საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით?

- თუ საკუთარ პარტიას ჩამოვაყალიბებ, ამით მოსახლეობას მივცემ არჩევანის უფლებას. ეს არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი იმის გასაგებად, _ რა სურს მოსახლეობას. იმ ამომრჩეველსაც უნდა ჰქონდეს სასურველი პოლიტიკური გუნდის არჩევის საშუალება, რომელსაც ნატოს მიმართულებით უნდა სვლა; იმასაც, ვინც მოსკოვში ხედავს ხსნას; და იმასაც, ვისაც ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული ხელისუფალის არჩევა სურს. და თუ ხალხის ნება იქნება, მომავალ პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოვლენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უფრო ეროვნულ ფასეულობებზე იქნებიან ორიენტირებულნი. წინა პლანზე ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს წამოწეული (და არა სხვა დანარჩენი, დასავლეთი იქნება ეს, ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი თუ სამხრეთი) და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თვითმყოფადობისა და ფასეულობების შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს.

ამერიკასთან, რუსეთთან თუ ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობა უნდა იყოს მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად, თორემ ზოგიერთს პროდასავლელობა ნატოს მხარდაჭერად წარმოუდგენია და ჰგონია, რომ მაინცდამაინც იქიდან ვიღაცამ იძულებით უნდა მოახვიოს თავს ხელისუფლებას, სიებში მათთვის სასურველი პოლიტიკოსები შეიყვანოს, როგორც 2012 წელს მოხდა. დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნების” სიაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები უცხოელი ლობისტების მეშვეობით აღმოჩნდნენ, რომლებიც შემდგომ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უცხოელი ლობისტების წინაშე ვალში იყვნენ, ჩვენს ქვეყანაში მათ პოლიტიკას ატარებდნენ და გარედან თავს მოხვეული გადაწყვეტილებების მიღებას ლობირებდნენ.

ასევე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, არჩევნების ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფს. ეს შეიძლება ქართული სინამდვილისთვის შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მის პატიოსნებაში, ის მოსახლეობას თავისი ნების გამოხატვის საშუალებას მისცემს.

- საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღებთ?

- დიახ, გადაწყვეტილება თითქმის მიღებული მაქვს, მაგრამ ვაპირებ, ბოლომდე გავარკვიო ურთიერთობები ყოფილ და ახლანდელ პრემიერებთან. ეს პროცესი, ფაქტობრივად, დაწყებულია. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები დავამთავრე და ახლა ვაპირებ, გიორგი კვირიკაშვილს შევხვდე, რადგან მას დიდ პატივს ვცემ და ამას გარდა, არ მიმაჩნია მართებულად, როდესაც თანაგუნდელები ერთმანეთს ლანძღვითა და ქვების სროლით შორდებიან. გავესაუბრები და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ.

- ბიძინა ივანიშვილმა როგორ შეაფასა თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებები?

- ზრდასრული ადამიანები ვართ და ერთმანეთის მოსაზრებებს პატივს ვცემთ მაშინაც კი, თუ ეს მოსაზრებები განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ის ცდილობდა, დაესაბუთებინა, რომ ჩემს აზრს არ აქვს პერსპექტივა; მე კი, მიუხედავად ჩემი მისდამი პატივისცემისა, ვერ მივიღე ყველა კითხვაზე ისეთი პასუხი, რომელიც დამარწმუნებდა, რომ ნატოს წევრობა უახლოეს მომავალში შესაძლებელია…

და მოდი, ისიც ვთქვათ, რომ წევრობასაც გააჩნია. როდესაც თავის დროზე, პლებისციტის შედეგად, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ნატოს წევრობას, იგულისხმებოდა, რომ საქართველო ყველა თავისი ტერიტორიით უნდა ყოფილიყო ნატოს წევრი. და, თუ ახლა ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე უნდა გახდეს ნატოს წევრი, ამაზე მოსახლეობას, რა თქმა უნდა, არ მიუცია მანდატი ხელისუფლებისთვის. ამიტომ ასეთ საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საქართველოს ნატოს წევრობაზე საუბარი. მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელი განწყობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ასეთ გადაწყვეტილებას მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

- პაატა ბურჭულაძემ ხელისუფლების მწვავე კრიტიკა დაიწყო და ახალი გუნდითა და სერიოზული მიზნებით მოდის პოლიტიკაში. მასთან თუ ითანამშრომლებთ?

- პაატა ბურჭულაძესთან თანამშრომლობა დაახლოებით ნიშნავს “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას და, ალბათ, მასთანაც ისევე ვითანამშრომლებთ, როგორც ნაციონალებთან. პაატა ბურჭულაძის პარტია ნაციონალების ერთ-ერთი განშტოებაა.

-ქართული ოცნებისპოლიტსაბჭოს სია ცნობილია. როგორ შეაფასებთ ახალ შემადგენლობას?

- კომენტარისგან თავს შევიკავებ, რადგან ნაკლებად ვიცნობ ახალ სახეებს. ისინი რატომღაც არ მახსოვს იმ პერიოდიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო…

„საქართველო და მსოფლიო“, 18-24 მაისი, 2016 წელი

რევოლუციის მოლოდინი

ნანა დევდარიანი

არჩევნები მოდის. და რაც უფრო გვიახლოვდება, მით უფრო ხშირად ვნახავთ მიწაზე ყურდადებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც, თუ მოპოვებილი ხმებით არა, სხვა გზით მაინც ეცდებიან ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

ყური მიწაზე უდევთ და ჩურჩულებენ:

- მოდის! მოდის გაცოფებული მღელვარება! დელგმა! ნიაღვარი! ოოოხ! რევოლუცია! მოდის!

თანამედროვე ციციკორეც იკითხავს გაოცებით:

- შენა, ბიჭო, სულ გარეკე?

მიწასთან ჩახუტებული პოლიტიკოსი კი უპასუხებს:

- აბა, ყური დაადე მიწას! ყური დაუგდე, როგორ გუგუნებს! ხომ იცი, რასაც ნიშნავს ეს? რევოლუცია მოდის! ხალხის გამარჯვება მზადდება!

ერთხელ უკვე “გაამარჯვებინა” ხალხს სააკაშვილმა და “რუსთავი 2”-მა, არც ახლა იქნება ამის წინააღმდეგი, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” ცხელ წყალში ნარეცხი შალივით შედგა და ვეღარც “რუსთავი 2” კრებს ხალხს “თავისუფალი სიტყვის” დასაცავად.

ახლა ირაკლი ალასანია იმუქრება ქუჩის აქციებით, თუმცა რამდენ “ხარისხიან” ადამიანს გამოიყვანს, თვითონაც უნდა იცოდეს. “ქართული ოცნება” კი თამაზ მეჭიაურს, გოგი თოფაძესა და სოსო ჯაჭვლიანს ემიჯნება და ამით ცდილობს, დასავლეთი ერთგულებაში დაარწმუნოს, ხოლო ძველ და ახალ ოპოზიციას სალაპარაკო არ მისცეს. გული გულობდეს და ქადა ორივე ხელით იჭმევაო, _ ნათქვამია. ნაციონალებსა და რესპუბლიკელებს ლაპარაკს ვერ მოაშლევინებთ და იქნებ საკუთარ თანამებრძოლებთან (თანაც, საკითხავია, დანარჩენები თუ იყავით მათი თანამებრძოლები) მაინც არ გაგეფუჭებინათ ურთიერთობა! თუ რესპუბლიკელების გაშვებით ხმების მატებას ელით, სიმართლის მთქმელებისგან გამიჯვნა განა მეტს არ დაგაკარგვინებთ?!

ლაპარაკს წინ არაფერი უდგას და მეც კი, მრავლის მომსმენს და მნახველს, თუ კიდევ რაიმე გამაოცებდა, არ მეგონა. რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში დავით ბერძენიშვილმა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები გაიხსენა და აი, რა განაცხადა: “2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა დღეისთვის, 2016 წლის ოქტომბრისთვის, როცა ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტი. 2003 წლის 2 ნოემბერს 7 კონკურენტუნარიანი პარტიიდან ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა ძალიან მაღალი, 7%-იანი ბარიერი გადალახა. ზოგს წაუყალბეს, ზოგს კარგად გაუყალბეს, შევარდნაძემ და აბაშიძემ ერთმანეთი აბალანსეს ქვემო ქართლსა და აჭარაში გაყალბებით, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ მაშინ პირველ ადგილზე გასული სუბიექტის პროცენტი დაახლოებით 25-26-ს არ აღემატებოდა”.

ბერძენიშვილს მეხსიერება ღალატობს _ იმხანად პირველ ადგილზე გასულმა შევარდნაძის ბლოკმა 21,33% მიიღო, მეორე და მესამე ადგილზე “აღორძინება” და “ნაციონალური მოძრაობა” გავიდნენ, შესაბამისად, 20 და 19 პროცენტით (მეათედებზე ნუღარ დავხურდავდებით), მაგრამ სააკაშვილი კატეგორიულად ითხოვდა პირველ ადგილს და “გაყალბების” მოტივით “რევოლუცია” მოაწყვეს. “გამარჯვებული ხალხის” ტელევიზია კი უტიფრად გაიძახოდა, შევარდნაძის მომხრე ადამიანი ვერ ვიპოვეთ, სტუდიაში რომ მოვიყვანოთო!

საკითხავია _ თუ “ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტი” ასეთი კარგი რამ ყოფილა, რისთვის მოაწყვეს ის რევოლუცია? თანაც, “გაყალბების” წინააღმდეგ მებრძოლ რესპუბლიკელებს სირცხვილის განცდაც არ გასჩენიათ, როცა ხელახლა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ხათუნა გოგორიშვილის გვერდით ჩაეწერნენ სიაში.

ბერძენიშვილი თანმიმდევრულად ასაბუთებს მრავალპარტიულობის სიკეთეს: “ქართული პარლამენტი, მისი 5-6-7 პოლიტიკური სუბიექტით წარმოდგენილი, როცა არც ერთ პარტიას არ ექნება უმრავლესობა ცალკე აღებულს და ეს კარგია. საქართველო მიდის კოალიციისკენ. ეს არის მთავარი შედეგი ჩვენი ამ 4-წლიანი საქმიანობისა და ყველაზე კარგი სწორედ ეგ არის, რომ დღეს პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყანას ჰყავს ორპარტიული მთავრობა, მრავალპარტიული პარლამენტი და თვითმმართველობები და სამომავლოდ უკვე ცალ-ცალკე გასული პოლიტიკური სუბიექტები თავად წარუდგებიან ამომრჩეველს და ამომრჩეველი განსაზღვრავს, ვინ რა ღირს”.

ვინ რა ღირს, არჩევნებზე გამოჩნდება. სავარაუდოდ, არც რესპუბლიკელები და არც “თავისუფალი დემოკრატები” ივანიშვილს მილიონად აღარ უღირს, ეს 2012 წელს იყო ასე, როცა ერთად იყვნენ და “შუა გაკრიფეს”.

ბერძენიშვილის ლოგიკით, მრავალპარტიული პარლამენტი “ცუდი” იყო 2003 წელს, მაგრამ კარგი იქნება ახლა, რადგან რესპუბლიკელებს დაწეული, 5%-იანი ბარიერის გადალახვის მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ. და კიდევ ერთი პარალელი: დღეს პარლამენტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიის ლიდერია და ვინძლო, რევოლუციური სცენარის განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო გადატრიალების ლეგიტიმაციაში გამოადგეთ.

დავით ბერძენიშვილმა ასე დაალაგა ქართული პოლიტიკური სპექტრი: “დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სამი მიმართულებაა: ერთი არის პროდასავლური მიმართულების “თავისუფალი დემოკრატები” და რესპუბლიკელები. სწორედ ამ ორი პარტიის ფასი კარგად იცოდა ბიძინა ივანიშვილმა, როცა 2011 წლის ოქტომბერში, პირველ რიგში, რესპუბლიკელებსა და ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებს” დაუკავშირა თავისი პოლიტიკური პირველი ნაბიჯები. და სწორი აღმოჩნდა ის _ არა მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური ვექტორის სწორად შერჩევის გამო, არამედ კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან ურთიერთობის გამო”.

სიტყვა “კვალიფიციურის” მნიშვნელობა ბერძენიშვილმა ძალიან კარგად იცის – კვალიფიციურია პარტია, რომელმაც დამოუკიდებლად გადალახა საარჩევნო ბარიერი, ასეთი რამ კი არც რესპუბლიკელებისა და არც “თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთხელაც არ მომხდარა. თუ მოედავები, “კვალიფიციურობას” მაღალი კვალიფიკაციით ახსნის, აკი რესპუბლიკელები თვითაღიარებული “ინტელექტუალები” არიან!

ერთი სიტყვით, ბერძენიშვილის შეფასებით, “დღესაც ჩვენ გვაქვს ის ვითარება, რომ საქართველოში 6-7 პოლიტიკური პარტია არის ძალიან კონკურენტუნარიანი, არის ფლანგი დასავლური – რესპუბლიკელების, “თავისუფალი დემოკრატების” სახით წარმოდგენილი, არის 17-18-20-პროცენტიანი ნიშა არაევროპული, ანტიევროპული, ღიად თუ ნაკლებად ღიად დეკლარირებულ-არადეკლარირებული პრორუსებისა _ ეს საპირისპირო ფლანგი და არის შუაში რაღაცა პოსტსაბჭოთა პარტია, როგორიც იყო მოქალაქეთა კავშირი და ვნახოთ, “ქართული ოცნებიდან” ჩვენ მივიღებთ ნამდვილ პოლიტიკურ პარტიას _ დემოკრატიული ღირებულებების მატარებელს, თუ იქნება დეკლარირებული ხაზი, როგორც შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირს” ჰქონდა პროდასავლური, მაგრამ რეალურად სისტემა და მათი სტილი არ იყო დემოკრატიული”.

ფსევდოპატრიოტები, ანტიდასავლელები, ლენინელები, სტალინელები, პრორუსები, დეკლარირებული, ნახევრად დეკლარირებული… ასეთია რესპუბლიკური რიტორიკა ამ წინასაარჩევნოდაც. პარტიები, რომლებიც მხოლოდ იმ დამსახურებისთვის ითხოვენ მხარდაჭერას, რომ “პროდასავლურები” არიან, უთუოდ ხვდებიან, რომ გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ისიც მშვენივრად იციან, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პრორუსული ძალა არ არსებობს. არის დასაბუთებული მოსაზრება, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს და საქართველო გამთლიანდეს.

ამის საპირისპიროდ, პროდასავლელები უკვე გვაგუებენ იმ აზრს, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შეიძლება შევიდეს ნატოში. ამას “დანარჩენი საქართველოს უსაფრთხოებით” ასაბუთებენ. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია: ეს პოლიტიკური პარტიები, წლებია, დასავლეთიდან საზრდოობენ, მათი ხელისუფლებაში მოყვანა მხოლოდ იქიდან დახმარებით არის შესაძლებელი და მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციასაც იქიდან ელიან. ქართველი ხალხი კი, მისი სურვილებითა და მოლოდინებით, მათ პოლიტიკურ დისკომფორტს უქმნის.

უკვე ყბადაღებული ამერიკული გამოკითხვები კიდევ ერთხელ ამტკიცებს რწმენას, რომ რევოლუციის მზადება დაწყებულია. ოკეანისგაღმელი ექსპერტებიც კი მიუთითებენ, რომ სააკაშვილის ლობისტების წინასწარი განცხადებები ერთადერთ მიზანს ემსახურება _ არჩევნების ჩატარებამდე არჩევნების დისკრედიტაციას. ყველასთვის უცნობმა კონგრესმენმა რასელმა ორიოდე კვირის წინათ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის მხარდაჭერისკენ “ისე, როგორც ეს მოხდა ისტორიული მნიშვნელობის არჩევნების დროს 2003 წელს”.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი ასე გამოეხმაურა რასელის გამოსვლას: “ამ მიდგომის პრობლემა, როგორც ის გაისმა რასელის კომენტარში, მდგომარეობს იმაში, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები ცდილობენ იმაზე მეტის მოგებას არსებული სიტუაციიდან, ვიდრე ეს მათ რეალურად შეუძლიათ. მართალია, საქართველოს მსგავს ქვეყნებში ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს ეჭვები არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ იდეას, რომ ივანიშვილი უპირობოდ ემორჩილება ვლადიმერ პუტინს, არავინ იზიარებს, გარდა თავად “ნაცმოძრაობისა” და მისი მხარდამჭერებისა ევროპელ და ამერიკელ მემარჯვენეთა შორის”.

რუსეთის თემით მანიპულირების მცდელობა, ნაციონალებისგან იქნება ეს თუ რესპუბლიკელებისგან, მხოლოდ ზრდის მათ მიერვე “პრორუსულად” მონათლული პოლიტიკური ძალების გამარჯვების შანსს, რადგან ქართველ ამომრჩეველს, ამგვარი დასავლელი მეგობრების შემხედვარე, უკვე არა მხოლოდ ამ პარტიების მიმართ, არამედ, საზოგადოდ, დასავლეთის მიმართაც საბოლოოდ უცრუვდება იმედი.

რამდენად მრავალპარტიული იქნება მომავალი პარლამენტი, ამომრჩეველი განსაზღვრავს, თუმცა ერთის თქმა უთუოდ შეიძლება: რევოლუციის ინსცენირება ერთობ რთული იქნება, რადგან ქვეყანაში არც რევოლუციური სიტუაციაა და არც რევოლუციის ლიდერები არიან. “ფერადი” ტექნოლოგიებიც გვარიანად მოძველდა და მიწაზე ყურდადებული პოლიტიკოსების ეპოქაც ისტორიას ჩაბარდა. სხვა მხრივ კი, ჩემო დათო, ვერაფრით დაგეხმარები: მრავალპარტიული პარლამენტი უნდა შეგეშნოთ 2003 წელს, ახლა ისევ სააკაშვილთან თუ გაერთიანდებით, თორემ ძალიან ბევრნი ხართ, ვინც პროდასავლურ ელექტორატზე ნადირობთ, და ხმებს მხოლოდ ერთმანეთს თუ წაართმევთ!

Comments are closed