globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 19th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „ჰერბერტ ზალბერის მსგავსად იქცეოდნენ მისი წინამორბედებიც“ // ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეცვლა ქართული მხარის კატეგორიულობაზეა დამოკიდებული

რეზონანსი: „საბჭოთა კავშირში დაბრუნება“ – არასამთავრობოები „ოცნების“ წინააღმდეგ // თვითმმართველობის რეფორმის დასაბლოკად არასამთავრობოები პრეზიდენტს არჩევნების სწრაფად გამოცხადებას სთხოვენ

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „კომუნისტურ გზას ვადგავართ და ამას ევროპულ დემოკრატიას ვარქმევთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „არ მესმის, კახა კალაძეს რატომ უნდა თბილისის მერობა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა ტუსკაძესთან: „მნიშვნელობა არა აქვს, მერს დაარქმევენ თუ გამგებელს“

„ახალი თაობა“: აფხაზეთის ოპოზიცია რუსეთთან შეთანხმებას ეწინააღმდეგება // „პასუხისმგებლობა სიტუაციის მოსალოდნელ გამწვავებაზე რაულ ხაჯიმბას ეკისრება” // ანქვაბთან ბრძოლა გრძელდება

——

საქართველო და მსოფლიო: კავკასიელი ტყვე კაცი // საქართველოს ხელისუფლება ტყვეა – დღეს ამერიკის ტყვე, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკის პრეზიდენტის ტყვე

——

რეზონანსი: საბერძნეთში არალეგალურად მყოფ ქართველებს, შესაძლოა, ლეგალურად ცხოვრების უფლება მისცენ // „ეს ყველაფერი დემაგოგიაა და თავის გამოჩენის მიზნითაა… საბერძნეთი თვითონ ასეთ მნიშვნელოვან თემას კი არა, ელემანტარულ საკითხსაც კი ვერ წყვეტს“

რეზონანსი: ტყეებს ე.წ. ინვესტორები აჩანაგებენ! // ინტერვიუ პროფესორ თემურ ვეკუასთან: „საქართველოში საკმარისი ხე-ტყეა, მაგრამ ამას ლიცენზიანტები გაგვინახევრებენ ისე, რომ ჩვენთვის არაფერი დაგვრჩება“

——————–

რეზონანსი“, 19 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „ჰერბერტ ზალბერის მსგავსად იქცეოდნენ მისი წინამორბედებიც“ // ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეცვლა ქართული მხარის კატეგორიულობაზეა დამოკიდებული

გვანცა ღვედაშვილი

კონსტიტუციის საკითხების სახალხო განხილვის იდეა მისასალმებელია, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს ხდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მინუსი ამ განხილვას ის აქვს, რომ შეხვედრებზე ხელისუფლება ვერ ახერხებს ფართო საზოგადოების ჩართვას და ხშირად ეს განხილვა იმით მთავრდება, რომ რეალურად თავიანთი პარტიის წევრები მოჰყავთ, ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს სახალხო განხილვაა”, – აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი და თსუ-ს ლექტორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” ინტერვიუში აკეთებს.

გარდა სახალხო განხილვის ფორმატისა, პოლიტოლოგი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ ანატოლი ბიბილოვისთვის ე.წ. პრეზიდენტად არჩევის მილოცვას და ამასთან დაკავშირებით ქართული მხარის ქმედებას აფასებს. მისი თქმით, თუკი საქართველო კატეგორიულად მოითხოვს, შესაძლებელია, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეიცვალოს.

- როგორ შეაფასებდით სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებას?

- ეს ალბათ უფრო მისი წინდაუხედაობის შედეგი იყო, მან ვერ გაითვალისწინა, რომ მსგავს განცხადებას ასეთი რეზონანსი ექნებოდა. დარწმუნებული ვარ, მის მსგავსად იქცეოდნენ ზალბერის წინამორბედებიც, ამ შემთხვევაში კი განცხადების აფიშირება მოხდა სეპარატისტული ტელევიზიების მეშვეობით. ყველა ვარიანტში, ეს მისი პიროვნული წინდაუხედაობის ბრალია და არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირის პოზიციასთან. დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ ევროკავშირისგან ოფიციალურ განმარტებასაც მივიღებთ.

- რამდენად ადეკვატური იყო ქართული მხარის რეაქცია და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას აღნიშნული განცხადების საპასუხოდ?

- ქართულ მხარეს ჰქონდა ძალიან სწორი რეაქცია. მნიშვნელობა არ აქვს, იყო თუ არა ეს შემთხვევითი განცხადება. მსგავსი ტიპის კომენტარს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მკვეთრი საპასუხო რეაქციები და ეს გაკეთდა კიდეც. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სწორი და ადეკვატური რეაქცია ჰქონდა ამ საკითხზე. ახლა უკვე მნიშვნელოვანია, რა რეაქცია ექნება ამაზე ევროკავშირს და თავად რა განმარტებას გააკეთებს ჰერბერტ ზალბერი მის განცხადებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ის ახლა სოხუმში იმყოფება და დაბრუნების შემდგომ სასურველი იქნება მისი ვერსიის მოსმენა, რას იტყვის ამ თემასთან დაკავშირებით.

- თავად ევროკავშირისგან რა რეაქციას ელოდებით. შესაძლებელია, გაიწვიონ დიპლომატი და მის ადგილზე სხვა დაინიშნოს?

- დიპლომატის გაწვევა არ მგონია, ეს უფრო ქართულ მხარეზე იქნება დამოკიდებული. თუ ჩვენ გავამწვავეთ ეს ურთიერთობა და კატეგორიულად მოვითხოვეთ მისი გაწვევა, შესაძლებელია, ასეთი სცენარი განვითარდეს, მაგრამ არ მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ზალბერი ჩამოვა და განმარტებას გააკეთებს. თუ მისი განცხადება მისაღები აღმოჩნდა ქართული მხარისთვის, შეიძლება ასეთი სცენარი არ განვითარდეს, მაგრამ თუკი მან თავისი განცხადება დაიცვა, მაშინ მოსალოდნელია, რომ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი მართლაც შეიცვალოს.

- რაც შეეხება საყოველთაო-სახალხო განხილვას, დაგეგმილი იყო რომ შეხვედრები 10 დღეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც ვხედავთ, დღემდე გრძელდება.

- პირველ რიგში, თავად იდეა, რომ კონსტიტუციის საკითხების სახალხო განხილვა მოხდეს, მისასალმებელია, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც დღეს ხდება. ადგილობრივი მედიის მიხედვით, ყველაზე დიდი მინუსი ამ განხილვას ის აქვს, რომ შეხვედრებზე ხელისუფლება ვერ ახერხებს ფართო საზოგადოების ჩართვას და ხშირად განხილვა იმით მთავრდება, რომ რეალურად თავიანთი პარტიის წევრები მოჰყავთ, ან ადგილობრივი ხლისუფლების წარმომადგენლები, რაც არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს სახალხო განხილვაა. აქედან გამოდმინარე, განხილვას სხვა ტიპის ფორმატი სჭირდებოდა, რაც რეგიონებში შეხვედრის დროსაც გამოჩნდა. ძირითადად აქტიურობდა ერთი და იგივე ხალხი და ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც, რა თქმა უნდა, დადებითი არ არის და ეს შეიძლება გარკევულ მინუსად ჩაითვალოს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იდეა ცუდი არ არის, თუმცა ფორმატი შესაცვლელია.

- ელოდებით, რომ სახალხო განხილვის შედეგად კონსტიტუციის პროექტში გარკვეული ცვლილებები შევა?

- რთულია კონკრეტული პროგნოზის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ საკითხებზე ხელისუფლება კომპრომისზე წავა. მაგრამ ეს არ იქნება ყველა ის საკითხი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს. ალბათ ოპოზიციის მხრიდანდაც შეიძლება გარკვეულ საკითხებზე შეჯერება მოხდეს. როგორც მე ვხვდები, ხელისუფლება მზად არის, რაღაც საკითხებზე პოზიცია დათმოს, თუმცა ძირეულ საკითხებზე ალბათ კონსენსუსის მოძებნა გაჭირდება.

რეზონანსი“, 19 მაისი, 2017 წელი

საბჭოთა კავშირში დაბრუნება“ – არასამთავრობოებიოცნებისწინააღმდეგ

თვითმმართველობის რეფორმის დასაბლოკად არასამთავრობოები მარგველაშვილს არჩევნების სწრაფად გამოცხადებას სთხოვენ

ეკატერინე ბასილაია

“ქართული ოცნების” კიდევ ერთ გეგმას, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას, ეწინააღმდეგება და უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ყველა, არასამთავრობოები, სათემო და მედია ორგანიზაციები.

უფლებადამცველების ნაწილი კი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, მალე, ივნისის პირველ რიცხვებშივე გამოაცხადოს თვითმმართველობის არჩევნების თარიღი.

ამ მოთხოვნის არსი კი ისაა, რომ თუკი საარჩევნო კამპანია დაიწყება იმაზე ადრე, ვიდრე “ოცნება” ახალ რეგრესულ კანონს მიიღებს, არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ მოცემულობით, რომელშიც არჩევნები გამოცხადდა. ანუ, 7-ვე ქალაქში მერების პირდაპირი არჩევის გაუქმება ვეღარ მოხდება და ეს გეგმა 2021 წლამდე გადაიწევს.

რეგიონული განვითარების სამინისტრომ უკვე დააანონსა, რომ ცვლილებების პროექტი მზადდება, მაისის ბოლომდე მთავრობას წარედგინება, ხოლო ივნისის შუა რიცხვებამდე – პარლამენტს, რათა ამ საგაზაფხულო სესიაზე, ანუ ივნისის ბოლომდე მოხდეს მისი სამივე მოსმენით მიღება და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს ახალი მოცემულობით.

ახალი პროექტით, 7 თვითმმართველ ქალაქს (გორს, თელავს, მცხეთას, ახალციხეს, ამბროლაურს, ოზურგეთსა და ზუგდიდს) შეუჩერდება სტატუსი და მერს აღარ აირჩევს. თვითმმართველი ქალაქი, მერიის აპარატი შეურთდება სათემო მუნიციპალიტეტს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ საკუთარი ბიუჯეტი და არ ეყოლებათ ადგილობრივი ხელისუფლება. ქალაქისა და თემის გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში მოხდება მხოლოდ გამგებლის არჩევა. საუბარია იმაზეც, რომ გამგებლის სახელწოდებაც შეიძლება გადაკეთდეს და დაერქვას – მერი.

სწორედ ამ ახალ გეგმას აპროტესტებს 150 არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაცია, იმ 7 ქალაქში მოქმედი ორგანიზაციებიც, რომელთა გაუქმებაც იგეგმება. ამ ორგანიზაციებმა ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რატომ არ უნდა გაუქმდეს 7 თვითმმართველი ქალაქი და არ უნდა შეუერთდეს სათემო მუნიციპალიტეტს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე განხორციელდა. მაშინ რამდენიმე მუნიციპალიტეტი და ქალაქი გაიმიჯნა და თვითმმართველ 5 ქალაქს (თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ფოთსა და რუსთავს) კიდევ 7 დაემატა (თელავი, ახალციხე, ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ზუგდიდი).

შეიცვალა მერის არჩევის წესიც – 12-ვე ქალაქში მერის არჩევა მოხდა პირდაპირი წესით. ეს ცვლილება თავად “ქართულმა ოცნებამ” ზარზეიმით მიიღო, როგორც დიდი რეფორმა დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების კუთხით. ახლა კი საკუთარი რეფორმა უკან მიაქვს და არგუმენტი არის ის, რომ ამ შეერთებით რამდენიმე მილიონს დაზოგავს “ხალხისვე საკეთილდღეოდ”.

გუშინ ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში გაიმართა თვითმმართველობის “რეფორმის” განხილვა, რამაც სათემო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მხრიდან დიდი პროტესტის ფონზე ჩაიარა. გარდა ამისა, გუშინ არასამთავრობოების წარმომადგენლები შეხვდნენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც და თხოვნით მიმართეს, კანონპროექტის მიღებამდე გამოაცხადოს თვითმმართველობის არჩევნების თარიღი, რათა ვერ მოხერხდეს მმართველი გუნდის ინიციატივის სისრულეში მოყვანა.

“მივმართავთ პრეზიდენტს, როგორც ერთადერთ გამოსავალს, დღესვე დანიშნოს თვითმმართველობის არჩევნები. როდესაც დღეს არსებული თვითმმართველობის პირობებში გამოცხადდება თვითმმართველობის არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ მოცემულობით, რომელშიც გამოცხადდა არჩევნები. შესაბამისად, ყველა შემდგომი გადაწყვეტილება, თუკი ასეთი იქნება მიღებული, შეიძლება ამოქმედდეს მხოლოდ 2022 წელს”, – განაცხადა იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.

სამოქალაქო სექტორი მთავრობის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანება ხარჯების ოპტიმიზაციას უკავშირდება, ყურით მოტანილ საკითხს უწოდებს და აცხადებენ, რომ თუ მთავრობას ოპტიმიზაცია სურს, ცენტრალური სტრუქტურების ოპტიმიზაცია უნდა დაიწყოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორ ალეკო ცქიტიშვილის თქმით, აბსურდულია ხელისუფლების მტკიცება, რომ თვითმმართველი ქალაქების შემცირება გამოიწვევს 40-50 მილიონი ლარის საბიუჯეტო ეკონომიას, ხოლო დაზოგილი თანხა რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. იგი ამბობს, რომ ამის საწინააღმდეგოდ მისმა ორგანიზაციამ 5 კონტრარგუმენტიც გაავრცელა. მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ 2015 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად ადმინისტრაციული ხარჯი ჯამურად წელიწადში 5,5 მილიონ ლარს შეადგენს და დაიზოგება მხოლოდ 5,5 მილიონი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აღარ დასაქმდება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც თვითმმართველი ქალაქები არ არის და ე.წ. გაუყოფელი მუნიციპალიტეტებია, ბიუჯეტის 80% – ქალაქს, ხოლო მხოლოდ 20% დანარჩენ სოფლებს ხმარდება.

სათემო მუნიციპალიტეტებიდან ქალაქების გამოყოფამ კი სოფლებს საკუთარი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სრულფასოვანი საშუალება გაუჩინა. ალეკო ცქიტიშვილი ხელისუფლების ინიციატივას “საბჭოთა კავშირში დაბრუნებას” უწოდებს. „ინიციატივა არის ღრმა წარსულში, საბჭოთა პერიოდში დაბრუნება, როდესაც რაიონებს მართავდნენ რაიკომის მდივნები და რაიკომის მდივნებს მართავდა ცეკას მდივანი”, – აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

სამოქალაქო სექტორის მსგავსად, “ოცნების” გეგმას არ იზიარებს პრეზიდენტიც. თუმცა გიორგი მარგველაშვილი აზრს ვერ ხედავს იმაში, რომ არჩევნების თარიღი ახლა გამოაცხადოს და ლევან ალაფიშვილის მოწოდებას პასუხობს: “არჩევნების თარიღის დანიშვნა, არ ვიცი, რას შეცვლის და რას მოგვცემს”.

საგულისხმოა ის, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ თარიღს პრემიერის თანხმობა სჭირდება და დიდი ალბათობაა, რომ პრემიერი რეფორმის მიღებამდე საარჩევნო კამპანიას გახსნილად არ გამოაცხადებს.

—————–

„ახალი თაობა“, 19 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „კომუნისტურ გზას ვადგავართ და ამას ევროპულ დემოკრატიას ვარქმევთ

„ახალი თაობის“ კითხვებს ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.

- ბატონო რამაზ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვები კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩაატაროს. ითქვა ისიც, რომ გაგრძელების მიზეზი თბილისის ინციდენტი გახდა. რას ფიქრობთ თქვენ, რატომ გახდა საჭირო საერთო-სახალხო განხილვების გაგრძელება?

- ხალხის უკმაყოფილება, იმ ინციდენტის გარდა, სხვა შეხვედრებიდან ნაკლებად ისმოდა, ხოლო თბილისის ინციდენტში მონაწილე სტუდენტებს საკმაოდ კონკრეტული მოთხოვნა და ამ მოთხოვნის რადიკალური ფორმა ჰქონდათ. ადრეც იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ იქნებოდა ამ განხილვების მეორე რაუნდი, რომელზეც კონკრეტულ ჯგუფებთან მოხდებოდა განხილვა. თუ უკმაყოფილებაა ამ მეორე რაუნდის მიზეზი, მაშინ ეს უკმაყოფილება კიდევ უფრო გაძლიერდება. მე მაინც მგონია, რომ ის დაპირებული მეორე რაუნდი დაიწყო და არა უკმაყოფილების შიშით გაგრძელებული განხილვა.

- რამდენად სწორი ფორმატია საერთო-სახალხო განხილვა?

- ვთქვათ, გამოიტანა საზოგადოებამ დასკვნა ან იქით, ან აქეთ. მერე რა უნდა ქნას?! ის ხომ არ მონაწილეობს კონსტიტუციის მიღებაში. განხილვის პროცესი არაფრით არ არის მიბმული კონსტიტუციის მიღების პროცესთან.

- ანუ ეს არაფრისმომცემია?

- რაღაც კავშირი ხომ უნდა იყოს განხილვის შედეგსა და მერე მიღებას შორის?! ამ კუთხით შესაძლებელია იმის გაზიარება, რომ რეფერენდუმით ან პლებისციტით მოხდეს ხალხის განწყობილების გადამოწმება.

- ოპოზიციაც ხომ ამას ითხოვს?

- ევროპული საქართველო ამას ითხოვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მე კი ვთვლი, რომ ისინი ამაშიც და ბევრ რამეშიც ცდებიან. თუ ეს უნდოდათ, ზოგადად ეს არ არის ჩემთვის მიუღებელი, მაშინ უნდა მოეთხოვათ, ზოგადად შემოსულიყო ეს ნორმა. ახლა არის პროცესი, რომელსაც არაფერთან კავშირი არა აქვს!

- გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ არ შეიძლება, ყველა ხმა ერთმა პარტიამ მოხიკოს და თავისთვის წაიღოს, როდესაც ბარიერგადაულახავი პარტიების მანდატების მითვისებაზეა საუბარი. შეიცვლება ამ კუთხით რამე?

- ამ საკითხში, ალბათ, ვენეციის კომისია ითამაშებს თავის როლს. ნათქვამია, რომ ანგარიში გაეწევა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. დარჩენილი მანდატების გადანაწილების წესი რამდენად სამართლიანია, ეს მართლა სადავოა. ხალხის განწყობაც არა კონსტიტუციაზე, არამედ სწორედ ამ წესის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამ სიტუაციაში როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას მიუძღვით წვლილი.

- რაში მიუძღვით?

- იმაში, რომ არავინ დაფიქრდა, იყო თუ არა საქართველო მზად საპარლამენტო რესპუბლიკისთვის. მმართველმა პარტიამ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისიც კი თქვა, როდესაც ამბობდნენ, ყველა მანდატი გამარჯვებულმა პარტიამ უნდა წაიღოსო, ამაზე მივდივართ იმიტომ, რომ მერე არ გართულდეს კაბინეტის ფორმირებაო.

- შესაძლოა, ეს პრობლემა წარმოიშვას?

- საპარლამენტო რესპუბლიკაში არის ეგ საფრთხე. თუ პარტიები ვერ შეთანხმდნენ ერთმანეთში, შეიძლება, თვეობით გადაიდოს მთავრობის ფორმირება და მთელი სახელმწიფო იყოს გაჩერებული. უკრაინაში მთელი წელი გასტანა ამ პროცესმა, იტალიაში რამდენჯერმე ზედიზედ გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, სწორედ იმიტომ, რომ შეთანხმება ხდებოდა რთული. იმის შანსი, რომ ამ გამოცდილების ქვეყანამ ეს ამოცანა ვერ გადაწყვიტოს, ძალიან დიდია.

- საით მიანიშნებთ?

- ამიტომ ამ თვალსაზრისთ, შესაძლოა, ქვეყანას ერჩიოს კიდეც, რომ ერთმა პარტიამ წაიღოს ეს მანდატები. ვიმეორებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაადრევად არის შემოტანილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი. ეს კი თავისას იზამს. ვიმეორებ და ვაკონკრეტებ, რომ მეთოდი უსამართლოა და ვენეციის კომისია ამ საკითხს სულ სხვანაირ რეკომენდაციას გაუწევს, ხოლო თუკი მოხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინება, დავდგებით იმ საფრთხის წინაშე, რომ შეთანხმებას ვერაფრით ვერ მიაღწევენ. ხოლო თუ ერთი პარტია წაიღებს ყველაფერს, ამ ერთი პარტიის ხელში აღმოჩნდება როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება.

- ანუ ორცეცხლშუა ვართ? პირველი, რომ ერთპარტიული მმართველობა მივიღოთ და მეორე, რომ ვერ შეთანხმდნენ კოალიციურ მთავრობაზე და საერთოდ ჰაერში გამოეკიდოს პროცესი?

- დიახ, ასეა.

- რატომ არ არის ჩვენი საზოგადოება მზად საპარლამენტო რესპუბლიკისთვის?

- საპარლამენტო რესპუბლიკის ღერძი არის მრავალპარტიულობა. დემოკრატია იქ ეყრდნობა იმას, რომ ბევრი პარტია არსებობს. ენდიაის გამოკვლევებმა კი გვიჩვენა, რომ პარტიები თითქმის არ გვაქვს. ერთი პარტიაა, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ სახელისუფლებოა, მეორე პარტია არსებობს იმიტომ, რომ ყოფილი სახელისუფლებოა, ხოლო პარტია, როგორც ასეთი, კლასიკური გაგების, რაღაცა იდეოლოგიის გარშემო შეკრებილი ხალხით, არ გვაქვს. რა საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდიოდით, რით მივდიოდით?! შეიძლება, მანქანას ბორბლები არ ჰქონდეს და ბენზინი ჩაასხა და დაქოქო?! ზუსტად იგივე სიტუაციაა!

- საპრეზიდენტო რესპუბლიკას უნდა დავუბრუნდეთ?

- მე ვთვლი, რომ ჩვენ არც საპრეზიდენტოზე ვყოფილვართ. იქაც ბევრი გადავკერ-გადმოვკერეთ, იმის მიხედვით, ვის რა აწყობდა. ამერიკული ტიპის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტიც კონტროლის ქვეშ არის პარლამენტის მხრიდან, გვაწყობს, იმიტომ, რომ ხალხი ირჩევს პრეზიდენტს, როგორც მთავრობის ხელმძღვანელს. პარლამენტში რაც უნდა მოხდეს, ეს მთავრობის მდგომარეობას არ ეხება. ერთადერთი შანსია მაშინ, თუ ბიუჯეტი არ დაამტკიცა პარლამენტმა, მთავრობა უფულოდ რჩება.

- ჩვენთვის ამერიკული სტილია მისაღები?

- ასეთი მოწყობა გათვლილია ისეთ ქვეყნებზე, სადაც პარტიული კულტურა დაბალია და ამერიკაში პარტიული კულტურა დაბალი იყო, როცა ეს კონსტიტუცია მიიღეს, განსხვავებით ევროპისგან, სადაც პარტიები უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე დემოკრატია. როცა არ გაქვს კულტურა საკმარისი და მრავალპარტიულობა არ მოგდევს, მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც ჩამოაყალიბებს მთავრობას და დამთავრებულია ხელისუფლების საკითხი! ასე იყო კომუნისტების დროს, ერთი პარტია იყო და ის აყალიბებდა ყველაფერს.

- ისევ კომუნისტურ გზას ვადგავართ?

- იმავე გზას, ოღონდ სხვა სახელით. ამას ვარქმევთ ევროპულ დემოკრატიას. მივიღებთ იმავე შედეგს, რომელიც იყო კომუნისტების დროს, რადგან არა გვაქვს ის კულტურა და დემოკრატია, რომელიც ევროპაშია.

- ბატონო რამაზ, რას ფიქრობთ თვითმმართველი ქალაქების სტატუსების გაუქმებისა და მათი გამსხვილების შესახებ? ამ საკითხს საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა...

- ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი პოზიციაა. თუ დემოკრატიისკენ მიდიხარ, მაშინ თვითმმართველობის ხარისხი უნდა გაზარდო! დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინება არის ფედერალიზმი. როგორც პარლამენტში ბევრი პარტია უნდა იყოს და ეს არის დემოკრატია, ისე ქვეყანაში ბევრი დამოუკიდებელი რეგიონი უნდა იყოს და მათთან დიალოგით, შეთანხმებითა და ურთიერთობით მიიღწევა დემოკრატია. ჩვენთან ამ თვითმმართველობის სისტემის მოგვარებას არ დაადგა საშველი. როგორც პიროვნებას სჭირდება პოლიტიკური თავისუფლება, რეგიონსაც ასევე უნდა მიანიჭო პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება.

- მოვისმინეთ შეფასებები, რომ სიტუაცია იქით მიდის, რათა ყველაფერი ერთი კაცის ხელმა მართოს, ერთი პირის მიერ იყოს კონტროლირებადი. ასეა?

- არ გამოვრიცხავ იმას, რომ იყოს ასეთი მოტივი, რომ ყველაფერი ერთმა კაცმა მართოს. მარტო იმ ერთ კაცს კი არა, სხვებსაც აქვთ სურვილი, იმ ერთ კაცს მიაწებონ პასუხისმგებლობა ყველაფერზე. ეს ზის ადამიანის ბუნებაში. ასეთ მიდგომებს ყველგან ვხვდებით, ოჯახში, პარტიებში. გადახედეთ ოპოზიციურ პარტიებს, ყველა ერთკაციანი არ არის?! ერთი ლიდერის ირგვლივ შეკრებილი. დღეს ოპოზიციური პარტიები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ. სწორედ ამიტომ იღებენ მერე ამ ნულოვან რეიტინგს და რატომ აბრალებენ ამას ხელისუფლებას, ეს გაუგებარია.

- ჩვენს ოპოზიციას პოლიტიკური სიმწიფე აკლია?

- ზოგიერთი გადამწიფებულიც არის.

„ახალი თაობა“, 19 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „არ მესმის, კახა კალაძეს რატომ უნდა თბილისის მერობა

პოლიტოლოგი, პროფესორი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს.

- ბატონო სოსო, არსებობს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება შიდა არჩევნებით გამოავლენს თბილისის მერობის კანდიდატს. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

- ალბათ უკვე იცის რამდენიმე ადამიანმა, თუ ვინ იქნება მერი, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ კანდიდატმა შეიძლება არც კი იცოდეს. პრაგმატიზმის გათვალისწინებით, კალაძის ადგილას მე მაგალითად ამ ჯოჯოხეთს თავს ავარიდებდი, რასაც თბილისისი მერობა ჰქვია.

ქალაქი ტრადიციულად უკვე, ბოლო 25 წელია  ისე ღრმად არის ჭაობში ჩაფლული, რომ ვერც ერთი მერი ვერ ამოათრევს ქალაქს ამ ჭაობიდან არსებული ბიუჯეტით. რა სჭირდება დღეს თბილისს? თავის დროზე ნაპოლეონ მესამემ პარიზის მერად თავისი მეგობარი, ბრწყინვალე არქიტექტორი დანიშნა, ვისაც ენდობოდა და რომელსაც მისცა განუსაზღვრელი ბიუჯეტი. დღეს სწორედ ეს არის საჭირო. მაშინ შეიქმნა ელისეს მინდვრები, დიდი მოედნები, პროსპექტები, მაშინ გახდა პარიზი პარიზად. მანამდე პარიზი ვიწრო ქუჩებით და ზაფხულის ხვატით აუტანელი იყო, ლუი მე-14 ტყუილად არ გაქცეულა ვერსალის სასახლეში, პარიზიდან მოშორებით, რადგან პარიზში ცხოვრება შეუძლებელი იყო. დღეს თბილისს სჭირდება 5 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, რომ დედაქალაქს დაემსგავსოს და, რაც მთავარია, პატიოსანი მენეჯმენტი. ადამიანი, რომელიც ღირსეულად იზრუნებს თბილისზე და თბილისელებზე.

- მთავარი საქმე რა არის?

- ასეთ პრიორიტეტს ვერც გამოვყოფდი, იმდენად სჭირდება ყველაფერს მიხედვა. ნახევარი თბილისი უნდა დაინგრეს და ხელახლა აშენდეს. მთავარი არის ის, რომ მერი პრინციპული უნდა იყოს. ნეპოტიზმით, გაუგებარი ხარჯებით, კორუფციით _ ამ სისტემით არ ვიცი, რად უნდა კალაძეს მერობა. არადა ამბობენ, რომ კალაძეს მერობა სურს ყველაზე მეტად. მშვენივრად არის, ვიცე-პრემიერია, ენერგეტიკის მინისტრია, 10-ჯერ თუ მეტჯერ არა ნაკლებია პასუხისმგებლობა, ამ ფონზე რად უნდა ეს თავის ტკივილი, არ მესმის.

- არ არის გამორიცხული, რომ დავით ნარმანიამ კვლავ იბრძოლოს მერობისთვის, ყოველ შემთხვევაში, მას ამის სურვილი აქვს, თუ გუნდი გადაწყვეტს, როგორც თქვა...

- დავით ნარმანიამ მინისტრობის დროს 200 მილიონი ბიუჯეტი ვერ აითვისა, თანაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროში, მაგრამ დააწინაურეს და მერი გახდა. როგორი მერია ნარმანია, რა პლუსები აქვს ან მინუსები? რამდენი საარჩევნო დაპირება შესრულა და რამდენი ვერა? სწორედ ამ ჭრილში უნდა შეფასდეს მისი მერობა.

ერთ დაპირებას გავიხსენებ და ეს საკმარისი იქნება, რომ ვთქვათ – მან ვერ გაართვა თავი: „სითი პარკი” კვლავ წურბელასავით აზის მთელ თბილისს. მთელი ამ ხნის მანძილზე არ მოგვისმენია მისგან, რატომ ვერ მოხერხდა ხელშეკრულების გადახედვა, რა წერია ამ ხელშეკრულებაში. გასაგებია, რომ მას არ დაუდია ეს ხელშეკრულება, მაგრამ იგი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ხელშეკრულება გადაიხედებოდა. ათასი ჭორი დადის, რომ ისევ „ნაციონალები“ არიან წილში. რატომ არ საუბრობს თავად გიგი უგულავა ამ ხელშეკრულებაზე? თუ კაბალურია ეს ხელშეკრულება, იურისპრუდენციაში ძველი რომიდან არსებობს „კაბალური ხელშეკრულების“ ცნება, რომლის ანულირებაც არის შესაძლებელი.

მეორე დაპირება „მილიონ ხეს“ ეხებოდა. რა დონეზეა ეს დაპირება შესრულებული, დაირგა კი მილიონი ხე? ალბათ 500 ხე ან ცოტა მეტი არის დარგული, ნახევარი კი გახმა.

- ოპოზიციიდან საუბარია, რომ ალეკო ელისაშვილი და ელენე ხოშტარია იქნებიან კანდიდატები. მათი შანსები როგორია?

- მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ოპოზიციის შანსი ნულის ტოლია. გარდა „ოცნების“ კანდიდატისა, არავის აქვს თბილისის მერის არჩევნებში შანსი. თბილისის მერი კვლავ ხელისუფლების კანდიდატი გახდება. არის დრო, როდესაც საზოგადოების პროტესტი სამზარეულოებში იკეტება, ახლა სწორედ ეს ეტაპია, შემდეგ ეს უკვე გამოხეთქავს, მაგრამ ჯერ ეს დრო „ქართული ოცნების“ წინაშე არ დგას. თავის დროზეც, 2003 წელს, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, არც მას ეგონა, რომ ხალხს დაასისხლიანებდა, გაზს გაუშვებდა, ისიც ფიქრობდა, რომ როგორი ტაშით მოვიდა, ისეთივე ტაშით წავიდოდა.

ჯერ „ქართული ოცნება“ არ მისულა იმ კრიზისამდე, როდესაც ხდება ხელისუფლების გამოცდა, როდესაც ხელისუფლებას უწევს ტესტის ჩაბარება მთელი საზოგადოების წინაშე. ჯერ „ოცნებას“ 200 ათასიანი მიტინგი წინ არ დახვედრია, შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, როგორია ამ დროს მისი რეაქცია, როგორ გამოავლენს ის თავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს „ოცნება“ დგას გამოწვევების წინაშე, მაგრამ ეს არ არის იმ დონის გამოწვევა, რომ ხალხი გააბრაზოს, ისე, რომ ქუჩაში გამოვიდეს. ასეთი ტესტი ხელისუფლებისთვის დღეს არის გენერალური აუდიტორისა და ყოფილი მთავარი პროკურორის საქმე. მე შეიძლება ვგრძნობდე, თუ როგორ დასრულდება ეს საქმე, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ოფიციალური ხელისუფლების პოზიცია ამ საქმეზე.

ასეთი საქმეები ქმნის, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების იმიჯს, როგორც დემოკრატი მმართველისას ან პირიქით.

„ახალი თაობა“, 19 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა ტუსკაძესთან: „მნიშვნელობა არა აქვს, მერს დაარქმევენ თუ გამგებელს

ერთისა და იმავე მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მერის ფუნქციების გაერთიანებაში, ხელმძღვანელისთვის მერის დარქმევაში „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი მამუკა ტუსკაძე პრობლემას ვერ ხედავს.

„ახალ თაობასთან“ საუბარში იგი ამბობს, რომ მთავარია რა უფლებებით იქნებიან აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: „ძალიან არ გვაინტერესებს, სახელს რას დაარქმევენ, მთავარია, შიგნით ვინ იქნება, რა ტვინი, რა უნარები ექნება და რა უფლებებით იქნება აღჭურვილი. ესაა მთავარი, თორემ მერს დაარქმევენ თუ გამგებელს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.

- ერთ-ერთი რომ უქმდება?

- მესმის, გამგებლობა უქმდება.

- მერი ქალაქსაც უპატრონებს და რაიონსაც?

- დიახ და მნიშვნელობა არა აქვს, რას დაარქმევენ, მერს, მმართველს, გამგებელსა თუ ცენტირიუსს.

- გარკვეული ჯგუფები ამას უკვე აპროტესტებენ...

- ჩვენ არ ვაპროტესტებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შინაარსობრივი მხარე – რა უფლებები ექნება და როგორ გამოიყენებს იმ უფლებებს სოციუმის სასარგებლოდ. ამ საკითხთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია ეს არის.

- ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება და ეს საკითხი ამიტომაც იძენს გარკვეულ სიმწვავეს. თქვენი პარტია რა როლს ითამაშებს ამ პროცესში?

- ოთხ თვეზე ცოტა მეტი დარჩა ადგილობრივ არჩევნებამდე, რომელიც ოქტომბრის პირველ ნახევარში გაიმართება. რიცხვს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად დაადგენს. ჩვენ ამომრჩევლებთან შეხვედრების ფორმატს განვაახლებთ. როგორც კი დამთავრდება კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის განხილვა, ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავთან ერთად ვაპირებთ, შემოვიაროთ საქართველო, ყველა სოფელსა და ქალაქში მივიდეთ და თითოეული მოქალაქის პრობლემა მოვისმინოთ. წინა არჩევნების დროს სახელმწიფომ და მახინჯმა საარჩევნო სისტემამ 6 მანდატზე დაგვტოვა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით და შეიძლება დაგვემატოს.

- შეიძლებაოცნებისა და ნაციონალების დეპუტატებს მანდატები გაუუქმდეთ და თქვენ გადმოგეცეთ?

- შეიძლება. როგორც მინიმუმ, ორი მანდატის დამატებას ველოდებით.

- ახლა დამატებას ელოდებით?

- დიახ, ერთი მანდატი ჩამოერთმევა „ქართულ ოცნებას“, ერთიც – „ნაცმოძრაობას“. ამგვარი პროცედურა შესაძლებელია, თუ საკონსტიტუციო სასამართლო იქნება სამართლიანი და თუ შეასრულებს კონსტიტუციით ნაკისრ ვალდებულებებს.

- ანუ შესაძლებელია, ამ პარლამენტში ახლა დაგემატოთ მანდატები?

- შესაძლებელია, თუ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ისედაც გვაქვს საპარლამენტო ბერკეტი და რესურსი, მაგრამ კანონპროექტების გატანა გვიჭირს.

- ქართული ოცნება არ ითვალისწინებს «პატრიოტთა ალიანსისწინადადებებს?

- პრაქტიკულად, არ ითვალისწინებს, თუმცა იძულებულია, გარკვეული საკითხები გაითვალისწინოს. ძირითად საკითხებში, ძალიან ტექნიკურიც რომ იყოს, არ ითვალისწინებენ. ჯერჯერობით ჩვენ რადიკალურ ოპოზიციად აღგვიქვამენ და იმ უფსკრულს აღრმავებენ, რომელიც პოზიცია-ოპოზიციას შორის არსებობს.

- თქვენ გინდათ, კონსტრუქციული ოპოზიცია იყოთ, წარადგინოთ კანონპროექტები და ოცნებამ მხარი დაუჭიროს?

- დიახ, გვინდა, პარლამენტში გავიტანოთ საკითხები, მხარი დაგვიჭიროს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ჩვენ ეს 2012 წელსაც გვინდოდა. „პატრიოტთა ალიანსის“ მაშინდელი ფრთა იმ ადამიანებთან ერთად იდგა, რომლებმაც ტოტალიტარული რეჟიმი დაამარცხეს, მხარს უჭერდნენ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა შემდეგ ბიძინა ივანიშვილსა და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის დღევანდელი გუნდის წარმომადგენლებმა უფსკრული შექმნეს. ახლა ამ უფსკრულს კიდევ უფრო აღრმავებენ, რაც, სავარაუდოდ, ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლებს ცუდად მოუბრუნდებათ.

- თქვენ უახლოეს პერიოდში აქციების დაწყებას აპირებთ. ეს საარჩევნო პროცესს ხომ არ უკავშირდება?

- მათ შორის, საარჩევნო პროცესსაც უკავშირდება, ჩვენ ღირსეული კანდიდატები უკვე გვყავს შერჩეული საკრებულოებისა თუ მერების არჩევნებისთვის. ბევრი ორგანიზაცია ამას ვერ ახერხებს და ადგილობრივ არჩევნებში მხოლოდ ლოკალურად წარმოდგებიან ხოლმე ამა თუ იმ რაიონში. ჩვენ 63 რაიონში და თბილისის 25-ვე რაიონში გვეყოლება კანდიდატები.

- აქციებს რასთან დაკავშირებით მართავთ?

- ჩვენი აქციები ეძღვნება სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას. სოციალური საკითხები კონსტიტუციაში ძალიან მწირად არის წარმოდგენილი. ჩვენ ვითხოვთ, კონსტიტუციაში ფართოდ იყოს გაწერილი სოციალური საკითხები, სახელმწიფომ სოციალური გარანტიები მისცეს მოქალაქეებს. ისეთი კანონმდებლობა უნდა შემუშავდეს, რომ მოქალაქეს სოციალური დახმარება არ მოეხსნას სოცაგენტის პირადი შეხედულების, მიზერული შემოსავლის, საცხოვრებელი პირობების ან ძროხის ფერის გამო. დღეს სოციალური დახმარების დანიშვნის დროს ქათამს, ძროხასა და ტრაქტორს ერთი მნიშვნელობა აქვს. ეს უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში. მთავარი პრინციპია საქართველოს მოსახლეობის სოციალური თანასწორობა. სახელმწიფოში სოციალური თანასწორობა უნდა იყოს.

- რის იმედი გაქვთ?

- სანამ კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვის მეორე ტალღა დაიწყება, ვენეციის კომისია მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს წარმოდგენილ საკონსტიტუციო პროექტში.

- ფიქრობთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნებს გაითვალისწინებენ?

- ვფიქრობ, ვენეციის კომისია რეკომენდაციას მისცემს და ესენიც გაითვალისწინებენ, განსაკუთრებით – საპარლამენტო მანდატების გადანაწილების პრინციპთან და ქართული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით. ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც პრინციპულია. კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება არ შეიძლება. ჩვენი აქციები იმ უსამართლობის წინააღმდეგაც იქნება მიმართული, რომელიც ახლანდელმა ხელისუფლებამ გადმოიბარა და კოაბიტაციაშია ნაცმოძრაობასთან. დღევანდელ ხელისუფლებას ნაციონალების წინააღმდეგ ერთადერთი არგუმენტი აქვს: რას აკეთებდი შენ წინა 9 წლის განმავლობაში. ნაცმოძრაობა ან უნდა გაეშვათ ციხეში, ან გაეგრძელებინათ მათი გზა. დღეს ვხედავთ, რომ `ოცნებამ~ ნაციონალები ციხეში არ ჩასვა, მისი გზა გააგრძელა.

- სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ბევრი მათგანი ჩასვეს

- ვერ დაგეთანხმებით, „ნაციონალებიდან“ ძალიან ცოტას მოეთხოვა პასუხი ჩადენილი დანაშაულებისთვის.

„ახალი თაობა“, 19 მაისი, 2017 წელი

აფხაზეთის ოპოზიცია რუსეთთან შეთანხმებას ეწინააღმდეგება // პასუხისმგებლობა სიტუაციის მოსალოდნელ გამწვავებაზე ხაჯიმბას ეკისრება // ლექსანდრე ანქვაბთან ბრძოლა გრძელდება

ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობა `მარჩენალ~ რუსეთთან იძაბება. 18 მაისს სოჭში შეთანხმების გაფორმებას ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია. ოპოზიციამ მისი ხელმოწერის გადადება მოითხოვა.

დოკუმენტი 2014 წელს მხარეებს შორის ხელმოწერილი მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ითვალისწინებს ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნას აფხაზეთში. ცენტრი დამნაშავეობას უნდა დაუპირისპირდეს.

ოპოზიციურმა პარტია „ამცახარამ“ მის გაფორმებამდე მოუწოდა ფაქტობრივ ხელისუფლებას, გადაავადოს დოკუმენტის ხელმოწერა და ის საზოგადოებასთან ერთად დეტალურად განიხილოს.

„ამცახარა“ აცხადებს, რომ შეთანხმება ლახავს აფხაზეთის სუვერენიტეტს და აზარალებს სტაბილურობას. ამის გამო საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესაძლო გამწვავებაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას აკისრებს ფაქტობრივ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, რომელმაც ვერ შეძლო აფხაზეთის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და საფრთხე შეუქმნა აფხაზეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების დაცვას.

„ამცახარას“ შეფასებით, შეთანხმების რამდენიმე პუნქტის შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის მის დასახელებასთან და სხვა მუხლებთან. ერთი მუხლის თანახმად, ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს ეკრძალება კომერციული საქმიანობა, ამასთან, უფლება ეძლევა, გააფორმოს ხელშეკრულებები, გახსნას საბანკო ანგარიშები, შეიძინოს და განკარგოს ქონება. ცენტრი თავისუფლდება ყველანაირი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. არ არის დაზუსტებული, ცენტრის 20 თანამშრომლიდან რამდენია აფხაზეთის მოქალაქე.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ცენტრი სამუდამოდ იქმნება, რაც არ ტოვებს იმის იმედს, რომ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებელ და ეფექტიან სტრუქტურად იქცევა.

შეთანხმების მიხედვით, ცენტრის მუშაკებს დაიცავს იმუნიტეტი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად. აფხაზეთი ამ კონვენციას მიერთებული არ არის. ოპონენტებში ესეც აჩენს ეჭვს, რომ ცენტრი აფხაზურ მხარეს არაფერს დაეკითხება.

მიმდინარე მოვლენები მიანიშნებს, რომ აფხაზეთში მოსალოდნელია ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვა.

პოლიტიკური დაძაბულობის პიკი დეკემბერში შეინიშნებოდა. ხალხი ხაჯიმბას გადაყენების მოთხოვნით ქუჩაშიც გამოვიდა, თუმცა ყველაფერი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგებით დასრულდა.

დესტაბილიზაციის საშიშროება საოკუპაციო რეჟიმმა აფხაზეთში დაბრუნებული ექსპრეზიდენტისა და ექსპრემიერის ალექსანდრე ანქვაბის სახით იგრძნო. რუსეთიდან დაბრუნებულმა ანქვაბმა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის თხოვნით მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. მან მაჟორიტარული არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, თუმცა ახალ პარლამენტში უმრავლესობა არ ჰყავს და არც რომელიმე თანამდებობას იკავებს.

ექსპერტებმა არჩევნების შემდეგ ივარაუდეს, რომ თუ აფხაზეთში სიტუაცია აირია, ხაჯიმბას მომხრე დეპუტატები ოპოზიციაში გადავლენ, პარლამენტში კი გადატრიალება მოხდება.

როგორც ჩანს, ალექსანდრე ანქვაბის ფაქტორი აფხაზეთში ისევ საყურადღებოა. ამას ადასტურებს სახელისუფლებო მედიაში მიმდინარე კამპანია მის წინააღმდეგ. რაულ ხაჯიმბასთან დაახლოებული მედია აყენებს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებმაც 2011 წელს მასობრივად დაურიგეს აფხაზური პასპორტები გალისა და ტყვარჩელის ქართველებს. მთავარ დამნაშავედ სახელდება ალექსანდრე ანქვაბი. რაულ ხაჯიმბას გარემოცვა აღნიშნავს, რომ იმ დროს აფხაზურ პასპორტებს ფულის სანაცვლოდ ურიგებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რაც, მისი შეფასებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო მოქმედება იყო და მიზნად ისახავდა მცოცავ ინტეგრაციას საქართველოსთან.

———————–

საქართველო და მსოფლიო“, 17-23 მაისი, 2017 წელი

კავკასიელი ტყვე კაცი

საქართველოს ხელისუფლება ტყვეადღეს ამერიკის ტყვე, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკის პრეზიდენტის ტყვე

ბესო ბარბაქაძე

ყველას, ალბათ, გინახავთ ლეონიდ გაიდაის ფილმი „კავკასიელი ტყვე ქალი” – ერთ-ერთი ქალაქის თავი ლამაზ ქალს იტაცებს და რისთვის იტაცებს, ადვილი მისახვედრია. გაიდაი ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად გადაიღებდა ფილმს “კავკასიელი ტყვე კაცი” და მთავარ როლში ჩვენი ხელისუფლების პირველ პირებს ათამაშებდა.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ტყვეა – დღეს ამერიკის ტყვე, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკის პრეზიდენტის ტყვე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შტატების პირველი პირი, რა შეფერილობის, მონობის უღელი გვრჩება და, თუ ადრე მონობისთვის ხარკს ფულითა და პროდუქტით ვიხდიდით, ახლა ხარკად ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილს, ჩვენს ეროვნულ გენს ვწირავთ და ავღანეთში, აფრიკაში, ერაყსა და კიდევ, ვინ იცის, სად ვგზავნით.

სხვათა შორის, როცა საქართველოს მონღოლთა და არაბთა მონობის უღელი ედგა, ჩვენს მეფეებს დამპყრობლები მაინც პატივით ეპყრობოდნენ, როგორც ტოლ-სწორს ისე ესაუბრებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ გურჯები დაუმორჩილებელი ერია და ერთ დღეს შეეძლოთ, თავზე ხელი აეღოთ და უძლეველი ურდოები დაემარცხებინათ. ახლა კი რა მივიღეთ – საკმარისი იყო ერთი ზარი და გიორგი კვირიკაშვილმა ყველა დაგეგმილი შეხვედრა გადადო, ყველაფერი დაივიწყა და ამერიკაში ტრამპთან გაფრინდა. სავარაუდოდ, ძალიან ეამა ტრამპს ასეთი მონური საქციელი და ჩვენს პრემიერს ზუსტად ისე მოექცა, როგორც, საზოგადოდ, მოქმედი პრეზიდენტის წინაპრები ექცეოდნენ წინა პრეზიდენტის წინაპრებს – ბატონი დონალდი ფეხზეც არ ადგა, გვერდით დააყუდა მასთან “მეთხუთმეტე კაცად შესული” პრემიერი. კვირიკაშვილმაც, სულ უცხოდ არ გამოვჩნდეო, იფიქრა და მაგიდას ცალი ხელით დაეყრდნო. რაღაც იეჭვა, ალბათ, წითურმა პრეზიდენტმა, ემანდ არაფერს მიპირებდეს კვირიკაშვილიო და მისი გასვლის შემდეგ, მაგიდის ის ნაწილი, რომელსაც პრემიერმა ხელი შეახო, საგანგებოდ გაწმინდეს ქიმიური ხსნარით. აბა, როგორ გინდათ, უძლეველი სახელმწიფოს პირველი პირის ჯანმრთელობას მოფრთხილება სჭირდება…

გაიდაის ფილმი ვახსენე და, სწორედ იმ ფილმშია, ერთ-ერთ მთავარ გმირს დაჯდომა რომ არ შეუძლია უკანალში მოხვედრილი მარილიანი ტყვიის გამო. “სპასიბო, ია პეშკომ პოსტაიუ”, – ეუბნება მოსამართლეს და ახლა ისღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ, ამ ჩვენს პირველ პირს რა მოხვდა, დაჯდომას რომ ვერ ახერხებდა. მეტყვით, არაფერიც არ ჰქონდა, უბრალოდ, არ შესთავაზეს სკამიო… მაშინ იქ რა გინდა სტუმრად, სადაც იცი, რომ სკამს არ შემოგთავაზებენ, შენს ნაფეხურებსა თუ ნახელურებს გაწმენდენ და შენი იქ ყოფნის კვალს ისე გააქრობენ, ვერავინ გაიგებს, იყავი იქ თუ არა ოდესმე.

ამ ყველაფრის ფონზე ძალიან სასაცილოა ის შეფასებები, რომლებიც გაკეთდა: რომ ამერიკა ჩვენი მოძმე და სტრატეგიული პარტნიორია; რომ, თურმე ამერიკას ჩვენი იმედი აქვს და რომ… არასასურველი სასიძოსავით დაყუდებული პრემიერი მსოფლიომ ნახა და, სავარაუდოდ, ყველას გულიანად გაეცინა. ახლა სკეპტიკოსები იტყვიან, – რა უნდა ექნაო?..

გასული კვირის ბოლოს ჩინეთში 110 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა ეკონომიკურ ფორუმზე. ამ ღონისძიებას 28 სახელმწიფოს მეთაური დაესწრო და, თუ ადრე ანალოგიურ ფორუმს “აბრეშუმის გზა” ერქვა, ახლა “ერთი სარტყელი – ერთი გზა ჰქვია…” ამ ფორუმზე მონაწილეობა კარგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ კვირიკაშვილი იქ არ წავიდა და, როგორც ამბობენ, არ წავიდა ერთადერთი მიზეზით – იქ რუსეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და ჩვენი ქვეყნის მეთაურმა მასთან შეხვედრას აარიდა თავი, ვაითუ შემთხვევით ხელის ჩამორთმევა მომიწიოს და შემდეგ ოპოზიცია რუსეთუმეობას დამწამებსო. შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტისთვის ხელის ერთ სავარაუდო ჩამორთმევას ქვეყნის ინტერესები ეწირება. და ეს მაშინ, როცა ამერიკის პრეზიდენტის ერთ ზარზე კვირიკაშვილმა ყველა შეხვედრა გადადო და შტატებში თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. გაიქცა იმისთვის, რომ ფეხზე მდგარიყო, რომ სკამი არ შეეთავაზებინათ და რომ არავის ეთქვა, საქართველო ამერიკასთან ურთიერთობაზე უარს ამბობსო.

მოდი, ისიც ვთქვათ, რა მოგვცეს ტრამპის წინამორბედებმა. ამერიკის პრეზიდენტთან ვიზიტის პრესტიჟულობა მას შემდეგ დამკვიდრდა, როცა გადაწყდა, რომ ნატოში გვინდა. ეს იმის მიუხედავად, რომ გასაგებად აგვიხსნეს, – ნატოს კარი თქვენთვის, სავარაუდოდ, ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ გაიღებაო და აკი არც იღება. სამაგიეროდ, ნატოს ჩვენგან საჯიშე ბიჭები უნდა ზვარაკად და ამ ზვარაკს პრაქტიკულად ყველა მთავრობა ისე სწირავს, თითქოს ვასლის ვალდებულება ჰქონდეს ნაკისრი, მაგრამ რაღა თითქოს, დაპყრობილი ქვეყნის მეთაურს არ შეურაცხყოფენ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის პირველ პირს. ჯოხი არ უხმარიათ და იარაღი არ უსვრიათ, თორემ სხვა კი არაფერი უქნიათ მუამარ კადაფისთვის, როცა დააპატიმრეს. ცუდი შედარებააო, ვიღაც იტყვის, მაგრამ აღარ არის რევერანსების დრო – საქართველოს ისე უყურებენ, როგორც მონების ქვეყანას და ამ თვალსაზრისის განეიტრალება შემდეგ ძალიან რთული იქნება. რთული იქნება იმის ახსნა ნებისმიერი ქვეყნის ლიდერისთვის, რომ ოვალურ კაბინეტში ერთი სკამი არ მოიძებნა, ჩვენი ქვეყნის მეთაურს ერთი ადგილი რომ დაედო, ის ადგილი, რომელიც… უფრო ზუსტად, რომელსაც მელანია ტრამპის უკანალში ვერ არჩევს მისტერ დონალდი და თავისი ჰგონია, და ისიც ჰგონია, რომ ისე მოექცევა, როგორც სურს. ჰოდა, სწორედ ისე მოექცა, როგორც სურდა, და “სპასიბო, პეშკომ პასტაიუ” ათქმევინა კვირიკაშვილს…

——–

P.S. როცა მონა გქვია, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მონა ხარ. არც იმას აქვს მნიშვნელობა, პლანტაციებში გამუშავებენ თუ გემზე მენიჩბედ… როცა მონა ხარ, მონათმფლობელი ნებისმიერ დროს გადაგიჭერს ზურგზე მათრახს და ცხრაპირ ტყავს გაგაძრობს. ამიტომ მონა გინდა, ოვალურ კაბინეტში დააბი და გინდა, – კუთხეში, მონა მონაა და ამ კლიშეს მოხსნა ძალიან, ძალიან ძნელი იქნება. ევროპის სახელმწიფოს რომელიმე ლიდერს ამას გაუბედავდა ტრამპი? – ვერა! არადა… აკი, უვიზო მიმოსვლა მოგვცეს და მსოფლიო უკვე ევროპად გვთვლისო?! ახლა ხომ ხვდებით, რომ ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც ისინი ვართ, ვინც “დოლჟენ პეშკომ პოსტაიატ…”

P.S.S. “გდე-ტო ნა ბელომ სვეტე, ტამ გდე ვსეგდა მოროზ…”

———————–

რეზონანსი“, 19 მაისი, 2017 წელი

საბერძნეთში არალეგალურად მყოფ ქართველებს, შესაძლოა, ლეგალურად ცხოვრების უფლება მისცენ // „ეს ყველაფერი დემაგოგიაა და თავის გამოჩენის მიზნითაასაბერძნეთი თვითონ ასეთ მნიშვნელოვან თემას კი არა, ელემანტარულ საკითხსაც კი ვერ წყვეტს

გვანცა ღვედაშვილი

საქართველოს საელჩომ საბერძნეთში არალეგალურად მყოფი მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭების საკითხზე მუშაობა დაიწყო და როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, ეს თემა პირველად გაჩნდა საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობაში. თუმცა ამ განცხადების არ სჯერა საბერძნეთის ეკომისტთა კავშირის წევრ ელგუჯა მინაძეს, რომელიც “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ელჩის განცხადება დემაგოგიაა და თავის გამოჩენის მიზანს ემსახურება. მისივე თქმით, საბერძნეთი ასეთ მნიშვნელოვან თემებზე საუბარს კი არა, ელემენტარულ საკითხებსაც კი ვერ წყვეტს თავად.

———

როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ პროცესის ფარგლებში საელჩო საბერძნეთში ლიცენზირებულ ქართველ იურისტებთანაც თანამშრომლობს. მისივე თქმით, ქართველ იურისტებთან პირველი შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. ამასთან, საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრომ გამოყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც საელჩოსთან ამ საკითხზე მუშაობს.

“ეს მგრძნობიარე საკითხი ოფიციალურ დონეზე ბერძნულ მხარესთან პირველად იხილება. საქართველოსა და საბერძნეთს შორის ამ ეტაპზე შეიქმნა ისეთი ინტენსიური, თბილი და კონსტრუქციული ურთიერთობა, რომ უკვე ჩვენ ამ საკითხსაც შევეხეთ. ორივე მხრიდან არის სურვილი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხელი შეეწყოს ჩვენი მოქალაქეების საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის პროცესს. ბუნებრივია, მოკლე ვადაში და ერთბაშად ის მოქალაქეები, ვინც ამჟამად უკანონოდ იმყოფებიან საბერძნეთის ტერიტორიაზე, კანონიერ უფლებას ვერ მიიღებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, გაფართოვდეს ის კატეგორიები, ვისთვისაც შეიძლება ლეგალიზაციის პროცესი გამარტივდეს და ახალი ინიციატივებით ხელი შეეწყოს ამ პროცესს.

პირველად ვსაუბრობთ ამაზე ბერძნებთან, ორივე მხრიდან არის მზადყოფნა. კომუნიკაციის ეს არხი ინსტიტუციონალიზებულია, იმიტომ, რომ საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრომ გამოყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც საელჩოსთან ამ საკითხზე მუშაობს”, – განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრიათ საბერძნეთში მომუშავე ლიცენზირებულ ქართველ იურისტებს. ელჩის ინფორმაციით, ორი დღის წინ საელჩოში პირველი შეხვედრა შედგა, სადაც შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც შეხვედრები გაგრძელდება.

„პირველად გვაქვს გეგმური, გააზრებული მიდგომა ამ საკითხის მიმართ. რატომ ხდება ეს ახლა და არა ადრე – აქ ორი ფაქტორი იყო, ერთი – ჩვენ ვაგვარებდით მიმდინარე საკითხებს, რომელიც ჩვენი ემიგრანტების ყოფას უკავშირდებოდა, მეორე – უნდა შექმნილიყო განსაკუთრებულად თბილი ფონი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, რომ ამ მგრძნობიარე საკითხსაც შევხებოდით. მე არ მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მიმართ დიდი აჟიოტაჟია საჭირო. ამას უნდა ჩუმი, მეთოდური მუშაობა. ორივე მხარე არის განწყობილი, რომ პროგრესი იქნეს მიღწეული და მე დარწმუნებული ვარ, გარკვეული პროგრესი იქნება. “განსაკუთრებული როლი მიენიჭება მასმედიას, იმიტომ, რომ არ გაჩნდეს ყალბი მოლოდინი ვადასთან და მასშტაბებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა საბერძნეთში საქართველოს ელჩმა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “რეზონანსი” საბერძნეთის ეკომისტთა კავშირის წევრ ელგუჯა მინაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საბერძნეთი დამოუკიდებლად ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს. შესაბამისად, არც საბერძნეთში საქართველოს ელჩის განცხადებისა სჯერა.

“დემაგოგიაა და თავის გამოჩენის მიზნითაა… საბერძნეთი ასეთ მნიშვნელოვან თემას კი არა, ელემანტარულ საკითხსაც კი ვერ წყვეტს თვითონ. საბერძნეთი ყველა საკითხს გემანიასთან ათანხმებს და გერმანიის ხელქვეითია. ასე რომ, ყველა საკითხზე გერმანიას ესაუბრეთ, საბერძნეთის ხელისუფლება არაფერ შუაშია. არც ერთი ხელისუფლება არ ფიქრობს და არ მოქმედებს სიღრმისეულად. უბრალოდ, ზედაპირულად მოქმედებენ, გაუთვითცნობიერებელი ხალხისთვის. იმიტომ, რომ ისინიც იმართებოდნენ და იმართებიან”, – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას საბერძნეთის ეკომისტთა კავშირის წევრი ელგუჯა მინაძე.

——-

ცნობისთვის: გასულ თვეში საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხის განსახილველად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრ იოანის მუზალასს შეხვდა. შედგა შეთანხმება, რომ ბერძნული მხარე შესაბამის ტექნიკურ დახმარებას გაგვიწევს მიგრაციის შესახებ საბერძნეთის 2014 წლის კანონისა და მასში შესული შესაბამისი შესწორებების ინტერპრეტაციის, ასევე, მათი პრაქტიკული რეალიზაციის საკითხში.

რეზონანსი“, 19 მაისი, 2017 წელი

ტყეებს .. ინვესტორები აჩანაგებენ!

ინტერვიუ პროფესორ თემურ ვეკუასთან: „საქართველოში საკმარისი ხე-ტყეა, მაგრამ ამას ლიცენზიანტები გაგვინახევრებენ ისე, რომ ჩვენთვის არაფერი დაგვრჩება

ნათია ლომიძე

უახლოეს მომავალში საქართველოს ხე-ტყის რესურსის დეფიციტი ემუქრება. ამის მიზეზი უცხოურ კომპანიებზე გაცემული მრავალწლიანი ლიცენზიებია. როგორც წესი, მოპოვების პროცესს და სალიცენზიო პირობებს არავინ აკონტროლებს. ამ დროს ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში დაბანდებული 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ქვეყანას 50 მილიონი დოლარის ზიანს აყენებს, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ.

“რეზონანსთან” საუბრისას საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ბუნებრივი რესურსების გარეშე დარჩება, რაც სოციალურ აჯანყებას ჩაუყრის საფუძველს.

- უნდა გაიცეს თუ არა ხე-ტყის მოპოვების მრავალწლიანი ლიცენზიები უცხოელებზე? რა ზიანს მოუტანს ქვეყანას მსგავსი ინვესტიციები?

- მოგეხსენებათ, ბუნებრივი რესურსების, ტყეების მოხმარების ლიცენზიების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელებზეა გაცემული. ეს ნიშნავს, რომ თუ ცოტა რამ გაგვაჩნდა, ისიც უცხოელებს მივეცით. გვიხარია, ინვესტიცია თუ შემოვა, მაგრამ მოვა რომელიმე კომპანია, ჩადებს 5 მილიონ დოლარს, წაიღებს 25 მლნ დოლარის მოგებას და 50 მილიონი დოლარის ზიანს მიაყენებს ჩვენს ბუნებას. როგორ შეიძლება, მაგალითად, ჩინეთს მისცე ჩვენს ქვეყანაში რაიმეს მოპოვების უფლება? ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი, რაც ღირებული და მნიშვნელოვანი გვაქვს, მათ ხელში გადავა. ცხადია, ე.წ. უცხოელი ინვესტორები ამას ექსპლოატაციას უწევენ და ხე-ტყე გააქვთ საქართველოდან. ამ დროს კი არანაირი მოგება არ გვაქვს. ჩვენ უნდა შევქმნათ პროდუქცია და გავიტანოთ ექსპორტზე და არა ვყიდოთ ნედლეული, რაც ჩამორჩენილი ქვეყნების ხვედრია.

- რა ზომები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ სავალალო შედეგი თავიდან აიცილოს?

- მთავრობაში საკმაოდ კვალიფიციური კადრები გვყავს და მათ შესანიშნავად იციან, რა ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას მსგავსი “ინვესტიციები”. საერთოდ, რა ინვესტიციაა სასტუმროს აშენება, არ მესმის. ინვესტიცია ნიშნავს ტექნოლოგიურ გარღვევას, პროდუქციის შექმნას და საერთო საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. ჩვენ ნამდვილად აცდენილები ვართ თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს. ბუნებრივი რესურსები შეიძლება ქვეყნისთვის მომგებიანი იყოს, თუ გამოვიყენებთ ქვეყნის შიგნით თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად ან ჩვენვე გავყიდით. ახლა კი ამ ყველაფერს სხვები დაეპატრონნენ, თანაც 15-25 წლით.

- როგორ ფიქრობთ, რა შედეგი მოჰყვება სამომავლოდ უცხოელებზე ბუნებრივი რესურსების გაცემას?

- ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს აფრიკისა და აზიის ქვეყნების სახით. საიდანაც ყველაფერი გაიტანეს. შემდეგ მოხდა ნაციონალიზაცია და აჯანყება. არც ჩვენ ვართ გამონაკლისები და თუ ასე გაგრძელდა, პოლიტიკურ მღელვარებას უნდა ველოდოთ. როდესაც ქვეყანას აღარ შერჩება არავითარი რესურსი, მოსახლეობა აჯანყდება. თუ ასე გაგრძელდა, ცუდ შედეგს ძალიან მალე ვიხილავთ. 10 ადამიანიდან 8 ხელისუფლებით უკმაყოფილოა და არ შეიძლება, კიდევ უფრო გავამწვავოთ სიტუაცია.

- საქართველოს ხე-ტყის რესურსის დეფიციტი ემუქრება თუ არა?

- ჩვენს ქვეყანას იმდენი ხე-ტყე აქვს, რამდენიც ავსტრიას. ავსტრია ამზადებს 4 მლნ კბ/მ ხის მასალას, ჩვენ – 1,5 მლნ-ს. აქედან 1 მლნ-ს ვიპარავთ და ნახევარი მილიონია კანონიერი. მოპოვებისა და მოხმარების კულტურა არ გვაქვს. ჩვენ თუ სწორად გავანაწილებთ შეშას და სამასალე მერქნის მოპოვებას, ასეთი არეულობა არ იქნება. საქართველოში საკმარისი ხე-ტყეა, მაგრამ ამას ე.წ. ლიცენზიანტები გაგვინახევრებენ ისე, რომ ჩვენთვის არაფერი დაგვრჩება. აუცილებლად შეგვექმნება დეფიციტი და ამ საფრთხის წინაშე უკვე ვართ.

Comments are closed