globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 19th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ქართულ ოცნებას” უსუსური ოპოზიციის ეშინია“ // „ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩუმი გარიგება მოხდება“

ახალი თაობა: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „მხოლოდ ტურიზმის განვითარება საქმეს ვერ უშველის“

ახალი თაობა: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ამერიკამ პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა” // „აგვისტოს ბოლოს აქ დიდი პროვოკაციები უნდა მომხდარიყო“ // „რუსეთი თავის მთავარ ფავორიტს შემოდგომაზე გამოაჩენს“

ახალი თაობა: ინტერვიუ გიორგი გუგავასთან: „ხელისუფლების გაუმაძღრობას წერტილს ხალხის პროტესტი დაუსვამს“ // არჩევნების შემდეგ დენის, წყლისა და დასუფთავების ტარიფი გაიზრდება

——————-

ახალი თაობა“, 19 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ქართულ ოცნებას” უსუსური ოპოზიციის ეშინია“ // „ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩუმი გარიგება მოხდება

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე გამართულ მოლაპარაკებაზე საუბრობს.

- ბატონო სოსო, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს?

- რასაკვირველია, ხელისუფლება თავისი კეთილი ნებით შუა აგვისტოში არ შეიკრიბებოდა და ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად არ დაჯდებოდა. ოპოზიცია, რომელიც დარწმუნდა, რომ ვენეციის კომისია მის მხარესაა, დიდ გულზეა. მეორე მხრივ კი გვაქვს მოცემულობა, რომ ხელისუფლებამ შედეგი უნდა დადოს.

- რადგან პროცესს ვენეციის კომისია აკვირდება?

- რა თქმა უნდა. უშედეგო შეხვედრა არავის აწყობს. თუ მმართველი პარტია არაფრის დათმობას არ აპირებს, მაშინ ეს კიდევ ერთი შავი ქულა იქნება მისი მისამართით ვენეციის კომისიის მხრიდან. კიდევ ერთი საკითხი, რატომ არ არის პროცესში ჩართული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას?! კობახიძეს დიპლომატიის ნამცეცი არ აცხია არსად, მაგრამ არც თალაკვაძე არის ტალეირანი და ბისმარკი. თუ მართლაც უნდა ხელისუფლებას შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან, მაშინ მზად უნდა იყოს რაღაც კომპრომისისთვის.

- რა შეიძლება ეს კომპრომისი იყოს?

- ვერ გეტყვით. საუბარია ძალიან პრინციპულ საკითხზე – დათმობს თუ არა მმართველი პარტია არჩევნების შერეულ სისტემას და გადავა თუ არა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. წინა დღეებში გავრცელებული ხმები, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ბარიერის გარეშე სთავაზობს არჩევნების ჩატარებას, იყო ექსტრავაგანტული იდეა.

- რატომ?

- 2017 პარტიაა საქართველოში რეგისტრირებული და ვინც ერთ კაცსაც კი გაიყვანს, ყველა შევა პარლამენტში?! ეს ცოტა უტოპია მგონია. სიმართლე რომ გითხრათ, მიკვირს ჩვენი მმართველი პარტიის, რომელსაც ასე ეშინია ოპოზიციის. ხელისუფლებამ სუპერდემოკრატიული არჩევნები რომ ჩაატაროს, ოპოზიცია დღეს ისეთი უხერხემლოა, რომ არჩევნებს ვერასდროს მოიგებს.

- ქართულ ოცნებას არჩევნების წაგების ეშინია?

- ისეთი შოკი იყო წინა არჩევნები “ქართული ოცნებისთვის”, რომ იმ შოკიდან ვერ გამოდის, ასევე შოკი იყო ივანიშვილის საბოლოოდ პოლიტიკიდან წასვლა. ეს იცით, როგორ არის? ევროპა 50 წელი მიჩვეული იყო, რომ ამერიკელები იცავდნენ, თვითონ ერთ ცენტსაც არ ხარჯავდნენ, ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა და შოკშია ევროპა. აქაც ასეა, მმართველი პარტია მიჩვეული იყო, რომ ყველაფერი ივანიშვილი იყო, მათ ჰყავდათ ივანიშვილი, რომელიც არ ჰყავთ და, ცხადია, შოკში არიან, დაბნეულები არიან. ამიტომ არის ერთის განცხადება ალთას, მეორის – ბალთას. დღეს მმართველ პარტიას უძლური, უსუსური ოპოზიციის ეშინია. როგორი მშიშარა უნდა იყო, რომ ამ ოპოზიციის გეშინოდეს. ჩვენ გვყავს დღეს ოპოზიცია, რომელიც არც კი იმსახურებს ამ წოდებას.

- თუ ასეთი სუსტია ოპოზიცია, მაშინ რატომ ეშინია მმართველ გუნდს?

- მას გამოეცალა საყრდენი და ამიტომ ეშინია. ჩვენ გვყავს მმართველი პარტია, რომელსაც არარაობის ეშინია.

- გამოდის, ორ უკიდურესობასთან გვაქვს საქმე?

- სწორედ ასეა. ერთი მხრივ ოპოზიცია, რომელიც მინავლებულია, თითქოს არც არსებობს და მმართველი პარტია, რომელსაც ამ უსუსური, უძლური ძალის ეშინია.

- თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, მმართველი პარტია შერეულ საარჩევნო სისტემას არ დათმობს?

- ვერ დათმობს, ძალიან გაუჭირდება. თუმცა, არის ერთი დეტალი: დღეს „ქართული ოცნება“ ულტიმატუმის წინაშეა: ან ყველა „კანონიერი“ გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება. მიიღოს ისეთი კანონები, რომ არ დასჭირდეს არჩევნების გაყალბება, შეიძლება ეს კანონები ნაკლებად დემოკრატიულიც იყოს, ან მოიმდუროს ევროპა. თანდათანობით მმართველი პარტია მიდის იქითკენ, რომ მისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და არა – ნამდვილი ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიქნებოდით თუნდაც იმ სამარცხვინო ფაქტის მოწმე, რაც სტრასბურის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას მოჰყვა. სულ არ გამიკვირდება, ახლა მურუსიძის კანდიდატურა თუ იქნება შერჩეული.

- ბატონო სოსო, მნიშვნელოვანი დათმობა იქნება?

- არა, მნიშვნელოვან დათმობას არ ველოდები. კოსმეტიკური ცვლილებები იქნება ან საერთოდ შეიძლება ყველაზე უარესი მოხდეს, ვგულისხმობ დახურულ კარს უკან გარიგებას, ჩუმ გარიგებას, რომლის არაერთი მაგალითი იყო თუნდაც წინა ხელისუფლების დროს. გახსოვთ, 200 ათასიანი მიტინგი როგორ უცებ დაიშალა. ამის შემდეგ თუ გამოვა ოპოზიცია და იტყვის, რომ კმაყოფილია, მიიღო ის, რისთვისაც ვითომ იბრძოლა, ვენეციის კომისიაც შეეგუება, სხვა რა გზა დარჩენიათ. ამ პარტიების ნახევარზე მეტი ხმარებიდან არის ამოსაღები და ეს თვითონ ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს, ხელოვნურ სუნთქვაზე არიან მიერთებულები და ასე, ხელოვნურად აგრძელებენ არსებობას.

ახალი თაობა“, 19 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან:მხოლოდ ტურიზმის განვითარება საქმეს ვერ უშველის

„ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს:

- ბატონო დემურ, როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ფონს? იწურება ზაფხული, კეთდება შეფასებები, რომ ტურისტული სეზონი მაღალ დონეზე მიმდინარეობს, რომ ტურისტების ბუმი იყო ქვეყანაში. ყოველივე ეს რამდენად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე?

- თავისთავად ტურისტული სეზონი ცუდი არ არის, აშკარად ვიზიტორების მატებაა. ეს კარგი პროცესია, ქვეყნისადმი ინტერესი ჩნდება, ბევრი ადამიანის მოსვლა ნიშნავს, რომ ქვეყანაში მშვიდი და კეთილგანწყობილი გარემოა და ასეა სინამდვილეში. მომსახურების ხარისხი არ არის მაღალი, ასევე არც ფასებია დაბალი, ასე რომ, ჩვენ ამ მხრივ არა ვართ კონკურენტული ქვეყანა. არ ვარგა მომსახურება, ფასები კი, უბრალოდ, ველური, არანორმალურია.

- ერთხელ ჩამოსულ ტურისტს სურვილი აღარ უჩნდება, აქ მეორედ ჩამოვიდეს?

- დიახ, ასეა. ეს სერიოზული დანაკარგია. ყოველივე ეს “გრუზინული” ბუნებიდან გამომდინარეობს, მტაცებლური ბუნებიდან, რომ არაფრისგან შექმნა რაღაც დიდი ქონება. ტურიზმი არის ეკონომიკის ერთ-ერთი კარგი სფერო, კარგი და მეტი არა.

- სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე?

- ეს არ არის სტრატეგიული სფერო ქვეყნის განვითარებისთვის, მით უმეტეს იმ ქვეყნისთვის, სადაც სიღარიბე დომინირებს, სადაც ტოტალური უმუშევრობაა, სადაც მიგრაციაა უზარმაზარი და მათ შორის დღესაც.

- რას აკეთებს ხელისუფლება სიტუაციის გამოსასწორებლად?

- ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, იმ პრობლემების ფარგლებში, უნდა შეიქმნეს ასიათასობით სამუშაო ადგილი. ამდენს ტურიზმი ვერ შექმნის. ამას სჭირდება განვითარების სტრატეგიის რეალიზაცია. ჯერჯერობით ჩვენ განვითარების ასეთი კომპლექსური ხედვა არა გვაქვს.

- რა უნდა გაკეთდეს, ადგილობრივი მრეწველობა უნდა განვითარდეს? აწარმოე საქართველოს ფარგლებში ხომ განხორციელდა ახალი პროგრამა?

- ეს პროგრამა არის ერთი, მიზერული კარგი პროგრამა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ვერაფერს მოიტანს. 40 და 50-მილიონიანი “აწარმოე საქართველოს” პროგრამა არის თვითდამშვიდების პროგრამა. ეს არ არის ის, რომელიც ასიათასობით მცირე და საშუალო მეწარმეს გააჩენს. ჩვენ აგრეთვე არ გაგვაჩნია ერთიანი ჩამოყალიბებული თამაშის სისტემა.

- რა თვალსაზრისით?

- იმავე, თუ გნებავთ, სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენი სამართლებრივი ინფრასტრუქტურა თითქოსდა უმჯობესდება, მაგრამ იქამდე, რომ შესაძლებელი იყოს, ადამიანი პირდაპირ გარბოდეს საკუთარ სასამართლოში, მათ შორის ბიზნესის სფეროში ურთიერთობების გასარკვევად, ჯერჯერობით შორს არის. განსაკუთრებით სუსტი ადგილი სამეურნეო დავებია და ბიზნესის ხელისუფლებისგან ან, თუ გნებავთ, ჩინოვნიკებისგან დაცვის მექანიზმებია ძალიან სუსტი.

- განათლების სფეროც პირდაპირ კავშირშია და მიბმულია ამ პრობლემებთან?

- სწორად განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ განათლება არის უპირველესი პრიორიტეტი, მაგრამ ეს დარჩა განცხადების დონეზე, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ იმ რეფორმებს, რომლებმაც განათლება თანამედროვე დონეზე უნდა აიყვანოს. ამის ნაცვლად პაროდირებულ განცხადებებს ვისმენთ განათლების მინისტრის მხრიდან, რაც ძალზე მძიმე მოსასმენია.

- სკოლებში ვაშლის დარიგების პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 90 ათასი ლარი დაიხარჯება და შემდეგ – 400 ათასი. ეს სწორი სტრატეგიაა?

- თავისთავად ის ფაქტი, რომ ბავშვმა შეიძლება შესვენებაზე ერთი ვაშლი შეჭამოს, არ შეიძლება, ნეგატიურ კონტექსტში იქნეს აღქმული, მაგრამ, არის თუ არა ეს ამ ფონზე ის ღონისძიება, რომელიც ოდნავ მაინც რაღაცას შეცვლის?! თუ განათლებასა და მეცნიერებაში სერიოზული რეფორმები არ მოხდა, ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ინოვაციურ განვითარებას და დავრჩეთ ქვეყნად, რომელიც ტურიზმს გახდის სტრატეგიულ სფეროდ. ეს არ არის ის სფერო, რომელიც დასაქმებას უზრუნველყოფს და შინაგანი განვითარების სტიმულს იძლევა. მერე რა, რომ ბევრი ფული შემოდის ტურისტებისგან?! სად მიგვაქვს ეს ფული?!

- სად?

- თურქეთში, ჩინეთში, საჭმელს იქ ვყიდულობთ და მოგვაქვს უზარმაზარი იმპორტი. რა გამოდის? ტურისტები ჩვენთან შემოდიან, ფული შემოაქვთ, ჩვენ კი ჩვენი მოუწესრიგებელი შიდა წარმოების გამო, მაშინ როცა პოტენციალი ძალიან დიდია, ეს ყველაფერი მიგვაქვს იმპორტზე. სწორედ ამიტომაც არის შედეგი მიზერული! ტურიზმიდან შემოსული ფული ნულოვანი ეფექტით იხარჯება.

- მოიმატა გაზის ტარიფმა, ამბობენ, რომ ელექტროენერგია გაძვირდება. როგორი შემოდგომა-ზამთარი გველის?

- ქვეყანაში შემოსავლები არ იზრდება. ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. დიახ, ეს ტარიფების ზრდა ამცირებს იმ რეალურ შემოსავალს, რომელსაც ძალიან მწირი მოხმარებისთვის ხალხის დიდი რაოდენობა იყენებდა. ასეთია რეალობა. რით შეივსება ეს დანაკლისი, რომელსაც საზოგადოების ეს გაჭირვებული ფენა განიცდის? მათთვის 10 და 15 ლარის დანაკარგიც კი ძალიან დიდია თვის განმავლობაში. მე არა მაქვს მოლოდინი იმისა, რომ რაიმე ტრაგიკული იქნება. ახალსა და განსაკუთრებულს არ ველოდები. უბრალოდ, საერთო მდგომარეობა ისედაც მძიმეა ქვეყანაში, ძალიან მაღალი დონის სიღარიბეა, უმუშევრობაა ძალიან დიდი და ამ მიმართულებით გარღვევა არ ხდება.

ახალი თაობა“, 19 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ამერიკამ პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა” // „აგვისტოს ბოლოს აქ დიდი პროვოკაციები უნდა მომხდარიყო“ // „რუსეთი თავის მთავარ ფავორიტს შემოდგომაზე გამოაჩენს“

რას გეგმავდა რუსეთი საქართველოში, რა გეგმა ჩაშალა დასავლეთმა, ვინ გაააქტიურა იგორ გიორგაძე, ვინ არის მოსკოვის კოზირი და რა შემთხვევაში გამოჩნდება ის? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

- რუსები საოკუპაციო ხაზების გავლებას და ბანერების აღმართვას აგრძელებენ. როდემდე შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს? იყო მოლოდინი, რომ მათ ქმედებებს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მაინც შეანელებდა, მაგრამ ისინი ისევ ძველ ტემპებში აგრძელებენ ქართული მიწების ოკუპაციას.

- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დაუგეგმავმა ვიზიტმა და აქ ჩატარებულმა საერთაშორისო წვრთნებმა საქართველო ახალი ოკუპაციისგან იხსნა. რუსეთს უკვე მომზადებული ჰყავდა მეხუთე კოლონა. აქ ძალიან სერიოზული პროვოკაცია იგეგმებოდა, მაგრამ დასავლეთმა ეს ჩაშალა.

- რა უნდა მომხდარიყო საქართველოში?

- აგვისტოს თვეში საქართველო ახალ რუსულ აგრესიას გადაურჩა. ვინ და რა ფორმებით აპირებდა ამის განხორციელებას, ამაზე ჩვენი მხრიდან საუბარი ლამაზი არ იქნება. ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, ამ ინფორმაციასაც სრულად ვერ გეტყვით, არის რაღაცები, რაც ხმამაღლა არ უნდა თქვა.

რამდენიმე ხნის წინ სწორედ “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვით, რომ რუსეთის და დასავლეთის დაპირისპირების მიზეზი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა გამხდარიყო. ბოლო წლებში ეს ქვეყანა აქტიურად აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს და მისი გამოყენებით იქადნება. ჩვენ ვიცით, რა რეჟიმი აქვს დამყარებული ფხენიანს, მაგრამ არც ისეთი სულელები არ არიან, ვერ ხვდებოდნენ, რომ ამერიკას ომს ვერ მოუგებენ. აშკარაა, რომ ამათ ვიღაცა აქეზებდა.

იგივე შეიძლება ვთქვათ ირანზეც. ირანი უდიდესი ისტორიის და დიპლომატიური გამოცდილების მქონე ქვეყანაა. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ის რუსეთის გამო დაუპირისპირდება დასავლეთს, მაგრამ მისი აქტიურობა მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახალი თამაში იყო. კრემლს უნდოდა, აშშ-ის ყურადღება ბირთვული ომის საფრთხეზე გადაეტანა და მისი სამხედრო ძალები გადაექსაქსათ, დაეძაბათ ვითარება და პარალელურ რეჟიმში საქართველო-უკრაინით ევაჭრათ. კრემლი დარწმუნებული იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა და ირანი დასავლეთისთვის ნამდვილად შექმნიდნენ საფრთხეს. ამ საფრთხის განეიტრალების სანაცვლოდ, რუსეთი მოითხოვდა საქართველოს. ამ გეგმის ნაწილი იყო ბანერების გადმოწევა. მოსკოვში თვლიდნენ, რომ ეს საქართველოში პრორუსულ განწყობას გაზრდიდა.

- ამას როგორ უნდა გაეძლიერებინა პრორუსული განწყობა? ბანერების დადგმამ ანტირუსული განწყობა გაზარდა…

- კრემლმა ცოტა სხვანაირად გათვალა. ეგონა, მცოცავი ოკუპაციით ქართველების თვალში დასავლეთს დაამცირებდა. მათ ისიც ეგონათ, რომ აშშ მათთან ითანამშრომლებდა რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოსკოვმა ვაშინგტონს ფხენიანთან შუამავლობაც შესთავაზა. საქართველოს ხელისუფლება ძალიან კარგად მოიქცა, როცა საოკუპაციო ხაზების გადმოწევას ზომიერი პოლიტიკით უპასუხა. თქვენი გაზეთი დამეთანხმება, რომ ხელისუფლების კრიტიკას არასდროს მოვრიდებივარ, მაგრამ ბოლო ერთი წლის მანძილზე, ჩვენი მთავრობა ძალიან კარგად მუშაობდა.

- მათი კარგი მუშაობა რაში გამოიხატებოდა?

- რუსეთის ქმედებებს ზომიერად პასუხობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აქ ბევრი რამე უნდა შეცვლილიყო. ამისთვის რუსეთს მეხუთე კოლონა უკვე მომზადებული ჰყავდა. დიდი მოლოდინი იყო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართაც. მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ უარი თქვა რუსეთთან კომპრომისზე, არ დათმო საქართველო და უკრაინის ნაწილი. ამის მაგივრად ვაშინგტონმა თბილისსა და კიევს ღიად აღუთქვა მხარდაჭერა. რუსეთი კი თავის ჩრდილოეთ კორეიანად სანქციების ქვეშ გაუშვა.

- სანქციებს არანაირი შედეგი არ მოაქვს და რა აზრი აქვს მათ დაწესებას?

- ახალი სანქციებით რუსეთში იანვრიდან მნიშვნელოვნად შემცირდება სავალუტო შემოსავლები. ერთ წელიწადში შესაძლოა მათი განულება მოხდეს. უკვე ცუდ დღეში არიან – რუსეთის პოლიტიკური ლიდერი პირადად აწიოკებს დიდ საბაჟო, საპორტო ქალაქებს. იქ, როგორც ჩანს, სერიოზული კორუფციაა, კორუფცია საერთოდ არ ადარდებთ, მთავარია, ბიუჯეტში რაღაც თანხები შეიტანონ. ამ ქვეყანაში ბიზნესმენების ფართომასშტაბიანი გაპარსვა დაიწყო. როცა ეკონომიკაში შავად გაქვს საქმე, ვეღარც ჯარს დააფინანსებ. ვაშინგტონის ქმედებით გამწარებულმა პუტინმა სასაცილო ნაბიჯები გადადგა, ღიად ჩაეხუტა სეპარატისტებს და ხის ბოძებზე ეკლიანი მავთულები გაავლებინა.

- ეკლიან მავთულებში მავთულხლართებს გულისხმობთ?

- დიახ, სამარცხვინო და სასაცილოა ეს ეკლიანი მავთულები.

- ვითომ მართლა სასაცილოა, მავთულხლართებს რომ ავლებენ?

- სასაცილოა, აბა რა არის? იმის თავიც არა აქვთ, უკეთესი ღობეები გაავლონ.

- თუ ამ ტერიტორიაზე არ შემიშვებენ, რა მნიშვნელობა აქვს, ღობეს აღმართავენ თუ ეკლიან მავთულს გაავლებენ?

- მნიშვნელობა როგორ არა აქვს, მალე თავად მოუწევთ ამ ეკლიანი მავთულების მოხსნა. აშკარაა, რომ რუსეთს გეგმა ჩაეშალა და ვერ არიან ხასიათზე. სასურველი მიზნის მისაღწევად კიდევ გამოიყენებს ბერკეტებს. ახლო მომავალში ძალიან გააქტიურდება მეხუთე კოლონა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაიკლ პენსი რომ არ ჩამოსულიყო თბილისში, აგვისტოს ბოლომდე აქ რუსები შემოვიდოდნენ.

- რატომ უნდა შემოსულიყვნენ, 2008 წელს ომი იყო და კიდევ რაღაცით გაიმართლეს თავი, ახლა რაღა ჯანდაბას იტყოდნენ?

- სათქმელის და საბაბის მოძებნა მათ არ გაუჭირდებოდათ. რამდენადაც ჩვენ ვიცით, პირველ ეტაპზე ცენტრალურ ავტომაგისტრალზე უნდა გამოსულიყვნენ.

- ავტომაგისტრალამდე მოსულები არიან, სულ რაღაც 400 მეტრი აშორებთ…

- ამის იქეთ ვეღარ წავლენ.

- დარწმუნებული ხართ?

- მათ ამერიკისგან საკმაოდ სერიოზული სიგნალი მიიღეს და თავიანთი გეგმების შეჩერება დასჭირდათ.

- რა გეგმა შეაჩერეს? ისევ ავლებენ საოკუპაციო ხაზებს…

- ამას ახლა მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ არ უნდათ, სახე დაკარგონ. არ უნდათ, მსოფლიომ გაიგოს, რომ პენსის ვიზიტმა პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა.

- გადააფიქრებინა ვითომ?

- როგორც მინიმუმ, დროებით გადააფიქრებინა. დასავლეთი საქართველოში რუსეთის სამხედრო გზით შემოსვლას არ დაუშვებს. ახლა მოსკოვი მიზნის მიღწევას პოლიტიკური მეთოდებით შეეცდება. სერიოზული მუშაობა მიდის იმაზე, რომ არჩევნების მიმართ უარყოფითი განწყობა გაჩნდეს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პრორუსული ძალების გაცოცხლება მარტო წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება. აქ ბევრი რამეა დაგეგმილი. რუსეთის ხელისუფლება არც ერთ ამ პარტიას ფულს აღარ გადაუხდის, შედეგი ვერც ერთმა ვერ აჩვენა, მაგრამ რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს აიძულებენ, რომელიმე ამ პარტიაში ფული ჩადონ. ახლავე გეტყვით, რომ მიდის მზადება აქციებისთვის, ადგილი ექნება ხალხის ქუჩაში გამოყვანის იმიტაციასაც.

- სექტემბერში ორი აქციაა დაანონსებული. ამ აქციების უკანაც რუსეთი დგას?

- ეს ორი აქცია, რაც დაანონსდა, პოლიტიკური ვაჭრობაა. რაღაცით ის რუსეთის გეგმაშიც ჯდება. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას ევაჭრებიან, თუ პრობლემები არ გინდათ, საკრებულოებში შეგვიყვანეთო.

- იგორ გიორგაძის გააქტიურებაზე რას იტყვით? ივლისში აქტიურად მიდიოდა საუბარი მის დაბრუნებაზე, აგვისტოში ეს თემა ჩაკვდა.

- იგორ გიორგაძის თემაც რუსული გეგმის ნაწილი იყო. როდესაც რაღაცის არევა გინდა, მაშინ ყველა ვაზნა უნდა გამოიყენო.

- მათ შორის გასროლილიც? გიორგაძე უკვე გასროლილი ვაზნაა…

- მათ შორის გასროლილი ვაზნის გამოყენებაც მოსულა. მოსკოვს საქართველოში ერთადერთი ვაზნა დარჩა გაუსროლელი, დანარჩენი ყველა გამოიყენეს. რუსეთის ნამდვილი ფავორიტი ჯერ არ ჩნდება, ის პროცესებს დაელოდება და მერე გამოვა სცენაზე.

- როდისთვის უნდა ველოდოთ რუსეთის ფავორიტის გამოჩენას?

- ის შეხედავს სიტუაციას და თუ საპროტესტო ტალღა მათთვის სასარგებლოდ წარიმართა, გამოჩნდება და დააგვირგვინებს პროცესს. თუ დაინახავს, რომ შედეგზე ვერ გადიან, ისევე არ გამოჩნდება, როგორც ქართული მარშის დროს არ გამოჩნდა.

- ვინ არის კრემლის ფავორიტი, იქნებ მისი ვინაობაც დაასახელოთ…

- ვინაობას ჯერ არ დავასახელებ.

- ის მაინც გვითხარით, ხელისუფლებაშია, ოპოზიციაშია, ბიზნესშია…

- ტყუილად მეკითხებით, არაფერს არ ვიტყვი დამატებით. იმაში კი შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ აქ რუსეთს აღარაფერი გამოუვა. არეულობის მცდელობა იქნება, მაგრამ ეს მისთვის კრახით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლებას საკმარისი ძალა აქვს იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის ფავორიტები და მისი კავშირები აკონტროლოს. ჩვენი სპეცსამსახურებისთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომელი ძალებია პროდასავლური, რომელი პრორუსული, რომელი პროყიზილბაშური და პროჯანდაბური კიდევ. იციან იმათ შესახებაც, ვინც ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობს.

- სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებას ვირეშმაკობაში ადანაშაულებდით, ახლა სხვანაირად ლაპარაკობთ. რა შეიცვალა?

- გიდასტურებთ, რომ ხელისუფლებას ვირეშმაკობაშიც ვადანაშაულებდი და სერიოზულადაც ვაკრიტიკებდი. კრიტიკა მაგათ არც ახლა აკლია ჩემგან სხვადასხვა სფეროებში, მაგრამ საგარეო ფრონტზე ვერ გავაკრიტიკებ. საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ქვეყნის დასავლურ კურსს არ უღალატა და შედეგიც უმალვე დადგა. აუცილებელი არ ყოფილა ტრიბუნებზე გამოსვლა, ჩუმად მუშაობამ უფრო კარგი შედეგი გამოიღო.

- რა შედეგი დადგა, ბატონო ზაალ?

- საერთაშორისო საზოგადოება ფეხზე დადგა ჩვენ დასაცავად. მეტი ეფექტისთვის აქ ჯარიც შემოიყვანეს.

- ჯარის შემოყვანაში წვრთნებს გულისხმობთ?

- დიახ, ამ წვრთნებმა თავისი როლი შეასრულა.

- ეგ წვრთნები უკვე მესამედ ჩატარდა საქართველოში…

- კიდევ ბევრჯერ უნდა ჩატარდეს. თქვენს მკითხველებში საქართველოს მტრებიც თუ ურევია, დაე, გაუსკდეთ გულები, ასეთი წვრთნები კიდევ ბევრჯერ ჩატარდება საქართველოში და აქ რუსული დროშა აღარასდროს აფრიალდება.

ახალი თაობა“, 19 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი გუგავასთან: ხელისუფლების გაუმაძღრობას წერტილს ხალხის პროტესტი დაუსვამს“ // არჩევნების შემდეგ დენის, წყლისა და დასუფთავების ტარიფი გაიზრდება

ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას სოციალურ გენოციდში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებით იმუქრება. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა, ახლო მომავალში წყლისა და დასუფთავების გადასახადიც მოიმატებს. მისი თქმით, ხელისუფლების გაზრდილი მადის დაოკება მხოლოდ საყოველთაო სახალხო პროტესტს შეუძლია. საყოველთაო პროტესტის დაწყებამდე ხელისუფლების შეჩერება ლეიბორისტებმა საკუთარი ძალებით სცადეს.

18 აგვისტოს სემეკი დენის გაძვირების საკითხზე მსჯელობდა. ლეიბორისტებმა ამ სხდომის ჩაშლა გადაწყვიტეს.

- მადააშლილმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხალხს კიდევ უფრო გაუძვიროს ცხოვრება. ივანიშვილი-კალაძის დაკვეთით სემეკმა დენის ტარიფის გადახედვა დაიწყო. მათ სპეციალურად შეარჩიეს ზაფხულის პერიოდი განხილვის დასაწყებად. ტარიფი არჩევნების შემდეგ გაიზრდება, – ამბობს გიორგი გუგავა. მისი თქმით, ლეიბორისტებმა სემეკის სხდომა ჩაშალეს, თუმცა პროტესტის გამოხატვა ბოლომდე არ აცალეს.

- ჩვენმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მჯდომარე აქციაც კი დაიწყო, მაგრამ ამ კრიმინალებმა და ყაჩაღებმა პოლიცია გამოიძახეს და მათი დახმარებით გაიყვანეს ბატონი შალვა სემეკის შენობიდან. ამით ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, ბრძოლას გავაგრძელებთ და მთელ ხალხს ქუჩაში გამოვიყვანთ, – აცხადებს „ახალ თაობასთან” საუბარში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი.

გიორგი გუგავას თქმით, სემეკს ტარიფის გაზრდის უფლება არა აქვს, რადგან მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელია შესული. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც იხსენებს, რომლის თანახმადაც, სანამ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ტარიფების გაზრდა დაუშვებელია.

- საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება კანონზე მაღლა დგას. საკონსტიტუციომ დაადგინა, რომ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ტარიფები არ უნდა გაიზარდოს. სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ხალხი კიდევ უფრო მძიმე დღეშია, – აღნიშნავს გიორგი გუგავა. მისი თქმით, ხალხის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგანაც წყლისა და დასუფთავების ტარიფიც იზრდება.

- ხელისუფლება საკუთარ ხალხს სოციალურ გენოციდს უწყობს. მოსახლეობის შემოსავლების 50% კომუნალურ გადასახადებზე მიდის. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან წყალიც მოიმატებს და დასუფთავებაც. დენისა და გაზის გაძვირება უკვე გადაწყვეტილია, – აცხადებს ლეიბორისტების გენმდივანი. მას მიაჩნია, რომ ხალხი თუ ქუჩაში გამოვა, ხელისუფლება უკან დაიხევს.

- ჩვენმა ლიდერმა მოუწოდა მოსახლეობას, გამოვიდნენ და კალაძე-ივანიშვილი ტრანსფორმატორზე გააკრან. სანამ სერიოზული პროტესტი არ დაიწყება, ესენი არ გაჩერდებიან. მათი მუცელი არ ამოივსება და გამუდმებით მოითხოვენ ტარიფების გაზრდას, – აღნიშნავს გიორგი გუგავა. ის პარტიის სახელით პირობას დებს, რომ ხელისუფლებას ამ უსინდისობას არ შეარჩენენ.

Comments are closed